მაისი
სამშაბათი, 1 მაისი
დაიმორჩილეს ამონის ძეები (მსაჯ. 11:33).
იფთახს ესმოდა, რომ ღვთის დახმარების გარეშე ისრაელს ამონელთა ხელიდან ვერ დაიხსნიდა. მან იეჰოვას აღთქმა დაუდო, რომ, თუ გაიმარჯვებდა, ღმერთს „დასაწვავ შესაწირავად“ აღუვლენდა მას, ვინც ომიდან დაბრუნებულს სახლიდან პირველი გამოეგებებოდა (მსაჯ. 11:30, 31). რას გულისხმობდა იფთახი „დასაწვავ შესაწირავში“? როგორც ბიბლიიდან ვიცით, ადამიანების მსხვერპლად შეწირვა იეჰოვასთვის სისაძაგლე იყო. აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ იფთახს მხედველობაში ადამიანის მსხვერპლად შეწირვა არ ჰქონდა (კან. 18:9, 10). მოსეს კანონის თანახმად, დასაწვავი შესაწირავი მთლიანად იეჰოვას ეკუთვნოდა. ასე რომ, იფთახს, როგორც ჩანს, მხედველობაში ის ჰქონდა, რომ ვინც პირველი გამოეგებებოდა, იეჰოვასთვის განსაკუთრებული მსახურებისთვის გაამწესებდა, ანუ იგი მთელი ცხოვრების მანძილზე კარავში იმსახურებდა. იეჰოვამ იფთახის პირობა მოიწონა და მტრებზე ბრწყინვალე გამარჯვება მოაპოვებინა (მსაჯ. 11:32). ბრძოლის ველიდან დაბრუნებულ იფთახს მისი საყვარელი ქალიშვილი, ერთადერთი შვილი გამოეგება! მამა ურთულესი გადაწყვეტილების წინაშე დადგა. შეასრულებდა იგი თავის სიტყვას? w16.04 1:11—13
ოთხშაბათი, 2 მაისი
ხალხს წაკითხულის გაგებაში ეხმარებოდნენ (ნეემ. 8:8).
რამდენიმე წლის წინ კრებების უმეტესობამ კრების ბიბლიის შესწავლაზე განიხილა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავუახლოვდეთ იეჰოვას. ღვთის ძვირფასი თვისებების განხილვამ და თანაქრისტიანების კომენტარებმა ზეციერი მამისადმი სიყვარული, ალბათ, უფრო მეტად გაგიძლიერა. მოხსენებები, ინსცენირებები და წმინდა წერილების კითხვაც გიღრმავებს ბიბლიურ ცოდნას. ქრისტიანულ შეხვედრებზე სწავლობ, როგორ გამოიყენო ბიბლიური პრინციპები ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში (1 თეს. 4:9, 10). მაგალითად, შესასწავლ სტატიებში ღვთის ხალხისთვის აქტუალური საკითხები განიხილება. შესაძლოა ასეთი სტატიის განხილვა დაგეხმარა, რომ საკუთარი მიზნებისთვის გადაგეხედა, თანაქრისტიანისთვის გეპატიებინა ან ლოცვები გაგეუმჯობესებინა. რაც შეეხება შუა კვირის შეხვედრას, ის მსახურებისთვის გამზადებს, მაგალითად, როგორ იქადაგო სასიხარულო ცნობა და როგორ ასწავლო ბიბლიური პრინციპები სხვას (მათ. 28:19, 20). w16.04 3:4, 5
ხუთშაბათი, 3 მაისი
ყველაფერი, რაც წინათ დაიწერა, ჩვენ სასწავლებლად დაიწერა (რომ. 15:4).
გახსენდებათ ბიბლიაში მოხსენიებული უთანხმოებები? მოდი, გავიხსენოთ წიგნ „დაბადების“ პირველ თავებში ჩაწერილი შემთხვევები: კაენმა მოკლა აბელი (დაბ. 4:3—8); ლამექმა მოკლა ახალგაზრდა, რომელმაც დაარტყა (დაბ. 4:23); აბრაამისა (აბრამი) და ლოტის მწყემსებს შორის დავა ატყდა (დაბ. 13:5—7); აგარმა დაამცირა სარა (სარაი), რომელიც ამის გამო გაუნაწყენდა აბრაამს (დაბ. 16:3—6); ისმაელის ხელი ყველას წინააღმდეგ იყო მიმართული და ყველას ხელი — მის წინააღმდეგ (დაბ. 16:12). რატომ ჩაიწერა ამ უთანხმოებების შესახებ ბიბლიაში? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ არასრულყოფილ ადამიანებს დაენახათ მშვიდობის შენარჩუნების აუცილებლობა. გარდა ამისა, უნდა ესწავლათ, როგორ მიეღწიათ მშვიდობისთვის. ბიბლია რეალური ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც ჩვეულებრივი, ადამიანური პრობლემები ჰქონდათ. იმაზე დაფიქრება, თუ რა შედეგი გამოიღო მათმა მცდელობამ, დაგვანახვებს, როგორ უნდა მოვიქცეთ ან არ უნდა მოვიქცეთ მსგავს შემთხვევებში. w16.05 1:1, 2
პარასკევი, 4 მაისი
ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს (მარ. 13:10).
როგორ ქადაგებდნენ იესო და მისი მოწაფეები სასიხარულო ცნობას? ისინი ყველგან ეძებდნენ ადამიანებს, იქნებოდა ეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები თუ მათი სახლები. ისინი ღირსეულებს ეძებდნენ კარდაკარ (მათ. 10:11; ლუკ. 8:1; საქ. 5:42; 20:20). ქადაგებისადმი ასეთი დამოკიდებულება მიუკერძოებლობის მაჩვენებელი იყო. იეჰოვას მოწმეებზე რაღას ვიტყვით? მხოლოდ ისინი აცხადებენ, რომ იესო 1914 წლიდან მეფობს. იესოს მითითებისამებრ, იეჰოვას მოწმეები სამქადაგებლო საქმეს უმთავრეს ყურადღებას უთმობენ. ერთ-ერთ წიგნში წერია: „იეჰოვას მოწმეებს . . . არ ავიწყდებათ, რომ მათი მთავარი ამოცანა ქვეყნიერების აღსასრულისა და ხსნის შესახებ ქადაგებაა“ (Pillars of Faith — American Congregations and Their Partners). იეჰოვას მოწმეები იესოსა და მისი მოწაფეების მეთოდებით განაგრძობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. w16.05 2:10, 12
შაბათი, 5 მაისი
შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ (იგავ. 2:5).
როცა გადაწყვეტილებების მიღების დროს ვითვალისწინებთ იეჰოვას ნებას, მეტად ვუახლოვდებით მას (იაკ. 4:8). შედეგად იეჰოვა გვიწონებს და კურთხევებს არ იშურებს. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი ზეციერი მამის მიმართ რწმენას გვიძლიერებს. მოდი ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ ბიბლიაში ჩაწერილი კანონებითა და პრინციპებით, რადგან მათი მეშვეობით ვწვდებით იეჰოვას ნებას სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის იქნება რაღაც ახალი, რასაც იეჰოვას შესახებ ვისწავლით (იობ. 26:14). თუმცა ძალისხმევის შედეგად დღესაც შეგვიძლია შევიძინოთ ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო სიბრძნე, ცოდნა და გამჭრიახობა (იგავ. 2:1—5). არასრულყოფილი ადამიანების აზრები და გეგმები წარმავალია, მაგრამ „იეჰოვას განზრახვა მარადიულია; მისი გულის ზრახვები თაობიდან თაობაში უცვლელია“ (ფსალმ. 33:11). როგორც დავინახეთ, საუკეთესო გადაწყვეტილებებს მაშინ ვიღებთ, როცა ჩვენი ფიქრები და საქციელი შეესაბამება ჩვენი ყოვლადბრძენი ღვთის, იეჰოვას ნებას. w16.05 3:17
კვირა, 6 მაისი
იეჰოვა . . . გულს ხედავს (1 სამ. 16:7).
ვინაიდან ვიცით, რომ იეჰოვას შეუძლია გულების წაკითხვა და თავისკენ იზიდავს მათ, ვისაც თავად ირჩევს, არ უნდა განვსაჯოთ სხვები — არც სამქადაგებლო უბანზე მცხოვრებნი და არც თანაქრისტიანები (იოან. 6:44). იეჰოვას ჩვენს მეთუნედ აღიარება თანამორწმუნეებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზეც მოახდენს გავლენას (ეს. 64:8). უყურებთ და-ძმებს იეჰოვას მსგავსად, როგორც დამუშავების პროცესში მყოფთ და არა როგორც დასრულებულ ნამუშევარს? იეჰოვა ხედავს შინაგან ადამიანს და იცის, როგორი შეიძლება გახდეს ის მის მარჯვე ხელებში. ამიტომ ის დადებითად არის განწყობილი ადამიანების მიმართ და მათ დროებით სისუსტეებზე არ ამახვილებს ყურადღებას (ფსალმ. 130:3). ღმერთს მივბაძავთ, თუ დადებითად განვეწყობით მისი მსახურების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ დიდებულ მეთუნესთან და ხელი შევუწყოთ და-ძმებს სულიერ ზრდაში (1 თეს. 5:14, 15). ამ საკითხში კარგ მაგალითს უნდა იძლეოდნენ უხუცესები, „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8, 11—13). w16.06 1:4—6
ორშაბათი, 7 მაისი
ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს (1 კორ. 10:12).
სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარება თავმდაბლობისა და ღვთის სულის ნაყოფის განვითარებას უწყობს ხელს (გალ. 5:22, 23). ქრისტიანული თვისებების გამოვლენით ჩვენ ვამკობთ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ. ამან შეიძლება ზოგ მობინადრეს თვალსაზრისი შეაცვლევინოს. მაგალითად, ავსტრალიაში ორი მოწმე პატივისცემით მოექცა ერთ ქალბატონს, რომელიც უკმეხად ელაპარაკა მათ. მოგვიანებით ამ ქალბატონს შერცხვა თავისი საქციელის და ფილიალს მისწერა: „მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ორ უზომოდ მომთმენ და თავმდაბალ ადამიანს ჩემი თავდაჯერებული და ქედმაღლური საქციელისთვის. ისინი ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ, მე კი ასე უპატივცემულოდ მოვექეცი და გავყარე“. საეჭვოა, ამ ქალბატონს ასეთი წერილი დაეწერა, მაუწყებლები ოდნავ მაინც რომ გაბრაზებულიყვნენ. აშკარაა, რომ სამქადაგებლო მსახურებას ჩვენთვისაც მოაქვს სიკეთე და მოყვასისთვისაც. w16.06 2:12, 13
სამშაბათი, 8 მაისი
მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს (მათ. 22:39).
ჩვენ ყველანი არასრულყოფილები ვართ (რომ. 5:12, 19). შედეგად, კრების წევრებმა შეიძლება ზოგჯერ სიტყვითა თუ საქმით გვაწყენინონ. ამან შეიძლება გამოსცადოს იეჰოვასა და მისი ხალხისადმი ჩვენი სიყვარული. როგორ მოვიქცევით ამ დროს? მაგალითად მღვდელმთავარ ელის ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც არაფრად აგდებდნენ იეჰოვას კანონებს. ბიბლიაში მათ შესახებ ვკითხულობთ: „ელის უვარგისი ვაჟები ჰყავდა; არ ცნობდნენ იეჰოვას“ (1 სამ. 2:12). მიუხედავად იმისა, რომ ელის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაცვის უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრა, მისი ვაჟები მძიმე ცოდვებს სჩადიოდნენ. თუმცა ელიმ იცოდა ამის შესახებ, ის დაუდევრად მოიქცა და არ დასაჯა ისინი. ამის გამო ღმერთმა ელის სახლეულობას განაჩენი გამოუტანა (1 სამ. 3:10—14). საბოლოოდ მისი შთამომავლები აღარ იმსახურებდნენ მღვდელმთავრებად. ელის დროს რომ გეცხოვრათ, როგორი რეაქცია გექნებოდათ, როცა გაიგებდით, რომ ელი თავისი ვაჟების ცოდვებზე თვალს ხუჭავდა? დაგაბრკოლებდათ ეს და შეწყვეტდით ღვთის მსახურებას? w16.06 4:5, 6
ოთხშაბათი, 9 მაისი
სხვა დანარჩენი შეგემატებათ (მათ. 6:33).
რატომ შეეძლო იესოს ამ სიტყვების თქმა? მიზეზი მან 32-ე მუხლში მოიხსენია: „თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს“, ანუ საარსებოდ აუცილებელი. იეჰოვას შეუძლია მანამდე განჭვრიტოს, რა დაგვჭირდება თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე თავად გავაცნობიერებთ ამას (ფილ. 4:19). მან იცის, ტანსაცმლიდან რა გაგვიცვდება მალე; ისიც იცის, როგორი საკვები და, ჩვენი ოჯახის სიდიდიდან გამომდინარე, როგორი საცხოვრებელი გვჭირდება. იეჰოვა იზრუნებს, რომ გვქონდეს ყველაფერი, რაც ნამდვილად აუცილებელია. დიახ, შეგვიძლია ყოველთვის დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა სიკეთეს არ მოგვაკლებს, თუ გავაკეთებთ იმას, რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ანუ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე დავაყენებთ. ღვთისადმი ერთგულებამ უნდა აღგვძრას, რომ დავკმაყოფილდეთ „საჭმლით, ტანსაცმლითა და თავშესაფრით“ (1 ტიმ. 6:6—8). w16.07 1:17, 18
ხუთშაბათი, 10 მაისი
ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით (რომ. 5:10).
შერიგება ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობის შესაძლებლობას გვაძლევს. პავლე ამას იეჰოვას წყალობას უკავშირებს: „ახლა, როცა რწმენის გამო [ქრისტეს ცხებული ძმები] მართლებად ვართ აღიარებულნი, მშვიდობა შევინარჩუნოთ ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით. მისი მეშვეობით რწმენით მოვიპოვეთ მისასვლელი იმ წყალობასთან, რომელშიც ვდგავართ“ (რომ. 5:1, 2). მართლაც რამხელა პატივი და კურთხევაა ეს! ყველანი უმართლოები ვართ. მაგრამ დანიელმა იწინასწარმეტყველა, რომ უკანასკნელ დღეებში „წვდომის უნარიანნი“, დედამიწაზე მცხოვრები ცხებულები, „მრავალ ადამიანს სიმართლემდე“ მიიყვანდნენ (დან. 12:3). მსოფლიო სამქადაგებლო და საგანმანათლებლო საქმიანობის მეშვეობით ისინი მილიონობით ადამიანს, „სხვა ცხვარს“ დაეხმარნენ, იეჰოვას თვალში მართლებად ჩათვლილიყვნენ (იოან. 10:16). თუმცა ესეც იეჰოვას წყალობამ გახადა შესაძლებელი (რომ. 3:23, 24). w16.07 3:10, 11
პარასკევი, 11 მაისი
მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ (დაბ. 6:2).
ხორცშესხმული ანგელოზებისა და ქალების არაბუნებრივი კავშირის შედეგად იბადებოდნენ ჰიბრიდები, რომელთაც ნეფილიმები ეწოდათ. ისინი მოძალადეები იყვნენ. ამასთან, „გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო“ (დაბ. 6:1—5). ბოროტების გასანადგურებლად იეჰოვამ ნოეს დღეებში წარღვნა მოავლინა. იმ პერიოდში ადამიანები იმდენად იყვნენ დაკავებულები ყოფითი საქმეებით, მათ შორის ქორწინებით, რომ ყური არ ათხოვეს „სიმართლის მქადაგებელ ნოეს“, რომელიც მოახლოებული განადგურების შესახებ აფრთხილებდა მათ (2 პეტ. 2:5). იესომ ნოეს დროს არსებული მდგომარეობა ჩვენს დროში არსებულ მდგომარეობას შეადარა (მათ. 24:37—39). დღეს ადამიანთა უმეტესობას არ სურს, მოისმინოს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა, რომელიც ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის დადგომამდე მთელ მსოფლიოში იქადაგება ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად. მოდი არასდროს დავუშვათ, რომ ოჯახთან დაკავშირებულმა საკითხებმა, მათ შორის ქორწინებამ და შვილების აღზრდამ, დაგვავიწყოს, რომ იეჰოვას დღე სადაცაა დადგება! w16.08 1:8, 9
შაბათი, 12 მაისი
დრო ცოტაღა დარჩა. ამიტომ ცოლიანები იყვნენ, როგორც უცოლოები . . . ქვეყნიერებით მოსარგებლენი — როგორც მისით არასრულად მოსარგებლენი (1 კორ. 7:29—31).
ჩვენ „ბოლო დღეების“ მიწურულს, „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5). მაგრამ ქვეყნიერების უარყოფითი გავლენა ნაკლებად იმოქმედებს ჩვენზე, თუ სულიერად ძლიერები დავრჩებით. დღევანდელ მუხლში მოყვანილი სიტყვებით პავლე არ მოუწოდებდა მეუღლეებს, უარი ეთქვათ თავიანთი მოვალეობების შესრულებაზე. თუმცა იმის გამო, რომ დრო ცოტა იყო დარჩენილი, მათ პირველ ადგილზე სულიერი საკითხები უნდა დაეყენებინათ (მათ. 6:33). მართალია, ძალიან მძიმე დროში ვცხოვრობთ და გარშემო ბევრი ოჯახი ინგრევა, ქორწინებაში ბედნიერების მიღწევა შეუძლებელი არ არის. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაქორწინებულ ქრისტიანებს, რომლებიც იეჰოვას ხალხს შორის რჩებიან, ითვალისწინებენ ბიბლიურ რჩევებს და მიჰყვებიან იეჰოვას წმინდა სულის ხელმძღვანელობას, ვერავინ და ვერაფერი დააშორებს (მარ. 10:9). w16.08 2:17, 18
კვირა, 13 მაისი
მწყემსეთ . . . ღვთის სამწყსო (1 პეტ. 5:2).
ქრისტიანულ კრებაში მწყემსებზე დიდი მოთხოვნილებაა. მათი მომზადება, ვინც ამ საქმეს მომავალში შეასრულებს, უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. პავლემ ტიმოთეს უთხრა: „ის, რაც ჩემგან მოისმინე მრავალი მოწმის მხარდაჭერით, მიანდე ერთგულ მამაკაცებს, რომლებიც გამოსადეგნი იქნებიან იმისთვის, რომ სხვებს ასწავლონ“ (2 ტიმ. 2:1, 2). ტიმოთემ ბევრი რამ ისწავლა პავლე მოციქულთან ერთად მსახურების დროს, რომელიც ასაკით მასზე უფროსი იყო. ქადაგებისა და წმინდა მსახურების სხვა სფეროებში მონაწილეობის დროს ის პავლეს მეთოდებს იყენებდა (2 ტიმ. 3:10—12). პავლემ ტიმოთეს მომზადება შემთხვევითობას არ მიანდო და თან წაიყვანა მისიონერულ მოგზაურობაში (საქ. 16:1—5). უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ პავლეს და, თუ მიზანშეწონილია, სამწყემსო მონახულებაზე გამოცდილი მომსახურე წაიყვანონ. შედეგად, ასეთ ძმებს საშუალება ეძლევათ, დააკვირდნენ უხუცესის სწავლების მეთოდებს, რწმენას, სულგრძელობასა და სიყვარულს, რაც ქრისტიანი ზედამხედველებისგან მოითხოვება. ეს „ღვთის სამწყსოს“ მომავალი მწყემსების მომზადების მნიშვნელოვანი ნაწილია. w16.08 4:16, 17
ორშაბათი, 14 მაისი
ნუ ჩამოუშვებ ხელებს! (სოფ. 3:16)
ზოგჯერ ხელების ჩამოშვება გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება ისეთ ადამიანთან მიმართებით, რომელიც გულგატეხილია, დათრგუნულია ან უიმედო მდგომარეობაშია (2 მატ. 15:7; ებრ. 12:12). ამ დროს ადამიანი ჩვეულებრივ ხელს იქნევს ყველაფერზე. სამწუხაროდ, სატანის ბოროტი ქვეყნიერება დიდ ზეწოლას ახდენს ადამიანებზე, რაც შფოთვასა და გულგატეხილობას იწვევს. ეს ჰგავს გემის ღუზას, რომელიც გემს წინსვლის საშუალებას არ აძლევს (იგავ. 12:25). რამ შეიძლება გამოიწვიოს ასეთი გრძნობები? შეიძლება საყვარელი ადამიანი დაკარგეთ, ებრძვით მძიმე დაავადებას, რთულ ეკონომიკურ პირობებში გიწევთ ოჯახზე ზრუნვა ან წინააღმდეგობას ხვდებით. შედეგად, სტრესმა შეიძლება დროთა განმავლობაში ძალები გამოგაცალოთ და სიხარული დაგაკარგვინოთ. მაგრამ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ღმერთი მზად არის, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ (ეს. 41:10, 13). w16.09 1:2, 4
სამშაბათი, 15 მაისი
შენი მცნებების გზაზე ვირბენ (ფსალმ. 119:32).
ბევრს ხორციელ სისუსტეებთან უწევს ბრძოლა. სხვები დიდ ძალისხმევას ახმარენ, რომ მსახურებაზე დადებითი თვალსაზრისი შეინარჩუნონ. ზოგს შეიძლება შერყეული ჯანმრთელობა აქვს ან მარტოობის გრძნობას ებრძვის. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგს დიდი ბრძოლის ფასად უჯდება მწყენინებლის ან მის წინააღმდეგ შემცოდველის პატიება. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის მსახურებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს იმაში დარწმუნებულებმა, რომ ღმერთი დაგვაჯილდოებს ერთგულებისთვის. თუ აღმოაჩენთ, რომ გარკვეულწილად ვერაგი გულის გავლენაში მოექეცით, აუცილებლად სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ის მოგცემთ ძალას, აკეთოთ ის, რაც სწორია და რასაც იეჰოვა აკურთხებს. იმოქმედეთ თქვენი ლოცვების თანახმად. შეეცადეთ, ყოველდღე იკითხოთ ბიბლია და რეგულარულად გამოყოთ დრო პირადი შესწავლისა და ოჯახთან ერთად თაყვანისცემისთვის (ფსალმ. 119:32). w16.09 2:10, 11
ოთხშაბათი, 16 მაისი
რწმენა . . . აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა (ებრ. 11:1).
უთქვამს შენთვის ვინმეს, რომ ევოლუცია მეცნიერულ ფაქტებს ეფუძნება, ღვთის არსებობა კი — მხოლოდ რწმენას? ბევრი ფიქრობს ასე და ამიტომ სწამს ევოლუციის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელობა არა აქვს, ღმერთი გვწამს თუ ევოლუცია, ორივე შემთხვევაში რწმენაა საჭირო! არავის გვინახავს ღმერთი და შემოქმედების პროცესი (იოან. 1:18). ამასთან, არც ერთ ადამიანს, მეცნიერსაც კი, არ უნახავს ერთი სახეობის მეორე სახეობად გარდაქმნა. მაგალითად, არავის უნახავს ქვეწარმავლის ძუძუმწოვრად გადაქცევის პროცესი (იობ. 38:1, 4). ამიტომ ყველამ უნდა გამოვიკვლიოთ მტკიცებები და გამოვიყენოთ აზროვნების უნარი, რომ ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ. შემოქმედებაზე მოციქული პავლე წერდა: „[ღვთის] უხილავი თვისებები — მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა — ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა, ასე რომ, მათ გამართლება არა აქვთ“ (რომ. 1:20). w16.09 4:4
ხუთშაბათი, 17 მაისი
ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას (ებრ. 13:2).
იეჰოვა სიყვარულით ზრუნავდა ისრაელში მცხოვრებ უცხოელებზე, მაგალითად, აძლევდა მორჩენილი მოსავლის აღების უფლებას (ლევ. 19:9, 10). ნაცვლად იმისა, რომ თავისი ხალხისგან უცხოელების პატივისცემა მოეთხოვა, იეჰოვამ თანაგრძნობისკენ მოუწოდა მათ (გამ. 23:9). ისრაელებმა იცოდნენ, რას ნიშნავდა უცხო ქვეყანაში ცხოვრება. დამონებამდეც კი ეგვიპტელები, ალბათ, ეროვნული სიამაყის ან რელიგიური შეუწყნარებლობის გამო თავს არიდებდნენ ებრაელებთან ურთიერთობას (დაბ. 43:32; 46:34; გამ. 1:11—14). ვინაიდან ისრაელებს გამოცდილი ჰქონდათ ხიზნობის სიმწარე, იეჰოვა მოელოდა მათგან, რომ არ განასხვავებდნენ ხიზანს მკვიდრისგან (ლევ. 19:33, 34). ეჭვგარეშეა, იეჰოვას დღესაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს იმ უცხოელების მიმართ, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებიან (კან. 10:17—19; მალ. 3:5, 6). თუ ვიფიქრებთ იმ სირთულეებზე, რასაც ისინი ხვდებიან, მაგალითად, დისკრიმინაციასა თუ ენის ბარიერზე, არ გაგვიჭირდება მათ მიმართ სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენა (1 პეტ. 3:8). w16.10 1:3—5
პარასკევი, 18 მაისი
როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე (იაკ. 2:26).
იაკობმა თავის წერილში აღნიშნა, რომ ნამდვილი ქრისტიანული რწმენა რაიმეს დაჯერებაზე მეტს ნიშნავს; მასში მოქმედებაც იგულისხმება. იაკობი წერდა: „მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“ (იაკ. 2:18). შემდეგ მან აშკარა განსხვავება გააკეთა რაიმეს დაჯერებასა და რწმენის გამოვლენას შორის. დემონებსაც სჯერათ, რომ ღმერთი არსებობს, თუმცა ნამდვილი რწმენა არ გააჩნიათ. ისინი ურწმუნოებას ავლენენ და ღვთის განზრახვას ეწინააღმდეგებიან (იაკ. 2:19, 20). განსხვავების საჩვენებლად იაკობი მოიხსენიებს ძველად მცხოვრებ რწმენით გამორჩეულ მამაკაცს: „განა მამაჩვენი აბრაამი საქმეებით არ იქნა აღიარებული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა“ (იაკ. 2:21—23). შემდეგ იაკობი დღევანდელ მუხლში მოყვანილ სიტყვებს დასძენს იმის საჩვენებლად, რომ აუცილებელია რწმენის დამტკიცება საქმეებით. w16.10 4:8
შაბათი, 19 მაისი
მარადიულობაც . . . ჩადო მათ გულებში (ეკლ. 3:11).
მეცნიერებმა სამყაროსა და პლანეტა დედამიწის შესახებ ბევრ რამეს მოჰფინეს ნათელი, რასაც სხვადასხვა სფეროს განვითარება მოჰყვა. მაგრამ მათ ვერ შეძლეს ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემა. მაგალითად, ასტრონომებს ზუსტად არ შეუძლიათ იმის თქმა, თუ როგორ გაჩნდა სამყარო ან რატომ ვცხოვრობთ დედამიწაზე, სადაც სიცოცხლის ასეთი მრავალფეროვნებაა. ამასთანავე, ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ახსნას, თუ რატომ აქვს კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის დაუცხრომელი სურვილი. რატომ არის ამდენი მნიშვნელოვანი კითხვა პასუხგაუცემელი? ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბევრი მეცნიერი თუ სხვა ადამიანი ხელს უწყობს ისეთი აზროვნების დამკვიდრებას, თითქოს ღმერთი არ არსებობს, და ევოლუციის თეორიის პოპულარიზაციას ეწევა. მაგრამ იეჰოვა თავის სიტყვაში პასუხობს ყველა იმ კითხვას, რომლებიც ადამიანებს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში აწუხებთ. ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ბუნების უცვლელ და საიმედო კანონებზე, რომლებიც იეჰოვამ დაადგინა. ელექტრიკოსები, სანტექნიკოსები, ინჟინრები, პილოტები და ქირურგები თავიანთი საქმის შესასრულებლად ემორჩილებიან ამ კანონებს. w16.11 2:4, 5
კვირა, 20 მაისი
მისით [იეჰოვათი] ვცოცხლობთ, ვმოძრაობთ და ვარსებობთ (საქ. 17:28).
ჩვენ იეჰოვასადმი მადლიერების უამრავი მიზეზი გვაქვს. ის არის ჩვენი სიცოცხლის წყარო; მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. მან გვიბოძა უძვირფასესი საჩუქარი — თავისი სიტყვა, ბიბლია. თესალონიკელი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც მადლიერებით ვიღებთ მას, როგორც ღვთის ცნობას (1 თეს. 2:13). ღვთის წერილობითი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით ჩვენ დავუახლოვდით იეჰოვას და ისიც დაგვიახლოვდა (იაკ. 4:8). ჩვენმა ზეციერმა მამამ თავისი ორგანიზაციის წევრად ყოფნის უდიდესი პატივი გვარგუნა. უზომოდ მადლიერები ვართ ამ კურთხევებისთვის! ჩვენ ვიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი, რადგან მარადიულია მისი სიკეთე“ (ფსალმ. 136:1). 136-ე ფსალმუნში 26-ჯერ გვხვდება ფრაზა „მარადიულია მისი სიკეთე“, ანუ ერთგული სიყვარული. თუ ვუერთგულებთ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას, დავრწმუნდებით ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, რადგან ჩვენც ვიცხოვრებთ მარადიულად! w16.11 3:18, 19
ორშაბათი, 21 მაისი
როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა (რომ. 5:12).
ეს მუხლი ხშირად მეორდება წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. თქვენ ალბათ კითხულობთ ზემოხსენებულ მუხლს, როდესაც ამ წიგნს შვილებსა თუ დაინტერესებულებთან განიხილავთ და დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვაზე, გამოსასყიდსა და მიცვალებულთა მდგომარეობაზე მსჯელობთ (თავები 3, 5, 6). მაგრამ, რამდენად ხშირად გახსენდებათ ეს მუხლი, როცა ფიქრობთ იეჰოვას წინაშე თქვენს მდგომარეობაზე, თქვენს საქციელსა და მომავლის იმედზე? ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვილები ვართ და შეცდომებს ყოველდღე ვუშვებთ. თუმცა ღმერთს ახსოვს, რომ მტვერი ვართ და სურს, ჩვენდამი წყალობა გამოავლინოს (ფსალმ. 103:13, 14). სანიმუშო ლოცვაში იესომ შემდეგი თხოვნაც ჩართო: „გვაპატიე ცოდვები“ (ლუკ. 11:2—4). ასე რომ, არა გვაქვს მიზეზი, გამუდმებით ვიფიქროთ იმ შეცდომებზე, რომლებიც ღმერთმა უკვე გვაპატია. თუმცა კარგი იქნება, დავფიქრდეთ, როგორ შეეძლო ღმერთს, ჩვენთვის ცოდვები ეპატიებინა. w16.12 1:1—3
სამშაბათი, 22 მაისი
ხორცით მავალნი ხორცისაზე ფიქრობენ (რომ. 8:5).
რომაელი ქრისტიანები უნდა დაფიქრებულიყვნენ, სინამდვილეში რა იყო მათ ცხოვრებაში მთავარი. ხომ არ იყვნენ ისინი მთლიანად კონცენტრირებულნი ხორციელზე? ჩვენც გვმართებს ამაზე ფიქრი. რა გვაინტერესებს ყველაზე მეტად და რისკენ მიგვყავს ყოველთვის საუბარი? სინამდვილეში რისკენ ვისწრაფით გამუდმებით? ზოგი შეიძლება მიხვდეს, რომ მთლიანად მოცულია ღვინოების დაგემოვნებით, სახლის დიზაინის შეცვლით, ჩაცმის ახალი სტილის ძიებით, ფულის დაბანდებით, შვებულების დაგეგმვითა და მსგავსი რამეებით. ასეთ საქმეებში თავისთავად ცუდი არაფერია და ჩვენს ცხოვრებაში თავისი ადგილი უკავია. მაგალითად, იესომ ერთხელ წყალი ღვინოდ აქცია, პავლემ კი ტიმოთეს ურჩია, „ცოტა ღვინო“ დაელია (1 ტიმ. 5:23; იოან. 2:3—11). მაგრამ განა ღვინოს ეკავა მთავარი ადგილი იესოსა და პავლეს ცხოვრებაში? იყვნენ ისინი ღვინოებით გატაცებულნი და იყო ის მათი საუბრის მთავარი თემა? რა თქმა უნდა, არა. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? რა არის ჩვენი ინტერესის ძირითადი საგანი? w16.12 2:5, 10, 11
ოთხშაბათი, 23 მაისი
არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ (ებრ. 13:5).
ეს ღვთივშთაგონებული სიტყვები შეგვიძლია დავუკავშიროთ იესოს სიტყვებს, რომლებიც მან სამეფოსა და მამის სიმართლის ძიების შესახებ თქვა (მათ. 6:33). ერთხელ მოციქულმა პეტრემ იესოს ჰკითხა: „ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და შენ გამოგყევით. ამისთვის რა გვექნება?“ (მათ. 19:27). ამ სიტყვების გამო პეტრეს გაკიცხვის ნაცვლად იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ გაღებული მსხვერპლის სანაცვლოდ კურთხევებს მიიღებდნენ. ერთგული მოციქულები და სხვები მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში. თუმცა ღვთის ერთგული მსახურები დღესაც იღებენ კურთხევებს. იესომ თქვა: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათ. 19:29). იესოს მოწაფეები გაღებულ მსხვერპლზე ბევრად მეტ კურთხევას მიიღებდნენ. განა არ არიან სულიერი მამები, დედები, დები და შვილები იმაზე ძვირფასნი, რაზეც სამეფოს გამო ვთქვით უარი?! w16.12 4:4, 5
ხუთშაბათი, 24 მაისი
რწმენა იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ (ებრ. 11:1).
ჭეშმარიტ ქრისტიანებს საოცარი იმედი გვაქვს! ცხებულები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ყველანი ვიმედოვნებთ, რომ საკუთარი თვალით ვიხილავთ, როგორ შესრულდება ღვთის თავდაპირველი განზრახვა და განიწმინდება იეჰოვას სახელი (იოან. 10:16; მათ. 6:9, 10). შეუძლებელია, ადამიანს ამაზე უკეთესის მოლოდინი ჰქონდეს! ჩვენ მარადიული სიცოცხლის ჯილდოს მიღების იმედიც გვაქვს, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე (2 პეტ. 3:13). მანამდე კი გვსურს, რომ ღვთის ხალხმა მეტად წაიწიოს წინ სულიერად. იმედი სხვა ადამიანებსაც აქვთ, თუმცა მათ შეიძლება ეჭვი ეპარებათ, რომ მათი მოლოდინი გამართლდება. მაგალითად, მილიონობით ადამიანი იმედოვნებს, რომ აზარტულ თამაშებში დიდ თანხას მოიგებს, თუმცა ისინი ამაში ბოლომდე დარწმუნებულები ვერ იქნებიან. ნამდვილი რწმენა კი იმ იმედის შესრულების „საფუძვლიანი მოლოდინია“, რომელიც ქრისტიანებს გვაქვს. w16.10 3:1, 2
პარასკევი, 25 მაისი
რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს (1 პეტ. 4:10).
იეჰოვამ თავისი წყალობიდან გამომდინარე თითოეულს გვიბოძა გარკვეული ძღვენი, უნარი და ნიჭი. ჩვენ შეგვიძლია ისინი მის განსადიდებლად და სხვების სასარგებლოდ გამოვიყენოთ (რომ. 12:4—8). მან მმართველებად დაგვნიშნა და გვაფასებს, გვენდობა და პასუხისმგებლობებს გვაძლევს. თუმცა ღვთის ორგანიზაციაში ჩვენი პასუხისმგებლობები შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. განვიხილოთ იესოს მაგალითი. თავიდან ის მარტო იყო იეჰოვასთან (იგავ. 8:22). შემდეგ მისი დახმარებით ღმერთმა შექმნა სხვა სულიერი ქმნილებები, ფიზიკური სამყარო და ბოლოს ადამიანი (კოლ. 1:16). მოგვიანებით იესომ ახალი დავალება მიიღო — ის უმწეო ბავშვად უნდა დაბადებულიყო და დედამიწაზე ეცხოვრა (ფილ. 2:7). მსხვერპლად სიცოცხლის გაღების შემდეგ იესო ზეცაში დაბრუნდა როგორც სულიერი ქმნილება და 1914 წელს ღვთის სამეფოს მეფე გახდა (ებრ. 2:9). ათასწლიანი მმართველობის შემდეგ იესო იეჰოვას გადასცემს თავის სამეფოს, „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1 კორ. 15:28). w17.01 3:11, 12
შაბათი, 26 მაისი
დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით (იეს. 24:15).
ერთმა ქალმა, რომელიც გადაწყვეტილების წინაშე იდგა, მეგობარს უთხრა: „ნუ მაიძულებ, ვიფიქრო. უბრალოდ მითხარი, როგორ მოვიქცე. ეს უფრო ადვილია“. ქალს ერჩივნა, სხვებს ეკარნახათ მისთვის, როგორ მოქცეულიყო, ვიდრე შემოქმედისგან ბოძებული ნების თავისუფლება გამოეყენებინა. რის თქმა შეიძლება თქვენზე? მოგწონთ გადაწყვეტილებების პირადად მიღება, თუ გირჩევნიათ, რომ სხვებმა თქვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები? თქვენ რას ფიქრობთ ნების თავისუფლებაზე? საუკუნეებია, რაც ხალხი ამ საკითხზე კამათობს. ზოგი აცხადებს, რომ ნების თავისუფლება არ არსებობს და ღმერთს წინასწარ აქვს განსაზღვრული ჩვენი თითოეული მოქმედება. სხვები ამბობენ, რომ აბსოლუტური თავისუფლების გარეშე ნების თავისუფლება არ არსებობს. მაგრამ ამ საკითხზე სწორი შეხედულება რომ გვქონდეს, ღვთის სიტყვას, ბიბლიას უნდა მივმართოთ. ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვამ ნების თავისუფლებით შეგვქმნა, ანუ გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად უნარიც მოგვცა და შესაძლებლობაც. w17.01 2:1, 2
კვირა, 27 მაისი
ჩემი ვაჟი სოლომონი ახალგაზრდა და გამოუცდელია . . . ამიტომ, მოდი, მისი გულისთვის შევუდგები სამზადისს (1 მატ. 22:5).
დავითს შეიძლება ეფიქრა, რომ სოლომონს საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა ისეთი მნიშვნელოვანი საქმის წამოსაწყებად, როგორიც ღვთის სახლის მშენებლობა იყო. ტაძარი „ყველაზე დიდებული“ ნაგებობა უნდა ყოფილიყო, სოლომონი კი ჯერ კიდევ „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ იყო. მიუხედავად ამისა, დავითმა იცოდა, რომ იეჰოვას წყალობით სოლომონი გაართმევდა თავს მისთვის დაკისრებულ საქმეს. ამიტომ მან მთელი ყურადღება იმაზე გადაიტანა, თუ რის გაკეთებას შეძლებდა სოლომონის მხარდასაჭერად და დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა მოუმარაგა. მსგავსადვე, ხანში შესულმა ძმებმა გული არ უნდა გაიტეხონ, როცა ახალგაზრდებისთვის მათი პასუხისმგებლობების გადაცემა გახდება საჭირო. სინამდვილეში, პასუხისმგებლობის ასაღებად ახალგაზრდების მომზადება საქმის საუკეთესოდ შესრულებას ემსახურება. პასუხისმგებელ ძმებს დიდი კმაყოფილება უნდა მიანიჭოს იმის დანახვამ, რომ მათ მიერ მომზადებულმა ახალგაზრდა ძმებმა გამოცდილება შეიძინეს და მზად არიან სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. w17.01 5:8, 9
ორშაბათი, 28 მაისი
მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის, შენს შთამომავლობასა და მის შთამომავლობას შორის. ის თავს გაგიჭეჭყავს (დაბ. 3:15).
როგორც ზეციერი სამეფოს მეფე, იესო თავს გაუჭეჭყავს გველს და წაშლის სატანის ურჩობის ყოველგვარ კვალს. დედამიწაზე ყოფნისას იესომ დაანახვა თავის მოწაფეებს, რამდენად აუცილებელი იყო ღვთის სამეფოს მოსვლა. ნათლობიდან მალევე იესო ყველგან აუწყებდა „სასიხარულო ცნობას ღვთის სამეფოს შესახებ“ (ლუკ. 4:43). ზეცად ამაღლებამდე იესომ დაავალა თავის მოწაფეებს, დაემოწმებინათ მის შესახებ „დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:6—8). სამეფოს შესახებ ქადაგების შედეგად ადამიანებს მთელ დედამიწაზე მიეცემოდათ შესაძლებლობა, გაეგოთ გამოსასყიდის შესახებ და ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გამხდარიყვნენ. დღეს ჩვენ მხარს ვუჭერთ ღვთის სამეფოს იმით, რომ ვეხმარებით დედამიწაზე მყოფ ქრისტეს ძმებს, შეასრულონ მათთვის დაკისრებული საქმე — იქადაგონ მთელ მსოფლიოში ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (მათ. 24:14; 25:40). w17.02 2:7, 8
სამშაბათი, 29 მაისი
[ქრისტემ] მოგვცა ზოგი მოციქულად (ეფეს. 4:11).
თუმცა ხელმძღვანელ საბჭოს ადრინდელ ქრისტიანულ კრებაში გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა, ეს პასუხისმგებელი ძმები თავიანთ წინამძღოლად იესოს მიიჩნევდნენ. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველაფერში სიყვარულით გავიზარდოთ მასში, ვინც არის თავი — ქრისტე“ (ეფეს. 4:15). ნაცვლად იმისა, რომ რომელიმე გამოჩენილი მოციქულის სახელით წოდებულიყვნენ, „მოწაფეებს ღვთის განგებით . . . ქრისტიანები“ ეწოდათ (საქ. 11:26). პავლე მნიშვნელოვნად თვლიდა წმინდა წერილებზე დაფუძნებული წესების მტკიცედ დაცვას, რომლებიც მოციქულებისა და სხვა ხელმძღვანელი ძმებისგან მიიღეს. თუმცა მან აღნიშნა: „მინდა იცოდეთ, რომ ყოველი კაცის [მათ შორის ხელმძღვანელი საბჭოს თითოეული წევრის] თავი ქრისტეა . . . ქრისტეს თავი კი ღმერთია“ (1 კორ. 11:2, 3). აშკარაა, კრებას ზეცად ამაღლებული და განდიდებული იესო ქრისტე ხელმძღვანელობდა, რომლის თავიც იეჰოვა ღმერთია. w17.02 4:7
ოთხშაბათი, 30 მაისი
ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ (1 ტიმ. 5:17).
მათ მიმართ პატივისცემის გამოვლენა, ვინც ამას იმსახურებს, ჩვენზეც სასიკეთოდ მოქმედებს, რადგან ეგოიზმისგან გვიცავს. ის გვეხმარება, დიდი წარმოდგენა არ გვქონდეს საკუთარ თავზე მაშინაც კი, როცა რაღაცისთვის გვაქებენ. ამასთანავე, ის გვეხმარება ისეთივე დამოკიდებულება გვქონდეს, როგორიც იეჰოვას ორგანიზაციას აქვს, რომელიც არც ერთ ადამიანს სხვაზე მაღლა არ აყენებს. უფრო მეტიც, ასეთი დამოკიდებულება დაგვიცავს, არ დავბრკოლდეთ, თუ ვინმე, ვისაც პატივს ვცემთ, იმედს გაგვიცრუებს. სათანადო პატივისცემის გამოვლენის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ ამით ღმერთს ვუხარებთ გულს. ჩვენ მისი ნების თანახმად ვიქცევით და ერთგულებას ვუმტკიცებთ მას. ამით ვეხმარებით, რომ პასუხი გასცეს ყველა დამცინავს (იგავ. 27:11). დღეს უამრავ ადამიანს არასწორი შეხედულება აქვს პატივისცემაზე. ჩვენ გვიხარია, რომ ვიცით, როგორ უნდა გამოვავლინოთ იეჰოვას მოსაწონი პატივისცემა. w17.03 1:13, 20, 21
ხუთშაბათი, 31 მაისი
[იეჰოშაფატი] სწორად იქცეოდა იეჰოვას თვალში (2 მატ. 20:32).
მამამისის, ასას მსგავსად, იეჰოშაფატი მოუწოდებდა ხალხს, ეძებნათ იეჰოვა. ამისთვის მან წამოიწყო საგანმანათლებლო კამპანია, რომლის დროსაც ხალხს „იეჰოვას კანონის წიგნიდან“ ასწავლიდნენ (2 მატ. 17:7—10). ის ისრაელის ჩრდილოეთ სამეფოში ეფრემის მთიან მხარეშიც წავიდა, რათა იეჰოვასთან დაებრუნებინა ხალხი (2 მატ. 19:4). ჩვენ ყველას შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა იმ დიდებულ საგანმანათლებლო კამპანიაში, რომელიც ახლა იეჰოვას ნებით ხორციელდება. გაქვთ მიზნად, ყოველთვე ასწავლოთ ადამიანებს რამე ღვთის სიტყვიდან და ღვთისადმი მსახურების სურვილი გაუღვივოთ? თუ ძალისხმევას არ დააკლებთ, შეიძლება ღვთის კურთხევით ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყოთ. ლოცულობთ, რომ მიაღწიოთ ამ მიზანს? ხართ მზად, ვინმეს ბიბლიის შესწავლა თქვენთვის არახელსაყრელ დროს ჩაუტაროთ? იეჰოშაფატის მსგავსად, რომელიც ეფრემის ტერიტორიაზე მივიდა, რათა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დასაბრუნებლად დახმარებოდა ხალხს, ჩვენც შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ არააქტიურებს. w17.03 3:10, 11