საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 1 თესალონიკელები 1:1-5:28
  • 1 თესალონიკელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • 1 თესალონიკელები
  • ბიბლია
ბიბლია
1 თესალონიკელები

პირველი წერილი თესალონიკელების მიმართ

1 პავლე, სილვანუსი+ და ტიმოთე+ თესალონიკელთა კრებას, რომელიც ერთობაშია+ ღმერთთან, მამასთან, და უფალ იესო ქრისტესთან:

წყალობა თქვენ და მშვიდობა.+

2 ღმერთს ყოველთვის ვმადლობთ, როცა ლოცვებში გიხსენიებთ ყველა თქვენგანს,+ 3 რადგან ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები,+ სიყვარულით შრომა და მოთმინება, რაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედის+ წყალობით გაქვთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე. 4 ვიცით, ღვთისთვის საყვარელო ძმებო, რომ მან თქვენ აგირჩიათ,+ 5 რადგან სასიხარულო ცნობა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ, თქვენ შორის გამოჩნდა არა მხოლოდ სიტყვით, არამედ ძალით,+ წმინდა სულითა და სრული დამაჯერებლობით.+ თავადაც იცით, როგორები გავხდით თქვენთვის თქვენ სასარგებლოდ.+ 6 თქვენ ჩვენი და უფლის+ მომბაძველები+ გახდით, რადგან დიდ გასაჭირში+ მიიღეთ სიტყვა წმინდა სულის სიხარულით.+ 7 ასე რომ, მაკედონიასა და აქაიაში ყველა მორწმუნისთვის მაგალითი გახდით.

8 თქვენგან იეჰოვას სიტყვა+ მხოლოდ მაკედონიასა და აქაიაში კი არ გაისმა, არამედ ღვთისადმი თქვენი რწმენა+ ყველგან+ გავრცელდა. ჩვენ აღარაფერი გვაქვს სათქმელი. 9 ისინი თვითონ ყვებიან, როგორ შემოვედით თქვენთან და როგორ შემობრუნდით კერპებისგან ღვთისკენ,+ რათა ცოცხალი+ და ჭეშმარიტი+ ღვთის მონები გამხდარიყავით 10 და დალოდებოდით+ მის ძეს, ვინც ზეციდან+ უნდა მოვიდეს და ვინც მან მკვდრეთით აღადგინა,+ იესოს, რომელიც მომავალი რისხვისგან გვიხსნის.+

2 თქვენ ხომ თავად იცით, ძმებო, რომ ჩვენს მოსვლას თქვენთან+ უშედეგოდ არ ჩაუვლია,+ 2 რომ მას შემდეგ, რაც ჯერ ფილიპეში+ ვიტანჯეთ+ და შეურაცხგვყვეს+ (როგორც თქვენთვის ცნობილია), ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ გვეუწყებინა+ თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა, რისთვისაც დიდი ბრძოლა დაგვჭირდა. 3 ჩვენი შეგონება მცდარი აზროვნებიდან და უწმინდურებიდან+ არ მომდინარეობს, არც ცბიერებაა მასში, 4 არამედ როგორც ღმერთმა გამოგვცადა და იმის ღირსად მიგვიჩნია, რომ ჩვენთვის სასიხარულო ცნობა მოენდო,+ ჩვენც ისე ვლაპარაკობთ და ვასიამოვნებთ+ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც იკვლევს ჩვენს გულებს.+

5 არასოდეს გვილაპარაკია პირფერულად+ (როგორც თქვენთვის ცნობილია) და არც შენიღბული+ სიხარბით.+ ღმერთია მოწმე! 6 არც დიდება გვიძებნია ადამიანთაგან,+ არც თქვენგან და არც სხვებისგან, თუმცა შეგვეძლო დიდი ხარჯებით+ დაგვემძიმებინეთ, როგორც ქრისტეს მოციქულებს. 7 პირიქით, გეალერსებოდით, როგორც მეძუძური დედა ევლება+ თავს შვილებს. 8 სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ+ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც,+ რადგან შეგვიყვარდით.+

9 რა თქმა უნდა, გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა. დღედაღამ ვმუშაობდით,+ რომ დიდი ხარჯებით არ დაგვემძიმებინა რომელიმე თქვენგანი+ და ისე გიქადაგებდით ღვთის სასიხარულო ცნობას. 10 თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც მოწმეა, როგორი ერთგულები, მართლები და უბიწოები+ ვიყავით თქვენ მიმართ, მორწმუნეებო. 11 ამიტომ კარგად იცით, რომ როგორც მამა შვილებს,+ ისე შეგაგონებდით+ თითოეულ თქვენგანს, განუგეშებდით და დამოწმებითაც გიმოწმებდით, 12 რათა კვლავაც იაროთ+ ღვთის ღირსად, რომელიც თავისი სამეფოსა+ და დიდებისკენ მოგიწოდებთ.+

13 იმისთვისაც განუწყვეტლივ+ ვმადლობთ ღმერთს, რომ თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ,+ რომელიც ჩვენგან მოისმინეთ, მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა,+ არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა, რომელიც მოქმედებს კიდეც თქვენში, მორწმუნეებო.+ 14 ძმებო, თქვენ ჰბაძავთ ღვთის კრებებს, რომლებიც იუდეაშია და ქრისტე იესოსთან ერთობაში, რადგან თქვენც ისევე იტანჯებით+ თქვენს თანამემამულეთა ხელში, როგორც ისინი იტანჯებიან იუდეველთა ხელში, 15 რომლებმაც უფალი იესოც კი მოკლეს,+ წინასწარმეტყველებიც+ დახოცეს და ჩვენც გვდევნიდნენ.+ ისინი არ ასიამოვნებენ ღმერთს და ადამიანების მტრები არიან, 16 ცდილობენ ხელი შეგვიშალონ,+ როცა უცხოტომელებს ველაპარაკებით მათივე გადასარჩენად.+ ამით მუდამ თავიანთი ცოდვების საწყაოს+ ავსებენ, მაგრამ მისმა რისხვამ საბოლოოდ მოაწია მათზე.+

17 ჩვენ კი, ძმებო, როცა მცირე ხნით დაგშორდით, ფიზიკურად და არა გულით, უფრო მეტად ვცდილობდით და დიდი სურვილი გვქონდა, თქვენი სახეები გვეხილა.+ 18 ამიტომ გვინდოდა თქვენთან მოსვლა, განსაკუთრებით მე, პავლეს, პირველადაც და მეორედაც, მაგრამ სატანა გზაზე გვეღობებოდა. 19 რა არის ჩვენი იმედი, სიხარული და ლხენის გვირგვინი+ ჩვენი უფლის იესოს წინაშე იმ დროს, როცა მოსული იქნება*? განა თქვენ არა?+ 20 დიახ, თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

3 ამიტომ, რადგან მეტის ატანა აღარ შეგვეძლო, ვარჩიეთ, ათენში+ მარტო დავრჩენილიყავით 2 და გამოვგზავნეთ ტიმოთე,+ ჩვენი ძმა და ღვთის მსახური ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობისა,+ რომ განემტკიცებინეთ და ენუგეშებინეთ თქვენი რწმენის გასაძლიერებლად, 3 რათა არავინ გამხდარიყო მერყევი ამ გასაჭირის+ გამო. თქვენ თვითონ იცით, რომ ამისთვის ვართ განწესებულნი.+ 4 თანაც თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით,+ რომ გასაჭირში+ ჩავცვივდებოდით, რაც მოხდა კიდეც და თქვენთვისაც ცნობილია.+ 5 ამიტომ, როცა მეტის ატანა აღარ შემეძლო, გამოვგზავნე, რომ თქვენი ერთგულების+ ამბავი შემეტყო, მაცდურმა+ ხომ არ გაცდუნათ როგორღაც და ფუჭად ხომ არ ჩაიარა ჩვენმა შრომამ.+

6 ახლახან ტიმოთე მოვიდა თქვენგან+ და გვახარა თქვენი ერთგულებისა და სიყვარულის+ ამბავი და ისიც, რომ ყოველთვის კარგად გვიხსენებთ და გენატრებით, ისევე როგორც ჩვენ.+ 7 ამიტომ, ძმებო, თქვენით, თქვენი ერთგულებით ვინუგეშეთ+ ყოველ ჩვენს საჭიროებასა და გასაჭირში.+ 8 ახლა იმით ვცოცხლობთ, რომ მტკიცედ დგახართ უფალში.+ 9 როგორი მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთისა თქვენ გამო და იმ სიხარულის გამო, რომლითაც ვხარობთ+ თქვენით ჩვენი ღვთის წინაშე, 10 როცა დღედაღამ განსაკუთრებულად ვლოცულობთ,+ რომ ვიხილოთ თქვენი სახეები და შევავსოთ ის, რაც თქვენს რწმენას აკლია!+

11 დაე, თვით ჩვენმა ღმერთმა და მამამ და ჩვენმა უფალმა იესომ+ წარგვიმართონ გზა თქვენკენ! 12 გაზარდოს+ უფალმა თქვენში სიყვარული,+ დიახ, აგავსოთ მისით ერთმანეთისა და ყველას მიმართ ისე, როგორც ჩვენ ვართ თქვენ მიმართ, 13 რათა თქვენი გულები განამტკიცოს და უბიწო გახადოს+ სიწმინდეში ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე იმ დროს,+ როცა ჩვენი უფალი იესო მოსული იქნება* ყველა თავის წმინდასთან ერთად.+

4 ბოლოს, ძმებო, გთხოვთ და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაკი ისწავლეთ ჩვენგან, როგორ უნდა იაროთ+ და ასიამოვნოთ ღმერთს, როგორც დადიხართ კიდეც, ეს უფრო სრულად აკეთოთ,+ 2 რადგან იცით ის მცნებები,+ რომლებიც უფალ იესოსგან გადმოგეცით.

3 ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ,+ მოერიდოთ სიძვას,+ 4 რომ ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის+ ფლობა სიწმინდითა+ და პატივით 5 და არა თავშეუკავებელი ვნებით+ იმ ხალხთა მსგავსად,+ რომლებიც არ იცნობენ ღმერთს,+ 6 რათა არავინ მივიდეს იქამდე, რომ ძმა დააზარალოს და მისი უფლებები ხელყოს,+ რადგან ასეთებს იეჰოვა სჯის ყოველივე ამის გამო,+ როგორც უკვე გითხარით და საფუძვლიანადაც დაგიმოწმეთ.+ 7 ღმერთმა უწმინდურებისკენ კი არ მოგვიწოდა, არამედ სიწმინდისკენ.+ 8 ამიტომ უგულებელმყოფელი+ უგულებელყოფს არა ადამიანს,+ არამედ ღმერთს, რომელიც თავის წმინდა სულს+ გაძლევთ.

9 ძმათმოყვარეობაზე+ არ არის საჭირო თქვენთვის მოწერა, რადგან ღმერთმა+ გასწავლათ ერთმანეთის სიყვარული+ 10 და ავლენთ კიდეც მას ძმების მიმართ მთელ მაკედონიაში. შეგაგონებთ, ძმებო, რომ განაგრძოთ ასე მოქცევა და ეს უფრო სრულად აკეთოთ, 11 მიზნად დაისახოთ, რომ მშვიდად იცხოვროთ,+ მიხედოთ თქვენს საქმეს+ და საკუთარი ხელით იშრომოთ,+ როგორც ჩვენ მოგითითეთ, 12 რათა წესიერად იაროთ+ გარეშეების წინაშე+ და არაფერი გაკლდეთ.+

13 გარდა ამისა, არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ სიკვდილის ძილით მიძინებულთა+ შესახებ, რათა არ წუხდეთ დანარჩენებივით, რომლებსაც იმედი არ გააჩნიათ.+ 14 თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა,+ მაშინ მათაც, ვინც სიკვდილის ძილით დაიძინეს იესოსთან ერთობაში, ღმერთი მასთან ერთად მოიყვანს.+ 15 ამას გეუბნებით იეჰოვას სიტყვით:+ ჩვენ, ვინც ცოცხლად დავრჩებით იმ დრომდე, როცა უფალი+ მოსული იქნება*, ვერ დავასწრებთ სიკვდილის ძილით მიძინებულებს, 16 რადგან უფალი თვითონ ჩამოვა ზეციდან+ მბრძანებლური მოწოდებით, მთავარანგელოზის+ ხმითა და ღვთის საყვირით+ და პირველები ქრისტეში მკვდრები აღდგებიან.+ 17 შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად+ ვიქნებით ატაცებულნი+ ღრუბლებში,+ რათა უფალს შევეგებოთ+ ჰაერში, რის შემდეგაც მუდამ უფალთან+ ვიქნებით. 18 მაშ, ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.

5 რაც შეეხება დროებსა და ვადებს,+ ძმებო, არ არის საჭირო, ამაზე რამე მოგწეროთ. 2 თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ იეჰოვას დღე+ ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი.+ 3 როცა+ ილაპარაკებენ, მშვიდობა+ და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება,+ როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები,+ და თავს ვერ დააღწევენ.+ 4 თქვენ კი, ძმებო, სიბნელეში არა ხართ,+ რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს,+ 5 რადგან თქვენ სინათლის ძეები+ და დღის ძეები ხართ.+ ჩვენ არც ღამეს ვეკუთვნით და არც სიბნელეს.+

6 მაშ, ნუ დავიძინებთ+ დანარჩენების მსგავსად,+ არამედ გვეღვიძოს+ და ვიფხიზლოთ.+ 7 მძინარეებს+ ღამით+ სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან. 8 ჩვენ კი, ვინც დღეს ვეკუთვნით, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა+ და სიყვარულის ჯავშნით,+ მუზარადად+ კი ხსნის იმედი გვქონდეს,+ 9 ვინაიდან ღმერთმა რისხვისთვის+ კი არ განგვაწესა, არამედ ხსნის+ მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით.+ 10 ის ჩვენთვის მოკვდა,+ რათა, ვფხიზლობთ თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.+ 11 ამიტომ ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი,+ რასაც აკეთებთ კიდეც.+

12 ახლა გთხოვთ, ძმებო, რომ პატივი სცეთ მათ, ვინც ირჯება თქვენ შორის, ვინც გხელმძღვანელობთ+ უფალში და შეგაგონებთ, 13 დიდად დააფასეთ ისინი სიყვარულით მათი საქმის გამო.+ მშვიდობიანად იყავით ერთმანეთში.+ 14 ამასთანავე, გევედრებით, ძმებო, შეაგონეთ წესრიგის დამრღვევები,+ ანუგეშეთ დამწუხრებული სულები,+ მხარი დაუჭირეთ სუსტებს, სულგრძელნი+ იყავით ყველას მიმართ. 15 იცოდეთ, ნურავის გადაუხადით სამაგიეროს,+ არამედ ისწრაფეთ, რომ კარგი გაუკეთოთ ერთმანეთსაც და სხვებსაც.+

16 ყოველთვის ხარობდეთ;+ 17 განუწყვეტლივ ილოცეთ;+ 18 ყველაფრისთვის მადლობლები იყავით,+ რადგან ეს არის ღვთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოს მეშვეობით. 19 ანთებულ სულს ნუ ჩააქრობთ;+ 20 წინასწარმეტყველებას ნუ შეიძულებთ;+ 21 ყველაფერში დარწმუნდით;+ კარგს ჩაეჭიდეთ;+ 22 მოერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.+

23 სრულად განგწმინდოთ+ თვითონ მშვიდობის+ ღმერთმა და უმწიკვლობით იქნეს დაცული, ძმებო, თქვენი ყოველმხრივ ჯანსაღი სულისკვეთება*, სული* და სხეული იმ დროისთვის, როცა ჩვენი უფალი იესო ქრისტე მოსული იქნება*.+ 24 ის, ვინც მოგიწოდათ, ერთგულია და შეასრულებს კიდეც.

25 ძმებო, განაგრძეთ ჩვენთვის ლოცვა.+

26 მოიკითხეთ ყველა ძმა წმინდა ამბორით.+

27 სერიოზულ ვალდებულებას გაკისრებთ უფლის წინაშე, რომ ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხოთ.+

28 გქონდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს წყალობა.+

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

სიტყვასიტყვით — სული. ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.

ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.

ბერძნულად პარუსია. იხილეთ დანართი 3ბ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება