საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 7-17
  • იანვარი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იანვარი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • სამშაბათი, 1 იანვარი
  • ოთხშაბათი, 2 იანვარი
  • ხუთშაბათი, 3 იანვარი
  • პარასკევი, 4 იანვარი
  • შაბათი, 5 იანვარი
  • კვირა, 6 იანვარი
  • ორშაბათი, 7 იანვარი
  • სამშაბათი, 8 იანვარი
  • ოთხშაბათი, 9 იანვარი
  • ხუთშაბათი, 10 იანვარი
  • პარასკევი, 11 იანვარი
  • შაბათი, 12 იანვარი
  • კვირა, 13 იანვარი
  • ორშაბათი, 14 იანვარი
  • სამშაბათი, 15 იანვარი
  • ოთხშაბათი, 16 იანვარი
  • ხუთშაბათი, 17 იანვარი
  • პარასკევი, 18 იანვარი
  • შაბათი, 19 იანვარი
  • კვირა, 20 იანვარი
  • ორშაბათი, 21 იანვარი
  • სამშაბათი, 22 იანვარი
  • ოთხშაბათი, 23 იანვარი
  • ხუთშაბათი, 24 იანვარი
  • პარასკევი, 25 იანვარი
  • შაბათი, 26 იანვარი
  • კვირა, 27 იანვარი
  • ორშაბათი, 28 იანვარი
  • სამშაბათი, 29 იანვარი
  • ოთხშაბათი, 30 იანვარი
  • ხუთშაბათი, 31 იანვარი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 7-17

იანვარი

სამშაბათი, 1 იანვარი

ბოროტმოქმედებს არ ესმით სამართალი (იგავ. 28:5).

„ბალახივით აღმოცენდებიან ბოროტნი“ (ფსალმ. 92:7). ამ სიტყვების შესრულება ბოლო დღეების მიწურულს უფრო აშკარა ხდება. ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ზნეობრივი ნორმები უფრო და უფრო კნინდება. როგორ შეგვიძლია ასეთ გარემოში „ბოროტებისთვის . . . ჩვილები [ვიყოთ], აზროვნებით კი — ზრდადასრულებულები“? (1 კორ. 14:20). პასუხს დღევანდელ მუხლში ვკითხულობთ: „იეჰოვას მაძიებლებს ყველაფერი ესმით“, ანუ ყველაფერი იციან, რაც საჭიროა, რომ მას ასიამოვნონ. მსგავსი აზრია გამოხატული იგავების 2:7, 9-ში, სადაც ნათქვამია, რომ იეჰოვა „მართლებს უნახავს სიბრძნეს“. შედეგად, მათ შეუძლიათ გაიგონ, „რა არის სიმართლე, სამართლიანობა და პატიოსნება — ყოველივე ის, რაც კარგია“. ნოეს, დანიელსა და იობს სწორედ ასეთი სიბრძნე ჰქონდათ (ეზეკ. 14:14). იმავეს თქმა შეიძლება დღეს ღვთის ხალხზეც. მაგრამ რის თქმა შეიძლება თქვენზე? გესმით ყველაფერი, რაც აუცილებელია, რომ იეჰოვას მოსაწონად მოიქცეთ? ამისთვის საჭიროა, საფუძვლიანი ცოდნა მიიღოთ მის შესახებ. w18.02 8 ¶1—3

ოთხშაბათი, 2 იანვარი

უფალ იესოს სახელით მოინათლნენ (საქ. 19:5).

ბიბლიის შემსწავლელს ნათლობა არავინ უნდა დააძალოს — არც მშობლებმა, არც მასწავლებელმა და არც კრების წევრებმა. იეჰოვა ასე არ იქცევა (1 იოან. 4:8). პირიქით, ბიბლიის შემსწავლელებს უნდა დავანახვოთ, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან პირადი ურთიერთობის განვითარება. ადამიანი ნათლობისკენ ჭეშმარიტებისადმი მადლიერებამ და იმის ძლიერმა სურვილმა უნდა აღძრას, რომ დაიდგას ქრისტეს მოწაფეობის უღელი (2 კორ. 5:14, 15). ნათლობისთვის ასაკი განსაზღვრული არ არის. თითოეული ბიბლიის შემსწავლელი სხვადასხვა ტემპით მიიწევს წინ სულიერად. ნათლობა სასიხარულო მოვლენაა. თუმცა ამ დროს მიძღვნისა და ნათლობის მნიშვნელობაზე ღრმად უნდა დავფიქრდეთ. მიძღვნის თანახმად ცხოვრება დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სწორედ ამიტომ შეადარა იესომ მისი მოწაფეობა უღელს. იესოს მიმდევრებმა „თავიანთთვის კი აღარ [უნდა] იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორ. 5:15; მათ. 16:24). w18.03 6, 7 ¶14—17

ხუთშაბათი, 3 იანვარი

ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას, რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ (ებრ. 13:2).

შეგიკავებიათ თავი სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან? თუ ასეა, შესაძლოა ხელიდან გაუშვით და-ძმებთან სასიამოვნო ურთიერთობისა და მათთან დამეგობრების შესაძლებლობა. მარტოობის დაძლევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტუმართმოყვარეობის გამოჩენაა. თუმცა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ იკავებს ზოგი თავს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისგან? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი ის არის, რომ იეჰოვას მსახურები საკმაოდ დაკავებულები არიან და ხშირად ბევრი ვალდებულება აკისრიათ. ზოგი ფიქრობს, რომ სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად არც დრო აქვს და არც ენერგია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, კარგი იქნება, თუ თქვენს გეგმებს კიდევ ერთხელ გადახედავთ. შეგიძლიათ ისე შეცვალოთ გეგმები, რომ დროც გამონახოთ და ენერგიაც დაგრჩეთ იმისთვის, რომ სტუმრად წახვიდეთ ან სხვები მიიპატიჟოთ თქვენთან? ბიბლია ქრისტიანებს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ არის მართებული, რომ თითოეულმა ჩვენგანმა სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად დრო გამოვითავისუფლოთ და ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების ხარჯზე გავაკეთოთ. w18.03 16 ¶13, 14

პარასკევი, 4 იანვარი

სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი (ლუკ. 4:43).

სულიერად აზროვნების საუკეთესო მაგალითი იესომ მოგვცა. ის თავისი ცხოვრებითა და მსახურებით ცხადყოფდა, რომ ზეციერ მამას, იეჰოვას ჰბაძავდა. ის იმავეს გრძნობდა, ფიქრობდა და აკეთებდა, რასაც იეჰოვა. იესოსთვის უმთავრესი ღვთის ნების შესრულება და მისი ნორმების თანახმად ცხოვრება იყო (იოან. 8:29; 14:9; 15:10). ყურადღება მიაქციეთ, როგორ აღწერს ესაია იეჰოვას, თანამგრძნობი ღვთის გრძნობებს და შეადარეთ ის მარკოზის სახარებაში გადმოცემულ იესოს გრძნობებს (ეს. 63:9; მარ. 6:34). ვბაძავთ იესოს და მასავით აღძრულები ვართ, რომ თანაგრძნობა გამოვავლინოთ და დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს? გარდა ამისა, დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს მთავარი საქმე სასიხარულო ცნობის ქადაგება და ხალხისთვის ღვთის სიტყვის სწავლება იყო. სწორედ ასეთი თვისებებითა და საქმეებით ამოიცნობა სულიერად მოაზროვნე ადამიანი. w18.02 21 ¶12

შაბათი, 5 იანვარი

იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ [შვილები] (ეფეს. 6:4).

შვილების აღზრდა საპასუხისმგებლო საქმეა, განსაკუთრებით დღევანდელ ქვეყნიერებაში (2 ტიმ. 3:1—5). ცხადია, ბავშვებმა დაბადებიდანვე არ იციან, რა არის კარგი და რა ცუდი. ისინი იბადებიან სინდისით, თუმცა ამ სინდისს განსწავლა და გაწაფვა სჭირდება (რომ. 2:14, 15). ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ აღზრდად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა შეიძლება ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებასაც ნიშნავდეს. ბავშვები, რომელთაც რჩევა-დარიგებებს სიყვარულით აძლევენ, უფრო დაცულად გრძნობენ თავს. ისინი სწავლობენ, რომ თავისუფლებას აქვს საზღვრები და მათ გადაწყვეტილებებსა თუ საქციელს აუცილებლად მოჰყვება შედეგი — კარგი ან ცუდი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანმა მშობლებმა ხელმძღვანელობისთვის იეჰოვას მიმართონ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ აღზრდის მეთოდები ყველა კულტურასა და თაობაში განსხვავებულია. როცა მშობლები მიჰყვებიან ღვთის ხელმძღვანელობას, მათ არ უწევთ გამუდმებით იმაზე ფიქრი, როგორ აღზარდონ შვილები, და არც ადამიანურ სიბრძნესა და გამოცდილებას ეყრდნობიან. w18.03 30 ¶8, 9

კვირა, 6 იანვარი

კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით (ფილ. 2:12).

როგორც ახალგაზრდა მონათლული ქრისტიანი, შენს ხსნაზე მონათვლის შემდეგ თავად ხარ პასუხისმგებელი მაშინაც კი, თუ მშობლებთან ცხოვრობ. რატომ არის მნიშვნელოვანი ამის გააზრება? იმიტომ რომ მოზარდობისას უკვე განსხვავებულ გრძნობებსა და ზეწოლას განიცდი. ერთი მოზარდი გოგონა ამბობს: „ჩვეულებრივ, ბავშვს არ უჭირს რწმენის გამო სკოლაში დაბადების დღის ტორტის ნაჭერზე უარის თქმა. მაგრამ, როცა მოზარდობის ასაკში სექსისკენ უბიძგებენ, ის ბოლომდე უნდა იყოს დარწმუნებული, რომ იეჰოვას კანონების მორჩილება ყოველთვის საუკეთესო არჩევანია“. ისინიც კი, ვინც ზრდასრულ ასაკში მოინათლნენ, რწმენის გამოცდების წინაშე მოულოდნელად აღმოჩნდნენ. ზოგიერთი ასეთი გამოცდა ჯანმრთელობასთან, ქორწინებასა და სამსახურთან არის დაკავშირებული. ასაკისა და სქესის მიუხედავად, ადრე თუ გვიან ყველა აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როცა იეჰოვასადმი ერთგულების დამტკიცება მოუწევს (იაკ. 1:12—14). w17.12 24 ¶4, 5

ორშაბათი, 7 იანვარი

განრისხებისას ნუ შესცოდავთ (ეფეს. 4:26).

დავითი ღვთის მეგობარი იყო. მასავით ცუდ მდგომარეობაში ცოტა თუ აღმოჩენილა. მაგრამ მას გულში ბოღმა არ ჩაუდია. ის წერდა: „მოეშვი რისხვას და მიატოვე ბრაზი; ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას“ (ფსალმ. 37:8). უმთავრესი მიზეზი, რის გამოც უნდა „მოვეშვათ რისხვას“, არის ის, რომ მივბაძოთ იეჰოვას, რომელიც „ჩვენი ცოდვებისამებრ არ მოგვექცა“ (ფსალმ. 103:10). თუმცა რისხვისგან თავის შეკავება სხვა მხრივაც დადებითად აისახება ჩვენზე. განრისხებულმა ადამიანმა შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას ავნოს. მაგალითად, ამ დროს მას შეიძლება განუვითარდეს მაღალი არტერიული წნევა და შეექმნას სასუნთქი გზების პრობლემები. გარდა ამისა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის, პანკრეასისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის მოშლა. გაბრაზებულ გულზე ხშირად გვიჭირს საღად აზროვნება. ამ დროს შეიძლება ისეთი რამ ვთქვათ ან გავაკეთოთ, რის გამოც დიდი ხნის მანძილზე თავი დათრგუნულად ვიგრძნოთ. ამის საპირისპიროდ კი „მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა“ (იგავ. 14:30). როგორ შეგვიძლია მოვერიოთ ჩვენს გრძნობებს და შევიძინოთ ძმა? ამაში დაგვეხმარება ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევების გათვალისწინება. w18.01 10 ¶14, 15

სამშაბათი, 8 იანვარი

შენ არ დატოვებ ჩემს სულს სამარეში, არ დაუშვებ, რომ შენმა ერთგულმა საფლავი იხილოს (ფსალმ. 16:10).

დავითს არ უთქვამს, რომ ის არასდროს მოკვდებოდა ან არასდროს მოხვდებოდა კაცობრიობის საერთო სამარეში. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ დავითი დაბერდა და სიკვდილის შემდეგ „განისვენა . . . თავისი მამა-პაპის გვერდით და დამარხეს ის დავითის ქალაქში“ (1 მეფ. 2:1, 10). მაშ, რას გულისხმობდა დავითი ფსალმუნის 16:10-ში? იესოს აღდგომიდან რამდენიმე კვირის შემდეგ პეტრემ ათასობით იუდეველთან და პროზელიტთან ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილ სიტყვებზე ისაუბრა (საქ. 2:29—32). მან თქვა, რომ დავითი მოკვდა და დამარხეს. პეტრეს მსმენელებს ამაში ეჭვი არ ეპარებოდათ. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მას ვინმე შეეკამათა, როცა აღნიშნა, რომ დავითმა „წინასწარ იხილა და თქვა, რომ . . . [მესია] აღდგებოდა“. პეტრემ თავისი ნათქვამის გასამყარებლად დავითის მიერ დაწერილი 110-ე ფსალმუნის პირველი მუხლი მოიშველია (საქ. 2:33—36). მან მსჯელობით დაარწმუნა ბევრი, რომ იესო იყო უფალი და ქრისტე. ხალხი მიხვდა, რომ ფსალმუნის 16:10-ში ჩაწერილი სიტყვები იესოზე შესრულდა, როცა ის მკვდრეთით აღდგა. w17.12 10 ¶10—12

ოთხშაბათი, 9 იანვარი

ყველაფერი თავისი რაოდენობითა და წონით, რის შემდეგაც მთლიანი წონა ჩაიწერა (ეზრ. 8:34).

ხელმძღვანელი საბჭო ცდილობს, რომ ორგანიზაციის თანხების განკარგვისას ერთგულება და გონიერება გამოიჩინოს. ისინი ბევრს ლოცულობენ და ფიქრობენ, სანამ გადაწყვეტენ, რაში დაიხარჯება და-ძმების მიერ გაღებული შესაწირავები (მათ. 24:45). შეწირული თანხებით ადგენენ ბიუჯეტს, შემდეგ კი შესაბამისად ხარჯავენ (ლუკ. 14:28). მოციქულმა პავლემ იუდაში მცხოვრები და-ძმების დასახმარებლად გარკვეული თანხა შეაგროვა. ის დარწმუნდა, რომ მათ, ვინც ეს შესაწირავები წაიღო, „მხოლოდ იეჰოვას წინაშე კი არ . . . [გააკეთეს] ყველაფერი პატიოსნად, არამედ ადამიანთა წინაშეც“ (2 კორ. 8:18—21). დღეს ჩვენი ორგანიზაცია ჰბაძავს ეზრასა და პავლეს მაგალითს და დიდ სიფრთხილეს იჩენს, როცა საქმე შეწირულ თანხებს ეხება (ეზრ. 8:24—33). ბოლო წლებში ბევრი ახალი პროექტი წამოვიწყეთ. ორგანიზაცია ეძებს ხარჯების შემცირებისა და საქმის გამარტივების გზებს, რათა თქვენ მიერ გაღებული გულუხვი შესაწირავებით უფრო მეტი საქმე გაკეთდეს. w18.01 19, 20 ¶12, 13

ხუთშაბათი, 10 იანვარი

თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა ბატონობდეს (კოლ. 3:15).

როცა გვიყვარს ადამიანები და სიკეთეს ვავლენთ მათ მიმართ, პატიება გვიადვილდება. მაგალითად, თუ თანაქრისტიანმა სიტყვით ან საქმით გული გატკინათ, გაიხსენეთ ის შემთხვევა, როცა მსგავსი შეცდომა თქვენც დაუშვით. განა მადლიერი არ იყავით, რომ და-ძმებმა სიყვარული და სიკეთე გამოავლინეს და თვალი დახუჭეს თქვენს შეცდომაზე?! (ეკლ. 7:21, 22). განსაკუთრებით ვაფასებთ ქრისტეს მიერ გამოვლენილ სიკეთეს, რომელმაც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში გაგვაერთიანა. დაფიქრდით: ყველა ერთ ღმერთს ვემსახურებით, ერთსა და იმავე ცნობას ვქადაგებთ და ხშირად ერთნაირ პრობლემებს ვხვდებით ცხოვრებაში. როცა პატიებისკენ სიყვარული და სიკეთე გვიბიძგებს, ხელს ვუწყობთ ქრისტიანულ ერთობას და ცხადვყოფთ, რომ გონებაში გვაქვს ჯილდო, რომლისკენაც ვისწრაფვით. ბიბლიაში ჩაწერილი გამაფრთხილებელი მაგალითებიდან ვიგებთ, რომ შურმა შეიძლება ხელი შეგვიშალოს ჯილდოს მოპოვებაში. მაგალითად, შურით აღვსილმა კაენმა მოკლა თავისი ძმა აბელი. კორახს, დათანსა და აბირამს შეშურდათ მოსესი და დაუპირისპირდნენ მას. მეფე საულს შურდა დავითის წარმატების და მის მოკვლას ცდილობდა. w17.11 27 ¶9, 10

პარასკევი, 11 იანვარი

უნდა გამოიძიოთ, გამოიკვლიოთ და საგულდაგულოდ გამოიკითხოთ (კან. 13:14).

სამართლებრივმა კომიტეტმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, როცა ცდილობს, დაადგინოს, ნამდვილად ინანიებს თუ არა სერიოზული ცოდვის ჩამდენი თავის საქციელს. ამის დანახვა ყოველთვის ადვილი არ არის. მონანიება უნდა ვლინდებოდეს ცოდვის მიმართ შემცოდველის დამოკიდებულებაში, განწყობასა და გულის მდგომარეობაში (გამოცხ. 3:3). გულმოწყალების მისაღებად შემცოდველმა აუცილებლად უნდა მოინანიოს. იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით უხუცესებს გულის დანახვა არ შეუძლიათ. თუ უხუცესი ხარ, როგორ შეგიძლია გაიგო, გულწრფელად ინანიებს თუ არა ადამიანი? თავდაპირველად, იეჰოვას სთხოვე სიბრძნე და გამჭრიახობა (1 მეფ. 3:9). შემდეგ მიმართე ღვთის სიტყვას და ერთგული და გონიერი მონის მიერ მომზადებულ პუბლიკაციებს, რათა დაინახო, რა განსხვავებაა „ქვეყნიურ დანაღვლიანებასა“ და „ღვთისმოსაწონ დანაღვლიანებას“ შორის, რაც ნამდვილ მონანიებას ახლავს (2 კორ. 7:10, 11). გაიგე, როგორ აღწერს ბიბლია მომნანიებელი და მოუნანიებელი ადამიანების გრძნობებს, დამოკიდებულებასა თუ საქციელს. w17.11 17 ¶16, 17

შაბათი, 12 იანვარი

[შვილები] იქნებიან . . . მშობლების ურჩები (2 ტიმ. 3:2).

დღეს წიგნებში, ფილმებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში მშობლებისადმი დაუმორჩილებლობა ისეა წარმოჩენილი, თითქოს ამაში ცუდი არაფერია. ისინი უბიძგებენ კიდეც ბავშვებს ამისკენ. დაუმორჩილებლობა ძირს უთხრის ოჯახის სტაბილურობას, რაც თავის მხრივ საზოგადოების დეგრადირებას იწვევს. ის აზრი, რომ დაუმორჩილებლობა ოჯახისთვის საზიანოა, ახალი არ არის. საინტერესოა, რომ ძველ საბერძნეთში თუ შვილი ხელს აღმართავდა მშობელზე, სრულად ჩამოერთმეოდა მას მოქალაქის უფლებები. რომის სამართლის მიხედვით კი მამაზე ხელის აწევა ისეთივე სერიოზულ დანაშაულად ითვლებოდა, როგორიც მკვლელობაა. მშობლების პატივისცემისკენ შვილებს ებრაული წერილებიც მოუწოდებს და ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც (გამ. 20:12; ეფეს. 6:1—3). ბავშვები არ „დაინფიცირდებიან“ ქვეყნიერებაში გაბატონებული დაუმორჩილებლობის სულით, თუ იმაზე იფიქრებენ, რაც მშობლებს მათთვის გაუკეთებიათ. ეს მადლიერების გრძნობას გაუღვივებს მათ და მორჩილებისკენ აღძრავს. ბავშვებს ისიც კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მშობლებისადმი მორჩილებას მათგან ღმერთიც მოითხოვს, რომელიც თითოეული ჩვენგანის მამაა. თუ ბავშვები მშობლებზე დადებითად ილაპარაკებენ, სხვა ბავშვებსაც პატივისცემით განაწყობენ მშობლების მიმართ. w18.01 29 ¶8, 9

კვირა, 13 იანვარი

თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში, როგორც წყლის ნაკადულები უწყლო ქვეყანაში, როგორც დიდი კლდის ჩრდილი გამოფიტულ მიწაზე (ეს. 32:2).

დღეს სერიოზულ ცოდვაში დამნაშავე ქრისტიანმა კრების უხუცესებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის. რატომ არის ეს აუცილებელი? პირველი, სერიოზული ცოდვების შესახებ საქმეების განხილვა იეჰოვამ უხუცესებს დაავალა, როგორც ეს მისი სიტყვიდან ჩანს (იაკ. 5:14—16). მეორე, ეს ღონისძიება ეხმარება მომნანიებელ შემცოდველს, დარჩეს კრებაში და იგივე აღარ გაიმეოროს (გალ. 6:1; ებრ. 12:11). მესამე, უხუცესების პასუხისმგებლობაა, დაამშვიდონ მომნანიებელი შემცოდველი, შეუმსუბუქონ მას ტკივილი და დანაშაულის გრძნობასთან გამკლავებაში დაეხმარონ. ისინი ამისთვის სათანადოდ არიან მომზადებულნი. იეჰოვა ამ მოწიფულ მამაკაცებს უწოდებს „საფარს ქარიშხალში“ (ეს. 32:2). განა არ ეთანხმებით, რომ ეს ღონისძიება ღვთის წყალობის გამოხატულებაა?! ღვთის მსახურთაგან ბევრმა იგრძნო შვება, როცა უხუცესებს მიმართა და მათგან დახმარება მიიღო. w17.11 10 ¶8, 9

ორშაბათი, 14 იანვარი

აღმზრდელობითი ზომა . . . გვეჩვენება . . . მწუხარებად (ებრ. 12:11).

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიდი ტკივილის ფასად დაგვიჯდეს, აუცილებელი საჭიროების გარდა, არ უნდა ვიქონიოთ ურთიერთობა ოჯახის გარიცხულ წევრთან. ამაში შედის აგრეთვე ტელეფონით ან სოციალური ქსელებით კონტაქტი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების ან იმეილის გაგზავნა და წერილების წერა. ნუ დაკარგავთ იმედს. სიყვარულს „ყველაფრის იმედი აქვს“, მათ შორის იმისაც, რომ ადრე თუ გვიან ჩვენი საყვარელი ადამიანი გონს მოეგება და იეჰოვას დაუბრუნდება (1 კორ. 13:7). თუ ატყობთ, რომ თქვენი ოჯახის წევრი ნელ-ნელა იცვლის ცხოვრების არასწორ წესს, ილოცეთ, რომ ღვთის სიტყვა სულიერი წონასწორობის აღდგენაში დაეხმაროს და გამოეხმაუროს იეჰოვას თხოვნას: „დამიბრუნდი“ (ეს. 44:22). იესომ თქვა, რომ, თუ მასზე მაღლა ადამიანებს დავაყენებთ, მისი ღირსები არ ვიქნებით. თუმცა ის დარწმუნებული იყო, რომ მისი მოწაფეები იპოვიდნენ საკუთარ თავში ძალას, ოჯახის წევრების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლომდე ერთგულები დარჩენილიყვნენ. თუ იესომ თქვენს ოჯახშიც მოიტანა „მახვილი“, მიენდეთ იეჰოვას, რათა თავი გაართვათ ამ პრობლემას (ეს. 41:10, 13). გაიხარეთ იმით, რომ იეჰოვა და იესო იწონებენ თქვენს საქციელს და აუცილებლად დაგაჯილდოებენ ერთგულებისთვის. w17.10 16 ¶19—21

სამშაბათი, 15 იანვარი

შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით (კოლ. 3:12).

როცა ვხედავთ, რა საშინელი შედეგები მოაქვს ადამის მიერ ჩადენილ ცოდვას, აღძრულები ვართ, თანავუგრძნოთ სხვებს. მთელი გულით ველით იმ დროს, როდესაც ავადმყოფობა და სიბერე სამუდამოდ ჩაჰბარდება წარსულს. ამიტომაც ვლოცულობთ, რომ მოვიდეს ღვთის სამეფო. მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სხვების დასახმარებლად. ერთმა მწერალმა, რომლის ხანდაზმულ დედასაც ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა, გაიხსენა, რომ ერთხელ, როცა დედამისი თავისი დასვრილი ტანსაცმლის გაწმენდას ცდილობდა, კარზე ვიღაცამ ზარი დარეკა. კართან ორი იეჰოვას მოწმე იდგა, რომლებიც რეგულარულად აკითხავდნენ დედამისს. დებმა ჰკითხეს, დახმარება ხომ არ სჭირდებოდა. ქალს ერიდებოდა, მაგრამ დათანხმდა დახმარებაზე. მოწმეებმა ტანსაცმელი გაუწმინდეს, ჩაი მოუმზადეს და ცოტა ხნით დარჩნენ სასაუბროდ. მადლიერების ნიშნად მწერალმა თქვა: „ქედს ვიხრი ამ ხალხის წინაშე. რასაც სხვებს ასწავლიან, თავადაც ისე იქცევიან“. აღგძრავთ თანაგრძნობა, რომ ყველაფერი გააკეთოთ ავადმყოფებისა და ხანდაზმულებისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად? (ფილ. 2:3, 4). w17.09 9 ¶5; 12 ¶14

ოთხშაბათი, 16 იანვარი

გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით (1 იოან. 3:18).

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, სიკეთე გავუკეთოთ და-ძმებს გაუხმაურებლად, ანუ ისე, რომ ჩვენი სიკეთე სხვებისთვის „დაფარული იყოს“ (მათ. 6:1—4). გარდა ამისა უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს პატივისცემაში დავასწროთ (რომ. 12:10). იესომ არ ითაკილა და თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა, რითაც სხვების პატივისცემის კარგი მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 13:3—5, 12—15). ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ თავმდაბლობის განსავითარებლად, რომ სხვების მომსახურება არ ვიუკადრისოთ. წმინდა სულის მიღებამდე მოციქულებსაც კი არ ესმოდათ ბოლომდე, რატომ მოიქცა იესო ასე (იოან. 13:7). ჩვენ პატივს ვცემთ სხვებს, როცა განათლების, სიმდიდრის ან ორგანიზაციაში რაიმე პასუხისმგებლობის გამო თავს მათზე უკეთესებად არ მივიჩნევთ (რომ. 12:3). ჩვენ არ გვშურს, როცა სხვებს აქებენ, და მათთან ერთად ვხარობთ მაშინაც კი, როცა ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენც ვიმსახურებდით შექებას. w17.10 9 ¶9, 10

ხუთშაბათი, 17 იანვარი

ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად (1 კორ. 9:23).

ბევრმა შენიშნა, რომ მსახურებაში ღვთის სიტყვის გამოყენება დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე. მაგალითად, ერთი ძმა წლების განმავლობაში აკითხავდა ხანში შესულ მამაკაცს და ჟურნალებს უტოვებდა. ერთხელ მან გადაწყვიტა, ჟურნალის შეთავაზების დროს ბიბლიური მუხლიც ამოეკითხა. ძმამ 2 კორინთელების 1:3, 4 წაუკითხა, სადაც ნათქვამია: „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა . . . ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“. ამ სიტყვებმა იმდენად იმოქმედა მამაკაცზე, რომ სთხოვა კიდევ ერთხელ წაეკითხა ეს მუხლები. მან ჩვენს ძმას უთხრა, რომ მას და მის მეუღლეს ძალიან სჭირდებოდათ ნუგეში. ამის შემდეგ მამაკაცს ბიბლიისადმი ინტერესი გაუჩნდა. განა არ ცხადყოფს მსგავსი შემთხვევები, რომ ღვთის სიტყვა მოქმედია?! (საქ. 19:20). w17.09 26 ¶9, 10

პარასკევი, 18 იანვარი

გაიწოდე ხელი, შეახე მის ძვალსა და ხორცს, და ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა (იობ. 2:5).

ცხადია, ეშმაკის ბრალდებები ღვთის ერთგულ სულიერ ქმნილებებში აღშფოთებას, გულისწყრომასა და ამ ცილისმწამებლის მიმართ ზიზღს გამოიწვევდა. მაგრამ იეჰოვას ნაჩქარევად არ უმოქმედია. მან ყველაფერი წინასწარ აწონ-დაწონა და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა აირჩია. ის არ განრისხებულა და ამ საკითხს სამართლიანად მიუდგა (გამ. 34:6; იობ. 2:2—6). იეჰოვამ დაუშვა, დრო გასულიყო, „რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). იეჰოვას თავშეკავების მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ არ ავჩქარდეთ და წინასწარ კარგად დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით ან გავაკეთებთ. თუ გსურთ, მნიშვნელოვან საკითხებში გონივრული გადაწყვეტილებები მიიღოთ, არ უნდა აჩქარდეთ. იეჰოვას სთხოვეთ სიბრძნე, რომ სწორად მოიქცეთ და დაუფიქრებლად არ ილაპარაკოთ (ფსალმ. 141:3). ცხელ გულზე ადამიანი შეიძლება ადვილად აჰყვეს ემოციებს. ამიტომ არის, რომ ხშირად სანანებელი გვიხდება ჩვენი სიტყვები თუ საქციელი (იგავ. 14:29; 15:28; 19:2). w17.09 4 ¶6, 7

შაბათი, 19 იანვარი

თავზე დაადგი [გვირგვინი] მღვდელმთავარ იეჰოშუას, იეჰოცადაკის ვაჟს (ზაქ. 6:11).

ნიშნავდა გვირგვინის დადგმა იმას, რომ მღვდელმთავარი იეჰოშუა მეფე გახდებოდა? არა, რადგან იეჰოშუა დავითის სამეფო ხაზიდან არ იყო და მეფობა არ ეკუთვნოდა. მისთვის გვირგვინის დადგმას წინასწარმეტყველური მნიშვნელობა ჰქონდა და მარადიულ მეფესა და მღვდელზე მიანიშნებდა. მღვდელმთავარს, რომელიც გამეფდებოდა, „ყლორტი“ ეწოდება. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ეს „ყლორტი“ იესო ქრისტეა (ეს. 11:1; მათ. 2:23). იესო, როგორც მეფე და მღვდელმთავარი, იეჰოვას ზეციერი ლაშქრის მეთაურია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ ღვთის ხალხმა თავი დაცულად იგრძნოს ამ მტრულად განწყობილ ქვეყნიერებაში (იერ. 23:5, 6). ახლო მომავალში ქრისტე სძლევს ერებს იეჰოვას უზენაესობის მხარდასაჭერად და მისი ხალხის სახსნელად (გამოცხ. 17:12—14; 19:11, 14, 15). მაგრამ ამ განაჩენის აღსრულებამდე „ყლორტს“ გრანდიოზული საქმე აქვს შესასრულებელი. w17.10 29 ¶12—14

კვირა, 20 იანვარი

გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ (კოლ. 3:9).

როგორ მოიქცევით, თუ ტანსაცმელი დაგესვრებათ და უსიამოვნო სუნი აუვა? ალბათ, როგორც კი შესაძლებლობა მოგეცემათ, გამოიცვლით. მსგავსად, დაუყოვნებლივ უნდა დავემორჩილოთ მითითებას, რომ მოვიშოროთ ისეთი ჩვევები, რომლებიც ღმერთს არ მოსწონს. ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ პავლეს ნათელი მითითება, რომელიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს მისცა: „მოიშორეთ ყოველივე ეს“. პავლემ ჩამოთვლილ ცუდ საქმეებს შორის სიძვა და უწმინდურება მოიხსენია (კოლ. 3:5—9). „სიძვად“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე გულისხმობს, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის უკანონო სქესობრივ ურთიერთობას, ისე ერთი სქესის ადამიანებს შორის სქესობრივ ურთიერთობას. პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა, ჩაეკლათ თავიანთი „სხეულის ნაწილები“, ანუ ჩაეხშოთ ნებისმიერი სურვილი, რომელიც სიძვამდე მიიყვანდა მათ. პავლეს სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ასეთი ცუდი სურვილების ამოსაძირკვად მკაცრი ზომების მიღებაა საჭირო. ფაქტია, ცოდვილ სურვილებზე გამარჯვება შესაძლებელია. w17.08 18 ¶5, 6

ორშაბათი, 21 იანვარი

მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს (მიქ. 7:7).

წინასწარმეტყველ მიქასაც ისეთივე გარემოში უწევდა ცხოვრება, როგორშიც ჩვენ. ის წინასწარმეტყველებდა ბოროტი მეფე ახაზის მმართველობის პერიოდში, როდესაც ყველანაირ გახრწნილებას გაედგა ფესვი. თავის თანამედროვეებზე მიქა ამბობდა: „გაწაფული აქვთ ხელი ბოროტების საკეთებლად“ (მიქ. 7:1—3). ის აცნობიერებდა, რომ თვითონ ვერაფერს შეცვლიდა. თუ ისეთივე რწმენა გვექნება, როგორიც მიქას ჰქონდა, უბრალოდ კი არ დაველოდებით იეჰოვას, არამედ ლოდინის დროს მოთმინებას არ დავკარგავთ. ჩვენ სიკვდილმისჯილი პატიმარივით როდი ვართ, რომელიც საკანში ელოდება განაჩენის აღსრულებას. ის სიხარულით კი არ ელოდება ამ დღეს, არამედ იძულებით. ჩვენს შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარადაა. ჩვენ მოთმინებით ველოდებით იეჰოვას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ის შეასრულებს თავის დაპირებას და თავის დროზე გვიბოძებს მარადიულ სიცოცხლეს! ასე რომ, გვმართებს, მოვითმინოთ და სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით (კოლ. 1:11, 12). ამის საპირისპიროდ, თუ ვიწუწუნებთ, რომ იეჰოვა სწრაფად არ მოქმედებს, გულს ვატკენთ ჩვენს ღმერთს (კოლ. 3:12). w17.08 4 ¶6, 7

სამშაბათი, 22 იანვარი

იეჰოვა შვებას ჰგვრის თვინიერებს (ფსალმ. 147:6).

რის გაკეთება გვმართებს იეჰოვასგან დახმარების მისაღებად? ჩვენ ახლო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მასთან. ამისთვის საჭიროა, თვინიერები ვიყოთ (სოფ. 2:3). თვინიერები ელოდებიან, რომ ღმერთი აღმოფხვრის ნებისმიერ უსამართლობას და ბოლოს მოუღებს მათ ტანჯვას. ასეთი ადამიანები იეჰოვას მოწონებას იმსახურებენ. მეორე მხრივ, ღმერთი „ბოროტებს მიწამდე ამცირებს“ (ფსალმ. 147:6ბ). ეს ყურადსაღები სიტყვებია! იეჰოვა რომ სიყვარულით მოგვეპყროს და მისი რისხვა არ დავიტეხოთ, უნდა შევიძულოთ ყველაფერი, რაც მას სძულს (ფსალმ. 97:10). მაგალითად, უნდა გვძულდეს უზნეობა. ეს ნიშნავს, რომ უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც უზნეობამდე მიგვიყვანდა, მათ შორის პორნოგრაფიის ყურებას (ფსალმ. 119:37; მათ. 5:28). ეს შეიძლება ძალიან რთული იყოს, მაგრამ იეჰოვას კურთხევა ნებისმიერ ძალისხმევად ღირს. არასწორ სურვილებთან ბრძოლის დროს მხოლოდ იეჰოვას უნდა მივენდოთ. დახმარებისთვის იეჰოვას უნდა მივმართოთ. w17.07 19, 20 ¶11—13

ოთხშაბათი, 23 იანვარი

ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას (იგავ. 19:17).

როცა საკუთარ სახსრებს სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ვიყენებთ, სხვების დახმარების საშუალება გვეძლევა. მათ, ვისაც სრული დროით მსახურება ან მსახურების გასაფართოებლად სხვაგან გადასვლა არ შეუძლია, ახარებთ იმის ცოდნა, რომ მათ მიერ შეწირული თანხებით სხვებს ეძლევა ამის საშუალება. ნებაყოფლობით შეწირული თანხების მეშვეობით ისეთ ღარიბ ქვეყნებში ხდება ლიტერატურის შეტანა და სამქადაგებლო საქმიანობის მხარდაჭერა, სადაც სულიერი ზრდა დიდია. მაგალითად, ძმებს კონგოში, მადაგასკარსა და რუანდაში წლების მანძილზე უწევდათ იმის არჩევა, საკვები ეყიდათ ოჯახისთვის თუ ბიბლია, რომლის ფასიც ზოგჯერ ერთი კვირის ან მთელი თვის გასამრჯელოს უდრიდა. მთელი მსოფლიო საძმოს მიერ შეწირული თანხების გადანაწილების წყალობით იეჰოვას ორგანიზაციამ დააფინანსა ამ ენებზე ბიბლიის თარგმნა და ტრანსპორტირება. შედეგად, ამ ქვეყნებში ოჯახის თითოეულ წევრსა თუ ბიბლიის შემსწავლელებს უკვე თავიანთი ბიბლიები აქვთ (2 კორ. 8:13—15). w17.07 9 ¶11

ხუთშაბათი, 24 იანვარი

შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს (იგავ. 27:11).

რატომ გვანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენი ერთგულება აზრმოკლებული არ არის? იმიტომ რომ ჩვენი განსაცდელები გარკვეულ მიზანს ემსახურება. ისინი იეჰოვას კეთილგანწყობის დაკარგვაზე კი არ მიანიშნებს, არამედ საშუალებას გვაძლევს, მხარი დავუჭიროთ ღვთის უზენაესობას. მოთმინებას „ღვთის მოწონება მოაქვს“ და იმედს გვიმტკიცებს (რომ. 5:3—5). იობის შემთხვევიდან ჩანს, „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკ. 5:11). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის აკურთხებს ყველას, ვინც მის უზენაესობას უჭერს მხარს. ამის ცოდნა გვეხმარება, ყველაფერი მოვითმინოთ და სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით (კოლ. 1:11). ცხადია, იეჰოვას უზენაესობის დამტკიცებაზე ყურადღების კონცენტრირება ყოველთვის ადვილი არ არის, რადგან ზოგჯერ შეიძლება პრობლემებმა გვშთანთქას. ამიტომ ყოველთვის უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად მნიშვნელოვანია სირთულეების დროს იეჰოვას უზენაესობის მხარდაჭერა. w17.06 26 ¶15, 16

პარასკევი, 25 იანვარი

თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან (ლუკ. 12:15).

დღეს ბევრი მოდური ტანსაცმლის, ბოლო მოდელის ელექტრონული მოწყობილობებისა თუ ახალ-ახალი ნივთების ყიდვის მანიით არის შეპყრობილი. ამიტომ ქრისტიანებმა რეგულარულად უნდა დაუსვან საკუთარ თავს კითხვები: ხომ არ გახდა მატერიალური ნივთები იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ უფრო მეტ დროს ვუთმობ უახლესი მოდელის ავტომობილებისა თუ სხვა ნივთების შესახებ ინფორმაციის მოძიებას ან მათზე ფიქრს, ვიდრე კრების შეხვედრებისთვის მომზადებას?! იმდენად ხომ არა ვარ დაკავებული ყოფითი საქმეებით, რომ ნაკლებ დროს ვუთმობ ლოცვასა და ბიბლიის კითხვას?! თუ მივხვდებით, რომ მატერიალური ნივთების სიყვარული ჩრდილავს ქრისტესადმი სიყვარულს, ყურად უნდა ვიღოთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი იესოს სიტყვები. „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, — თქვა იესომ და დასძინა: ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“. ორივე „ბატონი“ განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს (მათ. 6:24). ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ „ხორცის სურვილებს“, მათ შორის მატერიალიზმს (ეფეს. 2:3). w17.05 25, 26 ¶15, 16

შაბათი, 26 იანვარი

ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად (1 კორ. 9:23).

მიუხედავად იმისა, რომ არასრულყოფილების გამო უბრალო თიხის ჭურჭელს ვგავართ, იმ ცნობას, რომელსაც ვქადაგებთ, მარადიული სიცოცხლე მოაქვს ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც. პავლე მოციქული მსახურებისადმი სიყვარულმა აღძრა, რომ მოწაფეების მოსამზადებლად თავი არ დაეზოგა (რომ. 1:14, 15; 2 ტიმ. 4:2). ეს მას სასტიკი წინააღმდეგობის ატანაშიც დაეხმარა (1 თეს. 2:2). ჩვენ რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მსგავსად გვიყვარს მსახურება? პავლე ხელიდან არ უშვებდა სხვებთან საუბრის შესაძლებლობას, რითაც ცხადყო, რომ აფასებდა მსახურებას. მოციქულებისა და პირველი ქრისტიანების მსგავსად, ჩვენც ვქადაგებთ არაფორმალურად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კარდაკარ (საქ. 5:42; 20:20). მდგომარეობიდან გამომდინარე, ვცდილობთ მსახურების გაფართოებას, იქნება ეს პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურება, უცხო ენის შესწავლა თუ სხვა ადგილზე გადასვლა (საქ. 16:9, 10). w17.06 10, 11 ¶8, 9

კვირა, 27 იანვარი

ყოველი მთა და ყოველი კუნძული მოშორებულ იქნა თავისი ადგილიდან (გამოცხ. 6:14).

მსოფლიოში ჩადენილი ბოროტების უკან უმეტესწილად ორგანიზაციები დგანან და არა ცალკეული ადამიანები. დაფიქრდით, როგორ შეჰყავთ რელიგიურ ორგანიზაციებს მილიონობით ადამიანი შეცდომაში, როცა საქმე ღვთის ბუნებას, ბიბლიის სანდოობას, დედამიწისა და კაცობრიობის მომავალს და სხვა მრავალ საკითხს ეხება. რის თქმა შეიძლება მთავრობებზე, რომლებიც ხელს უწყობენ ომებს, ეთნიკურ კონფლიქტებს, ჩაგრავენ გაჭირვებულ და დაუცველ ადამიანებს და მექრთამეობისა და ფავორიტიზმის მეშვეობით აღწევენ თავიანთ მიზნებს? ან რას ვიტყოდით იმ ხარბ კომპანიებზე, რომლებიც აბინძურებენ გარემოს, აჩანაგებენ ბუნებრივ რესურსებს და ერთეულებისთვის სიმდიდრის მოსახვეჭად ბოროტად იყენებენ მომხმარებლების ნდობას, მაშინ როცა მილიონობით ადამიანი სიღარიბეში ღაფავს სულს? ღვთის სიტყვაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ მთავრობებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ორგანიზაციის საძირკვლები შეირყევა, ანუ განადგურდება ღვთის სამეფოს ყველა სხვა მტერთან ერთად (იერ. 25:31—33). w17.04 11 ¶7, 8

ორშაბათი, 28 იანვარი

მის სიცოცხლეში აღარ დავატეხ მას უბედურებას (1 მეფ. 21:29).

იეჰოვამ, რომელიც „გულების შემმოწმებელია“, გარკვეულწილად წყალობა გამოავლინა ახაბის მიმართ (იგავ. 17:3). როგორ იმოქმედებდა ეს გადაწყვეტილება მათზე, ვინც ახაბის საშინელი დანაშაულის შესახებ იცოდა? მოვლენების ერთი შეხედვით ასეთ რადიკალურ ცვლილებას შეიძლებოდა ნაბოთის ოჯახის წევრებისა და მეგობრების რწმენა გამოეცადა. ამ შემთხვევაში თავმდაბლობა დაეხმარებოდა მათ, რომ კვლავაც იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემლებად დარჩენილიყვნენ და ეჭვი არ შეჰპაროდათ ღვთის სამართლიანობაში (კან. 32:3, 4). იეჰოვა ნაბოთსა და მის ოჯახს მაშინ აღუდგენს სრულ სამართალს, როცა დედამიწაზე მართლების აღდგომა იქნება (იობ. 14:14, 15; იოან. 5:28, 29). თავმდაბალ ადამიანს არც ის ავიწყდება, რომ „ყოველ საქმეს ჭეშმარიტი ღმერთი გაასამართლებს, ყველაფერს, რაც დაფარულია, და გაარჩევს, კარგია თუ ცუდი“ (ეკლ. 12:14). განაჩენის გამოტანისას იეჰოვა მხედველობაში იღებს ისეთ ფაქტებს, რომლებიც ჩვენთვის უცნობია. ამიტომ თავმდაბლობა დაზარალებულ ადამიანს სულიერი ზიანისგან იცავს. w17.04 24 ¶8, 9

სამშაბათი, 29 იანვარი

ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია (იგავ. 17:17).

მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, ბევრი ჩვენი ძმა გახდა ლტოლვილი. ადაპტაციის პერიოდი შეიძლება ძალიან რთული იყოს. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის სწავლა უწევთ ერთბაშად: ახალი ენა, განსხვავებული ქცევის წესები და ახალი კანონები, რომლებიც ეხება, მაგალითად, გადასახადების გადახდასა და შვილების აღზრდა-განათლებას. შეგიძლიათ ასეთ რთულ სიტუაციაში მყოფი და-ძმების დახმარებისას მოთმინება და პატივისცემა გამოავლინოთ? (ფილ. 2:3, 4). გარდა ამისა, ზოგჯერ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ხელს უშლიან კრებასთან დაკავშირებაში. ზოგჯერ მათ ემუქრებიან, რომ აღარ მისცემენ ქვეყანაში დარჩენის უფლებას და დახმარებას მოუხსნიან, თუ უარს იტყვიან სამუშაოზე, რომელიც ხელს შეუშლიდათ კრების შეხვედრებზე დასწრებაში. დაშინებულმა და უმწეო მდგომარეობაში მყოფმა ზოგმა ქრისტიანმა ვერ გაუძლო ასეთ წნეხს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე შევხვდეთ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ლტოლვილ და-ძმებს. მათ უნდა იგრძნონ ჩვენი მზრუნველობა. თანაგრძნობითა და პრაქტიკული დახმარების გაწევით ჩვენ შევძლებთ მათი რწმენის გაძლიერებას (იგავ. 12:25). w17.05 5 ¶9, 10

ოთხშაბათი, 30 იანვარი

მრავალს სიყვარული გაუნელდება (მათ. 24:12).

„მრავალს სიყვარული გაუნელდება“, — თქვა იესომ, როცა „ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანზე“ საუბრობდა (მათ. 24:3). პირველ საუკუნეში იუდეველებმა, რომლებიც თავს ღვთის ხალხად აცხადებდნენ, არ შეინარჩუნეს ღვთისადმი სიყვარული. მათგან განსხვავებით, იმავე პერიოდში მცხოვრები ქრისტიანების უმეტესობა დაუღალავად აუწყებდა „სასიხარულო ცნობას ქრისტე იესოზე“ და სიყვარულს ავლენდა ღვთის, თანაქრისტიანებისა თუ სხვების მიმართ (საქ. 2:44—47; 5:42). თუმცა იესოს მიმდევრებიდან ზოგს გაუნელდა სიყვარული. მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ პირველი საუკუნის ეფესოელ ქრისტიანებს უთხრა: „შენ წინააღმდეგ ისა მაქვს, რომ მიატოვე თავდაპირველი სიყვარული“ (გამოცხ. 2:4). რა შეიძლებოდა ყოფილიყო მათი სიყვარულის განელების მიზეზი? ქრისტეს ეს მოწაფეები შეიძლება ხორცის სურვილებს აყოლილი ქვეყნიერების გავლენაში მოექცნენ (ეფეს. 2:2, 3). w17.05 17 ¶1—3

ხუთშაბათი, 31 იანვარი

შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები (მათ. 5:33).

მსაჯული იფთახი მამაცი წინამძღოლი და გულადი მეომარი იყო, ხანა კი — მორჩილი ცოლი და თავმდაბალი დიასახლისი. გარდა იმისა, რომ ერთ ღმერთს ემსახურებოდნენ, კიდევ რა ჰქონდა ამ ორ ადამიანს საერთო? ორივემ აღთქმა დაუდო ღმერთს და ორივემ ერთგულად შეასრულა აღთქმული. მათ შესანიშნავი მაგალითი მისცეს იმ ქალებსა და კაცებს, რომლებიც დღეს აღთქმებს უდებენ იეჰოვას. ბიბლიის თანახმად, აღთქმა არის ღვთის წინაშე დადებული პირობა რაიმე საქმის გაკეთების, ძღვნის მიტანის, მსახურების შესრულების ან რაიმესგან თავის შეკავების შესახებ. აღთქმის დადება ნებაყოფლობით ხდება. მიუხედავად ამისა, აღთქმა ღვთის თვალში წმინდაა და მისი შესრულება სავალდებულოა, რადგან ფიცის ანუ მტკიცე განაცხადის ტოლფასია რაიმეს გაკეთების ან არგაკეთების დასადასტურებლად (დაბ. 14:22, 23; ებრ. 6:16, 17). w17.04 3 ¶1, 2

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება