ᲖᲐᲥᲐᲠᲘᲐ
1 დარიოსის მეფობის მე-2 წლის მე-8 თვეს+ იეჰოვას სიტყვა ეუწყა წინასწარმეტყველ ზაქარიას*,+ იდოს ვაჟის, ბერექიას, ვაჟს, და უთხრა: 2 «ძლიერ განურისხდა იეჰოვა თქვენს მამა-პაპას.+
3 უთხარი მათ, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დამიბრუნდით, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და მეც დაგიბრუნდებით,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
4 ნუ დაემსგავსებით თქვენს მამა-პაპას, რომელთაც წინასწარმეტყველნი ეუბნებოდნენ, აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, მობრუნდით თქვენი ბოროტი გზიდან და ნუღარ ჩაიდენთ ბოროტებასო.+
მათ კი არ მისმინეს, ყური არ დამიგდეს,+ — ამბობს იეჰოვა. —
5 სად არის ახლა თქვენი მამა-პაპა?! მარადიულად იცოცხლეს წინასწარმეტყველებმა?! 6 თუმცა ის, რასაც თქვენს მამა-პაპას ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ვეუბნებოდი და რის შესახებაც ვაფრთხილებდი, ხომ აუხდათ?!“+ ამიტომაც დამიბრუნდნენ და თქვეს: „რაც განზრახული ჰქონდა ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, ის მოგვაგო ჩვენი გზებისა და საქმეებისამებრ“».+
7 დარიოსის მეფობის მე-2 წელს, მე-11 თვის, შებატის, 24-ე დღეს+ იეჰოვამ მე, წინასწარმეტყველ ზაქარიას, იდოს ვაჟის, ბერექიას, ვაჟს ხილვა მიჩვენა: 8 „ღამით წითელ ცხენზე ამხედრებული კაცი ვიხილე. ის ხევში მირტის ხეებს შორის იდგა და მის უკან წითელი, მოწითალო-მოყავისფრო და თეთრი ცხენები იდგნენ“.
9 ვიკითხე: „ჩემო ბატონო, ვინ არიან ამ ცხენებზე ამხედრებულნი?“
ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიგო: „გეტყვი, ვინც არიან“.
10 იმ კაცმა, მირტის ხეებს შორის რომ იდგა, მითხრა: „ისინი იეჰოვამ დედამიწის შემოსავლელად გამოგზავნა“. 11 მათ იეჰოვას ანგელოზს, მირტის ხეებს შორის რომ იდგა, უთხრეს: „მოვიარეთ დედამიწა; მთელ დედამიწაზე სიმშვიდე და სიწყნარეა“.+
12 იეჰოვას ანგელოზმა იკითხა: „ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა, როდისღა უნდა შეიწყალო იერუსალიმი და იუდას ქალაქები?!+ 70 წელი ხომ გყავდა შერისხული?!“+
13 იეჰოვამ ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, თბილი და მანუგეშებელი სიტყვები უთხრა. 14 შემდეგ ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მითხრა: «დაიძახე, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თავგამოდებით დავიცავ იერუსალიმსა და სიონს, თავგამოდებით დავიცავ.+ 15 ძალიან განრისხებული ვარ უდარდელ ერებზე,+ რადგან ჩემს ხალხზე ისე არ ვიყავი გამწყრალი,+ რომ ამ ერებს მათთვის უბედურებაზე უბედურება დაეტეხათ“.+
16 ამიტომ აი, რას ამბობს იეჰოვა: „წყალობით დავბრუნდები იერუსალიმში.+ იქ აშენდება ჩემი ტაძარი,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ლარი გაიჭიმება იერუსალიმზე“.+
17 კიდევ ერთხელ დაიძახე, აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ჩემი ქალაქები კვლავ აივსება სიკეთით. იეჰოვა კვლავ ანუგეშებს სიონს+ და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს“».+
18 გავიხედე და, აი, ოთხი რქა დავინახე.+ 19 მაშინ ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე, ეს რა არის-მეთქი. მან მომიგო: „ეს ის რქებია, რომლებმაც იუდა,+ ისრაელი+ და იერუსალიმი+ გაფანტეს“.
20 შემდეგ იეჰოვამ ოთხი ხელოსანი მახილვინა. 21 ვკითხე, რისთვის მოდიან-მეთქი ისინი.
მან მომიგო: „ამ რქებმა ისე გაფანტეს იუდა, რომ თავი ვერავინ ასწია. ეს ხელოსნები იმიტომ მოდიან, რომ თავზარი დასცენ და რქები დააყრევინონ იმ ხალხებს, რომლებმაც რქებით გაფანტეს იუდა“.
2 გავიხედე და დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ლარი+ ეჭირა. 2 ვკითხე, სად მიდიხარ-მეთქი.
მან მომიგო: „იერუსალიმის გასაზომად, რომ გავიგო, რამდენია მისი სიგანე და სიგრძე“.+
3 წავიდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მასთან შესახვედრად კი მეორე ანგელოზი გამოემართა. 4 მან მას უთხრა: «გაიქეცი იმ ჭაბუკთან და უთხარი: „უგალავნო ქალაქივით დასახლდება იერუსალიმი+ ხალხისა და პირუტყვის სიმრავლის გამო.+ 5 ცეცხლის გალავნად შემოვერტყმები მას,+ — ამბობს იეჰოვა, — და ჩემი დიდებით ავავსებ“».+
6 „მოდით, მოდით, გამოიქეცით ჩრდილოეთის მიწიდან!+ — ამბობს იეჰოვა. —
გაფანტული მყავხართ ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით“,+ — ამბობს იეჰოვა.
7 «მოდი, სიონო! თავს უშველე, ბაბილონის ასულთან მცხოვრებო!+ 8 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, რომელმაც განდიდების შემდეგ შენს მძარცველ ერებთან გამგზავნა:+ „შენი შემხები ჩემი თვალის გუგის შემხებია.+ 9 ხელს აღვმართავ მათზე და თავიანთივე მონების ნადავლად იქცევიან“.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა.
10 „სიხარულით აყიჟინდი, სიონის ასულო,+ რადგან მოვდივარ+ და დავმკვიდრდები შენთან,+ — ამბობს იეჰოვა. — 11 იმ დღეს მრავალი ერი დადგება იეჰოვას მხარეს+ და ისინი ჩემი ხალხი გახდებიან. შენთან დავმკვიდრდები“». მაშინ გაიგებ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა შენთან. 12 იეჰოვა კვლავ დაეპატრონება იუდას, რომელიც მისი წილია წმინდა მიწაზე; ის კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.+ 13 დადუმდეს ყოველი ხორციელი იეჰოვას წინაშე, ვინაიდან იგი თავისი წმინდა სამყოფლიდან გამოდის, რომ იმოქმედოს.
3 მან მახილვინა იეჰოვას ანგელოზის წინ მდგომი მღვდელმთავარი იეჰოშუა+ და სატანა,+ რომელიც მარჯვნივ ედგა, ხელი რომ შეეშალა მისთვის. 2 იეჰოვას ანგელოზმა სატანას უთხრა: „იეჰოვამ შეგრისხოს, სატანავ!+ შეგრისხოს იეჰოვამ, რომელმაც იერუსალიმი ამოირჩია!+ ეს ხომ ცეცხლიდან გამოღებული კუნძია?!“
3 იეჰოშუას ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა და ანგელოზის წინ იდგა. 4 ანგელოზმა მის წინ მდგომთ მიმართა: „გახადეთ მას ჭუჭყიანი ტანსაცმელი!“ მას კი უთხრა: „აი, მოგაცილე დანაშაული და მშვენიერი სამოსით შეიმოსები“.+
5 ვთქვი, სუფთა თავსაბურავი დაახურეთ-მეთქი.+ მათაც დაახურეს მას სუფთა თავსაბურავი და შემოსეს სამოსით. იეჰოვას ანგელოზიც იქვე იდგა. 6 იეჰოვას ანგელოზმა იეჰოშუას უთხრა: 7 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუ ივლი ჩემი გზით და შეასრულებ შენს ვალდებულებას ჩემ წინაშე, მაშინ შენ გაასამართლებ ჩემს ხალხს+ და მოუვლი ჩემს ეზოებს; მოგცემ უფლებას, რომ მათთან ერთად იდგე აქ.
8 მღვდელმთავარო იეჰოშუა, ისმინეთ შენ და შენ წინ მსხდომმა შენმა მოძმეებმა; ეს კაცები ნიშანი არიან იმისა, თუ რა მოხდება მომავალში; აი, წარგიდგენთ ჩემს მსახურს+ — ყლორტს!+ 9 შეხედე ქვას, იეჰოშუას წინ რომ დავდე! შვიდი თვალია ამ ქვაზე. აი, ამოვკვეთ მასზე წარწერას, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და ერთ დღეში წარვხოცავ ამ მიწის დანაშაულს.+
10 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თითოეული თავის მეზობელს ვაზისა და ლეღვის ქვეშ მიიწვევს“».+
4 ანგელოზი, რომელიც მელაპარაკა, დაბრუნდა და გამაღვიძა, როგორც მძინარე კაცს აღვიძებენ. 2 მან მკითხა, რას ხედავო.
მე მივუგე: „ოქროს სალამპრეს+ ვხედავ, რომელსაც ჯამი ადგას. მასზე შვიდი ლამპარია,+ შვიდი ლამპარი; ლამპრებს, სალამპრის თავზე, შვიდი მილი აქვთ. 3 მას აქეთ-იქით ზეთისხილის ორი ხე უდგას,+ ერთი — ჯამის მარჯვნივ, მეორე — მარცხნივ“.
4 ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე: „ჩემო ბატონო, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“ 5 ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა, მკითხა: „არ იცი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
მე მივუგე: „არა, ჩემო ბატონო“.
6 მან მითხრა: «ეს ზერუბაბელისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვაა: „არც ჯარითა და არც ძალით,+ არამედ ჩემი სულით“,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 7 ვინა ხარ, დიდო მთაო?! გავაკდები+ ზერუბაბელის+ წინაშე; ის გამოიტანს კუთხის თავში დასადებ ქვას და ხალხი შესძახებს: „რა მშვენიერია! რა მშვენიერია!“»
8 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 9 „ზერუბაბელმა ამ ტაძარს საკუთარი ხელით ჩაუყარა საძირკველი+ და საკუთარი ხელითვე დაასრულებს.+ მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა თქვენთან. 10 ვინ ჩათვალა უმნიშვნელოდ მცირე წამოწყების დღე?!+ გაიხარებენ, როცა ზერუბაბელის ხელში შვეულს იხილავენ. ის შვიდი თვალი იეჰოვას თვალებია, მთელ დედამიწას რომ აკვირდებიან“.+
11 შემდეგ ანგელოზს ვკითხე: „რას ნიშნავს სალამპრის მარჯვნივ და მარცხნივ მდგარი ზეთისხილის ორი ხე?“+ 12 მეორედაც ვკითხე: „რას ნიშნავს ზეთისხილის ხის ორი კუნწულა, საიდანაც ორი ოქროს მილით ოქროსფერი სითხე იღვრება?“
13 მან მკითხა: „არ იცი, რას ნიშნავს ეს?“
მე ვუპასუხე: „არა, ჩემო ბატონო“.
14 მაშინ მან მითხრა: „ეს ის ორი ცხებულია, მთელი დედამიწის უფლის გვერდით რომ დგანან“.+
5 კვლავ გავიხედე და, აი, მფრინავი გრაგნილი დავინახე. 2 მან მკითხა, რას ხედავო.
მე მივუგე: „მფრინავ გრაგნილს ვხედავ, რომელიც სიგრძით 20 წყრთაა* და სიგანით — 10 წყრთა“.
3 მან მითხრა: «ეს წყევლაა, რომელიც მთელ დედამიწას დაატყდება; ვინც ქურდობს,+ როგორც გრაგნილის ერთ მხარეზეა დაწერილი, არ დასჯილა, და ვინც იფიცებს,+ როგორც მის მეორე მხარეზეა დაწერილი, არც ის დასჯილა. 4 „მე გავგზავნე ის, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — შევა მის სახლში, ვინც ქურდობს, და მის სახლშიც, ვინც ჩემი სახელით ცრუდ იფიცებს; დარჩება იქ და გაანადგურებს სახლს ძელებიან-ქვებიანად“».
5 მაშინ ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, მომიახლოვდა და მითხრა: „აბა შეხედე, რა მოდის“.
6 ვკითხე, ეგ რა არის-მეთქი.
მან მომიგო: „ეფის საწყაო* მოდის“. მან დასძინა: „ასე გამოიყურებიან ბოროტები მთელ დედამიწაზე“. 7 შემდეგ დავინახე, რომ ვიღაცამ საწყაოს ტყვიის მრგვალი თავსახური ახადა; საწყაოში ქალი იჯდა. 8 მან თქვა, ეს ბოროტებააო, უკან ჩააგდო ქალი ეფის საწყაოში და საწყაოს ტყვიის თავსახური დააფარა.
9 გავიხედე და დავინახე, რომ ორი ქალი მოდიოდა; ჰაერში მოლივლივებდნენ; ფრთები ყარყატისას მიუგავდათ. მათ ეფის საწყაო მიწიდან ასწიეს და ზეცისკენ წაიღეს. 10 ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე, სად მიაქვთ-მეთქი ეფის საწყაო.
11 მან მომიგო: „შინარის*+ მიწაზე, ქალს სახლი რომ აუშენონ, და, როცა აუშენებენ, იქ დასვამენ, კუთვნილ ადგილზე“.
6 კვლავ გავიხედე და, აი, დავინახე, რომ ორ მთას შორის ოთხი ეტლი გამოდიოდა; მთები სპილენძისა იყო. 2 პირველ ეტლში წითელი ცხენები იყო შებმული, მეორეში — შავი,+ 3 მესამეში — თეთრი, მეოთხეში კი — ჭრელი, ხალებიანი.+
4 ანგელოზს, რომელიც მელაპარაკებოდა, ვკითხე: „რას ნიშნავს ეს, ჩემო ბატონო?“
5 ანგელოზმა მომიგო: „ეს ცის ოთხი სულია,+ რომლებიც მთელი დედამიწის უფლის წინაშე წარდგნენ და ახლა იქიდან მოდიან.+ 6 ეტლი, რომელშიც შავი ცხენებია შებმული, ჩრდილოეთის მიწისკენ+ მიემართება, თეთრი ცხენები — ზღვის გაღმა, ხალებიანი კი — სამხრეთის მიწისკენ. 7 ჭრელებს ერთი სული ჰქონდათ, გამოსულიყვნენ და მთელი დედამიწა შემოევლოთ“. შემდეგ მან უთხრა: „წადით, მოიარეთ დედამიწა“. მათაც დაიწყეს დედამიწის შემოვლა.
8 შემდეგ დამიძახა და მითხრა: „ნახე, ჩრდილოეთის მიწისკენ წასულებმა დაამშვიდეს იეჰოვას სული ჩრდილოეთის მიწაზე“.
9 კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა: 10 «გამოართვი ხელდაის, ტობიასა და იედაიას გადასახლებულთა შესაწირავი და ბაბილონიდან ჩამოსულებთან ერთად იმავე დღეს წადი იოშიას, ცეფანიას ვაჟის, სახლში. 11 აიღე ოქრო-ვერცხლი, დაამზადე გვირგვინი, თავზე დაადგი მღვდელმთავარ იეჰოშუას,+ იეჰოცადაკის ვაჟს, 12 და უთხარი,
აი, რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი კაცი — ყლორტია მისი სახელი.+ აღმოცენდება ის თავის ადგილას და ააშენებს იეჰოვას ტაძარს.+ 13 ის ააგებს იეჰოვას ტაძარს და განდიდდება. დაჯდება თავის ტახტზე და იმეფებს; იგი მღვდლობასაც გასწევს;+ ეს ორი მოვალეობა ერთმანეთთან შეთანხმებული იქნება. 14 სამახსოვროდ დარჩებათ გვირგვინი ხელემს, ტობიას, იედაიასა+ და ხენს, ცეფანიას ვაჟს, იეჰოვას ტაძარში. 15 შორს მყოფნიც ჩამოვლენ და შეიტანენ წვლილს იეჰოვას ტაძრის მშენებლობაში“. მაშინ გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, გამომგზავნა თქვენთან. შესრულდება ეს ყოველივე, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს».
7 დარიოსის მეფობის მე-4 წელს, მე-9 თვის, ქისლევის, მე-4 დღეს, იეჰოვას სიტყვა ეუწყა ზაქარიას.+ 2 გაგზავნეს ბეთელის მკვიდრებმა შარეცერი, რეგემ-მელექი და მისი ხალხი, რომ გული მოელბოთ იეჰოვასთვის 3 და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ტაძრის მღვდლებისა და წინასწარმეტყველებისთვის ეკითხათ: „კიდევ უნდა ვიგლოვოთ და ვიმარხულოთ მე-5 თვეს,+ რასაც მრავალი წელი ისედაც ვაკეთებთ?“
4 კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა: 5 «გადაეცი ამ მიწის მკვიდრთ და მღვდლებს: „როცა 70 წლის მანძილზე+ მე-5 და მე-7 თვეს+ მარხულობდით და მოთქვამდით, განა ჩემთვის მარხულობდით?! 6 როცა ჭამდით და სვამდით, განა ისევ თქვენთვის არ ჭამდით და სვამდით?! 7 განა ყურად არ უნდა გეღოთ იეჰოვას სიტყვა, რასაც წინასწარმეტყველთა მეშვეობით გიცხადებდათ,+ როცა იერუსალიმი და მისი მიმდებარე ქალაქები ჯერ კიდევ დასახლებული იყო და იქ მშვიდობა სუფევდა, როცა ნეგებიცა და შეფელაც დასახლებული იყო?!“»
8 კვლავ ეუწყა ზაქარიას იეჰოვას სიტყვა: 9 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „სამართლიანად გაასამართლეთ+ და სიყვარული*+ და გულმოწყალება გამოიჩინეთ ერთმანეთისადმი; 10 ნურაფერს გამოსძალავთ ქვრივ-ობლებს,+ ხიზნებსა+ და ღარიბებს;+ სიავეს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ“.+ 11 ისინი ყურს არ მიგდებდნენ;+ გაჯიუტდნენ, ზურგი შემაქციეს+ და ყური დაიხშეს, რომ არ მოესმინათ ჩემთვის.+ 12 გული ალმასივით*+ გაუხდათ, დაარღვიეს კანონი და ის სიტყვები, რომლებიც ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, თავისი სულით წინასწარმეტყველთა მეშვეობით გადასცა;+ ამიტომ ძლიერ განრისხდა ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.+
13 მე რომ ვუხმობდი, ისინი არ მისმენდნენ,+ ამიტომ არც მე ვუსმენდი, როცა მიხმობდნენ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 14 როგორც ქარიშხალი ფანტავს, ისე მიმოვფანტე ისინი უცნობ ერებში;+ გაპარტახდა მათი მიწა, კაციშვილს აღარ გაუვლია იქ და აღარც არავინ დაბრუნებულა უკან.+ სანუკვარი მიწა საზარელ მიწად აქციეს».
8 კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა: 2 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თავგამოდებით დავიცავ სიონს,+ განვრისხდები და თავგამოდებით დავიცავ“.
3 აი, რას ამბობს იეჰოვა: „დავბრუნდები სიონში+ და დავმკვიდრდები იერუსალიმში;+ იერუსალიმს ჭეშმარიტების ქალაქი დაერქმევა+ და ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, მთას — წმინდა მთა“.+
4 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „კვლავაც ისხდებიან იერუსალიმის მოედნებზე ხნიერი კაცები და ქალები, თითოეული თავისი ჯოხით ხელში, ვინაიდან დღეგრძელნი იქნებიან.+ 5 კვლავაც აივსება ქალაქის მოედნები მოთამაშე გოგო-ბიჭებით“.+
6 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ეს შეუძლებელიც რომ ჩანდეს ამ ხალხის დარჩენილი ნაწილისთვის, განა ჩემთვისაც შეუძლებელი იქნება?!“ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა.
7 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „დავიხსნი ჩემს ხალხს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან;+ 8 მოვიყვან და იერუსალიმში დავასახლებ;+ ჩემი ხალხი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები,+ რომელიც ჭეშმარიტებითა და სიმართლით მოქმედებს“.
9 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „გამაგრდით ყველანი,+ ვინც წინასწარმეტყველთა სიტყვებს ისმენთ,+ იმ სიტყვებს, რომლებიც იმ დღეს წარმოთქვეს, როცა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ტაძარს საძირკველი ჩაეყარა. 10 იმ დროს გასამრჯელო არც კაცს ჰქონია და არც პირუტყვს.+ მოწინააღმდეგეთა გამო არც წასვლა-მოსვლა იყო უსაფრთხო, რადგან ხალხს ერთმანეთს ვასევდი.
11 მაგრამ ამ ხალხის დარჩენილ ნაწილს ისე აღარ მოვეპყრობი, როგორც უწინ,+ — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. — 12 მშვიდობის თესლს დათესავენ; ვაზი ნაყოფს მისცემს მათ,+ მიწა — მოსავალს და ცა — ნამს. მივცემ ამ ხალხის დარჩენილ ნაწილს ამ ყოველივეს.+ 13 იუდა და ისრაელო, უწინ ხომ ხალხები წყევლისას გახსენებდნენ,+ ახლა დაგიხსნით და კურთხევად გაქცევთ.+ ნუ შეგეშინდებათ,+ გამაგრდით!“+
14 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თქვენთვის უბედურების დატეხა მქონდა განზრახული, რადგან თქვენმა მამა-პაპამ განმარისხა, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — და არც მინანია,+ 15 ახლა კი სიკეთის კეთება მაქვს განზრახული იერუსალიმისა და იუდასთვის.+ ნუ შეშინდებით!“+
16 აი, რა უნდა გააკეთოთ: „სიმართლე ელაპარაკეთ ერთმანეთს,+ სამართალი აღასრულეთ თქვენს კარიბჭეებთან, რათა სიმართლემ და მშვიდობამ დაისადგუროს;+ 17 სიავეს ნუ განიზრახავთ გულში ერთმანეთის მიმართ+ და ცრუდ ნუ დაიფიცებთ,+ რადგან მძულს ეს ყოველივე“,+ — ამბობს იეჰოვა».
18 კვლავ მეუწყა ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, სიტყვა: 19 «აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მე-4,+ მე-5,+ მე-7+ და მე-10+ თვის მარხვა სასიხარულო, დაუვიწყარ მოვლენად, დღესასწაულად იქცევა იუდასთვის;+ ასე რომ, გიყვარდეთ სიმართლე და მშვიდობა“.
20 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოვლენ ხალხები და მრავალი ქალაქის მკვიდრნი. 21 ერთი ქალაქის მკვიდრნი მეორე ქალაქის მკვიდრებთან მივლენ და ეტყვიან: მოდი წავიდეთ, გული მოვულბოთ იეჰოვას და ვემსახუროთო ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, ჩვენ მივდივართო.+ 22 მრავალი ხალხი და ძლიერი ერები მოვლენ იერუსალიმში, რომ ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას, ემსახურონ+ და გული მოულბონ იეჰოვას“.
23 აი, რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „იმ დროს ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხიდან ათი კაცი+ მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ,+ რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არისო ღმერთი“».+
9 განაჩენი:
„იეჰოვას სიტყვა გაცხადდა ხადრაქის მიწის წინააღმდეგ,
დამასკოს წინააღმდეგ,+
ვინაიდან იეჰოვას თვალი უჭირავს კაცთა მოდგმაზე+
და ისრაელის ყველა ტომზე,
2 აგრეთვე ხამათის+ წინააღმდეგ, მას რომ ესაზღვრება,
და ტვიროსისა+ და სიდონის+ წინააღმდეგ, მეტისმეტად რომ დაბრძენდნენ.+
3 ტვიროსმა ციხესიმაგრე აიშენა;
ვერცხლი მტვერივით დაიგროვა,
ოქრო კი — ქუჩის ტალახივით.+
5 დაინახავს აშკელონი და შეშინდება,
ღაზას მწუხარება შეიპყრობს,
ეკრონსაც იგივე დაემართება, რადგან იმედი გაუცრუვდება.
მოიკვეთება ღაზაში მეფე
და გაუკაცრიელდება აშკელონი.+
7 პირიდან გამოვაცლი სისხლიან ხორცს,
საზიზღრობას, კბილებში რომ აქვს მოქცეული,
თავად ის კი ჩვენი ღვთისა გახდება.
ის თავკაცივით იქნება იუდაში,+
ეკრონელები კი იებუსელებივით იქნებიან.+
8 გუშაგად დავუდგები ჩემს სახლს,+
ამიტომ კაციშვილი ვერ გაივლის იქ და ვერც ვერავინ დაბრუნდება;
ვეღარ გაივლის იქ ზედამხედველი*,+
რადგან საკუთარი თვალით დავინახე, რაც მათ დაემართათ.
9 იხარე, სიონის ასულო!
იყიჟინე, იერუსალიმის ასულო!
შენთან მოდის შენი მეფე!+
10 მოვსპობ საომარ ეტლებს ეფრემში
და ცხენებს — იერუსალიმში,
მოისპობა საბრძოლო მშვილდი.
ის მშვიდობას გამოუცხადებს ერებს+
და მისი მეფობა ზღვიდან ზღვამდე,
12 დაბრუნდით ციხესიმაგრეში პატიმრებო, იმედის მქონენო!+
დღეს გეუბნები, რომ ორმაგ წილს მოგცემ.+
13 საკუთარი მშვილდივით მოვზიდავ იუდას,
ეფრემით მოვმართავ მშვილდს.
სიონო, გავაღვიძებ შენს ვაჟებს
და საბერძნეთის ვაჟების წინააღმდეგ ავამხედრებ;
მეომრის მახვილად გაქცევ.
14 იეჰოვა გამოჩნდება მათ ზემოთ,
მისი ისარი ელვასავით გამოიტყორცნება.
უზენაესი უფალი იეჰოვა ჩაჰბერავს საყვირს+
და სამხრეთის გრიგალივით იქროლებს.
დალევენ და ახმაურდებიან, თითქოს ღვინო დალიესო.
თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს კუთხეებივით.+
16 იმ დღეს იხსნის იეჰოვა ღმერთი მათ, თავის ხალხს,
როგორც მწყემსი ფარას.+
გვირგვინში ჩასმული ძვირფასი ქვებივით იქნებიან ისინი და იბრწყინებენ მის მიწაზე.+
მარცვლეული ძალას შემატებს ჭაბუკებს
და ახალი ღვინო — ქალწულებს“.+
10 „სთხოვეთ იეჰოვას, აწვიმოს გაზაფხულზე,
როცა წვიმების დრო დგება.
იეჰოვაა საწვიმარი ღრუბლების შემქმნელი,
ის, ვინც ადამიანებს კოკისპირულ წვიმას უგზავნის+
და მცენარეებს აღმოუცენებს მინდორში.
ფუჭ სიზმრებზე ლაპარაკობენ
და ამაოდ ცდილობენ ნუგეშისცემას.
ამიტომ ფარასავით იხეტიალებს ხალხი;
გაწამდებიან, რადგან არა ჰყავთ მწყემსი.
3 განრისხებული ვარ მწყემსებზე,
პასუხს ვაგებინებ მჩაგვრელ წინამძღოლებს,
რადგან მოხედა ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ, თავის ფარას,+ იუდას,
და თავის დიდებულ საბრძოლო რაშად აქცია.
4 მისგან გამოდის თავკაცი,
მისგანვე გამოდის მმართველი და მხარდამჭერი;
მისგან გამოდის საბრძოლო მშვილდი,
მისგან გამოდის ყოველი ზედამხედველი, ყველანი მისგან გამოდიან.
5 მეომრებივით იქნებიან,
ქუჩის ტალახს რომ ზელენ ბრძოლისას.
ისე იქნებიან, თითქოს არასოდეს მიმეტოვებინოს.+
მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, მე ვუპასუხებ მათ.
იხილავენ ამას მათი ვაჟები და გაიხარებენ;
იეჰოვათი გაიხარებს მათი გული.+
9 თესლივით მიმოვფანტავ მათ ხალხებში,
თუმცა შორს მყოფთაც კი ვემახსოვრები;
ძალას განიახლებენ ისინიც, მათი ვაჟებიც, და ერთად დაბრუნდებიან.
10 დავაბრუნებ მათ ეგვიპტიდან,
გამოვკრებ ასურეთიდან.+
გალაადსა+ და ლიბანში მივიყვან,
მაგრამ იქაც ვერ დაეტევიან.+
ბოლო მოეღება ასურეთის სიამაყეს და
კვერთხი წაერთმევა ეგვიპტეს.+
11 «გააღე კარები, ლიბანო,
რომ ცეცხლმა შთანთქას შენი კედრები!
2 იტირე, ღვიავ, დაეცა კედარი,
განადგურებულია დიდებული ხეები!
იტირეთ, ბაშანის მუხებო,
განადგურებულია უღრანი ტყე!
3 ყური დაუგდეთ მწყემსების მოთქმას!
ბოლო მოეღო მათ სიდიადეს.
ყური დაუგდეთ ლომების ღრიალს!
მოისპო ბუჩქნარი იორდანის გასწვრივ.
4 აი, რას ამბობს იეჰოვა, ჩემი ღმერთი: „მწყემსეთ დასაკლავად განწირული ფარა,+ 5 რომელსაც მყიდველები ხოცავენ,+ თუმცა პასუხს არავინ სთხოვს; მათი გამყიდველები+ კი ამბობენ, დიდება იეჰოვას, გავმდიდრდებითო. მათი მწყემსები არ იბრალებენ მათ.+
6 აღარც მე შევიბრალებ ამ მიწის მკვიდრთ, — ამბობს იეჰოვა. — მოძმეებს ერთმანეთს დავაჩაგვრინებ, მათ კი მეფე დაჩაგრავს; ააოხრებენ ისინი მიწას; არავის არ დავიხსნი“».
7 დაჩაგრულო ცხვრებო, მე გმწყემსავდით თქვენ სასიკეთოდ, დასაკლავად განწირულო ფარავ.+ ავიღე ორი ჯოხი, ერთს „ნეტარება“ ვუწოდე, მეორეს — „კავშირი“,+ და მწყემსვას შევუდექი. 8 ერთ თვეში სამი მწყემსი დავითხოვე, რადგან ვეღარ ავიტანე ისინი და მათაც შევძულდი. 9 ვთქვი, აღარ დაგმწყემსავთ-მეთქი. მომაკვდავი მოკვდეს, დასაღუპავი დაიღუპოს, დანარჩენებმა კი ერთმანეთის ხორცი ჭამონ-მეთქი. 10 ავიღე ჩემი ჯოხი — „ნეტარება“,+ ნატეხებად ვაქციე და ამით დავარღვიე ჩემს ხალხთან დადებული შეთანხმება. 11 იმ დღეს დაირღვა ეს შეთანხმება; ფარის დაჩაგრულმა ცხვრებმა, მე რომ შემომყურებდნენ, გაიგეს, რომ ეს იეჰოვას სიტყვა იყო.
12 მათ ვუთხარი, თუ სწორად მიგაჩნიათ, მომეცით ჩემი გასამრჯელო, თუ არადა, ნუ მომცემთ-მეთქი. მათაც მომცეს გასამრჯელოდ 30 ვერცხლი.+
13 შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „ჩაყარე საგანძურში. აი, თურმე რამდენი ვღირებულვარ!“+ მეც ავიღე 30 ვერცხლი და ჩავყარე იეჰოვას ტაძრის საგანძურში.+
14 მერე ნატეხებად ვაქციე ჩემი მეორე ჯოხიც — „კავშირი“,+ და ამით დასრულდა იუდასა და ისრაელის ძმობა.+
15 იეჰოვამ მითხრა: „აიღე უმაქნისი მწყემსის აღჭურვილობა.+ 16 აი, დადგება მწყემსი ამ მიწაზე. ის არ იზრუნებს ცხვარზე, რომელიც იღუპება;+ არ მოძებნის ბატკნებს, არ განკურნავს დაშავებულს,+ არ გამოკვებავს ფეხზე მდგომს, მსუქნის ხორცს შეჭამს+ და ცხვარს ჩლიქებს დააგლეჯს.+
17 ვაი ჩემს უვარგის მწყემსს,+ ფარის მიმტოვებელს!+
მახვილი მოუღებს ბოლოს მის მკლავსა და მის მარჯვენა თვალს.
მკლავი გაუხმება
და მარჯვენა თვალით დაბრმავდება“.
12 განაჩენი:
„იეჰოვას სიტყვა ისრაელის შესახებ, — ამბობს იეჰოვა, —
ის, ვინც ცა გადაჭიმა,+
ვინც დედამიწას საძირკველი ჩაუყარა+
და კაცს სული ჩაუდგა.
2 იერუსალიმს თასად ვაქცევ, რომელიც გარშემო მცხოვრებ ხალხებს ბარბაცს დააწყებინებს. ალყაში მოაქცევენ იუდას და იერუსალიმს.+ 3 იმ დღეს მძიმე ქვად ვაქცევ იერუსალიმს ყველა ხალხისთვის. ვინც კი მას ასწევს, მძიმედ დაშავდება.+ მის წინააღმდეგ შეიკრიბება დედამიწის ყველა ხალხი.+ 4 იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — დავაფრთხობ ცხენებს და ჭკუიდან შევშლი მხედრებს; თვალს დავიჭერ იუდაზე და სიბრმავეს მოვგვრი ხალხთა ცხენებს. 5 იუდას თავკაცები გულში იტყვიან, ჩვენი ძალა იერუსალიმის მკვიდრნი არიან ლაშქართა ღვთის, იეჰოვას შეწევნითო.+ 6 იმ დღეს იუდას თავკაცებს დავამსგავსებ კოცონს ხეთა შორის და ცეცხლმოკიდებულ ჩირაღდანს ძნებს შორის,+ და ისინი შთანთქავენ ირგვლივ მცხოვრებ ერებს, მარჯვნივაც და მარცხნივაც;+ იერუსალიმის მკვიდრნი კვლავ დასახლდებიან თავ-თავიანთ ადგილებზე იერუსალიმში.+
7 პირველად იეჰოვა იუდას კარვებს გადაარჩენს, რათა დავითის შთამომავალთა და იერუსალიმის მკვიდრთა მშვენებამ იუდასას არ გადააჭარბოს. 8 იმ დღეს ყოველი მხრიდან დაიცავს იეჰოვა იერუსალიმის მკვიდრთ;+ იმ დღეს მათ შორის ყველაზე სუსტიც კი დავითივით იქნება, დავითის შთამომავლობა კი — ღმერთივით, იეჰოვას ანგელოზივით, წინ რომ მიუძღვით.+ 9 იმ დღეს გავანადგურებ ყველა ერს, რომლებიც იერუსალიმზე გამოილაშქრებენ.+
10 გადმოვღვრი დავითის შთამომავლებზე და იერუსალიმის მკვიდრებზე წყალობისა და ვედრების სულს; შეხედავენ მას, ვინც განგმირეს,+ დაიტირებენ მას, როგორც ერთადერთ ვაჟს დასტირიან, მწარედ იგლოვებენ მას, როგორც პირმშოს გლოვობენ. 11 იმ დღეს დიდი მოთქმა იქნება იერუსალიმში, როგორიც ჰადადრიმონში იყო, მეგიდოს ველზე.+ 12 მთელი მიწა გლოვას მოჰყვება, თითოეული ოჯახი — ცალ-ცალკე; ცალკე დავითის საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, ცალკე ნათანის+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, 13 ცალკე ლევის+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები, ცალკე შიმელთა+ საგვარეულო, ცალკე მათი ქალები 14 და დანარჩენი საგვარეულოები, ცალკე თითოეული ოჯახი და ცალკე მათი ქალები“.
13 „იმ დღეს დავითის შთამომავალთა და იერუსალიმის მკვიდრთა ცოდვისა და უწმინდურების ჩამოსარეცხად ჭას ამოთხრიან.+
2 იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — მოვსპობ კერპთა სახსენებელს იმ მიწაზე+ და აღარავინ გაიხსენებს; აღვგვი ამ მიწიდან წინასწარმეტყველთაც+ და უწმინდურ სულსაც. 3 თუ ვინმე ისევ იწინასწარმეტყველებს, მშობლებმა უნდა უთხრან, ვერ იცოცხლებ, რადგან სიცრუეს ლაპარაკობო იეჰოვას სახელით. შემდეგ მშობლები განგმირავენ მას იმის გამო, რომ იწინასწარმეტყველა.+
4 იმ დღეს შერცხვება ყველა წინასწარმეტყველი თავისი ხილვის გამო; აღარ ჩაიცვამენ ბეწვიან სამოსს+ სხვების შეცდომაში შესაყვანად. 5 თითოეული იტყვის, წინასწარმეტყველი არ ვარ, მიწათმოქმედი ვარ, სიყმაწვილეში ერთმა კაცმა მიყიდაო. 6 მას ჰკითხავენ, სხეულზე რა ჭრილობები გაქვსო? ის კი მიუგებს, ეს ჭრილობები ჩემი მეგობრების სახლში მომაყენესო.
7 მახვილო, აღსდექ ჩემი მწყემსის წინააღმდეგ,+
ჩემი მოძმის წინააღმდეგ, —
ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. —
ჩემს სახელს მოუხმობენ
და მეც ვუპასუხებ;
ვიტყვი, ეს ჩემი ხალხია-მეთქი,+
ისინი კი იტყვიან, იეჰოვააო ჩვენი ღმერთი“.
14 «დადგება დღე, იეჰოვას დღე, როცა გაგძარცვავენ და ნადავლს ადგილზევე დაინაწილებენ. 2 შევკრებ ყველა ხალხს იერუსალიმის წინააღმდეგ საბრძოლველად; დაიპყრობენ ქალაქს, გაძარცვავენ სახლებს და გააუპატიურებენ ქალებს. ნახევარი ქალაქი ტყვეობაში წავა, დანარჩენი ხალხი კი ქალაქში დარჩება.
3 აღდგება იეჰოვა და შეებრძოლება ამ ხალხებს+ ისე, როგორც უწინ იბრძოდა.+ 4 იმ დღეს ის ფეხს დადგამს ზეთისხილის მთაზე,+ რომელიც იერუსალიმის აღმოსავლეთითაა; შუაზე გაიპობა ზეთისხილის მთა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და მათ შორის უზარმაზარი ველი გაჩნდება. მთის ერთი ნახევარი ჩრდილოეთისკენ გადაადგილდება, მთის მეორე ნახევარი კი — სამხრეთისკენ. 5 გაიქცევით ჩემი მთების ველისკენ, რადგან აცელამდე იქნება გადაჭიმული ეს ველი. ისე გაიქცევით, როგორც იუდას მეფე უზიას დროს მომხდარი მიწისძვრის დროს გაიქეცით.+ მოვა იეჰოვა, ჩემი ღმერთი, ყველა წმინდასთან ერთად.+
6 იმ დღეს აღარ გამოანათებს მშვენიერი სინათლე,+ ყველაფერი გაქვავდება. 7 ეს იქნება ერთი დღე, იეჰოვას დღე.+ ის არც დღე იქნება და არც ღამე; საღამოს გამოჩნდება სინათლე. 8 იმ დღეს სიცოცხლის წყალი+ იდინებს იერუსალიმიდან,+ ნახევარი — აღმოსავლეთის ზღვისკენ*,+ ნახევარი კი — დასავლეთის ზღვისკენ*;+ ზამთარ-ზაფხულ ასე იქნება. 9 იეჰოვა იმეფებს მთელ დედამიწაზე.+ იმ დღეს იეჰოვა იქნება ერთადერთი+ და მისი სახელიც ერთადერთი იქნება.+
10 არაბას+ დაემსგავსება მთელი მიწა, გებადან+ რიმონამდე,+ იერუსალიმის სამხრეთით; აღდგება ის და კვლავ დამკვიდრდებიან იქ,+ ბენიამინის კარიბჭიდან+ პირველ კარიბჭემდე, კუთხის კარიბჭემდე, ხანანელის კოშკიდან+ მეფის საწნახლებამდე. 11 ხალხი დასახლდება იქ; აღარასოდეს წარმოითქმება განადგურების მაუწყებელი წყევლა+ და უსაფრთხოდ იცხოვრებენ იერუსალიმში.+
12 აი, რა სატანჯველს მოუვლენს იეჰოვა იმ ხალხებს, რომლებიც იერუსალიმზე გაილაშქრებენ:+ ხორცი ზეზეულად შემოალპებათ, თვალები ფოსოებში ჩაულპებათ და ენა — პირში.
13 იმ დღეს დიდ არეულობას შეიტანს იეჰოვა მათში; მოძმე მოძმეს ჩაავლებს ხელს და მოძმე მოძმეზე აღმართავს ხელს.+ 14 იუდაც ჩაებმება იერუსალიმთან გამართულ ბრძოლაში. შეაგროვებენ მეზობელ ხალხთა სიმდიდრეს — აურაცხელ ოქრო-ვერცხლსა და ტანსაცმელს.+
15 ასეთივე სატანჯველი დაატყდებათ ცხენებს, ჯორებს, აქლემებს, ვირებსა და ყველა პირუტყვს, რომლებიც იმ ბანაკებში არიან.
16 ვინც იერუსალიმის წინააღმდეგ გამოსულ ხალხთაგან დარჩებიან, ყოველწლიურად+ ივლიან კარვობის დღესასწაულზე*+ მეფის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად.+ 17 დედამიწის რომელიმე ერიდან ვინც იერუსალიმში არ წავა მეფის, ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად, არ მოვა მისთვის შხაპუნა წვიმა.+ 18 თუ არც ეგვიპტელი ხალხი წავა, არც მათთვის მოვა შხაპუნა წვიმა. ისეთივე სატანჯველი დაატყდებათ, როგორითაც იეჰოვა ტანჯავს იმ ხალხებს, რომლებიც არ მიდიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ. 19 ეს იქნება სასჯელი ეგვიპტელი და ყველა იმ ხალხის ცოდვისთვის, რომლებიც არ მიდიან კარვობის დღესასწაულის საზეიმოდ.
20 იმ დღეს ცხენების ზანზალაკებზე იქნება წარწერა: „წმინდაა იეჰოვა!“+ იეჰოვას ტაძრის ქვაბები+ სამსხვერპლოს წინ დალაგებული ჯამებივით+ იქნება. 21 განიწმინდება და ლაშქართა ღვთის, იეჰოვასი, იქნება ყოველი ქვაბი იერუსალიმსა და იუდაში. შევლენ შემწირველები და ამ ქვაბებს მოსახარშად გამოიყენებენ. იმ დღეს იეჰოვას, ლაშქართა ღვთის, ტაძარში აღარ იქნება ქანაანელი*».+
ნიშნავს: „იეჰოვას ახსოვს“.
წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.
22-ლიტრიანი ჭურჭელი. იხ. დანართი ბ14.
იგივე ბაბილონეთი.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „მაგარ ქვასავით“.
ან შესაძლოა: „ზღვასთან“.
სხვაგვარად — „მჩაგვრელი“.
იგულისხმება ევფრატი.
იხ. „სიკარგე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იგულისხმება ოჯახის ღმერთები, კერპები.
იგულისხმება მკვდარი ზღვა.
იგულისხმება ხმელთაშუა ზღვა.
იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „ვაჭარი“.