საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 ქებათა ქება 1:1-8:14
  • ქებათა ქება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ქებათა ქება
  • ბიბლია
ბიბლია
ქებათა ქება

ქებათა ქება*

1 სოლომონის+ უმშვენიერესი სიმღერა:+ 2 „მაკოცოს თავისი ბაგეებით.+ შენი ალერსი ღვინოს სჯობია.+ 3 შენი ზეთი+ სურნელოვანია. შენი სახელი დაღვრილი ზეთივითაა.+ ამიტომაც უყვარხარ ქალწულებს. 4 წამიყვანე+ და ერთად გავიქცეთ! მეფემ შემიყვანა თავის შიდა ოთახებში!+ ერთად ვიხაროთ და ვიმხიარულოთ. ღვინოზე მეტად შენი ალერსი მოვიხსენიოთ.+ შენ დაიმსახურე მათი სიყვარული.+

5 იერუსალიმის ასულნო,+ შავგვრემანი ასული ვარ, მაგრამ მშვენიერი. კედარის კარვებს+ ვგავარ და სოლომონის კარვის ქსოვილს.+ 6 ნუ უყურებთ ჩემს სიშავეს, რადგან მზემ დამხედა. დედაჩემის ვაჟები განმირისხდნენ. ვენახის მცველად დამაყენეს, ჩემი ვენახი+ კი ვერ დავიცავი.

7 მითხარი, ჩემი სულის შეყვარებულო,+ სად მწყემსავ,+ სად ასვენებ შენს ფარას შუადღისას? რატომ უნდა დავემსგავსო შენს მეგობართა ფარებში სამგლოვიაროდ ჩაცმულ ქალს?!“

8 „თუ არ იცი, წადი და გაჰყევი ფარის ნაკვალევს და მწყემსთა კარვებთან აძოვე შენი თიკნები, ულამაზესო ქალთა შორის“.+

9 „ფარაონის ეტლში შებმულ ჩემს ფაშატს მიგამსგავსე,+ ჩემო საყვარელო.+ 10 მშვენიერია შენი ლოყები ნაწნავთა შორის, ყელი მძივებით გაქვს შემკული.+ 11 ოქროს გვირგვინებს გაგიკეთებთ,+ ვერცხლით მოვჭედავთ“.

12 „სანამ მეფე თავის მრგვალ მაგიდასთან ზის, ჩემი ნარდი+ სურნელებას აფრქვევს.+ 13 სმირნით+ სავსე ქისასავითაა ჩემი სატრფო ჩემთვის; ჩემს ძუძუთა+ შორის გაათევს ღამეს. 14 ინის+ მტევანივითაა ჩემი სატრფო ჩემთვის ენ-გედის+ ვენახებში“.

15 „რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო!+ რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას მიგიგავს“.+

16 „რა ლამაზი ხარ,+ ჩემო სატრფოვ, და რა მშვენიერი! ფოთლებია ჩვენი საწოლი.+ 17 კედრისაა+ ჩვენი დიდებული სახლის ძელები, ჭერი კი ღვიის ხეა“.

2 „ზღვისპირა დაბლობზე+ ამოსული ზაფრანა+ ვარ, ველის შროშანი“.+

2 „როგორც შროშანი ეკლიან სარეველებს შორის, ასევეა ჩემი სატრფო ქალიშვილებს შორის“.+

3 «როგორც ვაშლის ხეა+ ტყის ხეებს შორის, ისეა ჩემი სატრფო ვაჟებს შორის.+ მის ჩრდილქვეშ ყოფნა მწყურია და იქ ვზივარ, ტკბილია მისი ნაყოფი ჩემი სასისთვის. 4 შემიყვანა ღვინის სახლში,+ სიყვარულის+ დროშა+ გამიშალა თავზემოთ. 5 ხალხო, გამომაცოცხლეთ ქიშმიშის კვერებით+ და გამამაგრეთ ვაშლით, რადგან დამასნეულა სიყვარულმა.+ 6 მისი მარცხენა ხელი თავქვეშ მიდევს და მისი მარჯვენა მეხვევა.+ 7 იერუსალიმის ასულნო, ქურციკებსა+ და მინდვრის ფურირმებს+ გაფიცებთ,+ ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!+

8 ჩემი სატრფოს ხმა ისმის!+ აი, მოდის,+ მთებზე მოძვრება, გორებზე მოხტის. 9 ქურციკსა+ და ირემს ჰგავს ჩემი სატრფო. აი, ჩვენი კედლის მიღმა დგას, სარკმელში იყურება, ცხაურაში იჭვრიტება.+ 10 ჩემმა სატრფომ მითხრა: „ადექი, ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო,+ და გამოდი.+ 11 ნახე, წვიმების დრომ+ გადაიარა, კოკისპირულმა წვიმამ გადაიღო, თავისი გზით წავიდა. 12 ყვავილები გამოჩნდა მიწაზე,+ ვაზის გასხვლის+ დრო მოვიდა, გვრიტის+ ხმა ისმის ჩვენს მიწაზე. 13 ლეღვის+ საადრეო ნაყოფმა+ სიმწიფის ფერი მიიღო; ვაზი ყვავის და სურნელებას აფრქვევს. ადექი, ჩემო საყვარელო,+ ჩემო ლამაზო, და გამოდი. 14 ჩემო მტრედო,+ კლდის მყუდრო ადგილას, ციცაბო ფერდობის სამალავში მიმალულო, დამენახვე,+ გამაგონე შენი ხმა, რადგან სასიამოვნოა იგი და შენ მშვენიერი ხარ“».+

15 „ხალხო, დაგვიჭირეთ მელიები;+ პატარა მელიები, ვენახებს რომ გვიფუჭებენ, რადგან ყვავის ჩვენი ვენახები“.+

16 „ჩემი სატრფო ჩემია, მე კი — მისი.+ შროშანთა+ შორის მწყემსავს+ იგი. 17 სანამ სუნთქავს დღე და ქრებიან ჩრდილები, მობრუნდი, ჩემო საყვარელო! ქურციკივით+ და ირემივით იყავი გამყოფ მთებზე“.

3 „ღამ-ღამობით ჩემს საწოლში ვეძებდი ჩემი სულის შეყვარებულს.+ ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. 2 გამიშვით, რომ ავდგე და მოვიარო ქალაქი;+ გამიშვით, რომ ქუჩებსა და მოედნებზე+ ვეძებო ჩემი სულის შეყვარებული. ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე. 3 შემომხვდნენ ქალაქის შემომვლელი გუშაგები;+ ჩემი სულის შეყვარებული ხომ არ გინახავთ-მეთქი? 4 როგორც კი გავცდი მათ, მაშინვე ვნახე ჩემი სულის შეყვარებული. ხელი წავავლე და არ ვუშვებდი, სანამ არ მივიყვანე დედაჩემის სახლში, მის შიდა ოთახში, ვინც ჩემზე ორსულად იყო. 5 იერუსალიმის ასულნო, ქურციკებსა და მინდვრის ფურირმებს+ გაფიცებთ,+ ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“+

6 „რა არის ეს, უდაბნოდან რომ მოდის კვამლის სვეტებივით, სმირნის, გუნდრუკისა+ და ვაჭართა ყველანაირი სურნელოვანი ფხვნილის სუნს რომ აფრქვევს?“+

7 „ეს სოლომონის ტახტია! ისრაელის ვაჟკაცთაგან სამოცი ვაჟკაცი ახვევია გარს;+ 8 ყველას მახვილი უპყრია, ბრძოლაში არიან გაწაფული, ღამის საფრთხის გამო გვერდზე თითოეულს მახვილი ჰკიდია“.+

9 „ეს მეფე სოლომონის ტახტრევანია, რომელიც ლიბანის ხეებით+ გაიკეთა. 10 სვეტები ვერცხლისა აქვს, საყრდენები — ოქროსი. მისი დასაჯდომი მოშინდისფრო შალისაა და შიგნიდან სიყვარულითაა მორთული იერუსალიმის ასულთა მიერ“.

11 „გადით და ნახეთ, სიონის ასულნო, მეფე სოლომონი თავისი გვირგვინით,+ დედამისმა+ რომ დაუწნა ქორწილის დღეს, მისი გულის სიხარულის დღეს“.+

4 „რა ლამაზი ხარ,+ ჩემო საყვარელო! რა ლამაზი ხარ! თვალები მტრედისას+ მიგიგავს პირბადის+ მიღმა. შენი თმა თხის ფარას+ ჰგავს, გალაადის მთებიდან+ კუნტრუშით რომ ეშვება. 2 კბილები ახლად გაპარსულ,+ დაბანილ ცხვრებს გიგავს; ყოველი მათგანი ტყუპს აჩენს, არც ერთს არ დაუკარგავს თავისი ნაშიერი. 3 შენი ტუჩები ალისფერი ძაფივითაა და სასიამოვნოა შენი საუბარი.+ ბროწეულის ნახლეჩებივით გაქვს საფეთქლები პირბადის მიღმა.+ 4 შენი კისერი+ დავითის კოშკს+ ჰგავს, ჩამწკრივებული ქვებით ნაშენს; ათასი ფარი+ ჰკიდია მასზე, ვაჟკაცთა მრგვალი ფარები. 5 შენი ორი ძუძუ+ ორი თიკანია, ქურციკის ნაშობი ტყუპი, შროშნებს+ შორის რომ ძოვენ“.

6 „სანამ სუნთქავს დღე+ და ქრებიან ჩრდილები, ავალ სმირნას მთაზე და გუნდრუკის გორაზე“.+

7 „ყოველმხრივ ლამაზი ხარ,+ ჩემო საყვარელო, და უნაკლო.+ 8 ერთად წავიდეთ ლიბანიდან, ჩემო საცოლევ,+ ერთად წავიდეთ ლიბანიდან.+ ჩამოდი ანტილიბანის მწვერვალიდან, სენირის,+ თვით ხერმონის+ მწვერვალიდან, ლომთა ბუნაგებიდან და ჯიქთა მთებიდან. 9 შენ ამიძგერე გული, ჩემო დაო,+ ჩემო საცოლევ,+ შენ ამიძგერე გული ერთი გამოხედვით+ და შენი მძივის ერთი მარცვლით. 10 რა სასიამოვნოა შენი ალერსი,+ ჩემო დაო, ჩემო საცოლევ! რამდენად სჯობია შენი ალერსი ღვინოს და შენი ზეთების სურნელი — ყველანაირ სურნელებას!+ 11 ბაგეებიდან ფიჭის თაფლი გდის,+ ჩემო საცოლევ! რძე და თაფლი+ გაქვს ენის ქვეშ და შენი ტანსაცმელი ლიბანის სურნელებას+ აფრქვევს. 12 ჩაკეტილი ბაღია ჩემი და,+ ჩემი საცოლე, ჩაკეტილი ბაღია და დალუქული წყარო. 13 შენი კანი ბროწეულების სამოთხეა; იქ არის საუკეთესო ხილი,+ ინა და ნარდი;+ 14 ნარდი+ და ზაფრანა,+ ლერწამი+ და დარიჩინი,+ ყოველგვარი გუნდრუკის ხე, სმირნა და ალოე,+ ყოველგვარი საუკეთესო სურნელება;+ 15 ბაღების წყარო და სუფთა წყლის ჭა,+ ლიბანიდან მოჩუხჩუხე ნაკადულები.+ 16 გაიღვიძე, ჩრდილოეთის ქარო, მოდი, სამხრეთის ქარო!+ დაუბერე ჩემს ბაღში.+ იფრქვეოდეს მისი სურნელება“.

„მოვიდეს ჩემი სატრფო თავის ბაღში და ჭამოს საუკეთესო ხილი“.

5 „ჩემს ბაღში შევედი,+ ჩემო დაო,+ ჩემო საცოლევ.+ დავკრიფე სმირნა+ სურნელოვან მცენარეებთან ერთად. შევჭამე ფიჭა ჩემს თაფლთან+ ერთად. დავლიე ღვინო ჩემს რძესთან ერთად“.

„ჭამეთ, მეგობრებო! სვით და ალერსით+ დათვერით!“

2 „მძინავს, მაგრამ მღვიძარეა ჩემი გული.+ მესმის ჩემი სატრფოს ხმა, მისი კაკუნი!“+

„გამიღე,+ ჩემო დაო, ჩემო საყვარელო, ჩემო მტრედო, ჩემო უმანკო!+ თავი დაცვარული მაქვს, თმა — ღამის წვეთებით დასველებული“.+

3 „გავიხადე ჩემი გრძელი სამოსელი. როგორღა ჩავიცვა?! ფეხები დავიბანე. როგორღა დავისვარო?! 4 ჩემმა სატრფომ ხელი გაწია კარის ღრიჭოდან და შემეძრა შიგნეული.+ 5 ავდექი, რომ კარი გამეღო ჩემი სატრფოსთვის. სმირნა მწვეთავდა ხელებიდან, ჩემი თითებიდან კარის საკეტის ხვრელებში ეწვეთებოდა. 6 გავუღე ჩემს სატრფოს, მაგრამ გაბრუნდა და წავიდა ჩემი სატრფო. სული დამელია მის ლაპარაკზე. ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე;+ დავუძახე, მაგრამ არ მიპასუხა. 7 შემომხვდნენ ქალაქის შემომვლელი გუშაგები.+ დამარტყეს და დამჭრეს. გალავნის გუშაგებმა+ მომაძრეს ჩემი განიერი მოსასხამი.

8 გაფიცებთ,+ იერუსალიმის ასულნო,+ თუ იპოვით ჩემს სატრფოს,+ უთხარით, რომ სიყვარულით დასნეულებული ვარ“.+

9 „რითი სჯობია შენი სატრფო სხვის სატრფოებს,+ ულამაზესო ქალთა შორის?+ რითი სჯობია შენი სატრფო სხვის სატრფოებს, ასე რომ დაგვაფიცე?“+

10 „ჩემი სატრფო თვალწარმტაცია და წითური, ათი ათასში გამორჩეული.+ 11 მისი თავი ოქროა, ხალასი ოქრო; მისი კულულები ფინიკის მტევნებია; ყორანივით შავი თმა აქვს. 12 მისი თვალები თითქოს მტრედებია წყლის ნაკადულებთან, რძეში რომ ბანაობენ და წყლის პირას სხედან. 13 მისი ლოყები სურნელოვანი მცენარეების კვლებსა ჰგავს,+ სურნელოვანი ბალახით სავსე კოშკებს; მისი ტუჩები შროშნებია და სმირნა+ წვეთავს მათგან. 14 მისი ხელები თლილი ოქროა, ქრიზოლითით ამოვსებული; მისი მუცელი სპილოს ძვალია, საფირონით მოოჭვილი. 15 მისი ფეხები მარმარილოს სვეტებია ხალასი ოქროს საყრდენზე მდგარი. შესახედაობით ლიბანს ჰგავს, კედარივით+ უბადლოა. 16 მისი სასა სიტკბოა; ის ყოველმხრივ სასურველია.+ ეს არის ჩემი სატრფო, ჩემი მეგობარი, იერუსალიმის ასულნო“.

6 „სად წავიდა შენი სატრფო, ულამაზესო ქალთა შორის?+ სად გადაუხვია შენმა სატრფომ, შენთან ერთად რომ ვეძებოთ?“

2 „ჩემი სატრფო თავის ბაღში წავიდა,+ სურნელოვანი მცენარეების კვლებში,+ რომ მწყემსოს+ ბაღებს შორის და დაკრიფოს შროშნები. 3 მე ჩემი სატრფოსი ვარ, ჩემი სატრფო კი — ჩემი.+ შროშანთა შორის მწყემსავს+ იგი“.

4 «რა ლამაზი ხარ, ჩემო საყვარელო,+ მშვენიერ ქალაქს ჰგავხარ,+ იერუსალიმივით მშვენიერი ხარ+ და დროშასთან+ შეკრებილი ჯარივით+ კრძალვის მომგვრელი! 5 თვალი+ მომაშორე, რადგან მან ამაფორიაქა. შენი თმა თხის ფარას ჰგავს, გალაადიდან+ კუნტრუშით რომ ეშვება. 6 კბილები დაბანილ ცხვრებს გიგავს; ყოველი მათგანი ტყუპს აჩენს, არც ერთს არ დაუკარგავს თავისი ნაშიერი.+ 7 ბროწეულის ნახლეჩებივით გაქვს საფეთქლები პირბადის მიღმა.+ 8 სამოც დედოფალს, ოთხმოც ხარჭასა და ურიცხვ ქალწულს შორის+ 9 ერთია ჩემი მტრედი,+ ჩემი უმანკო.+ ის გამორჩეული ასულია დედამისისთვის. სპეტაკია თავისი მშობლისთვის. ნახეს იგი ასულებმა და ბედნიერს უწოდებდნენ; ნახეს დედოფლებმა და ხარჭებმა და აქებდნენ მას:+ 10 „ვინ არის ეს ქალი,+ განთიადივით+ მომზირალი, სავსე მთვარესავით+ ლამაზი, კაშკაშა მზესავით+ სუფთა და დროშასთან+ შეკრებილი ჯარივით კრძალვის მომგვრელი?“»

11 „კაკლის ხეების ბაღში+ ჩავედი, რომ მენახა კვირტები ხევში;+ მენახა, ყვაოდა თუ არა ვაზი და გაფურჩქნულიყო თუ არა ბროწეული+. 12 სანამ რამეს მივხვდებოდი, ჩემმა სულმა ჩემი კეთილშობილი ხალხის ეტლებთან მიმიყვანა“.

13 „დაბრუნდი, დაბრუნდი, შულამელო! დაბრუნდი, დაბრუნდი, რომ გიხილოთ!“+

„რა უნდა იხილოთ, ხალხო, შულამელში?“+

„რაღაც ორი ბანაკის ცეკვის მსგავსი!“

7 „როგორ შვენის შენს ლამაზ ფეხებს სანდლები,+ კეთილშობილო+ ასულო! შენი თეძოების მოყვანილობა ჩუქურთმებს+ ჰგავს, ოსტატის ნახელავს. 2 შენი ჭიპი მრგვალი თასია; ნუ მოაკლდება მას შეზავებული ღვინო.+ შენი მუცელი ხორბლის გროვაა, შროშნებით+ გარემოცული. 3 შენი ორი ძუძუ ორი თიკანია, ქურციკის ნაშობი ტყუპი.+ 4 შენი კისერი+ სპილოს ძვლის კოშკია. შენი თვალები+ ხეშბონის+ წყალსატევებია ბათ-რაბიმის კარიბჭესთან. შენი ცხვირი ლიბანის კოშკია, დამასკოს რომ გადაჰყურებს. 5 თავი ქარმელს+ გიგავს, დალალები+ — მოშინდისფრო მატყლს.+ შენი გაშლილი თმა მეფეს ატყვევებს.+ 6 რა ლამაზი ხარ და რა მშვენიერი, საყვარელო გოგონავ, უდიდესო ნეტარებავ!+ 7 ტანი პალმას+ გიგავს, ძუძუები+ — ფინიკის მტევნებს. 8 ვთქვი, ავალ-მეთქი პალმის ხეზე, რომ ხელი შევავლო ფინიკის დახუნძლულ რტოებს.+ ნეტავ, ვაზის მტევნებად იქცეოდეს შენი ძუძუები და შენი სუნთქვის სურნელება ვაშლისას დაემსგავსებოდეს; 9 შენი სასა საუკეთესო ღვინო+ იქნებოდეს, სასიამოვნოდ რომ მირაკრაკებს...“+ „ჩემი სატრფოსთვის, მძინარეთა ბაგეებზე ნაზად რომ იღვრება.

10 მე ჩემი სატრფოსი ვარ+ და ჩემკენ ილტვის ის.+ 11 მოდი, ჩემო საყვარელო, წავიდეთ მინდორში.+ ინებს+ შორის დავისვენოთ. 12 ადრე ავდგეთ და ვენახები მოვიაროთ, რომ ვნახოთ, აყვავდა თუ არა ვაზი,+ დასკდა თუ არა კვირტები+ და გაიფურჩქნა თუ არა ბროწეულის ხეები;+ იქ მოგეალერსები.+ 13 მანდრაგორები+ სურნელებას აფრქვევს; ჩვენს შესასვლელთან ყველანაირი საუკეთესო ხილია;+ ძველი თუ ახალი, ჩემო საყვარელო, შენთვის მაქვს შენახული“.

8 „ნეტავ ჩემი ძმასავით ყოფილიყავი,+ დედაჩემის+ ძუძუ რომ უწოვია! გარეთ რომ მეპოვე, გაკოცებდი+ და ხალხი არ დამძრახავდა. 2 წაგიძღვებოდი და დედაჩემის სახლში მიგიყვანდი,+ იქ, სადაც ის მასწავლიდა. დაგალევინებდი სურნელოვან ღვინოს,+ ბროწეულის ახალგამოწურულ წვენს. 3 მისი მარცხენა ხელი თავქვეშ მედებოდა და მომეხვეოდა მისი მარჯვენა.+

4 გაფიცებთ, იერუსალიმის ასულნო, ნუ გააღვიძებთ და ნუ აღძრავთ სიყვარულს ჩემში, სანამ თავისით არ მოვა!“+

5 „ვინ არის ეს ქალი,+ უდაბნოდან+ რომ მოდის თავის სატრფოზე დაყრდნობილი?“+

„ვაშლის ხის ქვეშ გაგაღვიძე, იქ, სადაც დედაშენს შენი გაჩენისას მშობიარობის ტკივილები ჰქონდა; სადაც შენი მშობელი მშობიარობის ტკივილებით+ იტანჯებოდა.

6 ბეჭედივით დამსვი შენს გულზე,+ შენს მხარზეც ბეჭედივით დამსვი, რადგან სიკვდილივით ძლიერია სიყვარული,+ სამარესავით* შეუდრეკელია ერთგულება*.+ მისი ბრიალი ცეცხლის ბრიალია, იაჰის* ალია.+ 7 ბევრი წყალიც კი ვერ ჩააქრობს სიყვარულს,+ ვერც მდინარეები წალეკავენ მას.+ კაცმა თავისი სახლის მთელი ძვირფასეულობაც რომ გაიღოს სიყვარულისთვის, ამ ძვირფასეულობას არაფრად ჩააგდებს ხალხი“.

8 „პატარა და+ გვყავს, რომელსაც ძუძუები ჯერ არ დამჩნევია. რა ვუყოთ ჩვენს დას იმ დღეს, როცა მასზე ალაპარაკდებიან?“

9 „თუ იგი კედელი იქნება,+ მასზე ვერცხლის ქონგურებს დავაშენებთ; მაგრამ თუ კარი იქნება,+ კედრის ფიცრით ჩავკეტავთ“.

10 „მე კედელი ვარ და ჩემი ძუძუები კოშკებივითაა.+ ამიტომაც ვგავარ მის თვალში მშვიდობის მპოვნელს.

11 სოლომონმა მცველებს+ ჩააბარა ვენახი,+ ბაალ-ჰამონში რომ ჰქონდა. თითოეულ მათგანს ათასი ვერცხლი მიჰქონდა მისი ნაყოფის სანაცვლოდ.

12 ჩემი ვენახი მევე მეკუთვნის. შენ ათასი გაქვს, სოლომონ, ნაყოფის მცველებს კი — ორასი“.

13 „ბაღებში+ მცხოვრებო, მეგობრები უსმენენ შენს ხმას. მეც გამაგონე იგი“.+

14 „გაიქეცი, ჩემო საყვარელო! ქურციკივით და ირემივით იყავი სურნელოვანი მცენარეებით დაფარულ მთებზე“.+

ებრაულ ენაზე ეს წიგნი პირველი ორი სიტყვითაა დასათაურებული.

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.

სიტყვასიტყვით — განსაკუთრებული ერთგულება.

ეს არის სახელი იეჰოვას შემოკლებული ფორმა, ტეტრაგრამატონი ჲჰვჰ-ს პირველი ორი ასო. იხილეთ დანართი 1ა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება