სექტემბერი
შაბათი, 1 სექტემბერი
მოთმინებას . . . დაასრულებინეთ თავისი საქმე (იაკ. 1:4).
ბიბლიური გაგებით მოთმინება გაცილებით მეტს მოიცავს, ვიდრე განსაცდელისა თუ გასაჭირის უბრალოდ ატანას. ამაში ჩართული უნდა იყოს ჩვენი გონება და გული, რაც განსაცდელებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე აისახება. მომთმენი ადამიანი, იმავდროულად, გაბედული, მტკიცე და ამტანია. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ მოთმინება „არის შინაგანი განწყობილება, რაც ადამიანს ძალას აძლევს, გასაჭირი უბრალოდ კი არ აიტანოს, არამედ ურთულეს პერიოდშიც კი არ დაკარგოს მომავლის იმედი . . . ეს არის თვისება, რომლის წყალობითაც კაცი პირქარს არ ეპუება; ეს ის თვისებაა, რომელიც ურთულეს განსაცდელებს ტრიუმფად აქცევს, რადგან იგი ტკივილის მიღმა დასახულ მიზანს ხედავს“. ქრისტიანის მოთმინებას საფუძვლად სიყვარული უდევს (1 კორ. 13:4, 7). ღვთის სიყვარული აღგვძრავს, მოვითმინოთ ნებისმიერი რამ, რასაც იეჰოვა უშვებს (ლუკ. 22:41, 42). თანაქრისტიანების სიყვარული გვეხმარება, რომ ავიტანოთ მათი ნაკლოვანებები (1 პეტ. 4:8). ცოლქმრული სიყვარული წყვილებს „ხორციელ გასაჭირს“ ატანინებს, რასაც ბედნიერი წყვილებიც კი ხვდებიან; შედეგად, ოჯახური კვანძები უფრო მტკიცდება და ძლიერდება (1 კორ. 7:28). w16.04 2:3, 4
კვირა, 2 სექტემბერი
ყოველდღე ერთად იყვნენ ყველანი ტაძარში (საქ. 2:46).
ბერძნული სიტყვა, რომელიც ამ მუხლში ითარგმნა, როგორც „ყოველდღე ერთად იყვნენ“, მიუთითებს რაიმეს განუწყვეტლივ და თავდაუზოგავად კეთებაზე. რომის იმპერიის უღელქვეშ მყოფი პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა წინააღმდეგობის გამო ერთად შეკრება ადვილი არ იყო, თუმცა ისინი მაინც იკრიბებოდნენ. მსგავსი სულისკვეთებით გამოირჩევიან იეჰოვას თანამედროვე მსახურებიც; მათთვის კრების შეხვედრები ძალიან ძვირფასია. ერთხელ ჯორჯ განგასმა, რომელმაც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელ საბჭოში 22 წელი იმსახურა, ასეთი სიტყვები თქვა: „და-ძმებთან ყოფნა ძალიან მსიამოვნებს და მამხნევებს“. მან დასძინა: „ჩემი ფიქრებიც და სურვილებიც . . . მუდამ კრების ირგვლივ ტრიალებს“. თქვენთვისაც ასეთივე მნიშვნელოვანია იეჰოვას თაყვანსაცემად შეკრება? თუ დიახ, მაშ, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ რეგულარულად დაესწროთ კრების შეხვედრებს. ამგვარად დაამტკიცებთ, რომ ისეთივე განწყობა გაქვთ, როგორიც მეფე დავითს ჰქონდა, რომელმაც თქვა: „იეჰოვა, მიყვარს შენი სახლი, შენი სამყოფელი“ (ფსალმ. 26:8). w16.04 3:16—18
ორშაბათი, 3 სექტემბერი
ჯერ შენს ძმას შეურიგდი (მათ. 5:24).
დავუშვათ, შეიტყვეთ, რომ თქვენმა საქციელმა ან ნათქვამმა თანაქრისტიანს გული ატკინა. როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს? დაელაპარაკეთ თანაქრისტიანს. გახსოვდეთ: თქვენი მიზანი ის კი არ უნდა იყოს, რომ მომხდარში თანაქრისტიანი დაადანაშაულოთ, არამედ ის, რომ თქვენი შეცდომა აღიაროთ და მშვიდობა აღადგინოთ. და-ძმებთან მშვიდობის შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია. გაიხსენეთ აბრაამი და მისი ძმისშვილი ლოტი. ორივეს ბევრი საქონელი ჰყავდა, ამიტომ, როგორც ჩანს, მათმა მწყემსებმა საძოვრები ვერ გაიყვეს და დავა დაიწყეს. გაუგებრობისთვის თავის ასარიდებლად აბრაამმა ლოტს შესთავაზა, რომ პირველად მას აერჩია სასურველი მიწა დასასახლებლად (დაბ. 13:1, 2, 5—9). აბრაამი მართლაც შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს, რადგან მისთვის პირად ინტერესებზე მნიშვნელოვანი მშვიდობის შენარჩუნება იყო. წააგო აბრაამმა რამე თავისი გულუხვობით? არამც და არამც. ამ შემთხვევიდან მალევე იეჰოვა აბრაამს უამრავ კურთხევას დაჰპირდა (დაბ. 13:14—17). ღმერთი არასოდეს დაუშვებს, რომ მისმა მსახურებმა აუნაზღაურებელი ზარალი განიცადონ ბიბლიური პრინციპებისა და უთანხმოებების სიყვარულით მოგვარების გამო. w16.05 1:11, 12
სამშაბათი, 4 სექტემბერი
ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება (ეფეს. 5:17).
თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა არაერთ კონკრეტულ მითითებას გვაძლევს. მაგალითად, ის კრძალავს უზნეობას, კერპთაყვანისმცემლობას, ქურდობასა და ლოთობას (1 კორ. 6:9, 10). ღვთის ძემ, იესო ქრისტემაც მისცა თავის მიმდევრებს მითითება: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). ალბათ, თითოეულს გვიგრძნია ღვთის კანონებისა და მითითებების დამცავი ძალა! ამ კანონებისა და მითითებების მორჩილებამ პირადი ღირსების გრძნობა აგვიმაღლა და ხელი შეუწყო ჩვენს ჯანმრთელობასა და ოჯახურ ბედნიერებას. რაც უფრო მნიშვნელოვანია, გვაქვს იეჰოვას მოწონება და კურთხევა, რადგან ერთგულად ვიცავთ მის მითითებებს, მათ შორის მითითებას სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ. w16.05 3:1
ოთხშაბათი, 5 სექტემბერი
განიახლეთ გონება და გარდაიქმენით (რომ. 12:2).
როცა ვემორჩილებით ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას და ჩვენს აზროვნებას ვუსაბამებთ იეჰოვას თვალსაზრისს, რასაც მისი სიტყვიდან ვიგებთ, ჩვენი ფიქრებით, მეტყველებითა და საქციელით უკეთ ვბაძავთ ღმერთს (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23). თუმცა ამ დროსაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ძველმა სისუსტეებმა არ დაგვძლიოს (იგავ. 4:23). თუ ჩვენი სულიერი ზრდა ერთი შეხედვით ნელა მიმდინარეობს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამას დრო სჭირდება. ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარება უწყვეტი პროცესია. მოთმინება უნდა გამოვავლინოთ, როცა ბიბლიის დახმარებით ვცდილობთ ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებების მოხდენას. თავიდან შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს ბიბლიის თანახმად მოქმედება. მაგრამ, რაც უფრო ავირეკლავთ ჩვენს ფიქრებსა თუ საქციელში იეჰოვას აზროვნებას, მით უფრო გაგვიადვილდება მის მოსაწონად მოქცევა და ეს ბუნებრივად გამოგვივა (ფსალმ. 37:31; იგავ. 23:12; გალ. 5:16, 17). w16.05 4:14, 16
ხუთშაბათი, 6 სექტემბერი
იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ (ფსალმ. 1:2).
დღეს იეჰოვა თავის მსახურებს ძირითადად თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და კრების მეშვეობით ძერწავს. ღვთის სიტყვით ჩვენი გამოძერწვა იმ შემთხვევაში ხდება, თუ მიზანმიმართულად ვკითხულობთ მას, ვფიქრობთ წაკითხულზე და იეჰოვას ვთხოვთ, წაკითხულის გამოყენებაში დაგვეხმაროს. დავითი წერდა: „გიხსენებ, როცა საწოლზე ვწევარ, ღამის გუშაგობის დროს ვფიქრობ შენზე“ (ფსალმ. 63:6). „ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს; ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით“ (ფსალმ. 16:7). დავითი ღვთის რჩევებს თავისი უხილავი შინაგანი პიროვნების გამოძერწვის საშუალებას აძლევდა მაშინაც კი, როცა რჩევები მკაცრი იყო (2 სამ. 12:1—13). მან თავმდაბლობისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. უთმობთ თქვენც დროს ღვთის სიტყვაზე ფიქრს და აძლევთ მას საშუალებას, ღრმად ჩააღწიოს თქვენში? ამ მხრივ გაუმჯობესება ხომ არ გჭირდებათ? (ფსალმ. 1:3). w16.06 1:11
პარასკევი, 7 სექტემბერი
ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას (ეკლ. 7:9).
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებმა 6 000 წლის წინ დაკარგეს სრულყოფილება. ამიტომ შეცდომები ადვილად მოგვდის. ჩვენ ბევრს არ უნდა მოველოდეთ თანამორწმუნეებისგან და მათი შეცდომების გამო არ უნდა დავკარგოთ სიხარული, რომელსაც ამ ბოლო დღეებში ღვთის ხალხს შორის ყოფნა გვანიჭებს. უფრო დიდი შეცდომა იქნება, თუ მათი შეცდომების გამო დავბრკოლდებით და იეჰოვას ორგანიზაციას დავტოვებთ. ასეთ შემთხვევაში არა მხოლოდ ღვთის ნების შესრულების პატივს დავკარგავთ, არამედ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესაძლებლობასაც. სიხარულისა და იმედის შესანარჩუნებლად ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იეჰოვას მანუგეშებელი დაპირება: „აი, ვქმნი ახალ ცასა და ახალ დედამიწას; აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:17; 2 პეტ. 3:13). ნუ დაუშვებთ, რომ ეს კურთხევები სხვების შეცდომების გამო დაკარგოთ! w16.06 4:13, 14
შაბათი, 8 სექტემბერი
ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა (კან. 6:4).
სიტყვა „ერთი“ განზრახვისა და ქმედების შეთანხმებულობაზე მიუთითებს. იეჰოვა არც გაორებულია და არც მერყევი. ის ყოველთვის ერთგული, ურყევი, სანდო და ჭეშმარიტია. იეჰოვა დაჰპირდა აბრაამს, რომ მისი შთამომავლობა დაიმკვიდრებდა აღთქმულ მიწას და ამ დაპირების შესასრულებლად მან დიდებული საქმეები მოიმოქმედა. თუმცა დაპირების მიცემიდან 430 წელი იყო გასული, მას არ გადაუფიქრებია მისი შესრულება (დაბ. 12:1, 2, 7; გამ. 12:40, 41). საუკუნეების შემდეგ თავის მოწმეებად მოხსენიებისას იეჰოვამ უთხრა ისრაელებს: „მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება“. მან ხაზი გაუსვა თავისი განზრახვის უცვლელობას და დასძინა: „მე ყოველთვის იგივე ვარ“ (ეს. 43:10, 13; 44:6; 48:12). ყველაფერში ურყევი და ერთგული ღმერთის, იეჰოვას მსახურებად ყოფნა განუმეორებელი პატივი იყო ისრაელებისთვის და ეს ჩვენთვისაც ასეა (მალ. 3:6; იაკ. 1:17). w16.06 3:6, 7
კვირა, 9 სექტემბერი
ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო (მარ. 13:33).
დღეს სახელმწიფოების უმეტესობას ჰყავს საკუთარი „გუშაგები“ სასაზღვრო პოლიციისა და მაღალტექნოლოგიური სადაზვერვო სისტემების სახით. მათი დანიშნულებაა, დააფიქსირონ ტერიტორიაზე უკანონოდ შეჭრილები და მტრები, რომლებიც საშიშროებას უქმნიან ეროვნულ უსაფრთხოებას. მათთვის მხოლოდ სხვა სახელმწიფოებისა თუ ცალკეული ადამიანებისგან მომდინარე საშიშროების ამოცნობაა შესაძლებელი, მაგრამ შეუმჩნეველია ღვთის ზეციერი სამეფოს საქმიანობა, რომელსაც ქრისტე უდგას სათავეში, და უცნობია, თუ როგორ გაასამართლებს მალე ის ყველა ერს (ეს. 9:6, 7; 56:10; დან. 2:44). მეორე მხრივ, თუ სულიერ სიფხიზლეს შევინარჩუნებთ, სასამართლო დღის დადგომა ჩვენთვის მოულოდნელი არ იქნება (ფსალმ. 130:6). ამ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას უფრო და უფრო რთული ხდება სიფხიზლის შენარჩუნება. სიფხიზლის დაკარგვა შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს! w16.07 2:2, 9, 10
ორშაბათი, 10 სექტემბერი
ფუჭი არ ყოფილა [ღვთის] წყალობა (1 კორ. 15:10).
პავლეს კარგად ესმოდა, რომ მას არ დაუმსახურებია ღვთის გულმოწყალება, რადგან ადრე ქრისტიანებს დევნიდა. თავისი მსახურების დასასრულ პავლემ ტიმოთეს მისწერა: „მადლიერი ვარ ჩვენი უფლის ქრისტე იესოსი, რომელმაც ძალა მომცა, რადგან ერთგულად მიმიჩნია და მსახურებისთვის დამნიშნა“ (1 ტიმ. 1:12—14). თუ რა იგულისხმებოდა ამ მსახურებაში, ჩანს ეფესოს კრების უხუცესებისთვის პავლეს ნათქვამი სიტყვებიდან: „ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24). მან გულმოდგინედ შეასრულა თავისი მსახურება, რითაც კარგი მაგალითი მოგვცა ქრისტიანებს, და დაამტკიცა, რომ მის მიმართ გამოვლენილი ღვთის წყალობა ფუჭი არ იყო. w16.07 4:1—3
სამშაბათი, 11 სექტემბერი
მოთმინებით დაველოდები (მიქ. 7:7).
იეჰოვა ყოველთვის მხარში უდგას თავის ერთგულ მსახურებს, თუმცა შეიძლება დაუშვას, რომ დამატებითი პასუხისმგებლობის მიღებამდე ან მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლამდე გარკვეული დრო გავიდეს. მართალია, ღმერთი აბრაამს დაჰპირდა, რომ ვაჟი ეყოლებოდა, მაგრამ პატრიარქს რწმენა და მოთმინება სჭირდებოდა (ებრ. 6:12—15). მიუხედავად იმისა, რომ ისაკის დაბადებამდე წლები გავიდა, აბრაამმა გული არ გაიტეხა. იეჰოვამაც არ გაუცრუა მას იმედი (დაბ. 15:3, 4; 21:5). ლოდინი ადვილი არ არის (იგავ. 13:12). თუ მოლოდინი ბევრჯერ არ გაგვიმართლდა და ამაზე გამუდმებით ვფიქრობთ, შეიძლება გული გაგვიტყდეს. უფრო გონივრულია, დრო ჩვენი სულიერობის განსავითარებლად გამოვიყენოთ. ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი გვეხმარება, რომ შევიძინოთ სიბრძნე, წვდომისა და განსჯის უნარი, ცოდნა, ჭკუა და საღი აზროვნება. ყოველდღიურად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხება გართობას, ჩაცმასა და ვარცხნილობას, ფულის ხარჯვასა თუ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ ბიბლიიდან ნასწავლს გავითვალისწინებთ, იეჰოვას მოსაწონ არჩევანს გავაკეთებთ. w16.08 3:9—11
ოთხშაბათი, 12 სექტემბერი
ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში (ფილ. 2:13).
იეჰოვა დაეხმარა ისრაელებს, დაემარცხებინათ ამალეკელები და ეთიოპები. მან ძალა მისცა ნეემიასა და მის თანამემამულეებს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაესრულებინათ. ღმერთი ჩვენც მოგვცემს ძალას, რომ წინააღმდეგობის, გულგრილობისა და საწუხარის მიუხედავად მტკიცენი ვიყოთ და სამქადაგებლო საქმე შევასრულოთ (1 პეტ. 5:10). ჩვენ არ ველით, რომ იეჰოვა სასწაულებს მოახდენს ჩვენთვის. გვესმის, რომ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ: ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, ყოველთვის მოვემზადოთ შეხვედრებისთვის და დავესწროთ მათ, ვკვებოთ ჩვენი გული და გონება პირადი შესწავლისა თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის მეშვეობით და ყოველთვის მივენდოთ იეჰოვას ლოცვით. ჩვენ არ უნდა მივცეთ სხვა მიზნებსა თუ საქმეებს ამ ყოველივეში ხელის შეშლის საშუალება, რადგან იეჰოვა სწორედ მათი მეშვეობით გვაძლიერებს და გვამხნევებს. თუ გრძნობთ, რომ ამ საკითხებიდან რომელიმეში გაუმჯობესება გჭირდებათ, ღმერთს მიმართეთ დახმარებისთვის. მაშინ დაინახავთ, როგორ იმოქმედებს ღვთის სული თქვენზე, რათა „სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც“. w16.09 1:12
ხუთშაბათი, 13 სექტემბერი
რადგან სიძვა ყველგან არის გავრცელებული, ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ ქალს — თავისი ქმარი (1 კორ. 7:2).
მიუხედავად იმისა, რომ პავლე მოციქული დაუქორწინებლობას ურჩევდა ქრისტიანებს, მან დღევანდელ მუხლში მოცემული სიტყვებითაც მიმართა მათ. შემდეგ კი დასძინა: „თუ თავშეკავება არა აქვთ, დაქორწინდნენ, რადგან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე ვნებით აღიგზნონ“. დაქორწინება შეიძლება დაეხმაროს ადამიანს, არ აჰყვეს ვნებას და მასტურბაციის ან უზნეობის მახეში არ გაებას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ასაკი, როგორც ეს მოციქულის სიტყვებიდან ჩანს: „თუ ვინმეს მიაჩნია, რომ დაუქორწინებლისთვის შეუფერებლად იქცევა და თუ ახალგაზრდული ვნებები დაუცხრა, რაც ასეც უნდა იყოს, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს, დაქორწინდეს“ (1 კორ. 7:9, 36; 1 ტიმ. 4:1—3). ჩვენ არ უნდა ვუბიძგოთ ვინმეს დაქორწინებისკენ მხოლოდ იმიტომ, რომ დაიკმაყოფილოს ვნებები, რომლებიც ზოგჯერ ახალგაზრდულ წლებში მოზღვავებულია. ასეთი ადამიანი შეიძლება მზად არ იყოს ოჯახური პასუხისმგებლობების ასაღებად. w16.08 1:17
პარასკევი, 14 სექტემბერი
ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს, რომ ღვთის მსახურები ვიყოთ (2 კორ. 6:4).
ის, თუ რა წარმოდგენა ექნებათ სხვებს ჩვენზე, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, „რასაც თვალი ხედავს“ (1 სამ. 16:7). ამიტომ ღვთის მსახურებს გვესმის, რომ მხოლოდ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ, თუ რა მოგვწონს და რომელ ტანსაცმელში ვგრძნობთ თავს კომფორტულად. ღვთის სიტყვაში მოყვანილი პრინციპების ცოდნამ უნდა აღგვძრას, არ ჩავიცვათ მოტკეცილი, მეტისმეტად ღია ან გამომწვევი ტანსაცმელი. ეს გამორიცხავს ისეთი ტანსაცმლის ჩაცმას, რომელიც გამოკვეთს ჩვენი სხეულის ინტიმურ ნაწილებს. ჩვენმა ჩაცმულობამ არ უნდა შეუქმნას სხვას უხერხულობა ან არ უნდა აიძულოს, რომ თვალი მოგვარიდოს. დიდი ალბათობაა, რომ ადამიანები პატივისცემით მოგვეპყრობიან, თუ სუფთად, კოხტად, მოწესრიგებულად და მოკრძალებულად გვაცვია. ეს მათ ღმერთთან დაახლოების სურვილს გაუჩენს. ამასთანავე, თუ ღირსეულად გვაცვია, ეს კარგ წარმოდგენას შეუქმნის ხალხს ჩვენს ორგანიზაციაზე. შედეგად, მათ შეიძლება მოგვისმინონ, როცა სიცოცხლის გადამრჩენ ცნობას ვუზიარებთ. w16.09 3:5, 6
შაბათი, 15 სექტემბერი
იყვნენ . . . გონიერნი, ყველასთან რბილი ხასიათი გამოავლინონ (ტიტ. 3:2).
ნაჩქარევად ნუ დაასკვნი, რომ უკვე იცი, რა სწამთ სხვებს. ზოგი შეიძლება ამბობს, რომ სწამს ევოლუციის, თუმცა არც ღვთის არსებობას უარყოფს. მათი აზრით, ღმერთმა სიცოცხლის სხვადასხვა სახეობის შესაქმნელად ევოლუცია გამოიყენა. სხვები ამბობენ, რომ სწამთ ევოლუციის მოძღვრება, რადგან, თუ ის სიმართლე არ იქნებოდა, სკოლაში არ ასწავლიდნენ. ზოგს კი აღარ სწამს ღმერთი, რადგან რელიგიაზე გული აუცრუვდა. ამიტომ სიცოცხლის წარმოშობაზე სხვასთან საუბრის დროს გონივრულია, ჯერ კითხვები დაუსვა და გაიგო, რა სწამს. თუ გონიერებას გამოიჩენ და მზად იქნები მოსასმენად, ალბათ, ისიც მოგისმენს. თუ ვინმე ეჭვქვეშ აყენებს შემოქმედებისადმი შენს რწმენას, შეგიძლია სთხოვო, თვითონ აგიხსნას, როგორ შეიძლებოდა წარმოშობილიყო სიცოცხლე შემოქმედის გარეშე. სიცოცხლის საწყის ფორმას რომ ეარსება, მას გამრავლების უნარი უნდა ჰქონოდა. ქიმიის ერთმა პროფესორმა თქვა: „საოცარია, რომ სიცოცხლის უმარტივეს ფორმასაც კი რთული აგებულება აქვს“. w16.09 4:12, 13
კვირა, 16 სექტემბერი
უარს ამბობდნენ ნებისმიერი გამოსასყიდით გათავისუფლებაზე, რათა უკეთესი აღდგომისთვის მიეღწიათ (ებრ. 11:35).
დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ვინ ჰყავდა მხედველობაში პავლეს, თუმცა ვიცით, რომ ზოგი, მაგალითად ნაბოთი და ზაქარია, ღვთის მორჩილებისა და მისი ნების შესრულებისთვის ჩაქოლეს (1 მეფ. 21:3, 15; 2 მატ. 24:20, 21). თუ ერთგულებას დათმობდნენ, დანიელსა და მის მეგობრებსაც ჰქონდათ გათავისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ ღვთის ძალისადმი რწმენით ისინი „ლომებს პირს უკრავდნენ“ და „ცეცხლის ძალას უძლებდნენ“ (ებრ. 11:33, 34; დან. 3:16—18, 20, 28; 6:13, 16, 21—23). მიქაია და იერემია წინასწარმეტყველები რწმენის გამო „გამოიცადნენ დაცინვითა და . . . ბორკილებით“. ელიას მსგავსად, სხვებიც „დადიოდნენ უკაცრიელ ადგილებში, მთებში, გამოქვაბულებსა და დედამიწის ხევებში“. მათ მოითმინეს, რადგან მათი მოლოდინი საფუძვლიანი იყო (ებრ. 11:1, 36—38; 1 მეფ. 18:13; 22:24—27; იერ. 20:1, 2; 28:10, 11; 32:2). w16.10 3:10, 11
ორშაბათი, 17 სექტემბერი
თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად (ფილ. 2:3).
სამეფო დარბაზში გულთბილი მისალმებით შეგვიძლია სხვა ქვეყნებიდან ახალჩამოსულების მიმართ სიკეთე გამოვავლინოთ. შეიძლება შევნიშნეთ, რომ ზოგიერთი მათგანი მორცხვია და კონტაქტში არ შემოდის. თავიანთი აღზრდის ან სოციალური მდგომარეობის გამო მათ შეიძლება სხვა ეროვნების ან რასის ადამიანები საკუთარ თავზე მაღლა მდგომებად მიაჩნიათ. ამიტომ ჩვენ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა და მათ მიმართ სითბო და გულწრფელი ინტერესი გამოვხატოთ. თუ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომია აპლიკაცია „JW ენები“, შეგიძლიათ მათ მშობლიურ ენაზე ისწავლოთ მისალმება (ფილ. 2:4). შეიძლება თქვენც გერიდებათ სხვა კულტურის ადამიანთან საუბრის წამოწყება. ამაში დაგეხმარებათ საკუთარი თავის შესახებ რაიმეს მოყოლა. შეიძლება მალევე დაინახოთ, რომ უფრო მეტი საერთო გაქვთ, ვიდრე განსხვავება — იქნება ეს სინამდვილეში არსებული თუ თქვენს წარმოსახვაში შექმნილი, და მიხვდეთ, რომ ყველა კულტურას აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები. w16.10 1:13, 14
სამშაბათი, 18 სექტემბერი
სიძვაა თქვენ შორის, თანაც ისეთი სიძვა, რომლის მსგავსი უცხოტომელებშიც კი არ არის (1 კორ. 5:1).
ჩვენ ხელს შევუწყობთ კრების სულიერ სიწმინდეს, თუ მივყვებით ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებებს. მოვიყვანოთ ძველ კორინთში მომხდარი შემთხვევა. პავლე თავდაუზოგავად ქადაგებდა ამ ქალაქში. მას ძალიან უყვარდა იქ მცხოვრები, „წმინდებად მოწოდებული“ თანაქრისტიანები (1 კორ. 1:1, 2). რა რთული იქნებოდა მისთვის იმის გაგება, რომ კრებაში უზნეობას იწყნარებდნენ და მას უნდა მიეღო ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად! პავლემ უხუცესებს უთხრა, რომ უზნეო კაცი სატანისთვის გადაეცათ, ანუ კრებიდან გაერიცხათ. კრების სიწმინდის შესანარჩუნებლად მათ უნდა მოეშორებინათ „საფუარი“ (1 კორ. 5:5—7, 12). როცა უხუცესების მიერ მოუნანიებელი შემცოდველის გარიცხვის გადაწყვეტილებას ვუჭერთ მხარს, ხელს ვუწყობთ კრებაში სიწმინდის შენარჩუნებას. ამან შეიძლება აღძრას შემცოდველი, მოინანიოს და იეჰოვას დაუბრუნდეს. w16.11 2:14
ოთხშაბათი, 19 სექტემბერი
თუ რამე გამამხნევებელი გაქვთ სათქმელი, თქვით (საქ. 13:15).
გამხნევება დადებითად მოქმედებს ადამიანზე. „წლების მანძილზე უღირსობის გრძნობას ვებრძვი, — წერს ერიკი. — ერთხელ ერთ უხუცესთან ერთად ვმსახურობდი. ძმამ შემატყო, რომ ცუდი დღე მქონდა. ის თანაგრძნობით მისმენდა, როცა საკუთარ გრძნობებს ვუზიარებდი. შემდეგ მან ყურადღება გამიმახვილა იმ კარგ საქმეებზე, რომელთაც მე ვაკეთებდი; აგრეთვე შემახსენა იესოს სიტყვები, რომ თითოეული ჩვენგანი უამრავ ბეღურაზე ძვირფასია. ამ მუხლს ხშირად ვიხსენებ და ის დღემდე მამხნევებს. უხუცესის სიტყვებმა ბევრად შემიმსუბუქა მდგომარეობა“ (მათ. 10:31). გასაკვირი არ არის, რომ ბიბლია ხშირად ამახვილებს ყურადღებას გამხნევების აუცილებლობაზე. მოციქული პავლე ებრაელ ქრისტიანებს სწერდა: „ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს . . . რათა რომელიმე თქვენგანი ცოდვის მაცდუნებელმა ძალამ არ გააჯიუტოს“ (ებრ. 3:13). დედნისეულ ტექსტში სიტყვა, რომელიც შეგონებად ითარგმნა, გამხნევების აზრსაც ატარებს. თუ ოდესმე ვინმეს გაუმხნევებიხართ, ალბათ, თქვენთვის რთული მისახვედრი არ იქნება, რამდენად მნიშვნელოვანია ამ რჩევის გათვალისწინება. w16.11 1:2, 3
ხუთშაბათი, 20 სექტემბერი
გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები (საქ. 20:30).
რომის წარმართმა იმპერატორმა კონსტანტინემ ახ. წ. 313 წელს „ქრისტიანობა“ კანონიერად აღიარა. ნიკეის კრების შემდეგ კონსტანტინემ, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, ბრძანა, გადაესახლებინათ მღვდელი არიოზი, რადგან იესო ღმერთად არ აღიარა. მოგვიანებით, იმპერატორ თეოდოსიუს I-ის დროს (ახ. წ. 379—395), ქრისტიანობის წაბილწული ფორმა, რომელიც კათოლიციზმის სახელით გახდა ცნობილი, რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადდა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ წარმართული რომი მეოთხე საუკუნეში „გაქრისტიანდა“. ფაქტია, რომ ამ დროისთვის განდგომილი ქრისტიანობა უკვე რომის იმპერიის წარმართულ რელიგიებთან ერთად დიდი ბაბილონის ნაწილი იყო. მიუხედავად ამისა, მცირერიცხოვანი ცხებული ქრისტიანები, რომლებიც იესომ ხორბალს შეადარა, შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ, ღვთისთვის ეცათ თაყვანი (მათ. 13:24, 25, 37—39). w16.11 4:8, 9
პარასკევი, 21 სექტემბერი
ყველა თქვენი საწუხარი [იეჰოვას] მიანდეთ, რადგან ის ზრუნავს თქვენზე (1 პეტ. 5:7).
ჩვენ უაღრესად დაძაბულ დროში ვცხოვრობთ. სატანა ეშმაკი გამძვინვარებულია. ის „დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 12:17). ამიტომ გასაკვირი არ არის, თუ ღვთის მსახურებიც განვიცდით დროდადრო წუხილს. მსგავსი გრძნობები ძველ დროში მცხოვრებ ღვთისმოშიშ მსახურებსაც ეუფლებოდათ, მათ შორის მეფე დავითს (ფსალმ. 13:2). ალბათ, გახსოვთ ისიც, რომ მოციქული პავლე „ყველა კრებისთვის“ წუხდა (2 კორ. 11:28). რის გაკეთება შეგვიძლია, თუ საწუხარი ჩვენც მოგვიცავს? ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა დაეხმარა წარსულში მცხოვრებ მსახურებს, გამკლავებოდნენ წუხილს. მისი დახმარებით ჩვენც შეგვიძლია შევიმსუბუქოთ წუხილი და ვიგრძნოთ შვება. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? გულითადი ლოცვით, ღვთის სიტყვის კითხვითა და მასზე ფიქრით, იეჰოვას წმინდა სულის დახმარებით და სანდო მეგობრისთვის გრძნობების გაზიარებით. w16.12 3:1, 2
შაბათი, 22 სექტემბერი
მათი ბოლო სიკვდილია (რომ. 6:21).
იეჰოვას მსახურებმა ზურგი აქციეს იმ ცუდ საქმეებს, რომლებსაც მანამდე სჩადიოდნენ, სანამ გაიცნობდნენ და შეიყვარებდნენ ღმერთს და მისი თაყვანისმცემლები გახდებოდნენ. შესაძლოა ამ საქმეებიდან ზოგი ისეთი იყო, რის გამოც ახლა რცხვენიათ და რის გამოც სიკვდილს დაიმსახურებდნენ (რომ. 6:21). მაგრამ ისინი შეიცვალნენ. მსგავსი რამის თქმა შეიძლება არაერთ კორინთელ ქრისტიანზეც, რომელთაც პავლემ წერილი მისწერა. ზოგი მათგანი ერთ დროს მრუში, ჰომოსექსუალისტი, ქურდი და ლოთი იყო ან სხვა მსგავს საქმეებს სჩადიოდა. მაგრამ ისინი განიბანნენ და განიწმინდნენ (1 კორ. 6:9—11). ასეთები რომის კრებაშიც იყვნენ. პავლე ღვთივშთაგონებით სწერდა მათ: „ნურც უმართლობის იარაღად მისცემთ თქვენი სხეულის ნაწილებს ცოდვას, არამედ ღმერთს წარუდგინეთ თავი, როგორც მკვდრეთით აღმდგრებმა, და თქვენი სხეულის ნაწილებიც ღმერთს წარუდგინეთ სიმართლის იარაღად“ (რომ. 6:13). პავლე დარწმუნებული იყო, რომ ისინი შეძლებდნენ სულიერი სიწმინდის შენარჩუნებას. შედეგად, ღმერთი არ მოაკლებდა მათ თავის წყალობას. w16.12 1:13
კვირა, 23 სექტემბერი
მიენდე იეჰოვას (ფსალმ. 37:3).
იეჰოვამ ადამიანი სხვადასხვა უნარით შექმნა. მან მოგვცა აზროვნების უნარი პრობლემების გადასაჭრელად და მომავლის დასაგეგმად (იგავ. 2:11). მან მოგვცა ძალაც, რომ განვახორციელოთ ჩვენი გეგმები და კარგ მიზნებს მივაღწიოთ (ფილ. 2:13). აგრეთვე ჩვენში ჩადო სინდისი, ანუ სწორისა და არასწორის გარჩევის უნარი, რომელიც გვეხმარება, არ ჩავიდინოთ არასწორი საქციელი და გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები (რომ. 2:15). ის არაერთხელ მოგვიწოდებს თავის სიტყვაში, რომ ჩვენი უნარი სწორად გამოვიყენოთ. მაგალითად, ებრაულ წერილებში ნათქვამია: „მუყაითის გეგმები წარმატებულია“ და „ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებ, აკეთე მთელი შენი ძალით“ (იგავ. 21:5; ეკლ. 9:10). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი ვკითხულობთ: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ და „რა ძღვენიც მიიღეთ თითოეულმა, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალ. 6:10; 1 პეტ. 4:10). აშკარაა, იეჰოვა მოელის, რომ იმას გავაკეთებთ, რაც ჩვენთვისაც სასარგებლო იქნება და სხვებისთვისაც. w17.01 1:1, 2
ორშაბათი, 24 სექტემბერი
რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია (1 კორ. 10:11).
ადამისა და ევას შთამომავლებმა თავიანთი ურჩი წინაპრებისგან მემკვიდრეობით არასრულყოფილება და სიკვდილი მიიღეს. თუმცა ნების თავისუფლების ძღვენი მათ არ წართმევიათ. ამაზე მოწმობს ისრაელ ერთან ღვთის ურთიერთობა. თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით იეჰოვამ ისრაელებს მისთვის გამორჩეულ საკუთრებად გახდომის შესაძლებლობა შესთავაზა (გამ. 19:3—6). როგორ გამოეხმაურნენ ისინი ამ შეთავაზებას? ისინი ნებაყოფლობით დათანხმდნენ პირობებს, რომლებიც ღვთის სახელით წოდებულ ერს უნდა შეესრულებინა და ერთხმად თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ თქვა“ (გამ. 19:8). სამწუხაროდ, მოგვიანებით მათ ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება და მიცემული პირობა დაარღვიეს. მოდი ყურად ვიღოთ მათი გამაფრთხილებელი მაგალითი, ყოველთვის დავაფასოთ ნების თავისუფლების ძღვენი, კვლავაც დავუახლოვდეთ იეჰოვას და დავემორჩილოთ მის სამართლიან მოთხოვნებს. w17.01 2:9
სამშაბათი, 25 სექტემბერი
მოკრძალებულად [იარე] შენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8).
ერთხელ, იერობოამის მეფობის დროს, იეჰოვამ იუდადან წინასწარმეტყველი გაგზავნა ისრაელის ამ განდგომილი მეფისთვის მკაცრი განაჩენის გასაცხადებლად. თავმდაბალმა წინასწარმეტყველმა მეფეს ღვთის განაჩენი გადასცა და იეჰოვამაც დაიცვა ის იერობოამის რისხვისგან (1 მეფ. 13:1—10). როცა წინასწარმეტყველი უკან ბრუნდებოდა, გზად ერთ მოხუც კაცს შეხვდა, რომელიც ახლომდებარე ბეთელიდან იყო. მოხუცმა კაცმა მას თავი იეჰოვას წინასწარმეტყველად წარუდგინა. მან შეცდომაში შეიყვანა ახალგაზრდა წინასწარმეტყველი და ღვთის ნათელი მითითების დარღვევისკენ უბიძგა, რომლის თანახმადაც, მას არ უნდა ეჭამა პური და არ უნდა დაელია წყალი ისრაელში; ის არც იმავე გზით უნდა დაბრუნებულიყო სახლში. იეჰოვა განრისხდა ახალგაზრდა წინასწარმეტყველზე. მოგვიანებით სახლისკენ მიმავალ წინასწარმეტყველს გზად ლომი გადაეყარა და მოკლა იგი (1 მეფ. 13:11—24). რატომ მოიქცა კადნიერად ეს ერთ დროს მოკრძალებული წინასწარმეტყველი და რატომ გაჰყვა სახლში ცბიერ მოხუცს? ბიბლია არაფერს ამბობს ამის შესახებ. შესაძლოა, მან დაივიწყა, რომ ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარული მოეთხოვებოდა. w17.01 4:1—3
ოთხშაბათი, 26 სექტემბერი
მე ვთქვი და შევასრულებ. მე განვიზრახე და გავაკეთებ (ეს. 46:11).
ბიბლიის პირველივე მუხლში მარტივად არის ნათქვამი, რომ „თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა“, თუმცა ამ სიტყვებში ღრმა აზრი დევს (დაბ. 1:1). ჩვენ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს ღვთის შემოქმედებაზე, მაგალითად სივრცეზე, სინათლესა და მიზიდულობაზე, და სამყაროს მხოლოდ მცირე ნაწილს შეგვიძლია შევავლოთ თვალი (ეკლ. 3:11). თუმცა იეჰოვამ გაგვიმჟღავნა დედამიწასა და კაცობრიობასთან დაკავშირებული განზრახვა, რომლის თანახმადაც დედამიწა საუკეთესო საცხოვრებელი იქნებოდა ღვთის ანარეკლად შექმნილი მამაკაცებისა თუ ქალებისთვის (დაბ. 1:26). ისინი მისი შვილები იქნებოდნენ, იეჰოვა კი მათი მამა იქნებოდა. თუმცა, როგორც „დაბადების“ მესამე თავიდან ვიგებთ, თავი იჩინა წინააღმდეგობამ (დაბ. 3:1—7). მაგრამ ეს წინააღმდეგობა დაუძლეველი არ იყო, რადგან იეჰოვას განზრახვის შესრულებას წინ ვერავინ დაუდგებოდა (ეს. 46:10; 55:11). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვას თავდაპირველი განზრახვა ზუსტად დანიშნულ დროს შესრულდება! w17.02 1:1, 2
ხუთშაბათი, 27 სექტემბერი
სად არის ის, ვინც მას [მოსეს] თავისი წმინდა სული მისცა? (ეს. 63:11)
ვინაიდან წმინდა სული უხილავი ძალაა, როგორ მიხვდებოდნენ ისრაელები, რომ მოსე წმინდა სულით მოქმედებდა? წმინდა სულით მოსემ არაერთი სასწაული მოახდინა და ფარაონს ღვთის სახელი გაუცხადა (გამ. 7:1—3). ამასთანავე, წმინდა სული დაეხმარა მოსეს შესანიშნავი თვისებების — სიყვარულის, თვინიერებისა და მოთმინების განვითარებაში. შედეგად, ის მზად იყო ისრაელებისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად. აშკარაა, მოსე იეჰოვამ აირჩია თავისი ხალხის წინამძღოლად. მოგვიანებით იეჰოვამ წმინდა სული თავისი ხალხის წინამძღოლებად დანიშნულ სხვა მამაკაცებსაც მისცა. „იესო ნავეს ძე სავსე იყო სიბრძნის სულით“ (კან. 34:9). „იეჰოვას სულმა მოიცვა გედეონი“ (მსაჯ. 6:34). „ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული“ (1 სამ. 16:13). ამ მამაკაცებს ღვთის სულის დახმარების იმედი ჰქონდათ. სწორედ ამ სულის ძალით ჩაიდინეს მათ ისეთი საგმირო საქმეები, რომელთაც საკუთარი ძალით ვერ შეძლებდნენ (იეს. 11:16, 17; მსაჯ. 7:7, 22; 1 სამ. 17:37, 50). w17.02 3:3—5
პარასკევი, 28 სექტემბერი
ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენს რწმენაზე ვბატონობთ, არამედ გეხმარებით, რომ სიხარული გქონდეთ, ვინაიდან თქვენივე რწმენით დგახართ (2 კორ. 1:24).
პავლე პატივს სცემდა თანაქრისტიანების უფლებას, თავად მიეღოთ გადაწყვეტილებები, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. დღესაც უხუცესებმა პავლეს მაგალითს უნდა მიჰბაძონ, როცა რჩევას აძლევენ კრების წევრებს პირად საკითხებზე. ისინი დაუზარებლად უზიარებენ თავიანთ სამწყსოს ბიბლიაზე დაფუძნებულ ინფორმაციას, თუმცა ყველანაირად ერიდებიან და-ძმების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ამ და-ძმებს თავად მოუწევთ მიღებული გადაწყვეტილების შედეგებთან გამკლავება. აქედან მნიშვნელოვან რამეს ვსწავლობთ: ჩვენ შეგვიძლია სხვების მიმართ ინტერესი გამოვავლინოთ და ბიბლიურ პრინციპებსა და რჩევებზე გავუმახვილოთ ყურადღება. თუმცა მათი უფლება და პასუხისმგებლობაა, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როცა ისინი სწორ არჩევანს აკეთებენ, ეს მათივე კეთილდღეობას ემსახურება. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ აზროვნებას, თითქოს უფლება გვაქვს, და-ძმების ნაცვლად მივიღოთ გადაწყვეტილებები. w17.03 2:11
შაბათი, 29 სექტემბერი
გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ (ებრ. 13:17).
ერთგული მონა უდიდეს რწმენას ავლენს და გულმოდგინედ ავრცელებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. თუ სხვა ცხვრის წარმომადგენელი ხართ, უჭერთ მხარს ცხებულებს ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში? თქვენს სიხარულს საზღვარი არ ექნება, როცა თქვენი წინამძღოლი იესო გეტყვით: „რაც კი ერთ ამ ჩემს უმცირეს ძმას გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ“ (მათ. 25:34—40). ზეცად ამაღლებულ იესოს არ მიუტოვებია თავისი მიმდევრები (მათ. 28:20). დედამიწაზე მსახურების დროს მან თავად გამოსცადა წმინდა სულის, ანგელოზებისა და ღვთის სიტყვის დახმარება, რამაც მას თავისი მიმდევრებისთვის ხელმძღვანელობის გაწევა გაუადვილა. ამიტომ დღეს ის მსგავსად ეხმარება ერთგულ მონას. ეს ცხებული ქრისტიანი ძმები „მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს“ (გამოცხ. 14:4). მათი ხელმძღვანელობის მიყოლით ჩვენს წინამძღოლს, იესოს მივყვებით. მალე ის მარადიული სიცოცხლისკენ წაგვიძღვება (გამოცხ. 7:14—17). ასეთი დაპირების მოცემა დღეს არცერთ მიწიერ მმართველს არ შეუძლია! w17.02 4:17—19
კვირა, 30 სექტემბერი
იეჰოვას მიანდე შენი გზა, მასზე დაამყარე იმედი და ის იმოქმედებს (ფსალმ. 37:5).
როცა ისეთი პრობლემების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ჩვენს ძალას აღემატება, შეიძლება ადვილად მივხვდეთ, რომ საჭიროა იეჰოვაზე მინდობა. მაგრამ როგორ მოვიქცევით, როცა საქმე ნაკლებად სერიოზულ, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებს ეხება? დავენდობით საკუთარ გონებას და შევეცდებით დამოუკიდებლად მათ გადაჭრას თუ ბიბლიურ პრინციპებს მოვძებნით, გავითვალისწინებთ მათ და ამგვარად იეჰოვასადმი ნდობას გამოვავლენთ? მაგალითად, ოჯახის წევრები შეიძლება დროდადრო შეეცადონ, ხელი შეგიშალონ კრების შეხვედრებსა თუ კონგრესებზე დასწრებაში. ალბათ, იეჰოვას სთხოვთ ხელმძღვანელობას, რომ სიტუაციის მოსაგვარებლად საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ. ან შეიძლება სამსახური დაკარგეთ და ახლის შოვნა გიჭირთ. პოტენციურ დამსაქმებელთან გასაუბრების დროს ეტყვით მას, რომ ყოველკვირეულად უნდა დაესწროთ კრების შეხვედრებს? რა პრობლემის წინაშეც არ უნდა ვიყოთ, უნდა გავითვალისწინოთ დღევანდელ მუხლში მოყვანილი ფსალმუნმომღერლის სიტყვები. w17.03 4:6