ᲛᲔᲝᲠᲔ ᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲢᲘᲛᲝᲗᲔᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ
1 პავლე — ქრისტე იესოს მოციქულად დანიშნული ღვთის ნებით იმ დაპირებული სიცოცხლის გასაცხადებლად, ქრისტე იესოს წყალობით რომ გახდა შესაძლებელი+ — 2 ტიმოთეს, საყვარელ შვილს:+
წყალობა, გულმოწყალება და მშვიდობა არ მოგკლებოდეს ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი უფლის, ქრისტე იესოსგან!
3 დღედაღამ გიხსენიებ გულმხურვალე ლოცვებში, რისთვისაც ვემადლიერები ღმერთს, რომელსაც ჩემი წინაპრებივით სუფთა სინდისით ვემსახურები. 4 მახსენდება შენი ცრემლები და შენს ნახვას ვნატრობ, რათა გულით გავიხარო. 5 ვიხსენებ შენს უთვალთმაქცო რწმენას,+ რომელიც შენამდე ბებიაშენ ლოისსა და დედაშენ ევნიკეს ჰქონდათ, და მჯერა, რომ კვლავაც გაქვს.
6 ამიტომ შეგახსენებ, რომ ცეცხლივით ააგიზგიზო ღვთის ძღვენი, რომელიც ჩემი ხელის დადებით მოგეცა,+ 7 რადგან ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული,+ არამედ ძლიერების,+ სიყვარულისა და საღი აზროვნების. 8 ამიტომ ნუ შეგრცხვება ნურც ჩვენს უფალზე ქადაგების+ და ნურც ჩემ გამო, ვინც მისი გულისთვის ვარ დაპატიმრებული, არამედ ღვთის ძალაზე დანდობილმა გაუძელი განსაცდელს,+ რომელსაც სასიხარულო ცნობის გამო ხვდები.+ 9 მან გვიხსნა და მოგვიწოდა, რომ წმინდები ვყოფილიყავით,+ არა ჩვენი საქმეების, არამედ თავისი განზრახვისა და წყალობის გამო.+ ღმერთმა ქრისტე იესოს მეშვეობით დიდი ხნის წინათ ჩაიფიქრა, რომ ეს წყალობა ჩვენთვის ებოძებინა, 10 მაგრამ ახლა ის ცხადი გახდა იმით, რომ გამოჩნდა ჩვენი მხსნელი, ქრისტე იესო,+ რომელმაც სიკვდილი გააუქმა,+ ხოლო სიცოცხლესა+ და უხრწნელობას+ ნათელი მოჰფინა სასიხარულო ცნობით,+ 11 რომლის მქადაგებლად, მოციქულად და მასწავლებლადაც მე დავინიშნე.+
12 ამიტომაც ვიტანჯები ასე,+ მაგრამ არ მრცხვენია,+ რადგან ვიცი, ვინც ვიწამე, და მჯერა, რომ მას შესწევს ძალა, იმ დღემდე დაიცვას ის, რაც მივანდე.+ 13 ჩაეჭიდე იმ ჯანსაღ მოძღვრებას*,+ რომელიც ჩემგან მიიღე რწმენითა და სიყვარულით, რაც ქრისტე იესოსთან ერთობაში მყოფს გაქვს. 14 ჩვენში დამკვიდრებული წმინდა სულით დაიცავი ყოველივე ძვირფასი, რაც მოგენდო.+
15 შენ იცი, რომ აზიაში+ ყველამ ზურგი მაქცია, ფიგელესა და ჰერმოგენეს ჩათვლით. 16 ონისიფორეს+ შინაურებს კი უფალმა არ მოაკლოს წყალობა, რადგან მან ბევრჯერ გამამხნევა და ბორკილების გამო არ მომერიდა. 17 უფრო მეტიც, რომში ყოფნისას გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც. 18 უფალმა იეჰოვამ* უბოძოს მას წყალობა იმ დღეს. შენც ხომ კარგად იცი ყველაფერი, რაც მას ჩემთვის გაუკეთებია ეფესოში.
2 შვილო,+ კვლავაც გაძლიერდი ქრისტე იესოს მიერ ბოძებული წყალობით, 2 და ის, რაც ჩემგან მოისმინე და რაშიც ბევრი დამემოწმება,+ ასწავლე სანდო მამაკაცებს, რომლებიც გამოდგებიან სხვების მასწავლებლებად. 3 როგორც ქრისტე იესოს ღირსეულმა მეომარმა,+ შენც გაუძელი განსაცდელს.+ 4 არცერთი მეომარი, რომელსაც სურს, თავი მოაწონოს მას, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო, არ ეფლობა სავაჭრო საქმეებში*. 5 ვერცერთი მოასპარეზე ვერ მიიღებს გვირგვინს, თუკი შეჯიბრების წესებს არ დაიცავს.+ 6 გამრჯე მიწათმოქმედმა პირველმა უნდა იგემოს მოწეული ნაყოფი. 7 გამუდმებით იფიქრე იმაზე, რასაც გეუბნები. უფალი დაგეხმარება, რომ ჩასწვდე ყველაფერს.
8 გახსოვდეს, რომ იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა+ და ის დავითის შთამომავალი იყო;+ ესაა სასიხარულო ცნობა, რომელსაც ვქადაგებ,+ 9 რომლის გამოც ვიტანჯები და ბოროტმოქმედივით ვარ დაპატიმრებული,+ თუმცა ღვთის სიტყვას ვერავინ შებორკავს.+ 10 ამიტომ ყველაფერს ღვთის რჩეულთათვის ვითმენ,+ რათა მათაც მოიპოვონ ხსნა ქრისტე იესოს მეშვეობით და მიიღონ მარადიული დიდება. 11 სარწმუნოა, რასაც გეუბნებით: რაკი მასთან ერთად დავიხოცეთ, მასთან ერთადაც ვიცოცხლებთ.+ 12 თუ ვითმენთ, ერთადაც ვიმეფებთ,+ ხოლო, თუ უარვყოფთ მას, ისიც უარგვყოფს.+ 13 თუნდაც ჩვენ არ გამოვდგეთ ერთგულნი, ის მაინც ერთგული იქნება, რადგან ის საკუთარი თავის წინააღმდეგ ვერ წავა.
14 მუდამ შეახსენე მათ ეს ყველაფერი და დაარიგე ღვთის წინაშე, რომ არ იკინკლაონ სიტყვების გამო, რაც ყოვლად უსარგებლოა და რწმენას უნგრევს მსმენელს. 15 ყველანაირად ეცადე, რომ ღვთისთვის მოსაწონი მსახური* იყო, რომელსაც თავისი გაკეთებული საქმის არ შერცხვება და რომელიც სწორად ასწავლის ღვთის სიტყვას*.+ 16 მოერიდე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკს,+ რადგან ეს სულ უფრო მეტ უღმერთობამდე მიიყვანს კაცს, 17 და ასე მოლაპარაკეთა სიტყვები განგრენასავით გავრცელდება; ამგვარად მოლაპარაკეთა შორის არიან ჰიმენეოსი და ფილეტე.+ 18 ისინი ჭეშმარიტებას განუდგნენ, ამბობენ, აღდგომა უკვე იყოო,+ და რწმენას უნგრევენ ზოგიერთებს. 19 ღვთის მიერ ჩაყრილი საძირკველი მტკიცედ დგას და მასზე თითქოსდა ბეჭდითაა ამოტვიფრული სიტყვები: „იეჰოვა* იცნობს თავისას“+ და „განუდგეს უმართლობას ყველა, ვინც იეჰოვას*+ სახელს უხმობს“.
20 დიდ სახლში, ოქროსა და ვერცხლის ჭურჭლის გარდა, ხისა და თიხის ჭურჭელიც არის; ზოგი მათგანი საპატიო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი, ზოგიც — არასაპატიო მოხმარებისთვის. 21 ვინც ამ უკანასკნელთაგან თავს შორს დაიჭერს, ის საპატიო მოხმარებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი იქნება, განწმენდილი, პატრონისთვის გამოსადეგი და ნებისმიერი კარგი საქმისთვის გამზადებული. 22 ამიტომ ნუ აჰყვები* ახალგაზრდულ სურვილებს და ისწრაფე სიმართლისკენ, რწმენისკენ, სიყვარულისა და მშვიდობისკენ მათთან ერთად, ვინც სუფთა გულით უხმობს უფალს.
23 ნუ ჩაებმები სულელურ და უაზრო მსჯელობაში,+ რადგან იცი, რომ ეს დავას იწვევს. 24 უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს,+ უნდა შეეძლოს სწავლება და თავშეკავებას იჩენდეს, როცა ცუდად ექცევიან.+ 25 ის რბილად უნდა შეაგონებდეს საწინააღმდეგო აზრის მქონეთ;+ იქნებ ღმერთმა მისცეს მათ მონანიების საშუალება, რათა ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა შეიძინონ,+ 26 გონს მოეგონ და თავი დააღწიონ ეშმაკის მახეს, როცა მიხვდებიან, რომ მის მახეში იყვნენ გაბმულნი და მის ნებას ასრულებდნენ.+
3 იცოდე, რომ ბოლო დღეებში+ მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება. 2 ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, მოტრაბახეები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, 3 გულცივები, ჯიუტები*, ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, 4 გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, სიამოვნებათა მოყვარულები და არა ღვთისა, 5 გარეგნულად ღვთისმოშიშნი, რომელთა საქმეებიც ღვთისმოშიშებაზე არ იმეტყველებს*;+ ასეთებისგან თავი შორს დაიჭირე. 6 სწორედ ასეთებს შორის გამოჩნდებიან ხოლმე კაცები, რომლებიც მზაკვრულად აღწევენ ოჯახებში და თავგზას ურევენ უნებისყოფო, ცოდვებით დამძიმებულ და გულისთქმებს აყოლილ ქალებს, 7 რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერა და ვერ სწვდებიან*.
8 როგორც იანე და იამბრე შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს კაცებიც ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას. ეს გონებაგახრწნილი კაცები რწმენის წინააღმდეგ მიდიან, რის გამოც უღირსნი არიან. 9 მაგრამ ისინი ამის მეტს ვერაფერს მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება, იმ ორი კაცისა არ იყოს, ყველას წინაშე გამოაშკარავდება.+ 10 შენ კი გულდასმით მაკვირდებოდი, როცა ვასწავლიდი; იცი ჩემი ცხოვრება,+ ჩემი მიზანი, რწმენა, სულგრძელობა, სიყვარული და მოთმინება, 11 ისიც იცი, რა დევნასა და ტანჯვას გავუძელი ანტიოქიაში,+ იკონიონსა+ და ლისტრაში,+ მაგრამ უფალმა ყველა ამ სატანჯველისგან დამიხსნა.+ 12 ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება.+ 13 ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.+
14 შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაც იწამე,+ რადგან იცი, ვისგან ისწავლე, 15 თანაც ჩვილობიდანვე+ იცი წმინდა წერილები,+ რომლებსაც ქრისტე იესოსადმი რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად.+ 16 მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული+ და სასარგებლოა სასწავლებლად,+ შესაგონებლად, გამოსასწორებლად და ღვთის სიმართლით აღსაზრდელად,+ 17 რათა ღვთის მსახური ყოველმხრივ აღჭურვილი და მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის.
4 მოგიწოდებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს+ ცოცხლები და მკვდრები,+ როცა თავის სამეფოში+ გამეფებული გამოცხადდება:+ 2 იქადაგე ღვთის სიტყვა+ გადაუდებლად, კარგ დროშიც და ცუდ დროშიც; შეაგონე,+ გაკიცხე და წაახალისე, რისთვისაც სულგრძელობა და სწავლების ხელოვნებაა საჭირო.+ 3 დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი მოძღვრება+ და თავიანთ სურვილებს აყოლილნი შემოიკრებენ ყურის მაამებელ მასწავლებლებს.+ 4 ჭეშმარიტებას ყურს აღარ ათხოვებენ და მის ნაცვლად ზღაპრებს მოუსმენენ. 5 შენ კი ყოველთვის იფხიზლე, გაუძელი გასაჭირს,+ შეასრულე მახარობლის საქმე და სრულად დაიხარჯე ღვთის მსახურებაში.+
6 უკვე ვიღვრები დასაღვრელი შესაწირავივით+ და მოახლოვდა ჩემი გათავისუფლების დრო.+ 7 ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი,+ სარბიელი ბოლომდე გავირბინე+ და რწმენა შევინარჩუნე. 8 ახლა უკვე მართალთათვის განკუთვნილი გვირგვინი მენახება,+ რომლითაც სასამართლოს დღეს+ დამაჯილდოებს უფალი,+ მართალი მოსამართლე, და მარტო მე კი არა, ყველას, ვინც მოუთმენლად ელის მის გამოცხადებას.
9 ყველანაირად ეცადე, მალე მოხვიდე ჩემთან, 10 რადგან დემასმა+ ეს ქვეყნიერება* შეიყვარა, დამტოვა და თესალონიკეში წავიდა. კრესკე გალატიაში გაემგზავრა, ტიტე კი — დალმაციაში. 11 ლუკაღა დარჩა ჩემთან. მარკოზიც წამოიყვანე, მსახურებაში დამეხმარება. 12 ტიქიკე+ ეფესოში გავგზავნე. 13 წამოსვლისას ჩემი მოსასხამი გამოიყოლე, კარპოსთან რომ დავტოვე ტროაში, და გრაგნილებიც წამომიღე, განსაკუთრებით პერგამენტები* მჭირდება.
14 მესპილენძე ალექსანდრემ ბევრი ბოროტება გამიკეთა. იეჰოვა* მიუზღავს მისი საქმეებისამებრ.+ 15 შენც უფრთხილდი მას, რადგან სასტიკად დაგვიპირისპირდა*.
16 პირველად რომ წარვდექი თავის დასაცავად, არავინ ამომიდგა მხარში, ყველამ მიმატოვა. დაე ნუ მოეკითხებათ მათ პასუხი! 17 თუმცა უფალი მედგა გვერდში და მაძლიერებდა, რათა ბოლომდე მიმეყვანა ქადაგების საქმე და ყველა ხალხს მოესმინა ცნობა;+ უფლის წყალობით თავი დავაღწიე ლომის ხახას.+ 18 ყოველი ბოროტებისგან დამიხსნის უფალი და გადამარჩენს, რათა დავიმკვიდრო მისი ზეციერი სამეფო.+ დიდება მას მარადიულად! ამინ!
19 მომიკითხე პრისკა, აკვილა+ და ონისიფორეს+ სახლეულობა!
20 ერასტუსი+ კორინთში დარჩა, ტროფიმე+ კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში. 21 ყველანაირად ეცადე, დაზამთრებამდე ჩამოხვიდე ჩემთან.
მოკითხვას გითვლიან ევბულე, პუდენსი, ლინე, კლავდია და მათთან ერთად ყველა ძმა.
22 უფალმა აკურთხოს შენი სულისკვეთება! მისი წყალობა არ მოგკლებოდეთ!
სიტყვასიტყვით — „ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს“.
იხ. დანართი ა5.
ან შესაძლოა: „ყოველდღიურ საქმეებში“.
სიტყვასიტყვით — „მუშა“.
სიტყვასიტყვით — „ჭეშმარიტების სიტყვას“.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
სიტყვასიტყვით — „გაექეცი“.
სხვაგვარად — „რომლებთანაც შეუძლებელი იქნება საერთო ენის გამონახვა“.
სიტყვასიტყვით — „რომლებიც მის [ღვთისმოშიშების] ძალას უარყოფენ“.
სხვაგვარად — „ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიან ცოდნას“.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ტყავის გრაგნილები.
იხ. დანართი ა5.
სიტყვასიტყვით — „შეეწინააღმდეგა ჩვენს სიტყვას“.