საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt იობი 1:1-42:17
  • იობი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იობი
  • ბიბლია
ბიბლია
იობი

ᲘᲝᲑᲘ

1 უცის მიწაზე ცხოვრობდა ერთი მართალი, ღვთისმოშიში და უმწიკვლო* კაცი,+ რომელსაც ბოროტებისგან შორს ეჭირა თავი;+ მას იობი*+ ერქვა. 2 იობს შვიდი ვაჟი და სამი ასული ჰყავდა. 3 ჰყავდა აგრეთვე 7 000 ცხვარი, 3 000 აქლემი, 500 უღელი ხარი, 500 ჭაკი ვირი და მრავალი მსახური. ის მთელ აღმოსავლეთში ყველაზე დიდებული კაცი იყო.

4 მისი ვაჟები რიგრიგობით მართავდნენ ნადიმს თავ-თავიანთ სახლებში და სამივე დას ეპატიჟებოდნენ, რომ ერთად ეჭამათ და ესვათ. 5 ნადიმის დღეები რომ ჩაივლიდა, იობი შეუთვლიდა ხოლმე მათ, რომ განწმენდილიყვნენ. იგი დილით ადრე დგებოდა, თითოეულისთვის დასაწვავ მსხვერპლს+ სწირავდა და ამბობდა, ვაითუ შესცოდეს ჩემმა შვილებმა და დაგმეს ღმერთი თავიანთ გულშიო. ყოველთვის ასე იქცეოდა იობი.+

6 ერთ დღეს, როდესაც ღვთის ძეები*+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც+ მივიდა იქ.+

7 იეჰოვამ სატანას ჰკითხა: „სად იყავი?“ სატანამ იეჰოვას მიუგო: „ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.+ 8 იეჰოვამ სატანას უთხრა: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი; მართალი, უმწიკვლო*,+ ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს უჭირავს თავი“. 9 სატანამ იეჰოვას მიუგო: „მერედა ტყუილადაა იობი ღვთისმოშიში?!+ 10 შენ არ მფარველობ მას,+ მის სახლ-კარსა და ქონებას?! შენ არ აკურთხე მისი ნაშრომი+ და შენ არ გაუმრავლე საქონელი?! 11 აბა, გაიწოდე ხელი, შეეხე მის ქონებას და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!“ 12 იეჰოვამ სატანას უთხრა: „კარგი, შენს ხელთ იყოს მთელი მისი ქონება, ოღონდ თავად მას არ შეეხო!“ წავიდა სატანა იეჰოვასგან.+

13 ერთ დღეს იობის ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში შეიკრიბნენ, რომ ეჭამათ და ღვინო დაელიათ.+ 14 მივიდა იობთან მსახური და აცნობა: „როცა ხარები ხნავდნენ და ვირები ძოვდნენ, 15 სებელები დაგვესხნენ თავს; საქონელი წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.

16 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მსახური მივიდა და აცნობა: „ღმერთმა ცეცხლი* მოავლინა ზეციდან, აბრიალდა და შთანთქა ცხვარიცა და მსახურებიც. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.

17 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მსახური მივიდა და აცნობა: „ქალდეველთა+ სამი რაზმი თავს დაგვესხა, აქლემები წაასხეს, მსახურები კი მახვილით დახოცეს. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.

18 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ კიდევ ერთი მსახური მივიდა და აცნობა: „შენი ვაჟები და ასულები უფროსი ძმის სახლში იყვნენ, ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ; 19 უცებ უდაბნოდან ძლიერმა ქარმა დაუბერა და სახლის ოთხივე კუთხეს ეძგერა, ახალგაზრდებს თავზე დაემხოთ და დაიხოცნენ. მეღა დავრჩი ამბის მომტანი“.

20 ადგა იობი, შემოიხია სამოსელი, თავი გადაიპარსა, მუხლი მოიყარა, პირქვე დაემხო 21 და თქვა:

„შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან

და შიშველი დავუბრუნდები მიწას.+

იეჰოვამ მომცა+ და იეჰოვამ წაიღო.

კვლავაც იდიდოს იეჰოვას სახელმა“.

22 ყველაფრის მიუხედავად არ შეუცოდავს იობს და არ დაუდანაშაულებია ღმერთი.

2 ერთ დღეს, როდესაც ღვთის ძეები+ იეჰოვას წინაშე წარდგნენ,+ სატანაც მივიდა და დადგა იეჰოვას წინაშე.+

2 იეჰოვამ სატანას ჰკითხა: „სად იყავი?“ სატანამ იეჰოვას მიუგო: „ვიხეტიალე და შემოვიარე დედამიწა“.+ 3 იეჰოვამ სატანას უთხრა: „შეამჩნიე ჩემი მსახური იობი? დედამიწაზე არავინაა მისი მსგავსი; მართალი, უმწიკვლო*+ და ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს უჭირავს თავი. ის კვლავაც უმწიკვლოა*,+ შენ კი მიბიძგებ,+ რომ უმიზეზოდ დავღუპო იგი“. 4 სატანამ იეჰოვას მიუგო: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ — სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი. 5 აბა, გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა!“+

6 იეჰოვამ სატანას უთხრა: „კარგი, შენს ხელში იყოს იგი, ოღონდ მის სიცოცხლეს არ შეეხო!“ 7 წავიდა სატანა იეჰოვასგან და თავიდან ფეხებამდე დააწყლულა იობი.+ 8 აიღო იობმა თიხის ჭურჭლის ნატეხი მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა.+

9 ბოლოს ცოლმა უთხრა: „ისევ ერთგულობ* ღმერთს?! დაგმე ღმერთი და მოკვდი!“ 10 მან მიუგო: „რა უგუნური ქალივით ლაპარაკობ! მარტო კარგი უნდა მივიღოთ ღვთისგან და ცუდი — არა?!“+ ყველაფრის მიუხედავად სიტყვითაც კი არ შეუცოდავს იობს.+

11 გაიგო იობის სამმა მეგობარმა, თუ რა უბედურება დაატყდა მას. წამოვიდნენ თავ-თავიანთი მხარეებიდან თემანელი ელიფაზი,+ შუახელი+ ბილდადი+ და ნაამათელი ცოფარი;+ ისინი შეთანხმებულები იყვნენ, რომ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, წავიდოდნენ იობთან, თანაუგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ მას. 12 შორიდან რომ დაინახეს, ვეღარ იცნეს იგი, მოთქმა დაიწყეს და სამოსელი შემოიხიეს; მტვერს ჰაერში აფრქვევდნენ და თავზე იყრიდნენ.+ 13 შვიდი დღე და ღამე მასთან ერთად ისხდნენ მიწაზე და სიტყვაც კი არ უთქვამთ მისთვის; ხედავდნენ, რომ დიდ ტკივილს განიცდიდა.+

3 ამის შემდეგ ალაპარაკდა იობი და დასწყევლა თავისი გაჩენის დღე.+ 2 იობმა თქვა:

 3 „ის დღე დაიქცეს, როცა დავიბადე,+

და ის ღამე, როცა თქვეს, ვაჟკაცი ჩაისახაო!

 4 დაბნელდეს ის დღე;

აღარ გაიხსენოს ის ღმერთმა

და აღარ ეღირსოს იმ დღეს ნათელი.

 5 წყვდიადმა მოიცვას ის

და შავი ღრუბელი გადაეკრას.

საზარელმა სიბნელემ შთანთქას იმ დღის სინათლე.

 6 უკუნეთმა შეიპყროს ის ღამე,+

არ გაიხაროს წელიწადის დღეებს შორის

და აღარ შევიდეს თვეთა რიცხვში.

 7 გაბერწდეს ის ღამე

და აღარ გაისმას მხიარული შეძახილი.

 8 დასწყევლონ ის დღის მაწყევრებმა,

რომელთაც ლევიათანის* გაღვიძების ძალა შესწევთ.+

 9 აღარ გამოანათონ მისი ბინდის ვარსკვლავებმა;

ამაოდ ელოდოს ის დღის სინათლეს

და აღარ იხილოს განთიადის ნათელი,

10 ვინაიდან არ წაართვა დედაჩემს შვილიერების უნარი+

და არ ამარიდა გასაჭირი.

11 რატომ საშვილოსნოშივე არ მოვკვდი?!

რატომ გაჩენისთანავე არ გავთავდი?!+

12 რატომ მიმიღო დედაჩემის კალთამ

და რატომ მაწოვა მან ძუძუ?!

13 ახლა მშვიდად ვიწვებოდი,+

ვიძინებდი და არაფერი შემაწუხებდა;+

14 დედამიწის მეფეებისა და მათი მრჩევლების

გვერდით ვიქნებოდი,

რომელთა აშენებულიც ნანგრევებადაა ქცეული,

15 ან ოქროს მფლობელ მთავრებთან,

ვერცხლით სახლის ამავსებლებთან.

16 რატომ არ მოეშალა დედაჩემს მუცელი

და არ დავემსგავსე იმ ჩვილებს,

დღის სინათლე რომ არ უხილავთ?!

17 იქ ბოროტებმაც შეწყვიტეს მრისხანება

და ძალაგამოცლილნი განისვენებენ;+

18 იქ პატიმრები უშფოთველად არიან

და არ ესმით მისი ხმა, ვინც მუშაობას აიძულებთ;

19 იქ დიდიც და პატარაც თანასწორია,+

და მონა ბატონისგან თავისუფალია.

20 რატომ აძლევს ის ტანჯულს სინათლეს

და სულგამწარებულს — სიცოცხლეს?+

21 რატომ არ კვდებიან ისინი, ვინც სიკვდილს ნატრობენ,+

ვინც დამალული განძივით ეძებენ მას?

22 და, როცა პოულობენ სამარხს,

დიდად ხარობენ და ბედნიერნი არიან.

23 რატომ აძლევს ღმერთი სინათლეს გზააბნეულ კაცს,

რომელსაც უკვე ზღუდე შემოავლო?+

24 საზრდოდ ოხვრა მომეცა+

და ჩემი კვნესა+ წყალივით იღვრება.

25 ის დამატყდა თავს, რისიც მეშინოდა,

ის შემემთხვა, რაც მზარავდა.

26 ისედაც არა მაქვს სიმშვიდე, შვება და მოსვენება,

ახლა გასაჭირზე კიდევ გასაჭირი მემატება“.

4 თემანელმა ელიფაზმა+ მიუგო:

2 «სიტყვა რომ შემოგბედოს ვინმემ, გეყოფა მოთმინება?

მე მაინც ვერაფერი გამაჩუმებს!

 3 ბევრი გამოგისწორებია

და ძალაგამოცლილნი განგიმტკიცებია.

 4 შენს სიტყვებს წაქცეული წამოუყენებია

და მუხლმოკვეთილი გაუმაგრებია.

5 შენ კი, როცა იგივე შეგემთხვა, ძალა გამოგეცალა,

და, როცა იგივე დაგემართა, შიშმა შეგიპყრო.

 6 თუ ღვთისმოშიში ხარ, იმედი არ უნდა გქონდეს?!

თუ ღვთის ერთგული* ხარ,+ რატომ გადაიწურე იმედი?!

 7 აბა, გაიხსენე, თუ დაღუპულა უდანაშაულო?!

თუ ამოწყვეტილან მართლები?!

 8 რაც მე მინახავს, ბოროტების მხვნელნი ბოროტებას იმკიან,

უბედურების მთესველნი კი — უბედურებას.

 9 ღვთის სულის შებერვით იღუპებიან

და მისი რისხვა ბოლოს უღებს მათ.

10 ლომი ღრიალებს, ლომის ხმა ისმის,

მაგრამ ლომებსაც ემტვრევათ კბილები.

11 კვდება ლომი ნანადირევის გარეშე

და ლომის ბოკვრები იფანტებიან.

12 სიტყვა მომეპარა

და ჩურჩული ჩამესმა ყურში;

13 მშფოთვარე ფიქრები მომეძალა ხილვაში ღამით,

როცა ყველას ღრმად სძინავს,

14 საშინელმა კანკალმა ამიტანა

და შიშის ჟრუანტელმა დამიარა.

15 სულმა გადამიარა სახეზე

და ტანზე თმა ამებურძგნა.

16 შემდეგ გაჩერდა,

მაგრამ ვერ გავარჩიე.

ჩემ თვალწინ იდგა;

დუმილი ჩამოვარდა, მერე კი ხმა მომესმა:

17 „შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთზე მართალი იყოს

ან ადამიანი შემოქმედზე წმინდა?!“

18 არ ენდობა ის თავის მსახურებს

და თავის ანგელოზებს ბრალს სდებს,

19 მით უმეტეს — თიხის სახლებში მცხოვრებთ,

მტვრისგან+ რომ არიან გამოძერწილნი

და ჩრჩილივით მალე იხოცებიან.

20 დილით ცოცხლები არიან, საღამოს კი კვდებიან.

სამუდამოდ იღუპებიან და ვერავინ ამჩნევს მათ გაუჩინარებას.

21 განა თოკგამომძვრალი კარავივით არ ეცემიან?!

ისე კვდებიან, რომ სიბრძნეს ვერ იძენენ».

5 „აბა, მოუხმე! განა გიპასუხებს ვინმე?!

რომელ წმინდას მიმართავ?!

 2 უგუნურს გულისწყრომა მოკლავს

და ბრიყვს შური მოუღებს ბოლოს.

3 მინახავს უგუნური, ფესვი რომ ჰქონია გადგმული,

მაგრამ მალევე დაწყევლილა მისი კერა.

 4 მისი ვაჟები უსაფრთხოდ არ არიან,

კარიბჭესთან იჩაგრებიან+ და მშველელი არავინ ჰყავთ.

 5 მომკილს მშიერი უჭამს

და ეკლებში გაზრდილსაც არ უტოვებს;

მის ქონებას იტაცებენ.

 6 მიწიდან არ ამოდის ზიანი

და ნიადაგიდან არ აღმოცენდება გასაჭირი.

 7 როგორც ნაპერწკლების მაღლა ასვლაა გარდაუვალი,

ისე კაცის ცხოვრებაა გარდაუვალი გასაჭირის გარეშე.

 8 მე მაინც ღმერთს მივმართავდი,

ღმერთს წარვუდგენდი ჩემს საქმეს,

 9 მას, ვინც დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს,

ვინც უამრავ საოცრებას ახდენს;

10 ვინც წვიმას არ აკლებს მიწას

და წყლით რწყავს მინდვრებს;

11 ვინც საწყლებს ამაღლებს,

ვინც ხსნით ამაღლებს დამწუხრებულთ;

12 ვინც ცბიერთა ზრახვებს ფუშავს,

რომ წარმატებას ვერ მიაღწიონ;

13 ვინც ბრძენებს მათივე ცბიერებაში იჭერს,+

რათა წინდახედულთა გეგმები ჩაიშალოს.

14 ისინი დღისით სიბნელეში არიან,

შუადღისით ხელის ცეცებით დადიან, თითქოს ღამე იყოს.

15 ის იხსნის კაცს მათი მახვილივით მჭრელი ენისგან

და საწყალს — ძლიერის ხელიდან,

16 რათა საწყლებს იმედი მიეცეთ,

უმართლოებს კი პირი აეკრათ.

17 ბედნიერია კაცი, რომელსაც ღმერთი შეაგონებს.

ყოვლისშემძლისგან სასჯელს ნუ აირიდებ!

18 ის აყენებს კაცს ტკივილს და თავადვე უხვევს იარას;

ის აყენებს მას ჭრილობას და თავისივე ხელით უშუშებს.

19 ექვსჯერ დაგიხსნის გასაჭირისგან

და მეშვიდეჯერაც არაფერი დაგიშავდება.

20 შიმშილობის დროს სიკვდილისგან გიხსნის

და ომის დროს — მახვილისგან.

21 ენით+ ვერავინ გაგშოლტავს

და განადგურების ჟამს არ შეგეშინდება.

22 შიმშილობისა და განადგურების დროს გაგეცინება

და მხეცების არ შეგეშინდება.

23 შენი მინდორი ქვებით არ გაივსება

და მხეცები მშვიდობიანად იქნებიან შენთან.

24 კარვად მშვიდობა გექნება.

თვალს მოავლებ საძოვარზე გაშლილ საქონელს

და ერთიც არ დაგაკლდება.

25 ბევრი შვილი გეყოლება

და შენი მოდგმა ბალახივით გამრავლდება.

26 როგორც ძნაა მაგარი მკის დროს,

შენც ისეთივე ჯანმაგარი იქნები სამარეში ჩასვლის დროს.

27 აი, ეს გამოვარკვიეთ და ნამდვილად ასეა.

მოისმინე და გაითვალისწინე“.

6 იობმა მიუგო:

2 „ნეტავ აიწონებოდეს ჩემი ტანჯვა+

და ჩემს უბედურებასთან ერთად სასწორზე დაიდებოდეს!

 3 ზღვის ქვიშაზე მძიმეა ჩემი ტანჯვა,

ამიტომაც ვლაპარაკობ დაუფიქრებლად.+

 4 ყოვლისშემძლის ისრებმა განმგმირა,

მათ შხამს სვამს ჩემი სული;+

საშინელება საშინელებაზე მატყდება ღვთისგან.

 5 განა დაიყროყინებს გარეული ვირი,+ თუ ბალახი ექნება?!

ან დაიბღავლებს ხარი, თუ საკვები ექნება?!

 6 თუ იჭმება უგემური საჭმელი უმარილოდ?!

ან, თუ აქვს ტუხტის წვენს გემო?!

 7 ასეთ რამეზე გული არ მიმდის,

გაფუჭებული საჭმელივითაა ჩემთვის.

 8 ნეტავ ჩემი თხოვნა შესრულდებოდეს

და ღმერთი სურვილს ამისრულებდეს!

 9 ნეტავ შემმუსრავდეს,

ხელს გაიწვდიდეს და მომსპობდეს!+

10 ეს მაინც მანუგეშებდა;

აუტანელი ტკივილის მიუხედავად სიხარულით ვიხტუნებდი,

რადგან არ უარმიყვია წმინდის სიტყვები.+

11 სადღა მაქვს ლოდინის ძალა?!+

განა ისეთი რა მელის, რომ ღირდეს სიცოცხლე?!

12 განა ქვასავით მაგარი ვარ?!

თუ სპილენძისა ვარ?!

13 რით ვუშველო ჩემს თავს?!

ყველაფერი წამერთვა.

14 ვინც სიკეთეს* უკავებს თავის მოძმეს,+

მას აღარც ყოვლისშემძლის შიში ექნება.+

15 ჩემი ძმები ვერაგულად მეპყრობიან,+ ზამთრის ნიაღვარივით არიან,

ზამთრის ნიაღვარივით, რომელიც შრება;

16 გამუქებულია ყინულისგან

და მასში დნება და უჩინარდება თოვლი,

17 თავის დროზე შრება და ქრება,

დაცხება და აორთქლდება.

18 მიიკლაკნება,

უდაბნოში მიედინება და უჩინარდება.

19 მას ეძებენ თემის+ ქარავნები

და მას ელიან სებელი+ მოგზაურები.

20 შერცხვებათ, რადგან მისი იმედი ჰქონდათ.

მიდიან იქ და იმედგაცრუებულები რჩებიან.

21 აი, როგორები ხართ:+

დაინახეთ ჩემი ტანჯვა, უბედურება, და შეგეშინდათ.+

22 განა მითხოვია თქვენთვის, მომეცით-მეთქი რამე,

ან თქვენი ქონებიდან რაიმე მაჩუქეთ-მეთქი,

23 ან დამიხსენით მტრის ხელიდან,

ან მჩაგვრელთაგან გამათავისუფლეთ-მეთქი?!

24 ამიხსენით და დავდუმდები;+

გამაგებინეთ, რა შეცდომა დავუშვი.

25 მართლის ნათქვამი გულს არ მატკენდა,+

მაგრამ თქვენი მხილება რაში მარგია?!+

26 ჩემი ნათქვამის გასწორებას ცდილობთ?!

ქარივითაა სასოწარკვეთილის+ სიტყვები.

27 თქვენ ობოლზეც კი იყრიდით წილს+

და მეგობარსაც კი გაყიდდით!+

28 მობრუნდით, შემომხედეთ!

განა ტყუილს გეტყვით?!

29 დაფიქრდით! გთხოვთ, ნუ განმსჯით.

დაფიქრდით, რადგან მართალი ვარ.

30 უსამართლოდ ვლაპარაკობ?!

გგონიათ, ვერ ვხვდები, რაც ხდება?!“

7 „განა მოკვდავი კაცის ცხოვრება

დედამიწაზე მონურ სამუშაოს არ ჰგავს?!

განა მისი დღეები დაქირავებული მუშის დღეებივით არაა?!+

 2 მონასავითაა, ჩრდილისკენ რომ ისწრაფვის,

და მუშასავით, გასამრჯელოს რომ ელოდება.+

 3 მეც წილად მხვდა უსარგებლო თვეები,

და გასაჭირით სავსე ღამეები მერგო.+

 4 დაწოლისას ვამბობ, ნეტავ როდის ავდგები-მეთქი+

და მთელი ღამე ვბორგავ გათენებამდე.

 5 სხეული მტვრითა და მატლებით მაქვს დაფარული.+

მთელი კანი დამიწყლულდა და დამიჩირქდა.+

 6 ჩემი დღეები იმაზე სწრაფად მიქრიან,

ვიდრე თითისტარი ტრიალებს,+

ჩემი დღეები უიმედოდ სრულდება.+

 7 გახსოვდეს*, რომ ჩემი ცხოვრება ქარია+

და ჩემი თვალი კარგს ვეღარაფერს იხილავს.

 8 თვალი, რომელიც მხედავს, ვეღარ დამინახავს.

თვალებით ძებნას დამიწყებ, მაგრამ აღარ ვიქნები.+

 9 ღრუბელი იცრიცება და ქრება,

სამარეში* ჩასული უკან აღარ ბრუნდება,+

10 აღარასოდეს მივა თავის სახლში,

გაუუცხოვდება თავის კერას.+

11 ამიტომ მეც აღარ გავჩუმდები.

სულშეწუხებული ვილაპარაკებ,

სულგამწარებული მოვყვები ჩივილს.+

12 ზღვა ვარ თუ ზღვის ვეებერთელა ბინადარი,

დარაჯი რომ დამიყენო?!

13 როცა ვამბობ, ჩემი სარეცელი მანუგეშებს

და ჩემი საწოლი ტანჯვას ამატანინებს-მეთქი,

14 შენ სიზმრებით თავზარს მცემ

და ხილვებით მაშინებ.

15 მირჩევნია, რომ გავიგუდო

და მოვკვდე, ვიდრე საკუთარ თავს ვუყურო.+

16 სიცოცხლე მომძულდა,+ აღარ მინდა ცხოვრება.

გამეცალე, რადგან ერთ ამოსუნთქვასავითაა ჩემი არსებობა.+

17 ვინ არის მოკვდავი კაცი, გული რომ შეგტკივა მასზე,

და ყურადღებას აქცევ?+

18 რატომ ამოწმებ ყოველ დილით

და რატომ სცდი ყოველ წუთს?+

19 რატომ არ მაშორებ მზერას

და რატომ არ მანებებ თავს, რომ ნერწყვი გადავყლაპო?+

20 მე თუ შევცოდე, შენ რას გიშავებ, ადამიანთა მეთვალყურევ?+

რატომ ამომიღე მიზანში?

ტვირთი ხომ არ გავხდი შენთვის?

21 რატომ არ შემინდობ ცოდვას

და რატომ არ მპატიობ დანაშაულს?

მალე მტვერში ჩავწვები,+

ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები“.

8 შუახელმა+ ბილდადმა+ მიუგო:

2 „ასე როდემდე უნდა ლაპარაკობდე?!+

შენი სიტყვები ქარია და მეტი არაფერი.

 3 განა გაამრუდებს ღმერთი სამართალს?!

განა გაამრუდებს ყოვლისშემძლე სიმართლეს?!

 4 შენმა ვაჟებმა შესცოდეს მას,

ამიტომაც დაისაჯნენ თავიანთი ურჩობის გამო.

 5 ღმერთი რომ გეძებნა,+

ყოვლისშემძლისთვის წყალობა რომ გეთხოვა

 6 და წმინდა და მართალი ყოფილიყავი,+

გადმოგხედავდა

და უწინდელ დიდებას დაგიბრუნებდა.

 7 აღარაფერი შეგრჩა,

არადა, დიდებული მომავალი გელოდა!+

 8 აბა, გამოიკითხე უწინდელ თაობებში

და დაუკვირდი, რასაც მათმა მამებმა მიაკვლიეს.+

 9 ჩვენ გუშინ გავჩნდით და არაფერი ვიცით,

ჩვენი დღეები ჩრდილივითაა დედამიწაზე.

10 განა არ დაგარიგებენ?!

განა არ გეტყვიან იმას, რაც იციან?!

11 თუ გაიზრდება პაპირუსი უჭაობოდ?!

თუ გაიზრდება ლერწამი უწყლოდ?!

12 ნორჩიც რომ იყოს და მოუწყვეტელი,

ყველა მცენარეზე ადრე გახმება.

13 ასე დაემართებათ ღვთის დამვიწყებლებს,

იმედი გაუცრუვდებათ უღვთოებს,

14 ვინც იმედს ამაოებაზე ამყარებს,

და ვისი იმედიც ობობას ქსელივით სუსტია;

15 დაეყრდნობა მას, მაგრამ ის ვერ გაუძლებს.

მოეჭიდება, მაგრამ ის ვერ დაიჭერს.

16 იგი მზის გულზე მორწყულ მცენარესავითაა,

მისი რტოები ბაღში იზრდება.+

17 ქვების გროვაში ჩახლართვია ფესვები

და ცდილობს, ქვებს შორის დაიდოს ბინა.

18 როცა თავისი ადგილიდან ამოიძირკვება,

ის ადგილი უარყოფს მას და ეტყვის, არასოდეს მინახავხარო.+

19 აი, ასე გაქრება იგი+

და მის ადგილზე სხვები აღმოცენდებიან.

20 არ უარყოფს ღმერთი მართალ* ადამიანს

და ბოროტმოქმედს არ დაეხმარება.

21 გულს სიხარულით აგივსებს იგი

და მხიარული ყიჟინით შესძახებ.

22 შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან

და ბოროტთა კარავი დაეცემა“.

9 იობმა მიუგო:

2 «ვიცი, რომ ეს ასეა.

მაგრამ მოკვდავი კაცი როგორ იქნება მართალი ღმერთთან?!+

 3 თუ კაცი მასთან შეკამათებას მოისურვებს,+

ათასიდან ერთ კითხვაზეც ვერ გასცემს პასუხს.

 4 ბრძენია იგი და ძლევამოსილი;+

ვინ აღუდგება წინ და უვნებელი დარჩება?!+

 5 მთებს ამხობს და ეს არავინ იცის,

მიწასთან ასწორებს თავისი რისხვით.

 6 დედამიწას აზანზარებს

და მის სვეტებს არყევს.+

 7 მზეს უბრძანებს, რომ არ გამოანათოს,

და ვარსკვლავების+ სინათლეს აქრობს.

 8 თავად ჭიმავს ზეცას+

და ზღვის+ აზვირთებულ ტალღებზე დადის.

 9 მან შექმნა აშის*, ქესილისა* და ქიმის* თანავარსკვლავედები+

და სამხრეთის თანავარსკვლავედები.

10 ის იქმს დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს,+

საოცრებებს, რომლებსაც თვლა არა აქვს.+

11 ჩამივლის და ვერ ვხედავ,

გვერდზე გამივლის, მაგრამ ვერ ვამჩნევ.

12 როცა რაიმეს იტაცებს, ვინ დაუდგება წინ?!

ვინ ეტყვის, რას აკეთებო?!+

13 არ შეიკავებს ღმერთი რისხვას;+

რახაბის*+ დამხმარენიც კი მის წინაშე დაემხობიან,

14 და მე როგორღა გავცე პასუხი?!

გულდასმით უნდა შევარჩიო სიტყვები.

15 თუმცა, მართალიც რომ ვყოფილიყავი,

მაინც არ შევეპასუხებოდი,+

მე მხოლოდ შეწყალებას ვთხოვდი ჩემს მოსამართლეს*.

16 რომც მოვუხმო, განა მიპასუხებს?!

არ მჯერა, რომ მომისმენს,

17 რადგან ქარიშხლით მმუსრავს

და უმიზეზოდ+ მიმრავლებს ჭრილობებს,

18 სულს არ მათქმევინებს,

მამწარებს.

19 თუ ვინმეა ძლიერი, ის არის;+

თუ ვინმეა სამართლიანი, ისაა,

ვინც ამბობს, ვინ მომთხოვსო პასუხს.

20 მართალიც რომ ვყოფილიყავი, ჩემი ბაგეები დამდებდა ბრალს.

უდანაშაულოც* რომ ვყოფილიყავი,

დამნაშავედ გამომაცხადებდა იგი.

21 უდანაშაულოც* რომ ვყოფილიყავი,

საკუთარი თავის რწმენა არ მექნებოდა;

უარს ვიტყოდი სიცოცხლეზე.

22 ყველაფერი ისე რჩება, როგორც იყო. ამიტომაც ვასკვნი:

„ის ბოლოს უღებს უდანაშაულოსაც* და დამნაშავესაც“.

23 თუ წყალდიდობა მოულოდნელად დახოცავს ხალხს,

უდანაშაულოთა უბედურება სიცილად არ ეყოფა მას.

24 ბოროტებს გადაეცათ დედამიწა.+

ის თვალებს უკრავს მოსამართლეებს;

თუ არა ის, მაშ ვინღა?!

25 მალემსრბოლებზე სწრაფად გარბიან ჩემი დღეები,+

მიქრიან და კარგს ვერაფერს ხედავენ.

26 ლერწმის ნავებივით მიცურავენ

და არწივივით ეშვებიან მსხვერპლისკენ.

27 რომც მეთქვა, დავივიწყებ-მეთქი ჩემს საწუხარს,

გამომეტყველებას შევიცვლი და გავმხიარულდები-მეთქი,

28 ტკივილი მაინც არ მომასვენებდა.+

შენ მაინც დამდებდი ბრალს;

29 მაინც დამნაშავე ვიქნებოდი.

რატომღა გავისარჯო ტყუილუბრალოდ?!+

30 თოვლის წყლითაც რომ მებანავა

და ხელები ნაცარტუტით დამებანა,+

31 შენ მაინც ორმოში ჩამაგდებდი

და ჩემი ტანსაცმელიც კი შემიძულებდა.

32 კაცი კი არ არის იგი, რომ პასუხი გავცე

და ერთად წარვდგეთ სასამართლოზე.+

33 არავინ არის ჩვენი განმსჯელი,

ის, ვინც გაგვასამართლებდა.

34 ჩემი ცემა რომ შეეწყვიტა

და აღარ შევეძრწუნებინე,+

35 ვილაპარაკებდი და აღარ შემეშინდებოდა მისი,

რადგან მასთან საუბრის არ მეშინია».

10 «მომძულდა სიცოცხლე;+

ჩივილს მოვყვები და

სულგამწარებული ვილაპარაკებ.

 2 ღმერთს ვეტყვი: „დამნაშავედ ნუ მაცხადებ!

გამაგებინე, რატომ მექიშპები!

 3 განა რას გარგებს, რომ ავიწროებ

და უარყოფ შენი ხელის ნამოქმედარს,+

ბოროტთა რჩევებს კი სწყალობ?!

 4 განა ადამიანის თვალები გაქვს?!

განა მოკვდავი კაცივით ხედავ?!

 5 განა შენი დღეები მოკვდავი კაცის დღეებივითაა

და შენი წლები ადამიანის წლებივით,+

 6 ჩემს შეცდომას რომ ეძებ

და ცდილობ, ცოდვაში გამომიჭირო?!+

 7 ხომ იცი, რომ დამნაშავე არა ვარ+

და ვერც ვერავინ დამიხსნის შენი ხელიდან!+

 8 შენმა ხელმა გამომძერწა და შემქმნა,+

მაგრამ ახლა ბოლოს მიღებ.

 9 გახსოვდეს, რომ თიხისგან შემქმენი,+

ახლა კი გინდა, რომ მიწას დავუბრუნდე.+

10 განა რძესავით არ გადმომღვარე

და ყველივით არ ამომიყვანე?!

11 ხორცითა და კანით შემმოსე,

ძვლებითა და მყესებით მომქსოვე.+

12 სიცოცხლე მიბოძე და ურყევი იყო შენი სიყვარული* ჩემდამი,

მზრუნველობას არ მაკლებდი და მიცავდი.+

13 მაგრამ აი, თურმე რას მიპირებდი!

ვიცი, რომ ამ ყველაფერს შენ მატეხ თავს.

14 ცოდვა რომ ჩამედინა, ხომ დამინახავდი+

და ხომ არ დახუჭავდი თვალს ჩემს დანაშაულზე?!

15 თუ რამე დავაშავე, ვაი ჩემს თავს!

მართალიც რომ ვყოფილიყავი, მაინც არ ავწევდი თავს,+

რადგან სირცხვილნაჭამი და გატანჯული ვარ.+

16 თავი რომ ავწიო, ლომივით ინადირებ ჩემზე+

და კვლავ მომართავ შენს ძალას ჩემ წინააღმდეგ;

17 სხვა მოწმეებსაც დამიპირისპირებ

და უფრო განმირისხდები;

უბედურებაზე უბედურება დამემატება.

18 რატომ გამომიყვანე საშვილოსნოდან?+

ნეტავ ისე მოვმკვდარიყავი, რომ არავის ვენახე!

19 აღარ ვიარსებებდი

და მუცლიდან პირდაპირ საფლავში მოვხვდებოდი“.

20 ისედაც დღემოკლე ვარ;+ შემეშვას,

მომაცილოს მზერა, რომ ცოტა ამოვისუნთქო,+

21 სანამ წავალ იქ, საიდანაც აღარ დავბრუნდები,+

სადაც უკუნი სიბნელეა,+

22 სადაც წყვდიადი,

უკუნეთი და უწესრიგობაა,

სადაც სინათლეც კი წყვდიადივითაა».

11 ნაამათელმა ცოფარმა+ მიუგო:

2 „განა ეგ სიტყვები უპასუხოდ დარჩება?!

განა ბევრი ლაპარაკი გაამართლებს კაცს?!

 3 გგონია, გააჩუმებ კაცს შენი ფუჭსიტყვაობით?!

გგონია, არავინ გაგკიცხავს აგდებული ლაპარაკის გამო?!+

 4 შენ ამბობ, სწორად ვმსჯელობ+

და შენს თვალში სუფთა ვარო.+

 5 ნეტავ გახსნიდეს ღმერთი ბაგეს

და დაგელაპარაკებოდეს!+

 6 მაშინ გაგიმხელდა საიდუმლოებს, რაც დაგაბრძენებდა,

რადგან მრავლისმომცველია სიბრძნე.

მაშინ გაიგებდი, რომ ღმერთმა დაივიწყა ზოგი შენი დანაშაული.

 7 განა ჩასწვდები ღვთის სიბრძნის სიღრმეს?!

განა ჩასწვდები ყოვლისშემძლის სიდიადეს?!

 8 ცაზე მაღალია. რას გახდები?!

სამარეზე* ღრმაა. რას გაიგებ?!

 9 დედამიწაზე დიდი

და ზღვაზე ვრცელია.

10 თუ ჩაივლის, ვინმეს დააკავებს და სასამართლოს მოიწვევს,

ვინ შეეწინააღმდეგება?!

11 კარგად იცის, როდის ცრუობს ადამიანი.

განა თვალს დახუჭავს ბოროტებაზე?!

12 ვიდრე უჭკუო კაცი განისწავლება,

ვირი ადამიანს გააჩენს.

13 ნეტავ გულს განაწყობდე

და ღვთისკენ აღაპყრობდე ხელს!

14 თუ ბოროტებას სჩადიხარ, ნუღარ ჩაიდენ,

და შენს კარავში უმართლობას ნუ დაამკვიდრებ.

15 მაშინ ღირსეულად ასწევ თავს,

განმტკიცდები და არაფრის შეგეშინდება.

16 დაივიწყებ შენს უბედურებას

და ის შენთვის ჩავლილი წყალივით იქნება.

17 შენი სიცოცხლე შუადღის ნათელზე მეტად გაბრწყინდება;

მისი სიბნელეც კი დილასავით იქნება.

18 გულდაჯერებული იქნები, რადგან იმედი გექნება.

მიმოიხედავ და მშვიდად დაიძინებ.

19 დაიძინებ და არავის შიში არ გექნება;

ხალხი შენი გულის მოგებას მოიწადინებს.

20 ბოროტებს თვალთ დაუბნელდებათ,

თავშესაფარს ვერ იპოვიან

და მათთვის ერთადერთი იმედი სიკვდილი იქნება“.+

12 იობმა მიუგო:

2 „თურმე ხალხი თქვენ ყოფილხართ,

და სიბრძნეც თქვენთან ერთად მოკვდება!

 3 მაგრამ რაღაც მეც გამეგება.

რით ვარ თქვენზე ნაკლები?!

ვინ არ იცის ეს ყველაფერი?!

 4 ახლობელთა დასაცინი გავხდი,+

როცა ღმერთს ვუხმობდი პასუხის მისაღებად.+

მართალსა და ერთგულ კაცს დასცინიან.

 5 უდარდელი კაცი უბედურებას არაფრად აგდებს,

ჰგონია, რომ ის მხოლოდ გზასაცდენილთ ატყდებათ თავს.

 6 მძარცველები თავიანთ კარვებში მშვიდად არიან,+

ღვთის განმარისხებელნი უსაფრთხოდ გრძნობენ თავს,+

ხელში კერპები უჭირავთ და თაყვანს სცემენ მათ.

 7 აბა, ჰკითხე ცხოველებს და გასწავლიან,

ცის ფრინველებს, და გეტყვიან.

 8 დაუკვირდი* დედამიწას და გასწავლის,

ზღვის თევზები კი აგიხსნიან.

 9 რომელმა მათგანმა არ იცის,

რომ ამ ყოველივეს შემოქმედი იეჰოვაა?!

10 მის ხელშია ყოველი არსების სული*,

და ყოველი ხორციელის სული*.+

11 სიტყვებს ყური არჩევს,

საჭმლის გემოს — ენა*.+

12 სიბრძნე მოხუცებს აქვთ+

და გონიერება დღეთა სიმრავლეს მოაქვს.

13 ის არის ბრძენი და ძლევამოსილი;+

მისგან მომდინარეობს რჩევა და გონიერება.+

14 რასაც ის ანგრევს, ვეღარ შენდება,+

რასაც ის კეტავს, ვერავინ აღებს.

15 აკავებს წყალს და ყველაფერი შრება,+

გზავნის მას და ის ფარავს მიწას.+

16 ის არის ძლევამოსილი და ბრძენი,+

მის ხელშია გზასაცდენილიც და სხვისი გზის გამმრუდებელიც.

17 მრჩევლებს ფეხშიშველს ატარებს,

და მოსამართლეებს ასულელებს.+

18 მეფეების დადებულ ბორკილებს ხსნის+

და წელზე სარტყელს არტყამს მათ.

19 ფეხშიშველს ატარებს მღვდლებს+

და ამხობს ძალაუფლების მქონეთ.+

20 პირს უკრავს სანდო მრჩევლებს

და უხუცესებს გონიერებას ართმევს.

21 თავლაფს ასხამს დიდებულებს+

და ძლიერებს აუძლურებს.

22 სიბნელეში ღრმად დაფარულს აჩენს+

და უკუნეთს სინათლედ აქცევს.

23 ერებს აძლიერებს და შემდეგ ანადგურებს,

ერებს ამრავლებს და შემდეგ ასახლებს.

24 ხალხის თავკაცებს გონიერებას ართმევს

და ახეტიალებს უკაცრიელ ადგილას.+

25 ხელის ცეცებით დადიან სიბნელეში,+ სადაც არაა სინათლე;

მთვრალებივით ახეტიალებს მათ“.+

13 «ეს ყველაფერი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი,

საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი და ვიცი.

 2 რაც თქვენ იცით, მეც ვიცი.

რით ვარ თქვენზე ნაკლები?!

 3 მე მაინც ყოვლისშემძლეს დაველაპარაკებოდი,

ღმერთთან ჩემი სიმართლის დამტკიცება მინდა.+

 4 თქვენ სიცრუით სახელს მიტეხთ;

ყველანი ვაი-მკურნალები ხართ.+

 5 ნეტავ საერთოდ არ ამოგეღოთ ხმა

და ბრძენებად ჩაითვლებოდით.+

 6 მოისმინეთ ჩემი მოსაზრება

და ყური დაუგდეთ ჩემს სათხოვარს.

 7 უსამართლო ლაპარაკით ცდილობთ ღვთის დაცვას?!

მზაკვრული საუბრით ცდილობთ მის გამოსარჩლებას?!

 8 ღვთის მხარდაჭერას ცდილობთ?!

ცდილობთ, გამოესარჩლოთ მას?!

 9 კარგად წაგივიდოდათ საქმე, მას რომ შეემოწმებინეთ?!+

მასაც მოკვდავი კაცივით მოატყუებდით?!

10 ის უეჭველად შეგაგონებდათ,

თუ ფარულად გამოიჩენდით მიკერძოებას.+

11 განა არ მოგგვრიდათ შიშს მისი სიდიადე?!

განა არ შეგეშინდებოდათ მისი?!

12 თქვენი „ბრძნული“ გამონათქვამები უშინაარსო იგავებია,

თიხის ფარებივით მყიფეა.

13 ხმა არ ამოიღოთ, მე უნდა ვილაპარაკო.

მერე, რაც გინდა, ის დამემართოს!

14 რატომ მიჭირავს სული კბილით

და რატომ ემუქრება ჩემს სიცოცხლეს საფრთხე?!

15 რომც მოვეკალი, მაინც მას დაველოდებოდი+

და დავუმტკიცებდი ჩემს სიმართლეს.

16 ის დამიხსნიდა;+

ვერცერთი უღვთო ვერ წარდგება მის წინაშე.+

17 ყურადღებით მოისმინეთ ჩემი სიტყვა

და ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი.

18 აი, უკვე მოვამზადე საჩივარი;

ვიცი, რომ მართალი ვარ.

19 ვინ შემეკამათება?!

რომ გავჩუმებულიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი*.

20 ორი სათხოვარი შემისრულე, ღმერთო,

და აღარ დაგემალები.

21 მომაცილე შენი მძიმე ხელი

და შენი შიში ნუ შემაძრწუნებს.+

22 ან შენ ილაპარაკე და მე გიპასუხებ,

ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე.

23 რა დავაშავე?! რა შევცოდე?!

გამაგებინე, რაში გეურჩე, რა ცოდვა ჩავიდინე?!

24 ზურგს რატომ მაქცევ+

და მტრად რატომ მთვლი?!+

25 მოფარფატე ფოთოლს აშინებ

და გამხმარ ნამჯას მისდევ?!

26 იწერ და იწერ ჩემ წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს

და ახალგაზრდობის დროინდელ ცოდვებზე პასუხს მაგებინებ.

27 ფეხებს ხუნდებში მაყოფინებ,

ყველა ჩემს გზაზე მისაფრდები

და ყოველ ფეხის ნაბიჯზე დამდევ.

28 ის* იხრწნება,

ჩრჩილისგან შეჭმული ტანსაცმელივითაა».

14 „კაცი, ქალის ნაშობი,

დღემოკლეა+ და მუდამ გასაჭირშია.+

 2 ჯერ ყვავილივით იშლება, შემდეგ კი ჭკნება*;+

ჩრდილივით ჩაივლის და ქრება.+

 3 თვალს არ აშორებ

და სასამართლოში მიგყავს, რომ დაუპირისპირდე.+

 4 განა უწმინდური წმინდას გააჩენს?!+

ვერ გააჩენს!

 5 მისი დღეები დადგენილია

და მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა.

ზღვარი დაგიწესებია, რომ არ გადავიდეს.+

 6 მოაშორე მზერა, რომ დაისვენოს,

სანამ მისი დღეები დაქირავებული მუშის დღეებივით

არ დასრულდება.+

 7 ხესაც კი აქვს იმედი;

თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრის

და ტოტები გაეზრდება.

 8 თუ მიწაში ფესვი დაუბერდება

და ნიადაგში ძირკვი ჩაუკვდება,

 9 წყლის წვეთიც რომ მოხვდეს, კვლავ ამოიყრის

და ტოტები ახალი ნერგივით გაეზრდება.

10 მაგრამ კაცი კვდება და უძალოდ გდია;

იღუპება ადამიანი, და სადღაა იგი?!+

11 ზღვიდან წყალი უჩინარდება,

მდინარე იწრიტება და შრება.

12 კაციც წვება და აღარ დგება.+

ვიდრე ცა არსებობს, არ გაიღვიძებს,

არ გამოფხიზლდება.+

13 ნეტავ დამმალავდე სამარეში*,+

გადამმალავდე შენი რისხვის დაცხრომამდე,

დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე!+

14 თუ მოკვდა კაცი, განა გაცოცხლდება?!+

დავიცდი, სანამ ჩემი მონობის დღეები* არ დასრულდება,

სანამ შვება არ მოვა.+

15 დამიძახებ და მეც გიპასუხებ;+

მოგენატრება შენი ხელთა ქმნილება.

16 მაგრამ ახლა თითოეულ ნაბიჯს მითვლი,

ჩასაფრებული ხარ, რომ ცოდვაში გამომიჭირო.

17 ჩემი ცოდვა ჩანთაში გაქვს დალუქული,

წებოთი გაქვს დალუქული ჩემი დანაშაული.

18 მთა ემხობა და ქუცმაცდება,

კლდე ადგილიდან იძვრის.

19 წყალი ქვებს ცვეთს

და ნიაღვარი მიწას რეცხავს,

შენ კი მოკვდავ კაცს იმედებს უმსხვრევ.

20 ჯაბნი მას და ისიც კვდება;+

შესახედაობას უცვლი და იშორებ.

21 თუ მისი ვაჟები პატივდებულნი გახდებიან, ის ამას ვერ შეიტყობს;

ვერც იმას შეიტყობს, თუ ისინი დამცირდებიან.+

22 სანამ ცოცხალია, ტკივილს გრძნობს,

და სანამ სული უდგას, გლოვობს“.

15 თემანელმა ელიფაზმა+ მიუგო:

2 „განა ბრძენი უსაფუძვლო მტკიცებულებებს მოიყვანს

და მუცელს აღმოსავლეთის ქარით აივსებს?!

 3 უსარგებლოა ცარიელი სიტყვებით მხილება

და ფუჭია უაზრო ლაპარაკი.

 4 შენ უკარგავ ხალხს ღვთისადმი შიშს

და ღმერთს აშორებ.

 5 შენი დანაშაული გალაპარაკებს,

მზაკვრულ ლაპარაკს ამჯობინებ.

 6 მე კი არა, შენივე სიტყვები განგსჯის

და შენივე ბაგეები გამხელს.+

 7 რა, ყველაზე ადრე შენ დაიბადე?!

მთების გაჩენამდე დაიბადე?!

 8 ღვთის საიდუმლო საუბრებს ისმენ?!

თუ მხოლოდ შენ ხარ ბრძენი?!

 9 ისეთი რა იცი, რაც ჩვენ არ ვიცით?!+

რაც შენ გესმის, გგონია, ჩვენ არ გვესმის?!

10 ჩვენ ვართ ჭაღარებიც და მოხუცებიც,+

მამაშენზე ბევრად უფროსები.

11 არ გკმარა ღვთისგან ნუგეშისცემა

ან რბილად ნათქვამი სიტყვები?!

12 რას გადიდგულებულხარ

და რას აბრიალებ თვალებს?!

13 რატომ ურისხდები ღმერთს

და როგორ ამოგდის პირიდან ეგ სიტყვები?!

14 რომელი მოკვდავი კაცია სუფთა

ან ქალის ნაშობთაგან ვინ არის მართალი?!+

15 არ ენდობა ღმერთი თავის წმინდებს

და ზეცაც კი არაა სუფთა მის თვალში,+

16 მით უმეტეს საძულველი და გახრწნილი კაცი,+

კაცი, რომელიც წყალივით სვამს უმართლობას.

17 მე აგიხსნი და მომისმინე!

მოგიყვები ჩემი თვალით ნანახს,

18 ბრძენთა ნაამბობს, რაც თავიანთი მამებისგან სმენიათ+

და რაც მათ არ დაუმალავთ.

19 მიწა მხოლოდ მათ მიეცათ

და მათ შორის უცხოს არ გაუვლია.

20 იტანჯება ბოროტი მთელი თავისი დღე და მოსწრება,

მთელი ის წლები, სასტიკი კაცის სატანჯველად რომაა დადგენილი.

21 შემაძრწუნებელი ხმები ესმის,+

მშვიდობიანობის დროს მძარცველები ესხმიან თავს;

22 არ სჯერა, რომ სიბნელეს თავს დააღწევს,+

მახვილისთვის არის შემონახული.

23 ლუკმაპურის საშოვნელად დაეხეტება, მაგრამ სად არის ლუკმაპური?!

კარგად იცის, რომ მალე შავი დღე დაადგება.

24 გასაჭირი და ტანჯვა აშფოთებს მას,

საომრად გასული მეფესავით ესხმიან თავს და სჯაბნიან,

25 რადგან ღვთის წინააღმდეგ შლის ხელს

და ყოვლისშემძლის დაჯაბნას ცდილობს.

26 უტიფრად ილაშქრებს მის წინააღმდეგ

თავისი სქელი და მყარი ფარით.

27 სახე ქონით აქვს დაფარული

და ფერდებიც ქონით აქვს სავსე.

28 გასაპარტახებლად განწირულ ქალაქებში ცხოვრობს,

სახლებში, რომლებშიც არავინ იცხოვრებს

და რომლებიც ქვების გროვად იქცევა.

29 ვერც გამდიდრდება, ვერც დოვლათს დააგროვებს,

და ვერც თავისი ქონებით აავსებს ქვეყანას.

30 თავს ვერ დააღწევს სიბნელეს,

ალი გაახმობს მის რტოს

და გაქრება იგი ღვთის სულის შებერვაზე.+

31 გზიდან ნუ გადავა და არარაობის იმედი ნუ ექნება,

რადგან სანაცვლოდ მხოლოდ არარაობას მიიღებს.

32 ეს ძალიან მალე მოხდება,

მისი ტოტები აღარასოდეს გაიზრდება;+

33 იმ ვაზივით იქნება, მკვახე ყურძენი რომ სცვივა,

და იმ ზეთისხილივით, ყვავილებს რომ არ იჩერებს.

34 უნაყოფონი არიან უღვთონი+

და ცეცხლი შთანთქავს მექრთამეთა კარვებს.

35 ბოროტება ჩასახვიათ და სიავეს შობენ,

მუცელი მზაკვრობით აქვთ სავსე“.

16 იობმა მიუგო:

2 „მაგისთანები ბევრი მსმენია.

ყველანი ვაი-ნუგეშისმცემლები ხართ!+

 3 როდის მორჩები მაგ ფუჭ ლაპარაკს?!

რა დაგემართა, ასე რომ მპასუხობ?!

 4 განა მე ვერ ვილაპარაკებდი თქვენნაირად?!

თქვენ ადგილას რომ ვყოფილიყავი,

განა მე ვერ ვილაპარაკებდი დამაჯერებლად

და ვერ დავიწყებდი თავის ქნევას?!+

 5 მაგრამ ჩემი სიტყვა განგამტკიცებდათ,

და რასაც გეტყოდით, განუგეშებდათ და შვებას მოგგვრიდათ.+

 6 ვლაპარაკობ და არ მიყუჩდება ტკივილი+

და რომ გავჩუმდე, გამიყუჩდება?!

 7 ძალა გამომაცალა ღმერთმა+

და მთელი ჩემი სახლეულობა დააქცია.

 8 მან შემიპყრო და ყველა ხედავს ამას;

ჩემი სიგამხდრე ჩემ წინააღმდეგ მოწმობს.

 9 მისი რისხვა მფლეთს; მტრად მექცა იგი.+

კბილებს მიღრჭიალებს.

თვალებით მჭამს ჩემი მტერი.+

10 ფართოდ გაუღიათ პირი,+

სახეში მირტყამენ და მასხრად მიგდებენ;

ბევრნი გამოდიან ჩემ წინააღმდეგ.+

11 ღმერთმა პატარა ბიჭების ხელში ჩამაგდო

და ბოროტთა ხელთ გადამცა.+

12 უზრუნველად ვიყავი, მაგრამ ნაფლეთებად მაქცია,+

კისერში ჩამავლო ხელი და შემმუსრა;

თავის სამიზნედ მაქცია.

13 მისი მშვილდოსნები გარს შემომერტყნენ.+

მან დამიფლითა თირკმელები+ და არ ვეცოდები;

მიწაზე დამიცალა ნაღვლის ბუშტი.

14 კედელივით ნაწილ-ნაწილ მანგრევს

და მეომარივით მესხმის თავს.

15 ჯვალოს სამოსი შევიკერე სხეულის დასაფარავად+

და ჩემი დიდება* მიწაში დავმარხე.+

16 ტირილისგან სახე გამიწითლდა+

და თვალები ჩამიშავდა,

17 თუმცა ძალადობა არ ჩამიდენია

და ჩემი ლოცვაც წრფელია.

18 მიწავ, ნუ დაფარავ ჩემს სისხლს+

და ნუ შეწყდება ჩემი მოთქმა!

19 ზეცაშია ჩემი მოწმე;

მაღლაა ის, ვინც ჩემ სასარგებლოდ დაამოწმებს.

20 ჩემი ახლობლები დამცინიან;+

თვალცრემლიანი* შევყურებ ღმერთს.+

21 დაე გადაწყდეს საქმე ღმერთსა და კაცს შორის,

როგორც ადამიანებს შორის წყდება.+

22 რამდენიმე წელიღა დამრჩა

და მერე იქ წავალ, საიდანაც აღარ ბრუნდებიან“.+

17 «სული შემემუსრა და გაილია ჩემი დღეები;

სამარე მელის.+

 2 გარს დამცინავები მეხვევიან+

და მუდამდღე მათ ურჩობას ვხედავ.

 3 თავდებად დამიდექი.

შენ გარდა ვინ ჩამომართმევს ხელს და ვინ დამიცავს?!+

 4 შენ დაუხშე მათ გონება,+

ამიტომაც არ გაამარჯვებინებ.

 5 მეგობრებს უყოფენ წილს,

მათ ვაჟებს კი შიმშილით თვალები უბნელდებათ.

 6 ხალხის სამასხარაო გამხადა,+

სახეში მაფურთხებენ.+

 7 სიმწრისგან თვალები მებინდება+

და აჩრდილს ვემსგავსები.

 8 მართლები განცვიფრებულნი მომჩერებიან;

უდანაშაულონი აღშფოთებულნი არიან უღვთო ხალხზე.

 9 მართალი კვლავაც სწორად მოიქცევა+

და უდანაშაულო განმტკიცდება.+

10 მიდით, განაგრძეთ,

მაინც არცერთი არ ხართ ბრძენი.+

11 დასრულდა ჩემი დღეები,+

ჩამეშალა გეგმები და არ ამისრულდა გულის წადილი.+

12 ღამეს დღედ მაჩვენებენ და ამბობენ,

ბნელა, მაგრამ მალე ინათებსო.

13 ცოტაც და სახლად მექცევა სამარე*;+

სიბნელეში დავიგებ ლოგინს.+

14 ორმოს ვეტყვი:+ „მამა ხარ ჩემი!“

მატლებს კი: „დედა და და ხართ ჩემი!“

15 სადღა მაქვს იმედი?!+

ვინღა დამაიმედებს?!

16 ის* სამარის ურდულებიან კარიბჭეს მიადგება

და მასთან ერთად ჩავალ მიწაში».+

18 შუახელმა ბილდადმა+ მიუგო:

2 „როდისღა მორჩები ასეთ ლაპარაკს?!

გეყოს გონიერება და ჩვენც გვალაპარაკე.

 3 რატომ გამოგყავართ ცხოველებად+

და რატომ გვთვლი სულელებად*?!

 4 რისხვისგან ნაფლეთებადაც რომ იქცე,

განა გაუკაცრიელდება დედამიწა შენ გამო

ან დაიძვრება კლდე ადგილიდან?!

 5 ბოროტის სინათლე ჩაქრება

და აღარ აელვარდება მისი ალი.+

 6 მისი კარავი ჩაბნელდება

და მისი ლამპარი ჩაქრება.

 7 მისი მძლავრი ნაბიჯები დამოკლდება

და თავისივე რჩევა დასცემს მას.+

 8 საკუთარი ფეხით მივა ბადესთან, გაებმება მასში

და იქ იხეტიალებს.

 9 ხაფანგში ქუსლით გაებმება,

მახე დაიჭერს.+

10 მისი დასაჭერი თოკი მიწაზეა და დაფარულია,

მის ბილიკზე ხაფანგია დაგებული.

11 ყველა მხრიდან თავზარი ეცემა+

და შიში არ შორდება.

12 ძალა ეცლება,

უბედურება+ შეატორტმანებს.

13 კანი შემოჭმული აქვს,

სასიკვდილო სნეულება ნთქავს მის კიდურებს.

14 მოსწყდება თავის უსაფრთხო კარავს+

და საშინელებათა მეფეს* ეახლება.

15 უცხოები დამკვიდრდებიან მის კარავში

და გოგირდი მიმოიფანტება მის სახლზე.+

16 დაბლა ფესვები გაუხმება

და მაღლა — ტოტები.

17 აღარავის ეხსომება იგი დედამიწაზე

და ქუჩაშიც აღარავის ეცოდინება მისი სახელი.

18 სინათლიდან სიბნელეში გაიყვანენ

და ნაყოფიერი მიწიდან გააძევებენ.

19 არ ეყოლება შთამომავლობა და მოდგმა,

მის სამკვიდროში არავინ გადარჩება.

20 როცა მისი დღე მოაწევს, დასავლელნი შეშფოთდებიან

და აღმოსავლელთ შიში შეიპყრობთ.

21 ასე დაემართება დამნაშავეთა კარვებს

და მათ კერას, ვინც არ იცნობს ღმერთს!“

19 იობმა მიუგო:

2 „როდემდე უნდა მიშფოთებდეთ სულს+

და როდემდე უნდა მმუსრავდეთ სიტყვებით?!+

 3 ათჯერ გამკიცხეთ;

არა გრცხვენიათ, ასე დაუნდობლად რომ მექცევით?!+

 4 თუ მართლა შევცოდე,

ეს ხომ ჩემი დანაშაულია.

 5 ჩემთან რომ მედიდურობთ

და ირწმუნებით, დამცირება სამართლიანად დაიმსახურეო,

 6 იცოდეთ, რომ ღმერთმა შემიტყუა

და ბადეში გამაბა.

 7 ვღაღადებ, ძალადობაა-მეთქი, მაგრამ არავინ მპასუხობს.+

შველას ვითხოვ, მაგრამ არ არის სამართალი.+

 8 გზა ქვის კედლით ჩამიკეტა და წინ ვეღარ მივდივარ;

ჩამიბნელა გზასავალი.+

 9 დიდება შემომაძარცვა

და თავიდან გვირგვინი მომხსნა.

10 ყოველმხრივ მანადგურებს, წასულია ჩემი საქმე,

ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.

11 განრისხებულია ჩემზე

და მტრად მთვლის.+

12 მწყობრად მოემართება მისი რაზმი და ალყაში მაქცევს,

ჩემი კარვის ირგვლივ ბანაკდებიან.

13 ძმებს დამაშორა

და ვინც მიცნობდა, ზურგი მაქცია.+

14 ახლობლები შემომეფანტნენ

და მეგობრებმა დამივიწყეს.+

15 ჩემს სტუმრებსა+ და ჩემს მხევლებს ვეუცხოები,

მათთვის უცხოტომელივით ვარ.

16 ვეძახი ჩემს მონას, მაგრამ არ მპასუხობს;

ვევედრები, რომ თანამიგრძნოს.

17 ჩემი ცოლი ჩემს სუნთქვასაც ვეღარ იტანს;+

საკუთარი ძმებისთვისაც კი სიმყრალედ ვიქეცი.

18 ყმაწვილებიც კი არაფრად მაგდებენ;

ჩემს დანახვაზე სიცილი უვარდებათ.

19 ყველა ჩემმა მეგობარმა შემიძულა+

და ვინც მიყვარდა, მტრად მექცა.+

20 ცარიელი ძვალი და ტყავიღა დავრჩი,+

სული კბილით მიჭირავს.

21 შემიბრალეთ, მეგობრებო, შემიბრალეთ,

თავად ღვთის ხელი მომწვდა.+

22 ის არ მეყოფა, ღმერთი რომ მდევნის,

თქვენ რატომღა მდევნით?!+

რით ვერ გაძეხით ჩემი ხორცით?!+

23 ნეტავ დაიწერებოდეს ჩემი სიტყვები!

ნეტავ წიგნში ჩაიწერებოდეს!

24 ნეტავ კლდეზე სამუდამოდ ამოიტვიფრებოდეს

საჭრისით და ამოივსებოდეს ტყვიით!

25 კარგად ვიცი, რომ ცოცხალია ჩემი გამომსყიდველი,+

ის ჩემ შემდეგ მოვა და მიწაზე წამოიმართება.

26 კანი რომ შემომეცლება,

მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიქნები, ღმერთს ვიხილავ.

27 მე თვითონ ვიხილავ მას.

ჩემი თვალი იხილავს მას და არა სხვისი,+

მაგრამ შინაგანად განადგურებული ვარ.

28 თქვენ ამბობთ, როდის ვდევნითო,+

არადა, უბედურების მიზეზს ჩემში ხედავთ.

29 გეშინოდეთ მახვილის,+

მახვილით ისჯებიან დანაშაულის ჩამდენნი;

იცოდეთ, რომ არის მოსამართლე“.+

20 ნაამათელმა ცოფარმა+ მიუგო:

2 „ამიტომაც არ მასვენებს მშფოთვარე ფიქრები; ვერ გავჩუმდები,

აღშფოთებული ვარ.

 3 შენი შეგონებით შეურაცხყოფილი ვარ;

ჩემი შეგნება მაიძულებს, რომ პასუხი გაგცე.

 4 კარგად იცი,

რომ დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დღიდან+

 5 ბოროტის ყიჟინი ხანმოკლეა

და უღვთოს სიხარული — დროებითი.+

 6 ზეცას კი სწვდება მისი დიდება

და თავით ღრუბლებს ეხება,

 7 მაგრამ სამუდამოდ გაქრება თავისი განავალივით;

ვინც მას ხედავდა, იკითხავენ, ნეტავ სად არისო.

 8 სიზმარივით გაქრება და ვეღარავინ იპოვის,

ღამის ხილვასავით გაუჩინარდება.

 9 მისი მნახველი თვალი ვეღარ დაინახავს მას,

ვეღარც თავისი კერა იხილავს მას.+

10 მისი შვილები ღარიბებს შესთხოვენ შველას;

ის საკუთარი ხელით დაუბრუნებს ხალხს

მიტაცებულ სიმდიდრეს.+

11 ერთ დროს ახალგაზრდული ჯან-ღონით იყო სავსე,

მაგრამ ის* მასთან ერთად ჩაესვენება მიწაში.

12 თუ მის პირს მწარე ეტკბილება

და ენის ქვეშ დაიდებს,

13 თუ დააგემოვნებს, არ გადმოაგდებს

და პირში გაიჩერებს,

14 დაუმჟავდება საჭმელი მუცელში

და კობრას გესლად გადაექცევა.

15 შთანთქმულ სიმდიდრეს უკანვე ამოანთხევს;

ღმერთი მუცელს გამოუცარიელებს.

16 კობრას შხამს მოწოვს

და გველგესლას ეშვი* მოკლავს.

17 ვეღარასოდეს იხილავს წყლის ნაკადებს,

თაფლისა და კარაქის ნიაღვრებს.

18 მიტაცებულ ქონებას ვერ მოიხმარს, უკან დააბრუნებს,

ვაჭრობით მოხვეჭილი სიმდიდრით ვერ გაიხარებს,+

19 ვინაიდან ჩაგრავდა და ივიწყებდა ღარიბებს;

დაეპატრონა სახლს, რომელიც თავად არ აუშენებია.

20 სიმშვიდეს დაკარგავს;

სიმდიდრე ვერ იხსნის მას.

21 დასატაცებელი აღარაფერი დარჩა;

ამიტომაც ვერ გასტანს დიდხანს მისი კეთილდღეობა.

22 მეტისმეტად რომ გამდიდრდება, მაშინ დაკარგავს მოსვენებას;

დიდი უბედურება ეწევა.

23 მუცელს რომ ამოიყორავს,

მაშინ დაატეხს ღმერთი რისხვას,

რისხვას აწვიმებს და ნაწლავებს ამოუვსებს.

24 რკინის იარაღს რომ გაექცევა,

სპილენძის მშვილდი განგმირავს.

25 ზურგიდან ისარს გამოიძრობს

და ნაღვლიდან — ელვარე მახვილს;

საშინელება დაატყდება თავს.+

26 მისი განძეული უკუნეთში ჩაინთქმება;

აუბრიალებელი ცეცხლი შთანთქავს მას.

მის კარავში მყოფთ, გადარჩენილთ, უბედურება ეწევათ.

27 ზეცა გამოააშკარავებს მის დანაშაულს

და მიწა აღდგება მის წინააღმდეგ.

28 თავსხმა წალეკავს მის სახლს

და ეს თავსხმა ღვთის რისხვის დღეს დიდ ნიაღვრად იქცევა.

29 აი, ეს ხვდება წილად ბოროტს ღვთისგან,

მემკვიდრეობა, რომელიც მას ღმერთმა არგუნა“.

21 იობმა მიუგო:

2 „ყურადღებით მომისმინეთ

და ეგ იქნება ჩემთვის ნუგეშისცემა.

 3 ბოლომდე მომისმინეთ

და სათქმელს რომ ვიტყვი, მერე, თუ გინდათ, დამცინეთ.+

 4 ადამიანს ხომ არ მივმართავ საჩივრით?!

ასე რომ იყოს, განა მეყოფოდა მოთმინება?!

 5 შემომხედეთ და განცვიფრდებით;

პირზე ხელი აიფარეთ.

 6 როცა ამაზე ვფიქრობ, მოსვენებას ვკარგავ,

მთელი სხეული მიცახცახებს.

 7 რატომ ცოცხლობენ ბოროტები?!+

რატომ აღწევენ ხანდაზმულობას და რატომ მდიდრდებიან?!+

 8 შვილები სულ გვერდით ჰყავთ

და საკუთარი თვალით ხედავენ თავიანთ შთამომავლებს.

 9 მათი სახლები დაცულია და არაფრის შიში არ აქვთ;+

ღმერთიც არ სჯის მათ თავისი კვერთხით.

10 მათი ბუღები ყოველთვის ამაკებენ;

მათი ძროხები იგებენ და არ ბერწდებიან.

11 მათი ყმაწვილები ფარასავით მიმოდიან,

მათი ვაჟები დაკუნტრუშებენ.

12 დაირისა და ქნარის თანხლებით ხმამაღლა მღერიან,

სტვირი უკრავს და ისინიც მხიარულობენ.+

13 დალხენილი ცხოვრების შემდეგ

მშვიდად ჩადიან სამარეში*.

14 ღმერთს ეუბნებიან, თავი დაგვანებე,

არ გვინდა შენი გზებით სიარულიო;+

15 ვინ არის ყოვლისშემძლე, რომ მას ვემსახუროთ,+

რას გვარგებს მასთან ურთიერთობაო.+

16 თუმცა ვიცი, რომ მათი კეთილდღეობა მათ ხელში არ არის.+

მე ბოროტებივით არ ვფიქრობ.+

17 განა რამდენჯერ ჩამქრალა ბოროტთა ლამპარი?!+

განა რამდენჯერ დასტეხიათ თავს უბედურება?!

განა რამდენჯერ განრისხებია მათ ღმერთი და გაუნადგურებია?!

18 როდის დამსგავსებიან ნამჯას, ქარი რომ ატორტმანებს,

ანდა ბზეს, ქარიშხალი რომ იტაცებს?!

19 ღმერთი ადამიანის დანაშაულს მის შვილებს მოჰკითხავს.

მასაც მოჰკითხოს ღმერთმა, რათა იცოდეს, რომ დააშავა.+

20 საკუთარი თვალით იხილოს თავისი დაცემა

და ყოვლისშემძლის რისხვა შესვას.+

21 რაღა მნიშვნელობა ექნება მისთვის, რა დაემართებათ

მის შთამომავლებს მისი სიკვდილის შემდეგ,

როცა მისი თვეთა რიცხვი შემცირდება?!+

22 ვინ რა უნდა ასწავლოს ღმერთს,+

როცა ის თავად ასამართლებს დიდებულებს?!+

23 ერთი ჯან-ღონით სავსე კვდება,+

როცა უზრუნველად და უდარდელადაა,+

24 როცა ქონით სავსე ბარძაყები

და მაგარი ძვლები აქვს,

25 მეორე კი ისე კვდება სულგამწარებული,

რომ ცხოვრებაში კარგი არაფერი უნახავს.

26 ერთად ჩაესვენებიან მიწაში+

და ორივეს მატლები დაეხვევა.+

27 კარგად ვიცი თქვენი ფიქრები

და ზრახვები, გინდათ, რომ ზიანი მომაყენოთ.+

28 ამბობთ, სად არის წარჩინებულის სახლი

ან კარავი, სადაც ბოროტმოქმედი ცხოვრობდაო.+

29 ნუთუ არ გიკითხავთ მოგზაურთათვის

და არ დაფიქრებულხართ მათ ნათქვამზე,

30 რომ უბედურების დღეს დაცულია ბოროტი

და რისხვის დღეს დახსნილია?!

31 ვინ დაუპირისპირდება მას

და ვინ მიუზღავს სამაგიეროს?!

32 მიწას რომ მიაბარებენ,

მის სამარხს დარაჯს დაუყენებენ.

33 მიწის ბელტები ეტკბობა;+

მას გაჰყვება ადამიანთა მოდგმა,+

ისე როგორც მას წაუძღვნენ უთვალავნი.

34 ვაი-ნუგეშისმცემელნი ხართ,+

თქვენი პასუხები მცდარია!“

22 თემანელმა+ ელიფაზმა მიუგო:

2 «რაში სჭირდება ღმერთს კაცი,

ანდა რაში სჭირდება მისი ჭკუა?!+

 3 განა ყოვლისშემძლისთვის სულერთი არაა, მართალი ხარ თუ არა?!

ანდა რა გამორჩენა აქვს, უდანაშაულო* თუ ხარ?!+

4 განა ღვთისმოშიშების გამო ისჯები

და ამიტომ მიჰყავხარ ღმერთს სასამართლოზე?!

 5 განა ეს იმიტომ არ გემართება, რომ მეტისმეტად ბოროტი ხარ

და ბოლო არ უჩანს შენს ცოდვებს?!+

 6 შენს მოძმეებს ყველაფერში გირაოს ართმევ,

ღარიბებს ტანსაცმელს ხდი და შიშვლებს ტოვებ.+

 7 დაღლილს წყალს არ ასმევ

და მშიერს პურს არ აძლევ.+

 8 ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა+

და პატივდებული მკვიდრობს მასზე,

 9 შენ კი ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებ

და ობლებს ჩაგრავ.

10 ამიტომაც ხარ გარშემორტყმული კაკანათებით+

და შიში გიპყრობს.

11 ამიტომაც იმყოფები სიბნელეში და ვერაფერს ხედავ,

დიდი ნიაღვარი გფარავს.

12 ღმერთი მაღლაა ზეცაში,

ნახე, რამსიმაღლეზეა ვარსკვლავები,

13 შენ კი ამბობ: „ღმერთმა რა იცის?!

ის სქელი შავი ღრუბლის მიღმაა

და როგორ შეძლებს გასამართლებას?!

14 ღრუბლებს მიღმაა და ვერაფერს ხედავს,

ის ხომ ცის კამარაზე მიმოდის“.

15 ისევ ძველი გზით ივლი,

რომელზეც ბოროტები დადიან,

16 რომელნიც ნაადრევად დაიხოცნენ

და რომელთა საძირკველიც წყალმა წაიღო,+

17 რომლებიც ჭეშმარიტ ღმერთს ეუბნებოდნენ, მოგვშორდიო,

ამბობდნენ, რას გახდება ჩვენთან ყოვლისშემძლეო?!

18 მაგრამ ის მაინც დოვლათით უვსებდა მათ სახლებს

(ასეთი მზაკვრული ფიქრებისგან მე შორს ვარ).

19 მართლები დაინახავენ მათ დაცემას და გაიხარებენ,

უდანაშაულოთ გაეცინებათ მათზე და იტყვიან,

20 დაიხოცნენ ჩვენი მოწინააღმდეგენი

და ვინც ცოცხალი დარჩა, ცეცხლი შთანთქავსო.

21 დაუახლოვდი ღმერთს და გექნება მასთან მშვიდობა;

არ მოგაკლდება სიკეთე.

22 დაიცავი მისი ბაგიდან გამოსული კანონი

და გულში ჩაიბეჭდე მისი სიტყვები.+

23 თუ დაუბრუნდები ყოვლისშემძლეს, აშენდები.+

თუ ამოძირკვავ უმართლობას შენს კარავში,

24 თუ ოქროს მიწაზე დაყრი

და ოფირის ოქროს+ ლოდებით სავსე ხევში ჩაყრი,

25 მაშინ ყოვლისშემძლე იქცევა შენს ოქროდ

და შენს ხალას ვერცხლად.

26 მაშინ ყოვლისშემძლეში პოვებ ნეტარებას

და ღვთისკენ იზამ პირს.

27 შეევედრები და ის მოგისმენს;

შეასრულებ შენს აღთქმებს.

28 რის გაკეთებასაც დააპირებ, ყველაფერში ხელი მოგემართება,

და სინათლე მოეფინება შენს გზასავალს.

29 თუ ქედმაღლურად ილაპარაკებ, დამცირდები;

ის თავმდაბალს იხსნის.

30 იგი უდანაშაულოს გადაარჩენს;

თუ ხელი სუფთა გექნება, ნამდვილად დაგიხსნის».

23 იობმა მიუგო:

2 „მე მაინც არ შევწყვეტ ჩივილს;+

ოხვრისგან ძალაგამოცლილი ვარ.

 3 ნეტავ ვიცოდე, სად არის ღმერთი!+

მის სამყოფელთან მივიდოდი,+

 4 ჩემს საქმეს წარვუდგენდი

და მრავალ მტკიცებულებას მოვუყვანდი.

 5 გავიგებდი, რას მიპასუხებდა,

და დავუფიქრდებოდი მის ნათქვამს.

 6 დამიპირისპირდებოდა თავისი უსაზღვრო ძალით?

არა, მომისმენდა.+

 7 მართალი მოაგვარებდა მასთან საქმეს;

ერთხელ და სამუდამოდ გამამართლებდა ჩემი მოსამართლე.

 8 მაგრამ აღმოსავლეთით რომ მივდივარ, ის იქ არ არის.

უკან რომ ვბრუნდები, ვერც მაშინ ვპოულობ მას.

 9 ვერც მარცხნივ ვხედავ, სადაც ის მოქმედებს,

და ვერც — მარჯვნივ, საითაც ტრიალდება.

10 იცის მან, რა გზასაც ვადგავარ;+

თუ გამომცდის, ხალასი ოქროსავით გავხდები.+

11 ფეხდაფეხ მივყვები მის ნაკვალევს,

მის გზას ვადგავარ და არსად არ ვუხვევ.+

12 არ გადავდივარ მისი ბაგიდან გამოსულ მცნებას.

ვიცავ მის ნათქვამს;+ იმაზე მეტსაც ვაკეთებ, ვიდრე მომეთხოვება.

13 როცა რაიმეს გადაწყვეტს, წინ ვინ აღუდგება?!+

როცა რაიმეს მოისურვებს, გააკეთებს კიდეც.+

14 რაც გადამიწყვიტა, შეასრულებს;

კიდევ ბევრი რამ აქვს ჩემ წინააღმდეგ.

15 ამიტომაც ვშფოთავ;

მასზე რომ ვფიქრობ, შიში უფრო და უფრო მიპყრობს.

16 გული შემიკრთო ღმერთმა,

შემაძრწუნა ყოვლისშემძლემ;

17 მაგრამ მაინც ვერ გამაჩუმა სიბნელემ,

ვერც წყვდიადმა, რამაც სახე დამიფარა“.

24 „რატომ არა აქვს ყოვლისშემძლეს

გასამართლების დრო დადგენილი?!+

ვინც მას იცნობს, რატომ ვერ ხვდება, რომ ეს დღე დადგება?!

 2 მიჯნას სწევენ;+

ფარას იტაცებენ და თავიანთ საძოვრებზე მიჰყავთ.

 3 მიერეკებიან ობოლთა ვირებს

და ქვრივს გირაოდ ხარს ართმევენ.+

 4 ღარიბებს გზიდან ყრიან;

დედამიწის უმწეონი იმალებიან.+

 5 ღარიბები ისე ეძებენ საჭმელს,

როგორც უდაბნოში გარეული ვირები;+

უდაბნოში ეძებენ საჭმელს თავიანთი შვილებისთვის.

 6 სხვის ყანაში მკიან*

და ბოროტთა ვენახებში აქა-იქ შემორჩენილ ყურძენს კრეფენ.

 7 მთელი ღამე შიშვლები არიან, ტანსაცმელი არა აქვთ;+

სიცივეში დასაფარებელი არ გააჩნიათ.

 8 მთების თქეშით ილუმპებიან,

მიუსაფარნი კლდეებს ეკვრიან.

 9 ობლებს დედებს მკერდიდან ჰგლეჯენ;+

ღარიბების სამოსი გირაოდ მიაქვთ,+

10 აიძულებენ, რომ შიშვლებმა იარონ, უტანსაცმლოდ,

და მშივრებმა ძნები ატარონ.

11 ტერასებზე მძიმედ შრომობენ მზის გულზე*,

საწნახელში ყურძენს წურავენ,

მაგრამ მაინც წყურვილი კლავთ.+

12 ქალაქში მომაკვდავნი კვნესიან

და დაჭრილნი შველას ითხოვენ,+

მაგრამ ღმერთი ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს*.

13 ბოროტები სინათლეს ებრძვიან;+

არ ცნობენ მის ბილიკებს,

და მისი გზით არ დადიან.

14 კაცისმკვლელი გამთენიისას დგება;

კლავს უმწეოსა და ღარიბს,+

ღამით კი ქურდობს.

15 მრუში დაბინდებას ელის;+

ამბობს, ვერავინ დამინახავსო,+

და სახეს იფარავს.

16 ღამით სახლებში იჭრებიან,

დღისით კი გარეთ არ გამოდიან;

სინათლეს არ ენახვებიან.+

17 მათთვის დილა უკუნეთივითაა

და უჩვეულო არაა საშინელება, რაც ღამით ხდება,

18 მაგრამ წყალი წალეკავს მათ.

მათი მიწა დაიწყევლება;+

ვეღარასოდეს დაბრუნდებიან თავიანთ ვენახებში.

19 როგორც გვალვა ნთქავს თოვლის წყალს,

ისე სამარე* შთანთქავს ცოდვილთ!+

20 დედა დაივიწყებს მათ და მატლი დაეხვევათ,

აღარავინ გაიხსენებს მათ.+

უმართლოები ხესავით გადატყდებიან.

21 უშვილო ქალები მიზანში ჰყავთ ამოღებული

და ცუდად ეპყრობიან ქვრივებს.

22 ძლევამოსილი ღმერთი ბოლოს მოუღებს ძლიერთ;

რომც წამოიმართონ, სიცოცხლის იმედი მაინც არ ექნებათ.

23 ღმერთი ბოროტთა თავდაჯერებულობასა

და უსაფრთხოებას უშვებს,+

მაგრამ მის თვალს მათი ნამოქმედარი არ ეპარება.+

24 ცოტა ხნით აღზევდებიან, მერე კი განადგურდებიან;+

დამცირდებიან+ და დანარჩენებივით შეგროვდებიან;

თავთავებივით მოიკვეთებიან.

25 ახლა ვინღა გამამტყუნებს?!

ან ვინ დამიპირისპირდება?!“

25 შუახელმა ბილდადმა+ მიუგო:

2 „მმართველიც ის არის და შიშის მომგვრელი ძალაც მას აქვს,

ის ამყარებს მშვიდობას ზეცაში.

 3 ვინ დათვლის მის ჯარს?!

ვის არ უნათებს მისი სინათლე?!

 4 როგორ შეიძლება მოკვდავი კაცი ღმერთთან მართალი იყოს?+

ანდა როგორ შეიძლება ქალის ნაშობი უდანაშაულო იყოს?!+

 5 მის თვალში არც მთვარე კაშკაშებს

და არც ვარსკვლავებია სუფთა,

 6 და რაღა იქნება მოკვდავი კაცი, რომელიც მატლია,

კაცის ძე, რომელიც ჭიაყელაა?!“

26 იობმა მიუგო:

 2 „გგონია, დაეხმარე ძალაგამოლეულს?!

გგონია, დაიხსენი უძლური?!+

 3 რა დიდებული რჩევა მიეცი სიბრძნეს მოკლებულს!+

როგორ გადმოაფრქვიე სიბრძნე!

 4 ვის ელაპარაკები

ან ვინ გალაპარაკებს?

 5 მკვდრებიც კი, რომლებიც უძალონი არიან, კანკალებენ;

წყლებიც და წყლის ბინადარნიც მათ ზემოთ არიან.

 6 ღვთის წინაშე სამარე* გაშიშვლებულია+

და განადგურების ადგილი დაფარული არაა.

 7 სიცარიელეზე გადაჭიმა ზეცა+

და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა.

 8 თავის ღრუბლებში ისე ხვევს წყლებს,+

რომ ღრუბლები არ სკდება.

 9 ფარავს ის თავის ტახტს,

ღრუბლით ფარავს მას.+

10 წყალსა და ცას შორის ზღვარს ავლებს,+

სინათლეს სიბნელისგან მიჯნავს.

11 ზანზარებენ ზეცის სვეტები,

მისი შერისხვით თავზარდაცემულნი.

12 თავისი ძალით აღელვებს ზღვას+

და თავისი გონიერებით ნაკუწებად აქცევს ზღვის დიდ ულმობელ ცხოველს*.+

13 სულს უბერავს ზეცას და ასუფთავებს;

საკუთარი ხელით კლავს სრიალა გველს.

14 ეს მხოლოდ მისი გზების კიდეებია,+

მხოლოდ ჩურჩულით გვესმის მასზე!

ვინ გაიგებს, როგორ წარმოქმნის იგი მგრგვინავ ქუხილს?!“+

27 სიტყვა განაგრძო იობმა:

 2 „ვფიცავ ცოცხალ ღმერთს,

რომელმაც დამიკავა სამართალი,+

და ყოვლისშემძლეს, რომელმაც სული გამიმწარა:+

 3 სანამ ჯერ კიდევ ვსუნთქავ

და ჩემს ნესტოებში ღვთის სულია*,+

 4 უმართლობა არ დასცდება ჩემს ბაგეს

და ჩემი ენა არ იცრუებს.

 5 ხალხო! როგორ გიწოდოთ მართლები?!

სანამ ცოცხალი ვარ, არ ვუღალატებ* ღმერთს!+

 6 არ გადავუხვევ სიმართლის გზას

და ჩემს სიმართლეს არ დავთმობ;+

ვიდრე ცოცხალი ვარ, არ განმსჯის ჩემი გული.

 7 დაე ჩემი მტრების ბოლო ისეთი იყოს, როგორიც ბოროტებს აქვთ,

ჩემი მჩაგვრელების ბოლოც ისეთი იყოს,

როგორიც უმართლოებს აქვთ.

 8 რისი იმედიღა ექნება უღვთოს, როცა განადგურდება,+

როცა ღმერთი სიცოცხლეს წაართმევს?!

 9 განა მოისმენს ღმერთი მის ღაღადს,

როცა თავს გასაჭირი დაატყდება?!+

10 ან პოვებს ნეტარებას ყოვლისშემძლეში?!

ანდა ყოველთვის მიმართავს ღმერთს ლოცვით?!

11 მე აგიხსნით, რამხელა ძალა აქვს ღმერთს;

ყოვლისშემძლეზე არაფერს დაგიმალავთ.

12 თუ ყველამ ნახეთ ხილვები,

უაზროდ რატომღა ლაპარაკობთ?!

13 აი, როგორია ბოროტის ხვედრი ღვთისგან,+

მემკვიდრეობა, რომელსაც ულმობელი მიიღებს ყოვლისშემძლისგან:

14 ვაჟები რომ გაუმრავლდება, მახვილით დაეცემიან,+

მის შთამომავლებს საზრდო არ ეყოფათ.

15 ვინც მისიანებიდან გადარჩება, ჭირი მოუღებს ბოლოს,

და მათი ქვრივები არ დაიტირებენ მათ.

16 ვერცხლი მიწაყრილივითაც რომ დაახვავოს,

და სამოსელი თიხასავით დააგროვოს,

17 ეს ყოველივე რომც შეაგროვოს,

მართლები ჩაიცვამენ მის სამოსელს+

და უდანაშაულონი გაიყოფენ მის ვერცხლს.

18 მისი აშენებული სახლი ჩრჩილის სახლივით

და ყარაულის ქოხივით მყიფე იქნება.+

19 მდიდარი დასაძინებლად წავა, მაგრამ სიმდიდრე არ შერჩება;

გაახელს თვალს და აღარაფერი ექნება.

20 ნიაღვარივით წალეკავს მას შიში

და ღამით ქარიშხალი გაიტაცებს.+

21 წაიღებს აღმოსავლეთის ქარი და აღარ იქნება იგი,

თავისი ადგილიდან აღგვის მას.+

22 ულმობლად დაეძგერება,+

ის კი ვერ დაუსხლტება.+

23 ტაშს შემოჰკრავს დაცინვის ნიშნად

და თავისივე ადგილიდან დაუწყებს სტვენას*“.+

28 «არსებობს საბადო ვერცხლისა

და საბადო ოქროსი, რომელიც იწმინდება.+

 2 რკინას მიწაში მოიპოვებენ

და სპილენძს ქვებიდან ადნობენ.+

 3 კაცი სიბნელეს სძლევს;

კიდით კიდემდე, წყვდიადსა და უკუნეთში

ეძებს მადანს.

 4 თხრის მაღაროს ადამიანთა სამკვიდროდან შორს,

მივიწყებულ ადგილას, იქიდან შორს, სადაც ხალხი მიმოდის.

თოკზე დაკიდებულნი ჩადიან და სიღრმეში ქანაობენ.

 5 საკვები მიწაზე აღმოცენდება,

მაგრამ მიწას შიგნიდან თითქოს ცეცხლი არყევსო.

 6 იქ ქვებში საფირონია

და მტვერში — ოქრო.

 7 არცერთმა მტაცებელმა ფრინველმა არ იცის

იქამდე მისასვლელი გზა,

არც შავ ძერას მოუკრავს მისთვის თვალი.

 8 ის მხეცებს არ გაუტკეპნიათ;

იმ გზაზე ლომს არ გაუვლია.

 9 კაცი ამტვრევს სალ კლდეებს

და თავდაყირა აყენებს მთებს.

10 კლდეებში წყლის არხები+ გაჰყავს

და მისი თვალი ყოველგვარ ძვირფასეულობას ხედავს.

11 მდინარეებს სათავეშივე ხერგავს

და დამალული სინათლეზე გამოაქვს.

12 მაგრამ სიბრძნე სად იპოვება?!+

ან გონიერება საიდან იღებს სათავეს?!+

13 მოკვდავმა კაცმა არ იცის მისი ფასი;+

ვერ იპოვი მას ამ ცისქვეშეთში.

14 ღრმა წყალი ამბობს, არ არის ის ჩემშიო,

და ზღვაც ამბობს, არ არის ის ჩემთანო.+

15 არ გაიცვლება ის ხალას ოქროზე

და აუწონელი ვერცხლის სანაცვლოდაც ვერ მოიპოვებ მას;+

16 არც ოფირის ოქროზე გაიცვლება,+

არც იშვიათ ონიქსზე და არც საფირონზე.

17 მას ვერც ოქრო და მინა შეედრება

და ის არც ხალასი ოქროს ჭურჭელზე გაიცვლება.+

18 მარჯანი და ბროლი რა მოსატანია,+

როცა ქისა მარგალიტიც კი ვერ შეედრება ქისა სიბრძნეს;

19 მას ვერც ქუშის ტოპაზი+ შეედრება

და ის ხალას ოქროზეც არ გაიცვლება.

20 აბა სად იპოვება სიბრძნე?!

ან საიდან იღებს სათავეს გონიერება?!+

21 დამალულია ყველა არსების თვალთაგან+

და ვერ ხედავენ მას ცის ფრინველები.

22 განადგურება და სიკვდილი ამბობენ,

მასზე მხოლოდ ყურმოკვრით გვსმენიაო.

23 ღმერთმა იცის, თუ სად იპოვება ის,

მხოლოდ მან იცის, სად მკვიდრობს იგი,+

24 რადგან დაჰყურებს იგი დედამიწის კიდეებს

და ყველაფერს ხედავს ცისქვეშეთში.+

25 ქარს რომ ძალა* მისცა+

და წყლებს საზღვრები დაუწესა,+

26 წვიმას რომ წესი დაუდო+

და მგრგვინავ ღრუბელს გზა დაუდგინა,+

27 მაშინ იხილა სიბრძნე თავის ნამოქმედარში და ახსნა;

მან მისცა დასაბამი სიბრძნეს და გამოსცადა კიდეც.

28 შემდეგ ადამიანს უთხრა:

„სიბრძნე იეჰოვას შიშია,+

გონიერება კი — ბოროტებისგან განდგომა“».+

29 სიტყვა განაგრძო იობმა:

2 «ნეტავ იმ დროს,

ღმერთი რომ მმფარველობდა;

 3 ზემოდან რომ მანათებდა თავის ლამპარს

და სიბნელეში მისი სინათლით დავდიოდი,+

 4 ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროს,

ღმერთი ჩემს კარავში რომ იყო და მასთან რომ ვმეგობრობდი;+

 5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლისშემძლე

და, როცა შვილები გარს მეხვივნენ,

 6 როცა ფეხებს ნაღებით ვიბანდი

და კლდე ზეთს ნაკადებად მიღვრიდა.+

 7 როცა ქალაქის კარიბჭესთან გავდიოდი+

და მოედანზე ჩემს ადგილს ვიკავებდი,+

 8 ყმაწვილები ჩემს დანახვაზე განზე დგებოდნენ,

მოხუცებიც კი ფეხზე დგებოდნენ და აღარ სხდებოდნენ.+

 9 მთავრები ჩუმდებოდნენ

და პირზე ხელს იფარებდნენ.

10 დიდებულები ხმას აღარ იღებდნენ

და ენა სასაზე ეკვროდათ.

11 ვინც მისმენდა, კარგად მახასიათებდა,

და ვინც დამინახავდა, მაქებდა,

12 ვინაიდან ვშველოდი ღარიბებს, დახმარებას რომ ითხოვდნენ,+

ობლებსა და უმწეოებს.+

13 დასაღუპავად განწირულნი მლოცავდნენ,+

ქვრივებს გულს ვუხარებდი.+

14 სიმართლით ვიმოსებოდი,

სამართალი მოსასხამივით და თავსაბურავივით მქონდა.

15 უსინათლოსთვის თვალი ვიყავი

და კოჭლისთვის — ფეხი;

16 ღარიბთათვის მამა ვიყავი+

და უცნობებს სამართალს ვუჩენდი.+

17 დამნაშავეს ყბებს ვუმტვრევდი+

და კბილებიდან მსხვერპლს ვგლეჯდი.

18 ვამბობდი: „ჩემს სახლში მოვკვდები+

და ჩემი ცხოვრების დღეები ქვიშასავით ურიცხვი იქნება.

19 ფესვებს წყლებამდე გავიდგამ

და ჩემს ტოტებს ნამი დილამდე შერჩება.

20 ჩემი დიდება არასოდეს გაქრება,

და მშვილდი ყოველთვის მოზიდული მექნება“.

21 ხალხი გულისყურით მისმენდა

და ჩემს რჩევას სულგანაბული ელოდა.+

22 სათქმელს რომ ვეტყოდი, აღარაფერს ამბობდნენ;

ჩემი სიტყვები მათ ყურს ეამებოდა.

23 ისე მელოდნენ, როგორც წვიმას,

გაზაფხულის წვიმასავით ყლაპავდნენ ჩემს სიტყვებს.+

24 რომ ვუღიმოდი, არ სჯეროდათ,

ჩემი ნათელი პირისახე სიმხნევეს მატებდათ*.

25 რჩევას ვაძლევდი როგორც მათი თავკაცი,

ისე ვცხოვრობდი, როგორც მეფე, გარს ჯარი რომ ახვევია,+

და როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელი».+

30 „ახლა კი ჩემზე

უმცროსები დამცინიან,+

რომელთა მამებსაც

ჩემი ფარის ძაღლების გვერდითაც არ დავაყენებდი.

 2 რაში მარგია მათი მკლავის სიძლიერე?!

გაქარწყლდა მათი ძალა.

 3 სიდუხჭირისა და შიმშილისაგან ძალა გამოელიათ,

ხრავენ გამოფიტულ მიწას,

გახრიოკებულსა და გაპარტახებულს.

 4 ბუჩქებიდან მარილიან ფოთლებს წყვეტენ

და ბუჩქების ფესვებით იკვებებიან.

 5 ხალხისგან გარიყულნი არიან,+

ისე უყვირიან მათ, როგორც ქურდებს.

 6 ხევების ფერდობებზე მკვიდრობენ,

მიწის ღრმულებსა და კლდეებში.

 7 ბუჩქებიდან ღაღადებენ,

ჭინჭრებში შეყუჟულან.

 8 უგუნურთა და არსახსენებელთა ძეები არიან

და განდევნილნი არიან ქვეყნიდან;

 9 მაგრამ თავიანთ სიმღერებშიც მე დამცინიან;+

მათი მასხრად ასაგდები გავხდი.+

10 შემიძულეს, თავი შორს უჭირავთ ჩემგან+

და სახეშიც კი მაფურთხებენ;+

11 მოუშვა ღმერთმა ჩემი მშვილდის ლარი და დამამცირა,

ამიტომაც ყველაფერს კადრულობენ ჩემ წინაშე.

12 ბრბოსავით შემომიტიეს მარჯვნიდან.

მიმარბენინებენ

და გზად დაბრკოლებებს მიქმნიან დასაღუპავად.

13 სპობენ ჩემს გზასავალს;

უბედურებას უბედურებაზე მატეხენ+

და არავინაა მათი შემაკავებელი*.

14 თითქოს გალავნის ნაპრალიდან შემოცვივდნენო,

თავს მესხმიან ისედაც განადგურებულს.

15 თავზარდაცემული ვარ,

ჩემი ღირსება ქარივით მიქრის

და ჩემი ხსნის იმედი ღრუბელივით ქრება,

16 სული მელევა;+

ყოველდღე ვიტანჯები.+

17 ღამით ტკივილი ძვლებს მიჭამს,+

მღრღნის და არ მიყუჩდება.+

18 უსაზღვრო ძალამ სამოსელი დამიმახინჯა*,

საყელოსავით მიჭერს და მახრჩობს.

19 ტალახში ჩამაგდო ღმერთმა,

მიწას და ნაცარს დავემსგავსე.

20 საშველად გიხმობ, მაგრამ არ მპასუხობ;+

ვდგები, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევ.

21 უმოწყალო გახდი ჩემ მიმართ,+

მთელი ძალით მებრძვი.

22 წამომაყენებ და ქარს მატან,

მერე კი ქარიშხალს ატაცებინებ ჩემს თავს*.

23 ვიცი, რომ სასიკვდილოდ გამწირავ,

მიმიყვან იმ სახლში, სადაც ყველა ცოცხალი თავს იყრის.

24 განადგურებულ კაცს ხელს არავინ დაარტყამდა,+

კაცს, რომელიც გასაჭირში შველას ითხოვს.

25 უბედურებაში ჩაცვენილთა გამო ვტიროდი

და გაჭირვებულთა გამო ვწუხდი.+

26 კარგის იმედი მქონდა, მაგრამ ცუდი შემემთხვა;

სინათლეს ველოდი, მაგრამ წყვდიადმა მომიცვა.

27 შიგნეული მიდუღს,

გაჭირვების დღეები დამიდგა.

28 ნაღვლიანი დავდივარ,+ მზე აღარ მინათებს,

კრებულში ვდგები და შველას ვითხოვ.

29 ტურების ძმა გავხდი

და სირაქლემების — მეგობარი.+

30 კანი გამიშავდა და ამძვრა,+

სიმხურვალისგან ძვლები მეწვის.

31 ჩემი ქნარი გლოვისთვისაა

და ჩემი სტვირი გოდებისთვის“.

31 „პირობა მივეცი ჩემს თვალებს+

და როგორ შევხედავდი ქალწულს გულისთქმით?!+

 2 მაშ, რა წილი უნდა ერგუნებინა ჩემთვის მაღლიდან ღმერთს?!

ან რა მემკვიდრეობა უნდა მოეცა ზემოდან ყოვლისშემძლეს?!

 3 უბედურება ხომ დამნაშავეებს ატყდებათ

და ვაება — სიავის მქნელთ!+

 4 განა ვერ ხედავს იგი ჩემს გზებს+

და არ ითვლის ჩემს ნაბიჯებს?!

 5 ოდესმე თუ მივლია უსამართლოდ*?!

თუ ამიჩქარებია ფეხი მზაკვრობის ჩასადენად?!+

 6 ამწონოს ღმერთმა ზუსტ სასწორზე+

და დაინახავს, რომ ერთგული* ვარ.+

 7 თუ მე გზიდან გადამეხვიოს+

ან ჩემი გული ჩემს თვალს აჰყოლოდეს,+

ან ცუდ საქმეში გამესვაროს ხელი,

 8 მაშინ ჩემი დათესილი სხვამ შეჭამოს+

და ჩემი დარგული ამოიძირკვოს.

 9 თუ უცდუნებია ქალს ჩემი გული+

ან თუ ჩავსაფრებივარ მოძმეს კართან,+

10 მაშინ სხვა კაცს დაუფქვას ჩემმა ცოლმა

და სხვა კაცები დაწვნენ მასთან.+

11 ეს ხომ სამარცხვინო საქციელი იქნებოდა,

დანაშაული, რომლის გამოც მოსამართლეთაგან

სასჯელს დავიმსახურებდი!+

12 ეს იქნებოდა გამანადგურებელი და შთამნთქმელი ცეცხლი,+

რომელიც მთელ ჩემს საბადებელს ძირფესვიანად მოსპობდა.

13 სამართალი რომ არ გამეჩინა ჩემი მონისთვის ან მხევლისთვის,

როცა მიჩიოდნენ,

14 რას ვიზამდი, როცა ღმერთი პასუხს მომთხოვდა?!

რას ვეტყოდი მას, როცა დამიპირისპირდებოდა?!+

15 ისინიც ხომ მისი შექმნილები არიან,

ვინც მე შემქმნა დედის მუცელში?!+

განა მან არ გამოგვსახა, ვიდრე დავიბადებოდით?!+

16 თუ ღარიბისთვის რამე დამეკავებინოს+

ან ქვრივის თვალები დამენაღვლიანებინოს,+

17 თუ მარტოს მეჭამოს საჭმელი

და ობლებისთვის არ გამეყოს+

18 (ჩემი სიჭაბუკიდანვე ჩემთან, როგორც მამასთან,

ისე იზრდებოდნენ ობლები,

და პატარაობიდანვე ვეხმარებოდი ქვრივებს),

19 თუ დამენახოს ტანსაცმლის არმქონე, სიცივისგან მომაკვდავი,

ან ღარიბი, სამოსელი რომ არ ჰქონდა,+

20 თუ არ გამთბარიყოს ჩემი ცხვრის მატყლით

და არ დაველოცე,+

21 თუ მომეღერებინოს მუშტი ობლისთვის,+

როცა მას კარიბჭესთან ჩემი შველა სჭირდებოდა*,+

22 მაშინ ამომვარდეს მკლავი

და იდაყვში გადამიტყდეს.

23 მეშინოდა, რომ უბედურება არ დამტეხოდა ღვთისგან;

ვეღარ შევძლებდი მისი სიდიადის წინაშე დგომას.

24 თუ დამემყარებინოს იმედი ოქროზე

და, თუ მეთქვას ხალასი ოქროსთვის, ჩემი იმედი ხარ-მეთქი,+

25 თუ მოენიჭებინოს ჩემთვის სიხარული დიდძალ ქონებას,+

სიმდიდრეს, რომელიც დავაგროვე,+

26 თუ დამენახოს მზის სიკაშკაშე

ან დიდებულად მოძრავი მთვარე,+

27 თუ ცდუნებულიყოს ჩემი გული

და მათ თაყვანსაცემად ხელზე მეკოცნოს,+

28 ეს დანაშაული იქნებოდა, რომლის გამოც მოსამართლეთაგან სასჯელს დავიმსახურებდი,

რადგან ზეციერ ღმერთს უარვყოფდი.

29 ოდესმე თუ გამხარებია მტრის განადგურება?!+

ან, თუ მიმხიარულია მის უბედურებაზე?!

30 არ მიმიცია ჩემი ბაგისთვის იმის ნება, რომ ცოდვა ჩაედინა,

დაეწყევლა მტერი და სასიკვდილოდ გაემეტებინა.+

31 არ გაგიგიათ, ჩემი ხალხი რომ ამბობდა,

ულუკმაპუროდ მას არავინ დაუტოვებიაო?!+

32 უცნობისთვის ღამე გარეთ არ გამითევინებია,+

ჩემი კარი მგზავრთათვის ყოველთვის ღია იყო.

33 სხვებივით თუ მიმიჩქმალავს ცოდვები?!+

თუ დამიმალავს დანაშაული უბეში?!

34 თუ შევუშინებივარ უმრავლესობის აზრს

ან, თუ შევუძრწუნებივარ მოძმეთა სიძულვილს,

გავჩუმებულვარ და შიშით გარეთ აღარ გავსულვარ?!

35 ნეტავ ვინმე მომისმენდეს!+

ხელმოწერით დავადასტურებდი ჩემს ნათქვამს.

მიპასუხოს ყოვლისშემძლემ!+

ნეტავ შეადგენდეს საბუთს ჩემი ბრალმდებელი

და შიგ ჩაწერდეს, რაში მიმიძღვის ბრალი!

36 მხრით ვატარებდი ამ საბუთს

და თავზე გვირგვინივით დავიდგამდი.

37 ჩემი ყოველი ნაბიჯისთვის ანგარიშს ჩავაბარებდი

და მთავარივით თავდაჯერებული ვეახლებოდი.

38 თუ ჩემს მიწას ჩემ წინააღმდეგ დაეჩივლოს

და მიწის ხნულებს ეტიროთ,

39 თუ მუქთად მეჭამოს მისი ნაყოფი+

და სასოწარკვეთილი დამეტოვებინოს მისი მფლობელი,+

40 მაშინ ხორბლის ნაცვლად ეკალი აღმომიცენდეს,

და ქერის ნაცვლად — მყრალი სარეველა“.

ასე დაასრულა იობმა თავისი სიტყვა.

32 აღარ გაუცია იმ სამ კაცს პასუხი იობისთვის, რადგან იგი დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში.+ 2 ძალიან გაბრაზდა ელიჰუ, ბუზელი+ ბარაქელის ვაჟი, რომელიც რამის საგვარეულოდან იყო. იობზე იმიტომ გაბრაზდა, რომ ის საკუთარ თავს ღმერთზე მართლად თვლიდა,+ 3 მის სამ მეგობარზე კი იმიტომ, რომ ვერ გასცეს იობს სათანადო პასუხი და ღმერთი ბოროტი გამოიყვანეს.+ 4 ელიჰუ აცდიდა მათ, რომ იობისთვის ეპასუხათ, ვინაიდან ისინი მასზე უფროსები იყვნენ.+ 5 როცა დაინახა ელიჰუმ, რომ იმ სამ კაცს სათქმელი აღარაფერი ჰქონდა, განრისხდა. 6 შემდეგ ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ვაჟმა, მათ უთხრა:

„მე თქვენზე უმცროსი ვარ,

თქვენ კი — ჩემზე უფროსები;+

ამიტომაც ვიკავებდი თავს+

და ვერ ვბედავდი იმის თქმას, რაც ვიცი.

 7 ვთქვი, ასაკმა ილაპარაკოს

და წელთა სიმრავლემ გააცხადოს-მეთქი სიბრძნე.

 8 კაცთათვის მიცემული სული

და ყოვლისშემძლის სუნთქვა იძლევა გონიერებას.+

 9 მხოლოდ ასაკი როდი იძლევა სიბრძნეს

და მხოლოდ მოხუცებს როდი ესმით, რა არის სწორი.+

10 ამიტომ ვამბობ: მომისმინეთ,

და მეც გეტყვით იმას, რაც ვიცი!

11 მე გაცდიდით ლაპარაკს,

ყურს ვუგდებდი თქვენს მსჯელობას,+

როცა სათქმელს აყალიბებდით.+

12 ყურადღებით გისმენდით,

მაგრამ ვერცერთმა ვერ დაუმტკიცეთ იობს, რაში შეცდა,

და მის მტკიცებულებებს ვერაფერი დაუპირისპირეთ.

13 ამიტომ ნუ ამბობთ, სიბრძნეს მივაკვლიეთ,

მას ღმერთი სდებს მსჯავრს და არა ადამიანიო.

14 იობი მე არ დამპირისპირებია,

ამიტომ მე იმ მტკიცებულებებს არ მოვუყვან,

თქვენ რომ მოუყვანეთ.

15 გაწბილდნენ, აღარაფერს პასუხობენ;

სათქმელი აღარაფერი აქვთ.

16 ვუცდი, მაგრამ აღარაფერს ამბობენ,

დგანან და პასუხს ვერ იძლევიან.

17 მეც ვიტყვი ჩემსას,

მეც ვიტყვი, რაც ვიცი.

18 სათქმელი ბევრი მაქვს;

სული* მომაწვა.

19 შინაგანად ისე ვარ, როგორც ღვინო თავმოუხდელ ჭურჭელში,

როგორც ახალი ტიკი, რომელიც სადაცაა გასკდება.+

20 ვილაპარაკებ, რომ შვება ვიგრძნო,

გავხსნი ბაგეს და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

21 მიკერძოებული არ ვიქნები+

და პირფერობას არ დავიწყებ.

22 არ შემიძლია პირფერობა,

რომ შემძლებოდა, ჩემი შემქმნელი უმალვე მომსპობდა“.

33 «ახლა შენ გთხოვ, იობ, მოისმინო ჩემი სიტყვები

და ყური დაუგდო ჩემს ნათქვამს.

 2 გავხსნი ჩემს ბაგეს

და ჩემი ენა ილაპარაკებს.

 3 რასაც ვიტყვი, წრფელი გულით ვიტყვი;+

ალალად ვიტყვი იმას, რაც ვიცი.

 4 თვით ღვთის სულმა შემქმნა+

და ყოვლისშემძლის სუნთქვამ მომცა სიცოცხლე.+

 5 თუ შეგიძლია, გამეცი პასუხი,

მოიყვანე შენი მტკიცებულებები და დაიცავი თავი.

 6 ღვთისთვის ერთნი ვართ, მეც და შენც;

მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი.+

 7 ჩემი არ შეგეშინდეს,

არაფრით არ დაგამძიმებ.

 8 გავიგე, რაც თქვი,

გისმენდი, რომ ამბობდი:

 9 „სუფთა ვარ, უდანაშაულო,+

წრფელი და ბრალდაუდებელი,+

10 მაგრამ ღმერთმა მაინც იპოვა საბაბი, რომ დამპირისპირებოდა;

მტრად მიმიჩნევს.+

11 ფეხებს ხუნდებში მაყოფინებს

და ყველა ჩემს გზაზე მისაფრდება“.+

12 ამას რომ ამბობ, არა ხარ მართალი; ამიტომ შეგეპასუხები:

ღმერთი მოკვდავ კაცზე ბევრად აღმატებულია.+

13 რატომ ედავები მას?+

იმიტომ ხომ არა, რომ ყველაფერზე პასუხს არ გცემს?!+

14 ღმერთი ერთხელ ამბობს, შემდეგ იმეორებს,

მაგრამ ყურს არავინ უგდებს.

15 ამას აკეთებს სიზმარსა და ღამის ხილვაში,+

როცა ხალხს ღრმად სძინავს,

როცა თავიანთ საწოლებში სძინავთ;

16 უხსნის მათ ყურს+

და თავის სიტყვას შთააგონებს,

17 რომ ჩამოაშოროს ადამიანი ბოროტებას+

და დაიცვას კაცი სიამაყისგან.+

18 არ უშვებს მის სულს* საფლავში,+

მის სიცოცხლეს მახვილისგან იცავს.

19 მას საწოლში ავადმყოფობაც შეაგონებს

და ძვლების ტკივილიც;

20 პური შეიზიზღა

და საყვარელ საჭმელზეც უარს ამბობს.+

21 ხორცი გაელია

და ძვლები გამოუჩნდა.

22 მისი სული საფლავს უახლოვდება,

მისი სიცოცხლე კი — სხვათა სიცოცხლის ხელმყოფთ.

23 თუ ეყოლება მაცნე*,

ათასიდან ერთი მაინც, რომ უშუამავლოს

და უთხრას, როგორ მოიქცეს,

24 მაშინ ღმერთი კეთილად განეწყობა მისადმი და იტყვის:

„ნუ ჩავა საფლავში,+

ვიპოვე გამოსასყიდი!+

25 განუახლდეს ხორცი ახალგაზრდობის დროინდელზე მეტად+

და დაუბრუნდეს ახალგაზრდული ძლიერება“.+

26 შეევედრება ღმერთს+ და ისიც მიიღებს,

იხილავს ღვთის სახეს და იყიჟინებს;

ის გაუჩენს სამართალს მოკვდავ კაცს.

27 ხალხს ეტყვის:

„შევცოდე+ და სიმართლე გავამრუდე,

მაგრამ არ მიმიღია, რასაც ვიმსახურებდი*.

28 მან გამოისყიდა ჩემი სული და აღარ ჩავალ საფლავში,+

ვიხილავ სინათლეს“.

29 ასე მოქმედებს ღმერთი ადამიანისთვის

ორჯერ, სამჯერაც კი,

30 რათა საფლავიდან ამოიყვანოს იგი

და სიცოცხლის სინათლე მოაფინოს.+

31 ყური დამიგდე, იობ! მომისმინე!

ჩუმად იყავი, მე ვილაპარაკებ.

32 თუ რამე გაქვს სათქმელი, მითხარი.

ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია.

33 თუ არაფერი გაქვს სათქმელი, მე მომისმინე.

ნუ ილაპარაკებ, და მე გეტყვი, რა არის სიბრძნე».

34 ელიჰუმ განაგრძო:

2 «მომისმინეთ, ბრძენნო,

ყური დამიგდეთ, მცოდნენო,

 3 რადგან სიტყვებს ყური არჩევს,

საჭმლის გემოს — ენა*.

 4 მოდი განვსაჯოთ, რა არის სწორი

და განვსაზღვროთ, რა არის კარგი,

 5 რადგან იობმა თქვა: „მე მართალი ვარ,+

თუმცა ღმერთმა დამიკავა სამართალი;+

 6 ვიცრუო და ვთქვა, რომ არ ვიმსახურებ გამართლებას?!

არ შუშდება ჩემი ჭრილობა, თუმცა უდანაშაულო ვარ“.+

 7 ვინაა იობის მსგავსი,

წყალივით რომ სვამდეს დაცინვას?!

 8 სიავის მქნელთა

და ბოროტთა გარემოცვაშია;+

 9 ამიტომაც თქვა, რას არგებს კაცს,

ღმერთს თუ აამებსო.+

10 გონიერნო, ყური დამიგდეთ:

შორს არის ღვთისგან ბოროტება+

და ყოვლისშემძლისგან — უსამართლობა!+

11 იგი ადამიანს მისი ნამოქმედარისამებრ მიუზღავს,+

მისი გზისამებრ მიაგებს.

12 არ იქმს ღმერთი ბოროტებას,+

არ ამრუდებს ყოვლისშემძლე სამართალს!+

13 ვინ ჩააბარა მას დედამიწა?!

ან ვინ დააყენა ის ქვეყნიერების გამგებლად?!

14 ვისაც ის დაუპირისპირდება,

ვისაც სულსა* და სუნთქვას წაართმევს,+

15 ყველა ერთიანად ამოწყდება,

ყველა მტვერს დაუბრუნდება.+

16 გონიერი კაცი ხარ და მომისმინე,

ყური დამიგდე.

17 განა იხელმწიფებს ის, ვისაც სამართალი სძულს?!

დასდებ ბრალს ძალაუფლების მქონეს, რომელიც მართალია?!

18 ეტყვი მეფეს, არაფრის მაქნისი ხარო?!

ან დიდებულს — ბოროტი ხარო?!+

19 ღმერთი მიკერძოებას არ იჩენს მთავრების მიმართ

და მდიდარს ღარიბზე მაღლა არ აყენებს,+

რადგან ყველა მისი შექმნილია;+

20 უცაბედად იხოცებიან+ შუაღამისას;+

ცახცახებენ და ბოლო ეღებათ;

ძლიერებიც კი კვდებიან, ოღონდ ადამიანის ხელით არა,+

21 ვინაიდან ღმერთი დაჰყურებს ადამიანის გზას,+

და მის ყოველ ნაბიჯს ხედავს.

22 არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი,

სადაც სიავის მქნელნი დაიმალებიან;+

23 ამიტომ ღმერთს არცერთი ადამიანისთვის არ დაუნიშნავს დრო,

რომ მის წინაშე გასასამართლებლად წარდგეს.

24 გამოძიების გარეშე მუსრავს ძლიერთ

და მათ ადგილზე სხვებს აყენებს,+

25 ვინაიდან იცის, რასაც სჩადიან;+

ამხობს მათ ღამით, და ნადგურდებიან.+

26 ურტყამს მათ თავიანთი ბოროტების გამო,

ყველას დასანახად,+

27 ვინაიდან აღარ მიჰყვებიან მას,+

მის გზებს არაფრად აგდებენ.+

28 მათ ხელში საწყლები საშველად ღმერთს უხმობენ,

და ისიც ისმენს ჩაგრულთა ღაღადს.+

29 თუ ღმერთი დუმს, ვინ დაადანაშაულებს მას?!

თუ სახეს იფარავს, ვინ იხილავს მას?!

სულერთია, ერი იქნება თუ კაცი;

30 ვერ იმეფებს უღვთო+

და ვერ დაუგებს ხალხს მახეს.

31 შენ ღმერთს ეუბნები:

დავისაჯე, თუმცა დანაშაული არ ჩამიდენიაო.+

32 დამანახე, რაც მე ვერ დავინახე;

და, თუ რამე ჩავიდინე, აღარ გავიმეორებო.

33 განა შენი სურვილისამებრ მოგექცევა,

როცა მის სამართალს უგულებელყოფ?!

ეს შენი არჩევანია და არა ჩემი.

თუ რამე იცი, აბა მითხარი.

34 გონიერნიც

და ბრძენნიც, რომელნიც მისმენენ, მეტყვიან,

35 არ იცის იობმა, რას ლაპარაკობს+

და მის სიტყვებში გამჭრიახობა არ ჩანსო.

36 ბოლომდე გამოიცადოს იობი*,

რადგან ბოროტთა მსგავსად ლაპარაკობს.

37 თავის ცოდვას ურჩობას ამატებს;+

ჩვენ თვალწინ ხელს ხელზე ურტყამს დამცინავად

და ბევრს ლაპარაკობს ღვთის წინააღმდეგ».+

35 ელიჰუმ განაგრძო:

2 „იმდენად დარწმუნებული ხარ საკუთარ სიმართლეში, რომ ამბობ, ღმერთზე მართალი ვარო?!+

 3 იმასაც ამბობ, შენთვის* რა მნიშვნელობა აქვსო;

რომ არ შემიცოდავს, ამით რა მივიღეო?!+

 4 მე გიპასუხებთ შენც

და შენს მეგობრებსაც.+

 5 ახედე ცას და დააკვირდი ღრუბლებს;+

ნახე, რამსიმაღლეზე არიან.

 6 თუ სცოდავ, ღმერთს რას ავნებ?!+

თუ ცოდვას ცოდვაზე ჩაიდენ, რას დააკლებ მას?!+

 7 თუ მართალი ხარ, რას შემატებ?!

რას მიიღებს იგი შენგან?!+

 8 შენი ბოროტებით მხოლოდ შენნაირ ადამიანს თუ ავნებ

და შენი სიმართლით მხოლოდ ადამიანის ძეს თუ არგებ.

 9 ხალხი სასტიკი ჩაგვრისგან კვნესის

და ძლევამოსილთა ბატონობისგან გათავისუფლებას ითხოვს.+

10 მაგრამ არავინ ამბობს, სად არის ღმერთი,

ჩემი დიდებული შემოქმედი,+

ვინც კაცს ღამით სამღერლად აღძრავსო.+

11 ჩვენ უფრო მეტს არ გვასწავლის,+ ვიდრე ცხოველებს?!+

ჩვენ უფრო მეტად არ გვაბრძენებს, ვიდრე ფრინველებს?!

12 ღაღადებს ხალხი, მაგრამ არ პასუხობს იგი,+

რადგან ბოროტები და ამაყები არიან.+

13 არ ისმენს ღმერთი მათ ფუჭ ღაღადს+

და არ უგდებს ყურს მათ ყოვლისშემძლე.

14 შენ როგორღა მოგისმენს, რომ ამბობ, ზურგი მაქციაო?!+

შენი საქმე განსასჯელად მის წინაშეა;

ამიტომ მოუთმენლად დაელოდე მას.+

15 ხომ ხედავ, არ გირისხდება, პასუხს არ გთხოვს

და არც შენს უგუნურებას აქცევს ყურადღებას?!+

16 იობი ამაოდ ხსნის ბაგეს,

უცოდინარობით ბევრს ლაპარაკობს“.+

36 ელიჰუმ განაგრძო:

2 „ცოტაც მოითმინე და ბოლომდე აგიხსნი,

კიდევ მაქვს სათქმელი ღვთის სასარგებლოდ.

 3 საფუძვლიანად აგიხსნი ყველაფერს, რაც ვიცი,

და ჩემი შემოქმედის სიმართლეს გავაცხადებ.+

 4 რასაც ვამბობ სიმართლეა;

ეს ყველაფერი მისგან ვიცი,

ვინც სრულყოფილ ცოდნას ფლობს.+

 5 ღმერთი ძლევამოსილია+ და ზურგს არავის აქცევს,

მისთვის ჩაუწვდომელი არაფერია.

 6 ბოროტებს არ აცოცხლებს,+

ჩაგრულთ კი სამართალს უჩენს.+

 7 თვალს არ აშორებს მართლებს,+

მეფეებთან სხამს ტახტზე*+ და განდიდებულნი არიან.

 8 მაგრამ, თუ მათ ბორკილები დაედებათ

და ჩაგვრის თოკებით შეიბოჭებიან,

 9 ის ეტყვის მათ, რა შესცოდეს

და რა დანაშაული ჩაიდინეს სიამაყით.

10 გაუხსნის მათ ყურს, რომ შეაგონოს

და ეტყვის, რომ ზურგი აქციონ ბოროტებას.+

11 თუ დაემორჩილებიან და ემსახურებიან მას,

ცხოვრებას კეთილდღეობაში გალევენ

და წლები სიამოვნებას მოჰგვრით.+

12 მაგრამ, თუ არ დაემორჩილებიან, მახვილით+ დაიღუპებიან

და უმეცრებაში დაიხოცებიან.

13 უღვთოები გულში ბოღმას იდებენ,

ღვთისგან ბორკილდადებულნიც კი არ ითხოვენ შველას;

14 სიყმაწვილეში იხოცებიან,+

ცხოვრებას ტაძრის მეძავი კაცების გვერდით ატარებენ*.+

15 მაგრამ საწყლებს ღმერთი გასაჭირში შველის

და ჩაგრულებს ყურს უხსნის.

16 გასაჭირის პირისპირ მყოფს გშველის+

და ვრცელ ადგილზე გაჰყავხარ, რომ თავისუფლად იყო.+

სუფრას ნოყიერი საკვებით გივსებს, რომ განუგეშოს.+

17 კმაყოფილებას მოგგვრის ბოროტთათვის

გამოტანილი განაჩენი,+

როცა აღსრულდება განაჩენი და სამართალი იზეიმებს.

18 ფრთხილად იყავი, რომ ბრაზი სიძულვილში არ გადაგეზარდოს+

და ქრთამმა გზიდან არ გადაგიყვანოს,

19 თორემ მერე ვეღარც ღაღადი გიშველის

და ვერც ვერანაირი ძალისხმევა.+

20 ნუ ესწრაფი ღამეს,

როცა ხალხი თავისი ადგილსამყოფლიდან უჩინარდება.

21 ფრთხილად იყავი, რომ ცუდ გზას არ დაადგე,

ამას გაჭირვება გერჩივნოს.+

22 ღმერთი თავისი ძლევამოსილებითაა განდიდებული;

ვინ არის მისნაირი მოძღვარი?!

23 ვინ უკარნახებს, რა გზას დაადგეს*?!+

ან ვინ ეტყვის, არასწორად მოიქეციო?!+

24 არ დაგავიწყდეს ღვთის განდიდება მისი ნამოქმედარის გამო,+

რასაც ხალხი უმღერის.+

25 მთელი კაცობრიობა ხედავს მის ნამოქმედარს;

მოკვდავი კაცი შორიდან შესცქერის.

26 ღმერთი იმაზე დიდებულია, ვიდრე წარმოგვიდგენია;+

ჩაუწვდომელია მის წელთა რიცხვი.+

27 მაღლა ააქვს წყლის წვეთები+

და ნისლი წვიმად იქცევა.

28 შემდეგ ღრუბლებიდან იღვრება წვიმა+

და კაცობრიობას ესხურება.

29 ვინ გაიგებს, რამდენ ფენად იშლება ღრუბელი

და როგორ გამოდის ქუხილი მისი კარვიდან?!+

30 შეხედე, როგორ განავრცობს ელვას+

და როგორ ავსებს ზღვის სიღრმეებს.

31 მათით ასაზრდოებს* ხალხს;

უხვად აძლევს მათ საკვებს.+

32 ხელში უჭირავს ელვა

და თავდასხმის ბრძანებას აძლევს.+

33 მის შესახებ გრგვინვა გვაუწყებს,

პირუტყვიც კი გვეუბნება, თუ ვინ* მოდის“.

37 „ამის გამო გული გამალებით მიძგერს,

ლამის საგულედან ამომვარდეს.

 2 ხალხო, მოუსმინეთ მის მგრგვინავ ხმას

და მისი პირიდან გამომავალ ქუხილს.

 3 ის მთელ ცისქვეშეთში უშვებს მას,

და ელვას+ დედამიწის კიდეებამდე აწვდენს.

 4 შემდეგ ისმის მჭექარე ხმა,

აქუხებს თავის დიდებულ ხმას;+

არ აკავებს ელვას, როცა გამოსცემს თავის ხმას.

 5 საოცრად ქუხს ღვთის ხმა,+

დიდებულ და ჩაუწვდომელ საქმეებს იქმს იგი.+

 6 თოვლს ეუბნება, მიწას მოეფინეო,+

და თავსხმას — ძირს მძლავრად დაეშვიო.+

 7 ღმერთი აჩერებს ადამიანთა საქმეებს,

რათა ყოველი მოკვდავი ხედავდეს მის ნამოქმედარს.

 8 მხეცები თავიანთ ბუნაგებში შედიან

და იქ რჩებიან.

 9 შიდა ოთახიდან გამოდის ქარიშხალი+

და ჩრდილოეთის ქარს მოაქვს სიცივე.+

10 ღვთის სუნთქვით წარმოიქმნება ყინული+

და იყინება წყლის მასები.+

11 ღრუბელს ატენიანებს და მძიმდება ის,

ელვას ღრუბლებში შლის.+

12 ღრუბლები იქით მიდიან, საითაც ის მიავლენს,

და მის ბრძანებას ასრულებენ+ მთელი დედამიწის თავზე.

13 დასასჯელად იქნება,+ მიწის მოსარწყავად

თუ სიკეთის* საკეთებლად, იგი შედეგს გამოაღებინებს.+

14 დაფიქრდი, იობ!

აბა ჩაუკვირდი ღვთის საოცარ საქმეებს.+

15 იცი, როგორ განაგებს ღრუბლებს

და როგორ ანათებინებს ელვას ღრუბლებიდან?!

16 იცი, როგორ ლივლივებენ ღრუბლები?!+

ყველა ეს საოცრება მისი ნახელავია,

ვინც სრულყოფილ ცოდნას ფლობს!+

17 რატომაა, რომ სამხრეთის ქარი შენს სამოსს აცხელებს,

დედამიწას კი სიმშვიდეს ჰგვრის?!+

18 შენც შეგიძლია ისე გამოჭედო ცა,+

რომ ლითონის სარკესავით მყარი იყოს?!

19 გვითხარი, რა ვუთხრათ მას!

ვერ ვპასუხობთ, რადგან სიბნელეში ვართ.

20 განა უნდა ემცნოს ღმერთს,

რომ მისთვის რაღაც მაქვს სათქმელი?!

ვის რა უთქვამს ისეთი, რომ ღმერთს ეუწყოს?!+

21 იმ სინათლესაც კი ვერ ხედავენ,

ცაზე რომ კაშკაშებს,

სანამ ქარი ღრუბლებს არ გაფანტავს.

22 ჩრდილოეთიდან ოქროსებრი ბრწყინვალება მოდის;

შიშის მომგვრელია ღვთის სიდიადე.+

23 ჩაუწვდომელია ყოვლისშემძლის გზები,+

ძლევამოსილია იგი+

და არასოდეს გაამრუდებს სამართალსა+ და სიმართლეს.+

24 ამიტომაც უნდა ეშინოდეს ხალხს მისი;+

არ სწყალობს იგი მათ, ვისაც თავი ბრძენი ჰგონია“.+

38 იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან მიუგო:+

2 „ვინ არის ეს, ჩემს რჩევას რომ არად აგდებს

და უცოდინარობით ლაპარაკობს?!+

 3 წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც ვაჟკაცს შეჰფერის;

შეგეკითხები და მიპასუხე.

 4 სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი?!+

მითხარი, თუ იცი!

 5 იცი, ვინ დაუწესა მას საზღვრები,

და ვინ გაზომა ლარით?!

 6 სად ჩაეყარა საძირკველი

და ვინ დაუდო ქვაკუთხედი,+

 7 რის გამოც ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები+

და ყიჟინებდნენ ღვთის ძეები?!+

 8 ვინ აღუმართა ზღვას კარიბჭე,+

თითქოსდა საშვილოსნოდან ამოხეთქილს,

 9 როცა ღრუბლებით შევმოსე

და წყვდიადში გავხვიე,

10 საზღვრები დავუდე,

კარიბჭეები და ურდულები დავუყენე,+

11 და ვუთხარი, აქამდე მოხვალ, ზღვარს არ გადმოხვალ,

აქ გაჩერდება შენი მედიდური ზვირთები-მეთქი?!+

12 გიბრძანებია ოდესმე დილისთვის

ან გიუწყებია განთიადისთვის ადგილი,+

13 რომ მოეცვა დედამიწის კიდეები

და განედევნა ბოროტები?!+

14 იცვლება მიწა, როგორც თიხა ბეჭედქვეშ,

და როგორც სამოსზე, ისე ისახება მასზე ნაკვთები!

15 ქრება ბოროტთა ნათელი

და სტყდებათ აღმართული ხელი.

16 ჩასულხარ ზღვის ფსკერზე?!

ან გამოგიკვლევია წყლის სიღრმეები?!+

17 გიხილავს ოდესმე სიკვდილის ბჭენი+

ან გინახავს უკუნეთის კარიბჭენი?!+

18 შეგისწავლია დედამიწის ვეება სივრცე?!+

მითხარი, თუ გაგეგება რამე ამ ყოველივესი.

19 იცი, სადაა სინათლის სამყოფელი+

და სადაა სიბნელის სავანე,

20 რომ თავ-თავის ადგილას მიიყვანო

და გაიგო, რომელი გზები მიდის მათ სამყოფლამდე?!

21 საიდან გეცოდინება, როცა მაშინ არ ყოფილხარ დაბადებული

და არც უამრავ წელს ითვლი?!

22 შესულხარ ოდესმე თოვლის საცავში+

ან გინახავს სეტყვის საცავი,+

23 რომელსაც უბედურებისთვის ვინახავ,

ბრძოლისა და ომის დღისთვის?!+

24 საიდან ვრცელდება სინათლე

და სად წარმოიქმნება აღმოსავლეთის ქარი დედამიწაზე?!+

25 ვინ გახსნა წვიმის სადინარი

და ვინ გაუკვალა გზა საავდრო ღრუბელს,+

26 რომ ეწვიმებინა უკაცრიელ მიწაზე,

უდაბნოში, სადაც კაციშვილი არ ჭაჭანებს,+

27 მოერწყო გაუდაბურებული ადგილები

და აღმოეცენებინა ბალახი?!+

28 ჰყავს წვიმას მამა?!+

ან ვინ წარმოშვა ნამი?!+

29 ვინ შობს ყინულს

ან ვინ ბადებს ციურ ჭირხლს,+

30 რომელიც წყლების თავზე ქვავდება

და ღრმა წყლის ზედაპირზე მყარდება?!+

31 შეგიძლია შეკრა ქიმის თანავარსკვლავედის* თოკები

ან მოუშვა ქესილის თანავარსკვლავედის* ბაწრები?!+

32 შეგიძლია თავის დროზე გამოიყვანო

მაზაროთის თანავარსკვლავედი*

და აშის თანავარსკვლავედსა* და მის ვაჟებს გაუძღვე?!

33 იცი, რომელ კანონებს ემორჩილებიან ციური სხეულები?!+

ან შეგიძლია მათი* კანონები დედამიწაზეც განავრცო?!

34 შეგიძლია ხმა მიაწვდინო ღრუბლებს,

რომ თავსხმა წამოვიდეს?!+

35 შეგიძლია წარგზავნო ელვა?!

რა, მოვა და გეტყვის, აქა ვარო?!

36 ვინ მისცა სიბრძნე ღრუბლებს*+

ან გონიერება — ციურ მოვლენებს*?!+

37 ვინაა ისეთი ბრძენი, რომ ღრუბლები დაითვალოს?!

ან ვინ გადმოაპირქვავებს ზეცაში წყლის ჭურჭლებს,+

38 რაც მტვერს ტალახად აქცევს

და მიწის ბელტებს ერთმანეთს აკრობს?!

39 შეგიძლია, ლომს ნანადირევი მოუპოვო?!

შეგიძლია შიმშილი მოუკლა მას,+

40 როცა თავის ბუნაგშია

ან, როცა ჩასაფრებულია?!

41 ვის მიაქვს ყორნისთვის საჭმელი,+

როცა მისი ბახალები საშველად ღმერთს შესჩხავიან,

საჭმელი არაფერი აქვთ და დაძრწიან?!“

39 „იცი მთის თხების მშობიარობის დრო?!+

გინახავს ფურირმების მშობიარობა?!+

 2 შეგიძლია დაითვალო, როდის უსრულდებათ მაკეობის თვეები?!

იცი, როდის უწევთ მშობიარობა?!

 3 იმუხლებიან და ისე შობენ თავიანთ ნაშიერებს;

უამდებათ მშობიარობის ტკივილები.

 4 ღონიერდებიან მათი ნაშიერები

და ტრიალ მინდორში იზრდებიან;

მიდიან და აღარ ბრუნდებიან.

 5 ვინ მიუშვა ნებაზე გარეული ვირი+

და ვინ გაუხსნა თოკი?!

 6 უკაცრიელ ველზე დავასახლე

და მარილის მიწაზე დავამკვიდრე.

 7 ქალაქის ხმაურზე ეცინება

და მდევრის ძახილი არ ესმის;

 8 მოივლის მთებს საძოვრებისა

და მცენარეების ძებნაში.

 9 მოინდომებს გარეული ხარი, რომ მოგემსახუროს?!+

გაგიჩერდება ღამით ბოსელში?!

10 შეაბამ თოკს გარეულ ხარს და ჩააყენებ კვალში?!

ან წაუძღვები წინ, რომ მოახვნევინო?!

11 დაენდობი მის უშრეტ ძალას?!

ან შეასრულებინებ მძიმე სამუშაოს?!

12 გექნება იმედი, რომ ნამკალს მოგიტანს

და კალოზე მოგიგროვებს?!

13 სირაქლემა მხიარულად აბარტყუნებს ფრთებს,

მაგრამ შეედრება მისი ფრთები და ბუმბული ყარყატისას?!+

14 ის თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს;

მიწაში ინახავს თბილად.

15 ავიწყდება, რომ შეიძლება ფეხი დაადგან და გატეხონ,

ან მხეცებმა გათელონ.

16 უხეშად ეპყრობა თავის ნაშიერებს, თითქოს სხვისები იყვნენ;+

არ წუხს იმაზე, რომ მისმა შრომამ შეიძლება ფუჭად ჩაიაროს,

17 ვინაიდან დაუკავა ღმერთმა სიბრძნე

და არ არგუნა გონიერება;

18 მაგრამ, როცა დგება და ფრთებს იქნევს,

დასცინის ცხენსაც და მხედარსაც.

19 შენ აძლევ ცხენს ძალას?!+

შენ უმოსავ კისერს ფაფრით?!

20 შეგიძლია კალიასავით ახტუნაო?!

შიშის მომგვრელია მისი გასაოცარი ჭიხვინი.+

21 ველს ფლოქვებს სცემს და მძლავრად ხტის,+

ბრძოლის ველზე იჭრება!+

22 შიშის განცდა სიცილად არ ჰყოფნის და არაფრის ეშინია,+

არც მახვილის დანახვაზე იხევს უკან.

23 ჩხარუნობს კაპარჭი

და შუბი და ხელშუბი ელვარებს.

24 გაშმაგებული მიქრის

და საყვირის ხმა ვერ აკავებს.

25 როგორც კი საყვირის ხმა გაისმება, მძლავრად დაიჭიხვინებს!

შორიდანვე გრძნობს ბრძოლის სუნს,

მეთაურთა შეძახილები და საომარი ყიჟინა ესმის.+

26 შენი გონიერების წყალობითაა, შევარდენი რომ ლივლივებს

და ფრთაგაშლილი სამხრეთისკენ მიფრინავს?!

27 შენი ბრძანებითაა, არწივი სივრცეში რომ იჭრება+

და ბუდეს მაღლა იშენებს,+

28 კლდეზე რომ ათევს ღამეს

და კლდის ქიმზე თავის ციხესიმაგრეში ბუდობს?!

29 იქიდან ეძებს საჭმელს;+

მისი თვალი შორიდან ჭვრეტს.

30 სისხლს წრუპავენ მისი მართვეები

და ისიც იქ არის, სადაც დახოცილები არიან“.+

40 შემდეგ იეჰოვამ იობს უთხრა:

2 „განა შარს უნდა სდებდეს კაცი ყოვლისშემძლეს და უნდა ედავებოდეს?!+

ვისაც ღვთის მხილება სურს, მან მიპასუხოს“.+

 3 იობმა იეჰოვას მიუგო:

 4 „არარაობა ვარ.+

რა გიპასუხო?!

პირზე მაქვს ხელი აფარებული.+

 5 ერთხელ ვილაპარაკე, მაგრამ ახლა აღარაფერს ვიტყვი,

მეორედაც, მაგრამ აღარაფერს დავუმატებ“.

 6 იეჰოვამ იობს ქარიშხლიდან უთხრა:+

 7 „წელზე სარტყელი შემოირტყი, როგორც ვაჟკაცს შეჰფერის;

შეგეკითხები და მიპასუხე.+

 8 ეჭვქვეშ დააყენებ ჩემს სამართალს?!

მე დამდებ ბრალს, შენ რომ მართალი გამოხვიდე?!+

 9 გაქვს ღმერთივით ძლიერი მკლავი?!+

შეგიძლია მისნაირად დაიგრგვინო?!+

10 აბა შეიმოსე აღმატებულებითა და დიდებით,

ღირსებითა და სიდიადით!

11 აბა განრისხდი,

დაინახე, ვინ არის ამპარტავანი, და დაამცირე;

12 დაინახე, ვინ არის ამპარტავანი, და დაამდაბლე,

ბოროტები კი ადგილზევე გათელე.

13 აბა ყველა ჩამარხე მიწაში

და შებორკე წყვდიადში.

14 ამის მერე კი ვაღიარებ,

რომ შენს მარჯვენას შენი ხსნა შესძლებია.

15 აი, ბეჰემოთი, რომელიც ჩემი შექმნილია, როგორც შენ.

ხარივით ჭამს ბალახს.

16 ნახე, რა ძალა აქვს თეძოებში

და რა ძლიერია მისი მუცლის კუნთები.

17 კედარივით მაგარი კუდი აქვს

და ჩაწნულია მისი ბარძაყის ძარღვები.

18 მისი ძვლები სპილენძის მილებია,

კიდურები რკინის კვერთხებივით აქვს.

19 თავის სახეობათა შორის ის ღვთის პირველი ქმნილებაა;

მისი განგმირვა მახვილით მხოლოდ მის შემქმნელს შეუძლია.

20 მას ასაზრდოებენ მთები,

სადაც გარეული ცხოველები თამაშობენ.

21 წვება ეკლიანი ბუჩქის ძირას,

ლერწმებსა და ჭაობებში;

22 ეკლიანი ბუჩქი ჩრდილავს მას

და ხევის ვერხვები არტყია გარს.

23 მდინარე რომ ბობოქრობს, არ ეშინია;

იორდანე+ რომ ასკდება მას, მაშინაც მშვიდადაა.

24 დაიჭერს ბეჰემოთს ის, ვინც წინ დაუდგება

ან გამოსდებს მას ცხვირში კაუჭს?!“

41 „დაიჭერ ლევიათანს*+ თევზსაჭერი კაუჭით

ან დაუბამ ენას თოკით?!

 2 გაუყრი ბაწარს ნესტოებში

ან გაუხვრეტ ყბებს კაუჭით?!

 3 დაგიწყებს ხვეწნა-მუდარას

ან თავაზიანად ლაპარაკს?!

 4 დაგიდებს პირობას,

სამუდამოდ შენი მონა გავხდებიო?!

 5 დაუწყებ თამაშს, როგორც ჩიტს

ან შეაბამ თოკს, რომ შენი გოგონები ეთამაშონ?!

 6 გადაგიცვლიან გამყიდველები რამეში?!

გაუყოფენ მას ვაჭრებს?!

 7 დაუფარავ ტყავს ბარჯებით+

ან თავს — ჭვილთებით?!

 8 აბა შეახე ხელი;

ეს ბრძოლა არასოდეს დაგავიწყდება

და ამას ვეღარასოდეს გაბედავ.

 9 მისი დამორჩილების ყოველი მცდელობა ფუჭი იქნება;

მისი დანახვაც კი შეგძრავს.

10 მის გაბრაზებას ვერავინ ბედავს

და მე ვინღა შემეწინააღმდეგება?!+

11 მომცა ვინმემ რამე პირველმა, მე რომ დავუბრუნო?!+

ცისქვეშეთში ყველაფერი ჩემია.+

12 ვილაპარაკებ მის კიდურებზე,

მის ძალასა და საოცარ აგებულებაზე.

13 ვის გაუხდია მისთვის სამოსელი?!

ვინ მიეკარება, როცა პირს გააღებს?!

14 ვის გაუხსნია მისი პირი?!

შიშის მომგვრელია მისი კბილები.

15 ზურგზე ჯავშანი წყებებად აქვს,

და მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს,

16 ისე მჭიდროდ,

რომ ჰაერიც კი ვერ ატანს.

17 მიჯრით არიან მიწყობილნი,

მიწებებულნი არიან და ვერავინ დააცალკევებს.

18 როცა ფრუტუნებს, სინათლეს ასხივებს,

თვალები განთიადის სხივებივით უნათებს.

19 პირიდან ელვას უშვებს,

ნაპერწკლებს ყრის.

20 ნესტოებიდან კვამლს უშვებს,

თითქოს ღუმელში ლერწამი იწვისო.

21 სუნთქვით ნაკვერჩხლებს აღვივებს,

პირიდან ალს უშვებს.

22 კისერში დიდი ძალა აქვს,

მის წინაშე მყოფნი ცახცახებენ.

23 მისი ტყავის ნაკეცები ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის;

მკვრივია, გეგონება, ჩამოსხმულიაო, და არ იძვრის.

24 მისი გული ქვასავით მაგარია,

დოლაბის ქვასავით მაგარი.

25 როცა წამოიმართება, ძლიერებიც კი ფრთხებიან,

როცა მძლავრად მოძრაობს, თავზარი ეცემათ.

26 ვერ განგმირავს მას ვერც მახვილი,

ვერც შუბი, ვერც ლახვარი და ვერც ისარი.+

27 რკინას ნამჯად მიიჩნევს

და სპილენძს — დამპალ ხედ.

28 ისარს რომ ესვრიან, არ გარბის,

მისთვის შურდულის ქვა ნამჯასავითაა.

29 ხელკეტიც ნამჯაა მისთვის

და შუბის შხუილზე ეცინება.

30 მუცელი თიხის ბასრი ნატეხებივით აქვს.

ტალახზე კევრივით სრიალებს.+

31 როგორც წყალი დუღს ქვაბში, ისე ადუღებს წყლის სიღრმეებს;

როგორც ნელსაცხებელი თუხთუხებს ქვაბში,

ისე ათუხთუხებს ზღვას.

32 ელვარე კვალს ტოვებს,

თითქოს ღრმა წყალი გაჭაღარავდაო.

33 არ არსებობს მიწაზე მისი მსგავსი ქმნილება,

არაფრის შიში რომ არ ჰქონდეს.

34 თვალს უსწორებს ყველა მედიდურ ცხოველს;

ის არის მხეცთა მეფე“.

42 იობმა იეჰოვას მიუგო:

2 „ახლა კი ვიცი, რომ შენთვის შეუძლებელი არაფერია.

არ არსებობს განზრახვა, ხორცი რომ ვერ შეასხა.+

 3 ამბობდი, ვინ არის ეს, ჩემს რჩევას რომ არად აგდებს

და უცოდინარობით ლაპარაკობს?!+

ვლაპარაკობდი, თუმცა არაფერი გამეგებოდა იმ ყოველივესი,

რაც მეტად გასაოცარი და ჩაუწვდომელია.+

 4 მეუბნებოდი, მომისმინე და მე ვილაპარაკებო,

შეგეკითხები და მიპასუხეო.+

 5 ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი,

ახლა კი გხედავს ჩემი თვალი.

 6 ამიტომ უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები+

და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“.+

7 მას შემდეგ, რაც იეჰოვა იობს ელაპარაკა, თემანელ ელიფაზსაც უთხრა იეჰოვამ:

„განრისხებული ვარ შენზე და შენს ორ მეგობარზე,+ რადგან ჩემი მსახურისგან, იობისგან, განსხვავებით, არ ილაპარაკეთ ჩემზე სიმართლე.+ 8 წაიყვანეთ შვიდი მოზვერი და შვიდი ვერძი, წადით ჩემს მსახურ იობთან და შესწირეთ დასაწვავი მსხვერპლი, ჩემი მსახური იობი კი ილოცებს თქვენთვის.+ შევისმენ მის ვედრებას და თქვენი უგუნურებისამებრ არ მოგიზღავთ, რადგან იობისგან განსხვავებით, არ ილაპარაკეთ ჩემზე სიმართლე“.

9 წავიდნენ თემანელი ელიფაზი, შუახელი ბილდადი და ნაამათელი ცოფარი და იეჰოვას მითითებისამებრ მოიქცნენ. იეჰოვამაც შეისმინა იობის ლოცვა.

10 მას შემდეგ, რაც იობმა თავისი მეგობრებისთვის ილოცა,+ მოაშორა იეჰოვამ მას უბედურება+ და დაუბრუნა ის ყველაფერი, რაც დაკარგა; იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მანამდე ჰქონდა.+ 11 მიდიოდნენ მასთან სახლში მისი დები და ძმები, მისი ძველი მეგობრები+ და ერთად ნადიმობდნენ; თანაუგრძნობდნენ და ანუგეშებდნენ იობს იმ უბედურებათა გამო, რომლებიც იეჰოვამ დაუშვა, რომ თავს დასტყდომოდა. თითოეულს მისთვის საჩუქრად მიჰქონდა ფული და ოქროს სამკაული.

12 იეჰოვამ იობი ბოლო წლებში უფრო მეტად აკურთხა.+ ჰყავდა იობს 14 000 ცხვარი, 6 000 აქლემი, 1 000 უღელი ხარი და 1 000 ჭაკი ვირი.+ 13 კვლავ შეეძინა შვიდი ვაჟი და სამი ასული.+ 14 პირველ ასულს დაარქვა იემიმა, მეორეს — კეცია, მესამეს კი — კერენ-ჰაფუქი. 15 იობის ასულებისთანა ლამაზი ქალები მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ. თავიანთ ძმებთან ერთად მათაც მიიღეს მემკვიდრეობა მამისგან.

16 ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელი იცოცხლა და მოესწრო შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს — ოთხ თაობას. 17 მოკვდა იობი, დღეგრძელი და ცხოვრებით კმაყოფილი.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა ნიშნავდეს „მტრის სამიზნეს“.

სხვაგვარად — „ანგელოზები“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „მეხი“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

არსებობს მოსაზრება, რომ „ლევიათანში“ იგულისხმება ნიანგი ან სხვა დიდი და ძლიერი წყლის ბინადარი.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სავარაუდოდ, აქ იობი ღმერთს მიმართავს.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა იგულისხმებოდეს დიდი დათვის თანავარსკვლავედი.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ორიონის თანავარსკვლავედი.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ზღვის დიდი ულმობელი ცხოველი.

ან შესაძლოა: „მოწინააღმდეგე მხარეს“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „დაელაპარაკე“.

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „სასა“.

ან შესაძლოა: „თუ ვინმე შემეკამათება, გავჩუმდები და მოვკვდები“.

შესაძლოა იგულისხმებოდეს იობი.

ან შესაძლოა: „წყდება“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება სამარეში ყოფნის პერიოდი.

სიტყვასიტყვით — „რქა“; იხ. „რქა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „უძილო“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იგულისხმება იმედი.

ან შესაძლოა: „უწმინდურებად“.

იგულისხმება საშინელი სიკვდილი.

იგულისხმება ჯან-ღონე.

სიტყვასიტყვით — „ენა“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „სხვის ყანაში აგროვებენ საქონლის საკვებს“.

ან შესაძლოა: „ზეთს წურავენ ტერასებზე“.

ან შესაძლოა: „ღმერთი პასუხს არავის სთხოვს“.

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „რახაბს“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „ტაშს შემოჰკრავენ დაცინვის ნიშნად და თავისივე ადგილიდან სტვენას დაუწყებენ“.

სიტყვასიტყვით — „წონა“.

ან შესაძლოა: „ჩემი ნათელი პირისახე არ მოუქუფრავთ“.

ან შესაძლოა: „დამხმარე არ სჭირდებათ“.

ან შესაძლოა: „მძიმე სატანჯველმა დამამახინჯა“.

ან შესაძლოა: „გრგვინვით ბოლოს მიღებ“.

ან შესაძლოა: „უსამართლო კაცებთან ერთად“.

იხ. „უმწიკვლობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „როცა ვხედავდი, რომ მე მიჭერდნენ მხარს კარიბჭესთან“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ანგელოზი“.

ან შესაძლოა: „სარგებელი არ მიმიღია“.

სიტყვასიტყვით — „სასა“.

ებრ. „რუახ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ან შესაძლოა: „მამა, გამოიცადოს იობი“.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ღმერთი.

ან შესაძლოა: „მეფეები ტახტზე აჰყავს“.

ან შესაძლოა: „დაასრულებენ“.

ან შესაძლოა: „ვინ მოსთხოვს პასუხს“.

ან შესაძლოა: „მათით ესარჩლება“.

ან შესაძლოა: „რა“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შესაძლოა იგულისხმებოდეს ვარსკვლავთა გროვა კუროს თანავარსკვლავედში.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ორიონის თანავარსკვლავედი.

უცნობი თანავარსკვლავედი.

შესაძლოა იგულისხმებოდეს დიდი დათვის თანავარსკვლავედი.

ან შესაძლოა: „ღვთის“.

ან შესაძლოა: „კაცს“.

ან შესაძლოა: „გონებას“.

შესაძლოა იგულისხმებოდეს ნიანგი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება