საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es18 გვ. 37-46
  • აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრილი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 აპრილი
  • ორშაბათი, 2 აპრილი
  • სამშაბათი, 3 აპრილი
  • ოთხშაბათი, 4 აპრილი
  • ხუთშაბათი, 5 აპრილი
  • პარასკევი, 6 აპრილი
  • შაბათი, 7 აპრილი
  • კვირა, 8 აპრილი
  • ორშაბათი, 9 აპრილი
  • სამშაბათი, 10 აპრილი
  • ოთხშაბათი, 11 აპრილი
  • ხუთშაბათი, 12 აპრილი
  • პარასკევი, 13 აპრილი
  • შაბათი, 14 აპრილი
  • კვირა, 15 აპრილი
  • ორშაბათი, 16 აპრილი
  • სამშაბათი, 17 აპრილი
  • ოთხშაბათი, 18 აპრილი
  • ხუთშაბათი, 19 აპრილი
  • პარასკევი, 20 აპრილი
  • შაბათი, 21 აპრილი
  • კვირა, 22 აპრილი
  • ორშაბათი, 23 აპრილი
  • სამშაბათი, 24 აპრილი
  • ოთხშაბათი, 25 აპრილი
  • ხუთშაბათი, 26 აპრილი
  • პარასკევი, 27 აპრილი
  • შაბათი, 28 აპრილი
  • კვირა, 29 აპრილი
  • ორშაბათი, 30 აპრილი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
es18 გვ. 37-46

აპრილი

კვირა, 1 აპრილი

თქვენ, ოდესღაც გაუცხოებულები და მტრები იმის გამო, რომ თქვენი გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული, ღმერთმა ახლა შეგირიგათ მისი ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით (კოლ. 1:21, 22).

ჩვენი მოვალეობაა, გავაგებინოთ მოყვასს, რომ თავიანთ შემოქმედთან მეგობრული ურთიერთობის განვითარება შეუძლიათ. ვიდრე ადამიანები რწმენას გამოავლენენ იესოს მსხვერპლის მიმართ, ღმერთი მათ მტრებად მიიჩნევს. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ვისაც ძე სწამს, მარადიული სიცოცხლე აქვს, ხოლო ვინც ძეს არ ემორჩილება, ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა რჩება მასზე“ (იოან. 3:36). საბედნიეროდ, ქრისტეს მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა ღმერთთან შერიგება (2 კორ. 5:18—20). ჩვენ ხალხს ვასწავლით ჭეშმარიტებას და იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარებაში ვეხმარებით. ეს ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის მნიშვნელოვანი მხარეა. w16.07 4:8—10

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (იოანე 19:1—42)

ორშაბათი, 2 აპრილი

განიწმინდოს შენი სახელი (მათ. 6:9).

პირველი სათხოვარი, რომელიც იესომ ლოცვის ნიმუშში მოიხსენია, ღვთის სახელის განწმენდას ეხებოდა. ვინაიდან იეჰოვა წმინდაა, მის მიერ დადგენილი ყველა პრინციპი და კანონი წმინდაა. მიუხედავად ამისა, ედემის ბაღში ეშმაკმა ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უფლება, რომ ადამიანებისთვის ზნეობრივი ნორმები დაედგინა. იეჰოვაზე სიცრუის ლაპარაკით სატანამ შეურაცხყო ღვთის წმინდა სახელი (დაბ. 3:1—5). იესოს ნამდვილად უყვარდა იეჰოვას სახელი (იოან. 17:25, 26). მან თავისი წვლილი შეიტანა ღვთის სახელის განწმენდაში (ფსალმ. 40:8—10). დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავისი ცხოვრებით დაანახვა სხვებს, რომ გონივრული და სამართლიანია, იეჰოვამ ზნეობრივი ნორმები დაუდგინოს თავის გონიერ ქმნილებებს. სიკვდილამდე ზეციერი მამისადმი ერთგულებით იესომ დაამტკიცა, რომ სრულყოფილ ადამიანს შეუძლია სრულყოფილად დაემორჩილოს ღვთის სამართლიან ნორმებს. w17.02 2:2—4

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარიმოვლენები: 16 ნისანი) (იოანე 20:1)

სამშაბათი, 3 აპრილი

კრავს . . . პატივი, დიდება (გამოცხ. 5:13).

კრავი არის იესო ქრისტე. ის არის „ღვთის კრავი, ქვეყნიერების ცოდვის აღმომფხვრელი“ (იოან. 1:29). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ის ყველა იმ მეფეზე აღმატებულია, რომელიც იყო და არის. მასში ნათქვამია, რომ იესო არის „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. მხოლოდ ის არის უკვდავი, მკვიდრობს მიუწვდომელ სინათლეში, კაციშვილს არ უნახავს და ვერც ნახავს“ (1 ტიმ. 6:14—16). რომელი მეფე გაიღებდა ნებაყოფლობით თავის სიცოცხლეს ჩვენი ცოდვების გამოსასყიდად? ალბათ, გსურთ, შეუერთდეთ უთვალავ ზეციერ ქმნილებას, რომლებიც აცხადებენ: „კრავი, რომელიც დაიკლა, ღირსია, მიიღოს ძლიერება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა“ (გამოცხ. 5:12). ჩვენ ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ იეჰოვასა და იესო ქრისტეს, რადგან ჩვენი მარადიული სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული (ფსალმ. 2:11, 12; იოან. 5:23). w17.03 1:3, 4

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (იოანე 20:2—18)

ოთხშაბათი, 4 აპრილი

თუ წამიყვანთ . . . გავხდები თქვენი წინამძღოლი (მსაჯ. 11:9).

იფთახს ისრაელი ერის ისტორიის ცოდნა საშუალებას აძლევდა, რომ დაენახა, რა იყო სწორი იეჰოვას თვალში და რა — არასწორი (მსაჯ. 11:12—27). მოსეს კანონში ჩადებულმა პრინციპებმა იფთახის გულსა და გონებაზე უდიდესი გავლენა იქონია. მან იცოდა, რომ იეჰოვა არათუ გულში ბოღმის ჩადებას არ იწონებდა, არამედ, პირიქით, თავისი ხალხისგან ურთიერთსიყვარულს მოითხოვდა. კანონი იმასაც ითვალისწინებდა, რომ ისრაელებს ყველასთვის, მოძულეთათვისაც კი გაემართათ ხელი (გამ. 23:5; ლევ. 19:17, 18). იფთახზე დადებითი გავლენა შესაძლოა ღვთის ერთგული მსახურის, იოსების მაგალითმაც მოახდინა. იოსებიც ძმებმა შეიძულეს, თუმცა მან დიდსულოვნება გამოიჩინა მათ მიმართ (დაბ. 37:4; 45:4, 5). ალბათ, ეს და მსგავსი მაგალითები დაეხმარა იფთახს, რომ იეჰოვას მოსაწონად ემოქმედა. მართალია, იგი გულნატკენი დარჩებოდა ძმების საქციელით, მაგრამ ამის გამო მას იეჰოვას მსახურებასა და მისი ხალხის დახმარებაზე უარი არ უთქვამს (მსაჯ. 11:1—3). w16.04 1:8, 9

ხუთშაბათი, 5 აპრილი

ყოველდღე ერთად იყვნენ ყველანი ტაძარში (საქ. 2:46).

იეჰოვას ხალხი ერთად შეკრებას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებისთანავე ქრისტეს მიმდევრები „ყოველდღე ერთად იყვნენ . . . ტაძარში“. ალბათ, თქვენც გსურთ, რომ კრების შეხვედრებს რეგულარულად დაესწროთ. თუმცა ზოგჯერ ქრისტიანს შეიძლება გაუჭირდეს კრების შეხვედრებზე დასწრება ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორების გამო, როგორიცაა: სამსახური, გადატვირთული გრაფიკი, დაღლილობა და სხვა. თუ ვაფასებთ კრების შეხვედრების მნიშვნელობას, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ყოველთვის დავესწროთ მათ. ზოგი ქრისტიანი მათგან დამოუკიდებელი მიზეზების, მაგალითად ავადმყოფობის გამო, კრების შეხვედრებს რეგულარულად ვერ ესწრება. უხუცესებს შეუძლიათ ამ და-ძმებს კრების შეხვედრების პროგრამა ტელეფონით ან აუდიოჩანაწერების საშუალებით მოასმენინონ. w16.04 3:3

პარასკევი, 6 აპრილი

გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას (იოან. 16:33).

იეჰოვას ერთგულ მსახურთა მაგალითები სიბრძნესა და ძალას მოგვცემს საიმისოდ, რომ არ დავთმოთ ჩვენი პოზიცია. ასეთ მსახურებს მიეკუთვნებიან: შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო. მათ თაყვანი არ სცეს კერპს, რომელიც ბაბილონის იმპერიის სიმბოლოს წარმოადგენდა (დან. 3:16—18). ამ სამი ახალგაზრდის შემთხვევა გაბედულებას ჰმატებს იმ მოწმეებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის დროშას არ ეთაყვანებიან. ნეიტრალიტეტის დაცვის საუკეთესო მაგალითი იესომაც დაგვიტოვა. იგი არ ერეოდა პოლიტიკურ თუ სოციალურ კონფლიქტებში. მან შესანიშნავად იცოდა, თუ რაოდენ დიდ გავლენას იქონიებდა მისი მაგალითი მოწაფეებზე. ამიტომაც მოუწოდა მათ: „გამაგრდით!“. ნეიტრალიტეტის შესანარჩუნებლად ბრძოლაში დახმარების გაწევა კრებასაც შეუძლია. თუ ამის შესახებ და-ძმებსაც მოუყვებით, თავის მხრივ, ისინიც მხარში ამოგიდგებიან. სთხოვეთ მათ, რომ ილოცონ თქვენთვის. თუ გსურთ, რომ და-ძმებმა დახმარების ხელი გამოგიწოდონ და ილოცონ თქვენთვის, თქვენც იმავეს გაკეთება გმართებთ მათთვის, ვისი ერთგულებაც იცდება (მათ. 7:12). w16.04 4:16, 18

შაბათი, 7 აპრილი

შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა (ფსალმ. 110:3).

როგორი მიდგომა გვაქვს იეჰოვას მოწმეებს ფულადი შესაწირავის მიმართ? ჩვენი საქმიანობა ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით (2 კორ. 9:7). ჩვენს სამეფო თუ საკონგრესო დარბაზებში არ ხდება ფულის აგროვება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მარტო 2015 წელს იეჰოვას მოწმეებმა 1, 93 მილიარდი საათი დაუთმეს სასიხარულო ცნობის ქადაგებას; გარდა ამისა, ყოველთვიურად დაახლოებით 9 მილიონ უსასყიდლო ბიბლიის შესწავლას ატარებდნენ. ისინი არათუ უსასყიდლოდ ასრულებენ ამ საქმეს, არამედ სამქადაგებლო ხარჯებს თავად ფარავენ. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის შესახებ ერთმა მკვლევარმა ასეთი კომენტარი გააკეთა: „მათი მთავარი მიზანი ქადაგება და სწავლებაა . . . მათ არ ჰყავთ სამღვდელოება, რაც ერთიორად ამცირებს ხარჯებს“. მაშ, რა არის ჩვენი ქადაგების მოტივი? მარტივად რომ ვთქვათ, ამ საქმეს ჩვენი სურვილით ვასრულებთ, ვინაიდან გვიყვარს იეჰოვა და მოყვასი. როგორც დღევანდელ მუხლში ვკითხულობთ, ასეთი მზადყოფნის სულის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო. w16.05 2:9

კვირა, 8 აპრილი

ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით (იაკ. 3:17).

ამის ცოდნა აღგვძრავს, მოვერიდოთ ისეთ გართობას, რომელიც უწმინდურ ფიქრებსა და სურვილებს აღვივებს. გამჭრიახი ქრისტიანი არც კი დაფიქრდება, გაერთოს თუ არა ისეთი წიგნით, ფილმით ან თამაშით, რომლებიც იეჰოვასთვის საძულველ აზრებსა თუ ქმედებებს შეიცავს. ღვთის თვალსაზრისი ამ საკითხებზე ნათლად ჩანს მისი სიტყვიდან. ბევრი საკითხი შეიძლება სხვადასხვაგვარად გადაიჭრას და იეჰოვასთვის ყველა მოსაწონი იყოს. მაგრამ სერიოზული გადაწყვეტილების შემთხვევაში ზოგჯერ მიზანშეწონილია, რჩევისთვის უხუცესებს ან სხვა გამოცდილ ქრისტიანებს მივმართოთ (ტიტ. 2:3—5; იაკ. 5:13—15). თუმცა არასწორი იქნებოდა, თუ სხვებს ვთხოვდით, ჩვენ ნაცვლად მიეღოთ გადაწყვეტილება. ქრისტიანებმა უნდა გაწაფონ და გამოიყენონ აღქმის უნარი (ებრ. 5:14). ჩვენ უნდა გვახსოვდეს პავლეს ღვთივშთაგონებული სიტყვები: „თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალ. 6:5). w16.05 3:15, 16

ორშაბათი, 9 აპრილი

ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი ვიყავი (1 ტიმ. 1:13).

ადამიანებზე დაკვირვების დროს იეჰოვა ყურადღებას არ აქცევს მათ გარეგნობას. ის იკვლევს მათ გულებს, ანუ შინაგან პიროვნებას (1 სამ. 16:7ბ). ეს ნათლად გამოჩნდა მაშინ, როცა ღმერთმა ქრისტიანული კრება ჩამოაყალიბა. მან თავისკენ და თავისი ძისკენ მიიზიდა ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვების თვალში ნდობას არ იმსახურებდნენ (იოან. 6:44). მათ შორის იყო ფარისეველი სავლე. მაგრამ „გულების შემმოწმებელი“ ღმერთი სავლეს გამოუსადეგარ თიხად არ მიიჩნევდა (იგავ. 17:3). მან დაინახა, რომ სავლესგან სასურველი, „რჩეული ჭურჭლის“ გამოძერწვა შეიძლებოდა, რომელიც „უცხოტომელებს, მეფეებსა და ისრაელის ძეებს“ უქადაგებდა (საქ. 9:15). ღმერთმა ისეთებშიც კი დაინახა საპატიო ხმარებისთვის განკუთვნილ ჭურჭლად გახდომის შესაძლებლობა, რომლებიც ადრე ლოთები, ქურდები და უზნეოები იყვნენ (რომ. 9:21; 1 კორ. 6:9—11). ღვთის სიტყვის შესწავლის შედეგად მათ განიმტკიცეს იეჰოვასადმი რწმენა და ღმერთს საკუთარი თავის გამოძერწვის საშუალება მისცეს. w16.06 1:4

სამშაბათი, 10 აპრილი

აი, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში (იერ. 18:6).

თავისი სიტყვის, კრებისა და სამქადაგებლო მსახურების მეშვეობით ღმერთი გვეხმარება, რომ კვლავაც რბილი თიხა ვიყოთ. როგორც წყალი არბილებს თიხას, ისე ბიბლიის ყოველდღე კითხვა და წაკითხულზე ფიქრი გვაქცევს რბილ თიხად იეჰოვას ხელში. იეჰოვა მოითხოვდა ისრაელის მეფეებისგან, რომ გადაეწერათ ღვთის კანონი და ყოველდღე ეკითხათ ის (კან. 17:18, 19). მოციქულებს ესმოდათ, რომ მსახურების შესასრულებლად აუცილებელი იყო წმინდა წერილების კითხვა და მათზე ფიქრი. მათ ებრაული წერილებიდან ასობით ციტატა თუ აზრი მოიყვანეს თავიანთ წერილებში და მსმენელსაც მოუწოდებდნენ, გამოეკვლიათ წმინდა წერილები (საქ. 17:11). ჩვენც გვესმის, რომ აუცილებელია, ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ წაკითხულზე (1 ტიმ. 4:15). შედეგად, იეჰოვას თვალში თავმდაბლები ვიქნებით, მის ხელში კი — რბილი თიხა. w16.06 2:10

ოთხშაბათი, 11 აპრილი

ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ (იოან. 13:35).

ასეთი სიყვარულის გამოვლენა განსაკუთრებით აუცილებელი გახდა გასულ საუკუნეში, როცა ერები სისხლისმღვრელ ომებში ჩაებნენ. მაგალითად, მხოლოდ მეორე მსოფლიო ომმა თითქმის 55 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. მაგრამ იეჰოვას მოწმეებს მონაწილეობა არ მიუღიათ ამ მსოფლიო მასშტაბის ხოცვა-ჟლეტაში (მიქ. 4:1, 3). შედეგად ისინი სუფთანი არიან „ყველას სისხლისაგან“ (საქ. 20:26). ღვთის ხალხი რიცხობრივად იზრდება მიუხედავად იმისა, რომ ისინი „ამ ქვეყნიერების ღვთის“, სატანის მიერ მართულ მტრულად განწყობილ მსოფლიოში ცხოვრობენ (2 კორ. 4:4). ის კულისებიდან მართავს პოლიტიკურ სისტემასა თუ მასმედიას, მაგრამ ვერ აჩერებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას. მან კარგად იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა, ამიტომ არაერთ ხრიკს მიმართავს, რომ ხალხი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩამოაშოროს (გამოცხ. 12:12). w16.06 4:3, 4

ხუთშაბათი, 12 აპრილი

ისწავლეთ მინდვრის შროშანებისგან (მათ. 6:28).

იესო ყურადღებას გვიმახვილებს იეჰოვას შემოქმედებაზე და გვანახვებს, რის სწავლა შეგვიძლია მინდვრის ყვავილებისგან. იესოს შეიძლება მხედველობაში ჰქონდა ისეთი ყვავილები, როგორიცაა ხმალა, სუმბული, ზამბახი და ტიტა. ყველა მათგანი თავისებურად ლამაზია. ისინი არ ართავენ ძაფს, არ კერავენ და არ ქსოვენ. მიუხედავად ამისა, მათი სილამაზე გვატყვევებს. თვით „დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი“! დაუკვირდით, რის თქმა სურდა იესოს შემდეგი სიტყვებით: „თუკი ღმერთი ასე მოსავს მინდვრის ბალახს, . . თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირე რწმენისანო?“ (მათ. 6:29, 30). რა თქმა უნდა, ის გააკეთებდა ამას! თუმცა იესოს მოწაფეებს რწმენა აკლდათ (მათ. 8:26; 14:31; 16:8; 17:20). მათ უნდა განემტკიცებინათ იეჰოვასადმი რწმენა და სრულად უნდა მინდობოდნენ მას. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? მტკიცედ გვწამს, რომ იეჰოვას სურს და შეუძლია იზრუნოს ჩვენს საჭიროებებზე? w16.07 1:15, 16

პარასკევი, 13 აპრილი

რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, როგორც ღვთის . . . წყალობის კარგი მმართველები (1 პეტ. 4:10).

იეჰოვა ნებისმიერ განსაცდელთან გამკლავებაში დაგვეხმარება და მისი წყალობა ყოველთვის საჭიროებისამებრ გამოვლინდება (1 პეტ. 1:6). იეჰოვას მრავალმხრივ გამოვლენილ წყალობას ბევრი კურთხევა მოაქვს ჩვენთვის. ერთ-ერთი მათგანია ცოდვების პატიება. იეჰოვა თავისი წყალობით გვპატიობს ცოდვებს, თუ ვინანიებთ და ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლას არ ვწყვეტთ (1 იოან. 1:8, 9). ღვთის გულმოწყალებამ ჩვენში მადლიერების გრძნობა უნდა აღძრას და იეჰოვას განდიდებისკენ უნდა გვიბიძგოს. პავლე მოციქულმა დაწერა: „[იეჰოვამ] დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან და გადაგვიყვანა თავისი საყვარელი ძის სამეფოში, ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით, მოგვეტევა ჩვენი ცოდვები“ (კოლ. 1:13, 14). ცოდვების პატიება საფუძველს ქმნის უამრავი კურთხევის მისაღებად. w16.07 3:7—9

შაბათი, 14 აპრილი

ის თავს გაგიჭეჭყავს (დაბ. 3:15).

ედემის ბაღში მომხდარის მიუხედავად, პირველი ბიბლიური წინასწარმეტყველებით იეჰოვამ იმედი ჩაუსახა კაცობრიობას. ღმერთი ცოლთან შედარებული ორგანიზაციის წარმომადგენელს გამოგზავნიდა, რომელიც გაანადგურებდა ეშმაკს და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის თანახმად, მორჩილ ადამიანებს დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა, რაც პირველმა წყვილმა დაკარგა (იოან. 3:16). ადამისა და ევას ურჩობამ არა მხოლოდ მათ ქორწინებას მიაყენა დარტყმა, არამედ ყველა მათი შთამომავლის ქორწინებასაც. მაგალითად, როგორც ევა, ისე ყველა მისი შთამომავალი ქალი განიცდიდა ორსულობისა და მშობიარობის ძლიერ ტკივილებს. ცოლს ქმრისკენ ექნებოდა ლტოლვა, ქმარი კი იბატონებდა ცოლზე და, როგორც ეს დღეს ბევრ ოჯახში ხდება, სასტიკადაც კი მოეპყრობოდა მას (დაბ. 3:16). ბიბლიის თანახმად, ქმარმა სიყვარულით უნდა გასწიოს მეთაურობა, ცოლი კი უნდა დაემორჩილოს ქმარს, როგორც მეთაურს (ეფეს. 5:33). ღვთისმოშიში მეუღლეები ოჯახის ბედნიერებისთვის ერთად იღვწიან, ამიტომ უთანხმოებების გამომწვევი სიტუაციები იშვიათად ან საერთოდ არ იქმნება. w16.08 1:6, 7

კვირა, 15 აპრილი

რა იცი შენ, ცოლო, იქნებ იხსნა ქმარი? ანდა რა იცი შენ, ქმარო, იქნებ იხსნა ცოლი? (1 კორ. 7:16)

ზოგი ქრისტიანის მეუღლე ჯერ არ ემსახურება იეჰოვას. ბიბლიაში მოყვანილია საფუძვლიანი მიზეზები, თუ რატომ უნდა დარჩნენ ერთად ასეთი წყვილები (1 კორ. 7:12—14). მეუღლე, რომელიც იეჰოვას მსახური არ არის, მორწმუნე მეუღლის წყალობით განწმენდილად ითვლება მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ამას. შვილები, რომლებიც მათ ეყოლებათ, „წმინდებად“ ჩაითვლებიან და ღვთის მფარველობის ქვეშ იქნებიან. იეჰოვას მოწმეთა თითქმის ყველა კრებაშია ისეთი და ან ძმა, რომელიც ამგვარად „იხსნა“ თავისმა მეუღლემ. მოციქული პეტრე ქრისტიან ცოლებს ურჩევს, დაემორჩილონ ქმრებს, „რათა ისინი, ვინც სიტყვას არ ემორჩილებიან, უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით“, როცა დაინახავენ, რომ ცოლები სუფთად იქცევიან და დიდ პატივისცემას ავლენენ ქმრების მიმართ (1 პეტ. 3:1—4). w16.08 2:14, 15

ორშაბათი, 16 აპრილი

მთელი გულით გიყვარდეთ ერთმანეთი (1 პეტ. 1:22).

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ჩვენთვის, ღვთის მსახურთათვის პატივია, გამოვავლინოთ ძმათმოყვარეობა და ერთმანეთს მოვემსახუროთ (ლუკ. 22:24—27). ღვთის ძემ გაიღო ყველაფერი, საკუთარი სიცოცხლეც კი, რათა მომსახურებოდა სხვებს (მათ. 20:28); ქურციკი „ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა და მოწყალებასაც უხვად გასცემდა“ (საქ. 9:36, 39); რომში მცხოვრებმა ქრისტიანმა დამ მარიამმა „ბევრი იშრომა“ თავისი კრების წევრებისთვის (რომ. 16:6). როგორ შეგვიძლია დავანახვოთ ახლებს, რომ და-ძმების დახმარება მნიშვნელოვანია? მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ ახლებთან ერთად მოინახულონ ავადმყოფი ან ხანდაზმული და-ძმები. თუ მიზანშეწონილია, მშობლებს შეუძლიათ ასეთი თანაქრისტიანების მოსანახულებლად შვილებიც წაიყვანონ. უხუცესებს შეუძლიათ სთხოვონ მაუწყებლებს, მათთან ერთად იზრუნონ, რომ კრების ხანდაზმულ წევრებს ჯანსაღი საკვები და მოვლილი სახლ-კარი ჰქონდეთ. ამგვარად, ახალგაზრდები და კრების ახალი წევრები სხვებისთვის სიკეთის კეთებას სწავლობენ და აცნობიერებენ, რომ კრებაში ყველას უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარული (რომ. 12:10). w16.08 4:13, 14

სამშაბათი, 17 აპრილი

ვინც ისმენს სიტყვას, სწვდება მის აზრს და ნაყოფი გამოაქვს (მათ. 13:23).

საფრანგეთში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა დამ თქვა: „ჩემი სკოლის მასწავლებლებს უკვირთ, რომ კიდევ არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც ბიბლიის სწამთ“. შეიძლება იეჰოვას ახალგაზრდა მსახური ხარ ან ჯერ კიდევ ეცნობი მას. ხომ არ განიცდი ზეწოლას გარშემო მყოფებისგან, რათა შემოქმედის ნაცვლად ისეთი გავრცელებული მოძღვრებისა გწამდეს, როგორიც ევოლუციაა? თუ ეს ასეა, შეგიძლია გარკვეული ნაბიჯები გადადგა რწმენის გასაძლიერებლად და შესანარჩუნებლად. ერთ-ერთი ნაბიჯი ის არის, რომ შეგიძლია ღვთისგან ბოძებული ჭკუა, ანუ აზროვნების უნარი გამოიყენო, რომელიც დაგიცავს რწმენის დამანგრეველი ქვეყნიური ფილოსოფიებისგან (იგავ. 2:10—12). ნამდვილი რწმენა ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნიდან მოდის (1 ტიმ. 2:4). ასე რომ, ღვთის სიტყვისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლისას მასალას უბრალოდ ნუ გადაურბენ. გამოიყენე აზროვნების უნარი, რომ ჩასწვდე წაკითხულს. w16.09 4:1—3

ოთხშაბათი, 18 აპრილი

შენ სძლიე ბოროტებას სიკეთით (რომ. 12:21).

თუ რთული ბავშვობა გვქონდა ან ერთი შეხედვით უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდით, არ უნდა შევწყვიტოთ შეუპოვრად ბრძოლა. თუ ასე მოვიქცევით, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვაკურთხებს (დაბ. 39:21—23). დაფიქრდით, რა სირთულესთან გიწევთ ჭიდილი. შეიძლება უსამართლოდ გექცევიან, დაგცინიან ან ათვალწუნებული ხართ. ან შეიძლება შურის გამო ცრუდ გდებენ ბრალს. ნაცვლად იმისა, რომ ფარ-ხმალი დაყაროთ, გახსოვდეთ, რა დაეხმარა იაკობს, რახელსა და იოსებს, სიხარულით განეგრძოთ იეჰოვას მსახურება. ღმერთმა გააძლიერა და აკურთხა ისინი, რადგან დიდად აფასებდნენ სულიერ საკითხებს. ისინი განაგრძობდნენ ბრძოლას და ლოცვების შესაბამისად მოქმედებას. ჩვენ ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეების მიწურულს ვცხოვრობთ. ამიტომ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, ჩავეჭიდოთ ჩვენს მტკიცე იმედს. მზად ხართ, ყოველი ღონე იხმაროთ, ასე ვთქვათ, იბრძოლოთ იეჰოვას კეთილგანწყობის მოსაპოვებლად? w16.09 2:8, 9

ხუთშაბათი, 19 აპრილი

სულის ნაყოფია . . . რწმენა (გალ. 5:22).

მშობლებო, მნიშვნელოვანია თქვენი რწმენის მაგალითი. შვილები დააკვირდებიან თქვენს საქციელს და ეს მათზე დადებითად იმოქმედებს. ამიტომ განაგრძეთ საკუთარი რწმენის გაძლიერება! დაანახვეთ შვილებს, რომ იეჰოვა რეალურია თქვენთვის. ბერმუდის კუნძულებზე მცხოვრები ერთი წყვილი პრობლემების დროს შვილებთან ერთად იეჰოვას მიმართავს ხელმძღვანელობისთვის და შვილებსაც მოუწოდებს, პირადად ილოცონ. «ჩვენს უფროს ქალიშვილს ვეუბნებით: „ბოლომდე მიენდე იეჰოვას, დაკავდი სამეფოს საქმით და ძალიან არ ინერვიულო“. როცა ის საკუთარი თვალით ხედავს შედეგს, რწმუნდება, რომ იეჰოვა გვეხმარება. ამან მას ღვთისა და ბიბლიისადმი რწმენა გაუძლიერა». საბოლოო ჯამში, შვილებმა თვითონ უნდა განივითარონ რწმენა. მშობლები რგავენ და რწყავენ, ღმერთი კი ზრდის (1 კორ. 3:6). ამიტომ ლოცვაში ითხოვეთ მისი სული და გულმოდგინედ ასწავლეთ საყვარელ შვილებს, რომ იეჰოვასგან უხვი კურთხევები მიიღოთ (ეფეს. 6:4). w16.09 5:16—18

პარასკევი, 20 აპრილი

ჩააგონე შენს ვაჟს [ეს სიტყვები] (კან. 6:7).

უცხოენოვან ტერიტორიაზე სამ წელიწადზე მეტხანს მსახურების შემდეგ სერჟმა და მიურიელმა შენიშნეს, რომ თეოკრატიულ საქმიანობაში მონაწილეობა მათ 17 წლის ვაჟს სიხარულს აღარ ანიჭებდა. სერჟი ამბობს: „როცა მივხვდით, რომ ამის გამო ჩვენი შვილი სულიერად წინ ვერ მიიწევდა, გადავწყვიტეთ, ძველ კრებაში დავბრუნებულიყავით“. რა მიზეზების გამო შეიძლება გადაწყვიტონ მშობლებმა დაბრუნება? პირველი, თუ არა აქვთ საკმარისი დრო და შესაძლებლობა, რომ უცხო ენის შესწავლასთან ერთად იეჰოვას სიყვარული ჩაუნერგონ შვილებს. მეორე, თუ შენიშნავენ, რომ შვილებს სულიერ საქმეებში მონაწილეობის ან უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურების სურვილი გაუნელდათ. ამ მიზეზების გამო მშობლებმა შეიძლება გადაწყვიტონ, იქამდე გააგრძელონ მსახურება იმ კრებაში, რომელიც მათი შვილებისთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება, ვიდრე ისინი მყარად არ დადგებიან ჭეშმარიტებაში (კან. 6:5—7). w16.10 2:14, 15

შაბათი, 21 აპრილი

ნოემ, როდესაც ღმერთმა გააფრთხილა იმის შესახებ, რაც ჯერ არ იყო ხილული, ღვთისადმი შიში გამოავლინა და თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო (ებრ. 11:7).

უეჭველია, ნოეს მეზობლები დაინტერესდებოდნენ, რაში სჭირდებოდა მას ამხელა შენობა. გაჩუმდებოდა ნოე ან ეტყოდა მათ, რომ თავისი საქმისთვის მიეხედათ? რა თქმა უნდა, არა. რწმენით მან გაბედულად დაუმოწმა მათ და გააფრთხილა, რომ ღმერთი მალე განაჩენს აღასრულებდა ბოროტებზე. ის, ალბათ, სიტყვასიტყვით გაუმეორებდა მათ იეჰოვას ნათქვამს: „დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო, რადგან ძალადობით აავსეს დედამიწა . . . მოვსპობ მათ და მოვსპობ მიწას. მოვავლენ წარღვნას დედამიწაზე, რომ მოვსპო ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რომელშიც სასიცოცხლო ძალაა. ყველაფერი მოისპობა დედამიწაზე“. ნოე გადარჩენის ერთადერთ საშუალებასაც დაანახვებდა მათ და გაუმეორებდა ღვთის მითითებას: „შედი კიდობანში“. ამგვარად, ნოეს რწმენა იმაშიც გამოვლინდა, რომ „სიმართლის მქადაგებელი“ იყო (დაბ. 6:13, 17, 18; 2 პეტ. 2:5). w16.10 4:7

კვირა, 22 აპრილი

კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს (იერ. 10:23).

ქრისტიანი მშობლები, რომლებიც ღვთის სიტყვაში ჩაწერილი რჩევების თანახმად ზრდიან შვილებს, ამტკიცებენ, რომ იეჰოვას ერთგულები არიან. ღვთისმოშიში მშობლები ბრმად არ იზიარებენ მათ კულტურაში შვილების აღზრდასთან დაკავშირებულ შეხედულებებს. ქრისტიანულ ოჯახში არ უნდა იგრძნობოდეს ქვეყნიერების სულის გავლენა (ეფეს. 2:2). მონათლულმა ოჯახისთავმა არ უნდა იფიქროს, რომ შვილების აღზრდა ქალის საქმეა. ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი ნათელია: „მამებო, . . იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ [შვილები]“ (ეფეს. 6:4). ღვთისმოსავ მშობლებს სურთ, რომ იეჰოვა ისევე იყოს მათ შვილებთან, როგორც სამუელთან იყო (1 სამ. 3:19). გონივრული იქნება, რომ ოჯახთან ან ოჯახის რჩენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას ბიბლიას მივმართოთ ხელმძღვანელობისთვის. ჩვენ გვჭირდება ზეციერი მამის დახმარება, რადგან საკუთარი ნაბიჯების წარმართვა არ შეგვიძლია. w16.11 3:14, 15

ორშაბათი, 23 აპრილი

როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი, ვფიქრობ: რა არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს? (ფსალმ. 8:3, 4)

შემოქმედებიდან ჩანს, რომ ღმერთი შეუდარებელი ორგანიზატორია. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვამ სიბრძნით დააფუძნა დედამიწა, გამჭრიახობით გაამყარა ცა“ (იგავ. 3:19). ჩვენ მხოლოდ „მისი გზების კიდეები“ ვიცით და „მასზე ჩურჩულით გვესმის“ (იობ. 26:14). მიუხედავად იმისა, რომ პლანეტების, ვარსკვლავებისა და გალაქტიკების შესახებ ძალიან ცოტა ვიცით, ეს მწირი ცოდნაც კი აღგვძრავს, ვაღიაროთ, რომ ციური სხეულები საოცრად ორგანიზებულნი არიან. გალაქტიკები მილიონობით ვარსკვლავისგან შედგება, რომლებიც კოსმოსურ სივრცეში ორგანიზებულად გადაადგილდებიან. პლანეტები ისე მოძრაობენ მზის გარშემო თავიანთ ორბიტებზე, თითქოს „საგზაო წესებს“ ემორჩილებიან! სამყაროში არსებული შიშის მომგვრელი წესრიგი გვეხმარება, გავაცნობიეროთ, რომ იეჰოვა, რომელმაც „გონიერებით შექმნა ზეცა“ და დედამიწა, ჩვენს ერთგულებას და ჩვენგან განდიდებასა და თაყვანისცემას იმსახურებს (ფსალმ. 136:1, 5—9). w16.11 2:3

სამშაბათი, 24 აპრილი

იქცევიან ხალხად, რომელიც სიმართლით მიუტანს იეჰოვას საძღვნო შესაწირავს (მალ. 3:3).

მალაქიას 3:1—3-ში აღწერილია დრო (1914—1919), როცა იეჰოვა განწმენდდა „ლევის ძეებს“, ცხებულ ქრისტიანებს. იმ დროს იეჰოვა ღმერთი, „ჭეშმარიტი უფალი“, და იესო ქრისტე, „შეთანხმების მაცნე“, სულიერ ტაძარში მივიდნენ იქ მომსახურეთა შესამოწმებლად. საჭირო შეგონების მიღების შემდეგ, იეჰოვას განწმენდილი ხალხი მზად იყო ახალი დავალების შესასრულებლად. 1919 წელს „ერთგული და გონიერი მონა“ შინაურებისთვის სულიერი საზრდოს გასანაწილებლად დაინიშნა (მათ. 24:45). ახლა ღვთის ხალხი უკვე თავისუფალი იყო დიდი ბაბილონის გავლენისგან. მას შემდეგ ღვთის მსახურებს გამუდმებით ემატებათ ღვთის ნების შესახებ ცოდნა და უძლიერდებათ თავიანთი ზეციერი მამის სიყვარული. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ღვთის კურთხევებისთვის! w16.11 5:14

ოთხშაბათი, 25 აპრილი

გამომცადეთ . . . ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა (მალ. 3:10).

ჩვენ გვიყვარს იეჰოვა, „რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19). იეჰოვა იმითაც ავლენს სიყვარულს, რომ აკურთხებს თავის ერთგულ მსახურებს. რაც უფრო მეტად გვიყვარს იეჰოვა, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ ის არსებობს და აჯილდოებს მათ, ვინც უყვარს (ებრ. 11:6). შეუძლებელია, იეჰოვამ არ დააჯილდოოს თავისი ერთგული მსახურები! ჩვენი რწმენა სრული ვერ იქნება, თუ ბოლომდე არ ვიქნებით დარწმუნებულები იმაში, რომ ღმერთი დააჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელთ, რადგან „რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ“ (ებრ. 11:1). დიახ, რწმენაში იგულისხმება ის, რომ ღვთის დაპირებული კურთხევების შესრულებაში ბოლომდე ვართ დარწმუნებული. როგორც დღევანდელი მუხლიდან ჩანს, იეჰოვა საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, აკურთხოს თავისი ერთგული მსახურები და მოგვიწოდებს, ძალ-ღონე არ დავიშუროთ მისგან კურთხევის მისაღებად. ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ, თუ ვეხმაურებით ამ მოწოდებას. w16.12 4:1—3

ხუთშაბათი, 26 აპრილი

ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს (რომ. 8:6).

წლების მანძილზე ღვთისადმი მსახურების მიუხედავად, ქრისტიანმა შეიძლება ხორცისაზე ფიქრი დაიწყოს. ეს არ ეხება იმ ქრისტიანებს, რომლებიც ზოგჯერ ფიქრობენ საკვებზე, სამსახურზე, გართობასა თუ რომანტიკულ ურთიერთობაზე. ეს ღვთის მსახურთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. იესო სიამოვნებით მიირთმევდა საკვებს და სხვებსაც აპურებდა. ის ხედავდა დასვენების საჭიროებასაც. პავლე წერდა, რომ ქორწინებაში სექსუალურ ლტოლვასა და ინტიმურ ურთიერთობას თავისი ადგილი აქვს. ბერძნული სიტყვა, რომელიც პავლემ ამ გამოთქმაში გამოიყენა, ნიშნავს რაიმეზე მთელი ფიქრების კონცენტრირებასა და გეგმების შედგენას. ისინი, ვინც ხორციელად ცხოვრობენ, საკუთარ ცოდვილ ბუნებას თავიანთი ცხოვრების მართვის უფლებას აძლევენ. რომაელების 8:5-ში მოხსენიებული ამ გამოთქმის შესახებ ერთი ბიბლეისტი ამბობს: „ასეთი ადამიანები კონცენტრირებულნი არიან ხორციელზე — იმაზე, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ, რაზეც გამუდმებით ლაპარაკობენ და რითაც დაკავებულნი არიან და ტრაბახობენ“. w16.12 2:5, 9, 10

პარასკევი, 27 აპრილი

შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ? (იაკ. 4:12)

ნებისმიერი შეიძლება მოიქცეს კადნიერად, თუ მცირე ხნით მაინც მისცემს გასაქანს თავის სურვილებს. პატივმოყვარეობამ, შურმა და გაუკონტროლებელმა რისხვამ ბევრი მიიყვანა კადნიერ საქციელამდე. ბიბლიური პერსონაჟები, მაგალითად აბესალომი, უზია და ნაბუქოდონოსორი, აჰყვნენ ხორცის სურვილებს და კადნიერად მოიქცნენ, ამიტომ იეჰოვამ დაამცირა ისინი (2 სამ. 15:1—6; 18:9—17; 2 მატ. 26:16—21; დან. 5:18—21). ადამიანი შეიძლება სხვა მიზეზების გამოც მოიქცეს კადნიერად. დაფიქრდით დაბადების 20:2—7-სა და მათეს 26:31—35-ში ჩაწერილ შემთხვევებზე. ცოდვილი სურვილების გამო ჩაიდინეს აბიმელექმა და პეტრემ ერთი შეხედვით კადნიერი საქციელი? იქნებ მათ ყველა ფაქტი არ იცოდნენ ან სიფხიზლე დაკარგეს? ჩვენ გულების წაკითხვა არ შეგვიძლია, ამიტომ გონივრული იქნება, თუ ნაჩქარევად არ დავაყენებთ ეჭვქვეშ სხვების მოტივებს. w17.01 3:9, 10

შაბათი, 28 აპრილი

ყველაფერი ჩაყარა, რაც კი თავის სარჩენად გააჩნდა (ლუკ. 21:4).

დღეს ჩვენი თანამორწმუნეებიდან ბევრი გაჭირვებული ქვრივის მსგავსად ენდობა იეჰოვას. ისინი სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე აყენებენ და დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვა უზრუნველყოფს ყველაფრით, რაც დასჭირდებათ. დაფიქრდით ერთი ძმის, მალკოლმის მაგალითზე. იეჰოვას მსახურებაში გატარებული არაერთი ათწლეულის მანძილზე მას და მის ცოლს კარგი დღეებიც ჰქონდათ და ცუდი დღეებიც. „ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე; დროდადრო იქმნება სირთულეები და მათთან ჭიდილი არ არის ადვილი. მაგრამ იეჰოვა აკურთხებს ადამიანებს, რომლებიც მას ენდობიან, — წერდა ის. — ილოცე, რომ შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ნაყოფიერად იმსახურო და აქტიური იყო იეჰოვასადმი მსახურებაში. ყურადღება გაამახვილე იმაზე, რის გაკეთებაც შეგიძლია და არა იმაზე, რის გაკეთებაც არ შეგიძლია“. ვინაიდან ქვეყნიერებაში მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, უნდა მოველოდეთ, რომ სირთულეებსაც უფრო მეტს შევხვდებით (2 ტიმ. 3:1, 13). ამიტომ დღეს მეტად მნიშვნელოვანია, არ მივცეთ ამ სირთულეებს ჩვენი პარალიზების უფლება. ჩვენ უნდა განვივითაროთ იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა და ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. w17.01 1:17—19

კვირა, 29 აპრილი

შენ არ ამიშენებ სახლს (1 მატ. 17:4).

დავითი წუხდა, რომ იეჰოვასთვის მიძღვნილი ტაძარი არ არსებობდა, ამიტომ სურდა მისი აგება. მაგრამ იეჰოვამ, როგორც დღევანდელი მუხლიდან ჩანს, სხვა მითითება მისცა მას. იეჰოვამ დაარწმუნა დავითი, რომ კურთხევას არ მოაკლებდა, თუმცა ისიც უთხრა, რომ ტაძარს დავითის ვაჟი სოლომონი ააშენებდა. როგორი რეაქცია ჰქონდა დავითს? (1 მატ. 17:1—4, 8, 11, 12; 29:1). დავითს უარი არ უთქვამს სოლომონის მხარდაჭერაზე და არც იმაზე უდარდია, რომ ტაძრის აგება მას არ გაუთქვამდა სახელს. მართლაც, ეს ნაგებობა სოლომონის ტაძრის სახელით გახდა ცნობილი. თუმცა დავითს შეიძლება გული დასწყდა, რომ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც გულით სურდა, მან ამ პროექტს სრული მხარდაჭერა აღმოუჩინა. ის დიდი გულმოდგინებით შეუდგა სამუშაო ჯგუფების ორგანიზებასა და რკინის, სპილენძისა და ოქრო-ვერცხლის მომარაგებას. ამასთანავე, მან გაამხნევა სოლომონი: „ახლა კი, ჩემო შვილო, იეჰოვა იყოს შენთან, ხელი მოგემართება და ააშენებ შენი ღვთის, იეჰოვას სახლს“ (1 მატ. 22:11, 14—16). w17.01 5:6, 7

ორშაბათი, 30 აპრილი

დაგვიხსენი და დაფარე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გამო (ფსალმ. 79:9).

ჩვენ დევნების დროსაც კი ყველანაირად ვცდილობთ, რომ ღვთის სამართლიანი პრინციპებისა და კანონების თანახმად ვიცხოვროთ. როცა სიმართლის საქმეებს ვაკეთებთ, ჩვენი სინათლე ანათებს, რასაც დიდება მოაქვს იეჰოვას სახელისთვის (მათ. 5:14—16). როგორც წმინდა ხალხი, ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას კანონები კარგი და სამართლიანია, სატანის ბრალდებები კი — მცდარი. როცა შეცდომას ჩავდივართ, გულწრფელად ვინანიებთ და ვწყვეტთ იეჰოვას შეურაცხმყოფელი საქმეების კეთებას. ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვა ცოდვებს პატიობს ყველას, ვინც რწმენას ავლენს. ის თავის თაყვანისმცემლად იღებს ყველას, ვინც თავს უძღვნის მას. იეჰოვა მართლებად აღიარებს ცხებულ ქრისტიანებს, როგორც ძეებს, „სხვა ცხვარს“ კი — როგორც მეგობრებს (იოან. 10:16; რომ. 5:1, 2; იაკ. 2:21—25). ასე რომ, გამოსასყიდის მეშვეობით ახლავე შეგვიძლია ზეციერ მამასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს და მისი სახელის განწმენდაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. w17.02 2:5, 6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება