30 იაკეს ძის, აგურის, სიტყვები — მნიშვნელოვანი ცნობა, რომელიც მან ითიელსა და უქალს გადასცა.
2 მე ყველაზე უმეცარი ვარ+
და არა მაქვს კაცთათვის ჩვეული გონიერება;
3 არ შემიძენია სიბრძნე
და არ გამაჩნია ცოდნა, რომელსაც უწმინდესი ფლობს.
4 ვინ ასულა ცაში და მერე ჩამოსულა?!+
ვის შეუგროვებია ქარი პეშვით?!
ვის გაუხვევია მოსასხამში წყალი?!+
ვის დაუდგენია დედამიწისთვის კიდეები?!+
რა ჰქვია მას ან მის ძეს?!
5 ღვთის ყოველი სიტყვა წმინდაა.+
იგი ფარია მათთვის, ვინც მას აფარებს თავს.+
6 ნურაფერს დაუმატებ მის სიტყვებს,+
თორემ გამხელს
და მატყუარა გამოხვალ.
7 ორი სათხოვარი მაქვს;
სანამ ცოცხალი ვარ, შემისრულე.
8 სიცრუე და ტყუილი განმაშორე.+
ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც გამამდიდრებ;
მომეცი ჩემი სამყოფი საზრდო,+
9 რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა, ვინ არის-მეთქი იეჰოვა,+
ანდა გაღარიბებულმა არ მოვიპარო
და არ შეურაცხვყო ჩემი ღვთის სახელი.
10 ცილს ნუ დასწამებ მსახურს ბატონთან,
თორემ დაგწყევლის იგი და პასუხი მოგეკითხება.+
11 არის ხალხი, რომელიც მამას წყევლის
და დედას არ ლოცავს.+
12 არის ხალხი, რომელსაც თავი სუფთა ჰგონია,+
მაგრამ ჭუჭყი არ ჩამოურეცხავს.
13 არის ხალხი, რომელიც მედიდურად იყურება
და ამპარტავნულად იმზირება.+
14 არის ხალხი, რომელსაც კბილები მახვილებივით აქვს
და ყბები დასაკლავი დანებივით,
რომ შთანთქან ჩაგრულნი დედამიწაზე
და ღარიბები კაცთა შორის.+
15 წურბელებს ორი ქალიშვილი ჰყავთ, რომლებიც გაჰყვირიან: „მომეცი! მომეცი!“
სამი რამ ვერ ძღება,
და ოთხი რამ არასოდეს ამბობს: „კმარა!“
16 სამარე+ და უნაყოფო საშვილოსნო,
გამოფიტული მიწა
და ცეცხლი, რომელიც არასოდეს ამბობს: „კმარა!“
17 ვინც მამას დასცინის და დედას ეურჩება,+
ხევის ყორნები ამოუკორტნიან თვალებს
და არწივის მართვეები შეუჭამენ.+
18 სამი რამ მაოცებს
და ოთხი რამ ვერ გამიგია:
19 არწივის გზა ცაში,
გველის გზა კლდეზე,
გემის გზა შუაგულ ზღვაში
და მამაკაცის გზა ქალიშვილამდე.
20 მრუში ქალის ზნე ასეთია:
შეჭამს, პირს მოიწმენდს
და იტყვის, ცუდი არაფერი ჩამიდენიაო.+
21 სამი რამ აშფოთებს დედამიწას
და ოთხი რამ ვერ აუტანია:
22 გამეფებული მონა,+
საჭმლით გამძღარი უგუნური,
23 საძულველი ცოლი
და მოახლე, თავისი ქალბატონის ადგილს რომ იკავებს.+
24 დედამიწაზე ოთხი რამ არის ყველაზე პატარა,
რომელთაც თანდაყოლილი აქვთ სიბრძნე:+
25 ჭიანჭველები, რომლებიც ღონიერები არ არიან,
მაგრამ ზაფხულობით იმარაგებენ საზრდოს;+
26 დამანები,+ რომლებიც ძლიერები არ არიან,
მაგრამ კლდეზე იშენებენ სახლებს;+
27 კალიები,+ რომელთაც მეფე არა ჰყავთ,
მაგრამ რაზმებად გამოდიან;+
28 გეკონი,+ რომელიც ყველაფერს ებღაუჭება
და მეფის სასახლეში აღწევს.
29 სამნი დააბიჯებენ მოხდენილად
და ოთხნი დადიან შთამბეჭდავად:
30 ლომი, ცხოველთა შორის უძლიერესი,
რომელიც უკან არ იხევს;+
31 მწევარი, ვაცი
და მეფე თავისი რაზმით.
32 თუ უგუნურად მოიქეცი და საკუთარი თავი განადიდე,+
ან, თუ ეს გქონდა განზრახული,
მაშინ პირზე ხელი აიფარე.+
33 რძის ნჯღრევით კარაქი გამოდის,
ცხვირის ჭყლეტით — სისხლი,
ბრაზის ნთხევით კი — ჩხუბი.+