ᲞᲔᲢᲠᲔᲡ ᲛᲔᲝᲠᲔ ᲬᲔᲠᲘᲚᲘ
1 სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, გწერთ თქვენ, ვისაც ჩვენი ღვთისა და იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის, სიმართლის წყალობით ისეთივე ძვირფასი რწმენა გაქვთ, როგორიც ჩვენ:
2 უხვად გქონდეთ წყალობა და მშვიდობა ღვთისა და იესოს, ჩვენი უფლის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის+ მეშვეობით; 3 ღვთის ძალით და მის შესახებ საფუძვლიანი ცოდნით, ვინც თავისი სიდიადითა და მაღალზნეობით მოგვიხმო,+ ყველაფერი მოგვეცა, რაც სიცოცხლისა და ღვთისადმი ერთგულებისთვისაა საჭირო. 4 ამის წყალობით მან ძვირფასი და დიდებული დაპირებები მოგვცა,+ რათა ღვთაებრივი ბუნების მოზიარენი+ გახდეთ, რადგან უკვე დააღწიეთ თავი ვნებით გამოწვეულ გახრწნილებას ქვეყნიერებაში.
5 ამიტომ ყოველი ღონე იხმარეთ,+ რომ რწმენას დაურთოთ მაღალზნეობა,+ მაღალზნეობას — ცოდნა,+ 6 ცოდნას — თავშეკავება, თავშეკავებას+ — მოთმინება, მოთმინებას — ღვთის ერთგულება,+ 7 ღვთის ერთგულებას — ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი — სიყვარული.+ 8 თუ ეს ყველაფერი გაქვთ და თანაც უხვად, აღარ იქნებით უმოქმედონი და უნაყოფონი,+ და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის თანახმად იმოქმედებთ.
9 ვისაც ეს ყოველივე არა აქვს, ბრმაა, თვალს არიდებს სინათლეს,+ და აღარ ახსოვს, რომ განწმენდილია დიდი ხნის წინანდელი ცოდვებისგან.+ 10 ძმებო, თქვენ მოწოდებულნი და რჩეულნი ხართ,+ ამიტომ ყველაფერი გააკეთეთ საიმისოდ, რომ არ დაკარგოთ ეს პატივი; თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით+ 11 და ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, მარადიული სამეფოს+ კარი ფართოდ გაგეღებათ.+
12 ამიტომ ყოველთვის მზად ვარ, შეგახსენოთ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედაც დგახართ ჭეშმარიტების გზაზე, რომელიც მიიღეთ. 13 მაგრამ მიმაჩნია, რომ სანამ ამ კარავში* ვიმყოფები,+ კვლავ და კვლავ უნდა შეგახსენოთ ეს ყოველივე,+ 14 რადგან ვიცი, რომ ჩემს კარავს მალე დავტოვებ, როგორც გამიცხადა კიდეც ეს ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ.+ 15 ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც არ დაივიწყოთ ეს ყოველივე.
16 როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ძალისა და მისი მოსვლის* შესახებ გაუწყეთ, ზღაპრებს კი არ ვიყავით აყოლილნი, თავად ვიყავით მისი სიდიადის თვითმხილველნი.+ 17 მან ღვთისგან, მამისგან, პატივი და დიდება მიიღო, როცა საოცარი დიდებიდან ასეთი სიტყვები მოისმინა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე“.+ 18 ეს სიტყვები ციდან მაშინ გავიგონეთ, როცა მასთან ერთად წმინდა მთაზე ვიყავით.
19 ამან წინასწარმეტყველური სიტყვა ჩვენთვის უფრო სარწმუნო გახადა, და სწორად იქცევით, რომ უკვირდებით მას; ის ლამპარივითაა,+ რომელიც ანათებს სიბნელეში (გარიჟრაჟებამდე და ცისკრის ვარსკვლავის+ ამოსვლამდე), თქვენს გულებში. 20 თქვენ კარგად იცით, რომ წმინდა წერილების არცერთი წინასწარმეტყველება არ ეფუძნება ვინმეს ნააზრევს, 21 რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით,+ არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა.+
2 ისრაელშიც იყვნენ ცრუწინასწარმეტყველები და თქვენშიც იქნებიან ცრუმასწავლებლები.+ სწორედ ისინი შემოაპარებენ დამღუპველ სექტანტობას, უარყოფენ თავიანთ პატრონს,+ რომელმაც იყიდა ისინი, და თავს დაიღუპავენ. 2 ბევრი აჰყვება მათ თავაშვებულობაში*+ და მათ გამო ჭეშმარიტების გზა დაიგმობა.+ 3 ამასთანავე, სიხარბით შეპყრობილნი მოგატყუებენ და გამოგიყენებენ; მათთვის დიდი ხნის წინათ გამოტანილი განაჩენი+ არ აყოვნებს და მათი დაღუპვა გარდაუვალია.+
4 ღმერთმა შემცოდველი ანგელოზები არ დაინდო,+ ჩაყარა ტარტაროზში*,+ უკუნეთის ბორკილებით შეკრა* და გასასამართლებლად დატოვა.+ 5 მან არც ძველად დაინდო ქვეყნიერება,+ თუმცა სიმართლის მქადაგებელი ნოე+ და კიდევ შვიდი კაცი გადაარჩინა,+ როცა უღვთოთა ქვეყნიერებას წარღვნა დაატეხა.+ 6 ღმერთმა სოდომსა და გომორასაც დასდო მსჯავრი და ფერფლად აქცია,+ რითაც უღვთოებს აჩვენა, თუ რა ელით მომავალში,+ 7 უღვთოთა თავაშვებულობით* გაწამებული მართალი ლოტი+ კი დაიხსნა 8 (მათ გვერდით მცხოვრები ეს მართალი კაცი ყოველდღე იტანჯებოდა იმ უკანონო საქმეების გამო, რასაც ხედავდა და იგებდა). 9 ასე რომ, იცის იეჰოვამ*, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ერთგულები,+ უმართლოები კი გასამართლების დღისთვის დატოვოს და გაანადგუროს,+ 10 განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სხვების წაბილწვას ცდილობენ+ და უფლებამოსილთ არად აგდებენ.+
თავხედები და თავნებები არიან და ურცხვად გმობენ დიდებით მოსილთ, 11 ანგელოზები კი, რომლებიც მათზე ძალითა და ძლიერებით აღმატებულნი არიან, იეჰოვასადმი* პატივისცემის გამო არ სდებენ ბრალს მათ შეურაცხმყოფელი სიტყვებით.+ 12 ისინი ინსტინქტებით მოქმედი, დასაჭერად და გასანადგურებლად დაბადებული უგუნური ცხოველებივით არიან; გმობენ იმას, რაც არ გაეგებათ.+ ბოროტებას სჩადიან, რის გამოც განადგურება არ ასცდებათ; 13 უკეთურობის სანაცვლოდ უკეთურობას მოიმკიან.
დღისითაც კი განცხრომას ეძლევიან.+ დალაქავებულნი და დადაღულნი არიან და სიამოვნებას ანიჭებთ, ნადიმებზე თავიანთ მცდარ შეხედულებებს რომ გახვევენ თავს.+ 14 მუდამ მრუშობაზე უჭირავთ თვალი,+ ცოდვის ჩადენისგან თავს ვერ იკავებენ და სუსტი ნებისყოფის მქონეთ აცდუნებენ. გულხარბნი და დაწყევლილნი არიან. 15 სწორ გზას ასცდნენ და მცდარ გზას დაადგნენ. ბალაამის,+ ბეორის ძის, კვალს გაჰყვნენ, რომელიც უკეთურობის საზღაურს დახარბდა,+ 16 მაგრამ მხილებულ იქნა არასწორ საქციელში.+ ადამიანივით ალაპარაკდა პირუტყვი და ალაგმა წინასწარმეტყველის სიგიჟე.+
17 ისინი დამშრალი წყაროებივით და ძლიერი ქარისგან გატაცებული ღრუბლებივით არიან. წყვდიადია მათთვის შემონახული.+ 18 ისინი მაღალფარდოვანი, ფუჭი სიტყვებით ლაპარაკობენ; ხორციელ სურვილებს+ აღუძრავენ მათ, ვინც ეს-ესაა ჩამოშორდა მცდარი გზით მავალთ,+ და თავიანთი თავაშვებულობით* აცდუნებენ. 19 მათ თავისუფლებას ჰპირდებიან, არადა, თავად გახრწნილების მონები არიან,+ რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.+ 20 თუ ისინი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს შესახებ საფუძვლიანი ცოდნის წყალობით ქვეყნიერების სიბილწისგან თავის დაღწევის შემდეგ+ კვლავ ეფლობიან მასში და მის მიერ არიან ძლეულნი, მათი მდგომარეობა პირვანდელზე უარესია.+ 21 მათთვის უკეთესი იქნებოდა, საერთოდ არ შეეცნოთ სიმართლის გზა, ვიდრე შეეცნოთ და შემდეგ ზურგი ექციათ მათთვის გადაცემული წმინდა მცნებისთვის.+ 22 მათზე გამართლდა ერთი ანდაზა: „ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება, დაბანილი ღორი კი ტალახში საგორაოდ მიდის“.+
3 საყვარელნო, აი, უკვე მეორე წერილს გწერთ, და ამ წერილითაც, ისევე როგორც პირველით, შეგახსენებთ, რომ საღად იაზროვნოთ,+ 2 რათა გახსოვდეთ წმინდა წინასწარმეტყველთა სიტყვები და მოციქულების მიერ თქვენთვის გადმოცემული უფლისა და მხსნელის მცნება. 3 უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ ბოლო დღეებში გამოჩნდებიან დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით, თავიანთი სურვილებისამებრ მოიქცევიან+ 4 და იტყვიან: „ხომ დაგპირდათ, მოვალო*?! აბა სად არის?!+ მას შემდეგ, რაც ჩვენი მამა-პაპა დაიხოცა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქვეყნიერების შექმნიდან იყო“.+
5 ისინი განზრახ უგულებელყოფენ იმას, რომ ოდითგანვე არსებობდა ცა და მიწა, რომელიც ღვთის სიტყვის თანახმად წყლიდან მყარ მასად ამოიწია და წყლებს შუა მოთავსდა.+ 6 მათი მეშვეობით წაილეკა იმდროინდელი ქვეყნიერება.+ 7 ახლანდელი ცა და დედამიწა კი იმავე სიტყვის თანახმად ცეცხლისთვის და უღვთოთა გასამართლებისა და განადგურების დღისთვისაა შემონახული.+
8 საყვარელნო, გახსოვდეთ, რომ იეჰოვასთვის* ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი — ერთი დღე.+ 9 იეჰოვა* არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას,+ ზოგიერთებს დაყოვნებად რომ მიაჩნიათ; პირიქით, სულგრძელია თქვენდამი, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს.+ 10 იეჰოვას* დღე+ ქურდივით მოვა.+ მაშინ ცა სწრაფად, გრგვინვით განადგურდება,+ შემადგენელი ნაწილები სიმხურვალისგან დაიშლება და დედამიწა თავისი საქმეებითურთ გაშიშვლდება.+
11 თუ ყველაფერი ასე დაიშლება, დაფიქრდით, როგორი ადამიანები უნდა იყოთ! სიწმინდე უნდა დაიცვათ და ღვთისმოსაწონად მოიქცეთ თქვენ, 12 ვინც ელით და ვისაც ყოველთვის გახსოვთ* იეჰოვას* დღე,+ რომელიც ცას ცეცხლით გაანადგურებს+ და შემადგენელ ნაწილებს სიმხურვალით დაადნობს! 13 თუმცა მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას,+ სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე.+
14 საყვარელნო, რაკი ელით ამას, ყველანაირად ეცადეთ, რომ, როცა მის წინაშე წარდგებით, იყოთ უმწიკვლონი, უმანკონი და მშვიდობის მქონენი.+ 15 ჩვენი უფლის სულგრძელობა ხსნად მიიჩნიეთ, როგორც ეს ჩვენმა საყვარელმა ძმამ, პავლემაც, მოგწერათ ღვთისგან ნაბოძები სიბრძნით,+ 16 რის შესახებაც ის თავის ყველა წერილში წერდა. ამ წერილებში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებია, რასაც უმეცარნი და სუსტი რწმენისანი წმინდა წერილების სხვა მონაკვეთების მსგავსად ამახინჯებენ თავიანთივე თავის დასაღუპავად.
17 საყვარელნო, რაკი ეს იცით, გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ უღვთოთა მცდარმა აზროვნებამ და სიმტკიცე არ დაკარგოთ.+ 18 ძალ-ღონე არ დაიშუროთ იმისათვის, რომ უხვად გქონდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის, იესო ქრისტეს, წყალობა და გაიღრმაოთ ცოდნა. მას დიდება ახლაც და მარადიულადაც! ამინ!
იგულისხმება ფიზიკური სხეული.
ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
ან შესაძლოა: „ჯურღმულებში ჩაყარა“.
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
ბერძნ. „ასელგია“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
ბერძნ. „პარუსია“. იხ. „ქრისტეს მოსვლა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
იხ. დანართი ა5.
სიტყვასიტყვით – „აჩქარებთ“; სხვაგვარად – „ძლიერი სურვილი გაქვთ“.
იხ. დანართი ა5.