ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲢᲘᲛᲝᲗᲔᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ
1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქულად დანიშნული, ჩვენი მხსნელი ღვთისა და ჩვენი იმედის, ქრისტე იესოს,+ ბრძანებით, 2 ტიმოთეს*,+ ჩემს თანამორწმუნეს, რომელიც შვილივითაა ჩემთვის:+
არ მოგკლებოდეს წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან!
3 ვიდრე მაკედონიაში გავემგზავრებოდი, გთხოვე, ეფესოში დარჩენილიყავი. ახლაც იმავეს გთხოვ, რათა უბრძანო ზოგიერთებს, განსხვავებული არაფერი ასწავლონ, 4 ყური არ დაუგდონ ზღაპრებს+ და არც გვარტომობის ქექვას მოჰყვნენ, რადგან ამას კარგი არაფერი მოაქვს,+ მხოლოდ უაზრო მსჯელობას იწვევს და საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც ღვთისგანაა და რწმენას გვიმტკიცებს. 5 ამ მითითების მიზანი ისაა, რომ გვიყვარდეს+ წრფელი გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით.+ 6 ზოგიერთები არად აგდებენ ამ ყოველივეს და უაზროდ მსჯელობენ.+ 7 უნდათ კანონის მასწავლებლები+ იყვნენ, მაგრამ არც ის გაეგებათ, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც დაჟინებით ამტკიცებენ.
8 ჩვენ ვიცით, რომ კანონი მაშინ არის კარგი, როცა მას სწორად ვიყენებთ, 9 და გვესმის, რომ ის მოცემულია არა მართლებისთვის, არამედ უკანონობის+ მოქმედთათვის, ურჩებისთვის, უღვთოებისთვის, ცოდვილებისთვის, ორგულებისთვის, მკრეხელებისთვის, დედ-მამისა თუ სხვათა მკვლელებისთვის, 10 მეძავებისთვის*, მამათმავლებისთვის, ადამიანების გამტაცებლებისთვის, მატყუარებისა და ცრუმოწმეებისთვის, აგრეთვე მათთვის, ვისი საქციელიც ეწინააღმდეგება ჯანსაღ მოძღვრებას,+ 11 რომელიც ეფუძნება ბედნიერი ღვთის დიდებულ სასიხარულო ცნობას, ჩემთვის მონდობილს.+
12 მადლიერი ვარ ჩემი გამაძლიერებლის, ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსი, რადგან ერთგულად მიმიჩნია და მომანდო მსახურება,+ 13 თუმცა წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და კადნიერი ვიყავი.+ მიუხედავად ამისა, შეწყალებულ ვიქენი, რადგან უმეცრებისა და ურწმუნოების გამო ვიქცეოდი ასე. 14 ჩვენმა უფალმა ჩემდამი გასაოცარი წყალობა გამოიჩინა და ქრისტე იესომაც ჩამინერგა რწმენა და მიჩვენა სიყვარული. 15 უნდა დაიჯეროთ და ბოლომდე ირწმუნოთ ის, რომ ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა,+ რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.+ 16 შეწყალებული იმიტომ ვიქენი, რომ ჩემდამი, როგორც ყველაზე ცოდვილისადმი, ბოძებული წყალობით ქრისტე იესოს უდიდესი სულგრძელობა წარმოჩენილიყო და მაგალითად ვქცეულიყავი მათთვის, ვინც მას ირწმუნებდა მარადიული სიცოცხლის მისაღებად.+
17 მარადიულობის მეფეს+ კი, უხრწნელ,+ უხილავ+ და ერთადერთ ღმერთს,+ პატივი და დიდება მარადიულად! ამინ!
18 შვილო, ტიმოთე, შენ გაძლევ ამ მითითებას, რომელიც შენზე წარმოთქმულ წინასწარმეტყველებებს შეესაბამება. თუ მათ თანახმად იმოქმედებ, კვლავაც ღირსეულად იბრძოლებ+ 19 და შეინარჩუნებ რწმენასა და სუფთა სინდისს,+ რომელზეც ხელი აიღეს ზოგიერთებმა და რწმენა ხომალდივით დაემსხვრათ. 20 მათ შორის არიან ჰიმენეოსი+ და ალექსანდრე, რომლებიც სატანას გადავეცი,+ რათა ჭკუა ისწავლონ და ღმერთი არ შეურაცხყონ.
2 უპირველეს ყოვლისა, მოგიწოდებთ, რომ აღავლინოთ ვედრება, ლოცვა, სათხოვარი და მადლიერება ყველანაირი ადამიანისთვის, 2 მათ შორის მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია,+ რათა კვლავაც წყნარად და მშვიდად ვიცხოვროთ ღვთისადმი სრული ერთგულებითა და ღირსებით.+ 3 ეს კარგი და მოსაწონია ჩვენი მხსნელისთვის, ღვთისთვის,+ 4 რომელსაც სურს, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს+ და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს. 5 ერთია ღმერთი+ და ერთია ღმერთსა და ადამიანებს შორის+ შუამავალი+ — კაცი, ქრისტე იესო,+ 6 რომელმაც საკუთარი თავის შეწირვით შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის;+ ამის შესახებ თავის დროზე დაამოწმებენ. 7 მეც ამ მიზნით დავინიშნე+ მქადაგებლად და მოციქულად,+ რათა უცხოტომელების მასწავლებელი ვყოფილიყავი — მათთვის რწმენა ჩამენერგა და ჭეშმარიტება გადამეცა;+ მართალს გეუბნებით, არ ვცრუობ.
8 მსურს, რომ ყველგან, სადაც მამაკაცები ლოცულობენ, ღვთის ერთგულებით აღვსილნი აღაპყრობდნენ ხელებს ზეცად+ რისხვისა+ და კამათის გარეშე.+ 9 აგრეთვე მსურს, რომ ქალები თავს იმკობდნენ არა განსაკუთრებული ვარცხნილობით*, ოქროთი, მარგალიტებითა თუ ძვირფასი სამოსლით, არამედ მოკრძალებული და გონივრულად შერჩეული წესიერი ტანსაცმლით,+ 10 ისე, როგორც ღვთისმოშიშ ქალებს შეჰფერით,+ რომლებიც კარგი საქმეებით იმკობენ თავს.
11 ქალმა მდუმარედ ისწავლოს, სრული მორჩილებით.+ 12 ქალს არ ვაძლევ სწავლების ან კაცზე ბატონობის უფლებას, ჩუმად უნდა იყოს,+ 13 ვინაიდან პირველად ადამი შეიქმნა და მერე ევა.+ 14 თანაც ადამი კი არ შემცდარა, ქალი შეცდა+ და დანაშაული ჩაიდინა. 15 თუმცა ქალს შვილების გაჩენა+ დაიცავს, თუკი შეინარჩუნებს რწმენას, სიყვარულს, სიწმინდესა და საღ აზროვნებას.+
3 სარწმუნოა ის, რასაც ვამბობ: თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის,+ კარგი საქმე ნდომებია. 2 ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, იყოს ზომიერი, საღად მოაზროვნე,+ წესრიგიანი და სტუმართმოყვარე,+ უნდა შეეძლოს სწავლება,+ 3 არ უნდა იყოს ლოთი+ და მოჩხუბარი*, არამედ იყოს კეთილგონიერი;+ არ უნდა იყოს მოდავე+ და ფულის მოყვარული.+ 4 იგი კარგად უნდა უძღვებოდეს ოჯახს და შვილები მთელი შეგნებით უნდა ემორჩილებოდნენ,+ 5 რადგან, თუ კაცმა ის არ იცის, ოჯახი როგორ განაგოს, ღვთის კრებაზე როგორღა იზრუნებს?! 6 არ უნდა იყოს ახალმოქცეული,+ რომ არ გაყოყოჩდეს და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს; 7 გარეშეებიც კარგად უნდა ახასიათებდნენ,+ რათა ვინმეს გასაკიცხი არ გახდეს და ეშმაკის მახეში არ გაებას.
8 მომსახურეც სერიოზული უნდა იყოს, არ უნდა იყოს ორპირი, ღვინოს მიძალებული, ანგარებიანი და ფულს დახარბებული,+ 9 სუფთა სინდისით უნდა უერთგულოს რწმენას, ამ წმინდა საიდუმლოს.+
10 გარდა ამისა, ჯერ უნდა გამოიცადოს, გამოდგება თუ არა ამგვარი მსახურებისთვის, და თუ ბრალდაუდებელი აღმოჩნდება, იმსახუროს.+
11 ქალებიც სერიოზულები უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები,+ არამედ ზომიერები და ყოველმხრივ ერთგულები.+
12 მომსახურეს უნდა ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი და კარგად უძღვებოდეს შვილებსა და ოჯახს. 13 ვინც კარგად მსახურობს, ის კარგ სახელს იძენს და შეუძლია თამამად ილაპარაკოს ქრისტე იესოსადმი რწმენაზე.
14 იმედი მაქვს, რომ მალე მოვალ შენთან, მაგრამ მაინც გწერ ამას, 15 რადგან, თუ დავყოვნდი, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლეულობაში,+ ცოცხალი ღვთის კრებაში, რომელიც ჭეშმარიტების სვეტი და ბურჯია. 16 ნამდვილად დიდებულია ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო: „ის გამოცხადდა ხორციელი სხეულით,+ მართლად ჩაითვალა სულიერ სხეულში მყოფი,+ ეჩვენა ანგელოზებს,+ მასზე იქადაგეს ყველა ხალხში,+ ირწმუნეს ქვეყნიერებაში,+ ზეცად იქნა აყვანილი და განდიდებული“.
4 ღვთის შთაგონებით წარმოთქმული სიტყვა გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები ბოროტი სულების შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა+ და დემონურ მოძღვრებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას 2 სინდისდადაღულ მატყუარათა+ თვალთმაქცობის გამო. 3 ისინი კრძალავენ ქორწინებას+ და უბრძანებენ სხვებს, მოერიდონ საკვებს,+ რომელიც ღმერთმა იმისთვის შექმნა,+ რომ მორწმუნეებმა და ჭეშმარიტების საფუძვლიანად მცოდნეებმა მადლიერებით ჭამონ.+ 4 ღვთის შექმნილი ყველაფერი კარგია+ და, თუ მადლიერებით იჭმება, არაფერია უარსაყოფი,+ 5 რადგან ღვთის სიტყვითა და ლოცვით განიწმინდება.
6 ძმებს რომ ამ რჩევას მისცემ, ქრისტე იესოს კარგი მსახური იქნები, რწმენის სიტყვებითა და იმ ჯანსაღი მოძღვრებით ნასაზრდოები, რომელსაც ფეხდაფეხ მიჰყვები.+ 7 წმინდის შემბღალავ დედაბრულ ზღაპრებს+ ყურს ნუ ათხოვებ, ღვთისადმი ერთგულებას ესწრაფე და ამაში გაიწაფე, 8 ვინაიდან, ფიზიკური ვარჯიში თუ მეტ-ნაკლებად სასარგებლოა, ღვთისადმი ერთგულება ყოველმხრივ სასარგებლოა, რადგან სიცოცხლეს მოასწავებს ჩვენთვის ახლაც და მომავალშიც.+ 9 ეს სიტყვები სრულიად სანდო და ბოლომდე სარწმუნოა. 10 ამისთვის ვირჯებით და თავს არ ვზოგავთ,+ რადგან ჩვენ ცოცხალი ღვთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველანაირი ადამიანის,+ განსაკუთრებით კი ერთგულთა, მხსნელია.+
11 კვლავაც ჩააგონე და ასწავლე მათ ეს ყოველივე. 12 არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. უფრო მეტიც, სამაგალითო იყავი ერთგულთათვის საუბარში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში. 13 ჩემ მოსვლამდე მთელი გულმოდგინებით უკითხე ხალხს,+ შეაგონე და ასწავლე. 14 არ უგულებელყო ძღვენი, რომელიც წინასწარმეტყველებითა და უხუცესთა საბჭოს ხელის დადებით მოგეცა.+ 15 იფიქრე ამ ყველაფერზე, გულმოდგინედ აკეთე ეს ყოველივე და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება. 16 ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი.+ ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც.+
5 უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო.+ პირიქით, თბილად შეაგონე როგორც მამას, ახალგაზრდა მამაკაცს კი — როგორც ძმას, 2 უფროსი ასაკის ქალს — როგორც დედას, და ახალგაზრდა ქალს — როგორც დას, მთელი სიწმინდით.
3 იზრუნე იმ ქვრივებზე*, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ დახმარება.+ 4 ხოლო, თუ ქვრივს შვილები ან შვილიშვილები ჰყავს, მათ ჯერ თავიანთ ოჯახში+ ისწავლონ ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა და მშობლებისა და პაპა-ბებიებისთვის საკადრისის მიგება,+ რადგან ეს მოსაწონია ღვთისთვის.+ 5 ქვრივი, რომელსაც არაფერი გააჩნია და ნამდვილად საჭიროებს დახმარებას, ღმერთზეა დაიმედებული+ და დღედაღამ ლოცვა-ვედრებაშია.+ 6 ის ქვრივი კი, რომელიც ხორციელ სიამეს ეძლევა, მკვდარია, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალია. 7 გამუდმებით მიუთითე ყველას ამაზე, რათა ბრალდაუდებლები იყვნენ. 8 ცხადია, ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია.+
9 ქვრივი, რომელსაც სიაში შეიყვანთ, უნდა იყოს არანაკლებ 60 წლისა, რომელსაც ჰყავდა ერთი ქმარი 10 და რომელიც თავისი კარგი საქმეებითაა ცნობილი,+ კერძოდ იმით, რომ შვილები აღზარდა,+ სტუმრებს მასპინძლობდა,+ წმინდებს ფეხებს ჰბანდა,+ გაჭირვებულებს ეხმარებოდა+ და ყოველ კარგ საქმეს გულმოდგინედ აკეთებდა.
11 ახალგაზრდა ქვრივებს ნუ შეიყვან ამ სიაში, რადგან, როცა ხორციელი ვნება მათსა და ქრისტეს შორის დგება, გათხოვების სურვილი უჩნდებათ; 12 ასეთები მსჯავრს დაიტეხენ, რადგან არაფრად ჩააგდეს თავიანთი თავდაპირველი აღთქმა*. 13 ისინი უსაქმურობას და სხვების სახლებში წანწალს მიეჩვივნენ. თანაც არა მარტო უსაქმურები გახდნენ, არამედ ჭორიკანებიც, გარდა ამისა, სხვის საქმეში ერევიან+ და იმაზე ლაპარაკობენ, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდნენ. 14 ამიტომ მსურს, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ,+ შვილები გააჩინონ,+ ოჯახზე იზრუნონ და მოწინააღმდეგეს ლანძღვის საბაბი არ მისცენ. 15 ზოგიერთებმა უკვე გადაუხვიეს კიდეც სწორი გზიდან და სატანას გაჰყვნენ. 16 თუ რომელიმე მორწმუნე ქალს ჰყავს ქვრივი ნათესავები, დაეხმაროს მათ, რომ ისინი ტვირთად არ დააწვნენ კრებას. ამგვარად, კრება იზრუნებს ქვრივებზე, რომლებიც ნამდვილად საჭიროებენ ამას.+
17 უხუცესები, რომლებიც კარგად უძღვებიან კრებას,+ ორმაგი პატივის ღირსნი არიან,+ განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან,+ 18 რადგან დაწერილია: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“+ და „მუშა გასამრჯელოს ღირსია“.+ 19 ნუ ერწმუნები უხუცესის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, თუკი ამას ორი ან სამი მოწმე არ დაადასტურებს.+ 20 შემცოდველი+ ყველას წინაშე შეაგონე,+ რათა ეს ჭკუის სასწავლებელი იყოს სხვებისთვის. 21 ღვთის, ქრისტე იესოსა და წმინდა* ანგელოზების წინაშე მოგიწოდებ, რომ წინასწარაკვიატებული აზრისა და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე მიჰყვე ამ მითითებებს.+
22 ნურავის დანიშნავ* ნაჩქარევად+ და ნურც სხვისი ცოდვების თანამონაწილე გახდები; სუფთად დაიცავი თავი!
23 მხოლოდ წყალს ნუღარ დალევ, ჯობს, ცოტა ღვინო დალიო კუჭისთვის და ხშირი ავადმყოფობის გამო.
24 ზოგიერთების ცოდვები ყველასთვის ცხადია და ამის გამო მათ მაშინვე ედებათ მსჯავრი, ზოგის ცოდვები კი მოგვიანებით გაცხადდება.+ 25 კარგი საქმეებიც ყველასთვის ცხადია,+ და რაც ჯერ არ არის ცხადი, არც ის დარჩება დაფარული.+
6 მონობის უღელქვეშ მყოფნი თავიანთ ბატონებს მთელი გულით უნდა სცემდნენ პატივს,+ რათა არ იგმობოდეს ღვთის სახელი და არ იბღალებოდეს მისი მოძღვრება.+ 2 ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ გაუთამამდება მას მხოლოდ იმიტომ, რომ მისი ძმაა. პირიქით, უფრო მუყაითად იშრომოს მისთვის, ვინაიდან ბატონი, რომელსაც კეთილსინდისიერად ემსახურება, საყვარელი ძმა და თანამორწმუნეა.
შეაგონე და ასწავლე მათ ეს ყოველივე. 3 ვინც ისეთ რამეს ასწავლის, რასაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ჯანსაღ მოძღვრებასა+ და ღვთისადმი ერთგულების შესახებ ცოდნასთან საერთო არაფერი აქვს,+ 4 ის გაყოყოჩებულია და არაფერი ესმის,+ კამათის სურვილითაა შეპყრობილი და სიტყვებს ეკიდება;+ ეს კი იწვევს შურს, დავას, ცილისწამებას, უსაფუძვლო ეჭვებსა 5 და წვრილმანებზე მათ ცხარე კამათს, ვისაც გახრწნილი აქვს გონება,+ ვეღარ სწვდება ჭეშმარიტებას და ჰგონია, რომ ღვთისადმი ერთგულებით რაიმეს გამორჩება.+ 6 სინამდვილეში კი დიდი მონახვეჭი ისაა, რომ იყო ღვთისადმი ერთგული+ და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს, 7 რადგან ქვეყნიერებაში არც არაფერი მოგვიტანია და ვერც ვერაფერს წავიღებთ.+ 8 ასე რომ, თუ გვაქვს საჭმელი და ტანსაცმელი*, ამით დავკმაყოფილდეთ.+
9 ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის, ჰყვება ცდუნებას, ებმება მახეში+ და ბევრი უგუნური და მავნე სურვილის მსხვერპლი ხდება, რომელიც ღუპავს და ანადგურებს ადამიანს,+ 10 რადგან ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, ვისაც ამგვარმა სიყვარულმა სძლია, განუდგნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს საკუთარ თავს.+
11 შენ კი, ღვთის მსახურო, ზურგი აქციე* ამ ყოველივეს და ისწრაფე სიმართლისკენ, ღვთის ერთგულებისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისკენ, მოთმინებისკენ და რბილი ხასიათისკენ.+ 12 იბრძოლე რწმენისთვის ღირსეულ ბრძოლაში და ჩაეჭიდე მარადიულ სიცოცხლეს, რომლის მისაღებადაც ღმერთმა მოგიხმო და რომლის შესახებაც ღირსეულად გააცხადე სახალხოდ მრავალი მოწმის წინაშე.
13 ღვთის წინაშე, რომელიც ყველაფერს ასულდგმულებს, და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც ღირსეულ მოწმედ წარდგა პონტიუს პილატეს+ წინაშე, მიგითითებ, 14 წუნდაუდებლად და ბრალდაუდებლად დაიცვა მცნებები ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს,+ 15 ბედნიერი და ერთადერთი ხელმწიფის, დანიშნულ დროს გამოცხადებამდე. ის მეფეთა მეფე და უფალთა უფალია,+ 16 მხოლოდ ის არის უკვდავი,+ მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში,+ კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს.+ მას ეკუთვნის პატივი და მარადიული ძლევამოსილება! ამინ!
17 მიუთითე ამ ქვეყნიერებაში* მცხოვრებ მდიდრებს, რომ არ გაყოყოჩდნენ და იმედი წარმავალ ქონებაზე+ კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ სასიკეთოდ ყველაფერს უხვად გვაძლევს.+ 18 მოუწოდე, რომ თესონ სიკეთე, გამდიდრდნენ კარგი საქმეებით, იყვნენ გულუხვები და ხელგაშლილები;+ 19 ასე დააგროვებენ განძს, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება, რაც მტკიცე საძირკველია მომავლისთვის,+ და ჩაეჭიდებიან ჭეშმარიტ სიცოცხლეს.+
20 ტიმოთე, გაუფრთხილდი იმას, რაც მოგენდო,+ და ყურს ნუ ათხოვებ წმინდის შემბღალავ უშინაარსო საუბრებსა და ეგრეთ წოდებული ცოდნისთვის დამახასიათებელ ურთიერთგამომრიცხავ აზრებს.+ 21 ზოგიერთები, ვისაც ასეთი ცოდნით მოჰქონდათ თავი, რწმენას განუდგნენ.
წყალობა არ მოგკლებოდეთ!
ნიშნავს „ღვთის პატივისმცემელს“.
იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიტყვასიტყვით — „ნაწნავებით“.
დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა აღნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას.
სიტყვასიტყვით — „პატივი ეცი იმ ქვრივებს“.
სიტყვასიტყვით — „რწმენა“.
სიტყვასიტყვით — „რჩეული“.
სიტყვასიტყვით — „ნუ დაადებ ხელს“.
ან „თავშესაფარი“.
სიტყვასიტყვით — „გაექეცი“.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).