თებერვალი
ხუთშაბათი, 1 თებერვალი
მოთმინებას . . . დაასრულებინეთ თავისი საქმე (იაკ. 1:4).
საინტერესოა, რა იგულისხმება „საქმეში“, რომელიც მოთმინებას უნდა დავასრულებინოთ? ამაში ის იგულისხმება, რომ გავხდეთ „სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გვაკლდეს“ (იაკ. 1:4). როგორც წესი, განსაცდელები სისუსტეებსა და ხასიათის იმ თვისებებს ავლენს, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს. თუმცა, როცა განსაცდელებს მოთმინებით ვიტანთ, ჩვენ, როგორც ქრისტიანები, „სრულყოფილნი [და] ყოველმხრივ ჯანსაღნი“ ვხდებით. ეს გვეხმარება, რომ გავხდეთ უფრო მომთმენნი, მადლიერნი და თანამგრძნობნი. მოთმინება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქრისტიანული თვისებების ჩამოყალიბებაში; ამიტომ ნუ დაარღვევთ ბიბლიურ პრინციპებს იმ მიზნით, რომ განსაცდელებს თავი დააღწიოთ. დავუშვათ, უწმინდურ სურვილებს ებრძვით. ცდუნებას ნუ დაჰყვებით, ილოცეთ და უკუაგდეთ ასეთი სურვილები. ამგვარად თავშეკავებას გამოიმუშავებთ. იმ შემთხვევაში, თუ რწმენის გამო ოჯახის წევრი გეწინააღმდეგებათ, ნუ წახვალთ კომპრომისზე, არ დაკარგოთ შემართება და მთელი გულით განაგრძეთ ღვთის მსახურება. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს: მოთმინების გარეშე ღვთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ (რომ. 5:3—5; იაკ. 1:12). w16.04 2:15, 16
პარასკევი, 2 თებერვალი
თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად (ფილ. 2:3).
საკუთარი რასის, ტომისა თუ კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ეწინააღმდეგება ღვთის განზრახვას, რომელსაც სურს, რომ კაცობრიობა ერთ ოჯახად გაერთიანდეს და მას ერთი მმართველი ჰყავდეს. რა თქმა უნდა, ღმერთი ჩვენგან საკუთარი კულტურის უარყოფას არ მოითხოვს; სწორედ კულტურათა სხვადასხვაობა მეტყველებს კაცთა მოდგმის საოცარ მრავალფეროვნებაზე. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვთის თვალში ყველა თანასწორია (რომ. 10:12). საკუთარი წარმომავლობით ტრაბახი ნაციონალისტური განწყობის ჩამოყალიბებისა და შესაბამისად, კომპრომისზე წასვლის წინაპირობაა. სიამაყისგან არც ქრისტიანები ვართ დაზღვეულნი. მაგალითად, პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ზოგი სხვა ეროვნების თანამორწმუნეებს უსამართლოდ ექცეოდა (საქ. 6:1). როგორ უნდა მივხვდეთ, რომ სიამაყე შემოგვეპარა? დავუშვათ, სხვა ქვეყნიდან ჩამოსული და ან ძმა რჩევას გვაძლევს. მაშინვე იმას ხომ არ ვიფიქრებთ, მე უკეთ ვიცი აქ როგორ უნდა მოვიქცეო? კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მუხლში მოყვანილ ღვთივშთაგონებულ რჩევას. w16.04 4:12, 13
შაბათი, 3 თებერვალი
უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (ლუკ. 4:43).
იესო ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ და ის იმავეს მოელის თავისი მოწაფეებისგან. ვინ უქადაგებს დღეს ამ ცნობას ყველა ხალხს? (მათ. 28:19). პასუხი ნათელია — მხოლოდ იეჰოვას მოწმეები. ერთმა მისიონერმა მღვდელმა ერთ იეჰოვას მოწმეს უთხრა, რომ მრავალ ქვეყანაში უცხოვრია და ყველგან უკითხავს იეჰოვას მოწმეებისთვის, რას ქადაგებდნენ. რა უპასუხეს მათ? მღვდელმა აღნიშნა: «ყველა სულელურად ერთსა და იმავეს მპასუხობდა: „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“». სინამდვილეში, მათ სულელური არაფერი უთქვამთ. პირიქით, ამით გამოჩნდა, რომ მოწმეებს ერთი აზრი ჰქონდათ, რაც ასეც უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანების შემთხვევაში (1 კორ. 1:10). მათი სიტყვები ეხმიანებოდა იმ ცნობას, რომელსაც ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ შეიცავს, კერძოდ, ცნობას იეჰოვას სამეფოს შესახებ. ეს ჟურნალი 254 ენაზე გამოიცემა და მისი ყოველი ნომრის საშუალო ტირაჟი 59 მილიონს აღწევს, რის გამოც ის ყველაზე გავრცელებული ჟურნალია მთელ მსოფლიოში. w16.05 2:6
კვირა, 4 თებერვალი
თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა (2 კორ. 9:7).
ჩვენ, როგორც სასიხარულო ცნობის მაუწყებლებმა, შეიძლება პიონერად მსახურება გადავწყვიტოთ. ამისთვის ვიწყებთ ცხოვრების გამარტივებას. ამავე დროს, შეიძლება გვაფიქრებს, ვიქნებით თუ არა მცირე შემოსავლით ბედნიერები. რა თქმა უნდა, ბიბლიაში არ არის მითითება, რომ პიონერი უნდა გავხდეთ; შეგვიძლია კვლავაც მაუწყებლად ვიმსახუროთ. თუმცა იესო გვარწმუნებს, რომ მათ, ვინც სამეფოსთვის მსხვერპლს გაიღებენ, კურთხევები არ მოაკლდებათ (ლუკ. 18:29, 30). უფრო მეტიც, წმინდა წერილებიდან ვიგებთ, რომ იეჰოვას სიამოვნებს მისთვის „ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი“. მას უხარია, როცა შეძლებისდაგვარად ყველაფერს სიხარულით ვაკეთებთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (ფსალმ. 119:108). თუ ამ მუხლებზე ვიფიქრებთ და იეჰოვას ლოცვით ვთხოვთ ხელმძღვანელობას, ჩავწვდებით იეჰოვას ნებას და შევძლებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე სწორი იქნება და რომელსაც ჩვენი ზეციერი მამა აკურთხებს. w16.05 3:13
ორშაბათი, 5 თებერვალი
გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში, სანამ დაგიდგებოდეს დამამწუხრებელი დღეები (ეკლ. 12:1).
ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებში განხილულია პრობლემები, რომლებსაც ყველანი ვხვდებით. ყველას მოგვეთხოვება, რომ დავიცვათ ჩვენი რწმენა სხვების წინაშე, გავაკონტროლოთ ემოციები, შევეწინააღმდეგოთ თანატოლების უარყოფით გავლენას და მოვერიდოთ ცუდ საზოგადოებასა თუ არაჯანსაღ გართობას. ეს და უამრავი სხვა საკითხი ირჩევა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ პუბლიკაციებსა თუ სტატიებში. უნდა ეთაკილებოდეთ უფროსი ასაკის ქრისტიანებს ასეთი პუბლიკაციების კითხვა? რა თქმა უნდა, არა! თუმცა ამ პუბლიკაციებში ინფორმაცია ახალგაზრდებისთვის მიმზიდველად არის გადმოცემული, მათში განხილული ბიბლიური პრინციპები უცვლელია. შესაბამისად, ასეთ სულიერ საზრდოს ყველასთვის მოაქვს სიკეთე. გარდა იმისა, რომ ეს პუბლიკაციები ახალგაზრდებს ასწავლის, როგორ გაუმკლავდნენ პრობლემებს, ისინი ეხმარება მათ, სულიერად გაიზარდონ და იეჰოვას დაუახლოვდნენ. ამ მხრივ ეს პუბლიკაციები უფროსი ასაკის ქრისტიანებსაც წაადგება (ეკლ. 12:13). w16.05 5:15, 16
სამშაბათი, 6 თებერვალი
მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა. გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულითა და მთელი ძალით (კან. 6:4, 5).
მართლაც, რა შთამბეჭდავია სიტყვები: „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“! ამ შეხსენებამ განამტკიცა ისრაელები იმ სირთულეებთან გასამკლავებლად, რომლებსაც აღთქმული მიწის დამკვიდრებისას შეხვდებოდნენ. თუ გულთან ახლოს მივიტანთ ამ სიტყვებს, მზად ვიქნებით მოახლოებულ დიდ გასაჭირთან შესახვედრად და ხელს შევუწყობთ სამოთხეში მშვიდობასა და ერთიანობას. მოდი მთელი სულითა და გულით ვემსახუროთ იეჰოვას და გვიყვარდეს ის, გულმოდგინედ დავიცვათ ქრისტიანული საძმოს ერთიანობა და ამგვარად გამოვხატოთ იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულება! თუ ასე მოვიქცევით, ჩვენზეც გავრცელდება იესოს სიტყვები: „მოდით, მამაჩემისგან კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ ქვეყნიერების შექმნიდან თქვენთვის გამზადებული სამეფო“ (მათ. 25:34). w16.06 3:2, 20
ოთხშაბათი, 7 თებერვალი
გული ყველაზე ვერაგი და უმართავია (იერ. 17:9).
სიამაყის გამო შეიძლება საკუთარი საქციელის გამართლება დავიწყოთ, რაც ძნელად დასამუშავებელ თიხად გვაქცევდა. ხომ არ გატკინათ გული თანაქრისტიანმა ან პასუხისმგებლობის დაკარგვამ? როგორი იყო თქვენი რეაქცია? იჩინა თავი სიამაყემ, თუ მხოლოდ იმაზე ფიქრობდით, როგორ შეგენარჩუნებინათ მშვიდობა ძმასთან და იეჰოვას ერთგული დარჩენილიყავით? (ფსალმ. 119:165; კოლ. 3:13). არასწორი საქციელის ჩვევაში გადასვლამ ან ფარული ცოდვების ჩადენამ შეიძლება ქრისტიანს გული გაუუხეშოს და მას ღვთის რჩევების გათვალისწინება გაუჭირდეს. შედეგად, ცოდვის ჩადენა მისთვის ჩვეულებრივი რამ გახდება (ეკლ. 8:11). ერთი ძმა, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევად ექცა, აღიარებს, რომ კრიტიკული დამოკიდებულება განუვითარდა უხუცესების მიმართ. ამ ცუდმა ჩვევამ მას სულიერი ზიანი მიაყენა. საბოლოოდ მისი საქციელი გამოაშკარავდა და მას საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. ფაქტია, ყველანი არასრულყოფილები ვართ. მაგრამ, თუ კრიტიკული სული გვახასიათებს ან არასწორი საქციელის გამართლებას ვცდილობთ იმის ნაცვლად, რომ ღმერთს პატიებისა და დახმარებისთვის მივმართოთ, ეს შეიძლება გულის გაუხეშებაზე მოწმობდეს. w16.06 2:5, 6
ხუთშაბათი, 8 თებერვალი
ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის (მათ. 6:25).
იესოს მსმენელები იმაზე წუხდნენ, რაზეც არ უნდა ეწუხათ. იესოს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, ეთქვა, აღარ მოქცეულიყვნენ ასე. ზედმეტ წუხილსა და დარდს, თუნდაც ყოველდღიური საჭიროებების გამო, შეუძლია მთლიანად მოიცვას ადამიანის გონება და დაავიწყოს ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ანუ სულიერი საკითხები. იესო გულწრფელად ზრუნავდა თავის მოწაფეებზე, ამიტომ მთაზე ქადაგებისას ოთხჯერ გააფრთხილა ისინი ამის შესახებ (მათ. 6:27, 28, 31, 34). მან იცოდა, ყოველდღიურად რა სჭირდებოდათ ადამიანებს; ისიც იცოდა, რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ საუკუნეების შემდეგ „ბოლო დღეებში, მძიმე, ძნელად ასატან დროში“ მცხოვრები ქრისტიანები (2 ტიმ. 3:1). ბევრ მათგანს ისეთ სირთულეებთან მოუწევდა ჭიდილი, როგორიცაა უმუშევრობა, ინფლაცია, საკვების უკმარისობა და სიღატაკე. მიუხედავად ამისა, იესოს კარგად ესმოდა, რომ სიცოცხლე საჭმელზე ძვირფასია და სხეული — ტანსაცმელზე. w16.07 1:8, 9
პარასკევი, 9 თებერვალი
მე რომ ამის მსახური გავხდი, ეს ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით ბოძებული უსასყიდლო ძღვენია (ეფეს. 3:7).
იეჰოვას მოთხოვნებს რომ სრულყოფილად შევესაბამებოდეთ, მის სიკეთეს დავიმსახურებდით. მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენც გვეხება ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „არ არსებობს მართალი კაცი დედამიწაზე, რომელიც კარგს აკეთებდეს და არ სცოდავდეს“ (ეკლ. 7:20). მსგავსი აზრები თქვა მოციქულმა პავლემაც: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“; „ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომ. 3:23; 6:23ა). ჩვენ სწორედ ამას ვიმსახურებთ. მაგრამ იეჰოვამ თავისი სიყვარულის დასამტკიცებლად ცოდვილი კაცობრიობის მიმართ შეუდარებელი წყალობა გამოავლინა. მან უდიდესი ძღვენი გაიღო — დედამიწაზე გამოგზავნა „თავისი მხოლოდშობილი ძე“, რათა ჩვენთვის მომკვდარიყო (იოან. 3:16). პავლემ იესოს შესახებ დაწერა: „[მან] პატივის გვირგვინი მიიღო, რათა ღვთის მიერ გამოვლენილი წყალობით სიკვდილი ეგემა ყველას გულისთვის“ (ებრ. 2:9). დიახ, „ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, [არის] მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“ (რომ. 6:23ბ). w16.07 3:3, 4
შაბათი, 10 თებერვალი
შევუქმნი დამხმარეს (დაბ. 2:18).
ქორწინება ადამიანთა ცხოვრებაში ჩვეულებრივი მოვლენაა. იმის ცოდნა, თუ როგორ და რა მიზნით ჩაეყარა საფუძველი ქორწინებას, დაგვეხმარება, სწორი წარმოდგენა გვქონდეს ამ კავშირზე და უფრო მეტად გავიხაროთ იმ კურთხევებით, რომლებიც ქორწინებას უნდა ახლდეს თან. პირველი ადამიანის, ადამის შექმნის შემდეგ ღმერთმა ცხოველები მიუყვანა მას, რათა სახელები დაერქმია მათთვის. მაგრამ „არ ჰყავდა კაცს დამხმარე, შემავსებელი“. ამიტომ ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა მას, ნეკნი ამოუღო, მისგან ქალი შექმნა და მიუყვანა კაცს (დაბ. 2:20—24). ამგვარად, ქორწინებას დასაბამი ღმერთმა მისცა. იესომ გაიმეორა იეჰოვას სიტყვები: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“ (მათ. 19:4, 5). ის ფაქტი, რომ ღმერთმა პირველი ქალი ადამის ნეკნისგან შექმნა, ალბათ, დაანახვებდა პირველ წყვილს, რამდენად მჭიდრო და მტკიცე უნდა ყოფილიყო მათი კავშირი. ღვთის განზრახვა არ ითვალისწინებდა განქორწინებას ან ერთზე მეტი მეუღლის ყოლას. w16.08 1:1, 2
კვირა, 11 თებერვალი
[იესო] მათ ქალაქებში წავიდა, რომ ესწავლებინა და ექადაგა (მათ. 11:1).
იესო ხშირად ესაუბრებოდა ცალკეულ ადამიანებს სამეფოს შესახებ. მაგალითად, ერთხელ ქალაქ სიქართან ახლოს მდებარე იაკობის წყაროსთან იესოსა და ერთ ქალს შორის საინტერესო საუბარი შედგა, რომელსაც სასურველი შედეგი მოჰყვა (იოან. 4:5—30). სხვა დროს იესო გამოელაპარაკა გადასახადების ამკრეფ მათეს, რომელიც გამოეხმაურა იესოს მოწოდებას და მისი მიმდევარი გახდა. მოგვიანებით თავის სახლში გამართულ ნადიმზე მათესა და სხვებს მიეცათ იესოს მოსმენის შესაძლებლობა (მათ. 9:9; ლუკ. 5:27—39). სხვა შემთხვევაში იესო მეგობრულად ელაპარაკა ნათანაელს, რომელიც ეჭვის თვალით უყურებდა ნაზარეთელებს. ასეთი მიდგომის შედეგად ნათანაელმა თვალსაზრისი შეიცვალა და გადაწყვიტა, ახლოს გაცნობოდა იესო ნაზარეთელის სწავლებებს (იოან. 1:46—51). ასე რომ, ჩვენც გვაქვს საფუძვლიანი მიზეზი, ვასწავლოთ ახალ მაუწყებლებს, ადამიანებს მეგობრულად მიუდგნენ და საუბრის დროს თავისუფლად აგრძნობინონ თავი. მათ, ვისაც ასე ვეხმარებით, გაახარებს იმის დანახვა, რომ პირადი ინტერესის გამოვლენა და კეთილი სიტყვები დადებითად განაწყობს გულმართალ ადამიანებს. w16.08 4:7—9
ორშაბათი, 12 თებერვალი
ცოლი არ გაშორდეს ქმარს . . . ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს (1 კორ. 7:10, 11).
თუ ცოლ-ქმარს შორის სერიოზული პრობლემები მოუგვარებელი რჩება, შეიძლება მათ მიიჩნიონ, რომ გამოსავალი განცალკევებით ცხოვრება ან განქორწინებაა. მეუღლეებმა განცალკევებით ცხოვრების გადაწყვეტილება ზერელედ არ უნდა მიიღონ. სერიოზული პრობლემების დროს განცალკევებით ცხოვრება შეიძლება საუკეთესო გამოსავლად მოეჩვენოთ, მაგრამ ხშირად ის უფრო მეტი პრობლემის მიზეზი ხდება. მას შემდეგ, რაც გაიმეორა ღვთის სიტყვები, რომ კაცი მიატოვებდა მამასა და დედას და ცოლს მიეკვრებოდა, იესომ თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:3—6; დაბ. 2:24). ეს ნიშნავს, რომ არც ქმარს აქვს მათი დაშორების უფლება, „ვინც ღმერთმა შეაუღლა“, და არც ცოლს. იეჰოვას თვალში ცოლქმრული კავშირი მთელი სიცოცხლე გრძელდება (1 კორ. 7:39). თუ ცოლ-ქმარს ეხსომება, რომ ღვთის წინაშე ყველა აგებს პასუხს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პრობლემები გართულებამდე მოაგვარონ. w16.08 2:10, 11
სამშაბათი, 13 თებერვალი
არ დაგძლიოს ბოროტებამ (რომ. 12:21).
მტერი შეიძლება მაშინ დაგვესხას თავს, როცა ნაკლებად ველით და მაშინ ჩაგვწიხლოს, როცა დასუსტებული ვართ. ამიტომ საჭიროა, ყოველთვის ვიფხიზლოთ. სიტყვები „არ დაგძლიოს ბოროტებამ“ გვარწმუნებს, რომ ბოროტებაზე გამარჯვება შესაძლებელია. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ არ შევწყვეტთ ბრძოლას. მაგრამ სატანა, მისი ბოროტი ქვეყნიერება და ჩვენი არასრულყოფილება დაგვძლევს, თუ სიფხიზლეს მოვადუნებთ და აღარ გავუწევთ მათ წინააღმდეგობას. ნუ მისცემთ სატანას იმის ნებას, რომ დაგაშინოთ და ხელები ჩამოგაშვებინოთ! (1 პეტ. 5:9). წარმატების მისაღწევად მებრძოლებს უნდა ახსოვდეთ, რატომ იბრძვიან. ღვთის მოწონებისა და კურთხევის მისაღებად მათ გონებაში უნდა ჰქონდეთ ებრაელების 11:6-ში ჩაწერილი გამამხნევებელი სიტყვები: „ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს და აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“. ბერძნული სიტყვა, რომელიც „გულმოდგინედ მძებნელად“ ითარგმნა, მიუთითებს მოქმედების ინტენსივობასა და ძალისხმევაზე (საქ. 15:17). w16.09 2:4, 5
ოთხშაბათი, 14 თებერვალი
ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ (1 კორ. 10:31).
ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრაქტიკული მითითებები გვეხმარება, მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილებები, რომლებიც განადიდებს ღმერთს. თუმცა ჩვენს არჩევანზე ჩვენი გემოვნებაც ახდენს გავლენას. ყველას განსხვავებული გემოვნება და ფინანსური შესაძლებლობა გვაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყოველთვის მოწესრიგებულად, სუფთად, მოკრძალებულად, სიტუაციის შესაფერისად და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად უნდა გვეცვას. უნდა ვაღიაროთ, რომ ყოველთვის ადვილი არ არის გონივრული გადაწყვეტილების მიღება, რომელშიც ყველა ფაქტორი იქნება გათვალისწინებული. ბევრ მაღაზიაში მხოლოდ მოდური ტანსაცმელი იყიდება, ამიტომ შეიძლება უფრო მეტი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდეს მოკრძალებული ქვედაბოლოს, კაბის, ბლუზის და ისეთი პიჯაკის ან შარვლის საყიდლად, რომელიც მოტმასნილი არ იქნება. თანაქრისტიანები შეამჩნევენ და დააფასებენ, რომ ძალისხმევა არ დავაკელით კოხტა და წესიერი ტანსაცმლის მოძებნას. თუმცა ჩვენი მოსიყვარულე მამის განსადიდებლად გაღებული ნებისმიერი მსხვერპლი არაფერია იმ კმაყოფილებასთან, რომელსაც მის განსადიდებლად გაკეთებული არჩევნის გამო ვგრძნობთ. w16.09 3:15, 16
ხუთშაბათი, 15 თებერვალი
სიცარიელეზე განავრცო ჩრდილოეთი და არაფერზე დაჰკიდა დედამიწა (იობ. 26:7).
ბავშვებს კარგი წარმოსახვა აქვთ. ამიტომ ხშირად გამოიყენეთ თვალსაჩინო მაგალითები მათი დასწავლების დროს. კარგი მაგალითები ბავშვს იმის რწმენასაც უძლიერებს, რომ ბიბლია ზუსტია. განვიხილოთ დღევანდელი მუხლი. როგორ შეგიძლიათ დაანახვოთ ბავშვს, რომ ეს სიტყვები ღვთის შთაგონებით ჩაიწერა? შეგიძლიათ მოუყვანოთ ფაქტები, თუმცა უმჯობესი იქნება, დაეხმაროთ, წარმოსახვის უნარი გამოიყენოს. აღნიშნეთ, რომ იობი ტელესკოპისა თუ კოსმოსური ხომალდის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა. აახსნევინეთ ბავშვს, რამდენად რთული იქნებოდა ვინმესთვის იმის დაჯერება, რომ ისეთი უზარმაზარი რამ, როგორიც დედამიწაა, არაფერზე ეკიდა. მას შეუძლია ბურთი ან ქვა გამოიყენოს იმის საჩვენებლად, რომ მასის მქონე საგნები ჰაერში თავისით ვერ ჩერდება. მათ რამე უნდა აკავებდეს. ეს დაეხმარება ბავშვს, დაინახოს, რომ სხვადასხვა ფაქტი ბიბლიაში ღვთივშთაგონებით იმაზე ადრე ჩაიწერა, ვიდრე ადამიანები აღმოაჩენდნენ (ნეემ. 9:6). w16.09 5:9, 12
პარასკევი, 16 თებერვალი
გულით გწამს (რომ. 10:9).
რწმენა ღვთის განზრახვის ცოდნაზე გაცილებით მეტს მოიცავს. ის აღმძვრელი ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთის ნების თანახმად მოქმედებისკენ უბიძგებს. ადამიანთა სახსნელად ღვთის მიერ გატარებული ღონისძიებებისადმი რწმენა აღგვძრავს, რომ სხვებს სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ. ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ძლიერი რწმენა გვექნება. რწმენა შეგვიძლია მცენარეს შევადაროთ. ხელოვნური მცენარისგან განსხვავებით ცოცხალი მცენარე მუდმივად განიცდის ცვლილებას. მცენარემ რომ გაიხაროს, დროულად უნდა მოირწყას, წინააღმდეგ შემთხვევაში გახმება. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენს რწმენაზე. ის შეიძლება შესუსტდეს და საბოლოოდ გაქრეს კიდეც (ლუკ. 22:32; ებრ. 3:12). მაგრამ, თუ სათანადო ყურადღებას მივაქცევთ, ცოცხლად შევინარჩუნებთ მას; ის ზრდას არ შეწყვეტს და ჯანსაღნი ვიქნებით რწმენაში (2 თეს. 1:3; ტიტ. 2:2). w16.10 4:4, 5
შაბათი, 17 თებერვალი
კარისკაცთა უფროსმა სხვა სახელები დაარქვა მათ. დანიელს ბელტეშაცარი დაარქვა (დან. 1:7).
ბაბილონში გადასახლებულ დანიელსა და მის მეგობრებს „ქალდეველთა ენას“ ასწავლიდნენ, რათა მალე ზიარებოდნენ იქაურ კულტურას. გარდა ამისა, მთავარმა კარისკაცმა, რომელსაც მათი განათლება ევალებოდა, მათ ბაბილონური სახელები შეარქვა (დან. 1:3—7). დანიელისთვის შერქმეული სახელის პირველი ნაწილი „ბელ“ ბაბილონის მთავარ ღვთაებას უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, მეფე ნაბუქოდონოსორს უნდოდა, შთაეგონებინა დანიელისთვის, რომ ბაბილონის ღვთაებამ მისი ღმერთი იეჰოვა დაიმორჩილა (დან. 4:8). დანიელს მეფის სუფრიდან სთავაზობდნენ ნუგბარს, მაგრამ მას გულში გადაწყვეტილი ჰქონდა, „თავი არ გაეუწმინდურებინა“ (დან. 1:8). მან უცხო ქვეყანაშიც კი შეძლო სულიერი სიძლიერის შენარჩუნება, რადგან მშობლიურ ენაზე სწავლობდა წმინდა წიგნებს (დან. 9:2). ბაბილონში ჩასვლიდან 70 წლის შემდეგაც კი მას თავისი ებრაული სახელით იცნობდნენ (დან. 5:13). w16.10 2:7, 8
კვირა, 18 თებერვალი
საითკენაც სული აღძრავდა, იქით მიდიოდნენ (ეზეკ. 1:20).
იესომ სულიერი საზრდოს გასანაწილებლად ერთადერთი არხი — „ერთგული მონა“ აირჩია (მათ. 24:45—47). 1919 წლიდან მოყოლებული განდიდებული იესო ქრისტე სწორედ ამ მონის მეშვეობით ეხმარება თავის მიმდევრებს, რომ უკეთ გაიგონ ღვთის სიტყვა და მიჰყვნენ მასში ჩაწერილ მითითებებს. თუ დავემორჩილებით ბიბლიურ მითითებებს, კრების სიწმინდეს, მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყობთ ხელს. თითოეულმა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: ვარ იესოს მიერ დაყენებული მონის ერთგული? ღვთის სიტყვიდან ვიგებთ ღვთის ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის შესახებ. მაგალითად, წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ხილვაში ნახა ზეციერი ეტლი, რომელიც ღვთის ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს განასახიერებს (ეზეკ. 1:4—28). იესო ქრისტე და მისი წმინდა ანგელოზები სადაცაა გაანადგურებენ ამ ბოროტ ქვეყნიერებას, ამიტომ იეჰოვას ეტლი სწრაფად მოძრაობს მისი უზენაესობის დასამტკიცებლად და მისი სახელის განსაწმენდად! w16.11 3:9, 10
ორშაბათი, 19 თებერვალი
გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას (ებრ. 10:25).
იესოს ადრინდელი მიმდევრების მსგავსად, ჩვენც ვიკრიბებით ერთად, რომ ვისწავლოთ და გავმხნევდეთ (1 კორ. 14:31). გამხნევება მათაც სჭირდებათ, ვინც დიდი ხანია ემსახურება ღმერთს. განვიხილოთ იესო ნავეს ძის შემთხვევა. ის მრავალი წლის მანძილზე ღვთის ერთგული მსახური იყო, მაგრამ იეჰოვამ მოსეს დაავალა მისი გამხნევება: „დანიშნე იესო ნავეს ძე, გაამხნევე და განამტკიცე, რადგან ის წაუძღვება ამ ხალხს და ის დაამკვიდრებინებს იმ მიწას, რომელსაც დაინახავ“ (კან. 3:27, 28). ცოტა ხანში იესო ნავეს ძეს უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა — ის აღთქმული მიწის დასაპყრობად წაუძღვებოდა ისრაელს. მას არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწევდა და სულ მცირე ერთხელ მაინც დამარცხდებოდა ბრძოლაში (იეს. 7:1—9). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იესო ნავეს ძეს გამხნევება და განმტკიცება სჭირდებოდა. მოდი ჩვენც გავამხნეოთ უხუცესები, მათ შორის სარაიონო ზედამხედველები, რომლებიც ბევრს ირჯებიან ღვთის სამწყსოსთვის! (1 თეს. 5:12, 13). w16.11 1:12, 13
სამშაბათი, 20 თებერვალი
გიჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სასამართლოს (გამოცხ. 17:1).
ბიბლიის მკვლევრები აცნობიერებდნენ, რომ საკმარისი არ იყო, ცრუ რელიგიის მიმართ თავიანთი დამოკიდებულების შესახებ მხოლოდ ნათესავებისთვის, მეგობრებისა და თავიანთი ეკლესიის წევრებისთვის ეცნობებინათ. მთელ მსოფლიოს უნდა გაეგო, რომ დიდი ბაბილონი სინამდვილეში რელიგიური მეძავი იყო! ამ მიზნით რამდენიმე ათასმა ბიბლიის მკვლევარმა 1917 წლის მიწურულსა და 1918 წლის დასაწყისში დიდი გულმოდგინებით გაავრცელა 10 მილიონი ბუკლეტი, რომელშიც დაბეჭდილი იყო სტატია სახელწოდებით „ბაბილონის დაცემა“. ამ სტატიამ ნიღაბი ახადა ქრისტიანულ სამყაროს და, როგორც მოსალოდნელი იყო, სასულიერო პირების განრისხება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მკვლევრებმა უშიშრად განაგრძეს მნიშვნელოვანი საქმის კეთება. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ადამიანებზე მეტად ღმერთს დამორჩილებოდნენ, როგორც მმართველს (საქ. 5:29). რაზე მიუთითებდა ეს ყველაფერი? ნაცვლად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს დიდ ბაბილონს დამონებოდა, ღვთის ხალხი თავისუფლდებოდა მისი გავლენისგან და სხვებსაც ეხმარებოდა ამაში. w16.11 5:2, 4
ოთხშაბათი, 21 თებერვალი
ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ, ხოლო სულით მავალნი — სულისაზე (რომ. 8:5).
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ მუხლში დანახვებულია არაქრისტიანებსა და ქრისტიანებს შორის განსხვავება. მაგრამ პავლე სწერდა რომში მცხოვრებ „ღვთისთვის საყვარლებს, წმინდებად მოწოდებულებს“ (რომ. 1:7). ასე რომ, ის „ხორცით მავალ“ და „სულით მავალ“ ქრისტიანებს შორის აკეთებდა განსხვავებას. პავლემ ხორციელად ცხოვრება დაუკავშირა „ცოდვილ ვნებებს“, რომლებიც სხეულის ნაწილებში მოქმედებდა (რომ. 7:5). ის გულისხმობდა იმ ადამიანებს, რომელთაც მართავდა არასრულყოფილი ადამიანისთვის დამახასიათებელი სურვილები და მიდრეკილებები და ეს მათი მთავარი საზრუნავი იყო. ასეთი ადამიანების უმეტესობა ადვილად ჰყვება ძლიერ თუ წამიერ სურვილებსა და ვნებებს, მათ შორის სექსუალურ თუ სხვა სურვილებს. w16.12 2:5, 7
ხუთშაბათი, 22 თებერვალი
ბედნიერია ის, ვისაც ეპატია ურჩობა (ფსალმ. 32:1).
ზოგჯერ წუხილის მიზეზი შეიძლება იყოს წარსულში ჩადენილი საქციელი თუ შეცდომა. მეფე დავითს ზოგჯერ ეუფლებოდა ისეთი გრძნობა, თითქოს თავზე გადასდიოდა თავისი დანაშაული. მან თქვა: „ვღრიალებ, რადგან მიკვნესის გული“ (ფსალმ. 38:3, 4, 8, 18). რის გაკეთება იქნებოდა ამ დროს დავითისთვის გონივრული? როგორ მოიქცა ის? ის მიენდო იეჰოვას, რომელიც გულმოწყალე და მპატიებელია (ფსალმ. 32:2, 3, 5). ზოგჯერ შეიძლება დღევანდელმა მდგომარეობამ დაგაფიქროთ და შეგაშინოთ. 55-ე ფსალმუნის წერისას დავითს შიში ჰქონდა, რომ მოკლავდნენ (ფსალმ. 55:2—5). მაგრამ შიშისა და წუხილის მიუხედავად, მას იეჰოვასადმი ნდობა არ დაუკარგავს. დავითი მხურვალედ ლოცულობდა თავის პრობლემებზე, თუმცა მათ მოსაგვარებლად პრაქტიკული ზომების მიღების აუცილებლობასაც ხედავდა (2 სამ. 15:30—34). ისწავლეთ დავითის მაგალითიდან. ნაცვლად იმისა, რომ წუხილმა მთლიანად მოგიცვათ, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გააკეთეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად, შემდეგ კი ღვთის დახმარებაში დარწმუნებულებმა მას მიანდეთ თქვენი საწუხარი. w16.12 3:14, 15
პარასკევი, 23 თებერვალი
შევცოდე იეჰოვას (2 სამ. 12:13).
დავითმა ყურად იღო იეჰოვას წარმომადგენლის, ნათან წინასწარმეტყველის შეგონება. მან აგრეთვე ლოცვით მიმართა იეჰოვას, აღიარა თავისი ცოდვები და იეჰოვას კეთილგანწყობის დაბრუნების გულწრფელი სურვილი გამოთქვა (ფსალმ. 51:1—17). ნაცვლად იმისა, რომ დანაშაულის გრძნობით დათრგუნულიყო, დავითმა საკუთარ შეცდომებზე ისწავლა. მას მეტად აღარ ჩაუდენია ასეთი სერიოზული ცოდვები. სიცოცხლის ბოლომდე ის ერთგული იყო და ასეთი დარჩა იეჰოვას მეხსიერებაში (ებრ. 11:32—34). რის სწავლა შეგვიძლია დავითის მაგალითიდან? თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ, გულწრფელად უნდა მოვინანიოთ და იეჰოვას პატიება ვთხოვოთ. ჩვენ მის წინაშე უნდა ვაღიაროთ ცოდვები (1 იოან. 1:9). ასევე უნდა მივიდეთ უხუცესებთან, რომლებიც სულიერ დახმარებას აღმოგვიჩენენ (იაკ. 5:14—16). თუ გამოვიყენებთ ყველა საშუალებას, რითაც იეჰოვა უზრუნველგვყოფს, გამოვხატავთ მისი დაპირებისადმი რწმენას, რომ ის განგვკურნავს და მოგვიტევებს ცოდვებს. ამასთანავე, უნდა ვისწავლოთ ჩვენი შეცდომებიდან, განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება და რწმენით ვუყუროთ მომავალს (ებრ. 12:12, 13). w17.01 1:13, 14
შაბათი, 24 თებერვალი
შეაკავე შენი მსახური კადნიერი საქციელისგან (ფსალმ. 19:13).
რა იგულისხმება „კადნიერ საქციელში“? ბიბლიური გაგებით, კადნიერ საქციელში იგულისხმება დაუფიქრებლად და თავხედურად იმის კეთება, რისი უფლებამოსილებაც ადამიანს არა აქვს. მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის გამო დროდადრო ყველანი ვავლენთ კადნიერებას. მაგრამ, როგორც მეფე საულის მაგალითიდან ჩანს, თუ ხშირად გავცდებით ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებს, ადრე თუ გვიან ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება. 119-ე ფსალმუნის 21-ე მუხლში იეჰოვაზე ნათქვამია: „შენ კიცხავ . . . კადნიერ ხალხს“. რატომ იქცევა იეჰოვა ასე? კადნიერი საქციელი არ არის უბრალო შეცდომა. ასეთი საქციელით უპატივცემულობას ვავლენთ იეჰოვას მიმართ, რომელიც სამართლიანადაა ჩვენი უზენაესი მმართველი. გარდა ამისა, უფლებამოსილების გადაჭარბების შედეგად შეიძლება სხვებთან ურთიერთობა დაგვეძაბოს (იგავ. 13:10). ამასთანავე, როცა ჩვენი კადნიერი საქციელი გამოაშკარავდება, შეიძლება უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ ან შევრცხვეთ (ლუკ. 14:8, 9). როგორც ბიბლიიდან ჩანს, მოკრძალებული ქმედება ყოველთვის სწორია, კადნიერი საქციელი კი საბოლოოდ ცუდი შედეგით მთავრდება. w17.01 3:4, 5
კვირა, 25 თებერვალი
უკეთურად მოიქცნენ ისინი; არ არიან მისი შვილები, ნაკლი აქვთ (კან. 32:5).
არასრულყოფილების გამო ადამი სრულყოფილად ვეღარ აირეკლავდა ღვთის თვისებებს. მან არა მხოლოდ თავად დაკარგა შესანიშნავი მომავალი, არამედ თავისი შთამომავლები არასრულყოფილებისთვის, ცოდვისა და სიკვდილისთვის გაიმეტა (რომ. 5:12). ადამმა თავის შთამომავლებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა წაართვა. ადამსა და ევას აღარასოდეს ეყოლებოდათ სრულყოფილი შვილები; არც მათ შვილებს მიეცემოდათ ამის საშუალება. ღვთისგან ადამისა და ევას ჩამოშორების შემდეგ სატანა ეშმაკს არ შეუწყვეტია ადამიანთა შეცდომაში შეყვანა (იოან. 8:44). ადამისა და ევას ურჩობის მიუხედავად, ღმერთს ადამიანების მიმართ სიყვარული არ განელებია. იეჰოვას სურს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან და არ უნდა, რომ ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9). ამიტომ მან მაშინვე იზრუნა, რომ ადამიანებს აღედგინათ მასთან მეგობრული ურთიერთობა და ეს ისე გააკეთა, რომ მისი სამართლიანი ნორმები არ დარღვეულიყო (იოან. 3:16). w17.02 1:12—14
ორშაბათი, 26 თებერვალი
მოთათბირეებთან . . . სიბრძნეა (იგავ. 13:10).
ჩვენს ადგილს იეჰოვას ორგანიზაციაში მეტად დავაფასებთ, თუ ღვთის მსგავსად შევეცდებით, სხვებში კარგი დავინახოთ. ნაცვლად იმისა, რომ სულ ყურადღების ცენტრში ვიყოთ ან სადავეების ხელში ჩასაგდებად ყოველთვის საქმეში ჩავერიოთ, ჩვენ მოკრძალებულად მივმართავთ სხვებს რჩევისთვის და ვითვალისწინებთ მათ აზრს. ჩვენ მათთან ერთად გავიხარებთ, როცა ისინი მეტ პასუხისმგებლობას მიიღებენ. იმის დანახვა, თუ როგორ აკურთხებს იეჰოვა მთელ ჩვენს საძმოს, აღგვძრავს, ხოტბა შევასხათ მას (1 პეტ. 5:9). ჩვენ აგრეთვე განსჯის უნარს დავხვეწთ, თუ შევეცდებით, ყველაფერს იეჰოვას თვალით შევხედოთ. რეგულარული შესწავლის, ლოცვისა და ნასწავლის გათვალისწინების შედეგად ჩვენი სინდისი გაიწაფება (1 ტიმ. 1:5). ამასთანავე, ვისწავლით, რომ საკუთარ თავზე წინ სხვები დავაყენოთ. თუ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენ გავაკეთებთ, იეჰოვა თავისი დაპირების თანახმად დაასრულებს ჩვენს მომზადებას და დაგვეხმარება მოკრძალებისა თუ სხვა ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში (1 პეტ. 5:10). w17.01 4:17, 18
სამშაბათი, 27 თებერვალი
ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან (1 ტიმ. 5:17).
ჩვენს პატივისცემას ნამდვილად იმსახურებენ რწმენით ჩვენიანები, განსაკუთრებით უხუცესები, რომელთაც ხელმძღვანელობა აკისრიათ. ამ ძმებს პატივს ვცემთ მათი ეროვნების, განათლების, სოციალური თუ ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად. ბიბლიაში ისინი მოხსენიებულნი არიან როგორც „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომლებიც ღვთის ხალხის საჭიროებებზე ზრუნავენ (ეფეს. 4:8). დაფიქრდით, რამდენს შრომობენ კრების უხუცესები, სარაიონო ზედამხედველები, ფილიალის კომიტეტისა თუ ხელმძღვანელი საბჭოს წევრები! პირველ საუკუნეში ჩვენი და-ძმები დიდ პატივს სცემდნენ ხელმძღვანელ ძმებს და ჩვენც მსგავსი დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არ ვაკერპებთ მათ და არც ისე ვეპყრობით, თითქოს ანგელოზები იყვნენ. ნაცვლად ამისა, ჩვენ პატივს ვცემთ ასეთ ძმებს მათი შრომისა და თავმდაბლობისთვის (2 კორ. 1:24; გამოცხ. 19:10). w17.03 1:13
ოთხშაბათი, 28 თებერვალი
რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა (მარ. 10:18).
იესო სრულიად განსხვავდებოდა ჰეროდე აგრიპა I-გან, რომელიც მოგვიანებით იუდეის მეფე გახდა. ერთ-ერთ შეხვედრაზე ჰეროდე „სამეფო სამოსლით“ წარდგა ხალხის წინაშე. მისით აღფრთოვანებული ხალხი ხმამაღლა იძახდა: „ღვთის ხმაა და არა კაცისა!“. მან შეიფერა ქება. მაგრამ „უცბად ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა, რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს და მატლებისგან შეჭმული მოკვდა“ (საქ. 12:21—23). არც ერთი მიუკერძოებელი თვითმხილველი არ დაასკვნიდა, რომ ჰეროდე იეჰოვას რჩეული წინამძღოლი იყო. მაგრამ იესომ თავისი ცხოვრებით ნათლად აჩვენა, რომ ღვთისგან იყო დანიშნული და ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა დიდებას, როგორც უზენაეს წინამძღოლს. იეჰოვას მხოლოდ რამდენიმე წლით არ დაუნიშნავს იესო წინამძღოლად. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესომ განაცხადა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული . . . და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:18—20). w17.02 3:20, 21