ოქტომბერი
ორშაბათი, 1 ოქტომბერი
თავის მოშიშთა სურვილს შეასრულებს, მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ, და იხსნის მათ (ფსალმ. 145:19).
იეჰოვა ის ღმერთია, რომელიც „მოთმინებასა და ნუგეშს გვაძლევს“ (რომ. 15:5). ბოლომდე მხოლოდ მას ესმის ჩვენი; მან არა მხოლოდ ის იცის, თუ რა პრობლემებს ვხვდებით, არამედ ისიც, თუ რა სიტუაციაში ვართ, როგორია ჩვენი ემოციური მდგომარეობა და როგორ მოქმედებს ჩვენზე გენეტიკა. ამიტომ იეჰოვაზე უკეთ არავის შეუძლია, მოგვცეს მოთმინების ძალა. თუ განსაცდელის დროს იეჰოვას დახმარებისთვის მივმართავთ, ის აუცილებლად მოგვცემს გამოსავალს (1 კორ. 10:13). ნიშნავს ეს იმას, რომ იეჰოვა მოგვაშორებს განსაცდელს? შესაძლოა ასეც მოხდეს. თუმცა ხშირად ის გამოსავალს გვაძლევს, რომ მოვითმინოთ. დიახ, იეჰოვა გვაძლევს ძალას, რომ მოვითმინოთ, სულგრძელნი ვიყოთ და სიხარული არ დავკარგოთ (კოლ. 1:11). ვინაიდან იეჰოვამ ასე კარგად იცის ჩვენი ფიზიკური, გონებრივი თუ ემოციური შესაძლებლობების ზღვარი, ის არასოდეს დაუშვებს ვითარების გამწვავებას იქამდე, რომ ერთგულების შენარჩუნება ვეღარ შევძლოთ. w16.04 2:5, 6
სამშაბათი, 2 ოქტომბერი
ამიტომ კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს (მათ. 22:21).
ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, რომ დავემორჩილოთ ხელისუფალთ, თუმცა იმასაც მოგვიწოდებს, რომ ღმერთსაც დავემორჩილოთ (საქ. 5:29; ტიტ. 3:1). წინააღმდეგობრივი ხომ არ არის ეს მოთხოვნები? არავითარ შემთხვევაში. როცა გვესმის პირობითი მორჩილების პრინციპი, შედეგად ვწვდებით ამ მითითებების არსს და აღარ გვიჭირს მორჩილება. ეს საკითხი იესომ დღევანდელ მუხლში მოყვანილი სიტყვებით შეაჯამა. ჩვენ უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლებას — პატივი ვცეთ მის წარმომადგენლებს, დავიცვათ კანონები და გადავიხადოთ გადასახადები (რომ. 13:7). მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფალნი ისეთ რამეს მოგვთხოვენ, რის შესრულებაც ღვთის ნორმებს დაგვარღვევინებს? მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ დავემორჩილებით მათ. პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურნი ვრჩებით (ეს. 2:4). სწორედ ამიტომ, არც მთავრობებს ვეწინააღმდეგებით, რომელთა არსებობასაც ღმერთი უშვებს, და არც პატრიოტულ ღონისძიებებში ვმონაწილეობთ (რომ. 13:1, 2). ჩვენ არ ვცდილობთ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კანონები შევაცვლევინოთ; პოლიტიკურ არჩევნებში არც სხვას ვაძლევთ ხმას, არც თავად ვიყრით კენჭს და არც მთავრობის შეცვლას ვცდილობთ. w16.04 4:1, 2
ოთხშაბათი, 3 ოქტომბერი
იყოს ის შენთვის როგორც უცხოტომელი (მათ. 18:17).
ხშირ შემთხვევაში ქრისტიანებს შეუძლიათ გაუგებრობები სხვების ჩაურევლად მოაგვარონ; და ეს ასეც უნდა იყოს. თუმცა იესომ აღნიშნა, რომ ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრების ჩარევა გახდეს საჭირო (მათ. 18:15—17). რა შეიძლება მომხდარიყო, თუ დამნაშავე არ მოუსმენდა არც თავის ძმას, არც მოწმეებს და არც კრებას? კრებისთვის ის გახდებოდა „როგორც უცხოტომელი და როგორც გადასახადების ამკრეფი“. დღეს ჩვენ ამას გარიცხვას ვუწოდებთ. რადგან საქმე გარიცხვამდე მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს არა უბრალო გაუგებრობასთან, არამედ ისეთ ცოდვასთან, რომელიც: 1) ქრისტიანებს შორის შეიძლება მოგვარდეს და 2) იმდენად სერიოზული ხასიათისაა, რომ მოუგვარებლობის შემთხვევაში შემცოდველი უნდა გაირიცხოს. ასეთ ცოდვაში შეიძლება იგულისხმებოდეს თაღლითობა ან ცილისწამებით სხვისი რეპუტაციის შელახვა. იესოს მიერ მოხსენიებული სამი ნაბიჯი, როგორც ეს მათეს 18:15—17 მუხლებშია ჩაწერილი, მხოლოდ ამ შემთხვევებში უნდა გადაიდგას. w16.05 1:14
ხუთშაბათი, 4 ოქტომბერი
ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება (ეფეს. 5:17).
არსებობს ისეთი სიტუაციები, რომლებზეც ბიბლია პირდაპირ მითითებებს არ შეიცავს. მაგალითად, ბიბლიაში დაკონკრეტებული არ არის, როგორი ტანსაცმელი უნდა ეცვათ ქრისტიანებს. როგორ მოწმობს ეს იეჰოვას სიბრძნეზე? ჩაცმულობის სტილზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, არამედ დროის სვლაც. თუ ბიბლიაში დაწვრილებით იქნებოდა აღწერილი მისაღები ჩაცმულობის სტილი და გარეგნობა, დღეს ეს ინფორმაცია გამოუსადეგარი გახდებოდა. ამავე მიზეზის გამო ღვთის შთაგონებული სიტყვა არ შეიცავს უამრავ წესს, რომლებიც უკარნახებდა ქრისტიანს, სად ემუშავა, როგორ ეზრუნა ჯანმრთელობაზე და გართობის რა სახეობა აერჩია. როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, როცა პირდაპირი ბიბლიური მითითება არა გვაქვს? ასეთ შემთხვევებში ჩვენი პასუხისმგებლობაა, საფუძვლიანად გამოვიკვლიოთ საკითხი და გადაწყვეტილება მივიღოთ არა იმის მიხედვით, ჩვენ რას ვანიჭებთ უპირატესობას, არამედ იმის მიხედვით, იეჰოვა რას მოიწონებს და აკურთხებს (ფსალმ. 37:5). w16.05 3:2, 6
პარასკევი, 5 ოქტომბერი
მიიღეთ იგი არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა (1 თეს. 2:13).
შეიძლება ბიბლიის ესა თუ ის ნაწილი განსაკუთრებით მოგვწონს. მაგალითად, ზოგს დიდ სიამოვნებას ანიჭებს სახარებების კითხვა, რომლებიც ღვთის ძის მაგალითზე იეჰოვას შესანიშნავ თვისებებს აღგვიწერს (იოან. 14:9). ზოგს წინასწარმეტყველური წიგნების, მაგალითად „გამოცხადების“ კითხვა მოსწონს, რომელიც გვაუწყებს, „რა უნდა მოხდეს მალე“ (გამოცხ. 1:1). ალბათ, ყველას მიგვიღია ნუგეში „ფსალმუნებიდან“ და პრაქტიკული რჩევები „იგავებიდან“. აშკარაა, რომ ბიბლია ყველანაირი ადამიანისთვის დაიწერა. გარდა ბიბლიისა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს და მადლიერებით ვიღებთ წიგნების, ბროშურების, ჟურნალებისა თუ სხვა ლიტერატურის სახით მოწოდებულ სულიერ საზრდოს. ჩვენ გვესმის, რომ იეჰოვა ამგვარად გვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი სიფხიზლე, კარგად ვიკვებოთ სულიერად და ვიყოთ „ჯანსაღნი რწმენაში“ (ტიტ. 2:2). w16.05 5:1—3
შაბათი, 6 ოქტომბერი
სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება. არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ (გალ. 5:22, 23).
ჩვენ გამოსაძერწად იეჰოვა წმინდა სულს სხვადასხვანაირად იყენებს. მაგალითად, წმინდა სულის დახმარებით ვივითარებთ ქრისტეს თვისებებს, რომელიც ღვთის სულის ნაყოფს ავლენდა. ამ ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სიყვარულია. ჩვენ გვიყვარს ღმერთი და მის მცნებებს ტვირთად არ მივიჩნევთ, ამიტომ გვინდა დავემორჩილოთ მას როგორც მეთუნეს. ამასთან, წმინდა სული ძალას გვაძლევს, რომ ქვეყნიერებასა და მისი ბოროტი სულის გავლენას შევეწინააღმდეგოთ (ეფეს. 2:2). მოციქული პავლე, რომელიც ახალგაზრდობაში იუდეველი რელიგიური წინამძღოლების სიამაყის გავლენაში მოექცა, მოგვიანებით წერდა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13). პავლეს მსგავსად, მოდი ჩვენც ვთხოვოთ იეჰოვას წმინდა სული! იეჰოვა უყურადღებოდ არ ტოვებს თვინიერთა გულწრფელ ვედრებას (ფსალმ. 10:17). w16.06 1:12
კვირა, 7 ოქტომბერი
შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება [და] პატივი (გამოცხ. 4:11).
იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენით ცხადვყოფთ, რომ ის ჩვენთვის ერთადერთი ღმერთია. ჩვენი თაყვანისმცემლობა გაორებული არ უნდა იყოს და მასში ოდნავაც არ უნდა იგრძნობოდეს სხვა თაყვანისმცემლობის გავლენა. უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა უბრალოდ ერთ-ერთი ღმერთი არ არის, არც ეგრეთ წოდებულ ღმერთებს შორის უდიდესი და უძლიერესი. იეჰოვა ერთადერთია, რომელიც იმსახურებს თაყვანისცემას. იეჰოვასადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოსავლენად არაფერს უნდა მივცეთ იმის უფლება, რომ მთლიანად ან ნაწილობრივ იეჰოვას ადგილი დაიკავოს ჩვენს ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს ეს? ათ მცნებაში იეჰოვამ ცხადი გახადა, რომ ისრაელებს მის გარდა არ უნდა ჰყოლოდათ სხვა ღმერთები და კერპთაყვანისმცემლობის არც ერთ ფორმაში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა (კან. 5:6—10). დღეს კერპთაყვანისმცემლობა სხვადასხვა სახით გვხვდება და ზოგჯერ აშკარად გამოხატული არ არის. მიუხედავად ამისა, იეჰოვას მოთხოვნები არ შეცვლილა — იეჰოვა დღესაც „ერთია“ (მარ. 12:29). w16.06 3:10, 12
ორშაბათი, 8 ოქტომბერი
თუ თქვენ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, თქვენც გაპატიებთ თქვენი ზეციერი მამა (მათ. 6:14).
როცა პეტრემ ჰკითხა იესოს, უნდა ეპატიებინა თუ არა შვიდჯერ, იესომ მიუგო: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“. აშკარაა, მას იმის თქმა სურდა, რომ ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ პატიებისთვის. პატიების სურვილი ჩვენი ბუნების ნაწილი უნდა იყოს (მათ. 6:15; 18:21, 22). ვინაიდან უშეცდომო არავინ არის, კარგია გვახსოვდეს, რომ ჩვენც შეიძლება ზოგჯერ ვაწყენინოთ სხვებს. ბიბლიის თანახმად, როცა მივხვდებით, რომ ვინმეს ვაწყენინეთ, უნდა მივიდეთ მასთან და შევეცადოთ მდგომარეობის გამოსწორებას (მათ. 5:23, 24). მადლიერები ვართ, როცა სხვები ჩვენს შეცდომებს ყურადღებას არ აქცევენ, ამიტომ ჩვენც მსგავსად უნდა მოვიქცეთ (1 კორ. 13:5; კოლ. 3:13). თუ სხვებს ვაპატიებთ, იეჰოვა ჩვენც გვაპატიებს. ქრისტიანებს მოგვეთხოვება, რომ სხვებს ისევე ვაპატიოთ შეცდომები, როგორც ჩვენი მოწყალე მამა გვპატიობს (ფსალმ. 103:12—14). w16.06 4:15, 17
სამშაბათი, 9 ოქტომბერი
არა მრცხვენია სასიხარულო ცნობის გამო, რადგან ის ღვთის ძალაა ყველა მორწმუნის სახსნელად (რომ. 1:16).
ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხს ევალება, იქადაგონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ . . . მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14). ეს ცნობა არის „სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ“, რადგან ყველა კურთხევა, რომელთა მიღების იმედიც სამეფოს მმართველობის დროს გვაქვს, იეჰოვას მიერ ქრისტეს მეშვეობით გამოვლენილი წყალობა იქნება (საქ. 20:24; ეფეს. 1:3). ვბაძავთ პავლეს და გამოვხატავთ იეჰოვას წყალობისთვის მადლიერებას იმით, რომ ყველანი გულმოდგინედ ვმსახურობთ? (რომ. 1:14, 15). ჩვენ, ცოდვილი ადამიანები, მრავალმხრივ ვსარგებლობთ იეჰოვას მიერ გამოვლენილი წყალობით. შესაბამისად, ჩვენ მოვალენი ვართ სხვების წინაშე, რომ მათაც გავაგებინოთ, როგორ ავლენს იეჰოვა სიყვარულს და როგორ შეუძლიათ პირადად ისარგებლონ მისი სიკეთით. w16.07 4:4, 5
ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი
მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე (ლუკ. 12:40).
სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ „ქვეყნიერების მმართველის“ შესახებ სამჯერ გააფრთხილა თავისი მოწაფეები (იოან. 12:31; 14:30; 16:11). მან იცოდა, რომ ეშმაკი გონებას დაუბრმავებდა ხალხს და გადაუდებლობის განცდას დააკარგვინებდა. ამიტომ დღეს ბევრი არაფრად აგდებს ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომლებიც ცხადყოფს, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა (სოფ. 1:14). ადამიანთა გონების დასაბრმავებლად სატანა ცრუ რელიგიას იყენებს. ამჩნევთ ხალხთან საუბრისას, რომ ეშმაკმა უკვე დაუბრმავა ურწმუნოებს გონება, რის გამოც ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი და ქრისტე უკვე ღვთის სამეფოს მეფეა? (2 კორ. 4:3—6). უმეტეს შემთხვევაში გულგრილობას მაშინ ვხვდებით, როცა ვცდილობთ, ხალხს გავაგებინოთ, საით მიექანება ეს ქვეყნიერება. გულს ნუ გაიტეხთ სხვისი გულგრილობის გამო და სიფხიზლეს ნუ დაკარგავთ. თქვენ იცით სიმართლე! w16.07 2:11, 12
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი
თითოეულ თქვენგანს ისე უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს (ეფეს. 5:33).
ქორწილის დღეს ნეფე-პატარძალი ბედნიერი შესციცინებს ერთმანეთს. შეუძლებელია მათი ბედნიერება სიტყვებით გადმოიცეს. ღვთის სიტყვა ბრძნულ რჩევებს აძლევს ყველას, ვინც ქორწინდება, რადგან ქორწინების დამფუძნებელს სურს, ყველამ გაიხაროს ბედნიერი ცოლქმრობით (იგავ. 18:22). მიუხედავად ამისა, ბიბლია არ მალავს იმ ფაქტს, რომ არასრულყოფილების გამო წყვილებს „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორ. 7:28). როგორ შეუძლიათ წყვილებს ამ გასაჭირის შემსუბუქება? როგორ უნდა შეუწყოს ცოლ-ქმარმა ხელი საკუთარ ბედნიერებას? ბიბლიაში დიდი ყურადღება ექცევა სიყვარულის აუცილებლობას. ქორწინებაში საჭიროა ნაზი და თბილი გრძნობების (ბერძნულად ფილია) გამოვლენა. რომანტიკული სიყვარული (ეროს) ცოლ-ქმარს სიამოვნებას ანიჭებს, ოჯახის წევრებს შორის არსებული თბილი გრძნობების (სტორგე) გამოხატვა კი მნიშვნელოვანია, როცა ოჯახში ბავშვები ჰყავთ. თუმცა ბედნიერი ქორწინების საწინდარი პრინციპებით მართული სიყვარულია (აგაპე). w16.08 2:1, 2
პარასკევი, 12 ოქტომბერი
ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).
თუმცა იმ დროისთვის ტიმოთე უკვე გამოცდილი მქადაგებელი იყო, მისი მსახურება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა ნაყოფიერი, თუ ყოველთვის დაუკვირდებოდა, რას და როგორ ასწავლიდა. მას არ უნდა ეფიქრა, რომ ჩვეული მიდგომა ყოველთვის სასურველ შედეგს გამოიღებდა. ხალხისთვის რომ გულში ჩამწვდომად ესწავლებინა, მას სწავლების მეთოდები მათი საჭიროებებისთვის უნდა მოერგო. ჩვენც, როგორც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მაუწყებლებს, იმავეს გაკეთება გვმართებს. ხშირად კარდაკარ მსახურების დროს ხალხი სახლში არ გვხვდება. ზოგიერთ კორპუსში ან უბანში შესვლა უცხო პირთათვის შეუძლებელია. თუ ეს ასეა თქვენი კრების ტერიტორიაზეც, ხომ არ ჯობია, სასიხარულო ცნობის საქადაგებლად სხვა მეთოდებს მიმართოთ?! საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგება სასიხარულო ცნობის გავრცელების შესანიშნავი მეთოდია. ბევრი ჩვენი თანამორწმუნე ეფექტურად ქადაგებს ამ მეთოდით და კარგ შედეგებსაც აღწევს. ისინი გეგმავენ მსახურებას რკინიგზისა თუ ავტობუსების სადგურებზე, ბაზრებში, პარკებსა თუ სხვა ხალხმრავალ ადგილებში. w16.08 3:14—16
შაბათი, 13 ოქტომბერი
გამართეთ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები (ებრ. 12:12).
იეჰოვამ გაგვაერთიანა მსოფლიო საძმოში, სადაც მისი თაყვანისმცემლები ზრუნავენ ერთმანეთზე და ამხნევებენ ერთმანეთს (ებრ. 12:12, 13). პირველ საუკუნეში ბევრმა მიიღო სულიერი დახმარება. იგივე ხდება ჩვენს დროშიც. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? დაფიქრდით აარონსა და ხურზე, რომლებიც პირდაპირი გაგებით უმაგრებდნენ მოსეს ხელებს ამალეკელებთან ბრძოლის დროს (გამ. 17:8—13). ჩვენც შეგვიძლია ვეძებოთ შესაძლებლობები სხვების მხარდასაჭერად და მათთვის პრაქტიკული დახმარების აღმოსაჩენად. მაგალითად, შეგვიძლია დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, ვინც ებრძვის ასაკით გამოწვეულ სირთულეებს, შერყეულ ჯანმრთელობას, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობას, მარტოობის გრძნობასა და საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს. ამასთანავე, შეგვიძლია გავაძლიეროთ ახალგაზრდები, რომლებსაც ცუდი საქციელისკენ ან ქვეყნიური მიზნებისკენ უბიძგებენ, იქნება ეს უმაღლესი განათლება, ფინანსური თუ პროფესიული წარმატება (1 თეს. 3:1—3; 5:11, 14). დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიჩინოთ გულწრფელი ინტერესი სხვების მიმართ კრების შეხვედრებზე, მსახურებაში, ერთად სადილობისა თუ მათთან ტელეფონით საუბრის დროს. w16.09 1:13, 14
კვირა, 14 ოქტომბერი
ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ (1 კორ. 10:31).
ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი წმინდა ღმერთის, ჩვენი სულიერი და-ძმებისა და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების წინაშე, რომ გვეცვას ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს ჩვენს ცნობას და განადიდებს იეჰოვას (რომ. 13:8—10). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქრისტიანულ საქმეებში მონაწილეობისას, მაგალითად, კრების შეხვედრებზე დასწრებისა თუ ქადაგების დროს. ჩვენ უნდა გვეცვას „ისე, როგორც შეეფერებათ [ადამიანებს], რომლებიც ამბობენ, რომ ღვთისმოშიშები არიან“ (1 ტიმ. 2:10). ცხადია, ტანსაცმელი, რომელიც ერთგან მისაღებად ითვლება, შეიძლება სხვაგან მიუღებლად ჩაითვალოს. ამიტომ დედამიწის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრები იეჰოვას მსახურები ითვალისწინებენ ადგილობრივ წესებს, რადგან არ სურთ, ვინმე შეურაცხყონ. როცა კონგრესს ვესწრებით, ღირსეულად და მოკრძალებულად უნდა გვეცვას. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ჩაცმულობის ამა თუ იმ ექსტრავაგანტურ სტილს, რომელიც შეიძლება ქვეყნიერებაში იყოს გავრცელებული. ასეთ შემთხვევაში არ შეგვრცხვება იმის თქმა, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და, თუ შესაძლებლობა მოგვეცემა, თამამად გავუზიარებთ სხვებს ბიბლიურ ცნობას. w16.09 3:7, 8
ორშაბათი, 15 ოქტომბერი
ყოველი სახლი ვიღაცის აშენებულია, ყოველივეს ამშენებელი კი ღმერთია (ებრ. 3:4).
მოციქული პავლეს მსჯელობა საკმაოდ ლოგიკური და ეფექტურია, რადგან ნებისმიერი რთული კონსტრუქცია ინტელექტის გარეშე ვერ გაჩნდებოდა. იგივე მიდგომა შეგიძლია გამოიყენო, როცა ვინმე ბიბლიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. უპირველესად გაიგე, რა სწამს სინამდვილეში და რა საკითხები აინტერესებს (იგავ. 18:13). თუ მას მეცნიერული საკითხები აინტერესებს, შეიძლება წამოგყვეს საუბარში, თუ იმის დამამტკიცებელ ფაქტებს მოიყვან, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია. სხვებზე შეიძლება დადებითად იმოქმედოს მაგალითებმა, რომლებიც ცხადყოფს, რომ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და ისტორიული ცნობები სანდოა. ან შეგიძლია მოიხსენიო ბიბლიაში ჩაწერილი სახელმძღვანელო პრინციპები, მაგალითად, მთაზე ქადაგების დროს იესოს მიერ მოყვანილი პრინციპები. გახსოვდეს, შენი მიზანი გულის მოგება უნდა იყოს და არა კამათში გამარჯვება. ამიტომ იყავი კარგი მსმენელი. დაუსვი გულწრფელი კითხვები და რბილად და პატივისცემით ილაპარაკე, განსაკუთრებით უფროსებთან. ასეთ შემთხვევაში ისინიც ალბათ პატივისცემით მოეკიდებიან შენს შეხედულებებს. w16.09 4:14—16
სამშაბათი, 16 ოქტომბერი
გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი (რომ. 15:7).
უცხოელებს რომ დაეხმაროთ, კრებაში თავისუფლად იგრძნონ თავი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „უცხო ქვეყანაში რომ ვიყო, როგორ მოპყრობას ვისურვებდი?“ (მათ. 7:12). ახალჩამოსულებთან მოთმინება უნდა გამოვავლინოთ. თავიდან შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდეს, რატომ ფიქრობენ ან რეაგირებენ ისინი ამა თუ იმ საკითხზე სხვანაირად. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მოვთხოვოთ, ჩვენს კულტურას მოერგონ, ხომ არ ჯობია ისეთებად მივიღოთ, როგორებიც არიან? გაგვიადვილდება ურთიერთობა, თუ მათ ქვეყანასა და კულტურას გავეცნობით. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია იმ ხალხებზე, რომელთა წარმომადგენლებიც ჩვენი კრების შეხვედრებს ესწრებიან ან ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ, მაგრამ მათ შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. კიდევ ერთი საშუალება მათთან დასაახლოებლად სახლში სადილად დაპატიჟებაა. იეჰოვამ „რწმენის კარი გაუღო უცხოტომელებს“, ამიტომ ჩვენც უნდა გავუღოთ გულის კარი უცხოელებს, რომლებიც რწმენით ჩვენიანები არიან (საქ. 14:27; გალ. 6:10; იობ. 31:32). w16.10 1:15, 16
ოთხშაბათი, 17 ოქტომბერი
დაფიქრდით მასზე, ვინც სიტყვიერი შეურაცხყოფა მოითმინა ცოდვილთაგან (ებრ. 12:3).
გამორჩეული რწმენის მქონე მამაკაცებისა თუ ქალების მოხსენიების შემდეგ პავლემ ყურადღება გაამახვილა რწმენის უდიდეს მაგალითზე, უფალ იესო ქრისტეზე. ებრაელების 12:2-ში მან იესოზე თქვა: „სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა, მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო, შემდეგ კი ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა“. ჩვენ უნდა დავფიქრდეთ იესოს რწმენაზე, რამაც მას უმძიმესი განსაცდელები გადაატანინა. იესოს მსგავსად, ადრინდელ ქრისტიანთაგან ბევრმა, მათ შორის მოწაფე ანტიპამ, სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ერთგულება (გამოცხ. 2:13). ღმერთი მათ ზეციური ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგომით დააჯილდოებდა. ეს აღდგომა იმ „უკეთეს აღდგომაზე“ აღმატებული იქნებოდა, რომელსაც ძველ დროში მცხოვრები ერთგულები ელოდნენ (ებრ. 11:35). 1914 წელს ქრისტეს გამეფებიდან გარკვეული დროის შემდეგ სიკვდილის ძილით მიძინებული ერთგული ცხებულები მკვდრეთით აღდგნენ ზეცაში სულიერი ცხოვრებისთვის, რათა იესოსთან ერთად ემმართველათ კაცობრიობაზე (გამოცხ. 20:4). w16.10 3:12
ხუთშაბათი, 18 ოქტომბერი
ყოველდღე შეაგონებდეთ ერთმანეთს (ებრ. 3:13).
დედნისეულ ტექსტში სიტყვა, რომელიც შეგონებად ითარგმნა, გამხნევების აზრსაც ატარებს. ზოგიერთი მშობელი არ აქებს შვილებს, რადგან ისინიც არასდროს შეუქიათ და გაუმხნევებიათ მათ მშობლებს. ბევრს სამუშაოზე არასდროს აქებენ, ამიტომ ისინი გამხნევების ქრონიკულ ნაკლებობას უჩივიან. ხშირად გამხნევება კარგად შესრულებული საქმისთვის სხვის შექებას მოიცავს. სხვების გამხნევება კარგი თვისებებისთვის შექებით ან „დამწუხრებული სულების“ ნუგეშისცემითაც შეიძლება (1 თეს. 5:14). ბერძნული სიტყვა, რომელიც ძირითადად გამხნევებად ითარგმნება, სიტყვასიტყვით „თავისთან მოხმობას“ ნიშნავს. როცა და-ძმებთან მხარდამხარ ვმსახურობთ, არაერთი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ სიტყვით გავამხნეოთ ისინი (ეკლ. 4:9, 10). ვეუბნებით სხვებს სათანადო დროს, რატომ გვიყვარს ისინი და რატომ ვაფასებთ მათ? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, დავფიქრდეთ შემდეგ სიტყვებზე: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!“ (იგავ. 15:23). w16.11 1:3—5
პარასკევი, 19 ოქტომბერი
რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში! (ფსალმ. 133:1)
თავისი ხალხის მომავლის შესახებ ღმერთმა თქვა: „გავაერთიანებ მათ და იქნებიან, როგორც ფარა ფარეხში“ (მიქ. 2:12). გარდა ამისა, მან სოფონიას პირით იწინასწარმეტყველა: „მივცემ ხალხებს სუფთა ენას [ანუ ბიბლიურ ჭეშმარიტებას], რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს და მხარდამხარ ემსახურონ მას [ანუ გაერთიანებულად სცენ მას თაყვანი]“ (სოფ. 3:9). რა მადლიერები ვართ, რომ გვაქვს პატივი, გაერთიანებულად ვცეთ იეჰოვას თაყვანი! აშკარაა, რომ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ღვთივშთაგონებული რჩევები პირველ საუკუნეში კორინთსა თუ სხვაგან ქრისტიანულ კრებებს სიწმინდის, მშვიდობისა და ერთიანობის შენარჩუნებაში ეხმარებოდა (1 კორ. 1:10; ეფეს. 4:11—13; 1 პეტ. 3:8). დღეს ღვთის საოცარი განზრახვების შესახებ ყველას ეუწყება დედამიწის ზურგზე იმ ადამიანების ძალისხმევის შედეგად, რომლებიც გაერთიანებულნი არიან ღვთის ორგანიზაციაში. w16.11 2:16, 18
შაბათი, 20 ოქტომბერი
თქვენ . . . „სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი [ხართ], ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ (1 პეტ. 2:9).
ახ. წ. პირველი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ბევრს შეეძლო, ბერძნულ ან ლათინურ ენებზე წაეკითხა ბიბლია. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ღვთის სიტყვის სწავლებები ეკლესიის მოძღვრებებისთვის შეედარებინათ. ბიბლიაში წაკითხულის საფუძველზე ზოგმა უარყო ეკლესიის არაბიბლიური სწავლებები. მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ძალიან საშიში იყო და ზოგს სიცოცხლის ფასად დაუჯდა. დროთა განმავლობაში ხალხი აღარ იყენებდა იმ ენებს, რომლებზეც ბიბლია იყო ხელმისაწვდომი, ეკლესია კი ყველანაირად ეწინააღმდეგებოდა ღვთის სიტყვის ხალხისთვის გასაგებ ენებზე თარგმნას. ეკლესიის სწავლებებისგან განსხვავებული აზრის ქონა მკაცრად ისჯებოდა. თუ ღვთის ცხებულ ერთგულ მსახურებს ექნებოდათ შეკრების შესაძლებლობა, მათ პატარ-პატარა ჯგუფებად მოუწევდათ შეკრება, რომ თვალში არავის მოხვედროდნენ. ცხებული „სამეფო სამღვდელოება“ ვეღარ ასრულებდა მსახურებას ორგანიზებულად. დიდ ბაბილონს ხალხი თავის მარწუხებში ჰყავდა მოქცეული! w16.11 4:8, 10, 11
კვირა, 21 ოქტომბერი
უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ (1 კორ. 6:9).
ჩვენ უნდა მოვერიდოთ ისეთ სერიოზულ ცოდვებს, რომელთაც ზოგი კორინთელი სჩადიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ მივიღეთ ღვთის წყალობა და ცოდვა აღარ ბატონობს ჩვენზე. ამასთანავე, გვაქვს გადაწყვეტილი, გულით მორჩილები ვიყოთ და მოვერიდოთ ისეთ ცოდვებსაც, რომელთაც ზოგი სერიოზულ ცოდვებად არ მიიჩნევს? (რომ. 6:14, 17). დავფიქრდეთ პავლე მოციქულის მაგალითზე. ეჭვგარეშეა, მას არ ჩაუდენია ისეთი სერიოზული ცოდვები, რომლებიც მან 1 კორინთელების 6:9—11-ში მოიხსენია. თუმცა ის აღიარებდა, რომ ცოდვილი იყო. პავლე წერდა: „მე ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული. არ ვიცი, რას ვაკეთებ, რადგან იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს“ (რომ. 7:14, 15). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ პავლე სერიოზული ცოდვების გარდა სხვა რაღაცეებსაც მიიჩნევდა ცოდვად და ებრძოდა მათ (რომ. 7:21—23). მოდი მივბაძოთ პავლეს და ყოველთვის ვეცადოთ გულით მორჩილები ვიყოთ! w16.12 1:15, 16
ორშაბათი, 22 ოქტომბერი
იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში (ფსალმ. 55:22).
როცა ისეთ სიტუაციებში აღმოჩნდებით, რომლებიც შფოთვას, შიშსა და წუხილს იწვევს, ლოცვაში გული გადმოუღვარეთ მოსიყვარულე ზეციერ მამას. თუ ყველაფერი იღონეთ პრობლემის მოსაგვარებლად, წუხილს ჯობია ილოცოთ, რადგან გულითადი ლოცვით უფრო მეტს მიაღწევთ (ფსალმ. 94:18, 19). როგორც ფილიპელების 4:6, 7-ში ვკითხულობთ, იეჰოვა გვიპასუხებს გულითად, მხურვალე და დაჟინებულ ლოცვებზე. როგორ? ის მოგვცემს შინაგან სიმშვიდეს, რომელიც გულსა და გონებას უარყოფითი ემოციებისგან გაათავისუფლებს. ბევრმა ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. წუხილისა და შიშის ნაცვლად, მათ ღვთის დახმარებით დაეუფლათ უდიდესი შინაგანი სიმშვიდე, რაც ადამიანებისთვის წარმოუდგენელი იყო. ეს შეიძლება თქვენს შემთხვევაშიც მოხდეს. „ღვთის მშვიდობა“ ნებისმიერ პრობლემას დაგაძლევინებთ. თქვენ შეგიძლიათ ბოლომდე ენდოთ იეჰოვას დაპირებას: „ნუ გეშინია . . . რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10). w16.12 3:3, 4
სამშაბათი, 23 ოქტომბერი
რწმენით მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა, რომ ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო (ებრ. 11:24).
მოსემ ზურგი აქცია ეგვიპტის სიმდიდრეს და „არჩია, ღვთის ხალხთან ერთად მასაც სასტიკად მოპყრობოდნენ, ვიდრე დროებითი ცოდვიანი განცხრომა ჰქონოდა“ (ებრ. 11:25, 26). მოდი მივბაძოთ მოსეს მსგავს ძველად მცხოვრები ერთგული მსახურების რწმენის მაგალითს, დავაფასოთ ნების თავისუფლების ძღვენი და ის ღვთის ნების შესასრულებლად გამოვიყენოთ! შეიძლება ვიფიქროთ, რომ უფრო ადვილი იქნებოდა, თუ ჩვენ ნაცვლად სხვები მიიღებდნენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს დაგვაკარგვინებდა ნების თავისუფლების უდიდეს კურთხევათაგან ერთ-ერთს. ამ კურთხევის შესახებ ვიგებთ კანონის 30:19, 20-დან. მე-19 მუხლში ჩაწერილია არჩევანი, რომლის წინაშეც ღმერთმა ისრაელები დააყენა, მე-20 მუხლიდან კი ჩანს ამ შესანიშნავი შესაძლებლობის მიცემის მიზეზი — ისინი დაანახვებდნენ იეჰოვას, გულში რა ჰქონდათ. მათ მსგავსად ჩვენც შეგვიძლია ავირჩიოთ იეჰოვას თაყვანისმცემლობა. ღვთისგან ბოძებული ნების თავისუფლების გამოსაყენებლად ყველაზე ღირსეული მოტივი ღვთის სიყვარული და განდიდებაა! w17.01 2:10, 11
ოთხშაბათი, 24 ოქტომბერი
მიენდე იეჰოვას და კარგი აკეთე . . . ერთგულად მოიქეცი (ფსალმ. 37:3).
იეჰოვა მოელის, რომ ჩვენს უნარს სწორად გამოვიყენებთ, რადგან მას ვუყვარვართ და იცის, რომ ასე მოქცევა კმაყოფილებას მოგვიტანს. ამასთანავე, იეჰოვამ იცის, რომ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია. ჩვენი ძალებით ვერასდროს შევძლებთ არასრულყოფილების, ცოდვისა და სიკვდილის მოსპობას. ჩვენ ვერც სხვა ადამიანების გაკონტროლებას შევძლებთ, რადგან ყველა ნების თავისუფლებით არის შექმნილი (1 მეფ. 8:46). რამხელა ცოდნა ან გამოცდილებაც არ უნდა შევიძინოთ, იეჰოვას ვერასდროს შევედრებით (ეს. 55:9). იეჰოვას ხელმძღვანელობის იმედი ყოველთვის უნდა გვქონდეს და დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მხარში დაგვიდგება და გააკეთებს იმას, რაც ჩვენს ძალებს აღემატება. ამასთანავე, ჩვენ შეძლებისდაგვარად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ პრობლემის გადასაჭრელად და სხვების დასახმარებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჭიროა, მივენდოთ იეჰოვას, კარგი ვაკეთოთ და ერთგულად მოვიქცეთ. w17.01 1:2—4
ხუთშაბათი, 25 ოქტომბერი
გადმომყევი იორდანის გაღმა და არ მოგაკლებ საჭმელს იერუსალიმში (2 სამ. 19:33).
ბარზილაიმ მეფეს უარი უთხრა შეთავაზებაზე. რატომ მოიქცა ის ასე? ბარზილაი უკვე ასაკში იყო შესული, ამიტომ არ სურდა, ტვირთად დასწოლოდა მეფეს. მან შესთავაზა დავითს, რომ მის ნაცვლად ქიმჰამი წაეყვანა, რომელიც სავარაუდოდ მისი ერთ-ერთი ვაჟი იყო (2 სამ. 19:31—37). მოკრძალება ბარზილაის გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა. მან დავითის შეთავაზებაზე უარი იმიტომ არ თქვა, რომ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა ან უნდოდა, უშფოთველად გაეტარებინა ცხოვრების დარჩენილი წლები. ის აცნობიერებდა თავის მდგომარეობასა და შეზღუდულ შესაძლებლობებს. მას არ სურდა საკუთარ თავზე იმაზე მეტი აეღო, ვიდრე რეალურად შეეძლო (გალ. 6:4, 5). მდგომარეობის დაკავებაზე, სახელის მოხვეჭასა და აღიარების მოპოვებაზე გამუდმებული ფიქრი საკუთარ თავზე დიდ წარმოდგენას შეგვიქმნის, მეტოქეობისკენ გვიბიძგებს და საბოლოოდ გულგატეხილობამდე მიგვიყვანს (გალ. 5:26). ამის საპირისპიროდ, მოკრძალება დაგვეხმარება, რომ ყველამ ჩვენ-ჩვენი უნარითა და საერთო ძალებით განვადიდოთ ღმერთი და ყველაფერი გავაკეთოთ სხვების დასახმარებლად (1 კორ. 10:31). w17.01 4:5, 6
პარასკევი, 26 ოქტომბერი
დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო (დაბ. 1:31).
იეჰოვა, ჩვენი შემოქმედი, მოწიწებას იწვევს ჩვენში. მან ყველაფერი საუკეთესოდ შექმნა (იერ. 10:12). როგორც შემოქმედებიდან ჩანს, იეჰოვამ სიყვარულით დაადგინა საზღვრები. ყველაფერს რომ ჰარმონიულად ეფუნქციონირა, მან დაადგინა ბუნების კანონები და ზნეობრივი კანონები (ფსალმ. 19:7—9). ამიტომ სამყაროში ყველაფერს თავისი ადგილი უკავია და იმ ფუნქციას ასრულებს, რაც ღვთის განზრახვის შესასრულებლად არის საჭირო. იეჰოვამ თავის ქმნილებებს ერთმანეთთან თანამშრომლობის ნორმები დაუდგინა. მაგალითად, მიზიდულობის კანონი დედამიწის გარშემო ატმოსფეროს აკავებს, არეგულირებს ზღვებისა და ოკეანეების მიმოქცევას და ხელს უწყობს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის აუცილებელ წესრიგს. ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანი, ამ საზღვრების ფარგლებში ფუნქციონირებს. ქმნილებებში არსებული წესრიგი აშკარად მოწმობს, რომ ღმერთმა გარკვეული განზრახვით შექმნა დედამიწა და ადამიანი. კარგი იქნება, თუ მსახურების დროს ხალხის ყურადღებას მასზე გადავიტანთ, ვინც ეს შთამბეჭდავი წესრიგი დაამყარა (გამოცხ. 4:11). w17.02 1:4, 5
შაბათი, 27 ოქტომბერი
მოსე . . . ღმერთმა მმართველად და მხსნელად გაგზავნა იმ ანგელოზის ხელით (საქ. 7:35).
მოგვიანებით მოსეს საქმის გამგრძელებელი იესო ნავეს ძე განამტკიცა „იეჰოვას ლაშქრის მეთაურმა“, რომ ღვთის ხალხს ქანაანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად გასძღოლოდა. ეს ბრძოლა ისრაელების გამარჯვებით დამთავრდა (იეს. 5:13—15; 6:2, 21). მოგვიანებით, როცა კბილებამდე შეიარაღებული ასურელები მეფე ხიზკიას იერუსალიმის აღებით ემუქრებოდნენ, ერთ ღამეში იეჰოვას ანგელოზმა „ას ოთხმოცდახუთი ათასი კაცი დასცა ასურელთა ბანაკში“ (2 მეფ. 19:35). ანგელოზები სრულყოფილები იყვნენ, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით იმ მამაკაცებზე, რომლებსაც ისინი ეხმარებოდნენ. ერთხელ მოსემ შეცდომა დაუშვა და არ განწმინდა იეჰოვას სახელი (რიცხ. 20:12). გაბაონელებთან შეთანხმების დადებამდე იესო ნავეს ძე არ დაეკითხა იეჰოვას (იეს. 9:14, 15). ხიზკია მცირე ხნით გადიდგულდა (2 მატ. 32:25, 26). ნაკლოვანებების მიუხედავად, ისრაელებს მოეთხოვებოდათ, მიჰყოლოდნენ მათ ხელმძღვანელობას. იეჰოვა ანგელოზების მეშვეობით უჭერდა მხარს ამ მამაკაცებს. დიახ, იეჰოვა მიუძღოდა თავის ხალხს. w17.02 3:7—9
კვირა, 28 ოქტომბერი
ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა, პატივი, დიდება და ძლევამოსილება მარადიულად! (გამოცხ. 5:13)
ვინმესთვის პატივის მიგება ნიშნავს მისადმი განსაკუთრებული ყურადღებისა და პატივისცემის გამოვლენას. გონივრულია, მოველოდეთ, რომ ამ ადამიანმა გააკეთა რამე ასეთი ყურადღებისა და პატივისცემის დასამსახურებლად ან მას გარკვეული მდგომარეობის გამო ეკუთვნის ის. ასე რომ, იბადება კითხვები: ვის უნდა ვცეთ პატივი და რატომ იმსახურებენ ისინი პატივისცემას? გამოცხადების 5:13-დან ჩანს, რომ პატივისცემას იმსახურებენ „ტახტზე მჯდომი და კრავი“. ბიბლიის ამავე წიგნის მე-4 თავიდან ვიგებთ მიზეზს, თუ რატომ იმსახურებს იეჰოვა პატივისცემას. ზეციერი ქმნილებები ხმამაღლა განადიდებენ იეჰოვას, „მას, ვინც მარადიულად ცოცხლობს“. ისინი ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:9—11). w17.03 1:1, 2
ორშაბათი, 29 ოქტომბერი
საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია (იგავ. 28:26).
დღეს ხშირად გაიგებთ ასეთ მოწოდებას: მოუსმინე შენს გულს! მაგრამ ამას შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. გარკვეულწილად ეს ბიბლიურადაც გაუმართლებელია. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ გადაწყვეტილებები არასრულყოფილი გულის ან ემოციების კარნახით არ მივიღოთ. ბიბლიიდან ჩანს, რა სავალალო შედეგები ახლავს გულისთქმის აყოლას. ძირითადი პრობლემა ის არის, რომ არასრულყოფილი ადამიანის „გული ყველაზე ვერაგი და უმართავია“ (იერ. 3:17; 13:10; 17:9; 1 მეფ. 11:9). რა შეიძლება მოხდეს, თუ გულისთქმას ავყვებით და ემოციებს ჩვენი ფიქრებისა და მოქმედებების გაკონტროლების უფლებას მივცემთ? მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს, თუ გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე მივიღებთ? თუ ოდესმე ასე მოვქცეულვართ, პასუხი ალბათ ცხადი იქნება (იგავ. 14:17; 29:22). შევძლებთ გონივრული გადაწყვეტილებების მიღებას გულგატეხილობის დროს? (რიცხ. 32:6—12; იგავ. 24:10). ცხადია, ემოციებმა შეიძლება ადვილად შეგვიყვანოს შეცდომაში, თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არ გავაკონტროლებთ მათ. w17.03 2:12, 13
სამშაბათი, 30 ოქტომბერი
დავდიოდი შენ წინაშე ჭეშმარიტებითა და მთელი გულით (2 მეფ. 20:3).
არასრულყოფილების გამო შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. საბედნიეროდ, იეჰოვა „ჩვენი ცოდვებისამებრ“ არ გვექცევა, თუ ვინანიებთ და თავმდაბლად ვთხოვთ პატიებას იესოს გაღებული მსხვერპლის საფუძველზე (ფსალმ. 103:10). თუმცა, როგორც დავითმა უთხრა სოლომონს, ჩვენი თაყვანისცემა იეჰოვასთვის მისაღები რომ იყოს, „მთელი გულით“ უნდა ვემსახუროთ მას (1 მატ. 28:9). მთელი გულით იეჰოვასადმი მსახურება გულისხმობს სიყვარულიდან გამომდინარე ერთგულებას, რომელიც არასოდეს მთავრდება. ბიბლიაში სიტყვა „გული“ ხშირად ადამიანის შინაგან პიროვნებაზე მიუთითებს. მასში იგულისხმება ჩვენი სურვილები, ფიქრები, ხასიათი, განწყობა, უნარი, მოტივები და მიზნები. ამიტომ ადამიანი, რომელიც იეჰოვას მთელი გულით ემსახურება, მექანიკურად არ სცემს ღმერთს თაყვანს. რის თქმა შეიძლება ჩვენზე? თუ ჩვენ, არასრულყოფილების მიუხედავად, კვლავაც ერთგულად და უთვალთმაქცოდ ვემსახურებით ღმერთს, ეს ნიშნავს, რომ მთელი გულით ვართ მასთან (2 მატ. 19:9). w17.03 3:1, 3
ოთხშაბათი, 31 ოქტომბერი
[იეჰოვა] ხედავს თავმდაბლებს; მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს (ფსალმ. 138:6).
რაიმე ღირებულის გაკეთების შემდეგ იეჰოვამ შეიძლება „მარტო დაგვტოვოს“ ჩვენი გულისნადების გამოსააშკარავებლად. მაგალითად, შესაძლოა ძმამ ბევრი იშრომა მოხსენების მოსამზადებლად და ის დიდი აუდიტორიის წინაშე წარმოთქვა, რისთვისაც ბევრისგან ქება დაიმსახურა. რა რეაქცია ექნება მას შექებაზე? შექების დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ იესოს სიტყვები: «ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც გევალებათ, თქვით: „უსარგებლო მონები ვართ. ის გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა“» (ლუკ. 17:10). ამ დროს გამოსადეგია ხიზკიას მაგალითი. მისი სიამაყე იმაში გამოვლინდა, რომ არაფერი გააკეთა „გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ“ (2 მატ. 32:24—27, 31). იმაზე ფიქრი, თუ რამდენ რამეს აკეთებს იეჰოვა ჩვენთვის, გვეხმარება, მოვერიდოთ მისთვის საძულველ თვისებებს. ჩვენ მადლიერი გულით უნდა ვილაპარაკოთ იეჰოვაზე, რომელიც ერთგულად უჭერს მხარს თავის ხალხს. w17.03 4:12—14