ნოემბერი
ხუთშაბათი, 1 ნოემბერი
შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს (იგავ. 27:11).
სატანა ამტკიცებდა, რომ ღმერთს წრფელი გულით არავინ ემსახურებოდა (იობ. 2:4, 5). დღესაც ამას ამტკიცებს იგი? დიახ! ზეციდან დედამიწაზე გადმოგდებული ეშმაკი კვლავაც „ჩვენი ძმების ბრალმდებლად [მოიხსენიება], რომელიც ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე დღე და ღამე!“ (გამოცხ. 12:10). სატანა იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ დღესაც ილაშქრებს. მას ძალიან უნდა, რომ განსაცდელმა ღვთის მსახური გატეხოს, რათა მან იეჰოვას უზენაესობას მხარი აღარ დაუჭიროს. ამიტომ, როცა განსაცდელს შეხვდებით, წარმოიდგინეთ ასეთი სურათი: ერთ მხარეს სატანა და მისი დემონები დგანან, რომლებიც თქვენკენ იშვერენ ხელს და იეჰოვას ნიშნის მოგებით ეუბნებიან, რომ განსაცდელს ვერ გაუძლებთ და ფარ-ხმალს დაყრით. მეორე მხარეს კი დგანან იეჰოვა, მეფე იესო ქრისტე, მკვდრეთით აღდგენილი ცხებული ქრისტიანები და ანგელოზთა უთვალავი ლაშქარი. ისინი გგულშემატკივრობენ და ხარობენ, როცა იტანთ გასაჭირს და მხარს უჭერთ ღვთის უზენაესობას. ჩათვალეთ, რომ იეჰოვა პირადად თქვენ მოგმართავთ იმ სიტყვებით, რომელიც დღევანდელ მუხლშია მოყვანილი. w16.04 2:8, 9
პარასკევი, 2 ნოემბერი
წაიყოლე ერთი ან ორი სხვა (მათ. 18:16).
თუ მათი დახმარებით ყველაფერი მოგვარდება, მაშინ შეგვიძენია ჩვენი ძმა. უხუცესები კი მხოლოდ მაშინ უნდა ჩავრიოთ საქმეში, თუ შემცოდველის დასახმარებლად მიმართულმა არაერთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. საბედნიეროდ, მათეს 18:15—17-ში მოხსენიებული სამივე ნაბიჯის გადადგმა იშვიათად ხდება საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე, როგორც წესი, ადრეულ ეტაპზე გვარდება და იქამდე არ მიდის, რომ მოუნანიებელი შემცოდველი კრებიდან გაირიცხოს. ხშირ შემთხვევაში შემცოდველი აღიარებს თავის დანაშაულს და ცდილობს შეცდომის გამოსწორებას. განაწყენებული მხარისთვის შეიძლება აშკარა გახდეს, რომ აღარ აქვს მიზეზი, ბრალი დასდოს ძმას და, შესაბამისად, მან არჩიოს, რომ აპატიოს მწყენინებელს. ნებისმიერ შემთხვევაში იესოს სიტყვებიდან ჩანს, რომ უხუცესები ნაადრევად არ უნდა ჩაებან უთანხმოების მოგვარებაში. ეს უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ორი ნაბიჯი უკვე გადაიდგა და ცხადი გახდა, რომ დანაშაულთან გვაქვს საქმე. w16.05 1:15, 16
შაბათი, 3 ნოემბერი
ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი (იოან. 17:16).
თუ ნეიტრალიტეტს არ დავიცავთ, ღვთის სამეფოს ერთგული ქვეშევრდომები ვერ ვიქნებით, ვეღარც სუფთა სინდისით ვიქადაგებთ სასიხარულო ცნობას და ვეღარც იმას ვეტყვით ადამიანებს, რომ ღვთის სამეფოა ერთადერთი მთავრობა, რომელიც კაცობრიობის პრობლემებს გადაჭრის. მაშინ როცა ცრუ რელიგიები პოლიტიკაში ერევიან და საკუთარ მრევლს ერთმანეთს უპირისპირებენ, ჭეშმარიტი რელიგია ჩვენ ნეიტრალიტეტის დაცვაში გვეხმარება, რაც, თავის მხრივ, საერთაშორისო საძმოს ერთობას განაპირობებს (1 პეტ. 2:17). ვინაიდან სატანის ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ვითარება შეიცვლება და ნეიტრალიტეტის საკითხი უფრო მწვავედ დადგება. ქვეყნიერება სავსეა თავნება ადამიანებით, რომლებთანაც შეუძლებელია მორიგება; ამიტომ ბუნებრივია, რომ მსოფლიო კიდევ უფრო დაიქსაქსება და ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკებად დაიყოფა (2 ტიმ. 3:3, 4). ზოგ ქვეყანაში სწრაფად ცვალებადი პოლიტიკური მდგომარეობის გამო ჩვენი ძმები ნეიტრალიტეტის დაცვასთან დაკავშირებით უკვე შეხვდნენ მოულოდნელ სირთულეებს. ხედავთ, რატომ უნდა მოემზადოთ დღესვე ნეიტრალიტეტის დასაცავად? თუ რთული ვითარების დადგომამდე გულხელდაკრეფილნი ვიქნებით, როცა ფაქტის წინაშე დავდგებით, შეიძლება ნეიტრალიტეტის დაცვა გაგვიჭირდეს. w16.04 4:3, 4
კვირა, 4 ნოემბერი
კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის (გალ. 6:7).
ზოგი ფიქრობს, რომ დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მაგრამ იეჰოვას მოსაწონი, ბრძნული გადაწყვეტილებების მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ მის სიტყვაში ჩაწერილი კანონები და პრინციპები და მათ თანახმად ვიმოქმედოთ. მაგალითად, უნდა დავიცვათ სისხლის შესახებ ღვთის კანონი, რათა მისი მოწონება დავიმსახუროთ (დაბ. 9:4; საქ. 15:28, 29). ლოცვა დაგვეხმარება, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ბიბლიურ პრინციპებთან და კანონებთან იყოს შეთანხმებული. სერიოზულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე. ჩვენი ნებისმიერი არჩევანი შეიძლება იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე აისახოს. სწორი გადაწყვეტილებებით განვამტკიცებთ ამ ურთიერთობას, არასწორი გადაწყვეტილებებით კი ბზარს ვუჩენთ მას. ამასთან, არასწორი გადაწყვეტილებით შეიძლება სულიერი ზიანი მივაყენოთ სხვებს — შინაგანი სიმშვიდე დავუკარგოთ, დავაბრკოლოთ ისინი ან კრების ერთობა დავარღვიოთ. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ (რომ. 14:19). w16.05 3:4, 5
ორშაბათი, 5 ნოემბერი
მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ (ეს. 48:17).
დარწმუნებული იყავით, იეჰოვა აფასებს, როცა ცდილობთ, საუკეთესოდ გამოიყენოთ დრო, რათა რეგულარულად იკითხოთ ბიბლია და გქონდეთ პირადი შესწავლა (ეფეს. 5:15, 16). ფაქტია, ყოველთვის ერთნაირ ყურადღებას ვერ ვაქცევთ ხელმისაწვდომ სულიერ საზრდოს. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს ფარული საფრთხე. რას ვგულისხმობთ ამაში? არსებობს საშიშროება, რომ დაგვაკლდება რაღაც მნიშვნელოვანი, თუ ვიფიქრებთ, რომ სულიერი საზრდოს ნაწილი ჩვენ არ გვეხება. როგორ ვიქცევით მაშინ, როცა ჩვენი აზრით ბიბლიის ესა თუ ის მონაკვეთი ჩვენს მდგომარეობას ნაკლებად შეესაბამება ან არ მივეკუთვნებით მკითხველთა იმ ნაწილს, ვისთვისაც ესა თუ ის პუბლიკაცია გამოიცა? ისე ხომ არ ხდება, რომ ზედაპირულად ვკითხულობთ ან საერთოდ ვტოვებთ მას? ასეთ შემთხვევაში შეიძლება მოვიკლოთ ის, რაც დიდ სარგებლობას მოგვიტანდა. უპირველესად უნდა გვახსოვდეს, რომ ყველანაირ სულიერ საზრდოს ღმერთი გვაძლევს. w16.05 5:5, 6
სამშაბათი, 6 ნოემბერი
თუ კაცი შეუგნებლად მცდარ ნაბიჯს გადადგამს, თქვენ, ვინც სულიერად გამოცდილები ხართ, შეეცადეთ, მას რბილად მიუდგეთ და გამოასწოროთ (გალ. 6:1).
იეჰოვა კრებისა და მისი ზედამხედველების მეშვეობით გვძერწავს თითოეულს. მაგალითად, თუ უხუცესები შეამჩნევენ, რომ სულიერად დავსუსტდით, შეეცდებიან დახმარება აღმოგვიჩინონ, ოღონდ არა ადამიანური სიბრძნით. ისინი ღმერთს წვდომის უნარსა და სიბრძნეს სთხოვენ, ფიქრობენ ჩვენზე და ლოცვის შესაბამისად იკვლევენ ღვთის სიტყვასა და პუბლიკაციებს, რათა სათანადო დახმარება აღმოგვიჩინონ. იმის ცოდნა, თუ როგორ ძერწავს ღმერთი ადამიანებს, გვეხმარება, სწორი დამოკიდებულება გვქონდეს როგორც თანამორწმუნეების, ისე ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე მცხოვრები ხალხისა და ბიბლიის შემსწავლელების მიმართ. ღმერთი არ აიძულებს ადამიანებს, ცვლილებები მოახდინონ, არამედ უცხადებს თავის სამართლიან ნორმებს, რათა თავად შეცვალონ თავიანთი ცხოვრება და ნებაყოფლობით მოიშორონ არასასურველი თვისებები თუ ჩვევები. w16.06 1:13, 14
ოთხშაბათი, 7 ნოემბერი
შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ (იერ. 45:5).
მოციქული იოანე გვაფრთხილებს, რომ მას, ვისაც უყვარს ის, რაც ქვეყნიერებაშია — „ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი“, მამა არ უყვარს (1 იოან. 2:15, 16). ამიტომ გამუდმებით უნდა გამოვიკვლიოთ ჩვენი გული, ხომ არ გვხიბლავს ქვეყნიური გართობა, მეგობრები და ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილი. ქვეყნიერების სიყვარული შეიძლება იმაშიც გამოვლინდეს, თუ „დიდ რამეს“, მაგალითად უმაღლესი განათლების მიღებას ვესწრაფვით. ჩვენ ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, არასდროს დაგვავიწყდეს მოსეს მიერ კანონის 6:4-ში ჩაწერილი სიტყვები. თუ ნათლად გვესმის და მტკიცედ გვწამს, რომ „ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ განსაკუთრებული ერთგულება დავუმტკიცოთ და მის მოსაწონად ვემსახუროთ (ებრ. 12:28, 29). w16.06 3:14
ხუთშაბათი, 8 ნოემბერი
ეძებეთ [ღვთის] სამეფო და ეს ყველაფერი შეგემატებათ (ლუკ. 12:31).
ამბობენ, რომ ადამიანს არცთუ ისე ბევრი რამ სჭირდება, მის სურვილებს კი საზღვარი არა აქვს. როგორც ჩანს, ბევრი ვერ ხედავს განსხვავებას საჭიროებასა და სურვილს შორის. რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან? „საჭიროება“ არის ის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია. ეს არის საკვები, ჩასაცმელი და თავშესაფარი. „სურვილი“ არის ის, რაც გვინდა გვქონდეს, თუმცა საარსებოდ აუცილებელი არ არის. ადამიანთა სურვილები ხშირად განსხვავდება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ისინი. განვითარებად ქვეყნებში ბევრს უბრალოდ სურს, იმდენი ფული ჰქონდეს, რომ მობილური ტელეფონი, მოტოციკლეტი ან მიწის პატარა ნაკვეთი იყიდოს. განვითარებულ ქვეყნებში შეიძლება სურდეთ ძვირფასი ტანსაცმლის, უფრო დიდი სახლის ან უფრო ძვირადღირებული მანქანის შეძენა. ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი შეიძლება მატერიალიზმის მახეში გაებას და უფრო და უფრო მეტი ნივთის შეძენა მოისურვოს მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა ეს ნივთები ან აქვს თუ არა მათი შეძენის შესაძლებლობა (ებრ. 13:5). w16.07 1:1—3
პარასკევი, 9 ნოემბერი
ნუ შეადგენთ გეგმებს, როგორ დაიკმაყოფილოთ ხორცის სურვილები (რომ. 13:14).
ბევრი ისეა გადაყოლილი ყოველდღიურ საქმეებს, რომ სულიერ წყურვილს ვეღარ გრძნობს (მათ. 5:3). ისინი გაბმულნი არიან მატერიალიზმის მახეში, რომელიც „ხორცის სურვილსა“ და „თვალთა სურვილს“ აღვივებს მათში (1 იოან. 2:16). ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნიერების სულს დავემორჩილოთ, ღვთის სულს ვაძლევთ საშუალებას, რომ ჩვენს ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს, რადგან სწორედ მისი მეშვეობით ჩავწვდით მოახლოებული მოვლენების მნიშვნელობას (1 კორ. 2:12). ჩვენ გვესმის, რომ ძალიან ადვილია, ადამიანმა სულიერად ჩათვლიმოს. ეს თავისთავად მოხდება, თუ ყოველდღიური საქმეები სულიერ საქმეებს დაჩრდილავს (ლუკ. 21:34, 35). სხვებმა შეიძლება დაგვცინონ იმის გამო, რომ ვფხიზლობთ, თუმცა ამან არ უნდა დაგვაკარგვინოს იმის შეგრძნება, რომ დრო არ ითმენს (2 პეტ. 3:3—7). ამიტომ მნიშვნელოვანია, რეგულარულად გვქონდეს თანაქრისტიანებთან ურთიერთობა კრების შეხვედრებზე, სადაც ღვთის სულია. w16.07 2:13, 14
შაბათი, 10 ნოემბერი
ლოცვების მომსმენო, შენთან მოვა ყოველი ხორციელი . . . შენ დაფარავ ჩვენს ცოდვებს (ფსალმ. 65:2, 3).
ბევრი ადამიანი იმიტომ ლოცულობს, რომ ლოცვის შემდეგ კარგად გრძნობს თავს, მაგრამ არ სწამთ, რომ ღმერთი ისმენს მათ ლოცვებს. მათ სჭირდებათ იმის გაგება, რომ იეჰოვა „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თუკი რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ“ (იოან. 14:14). ცხადია, ის გულისხმობდა ისეთი რამის თხოვნას, რაც იეჰოვას ნებას შეესაბამებოდა. იოანე ამბობს: „დარწმუნებული ვართ მასში, რომ რაც უნდა ვთხოვოთ მისი ნებისამებრ, ის გვისმენს“ (1 იოან. 5:14). რა კარგია სხვებისთვის იმის სწავლება, რომ ლოცვა უბრალოდ გუნება-განწყობის ასამაღლებელი საშუალება კი არ არის, არამედ იეჰოვას „წყალობის ტახტთან“ მიახლოების შესანიშნავი საშუალებაა! (ებრ. 4:16). როცა ვასწავლით მათ, როგორ ილოცონ, ვის მიმართონ ლოცვით და რაზე ილოცონ, ვეხმარებით, დაუახლოვდნენ იეჰოვას და ნუგეში პოვონ გასაჭირის დროს (ფსალმ. 4:1; 145:18). w16.07 4:11, 12
კვირა, 11 ნოემბერი
შენი ერთგულები გაკურთხებენ. შენი მეფობის დიდებაზე ილაპარაკებენ და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ, რათა გააგებინონ ადამიანის ძეებს . . . შენი მეფობის სიდიადის დიდება (ფსალმ. 145:10—12).
ეს სიტყვები კარგად გადმოსცემს იეჰოვას ყველა ერთგული მსახურის განწყობას. თუ ავადმყოფობა ან ასაკი გიშლით ხელს მსახურებაში, გახსოვდეთ, რომ მომვლელებისთვის ან სხვებისთვის სასიხარულო ცნობის გაზიარებით თქვენ წმინდა მსახურებას ასრულებთ და ჩვენს დიდებულ ღმერთს განადიდებთ. თუ რწმენის გამო ხართ დაპატიმრებული, ალბათ, არ უშვებთ ხელიდან ჭეშმარიტებაზე საუბრის შესაძლებლობას, რაც გულს უხარებს იეჰოვას (იგავ. 27:11). თუ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობთ, მაგრამ სულიერ განრიგს არ არღვევთ, იცოდეთ, იეჰოვა კმაყოფილია თქვენით (1 პეტ. 3:1—4). არახელსაყრელ ვითარებაშიც კი შეიძლება იეჰოვას განდიდება და სულიერი წინსვლა. იეჰოვა აუცილებლად გაკურთხებთ, თუ ჭეშმარიტებას გაუზიარებთ იმ ადამიანებს, ვისაც იმედი სჭირდება. w16.08 3:19, 20
ორშაბათი, 12 ნოემბერი
ცოლები დაემორჩილონ ქმრებს, როგორც უფალს, რადგან ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა კრების თავი (ეფეს. 5:22, 23).
ქმრისადმი მორჩილება არ აკნინებს ცოლის მდგომარეობას. პირიქით, ეს ეხმარება ქალებს, შეასრულონ ღვთისგან დაკისრებული როლი, რაზეც იეჰოვამ თქვა: „არ არის კარგი კაცის [ადამის] მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“ (დაბ. 2:18). მოსიყვარულე „კრების თავის“, ქრისტეს მსგავსად ქრისტიანმა ქმარმა სიყვარულით უნდა გასწიოს მეთაურობა. შედეგად, ცოლი თავს დაცულად იგრძნობს და სიამოვნებით დაემორჩილება, მხარში ამოუდგება და პატივისცემით მოეპყრობა მას. იესოს რომ მიჰბაძონ, მის მიმდევრებს ისევე უნდა უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც იესომ შეიყვარა ისინი (იოან. 13:34, 35; 15:12, 13; ეფეს. 5:25). ქრისტიან ცოლ-ქმარს შორის სიყვარული იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში თავიც კი გასწირონ ერთმანეთისთვის. w16.08 2:3, 4
სამშაბათი, 13 ნოემბერი
რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! (იგავ. 15:23)
თქვენმა დადებითმა საუბარმა შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს სხვებზე და დაეხმაროს მათ, რომ სრულად ემსახურონ იეჰოვას. ნუ გაუშვებთ ხელიდან კრების შეხვედრებზე ხელის აწევისა და გამამხნევებელი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობას, რადგან ამას დიდი ძალა აქვს. იეჰოვას მხარდაჭერით ნეემიამ და მისმა ხალხმა საქმის შესასრულებლად ხელები გაიმაგრეს. შედეგად, მათ იერუსალიმის გალავანი სულ რაღაც 52 დღეში აღადგინეს! (ნეემ. 2:18; 6:15, 16). ნეემია უბრალოდ კი არ ზედამხედველობდა საქმეს, ის პირადად იყო ჩართული იერუსალიმის გალავნის აღდგენაში (ნეემ. 5:16). ბევრი მზრუნველი უხუცესი ჰბაძავს ნეემიას, მონაწილეობს თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებსა თუ ადგილობრივი სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში. თანაქრისტიანებთან მსახურებისას და სამწყემსო მონახულებებზე ისინი გულდამწუხრებულთა სუსტ ხელებს აძლიერებენ (ეს. 35:3, 4). w16.09 1:15, 16
ოთხშაბათი, 14 ნოემბერი
სიყვარული . . . უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს (1 კორ. 13:4, 5).
ღვთის მსახურები ყველანაირად ცდილობენ, იმოქმედონ შემდეგი ბიბლიური მითითების თანახმად: „ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება“ (კოლ. 3:2, 5). ჩვენ არ გვსურს, რომ თანაქრისტიანს ჩვენ გამო გაუჭირდეს ამ რჩევის გათვალისწინება. და-ძმებს, რომლებიც ადრე უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ, შესაძლოა კვლავაც უწევთ ცოდვილი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლა (1 კორ. 6:9, 10). ალბათ, არ გვსურს, მათ ეს ბრძოლა გავურთულოთ. სულიერ და-ძმებთან ურთიერთობის დროს გვინდა, ჩვენი ჩაცმულობით ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა დაცულად იგრძნობს თავს ქვეყნიერების უზნეო გავლენისგან. მართალია, უფლება გვაქვს, თავად ავირჩიოთ, რას ჩავიცვამთ, მაგრამ იმის პასუხისმგებლობაც გვაკისრია, რომ სხვებს გავუადვილოთ ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება და ღვთის სიწმინდის ნორმების თანახმად ფიქრი, ლაპარაკი და მოქმედება (1 პეტ. 1:15, 16). w16.09 3:9, 10
ხუთშაბათი, 15 ნოემბერი
ვაჟებო და ქალწულებო . . . ადიდონ მათ იეჰოვას სახელი (ფსალმ. 148:12, 13).
„ჩვენ გვწამს იეჰოვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შვილებიც ირწმუნებენ მას. რწმენა თან არავის დაჰყოლია. ბავშვები მას თანდათან ივითარებენ“, — ამბობს საფრანგეთში მცხოვრები ერთი წყვილი. ერთი ავსტრალიელი ძმა კი წერს: „ალბათ, მშობლისთვის ყველაზე რთული ის არის, რომ შვილს რწმენის განვითარებაში დაეხმაროს . . . შეიძლება ფიქრობთ, რომ შვილს დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცით კითხვაზე, თუმცა მოგვიანებით ის იმავე კითხვას გისვამთ! პასუხები, რომლებიც დღეს თქვენი შვილის ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს, ხვალ შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს. შეიძლება ერთსა და იმავე საკითხზე არაერთხელ მოგიწიოთ მსჯელობა“. თუ მშობელი ხართ, ხომ არ გეჩვენებათ ზოგჯერ, რომ შვილების სწავლება და მათთვის მტკიცე რწმენის ჩანერგვა მეტისმეტად რთულია? სინამდვილეში საკუთარი სიბრძნით ამას ვერავინ შეძლებს! (იერ. 10:23). მაგრამ, თუ ხელმძღვანელობისთვის ღმერთს მიმართავთ, ამ პასუხისმგებლობას თავს გაართმევთ. w16.09 5:1, 2
პარასკევი, 16 ნოემბერი
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს (იგავ. 3:27).
იმიგრანტები ბევრ სირთულეს ხვდებიან ახალ კულტურასთან შეგუებისას. ამ მხრივ საყურადღებოა რუთის მაგალითი. უპირველესად, მან პატივისცემა გამოავლინა ისრაელში გავრცელებული წეს-ჩვეულებების მიმართ და დაცვენილი თავთავების აკრეფის ნებართვა ითხოვა (რუთ. 2:7). ის არ თვლიდა, რომ ამის უფლება თავისთავად ჰქონდა, თითქოს ვინმეს რაიმე ემართა მისი. ამასთანავე, ის მადლიერი იყო იმ სიკეთისთვის, რასაც მის მიმართ ავლენდნენ (რუთ. 2:13). თუ იმიგრანტებს მსგავსი დამოკიდებულება ექნებათ, დიდი ალბათობაა, რომ ისინი ადგილობრივი ხალხისა და თანამორწმუნეების პატივისცემას დაიმსახურებენ. ჩვენ გვიხარია, რომ იეჰოვას წყალობის შედეგად ყველანაირი წარმოშობის ადამიანი ისმენს სასიხარულო ცნობას. შესაძლოა, ბევრს თავის ქვეყანაში არ ჰქონდა ბიბლიის შესწავლის ან იეჰოვას ხალხთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა. ახლა, როცა ჩვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცათ, გვინდა, დავეხმაროთ, რომ უცხოებად არ იგრძნონ თავი. w16.10 1:17—19
შაბათი, 17 ნოემბერი
სიხარულისთვის, რომელიც მოელოდა . . . ბოძზე წამებას გაუძლო (ებრ. 12:2).
ჩვენს დროში მილიონობით ღვთის მსახური ჰბაძავს იესოს მაგალითს — მათ ყოველთვის ახსოვთ თავიანთი იმედი და, განსაცდელების მიუხედავად, ძლიერ რწმენას ინარჩუნებენ. დაფიქრდით რუდოლფ გრაიხენის მაგალითზე, რომელიც 1925 წელს დაიბადა გერმანიაში. თავის ბიოგრაფიაში მან გაიხსენა ნახატები ბიბლიური სცენებით, რომლებიც სახლში კედლებზე ეკიდათ. ის წერდა: „ერთ სურათზე გამოსახული იყო მგელი და ბატკანი, თიკანი და ჯიქი, ხბო და ლომი. ერთმანეთს არაფერს უშავებდნენ და პატარა ბიჭი მიუძღოდათ წინ . . . ამ სურათებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“ (ეს. 11:6—9). მიუხედავად იმისა, რომ მრავალი წლის მანძილზე სასტიკად დევნიდა გესტაპო, შემდეგ კი — აღმოსავლეთ გერმანიის კომუნისტური შტაზი, რუდოლფს არ შერყევია დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების რწმენა. მას სხვა უმძიმესი განსაცდელების გადატანაც მოუწია. დედამისი რავენსბრიუკის საკონცენტრაციო ბანაკში ტიფით დაიღუპა, მამამისი კი იმდენად მოსუსტდა რწმენაში, რომ უარი თქვა იეჰოვას მოწმეობაზე. w16.10 3:12—14
კვირა, 18 ნოემბერი
თქვენამდე როცა მოაღწია ღვთის სიტყვამ . . . მიიღეთ იგი . . . როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა (1 თეს. 2:13).
იეჰოვას მსახურები ძალიან ვაფასებთ ღვთის წმინდა წიგნს, ბიბლიას. არასრულყოფილების გამო დროდადრო ყველანი ვიღებთ ბიბლიურ რჩევებს. როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს ასეთ რჩევებზე? გავიხსენოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები, ევოდია და სინტიქე. ამ ცხებულ ქალებს შორის სერიოზულმა პრობლემებმა იჩინა თავი, რასაც შეიძლებოდა კრების მშვიდობა დაერღვია. ბიბლია არ ამბობს, მოაგვარეს თუ არა ამ დებმა უთანხმოება. თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ მათ გაითვალისწინეს პავლე მოციქულის მიერ სიყვარულით მიცემული რჩევა (ფილ. 4:2, 3). მსგავსი პრობლემები დღესაც იჩენს თავს იეჰოვას ხალხის კრებებში. მაგრამ მათი მოგვარება ან თავიდან არიდება შესაძლებელია, თუ ღვთის სიტყვის რჩევებს გავითვალისწინებთ. თუ მთელი გულით ვაფასებთ ბიბლიას, მასში ჩაწერილი მითითებების თანახმად ვიცხოვრებთ (ფსალმ. 27:11). w16.11 3:1—3
ორშაბათი, 19 ნოემბერი
თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება (იგავ. 24:10).
ყველას გვჭირდება გამხნევება. თუმცა ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის აუცილებელი. „შვილებს . . . ისე სჭირდებათ გამხნევება, როგორც მცენარეს წყალი, — ამბობს პედაგოგი ტიმოთი ევანზი. — გამხნევება მათ ღირსების გრძნობას უმაღლებს და არწმუნებს, რომ ძვირფასები არიან“. მაგრამ ჩვენ მძიმე, ძნელად ასატან დროში ვცხოვრობთ; ადამიანები ეგოისტები გახდნენ; ბევრი მოკლებულია თბილ გრძნობებს და იშვიათად ამხნევებს სხვებს (2 ტიმ. 3:1—5). სატანას უნდა, გული გაგვიტეხოს, რადგან იცის, რომ გულგატეხილობამ შეიძლება სულიერად დაგვასუსტოს და სხვა მხრივაც უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე. სატანამ სხვადასხვა უბედურება და ბრალდება გამოიყენა მართალი იობისთვის გულის გასატეხად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია (იობ. 2:3; 22:3; 27:5). თუ გავამხნევებთ ოჯახისა და კრების წევრებს, ეშმაკის საქმეებს შევეწინააღმდეგებით. შედეგად, ოჯახსა თუ კრებაში ყველა თავს ბედნიერად და უსაფრთხოდ იგრძნობს. w16.11 1:4, 6
სამშაბათი, 20 ნოემბერი
[ღმერთმა] სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ (1 პეტ. 2:9).
მე-16 საუკუნის დასაწყისში რამდენიმე მამაცმა კაცმა დაიწყო ღვთის სიტყვის ხალხისთვის გასაგებ ენებზე თარგმნა. როგორც კი ბიბლია ხელმისაწვდომი გახდა, ხალხმა მისი კითხვა დაიწყო. ღვთის სიტყვის წაკითხვის შემდეგ გაუჩნდათ კითხვები: სად არის მოხსენიებული ბიბლიაში განსაწმენდელი, მიცვალებულებისთვის წირვა-ლოცვა ან პაპები და კარდინალები? ასეთი კითხვები ეკლესიისთვის შეურაცხმყოფელი იყო. როგორ ბედავდა ხალხი ეკლესიის სწავლებებში ეჭვის შეტანას?! ეკლესია შეტევაზე გადავიდა. კაცებსაც და ქალებსაც ერეტიკოსებად რაცხავდნენ, რადგან ისინი უარყოფდნენ ეკლესიის სწავლებებს. ეკლესიას სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა, სახელმწიფო კი ამ განაჩენს ასრულებდა. მიზანი ის იყო, რომ ხალხს ბიბლიის კითხვისა და ეკლესიის სწავლებების ეჭვქვეშ დაყენების სურვილი დაჰკარგვოდა. ძირითადად, ეკლესია აღწევდა მიზანს. თუმცა ზოგიერთი გაბედული ადამიანი არ შეუშინდა დიდი ბაბილონის მუქარას. მათ გემო გაუგეს ღვთის სიტყვას და მეტის გაგება სურდათ. w16.11 4:13
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი
ერთგული მოწმე ტყუილს არ იტყვის (იგავ. 14:5).
ქრისტიანები პატიოსნებით გამოირჩევიან (ეფეს. 4:25). სატანა „სიცრუის მამაა“. ანანიამ და მისმა ცოლმა ტყუილის თქმის გამო დაკარგეს სიცოცხლე. ჩვენ არ გვინდა, მათ მივბაძოთ, ამიტომ ვერიდებით ტყუილს (იოან. 8:44; საქ. 5:1—11). მაგრამ მხოლოდ ამით უნდა შემოიფარგლებოდეს ჩვენი პატიოსნება? სინამდვილეში ჩვენი პატიოსნებიდან უნდა ჩანდეს ღვთის წყალობისთვის უდიდესი მადლიერება. ტყუილი არის ის, რაც სინამდვილეს არ შეეფერება. მაგრამ იეჰოვა აშკარა ტყუილის თქმისგან თავის შეკავებაზე მეტს მოითხოვს თავისი ხალხისგან. ძველად მან ისრაელებს უთხრა: „იყავით წმინდები, რადგან წმინდა ვარ მე, იეჰოვა, თქვენი ღმერთი“, შემდეგ კი იმის მაგალითები მოიყვანა, თუ რას ნიშნავს, იყო წმინდა: „არ მოიპაროთ და არ მოიტყუოთ; არ მოექცეთ ვერაგულად თქვენს მოძმეს“ (ლევ. 19:2, 11). სამწუხაროდ, ზოგმა, ვინც ყველანაირად ერიდება აშკარა ტყუილის თქმას, შეიძლება მაინც შეცდომაში შეიყვანოს სხვები და ვერაგულად მოექცეს მათ. w16.12 1:17, 18
ხუთშაბათი, 22 ნოემბერი
ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით (ფილ. 4:7).
ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ იესოს მანუგეშებელ და გამამხნევებელ სიტყვებს. მისი სიტყვები თუ სწავლებები მსმენელებისთვის გამხნევების წყარო იყო. ბევრი მიდიოდა მასთან, რადგან ის გულდამძიმებულებს ამშვიდებდა, სუსტებს აძლიერებდა და დამწუხრებულებს ანუგეშებდა (მათ. 11:28—30). ის სიყვარულით ზრუნავდა სხვების სულიერ, ემოციურ თუ ფიზიკურ მოთხოვნილებებზე (მარ. 6:30—32). მხარში ამოდგომის შესახებ იესოს დაპირება ჩვენზეც ვრცელდება. თქვენ შეგიძლიათ ისევე იგრძნოთ იესოს მხარდაჭერა, როგორც მასთან ერთად მყოფმა მოციქულებმა იგრძნეს. ამისთვის საჭირო არ არის, რომ იესო ფიზიკურად იყოს თქვენთან. როგორც ზეციერი მეფე, ის კვლავაც თანაუგრძნობს ადამიანებს. ასე რომ, წუხილის დროს მას შეუძლია გულმოწყალედ მოგეპყროთ და „დროული დახმარება“ აღმოგიჩინოთ. დიახ, იესო დაგეხმარებათ განსაცდელთან გამკლავებაში და იმედსა და გამბედაობას მოგცემთ! (ებრ. 2:17, 18; 4:16). w16.12 3:4, 6
პარასკევი, 23 ნოემბერი
ვხედავ, რომ დადგა ყოველი ხორციელის განადგურების დრო (დაბ. 6:13).
ნოე ცხოვრობდა ძალადობითა და უზნეობით სავსე მსოფლიოში (დაბ. 6:4, 9—12). მიუხედავად იმისა, რომ ის ერთგულად ქადაგებდა იეჰოვას გამაფრთხილებელ ცნობას, ნოე ვერ აიძულებდა მის გარშემო მცხოვრებ ბოროტ ადამიანებს ყურად ეღოთ ეს ცნობა და ვერც წარღვნას დააჩქარებდა. ის დარწმუნებული უნდა ყოფილიყო, რომ იეჰოვა თავის დროზე შეასრულებდა დაპირებას და გაანადგურებდა ბოროტებს (დაბ. 6:17). ჩვენც ბოროტებით სავსე ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ და ვიცით, რომ იეჰოვა დაპირებისამებრ გაანადგურებს მას (1 იოან. 2:17). მაგრამ მანამდე ჩვენ არ შეგვიძლია, ვაიძულოთ ადამიანები, ყურად იღონ „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. ჩვენ არც ის შეგვიძლია, რომ დავაჩქაროთ „დიდი გასაჭირის“ დაწყება (მათ. 24:14, 21). ნოეს მსგავსად, ჩვენც უნდა გვქონდეს ძლიერი რწმენა და გვჯეროდეს, რომ ღმერთი მალე იმოქმედებს (ფსალმ. 37:10, 11). დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა იმაზე მეტხანს არ მისცემს ამ ბოროტ ქვეყნიერებას არსებობის უფლებას, ვიდრე მისი განზრახვის შესრულებას სჭირდება (აბაკ. 2:3). w17.01 1:5—7
შაბათი, 24 ნოემბერი
მე, იეჰოვა . . . მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო! (ეს. 48:17)
დღეს ძალიან ბევრი ადამიანი არჩევნის თავისუფლებას ბოროტად იყენებს და შეიძლება სხვებსაც კი აყენებს ზიანს. როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, „ბოლო დღეებში“ ადამიანები უმადურები იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1, 2). მოდი ნურასდროს გამოვიყენებთ ბოროტად ნების თავისუფლების ძვირფას ძღვენს და ნუ გავაუბრალოებთ მას! რა დაგვეხმარება, მოვერიდოთ ნების თავისუფლების ძღვნის ბოროტად გამოყენებას? ყველას გვაქვს უფლება, თავად ავირჩიოთ მეგობრები, ჩაცმისა თუ ვარცხნილობის სტილი და გართობა. მაგრამ არჩევნის თავისუფლება შეიძლება „ბოროტების საფრად“ იქცეს, თუ დავემონებით ხორცის სურვილებს ან ავყვებით ქვეყნიერებაში პოპულარულ ტენდენციებს (1 პეტ. 2:16). ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი თავისუფლება „ხორცის საამებლად“ გამოვიყენოთ, გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც შემდეგი რჩევის გათვალისწინებაში დაგვეხმარება: „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ“ (გალ. 5:13; 1 კორ. 10:31). w17.01 2:12—14
კვირა, 25 ნოემბერი
ეს სიტყვები რომ მოვისმინე . . . ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღვთის წინაშე (ნეემ. 1:4).
ნეემიას მაგალითიდან ჩანს, როგორ გვეხმარება მოკრძალება, რომ ახალი დავალების ან მეტი პასუხისმგებლობის მიღების შემდეგ საკუთარ ძალებს არ დავენდოთ. უხუცესი, რომელიც მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ენდობა, შეიძლება ისე შეუდგეს კრების საქმეების კეთებას, რომ იეჰოვას არ მიმართოს ლოცვით ხელმძღვანელობისთვის. სხვებმა შეიძლება ჯერ გადაწყვეტილება მიიღონ და შემდეგ სთხოვონ იეჰოვას, რომ აკურთხოს მათი გადაწყვეტილება. მაგრამ იქნება ეს მოკრძალებული საქციელი?! მოკრძალებულ ადამიანს ყოველთვის ახსოვს, რა მდგომარეობა უკავია ღვთის წინაშე და რა როლს ასრულებს ღვთის ორგანიზაციაში. ჩვენი უნარისა და შესაძლებლობების მიუხედავად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ საკუთარ თავს არ დავენდოთ, განსაკუთრებით ნაცნობი სიტუაციებისა თუ პრობლემების დროს (იგავ. 3:5, 6). როგორც ღვთის დიდი ოჯახის წევრებმა, მთელი ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ ოჯახსა თუ კრებაში ჩვენთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის შესრულებას და არა „დაწინაურებისკენ“ სწრაფვას (1 ტიმ. 3:15). w17.01 4:7, 8
ორშაბათი, 26 ნოემბერი
დედამიწა . . . ადამიანთა ძეებს მისცა (ფსალმ. 115:16).
ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად, ადამიანებს მარადიულად უნდა ეცხოვრათ დედამიწაზე (დაბ. 1:28; ფსალმ. 37:29). ღმერთმა უხვად მისცა ადამსა და ევას ყოველგვარი ძღვენი, რათა გაეხარათ სიცოცხლით (იაკ. 1:17). მან ნების თავისუფლება და იმის უნარი უბოძა მათ, რომ ეაზროვნათ, ჰყვარებოდათ და გაეხარათ მეგობრობით; აგრეთვე აუხსნა ადამს, თუ როგორ შეეძლო მორჩილების გამოვლენა. მან ადამს ისიც ასწავლა, როგორ ეზრუნა საკუთარ საჭიროებებზე, ცხოველებსა და დედამიწაზე (დაბ. 2:15—17, 19, 20). ამასთანავე, იეჰოვამ ადამი და ევა გემოვნების, შეხების, მხედველობის, სმენისა და ყნოსვის შეგრძნებით შექმნა. ასე რომ, მათ შეეძლოთ ბოლომდე გაეხარათ სამოთხის სილამაზითა და სიუხვით. ადამიანთა პირველ წყვილს ყოველთვის ექნებოდა სასიამოვნო სამუშაო, ახალი პერსპექტივები და ახალი აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა. იეჰოვამ ადამი და ევა სრულყოფილი შთამომავლობის წარმოშობის უნარით შექმნა. მთელი დედამიწა და მისი რესურსები სამარადისოდ მათი გახდებოდა. w17.02 1:6, 7
სამშაბათი, 27 ნოემბერი
გადაიწეროს ეს კანონი . . . და დაიცვას . . . ამ კანონის ყველა სიტყვა (კან. 17:18, 19).
რა გავლენას ახდენდა ღვთის სიტყვა წინამძღოლებად დანიშნულ მამაკაცებზე? განვიხილოთ მეფე იოშიას მაგალითი. როცა კანონის წიგნი იპოვეს, მწერალმა ხმამაღლა წაუკითხა ის იოშიას. მან გაითვალისწინა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მითითებები, გაცხარებული ბრძოლა დაიწყო კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ და ორგანიზება გაუწია პასექის დღესასწაულის აღნიშვნას (2 მეფ. 22:11; 23:1—23). ვინაიდან იოშია და სხვა ერთგული წინამძღოლები ღვთის სიტყვით ხელმძღვანელობდნენ, ისინი მზად იყვნენ, შეეცვალათ და გასაგებად აეხსნათ მითითებები, რომლებიც ღვთის ხალხისთვის ჰქონდათ მიცემული. შედეგად, ისრაელები ღვთის ნების თანახმად მოიქცეოდნენ. თუმცა ღვთის ხალხის ყველა მეფე არ მიჰყვებოდა ღვთის მითითებებს. ზოგ შემთხვევაში იეჰოვა ასეთებს სჯიდა ან მმართველობის უფლებას ართმევდა (1 სამ. 13:13, 14). დანიშნულ დროს მან გაცილებით უკეთესი წინამძღოლი დანიშნა. w17.02 3:11, 12, 14
ოთხშაბათი, 28 ნოემბერი
ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე [ადამიანი], ხოლო შემდეგ დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი (ფსალმ. 8:5).
ადამიანები „ღვთის ანარეკლად“ არიან შექმნილნი (დაბ. 1:27). ამიტომ უმეტესობა მეტ-ნაკლებად ავლენს ღვთის თვისებებს. მათ შეუძლიათ ერთმანეთის მიმართ სიყვარულის, სიკეთისა და თანაგრძნობის გამოვლენა. ვინაიდან ღმერთმა სინდისი მისცა ადამიანებს, ისინი გრძნობენ, რა არის სწორი და რა არასწორი, პატიოსანი და უპატიოსნო, მისაღები და მიუღებელი (რომ. 2:14, 15). თუმცა ზოგჯერ მათი სინდისი სათანადოდ ვერ რეაგირებს ან დამახინჯებულია. ადამიანებს იზიდავს სიწმინდე და სილამაზე და მათ უმეტესობას სურს, რომ მშვიდობიანად იცხოვროს სხვებთან ერთად. მიუხედავად იმისა, აცნობიერებენ თუ არა, ისინი გარკვეულწილად ირეკლავენ იეჰოვას დიდებას, რისთვისაც პატივისცემას იმსახურებენ. თუმცა გაწონასწორებულობაა საჭირო, რომ განსაზღვროთ, როგორ გამოავლინოთ პატივისცემა სხვების მიმართ. w17.03 1:5, 6
ხუთშაბათი, 29 ნოემბერი
შეიწყალა ისინი ჭეშმარიტმა ღმერთმა და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა (იონ. 3:10).
ღმერთი შეიძლება რისხვით აენთოს, თუმცა იმ ადამიანებივით არასდროს მოიქცევა, რომლებიც ცხელ გულზე იღებენ გადაწყვეტილებებს. მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ნინეველებმა მოინანიეს და მიატოვეს ცუდი საქმეები, იეჰოვამ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა. ამგვარად მან გონიერება, თავმდაბლობა და თანაგრძნობა გამოავლინა. მსგავსადვე, შეიძლება დროდადრო საჭირო გახდეს, დავფიქრდეთ ჩვენს არჩევანზე, მაგალითად მაშინ, როცა ვითარება გვეცვლება. იეჰოვა ზოგჯერ შეცვლილი ვითარების გამო ცვლიდა თავის გადაწყვეტილებას (1 მეფ. 21:20, 21, 27—29; 2 მეფ. 20:1—5). შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი ახალმა ინფორმაციამაც მოგვცეს. მეფე დავითს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს საულის შვილიშვილის, მეფიბოშეთის შესახებ. მაგრამ მოგვიანებით, სიმართლის გაგების შემდეგ, მან შეცვალა გადაწყვეტილება (2 სამ. 16:3, 4; 19:24—29). w17.03 2:14, 15
პარასკევი, 30 ნოემბერი
ყველასთვის ცნობილი გახდეს თქვენი კეთილგონიერება (ფილ. 4:5).
როცა პრობლემა იჩენს თავს, უნდა დავფიქრდეთ ამ პრობლემასთან დაკავშირებულ ბიბლიურ პრინციპებზე და მათი გათვალისწინებისას გაწონასწორებულობა გამოვავლინოთ. მაგალითად, დამ იცის, რომ სასიხარულო ცნობის ქადაგება ევალება (საქ. 4:20). მაგრამ დავუშვათ, იმ დღეს, როცა მას დაგეგმილი აქვს მსახურება, მეუღლე, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, სთხოვს, რომ სახლში დარჩეს. ის ეუბნება, რომ ბოლო დროს ერთმანეთს თითქმის ვერ ხედავენ და სურს, დრო ერთად გაატარონ. ქრისტიანი ცოლი შეიძლება დაფიქრდეს ისეთ ბიბლიურ მუხლებზე, რომლებიც ღვთისადმი მორჩილებასა და მოწაფეების მომზადებას ეხება (მათ. 28:19, 20; საქ. 5:29). მაგრამ ის აგრეთვე უნდა დაფიქრდეს, თუ რას ამბობს ბიბლია ქმრისადმი მორჩილებასა და კეთილგონიერებაზე (ეფეს. 5:22—24). კატეგორიულად უკრძალავს ქმარი მსახურებაში გასვლას თუ ამ ერთხელ სთხოვს, არ წავიდეს? გაწონასწორებულობაა საჭირო, რომ ღვთის ნებაც შევასრულოთ და სუფთა სინდისიც შევინარჩუნოთ. w17.03 4:17