საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es18 გვ. 7-17
  • იანვარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იანვარი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
  • ქვესათაურები
  • ორშაბათი, 1 იანვარი
  • სამშაბათი, 2 იანვარი
  • ოთხშაბათი, 3 იანვარი
  • ხუთშაბათი, 4 იანვარი
  • პარასკევი, 5 იანვარი
  • შაბათი, 6 იანვარი
  • კვირა, 7 იანვარი
  • ორშაბათი, 8 იანვარი
  • სამშაბათი, 9 იანვარი
  • ოთხშაბათი, 10 იანვარი
  • ხუთშაბათი, 11 იანვარი
  • პარასკევი, 12 იანვარი
  • შაბათი, 13 იანვარი
  • კვირა, 14 იანვარი
  • ორშაბათი, 15 იანვარი
  • სამშაბათი, 16 იანვარი
  • ოთხშაბათი, 17 იანვარი
  • ხუთშაბათი, 18 იანვარი
  • პარასკევი, 19 იანვარი
  • შაბათი, 20 იანვარი
  • კვირა, 21 იანვარი
  • ორშაბათი, 22 იანვარი
  • სამშაბათი, 23 იანვარი
  • ოთხშაბათი, 24 იანვარი
  • ხუთშაბათი, 25 იანვარი
  • პარასკევი, 26 იანვარი
  • შაბათი, 27 იანვარი
  • კვირა, 28 იანვარი
  • ორშაბათი, 29 იანვარი
  • სამშაბათი, 30 იანვარი
  • ოთხშაბათი, 31 იანვარი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
es18 გვ. 7-17

იანვარი

ორშაბათი, 1 იანვარი

[იბრძოლეთ] რწმენისთვის (იუდ. 3).

როგორც იქნა, დასრულდა მტანჯველი მოლოდინი. ომიდან დაბრუნებულ საღ-სალამათ მამას ქალიშვილი ცეკვა-სიმღერით ეგებება; იგი მამის დიდებული გამარჯვებით ხარობს. თუმცა შვილისგან განსხვავებით, მამას სასოწარკვეთა იპყრობს, ტანზე სამოსს იხევს და სიმწრით ამბობს: „ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი!“. შემდეგ მამა ისეთ რამეს ამბობს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მისი ქალიშვილის მომავალს; ქალიშვილს იმედები ემსხვრევა — იგი ვეღარასოდეს შექმნის ოჯახს და ვეღარ იყოლიებს შვილებს. მიუხედავად ამისა, შვილი მამას უადვილებს იეჰოვასთვის მიცემული პირობის შესრულებას. ქალიშვილის სიტყვებში უდიდესი რწმენა გამოსჭვივის. იგი დარწმუნებულია, რომ იეჰოვამ რაც არ უნდა სთხოვოს, ეს მის კეთილდღეობას მოემსახურება (მსაჯ. 11:34—37). მამას გული სიამაყით ევსება. მან იცის, რომ მისი ქალიშვილის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს მამის გადაწყვეტილებას, უთუოდ დიდ სიხარულს მოჰგვრის იეჰოვას. იფთახმა და მისმა ქალიშვილმა სრული ნდობა გამოუცხადეს იეჰოვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ რთული იყო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება ნებისმიერ მსხვერპლად ღირდა. w16.04 1:1, 2

სამშაბათი, 2 იანვარი

თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, ბოლოს რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის (იაკ. 5:11).

თუ მეგობრის ან ოჯახის წევრის მწარე სიტყვებმა გული გატკინათ, ან სერიოზული დაავადება გტანჯავთ, ანდა უსაყვარლესი ადამიანი გამოგეცალათ ხელიდან, იობის მაგალითი ნუგეშს მოგგვრით და ძალას შეგმატებთ (იობ. 1:18, 19; 2:7, 9; 19:1—3). მართალია, იობს წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ ვინ იდგა მისი განსაცდელების მიღმა, მაგრამ იგი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდნილა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ იობი ღვთისმოშიში კაცი იყო (იობ. 1:1). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ნებისმიერ ვითარებაში, ჭირსა და ლხინშიც, ღვთისთვის ესიამოვნებინა. იობი იეჰოვამ იმ გასაოცარ საქმეებზე დააფიქრა, რომლებიც მან თავისი წმინდა სულით მოიმოქმედა. ამან იობი უფრო მეტად დაარწმუნა, რომ იეჰოვა მის ტანჯვას თავის დროზე დაუსვამდა წერტილს (იობ. 42:1, 2). ეს ასეც მოხდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „დაიხსნა იეჰოვამ იობი ტყვეობიდან და იმაზე ორჯერ მეტი მისცა იეჰოვამ იობს, ვიდრე მას მანამდე ჰქონდა“. იობმა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრა (იობ. 42:10, 17). w16.04 2:11,13

ოთხშაბათი, 3 იანვარი

იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი (მათ. 10:16).

„ფრთხილნი“ ვართ, როცა დროულად ვამჩნევთ საფრთხეს, ხოლო — „უწყინარნი“, როცა კომპრომისზე არ მივდივართ. სიფრთხილე გვმართებს, როცა ვინმე პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს იწყებს. სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებისას უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ ლიდერის პოლიტიკური კურსის მხარდაჭერასა თუ კრიტიკას. კარგი იქნება, თუ მობინადრეს ყურადღებას პრობლემების სათავეზე გავუმახვილებთ და არა შესაძლო პოლიტიკურ გამოსავალზე, შემდეგ კი ბიბლიიდან ვუჩვენებთ, თუ როგორ გადაჭრის ღვთის მთავრობა ყველა პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ. თუ მობინადრე წამოჭრის ისეთ საკითხებს, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება და აბორტი, მას უნდა ავუხსნათ ღვთის ნორმები და ის, თუ თავად როგორ ვცხოვრობთ ამ ნორმების თანახმად. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ეს საკითხები პოლიტიკურ ჭრილში გადაჰყავს, ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ჩვენს ნეიტრალურ პოზიციაზე. თუ იგი წამოჭრის საკითხს იმის თაობაზე, ხელისუფლებამ რომელი კანონი უნდა მიიღოს, გააუქმოს ან შეცვალოს, მას არც მხარს ავუბამთ და არც იმას შევეცდებით, რომ აზრი შევაცვლევინოთ. w16.04 4:8, 9

ხუთშაბათი, 4 იანვარი

ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი (მათ. 28:19).

ჩვენ უნდა მოვიმოწაფოთ ხალხი, მოვნათლოთ ისინი და ვასწავლოთ მათ. მაგრამ, რა უნდა გავაკეთოთ თავდაპირველად? ქრისტემ თქვა: „წადით!“. ერთი ბიბლეისტი იესოს ამ მითითების შესახებ ამბობს: „თითოეული მორწმუნის ვალია, რომ წავიდეს, გინდ ქუჩის გადაღმა, გინდ ოკეანის გადაღმა“ (მათ. 10:7; ლუკ. 10:3). ის იგულისხმა იესომ, რომ მის მიმდევრებს ცალ-ცალკე ექადაგათ სასიხარულო ცნობა თუ ერთობლივად და ორგანიზებულად უნდა შეესრულებინათ ეს საქმე? ვინაიდან ცალკეული მოწაფე ვერ შეძლებდა „ყველა ერის“ ხალხთან ქადაგებას, ეს საქმე მრავლის ერთობლივი ძალისხმევით უნდა შესრულებულიყო. სწორედ ამას გულისხმობდა იესო, როცა თავის მოწაფეებს „ადამიანთა მებადურებად“ გახდომა შესთავაზა (მათ. 4:18—22). იესოს მიერ მოხსენიებული მებადური არ ჰგავდა მეთევზეს, რომელიც ანკესს ისვრის და უქმად ელოდება, როდის წამოეგება თევზი. მებადური ბადეებით თევზაობდა, რაც შრომატევადი საქმე იყო და ზოგ შემთხვევაში მრავალი ადამიანის შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვდა (ლუკ. 5:1—11). w16.05 2:3, 4

პარასკევი, 5 იანვარი

მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს (იგავ. 3:5, 6).

იეჰოვას აზროვნებას რომ გავეცნოთ, საჭიროა, სერიოზულად მოვეკიდოთ პირად შესწავლას. ღვთის სიტყვის კითხვისას და შესწავლისას უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „რას ვიგებ აქედან იეჰოვას, მისი სამართლიანი ქმედებებისა და მისი აზროვნების შესახებ?“. ჩვენ ფსალმუნმომღერალი დავითის მსგავსი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რომელიც ამბობდა: „მაუწყე შენი გზები, იეჰოვა, მასწავლე შენი ბილიკები! მატარე შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ჩემი ხსნის ღმერთი. მთელი დღე შენზე ვარ დაიმედებული“ (ფსალმ. 25:4, 5). ბიბლიურ მონაკვეთზე ფიქრისას ჰკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ შემიძლია ამ ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენება? შემიძლია გამოვიყენო ის ოჯახში, სამსახურში, სკოლაში და მსახურების დროს?“. როცა განვსაზღვრავთ, სად გამოვიყენებთ წაკითხულს, ადვილად მივხვდებით, როგორ გავაკეთოთ ეს. w16.05 3:9, 11

შაბათი, 6 იანვარი

ზედამხედველი უნდა იყოს ბრალდაუდებელი (1 ტიმ. 3:2).

ზედამხედველებისთვის ბიბლიაში მოცემული მოთხოვნებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ მაღალზნეობრივი ნორმები დაუდგინა მათ, ვისაც კრებაში პასუხისმგებლობა აკისრია (1 ტიმ. 3:2—7). ღმერთი მოელის, რომ ეს მამაკაცები კარგ მაგალითს მისცემენ სხვებს. ისინი პასუხს აგებენ ღვთის წინაშე იმისთვის, თუ როგორ მოეპყრობიან კრებას, რომელიც „მან საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“ (საქ. 20:28). იეჰოვას სურს, რომ უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი მის მიერ დაყენებული მწყემსების ზედამხედველობის ქვეშ (ეს. 32:1, 2). ქრისტიანი უხუცესებისთვის ბიბლიაში ჩაწერილი მოთხოვნებიდან იმასაც ვიგებთ, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე. სინამდვილეში თითოეულ ქრისტიანს ბევრი რამის სწავლა შეუძლია ამ მუხლებში მოყვანილი მოთხოვნებიდან, რადგან იეჰოვას მსახურები უმეტესობა მათგანს ისედაც უნდა აკმაყოფილებდნენ. მაგალითად, ყველანი უნდა ვიყოთ კეთილგონიერები და საღად მოაზროვნეები (ფილ. 4:5; 1 პეტ. 4:7). ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ უხუცესებისგან, რომლებიც მაგალითი არიან სამწყსოსთვის და მივბაძოთ მათ რწმენას (1 პეტ. 5:3; ებრ. 13:7). w16.05 5:8—10

კვირა, 7 იანვარი

ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).

რამ შეიძლება გაგვიუხეშოს გული? ეს შეიძლება იყოს უადგილო სიამაყე, ცოდვა და ურწმუნოება. შედეგად შეიძლება დაუმორჩილებლობის სული განგვივითარდეს (დან. 5:1, 20; ებრ. 3:13, 18, 19). ასეთი სიამაყე გამოავლინა იუდას მეფე უზიამ (2 მატ. 26:3—5, 16—21). თავიდან „სწორად იქცეოდა უზია იეჰოვას თვალში“ და „ეძებდა . . . ღმერთს“, მაგრამ „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა“, თუმცა მისი სიძლიერე ღვთისგან იყო! მან ისიც მოინდომა, რომ ტაძარში საკმეველი ეკმია, რისი უფლებაც მხოლოდ აარონის შთამომავალ მღვდლებს ჰქონდათ. როცა მღვდლები წინ აღუდგნენ, გაამაყებული უზია განურისხდა მათ. ამის გამო ღვთისგან დამცირებული უზია სიცოცხლის ბოლომდე კეთროვანი იყო (იგავ. 16:18). თუ ფრთხილად არ ვიქნებით, შეიძლება იმაზე მეტად ვიფიქროთ საკუთარ თავზე, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ და ბიბლიური რჩევაც კი უგულებელვყოთ (რომ. 12:3; იგავ. 29:1). w16.06 2:3, 4

ორშაბათი, 8 იანვარი

სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს (ეფეს. 4:2).

როგორი დამოკიდებულება გაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურის მქონე თანაქრისტიანების მიმართ? მათი ენა, ჩაცმის სტილი, მანერები და საკვები შეიძლება თქვენთვის უჩვეულო იყოს. ხომ არ ერიდებით მათ ან მხოლოდ ისეთებთან ხომ არ ურთიერთობთ, რომელთა კულტურაც თქვენს კულტურასთან უფრო ახლოსაა? რა დამოკიდებულება გაქვთ კრებაში, რაიონში ან ფილიალში მომსახურე ზედამხედველების მიმართ, რომლებიც უფრო ახალგაზრდები ან სხვა კულტურისა თუ რასის წარმომადგენლები არიან? მისცემთ ასეთ განსხვავებებს უფლებას, რომ ძირი გამოუთხაროს იეჰოვას ხალხს შორის არსებულ ერთიანობას? რა დაგვეხმარება, რომ არ გავებათ ასეთ მახეში? ქრისტიანებს, რომლებიც აყვავებულ ქალაქ ეფესოში ცხოვრობდნენ, სადაც მრავალი კულტურის ადამიანს მოეყარა თავი, პავლემ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მისცა (ეფეს. 4:1—3). თავიდან მან მოიხსენია ისეთი თვისებები, როგორიცაა თავმდაბლობა, რბილი ხასიათი, სულგრძელობა და სიყვარული. ეს თვისებები შეგვიძლია სახლის საყრდენ სვეტებს შევადაროთ. w16.06 3:17, 18

სამშაბათი, 9 იანვარი

იფხიზლეთ და თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან (ლუკ. 12:15).

სატანას სურს, რომ იეჰოვას ნაცვლად სიმდიდრის მონები გავხდეთ (მათ. 6:24). როცა ადამიანი ნივთების დასაგროვებლად მთელ ენერგიას ხარჯავს, უკეთეს შემთხვევაში მისი ცხოვრება უშინაარსო ხდება, რადგან მხოლოდ საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას ცდილობს, უარესს შემთხვევაში კი სულიერ სიცარიელესა და იმედგაცრუებას გრძნობს (1 ტიმ. 6:9, 10; გამოცხ. 3:17). იესომ ზუსტად აღწერა ასეთი ადამიანის მდგომარეობა მთესველის შესახებ იგავში. ეკლებში ჩათესილთა შემთხვევაში „სხვა ყველაფრის სურვილი იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება“ (მარ. 4:14, 18, 19). ახლა, ამ ქვეყნიერების აღსასრულს, აღარ არის იმის დრო, რომ უფრო და უფრო მეტი ქონება დავაგროვოთ. არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ქონებიდან რაიმე, ყველაზე ძვირფასიც კი, დაცული იქნება დიდი გასაჭირის დროს (იგავ. 11:4; მათ. 24:21, 22). w16.07 1:5, 6

ოთხშაბათი, 10 იანვარი

ჩვენ ყველამ . . . მივიღეთ წყალობა წყალობაზე (იოან. 1:16).

ერთ დილას მევენახე ქალაქის მოედანზე გავიდა, რათა ვენახში სამუშაოდ ხალხი დაექირავებინა. ის მოედანზე მყოფ კაცებს გასამრჯელოზე მოურიგდა და სამუშაოდ გაუშვა. მაგრამ მას მეტი მუშახელი სჭირდებოდა. ამიტომ მათ დასაქირავებლად დღის განმავლობაში არაერთხელ გავიდა მოედანზე. ის დღის ბოლოს დაქირავებულებსაც კარგ გასამრჯელოს დაჰპირდა. საღამოს მევენახემ შეკრიბა მუშები, რათა კუთვნილი თანხა მიეცა მათთვის. დღის ბოლოს დაქირავებულებსაც იმდენი მისცა, რამდენიც დილით დაქირავებულებს. ეს უკანასკნელნი ამის გამო წუწუნს მოჰყვნენ. მაგრამ მევენახემ შეახსენა მათ, რომ ისინი უკვე მორიგდნენ გასამრჯელოზე. მას უფლება ჰქონდა, მუშებისთვის იმდენი გადაეხადა, რამდენიც სურდა. მისი ხელგაშლილობა შურის მიზეზი არ უნდა გამხდარიყო (მათ. 20:1—15). იესოს ეს იგავი შეგვახსენებს იეჰოვას ერთ-ერთ თვისებას, წყალობას, რომელიც ბიბლიაში ხშირად მოიხსენიება (2 კორ. 6:1). w16.07 3:1, 2

ხუთშაბათი, 11 იანვარი

აი, ვქმნი ყველაფერს ახალს . . . დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია (გამოცხ. 21:5).

ვინაიდან ამ ქვეყნიერების აღსასრული ძალიან ახლოსაა, ჩვენ უნდა ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ! (მარ. 13:10). უდავოა, სასიხარულო ცნობა წარმოაჩენს იეჰოვას წყალობას. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს ქადაგების დროს და ჩვენი მიზანი იეჰოვას განდიდება უნდა იყოს. ამას შევძლებთ, თუ ხალხს დავანახვებთ, რომ ყველა კურთხევა, რომელთაც ახალ ქვეყნიერებაში მივიღებთ, იეჰოვას წყალობაა. სხვებთან საუბრისას შეგვიძლია ავუხსნათ მათ, რომ ქრისტეს მმართველობის დროს კაცობრიობა სრულად ისარგებლებს გამოსასყიდით და თანდათანობით გასრულყოფილდება. ბიბლიაში ნათქვამია: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). ეს მხოლოდ იეჰოვას განუზომელი წყალობის შედეგად იქნება შესაძლებელი. w16.07 4:17—19

პარასკევი, 12 იანვარი

ქმარმა თავისი მოვალეობა შეასრულოს ცოლთან და ცოლიც ასევე მოექცეს ქმარს (1 კორ. 7:3).

ბიბლია მკაცრ წესებსა და საზღვრებს არ ადგენს ინტიმური ურთიერთობის დროს ალერსთან დაკავშირებით, თუმცა მოიხსენიებს სიყვარულის გამოხატვის ფორმებს (ქებ. 1:2; 2:6). ქრისტიანი ცოლ-ქმარი სითბოსა და ნაზ გრძნობებს უნდა ავლენდეს ერთმანეთის მიმართ. თუ მეუღლეებს ძალიან უყვართ ღმერთი და მოყვასი, ისინი არაფერს და არავის მისცემენ უფლებას, რომ მათ ცოლქმრულ კავშირს საფრთხე დაემუქროს. პორნოგრაფიით გატაცება ზოგ შემთხვევაში ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობის მიზეზი გახდა, ზოგ შემთხვევაში კი — ოჯახის დანგრევის მიზეზი. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ არ გავებათ პორნოგრაფიის მახეში და არ განვივითაროთ რომანტიკული გრძნობები სხვის მიმართ. იმის შთაბეჭდილებაც კი არ უნდა შევქმნათ, რომ ვიღაცასთან ფლირტი გვაქვს, რადგან ასეთი საქციელი მეუღლის მიმართ სისასტიკე იქნებოდა. თუ გვეხსომება, რომ ღვთისთვის დაფარული არ არის ჩვენი ფიქრები და საქციელი, გაგვიძლიერდება სურვილი, ღვთის მოსაწონად მოვიქცეთ და ზნეობრივი სიწმინდე შევინარჩუნოთ (მათ. 5:27, 28; ებრ. 4:13). w16.08 2:7—9

შაბათი, 13 იანვარი

არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი [ღვთის] ნების საფუძვლიანი ცოდნით (კოლ. 1:9).

ასეთი საფუძვლიანი ცოდნის წყალობით კოლოსელი ქრისტიანები იეჰოვას ღირსად ივლიდნენ, რათა ყველაფერში ესიამოვნებინათ მისთვის. ეს დაეხმარებოდა მათ, კვლავაც გამოეღოთ ნაყოფი ყოველ კარგ საქმეში, განსაკუთრებით სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში (კოლ. 1:10). ნაყოფიერი მსახურებისთვის იეჰოვას თაყვანისმცემელი რეგულარულად უნდა იკვლევდეს ბიბლიას. ჩვენ უნდა დავანახვოთ ბიბლიის შემსწავლელებს ამის აუცილებლობა. უფრო მეტიც, ვიდრე სხვებს დავანახვებთ, რომ ბიბლიის პირადად კვლევა მნიშვნელოვანია, ჯერ ჩვენ უნდა ვიყოთ ამაში დარწმუნებულნი და ბიბლიის კვლევის კარგი უნარ-ჩვევები უნდა გვქონდეს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როცა მობინადრე ბიბლიური სწავლებების საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს ან რთულ კითხვას მისვამს, შემიძლია მას ბიბლიიდან ვუპასუხო? თუ სხვებს გავუზიარებთ, რა ვისწავლეთ ბიბლიის პირადი კვლევისას და როგორ დაგვეხმარა ნასწავლი, მათაც წავახალისებთ, გულმოდგინედ იკვლიონ წმინდა წერილები და სულიერად გაძლიერდნენ. w16.08 4:3, 4

კვირა, 14 იანვარი

ვიბრძვით . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ (ეფეს. 6:12).

უაღრესად მნიშვნელოვანია, წინააღმდეგობა გავუწიოთ ქვეყნიერების „სიმაგრეებს“ — მოძღვრებებს, ფილოსოფიასა თუ ისეთ ჩვევებს, როგორიცაა უზნეობა, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება. ამასთანავე, გამუდმებით უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხორციელი სისუსტეებისა და გულგატეხილობის წინააღმდეგ (2 კორ. 10:3—6; კოლ. 3:5—9). ნამდვილად შესაძლებელია ასეთი ძლიერი მტრების დამარცხება? შესაძლებელია, თუმცა უბრძოლველად არაფერი გამოვა. პავლემ საკუთარი თავი მოკრივეს შეადარა და თქვა: „მუშტებს ჰაერს არ ვურტყამ“ (1 კორ. 9:26). როგორც მოკრივე იგერიებს მოწინააღმდეგეს, ჩვენც ისე უნდა მოვიგერიოთ ჩვენი მტრები. იეჰოვა გვამზადებს და მხარს გვიჭერს ამ ბრძოლაში. მის სიტყვაში ჩაწერილი მითითებები გვეხმარება, სიცოცხლე შევინარჩუნოთ. იეჰოვა ჩვენს დასახმარებლად იყენებს ბიბლიურ პუბლიკაციებს, ქრისტიანულ შეხვედრებსა და კონგრესებს. იყენებთ ნასწავლს ცხოვრებაში? w16.09 2:2, 3

ორშაბათი, 15 იანვარი

არც ქრისტე ფიქრობდა საკუთარ სიამოვნებაზე (რომ. 15:3).

იესომ საკუთარ სიამოვნებაზე წინ სხვების დახმარება დააყენა, რითაც ღვთის ნება შეასრულა. ამიტომ ჩვენც უარს ვამბობთ ისეთ ტანსაცმელზე ან ჩაცმულობის სტილზე, რომელმაც ხალხს შეიძლება ჩვენი მოსმენის სურვილი დააკარგვინოს (რომ. 15:2). ქრისტიანი მშობლების პასუხისმგებლობაა, შვილებს ბიბლიური პრინციპებით ხელმძღვანელობა ასწავლონ. მათ უნდა იზრუნონ იმაზე, რომ შვილებთან ერთად ღმერთს გული გაუხარონ მოკრძალებული ჩაცმულობითა თუ გარეგნობით (იგავ. 22:6; 27:11). თუ მშობლები კარგ მაგალითს მისცემენ შვილებს და სიყვარულით დაარიგებენ, წმინდა ღვთისადმი ჯანსაღ მოწიწებას ჩაუნერგავენ. კარგი იქნება, თუ ისინი შვილებს ასწავლიან, სად შეიძლება წესიერი ტანსაცმლის ყიდვა და როგორ უნდა აირჩიონ ის. ეს არ ნიშნავს, რომ მათ უბრალოდ ისეთი ტანსაცმელი უნდა აირჩიონ, როგორიც მოსწონთ, არამედ ისეთი უნდა შეარჩიონ, რომლითაც განადიდებენ იეჰოვა ღმერთს. w16.09 3:13, 14

სამშაბათი, 16 იანვარი

მოსწავლე თავის მასწავლებელზე მეტი არ არის, მაგრამ ყოველი, ვინც სრულყოფილად განისწავლება, თავისი მასწავლებელივით იქნება (ლუკ. 6:40).

იესო, როგორც მასწავლებელი, ეხებოდა მსმენელის გულს, რადგან უყვარდა იეჰოვა, მისი სიტყვა და ადამიანები (ლუკ. 24:32; იოან. 7:46). ასეთივე სიყვარული დაეხმარება მშობლებს, რომ შვილების გულებს შეეხონ (კან. 6:5—8; ლუკ. 6:45). ასე რომ, მშობლებო, ღრმად იკვლიეთ ბიბლია და ბიბლიური სახელმძღვანელოები. ჩაუკვირდით შემოქმედებას და იკითხეთ ამ თემაზე ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიები (მათ. 6:26, 28). ასეთი სახით გაიღრმავებთ ცოდნასა და იეჰოვასადმი მადლიერებას და უკეთესად იქნებით მომზადებული შვილების სასწავლებლად. როცა ბიბლიური ჭეშმარიტება გულში გაქვთ, სურვილი გიჩნდებათ, რომ ის ოჯახის წევრებს გაუზიაროთ. ელაპარაკეთ მათ სულიერ საკითხებზე არა მხოლოდ კრების შეხვედრისთვის მომზადებისა თუ ოჯახური თაყვანისცემის დროს, არამედ ყოველთვის. უფრო მეტიც, ასეთი საუბრები ყოველდღიური ურთიერთობის ბუნებრივი ნაწილი უნდა იყოს. w16.09 5:6, 7

ოთხშაბათი, 17 იანვარი

ვერც ერთი ვერ ლაპარაკობდა იუდეველთა ენაზე (ნეემ. 13:24).

თუ უცხო ენაზე ვერ ჩავწვდებით ღვთის სიტყვას, ჩვენი სულიერობა შეიძლება სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. როცა ძვ. წ. მეხუთე საუკუნეში ნეემია იერუსალიმში ჩავიდა და გაიგო, რომ ბაბილონიდან დაბრუნებული იუდეველების შვილებიდან ზოგი ებრაულ ენაზე ვერ ლაპარაკობდა, ძალიან დამწუხრდა. ეს ბავშვები საკუთარ თავს ღვთის მსახურებად არ მიიჩნევდნენ, რადგან ღვთის სიტყვის მნიშვნელობას ბოლომდე ვერ სწვდებოდნენ (ნეემ. 8:2, 8). ზოგმა მშობელმა, ვინც უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურობს, შენიშნა, რომ მათ შვილებს ჭეშმარიტებისადმი ინტერესი გაუნელდათ. რატომ? უცხო ენაზე წაკითხული შეიძლება ისე ვერ შეეხოს ჩვენს გულს, როგორც მშობლიურ ენაზე წაკითხული. ამასთან, თუ თავისუფლად არ ვფლობთ უცხო ენას, ამან შეიძლება ძალები გამოგვაცალოს და ჩვენს სულიერობაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურების სურვილის შენარჩუნებასთან ერთად უნდა ვეცადოთ, რომ სულიერად არ დავსუსტდეთ (მათ. 4:4). w16.10 2:4—6

ხუთშაბათი, 18 იანვარი

რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა (ებრ. 11:1).

ქრისტიანული რწმენა შესანიშნავი თვისებაა, რომელიც ყველა ადამიანს არა აქვს (2 თეს. 3:2). მაგრამ იეჰოვამ ის თავის თაყვანისმცემლებს გარკვეული ზომით გვიწილადა (რომ. 12:3; გალ. 5:22). ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ ამისთვის. ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვა ადამიანებს თავისი ძის მეშვეობით იზიდავს (იოან. 6:44, 65). იესოსადმი რწმენა ადამიანებს ცოდვების პატიების შესაძლებლობას აძლევს. შედეგად, მათ იმედი ეძლევათ, რომ იეჰოვასთან მარადიული ურთიერთობით გაიხარებენ (რომ. 6:23). მაგრამ ადამიანთაგან არავის დაუმსახურებია ეს შესანიშნავი კურთხევა, რადგან ცოდვის გამო ყველანი სიკვდილს ვიმსახურებთ (ფსალმ. 103:10). თუმცა იეჰოვამ დაინახა ჩვენში რაღაც კარგი. უსაზღვრო სიკეთიდან გამომდინარე, მან სასიხარულო ცნობის მოსასმენად განგვაწყო. შედეგად, ჩვენ ვირწმუნეთ იესო, რათა მარადიული სიცოცხლით გაგვეხარა (1 იოან. 4:9, 10). w16.10 4:1, 2

პარასკევი, 19 იანვარი

[პავლემ] იქაურები მრავალი სიტყვით გაამხნევა (საქ. 20:2).

თავის წერილებში პავლე დადებითად მოიხსენიებს თანაქრისტიანებს. ის ზოგიერთთან წლების მანძილზე მსახურობდა და, ეჭვგარეშეა, კარგად იცოდა მათი ნაკლოვანებები, თუმცა მათზე ყოველთვის კარგს ამბობდა. მაგალითად, მან ტიმოთეზე თქვა, რომ ის იყო „საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“, რომელიც გულწრფელად ზრუნავდა სხვა ქრისტიანებზე (1 კორ. 4:17; ფილ. 2:19, 20); ტიტეს შესახებ კი კორინთის კრებას მისწერა: „ის ჩემი თანამსახური და თანამშრომელია თქვენ სასარგებლოდ“ (2 კორ. 8:23). როგორ გაამხნევებდა ტიმოთესა და ტიტეს იმის გაგება, რომ პავლე მათზე კარგს ფიქრობდა! პავლემ და ბარნაბამ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, როცა იმ ქალაქებში დაბრუნდნენ, სადაც სასტიკად გაუსწორდნენ. მაგალითად, თუმცა ისინი ლისტრაში დიდ წინააღმდეგობას შეხვდნენ, მაინც დაბრუნდნენ იქ და ახალმოქცეულ მოწაფეებს რწმენაში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ (საქ. 14:19—22). ეფესოში, მას შემდეგ, რაც პავლეს გახელებული ბრბო დაუპირისპირდა, მან მოწაფეები გაამხნევა (საქ. 20:1). w16.11 1:10, 11

შაბათი, 20 იანვარი

გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით (1 კორ. 1:10).

დღეს იეჰოვა მიუძღვის თავისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს და სულიერად კვებავს მას „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით, რომელსაც ქრისტე, „კრების თავი“, ხელმძღვანელობს (მათ. 24:45—47; ეფეს. 5:23). პირველი საუკუნის ხელმძღვანელი საბჭოს მსგავსად ეს მონაც აფასებს ღვთივშთაგონებულ სიტყვას, ანუ ცნობას, და იცავს მასში ჩაწერილ მითითებებს (1 თეს. 2:13). ბიბლია მოგვიწოდებს, რომ რეგულარულად დავესწროთ კრების შეხვედრებს და სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებში ერთი აზრი გვქონდეს (ებრ. 10:24, 25). ის გვირჩევს, ცხოვრებაში პირველ ადგილზე ღვთის სამეფო დავაყენოთ (მათ. 6:33). ამასთანავე, წმინდა წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ არაფორმალურად, კარდაკარ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება ჩვენი ვალდებულებაცაა და დიდი პატივიც (მათ. 28:19, 20; საქ. 5:42; 17:17; 20:20). თავის სიტყვაში იეჰოვა უხუცესებს აძლევს მითითებას, რომ მისი ორგანიზაციის სიწმინდე დაიცვან (1 კორ. 5:1—5, 13; 1 ტიმ. 5:19—21). თავისი ორგანიზაციის თითოეული წევრისგან იეჰოვა ფიზიკური თუ სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას მოითხოვს (2 კორ. 7:1). w16.11 3:7, 8

კვირა, 21 იანვარი

გამოდით მისგან, ჩემო ხალხო (გამოცხ. 18:4).

პირველ მსოფლიო ომამდე დიდი ხნით ადრე ჩარლზ ტეიზ რასელი და მისი თანამოაზრეები მიხვდნენ, რომ ქრისტიანული სამყაროს რელიგიები არ ასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ამიტომ მათ გადაწყვიტეს, კავშირი გაეწყვიტათ ცრუ რელიგიასთან, თუმცა იმ დროს ბოლომდე არ ესმოდათ, რას ნიშნავდა ეს. ჯერ კიდევ 1879 წლის ნოემბრის „სიონის საგუშაგო კოშკში“ ნათლად იყო დანახვებული მათი ბიბლიური პოზიცია: „ნებისმიერი ეკლესია, რომელიც აცხადებს, რომ უმანკოა და ქრისტეზეა დანიშნული, მაგრამ საქმეებით ქვეყნიერებასთან (მხეცთან) არის გაერთიანებული და მისი მხარდაჭერით სარგებლობს, ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, არის მეძავი ეკლესია“, ანუ დიდი ბაბილონის ნაწილი (გამოცხ. 17:1, 2). ღვთისმოშიშმა მამაკაცებმა და ქალებმა იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. მათ ღვთისგან კურთხევის მიღების მოლოდინი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ, თუ ცრურელიგიური ორგანიზაციების მხარდაჭერას შეწყვეტდნენ. შედეგად, ბევრმა ბიბლიის მკვლევარმა დაწერა წერილი, რომელშიც აცხადებდა, რომ ტოვებდა ეკლესიას. w16.11 5:2, 3

ორშაბათი, 22 იანვარი

სულით მავალნი — სულისაზე [ფიქრობენ] (რომ. 8:5).

იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს ალბათ წაგიკითხავთ რომაელების 8:15—17. ამ მნიშვნელოვან მონაკვეთში ახსნილია, როგორ ხვდებიან ქრისტიანები, რომ ცხებულები არიან. ამას წმინდა სული უმოწმებთ მათ სულთან ერთად. ამ თავში ძირითადად საუბარია ცხებულ ქრისტიანებზე. ისინი იღებენ სულს და ელიან შვილებას, თავიანთი „სხეულებიდან გათავისუფლებას“ (რომ. 8:23). ისინი ღვთის შვილები იქნებიან ზეცაში. ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ისინი მონათლული ქრისტიანები არიან, ღმერთმა გამოსასყიდის საფუძველზე აპატია მათ ცოდვები და მართლებად აღიარა, როგორც თავისი სულიერი ძეები (რომ. 3:23—26; 4:25; 8:30). მიუხედავად ამისა, რომაელების მე-8 თავი საყურადღებოა მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებისთვისაც, რადგან ღმერთი მათაც მიიჩნევს მართლებად. ამ თავში მართლებისთვის მიცემული რჩევები მათთვისაც გამოსადეგია. w16.12 2:1—3

სამშაბათი, 23 იანვარი

ნურასოდეს იქნება თქვენი საწუხარი ხვალინდელი დღე (მათ. 6:34).

რა იგულისხმა იესომ ამ რჩევაში? აშკარაა, მას არ უგულისხმია, რომ ღვთის მსახური არასდროს განიცდიდა წუხილს. იესოს უნდოდა დაენახვებინა თავისი მოწაფეებისთვის, რომ ზედმეტი, ანუ გადამეტებული წუხილით პრობლემებს ვერ მოაგვარებდნენ. ყოველ დღეს თავისი სირთულეები აქვს, ამიტომ ქრისტიანმა აღარ უნდა დაიმატოს წარსულსა თუ მომავალზე ფიქრით საწუხარი. ხშირად უსაფუძვლო წუხილს იმ პრობლემებზე გადამეტებული ფიქრი იწვევს, რომლებმაც შეიძლება მომავალში იჩინოს თავი. მაგრამ არ უნდა წუხდეთ და არ უნდა ნერვიულობდეთ იმის გამო, რაც ჯერ არ მომხდარა, რადგან ხშირად შიში უსაფუძვლოა და მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც გგონიათ. უფრო მეტიც, ღმერთს, რომელსაც შეგიძლიათ ყველა თქვენი საწუხარი მიანდოთ, ნებისმიერი მდგომარეობის გაკონტროლება შეუძლია. იყავით დარწმუნებული, რომ ღმერთს შეუძლია დააჯილდოოს თავისი ერთგულები და დაეხმაროს მათ, გაუმკლავდნენ წარსულთან, აწმყოსა თუ მომავალთან დაკავშირებულ წუხილს. w16.12 3:13, 16

ოთხშაბათი, 24 იანვარი

სიბრძნე . . . მოკრძალებულებთანაა (იგავ. 11:2).

თავისი მმართველობის დასაწყისში ისრაელის მეფე საული მოკრძალებული და პატივდებული ადამიანი იყო (1 სამ. 9:1, 2, 21; 10:20—24). თუმცა გამეფებიდან მალევე ის არაერთხელ მოიქცა კადნიერად. საულმა მოთმინება დაკარგა, როცა ღვთის წინასწარმეტყველი სამუელი დათქმულ დროს არ მივიდა გილგალში. ის ხედავდა, რომ ფილისტიმელები საბრძოლველად ემზადებოდნენ, მას კი ხალხი ეფანტებოდა. ის ალბათ ფიქრობდა: „რაღაც უნდა ვიღონო, და თანაც სასწრაფოდ!“. მან მსხვერპლი შესწირა ღმერთს, რისი გაკეთების უფლებაც არ ჰქონდა. მისმა საქციელმა იეჰოვას გულისწყრომა გამოიწვია (1 სამ. 13:5—9). გილგალში ჩასულმა სამუელმა გაკიცხა საული. ნაცვლად იმისა, რომ ყურად ეღო შეგონება, საულმა თავის მართლება და სხვების დადანაშაულება დაიწყო და ჩადენილი საქციელი გააუბრალოვა (1 სამ. 13:10—14). ამას მოჰყვა არაერთი საშინელი ქმედება, რომელთა შედეგადაც საულმა საბოლოოდ მეფობა და, რაც ყველაზე სამწუხარო იყო, იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა (1 სამ. 15:22, 23). კარგი დასაწყისის მიუხედავად, საულის მმართველობა ტრაგიკულად დასრულდა (1 სამ. 31:1—6). w17.01 3:1, 2

ხუთშაბათი, 25 იანვარი

ვპოვე დავითი . . . გულით სასურველი კაცი (საქ. 13:22).

დავითი ერთგული ადამიანი იყო. მიუხედავად ამისა, მან რამდენიმე სერიოზული ცოდვა ჩაიდინა. დავითმა იმრუშა ბათ-შებასთან (2 სამ. 11:1—21). დავითს არ შეეძლო იმის შეცვლა, რაც გააკეთა და ვერც თავისი შეცდომების შედეგებს დააღწევდა თავს. ფაქტობრივად, ზოგიერთ შედეგთან გამკლავება დავითს მთელი ცხოვრება მოუწევდა (2 სამ. 12:10—12, 14). ამიტომ მას რწმენა სჭირდებოდა. ვინაიდან ის გულწრფელად ნანობდა თავის საქციელს, ეჭვი არ უნდა შეჰპაროდა, რომ იეჰოვა აპატიებდა და დაეხმარებოდა ცოდვის შედეგებთან გამკლავებაში. არასრულყოფილების გამო ყველანი ვცოდავთ. ზოგიერთი შეცდომა შედარებით სერიოზულია. ზოგჯერ შეუძლებელია შეცდომის გამოსწორება, ამიტომ შედეგებთან გამკლავება შეიძლება მთელი ცხოვრება მოგვიწიოს (გალ. 6:7). მაგრამ ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ღვთის დაპირებაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მონანიების შემთხვევაში იეჰოვა დაგვეხმარება მაშინაც კი, თუ რთულ მდგომარეობაში ჩვენი შეცდომების გამო აღმოვჩნდით (ეს. 1:18, 19; საქ. 3:19). w17.01 1:10—12

პარასკევი, 26 იანვარი

ადამიანს არ შეუძლია ჩასწვდეს იმ საქმეს, რაც მზის ქვეშ კეთდება. როგორც არ უნდა გაისარჯოს ადამიანი მის ძებნაში, მაინც ვერ ჩასწვდება. თუნდაც თქვას, რომ საკმაოდ ბრძენია და შეუძლია მიხვდეს, მაინც ვერ ჩასწვდება (ეკლ. 8:17).

მოკრძალება გვეხმარება გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში, როცა ბოლომდე არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები ან ვერ ვაკონტროლებთ მათ. მაგალითად, თუ სრული დროით მსახურებას დავიწყებთ, ვინ იზრუნებს ჩვენზე ავადმყოფობის შემთხვევაში? როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ მშობლებს ჩვენი დახმარება დასჭირდებათ? ან როგორ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, როცა დავბერდებით? რამდენიც არ უნდა ვილოცოთ და გამოვიკვლიოთ ეს საკითხები, სრულ პასუხს მაინც ვერ მივიღებთ. იეჰოვასადმი ნდობა გვეხმარება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების გათვითცნობიერებასა და მათთან შეგუებაში. გამოკვლევის, რჩევის კითხვისა და ლოცვის შემდეგ უნდა მივყვეთ ღვთის სულის ხელმძღვანელობას (ეკლ. 11:4—6). ამის წყალობით იეჰოვა გვაკურთხებს ან მიზნების შეცვლაში დაგვეხმარება (იგავ. 16:3, 9). w17.01 4:14

შაბათი, 27 იანვარი

არ ჭამო (დაბ. 2:17).

ადამსა და ევას უნდა გადაეწყვიტათ, იეჰოვას დაემორჩილებოდნენ თუ გველს მოუსმენდნენ. მათ გადაწყვიტეს, არ დამორჩილებოდნენ ღმერთს (დაბ. 3:6—13). ურჩობის შედეგად ადამმა და ევამ დაკარგეს სრულყოფილება. უფრო მეტიც, ისინი ჩამოშორდნენ იეჰოვას, რომლის თვალებიც იმდენად სუფთაა, რომ ვერ უყურებს და არ იწყნარებს ბოროტებას (აბაკ. 1:13). შემწყნარებლობის შემთხვევაში ზეცაში თუ დედამიწაზე ყველა ცოცხალი ქმნილების კეთილდღეობას საფრთხე დაემუქრებოდა. რაც ყველაზე მთავარია, თუ ღმერთი თვალს დახუჭავდა ედემის ბაღში ჩადენილ ცოდვაზე, მისი სანდოობა ეჭვქვეშ დადგებოდა. მაგრამ იეჰოვა თავისი დადგენილი წესების ერთგულია და არასდროს არღვევს მათ (ფსალმ. 119:142). ნების თავისუფლება არ აძლევდა ადამსა და ევას იმის უფლებას, რომ არაფრად ჩაეგდოთ ღვთის კანონი. ურჩობის გამო ისინი დაიხოცნენ და დაუბრუნდნენ მიწას, საიდანაც იყვნენ აღებულნი (დაბ. 3:19). w17.02 1:8, 10, 11

კვირა, 28 იანვარი

კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით (მათ. 4:4).

წმინდა წერილებით იესო მსახურების დასაწყისიდანვე ხელმძღვანელობდა. სიკვდილის წინაც კი იესო მესიის შესახებ წინასწარმეტყველებებიდან ციტირებდა (მათ. 27:46; ლუკ. 23:46). მისგან განსხვავებით რელიგიური წინამძღოლები უგულებელყოფდნენ ღვთის სიტყვას, როცა ის მათ ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს ეწინააღმდეგებოდა. მათზე საუბრისას იესომ იეჰოვას მიერ ესაია წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი სიტყვები გაიმეორა: „ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, გული კი შორსა აქვთ ჩემგან. ტყუილუბრალოდ მცემენ თაყვანს, რადგან ადამიანთა მცნებებს ისე ასწავლიან როგორც სწავლებებს“ (მათ. 15:7—9). იესო არა მხოლოდ თავად ხელმძღვანელობდა ღვთის სიტყვით, არამედ სხვების სწავლების დროსაც იყენებდა მას. როცა რელიგიური წინამძღოლები უპირისპირდებოდნენ, ის არც თავის უსაზღვრო სიბრძნეს ეყრდნობოდა და არც დიდ გამოცდილებას. იესო ავტორიტეტად წმინდა წერილებს მიიჩნევდა (მათ. 22:33—40). w17.02 3:18, 19

ორშაბათი, 29 იანვარი

პატივი ეცით ყველას . . . მეფეს პატივი ეცით (1 პეტ. 2:17).

იეჰოვას მოწმეები თავიანთ ქვეყანაში მიღებული წესისამებრ ავლენენ პატივისცემას საჯარო მოხელეების მიმართ და ამას ნაძალადევად და უხალისოდ არ აკეთებენ. ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, როცა ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. ცხადია, პატივისცემა და მხარდაჭერა არც გონიერების ფარგლებს უნდა სცდებოდეს და არც ბიბლიურ პრინციპებს უნდა ეწინააღმდეგებოდეს. ამან იქამდე არ უნდა მიგვიყვანოს, რომ ღვთისადმი დაუმორჩილებლობა გამოვავლინოთ და ქრისტიანული ნეიტრალიტეტი დავარღვიოთ (1 პეტ. 2:13—16). ძველად მცხოვრებმა იეჰოვას მსახურებმა ხელისუფლებისა და მისი წარმომადგენლების მიმართ დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. იოსები და მარიამი დაემორჩილნენ რომის იმპერიაში გაცემულ განკარგულებას, რომელიც მოსახლეობის აღწერას ეხებოდა. თუმცა მარიამს მალე უნდა ემშობიარა, ისინი ბეთლემში მაინც წავიდნენ (ლუკ. 2:1—5). მოგვიანებით არასწორ ქმედებაში ბრალდებულმა პავლემ სათანადო პატივისცემა გამოავლინა მეფე ჰეროდე აგრიპასა და იუდეის გამგებელ ფესტუსის მიმართ, როცა მათ წინაშე თავს იცავდა (საქ. 25:1—12; 26:1—3). w17.03 1:9, 10

სამშაბათი, 30 იანვარი

რაც მათ დაემართათ . . . ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა (1 კორ. 10:11).

მას შემდეგ, რაც ისრაელები ქანაანელთა ცოდვილ გზას დაადგნენ, იეჰოვამ უარი თქვა თავისი ერის მფარველობაზე (მსაჯ. 2:1—3, 11—15; ფსალმ. 106:40—43). წარმოიდგინეთ, რაოდენ რთული იქნებოდა იმ დროს იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება! თუმცა, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ღმერთს ჰყავდა ერთგული მსახურები, მაგალითად: იფთახი, ელკანა, ხანა და სამუელი. ამ ერთგულ ადამიანებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის ღვთისმოსაწონად მოქცეულიყვნენ (1 სამ. 1:20—28; 2:26). დღეს ხალხის აზროვნება და ცხოვრების წესი დიდად არ განსხვავდება ქანაანელთა აზროვნებისა თუ ცხოვრების წესისგან — პოპულარიზაცია ეწევა სექსს, ძალადობასა და მომხვეჭელობას. იეჰოვამ როგორც ისრაელი ერი გააფრთხილა, ისე ჩვენც გვაფრთხილებს, რომ არ მოვექცეთ ქვეყნიერების გავლენაში. რის სწავლა შეგვიძლია ისრაელი ერის შეცდომებზე? (1 კორ. 10:6—10). ჩვენ ყოველი ღონე უნდა მოვახმაროთ იმას, რომ გონებიდან ამოვიძირკვოთ „ქანაანური“ აზროვნების ნებისმიერი კვალი (რომ. 12:2). ვითვალისწინებთ ამ რჩევას? w16.04 1:4—6

ოთხშაბათი, 31 იანვარი

კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს (იგავ. 1:5).

როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე ვდგავართ, აუცილებელია, საუკეთესო რჩევების მისაღებად ბიბლიას მივმართოთ და ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა ვთხოვოთ. იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია ისეთი თვისებები განვივითაროთ, რომლებიც მისთვის მოსაწონი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს: გამოჩნდება ამ გადაწყვეტილებიდან, რომ მიყვარს იეჰოვა? მოუტანს ის ჩემს ოჯახს მშვიდობასა და ბედნიერებას? მოწმობს ის, რომ მომთმენი და კეთილი ვარ? იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ შევიყვაროთ ის და მისი მსახურები ვიყოთ. ვინაიდან მან გვიბოძა ნების თავისუფლება, ის პატივს სცემს ჩვენს პასუხისმგებლობას და უფლებას, თავად ავირჩიოთ, ვიქნებით თუ არა მისი მსახურები (იეს. 24:15; ეკლ. 5:4). თუმცა ის მოელის, რომ მისი მითითებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგულები ვიქნებით. იეჰოვამ უკეთ იცის, რა არის ჩვენთვის კარგი და მისი პრინციპები ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. როცა ამის გვწამს, ბრძნულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ და არ ვმერყეობთ (იაკ. 1:5—8; 4:8). w17.03 2:17, 18

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება