ᲛᲐᲠᲙᲝᲖᲘᲡ ᲡᲐᲮᲐᲠᲔᲑᲐ
1 ასე იწყება სახარება იესო ქრისტეს, ღვთის ძის, შესახებ. 2 ესაია წინასწარმეტყველს უწერია: «(აი, შენ წინ ვგზავნი ჩემს მაცნეს, რომელიც გზას მოგიმზადებს.)+ 3 უდაბნოში მღაღადებლის ხმა ისმის: „მოამზადეთ იეჰოვას* გზა, მოასწორეთ მისი სავალი!“»+ 4 იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში ქადაგებდა, რომ ხალხს ცოდვების მისატევებლად მოენანიებინა და მონათლულიყო.+ 5 მთელი იუდეისა და იერუსალიმის მკვიდრნი მასთან მიდიოდნენ, საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს და ისიც ნათლავდა მათ მდინარე იორდანეში.+ 6 იოანეს აქლემის ბეწვის სამოსი ეცვა, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა+ და კალიებითა და ველური თაფლით იკვებებოდა.+ 7 ის ასე ქადაგებდა: „ჩემ შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია და მე იმის ღირსიც კი არ ვარ, რომ დავიხარო და სანდლის თასმები შევუხსნა.+ 8 მე წყლით მოგნათლეთ, ის კი წმინდა სულით მოგნათლავთ“.+
9 იმ დღეებში გალილეის ქალაქ ნაზარეთიდან ჩამოვიდა იესო და იოანემ ის იორდანეში მონათლა.+ 10 წყლიდან რომ ამოდიოდა, დაინახა, რომ გაიხსნა ცა და ღვთის სული მასზე მტრედის სახით ეშვებოდა.+ 11 და აი, ხმაც გაისმა ციდან: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე! მე მოგიწონე!“+
12 სულმა* იესო მაშინვე უდაბნოში წაიყვანა. 13 იესო უდაბნოში 40 დღე იყო, სადაც იგი სატანამ გამოსცადა.+ იქ მხეცებიც ბინადრობდნენ; ანგელოზები გვერდში ედგნენ მას.+
14 იოანეს დაპატიმრების შემდეგ იესო გალილეაში+ წავიდა და ღვთის სასიხარულო ცნობას ქადაგებდა:+ 15 „დანიშნული დრო ამოიწურა და მოახლოვდა ღვთის სამეფო. მოინანიეთ+ და ირწმუნეთ სასიხარულო ცნობა!“
16 ერთხელ, როცა გალილეის ზღვის ნაპირს მიუყვებოდა, დაინახა, რომ სიმონი და მისი ძმა ანდრია,+ რომლებიც მებადურები იყვნენ,+ ბადეებს ისროდნენ ზღვაში.+ 17 იესომ მათ უთხრა: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“+ 18 მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ.+ 19 ცოტა გაიარა და დაინახა ზებედეს ვაჟი იაკობი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ნავში ბადეებს აკერებდნენ,+ 20 და მაშინვე მოუხმო მათ. მათაც დატოვეს თავიანთი მამა ზებედე და ნავში მყოფი მოჯამაგირეები და გაჰყვნენ მას. 21 ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ.
შაბათის დადგომისთანავე ის სინაგოგაში შევიდა და ხალხს ასწავლიდა.+ 22 ხალხი განცვიფრებული იყო იმით, თუ როგორ ასწავლიდა, რადგან მწიგნობრებისგან განსხვავებით იგი ღვთიური ძალაუფლებით ასწავლიდა.+ 23 იმ დროს სინაგოგაში ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი იყო, რომელიც ყვიროდა: 24 „რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეთელო?+ ჩვენ მოსასპობად მოხვედი? ვიცი, ვინცა ხარ; ღვთის წმინდა ხარ!“+ 25 იესომ შერისხა ის და უთხრა: „გაჩუმდი და გამოდი მისგან!“ 26 უწმინდურმა სულმა ის კაცი კრუნჩხვებში ჩააგდო, მთელი ხმით დაიყვირა და გამოვიდა. 27 ხალხი ამან იმდენად განაცვიფრა, რომ ერთმანეთში დაიწყეს მსჯელობა: „ეს რა არის? რაღაც ახალი მოძღვრებაა! უწმინდურ სულებსაც კი ისე უბრძანებს, როგორც ძალაუფლების მქონე, და ისინიც ემორჩილებიან“. 28 მისი ამბავი სწრაფად გავრცელდა მთელ გალილეაში.
29 გამოვიდნენ სინაგოგიდან იესო, იაკობი, იოანე, სიმონი და ანდრია და ყველანი სიმონისა და ანდრიას სახლში წავიდნენ.+ 30 სიმონის სიდედრი+ სიცხიანი იწვა. ეს მაშინვე აცნობეს იესოს. 31 იგი მივიდა მასთან, ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქალს სიცხემ დაუწია, ადგა და მოემსახურა მათ.
32 საღამო ხანს, მზე რომ ჩავიდა, ხალხმა მასთან ავადმყოფებისა და დემონებით შეპყრობილთა მიყვანა დაიწყო.+ 33 მთელმა ქალაქმა კართან მოიყარა თავი. 34 ის კი სხვადასხვა სნეულებით დაავადებულ უამრავ ავადმყოფს კურნავდა+ და დემონებს დევნიდა, თუმცა მათ ლაპარაკის უფლებას არ აძლევდა, რადგან იცოდნენ, რომ ის ქრისტე იყო*.
35 დილაადრიან, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, ადგა, გარეთ გავიდა, ერთ უკაცრიელ ადგილას მივიდა და ლოცვა დაიწყო.+ 36 სიმონმა და მასთან ერთად მყოფებმა ძებნა დაუწყეს მას 37 და, როცა იპოვეს, უთხრეს: „ყველანი შენ გეძებთ“. 38 მან უთხრა მათ: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო ქალაქებში, რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“.+ 39 წავიდა, მთელი გალილეის სინაგოგებში ქადაგებდა და დემონებს დევნიდა.+
40 მივიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა და შეევედრა: „თუკი მოისურვებ, შეძლებ ჩემს განკურნებას“.+ 41 იესოს გული დაეწვა, ხელი გაიწოდა, შეეხო მას და უთხრა: „მსურს, განიკურნე!“+ 42 მას მაშინვე გაუქრა კეთრი და განიკურნა. 43 იესომ გაუშვა და თან მკაცრად გააფრთხილა: 44 „იცოდე, არავის არაფერი მოუყვე. წადი, მღვდელს ეჩვენე და შენი განკურნებისთვის შესწირე ის, რაც მოსემ დააწესა,+ და ეს მოწმობა იქნება მღვდლებისთვის“.+ 45 ის კი წავიდა და იქაურობას მოსდო ეს ამბავი, ყველას ამაზე ელაპარაკებოდა. იესო თავისუფლად ვეღარ შედიოდა ქალაქში და ამიტომ გარეთ, უკაცრიელ ადგილებში რჩებოდა, ხალხი კი ყოველი მხრიდან მაინც მიდიოდა მასთან.+
2 რამდენიმე დღის შემდეგ იესო კვლავ ჩავიდა კაპერნაუმში. ხმა გავრცელდა, სახლშიაო+ 2 და იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ოთახში ტევა არ იყო, კართანაც კი აღარ იყო ადგილი. ის მათ სასიხარულო ცნობას უქადაგებდა.+ 3 ოთხ კაცს ერთი დამბლადაცემული ჰყავდა მიყვანილი,+ 4 მაგრამ ხალხმრავლობის გამო პირდაპირ იესოსთან რომ ვერ მიიყვანეს, მის ზემოთ სახურავი აჰყარეს და დამბლადაცემული საკაცით ჩაუშვეს. 5 მათი რწმენა რომ დაინახა,+ იესომ დამბლადაცემულს უთხრა: „შვილო, გეპატია ცოდვები!“+ 6 იქვე რამდენიმე მწიგნობარი იჯდა და გულში ფიქრობდა:+ 7 „ასე რატომ ლაპარაკობს ეს კაცი? ღმერთს გმობს. ღვთის გარდა ვის შეუძლია ცოდვების პატიება?!“+ 8 იესომ მაშინვე ამოიცნო მათი ფიქრები, და უთხრა მათ: „ამას რატომ ფიქრობთ გულში?+ 9 რისი თქმა უფრო ადვილია დამბლადაცემულისთვის: გეპატია ცოდვები თუ ადექი, აიღე საკაცე და იარე? 10 მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ კაცის ძეს+ ცოდვების პატიების ძალაუფლება აქვს დედამიწაზე...“+ შემდეგ დამბლადაცემულს უთხრა: 11 „ადექი, აიღე შენი საკაცე და წადი სახლში“. 12 ისიც წამოდგა, მაშინვე აიღო საკაცე და ხალხის წინ გამოვიდა. ყველანი აღფრთოვანებულები იყვნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ, მსგავსი არაფერი გვინახავსო.+
13 იესო ისევ ზღვის ნაპირს გაუყვა; მთელი ხალხი მას მიჰყვებოდა, ის კი ასწავლიდა მათ. 14 გზად ალფეს ვაჟი ლევი დაინახა, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა: „გამომყევი!“ ისიც ადგა და გაჰყვა.+ 15 მოგვიანებით, როცა იესო და მისი მოწაფეები სუფრასთან ისხდნენ* მის სახლში, მათთან ერთად ნადიმობდა ბევრი ცოდვილი და მებაჟე, რომლებიც მისი მიმდევრები გახდნენ.+ 16 ზოგმა ფარისეველმა მწიგნობარმა დაინახა, რომ იესო ცოდვილებთან და მებაჟეებთან ერთად ჭამდა, და მის მოწაფეებს ჰკითხა: „მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამს?“ 17 ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: „ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად“.+
18 იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ ხოლმე. მივიდნენ ისინი იესოსთან და ჰკითხეს: „იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები რომ მარხულობენ, შენი მოწაფეები რატომ არ მარხულობენ?“+ 19 იესომ მიუგო: „რატომ უნდა იმარხულონ ნეფის+ მეგობრებმა, როცა ნეფე მათთან არის? სანამ ნეფე მათთან არის, ნეფის მეგობრები არ იმარხულებენ. 20 თუმცა მოვა დრო, როცა ნეფეს წაართმევენ+ და მაშინ იმარხულებენ. 21 ძველ მოსასხამს არავინ ადებს ახალი ქსოვილის საკერებელს, რადგან, როცა ის შედგება, მოეხევა ძველს და ნახვრეტი უფრო გადიდდება.+ 22 არც ახალ ღვინოს* ასხამენ ძველ ტიკებში, რადგან, თუ ჩაასხეს, ღვინო დახეთქს ტიკებს და დაიღვრება, ტიკები კი აღარაფრად ივარგებს. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ“.
23 შაბათ დღეს იესომ ყანაზე გაიარა. მისი მოწაფეები გზადაგზა თავთავებს გლეჯდნენ.+ 24 ამის დანახვაზე ფარისევლებმა ჰკითხეს მას: „რატომ აკეთებენ ესენი იმას, რისი კეთებაც შაბათს ნებადართული არ არის?“ 25 იესომ მიუგო: „არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მას და მის მხლებლებს საკვები გამოელიათ და მოშივდათ?!+ 26 როგორ შევიდა ღვთის კარავში, უფროსი მღვდლის, აბიათარის+ შესახებ მონათხრობის თანახმად, შეჭამა წარსადგენი პური, რომლის ჭამის უფლებაც მღვდლების გარდა+ არავის ჰქონდა, და თავის მხლებლებსაც მისცა?!“ 27 შემდეგ უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის+ და არა ადამიანი შაბათისთვის. 28 კაცის ძე შაბათის უფალიცაა!“+
3 ის კვლავ სინაგოგაში შევიდა, სადაც ერთი ხელგამხმარი კაცი იყო.+ 2 ფარისევლები უთვალთვალებდნენ, განკურნავდა თუ არა იმ კაცს შაბათს, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. 3 მან ხელგამხმარ კაცს უთხრა: „ადექი, შუაში გამოდი“. 4 შემდეგ ჰკითხა მათ: „ნებადართულია შაბათს კარგის ან ცუდის კეთება, სიცოცხლის* ხსნა ან მოსპობა?“+ ხმას არავინ იღებდა. 5 მათი გულქვაობით+ აღშფოთებულმა და უზომოდ დამწუხრებულმა თვალი მოავლო მათ და ხელგამხმარ კაცს უთხრა: „გაიწოდე ხელი!“ მანაც გაიწოდა ხელი და განიკურნა. 6 მაშინ ფარისევლები გავიდნენ და ჰეროდეს მომხრეებთან+ ერთად მოითათბირეს, რომ მოეკლათ იგი.
7 იესო მოწაფეებთან ერთად იქაურობას გაეცალა და ზღვისკენ გაემართა. დიდძალი ხალხი გაჰყვა მას გალილეიდან და იუდეიდან.+ 8 იერუსალიმიდან და იდუმეიდან, იორდანის გაღმიდან და ტვიროსისა და სიდონის შემოგარენიდანაც კი უამრავი ხალხი მივიდა მასთან, როცა გაიგეს მისი საქმეების შესახებ. 9 მან თავის მოწაფეებს უთხრა, თუ ხალხი მომაწყდება, ნავი მზად გქონდეთო. 10 ვინაიდან იგი მრავალს კურნავდა, მძიმედ დაავადებულნი მის ირგვლივ იყრიდნენ თავს, რომ შეხებოდნენ;+ 11 უწმინდური სულებით+ შეპყრობილნიც კი მის დანახვაზე ემხობოდნენ მის წინაშე და ყვიროდნენ: „შენ ღვთის ძე ხარ!“+ 12 თუმცა იესო მკაცრად აფრთხილებდა მათ, რომ მის შესახებ არავისთვის მოეყოლათ.+
13 შემდეგ იესო მთაზე ავიდა, მოუხმო ზოგიერთ მოწაფეს+ და ისინიც გაჰყვნენ.+ 14 მან თორმეტი აირჩია და მოციქულები უწოდა. სწორედ ისინი იქნებოდნენ მის გვერდით, მათ გაგზავნიდა საქადაგებლად 15 და მათ მისცემდა დემონების განდევნის ძალაუფლებას.+
16 აი მისი ამორჩეული თორმეტი მოციქული:+ სიმონი, რომელსაც პეტრე+ შეარქვა, 17 ზებედეს ვაჟი იაკობი და იაკობის ძმა იოანე, რომელთაც ბოანერგესი შეარქვა („ბოანერგესი“ „ქუხილის ძეებს“ ნიშნავს),+ 18 ანდრია, ფილიპე, ბართლომე, მათე, თომა, ალფეს ვაჟი იაკობი, თადეოზი, სიმონ კანანელი* 19 და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
სახლში რომ მივიდა, 20 ისევ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ საჭმელადაც ვერ მოიცალეს. 21 ეს რომ მისმა ნათესავებმა გაიგეს, მის წამოსაყვანად წავიდნენ; ამბობდნენ, ჭკუაზე შეიშალაო.+ 22 იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები კი ამბობდნენ, ბელზებელი* ჰყავს და დემონთა მმართველის ძალით დევნისო დემონებს.+ 23 იესომ მოუხმო მათ და მსჯელობა მაგალითებით დაიწყო: „როგორ განდევნის სატანა სატანას? 24 გაყოფილი სამეფო დაემხობა+ 25 და გაყოფილი ოჯახი დაიქცევა. 26 თუ სატანა თავის თავს დაუპირისპირდა და გაიყო, როგორღა გაძლებს?! მოახლოებულა მისი აღსასრული. 27 ვინც ძლიერი კაცის სახლში შეიჭრება, ვერ წაიღებს მის ქონებას, თუ ჯერ მას არ შებოჭავს. მხოლოდ მაშინ შეძლებს მისი სახლის გაძარცვას. 28 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ადამიანებს ყველანაირი ცოდვა და მკრეხელობა ეპატიებათ, 29 მაგრამ წმინდა სულის გმობა არასოდეს ეპატიებათ,+ რადგან ეს მიუტევებელი ცოდვაა“.+ 30 ეს იმიტომ თქვა, რომ ამბობდნენ, მასში უწმინდური სულიაო.+
31 მივიდნენ დედამისი და მისი ძმები+ და მის დასაძახებლად ვიღაც შეგზავნეს, თვითონ კი გარეთ იცდიდნენ.+ 32 ირგვლივ მსხდომმა ხალხმა მას უთხრა: „დედაშენი და შენი ძმები გარეთ არიან და გკითხულობენ“.+ 33 მან მიუგო: „ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?“ 34 შემდეგ ირგვლივ მსხდომთ თვალი მოავლო და თქვა: „აი დედაჩემი და ჩემი ძმები!+ 35 ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც!“+
4 იესო კვლავ ზღვის პირას ასწავლიდა. მის მახლობლად იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ ნავში ჩაჯდა და ნაპირს მოშორდა, ხალხი კი ნაპირზე დარჩა.+ 2 ბევრ რამეს იგავებით ასწავლიდა.+ იესომ მათ მიმართა:+ 3 „ყური დამიგდეთ. გამოვიდა მთესველი დასათესად.+ 4 თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს. 5 ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა, მალევე აღმოცენდა.+ 6 მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. 7 ზოგი ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო.+ 8 ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — 30, ზოგმა — 60 და ზოგმაც — 100“.+ 9 შემდეგ დასძინა: „ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+
10 ხალხი რომ დაიშალა, ვინც იესოსთან დარჩა, მათ შორის თორმეტმა მოციქულმა, მოყოლილ იგავებზე შეკითხვები დაუსვეს.+ 11 მან უთხრა მათ: „თქვენ გაგიმჟღავნდათ ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლო,+ სხვებს კი იგავებით ველაპარაკები,+ 12 რათა შეხედონ, მაგრამ ვერ დაინახონ, მოისმინონ, მაგრამ აზრს ვერ ჩასწვდნენ; ისინი არასოდეს მობრუნდებიან და არც ეპატიებათ“.+ 13 შემდეგ მათ უთხრა: „თუ ამ იგავის არსს ვერ სწვდებით, სხვა იგავების არსს როგორღა ჩასწვდებით?!
14 მთესველი თესავს სიტყვას.+ 15 გზის პირას მყოფნი, სადაც სიტყვა ითესება, ისინი არიან, ვისთანაც სატანა მაშინვე მიდის,+ როგორც კი სიტყვას მოისმენენ, და სტაცებს ჩათესილ სიტყვას.+ 16 კლდოვან ადგილზე დათესილები ისინი არიან, ვინც სიტყვას მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ,+ 17 მაგრამ, ვინაიდან ფესვი არა აქვთ, ცოტა ხანს ძლებენ და, როგორც კი სიტყვის გამო გასაჭირი ან დევნა იწყება, ბრკოლდებიან. 18 ეკლებში დათესილები ისინი არიან, ვინც ისმენენ სიტყვას,+ 19 მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვთ, რადგან ქვეყნიერების* საზრუნავი,+ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა+ და სხვა სურვილები+ იპყრობს მათ და აშთობს სიტყვას. 20 კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, ვინც სიტყვას ისმენენ, კეთილგანწყობით იღებენ და ნაყოფი გამოაქვთ: ზოგს — 30, ზოგს — 60 და ზოგს — 100“.+
21 აი, კიდევ რა უთხრა მათ: „ლამპარი იმიტომ კი არ გამოაქვთ, რომ ჭურჭელი დააფარონ ან საწოლის ქვეშ დადგან; ის იმიტომ გამოაქვთ, რომ სალამპრეზე დადგან.+ 22 არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და საგულდაგულოდ დამალული, რომ არ გამოაშკარავდეს.+ 23 ვისაც ყური აქვს, ისმინოს!“+
24 მერე კი უთხრა: „დაუკვირდით იმას, რასაც ისმენთ.+ რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ, და უფრო მეტიც მოგეცემათ. 25 ვისაც აქვს, უფრო მეტი მიეცემა,+ ხოლო ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს“.+
26 შემდეგ განაგრძო: „ღვთის სამეფო შეიძლება შევადაროთ კაცს, რომელიც თესლს თესავს. 27 ღამით წვება, დღისით დგება. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. 28 მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი საღი მარცვალი. 29 როგორც კი ნაყოფი მწიფდება, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დროა დამდგარი“.
30 შემდეგ განაგრძო: „რას შევადაროთ ღვთის სამეფო ან რა იგავი მივუსადაგოთ? 31 ის მდოგვის მარცვალს ჰგავს, რომელიც ყველაზე პატარა თესლია დედამიწაზე;+ 32 დათესვის მერე კი, როცა ამოდის, ბოსტნის ყველა სხვა მცენარეზე დიდი იზრდება და იმხელა ტოტები ეზრდება, რომ ფრინველები მის ჩრდილში იბუდებენ“.
33 იესო სათქმელს მათთვის გასაგები ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა.+ 34 იგავების გარეშე არაფერს ეუბნებოდა ხალხს, თავის მოწაფეებს კი ცალკე უხსნიდა ყველაფერს.+
35 იმავე დღეს, საღამო ხანს, მათ უთხრა, გაღმა გავიდეთო.+ 36 ხალხის წასვლის შემდეგ ის იმავე ნავით წაიყვანეს, რომელშიც იჯდა. მას სხვა ნავებითაც გაჰყვნენ.+ 37 უცებ ისეთი საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ტალღები ნავს ეხეთქებოდა; ცოტაც და ნავი წყლით აივსებოდა.+ 38 ის კიჩოზე იყო, თავი სასთუმალზე ედო და ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: „მოძღვარო, ნუთუ შენთვის სულერთია, რომ ვიღუპებით?!“ 39 ისიც წამოდგა, შერისხა ქარი და ზღვას მიმართა: „დაწყნარდი! ჩაცხრი!“+ ქარი ჩადგა და სრული სიჩუმე ჩამოვარდა. 40 შემდეგ მათ უთხრა: „რამ შეგაშინათ?! სად არის თქვენი რწმენა?!“ 41 ძალიან შეშინებულები იყვნენ, ერთმანეთს ეუბნებოდნენ, ეს ვინ არის, ქარიცა და ზღვაც რომ მას ემორჩილებაო.+
5 გადაცურეს ზღვა და გერასელთა მხარეს მიადგნენ.+ 2 როგორც კი იესო ნავიდან გადმოვიდა, სასაფლაოდან* გამოსული ერთი უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი შემოხვდა, 3 რომელიც სასაფლაოზე ცხოვრობდა. ჯაჭვებითაც კი ვერავინ ბოჭავდა მას. 4 არაერთხელ დაუდიათ ბორკილები და შეუკრავთ ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამტვრევდა; ვერაფერს უხერხებდნენ. 5 სასაფლაოზე თუ მთაში დღედაღამ ღრიალებდა და სხეულს ქვებით ისერავდა. 6 თვალი მოჰკრა თუ არა იესოს, მისკენ გაიქცა და მის წინაშე დაემხო.+ 7 მერე ყვირილი მორთო: „რა გინდა ჩემგან, იესო, უზენაესის ძეო? ღმერთს გაფიცებ, არ დამტანჯო“.+ 8 ამას იმიტომ ამბობდა, რომ იესო ეუბნებოდა, უწმინდურო სულო, გამოდი ამ კაცისგანო.+ 9 იესომ ჰკითხა მას: „რა გქვია?“ მან მიუგო: „ლეგიონი, რადგან ბევრნი ვართ“. 10 ის ემუდარებოდა იესოს, რომ არ გაეყარა სულები იმ მხარიდან.+
11 იქვე, მთაზე,+ ღორების დიდი ჯოგი+ ჭამდა. 12 უწმინდური სულები შეეხვეწნენ იესოს, ღორებისკენ გაგვიშვი, ღორებში შევალთო. 13 მანაც დართო ნება. გამოვიდნენ უწმინდური სულები და ღორებში შევიდნენ. ჯოგი კბოდედან ზღვაში გადაეშვა და 2 000-მდე ღორი დაიხრჩო. 14 გაიქცნენ მეღორეები და ეს ამბავი ქალაქსა და სოფლებს მოსდეს. ხალხი მომხდარის სანახავად მივიდა.+ 15 იესოსთან მისულებმა დაინახეს ის დემონებით შეპყრობილი კაცი, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა. ჩაცმული იჯდა და საღი აზროვნება დაჰბრუნებოდა. ხალხი შიშმა შეიპყრო. 16 თვითმხილველებმაც უამბეს მათ, რაც დემონებით შეპყრობილ კაცსა და ღორებს დაემართათ. 17 შემდეგ შეეხვეწნენ იესოს, რომ იქაურობას გასცლოდა.+
18 ნავში რომ ჯდებოდა იესო, კაცი, რომელიც დემონებით იყო შეპყრობილი, შეეხვეწა, შენთან ერთად წამოვალო.+ 19 თუმცა მან ნება არ დართო და უთხრა: „შინ წადი და შენიანებს უამბე, რა გაგიკეთა იეჰოვამ* და როგორ შეგიწყალა“. 20 წავიდა იგი და დეკაპოლისში ყველას იმაზე ელაპარაკებოდა, რაც იესომ გაუკეთა; ყველანი გაკვირვებულები იყვნენ.
21 როცა იესო ნავით გამოღმა გამოვიდა, მასთან დიდძალი ხალხი შეიკრიბა. ის ზღვის პირას იყო.+ 22 ამ დროს მოვიდა სინაგოგის ერთ-ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და თვალი მოჰკრა თუ არა იესოს, მის ფეხებთან დაემხო+ 23 და ხვეწნა დაუწყო: „ჩემი გოგო სიკვდილის პირასაა. წამოდი, ხელი დაადე,+ რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს“. 24 იესოც წაჰყვა. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
25 მათ შორის იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელი+ სისხლდენით+ იტანჯებოდა. 26 გაწამებული იყო ექიმებისგან; მთელი სახსრები დახარჯვოდა, მაგრამ გამოკეთების ნაცვლად უარეს დღეში ჩავარდნილიყო. 27 იესოს ამბავი რომ გაიგო, ზურგიდან მიუახლოვდა მას და მოსასხამზე შეეხო,+ 28 რადგან თავისთვის ამბობდა, მოსასხამზეც რომ შევეხო, გამოვჯანმრთელდებიო.+ 29 სისხლდენა მაშინვე შეუჩერდა და იგრძნო, რომ მძიმე დაავადებისგან განიკურნა.
30 იესომაც მაშინვე იგრძნო, რომ ძალა+ გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: „ვინ შემეხო მოსასხამზე?“+ 31 მოწაფეებმა მიუგეს: „ხალხი ზედ გაწყდება და შენ კიდევ კითხულობ, ვინ შემეხოო“. 32 იესომ მიმოიხედა, რომ დაენახა, ვინ შეეხო. 33 როცა ქალი მიხვდა, რაც მოხდა, შეშინებული და აკანკალებული მივიდა მასთან, მის წინაშე დაემხო და ყველაფერი უამბო. 34 იესომ მას უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით.+ განკურნებული ხარ მძიმე დაავადებისგან“.+
35 ჯერ ისევ ლაპარაკობდა, როცა სინაგოგის წინამძღვრის სახლიდან რამდენიმე კაცი მოვიდა და უთხრა მას: „შენი ასული გარდაიცვალა! ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს“.+ 36 ამაზე იესომ სინაგოგის წინამძღვარს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“.+ 37 პეტრეს, იაკობისა და მისი ძმის, იოანეს გარდა, არავის დართო ნება, რომ წაჰყოლოდნენ.+
38 მივიდნენ ისინი სინაგოგის წინამძღვრის სახლში. დაინახა იესომ, რომ ხალხი ჩოჩქოლებდა, ტიროდა და მოთქვამდა.+ 39 შევიდა და უთხრა მათ: „რატომ ჩოჩქოლებთ და რატომ ტირით? ბავშვი არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს!“+ 40 ამის გაგონებაზე მათ ის მასხრად აიგდეს. მან ყველანი გარეთ გაუშვა, წაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თავისთან მყოფნი და იმ ოთახში შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. 41 ხელზე ხელი მოჰკიდა მას და უთხრა: „ტალითა კუმი“, რაც ასე ითარგმნება: „გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!“+ 42 გოგონა მაშინვე წამოდგა და გაიარა (იგი 12 წლისა იყო). იქ მყოფთა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. 43 იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის მოეყოლათ ეს ამბავი.+ მერე კი თქვა, გოგონასთვის საჭმელი მიეცათ.
6 იქიდან იესო მშობლიურ მხარეში ჩავიდა;+ მოწაფეებიც თან ახლდნენ. 2 შაბათ დღეს მან სწავლება დაიწყო სინაგოგაში. მრავალი, ვინც მას მოუსმინა, განცვიფრებული ამბობდა: „საიდან იცის ამდენი რამე?+ საიდან აქვს ამხელა სიბრძნე და როგორ ახდენს ასეთ სასწაულებს?+ 3 ეს ხომ დურგალია,+ მარიამის ვაჟი,+ იაკობის,+ იოსების, იუდასა და სიმონის+ ძმა?! მისი დებიც ხომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ?!“ ისინი მის გამო ბრკოლდებოდნენ. 4 იესომ უთხრა მათ: „წინასწარმეტყველს, მშობლიური მხარის, ნათესავებისა და ოჯახის გარდა, ყველგან პატივს სცემენ“.+ 5 ამიტომ აღარ მოუხდენია იქ სასწაულები, მხოლოდ რამდენიმე ავადმყოფს დაადო ხელი და განკურნა. 6 აოცებდა მათი ურწმუნოება. დადიოდა ახლომახლო სოფლებში და ასწავლიდა.+
7 მოუხმო თორმეტივე მოციქულს, რომ ორ-ორად გაეგზავნა,+ და მისცა უწმინდური სულების განდევნის ძალაუფლება.+ 8 მითითებებიც მისცა, რომ ხელჯოხის გარდა თან არაფერი წაეღოთ: არც პური, არც საგზლის აბგა და არც ფული სარტყლით*;+ 9 უთხრა, რომ სანდლები ჩაეცვათ და გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წაეღოთ. 10 შემდეგ მათ უთხრა: „რომელ სახლშიც მიგიღებენ, იქაურობის დატოვებამდე იქ დარჩით.+ 11 სადაც არ მიგიღებენ ან არ მოგისმენენ, იმ ადგილის დატოვებისას ფეხებიდან მტვერი დაიბერტყეთ*“.+ 12 წავიდნენ ისინი და ხალხს უქადაგებდნენ, რომ მოენანიებინათ;+ 13 დემონებს დევნიდნენ,+ ავადმყოფებს ზეთს სცხებდნენ და კურნავდნენ.
14 იესოს ამბავმა მეფე ჰეროდეს* ყურამდეც მიაღწია, რადგან ყველგან მის შესახებ ლაპარაკობდნენ. ხალხი ამბობდა, იოანე ნათლისმცემელი მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს ახდენსო.+ 15 ზოგი ამბობდა, ელიააო, ზოგიც — ისეთივე წინასწარმეტყველია, ძველად რომ იყვნენო.+ 16 ეს რომ ჰეროდემ გაიგო, თქვა, იოანე, მე რომ თავი მოვკვეთე, მკვდრეთით აღმდგარაო. 17 მანამდე ჰეროდემ თვითონ გაგზავნა კაცები, შეაპყრობინა იოანე, შეაბორკვინა და საპყრობილეში ჩააგდებინა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, რომელიც თავად ჰყავდა ცოლად.+ 18 იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს, ძმის ცოლთან ცხოვრების უფლება არა გაქვსო,+ 19 ჰეროდია კი ბრაზობდა იოანეზე და მისი მოკვლა უნდოდა, მაგრამ არ შეეძლო, 20 რადგან ეშინოდა ჰეროდეს იოანესი, იცოდა, რომ მართალი და წმინდა კაცი+ იყო იგი და მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. მასთან ყოველი საუბრისას საგონებელში ვარდებოდა და აღარ იცოდა, რა ექნა, მაგრამ მაინც სიამოვნებით უსმენდა.
21 დადგა ჰეროდიასთვის ხელსაყრელი დრო. ჰეროდემ თავის დაბადების დღეზე+ ვახშამი გაუმართა დიდებულებს, ათასისთავებსა და წარჩინებულ გალილეელებს.+ 22 შემოვიდა ჰეროდიას ქალიშვილი, იცეკვა და ასიამოვნა ჰეროდესა და მის სტუმრებს. მეფემ უთხრა მას: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ!“ 23 დაუფიცა კიდეც: „ჩემი სამეფოს ნახევარიც რომ მთხოვო, მოგცემ!“ 24 გავიდა იგი და დედამისს ჰკითხა: „რა ვთხოვო?“ მან მიუგო: „იოანე ნათლისმცემლის თავი“. 25 მყისვე შებრუნდა მეფესთან და უთხრა: „ახლავე ლანგრით მომიტანონ იოანე ნათლისმცემლის თავი!“+ 26 მეფე დიდად დამწუხრდა, მაგრამ უარი ვეღარ უთხრა, რადგან სტუმრების თვალწინ დადებული ფიცის გატეხვისა მოერიდა. 27 მაშინვე გაგზავნა მეფემ თავისი მცველი და უბრძანა, იოანეს თავი მოეტანა. ისიც წავიდა, მოჰკვეთა მას საპყრობილეში თავი 28 და ჰეროდიას ქალიშვილს ლანგრით მიუტანა, ქალიშვილმა კი — დედამისს. 29 ეს რომ იოანეს მოწაფეებმა გაიგეს, მივიდნენ და მისი ცხედარი სამარხში გადაასვენეს.
30 შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და ყველაფერი აცნობეს, რაც გააკეთეს და რაც ხალხს ასწავლეს.+ 31 მან უთხრა მათ: „მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ“;+ მათთან ბევრი ხალხი მიდიოდა და საჭმელადაც კი ვეღარ იცლიდნენ. 32 წავიდნენ ნავით უკაცრიელ ადგილას, ხალხს რომ გარიდებოდნენ.+ 33 დაინახა ხალხმა, რომ მიდიოდნენ, ბევრმაც შეიტყო ეს, გაიქცნენ თავ-თავიანთი ქალაქებიდან და მათზე ადრე მივიდნენ იმ ადგილას. 34 ნავიდან გადმოსვლისას იესომ უამრავი ხალხი რომ დაინახა, გული დაეწვა მათ გამო,+ რადგან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ,+ და ბევრ რამეს ასწავლიდა მათ.+
35 საღამო ხანს მასთან მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს: „ეს ადგილი უკაცრიელია, თანაც უკვე გვიანია.+ 36 გაუშვი ეს ხალხი ახლომახლო დაბებსა და სოფლებში საჭმლის საყიდლად“.+ 37 იესომ მიუგო: „თქვენ მიეცით საჭმელი!“ მათ ჰკითხეს: „რა ვქნათ, წავიდეთ და ვიყიდოთ 200 დინარის პური, რომ დავაპუროთ ეს ხალხი?“+ 38 მან ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ? აბა ნახეთ!“ როცა გაიგეს, რამდენიც ჰქონდათ, უთხრეს: „ხუთი პური და ორიც თევზი“.+ 39 მერე ბრძანა, ბალახზე ჯგუფებად დამსხდარიყვნენ.+ 40 ისინიც 100-კაციან და 50-კაციან ჯგუფებად დასხდნენ. 41 შემდეგ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა და ილოცა*,+ მერე პურები დატეხა და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ. ორი თევზიც ყველას გაუნაწილა. 42 ყველა კარგად დანაყრდა. 43 თუ თევზს არ ჩავთვლით, მორჩენილი ნატეხებით 12 კალათი გაავსეს.+ 44 პური 5 000-მა კაცმა ჭამა.
45 მაშინ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, რომ ნავში ჩამსხდარიყვნენ და მეორე ნაპირზე გადასულიყვნენ ბეთსაიდის მხარეს, თვითონ კი ხალხი გაუშვა.+ 46 გამოემშვიდობა მათ და მთაზე ავიდა, რომ ელოცა.+ 47 უკვე ბნელოდა. ნავი შუა ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იყო ნაპირზე.+ 48 ღამის მეოთხე გუშაგობისას*, როცა დაინახა, რომ პირქარის გამო ცურვა უჭირდათ, ზღვაზე სვლით მათკენ გაემართა; ისე ჩანდა, რომ მათთვის გვერდი უნდა აევლო. 49 ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენებააო, და აყვირდნენ. 50 ყველამ დაინახა იგი და შეშფოთდა. იესო მაშინვე გამოელაპარაკა მათ: „ნუ გეშინიათ, მე ვარ, გამაგრდით!“+ 51 მივიდა, ნავში ჩაჯდა და ქარიც ჩადგა. ამან ისინი ძალიან გააოცა, 52 რადგან იესოს მიერ ხალხის სასწაულებრივად დაპურებამაც ვერაფერი ასწავლა მათ, დახშული ჰქონდათ გული.
53 ზღვა რომ გადაცურეს და გენესარეთში ჩავიდნენ, ღუზა ჩაუშვეს.+ 54 როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, ხალხმა იცნო ის 55 და მაშინვე შეატყობინა ეს მთელ იმ მხარეს; ავადმყოფები საკაცეებით მიჰყავდათ იქ, სადაც იესო ეგულებოდათ. 56 რომელ სოფელში, ქალაქსა თუ დაბაშიც არ უნდა შესულიყო, ყველგან ავადმყოფები მიჰყავდათ მასთან და მოედნებზე ათავსებდნენ. ისინი ეხვეწებოდნენ, მხოლოდ მოსასხამის ფოჩზე შეგეხებითო.+ ვინც კი შეეხო, ყველა გამოჯანმრთელდა.
7 იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისევლები და რამდენიმე მწიგნობარი იქ შეგროვდნენ, სადაც იესო იყო.+ 2 დაინახეს, რომ ზოგი მისი მოწაფე საჭმელს წაბილწული, დაუბანელი ხელით ჭამდა* 3 (ფარისევლები და იუდეველები ისე არ ჭამენ, თუ ხელები იდაყვებამდე არ დაიბანეს, რადგან ზედმიწევნით იცავენ წინაპართა ადათ-წესებს. 4 არც ბაზრიდან დაბრუნებულები ჭამენ, სანამ არ განიბანებიან. ბევრ სხვა ადათ-წესსაც მკაცრად მიჰყვებიან: ავლებენ თასებს, დოქებსა და სპილენძის ჭურჭელს).+ 5 ამიტომ ფარისევლებმა და მწიგნობრებმა იესოს ჰკითხეს: „რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები წინაპართა ადათ-წესებს და რატომ ჭამენ წაბილწული ხელებით?“+ 6 მან მიუგო: «თვალთმაქცებო, რა ზუსტად იწინასწარმეტყველა ესაიამ თქვენზე: „ეს ხალხი ბაგით მადიდებს, გულით კი შორს არიან ჩემგან.+ 7 ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მოგონილ წესებს მცნებად უდებენ ხალხს“.+ 8 ღვთის მცნებას არღვევთ, ადამიანთა ადათ-წესებს კი ზედმიწევნით იცავთ».+
9 მერე განაგრძო: „თქვენ მოხერხებულად უვლით გვერდს ღვთის მცნებას, თქვენი ადათ-წესები რომ დაიცვათ.+ 10 მაგალითად, მოსემ თქვა, პატივი ეციო მამას და დედას,+ და მამის ან დედის მლანძღველი მოკვდესო.+ 11 თქვენ კი რომ ამბობთ, თუ კაცი მამას ან დედას ეტყვის, ჩემი ქონება, რითაც უნდა მერჩინე, კორბანიაო (ღვთისთვის განკუთვნილი ძღვენი), 12 ამით მას მამისთვის ან დედისთვის მცირედის გაკეთების საშუალებასაც კი არ აძლევთ.+ 13 ასე თქვენ თქვენივე ადათ-წესებით აუფასურებთ ღვთის სიტყვას.+ სხვასაც ბევრს აკეთებთ ამის მსგავსს“.+ 14 ამიტომ კვლავ მოუხმო ხალხს და უთხრა: „ყური დამიგდეთ და დაუფიქრდით, რასაც გეტყვით.+ 15 ადამიანს ის კი არ ბილწავს, რაც მასში გარედან შედის, არამედ ის, რაც მისგან გამოდის“.+ 16 * ——
17 იქაურობა რომ დატოვა და სახლში მივიდა, მოწაფეებმა მოყოლილ იგავებზე შეკითხვები დაუსვეს.+ 18 მან მიუგო: „ნუთუ ვერც თქვენ ხვდებით?! ნუთუ არ იცით, რომ რაც ადამიანში გარედან შედის, ის არ ბილწავს მას, 19 რადგან ხვდება არა გულში, არამედ მუცელში, მერე კი გარეთ გამოდის?!“ ამით მან ყველანაირი საჭმელი წმინდად გამოაცხადა. 20 შემდეგ განაგრძო: „ადამიანს ის ბილწავს, რაც მისგან გამოდის;+ 21 შიგნიდან ანუ ადამიანის გულიდან+ გამოდის ბოროტი აზრები, უზნეობა*, ქურდობა, მკვლელობა, 22 მრუშობა, სიხარბე, ბოროტება, ცბიერება, თავაშვებულობა*, შური, მკრეხელობა, ამპარტავნობა, უგუნურება; 23 ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს“.
24 იქიდან ტვიროსისა და სიდონისკენ გასწია.+ შევიდა ერთ სახლში, რადგან არ უნდოდა, ვინმეს მისი ჩასვლის შესახებ გაეგო, თუმცა მაინც გაიგეს. 25 ეს ერთმა ქალმაც შეიტყო, რომლის გოგონაც უწმინდურ სულს ჰყავდა შეპყრობილი, მივიდა და მის ფეხებთან დაემხო.+ 26 იგი სიროფინიკიელი იყო, წარმოშობით ბერძენი. ეხვეწებოდა მას, რომ მისი გოგონასგან დემონი განედევნა. 27 იესომ უთხრა: „ჯერ შვილებმა უნდა ჭამონ. ვის გაუგია, შვილებს წაართვა პური და ფინიებს გადაუგდო?!“+ 28 „ჰო, უფალო, მაგრამ ფინიებიც ხომ ჭამენ მაგიდის ქვეშ ბავშვების დაყრილ ნამცეცებს“, — უთხრა ქალმა. 29 იესომ მიუგო: „რადგან ასე თქვი, წადი, გამოსულია დემონი შენი გოგონასგან“.+ 30 წავიდა სახლში და ნახა, რომ ბავშვი საწოლზე იწვა და დემონიც გამოსულიყო.+
31 წავიდა იესო ტვიროსის მხარიდან, გაიარა სიდონი და გალილეის ზღვისკენ გაემართა. გზად დეკაპოლისი გაიარა.+ 32 იქ ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს+ და შეეხვეწნენ, განკურნეო*. 33 იესომ ცალკე გაიყვანა იგი, თითებით ყურები დაუცო და დაფურთხების შემდეგ ენაზე შეეხო.+ 34 მერე ცას ახედა, ამოიოხრა და იმ კაცს უთხრა: „ეფფათა“, რაც ნიშნავს: „გაიხსენ!“ 35 კაცს სმენაც დაუბრუნდა+ და გამართულადაც ალაპარაკდა. 36 იესომ იქ მყოფები გააფრთხილა, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვათ,+ მაგრამ რაც უფრო უკრძალავდა, მით უფრო მეტს ლაპარაკობდნენ მომხდარზე;+ 37 განცვიფრებულნი+ ამბობდნენ: „ეს კაცი საოცრებებს ახდენს! ყრუებს სმენას უბრუნებს და მუნჯებს ამეტყველებს!“+
8 კვლავ მოგროვდა დიდძალი ხალხი; საჭმელი არაფერი ჰქონდათ. მან მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: 2 „გული მეწვის ამ ხალხის შემხედვარეს,+ უკვე სამი დღეა, აქედან ფეხი არ მოუცვლიათ და საჭმელიც გამოელიათ.+ 3 სახლებში უჭმელად რომ გავუშვა, გზაში დაუძლურდებიან; ზოგი მათგანი შორიდან არის მოსული“. 4 მოწაფეებმა მიუგეს: „ვინ დააპურებს ამდენ ხალხს ამ მიყრუებულ ადგილას?“ 5 იესომ ჰკითხა: „რამდენი პური გაქვთ?“ „შვიდი“, — მიუგეს მათ.+ 6 მაშინ ხალხს უბრძანა, მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო ის შვიდი პური, ღმერთს მადლობა შესწირა, დაამტვრია და მოწაფეებს მისცა, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ, და მათაც ჩამოურიგეს.+ 7 მოწაფეებს რამდენიმე პატარა თევზიც ჰქონდათ. ილოცა და უთხრა მათ, რომ ხალხისთვის თევზიც ჩამოერიგებინათ. 8 ხალხი კარგად დანაყრდა, მორჩენილი ნატეხებით კი შვიდი გოდორი გაავსეს.+ 9 იქ 4 000-მდე კაცი იყო. ბოლოს გაისტუმრა ისინი.
10 ჩაჯდა იესო ნავში მოწაფეებთან ერთად და დალმანუთაში ჩავიდა.+ 11 იქ მასთან ფარისევლები მივიდნენ და დავა დაუწყეს; გამოსაცდელად ციური ნიშნის მოხდენას ითხოვდნენ.+ 12 იესომ ამოიოხრა და თქვა: „რატომ სურს ამ თაობას ნიშნის ხილვა?+ ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვერ იხილავს ეს თაობა ნიშანს“.+ 13 წამოვიდა მათგან, ჩაჯდა ნავში და გაღმა გავიდა.
14 მათ პურის წაღება დაავიწყდათ, ნავში კი ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ.+ 15 მან გააფრთხილა ისინი: „იფხიზლეთ და ერიდეთ ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს“.+ 16 მათ კი იმაზე დაიწყეს კამათი, რომ პური არ ჰქონდათ. 17 ეს რომ შეამჩნია, უთხრა მათ: «რატომ კამათობთ პურის გამო? ნუთუ ჯერ კიდევ ვერაფერს ხვდებით და არაფერი გესმით? ნუთუ ჯერ კიდევ დახშული გაქვთ გული? 18 „თვალები გაქვთ და როგორ ვერ ხედავთ?! ყურები გაქვთ და როგორ არ გესმით?!“ არ გახსოვთ, 19 ხუთი პური რომ დავამტვრიე+ 5 000 კაცისთვის, რამდენი კალათი აავსეთ მაშინ მორჩენილი ნატეხებით?» „თორმეტი“,+ — მიუგეს მათ. 20 „შვიდი პური რომ დავამტვრიე 4 000 კაცისთვის, რამდენი გოდორი გაავსეთ მორჩენილი ნატეხებით?“ „შვიდი“,+ — მიუგეს მათ. 21 მაშინ ჰკითხა: „კიდევ ვერ ხვდებით?“
22 ბეთსაიდას რომ მიადგნენ, ერთი უსინათლო კაცი მიუყვანეს და შეეხვეწნენ, შეეხეო.+ 23 ხელი მოჰკიდა უსინათლოს და სოფლიდან გაიყვანა. თვალებზე დააფურთხა,+ ხელები დაადო და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“ 24 კაცმა აიხედა და მიუგო: „ადამიანებს ვხედავ, ხეებს ჰგვანან და აქეთ-იქით დადიან“. 25 მაშინ ისევ დაადო ხელები თვალებზე; კაცს მხედველობა დაუბრუნდა და ყველაფერი მკაფიოდ და ნათლად დაინახა. 26 მერე სახლში გაუშვა და უთხრა, სოფელში ნუ შეხვალო.
27 იესო მოწაფეებთან ერთად ფილიპეს კესარეის სოფლებში წავიდა. გზაში ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“+ 28 „ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო,+ ზოგიც — ელიააო,+ ზოგი კი — ერთ-ერთი წინასწარმეტყველიაო“, — უპასუხეს მათ. 29 „თქვენ რას ფიქრობთ, ვინა ვარ?“ — ჰკითხა მან. „შენა ხარ ქრისტე“,+ — მიუგო პეტრემ. 30 იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ ამის შესახებ არავისთვის ეთქვათ.+ 31 ის იმასაც უხსნიდა, რომ კაცის ძეს არაერთი სატანჯველის ატანა მოუწევდა, რომ უხუცესები, უფროსი მღვდლები და მწიგნობრები უარყოფდნენ მას, რომ მას მოკლავდნენ+ და მესამე დღეს აღდგებოდა.+ 32 ასე პირდაპირ რომ ამბობდა ამას, პეტრემ განზე გაიხმო ის და მის გადარწმუნებას შეეცადა.+ 33 იესო მობრუნდა, თავის მოწაფეებს გადახედა და გაუწყრა პეტრეს: „მომცილდი, სატანა! შენ ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ!“+
34 შემდეგ თავისთან მოიხმო მოწაფეებიც და ხალხიც და მიმართა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ძელი* და გამომყვეს.+ 35 ვისაც სიცოცხლის* შენარჩუნება სურს, დაკარგავს მას, ხოლო ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დაკარგავს სიცოცხლეს, დაიბრუნებს მას.+ 36 კაცმა მთელი ქვეყნიერებაც რომ შეიძინოს, რას არგებს, თუ სიცოცხლეს დაკარგავს?!+ 37 განა შეძლებს კაცი რაიმეს გაღებას სიცოცხლის სანაცვლოდ?!+ 38 ვისაც ჩემ გამო და ჩემი სიტყვების გამო შერცხვება ამ ორგულ* და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მის გამო,+ როცა თავისი მამის დიდებით წმინდა ანგელოზებთან ერთად მოვა“.+
9 იესომ განაგრძო: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ მოკვდებიან, სანამ არ იხილავენ ღვთის სამეფოს, ძალაუფლებით მოსულს“.+ 2 ექვსი დღის შემდეგ იესომ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე ფერი იცვალა.+ 3 სამოსი აუელვარდა და ისე გაუთეთრდა, რომ დედამიწაზე ვერცერთი მრეცხავი ასე ვერ გაათეთრებდა. 4 მათ იხილეს მოსე და ელია, რომლებიც იესოს ესაუბრებოდნენ. 5 პეტრემ იესოს უთხრა: „რაბი, რა კარგია, აქ რომ ვართ! სამ კარავს დავდგამთ: ერთს შენთვის, ერთს მოსესთვის და ერთსაც ელიასთვის“; 6 აღარ იცოდა, რა ეთქვა, რადგან ძალიან შეეშინდათ. 7 გამოჩნდა ღრუბელი და დაჩრდილა ისინი; ღრუბლიდან ხმა გაისმა:+ „ეს არის ჩემი საყვარელი ძე,+ მას უსმინეთ!“+ 8 უეცრად მიმოიხედეს და იესოს გარდა ვეღარავინ დაინახეს.
9 მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ კაცის ძის მკვდრეთით აღდგომამდე+ არავისთვის მოეყოლათ ნანახი.+ 10 მათ გულში ჩაიმარხეს ეს სიტყვები, მაგრამ ერთმანეთში მსჯელობდნენ, რა მკვდრეთით აღდგომაზე გველაპარაკებაო. 11 შემდეგ ჰკითხეს მას: „რატომ ამბობენ მწიგნობრები, ჯერ ელია+ უნდა მოვიდესო?“+ 12 მან მიუგო: „ეგ მართალია. ჯერ ელია უნდა მოვიდეს და ყველაფერი აღადგინოს,+ მაგრამ კაცის ძეზე რატომღა წერია, არაერთი სატანჯველის ატანა მოუწევს+ და უარყოფენო?+ 13 გეუბნებით: ელია+ უკვე მოვიდა და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ, სწორედ ისე, როგორც დაწერილია მასზე“.+
14 სხვა მოწაფეებთან რომ მივიდნენ, დაინახეს, რომ მათ ირგვლივ უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მოწაფეებს მწიგნობრები ეკამათებოდნენ.+ 15 ხალხმა თვალი რომ მოჰკრა იესოს, ძალიან გაუკვირდათ. გაიქცნენ მასთან და მიესალმნენ. 16 იესომ ჰკითხა მათ: „რაზე ეკამათებით?“ 17 ხალხიდან ვიღაცამ მიუგო: „მოძღვარო, ჩემი ბიჭი მოგიყვანე, სიმუნჯის სული ჰყავს.+ 18 სადაც კი შეიპყრობს, მიწაზე ანარცხებს, დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და ძალა ეცლება. შენს მოწაფეებს ვთხოვე, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შეძლეს“. 19 მაშინ იესომ უთხრა მათ: „ოჰ, ურწმუნო თაობავ,+ როდემდე უნდა ვიყო თქვენთან? როდემდე უნდა გითმინოთ? მომიყვანეთ ბიჭი!“+ 20 მათაც მიუყვანეს. სულმა იესოს დანახვისთანავე კრუნჩხვებში ჩააგდო ბიჭი; იგი მიწაზე დაეცა, გორაობდა და დუჟი გადმოსდიოდა. 21 იესომ ბიჭის მამას ჰკითხა: „რამდენი ხანია, რაც ასე ემართება?“ „ბავშვობიდან“, — მიუგო მან. 22 „ხან ცეცხლში აგდებს, ხან — წყალში; მისი მოკვლა უნდა. თუ მისი განკურნება შეგიძლია, შეგვიბრალე და დაგვეხმარე“. 23 იესომ უთხრა: „რა თქვი, თუ შეგიძლიაო?! ვისაც სწამს, მისთვის შეუძლებელი არაფერია“.+ 24 ბავშვის მამამ მაშინვე წამოიძახა: „მწამს! ოღონდ დამეხმარე, რომ რწმენა გავიძლიერო!“+
25 როცა იესომ შენიშნა, რომ ხალხი მათკენ გამორბოდა, უწმინდური სული შერისხა და უთხრა: „სიმუნჯისა და სიყრუის სულო, გიბრძანებ, გამოხვიდე მისგან და აღარასოდეს შეხვიდე!“+ 26 სულმა დაიყვირა, ბიჭი კრუნჩხვებში ჩააგდო და გამოვიდა მისგან. ბიჭი მკვდარს დაემსგავსა. ბევრი ამბობდა კიდეც, მოკვდაო, 27 მაგრამ იესომ მას ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. 28 სახლში რომ შევიდა, მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: „ჩვენ რატომ ვერ განვდევნეთ?“+ 29 „ამათ მხოლოდ ლოცვით თუ განდევნი“, — უპასუხა იესომ.
30 წამოვიდნენ იქიდან და ჩავიდნენ გალილეაში, მაგრამ იესოს არ უნდოდა, რომ ამის შესახებ ვინმეს გაეგო. 31 თავის მოწაფეებს ეუბნებოდა: „კაცის ძეს გასცემენ და კაცთა ხელში ჩააგდებენ, მოკლავენ მას,+ მაგრამ მესამე დღეს აღდგება“.+ 32 მისი ნათქვამის მნიშვნელობა ვერ გაიგეს, თუმცა კითხვის დასმისა ეშინოდათ.
33 ისინი კაპერნაუმში ჩავიდნენ. სახლში იესომ ჰკითხა მათ: „რაზე კამათობდით გზაში?“+ 34 ხმას არ იღებდნენ, რადგან გზაში იმაზე კამათობდნენ, ვინ უფრო დიდი იყო. 35 დაჯდა იგი, თორმეტივე მოციქულს მოუხმო და უთხრა: „ვისაც უნდა, რომ პირველი იყოს, ის ყველაზე ბოლო უნდა იყოს და ყველას ემსახუროს“.+ 36 შემდეგ ერთი ბავშვი მოიყვანა, შუაში ჩააყენა, მოეხვია და უთხრა მათ: 37 „ვინც მიიღებს ასეთ ბავშვს+ ჩემი სახელით, მეც მიმიღებს, და ვინც მე მიმიღებს, მარტო მე კი არ მიმიღებს, არამედ ჩემს გამომგზავნელსაც“.+
38 იოანემ მას უთხრა: „მოძღვარო, ჩვენ ერთი კაცი ვნახეთ, რომელიც დემონებს შენი სახელით დევნიდა, და დავუშალეთ, რადგან ჩვენ არ დაგვყვება“.+ 39 იესომ მიუგო: „ნუ დაუშლით, რადგან ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულებს, იოლად ვერ დაიწყებს ჩემს ლანძღვას. 40 ვინც ჩვენ წინააღმდეგ არ არის, ის ჩვენ მხარეზეა.+ 41 ვინც იმის გამო დაგალევინებთ წყალს, რომ ქრისტეს მოწაფეები ხართ,+ ჭეშმარიტებას გეუბნებით, დაჯილდოვდება,+ 42 ხოლო ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე ვწამვარ, იმისთვის უმჯობესია, კისერზე დოლაბი* დაჰკიდონ და შუა ზღვაში ჩააგდონ.+
43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს, ხეიბარმა მიიღო სიცოცხლე, ვიდრე საღ-სალამათი ჩავარდე გეენაში*, მარადიულ ცეცხლში.+ 44 * —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს, კოჭლმა მიიღო სიცოცხლე, ვიდრე საღ-სალამათი ჩავარდე გეენაში.+ 46 * —— 47 თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე.+ გიჯობს, ცალი თვალი არ გქონდეს და ისე დაიმკვიდრო ღვთის სამეფო, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში,+ 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება.+
49 ყველა ცეცხლით უნდა დამარილდეს.+ 50 მარილი კარგია, მაგრამ, თუ ძალას დაკარგავს, როგორღა დაუბრუნდება სიმლაშე?!+ გქონდეთ თქვენში მარილი+ და მშვიდობიანად იყავით ერთმანეთთან“.+
10 იესომ იქაურობა დატოვა და იორდანის გაღმა იუდეის მოსაზღვრე მხარეს მიადგა. კვლავ დიდძალი ხალხი შეიკრიბა მასთან და მანაც ჩვეულებისამებრ დაუწყო სწავლება.+ 2 მივიდნენ იესოსთან ფარისევლები და გამოსაცდელად ჰკითხეს, ნებადართული იყო თუ არა ცოლთან გაყრა.+ 3 მან ჰკითხა: „რა დაგიდოთ მოსემ მცნებად?“ 4 „მოსემ გაყრის მოწმობის შედგენისა და გაყრის ნება დაგვრთო“,+ — მიუგეს მათ. 5 იესომ უთხრა: «მან თქვენი სიჯიუტის+ გამო მოგცათ ეგ მცნება.+ 6 შემოქმედების დასაწყისში ღმერთმა „კაცი და ქალი შექმნა.+ 7 ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას+ 8 და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“.+ ასე რომ, ისინი ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთი ხორცი. 9 ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ».+ 10 ამ საკითხზე მოწაფეებმა სახლში კვლავ ჰკითხეს. 11 მან მიუგო მათ: „კაცი, რომელიც ცოლს გაეყრება და სხვას შეირთავს, მრუშობს,+ 12 და ქალი, რომელიც ქმარს გაეყრება და სხვას გაჰყვება, მრუშობს“.+
13 მიჰყავდა ხალხს ბავშვები იესოსთან, რათა შეხებოდა, მოწაფეები კი უშლიდნენ.+ 14 ამის დანახვაზე იესო აღშფოთდა და უთხრა: „მოუშვით ბავშვები ჩემთან, ნუ უშლით, რადგან მაგათნაირებისაა ღვთის სამეფო.+ 15 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სამეფოს, ვერ დაიმკვიდრებს მას“.+ 16 მერე მოეხვია ბავშვებს, ხელებს ადებდა და აკურთხებდა.+
17 გზას რომ დაადგა, ერთმა კაცმა მიირბინა მასთან, მის წინაშე მუხლი მოიყარა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო*, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე მივიღო?“+ 18 იესომ მიუგო: «რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.+ 19 ხომ იცი მცნებები: „არ მოკლა,+ არ იმრუშო,+ არ იქურდო,+ არ გამოხვიდე ცრუმოწმედ,+ არავის არაფერი გამოსტყუო,+ პატივი ეცი მამას და დედას“».+ 20 „მოძღვარო, მაგ ყველაფერს ბავშვობიდან ვიცავ“, — უთხრა კაცმა. 21 იესომ შეხედა, სიყვარულით განიმსჭვალა მისდამი და მიუგო: „ერთი რამ გაკლია: წადი, გაყიდე, რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი!“+ 22 ამ სიტყვებმა დაამწუხრა იგი და დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა.+
23 იესომ ირგვლივ მიმოიხედა და თავის მოწაფეებს უთხრა: „როგორ გაუძნელდებათ მდიდრებს ღვთის სამეფოს დამკვიდრება!“+ 24 მისმა სიტყვებმა მოწაფეები გააკვირვა. მაშინ იესომ უთხრა მათ: „შვილებო, ღვთის სამეფოს დამკვიდრება ადვილი არ არის! 25 აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სამეფოში!“+ 26 მათ კი უფრო გაუკვირდათ და ჰკითხეს*: „მაშ, ვინღა გადარჩება?!“+ 27 იესომ შეხედა მათ და მიუგო: „ეს ადამიანისთვისაა შეუძლებელი და არა ღვთისთვის. ღვთისთვის ყველაფერი შესაძლებელია“.+ 28 პეტრემ უთხრა მას: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით“.+ 29 იესომ თქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ჩემი და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვა სახლი ან ძმები, ან დები, ან დედა, ან მამა, ან შვილები, ან ყანები,+ 30 დღესვე, დევნის დროს,+ ასმაგად მიიღებს სახლს, ყანებს, ძმებს, დებს, დედებს და შვილებს, მომავალში* კი — მარადიულ სიცოცხლეს. 31 მრავალი, ვინც პირველია, ბოლო იქნება, ბოლო კი — პირველი“.+
32 იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იესო წინ მიუძღოდა მათ; მოწაფეები გაოცებულნი იყვნენ, დანარჩენები კი, მას რომ მიჰყვებოდნენ, შიშმა აიტანა. მან კიდევ ერთხელ გაიხმო განზე თორმეტი მოციქული და იმაზე დაუწყო ლაპარაკი, რაც უნდა შემთხვეოდა:+ 33 „აი, მივდივართ იერუსალიმში, სადაც კაცის ძე უფროს მღვდლებსა და მწიგნობრებს გადაეცემა. ისინი სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ მას და უცხოტომელებს გადასცემენ, 34 რომლებიც მასხრად აიგდებენ, შეაფურთხებენ, გაშოლტავენ და მოკლავენ, მაგრამ სამი დღის შემდეგ აღდგება“.+
35 მივიდნენ მასთან ზებედეს ვაჟები,+ იაკობი და იოანე, და უთხრეს: „მოძღვარო, შეგვისრულე, რასაც გთხოვთ“.+ 36 „რა გინდათ? რა გაგიკეთოთ?“ — ჰკითხა მან. 37 „მოგვეცი უფლება, რომ ერთი ჩვენგანი შენ მარჯვნივ დაჯდეს შენს სამეფოში, მეორე კი — შენ მარცხნივ“, — მიუგეს მათ.+ 38 იესომ უთხრა: „არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ იმ სასმისიდან შესვათ, რომლიდანაც მე ვსვამ, ან იმ ნათლობით მოინათლოთ, რომლითაც მე ვინათლები?“+ 39 „შეგვიძლია“, — მიუგეს მათ. იესომ უთხრა: „იმ სასმისიდან, რომლიდანაც მე ვსვამ, თქვენც შესვამთ და იმ ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, თქვენც მოინათლებით,+ 40 მაგრამ ჩემ მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის დამოკიდებული. ეს ადგილები მათთვის არის, ვისთვისაც მომზადდა“.
41 ეს რომ დანარჩენმა ათმა გაიგო, გული მოუვიდათ იაკობსა და იოანეზე.+ 42 იესომ მოუხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ხალხს მმართველები განაგებენ და დიდებულები ბატონობენ მათზე.+ 43 თქვენ შორის კი ასე არ უნდა იყოს. ვისაც თქვენ შორის უფროსობა სურს, თქვენი მსახური იყოს,+ 44 და ვისაც თქვენ შორის პირველობა სურს, ყველას მონა იყოს. 45 არც კაცის ძე მოსულა იმისთვის, რომ მას მოემსახურონ, არამედ თვითონ მოემსახუროს+ და სიცოცხლე* გასწიროს მრავალთა გამოსასყიდად“.+
46 ისინი იერიხონში ჩავიდნენ. თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად იერიხონიდან რომ გამოდიოდა, გზის პირას ერთი უსინათლო მათხოვარი ბარტიმეოსი (ტიმეოსის ვაჟი) იჯდა.+ 47 როგორც კი ყური მოჰკრა, იესო ნაზარეთელი მოდისო, ყვირილი მორთო: „იესო, დავითის ძეო,+ შემიწყალე!“+ 48 უწყრებოდნენ, გაჩუმდიო, ის კი უფრო მეტად ყვიროდა: „შემიწყალე, დავითის ძეო!“ 49 იესო შეჩერდა და თქვა: „დაუძახეთ“. მათაც დაუძახეს იმ უსინათლოს და უთხრეს, წამოდექი, გეძახისო, თან ეუბნებოდნენ, ნუ გეშინიაო. 50 მან მოსასხამი მიაგდო, წამოხტა და იესოსკენ გაეშურა. 51 იესომ ჰკითხა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ „რაბუნი*, თვალი ამიხილე!“ — მიუგო უსინათლომ. 52 „წადი, შენმა რწმენამ განგკურნა“,+ — უთხრა იესომ. მას მაშინვე აეხილა თვალი+ და იესოს გაჰყვა.
11 როცა ისინი იერუსალიმის სიახლოვეს ზეთისხილის მთას მიადგნენ, რომელზეც ბეთფაგე და ბეთანია+ მდებარეობდა, მან ორი მოწაფე გაგზავნა+ 2 და დააბარა: „აი ამ სოფელში წადით; როგორც კი შეხვალთ, დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც არავინ მჯდარა. აუშვით და მომიყვანეთ. 3 თუ ვინმე გეტყვით, რატომ უშვებთო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალევე დაგიბრუნებს-თქო“. 4 ისინიც წავიდნენ; იპოვეს ქუჩაში კართან დაბმული ჩოჩორი და აუშვეს.+ 5 იქ მყოფთაგან ზოგიერთმა ჰკითხა მათ: „რატომ უშვებთ ჩოჩორს?“ 6 მოწაფეებმა ისე უპასუხეს, როგორც იესოს ჰყავდა დარიგებული, და მათაც თავი დაანებეს.
7 მიუყვანეს იესოს ჩოჩორი,+ ზედ თავიანთი მოსასხამები დაუფინეს და ისიც შეჯდა.+ 8 ბევრი თავის მოსასხამს უფენდა გზაზე, ზოგი კი — მინდორში მოჭრილ შეფოთლილ ტოტებს.+ 9 მის წინ და მის უკან მიმავალნი ხმამაღლა გაიძახოდნენ: „გევედრებით, იხსენი!+ კურთხეულია იეჰოვას* სახელით მომავალი!+ 10 კურთხეულია ჩვენი მამის, დავითის, მომავალი სამეფო!+ გევედრებით, იხსენი, ზეციერო!“ 11 ჩავიდა იესო იერუსალიმში, შევიდა ტაძარში, მოიარა იქაურობა, და, რაკი გვიანი იყო, თორმეტივე მოციქულთან ერთად ბეთანიისკენ გასწია.+
12 მეორე დღეს ბეთანიიდან რომ გამოდიოდნენ, მოშივდა.+ 13 შორიდან შეფოთლილ ლეღვის ხეს მოჰკრა თვალი და მისკენ გაემართა, იქნებ ნაყოფი ესხასო. მივიდა, მაგრამ ფოთლების გარდა ვერაფერი ნახა, რადგან ლეღვის შემოსვლის დრო ჯერ არ დამდგარიყო. 14 მაშინ ხეს უთხრა: „აღარავის ეჭამოს შენი ნაყოფი!“+ მოწაფეები უსმენდნენ.
15 იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა; ფულის გადამცვლელებს მაგიდები აუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები.+ 16 ის ტაძრის გავლით ნივთების გატანის უფლებას არავის აძლევდა; 17 თან ასწავლიდა მათ და ეუბნებოდა: „დაწერილია, ჩემი ტაძარი ყველა ხალხის სამლოცველო გახდებაო,+ თქვენ კი ყაჩაღების ბუნაგად გიქცევიათ!“+ 18 ეს რომ უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა გაიგეს, მის მოსაკლავად ხელსაყრელი შემთხვევის ძებნა დაიწყეს;+ ეშინოდათ მისი, რადგან ხალხი განცვიფრებული იყო მისი სწავლებით.+
19 როცა მოსაღამოვდა, ისინი ქალაქიდან გავიდნენ. 20 დილაადრიან იმ ლეღვის ხესთან რომ ჩაიარეს, დაინახეს, რომ ძირფესვიანად გამხმარიყო.+ 21 გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი და უთხრა მას: „რაბი, ნახე, ლეღვის ხე, შენ რომ დაწყევლე, გამხმარა“.+ 22 იესომ უთხრა მათ: „გწამდეთ ღვთისა. 23 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ვინც ამ მთას ეტყვის, აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, ხოლო გულში არ დაეჭვდება და ექნება იმის რწმენა, რომ, რასაც ამბობს, მოხდება, შესრულდება მისი ნათქვამი.+ 24 ამიტომ გეუბნებით: გწამდეთ, რომ ყველაფერი, რაზეც ლოცულობთ და რასაც ითხოვთ, უკვე გაქვთ, და მოგეცემათ.+ 25 როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ მას, ვინც გაწყენინათ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ ცოდვები“.+ 26 *——
27 ისინი იერუსალიმში დაბრუნდნენ. იესო ტაძრის ეზოში მიმოდიოდა, როცა მასთან უფროსი მღვდლები, მწიგნობრები და უხუცესები მივიდნენ 28 და ჰკითხეს: „რა უფლებით აკეთებ ამას? ვინ მოგცა შენ ამის უფლება?“+ 29 იესომ მიუგო: „მეც დაგისვამთ ერთ შეკითხვას. მიპასუხეთ და მეც გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას. 30 საიდან ჰქონდა იოანეს ნათლობის უფლება+ — ზეციდან თუ კაცთაგან? მიპასუხეთ“.+ 31 მათ მსჯელობა დაიწყეს ერთმანეთში: „თუ ვიტყვით, ზეციდანო, ის გვეტყვის, მაშ, რატომ არ ერწმუნეთო. 32 მაგრამ, თუ ვიტყვით, კაცთაგანო...“ მათ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იოანე ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნდა.+ 33 ბოლოს უპასუხეს იესოს: „არ ვიცით“. „მაშინ არც მე გეტყვით, რა უფლებით ვაკეთებ ამას“, — მიუგო იესომ.
12 შემდეგ იესომ იგავის მოყოლა დაიწყო: «ერთმა კაცმა ვენახი+ გააშენა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა, კოშკი ააგო+ და მევენახეებს იჯარით მისცა, თვითონ კი შორს გაემგზავრა.+ 2 რთველი რომ მოახლოვდა, მან მევენახეებს მონა გაუგზავნა თავისი წილის მისაღებად. 3 მაგრამ მევენახეებმა შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. 4 კიდევ ერთი მონა გაუგზავნა, რომელსაც თავი გაუტეხეს და შეურაცხყოფა მიაყენეს.+ 5 მერე კიდევ ერთი მონა გაუგზავნა, მაგრამ მოკლეს. სხვა მონებიც გაუგზავნა, მაგრამ ზოგი სცემეს, ზოგიც მოკლეს. 6 ბოლოს თავისი საყვარელი ძე გაუგზავნა,+ ამბობდა, ჩემს ძეს მაინც მოექცევიანო პატივისცემით. 7 მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს, ეს მემკვიდრეა,+ მოდი მოვკლათ და მისი მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო. 8 შეიპყრეს, მოკლეს და ვენახიდან გაათრიეს.+ 9 რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, დახოცავს იმ მევენახეებს და ვენახს სხვებს ჩააბარებს.+ 10 ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა წერია წმინდა წერილებში: „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადებ ქვად იქცა.+ 11 ეს იეჰოვას* წყალობით მოხდა და მართლაც საოცრებაა“?!»+
12 ამის შემდეგ მისი შეპყრობა მოინდომეს, რადგან მიხვდნენ, რომ ამ იგავში მათ გულისხმობდა, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. ამიტომ თავი დაანებეს და წავიდნენ.+
13 შემდეგ მიუგზავნეს რამდენიმე ფარისეველი და ჰეროდეს მომხრე, რომ სიტყვაში გამოეჭირათ.+ 14 მათ უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ ყოველთვის ჭეშმარიტებას ლაპარაკობ და სხვისი გულის მოგებას არ ცდილობ, რადგან ადამიანს მისი მდგომარეობის მიხედვით არ აფასებ და სწორად ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვუხდიდეთ გადასახადებს კეისარს? 15 უნდა გადავუხადოთ თუ არა?“ ის მიუხვდა მათ თვალთმაქცობას და უთხრა: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი“. 16 მათაც მიუტანეს. მან ჰკითხა: „ვისია ეს გამოსახულება და წარწერა?“ „კეისრისა“, — უპასუხეს მათ. 17 მაშინ იესომ თქვა: „კეისრისა კეისარს მიეცით,+ ღვთისა კი — ღმერთს!“+ ისინი გაოგნებულები დარჩნენ.
18 მასთან სადუკეველებიც მივიდნენ, რომელთაც არ სწამთ მკვდრეთით აღდგომის,+ და ჰკითხეს:+ 19 „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, რომ, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ შვილი არ ჰყოლია, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და ძმას შთამომავლობა აღუდგინოს.+ 20 იყო შვიდი ძმა. პირველმა მოიყვანა ცოლი, მაგრამ ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია. 21 ის ქალი მეორემ შეირთო, მაგრამ ისიც ისე მოკვდა, რომ შთამომავალი არ დარჩენია. მესამესაც ასე დაემართა. 22 შვიდიდან შთამომავალი არცერთს არ დარჩენია. ბოლოს ქალიც მოკვდა. 23 აღდგომის შემდეგ რომლის ცოლი იქნება იგი? ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად!“ 24 იესომ მიუგო: «ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ის, თუ რა ძალა აქვს ღმერთს.+ 25 მკვდრეთით აღდგენილები არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან; ისინი ისე არიან, როგორც ანგელოზები ზეცაში.+ 26 იმის შესახებ, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ წაგიკითხავთ მოსეს წიგნში, რა უთხრა ღმერთმა მას ეკლიან ბუჩქთან: „მე აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი ვარ“.+ 27 ის მკვდრების კი არა, ცოცხლების ღმერთია. ძალიან ცდებით».+
28 ერთ-ერთმა მწიგნობარმა, რომელიც იქ იყო და მათ დავას ისმენდა, დაინახა, რომ იესომ კარგად უპასუხა, და ჰკითხა მას: „რომელია უპირველესი მცნება?“+ 29 იესომ მიუგო: «პირველია: „ისმინე, ისრაელო! ერთია იეჰოვა*, ჩვენი ღმერთი იეჰოვა*. 30 გიყვარდეს იეჰოვა*, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით და მთელი ძალით“.+ 31 მეორეა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.+ ამ მცნებებზე დიდი მცნება არ არსებობს». 32 მწიგნობარმა უთხრა მას: «მოძღვარო, შენ კარგად და სწორად თქვი: „ის ერთადერთია და მის გარდა სხვა არავინაა“.+ 33 ღვთის სიყვარული მთელი გულით, მთელი შეგნებით და მთელი ძალით და მოყვასის სიყვარული საკუთარი თავივით ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველა შესაწირავი და მთლიანად დასაწვავი მსხვერპლი ერთად აღებული».+ 34 იესომ მისი ჭკვიანურად გაცემული პასუხი რომ მოისმინა, უთხრა: „შორს არა ხარ ღვთის სამეფოსგან“. ვეღარავინ გაბედა შეკითხვის დასმა.+
35 იესომ ტაძარში სწავლება განაგრძო: «რატომ ამბობენ მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა?+ 36 წმინდა სულით+ შთაგონებულმა დავითმა თავად თქვა: „იეჰოვამ* ჩემს უფალს უთხრა: იჯექი ჩემ მარჯვნივ, სანამ შენს მტრებს შენს ფეხქვეშ არ მოვაქცევ“.+ 37 თუ დავითი მას უფალს უწოდებს, მისი ძე როგორღაა?!»+
დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას. 38 მერე თქვა: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსლით სიარული, მოედნებზე მისალმება,+ 39 წინა ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ნადიმებზე.+ 40 ისინი ქვრივთა ქონებას ჭამენ და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო მკაცრად დაისჯებიან“.
41 შემდეგ იესო ისე დაჯდა, რომ ფულის ჩასაყრელს+ ხედავდა, და უყურებდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს. მდიდრები ბევრს ყრიდნენ.+ 42 მივიდა ერთი ღარიბი ქვრივი და ორი ლეპტა* ჩააგდო.+ 43 იესომ თავის მოწაფეებს მოუხმო და უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო.+ 44 ყველამ ის გაიღო, რაც ზედმეტი ჰქონდა, ის კი სიდუხჭირეში ცხოვრობს, მაგრამ ყველაფერი ჩაყარა, რაც თავის სარჩენად გააჩნდა“.+
13 იესო ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფემ უთხრა: „მოძღვარო, ნახე, რა დიდებული ქვები და შენობებია!“+ 2 იესომ მას უთხრა: „ხომ ხედავ ამ დიდებულ შენობებს?! ყველაფერი ისე დაინგრევა, რომ ქვა ქვაზე არ დარჩება“.+
3 როცა იესო ზეთისხილის მთაზე იჯდა და ტაძარს გადაჰყურებდა, პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ განცალკევებით ჰკითხეს: 4 „გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება ამ ყოველივეს დასასრულის ნიშანი?“+ 5 იესომ მიუგო: „ფრთხილად იყავით, არავინ შეგაცდინოთ.+ 6 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის, ის მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ. 7 როცა გაიგონებთ ომების ხმებს და მოისმენთ ცნობებს ომების შესახებ, ნუ შეშინდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.+
8 ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ,+ იქნება მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას, და საკვების უკმარისობა.+ ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.+
9 ფრთხილად იყავით! ჩემ გამო გადაგცემენ სასამართლოებს,+ გცემენ სინაგოგებში და+ გამგებელთა და მეფეთა წინაშე დაგაყენებენ, რაც ქადაგების შესაძლებლობას მოგცემთ.+ 10 თუმცა ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს.+ 11 როცა გადაგცემენ, წინასწარ ნუ იდარდებთ იმაზე, რა თქვათ; რაც გაგიმჟღავნდებათ, ის თქვით. იმ დროს თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ წმინდა სული.+ 12 ძმა ძმას გაიმეტებს სასიკვდილოდ და მამა — შვილს. შვილები მშობლებს აუმხედრდებიან და დახოცავენ.+ 13 ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო,+ ბოლომდე მომთმენი+ კი გადარჩება.+
14 როცა დაინახავთ გამაპარტახებელ სისაძაგლეს,+ რომელიც იქ იდგება, სადაც არ უნდა იდგეს (წამკითხველმა გამჭრიახობა გამოიჩინოს), მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ.+ 15 ბანზე მყოფი ნურც ძირს ჩამოვა და ნურც სახლში შევა რაიმეს ასაღებად; 16 ნურც ყანაში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 17 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში!+ 18 ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს, 19 რადგან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება,+ როგორიც ღვთის შემოქმედების დასაბამიდან იმ დრომდე არ ყოფილა და არც აღარასოდეს იქნება.+ 20 თუ იეჰოვა* არ შეამოკლებს იმ დღეებს, ვერცერთი ხორციელი ვერ გადარჩება; ამიტომ ის რჩეულთა გულისთვის, რომლებიც თავად ამოირჩია, შეამოკლებს იმ დღეებს.+
21 მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე ან იქ არისო, არ დაიჯეროთ,+ 22 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები+ და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ სასწაულებსა და საკვირველებებს, რათა გზა აუბნიონ რჩეულებს, თუკი შეძლებენ. 23 ამიტომ იფხიზლეთ!+ წინასწარ გითხარით ყველაფერი.
24 იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს,+ 25 ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივდება და ციური ძალები შეირყევა. 26 მაშინ იხილავენ კაცის ძეს+ ღრუბლებში ძლევამოსილებითა და სიდიადით მომავალს.+ 27 მაშინ გაგზავნის ის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულებს დედამიწის ოთხივე კუთხიდან, დედამიწის კიდიდან ცის კიდემდე.+
28 ლეღვის ხეს დააკვირდით და ისწავლეთ: როცა ყლორტებს გამოიტანს და შეიფოთლება, იცით, რომ მოახლოებულია ზაფხული.+ 29 თქვენც, როცა დაინახავთ ამ ყოველივეს, იცოდეთ, რომ ის* კარზეა მომდგარი.+ 30 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება.+ 31 ცა და დედამიწა განადგურდება,+ მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.+
32 მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ.+ 33 ყურადღებით იყავით და იფხიზლეთ,+ რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო.+ 34 ეს ისეა, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე კაცმა თავისი სახლი მონებს რომ ჩააბაროს,+ თითოეულს თავისი საქმე მიუჩინოს, და დარაჯს უბრძანოს, იფხიზლეო.+ 35 მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი:+ დღის ბოლოს, შუაღამისას, გამთენიისას თუ დილით ადრე,+ 36 რათა მოულოდნელად რომ მოვა, მძინარეთ არ მოგისწროთ.+ 37 რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ!“+
14 ორ დღეში პასექი+ და უფუარობის დღესასწაული+ უნდა დაწყებულიყო.+ უფროსი მღვდლები და მწიგნობრები ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდნენ, რომ მზაკვრულად შეეპყროთ იგი და მოეკლათ,+ 2 მაგრამ ამბობდნენ, ოღონდ დღესასწაულზე ნუ ვიზამთ ამას, ხალხში აურზაური რომ არ ატყდესო.
3 როცა იესო ბეთანიაში, კეთროვანი სიმონის სახლში სუფრასთან იჯდა*, მივიდა მასთან ერთი ქალი და მიიტანა სუფთა ნარდის ძალიან ძვირფასი ნელსაცხებელი ალაბასტრონით. გატეხა ალაბასტრონი და ნელსაცხებელი თავზე დაასხა.+ 4 ამის გამო ზოგიერთი აღშფოთდა: „ასე უაზროდ რატომ დახარჯა ნელსაცხებელი? 5 ხომ შეიძლებოდა 300 დინარზე მეტად გაყიდულიყო და ფული ღარიბებისთვის მიგვეცა?!“ გაბრაზებულები საყვედურობდნენ ქალს. 6 იესომ უთხრა მათ: „თავი დაანებეთ! რას ერჩით? მან ხომ სიკეთე გამიკეთა.+ 7 ღარიბები ყოველთვის თქვენ გვერდით იქნებიან+ და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაუკეთოთ სიკეთე, მე კი ყოველთვის არ გეყოლებით.+ 8 მან ის გააკეთა, რაც შეეძლო. დამარხვის წინ ნელსაცხებელი მცხო სხეულზე.+ 9 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ მსოფლიოში,+ სადაც კი სასიხარულო ცნობას იქადაგებენ, იმასაც გაიხსენებენ, რაც ამ ქალმა გააკეთა“.+
10 იუდა ისკარიოტელი, თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი, უფროს მღვდლებთან მივიდა, რომ გაეცა იგი.+ 11 ეს რომ გაიგეს, გაუხარდათ და ვერცხლის ფულს დაჰპირდნენ.+ მას შემდეგ ის ხელსაყრელ შემთხვევას ეძებდა, რომ გაეცა იგი.
12 უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს,+ როცა, წესისამებრ, საპასექო მსხვერპლს სწირავდნენ,+ მივიდნენ მასთან მოწაფეები და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ წავიდეთ და მოგიმზადოთ საპასექო ვახშამი?“+ 13 მაშინ გაგზავნა მან ორი მოწაფე და უთხრა: „წადით ქალაქში. იქ შეგხვდებათ ერთი კაცი თიხის ჭურჭლით. მას გაჰყევით.+ 14 სადაც შევა, იმ სახლის პატრონს უთხარით, მოძღვარმა შემოგითვალა, რომელ ოთახში შეიძლება ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამო პასექიო. 15 ის გაჩვენებთ დიდ ზედა ოთახს, გაწყობილსა და გამზადებულს, და იქ მოგვიმზადეთ“. 16 წავიდნენ მოწაფეები და ქალაქში შევიდნენ; ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იესომ უთხრა მათ, და საპასექო სამზადისს შეუდგნენ.
17 როცა მოსაღამოვდა, ის თორმეტ მოციქულთან ერთად მივიდა იქ.+ 18 სუფრასთან რომ ისხდნენ* და ჭამდნენ, იესომ უთხრა მათ: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს“.+ 19 ისინი შეწუხდნენ და სათითაოდ ეკითხებოდნენ: „მე ხომ არა?“ 20 მან მიუგო: „ის თორმეტიდან ერთ-ერთია; ის ჩემთან ერთად აწებს ლუკმას ჯამში.+ 21 კაცის ძე კი მიდის, როგორც დაწერილია მასზე, მაგრამ ვაი მას, ვინც კაცის ძეს გასცემს!+ მისთვის აჯობებდა, არ დაბადებულიყო“.+
22 ისინი ჯერ კიდევ ჭამდნენ, როცა იესომ აიღო პური, ილოცა*, დაამტვრია, გადააწოდა მათ და უთხრა: „აიღეთ; ეს ჩემს სხეულს განასახიერებს*“.+ 23 შემდეგ აიღო სასმისი, ღმერთს მადლობა შესწირა, მისცა მათ და ყველამ შესვა.+ 24 უთხრა მათ: «ეს ჩემს სისხლს განასახიერებს*,+ რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს+ და რომლითაც ძალაში შევა შეთანხმება.+ 25 ჭეშმარიტებას გეუბნებით: აღარ დავლევ ვაზის ნაჟურს იმ დღემდე, სანამ თქვენთან არ დავლევ ახალს ღვთის სამეფოში». 26 ბოლოს ღმერთს უგალობეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ.+
27 იესომ უთხრა მათ: «ყველანი მიმატოვებთ*, რადგან დაწერილია: „დავკრავ მწყემსს+ და გაიფანტება ცხვარი“.+ 28 მაგრამ, როცა მკვდრეთით აღვდგები, თქვენზე ადრე წავალ გალილეაში».+ 29 პეტრემ უთხრა მას: „ყველამ რომ მიგატოვოს, მე მაინც არ მიგატოვებ!“+ 30 იესომ მიუგო: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღესვე, ამაღამ, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ“.+ 31 პეტრე კი დაჟინებით ეუბნებოდა: „რომც მომკლან შენთან ერთად, არ უარგყოფ!“ დანარჩენებიც იმავეს ამბობდნენ.+
32 მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც გეთსემანე ერქვა. მან მოწაფეებს უთხრა: „აქ დასხედით, მე კი ვილოცებ“.+ 33 ამის შემდეგ თან წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე.+ მაშინ დიდად დამწუხრდა და დანაღვლიანდა იგი. 34 უთხრა მათ: „ძლიერ ვარ დამწუხრებული,+ დარჩით აქ და იფხიზლეთ“.+ 35 ცოტა გაიარა, მიწაზე დაემხო და ლოცვა დაიწყო, რომ, თუ შესაძლებელი იყო, არიდებოდა ის საათი. 36 მან განაგრძო: „აბბა*, მამა,+ შენთვის შეუძლებელი არაფერია. ამარიდე ეს სასმისი. თუმცა იყოს არა ჩემი, არამედ შენი ნება“.+ 37 მოწაფეებთან რომ მივიდა და მძინარენი ნახა, პეტრეს ჰკითხა: „სიმონ, გძინავს? ნუთუ არ შეგეძლო, ერთი საათი მაინც გეფხიზლა?!+ 38 იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რათა არ ცდუნდეთ.+ სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“.+ 39 შემდეგ კვლავ წავიდა; ლოცულობდა და იმავეს შესთხოვდა ღმერთს.+ 40 როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, ისინი ისევ მძინარენი დახვდნენ, რადგან კვლავ ძილი მორეოდათ; აღარ იცოდნენ, რა ეპასუხათ. 41 მესამედ მისვლისას უთხრა მათ: „ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ?! კმარა! აი, მოახლოვდა დრო,+ როცა კაცის ძე ცოდვილებს გადაეცემა. 42 ადექით, წავიდეთ! აი, მოდის ჩემი გამცემი“.+
43 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდა იუდა, თორმეტი მოციქულიდან ერთ-ერთი; მას ახლდა უფროსი მღვდლების, მწიგნობრებისა და უხუცესების მიერ გამოგზავნილი მახვილებითა და ხელკეტებით შეიარაღებული ბრბო.+ 44 მის გამცემს მათთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ ნიშანს მისცემდა: „ვისაც ვაკოცებ, ის იქნება; შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ“. 45 იუდა პირდაპირ იესოსთან მივიდა და მიმართა: „რაბი!“, შემდეგ კი ეამბორა. 46 მათ ხელი სტაცეს იესოს და შეიპყრეს. 47 ერთ-ერთმა იქ მდგომმა მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.+ 48 იესომ ჰკითხა მათ: „ყაჩაღი ვარ, მახვილებითა და ხელკეტებით რომ მოხვედით ჩემ შესაპყრობად?!+ 49 ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ვასწავლიდი,+ და არ შეგიპყრივართ. მაგრამ ამით წმინდა წერილებში ჩაწერილი უნდა შესრულდეს“.+
50 მოწაფეებმა მიატოვეს ის და გაიქცნენ.+ 51 ერთი ახალგაზრდა, რომელსაც შიშველ სხეულზე საუკეთესო სელის სამოსი ეცვა, შორიახლოს მიჰყვებოდა მას. ისინი მის შეპყრობასაც შეეცადნენ, 52 მაგრამ მან სამოსი შეატოვა მათ და შიშველი გაიქცა.
53 იესო მღვდელმთავართან წაიყვანეს, სადაც ყველა უფროსი მღვდელი,+ უხუცესი და მწიგნობარი შეკრებილიყო.+ 54 პეტრე მოშორებით მიჰყვებოდა მას და მერე მღვდელმთავრის ეზოშიც შეჰყვა; მოსამსახურეებთან დაჯდა და აგიზგიზებულ ცეცხლთან თბებოდა.+ 55 იესო სიკვდილით რომ დაესაჯათ, უფროსი მღვდლები და მთელი სინედრიონი რაიმე ხელჩასაჭიდს ეძებდნენ, მაგრამ ვერ პოულობდნენ.+ 56 მის წინააღმდეგ ბევრი ცრუმოწმე გამოდიოდა,+ მაგრამ მათი ჩვენებები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 57 ზოგიც დგებოდა და მის წინააღმდეგ ცრუდ ამოწმებდა: 58 „ჩვენ გავიგონეთ, როგორ ამბობდა, ამ ხელთქმნილ ტაძარს დავანგრევ და სამ დღეში ხელთუქმნელს ავაშენებო“.+ 59 მაგრამ არც ამაში დაემთხვა ერთმანეთს მათი ჩვენებები.
60 შემდეგ წამოდგა მღვდელმთავარი და იესოს ჰკითხა: „რა პასუხს გასცემ? გესმის, რაში გდებენ ბრალს?“+ 61 ის კი დუმდა და არაფერს პასუხობდა.+ მერე მღვდელმთავარმა ჰკითხა: „შენა ხარ ქრისტე, კურთხეულის ძე?“ 62 იესომ მიუგო: „მე ვარ. თქვენ კაცის ძეს+ ძლიერის მარჯვნივ მჯდომარესა+ და ცის ღრუბლებით მომავალს იხილავთ“.+ 63 ამის გაგონებაზე მღვდელმთავარმა სამოსი შემოიხია და თქვა: „რაღად გვინდა მოწმეები?!+ 64 ხომ მოისმინეთ, როგორ მკრეხელობს?! რას იტყვით?“ მას ყველამ სასიკვდილო მსჯავრი დასდო.+ 65 ზოგიერთებმა ფურთხება დაუწყეს;+ სახეს უფარავდნენ, მუშტებს ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ, თუ წინასწარმეტყველი ხარ, გვითხარი, ვინ დაგარტყაო. სასამართლოს აღმასრულებლებიც სილას აწნავდნენ და ისე მიჰყავდათ.+
66 პეტრე ქვემოთ ეზოში რომ იყო, მღვდელმთავრის ერთ-ერთი მოახლე მივიდა.+ 67 როცა დაინახა პეტრე, რომელიც თბებოდა, მიაჩერდა და უთხრა: „შენც ამ იესო ნაზარეთელთან იყავი!“ 68 მან კი უარყო: „არც მაგას ვიცნობ და არც ის ვიცი, რაზე ლაპარაკობ“, და გასასვლელისკენ გაემართა. 69 მოახლემ იქაც დაინახა ის და იქ მდგომებსაც უთხრა: „ეს ერთი იმათგანია“. 70 იგი კვლავ უარყოფდა. ცოტა ხნის შემდეგ პეტრეს გვერდით მდგომებმაც უთხრეს: „შენ ნამდვილად ერთი იმათგანი ხარ, რადგან გალილეელი ხარ“. 71 მაშინ მოჰყვა იგი წყევლასა და ფიცილს: „არ ვიცნობ მაგ კაცს, ვისზეც მელაპარაკებით“. 72 მამალმაც იყივლა მეორედ.+ გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი, სანამ მამალი ორჯერ იყივლებს, სამჯერ უარმყოფო,+ თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა.
15 როგორც კი გარიჟრაჟდა, უფროსი მღვდლები, უხუცესები, მწიგნობრები და მთელი სინედრიონი შეითქვნენ იესოს წინააღმდეგ; შებოჭეს იგი, წაიყვანეს და პილატეს გადასცეს.+ 2 პილატემ მას ჰკითხა: „შენა ხარ იუდეველთა მეფე?“+ „შენ თვითონ ამბობ ამას“, — მიუგო იესომ.+ 3 უფროსი მღვდლები ბევრ რამეში სდებდნენ ბრალს. 4 პილატემ ისევ ჰკითხა: „არაფერს უპასუხებ?+ ხომ ხედავ, რამდენ რამეში გადანაშაულებენ?“+ 5 იესოს პასუხი აღარ გაუცია, რამაც პილატე გააოცა.+
6 ყოველ დღესასწაულზე იგი იმ პატიმარს ათავისუფლებდა, რომლის გათავისუფლებასაც ხალხი სთხოვდა.+ 7 იმ დროისთვის სატუსაღოში ჰყავდათ ერთი პატიმარი, სახელად ბარაბა, სხვა მეამბოხეებთან ერთად, რომელთაც ამბოხების მოწყობისას მკვლელობა ჩაედინათ. 8 ჩვეულებისამებრ, მივიდა ხალხი პილატესთან და იმ თხოვნით მიმართა, რომელსაც ის მათ უსრულებდა ხოლმე. 9 პილატემ მათ ჰკითხა: „გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?“+ 10 მან იცოდა, რომ უფროს მღვდლებს შურდათ იესოსი და ამიტომ გადასცეს მას.+ 11 უფროსი მღვდლები აქეზებდნენ ხალხს, რომ იესოს ნაცვლად ბარაბას გათავისუფლება ეთხოვათ.+ 12 ამაზე პილატემ ჰკითხა მათ: „იმას რაღა ვუყო, ვისაც იუდეველთა მეფეს ეძახით?“+ 13 ხალხი გაიძახოდა: „ძელზე გააკარი!“+ 14 პილატემ ჰკითხა მათ: „რატომ? რა ჩაიდინა?“ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: „ძელზე გააკარი!“+ 15 მაშინ პილატემ ხალხის გულის მოსაგებად ბარაბა გაათავისუფლა, ხოლო იესო გააშოლტვინა+ და ძელზე გასაკრავად გადასცა.+
16 ჯარისკაცებმა იგი გამგებლის სასახლის ეზოში შეიყვანეს და მთელი რაზმი შეკრიბეს.+ 17 იგი იისფერი სამოსით შემოსეს, ეკლებისგან გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს. 18 ეუბნებოდნენ: „მოგესალმებით, იუდეველთა მეფეო!“+ 19 თავში ლერწამს ურტყამდნენ, აფურთხებდნენ, მის წინაშე მუხლს იყრიდნენ და პირქვე ემხობოდნენ. 20 მისი დაცინვით გული რომ იჯერეს, იისფერი სამოსი გახადეს, თავისივე ტანსაცმელი ჩააცვეს და ძელზე გასაკრავად წაიყვანეს.+ 21 გზაზე მინდვრიდან მომავალი კირენელი სიმონი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა, აიძულეს, რომ მისი წამების ძელი* ეტარებინა.+
22 მიიყვანეს იგი იმ ადგილას, რომელსაც „გოლგოთას“ ეძახდნენ, რაც „თავის ქალას“ ნიშნავს.+ 23 მიაწოდეს ზმირინით შეზავებული გამაბრუებელი ღვინო,+ მაგრამ არ შესვა. 24 შემდეგ ძელზე გააკრეს და მისი მოსასხამი წილისყრით გაინაწილეს.+ 25 მესამე საათი* იყო, როცა ის ძელზე გააკრეს. 26 მის თავს ზემოთ ასეთი საბრალდებო წარწერა მიამაგრეს: „იუდეველთა მეფე“.+ 27 მასთან ერთად ორი ყაჩაღიც გააკრეს ძელზე: ერთი — მის მარჯვნივ, მეორე კი — მარცხნივ.+ 28 *—— 29 გამვლელები შეურაცხყოფდნენ მას, თავს აქნევდნენ+ და ამბობდნენ: „ეი, ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო,+ 30 მიდი იხსენი თავი და ჩამოდი წამების ძელიდან*!“ 31 უფროსი მღვდლები და მწიგნობრებიც მასხრად იგდებდნენ: „სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია!+ 32 აბა, ჩამოვიდეს ქრისტე, ისრაელის მეფე, წამების ძელიდან*, რომ დავინახოთ და ვირწმუნოთ“.+ მის გვერდით ძელზე გაკრულებიც შეურაცხყოფდნენ მას.+
33 მეექვსე საათზე მთელ იმ მიწაზე სიბნელე ჩამოწვა და ასე გაგრძელდა მეცხრე საათამდე*.+ 34 მეცხრე საათზე იესომ ხმამაღლა დაიძახა: „ელი, ელი, ლამა საბაქთანი?“, რაც ასე ითარგმნება: „ჩემო ღმერთო, ჩემო ღმერთო, რატომ მიმატოვე?“+ 35 ამის გაგონებაზე ზოგიერთმა იქ მდგომმა თქვა, ნახე, ელიას უხმობსო. 36 ამ დროს ვიღაც გაიქცა, ღრუბელი ძმრით გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და დასალევად მიაწოდა.+ თან ამბობდა, აბა ვნახოთ, თუ მოვა ელია მის სახსნელადო. 37 იესომ ხმამაღლა დაიძახა და სული განუტევა.+ 38 მაშინ ტაძრის ფარდა+ ჩაიხა და ორად გაიყო.+ 39 შორიახლოს მდგომმა ასისთავმა რომ დაინახა, რაც იესოს სიკვდილის დროს მოხდა, თქვა, მართლა ღვთის ძე ყოფილაო.+
40 ამ ყველაფერს შორიდან ქალებიც უყურებდნენ. მათ შორის იყვნენ მაგდალელი მარიამი, იაკობ მცირისა და იოსეს დედა მარიამი, და სალომე,+ 41 რომლებიც თან დაჰყვებოდნენ და ემსახურებოდნენ+ იესოს გალილეაში, და სხვა მრავალი ქალი, რომლებიც იერუსალიმში გამოჰყვნენ.
42 საღამო იყო, თანაც სამზადისის დღე*, შაბათის წინა დღე. 43 იოსებ არიმათეელმა, საბჭოს პატივდებულმა წევრმა, რომელიც ღვთის სამეფოს ელოდა, გამბედაობა მოიკრიბა, მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა.+ 44 პილატე დაინტერესდა, უკვე გარდაცვლილი იყო თუ არა იესო. მოუხმო ასისთავს და ჰკითხა, მოკვდა თუ არაო იესო. 45 როცა ასისთავმა დაუდასტურა, რომ გარდაცვლილი იყო, ცხედარი იოსებს გაატანა. 46 იოსებმა საუკეთესო სელის ტილო იყიდა, ცხედარი ჩამოხსნა, შიგ გაახვია, კლდეში გამოკვეთილ სამარხში+ დაასვენა და სამარხის შესასვლელს ლოდი მიაფარა.+ 47 მაგდალელი მარიამი და იოსეს დედა მარიამი თვალს არ აცილებდნენ იმ ადგილს, სადაც ის დაასვენეს.+
16 შაბათი+ რომ გავიდა, მაგდალელმა მარიამმა,+ იაკობის დედამ, მარიამმა, და სალომემ სურნელოვანი ნაზავი იყიდეს, რომ მისულიყვნენ და მისთვის ეცხოთ.+ 2 კვირის პირველ დღეს, დილაადრიან, მზე რომ ამოვიდა, ისინი სამარხთან მივიდნენ;+ 3 ერთმანეთს ეკითხებოდნენ, სამარხის შესასვლელიდან ლოდს ვინ გადაგვიგორებსო. 4 მაგრამ, როცა გაიხედეს, დაინახეს, რომ უშველებელი ლოდი უკვე გადაგორებული იყო.+ 5 ისინი სამარხში შევიდნენ და დაინახეს, რომ მარჯვნივ ახალგაზრდა კაცი იჯდა, რომელსაც თეთრი გრძელი სამოსი ეცვა; ძალიან შეეშინდათ. 6 მან უთხრა მათ: „ნუ გეშინიათ.+ თქვენ იესო ნაზარეთელს ეძებთ, რომელიც ძელზე გააკრეს. ის აქ აღარ არის, აღდგა.+ აი აქ ესვენა.+ 7 ახლა წადით და მის მოწაფეებსა და პეტრეს უთხარით, რომ ის მათზე ადრე ჩავა გალილეაში+ და იქ ნახავენ მას, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის“.+ 8 გამოვიდნენ სამარხიდან და გაიქცნენ. კანკალმა აიტანა ისინი და მღელვარებამ მოიცვა. არავისთვის არაფერი უთქვამთ, რადგან ძალიან შეშინებულები იყვნენ*.+
იხ. დანართი ა5.
იგულისხმება ღვთის სული.
ან შესაძლოა: „იცოდნენ, ვინ იყო“.
სხვაგვარად — „ინახად ისხდნენ“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
იგულისხმება ღვინო, რომელშიც დუღილის პროცესი ბოლომდე არ დასრულებულა.
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სავარაუდოდ, ნიშნავს „მოშურნეს“ და არ მიუთითებს მის სადაურობაზე.
იგულისხმება სატანა.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“(„ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „სამარხებიდან“.
იხ. დანართი ა5.
იგულისხმება სარტყელი, რომელსაც ქისა ჰქონდა.
პასუხისმგებლობის მოხსნის მაჩვენებელი ჟესტი.
იგულისხმება ჰეროდე ანტიპა, ჰეროდე დიდის ვაჟი.
სიტყვასიტყვით — „აკურთხა“.
დაახლ. ღამის 3 სთ-დან დილის 6 სთ-მდე.
იგულისხმება ხელების რიტუალური დაბანა.
იხ. დანართი ა3.
ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
სიტყვასიტყვით — „ხელი დაადეო“.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „მრუშ“.
იგულისხმება ისეთი დოლაბი, რომელსაც ვირი ატრიალებდა.
იხ. დანართი ა3.
იხ. დანართი ა3.
სავარაუდოდ, ეს იყო ერთგვარი პირფერული მიმართვა. მსგავსი მიმართვის ფორმებს იყენებდნენ რაბინებისადმი.
ან შესაძლოა: „ერთმანეთს ჰკითხეს“.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ნიშნავს „მოძღვარს“.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა3.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
უმცირესი ღირებულების ბერძნული მონეტა. სიტყვასიტყვით — „ორი ლეპტა, რომელიც შეადგენს კოდრანტს“. იხ. დანართი ბ14.
იხ. დანართი ა5.
იგულისხმება კაცის ძე.
სხვაგვარად — „ინახად იჯდა“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
სხვაგვარად — „ინახად ისხდნენ“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
სიტყვასიტყვით — „აკურთხა“.
სიტყვასიტყვით — „ჩემი სხეულია“.
სიტყვასიტყვით — „ჩემი სისხლია“.
სიტყვასიტყვით — „დაბრკოლდებით“.
არამეული ან ებრაული წარმოშობის სიტყვა; ალერსობითი და, იმავდროულად, თავაზიანი მიმართვა მამისადმი.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
დაახლ. დილის 9 სთ.
იხ. დანართი ა3.
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. „ძელი, წამების ძელი“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
დაახლ. დღის 12 სთ-დან დღის 3 სთ-მდე.
უძველესი ავტორიტეტული ხელნაწერების თანახმად, მარკოზის სახარება მთავრდება მე-8 მუხლით. იხ. დანართი ა3.