საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es18 გვ. 26-36
  • მარტი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მარტი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
  • ქვესათაურები
  • ხუთშაბათი, 1 მარტი
  • პარასკევი, 2 მარტი
  • შაბათი, 3 მარტი
  • კვირა, 4 მარტი
  • ორშაბათი, 5 მარტი
  • სამშაბათი, 6 მარტი
  • ოთხშაბათი, 7 მარტი
  • ხუთშაბათი, 8 მარტი
  • პარასკევი, 9 მარტი
  • შაბათი, 10 მარტი
  • კვირა, 11 მარტი
  • ორშაბათი, 12 მარტი
  • სამშაბათი, 13 მარტი
  • ოთხშაბათი, 14 მარტი
  • ხუთშაბათი, 15 მარტი
  • პარასკევი, 16 მარტი
  • შაბათი, 17 მარტი
  • კვირა, 18 მარტი
  • ორშაბათი, 19 მარტი
  • სამშაბათი, 20 მარტი
  • ოთხშაბათი, 21 მარტი
  • ხუთშაბათი, 22 მარტი
  • პარასკევი, 23 მარტი
  • შაბათი, 24 მარტი
  • კვირა, 25 მარტი
  • ორშაბათი, 26 მარტი
  • სამშაბათი, 27 მარტი
  • ოთხშაბათი, 28 მარტი
  • ხუთშაბათი, 29 მარტი
  • პარასკევი, 30 მარტი
  • გახსენების საღამო
    მზის ჩასვლის შემდეგ
    შაბათი, 31 მარტი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
es18 გვ. 26-36

მარტი

ხუთშაბათი, 1 მარტი

გააგდეს იფთახი (მსაჯ. 11:2).

შურითა და სიძულვილით შეპყრობილმა ნახევარძმებმა იფთახი სახლიდან გააგდეს და მას, როგორც პირმშოს, კუთვნილი მემკვიდრეობა წაართვეს (მსაჯ. 11:1—3). მიუხედავად ამისა, როცა მას დახმარება სთხოვეს, ისინი უარით არ გაუსტუმრებია (მსაჯ. 11:4—11). იფთახი იეჰოვას სახელის დაცვას გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, ვიდრე საკუთარ გრძნობებს. მისთვის უმთავრესი იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება იყო, რასაც სიკეთე მოჰქონდა როგორც მისთვის, ისე თანამოძმეთათვის (ებრ. 11:32, 33). რის სწავლა შეგვიძლია იფთახის მაგალითიდან? იმ შემთხვევაში, თუ თანაქრისტიანი გვაწყენინებს ან ცუდად მოგვექცევა, არ უნდა შევწყვიტოთ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება, იეჰოვას მსახურება და კრებასთან აქტიურად თანამშრომლობა. როცა უსიამოვნებას შევხვდებით, მოდი, მივბაძოთ იფთახს და ვიხელმძღვანელოთ ღვთიური პრინციპებით, რასაც კარგი შედეგები მოჰყვება (რომ. 12:20, 21; კოლ. 3:13). w16.04 1:7, 9, 10

პარასკევი, 2 მარტი

სულით არ ვეცემით (2 კორ. 4:1).

ჩვენ ხანმოკლე დროით კი არ უნდა მოვითმინოთ, არამედ — ბოლომდე. წარმოიდგინეთ, რომ გემი იძირება. მგზავრებმა გადასარჩენად ნაპირამდე უნდა მიცურონ. ის, ვინც ნაპირთან ახლოს შეწყვეტს ცურვას, მის ბედს გაიზიარებს, ვინც უფრო ადრე შეწყვიტა ცურვა. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ახალი ქვეყნიერების დამყარებამდე მოვითმინოთ. ჩვენი სიცოცხლე მოთმინებაზეა დამოკიდებული. ჩვენ ისეთივე განწყობა გვაქვს, როგორიც მოციქულ პავლეს ჰქონდა, რომელმაც ორჯერ თქვა: „სულით არ ვეცემით“ (2 კორ. 4:16). დაე, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება, ბოლომდე მოვითმინოთ! ჩვენ მთელი გულით ვუერთდებით პავლე მოციქულის სიტყვებს, რომლებიც რომაელების 8:37—39-შია ჩაწერილი: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისით, ვინც შეგვიყვარა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები, ვერც მთავრობები, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც ძალები, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს, რომელიც ჩვენს უფალ ქრისტე იესოშია“. w16.04 2:17, 18

შაბათი, 3 მარტი

თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს . . . და მიეცემა (იაკ. 1:5).

სიბრძნე უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ გავერკვიოთ სიტუაციაში, რომელმაც შესაძლოა ნეიტრალიტეტის დარღვევამდე მიგვიყვანოს, და გამოსავალი მოვძებნოთ. თუ ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო დაპატიმრებულნი ვართ ან სხვაგვარ უსამართლობას ვხვდებით, ვთხოვოთ იეჰოვას, რომ ძალა მოგვცეს, გაბედულად დავიცვათ რწმენა და მოთმინებით ავიტანოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა (საქ. 4:27—31). იეჰოვას შეუძლია თავისი სიტყვით, ბიბლიით გაგვაძლიეროს. მოდი, ვიფიქროთ იმ მუხლებზე, რომლებიც განსაცდელში მყოფთ ნეიტრალიტეტს შეგვანარჩუნებინებს. ახლავე ჩავიბეჭდოთ გონებაში ეს მუხლები, რადგან შეიძლება ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ ბიბლიის კითხვის შესაძლებლობა აღარ მოგვეცეს. ბიბლია ბედნიერი მომავლის იმედსაც გვიძლიერებს, ეს იმედი კი დევნას მოთმინებით აგვატანინებს (რომ. 8:25). კარგი იქნება, დავიმახსოვროთ ის ბიბლიური მონაკვეთები, სადაც საუბარია კურთხევებზე, რომელსაც მოუთმენლად ველით, და წარმოვიდგინოთ, რომ სამოთხეში ვართ და ამ კურთხევებით ვტკბებით. w16.04 4:14, 15

კვირა, 4 მარტი

უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით (მათ. 10:8).

ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას არ ქადაგებს. ისინი თვლიან, რომ სამეფო, რომელსაც სუფევას უწოდებენ, უბრალოდ ქრისტიანის გულში სუფევს (ლუკ. 17:21). ისინი ხალხს არც იმას ასწავლიან, რომ ღვთის სამეფო ზეციერი ხელისუფლებაა, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, და არც იმას, რომ ეს სამეფო გადაჭრის კაცობრიობის ყველა პრობლემას და მალე დედამიწაზე მოსპობს ყოველგვარ ბოროტებას (გამოცხ. 19:11—21). მათ იესო მხოლოდ შობისა და აღდგომის დღესასწაულებზე ახსენდებათ. სამღვდელოებას წარმოდგენაც კი არა აქვს, რას გააკეთებს იესო, როგორც დედამიწის მომავალი მმართველი. მათთვის აგრეთვე უცხოა რა მოტივი უნდა ედოს საფუძვლად ქადაგებას. ფაქტია, მოტივი ფულის შოვნა ან შთამბეჭდავი შენობების აგება არ უნდა იყოს. ადამიანებმა ღვთის სიტყვით არ უნდა ივაჭრონ (2 კორ. 2:17). სასიხარულო ცნობის მქადაგებლები ამ საქმისთვის ანაზღაურებას არ უნდა ითხოვდნენ (საქ. 20:33—35). w16.05 2:7, 8

ორშაბათი, 5 მარტი

თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო (1 კორ. 10:24).

დავუშვათ, მოგწონთ ჩაცმულობის ისეთი სტილი, რომელიც კრების წევრებს აღიზიანებს. მაგრამ იცით, რომ ბიბლიაში ასეთი ჩაცმულობის ამკრძალავი კანონი არ არსებობს. როგორ უნდა გაიგოთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამ საკითხზე? მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით გვირჩია: „ქალების მშვენება იყოს არა თმის განსაკუთრებულად დაწვნაში, ოქროში, მარგალიტებსა თუ ძვირფას სამოსელში, არამედ მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში, ისე, როგორც შეეფერებათ ქალებს, რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:9, 10). ამ რჩევაში ჩადებული პრინციპი ქრისტიან კაცებსაც ეხება. როგორც იეჰოვას ერთგული მსახურები, მხოლოდ იმით კი არა ვართ დაინტერესებული, ჩვენ რა მოგვწონს, არამედ იმითაც, თუ რა გავლენას მოახდენს ჩვენი ჩაცმულობა და გარეგნობა სხვებზე. მოკრძალება და სიყვარული აღგვძრავს, მხედველობაში მივიღოთ თანამორწმუნეების შეხედულებები, რათა არ გავაღიზიანოთ ისინი და უპატივცემულობა არ გამოვხატოთ (1 კორ. 10:23; ფილ. 3:17). w16.05 3:14

სამშაბათი, 6 მარტი

იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ! ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე. ყველანი შენი ნახელავი ვართ (ეს. 64:8).

ადამი დაუპირისპირდა თავის შემოქმედს და დაკარგა ღვთის ძედ ყოფნის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, მის შთამომავალთაგან ბევრმა ღვთის უზენაესობას დაუჭირა მხარი (ებრ. 12:1). ისინი თავმდაბლად დაემორჩილნენ შემოქმედს, რითაც ცხადყვეს, რომ თავიანთ მამად და მეთუნედ მას ირჩევდნენ და არა სატანას (იოან. 8:44). ღვთისადმი თავიანთი ერთგულებით ისინი გვახსენებენ იმ სიტყვებს, რომლებსაც დღევანდელ მუხლში ვკითხულობთ. დღეს ისინი, ვინც იეჰოვას თაყვანს სცემენ სულითა და ჭეშმარიტებით, მსგავს თავმდაბლობასა და მორჩილებას ავლენენ. მათთვის დიდი პატივია, იეჰოვას მამა უწოდონ და დაემორჩილონ, როგორც მეთუნეს. თვლით, რომ რბილი თიხა ხართ ღვთის ხელში და გსურთ, სასურველ ჭურჭლად გამოგძერწოთ? მიიჩნევთ და-ძმებს ჯერ კიდევ დამუშავების პროცესში მყოფებად, რომელთაც ღმერთი ძერწავს? w16.06 1:2, 3

ოთხშაბათი, 7 მარტი

ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა (2 კორ. 13:5).

ახალი ქვეყნიერების ზღურბლზე მდგომი ქრისტიანების რწმენა იცდება. ამიტომ უნდა შევამოწმოთ, როგორი რწმენა გვაქვს. მაგალითად, შეგვიძლია დავფიქრდეთ მათეს 6:33-ში ჩაწერილი სიტყვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: ჩანს ჩემი პრიორიტეტებიდან და გადაწყვეტილებებიდან, რომ მწამს იესოს ამ სიტყვების? გავაცდენ კრების შეხვედრებს ან მსახურებას იმის გამო, რომ მეტი შემოსავალი მქონდეს? როგორ მოვიქცევი, თუ საზრუნავი მომემატება? მივცემ ქვეყნიერებას იმის უფლებას, რომ თავის ყალიბში მომაქციოს და ჭეშმარიტებაც კი დამატოვებინოს? მოვიყვანოთ სხვა მაგალითი. დავუშვათ, იეჰოვას მსახურს უჭირს ისეთ საკითხებში ბიბლიური ნორმების მიყოლა, როგორიცაა მეგობრების არჩევა, გარიცხულებთან ურთიერთობა ან გართობა. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ჩემს შემთხვევაშიც ასე ხომ არ არის? თუ მსგავს დამოკიდებულებას შევნიშნავთ, მაშინვე უნდა დავიწყოთ რწმენის შემოწმება. ღვთის სიტყვის დახმარებით საკუთარი თავის გულახდილად შემოწმება მუდმივი პროცესი უნდა იყოს. w16.06 2:8, 9

ხუთშაბათი, 8 მარტი

მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად (ეს. 60:22).

დედამიწაზე იეჰოვას ერთგული მსახურები, მისი მოწმეები, გაერთიანებულები არიან ორგანიზაციაში, რომელსაც ბადალი არა ჰყავს. არასრულყოფილებისა და შეცდომების მიუხედავად, ღვთის წმინდა სულის დახმარებით ქრისტიანული კრება მთელ მსოფლიოში იზრდება და წინ მიიწევს. ამ ქვეყნიერების ბოლო დღეების დასაწყისში, 1914 წელს, დედამიწაზე ღვთის მსახურები ცოტანი იყვნენ. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ აკურთხა მათი სამქადაგებლო საქმე — რამდენიმე ათწლეულში მილიონებმა გაიგეს ბიბლიური ჭეშმარიტება და იეჰოვას მოწმეთა რიგებს შეუერთდნენ. იეჰოვამ იწინასწარმეტყველა ამ არნახული ზრდის შესახებ, როგორც დღევანდელ მუხლში ვკითხულობთ და დასძინა: „მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. ამ ბოლო დღეებში ეს წინასწარმეტყველური სიტყვები ზუსტად სრულდება. დღეს ღვთის ხალხის რიცხვი ცალ-ცალკე აღებული მრავალი ქვეყნის მოსახლეობაზე მეტია. w16.06 4:1, 2

პარასკევი, 9 მარტი

განა თქვენ მათზე [ცის ფრინველებზე] ძვირფასნი არა ხართ? (მათ. 6:26)

იესოსთვის წარმოუდგენელი იყო, ზეციერ მამას ფრინველების საკვებზე ეზრუნა, ადამიანების ძირითად საჭიროებებზე კი არა (1 პეტ. 5:6, 7). ღმერთი პირდაპირი გაგებით პირში არ გვიდებს საკვებს, მაგრამ მას შეუძლია აკურთხოს ჩვენი შრომა, რომ მოსავალი მოვიყვანოთ ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის საკმარისი თანხა გამოვიმუშაოთ. თუ გაჭირვებაში ჩავცვივდებით, მას შეუძლია აღძრას სხვები დასახმარებლად. იესოს არ უთქვამს, რომ ფრინველებს თავშესაფარს იეჰოვა აძლევდა, თუმცა მან ბუდეების ასაშენებლად საჭირო ინსტინქტი, უნარი და მასალა მისცა მათ. მსგავსადვე, იეჰოვას შეუძლია დაგვეხმაროს, გვქონდეს ისეთი სახლი, რომელიც ჩვენი ოჯახის საჭიროებებს შეესაბამება. როდესაც დღევანდელ მუხლში მოცემული სიტყვები თქვა, უეჭველია, იესოს მხედველობაში ჰქონდა ის, რომ მალე კაცობრიობის გამოსასყიდად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა (შეადარეთ ლუკას 12:6, 7). იესო ფრინველებისთვის კი არა, ჩვენთვის მოკვდა, რათა უსასრულოდ გვეცხოვრა (მათ. 20:28). w16.07 1:11—13

შაბათი, 10 მარტი

ცოდვამ არ უნდა იბატონოს თქვენზე, რადგან კანონს კი არ ექვემდებარებით, არამედ წყალობას (რომ. 6:14).

როგორ დაექვემდებარა კაცობრიობა ცოდვასა და სიკვდილს, რომელსაც ვერც ერთი ვერ გავექცევით? ბიბლიაში ნათქვამია: „ერთი ადამიანის [ადამის] შეცოდების გამო სიკვდილი მეფობდა“ ყველა მის შთამომავალზე (რომ. 5:12, 14, 17). საბედნიეროდ, ჩვენზეა დამოკიდებული, იბატონებს თუ არა ცოდვა ჩვენზე. ვინც იესოს გამოსასყიდის მიმართ რწმენას ავლენს, იეჰოვას წყალობას ექვემდებარება (რომ. 5:20, 21). მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ცოდვილები ვართ, არ უნდა დავნებდეთ ცოდვას. მაგრამ, თუ ცოდვამ გვძლია, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ პატიება. რა არის შედეგი იმისა, რომ ღვთის წყალობას ვექვემდებარებით? პავლე გვიხსნის: „ღვთის წყალობა . . . გვასწავლის, რომ უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:11, 12). w16.07 3:5, 6

კვირა, 11 მარტი

[ღმერთმა ის] კაცს მიუყვანა (დაბ. 2:22).

ადამმა და ევამ ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება და ეურჩნენ იეჰოვას, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენეს პირველივე ქორწინებას. „ძველმა გველმა“, სატანა ეშმაკმა, შეცდომაში შეიყვანა ევა და დააჯერა, რომ „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის“ ნაყოფს თუ შეჭამდა, განსაკუთრებულ ცოდნას მიიღებდა, რის წყალობითაც თავად დაადგენდა, რა იყო კარგი და რა ცუდი. ევამ ქმრის დაუკითხავად მიიღო გადაწყვეტილება, რითაც ოჯახისთავისადმი უპატივცემულობა გამოავლინა. ღმერთს არც ადამი დაემორჩილა. მას უარი არ უთქვამს ევას შეთავაზებულ აკრძალულ ნაყოფზე (გამოცხ. 12:9; დაბ. 2:9, 16, 17; 3:1—6). როცა ღმერთმა პასუხი მოსთხოვა მათ ჩადენილი საქციელისთვის, ადამმა ცოლი დაადანაშაულა. ევამ კი გველს დააბრალა ყველაფერი და თქვა, რომ მან მოატყუა (დაბ. 3:12, 13). ეს თავის გამართლების უსუსური მცდელობა იყო და მეტი არაფერი! დაუმორჩილებლობისთვის პირველ წყვილს იეჰოვას წინაშე მსჯავრი დაედო. მათი მაგალითი ჩვენთვის გამაფრთხილებელია. ცოლ-ქმარი ბედნიერი რომ იყოს, თითოეულმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს და უნდა დაემორჩილოს იეჰოვას. w16.08 1:1, 4, 5

ორშაბათი, 12 მარტი

ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ (მათ. 19:6).

ზოგჯერ ოჯახური პრობლემის მიზეზი შეიძლება არარეალური მოლოდინი იყოს. როცა ბედნიერი ქორწინების შესახებ ოცნება აუხდენელი რჩება, ადამიანს შეიძლება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დარჩეს, თავი მოტყუებულად იგრძნოს და გული გაუქვავდეს. პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს განსხვავებული ტემპერამენტი და აღზრდა, ზოგჯერ კი — ფულთან, მშობლებთან და შვილების აღზრდასთან დაკავშირებული საკითხები. თუმცა დაქორწინებულ ქრისტიანთა უმეტესობა მიჰყვება ღვთის ხელმძღვანელობას და ორივე მხარისთვის მისაღებ გამოსავალს პოულობს. ისინი ქებას იმსახურებენ ამისთვის. ქრისტიანმა წყვილებმა, რომელთაც სერიოზული პრობლემები აქვთ, დახმარებისთვის უხუცესებს უნდა მიმართონ. ეს გამოცდილი ძმები დაეხმარებიან მათ, რომ მიჰყვნენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ რჩევებს. ცოლქმრული პრობლემების გადაჭრისას საჭიროა, ლოცვაში ვთხოვოთ იეჰოვას წმინდა სული და დახმარება, რათა ბიბლიური პრინციპები გავითვალისწინოთ და წმინდა სულის ნაყოფი გამოვავლინოთ (გალ. 5:22, 23). w16.08 2:11—13

სამშაბათი, 13 მარტი

ამიერიდან ცოცხალ ადამიანებს დაიჭერ (ლუკ. 5:10).

თავისი მსახურების შესასრულებლად იესოს ცოტა დრო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ის დროს გამოყოფდა იმ ადამიანებში ინტერესის გასაღვივებლად, რომლებიც ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას. ერთხელ იესომ მასთან შეკრებილ უამრავ ხალხს ნავიდან უქადაგა. შემდეგ პეტრეს სასწაულებრივად დიდი რაოდენობით თევზი დააჭერინა და ის სიტყვები უთხრა, რომელსაც დღევანდელ მუხლში ვკითხულობთ. რა მოჰყვა შედეგად იესოს სიტყვებსა და ქმედებას? პეტრემ და მასთან ერთად მყოფმა კაცებმა „ყველაფერი მიატოვეს და მას [იესოს] გაჰყვნენ“ (ლუკ. 5:1—11). ნიკოდემე, რომელიც სინედრიონის წევრი იყო, დაინტერესდა იესოს სწავლებით. მას მეტის გაგება სურდა, თუმცა ეშინოდა, რას იტყოდნენ სხვები, თუ ყველას დასანახად დაელაპარაკებოდა იესოს. იესომ გაითვალისწინა ეს და დრო გამოყო, რომ ნიკოდემეს ღამით შეხვედროდა, როცა ვერავინ დაინახავდა მათ (იოან. 3:1, 2). ღვთის ძე დროს არ ზოგავდა, რომ ცალკეული ადამიანების რწმენა განემტკიცებინა. ჩვენც არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, რომ განმეორებით მოვინახულოთ ადამიანები და დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლა ჩავატაროთ. w16.08 4:10, 11

ოთხშაბათი, 14 მარტი

მოკრძალებულად . . . [იარე] შენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8).

მოკრძალება გულისხმობს იმის თავმდაბლად აღიარებას, რომ ჩვენ ახლოსაც კი ვერ მივალთ იეჰოვას სისპეტაკესა და სიწმინდესთან და სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად მისი ხელმძღვანელობა გვჭირდება. მოკრძალებაში სხვების გრძნობებისა და შეხედულებების გათვალისწინებაც იგულისხმება. ასე რომ, ჩვენ ღმერთთან ერთად მოკრძალებულად დავდივართ, როცა მისი აღმატებული ნორმების თანახმად ვცხოვრობთ და პატივისცემით ვეკიდებით სხვების გრძნობებს. ჩვენმა ჩაცმულობამ ხალხი უნდა მიახვედროს, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ვართ. და-ძმებსაც და სხვებსაც უნდა შეეძლოთ იმის დანახვა, რომ ჩვენს მართალ ღმერთს ღირსეულად წარვადგენთ. მას მაღალი ნორმები აქვს და ჩვენც სიხარულით ვემორჩილებით მათ. ქებას იმსახურებენ ის და-ძმები, რომელთა გარეგნობა და შესანიშნავი ყოფაქცევა სიცოცხლის გადამრჩენი ცნობის მოსასმენად განაწყობს გულმართალ ადამიანებს, განადიდებს იეჰოვას და გულს უხარებს მას. w16.09 3:18—20

ხუთშაბათი, 15 მარტი

ღმერთსა და ადამიანებს შეეჭიდე და მაინც მოერიე (დაბ. 32:28).

იაკობს გადაწყვეტილი ჰქონდა, ბოლომდე ებრძოლა და უკან არ დაეხია (დაბ. 32:24—26). საბოლოოდ მისი შეუპოვრობა დაჯილდოვდა. ღმერთმა მას შესაფერისი სახელი, ისრაელი უწოდა (ნიშნავს: ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი); ან ღმერთი დაეჭიდა). ჯილდოდ იაკობმა იეჰოვას მოწონება და კურთხევა მიიღო, რისთვისაც ჩვენც ვიბრძვით. იაკობის საყვარელ ცოლს, რახელს სურდა, გაეგო, როგორ შეასრულებდა იეჰოვა იაკობისთვის მიცემულ დაპირებას შთამომავლობაზე. მაგრამ რახელი უშვილო იყო. იმ დროს ეს დიდ უბედურებად ითვლებოდა. რა დაეხმარა რახელს ემოციური და ფიზიკური ძალების მოკრებაში, რომ არ შეპუებოდა გულის გამტეხ მდგომარეობას, რომლის შეცვლაც არ შეეძლო? მას არასდროს დაუკარგავს იმედი. ის აგრძელებდა ბრძოლას და მხურვალედ ლოცულობდა. იეჰოვამ შეისმინა რახელის გულწრფელი ლოცვები და შვილებით აკურთხა (დაბ. 30:8, 20—24). w16.09 2:6, 7

პარასკევი, 16 მარტი

ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი, ნებისმიერ ორლესულ მახვილზე ბასრი (ებრ. 4:12).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაეხმაროთ შვილებს, დააფასონ ბიბლიური პრინციპები (ფსალმ. 1:1—3). ამის გაკეთება სხვადასხვა საშუალებით შეგიძლიათ. მაგალითად, უთხარით შვილს, წარმოიდგინოს, რომ შორეულ კუნძულზე მოუწევს გადასვლა და უნდა აირჩიოს რამდენიმე ადამიანი, ვინც მასთან ერთად იცხოვრებს იქ. შემდეგ ჰკითხეთ, რა თვისებები უნდა ჰქონდეს თითოეულს, რომ მშვიდობიანად იცხოვრონ. ამასთანავე, შეგიძლიათ იმსჯელოთ გალატელების 5:19—23-ში ჩაწერილ აზრებზე. ამგვარად ორ მნიშვნელოვან რამეს ასწავლით შვილს. პირველი, ღვთის ნორმები მშვიდობასა და ერთიანობას უწყობს ხელს და მეორე, იეჰოვა დღესვე გვამზადებს ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად (ეს. 54:13; იოან. 17:3). ამ ორი აზრის ხაზგასასმელად შეგიძლიათ ჩვენი პუბლიკაციებიდან მოიყვანოთ შემთხვევები, მაგალითად, „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი რუბრიკიდან „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. w16.09 5:13, 14

შაბათი, 17 მარტი

გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო (ეფეს. 5:16).

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან დაკავებულები ვართ, აუცილებლად უნდა გამოვყოთ დრო პირადი შესწავლისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის (ეფეს. 5:15). მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მასალის გადაკითხვა ან შეხვედრებისთვის კომენტარების მომზადება არ უნდა იყოს. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ღვთის სიტყვა შეეხება ჩვენს გულს და რწმენას გაგვიძლიერებს. შესწავლის დროს სხვების საჭიროებებზე ზრუნვასთან ერთად მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს საკუთარი სულიერი მოთხოვნილებები (ფილ. 1:9, 10). ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ მსახურებისთვის, კრების შეხვედრებისა თუ მოხსენებისთვის მომზადების დროს წაკითხული შეიძლება საკუთარ თავს ყოველთვის ვერ დავუკავშიროთ. მაგალითად, მზარეულმა სუფრასთან მიტანამდე ყოველთვის უნდა გაუსინჯოს გემო კერძს, მაგრამ საკვების ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება მისი არსებობისთვის. ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მან თავისთვისაც უნდა მოამზადოს ნოყიერი საკვები. მსგავსადვე, ჩვენც გვჭირდება ისეთი სულიერი საკვების მიღება, რომელიც ჩვენს მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. w16.10 2:10, 11

კვირა, 18 მარტი

რწმენით ვხვდებით, რომ ქვეყნიერება ღვთის სიტყვით იქნა მოწყობილი, ესე იგი, ხილული უხილავისგან წარმოიშვა (ებრ. 11:3).

ებრაელების 11:1-ში აღწერილია, რა არის რწმენა. ამ მუხლის თანახმად, რწმენა მოიცავს ორ რამეს, რაც ჩვენთვის უხილავია. პირველი არის ის, „რასაც ვიმედოვნებთ“. ამაში შედის ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული და ახალი ქვეყნიერების დადგომა, რასაც იეჰოვა სამომავლოდ გვპირდება. მეორეა, „უხილავი სინამდვილე“. ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ კონტექსტში „აშკარა მტკიცებად“ ითარგმნა, მიუთითებს უხილავი სინამდვილის, მაგალითად, იეჰოვა ღმერთის, იესო ქრისტესა და ანგელოზების არსებობისა და ზეციერი სამეფოს საქმიანობის დამადასტურებელ ნიშანზე. რით ცხადვყოფთ, რომ ცოცხალი იმედი გვაქვს და გვწამს ყველაფერი, რის შესახებაც ღვთის სიტყვა საუბრობს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის ისინი უხილავია? ამას ცხადვყოფთ ჩვენი სიტყვებითა და საქმეებით, რომელთა გარეშეც ჩვენი რწმენა სრული ვერ იქნება. w16.10 4:6

ორშაბათი, 19 მარტი

შეაგონებდეთ ერთმანეთს (ებრ. 3:13).

იეჰოვა და იესო დიდად აფასებენ ყველაფერს, რასაც სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად ვაკეთებთ მაშინაც კი, თუ მდგომარეობის გამო ცოტას ვწირავთ ან იმდენს ვეღარ ვმსახურობთ, რამდენიც გვინდა (ლუკ. 21:1—4; 2 კორ. 8:12). მაგალითად, ჩვენი ძვირფასი ხანდაზმული თანაქრისტიანებიდან ზოგს დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება რეგულარულად ქადაგება, კრების შეხვედრებზე დასწრება და მათში მონაწილეობა. განა არ იმსახურებენ ისინი ჩვენგან შექებასა და გამხნევებას?! დიახ, ხელიდან ნუ გაუშვებთ სხვების გამხნევების შესაძლებლობას. თუ ხედავთ, რომ ვინმე შექებას იმსახურებს, თავს ნუ შეიკავებთ. პისიდიის ანტიოქიაში ჩასულ პავლესა და ბარნაბას სინაგოგის წინამძღვრებმა უთხრეს: „ძმებო, თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით“. პავლემ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, სიტყვით გამოვიდა და გაამხნევა მსმენელი (საქ. 13:13—16, 42—44). როცა ვინმეს სიტყვით გამხნევების შესაძლებლობა მოგვეცემა, არ უნდა გავჩუმდეთ! თუ ჩვევად გვექნება სხვების გამხნევება, ისინიც გაგვამხნევებენ (ლუკ. 6:38). w16.11 1:3, 15, 16

სამშაბათი, 20 მარტი

იეჰოვას თვალი ყველგან არის, აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს (იგავ. 15:3).

იეჰოვას ორგანიზაციის წევრად ყოფნა უდიდესი პატივია! ღვთის მოთხოვნებისა და ნორმების ცოდნა პასუხისმგებლობას გვაკისრებს, სწორად მოვიქცეთ და მხარი დავუჭიროთ ღვთის უზენაესობას. ვინაიდან ეს ქვეყნიერება უფრო და უფრო ღრმად ეფლობა უზნეობის ჭაობში, იეჰოვას მსგავსად ჩვენც უნდა შევიძულოთ ბოროტება (ფსალმ. 97:10). ჩვენ არ გვინდა, მოვექცეთ უღვთოთა გავლენაში, რომლებიც კარგს ცუდს უწოდებენ და ცუდს — კარგს (ეს. 5:20). ჩვენი სურვილია, ღვთის მოსაწონები ვიყოთ, ამიტომ ძალისხმევას არ ვაკლებთ ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას (1 კორ. 6:9—11). ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და ვენდობით მას. მისადმი ერთგულების დასამტკიცებლად მის სიტყვაში ჩაწერილი ნორმების თანახმად ვცხოვრობთ. ყოველ ღონეს ვახმართ, რომ ყველგან — სახლში, კრებაში, სამსახურსა თუ სკოლაში ამ ნორმების შესაბამისად ვიმოქმედოთ. w16.11 3:13

ოთხშაბათი, 21 მარტი

ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფალთ (რომ. 13:1).

ბიბლიის მკვლევრები გულწრფელები იყვნენ. თუმცა 1914—1919 წლებში ძმებს ყოველთვის არ ჰქონდათ ხელისუფლების მორჩილებისადმი სწორი დამოკიდებულება. შედეგად, ისინი, როგორც ჯგუფი, ომის მხარდამჭერი ღონისძიებების დროს ყოველთვის ვერ ინარჩუნებდნენ ნეიტრალიტეტს. მაგალითად, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება, რომ 1918 წლის 30 მაისი მშვიდობისთვის ლოცვის დღედ გამოეცხადებინათ, „საგუშაგო კოშკმა“ მოუწოდა ბიბლიის მკვლევრებს, ამ დღეს მათაც ელოცათ მშვიდობისთვის. ზოგმა ძმამ შეიძინა ომის მხარდასაჭერად გამოცემული ობლიგაციები, ზოგი კი თოფითა და ხიშტით ჩაჯდა სანგრებში. მაგრამ არასწორი იქნებოდა, დაგვესკვნა, რომ ბიბლიის მკვლევრები ამ დროს აღმოჩნდნენ დიდი ბაბილონის ტყვეობაში, რადგან გამოსწორება და შეგონება სჭირდებოდათ. პირიქით, მათ ესმოდათ, რომ ცრუ რელიგიისგან გამოყოფა აუცილებელი იყო. ამიტომ პირველი მსოფლიო ომის დროს მათ თითქმის აღარაფერი აკავშირებდა ცრურელიგიურ სამყაროსთან (ლუკ. 12:47, 48). w16.11 5:9

ხუთშაბათი, 22 მარტი

[ჩვენ] ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით (რომ. 8:4).

შეიძლება გიკვირთ, რატომ დაანახვა პავლემ ცხებულ ქრისტიანებს ხორციელად ცხოვრების საფრთხე. შეიძლება, რომ მსგავსი რამ დღესაც დაემუქროს ქრისტიანებს, რომლებიც ღმერთმა მეგობრებად მიიღო და მართლებად ჩათვალა? სამწუხაროდ, ნებისმიერი ქრისტიანი შეიძლება აჰყვეს ცოდვილ ხორცს. მაგალითად, პავლე წერდა, რომ რომაელ ძმათაგან ზოგი თავისი მუცლის მონა გახდა, რაშიც შეიძლება იგულისხმა როგორც სექსუალური სურვილი, ისე საჭმელ-სასმლისა თუ სხვა რამის დაუცხრომელი სურვილი. ზოგი მათგანი გულუბრყვილოებს აცდენდა (რომ. 16:17, 18; ფილ. 3:18, 19; იუდ. 4, 8, 12). გაიხსენეთ ისიც, რომ ერთი კორინთელი ძმა გარკვეული ხნის მანძილზე „მამამისის ცოლთან“ ცხოვრობდა (1 კორ. 5:1). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ გააფრთხილა ღმერთმა ქრისტიანები პავლეს მეშვეობით, თუ რამდენად საშიში იყო „ხორცისაზე ფიქრი“ (რომ. 8:5, 6). ეს გაფრთხილება დღესაც აქტუალურია. w16.12 2:5, 8, 9

პარასკევი, 23 მარტი

წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს (იგავ. 12:25).

კარგ კომუნიკაციას, სანდო მეგობრისთვის გრძნობების გაზიარებას შეუძლია დაგეხმაროს, გაუმკლავდე წუხილს. მეუღლე, მეგობარი ან კრების უხუცესი შეიძლება დაგეხმაროთ, თქვენს პრობლემებზე გაწონასწორებული თვალსაზრისი გქონდეთ. გულახდილი საუბარი დაგეხმარებათ, უკეთ ჩასწვდეთ თქვენი პრობლემების არსს და გაუმკლავდეთ მათ. ბიბლია გვეუბნება: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავ. 15:22). იეჰოვა კრების ყოველკვირეული შეხვედრების მეშვეობითაც ეხმარება თავის მსახურებს, გაუმკლავდნენ წუხილს. ამ შეხვედრებზე ურთიერთობა გაქვთ თანამორწმუნეებთან, რომელთაც გულწრფელად აინტერესებთ თქვენი მდგომარეობა და სურთ, გაგამხნეონ (ებრ. 10:24, 25). ასეთი ურთიერთგამხნევება სულიერ ძალებს განგიახლებთ და ნებისმიერ წუხილთან გამკლავებას გაგიადვილებთ (რომ. 1:12). w16.12 3:17, 18

შაბათი, 24 მარტი

ხანა ლოცულობდა იეჰოვას წინაშე (1 სამ. 1:10).

როცა ჯანმრთელობის პრობლემებსა თუ ისეთ სირთულეებს ვებრძვით, რომლებიც ჩვენს ძალებს აღემატება, ჩვენი საწუხარი იეჰოვას უნდა მივანდოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის ზრუნავს ჩვენზე (1 პეტ. 5:6, 7). აგრეთვე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რის ძალაც შეგვწევს, რომ გავძლიერდეთ ქრისტიანული შეხვედრებისა და სხვა სულიერი ღონისძიებების მეშვეობით (ებრ. 10:24, 25). რის გაკეთება შეუძლიათ იმ მშობლებს, რომელთა შვილებმაც სწორი გზიდან გადაუხვიეს? ხანდაზმული სამუელი ვერ აიძულებდა თავის ზრდასრულ შვილებს, რომ იმ სამართლიანი ნორმების ერთგულები ყოფილიყვნენ, რომლებიც მან ასწავლა (1 სამ. 8:1—3). ამ პრობლემის გადაჭრა მას იეჰოვასთვის უნდა მიენდო. ის, რის გაკეთებაც სამუელს შეეძლო, უმწიკვლობის შენარჩუნება და თავისი ზეციერი მამის, იეჰოვას გულის გახარება იყო (იგავ. 27:11). დღეს ზოგი ქრისტიანი მშობელი მსგავს მდგომარეობაშია. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის, მიიღოს მომნანიებელი შემცოდველები (ლუკ. 15:20). ასეთი მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ იეჰოვას ერთგულები დარჩნენ და იმედს იტოვებენ, რომ მათი მაგალითი აღძრავს შვილებს, სამწყსოს დაუბრუნდნენ. w17.01 1:15, 16

კვირა, 25 მარტი

თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად (ფილ. 2:3).

თავმდაბალი ადამიანი, ჩვეულებრივ, მოკრძალებულიცაა; ის საკუთარ უნარსა და მიღწევებს სწორად აფასებს, თავის შეცდომებს აღიარებს და მზად არის რჩევისა თუ ახალი აზრის მოსასმენად და გასათვალისწინებლად. თავმდაბლობა ღვთისმოსაწონი თვისებაა. ბიბლიაში მოკრძალებაშიც იგულისხმება საკუთარი თავის სწორად შეფასება და საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნა. როგორც ჩანს, დედნისეული სიტყვა ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარის ცოდნამ სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. რა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ ფიქრსა თუ ქცევაში მოკრძალება გვაკლია? განვიხილოთ რამდენიმე ნიშანი. ჩვენ შეიძლება საკუთარ თავსა და თეოკრატიულ პასუხისმგებლობებზე დიდი წარმოდგენა შეგვექმნას (რომ. 12:16). შეიძლება არასწორი გზებით ვეცადოთ სხვების ყურადღების მიქცევას (1 ტიმ. 2:9, 10). ან შეიძლება ჩვენი მდგომარეობიდან, კავშირებიდან თუ შეხედულებებიდან გამომდინარე რაიმე აზრის გატანას შევეცადოთ და ვერც კი ვაცნობიერებდეთ, რომ მოკრძალების ზღვარს გადავედით (1 კორ. 4:6). w17.01 3:6—8

ორშაბათი, 26 მარტი

ჭაბუკთა მშვენება მათი ძალაა, მოხუცებულთა სიდიადე კი — ჭაღარა (იგავ. 20:29).

ბოლო პერიოდში იეჰოვას ხალხის საქმიანობა უფრო მასშტაბური და მრავლისმომცველი გახდა. ახალ პროექტებთან შეჭიდებისას ინერგება ახალი მეთოდები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს. ხანში შესულთაგან ზოგისთვის რთულია ასეთი ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა (ლუკ. 5:39). ასეც რომ არ იყოს, ასაკოვნებთან შედარებით ახალგაზრდებს მეტი ძალა და ენერგია აქვთ. ამიტომ ხანში შესული ძმები პრაქტიკულად იქცევიან და სიყვარულს ავლენენ, როცა ახალგაზრდებს მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად ამზადებენ (ფსალმ. 71:18). პასუხისმგებელი ძმებისთვის შეიძლება ადვილი არ იყოს თავიანთი საქმის ახალგაზრდებისთვის გადაბარება. ზოგს ეშინია იმის დაკარგვის, რაც მისთვის ძვირფასია, ან დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდები მათსავით კარგად ვერ შეასრულებენ საქმეს. ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვინმეს მოსამზადებლად დრო არა აქვს. თავის მხრივ, ახალგაზრდებმა მოთმინება არ უნდა დაკარგონ, როცა მეტ პასუხისმგებლობას არ ანდობენ. w17.01 5:3, 4

სამშაბათი, 27 მარტი

ერთ მოქმედებას, რომელიც გამართლებას ემსახურებოდა, ყველასთვის მართლებად აღიარება მოაქვს სასიცოცხლოდ (რომ. 5:18).

იესო ადამის მსგავსი სრულყოფილი ადამიანი გახდა (იოან. 1:14). თუმცა ადამისგან განსხვავებით იესომ ბოლომდე შეასრულა იეჰოვას მიერ სრულყოფილი ადამიანისთვის დადგენილი მოთხოვნები. უკიდურესი განსაცდელების დროსაც კი მას არ შეუცოდავს და არც ღვთის რომელიმე კანონი დაურღვევია. იესო, როგორც სრულყოფილი ადამიანი, საკუთარი სიცოცხლის შეწირვით კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილისგან იხსნიდა. ის იყო ზუსტად ისეთი, როგორიც ადამი უნდა ყოფილიყო — ბოლომდე ღვთის ერთგული და მორჩილი სრულყოფილი ადამიანი (1 ტიმ. 2:6). იესოს მიერ მსხვერპლად გაღებულმა გამოსასყიდმა უსასრულო სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა ბევრს — კაცებს, ქალებსა თუ ბავშვებს (მათ. 20:28). ღვთის თავდაპირველი განზრახვის შესრულება სწორედ გამოსასყიდის მეშვეობით გახდა შესაძლებელი (2 კორ. 1:19, 20). გამოსასყიდი ღვთის ერთგულებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას აძლევს. w17.02 1:15, 16

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (იოანე 12:12—19; მარკოზი 11:1—11)

ოთხშაბათი, 28 მარტი

სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა . . . გაუძლო (ებრ. 12:2).

დავუშვათ, გრძელი გვირაბის შუაში ხართ, სადაც სრული სიბნელეა. შესაძლოა გაფიქრებთ, გამოჩნდება თუ არა სინათლე. ზოგჯერ პრობლემების გამო თავი შეიძლება ისე ვიგრძნოთ, თითქოს ბნელით მოცულ გვირაბში ვიმყოფებით. ეს განცდა არც იესოსთვის ყოფილა უცხო. მან ცოდვილთაგან „სიტყვიერი შეურაცხყოფა“, დამცირება და ბოძზე წამებაც კი აიტანა. ეს მის ცხოვრებაში მართლაც უმძიმესი პერიოდი იყო! (ებრ. 12:3). თუმცა იესომ ყველაფერი მოითმინა. დიახ, იესო იმ შედეგებზე ფიქრობდა, რაც მის მოთმინებას მოჰყვებოდა; განსაკუთრებით იმაზე, რომ თავის წვლილს შეიტანდა ღვთის სახელის განწმენდასა და მისი უზენაესობის დამტკიცებაში. იესოს უმძიმესი განსაცდელები დროებითი იყო, მაგრამ ზეციური ჯილდო, რომელსაც ის მიიღებდა, მარადიული იქნებოდა. შესაძლოა განსაცდელები ჩვენც გვამძიმებს და გვთრგუნავს, მაგრამ გვახსოვდეს, რომ განსაცდელები, რომლებსაც მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე ვხვდებით, დროებითია. w16.04 2:10

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (იოანე 12:20—50)

ხუთშაბათი, 29 მარტი

მისი [იესოს] მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები (ეფეს. 1:7).

დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი მისაღები გახდა და ცოდვა სირცხვილად აღარ ითვლება, ამიტომ ბევრი ადამიანი ვერ ხედავს გამოსასყიდის აუცილებლობას. მათ არც კი იციან, რა არის ცოდვა, რა გავლენას ახდენს ჩვენზე და რა უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავაღწიოთ მას. გულმართალ ადამიანებს შვებას ჰგვრის იმის გაგება, რომ იეჰოვამ უდიდესი სიყვარულისა და წყალობის გამო დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, რათა ცოდვისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ (1 იოან. 4:9, 10). ქრისტეს გამოსასყიდი ჩვენდამი ღვთის სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა და მისი წყალობის სიუხვეს ცხადყოფს. რამხელა შვებაა იმის გაგება, რომ ცოდვები გვეპატიება და სინდისი სუფთა გვექნება, თუ იესოს დაღვრილი სისხლის მიმართ რწმენას გამოვავლენთ! (ებრ. 9:14). ეს მართლაც სასიხარულო ცნობაა, რომელიც სხვებსაც უნდა გავუზიაროთ! w16.07 4:6, 7

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (ლუკა 21:1—36)

პარასკევი, 30 მარტი

[ქრისტემ] მარადიული ხსნა მოგვიპოვა (ებრ. 9:12).

გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე ბოლომდე გვეპატიება ცოდვები. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ჩვენი ცოდვები წაიშლება (საქ. 3:19—21). იეჰოვა გამოსასყიდის საფუძველზე შვილებად იღებს სულით ცხებულ მსახურებს (რომ. 8:15—17). „სხვა ცხვრისთვის“ იეჰოვას თითქოსდა შედგენილი აქვს „შვილობის მოწმობა“, რომელსაც ჩვენი სახელი აწერია. მას შემდეგ, რაც გავსრულყოფილდებით და წარმატებით გავივლით საბოლოო გამოცდას, იეჰოვა სიხარულით მიგვიღებს თავის საყვარელ მიწიერ შვილებად ანუ, ასე ვთქვათ, ხელს მოაწერს ამ მოწმობას (რომ. 8:20, 21; გამოცხ. 20:7—9). იეჰოვას მარადიულად ეყვარება თავისი ძვირფასი შვილები და გამოსასყიდი მათ მარადიულ კურთხევებს მოუტანს. ეს ძღვენი არასდროს გაუფასურდება და მას ვერავინ და ვერაფერი წაგვართმევს. w17.02 2:15, 16

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (მათე 26:1—5, 14—16; ლუკა 22:1—6)

გახსენების საღამო
მზის ჩასვლის შემდეგ
შაბათი, 31 მარტი

თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან . . . იესო ქრისტე (1 იოან. 2:1).

როცა იეჰოვა თავისკენ გვიზიდავდა, მას ისიც ეცოდინებოდა, რომელ მიდრეკილებებთან გაგვიჭირდებოდა ბრძოლა. მან იცოდა, რომ დროდადრო შეცდომებს დავუშვებდით. მიუხედავად ამისა, იეჰოვას უარი არ უთქვამს ჩვენთან მეგობრობაზე. სიყვარულმა აღძრა ღმერთი, რომ ჩვენთვის ძვირფასი ძღვენი, თავისი საყვარელი ძე გაეღო გამოსასყიდად (იოან. 3:16). თუ ცოდვის ჩადენის შემთხვევაში იეჰოვას ამ ძვირფასი ძღვნის საფუძველზე ვთხოვთ პატიებას, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენი მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება ჩვენი არასრულყოფილების მიუხედავად (1 ტიმ. 1:15). w16.05 4:6, 7

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (მათე 26:17—19; მარკოზი 14:12—16; ლუკა 22:7—13) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (იოანე 13:1—5; 14:1—3)

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება