საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 იონა 1:1-4:11
  • იონა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იონა
  • ბიბლია
ბიბლია
იონა

იონა*

1 იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იონას,+ ამითაის ძეს: 2 „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში+ და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ“.+

3 ადგა იონა და თარშიშში+ გაექცა იეჰოვას.+ ჩავიდა იოპეში,+ მოძებნა თარშიშში მიმავალი ხომალდი, გადაიხადა მგზავრობის საფასური, ჩაჯდა ხომალდში და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშში, იეჰოვასგან შორს.

4 ძლიერი ქარი ამოაგდო იეჰოვამ ზღვაზე+ და ამოვარდა დიდი ქარიშხალი;+ ცოტაც და დაიმსხვრეოდა ხომალდი. 5 შეეშინდათ მეზღვაურებს და თითოეული თავის ღმერთს სთხოვდა შველას.+ ხომალდიდან ზღვაში ნივთების გადაყრა დაიწყეს მის შესამსუბუქებლად,+ იონა კი გემბანის ქვეშ იყო ჩასული, იწვა და ღრმად ეძინა.+ 6 ბოლოს მივიდა მასთან ხომალდის მეთაური და უთხრა: „რა დროს ძილია?! ადექი, მოუხმე შენს ღმერთს!+ იქნებ ჭეშმარიტმა ღმერთმა იზრუნოს ჩვენზე და არ დავიღუპოთ“.+

7 ერთმანეთს ეუბნებოდნენ: მოდი, კენჭი ვყაროთ,+ რომ გავიგოთ, ვის გამო ვართო ამ უბედურებაში.+ კენჭი ყარეს და იონას ერგო.+ 8 ჰკითხეს მას: „გვითხარი, რატომ დაგვემართა ეს უბედურება?+ რა მოხელე ხარ და საიდან მოდიხარ? რომელი ქვეყნიდან ხარ და რომელი ხალხიდან?“

9 მიუგო მათ: „ებრაელი ვარ,+ იეჰოვას, ცათა ღვთის,+ ზღვისა და ხმელეთის+ შემქმნელის მოშიში“.+

10 ძლიერ შეშინდნენ ის კაცები და ჰკითხეს: „რა ჩაიდინე?“+ იცოდნენ, რომ იეჰოვას გაურბოდა იგი, რადგან თვითონვე ჰქონდა ნათქვამი. 11 ბოლოს ჰკითხეს მას: „რა გიყოთ,+ რომ ზღვა დაგვიწყნარდეს?“ რადგან სულ უფრო ძლიერდებოდა ზღვის ღელვა. 12 მან მიუგო: „ამიყვანეთ, ზღვაში გადამაგდეთ და დაგიწყნარდებათ ზღვა, რადგან ვიცი, რომ ჩემ გამო დაგატყდათ ეს დიდი ქარიშხალი“.+ 13 კაცები შეეცადნენ, გზა გაეკვლიათ და ხომალდი ხმელეთამდე მიეყვანათ, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძლიერდებოდა ზღვის ღელვა.+

14 მაშინ მოუხმეს იეჰოვას:+ „იეჰოვა, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის სულის გამო! ნუ მოგვკითხავ უდანაშაულო სისხლს,+ იეჰოვა, რადგან შენი სურვილისამებრ მოქმედებ!“+ 15 აიყვანეს იონა, ზღვაში გადააგდეს და ზღვაც ნელ-ნელა დაწყნარდა.+ 16 ძლიერ შეეშინდათ იმ კაცებს იეჰოვასი.+ მსხვერპლი შესწირეს იეჰოვას+ და აღთქმები დაუდეს.+

17 იეჰოვამ დიდ თევზს ჩააყლაპვინა იონა+ და იყო იონა სამ დღესა და სამ ღამეს თევზის მუცელში.+

2 ლოცვით მიმართა იონამ იეჰოვას, თავის ღმერთს, თევზის მუცლიდან+ 2 და თქვა:

„გასაჭირში მოვუხმე იეჰოვას+ და მან მიპასუხა.+

შველას ვთხოვდი სამარის* მუცლიდან.+

შენ ისმინე ჩემი ხმა.+

 3 როცა სიღრმეში გადამაგდე, შუაგულ ზღვაში,+

მორევმა მომიქცია.

ყველა შენმა ზვირთმა და ტალღამ გადამიარა.+

 4 ვთქვი: გაძევებული ვარ შენს თვალთაგან!+

ნეტავ ვიხილავ კვლავ შენს წმინდა ტაძარს?!+

 5 გარს შემომერტყა წყლები და სულამდე მოაღწია;+ ღრმა წყლებმა ჩამკეტა.

წყალმცენარეები თავზე შემომეწნა.

 6 მთების საძირკვლებამდე ჩავედი.

დედამიწის ურდულები სამარადისოდ ჩაიკეტა ჩემზე.

შენ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, ცოცხალი ამომიყვანე ორმოდან.+

 7 იეჰოვას ვიხსენებდი+ სულდაუძლურებული.+

მაშინ მოაღწია ჩემმა ლოცვამ შენთან, შენს წმინდა ტაძარში.+

 8 სიცრუის კერპებისთვის პატივის მიმგებნი ტოვებენ სიკეთის* წყაროს.+

 9 მე კი სამადლობელს გეტყვი და მსხვერპლს შემოგწირავ.+

რაც აღმითქვამს, შევასრულებ.+ ხსნა იეჰოვასგანაა“.+

10 უბრძანა იეჰოვამ თევზს და მანაც ხმელეთზე ამოანთხია იონა.+

3 მაშინ მეორედ გამოეცხადა იონას იეჰოვას სიტყვა:+ 2 „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე ის,+ რასაც გეუბნები“.

3 ადგა იონა და, იეჰოვას სიტყვისამებრ, ნინევეში წავიდა.+ ნინევე დიდი ქალაქი იყო ღვთის თვალში,+ სამი დღის სავალი იყო. 4 შევიდა იონა ქალაქში, ერთი დღის სავალ მანძილზე, მიდიოდა და თან აცხადებდა: „ორმოცი დღეღა დარჩა ნინევეს დამხობამდე!“+

5 ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი,+ მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო+ ჩაიცვა ყველამ. 6 როცა ეს სიტყვა ნინევეს მეფემდე+ მივიდა, ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, ჯვალო მოიხვია და ნაცარში ჩაჯდა;+ 7 ნინევეში კი მეფისა და მისი დიდებულების დადგენილება გამოაცხადებინა:

„არც კაცმა, არც შინაურმა ცხოველმა, არც ცხვარ-ძროხამ პირი არაფერს დააკაროს. არაფერი შეჭამონ, წყალიც კი არ დალიონ.+ 8 ჯვალო ატაროს ყველამ, კაცმაც და შინაურმა ცხოველმაც. მთელი ძალით მოუხმონ ღმერთს და მიატოვოს+ თითოეულმა თავისი ბოროტი გზა და ძალადობა, რასაც მათი ხელები სჩადიოდნენ. 9 ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს ჭეშმარიტი ღმერთი, შეგვიწყალოს+ და აგვარიდოს თავისი მრისხანება, რომ არ დავიღუპოთ?!“+

10 ჭეშმარიტმა ღმერთმა დაინახა მათი საქმეები,+ რომ მიატოვეს თავიანთი ბოროტი გზა.+ შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა+ და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა.+

4 ძალიან არ ესიამოვნა+ ეს იონას და რისხვით აენთო. 2 ლოცვით მიმართა იეჰოვას და უთხრა: „იეჰოვა, განა ამას არ ვამბობდი, როცა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე ვიყავი?! ამიტომაც წავედი და გავიქეცი თარშიშში,+ რადგან ვიცოდი, რომ მწყალობელი და გულმოწყალე ღმერთი ხარ,+ რისხვაში ნელი, სიკეთით*+ სავსე; წუხ, რადგან არ გსურს უბედურების მოხდენა.+ 3 ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, წაიღე ჩემგან ჩემი სული,+ რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“.+

4 იეჰოვამ მიუგო: „უნდა განრისხებულიყავი?!“+

5 გამოვიდა იონა ქალაქიდან და ქალაქის აღმოსავლეთით დაჯდა; გაიკეთა საჩრდილობელი, რომ მის ჩრდილქვეშ მჯდომს ენახა,+ რა დაემართებოდა ქალაქს.+ 6 აღმოაცენა იეჰოვა ღმერთმა აყირო, რომ გადაფარებოდა იონას, მოეჩრდილა მისთვის და შეემსუბუქებინა მისი მდგომარეობა.+ დიდად გაახარა იონა აყიროს ამოსვლამ.

7 მეორე დღეს, გამთენიისას,+ ჭეშმარიტმა ღმერთმა მატლი გაუჩინა აყიროს; გააფუჭა მატლმა ის და ისიც ნელ-ნელა გახმა.+ 8 როგორც კი მზემ გამოანათა, ღმერთმა აღმოსავლეთის ცხელი ქარი+ ამოაგდო. მზემ ისე დააჭირა იონას, რომ ლამის გული წაუვიდა.+ კვლავ თავისი სულის სიკვდილს ითხოვდა და ამბობდა, სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნიაო.+

9 ჰკითხა ღმერთმა იონას: „აყიროს გამო უნდა განრისხებულიყავი?!“+

მან მიუგო: „ჰო, თანაც ისე განვრისხდი, რომ სიკვდილი ვინატრე“. 10 იეჰოვამ უთხრა: „შენ აყირო დაგენანა, რომლისთვისაც არ გიშრომია და რომელიც არ გაგიზრდია, რომელიც ერთ ღამეში გაიზარდა და ერთ ღამეშივე გაქრა. 11 ჰოდა, მე დიდი ქალაქი ნინევე+ არ უნდა დამნანებოდა, სადაც ას ოცი ათასზე მეტი კაცი ცხოვრობს, რომლებსაც მარჯვენა ხელი მარცხენისგან ვერ გაურჩევიათ, და სადაც უამრავი შინაური ცხოველია?!“+

ნიშნავს მტრედს.

ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.

ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.

იხილეთ 2:8-ის სქოლიო.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება