დეკემბერი
შაბათი, 1 დეკემბერი
წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით, რადგან იცით, რომ მსგავს სატანჯველს ქვენი საძმოც ხვდება ქვეყნიერებაში (1 პეტ. 5:9).
ამ სიტყვებით პეტრე მოციქულმა გაამხნევა ქრისტიანები, რომ სატანისგან თავსდატეხილი უბედურებები აეტანათ. მათი გამოცდილება, „ვინც მოითმინა“, გვასწავლის, თუ როგორ შევინარჩუნოთ სიმტკიცე და შეგვახსენებს, რომ ერთგულება ჯილდოვდება (იაკ. 5:11). შესაძლოა წინააღმდეგობას ხვდებით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მტრებისგან და გდევნიან კიდეც; ან კრების უხუცესად ან სარაიონო ზედამხედველად მსახურობთ და ისეთი განცდა გეუფლებათ, რომ მძიმე ტვირთი გაწევთ. დაფიქრდით პავლე მოციქულის მაგალითზე. მას მდევნელები სასტიკად ეპყრობოდნენ; ამას ისიც ერთვოდა, რომ იგი ყოველდღიურად წუხდა ყველა კრებაზე (2 კორ. 11:23—29). თუმცა მოციქულს უკან არ დაუხევია; ის თავისი მაგალითით სხვებს ამხნევებდა (2 კორ. 1:6). ასე რომ, როცა განსაცდელს იტანთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი შემხედვარე სხვებიც შეძლებენ განსაცდელების ატანას. w16.04 2:11, 14
კვირა, 2 დეკემბერი
წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ (მათ. 28:19, 20).
ჩვენი მომხრენი თუ მოწინააღმდეგენი ერთხმად აღიარებენ, რომ იეჰოვას მოწმეები ქადაგებით ვართ ცნობილი. შესაძლოა თქვენც შეხვედრიხართ მსახურებაში ისეთ ადამიანებს, რომლებიც მართალია, არ გვეთანხმებიან, მაგრამ პატივს გვცემენ ჩვენი საქმიანობის გამო. როგორც ვიცით, იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ მთელ მსოფლიოში უნდა ყოფილიყო ნაქადაგები (მათ. 24:14). მრავალი რელიგიური ორგანიზაცია აცხადებს, რომ სახარებას ანუ სასიხარულო ცნობას ქადაგებს. თუმცაღა მათი ქადაგება მხოლოდ ღვთის გაცნობის პირადი ისტორიების მოყოლით, საეკლესიო ღვთისმსახურებით ან ტელე თუ ინტერნეტმაუწყებლობით შემოიფარგლება. ზოგი საქველმოქმედო საქმიანობაზე და სამედიცინო თუ საგანმანათლებლო სფეროში შეტანილ წვლილზე საუბრობს. მაგრამ ისმის კითხვა: ამის გაკეთება დაავალა იესომ მოწაფეებს? w16.05 2:1, 2
ორშაბათი, 3 დეკემბერი
კეისართან ვასაჩივრებ! (საქ. 25:11)
1914 წლიდან ადამიანთა მთავრობები ღვთის სამეფოს უპირისპირდებიან, რომელიც მალე აღასრულებს მათთვის გამოტანილ განაჩენს და გაანადგურებს მათ (ფსალმ. 2:2, 7—9). იეჰოვა ღმერთი პოლიტიკურ მმართველობებს იმიტომ უშვებს, რომ ისინი გარკვეულ წესრიგს ქმნიან, რაც სასიხარულო ცნობის ქადაგებაში გვეხმარება (რომ. 13:3, 4). იეჰოვა იმასაც გვეუბნება, რომ ვილოცოთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მათ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს (1 ტიმ. 2:1, 2). ზოგჯერ საქმის სამართლიანად გადასაწყვეტად ხელისუფლებას მივმართავთ ხოლმე, როგორც ეს პავლე მოციქულმა გააკეთა. მართალია, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ პოლიტიკური სისტემები სატანის, ღვთის მოწინააღმდეგის ხელშია, მაგრამ მასში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ სატანა უშუალოდ მართავს ცალკეულ მმართველსა თუ სახელმწიფო მოხელეს (ლუკ. 4:5, 6). ამიტომ არ უნდა დავასკვნათ, რომ ხელისუფლების ესა თუ ის წარმომადგენელი ეშმაკისგანაა მართული. ასე რომ, „მთავრობებისა და ძალაუფლებების“ წარმომადგენელთაგან არავინ უნდა დავძრახოთ (ტიტ. 3:1, 2). w16.04 4:5, 6
სამშაბათი, 4 დეკემბერი
ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება (ეფეს. 5:17).
შეიძლება იკითხოთ: „როგორ გავიგო, რას იწონებს იეჰოვა, თუ მის სიტყვაში კონკრეტული მითითება არ არის?“. როდესაც არ არსებობს პირდაპირი ბიბლიური კანონი, როგორ შეგვიძლია ჩავწვდეთ იეჰოვას ნებას? საჭიროა, ვილოცოთ და მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას. განვიხილოთ იესოს მაგალითი და ვნახოთ, როგორ ჩასწვდა იესო მამის ნებას. ბიბლიაში ჩაწერილია ორი შემთხვევა, როცა მან ილოცა და შემდეგ სასწაულებრივად დააპურა დიდძალი ხალხი (მათ. 14:17—20; 15:34—37). მაგრამ იესომ უარი თქვა ქვების პურებად ქცევაზე, როცა მშიერი იყო და ეშმაკი სცდიდა უდაბნოში (მათ. 4:2—4). ის კარგად იცნობდა მამას, ამიტომ იცოდა, რომ ქვები პურებად არ უნდა ექცია. მას ესმოდა, რომ ღმერთს არ მოეწონებოდა, თუ ძალას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა. იესომ თავისი მოქმედებით აჩვენა, რომ ენდობოდა იეჰოვას და დარწმუნებული იყო, რომ ის იზრუნებდა მასზე. w16.05 3:7, 8
ოთხშაბათი, 5 დეკემბერი
მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა (2 ტიმ. 3:16).
ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი თუ წიგნი კონკრეტული ადამიანისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის დაიწერა. სწორედ ამიტომ ღვთის სიტყვის წაკითხვამდე, კარგი იქნება, იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, გაგვიხსნას გონება და მოგვცეს სიბრძნე, რათა დავინახოთ, რის სწავლება სურს ჩვენთვის (ეზრ. 7:10; იაკ. 1:5). ბიბლიის კითხვისას დროდადრო ჰკითხეთ საკუთარ თავს: რას ვიგებ ამ მონაკვეთიდან იეჰოვა ღმერთზე? როგორ შემიძლია მისი გამოყენება ცხოვრებაში? როგორ გამოვიყენებ მას სხვების დასახმარებლად? ეს და მსგავსი კითხვები დაგვეხმარება, ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გავხადოთ. მაგალითად, დავფიქრდეთ მოთხოვნებზე, რომლებიც ბიბლიაში ჩაიწერა ქრისტიანი ზედამხედველებისთვის (1 ტიმ. 3:2—7). უმეტესობა ჩვენგანი არ ვმსახურობთ უხუცესებად, ამიტომ შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს მონაკვეთი ნაკლებად გვეხება. თუმცა ამ მოთხოვნებიდან ყველას შეგვიძლია ბევრი რამის სწავლა. w16.05 5:7, 8
ხუთშაბათი, 6 დეკემბერი
აი, როგორც თიხაა მეთუნის ხელში, ისე ხართ ჩემს ხელში (იერ. 18:6).
ბაბილონში გადასახლებულმა იუდეველებმა შენიშნეს, რომ ქალაქი კერპებით იყო სავსე და მისი მოსახლეობა ბოროტ სულებს დაემონებინათ. მიუხედავად ამისა, ღვთის ერთგული იუდეველები, მათ შორის დანიელი და მისი სამი მეგობარი, არ მოექცნენ ბაბილონური აზროვნებისა თუ წეს-ჩვეულებების გავლენაში (დან. 1:6, 8, 12; 3:16—18). მათ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი და მხოლოდ მას გამოეძერწა ისინი. ეს ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დანიელმა თითქმის მთელი ცხოვრება ბაბილონში გაატარა, ანგელოზმა თქვა, რომ ის ღვთის თვალში „ძვირფასი ადამიანი“ იყო (დან. 10:11, 19). ზოგჯერ მეთუნე სასურველი ფორმის მისაცემად თიხას ყალიბში დებს. დღეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იეჰოვას აღიარებენ უზენაეს მმართველად, რომელსაც ხალხებისა თუ ერების გამოძერწვის უფლება აქვს (იერ. 18:6). ღმერთს თითოეული ადამიანის გამოძერწვის უფლებამოსილებაც აქვს. მიუხედავად ამისა, ის ითვალისწინებს, რომ ნების თავისუფლებით ვართ შექმნილნი და სურს, ნებაყოფლობით დავემორჩილოთ. w16.06 2:1, 2
პარასკევი, 7 დეკემბერი
იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე (ებრ. 13:5).
სატანა კომერციული სისტემის მეშვეობით ცდილობს ჩვენს დარწმუნებას, რომ საჭიროზე მეტის ქონა აუცილებელია ბედნიერებისთვის. ის მოხერხებულად იყენებს „თვალთა სურვილს“ (1 იოან. 2:15—17; დაბ. 3:6; იგავ. 27:20). ქვეყნიერება გვთავაზობს ყველანაირ ნივთს — საუცხოოდან აბსურდულამდე, რომელთაგან ზოგი ძალიან მიმზიდველი ჩანს. გიყიდიათ რამე მხოლოდ იმის გამო, რომ რეკლამამ ან მაღაზიის ვიტრინამ მოგტაცათ თვალი, მოგვიანებით კი მიმხვდარხართ, რომ ის სულაც არ გჭირდებოდათ? ასეთი არასაჭირო ნივთები გვირთულებს ცხოვრებას და ტვირთი ხდება. ისინი იმდენ დროსა და ყურადღებას მოითხოვს, რომ ჩვენი სულიერი განრიგი ირღვევა და ბიბლიის შესასწავლად, შეხვედრებისთვის მოსამზადებლად, მათზე დასასწრებად და რეგულარულად სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად დრო აღარ გვრჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს იოანე მოციქულის გაფრთხილება: „გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც“. w16.07 1:3, 4
შაბათი, 8 დეკემბერი
რადგან არსებობს მრავალი „ღმერთი“ . . . ჩვენთვის ერთია ღმერთი (1 კორ. 8:5, 6).
პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში იყვნენ ებრაელები, ბერძნები, რომაელები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები. მათ განსხვავებული რელიგიური წარსული, წეს-ჩვეულებები და შეხედულებები ჰქონდათ. ამიტომ ზოგს ახალი მითითებების თანახმად ღვთის თაყვანისცემა გაუჭირდა, ზოგს კი — ძველი ჩვეულებების ბოლომდე მიტოვება. მოციქულმა პავლემ საჭიროდ ჩათვალა, შეეხსენებინა მათთვის, რომ ქრისტიანებს ერთი ღმერთი, იეჰოვა ჰყავდათ. რა მდგომარეობაა დღეს ქრისტიანულ კრებაში? ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ყველა ერიდან გამოსული ხალხი გაერთიანდებოდა იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. ისინი იტყოდნენ: „[იეჰოვა] გვასწავლის თავის გზებს და ჩვენც ვივლით მისი ბილიკებით“ (ეს. 2:2, 3). რა ბედნიერები ვართ, რომ ეს წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ სრულდება! შედეგად, მრავალ კრებაში სხვადასხვა რასის, კულტურისა თუ ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლები განადიდებენ იეჰოვას. w16.06 3:15, 16
კვირა, 9 დეკემბერი
ერთად აღგვადგინა და დაგვსხა ზეცაში ქრისტე იესოსთან ერთობაში (ეფეს. 2:6).
რთულია იმის წარმოდგენა, თუ რა მოამზადა იეჰოვამ ცხებული ქრისტიანებისთვის, როცა ისინი ზეცაში დასხდებიან ტახტებზე, რათა ქრისტესთან ერთად იმმართველონ (ლუკ. 22:28—30; ფილ. 3:20, 21; 1 იოან. 3:2). მათგან შეიქმნება „ახალი იერუსალიმი“, ქრისტეს პატარძალი (გამოცხ. 3:12; 17:14; 21:2, 9, 10). ისინი იესოსთან ერთად განკურნავენ ხალხებს — მორჩილ ადამიანებს ცოდვისა და სიკვდილის მარწუხებისგან გათავისუფლებაში დაეხმარებიან და სრულყოფილებამდე მიიყვანენ მათ (გამოცხ. 22:1, 2, 17). დედამიწაზე იეჰოვას წყალობის უდიდესი გამოვლინება ადამიანთა მკვდრეთით აღდგენა იქნება (იობ. 14:13—15; იოან. 5:28, 29). ის ერთგული მამაკაცები და ქალები, რომლებიც ქრისტეს მიერ გამოსასყიდის გაღებამდე დაიხოცნენ, და „სხვა ცხვარი“, რომლებიც ქვეყნიერების ბოლო დღეებში სიკვდილამდე ერთგულები რჩებიან, გაცოცხლდებიან და კვლავაც გააგრძელებენ იეჰოვას მსახურებას (იოან. 10:16). w16.07 4:13—15
ორშაბათი, 10 დეკემბერი
ასეთ დროს გძინავთ და ისვენებთ! (მარ. 14:41)
სულიერი სიფხიზლის შესანარჩუნებლად მხოლოდ სურვილი არ კმარა. გეთსემანეს ბაღში მომხდარ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ იმავე მოწაფეებს მოუწოდა, შევედრებოდნენ იეჰოვას (ლუკ. 21:36). აქედან ჩანს, რომ სულიერი სიფხიზლისთვის აუცილებელია ლოცვაში სიფხიზლის შენარჩუნება (1 პეტ. 4:7). იესომ გაგვაფრთხილა, რომ აღსასრული სწორედ მაშინ დადგებოდა, „რომელ საათზეც“ არ ვიფიქრებდით. ამიტომ ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ სულიერად ჩავთვლიმოთ და ავყვეთ სატანისა და მისი ქვეყნიერების მიერ შექმნილ ილუზიებსა თუ ფანტაზიებს, რომლებიც არასრულყოფილი ადამიანებისთვის მიმზიდველია (მათ. 24:44). ბიბლიის მეშვეობით ღმერთი და იესო ქრისტე გვამცნობენ, რა მოგვიმზადეს ახლო მომავლისთვის და როგორ შეგვიძლია სიფხიზლის შენარჩუნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ სულიერობაზე, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობასა და სამეფოს ინტერესებზე; უნდა გავაცნობიეროთ, რა დროში ვცხოვრობთ და რა მოვლენების მოწმენი ვართ, რათა მომზადებულები შევხვდეთ მომავალს (გამოცხ. 22:20). ჩვენი სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული! w16.07 2:15—17
სამშაბათი, 11 დეკემბერი
მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).
ცოლქმრული კავშირი მაშინ არის მტკიცე, როცა ორივე ითვალისწინებს ერთმანეთის სისუსტეებს. ისინი უთმენენ და მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს. შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ამიტომ მათ შეუძლიათ ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, იყვნენ მიმტევებლები და „გამაერთიანებელ სრულყოფილ კავშირად“ სიყვარული აქციონ (კოლ. 3:14). „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . განაწყენებას არ ითვლის“ (1 კორ. 13:4, 5). გაუგებრობები რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვარდეს. ქრისტიანი წყვილი უნდა ეცადოს, ნებისმიერი უთანხმოება მზის ჩასვლამდე მოაგვაროს (ეფეს. 4:26, 27). მობოდიშება თავმდაბლობასა და გაბედულებას მოითხოვს, მაგრამ თუნდაც ისეთი სიტყვები, როგორიცაა, „მაპატიე, რომ გული გატკინე“, გააადვილებს პრობლემის მოგვარებას და წყვილს უფრო მეტად დააახლოებს ერთმანეთთან. w16.08 2:6
ოთხშაბათი, 12 დეკემბერი
კარგ დარიგებას მოგცემთ (იგავ. 4:2).
სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იესოსთვის უმთავრესი დავალება იყო. თუმცა ის დროს იმისთვისაც გამოყოფდა, რომ სხვები მწყემსებად და მასწავლებლებად მოემზადებინა (მათ. 10:5—7). მიუხედავად იმისა, რომ ფილიპე სასიხარულო ცნობის ქადაგებით იყო დაკავებული, ეჭვგარეშეა, ის ეხმარებოდა თავის ოთხ ქალიშვილს, ბიბლიური ჭეშმარიტების დახელოვნებული მქადაგებლები ყოფილიყვნენ (საქ. 21:8, 9). დღეს რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი მომზადება? მთელ მსოფლიოში იზრდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სასიხარულო ცნობას ეხმაურება. ახლებმა, რომლებიც ჯერ არ არიან მონათლულები, უნდა იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ბიბლიის პირადად კვლევა. მათ აგრეთვე უნდა ისწავლონ, როგორ გაუზიარონ სხვებს სასიხარულო ცნობა და როგორ შეასწავლონ მათ ჭეშმარიტება. უნდა წავახალისოთ ძმები, რომ ისწრაფონ კრებაში მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისკენ. მოწიფულ ქრისტიანებს შეუძლიათ, რჩევა-დარიგება მისცენ ახლებს და მათ სულიერ წინსვლაში დაეხმარონ. w16.08 4:1, 2
ხუთშაბათი, 13 დეკემბერი
გაიძლიერეთ სუსტი ხელები, გაიმაგრეთ აკანკალებული მუხლები! (ეს. 35:3)
სულიერ და-ძმებთან მხარდამხარ მსახურება ხელს უწყობს ერთიანობას. ამ დროს ვივითარებთ ურყევ მეგობრობას და მეტად ვრწმუნდებით, რომ ღვთის სამეფო კურთხევებს მოგვიტანს. როცა სხვებს ხელებს ვუმაგრებთ, ვეხმარებით, რომ არ შეეპუონ პრობლემებს, შეინარჩუნონ დადებითი განწყობა და იმედის თვალით უყურონ მომავალს (ეს. 35:4). უფრო მეტიც, ეს ჩვენც გვეხმარება, შევინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის დანაპირები რეალობად იქცევა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარად საკუთარ ხელებსაც ვამაგრებთ. იმაზე ფიქრმა, თუ როგორ ედგა ადრე იეჰოვა მხარში თავის ერთგულ მსახურებს და როგორ დაიცვა ისინი, მისადმი რწმენა და ნდობა უნდა განგვიმტკიცოს. ამიტომ ნუ ჩამოუშვებთ ხელებს პრობლემების დროს! (სოფ. 3:16). პირიქით, ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და საშუალება მიეცით მის ძლიერ მარჯვენას, გაგაძლიეროთ და ღვთის სამეფოს კურთხევებისკენ წაგიძღვეთ (ფსალმ. 73:23, 24). w16.09 1:16—18
პარასკევი, 14 დეკემბერი
ყველა საქმეს და ყველანაირ სამუშაოს თავისი დრო აქვს (ეკლ. 3:17).
ტანსაცმლის არჩევისას ღვთის მსახურები მხედველობაში ვიღებთ ზემოთ მოცემულ ფაქტს. ცხადია, კლიმატი, წელიწადის დროები და სხვადასხვა გარემო გავლენას მოახდენს ჩვენს ჩაცმულობაზე. მაგრამ იეჰოვას ნორმები ამინდივით ცვალებადი არ არის (მალ. 3:6). განსაკუთრებით იქ, სადაც შედარებით თბილი კლიმატია, შეიძლება რთული იყოს, ყოველთვის ღირსეულად და წესიერად გვეცვას. თუმცა და-ძმები ძალიან აფასებენ, როცა არ ვიცვამთ ისეთ მოტკეცილ ან განიერ ტანსაცმელს, რომელიც სხეულის სხვადასხვა ნაწილს გამოაჩენდა (იობ. 31:1). მაშინაც კი, როცა პლაჟზე ან საცურაო აუზთან ვართ, ჩვენი საცურაო კოსტიუმი მოკრძალებული უნდა იყოს (იგავ. 11:2, 20). შესაძლოა, ქვეყნიერებაში ბევრს ისეთი საცურაო კოსტიუმი აცვია, რომელიც თითქმის არაფერს ფარავს, მაგრამ იეჰოვას მსახურებს გვსურს, რომ ამ საკითხშიც განვადიდოთ წმინდა ღმერთი, რომელიც გვიყვარს. w16.09 3:11, 12
შაბათი, 15 დეკემბერი
თქვენ რას იტყვით, ვინა ვარ? (მათ. 16:15)
იესოს არ ერიდებოდა, თავისი მიმდევრებისთვის ეკითხა, რა სწამდათ. მიჰბაძეთ მას! კარგი იქნება, თუ მშვიდ გარემოში სთხოვთ შვილებს, თავიანთი გრძნობები და აზრები გაგიზიარონ. თუ ბავშვს რომელიმე სწავლებაში ეჭვი ეპარება, ნუ გექნებათ მძაფრი რეაქცია ან თავდაცვაზე ნუ გადახვალთ. მოთმინებით დაეხმარეთ მას, იმსჯელოს ამ საკითხზე. სინამდვილეში, კარგი იქნება, თუ შვილის გულწრფელ კითხვებში დაინახავთ, რომ მისთვის სულერთი არ არის წამოჭრილი საკითხი და სურს, ჩასწვდეს მას. 12 წლის იესოც სვამდა სერიოზულ კითხვებს (ლუკ. 2:46). კარგად გაეცანით შვილებს. გაიგეთ, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და რა აწუხებთ. თუ ისინი კრებებს ესწრებიან და თქვენთან ერთად მსახურობენ, ნუ დაასკვნით, რომ რწმენა აქვთ. ესაუბრეთ შვილებს სულიერ საკითხებზე ყოველდღიური საქმეების კეთების დროს. ილოცეთ მათთან ერთად და მათთვის. შეეცადეთ, ამოიცნოთ სიტუაციები, რომლებიც სცდის მათ რწმენას და მათთან გამკლავებაში დაეხმარეთ. w16.09 5:3—5
კვირა, 16 დეკემბერი
ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი (მათ. 5:3).
დღეს ათასობით იეჰოვას მოწმეს დიდი წვლილი შეაქვს იმ წინასწარმეტყველური ხილვის შესრულებაში, რომლის თანახმადაც სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს „ყოველ ერს, ტომს, ენასა და ხალხს“ (გამოცხ. 14:6). თქვენც ხომ არ სწავლობთ უცხო ენას? იქნებ მისიონერი ხართ, გადასული ხართ ისეთ ქვეყანაში, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ან ესწრებით უცხოენოვანი კრების შეხვედრებს საკუთარ ქვეყანაში? თითოეულმა ღვთის მსახურმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ თუ ოჯახის სულიერ მდგომარეობას. თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო ზოგჯერ შეიძლება რთული იყოს ნაყოფიერი პირადი შესწავლის ჩატარება. ამასთანავე, ისინი, ვინც უცხოენოვან ტერიტორიაზე მსახურობენ, სხვა სირთულეებსაც ხვდებიან. უცხო ენის სწავლასთან ერთად მათ იმაზეც უნდა იზრუნონ, რომ რეგულარულად მიიღონ მაგარი სულიერი საზრდო (1 კორ. 2:10). w16.10 2:1—3
ორშაბათი, 17 დეკემბერი
ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება (მათ. 26:52).
ძლიერი და ხანგრძლივი დევნის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები არ კარგავენ სიხარულსა და იმედს. მაგალითად, ერიტრეაში, სამხრეთ კორეასა და სინგაპურში ბევრი ჩვენი და-ძმა ძირითადად დაპატიმრებულია იმის გამო, რომ იესოს მითითებისამებრ ნეიტრალიტეტს იცავენ. იეჰოვას მსახურთა უმეტესობას სასტიკი დევნის ატანა არ უწევს. მათი რწმენა სხვანაირად იცდება. ბევრი სიღარიბეში ცხოვრობს ან სამოქალაქო ომებმა თუ სტიქიურმა უბედურებამ დააზარალა. სხვებმა მოსეს და პატრიარქების მსგავსად უარი თქვეს უზრუნველ ცხოვრებასა და ქვეყნიურ დიდებაზე. ისინი მთელი ძალით ცდილობენ, არ გაებან მატერიალიზმისა თუ ეგოიზმის მახეში. ამაში მათ ეხმარება იეჰოვას სიყვარული და მისი დანაპირებისადმი მტკიცე რწმენა, რომ ბოლოს მოუღებს უსამართლობას და თავის ერთგულ მსახურთ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული სიცოცხლით დააჯილდოებს (ფსალმ. 37:5, 7, 9, 29). w16.10 3:15, 16
სამშაბათი, 18 დეკემბერი
იეჰოვა ახლოს არის გულმოდრეკილებთან და სულგამწარებულებს იხსნის (ფსალმ. 34:18).
როდესაც იერემია შეშინებული და გულგატეხილი იყო, იეჰოვამ ამ ერთგულ წინასწარმეტყველს თვითრწმენა შეჰმატა (იერ. 1:6—10). მოხუცი წინასწარმეტყველი დანიელი, ალბათ, ძალიან გამხნევდა, როცა იეჰოვას მიერ გაგზავნილმა ანგელოზმა განამტკიცა და უთხრა, რომ „ძვირფასი ადამიანი“ იყო (დან. 10:8, 11, 18, 19). შეგიძლიათ მსგავსად გაამხნეოთ მაუწყებლები, პიონერები და ხანში შესული დაუძლურებული და-ძმები? მიუხედავად იმისა, რომ თავის საყვარელ ძესთან ერთად უთვალავი წლის მანძილზე შრომობდა, ღმერთს არ უფიქრია, რომ იესოს დედამიწაზე არ სჭირდებოდა შექება და გამხნევება. პირიქით, იესოს გასაგონად მან ორჯერ თქვა ზეციდან: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17; 17:5). ამგვარად მან შეაქო იესო და დაარწმუნა, რომ იწონებდა. ამასთანავე, იეჰოვამ ანგელოზი გაგზავნა, რომ სიკვდილის წინა ღამეს ტანჯვაში მყოფი იესო განემტკიცებინა (ლუკ. 22:43). w16.11 1:7, 8
ოთხშაბათი, 19 დეკემბერი
ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას (ეკლ. 7:9).
ემოციების გაკონტროლება ადვილი არ არის, როცა არაფრად გვაგდებენ ან უსამართლოდ გვეპყრობიან. წარმოშობის, კანის ფერის ან გარეგნობის გამო ცუდად მოპყრობამ შეიძლება ემოციური ზიანი მოგვაყენოს. ეს უფრო მტკივნეული ხდება, როცა მსგავს დამოკიდებულებას თანაქრისტიანის მხრიდან ვგრძნობთ! რამდენად გონივრულია, გავითვალისწინოთ ბიბლიის რჩევა, რომ გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები და მალევე არ გავნაწყენდეთ! (იგავ. 16:32). უეჭველია, თითოეული უნდა ვეცადოთ, რომ ნაკლებად მგრძნობიარენი ვიყოთ და მეტად ვაპატიოთ სხვებს. იეჰოვასთვის და იესოსთვის პატიება უმნიშვნელო საკითხი არ არის (მათ. 6:14, 15). თქვენც ხომ არ გმართებთ, რომ უფრო მიმტევებლები გახდეთ ან მეტად გააკონტროლოთ ემოციები? ადამიანი, რომელიც არ აკონტროლებს თავის ემოციებს, ხშირად ბოღმიანი ხდება. შედეგად, სხვები შეიძლება მოერიდონ მასთან ურთიერთობას. ასეთი ადამიანი ცუდ გავლენას ახდენს კრებაზე (ლევ. 19:17, 18). w16.11 3:4—6
ხუთშაბათი, 20 დეკემბერი
რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან? (2 კორ. 6:14)
მე-19 საუკუნის მიწურულს ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოწყურებულმა ჩარლზ ტეიზ რასელმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად დაიწყო ბიბლიის სისტემატური შესწავლა. თავიდან ძმა რასელის მიზანი იყო, გაერკვია, რომელი რელიგია ასწავლიდა ჭეშმარიტებას. მან გულდასმით შეადარა ბიბლიას სხვადასხვა რელიგიის სწავლებები, მათ შორის არაქრისტიანული რელიგიების სწავლებებიც. ის მალევე მიხვდა, რომ ღვთის სიტყვას არც ერთი რელიგია არ ეთანხმებოდა ბოლომდე. რასელი შეხვდა სხვადასხვა ეკლესიის სასულიერო პირებს იმ იმედით, რომ ისინიც გაიზიარებდნენ და თავიანთ მრევლსაც ასწავლიდნენ იმ ჭეშმარიტებას, რომელიც მან თავის თანამოაზრეებთან ერთად აღმოაჩინა ბიბლიაში. სასულიერო პირებს დიდი ინტერესი არ გამოუვლენიათ. ბიბლიის მკვლევრები მიხვდნენ, რომ ისინი ვერ ითანამშრომლებდნენ მათთან, ვისაც ცრუ რელიგიაში დარჩენა უნდოდა. w16.11 4:14
პარასკევი, 21 დეკემბერი
დაუმონეთ თქვენი სხეულის ნაწილები სიმართლეს სიწმინდისთვის (რომ. 6:19).
ღვთის წყალობისთვის მადლიერება უფრო მეტს მოიცავს, ვიდრე მრუშობისგან, ლოთობისა თუ სხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას, რომელთაც ზოგიერთი კორინთელი სჩადიოდა (1 კორ. 6:9—11). ღვთის წყალობის მიღება ნიშნავს, რომ უზნეობისთვის თავის არიდებასთან ერთად უნდა ვებრძოლოთ უხამსობით გართობის სურვილს. თუ გვსურს, რომ ჩვენი სხეულის ნაწილები სიმართლეს დავუმონოთ, არა მხოლოდ ლოთობისგან უნდა შევიკავოთ თავი, არამედ ზომაზე მეტის დალევისგანაც. ასეთ ცუდ ჩვევებთან ბრძოლა შეიძლება დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს, თუმცა ამ ბრძოლის მოგება შესაძლებელია. მიზნად უნდა გვქონდეს, რომ მძიმე ცოდვებთან ერთად მოვერიდოთ ერთი შეხედვით არცთუ ისე სერიოზულ ცოდვებს. მიუხედავად იმისა, რომ ამას სრულყოფილად ვერ შევძლებთ, პავლეს მსგავსად მცდელობა არ უნდა დავაკლოთ. მან თანაქრისტიანებს მოუწოდა: „ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში და ნუ დაემორჩილებით მის სურვილებს“ (რომ. 6:12; 7:18—20). w16.12 1:16, 19—21
შაბათი, 22 დეკემბერი
სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება (გალ. 5:22, 23).
იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, რომ ზეციერი მამა აუცილებლად მისცემდა წმინდა სულს ყველას, ვინც სთხოვდა (ლუკ. 11:10—13). წმინდა სული წარმოშობს სულის ნაყოფს. ღვთის მოქმედი ძალით წარმოშობილი დადებითი თვისებები ყოვლისშემძლე ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილია (კოლ. 3:10). რაც უფრო განივითარებთ სულის ნაყოფში შემავალ თვისებებს, მით უფრო გაუმჯობესდება სხვებთან თქვენი ურთიერთობა. შედეგად, ნაკლებად გექნებათ წუხილის გამომწვევი სიტუაციები. ცხადია, თავმდაბლობა გჭირდებათ, რომ დაემორჩილოთ „ღვთის ძლევამოსილ ხელს“ და „ყველა თქვენი საწუხარი“ მას მიანდოთ (1 პეტ. 5:6, 7). მაგრამ, თუ განივითარებთ თავმდაბლობას, ღვთის მოწონებას დაიმსახურებთ და ის ამოგიდგებათ მხარში (მიქ. 6:8). თუ რეალისტურად შეაფასებთ თქვენს ფიზიკურ, გონებრივ და ემოციურ შესაძლებლობებს და ღმერთზე იქნებით დაიმედებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ წუხილმა მოგიცვათ. w16.12 3:7, 12
კვირა, 23 დეკემბერი
[ნოე იყო] სიმართლის მქადაგებელი (2 პეტ. 2:5).
ნოე, როგორც „სიმართლის მქადაგებელი“, ერთგულად აცხადებდა ღვთისგან მიღებულ გამაფრთხილებელ ცნობას. უეჭველია, ეს დაეხმარა ნოეს, რომ ძლიერი რწმენა შეენარჩუნებინა. გარდა იმისა, რომ ქადაგებდა, ის თავის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებსაც იყენებდა ღვთისგან მიცემული სხვა დავალების შესასრულებლად, ანუ კიდობნის ასაშენებლად (ებრ. 11:7). ნოეს მსგავსად, ჩვენც ვცდილობთ, ბევრი ვიშრომოთ „უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). ეს შეიძლება იყოს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობების აგება და შეკეთება, კონგრესებზე მოხალისედ მსახურება ან ფილიალსა თუ მთარგმნელობით ოფისში სხვადასხვა დავალების შესრულება. რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაკავებული ვართ სამქადაგებლო საქმიანობით და ვიცით, რომ ის მომავლის იმედს გვიძლიერებს. სამქადაგებლო საქმიანობა გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არ შევწყვიტოთ სიცოცხლისთვის რბოლა (1 კორ. 9:24). w17.01 1:8, 9
ორშაბათი, 24 დეკემბერი
თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).
ჩვენი თავისუფლებისთვის დადგენილი ერთ-ერთი შეზღუდვა ის არის, რომ პატივი უნდა ვცეთ სხვების უფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. ვინაიდან ყველანი ნების თავისუფლებით ვსარგებლობთ, შეუძლებელია, ქრისტიანებმა ყოველთვის ერთნაირი გადაწყვეტილებები მიიღონ. ეს ასეა თაყვანისცემასა თუ ჩვენს ქცევასთან დაკავშირებულ საკითხებშიც. თუ ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ქრისტიანი „თავის სატარებელს ატარებს“, პატივისცემით მოვეკიდებით მათ ნების თავისუფლებას, მათ შორის მათ უფლებას თავად გადაწყვიტონ ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხებიც კი (1 კორ. 10:32, 33). იეჰოვამ ნების თავისუფლებასთან ერთად ჭეშმარიტი თავისუფლება გვიბოძა (2 კორ. 3:17). ჩვენ ვაფასებთ ამ ძღვენს, რადგან შეგვიძლია ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, საიდანაც ჩანს, რამდენად გვიყვარს იეჰოვა. მოდი ეს ძღვენი ყოველთვის ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ და პატივი ვცეთ სხვების ნების თავისუფლებას! w17.01 2:15, 17, 18
სამშაბათი, 25 დეკემბერი
ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ (იოან. 8:28).
ჩვენ სხვების გულს „სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ მოვიგებთ და არა ტრაბახითა თუ საკუთარ თავზე ზედმეტი ყურადღების მიქცევით (1 პეტ. 3:3, 4; იერ. 9:23, 24). გულში დაბუდებული პატივმოყვარეობა საბოლოოდ საქციელში გამოვლინდება. მაგალითად, შეიძლება გადაკვრით ვახსენოთ, რომ პრივილეგიებით ვსარგებლობთ, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვფლობთ ან პასუხისმგებელ ძმებთან ახლოს ვართ. შეიძლება ისე წარმოვაჩინოთ საქმე, თითქოს რაიმე იდეის ავტორები ვართ ან მიღწეული წარმატება ჩვენი დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ამაში სხვებმაც შეიტანეს წვლილი. უნდა გვახსოვდეს იესოს შესანიშნავი მაგალითი. ბევრი რამ, რაც მან თქვა, ან აზრი იყო ებრაული წერილებიდან, ან პირდაპირი ციტატა. თავისი მოკრძალებული საუბრით ის მსმენელებს ახვედრებდა, რომ ყველაფერი, რასაც ამბობდა, იეჰოვას დამსახურება იყო და არა მისი გონიერებისა თუ სიბრძნის დამსახურება. w17.01 4:12
ოთხშაბათი, 26 დეკემბერი
სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო (დაბ. 2:17).
ამ კანონის გაგება ადამისა და ევასთვის რთული არ იქნებოდა. მათ არც მისი დაცვა გაუჭირდებოდათ, რადგან იმაზე მეტი საკვები ჰქონდათ, ვიდრე სჭირდებოდათ. სატანა ეშმაკმა შეცდომაში შეიყვანა ევა გველის მეშვეობით და თავისი მამის, იეჰოვას დაუმორჩილებლობისკენ უბიძგა (დაბ. 3:1—5; გამოცხ. 12:9). სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ის ფაქტი, რომ ღვთის მიწიერ შვილებს „ბაღის ყველა ხიდან“ არ შეეძლოთ ნაყოფის ჭამა. ფაქტობრივად, მან იკითხა: „მართლა არ შეგიძლიათ იმის გაკეთება, რაც გინდათ?!“. შემდეგ უტიფრად იცრუა: „არა, არ მოკვდებით“. ის შეეცადა, დაერწმუნებინა ევა, რომ აუცილებელი არ იყო, ღვთისთვის დაეჯერებინა, და უთხრა: „იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ“. სატანა გადაკვრით ამბობდა, რომ იეჰოვას არ სურდა, მათ ნაყოფი ეგემათ და გონება გახსნოდათ. შემდეგ სატანამ ცრუ დაპირება მისცა მათ: „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“. w17.02 1:8, 9
ხუთშაბათი, 27 დეკემბერი
იეჰოვა, შენი ღმერთი შენგან, შენი ძმებიდან, მოგივლენს ჩემნაირ წინასწარმეტყველს — მას უსმინეთ (კან. 18:15).
ესაიამ მასზე იწინასწარმეტყველა, რომ ის იქნებოდა „წინამძღოლი და მეთაური“ (ეს. 55:4). ღვთის შთაგონებით დანიელმა დაწერა „მესიის, წინამძღოლის“ გამოჩენის შესახებ (დან. 9:25). ბოლოს იესო ქრისტემ ცხადყო, რომ ის იყო ღვთის ხალხის წინამძღოლი (მათ. 23:10). იესოს მოწაფეები სიხარულით მიჰყვებოდნენ მას და ადასტურებდნენ, რომ ის იყო იეჰოვას რჩეული (იოან. 6:68, 69). რამ დაარწმუნა ისინი ამაში? იესოს ნათლობის დროს იოანე ნათლისმცემელმა დაინახა, რომ „ცა გაიხსნა და სული მტრედის სახით ეშვებოდა მასზე“ (მარ. 1:10—12). დედამიწაზე მსახურების დროს იესო ღვთის წმინდა სულის დახმარებით ახდენდა სასწაულებს და ასწავლიდა, როგორც ძალაუფლების მქონე (საქ. 10:38). ამასთანავე, წმინდა სული დაეხმარა მას, გამოევლინა სულის ნაყოფისთვის დამახასიათებელი თვისებები — სიყვარული, სიხარული და ურყევი რწმენა (იოან. 15:9; ებრ. 12:2). სხვა არც ერთ წინამძღოლს არ ჰქონდა წმინდა სულისგან ასეთი აშკარა მოწმობა. ეჭვგარეშეა, იესო იეჰოვას რჩეული იყო. w17.02 3:15, 16
პარასკევი, 28 დეკემბერი
გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:7).
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მოციქულებმა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელობა იკისრეს. ამ დღეს „წამოდგა პეტრე თერთმეტთან ერთად“ და იუდეველებისა და პროზელიტებისგან შემდგარ დიდძალ ხალხს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება გადასცა (საქ. 2:14, 15). მსმენელთაგან ბევრმა ირწმუნა. იმ დღიდან მოყოლებული ეს ახალმოქცეული ქრისტიანები „მოციქულებისგან გამუდმებით სწავლობდნენ“ (საქ. 2:42). კრების ფინანსებსაც მოციქულები განაგებდნენ (საქ. 4:34, 35). ისინი ზრუნავდნენ ღვთის ხალხის სულიერ მოთხოვნილებებზე, როგორც ეს მათი სიტყვებიდან ჩანს: „ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას უნდა მივუძღვნათ თავი“ (საქ. 6:4). ამასთანავე, ისინი ახალ ტერიტორიებზე სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად გამოცდილ ქრისტიანებს ნიშნავდნენ (საქ. 8:14, 15). დროთა განმავლობაში მოციქულებთან ერთად ქრისტიანულ კრებებს სხვა ცხებული უხუცესებიც უწევდნენ ხელმძღვანელობას. როგორც ხელმძღვანელი საბჭო, ისინი ყველა კრებას აძლევდნენ მითითებებს (საქ. 15:2). w17.02 4:4
შაბათი, 29 დეკემბერი
ვისაც რა ეკუთვნის, ის მიეცით: ვისაც პატივი — პატივი (რომ. 13:7).
სატანის ქვეყნიერების სული დიდ გავლენას ახდენს არასრულყოფილი ადამიანების უმეტესობაზე. ამიტომ ისინი მიდრეკილნი არიან, უბრალო პატივისცემის ნაცვლად გააკერპონ ზოგიერთი ადამიანი. ისინი უზომოდ განადიდებენ რელიგიურ და პოლიტიკურ ლიდერებს, სპორტსმენებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებსა თუ სხვა ეგრეთ წოდებულ ვარსკვლავებს და ხშირ შემთხვევაში აღმერთებენ მათ. შედეგად, ახალგაზრდები თუ უფროსი ასაკის ადამიანები ასეთებს მისაბაძ მაგალითებად მიიჩნევენ და შესაძლოა მათ მანერებში, ჩაცმულობასა და ქცევაში ჰბაძავენ. ჭეშმარიტ ქრისტიანებს არა აქვთ სხვების პატივისცემისადმი ასეთი დამახინჯებული შეხედულება. იესო ქრისტე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც სრულყოფილ მისაბაძ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ (1 პეტ. 2:21). ღვთის მოწონებას ვერ დავიმსახურებთ, თუ ადამიანებს იმაზე მეტ პატივს მივაგებთ, ვიდრე ეკუთვნით. არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება: „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23). აშკარაა, არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს გაკერპებამდე პატივისცემას. w17.03 1:6—8
კვირა, 30 დეკემბერი
ასა მთელი გულით იყო იეჰოვასთან მთელი სიცოცხლე (1 მეფ. 15:14).
თითოეულმა უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, ვართ თუ არა მთელი გულით ღმერთთან. ჰკითხეთ საკუთარ თავს: მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, იეჰოვას მოსაწონად მოვიქცე, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს ვიდგე და ღვთის ხალხი ნებისმიერი გამხრწნელი გავლენისგან დავიცვა? მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ თქვენთვის ახლობელი ადამიანი კრებიდან გაირიცხება? დაიცავთ მტკიცე პოზიციას და შეწყვეტთ მასთან ურთიერთობას? რისკენ გიბიძგებთ გული? ასას მსგავსად თქვენც შეგიძლიათ ცხადყოთ, რომ მთელი გულით ხართ ღმერთთან, როცა ერთი შეხედვით დაუძლეველი წინააღმდეგობის დროსაც კი ბოლომდე ენდობით მას. შესაძლოა სკოლაში მასხრად გიგდებენ ან გავიწროებენ იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმე ხართ, ან შესაძლოა თანამშრომლები დაგცინიან, რადგან შვებულებას იღებთ, რომ სულიერ საქმეებში მონაწილეობა მიიღოთ ან უარს ამბობთ დამატებით სამუშაო საათებზე. ასეთ სიტუაციებში, ასას მსგავსად, ღმერთს მიმართეთ ლოცვით (2 მატ. 14:11). მტკიცედ დაიცავით ის, რაც იცით, რომ სწორი და გონივრულია. გახსოვდეთ, ღმერთმა განამტკიცა ასა და მხარში ამოუდგა მას. ის თქვენც გაგაძლიერებთ! w17.03 3:6—8
ორშაბათი, 31 დეკემბერი
მოჩქარე . . . სიდუხჭირეში იქნება (იგავ. 21:5).
ღვთის სიტყვა გვირჩევს, ნაჩქარევად არ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. უფრო დიდი ალბათობაა, რომ სწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუ შევეცდებით გულდასმით ავწონ-დავწონოთ ყველაფერი, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას უკავშირდება (1 თეს. 5:21). გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახისთავმა დრო უნდა გამოყოს ღვთის სიტყვისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოსაკვლევად. მან უნდა გაითვალისწინოს ოჯახის წევრების აზრიც. გაიხსენეთ, რომ ღმერთმა აბრაამს უთხრა, გაეთვალისწინებინა ცოლის ნათქვამი (დაბ. 21:9—12). უხუცესებმაც უნდა გამოყონ დრო გამოკვლევისთვის. გონიერება და თავმდაბლობა დაეხმარება მათ, არ ჰქონდეთ შიში, რომ სხვების პატივისცემას დაკარგავენ, თუ მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღმოჩენის შემდეგ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლიან. ისინი მზად უნდა იყვნენ, საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ თავიანთი თვალსაზრისი და გადაწყვეტილება. ასე მოქცევა ყველას გვმართებს. ეს კრებაში წესრიგსა და მშვიდობას შეუწყობს ხელს (საქ. 6:1—4). w17.03 2:16