ᲔᲡᲗᲔᲠᲘ
1 ახაშვეროშმა*, რომელიც ინდოეთიდან ეთიოპიამდე* 127 სამთავროს+ განაგებდა 2 და შუშანის*+ ციხე-დარბაზში თავის სამეფო ტახტზე იჯდა, 3 თავისი მეფობის მე-3 წელს ნადიმი გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს, სპარსეთისა+ და მიდიის+ მხედართმთავრებს, დიდებულებსა და სამთავროთა მთავრებს. 4 მეფე უჩვენებდა მათ თავისი დიდებული სამეფოს სიმდიდრეს, თავის სიდიადესა და ბრწყინვალებას მთელი 180 დღე. 5 ამის შემდეგ მეფემ სასახლის ბაღის ეზოში შვიდდღიანი ნადიმი გაუმართა ყველას, დიდსა თუ მცირეს, ვინც შუშანის ციხე-დარბაზში იყო. 6 სელისა და საუკეთესო ბამბის ქსოვილები, აგრეთვე ლურჯი ქსოვილები ძვირფასი ქსოვილისგან დამზადებული თოკებითა და ვერცხლის რგოლებში გაყრილი იისფერი მატყლის ზონრებით მარმარილოს სვეტებზე ეკიდა, ხოლო ოქროსა და ვერცხლის ტახტები პორფირის, სადაფისა და თეთრი და შავი მარმარილოს ქვაფენილზე იდგა.
7 ღვინოს ნაირ-ნაირი ოქროს სასმისებით სვამდნენ; უხვად იყო სამეფო ღვინო, ისე, როგორც მეფეს ეკადრებოდა. 8 არავის აძალებდნენ დალევას, რადგან მეფეს ნაბრძანები ჰქონდა თავისი სასახლის დიდებულთათვის, ვინც რამდენს მოისურვებდა, იმდენი დაელია.
9 დედოფალმა ვაშთიმაც+ გამართა ნადიმი ქალთათვის მეფე ახაშვეროშის სასახლეში.
10 მეშვიდე დღეს ღვინით გულგამხიარულებულმა მეფემ უთხრა მეჰუმანს, ბიზთას, ხარბონას,+ ბიგთას, აბაგთას, ზეთარსა და ქარქასს — შვიდ კარისკაცს, რომლებიც უშუალოდ მეფე ახაშვეროშს ემსახურებოდნენ, 11 რომ მეფესთან მიეყვანათ დედოფალი ვაშთი სამეფო თავსაბურავით ხალხისა და მთავრებისთვის მისი სილამაზის საჩვენებლად, რადგან მეტად მშვენიერი იყო იგი. 12 მაგრამ უარზე დადგა დედოფალი ვაშთი და არ ეახლა მეფეს კარისკაცების პირით შეთვლილი ბრძანებისამებრ, რამაც ძლიერ განარისხა მეფე.
13 ეთათბირა მეფე ბრძენკაცებს, რომლებმაც იცოდნენ, როგორ წყდებოდა მსგავსი საკითხები უწინ (ასე განიხილებოდა მეფის საქმეები კანონისა და სამართლის მცოდნეთა წინაშე; 14 მისი უახლოესი მრჩევლები იყვნენ: ქარშენა, შეთარი, ადმათა, თარშიში, მერესი, მარსენა და მემუქანი — სპარსეთისა და მიდიის შვიდი მთავარი,+ რომლებსაც მეფესთან შესვლის უფლება ჰქონდათ და სამეფოში მაღალი მდგომარეობა ეკავათ). 15 მეფემ მათ ჰკითხა: „კანონის თანახმად, რა უნდა ვუყოთ დედოფალ ვაშთის, რომელმაც არ შეასრულა კარისკაცების პირით შეთვლილი მეფე ახაშვეროშის ბრძანება?“
16 მემუქანმა მეფესა და მთავრებს უთხრა: „დედოფალმა ვაშთიმ მხოლოდ მეფე კი არ შეურაცხყო,+ არამედ მეფე ახაშვეროშის სამთავროთა მთავრები და მის სამეფოში მცხოვრები ყველა ხალხი. 17 მიუვა დედოფლის ამბავი ყველა ქალს, ისინიც დაამცირებენ თავიანთ ქმრებს და იტყვიან: მეფე ახაშვეროშმა ბრძანა, რომ მასთან მიეყვანათ დედოფალი ვაშთი, მაგრამ ის არ მივიდაო. 18 დღეიდან სპარსეთისა და მიდიის მთავრების ცოლებიც, რომლებმაც შეიტყვეს დედოფლის ამბავი, შეეპასუხებიან ქმრებს, რაც დიდი შეურაცხყოფისა და რისხვის მიზეზი გახდება. 19 თუ მეფე ინებებს, გამოსცეს ბრძანებულება და ჩაიწეროს ის სპარსეთისა და მიდიის კანონებში, რომლებიც უცვლელია,+ რომ აღარ დაიშვას ვაშთი მეფე ახაშვეროშთან, ხოლო დედოფლობა მეფემ სხვა ქალს უბოძოს, მასზე ღირსეულს. 20 გაცხადდება მეფის ბრძანებულება მთელ მის ვრცელ სამეფოში და ყველა ქალი, დიდებული თუ მდაბიო, პატივს მიაგებს თავის ქმარს“.
21 მოეწონათ მეფესა და მთავრებს ეს წინადადება, და მეფეც მემუქანის რჩევისამებრ მოიქცა. 22 დაგზავნა მან წერილები სამეფოს ყველა სამთავროში,+ თითოეულ სამთავროში მცხოვრებ ყველა ხალხთან მათ ენაზე მათივე დამწერლობით, რათა ყველა ქმარი თავად ყოფილიყო ბატონი თავის სახლში და მის სახლეულობასაც მის მშობლიურ ენაზე ელაპარაკა.
2 ამ ამბებმა რომ ჩაიარა და მეფე ახაშვეროშს+ ბრაზმა გადაუარა, გაიხსენა მან, თუ როგორ მოიქცა ვაშთი+ და როგორ დაისაჯა.+ 2 თქვეს მეფის მსახურებმა: „მოუძებნონ მეფეს ახალგაზრდა, ლამაზი ქალწულები. 3 დანიშნოს მეფემ კაცები თავისი სამეფოს ყველა სამთავროში+ და თავი მოუყარონ ლამაზ ქალწულებს შუშანის ციხე-დარბაზში, ქალთა სახლში, რომელიც მეფის საჭურისს, ქალთა მცველ ჰეგაის,+ აბარია, სადაც ნელსაცხებლებით დაზელენ მათ. 4 ის ყმაწვილქალი კი, რომელიც ყველაზე მეტად მოუვა მეფეს თვალში, ვაშთის მაგივრად გახდეს დედოფალი!“+ ჭკუაში დაუჯდა მეფეს ეს აზრი და ასეც მოიქცა.
5 შუშანში,+ მეფის კარზე მსახურობდა ერთი იუდეველი კაცი, სახელად მორდოქაი,+ იაირის ვაჟი, შიმეის შვილიშვილი და კიშის შვილთაშვილი, ბენიამინელი.+ 6 ის იმ ხალხს შორის იყო, რომელიც მეფე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან იუდას მეფე იექონიასთან*+ ერთად გადაასახლა. 7 ის პატრონობდა ჰადასას* ანუ ესთერს, მამამისის ძმის ასულს,+ რადგან მას არც დედა ჰყავდა და არც მამა. ყმაწვილქალი თვალტანადი იყო. ის დედ-მამის სიკვდილის შემდეგ მორდოქაიმ იშვილა. 8 მეფის გამოცემული ბრძანებისამებრ თავი მოუყარეს უამრავ ყმაწვილქალს შუშანის ციხე-დარბაზში და ჩააბარეს ჰეგაის;+ ესთერიც მეფის სასახლეში მიიყვანეს და ისიც ქალთა მცველ ჰეგაის ჩააბარეს.
9 მას მოეწონა ეს ყმაწვილქალი, კეთილად* განეწყო მისდამი და დაუყოვნებლივ ბრძანა, რომ ნელსაცხებლებით დაეზილათ იგი,+ არ მოეკლოთ საკვები და შვიდი რჩეული მოახლე მიეჩინათ მეფის სასახლიდან. ჰეგაიმ ის და მისი მოახლეები ქალთა სახლის საუკეთესო ნაწილში გადაიყვანა. 10 ესთერს არ გაუმჟღავნებია თავისი ხალხისა+ და ნათესავების ვინაობა, რადგან მორდოქაის+ ასე ჰყავდა დარიგებული.+ 11 ყოველდღე მიდიოდა მორდოქაი ქალთა სახლის ეზოს წინ ესთერის ამბის შესატყობად.
12 მას შემდეგ, რაც ყმაწვილქალს 12 თვის განმავლობაში ქალთათვის დადგენილი წესისამებრ მოუვლიდნენ, მეფე ახაშვეროშთან მისი შესვლის ჯერი დგებოდა (ამდენი დრო სჭირდებოდა მათი ნელსაცხებლებით დაზელას: ექვსი თვე ზმირინის+ ზეთით უზელდნენ სხეულს და ექვსი თვე — ბალზამის ზეთითა+ თუ სხვა ნელსაცხებლებით). 13 ამ ყველაფრის შემდეგ ქალი მზად იყო მეფესთან შესასვლელად. რაც არ უნდა ეთხოვა მას, თან ატანდნენ ქალთა სახლიდან მეფის სასახლეში. 14 საღამოს შედიოდა ის მეფესთან, დილით კი ბრუნდებოდა ქალთა მეორე სახლში, რომელიც მეფის საჭურისს, ხარჭების მცველ შააშგაზს, ებარა.+ ქალი მეფესთან კვლავ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევიდოდა, თუკი მეფეს მოეწონებოდა და სახელით მოუხმობდა.+
15 მოამზადეს მეფესთან შესასვლელად ესთერი, მორდოქაის ბიძის, აბიხაილის, ასული, მორდოქაის რომ ჰყავდა ნაშვილები.+ მეფესთან მისი შესვლის ჯერი რომ დადგა, მას არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც ქალთა მცველმა ჰეგაიმ, მეფის საჭურისმა, ურჩია (მთელი ამ ხნის განმავლობაში ესთერს ყველა კარგი თვალით უყურებდა). 16 მიუყვანეს ესთერი მეფე ახაშვეროშს სასახლეში მეათე ანუ ტებეთის თვეში, მისი მეფობის მეშვიდე წელს.+ 17 მეფეს სხვა ქალებზე მეტად შეუყვარდა ესთერი; ყველაზე მეტად მან მოიგო მეფის გული და მან პოვა კეთილგანწყობა* მის თვალში. მეფემ სამეფო თავსაბურავი დაახურა ესთერს და ვაშთის მაგივრად+ დასვა დედოფლად.+ 18 ესთერის პატივსაცემად მან ნადიმი გაუმართა თავის მთავრებსა და მსახურებს, აგრეთვე ზოგიერთი ვალდებულებისგან გაათავისუფლა სამთავროები და მეფური გულუხვობით გასცა საჩუქრები.
19 როცა მეორედ შეკრიბეს ყმაწვილქალები,+ მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა. 20 ესთერს არც ამჯერად გაუმხელია თავისი ნათესავებისა და ხალხის ვინაობა,+ როგორც მორდოქაის ჰყავდა დარიგებული; ესთერი კვლავაც ისე ემორჩილებოდა მორდოქაის, როგორც მაშინ, როცა ის მისი მეურვე იყო.+
21 იმ დროს, როცა მორდოქაი მეფის კარიბჭესთან იჯდა, მეფის ორი კარისკაცი, ბიგთანი და თერეში, კარის მცველები, განრისხდნენ და მეფე ახაშვეროშის მოკვლა განიზრახეს. 22 შეიტყო ეს ამბავი მორდოქაიმ და მაშინვე აცნობა დედოფალ ესთერს, ესთერი კი მორდოქაის სახელით დაელაპარაკა მეფეს. 23 გამოიძიეს ეს საქმე და დადასტურდა ბრალდება, რის შემდეგაც ბიგთანი და თერეში ძელზე ჩამოკიდეს; ეს ამბავი მეფის თანდასწრებით ჩაიწერა მატიანეში.+
3 ამ ამბების შემდეგ მეფე ახაშვეროშმა განადიდა ჰამანი,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟი, და სხვა მთავრებზე მეტად აღაზევა.+ 2 მეფის მსახურები, რომლებიც სასახლის კარიბჭესთან იყვნენ, მუხლს იყრიდნენ და პირქვე ემხობოდნენ ჰამანის წინაშე მეფის ბრძანებისამებრ, მორდოქაი კი არც მუხლს იყრიდა და არც პირქვე ემხობოდა. 3 კარიბჭესთან მყოფი მეფის მსახურები ეუბნებოდნენ მორდოქაის, რატომ არღვევო მეფის ბრძანებას. 4 ყოველდღე ეუბნებოდნენ ამას, ის კი ყურს არ უგდებდა მათ და ეუბნებოდა, იუდეველი ვარო.+ მიუტანეს ეს ამბავი ჰამანს და ჰკითხეს, რა ვუყოთო მორდოქაის.+
5 მაშინ დაინახა ჰამანმა, რომ მორდოქაი მუხლს არ იყრიდა და პირქვე არ ემხობოდა მის წინაშე. განრისხდა იგი,+ 6 მაგრამ იუკადრისა მხოლოდ მორდოქაის მოკვლა და რაკი იცოდა, რომელი ხალხიდან იყო ის, ახაშვეროშის მთელ სამეფოში ყველა იუდეველის, მორდოქაის ხალხის, ერთიანად მოსპობა განიზრახა.
7 მეფე ახაშვეროშის მეფობის მე-12 წელს,+ პირველ თვეს, ანუ ნისანის თვეში, „ფური“+ ანუ წილი ყარეს ჰამანის წინაშე იმ დღისა და თვის დასადგენად, თუ როდის უნდა შესრულებულიყო მისი განზრახვა; წილი მე-12 თვეს, ადარს,+ ხვდა. 8 უთხრა ჰამანმა მეფე ახაშვეროშს: „არის ხალხი, რომელიც შენი სამეფოს ყველა სამთავროშია+ გაფანტული;+ მათი კანონები ყველა სხვა ხალხის კანონებისგან განსხვავდება და ისინი არც მეფის კანონებს ასრულებენ; მეფისთვისვე აჯობებს, თუ ამ ხალხს მოიშორებს. 9 თუ მეფე ინებებს, დაიწეროს ბრძანება მათი განადგურების შესახებ; 10 000 ტალანტ* ვერცხლს გადავცემ მეფის მოხელეებს სამეფო საგანძურში შესატანად*“.
10 წაიძრო მეფემ ხელიდან ბეჭედი+ და მისცა ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ძეს, იუდეველთა მტერს, 11 და უთხრა მეფემ ჰამანს: „ვერცხლიც შენია და ხალხიც, რაც გინდა, ის უყავი!“ 12 პირველი თვის მე-13 დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს+ და მათაც დაწერეს ჰამანის ბრძანებულება მეფის სატრაპებისთვის, სამთავროთა გამგებლებისა და სამთავროებში მცხოვრებ ხალხთა მთავრებისთვის, თითოეული ხალხისთვის მათ მშობლიურ ენაზე მათივე დამწერლობით. ყველაფერი მეფე ახაშვეროშის სახელით დაიწერა+ და მისივე ბეჭდით დაიბეჭდა.+
13 შიკრიკების ხელით ყველა სამთავროს დაეგზავნა წერილობითი ბრძანებულება, რომ მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღეს,+ ერთიანად დაეხოცათ, გაენადგურებინათ და მოესპოთ ყველა იუდეველი, ყმაწვილი თუ მოხუცი, ქალი თუ ბავშვი, და დაეტაცებინათ მათი ქონება.+ 14 ამ წერილობით ბრძანებულებას კანონის ძალა უნდა ჰქონოდა ყველა სამთავროში; ის ყველა ხალხისთვის უნდა გამოეცხადებინათ, რათა მზად ყოფილიყვნენ იმ დღისთვის. 15 მეფის ბრძანებისამებრ, შიკრიკები უმალ+ გაეშურნენ. ეს კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა. მეფე და ჰამანი დასხდნენ და დაიწყეს სმა, ქალაქი შუშანი კი მღელვარებამ მოიცვა.
4 მორდოქაიმ+ შეიტყო, რაც მოხდა,+ ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოს სამოსი ჩაიცვა და თავზე ნაცარი დაიყარა. გავიდა შუაგულ ქალაქში და მწარედ მოთქვამდა. 2 მეფის კარიბჭემდე რომ მივიდა, შეჩერდა, რადგან ჯვალოთი შემოსილს ეკრძალებოდა კარიბჭეში შესვლა. 3 ყველა სამთავროში,+ რომლამდეც მეფის ბრძანებულებამ მიაღწია, დიდი გლოვა ატყდა იუდეველთა შორის. მარხულობდნენ,+ ტიროდნენ, მოთქვამდნენ და ჯვალოს სამოსით შემოსილნი ნაცარში ისხდნენ.+ 4 ესთერის მოახლეები და საჭურისები მივიდნენ მასთან და ყველაფერი უამბეს. დიდად დამწუხრდა დედოფალი. ტანსაცმელი გაუგზავნა მორდოქაის, რომ ჯვალოს სამოსი გაეხადა, მაგრამ მან არ გამოართვა. 5 მაშინ ესთერმა მოიხმო ჰათაქი, მეფის ერთ-ერთი საჭურისი, რომელიც მეფეს მისთვის მსახურად ჰყავდა დაყენებული, და უბრძანა, მორდოქაისთან წასულიყო და ყველაფერი გაერკვია.
6 მივიდა ჰათაქი მორდოქაისთან ქალაქის მოედანზე, მეფის კარიბჭის წინ. 7 მორდოქაიც მოუყვა თავის ამბავს და იმ თანხის ზუსტი ოდენობაც+ დაუსახელა, რომლის სამეფო საგანძურში შეტანაც ჰამანმა აღუთქვა მეფეს იუდეველთა გასანადგურებლად.+ 8 გადასცა მას იუდეველთა განადგურების შესახებ შუშანში+ გამოცემული კანონის წერილობითი ასლი ესთერისთვის საჩვენებლად. ჰათაქს ყველაფერი უნდა აეხსნა ესთერისთვის და დაევალებინა,+ რომ შესულიყო მეფესთან და თავისი ხალხის შეწყალება თავად მეფისთვის ეთხოვა.
9 დაბრუნდა ჰათაქი ესთერთან და გადასცა მორდოქაის დანაბარები. 10 პასუხად ესთერმა ჰათაქის პირით შეუთვალა მორდოქაის:+ 11 „მეფის ყველა მსახურმა და მისი სამეფოს სამთავროებში მცხოვრებმა ყველა ხალხმა იცის, რომ ნებისმიერი კაცი თუ ქალი, რომელიც მოხმობის გარეშე შევა მეფესთან შიდა ეზოში,+ კანონის თანახმად, სიკვდილით უნდა დაისაჯოს. იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში დარჩება ცოცხალი, თუ მეფე ოქროს კვერთხს გაიშვერს მისკენ;+ მე კი უკვე 30 დღეა, არ მოვუხმივარ მეფეს!“
12 გადასცეს მორდოქაის ესთერის დანაბარები, 13 მან კი პასუხად შეუთვალა ესთერს: „ნუ იფიქრებ, რომ იუდეველთაგან შენ ერთი გადარჩები, რაკი მეფის სასახლეში ხარ. 14 თუ ახლა გაჩუმდები, სხვა მხრიდან მოვა ხსნა და შვება იუდეველთათვის,+ შენ და მამაშენის სახლეულობა კი დაიღუპებით! ვინ იცის, იქნებ იმიტომ გახდი დედოფალი, რომ უბედურებისგან გეხსნა შენი ხალხი?!“+
15 ესთერმა პასუხად შეუთვალა მორდოქაის: 16 „წადი და თავი მოუყარე შუშანში მცხოვრებ ყველა იუდეველს! სამი დღე+ და ღამე იმარხულეთ+ ჩემთვის — არც ჭამოთ და არც სვათ! მეც ვიმარხულებ ჩემს მოახლეებთან ერთად და მერე შევალ მეფესთან, თუმცა ეს კანონით დაუშვებელია! თუ დავიღუპები, დავიღუპო!“ 17 წავიდა მორდოქაი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ესთერმა დაავალა.
5 მესამე დღეს+ ესთერი სადედოფლო სამოსელში გამოეწყო და მეფის სასახლის შიდა ეზოში მისი სასახლის წინ დადგა. ამ დროს მეფე დარბაზში თავის ტახტზე იჯდა, რომელიც შესასვლელს უყურებდა. 2 თვალი მოჰკრა თუ არა მეფემ ეზოში მდგომ დედოფალ ესთერს, მან წყალობა პოვა მის თვალში. მაშინ გაიშვირა მისკენ ოქროს კვერთხი,+ ხელში რომ ეჭირა, ესთერიც მიუახლოვდა და კვერთხის წვერს შეეხო.
3 ჰკითხა მას მეფემ: „რა მოხდა, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“ 4 ესთერმა მიუგო: „თუ მეფე ისურვებს, მობრძანდეს დღეს ჰამანთან+ ერთად ნადიმზე, რომელიც მეფეს მოვუმზადე“. 5 თქვა მეფემ: „საჩქაროდ მოუხმეთ ჰამანს, რათა შესრულდეს ესთერის თხოვნა!“ მივიდნენ მეფე და ჰამანი ნადიმზე, რომელიც ესთერმა გამართა.
6 ღვინის სმის დროს უთხრა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს? შეგისრულდება! ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“+ 7 მაშინ ესთერმა მიუგო: „აი ჩემი სათხოვარი: 8 თუ წყალობა მიპოვია მეფის თვალში და, თუ მეფე ინებებს ჩემი სათხოვრის შესრულებას, მოვიდეს ჰამანთან ერთად ნადიმზე, რომელსაც ხვალ გავუმართავ მათ, და მაშინ ვამცნობ მეფეს ჩემს სათხოვარს“.
9 იმ დღეს გულმხიარული და გახალისებული წამოვიდა ჰამანი იქიდან, მაგრამ როგორც კი თვალი მოჰკრა მეფის კარიბჭესთან მორდოქაის, რომელიც არც ამდგარა და არც შემდრკალა მის დანახვაზე, განრისხდა მასზე.+ 10 მაგრამ თავი შეიკავა ჰამანმა, სახლში წავიდა და მოუხმო თავის მეგობრებსა და თავის ცოლ ზერეშს.+ 11 სიამაყით უყვებოდა მათ თავის აურაცხელ სიმდიდრეზე, თავის მრავალ ვაჟზე+ და იმაზე, თუ როგორ განადიდა მეფემ და როგორ აღაზევა ის სხვა მთავრებსა და მსახურებზე მეტად.+
12 თქვა ჰამანმა: „თანაც დედოფალ ესთერს მეფესთან ერთად ჩემ გარდა არავინ მიუწვევია ნადიმზე.+ ხვალაც მასთან ვარ დაპატიჟებული მეფესთან ერთად.+ 13 მაგრამ ეს ყველაფერი არაფრად მიღირს, ვიდრე მეფის კარიბჭესთან იუდეველ მორდოქაის ვხედავ!“ 14 უთხრეს მას მისმა ცოლმა ზერეშმა და მისმა მეგობრებმა: „აღამართვინე 50-წყრთიანი* ძელი, და დილით უთხარი მეფეს, რომ მასზე ჩამოკიდონ მორდოქაი.+ მერე კი წადი მეფესთან ერთად ნადიმზე და მოილხინე!“ მოეწონა ეს აზრი ჰამანს და აღამართვინა ძელი.
6 ღამით ძილი გაუკრთა მეფეს, ამიტომ ბრძანა, რომ მოეტანათ მისთვის მატიანე.+ როცა უკითხავდნენ მას მეფეს, 2 მიაკვლიეს ჩანაწერს იმის შესახებ, თუ როგორ ამხილა მორდოქაიმ ორი კარისკაცი, ბიგთანი და თერეში, კარის მცველები, რომლებსაც მეფე ახაშვეროშის მოკვლა ჰქონდათ განზრახული.+ 3 მაშინ იკითხა მეფემ: „რა პატივი და დიდება მიაგეს მორდოქაის ამისთვის?“ მიუგეს მეფეს მსახურებმა, არაფერი გაუკეთებიათო მისთვის.
4 იკითხა მეფემ: „ვინ არის ეზოში?“ მეფის სასახლის გარეთა ეზოში+ ჰამანი მოსულიყო მეფისთვის იმის სათქმელად, რომ მორდოქაი მისთვის გამზადებულ ძელზე ჩამოეკიდათ.+ 5 მსახურებმა მეფეს მოახსენეს, ჰამანი+ დგასო ეზოში. თქვა მეფემ: „შემოვიდეს!“
6 შევიდა ჰამანი და ჰკითხა მას მეფემ: „როგორ უნდა მოექცნენ კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს?“ ჰამანმა გულში გაიფიქრა, ვისთვის ენდომება მეფეს პატივის მიგება, თუ არა ჩემთვისო.+ 7 მიუგო ჰამანმა მეფეს: „იმ კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს, 8 მიართვან მეფის სამოსელი+ და სამეფო თავსამკაულით მორთული მეფის ცხენი. 9 ჩააბარონ სამოსელი და ცხენი მეფის ერთ-ერთ წარჩინებულ მთავარს. შემოსონ ეს კაცი, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს, მოატარონ ცხენით ქალაქის მოედანი და იძახონ მის წინაშე: აი, ასე ექცევიანო კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“+ 10 მაშინ მეფემ ჰამანს უთხრა: „სასწრაფოდ აიღე სამოსელი და წაიყვანე ცხენი, და როგორც ახლა თქვი, ისე მოექეცი იუდეველ მორდოქაის, მეფის კარიბჭესთან რომ ზის. ყველაფერი ზუსტად შენი ნათქვამისამებრ გააკეთე!“
11 აიღო ჰამანმა სამოსელი და წაიყვანა ცხენი, შემოსა მორდოქაი,+ ცხენით მოატარა ქალაქის მოედანი, და გაიძახოდა: „აი, ასე ექცევიან კაცს, რომლისთვისაც მეფეს პატივის მიგება სურს!“ 12 შემდეგ მორდოქაი დაბრუნდა მეფის კარიბჭესთან, ჰამანი კი დამწუხრებული და თავდაფარული გაეშურა შინისკენ. 13 მოუყვა ჰამანი თავის ცოლს, ზერეშს,+ და თავის მეგობრებს ყველაფერს, რაც შეემთხვა. მაშინ უთხრეს მას მისმა მრჩევლებმა და მისმა ცოლმა ზერეშმა: „თუ ეს მორდოქაი, რომელთანაც ერთხელ უკვე დამარცხდი, იუდეველთა შთამომავალია, მაშინ ვერ სძლევ მას, საბოლოოდ დამარცხდები!“
14 ჯერ კიდევ ლაპარაკობდნენ, როცა ჰამანთან მეფის კარისკაცები მივიდნენ და საჩქაროდ წაიყვანეს ესთერის მიერ გამართულ ნადიმზე.+
7 მივიდნენ მეფე და ჰამანი+ დედოფალ ესთერთან ნადიმზე. 2 ღვინის სმის დროს, მეორე დღესაც, ჰკითხა მეფემ ესთერს: „რა სათხოვარი გაქვს, დედოფალო ესთერ? შეგისრულდება! ნახევარი სამეფოც რომ მთხოვო, მოგცემ!“+ 3 ამაზე დედოფალმა მიუგო: „თუ წყალობა მიპოვია შენს თვალში, და თუ ინებებ, მეფეო, გევედრები, სიცოცხლე გვაჩუქე მე და ჩემს ხალხს.+ 4 გაგვყიდეს+ მე და ჩემი ხალხი, რომ დაგვხოცონ, გაგვანადგურონ და მოგვსპონ.+ მონებად და მხევლებად რომ გავეყიდეთ, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ, თუ ეს უბედურება დატრიალდება, მეფეც იზარალებს!“
5 მაშინ მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს ჰკითხა: „ვინ არის და სად არის ის კაცი, ვინც ასეთი რამ გაბედა?“ 6 ესთერმა მიუგო: „ეს მოწინააღმდეგე და მტერი, ბოროტი ჰამანია!“
თავზარი დაეცა ჰამანს მეფე-დედოფლის შიშით. 7 განრისხებული მეფე სუფრიდან წამოდგა და სასახლის ბაღში გავიდა. ჰამანი კი ადგა, რომ თავის გადასარჩენად დედოფალ ესთერისთვის შეწყალება ეთხოვა, რადგან მიხვდა, რომ მეფის სასჯელი არ ასცდებოდა. 8 როცა მეფე სასახლის ბაღიდან დარბაზში შემობრუნდა, სადაც ღვინოს შეექცეოდნენ, ჰამანი ესთერის ტახტზე დამხობილი დახვდა. მეფემ ჰამანს დაუყვირა: „ახლა დედოფალზეც ძალადობ ჩემს სასახლეში!“ ამის თქმა იყო და სახე დაუფარეს ჰამანს. 9 ხარბონამ,+ მეფის ერთ-ერთმა კარისკაცმა, თქვა: „ჰამანმა თავის სახლთან 50-წყრთიანი* ძელი აღმართა მორდოქაისთვის,+ რომლის ნათქვამმაც მეფე იხსნა“.+ მაშინ ბრძანა მეფემ: „მაგ ძელზე ჩამოკიდეთ ჰამანი!“ 10 ჩამოკიდეს ჰამანი იმ ძელზე, რომელიც მას მორდოქაისთვის გაემზადებინა, და დამშვიდდა მეფე.
8 იმ დღეს მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს გადასცა იუდეველთა მტრის,+ ჰამანის, მთელი ავლადიდება.+ შემდეგ მორდოქაი მეფის წინაშე წარდგა, რადგან გაამხილა ესთერმა, თუ ვინ იყო ის მისთვის.+ 2 წაიძრო მეფემ ბეჭედი,+ რომელიც ჰამანს ჩამოართვა, და მისცა მორდოქაის, ესთერმა კი მას ჰამანის მთელი ავლადიდება ჩააბარა.+
3 კვლავ დაელაპარაკა ესთერი მეფეს, დაემხო მის ფეხებთან, ტიროდა და ევედრებოდა, რომ აერიდებინა მათთვის უბედურება და ჩაეშალა აგაგელი ჰამანის გეგმა.+ 4 გაიშვირა მეფემ ესთერისკენ ოქროს კვერთხი,+ წამოდგა ესთერი, დადგა მეფის წინაშე 5 და თქვა: „თუ მეფე ინებებს, და, თუ წყალობა მიპოვია მის თვალში, თუ მართებულად მიიჩნევს მეფე და, თუ მოსაწონი ვარ მისთვის, მაშინ წერილობით გაუქმდეს ის საბუთები, აგაგელი+ ჰამედათას ვაჟმა, ავისმზრახველმა ჰამანმა+ რომ შეადგინა სამეფოს ყველა სამთავროში მცხოვრებ იუდეველთა გასანადგურებლად. 6 როგორ ვუყურო ჩემი ხალხის უბედურებას და ჩემი ნათესავების განადგურებას?!“
7 უთხრა მეფე ახაშვეროშმა დედოფალ ესთერს და იუდეველ მორდოქაის: „აი, ესთერს მივეცი ჰამანის მთელი ავლადიდება,+ ის კი ძელზე ჩამოვკიდე,+ რადგან იუდეველების განადგურება განიზრახა. 8 თქვენ თვითონ დაწერეთ მეფის სახელით იუდეველთათვის ის, რასაც მოისურვებთ, და დაბეჭდეთ მეფის ბეჭდით, რადგან მეფის სახელით დაწერილი და მეფის ბეჭდით დაბეჭდილი ბრძანებულების გაუქმება შეუძლებელია!“+
9 ამიტომ მე-3 ანუ სივანის თვის 23-ე დღეს მოუხმეს მეფის მწერლებს. მათ დაწერეს მორდოქაის ბრძანებულება იუდეველებისთვის, სატრაპებისთვის,+ გამგებლებისა და 127 სამთავროს მთავრებისთვის+ ინდოეთიდან ეთიოპიამდე, თითოეულ სამთავროში მცხოვრები ხალხისთვის, მათ შორის იუდეველებისთვის, მათ ენაზე მათივე დამწერლობით.
10 მორდოქაიმ წერილები მეფე ახაშვეროშის სახელით დაწერა, მეფის ბეჭდით+ დაბეჭდა და ცხენოსანი შიკრიკების ხელით დაგზავნა; ისინი სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილ ფეხმარდ ბედაურებზე იყვნენ ამხედრებულნი. 11 ამ ბრძანებულებით მეფე ნებას რთავდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ იუდეველებს, ერთად შეკრებილიყვნენ და თავი დაეცვათ; დაეხოცათ, გაენადგურებინათ და მოესპოთ ყველა, ვინც კი რომელიმე ხალხსა თუ სამთავროში მათ წინააღმდეგ გამოვიდოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები, და დაეტაცებინათ მათი ქონება.+ 12 ეს მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში ერთ დღეს, მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღეს, უნდა მომხდარიყო.+ 13 ამ წერილობით ბრძანებულებას ყველა სამთავროში კანონის ძალა უნდა ჰქონოდა. ის ყველა ხალხისთვის უნდა გამოეცხადებინათ, რათა იუდეველები მზად ყოფილიყვნენ იმ დღისთვის და შური ეძიათ თავიანთ მტრებზე.+ 14 მეფის ბრძანებისამებრ, შიკრიკები უმალ ამხედრდნენ სამეფო სამსახურისთვის განკუთვნილ ბედაურებზე და გაქუსლეს. ამასობაში კანონი შუშანის+ ციხე-დარბაზშიც გამოცხადდა.
15 გამოვიდა მეფისგან მორდოქაი ლურჯი ქსოვილისა და თეთრი სელის სამეფო სამოსლით, ოქროს დიდი გვირგვინითა და ძვირფასი იისფერი შალის მოსასხამით.+ ქალაქი შუშანი სიხარულით ყიჟინებდა. 16 იუდეველებმა შვებით ამოისუნთქეს, დიდად გაიხარეს და დაფასდნენ. 17 ყველა სამთავროსა და ქალაქში, რომლამდეც მიაღწია მეფის ბრძანებულებამ და მისმა კანონმა, დიდად ხარობდნენ და ილხენდნენ იუდეველები, ნადიმობდნენ და ზეიმობდნენ. იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხთაგან მრავალი გახდა იუდეველი,+ რადგან იუდეველთა შიშს მოეცვა ისინი.
9 დადგა მეფის ბრძანებულებისა და კანონის შესრულების დრო,+ მე-12 ანუ ადარის თვის მე-13 დღე,+ როცა იუდეველთა მტრები მათ დამარცხებას იმედოვნებდნენ, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა და იუდეველებმა სძლიეს თავიანთ მოძულეებს.+ 2 შეიკრიბნენ იუდეველები თავიანთ ქალაქებში მეფე ახაშვეროშის+ სამეფოს ყველა სამთავროში, რომ შებრძოლებოდნენ თავიანთ მტრებს. წინ ვერავინ აღუდგა იუდეველებს, რადგან მათ შიშს შეეპყრო ყველა ხალხი.+ 3 სამთავროთა მთავრები, სატრაპები,+ გამგებლები და მეფის საქმის შემსრულებლები ეხმარებოდნენ იუდეველებს, რადგან მორდოქაის შიშს მოეცვა ისინი. 4 დიდი გავლენა მოიპოვა მორდოქაიმ+ მეფის სასახლეში; ყველა სამთავროში გაითქვა მან სახელი, რადგან სულ უფრო მეტ ძალაუფლებას იხვეჭდა.
5 იუდეველებმა დაამარცხეს თავიანთი მტრები, მახვილით დახოცეს და მუსრი გაავლეს; ისე მოექცნენ თავიანთ მოძულეებს, როგორც სურდათ.+ 6 შუშანის+ ციხე-დარბაზში იუდეველებმა 500 კაცი მოკლეს. 7 აგრეთვე მოკლეს ფარშანდათა, დალფონი, ასფათა, 8 ფორათა, ადალია, არიდათა, 9 ფარმაშთა, არისაი, არიდაი და ვაიზათა, 10 იუდეველთა მტრის, ჰამედათას ძის, ჰამანის, ათი ვაჟი.+ იუდეველებმა მტრები კი დახოცეს, მაგრამ არავინ გაუძარცვავთ.+
11 ამცნეს იმ დღეს მეფეს შუშანის ციხე-დარბაზში დახოცილთა რიცხვი.
12 მეფემ დედოფალ ესთერს უთხრა: „შუშანის ციხე-დარბაზში იუდეველებმა 500 კაცი და ჰამანის 10 ვაჟი მოკლეს. სამეფოს სხვა სამთავროებში+ რაღას იზამდნენ?! კიდევ რა სათხოვარი გაქვს? შეგისრულდება! თუ კიდევ რამე გსურს, მოგეცემა!“ 13 მაშინ ესთერმა მიუგო: „თუ მეფე ინებებს,+ ხვალაც მიეცეთ შუშანში მცხოვრებ იუდეველებს იმის უფლება, რომ დღევანდელი კანონით იმოქმედონ;+ იმასაც გთხოვ, რომ ძელზე+ ჩამოკიდონ ჰამანის ათი ვაჟის ცხედარი“. 14 ბრძანა მეფემ, რომ ასეც მოქცეულიყვნენ. ბრძანება გაიცა შუშანში და ძელზე ჩამოკიდეს ჰამანის ათი ვაჟის ცხედარი.
15 ადარის+ თვის მე-14 დღესაც შეიკრიბნენ შუშანში მცხოვრები იუდეველები და 300 კაცი მოკლეს ქალაქში, მაგრამ არავინ გაუძარცვავთ.
16 სამეფოს სხვა სამთავროებში მცხოვრები იუდეველებიც შეიკრიბნენ თავის დასაცავად.+ მათ დახოცეს თავიანთი მტრები+ — თავიანთი მოძულე 75 000 კაცი, მაგრამ არავინ გაუძარცვავთ. 17 ეს მოხდა ადარის თვის მე-13 დღეს, მე-14 დღეს კი დაასრულეს ბრძოლა; მათ ეს დღე ნადიმისა და მხიარულების დღედ აქციეს.
18 შუშანში მცხოვრები იუდეველები შეიკრიბნენ მე-13+ და მე-14 დღეს,+ მე-15 დღეს კი დაასრულეს ბრძოლა და ნადიმისა და მხიარულების დღედ აქციეს ეს დღე. 19 მოშორებულ ქალაქებში მცხოვრებმა იუდეველებმა ადარის თვის მე-14 დღე აქციეს სიხარულის, ნადიმის, ზეიმისა+ და ერთმანეთისთვის მოსაკითხის გაგზავნის დღედ.+
20 დაწერა მორდოქაიმ+ ეს ამბები და დაუგზავნა წერილები ახლოს თუ შორს მცხოვრებ იუდეველებს მეფე ახაშვეროშის სამეფოს ყველა სამთავროში. 21 დაუწესა მათ ყოველ წელს ადარის თვის მე-14 და მე-15 დღის აღნიშვნა, 22 რადგან ამ დღეებში აღარ შებრძოლებიან იუდეველები თავიანთ მტრებს და ამ თვეში ექცათ მწუხარება სიხარულად, გლოვა+ კი — ზეიმად. ეს მათთვის ნადიმის, მხიარულების, ერთმანეთისთვის მოსაკითხის გაგზავნისა და მოწყალების გაღების დღეები უნდა ყოფილიყო.
23 მოიწონეს იუდეველებმა, რაც მათ მორდოქაიმ მისწერა და დღესასწაულად აქციეს ეს დღეები, რომლებიც ერთხელ უკვე იზეიმეს. 24 ჰამანს,+ აგაგელი+ ჰამედათას ვაჟს, იუდეველთა მტერს, იუდეველთა განადგურება ჰქონდა განზრახული.+ მან „ფური“+ ანუ წილი ყარა, რათა თავზარი დაეცა მათთვის და მოესპო. 25 მაგრამ მას შემდეგ, რაც ესთერი მეფის წინაშე წარდგა, მეფემ წერილობითი ბრძანება გასცა,+ რომ ჰამანსვე დასტეხოდა თავს ის უბედურება, რაც იუდეველთათვის განეზრახა.+ ამის შემდეგ ძელზე ჩამოკიდეს ჰამანი და მისი ვაჟები.+ 26 „ფურის“+ გამო ამ დღეებს „ფურიმი“* უწოდეს. მორდოქაის წერილის, საკუთარი თვალით ნანახისა და თავს გადამხდარის გამო 27 იუდეველებმა წესად დაადგინეს თავიანთთვის, თავიანთი შთამომავლებისა და ყველასთვის, ვინც მათ შეუერთდა,+ რომ ყოველწლიურად აღენიშნათ ეს ორი დღე და დანიშნულ დროს ყველაფერი წერილში ნათქვამისამებრ გაეკეთებინათ. 28 უნდა ხსომებოდათ და აღენიშნათ ეს დღესასწაული ყველა ოჯახში, ყველა სამთავროსა და ყველა ქალაქში თაობიდან თაობაში. არ უნდა შეეწყვიტათ ფურიმის დღესასწაულის აღნიშვნა იუდეველებს და არ უნდა დაევიწყებინათ ეს დღეები მათ შთამომავლებს.
29 დედოფალმა ესთერმა, აბიხაილის ასულმა, და იუდეველმა მორდოქაიმ მინიჭებული უფლებამოსილებით მეორე წერილიც დაწერეს ფურიმის თაობაზე. 30 ეს წერილი, სამშვიდობო და სარწმუნო ცნობა, ახაშვეროშის+ სამეფოს 127 სამთავროში+ მცხოვრებ იუდეველებს დაეგზავნათ 31 იმის დასადასტურებლად, რომ დადგენილ დროს უნდა აღენიშნათ ფურიმის დღესასწაული, ემარხულათ+ და შევედრებოდნენ ღმერთს,+ როგორც იუდეველ მორდოქაისა და დედოფალ ესთერს ჰქონდათ მათთვის ნაბრძანები,+ და როგორც იუდეველებს ჰქონდათ წესად დადგენილი თავიანთთვის და თავიანთი შთამომავლებისთვის.+ 32 ესთერის ამ ბრძანებულებით დადგინდა, როგორ უნდა აღენიშნათ ფურიმი;+ ეს ყველაფერი წიგნშიც ჩაიწერა.
10 მეფე ახაშვეროშმა მონური სამუშაო დააკისრა თავის სამეფოში მცხოვრებ ყველა ხალხს, მათ შორის კუნძულებზე მცხოვრებთ.
2 მისი სიდიადისა და ძლევამოსილების ამბავი, აგრეთვე დაწვრილებითი ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ განადიდა მეფემ+ მორდოქაი,+ მიდიისა და სპარსეთის+ მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.+ 3 იუდეველი მორდოქაი პირველი კაცი იყო მეფე ახაშვეროშის შემდეგ, დიდად განდიდებული და დაფასებული თავისი მრავალრიცხოვანი მოძმეების, იუდეველების მიერ. ის თავისი ხალხის საკეთილდღეოდ და მათ შთამომავალთა სამშვიდობოდ იღვწოდა.
მიჩნეულია, რომ ეს იყო ქსერქსე I, დარიოს დიდის ვაჟი.
სიტყვასიტყვით — „ქუშამდე“.
იგივე სუსა.
იგივე იეჰოიაქინი (2 მფ. 24:8) და იგივე ქონია (იერ. 22:24).
ნიშნავს „მირტს“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ტალანტი უდრიდა 34,2 კგ–ს. იხ. დანართი ბ14.
ან შესაძლოა: „მე მივიტან 10 000 ტალანტ ვერცხლს სამეფო საგანძურში ამ საქმის შემსრულებელთათვის“.
დაახლ. 22,5 მ. იხ. დანართი ბ14.
დაახლ. 22,5 მ. იხ. დანართი ბ14.