საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es18 გვ. 67-77
  • ივლისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივლისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 ივლისი
  • ორშაბათი, 2 ივლისი
  • სამშაბათი, 3 ივლისი
  • ოთხშაბათი, 4 ივლისი
  • ხუთშაბათი, 5 ივლისი
  • პარასკევი, 6 ივლისი
  • შაბათი, 7 ივლისი
  • კვირა, 8 ივლისი
  • ორშაბათი, 9 ივლისი
  • სამშაბათი, 10 ივლისი
  • ოთხშაბათი, 11 ივლისი
  • ხუთშაბათი, 12 ივლისი
  • პარასკევი, 13 ივლისი
  • შაბათი, 14 ივლისი
  • კვირა, 15 ივლისი
  • ორშაბათი, 16 ივლისი
  • სამშაბათი, 17 ივლისი
  • ოთხშაბათი, 18 ივლისი
  • ხუთშაბათი, 19 ივლისი
  • პარასკევი, 20 ივლისი
  • შაბათი, 21 ივლისი
  • კვირა, 22 ივლისი
  • ორშაბათი, 23 ივლისი
  • სამშაბათი, 24 ივლისი
  • ოთხშაბათი, 25 ივლისი
  • ხუთშაბათი, 26 ივლისი
  • პარასკევი, 27 ივლისი
  • შაბათი, 28 ივლისი
  • კვირა, 29 ივლისი
  • ორშაბათი, 30 ივლისი
  • სამშაბათი, 31 ივლისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
es18 გვ. 67-77

ივლისი

კვირა, 1 ივლისი

შენი სიტყვისამებრ მომექეცი (მსაჯ. 11:36).

იფთახის ქალიშვილმა უარი თქვა დაოჯახებასა და შვილების ყოლაზე, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მხარი დაეჭირა. ჩვენ როგორ მივბაძოთ მას თავგანწირვის სულის გამოვლენაში? ათასობით ახალგაზრდა ქრისტიანი უარს ამბობს ოჯახის შექმნასა თუ შვილების ყოლაზე, რაღაც დროით მაინც, რათა იეჰოვას მსახურებაში სრულად დაიხარჯონ. შედარებით უფროსი ასაკის და-ძმებიდან ზოგი თავის დროს იმისათვის იყენებს, რომ მონაწილეობა მიიღოს სამშენებლო პროექტებში, გაიაროს სამეფოს მახარობელთა სკოლა და იქ იმსახუროს, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა; თუმცა მათ შეეძლოთ, რომ ეს დრო თავიანთ შვილებთან და შვილიშვილებთან გაეტარებინათ. ზოგი კი თავის საქმეებს ისე გეგმავს, რომ სპეციალური სამქადაგებლო კამპანიის პერიოდში შეძლებისდაგვარად მეტი იმსახუროს. ამგვარი გულმოდგინება გულს უხარებს იეჰოვას; იგი არასოდეს დაივიწყებს თავის მსახურთა შრომასა და სიყვარულს, რომელსაც მისი სახელისთვის ავლენენ (ებრ. 6:10—12). შეგიძლიათ უფრო მეტად დაიხარჯოთ იეჰოვას მსახურებაში? w16.04 1:16, 17

ორშაბათი, 2 ივლისი

იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი (იოან. 10:16).

იესომ საკუთარი თავი მწყემსად მოიხსენია, თავისი მიმდევრები კი — სამწყსოდ. დავუშვათ ორი ცხვარი მთაზე ძოვს, ორი ბარში, ერთიც — სადღაც სხვაგან. ჩაითვლებიან ეს ცხვრები ერთ სამწყსოდ? რა თქმა უნდა, არა. როგორც წესი, ფარაში ცხვრები ერთად არიან და მათ მწყემსი მეთვალყურეობს. ჩვენც, როგორც ქრისტეს სამწყსოს წევრები, ერთად უნდა ვიყოთ. თუ „ფარას“ დავშორდებით, ჩვენს მწყემსს ვეღარ გავყვებით. დიახ, ქრისტიანები ერთად უნდა ვიკრიბებოდეთ, რათა ვიყოთ „ერთ სამწყსოში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს. როდესაც კრების შეხვედრებს ვესწრებით, ამით ხელს ვუწყობთ ერთობას (ფსალმ. 133:1). ჩვენი თანაქრისტიანებიდან ზოგი მშობლებმა და დედმამიშვილებმა რწმენის გამო გარიყეს. თუმცა მათ იესო დაჰპირდა, რომ სულიერ ოჯახში გააერთიანებდა, სადაც სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლდებოდათ (მარ. 10:29, 30). თუ კრების შეხვედრებს სისტემატურად დავესწრებით, ამ ძვირფას ადამიანებს დედობას, მამობას, ძმობასა და დობას გავუწევთ. განა ეს არ აღგვძრავს, ყოველი ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ კრების არც ერთი შეხვედრა არ გავაცდინოთ?! w16.04 3:9, 10

სამშაბათი, 3 ივლისი

როცა დგახართ და ლოცულობთ, აპატიეთ, თუ რამე გაქვთ ვინმეს წინააღმდეგ, რათა თქვენმა ზეციერმა მამამაც გაპატიოთ თქვენი შეცოდებები (მარ. 11:25).

თუ მშვიდობა არ გვექნება სხვებთან, ჩვენს ლოცვას, კრების შეხვედრებზე დასწრებას, ქადაგებასა თუ თაყვანისმცემლობის სხვა მხარეებს ფასი არ ექნება. თუ სხვებს არ ვპატიობთ, ღმერთთან ვერ ვიმეგობრებთ (ლუკ. 11:4; ეფეს. 4:32). თითოეული ქრისტიანი გულწრფელად უნდა დაფიქრდეს იმაზე, არის თუ არა მიმტევებელი და აქვს თუ არა სხვებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. ადვილად პატიობთ თანაქრისტიანებს? გიხარიათ მათ გვერდით ყოფნა? იეჰოვა მოელის, რომ მისი მსახურები მიმტევებლები იქნებიან. თუ ფიქრობთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესება გესაჭიროებათ, ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას დახმარება. ჩვენი ზეციერი მამა შეისმენს თავმდაბლად წარმოთქმულ ლოცვებს (1 იოან. 5:14, 15). w16.05 1:6, 7

ოთხშაბათი, 4 ივლისი

ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ (მათ. 24:14).

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ნაწინასწარმეტყველები სამქადაგებლო საქმიანობა? იესომ თქვა, რომ სასიხარულო ცნობას აღსასრულამდე იქადაგებდნენ. ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში, სხვა რომელი რელიგიური ჯგუფი ქადაგებს გამუდმებით სასიხარულო ცნობას? ზოგი, ვისაც მსახურების დროს ვხვდებით, აცხადებს, რომ წმინდა სული აქვთ, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ სამქადაგებლო საქმეს ჩვენ ვასრულებთ. მაგრამ ისმის კითხვა: განა ის ფაქტი, რომ შეუჩერებლად ვქადაგებთ არ ცხადყოფს, რომ წმინდა სული ჩვენ გვაქვს?! (საქ. 1:8; 1 პეტ. 4:14). არაერთ რელიგიურ ჯგუფს უცდია იმის გაკეთება, რასაც იეჰოვას მოწმეები რეგულარულად აკეთებენ, თუმცა მათი მცდელობა კრახით დასრულებულა. ზოგი ეგრეთ წოდებულ მისიონერულ საქმიანობას ეწევა მცირე ხნით, შემდეგ კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მართალია, ზოგი კარდაკარ ქადაგებას ცდილობს, მაგრამ საინტერესოა, რას ქადაგებენ ისინი? ამ კითხვაზე გაცემული პასუხიდან დავინახავთ, რომ ისინი ქრისტეს წამოწყებულ საქმეს არ ასრულებენ. w16.05 2:13, 16

ხუთშაბათი, 5 ივლისი

ძმებო, იხარეთ, გამოსწორდით, ინუგეშეთ, ერთი აზრი გქონდეთ, მშვიდობიანად იცხოვრეთ (2 კორ. 13:11).

გამოსასწორებლად და „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებების გამოსავლენად განუწყვეტელი მცდელობაა საჭირო. პავლე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს, რომ მოეშორებინათ „ძველი პიროვნება“, რომელიც მათი წინანდელი ცხოვრების შესაბამისი იყო და ირყვნებოდა მაცდუნებელი სურვილებით, განეახლებინათ „გონების აღმძვრელი ძალა“ და შემოსილიყვნენ „ახალი პიროვნებით, რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:22—24). დედანში სიტყვა „განახლება“ იმაზე მიუთითებს, რომ ახალი პიროვნებით შემოსვა უწყვეტი პროცესია. ეს გვამხნევებს და გვარწმუნებს, რომ მიუხედავად იმისა, რამდენი ხანია ვემსახურებით იეჰოვას, კვლავაც შეგვიძლია განვივითაროთ და დავხვეწოთ ახალი პიროვნებისთვის დამახასიათებელი ქრისტიანული თვისებები. ბიბლიის დახმარებით ჩვენი გარდაქმნის პროცესი არ წყდება. w16.05 4:8, 9

პარასკევი, 6 ივლისი

იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს (იგავ. 3:12).

გარემო, სადაც იეჰოვა გვძერწავს, სულიერი სამოთხეა (ეს. 64:8). მიუხედავად იმისა, რომ ბოროტ ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება, ჩვენ მაინც დაცულად და უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს. ჩვენ ვისწავლეთ სხვების სიყვარული და გავიცანით იეჰოვა, რომელსაც შვილივით ვუყვარვართ (იაკ. 4:8). ახალ ქვეყნიერებაში ბოლომდე შევიგრძნობთ სულიერი სამოთხის კურთხევებს. მაშინ ღვთის სამეფოს წყალობით სულიერ სამოთხესთან ერთად ფიზიკური სამოთხეც გვექნება. მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე აღდგენის დროს იეჰოვა კვლავაც გამოძერწავს დედამიწის მკვიდრთ და ისე განსწავლის მათ, რომ დღეს ამის წარმოდგენაც კი გვიჭირს (ეს. 11:9). იეჰოვასგან გასრულყოფილებულები დაუბრკოლებლად შევძლებთ მისგან სწავლასა და მისი ნების შესრულებას. ამიტომ კვლავაც დავემორჩილოთ იეჰოვას და ცხადვყოთ, რომ გამოძერწვის პროცესს მისი სიყვარულის მტკიცებად მივიჩნევთ! w16.06 1:8, 9

შაბათი, 7 ივლისი

მოისმინე, ისრაელო: ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა (კან. 6:4).

ზემოხსენებული სიტყვები მოსემ ძვ. წ. 1473 წელს მოაბის ველზე ისრაელ ერთან გამომშვიდობებისას წარმოთქვა. ძალიან მალე ერი მდინარე იორდანეს გადაკვეთდა და აღთქმულ მიწას დაიმკვიდრებდა (კან. 6:1). მოსე 40 წლის მანძილზე იყო მათი წინამძღოლი და უნდოდა, ხალხი გაბედულად შეხვედროდა მოსალოდნელ სირთულეებს. ისინი უნდა მინდობოდნენ იეჰოვას და მისი ერთგულები ყოფილიყვნენ. მოსეს გამოსამშვიდობებელი სიტყვები უდავოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ხალხზე. კანონის 6:4, 5-ში ჩაწერილი შთამბეჭდავი სიტყვები მოსემ მათ იეჰოვას მიერ მიცემული ათი მცნებისა და სხვა წესების გამეორების შემდეგ უთხრა. განა არ იცოდნენ მოსეს წინაშე შეკრებილმა ისრაელებმა, რომ „ერთია იეჰოვა“?! რა თქმა უნდა, იცოდნენ. ერთგული ისრაელები იცნობდნენ და თაყვანს სცემდნენ ერთადერთ ღმერთს, რომელსაც მათი წინაპრები — აბრაამი, ისაკი და იაკობი ეთაყვანებოდნენ. w16.06 3:2, 3

კვირა, 8 ივლისი

იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ (მათ. 24:36).

ეს სიტყვები იესომ დედამიწაზე ყოფნისას თქვა. თუმცა ზეცად ამაღლებულ ქრისტეს მიეცა უფლება, რომ სატანის ქვეყნიერების წინააღმდეგ გაილაშქროს (გამოცხ. 19:11—16). ამიტომ გონივრულია, დავასკვნათ, რომ მან უკვე იცის არმაგედონის დაწყების დრო. მაგრამ ეს ჩვენთვის უცნობია, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, დიდი გასაჭირის დადგომამდე ვიფხიზლოთ. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენის დაწყების დრო იეჰოვამ ყოველთვის იცოდა. მან ზუსტად დაადგინა აღსასრულის დადგომის დრო. დიდი გასაჭირის დასაწყებად დროის ათვლა დაიწყო; მას „არ დააგვიანდება“ (აბაკ. 2:1—3). რატომ ვართ ამაში დარწმუნებული? იეჰოვას წინასწარმეტყველებები ყოველთვის დანიშნულ დროს სრულდებოდა! ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დიდი გასაჭირის დროს ჩვენი ხსნის შესახებ იეჰოვას დაპირებაც არ გამტყუნდება. მაგრამ, თუ გვინდა, რომ ქვეყნიერების განადგურებას გადავურჩეთ, უნდა ვიფხიზლოთ. w16.07 2:4—6

ორშაბათი, 9 ივლისი

პეტრემ უთხრა მას: „ყველა რომ დაბრკოლდეს, მე მაინც არ დავბრკოლდები“ (მარ. 14:29).

ყველაზე მძიმე სიტუაციაში მოციქულებმა მიატოვეს იესო. მოციქულ პეტრეს ნათქვამი ჰქონდა, რომ სხვებს რომც მიეტოვებინათ იესო, ის არასდროს მიატოვებდა (მარ. 14:27—31, 50). მაგრამ, როცა იესო დააპატიმრეს, ყველა მოციქულმა, მათ შორის პეტრემაც მიატოვა ის. ამასთანავე, პეტრემ რამდენჯერმე უარყო, რომ იცნობდა იესოს (მარ. 14:53, 54, 66—72). თუმცა პეტრემ გულწრფელად მოინანია, რის გამოც იეჰოვამ საშუალება მისცა მას, მსახურება განეგრძო. იმ დროს რომ იესოს მოწაფე ყოფილიყავით, შეარყევდა პეტრეს საქციელი იეჰოვასადმი თქვენს ერთგულებას? გვესმის, რომ დღეს იეჰოვამ შეიძლება დრო მისცეს შემცოდველს მოსანანიებლად, საბოლოოდ კი გამოასწორებს მდგომარეობას და სამართლიანობას აღადგენს? გვჯერა, რომ, თუ ვინმე სერიოზულ ცოდვას სჩადის, იეჰოვას წყალობას უგულებელყოფს და არ ინანიებს, იეჰოვა თავის დროზე ზომებს მიიღებს მის წინააღმდეგ და იზრუნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის კრებიდან გარიცხონ? w16.06 4:8, 9

სამშაბათი, 10 ივლისი

დაე, თვით ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ . . . ანუგეშონ თქვენი გულები და განგამტკიცონ (2 თეს. 2:16, 17).

იეჰოვას წყალობის შედეგად მიღებული ერთ-ერთი კურთხევა არის ნუგეში, რომელიც დამწუხრებულ გულს მალამოდ ედება (ფსალმ. 51:17). თესალონიკელ ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ, პავლემ მისწერა დღევანდელ მუხლში მოცემული სიტყვები. მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა თავისი უხვი წყალობით ზრუნვას არ გვაკლებს! ცოდვილი ადამიანები ღვთის გარეშე უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით (ფსალმ. 49:7, 8). მაგრამ იეჰოვამ საოცარი იმედი მოგვცა. იესო თავის მიმდევრებს დაჰპირდა: „მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 6:40). მარადიული სიცოცხლის იმედი არის ძღვენი, ღვთის წყალობის საოცარი გამოვლინება. პავლე, რომელიც ამისთვის მადლიერი იყო, წერდა: „ცხადი გახდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის“ (ტიტ. 2:11). w16.07 3:14, 15

ოთხშაბათი, 11 ივლისი

ნურავინ მოექცევა ვერაგულად თავისი ახალგაზრდობის ცოლს (მალ. 2:15).

დღეს იეჰოვას ხალხისთვის ყოვლად მიუღებელია მეუღლის ღალატი. დავუშვათ მონათლული დაქორწინებული მამაკაცი ან ქალი სხვის მეუღლესთან მრუშობს და თავის მეუღლესთან გაყრის შემდეგ მასზე ქორწინდება. თუ შემცოდველი არ ინანიებს, კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად ის კრებიდან ირიცხება (1 კორ. 5:11—13). კრებაში დასაბრუნებლად მან „მონანიების შესაფერისი ნაყოფი“ უნდა გამოიღოს (ლუკ. 3:8; 2 კორ. 2:5—10). დადგენილი არ არის, რამდენი დრო უნდა გავიდეს გარიცხვიდან აღდგენამდე. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხში მეუღლის ღალატს იშვიათად აქვს ადგილი, მასზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია. გულწრფელი მონანიების დასამტკიცებლად ადამიანს საკმაო ხანი, შესაძლოა ერთი წელი ან მეტი დასჭირდეს. აღდგენის შემთხვევაშიც კი ის პასუხს აგებს „ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“ (რომ. 14:10—12). w16.08 1:12, 13

ხუთშაბათი, 12 ივლისი

თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია (1 ტიმ. 3:1).

ბერძნული ზმნა, რომელიც სწრაფვად ითარგმნა, ნიშნავს იმისკენ ხელის გაწვდენას, რაც შეიძლება მოშორებით იყოს. მოციქულმა პავლემ ეს სიტყვა გამოიყენა იმის დასანახვებლად, რომ სულიერი წინსვლისთვის ძალისხმევაა საჭირო. დავუშვათ, ძმა ფიქრობს, თუ რის გაკეთებას შეძლებს კრებაში. შესაძლოა, ის ჯერ არ მსახურობს მომსახურედ, თუმცა ესმის, რომ უნდა განივითაროს ქრისტიანული თვისებები. თავიდან ის ცდილობს, შეესაბამებოდეს მომსახურის მოთხოვნებს. მას იმედი აქვს, რომ დროთა განმავლობაში განივითარებს ზედამხედველად მსახურებისთვის აუცილებელ თვისებებს. ის ძალისხმევას არ აკლებს, რომ კრებაში მეტი პასუხისმგებლობის შესასრულებლად საჭირო მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. მსგავსადვე, იმ და-ძმებმა, რომელთაც სურთ იმსახურონ პიონერად, ბეთელში ან სამეფო დარბაზების მშენებლობაზე მოხალისედ, უნდა ისწრაფონ თავიანთი მიზნის მისაღწევად. w16.08 3:3, 4

პარასკევი, 13 ივლისი

შენი მსახურები და შენი ხალხი არიან ისინი, შენი დიდი ძალითა და ძლიერი ხელით რომ გამოისყიდე (ნეემ. 1:10).

წარმოიდგინეთ, რა გრძნობები დაეუფლებოდა იერუსალიმში ჩასულ ნეემიას. ქალაქი ფაქტობრივად დაუცველი იყო, ნეემიას თანამემამულეები კი გულგატეხილები იყვნენ. უცხოტომელთა მუქარამ იუდეველებს ხელები ჩამოაშვებინა, რის გამოც იერუსალიმის გალავანი ვერ აღადგინეს. დათრგუნა ამ სიტუაციამ ნეემია და ჩამოაშვებინა მასაც ხელები? სრულებითაც არა! მოსეს, ასას და იეჰოვას სხვა ერთგული მსახურების მსგავსად, ნეემია ყოველთვის ლოცვით მიმართავდა და ენდობოდა ღმერთს (გამ. 17:8—13; 2 მატ. 14:8—13). ის ახლაც ასე მოიქცა. მაშინ როცა იუდეველებს ეგონათ, რომ გადაულახავი დაბრკოლებების წინაშე იდგნენ, იეჰოვამ შეისმინა ნეემიას გულწრფელი თხოვნა და თავისი „დიდი ძალითა და ძლიერი ხელით“ იუდეველებს ჩამოშვებული ხელები გაუმაგრა (ნეემ. 2:17—20; 6:9). გწამთ, რომ იეჰოვა დღესაც „დიდი ძალითა და ძლიერი ხელით“ ამაგრებს თავის მსახურებს? w16.09 1:9

შაბათი, 14 ივლისი

ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ (1 კორ. 10:31).

ერთი ჰოლანდიური გაზეთი ეკლესიის წინამძღოლების შეხვედრის შესახებ იუწყებოდა: „ბევრს თავისუფლად ეცვა, რადგან ცხელოდა“. იმავე გაზეთში აღნიშნული იყო, რომ იეჰოვას მოწმეები ასე არ იცვამდნენ თავიანთ კონგრესებზე. ფაქტია, იეჰოვას მოწმეებს ხშირად აქებენ იმისთვის, რომ აცვიათ „მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეული მოხდენილი ტანსაცმელი, ისე, როგორც შეეფერებათ [მათ], რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:9, 10). ამ მუხლებში პავლე მოციქული უშუალოდ ქალებზე საუბრობდა, თუმცა იგივე პრინციპი ქრისტიან მამაკაცებზეც ვრცელდება. ჩვენთვის, იეჰოვას ხალხისთვის მნიშვნელოვანია, ვიცავდეთ ჩაცმულობის მაღალ სტანდარტს, რადგან ღმერთს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, ეს მნიშვნელოვნად მიაჩნია (დაბ. 3:21). ის, რაც ბიბლიაში წერია ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, ცხადყოფს, რომ სამყაროს უზენაეს ღმერთს თავისი თაყვანისმცემლებისთვის დადგენილი აქვს გონივრული სტანდარტები. ამიტომ ამ საკითხში მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ უზენაესი უფლის, იეჰოვას თვალსაზრისი. w16.09 3:1, 2

კვირა, 15 ივლისი

ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა (2 პეტ. 1:21).

ზოგმა გადაწყვიტა, გამოეკვლია ბიბლიური წინასწარმეტყველებები და იმის დამამტკიცებელი ფაქტები, რომ ბიბლია ისტორიულად, არქეოლოგიურად და მეცნიერულად ზუსტია. ერთ-ერთი საინტერესო წინასწარმეტყველება ჩაწერილია დაბადების 3:15-ში. ამ მუხლიდან ვიგებთ, რომ ბიბლიის ძირითადი თემაა სამეფოს მეშვეობით ღვთის უზენაესობის დამტკიცება და მისი სახელის განწმენდა. ამ ერთ მუხლში სიმბოლური ენით არის აღწერილი, როგორ გადაჭრის იეჰოვა იმ პრობლემებს, რომლებიც ედემის ბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ ტანჯავს კაცობრიობას. როგორ შეგიძლია ამ მუხლის გამოკვლევა? შეგიძლია შეადგინო დროის დიაგრამა და ჩამოწერო ის ძირითადი ბიბლიური მუხლები, რომლებიც ადასტურებს ამ წინასწარმეტყველების უტყუარობას და ცხადყოფს, როგორ მოჰფინა ღმერთმა თანდათან ნათელი მასში მოხსენიებულ პირთა ვინაობასა და თავის ჩანაფიქრს. როცა დაინახავ ამ მუხლებით შექმნილ მთლიან სურათს, დარწმუნდები, რომ წინასწარმეტყველები და ბიბლიის დამწერები „წმინდა სულით აღძრულები“ წერდნენ. w16.09 4:8

ორშაბათი, 16 ივლისი

ვისი დამსახურებაა, სხვისგან რომ განსხვავდები? (1 კორ. 4:7)

გარკვეული ხნის მანძილზე პეტრე მოციქულს არასწორი დამოკიდებულება ჰქონდა არაიუდეველების მიმართ, თუმცა თანდათანობით შეიცვალა აზროვნება (საქ. 10:28, 34, 35; გალ. 2:11—14). მსგავსად, თუ შევნიშნავთ, რომ ოდნავ მაინც გვაქვს ვინმეზე წინასწარ შექმნილი აზრი ან ეროვნული სიამაყე, ძალა არ უნდა დავიშუროთ მათ აღმოსაფხვრელად (1 პეტ. 1:22). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არავინ ვიმსახურებთ გადარჩენას; ეროვნების მიუხედავად, ყველანი არასრულყოფილები ვართ (რომ. 3:9, 10, 21—24). მაშ, რატომ უნდა მიგვაჩნდეს საკუთარი თავი სხვაზე აღმატებულად?! ჩვენ უნდა ვიზიარებდეთ პავლე მოციქულის შეხედულებას, რომელმაც თანაქრისტიანებს შეახსენა, რომ „უცხოები და ხიზნები“ კი არა, უკვე „ღვთის ოჯახის წევრები“ იყვნენ (ეფეს. 2:19). თუ მთელი გულით შევეცდებით სხვა წარმოშობის ადამიანთა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შეცვლას, გაგვიადვილდება ახალი პიროვნებით შემოსვა (კოლ. 3:10, 11). w16.10 1:9

სამშაბათი, 17 ივლისი

კითხულობს მის კანონს დღედაღამ (ფსალმ. 1:2).

რწმენის მტკიცედ შესანარჩუნებლად იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია მოგვცა. ბედნიერები და წარმატებულები რომ ვიყოთ, შეძლებისდაგვარად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ღვთის სიტყვა (ფსალმ. 1:1—3; საქ. 17:11). ძველ დროში მცხოვრები ღვთის მსახურების მსგავსად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ღვთის დანაპირებზე და დავემორჩილოთ მის მოთხოვნებს. იეჰოვა იმითაც გვაკურთხებს, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით რეგულარულად გვაწვდის უხვ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45). თუ ყოველთვის ვიფიქრებთ ნასწავლზე, ძველად მცხოვრები ერთგულების მსგავსად ჩვენც გვექნება „საფუძვლიანი მოლოდინი“, რომ ღვთის სამეფო დამყარდება (ებრ. 11:1). ქრისტიანობამდე მცხოვრებ ღვთის მსახურებს ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში ლოცვაც დაეხმარა. როცა ისინი ხედავდნენ, როგორ პასუხობდა ღმერთი მათ ლოცვებს, რწმენა უძლიერდებოდათ (ნეემ. 1:4, 11; ფსალმ. 34:4, 15, 17; დან. 9:19—21). w16.10 3:7, 8

ოთხშაბათი, 18 ივლისი

ისეთი რწმენა [რომ] მქონდეს, . . . მთების გადაადგილება შემეძლოს, მაგრამ სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები (1 კორ. 13:2).

კითხვაზე, თუ „რომელია უდიდესი მცნება კანონში?“, იესოს მიერ გაცემული პასუხიდან ჩანს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება ღვთისადმი სიყვარულია (მათ. 22:35—40). ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები რწმენასა და სიყვარულს ბევრჯერ ერთად მოიხსენიებდნენ, ზოგჯერ ერთ წინადადებაში ან ფრაზაშიც კი, რითაც ცხადყოფდნენ, რომ ორივე თვისება მნიშვნელოვანია. პავლემ მოუწოდა თანამორწმუნეებს, შემოსილიყვნენ „რწმენისა და სიყვარულის ჯავშნით“ (1 თეს. 5:8). იოანე კი წერდა: „[ღვთის] მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის, იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოან. 3:23). მიუხედავად იმისა, რომ რწმენა მნიშვნელოვანი თვისებაა, მომავალში აღარ დაგვჭირდება ღვთის დანაპირებისადმი რწმენის გამოვლენა, რადგან ყველა დაპირება შესრულდება. მაგრამ ღვთისა და მოყვასის სიყვარული ყოველთვის იქნება საჭირო. ამიტომ დაწერა პავლემ: „ახლა კი რჩება რწმენა, იმედი და სიყვარული, მაგრამ ამ სამიდან სიყვარული უდიდესია“ (1 კორ. 13:13). w16.10 4:15—17

ხუთშაბათი, 19 ივლისი

კრებები რწმენაში მტკიცდებოდა (საქ. 16:5).

ხელმძღვანელი საბჭოს დავალებით ძმები „მოციქულებისა და უხუცესების მიერ იერუსალიმში მიღებულ დადგენილებებს“ კრებებს გადასცემდნენ (საქ. 16:4). ამ დადგენილებების გათვალისწინების შედეგად კრებები „რწმენაში მტკიცდებოდა და დღითი დღე რიცხობრივად იზრდებოდა“. როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც იეჰოვას ორგანიზაციისგან მითითებებს ვიღებთ? ღვთის სიტყვა ყველას მოგვიწოდებს, რომ მორჩილები და დამჯერები ვიყოთ (კან. 30:16; ებრ. 13:7, 17). ღვთის ორგანიზაციაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს კრიტიკულ განწყობასა და დაუმორჩილებლობის სულს, რადგან ამას შეუძლია კრებებში არსებულ სიყვარულს, მშვიდობასა და ერთიანობას ძირი გამოუთხაროს. რა თქმა უნდა, არც ერთ ერთგულ ქრისტიანს არ სურს, დიოტრეფეს მსგავსად უპატივცემულობა და ორგულობა გამოავლინოს (3 იოან. 9, 10). კარგი იქნება, საკუთარ თავს ვკითხოთ: ვუწყობ ხელს გარშემომყოფთა სულიერ კეთილდღეობას? მაშინვე ვითვალისწინებ ხელმძღვანელი ძმებისგან მიღებულ მითითებებს? w16.11 2:10, 11

პარასკევი, 20 ივლისი

მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ (იერ. 29:7).

გადასახლებულ იუდეველთაგან ვინც დაემორჩილა ღვთის ნებას, შედარებით უზრუნველად ცხოვრობდა ბაბილონში. მათ გარკვეულწილად შეეძლოთ თავიანთი საქმეების მართვა და ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლებაც ჰქონდათ. ძველ მსოფლიოში ბაბილონი ვაჭრობის ცენტრი იყო. აღმოჩენილი დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მრავალი იუდეველი კარგად დაეუფლა სავაჭრო საქმეს, ზოგი კი კარგი ხელოსანი გახდა; ზოგი იუდეველი გამდიდრდა კიდეც. გადასახლებულთა მდგომარეობა ძალიან განსხვავდებოდა საუკუნეებით ადრე ეგვიპტეში მონობისგან (გამ. 2:23—25). მაგრამ ექნებოდათ ოდესმე ისრაელებს იმის საშუალება, რომ სათანადოდ ეცათ ღვთისთვის თაყვანი? იმ დროს ეს თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რადგან ბაბილონელები არასდროს ათავისუფლებდნენ ტყვეებს. თუმცა იეჰოვა დაჰპირდა თავის ხალხს, რომ გაათავისუფლებდა, და ასეც მოიქცა. ღვთის დაპირებები არასდროს რჩება შეუსრულებელი! (ეს. 55:11). w16.11 4:3, 5

შაბათი, 21 ივლისი

ცოდვისთვის დავიხოცეთ (რომ. 6:2).

როგორ შეეძლო მოციქულ პავლეს ეთქვა, რომ ქრისტიანები ცოდვისთვის დაიხოცნენ, თუ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე იყვნენ? ღმერთმა გამოსასყიდის საფუძველზე აპატია ცოდვები პავლესა და მის დროს მცხოვრებ სხვა ქრისტიანებს, წმინდა სულით სცხო ისინი და სულიერ ძეებად მიიღო. შედეგად, მათ ზეციერი ცხოვრების იმედი მიეცათ. თუ ისინი ერთგულები დარჩებოდნენ, ზეცაში ქრისტესთან ერთად იცხოვრებდნენ და იმმართველებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ დედამიწაზე ცხოვრობდნენ და ღმერთს ემსახურებოდნენ, პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ ცოდვისთვის დახოცილნი იყვნენ. ამის დასანახვებლად მან მოიყვანა იესოს მაგალითი, რომელიც მოკვდა, როგორც ადამიანი, შემდეგ კი გაცოცხლდა, როგორც უკვდავი სული, რათა ზეცაში ეცხოვრა. სიკვდილი აღარ ბატონობდა მასზე. მსგავსი რამ მოხდა ცხებული ქრისტიანების შემთხვევაშიც. მათ შეეძლოთ ჩაეთვალათ, რომ დაიხოცნენ ცოდვისთვის და ცოცხლობდნენ ღვთისთვის ქრისტე იესოს მეშვეობით (რომ. 6:9, 11). ისინი აღარ ცხოვრობდნენ უწინდებურად და აღარ ემონებოდნენ თავიანთ ცოდვილ სურვილებს, რადგან დაიხოცნენ ძველი ცხოვრებისთვის. w16.12 1:9, 10

კვირა, 22 ივლისი

სულისაზე ფიქრი . . . სიცოცხლესა და მშვიდობას [ნიშნავს] (რომ. 8:6).

„სულისაზე ფიქრში“ არ იგულისხმება ის, რომ ადამიანმა მხოლოდ ბიბლიაზე, ღვთისადმი სიყვარულსა და მომავლის იმედზე უნდა იფიქროს და ილაპარაკოს. გაიხსენეთ, რომ პავლესა და პირველი საუკუნის სხვა ღვთისმოსაწონი ქრისტიანების ცხოვრება ბევრად არ განსხვავდებოდა გარშემომყოფთა ცხოვრებისგან. ისინიც ჭამდნენ, სვამდნენ, ბევრი ქორწინდებოდა, ზრდიდა შვილებს და მუშაობდა საკუთარი თავისა თუ ოჯახის სარჩენად (მარ. 6:3; 1 თეს. 2:9). მაგრამ ამ ცხოვრებისეულ საკითხებს ღვთის მსახურები თავიანთი ცხოვრების მთავარ საზრუნავად არ აქცევდნენ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პავლე კარვებს კერავდა, თუმცა იქვე ნაჩვენებია, რა იყო მის ცხოვრებაში მთავარი — ის რეგულარულად ქადაგებდა და ასწავლიდა (საქ. 18:2—4; 20:20, 21, 34, 35). ის რომაელ ქრისტიანებს მოუწოდებდა, თავადაც დაკავებულიყვნენ ამ საქმეებით. პავლეს ცხოვრებაში მთავარი სულიერი საქმეები იყო. რომაელებს უნდა მიებაძათ მისთვის. ჩვენც გვმართებს, მას მივბაძოთ! (რომ. 15:15, 16). w16.12 2:5, 15, 16

ორშაბათი, 23 ივლისი

ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის (იგავ. 19:17).

შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა აფასებს ყველაფერს, რასაც მისდამი მსახურებისთვის ვაკეთებთ. მას ესმის, რომ ზოგჯერ შეიძლება შიში დაგვეუფლოს ან საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეგვეპაროს. ის თანაგვიგრძნობს, როცა ფინანსურად გვიჭირს ან ჩვენი ჯანმრთელობისა თუ ემოციური მდგომარეობის გამო ბევრს ვერ ვაკეთებთ მსახურებაში. შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა ძალიან აფასებს იმასაც, რასაც მისი მსახურები ერთგულების შესანარჩუნებლად აკეთებენ (ებრ. 6:10, 11). უნდა გვახსოვდეს აგრეთვე, რომ შეგვიძლია მივმართოთ „ლოცვების მომსმენს“ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის უყურადღებოდ არ დატოვებს ჩვენს საწუხარს (ფსალმ. 65:2). „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ უშურველად მოგვცემს საჭირო ემოციურ და სულიერ ძალებს და ეს შეიძლება თანაქრისტიანების მეშვეობით გააკეთოს (2 კორ. 1:3). იეჰოვას უხარია, როცა თანაგრძნობას ვავლენთ სხვების მიმართ (მათ. 6:3, 4). იეჰოვა ჩვენს მოვალედ თვლის თავს და გვპირდება, რომ სიკეთისთვის დაგვაჯილდოებს. w16.12 4:13, 14

სამშაბათი, 24 ივლისი

სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა (2 კორ. 3:17).

განკაცებულმა იესომ ნების თავისუფლება გამოიყენა და უარი თქვა სატანის მაცდუნებელ შემოთავაზებებზე (მათ. 4:10). სიკვდილის წინა ღამეს წარმოთქმულ მხურვალე ლოცვაში იესომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღვთის ნების შესრულება ჰქონდა გადაწყვეტილი. მან თქვა: „მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი, მაგრამ იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“ (ლუკ. 22:42). მოდი მივბაძოთ იესოს და ნების თავისუფლება იეჰოვას განსადიდებლად და მისი ნების შესასრულებლად გამოვიყენოთ! რამდენად შესაძლებელია ეს? ჩვენ შეგვიძლია იესოს მიბაძვა, რადგან ჩვენც ღვთის ანარეკლად და მსგავსებად ვართ შექმნილნი (დაბ. 1:26). თუმცა იეჰოვასგან განსხვავებით ჩვენ აბსოლუტური თავისუფლება არა გვაქვს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ჩვენი თავისუფლება შეზღუდულია და არ უნდა გავცდეთ იმ საზღვრებს, რომლებიც იეჰოვამ სამართლიანად დაგვიდგინა. ამასთანავე, ცოლები უნდა დაემორჩილონ ქმრებს, შვილები კი — მშობლებს (ეფეს. 5:22; 6:1). w17.01 2:4, 5

ოთხშაბათი, 25 ივლისი

ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ (რომ. 12:3).

ჩვენს დროში ბევრი საინტერესო რამ ხდება. იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილი მრავალმხრივ იზრდება, რაც ცვლილებებს იწვევს. როცა ცვლილება პირადად გვეხება, თავმდაბლობა დაგვეხმარება, საკუთარ ინტერესებზე წინ იეჰოვას ინტერესები დავაყენოთ. ეს ხელს შეუწყობს ერთობას. რომში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლემ მისწერა: „ერთ სხეულში სხეულის ბევრი ნაწილი გვაქვს, მაგრამ ყველა ნაწილს ერთი დანიშნულება არა აქვს. თუმცა ბევრნი ვართ, ჩვენც ერთი სხეული ვართ ქრისტესთან ერთობაში“ (რომ. 12:4, 5). ჩვენი მდგომარეობის მიუხედავად, მოდი თითოეულმა ვიშრომოთ იეჰოვას დიდებული სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად! ხანში შესულებო, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა ახალგაზრდებს! ახალგაზრდა ძმებო, აიღეთ პასუხისმგებლობები, იყავით თავმდაბლები და პატივისცემით მოექეცით ხანში შესულ ძმებს! ცოლებო, მიჰბაძეთ აკვილას ცოლს, პრისკილას, რომელიც ერთგულად ედგა მხარში აკვილას, როცა მათი მდგომარეობა შეიცვალა! (საქ. 18:2). w17.01 5:15, 16

ხუთშაბათი, 26 ივლისი

მე კი ყველაზე უმცროსი ვარ (მსაჯ. 6:15).

გედეონმა თავმდაბლად აღიარა, რომ არც წარმოშობით გამოირჩეოდა და არც უფლებამოსილებით. იეჰოვასგან დავალების მიღების შემდეგ გედეონმა შეამოწმა, რამდენად სწორად ესმოდა, რას მოითხოვდა ღმერთი მისგან და ხელმძღვანელობისთვის მას მიმართა (მსაჯ. 6:36—40). მიუხედავად იმისა, რომ გედეონი გაბედული ადამიანი იყო, ის ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებდა (მსაჯ. 6:11, 27). მას ეს დავალება სახელის მოსახვეჭად არ გამოუყენებია. პირიქით, მისი შესრულების შემდეგ ის სიამოვნებით დაუბრუნდა თავის ძველ საქმიანობას (მსაჯ. 8:22, 23, 29). მოკრძალება არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვისწრაფოთ კრებაში სხვა პასუხისმგებლობებისკენ ან არ უნდა მივიღოთ ისინი. წმინდა წერილები მოგვიწოდებს, რომ წინ წავიწიოთ სულიერად (1 ტიმ. 4:13—15). მაგრამ ეს მაინცდამაინც არ ნიშნავს ახალი დავალების ან პასუხისმგებლობის მიღებას. იეჰოვას დახმარებით ჩვენ შეგვიძლია წინ წავიწიოთ სულიერად იმის მიუხედავად, თუ ახლა რა გვავალია. ჩვენ შეგვიძლია დავხვეწოთ ღვთისგან ბოძებული უნარი და მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ. w17.01 3:15, 16

პარასკევი, 27 ივლისი

ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე (1 იოან. 4:9).

ადამიანების გამოსასყიდად იეჰოვამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო (1 პეტ. 1:19). მას იმდენად უყვარს ადამიანები, რომ თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე შემოგვწირა. შეიძლება ითქვას, რომ იესომ ჩვენი მიწიერი წინაპრის, ადამის ადგილი დაიკავა (1 კორ. 15:45). ამგვარად, მან არა მხოლოდ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა დაგვიბრუნა, არამედ ღვთის ოჯახში დაბრუნების შესაძლებლობაც მოგვცა. იეჰოვა სწორედ იესოს მსხვერპლის საფუძველზე აძლევს ადამიანებს თავის დიდ ოჯახში დაბრუნების უფლებას ისე, რომ მისი სამართლიანი ნორმები არ დაირღვეს. მართლაც გულს გვითბობს იმ დროზე ფიქრი, როცა ყველა ღვთის ერთგული ადამიანი სრულყოფილი იქნება! ზეცაში თუ დედამიწაზე ღვთის ოჯახის წევრებს შორის სრულყოფილი ჰარმონია დაისადგურებს. მაშინ პირდაპირი გაგებით ყველანი ღვთის შვილები ვიქნებით (რომ. 8:21). გამოსასყიდისთვის მადლიერებამ უნდა აღგვძრას, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ სხვებს, დაინახონ, როგორ ისარგებლონ ამ უძვირფასესი ძღვნით. w17.02 1:17, 19

შაბათი, 28 ივლისი

ვინ არის ერთგული და გონიერი მონა? (მათ. 24:45)

2013 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკში“ ახსნილი იყო, რომ „ერთგული და გონიერი მონა“ არის სულით ცხებული ძმებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომლებიც ხელმძღვანელ საბჭოს ქმნიან. ხელმძღვანელი საბჭოს წევრები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებენ. როგორ ხდება ეს? ისინი ყოველკვირეულად იკრიბებიან, რაც ხელს უწყობს აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და ერთობას (იგავ. 20:18). ყოველ წელს იცვლება ამ შეხვედრების თავმჯდომარე, რადგან ხელმძღვანელი საბჭოს არც ერთი წევრი სხვებზე არ უპირატესობს (1 პეტ. 5:1). მსგავსი პრინციპით იცვლებიან ხელმძღვანელი საბჭოს ექვსივე კომიტეტის თავმჯდომარეებიც. ამ საბჭოს წევრები საკუთარ თავს თანაქრისტიანების წინამძღოლებად კი არა, შინაურებად მიიჩნევენ, რომლებიც ერთგული მონისგან მიღებული სულიერი საზრდოთი იკვებებიან და მის ხელმძღვანელობას ემორჩილებიან. ხელმძღვანელი საბჭო არც ღვთივშთაგონებულია და არც უშეცდომო. ამიტომ მან შეიძლება შეცდომა დაუშვას რომელიმე სწავლების ახსნისას ან ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით მაინცდამაინც სახარბიელო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. w17.02 4:10—12

კვირა, 29 ივლისი

[ღმერთმა] საკუთარი ძე გაიმეტა და ყველა ჩვენგანისთვის შესწირა (რომ. 8:32).

გამოსასყიდისთვის მადლიერების გამოვლენის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა მისადმი რწმენის საფუძველზე თავის მიძღვნა და მონათვლა. ნათლობით ცხადვყოფთ, რომ „იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8). ვინაიდან იეჰოვა ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, მას სურს, რომ ყველა მისი თაყვანისმცემელი სიყვარულით გამოირჩეოდეს (1 იოან. 4:8—11). მოყვასისადმი სიყვარულით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გვსურს, ვიყოთ ჩვენი „ზეციერი მამის შვილები“ (მათ. 5:43—48). მოყვასის სიყვარულის შესახებ მცნება მეორე უდიდესი მცნებაა (მათ. 22:37—40). ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებით ჩვენ მოყვასისადმი სიყვარულს ვავლენთ. ამგვარი საქციელით ღვთის დიდებას ვირეკლავთ. ფაქტობრივად, ჩვენ სრულყოფილად ვავლენთ ღვთის სიყვარულს, როცა ვემორჩილებით მითითებას, გვიყვარდეს სხვები, განსაკუთრებით ჩვენი ძმები (1 იოან. 4:12, 20). w17.02 2:13, 14

ორშაბათი, 30 ივლისი

თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით (1 მეფ. 18:21).

შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს მარტივი არჩევანი იყო, რადგან იეჰოვასადმი მსახურების არჩევა ყოველთვის ბრძნულია და ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. წესით, არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ბაალის თაყვანისცემით მოხიბლული. მიუხედავად ამისა, ისრაელები „ორივე ფეხით კოჭლობდნენ“. ელიამ მოუწოდა მათ, მხარი დაეჭირათ იეჰოვას თაყვანისმცემლობისთვის, რომელიც ბევრად აღემატებოდა სხვა ღმერთების თაყვანისცემას. რატომ იყო ისრაელებისთვის სწორი არჩევნის გაკეთება ასეთი რთული? მათ თითქმის დაკარგული ჰქონდათ იეჰოვასადმი რწმენა და აღარც მის ხმას უსმენდნენ. ისრაელებს აღარც საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდათ და აღარც ღვთიური სიბრძნე. ისინი არ ენდობოდნენ იეჰოვას. ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა დიდ დახმარებას გაუწევდა მათ, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ (ფსალმ. 25:12). უფრო მეტიც, ისინი უფლებას აძლევდნენ სხვებს, გავლენა მოეხდინათ მათზეც და მათ გადაწყვეტილებებზეც. იმ მიწაზე მცხოვრები ხალხი, რომლებიც არ ემსახურებოდნენ იეჰოვას, გავლენას ახდენდნენ ისრაელების აზროვნებაზე და უბიძგებდნენ, რომ უმრავლესობას აჰყოლოდნენ. ამის შესახებ იეჰოვას ისრაელები დიდი ხნით ადრე ჰყავდა გაფრთხილებული (გამ. 23:2). w17.03 2:6, 7

სამშაბათი, 31 ივლისი

[ხიზკიამ] დაამტვრია მოსეს გაკეთებული სპილენძის გველი (2 მეფ. 18:4).

ხიზკიას მაგალითის განხილვა გვაჩვენებს, რომ საჭიროა მოვიშოროთ ის, რაც ღმერთთან დაახლოებაში გვიშლის ხელს ან ჩვენი ყურადღება ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან სხვა რამეზე გადააქვს. არ გვინდა მივბაძოთ მათ, ვინც სოციალურ ქსელებში ადამიანებს აკერპებენ. ზოგიერთ ქრისტიანს მოსწონს სოციალური ქსელების მეშვეობით ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობა. თუმცა ქვეყნიერებაში ბევრი სოციალურ ქსელებს არის მიჯაჭვული და სრულიად უცხო ადამიანების შესახებ იწერს ინფორმაციას, ანუ მათი „ფოლოუერი“ ხდება. შესაძლოა ისინი ძალიან დიდ დროს უთმობენ მათი სურათების დათვალიერებასა და გამოქვეყნებული სიახლეების კითხვას. არსებობს საშიშროება, რომ ასეთმა უმნიშვნელო რამეებმა სრულიად მოგვიცვას. ქრისტიანი შეიძლება გაამაყდეს, თუ მის პოსტებს ბევრი მოწონება ექნება ან განაწყენდეს, თუ სხვები აუქმებენ გამოწერას. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვერიდები ადამიანების გაკერპებას და დროის დიდი ნაწილის არაფრის მომტან საქმეებში ხარჯვას? (ეფეს. 5:15, 16). w17.03 3:14, 17

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება