საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 17-26
  • თებერვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თებერვალი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • პარასკევი, 1 თებერვალი
  • შაბათი, 2 თებერვალი
  • კვირა, 3 თებერვალი
  • ორშაბათი, 4 თებერვალი
  • სამშაბათი, 5 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 6 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 7 თებერვალი
  • პარასკევი, 8 თებერვალი
  • შაბათი, 9 თებერვალი
  • კვირა, 10 თებერვალი
  • ორშაბათი, 11 თებერვალი
  • სამშაბათი, 12 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 13 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 14 თებერვალი
  • პარასკევი, 15 თებერვალი
  • შაბათი, 16 თებერვალი
  • კვირა, 17 თებერვალი
  • ორშაბათი, 18 თებერვალი
  • სამშაბათი, 19 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 20 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 21 თებერვალი
  • პარასკევი, 22 თებერვალი
  • შაბათი, 23 თებერვალი
  • კვირა, 24 თებერვალი
  • ორშაბათი, 25 თებერვალი
  • სამშაბათი, 26 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 27 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 28 თებერვალი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 17-26

თებერვალი

პარასკევი, 1 თებერვალი

ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა (დაბ. 6:22).

ნოეს კიდობანი მანამდე არასდროს აუშენებია. ის იეჰოვას უნდა მინდობოდა. მან ყველაფერი „სწორედ ისე“ გააკეთა, როგორც იეჰოვამ უთხრა. შედეგად, ნოეც გადარჩა და მისი ოჯახიც. ნოე კარგი ოჯახისთავიც იყო, რადგან ის ისევ და ისევ იეჰოვას სიბრძნეზე იყო დანდობილი. მან კარგად აღზარდა შვილები და მისაბაძი მაგალითი მისცა მათ, რაც არც ისე ადვილი იქნებოდა წარღვნამდელ ბოროტ ქვეყნიერებაში (დაბ. 6:5). როგორც მშობლებს, როგორ შეგიძლიათ ყველაფერი „სწორედ ისე“ გააკეთოთ, როგორც იეჰოვა გეუბნებათ? მოუსმინეთ იეჰოვას! მიეცით მას საშუალება, რომ შვილების აღზრდის დროს თავისი სიტყვითა და ორგანიზაციის მიერ მოწვდილი მითითებებით გიხელმძღვანელოთ. მაგრამ მშობლების ძალისხმევის მიუხედავად, ზოგიერთი ბავშვი ტოვებს ორგანიზაციას. ასეთ მშობლებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს შვილებისთვის ჭეშმარიტების ჩასანერგად, სუფთა სინდისი აქვთ. ისინი არ კარგავენ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი შვილი დაუბრუნდება იეჰოვას. w18.03 30 ¶10, 11

შაბათი, 2 თებერვალი

იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები (1 პეტ. 4:9).

შეიძლება გდომებიათ სტუმრების დაპატიჟება, მაგრამ თავი შეგიკავებიათ სიმორცხვის გამო; შეიძლება არ იცოდით, რაზე გელაპარაკათ და ფიქრობდით, რომ თქვენთან მოიწყენდნენ. ზოგი ღარიბულად ცხოვრობს და ფიქრობს, რომ ისე ვერ გაუმასპინძლდება სტუმრებს, როგორც კრების სხვა წევრები. მთავარი კარგად მოწყობილი სახლი კი არ არის, არამედ წესრიგი, სისუფთავე და სტუმრის დაპატიჟების სურვილი. მთავარია, რომ სტუმართმოყვარეობას სიყვარულით ავლენდეთ და არ წუხდეთ. სტუმრების მიმართ გულწრფელი ინტერესის გამოვლენა ყოველთვის სასიამოვნოა (ფილ. 2:4). უმეტესობას მოსწონს თავისი ამბების მოყოლა. შეიძლება მხოლოდ ასეთი შეხვედრების დროს მიეცეთ სხვებს იმის საშუალება, რომ ჩვენ შესახებ მეტი გაიგონ. ერთი უხუცესი აღნიშნავს: „კრების წევრების სახლში დაპატიჟება საშუალებას მაძლევს, უკეთ გავიცნო ისინი და გავუგო მათ. განსაკუთრებით მომწონს იმის მოსმენა, თუ როგორ გაიგეს მათ ჭეშმარიტება“. ერთად შეკრება სასიამოვნო ხდება, როცა ერთმანეთის მიმართ გულწრფელ ინტერესს ვავლენთ. w18.03 17 ¶15—17

კვირა, 3 თებერვალი

რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე (საქ. 22:16).

ქრისტიან მშობლებს სურთ, რომ შვილს გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარონ. მათ ესმით, რომ ნათლობის უმიზეზოდ გაჭიანურებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მათი შვილის სულიერობას (იაკ. 4:17). კარგია, როცა მშობლებს შვილის ნათლობამდე სურთ, დარწმუნდნენ, რომ ის ნამდვილად მზად არის, საკუთარ თავზე აიღოს ქრისტეს მოწაფეობის პასუხისმგებლობა. არაერთმა სარაიონო ზედამხედველმა შენიშნა, რომ ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი 20 წლამდე ან ცოტათი უფროსი ასაკის ზოგიერთი ახალგაზრდა ჯერ კიდევ არ არის მონათლული. არადა მათგან უმეტესობა კრების შეხვედრებსაც ესწრება და მსახურებაშიც იღებს მონაწილეობას. ისინი თავს იეჰოვას მოწმეებად მიიჩნევენ, თუმცა მიძღვნასა და ნათლობას არ ჩქარობენ. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ზოგს მშობელი უბიძგებს, რომ არ იჩქაროს ამ ნაბიჯის გადადგმა. w18.03 8 ¶1, 2

ორშაბათი, 4 თებერვალი

[გქონდეთ] ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა (რომ. 15:5).

ქრისტეს აზროვნება რომ გვქონდეს საჭიროა, ვიცოდეთ, როგორ აზროვნებდა ის და როგორი პიროვნება იყო, შემდეგ კი მივყვეთ მის ნაკვალევს. იესო მთლიანად ღმერთთან ურთიერთობაზე იყო კონცენტრირებული. ასე რომ, მისი მიბაძვა იეჰოვასთან დაახლოებაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ იესოს მსგავსად აზროვნება. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? იესოს მოწაფეები ხედავდნენ მის სასწაულებს, ისმენდნენ მის ქადაგებებს, აკვირდებოდნენ, როგორ ეპყრობოდა ის ადამიანებს და როგორ იყენებდა ღვთის პრინციპებს (საქ. 10:39). ჩვენ არ შეგვიძლია მათ მსგავსად დავაკვირდეთ იესოს. მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, გვქონოდა სახარებები, რომლებიც იესოს პიროვნების ცოცხლად წარმოსახვაში გვეხმარება. ბიბლიის წიგნების — მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებების კითხვისას და მათზე ფიქრისას „ქრისტეს გონებას“ ჩვენს გონებაზე მოქმედების საშუალებას ვაძლევთ. შედეგად, შეგვიძლია ერთგულად მივყვეთ მის ნაკვალევს და აღვიჭურვოთ იმავე განწყობით, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (1 პეტ. 2:21; 4:1). w18.02 22 ¶15, 16

სამშაბათი, 5 თებერვალი

რწმენა მოსმენილისგან მოდის (რომ. 10:17).

კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში ღვთის ერთგული მამაკაცები და ქალები ღმერთს სამი ძირითადი საშუალებით ეცნობოდნენ: ისინი აკვირდებოდნენ ხილულ ქმნილებებს, სწავლობდნენ სხვა ღვთისმოშიში ადამიანებისგან და საკუთარი გამოცდილებით რწმუნდებოდნენ, რომ ღვთის სამართლიანი ნორმებისა და პრინციპების დაცვას კურთხევები მოჰყვება (ეს. 48:18). შემოქმედებაზე დაკვირვებით ნოე არა მხოლოდ ღვთის არსებობის უამრავ მტკიცებას დაინახავდა, არამედ მის ბევრ ისეთ უხილავ თვისებასაც გაეცნობოდა, როგორიცაა „მარადიული ძლიერება და ღვთაებრიობა“ (რომ. 1:20). შედეგად, ნოემ უბრალოდ კი არ დაიჯერა ღვთის არსებობა, არამედ ძლიერი რწმენა განივითარა მის მიმართ. იეჰოვას შესახებ ალბათ, ნათესავებისა და ოჯახის წევრებისგან გაიგო. მათ შორის იყო მამამისი ლამექი, რომელიც მორწმუნე კაცი იყო; როცა ის დაიბადა, ადამი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო; აგრეთვე მათ შორის იყვნენ პაპამისი მეთუშალახი და დიდი პაპა იარედი. ნოე 366 წლისა იყო, როცა იარედი მოკვდა (ლუკ. 3:36, 37). როგორც უნდა ყოფილიყო, ნოემ გულთან ახლოს მიიტანა მოსმენილი, რამაც ის ღვთის მსახურებისკენ აღძრა (დაბ. 6:9). w18.02 9 ¶4, 5

ოთხშაბათი, 6 თებერვალი

მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ (ეფეს. 4:26).

თავს განადგურებულად ვგრძნობთ, როცა თანაქრისტიანი ან ოჯახის წევრი სიტყვით ან საქმით ტკივილს გვაყენებს. მაშინაც კი, თუ ვერ ვივიწყებთ მომხდარს, დავუშვებთ, რომ თანაქრისტიანის მიმართ წყენა წლების მანძილზე გაგვყვეს? გავითვალისწინებთ ბიბლიაში ჩაწერილ ბრძნულ პრინციპებს და მალევე მოვაგვარებთ უთანხმოებას? რაც უფრო გავაჭიანურებთ ურთიერთობის მოგვარებას, მით უფრო გაგვიჭირდება თანაქრისტიანთან მშვიდობის აღდგენა. რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ მასთან მშვიდობა აღადგინოთ? უპირველესად იეჰოვას მიმართეთ ლოცვით. სთხოვეთ მას, დაგეხმაროთ, რომ თანაქრისტიანთან პრობლემაზე საუბრის დროს თქვენი სიტყვები დამთრგუნველი კი არა, გამამხნევებელი იყოს. არ დაივიწყოთ, რომ ისიც იეჰოვას მეგობარია (ფსალმ. 25:14). იეჰოვა თავის მეგობრებს კეთილად ეპყრობა და იმავეს მოელის ჩვენგანაც (იგავ. 15:23; მათ. 7:12; კოლ. 4:6). წინასწარ იფიქრეთ, რას ეტყვით. ნუ დაასკვნით, რომ მან შეგნებულად გაწყენინათ. დაუშვით ის აზრი, რომ შეიძლება თქვენ თავად მიგიძღვით ბრალი პრობლემის შექმნაში. w18.01 10 ¶15, 16

ხუთშაბათი, 7 თებერვალი

როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი (იოან. 13:34).

უსიყვარულო ადამიანებისგან განსხვავებით, იეჰოვას თაყვანისმცემლები ნამდვილ სიყვარულს ავლენენ სხვების მიმართ. ეს ოდითგანვე ასეა. იესომ თქვა, რომ ღვთის სიყვარულის შემდეგ მოყვასისადმი სიყვარული მეორე უდიდესი მცნება იყო მოსეს კანონში (მათ. 22:38, 39). იესომ ისიც თქვა, რომ ერთმანეთისადმი სიყვარული ჭეშმარიტი ქრისტიანების ამოსაცნობი ნიშანი იქნებოდა (იოან. 13:35). ქრისტიანულ სიყვარულს ისინი მტრების მიმართაც კი გამოავლენდნენ (მათ. 5:43, 44). იესოს ძალიან უყვარდა ადამიანები. ის ქალაქიდან ქალაქში დადიოდა და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებდა ხალხს, კურნავდა ბრმებს, კოჭლებს, კეთროვნებსა და ყრუებს. ის მკვდრებსაც კი აცოცხლებდა (ლუკ. 7:22). იესომ საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირა ადამიანებისთვის. მან სრულყოფილად მიჰბაძა ღმერთს სიყვარულში. იეჰოვას მოწმეები მთელ დედამიწაზე ავლენენ სხვების მიმართ ნამდვილ სიყვარულს. w18.01 29, 30 ¶11, 12

პარასკევი, 8 თებერვალი

ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით (ფილ. 4:13).

შეიძლება ძალიან ახალგაზრდა მოინათლე. თუმცა ყოველთვის წინასწარ ვერ განსაზღვრავ, რა სირთულეებს შეხვდები მომავალში. ნებისმიერ ვითარებაში ღვთის ერთგული რომ დარჩე, ყოველთვის უნდა გახსოვდეს იეჰოვას წინაშე უპირობოდ დადებული აღთქმა. ფაქტობრივად, შენ აღუთქვი უზენაეს ღმერთს, რომ იმ შემთხვევაშიც უერთგულებდი მას, თუ მშობლები ან მეგობრები შეწყვეტდნენ მისადმი მსახურებას (ფსალმ. 27:10). რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე, იეჰოვას დახმარებით შეგიძლია ძალა მოიკრიბო და მიძღვნის თანახმად იცხოვრო (ფილ. 4:11, 12). იეჰოვას სურს, რომ დაუმეგობრდე, თუმცა ძალისხმევა დაგჭირდება, რომ შეინარჩუნო მასთან მეგობრობა და იღვაწო საკუთარი თავის გადასარჩენად. ფილიპელების 2:12 მოგვიწოდებს: „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით“. იფიქრე იმაზე, როგორ შეინარჩუნო იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობა და სირთულეების მიუხედავად, მისი ერთგული დარჩე. ნუ იქნები თავდაჯერებული! მათგან ზოგიერთიც კი ასცდა სწორ გზას, ვინც დიდი ხნის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. w17.12 24 ¶4, 6, 7

შაბათი, 9 თებერვალი

მე . . . ნებაყოფლობით შემოგწირე ეს ყველაფერი (1 მატ. 29:17).

იეჰოვამ გვარგუნა პატივი, რომ მხარი დავუჭიროთ იმ დიდებულ საქმეს, რომელიც დღეს სრულდება. ის გვარწმუნებს, რომ სამეფოს მხარდაჭერა კურთხევებს მოგვიტანს (მალ. 3:10). ღმერთი გვპირდება, რომ ხელგაშლილი ადამიანი წარმატებული იქნება (იგავ. 11:24, 25). შესაწირავის გაღება დიდ სიხარულსაც გვგვრის, რადგან „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35). ჩვენ შეგვიძლია სიტყვითა და საქმით ვასწავლოთ შვილებსა და დაინტერესებულებს, რომ გაიღონ შესაწირავები და გაიხარონ კურთხევებით. ყველაფერი, რაც გვაქვს, იეჰოვასგანაა. როცა მისთვის შესაწირავს ვიღებთ, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის და ვაფასებთ ყველაფერს, რასაც ის ჩვენთვის აკეთებს. როცა ტაძრის ასაშენებლად შესაწირავები მიიტანეს, „გაახარა ხალხი ნებაყოფლობითი შესაწირავის გაღებამ, რადგან მთელი გულით გაიღეს მათ იეჰოვასთვის“ (1 მატ. 29:9). დაე ჩვენც ვიგრძნოთ სიხარული და კმაყოფილება, რომელიც იეჰოვასთვის შესაწირავის გაღებას მოაქვს. w18.01 21 ¶18, 19

კვირა, 10 თებერვალი

თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება (1 კორ. 15:23).

პირველი აღდგომა, ანუ ზეციერი აღდგომა, იესოს მოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიწყებოდა. დიდი გასაჭირის დროს დედამიწაზე მყოფი ცხებულები ატაცებულნი იქნებიან ღრუბლებში (1 თეს. 4:13—17; მათ. 24:31). ისინი შეიცვლებიან „უცბად, თვალის დახამხამებაში, უკანასკნელ საყვირზე“ (1 კორ. 15:51, 52). დღეს ერთგულ ქრისტიანთა დიდი ნაწილი ცხებული არ არის და არც ქრისტესთან ერთად ზეცაში მსახურებისთვის არის მოწოდებული. თუმცა ისინიც ელოდებიან „იეჰოვას დღეს“, როცა ეს ბოროტი ქვეყნიერება განადგურდება. ზუსტად არავინ იცის, როდის დადგება აღსასრული, მაგრამ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ის ძალიან ახლოსაა (1 თეს. 5:1—3). ამის შემდეგ კიდევ ერთი აღდგომა მოხდება — დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღდგებიან ადამიანები, რომელთაც გასრულყოფილებისა და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემათ. w17.12 11 ¶15; 12 ¶18, 19

ორშაბათი, 11 თებერვალი

სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება (იაკ. 3:16).

თუ ისეთ თვისებებს განვივითარებთ, როგორიცაა სიყვარული და სიკეთე, სხვების არ შეგვშურდება. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს“ (1 კორ. 13:4). შურიან ადამიანებად რომ არ ვიქცეთ, საჭიროა, საკითხებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ და და-ძმები ერთი სხეულის, კრების, ნაწილად მივიჩნიოთ. ეს დაგვეხმარება, გულისხმიერება გამოვავლინოთ და ვიცხოვროთ ღვთივშთაგონებული რჩევის თანახმად: „თუ სხეულის ერთი ნაწილი განდიდდება, მასთან ერთად ხარობს ყველა“ (1 კორ. 12:16—18, 26). თუ ასეთი თვალსაზრისი გვექნება, არ შეგვშურდება იმ და-ძმების, რომლებიც კურთხევებს იღებენ, პირიქით, გავიხარებთ მათთან ერთად. დავფიქრდეთ საულის ვაჟის, იონათანის მაგალითზე. მას არ შეშურებია, როცა დავითი სამეფო ტახტის მემკვიდრე გახდა; უფრო მეტიც, ის მხარში ედგა მას და ამხნევებდა (1 სამ. 23:16—18). მივბაძავთ იონათანს და გამოვავლენთ სიყვარულსა და სიკეთეს? w17.11 27 ¶10, 11

სამშაბათი, 12 თებერვალი

შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს და სიმართლით ამხილებს ხალხს (ეს. 11:3, 4).

იეჰოვამ კანონის შეთანხმების შესახებ ინფორმაცია თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით შემოგვინახა. მას სურს, რომ წვრილმანებს კი არ გამოვეკიდოთ, არამედ დავინახოთ „უფრო მნიშვნელოვანი“ — აღმატებული პრინციპები, რომლებიც ამ კანონებს უდევს საფუძვლად, და ცხოვრებაში გამოვიყენოთ ისინი (მათ. 23:23). მოსეს კანონი „ჭეშმარიტებისა და ცოდნის მონახაზი“ იყო, რომელიც გვაცნობს იეჰოვას და მის სამართლიან პრინციპებს (რომ. 2:20). მაგალითად, თავშესაფარი ქალაქების ღონისძიება ასწავლის უხუცესებს, როგორ გაასამართლონ „ჭეშმარიტი სამართლით“, თითოეულ ჩვენგანს კი გვასწავლის, როგორ მოვეპყროთ ერთმანეთს „სიკეთითა და წყალობით“ (ზაქ. 7:9). დღეს ჩვენ აღარ ვექვემდებარებით მოსეს კანონს, თუმცა ამ კანონების დამდგენი, იეჰოვა ღმერთი, არ შეცვლილა და მისთვის კვლავაც მნიშვნელოვანია, რომ მისი მსახურები სამართლიანობასა და წყალობას ავლენდნენ. რამხელა პატივია, თაყვანი ვცეთ ღმერთს, რომლის ანარეკლადაც ვართ შექმნილნი! მოდი მივბაძოთ მის შესანიშნავ თვისებებს და მასთან ვპოვოთ თავშესაფარი! w17.11 13, 14 ¶2, 3; 17 ¶18, 19

ოთხშაბათი, 13 თებერვალი

ბედნიერია კაცი, რომელმაც სიბრძნე იპოვა და კაცი, რომელმაც გამჭრიახობა შეიძინა (იგავ. 3:13).

სცენაზე გამოსული ძმა უნდა დარწმუნდეს, რომ მისი მოხსენება ბიბლიურ მუხლებზეა აგებული (იოან. 7:16). რა იგულისხმება ამაში? სიფრთხილეა საჭირო, რომ თქვენ მიერ მოყვანილმა შემთხვევებმა თუ მაგალითებმა ან თქვენმა გადმოცემის მანერამ არ დაჩრდილოს ბიბლიური აზრები ან მსმენელის ყურადღება ღვთის სიტყვიდან სხვა რამეზე არ გადაიტანოს. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ბიბლიური მუხლების უბრალოდ ამოკითხვა არ ნიშნავს, რომ ბიბლიიდან ასწავლით. ნურც ის დაგავიწყდებათ, რომ საჭიროზე მეტ ბიბლიურ მუხლს თუ წაიკითხავთ, მსმენელმა შეიძლება ვერც ერთი ვერ დაიმახსოვროს. ამიტომ შეარჩიეთ მთავარი მუხლები, აუჩქარებლად წაიკითხეთ ისინი, ახსენით, მოიყვანეთ მაგალითი და დაანახვეთ მსმენელს პრაქტიკული ღირებულება (ნეემ. 8:8). შეეცადეთ, დაინახოთ კავშირი გეგმაში მოყვანილ აზრსა და მითითებულ მუხლს შორის. რაც ყველაზე მთავარია, სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ შეძლოთ მის სიტყვაში მოცემული ღრმა აზრების გადმოცემა (ეზრ. 7:10). w17.09 26 ¶11, 12

ხუთშაბათი, 14 თებერვალი

დამიბრუნდით . . . და მეც დაგიბრუნდებით (ზაქ. 1:3).

იეჰოვას მიძღვნილი ხალხისთვის ძვ. წ. 537 წელი განსაკუთრებით სასიხარულო იყო. ბაბილონში 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და დიდი ენთუზიაზმით შეუდგნენ იერუსალიმში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენას. ტაძარს საძირკველი მათ ერთ წელიწადში ჩაუყარეს (ძვ. წ. 536). მშენებლობა საძირკვლის ჩაყრიდან თექვსმეტი წლის შემდეგაც კი არ იყო დასრულებული. ღვთის ხალხს შეხსენება სჭირდებოდა, რომ უნდა დაბრუნებოდნენ იეჰოვას და საკუთარ კეთილდღეობაზე წინ მისი საქმე დაეყენებინათ. ძვ. წ. 520 წელს ღმერთმა მათ ზაქარია წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რათა მათთვის ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი შეეხსენებინა. სახელი ზაქარია, რომელიც ნიშნავს „ახსოვს იეჰოვას“, მნიშვნელოვან აზრს ატარებს. ისრაელებს დაავიწყდათ, რომ ისინი იეჰოვამ იხსნა, მაგრამ ღმერთს არასდროს დავიწყებია თავისი ხალხი (ზაქ. 1:3, 4). იეჰოვამ დაარწმუნა ისრაელები, რომ დაეხმარებოდა წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში, თუმცა გააფრთხილა, რომ უგულო თაყვანისცემას არ მოიწონებდა. w17.10 21, 22 ¶2, 3

პარასკევი, 15 თებერვალი

კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ (ეფეს. 4:32).

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ თანაგრძნობის გამოვლენა დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, განწყობასა და სხვებთან ურთიერთობაზე. თუ სხვებს ტანჯვას შეუმსუბუქებთ, თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ, უფრო ოპტიმისტურად იქნებით განწყობილი, ნაკლებად დაგეუფლებათ მარტოობის გრძნობა და ნაკლებად მოგეძალებათ უარყოფითი აზრები. ასე რომ, თანაგრძნობის გამოვლენა თქვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება. იმ ქრისტიანებს, რომლებიც სიყვარულით ცდილობენ სხვების დახმარებას, სუფთა სინდისი აქვთ, რადგან ესმით, რომ ბიბლიური პრინციპების თანახმად მოქმედებენ. თანაგრძნობა გვეხმარება, ვიყოთ უფრო მზრუნველი მშობლები, უკეთესი მეუღლეები და მეგობრები. თანამგრძნობ ადამიანს სხვებიც გვერდში უდგანან გასაჭირში (მათ. 5:7; ლუკ. 6:38). თანაგრძნობას მხოლოდ იმიტომ კი არ უნდა ვავლენდეთ, რომ ეს ჩვენზე სასიკეთოდ მოქმედებს, არამედ იმიტომ, რომ გვსურს, მივბაძოთ ჩვენს მოსიყვარულე და თანამგრძნობ ღმერთს, იეჰოვას, და ამგვარად განვადიდოთ იგი (იგავ. 14:31). w17.09 12 ¶16, 17

შაბათი, 16 თებერვალი

დაჯდება თავის ტახტზე და იმმართველებს, იჯდება თავის ტახტზე და მღვდლობასაც გასწევს (ზაქ. 6:13).

მეფისა და მღვდელმთავრის უფლებამოსილებით აღჭურვილ იესოს იეჰოვას ტაძრის აშენებაც დაევალა. სულიერი ტაძრის ასაშენებლად იესომ 1919 წელს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დიდი ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლა. მან აღადგინა ქრისტიანული კრება და აირჩია „ერთგული და გონიერი მონა“, რომელიც ხელმძღვანელობას გაუწევდა დიდებული სულიერი ტაძრის მიწიერ ეზოებში მიმდინარე სამუშაოს (მათ. 24:45). მას შემდეგ იესო წმენდს ღვთის ხალხს და მათ წმინდა მსახურების შესრულებაში ეხმარება (მალ. 3:1—3). ათასწლიანი მმართველობის დროს ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი და მღვდელი ერთგულ ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ. ამის შემდეგ განწმენდილ დედამიწაზე მხოლოდ ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები იქნებიან და წმინდა თაყვანისმცემლობა სრულად აღდგება! w17.10 29 ¶15, 16

კვირა, 17 თებერვალი

იქ [თავშესაფარ ქალაქში] იცხოვროს წმინდა ზეთით ცხებული მღვდელმთავრის სიკვდილამდე (რიცხ. 35:25).

წყალობის მისაღებად უნებლიე მკვლელობის ჩამდენს სწრაფად უნდა ემოქმედა. ის უახლოეს თავშესაფარ ქალაქში უნდა გაქცეულიყო (იეს. 20:4). ძნელი წარმოსადგენია, ვინმეს არ გაეთვალისწინებინა ეს მითითება, რადგან მისი სიცოცხლე ამ ქალაქისთვის დაუყოვნებლივ თავის შეფარებასა და იქ დარჩენაზე იყო დამოკიდებული! ეს მისი მხრიდან მსხვერპლს მოითხოვდა. მას უნდა დაეტოვებინა სამუშაო, საკუთარი სახლ-კარი და მღვდელმთავრის სიკვდილამდე ქალაქიდან არ უნდა გასულიყო. მაგრამ ეს ყველაფერი ღირდა ძალისხმევად. ღვთის წყალობის მისაღებად მომნანიებელ შემცოდველებს დღესაც მოეთხოვებათ მოქმედება. მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიატოვონ არასწორი გზა და არა მხოლოდ სერიოზულ ცოდვებს გაექცნენ, არამედ შედარებით პატარა ცოდვებსაც, რომლებსაც ადამიანი ხშირად მძიმე ცოდვამდე მიჰყავს. როცა გულწრფელად ვცდილობთ, რომ მივატოვოთ ცოდვილი გზა, იეჰოვას ვაჩვენებთ, რომ ვწუხვართ ჩვენი საქციელის გამო და მისი წყალობით ბოროტად არ ვსარგებლობთ (2 კორ. 7:10, 11). w17.11 10, 11 ¶10, 11

ორშაბათი, 18 თებერვალი

იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე (1 პეტ. 4:9).

იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ და-ძმების მიმართ ხელგაშლილები ვიყოთ (1 იოან. 3:17). რა თქმა უნდა, ეს სწორი მოტივით, ყოველგვარი ეგოიზმის გარეშე უნდა გავაკეთოთ. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: სტუმართმოყვარეობას, ძირითადად, მეგობრების, პასუხისმგებელი ძმების ან მათ მიმართ ხომ არ ვავლენ, ვისაც შეუძლია ჩემთვისაც იგივე გააკეთოს? თუ ვცდილობ, მათ მიმართ ვიყო ხელგაშლილი, ვისაც კარგად არ ვიცნობ ან ვისაც არაფერი აქვს, რომ გადამიხადოს? (ლუკ. 14:12—14). როგორ მოვექცევით იმ თანაქრისტიანს, რომელმაც თავისი დაუდევრობით ფინანსური პრობლემები შეიქმნა ან მადლობაც კი არ გადაგვიხადა სტუმართმოყვარეობისთვის? ასეთ დროს საჭიროა, გავითვალისწინოთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი რჩევა. თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევას და სწორი მოტივით გასცემთ, თქვენც იგრძნობთ სიხარულსა და კმაყოფილებას (საქ. 20:35). w17.10 9 ¶12

სამშაბათი, 19 თებერვალი

როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?! (დაბ. 39:9)

ფოტიფარის ცოლმა თვალი დაადგა იოსებს, რადგან ის „ტანად და თვალად მშვენიერი კაცი იყო“. ქალი ყოველდღე ელაპარაკებოდა იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო. მაგრამ იოსები არასდროს დაჰყოლია მის ნებას. ერთხელ, როცა ქალი ძალით შეეცადა მის დაყოლიებას, იოსები გაიქცა. რას ვსწავლობთ იოსების მაგალითიდან? პირველი, ღვთის კანონები რომ არ დავარღვიოთ, უნდა გავექცეთ ცდუნებას (იგავ. 1:10). იეჰოვას მოწმეთაგან ზოგი წარსულში გადამეტებულად ჭამდა, ლოთობდა, სიგარეტს ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა და უზნეობას ჩადიოდა. მათ შეიძლება მონათვლის შემდეგაც კი ჰქონდეთ ცდუნება, რომ ძველ საქმეებს დაუბრუნდნენ. თუ თქვენც დადგებით ღვთის კანონის დარღვევის ცდუნების წინაშე, ნუ აჩქარდებით! იფიქრეთ იმ სულიერ ზიანზე, რასაც თავშეუკავებლობა და არასწორი სურვილების აყოლა მოგიტანთ. შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, რა სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდეთ ცდუნების წინაშე და როგორ შეძლებთ ამ სიტუაციების თავიდან არიდებას (ფსალმ. 26:4, 5; იგავ. 22:3). თუ ოდესმე ასეთი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე და თავშეკავება, რომ გაუმკლავდეთ მას. w17.09 4, 5 ¶8, 9

ოთხშაბათი, 20 თებერვალი

შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ (ლუკ. 16:9).

ჩვენ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა და ჩვენი მდგომარეობა ნამდვილი სიმდიდრის შესაძენად უნდა გამოვიყენოთ, რაც იეჰოვასთან დამეგობრების ერთ-ერთი საშუალებაა. აბრაამმა, რომელსაც დიდი რწმენა ჰქონდა, ღმერთთან მეგობრობის შესანარჩუნებლად დატოვა კეთილმოწყობილი ქალაქი ური და კარვებში ცხოვრობდა (ებრ. 11:8—10). ის ღმერთს მიიჩნევდა ნამდვილი სიმდიდრის წყაროდ და არ ისწრაფოდა გამდიდრებისკენ, რაც ღვთისადმი უნდობლობის მაჩვენებელი იქნებოდა (დაბ. 14:22, 23). ახალგაზრდა მდიდარ მამაკაცს იესომ მსგავსი რწმენის გამოვლენისკენ მოუწოდა: „თუ გინდა, სრულყოფილი იყო, წადი, გაყიდე შენი ქონება, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში; მერე მოდი და გამომყევი“ (მათ. 19:21). ამ ახალგაზრდას არ ჰქონდა ისეთივე ძლიერი რწმენა, როგორიც აბრაამს, თუმცა ღვთისადმი სრული ნდობა ღვთის ბევრმა მსახურმა გამოავლინა. w17.07 10 ¶12

ხუთშაბათი, 21 თებერვალი

[იეჰოვა] დაჰპირდა, რომ საკუთრებად მისცემდა [აბრაამს] ამ ქვეყანას, მის შემდეგ კი მის შთამომავლობას, თუმცა იმ დროს ჯერ არ ჰყავდა შვილი (საქ. 7:5).

აღსანიშნავია, რომ მისი შთამომავლობა, რომელსაც აღთქმული მიწა უნდა დაემკვიდრებინა, აბრაამის მიერ მდინარე ევფრატის გადაკვეთიდან მხოლოდ 430 წლის შემდეგ ჩამოყალიბდა ერად (გამ. 12:40—42; გალ. 3:17). აბრაამი მზად იყო, დალოდებოდა იეჰოვას, რადგან მოთმინებაში რწმენა ეხმარებოდა (ებრ. 11:8—12). მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ მოესწრო იეჰოვას დაპირების ბოლომდე შესრულებას, სიხარული არ დაუკარგავს. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს აბრაამს სამოთხეში დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომა. ალბათ, ძალიან ესიამოვნება იმის გაგება, რომ ბიბლიაში როგორც მის, ისე მისი შთამომავლების ისტორიას არაერთი თავი დაეთმო. უბრალოდ დაფიქრდით, როგორ გაიხარებს აბრაამი, როცა გაიგებს, რამხელა როლი ითამაშა შთამომავალთან დაკავშირებით იეჰოვას დაპირების შესრულებაში. ცხადია, ის იმ დასკვნამდე მივა, რომ ამდენ ხანს ლოდინი ნამდვილად ღირდა. w17.08 5, 6 ¶10, 11

პარასკევი, 22 თებერვალი

ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები . . . უწმინდურება (კოლ. 3:5).

„უწმინდურებად“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე ფართო მნიშვნელობით გამოიყენება და მასში სექსუალური ხასიათის ცოდვაზე მეტი იგულისხმება. უწმინდურებაში შეიძლება შედიოდეს ისეთი საზიანო ჩვევები, როგორიცაა სიგარეტის მოწევა და უხამსი ხუმრობა (2 კორ. 7:1; ეფეს. 5:3, 4). გარდა ამისა, ამაში იგულისხმება უწმინდური საქციელი, რომელსაც ადამიანი მარტო ყოფნის დროს ჩადის, მაგალითად, კითხულობს სექსუალური სურვილების აღმძვრელ მასალას ან უყურებს პორნოგრაფიას, რამაც შეიძლება ის მასტურბაციამდე მიიყვანოს. ადამიანი, რომელსაც პორნოგრაფიის ყურება ჩვევაში გადასდის, ვეღარ აკონტროლებს ხორციელ სურვილებს და შეიძლება სექსზე დამოკიდებული გახდეს. კვლევებმა ცხადყო, რომ ადამიანი, რომელსაც პორნოგრაფიის ყურების დაუცხრომელი სურვილი აქვს, ისევე დამოკიდებული ხდება მასზე, როგორც ალკოჰოლიკი — სასმელზე და ნარკომანი — ნარკოტიკზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პორნოგრაფიის ყურებას ცუდი შედეგები მოყვება, მაგალითად სირცხვილის გრძნობა, შრომის ნაყოფიერების შემცირება, უბედური ოჯახური ცხოვრება და განქორწინება. ზოგჯერ ასეთი ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან. w17.08 19 ¶8, 9

შაბათი, 23 თებერვალი

მან გააძლიერა შენი კარიბჭეების ურდულები, მან გიკურთხა ძეები. მშვიდობას აძლევს შენს მხარეს (ფსალმ. 147:13, 14).

როცა იერუსალიმის აღდგენაზე ფიქრობდა, ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას შესახებ ზემოხსენებული სიტყვები თქვა. ფსალმუნმომღერალს ამხნევებდა იმაზე ფიქრი, რომ ღმერთი ამაგრებდა ქალაქის კარიბჭეებს თავისი თაყვანისმცემლების დასაცავად. თქვენც შეიძლება გაგიჩინოთ საწუხარი სირთულეებმა. იეჰოვა მოგცემთ სიბრძნეს, რომ დაძლიოთ ისინი. ფსალმუნის დამწერი ამბობს, რომ იეჰოვა „თავის სიტყვას აგზავნის დედამიწაზე, მიქრის მისი სიტყვა. თოვლს მატყლივით იძლევა, ნაცარივით ფანტავს თრთვილს. ნამცეცებივით ყრის ყინულს“. შემდეგ სვამს კითხვას: „ვინ გაუძლებს მის სუსხს?“. შემდეგ კი დასძენს, რომ იეჰოვა „აგზავნის თავის სიტყვას და ადნობს მათ“ (ფსალმ. 147:15—18). ჩვენს ყოვლადბრძენ და ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელსაც ძალაუფლება აქვს ყინვასა და თოვლზე, შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლება გადაგალახვინოთ. w17.07 20 ¶14, 15

კვირა, 24 თებერვალი

შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი (გამოცხ. 4:11).

იეჰოვას აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი, მისი მმართველობა უბადლოა და მთელი გულით უნდა დავუჭიროთ მხარი მის უზენაესობას. რატომ? იმიტომ, რომ მან შექმნა ყველაფერი. ამიტომ მას აქვს სრული უფლება, იმმართველოს ადამიანებზეც და სულიერ ქმნილებებზეც. სატანას არაფერი შეუქმნია. შესაბამისად, მას არც სამყაროს მართვაზე აქვს პრეტენზიის უფლება. პირველ ადამიანებთან ერთად ის კადნიერად მოიქცა და იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წავიდა (იერ. 10:23). როგორც ნების თავისუფლების მქონეთ, მათ შეეძლოთ, ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება აერჩიათ. მაგრამ ჰქონდათ ამის უფლება? რა თქმა უნდა, არა! ნების თავისუფლება საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიურად სხვადასხვა არჩევანი გავაკეთოთ. თუმცა ის არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ჩვენი შემოქმედისა და სიცოცხლის მბოძებლის წინააღმდეგ წავიდეთ. ღვთისადმი ურჩობა ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენება იქნებოდა. ამიტომ ყველას გვმართებს, იეჰოვას სამართლიან მმართველობას დავემორჩილოთ. w17.06 27, 28 ¶2—4

ორშაბათი, 25 თებერვალი

ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და . . . მსახურება (საქ. 20:24).

თუ ვაფასებთ ჩვენს მსახურებას, პავლე მოციქულის მსგავსად დევნის დროსაც არ შევწყვეტთ ქადაგებას (საქ. 14:19—22). 1930-იან წლებსა და 1940-იანი წლების დასაწყისში ჩვენი ძმები ძლიერ წინააღმდეგობას შეხვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა მათ პავლეს მსგავსად მტკიცე პოზიცია დაიკავეს და ქადაგება არ შეწყვიტეს. ქადაგების უფლების დასაცავად ძმებმა სასამართლოებში არაერთი სარჩელი შეიტანეს. 1943 წელს ძმა ნეითან ნორმა შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი გამარჯვების მოპოვების შემდეგ თქვა: „ბრძოლის გარეშე ამ გამარჯვებების მოპოვება შეუძლებელი იქნებოდა.. . . საბოლოოდ ასეთ გამარჯვებას უფლის ხალხის სიმტკიცე განაპირობებს“. ასე რომ, თუ მსახურება გვეყვარება, დევნა ვერ შეგვაჩერებს. თუ მსახურებას იეჰოვასგან ბოძებულ განძად მივიჩნევთ, უბრალოდ დროს არ გავიყვანთ. პირიქით, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საფუძვლიანად დავამოწმოთ სასიხარულო ცნობა (2 ტიმ. 4:5). w17.06 11, 12 ¶11, 12

სამშაბათი, 26 თებერვალი

გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით (მათ. 22:37).

სწორედ ღვთისადმი ძლიერი სიყვარული გვეხმარება, დავემორჩილოთ მის მითითებებს, გამოვავლინოთ მოთმინება და შევიძულოთ ბოროტება (ფსალმ. 97:10). ამიტომაც ცდილობენ სატანა და მისი ქვეყნიერება, რომ ღვთისადმი სიყვარული დაგვაკარგვინონ. დღეს ქვეყნიერებაში დამახინჯებული შეხედულებაა გავრცელებული სიყვარულზე. შემოქმედის ნაცვლად, ადამიანებს საკუთარი თავი უყვართ (2 ტიმ. 3:2). სატანის მართული ქვეყნიერება ხალხს „ხორცის სურვილსა [და] თვალთა სურვილს“ უღვივებს და „ქონებით ტრაბახისკენ“ აღძრავს (1 იოან. 2:16). მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანები ეგოისტური სურვილების შესახებ გააფრთხილა: „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს . . . [და] ღვთის მტრობას ნიშნავს“ (რომ. 8:6, 7). სინამდვილეში ისინი, ვინც მთელი ცხოვრება ისწრაფოდნენ მატერიალური ნივთების დაგროვების ან სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებისკენ, გულგატეხილები და იმედგაცრუებულები დარჩნენ (1 კორ. 6:18; 1 ტიმ. 6:9, 10). w17.05 18 ¶5, 6

ოთხშაბათი, 27 თებერვალი

ვისაც მუშაობა არ უნდა, ის ნურც შეჭამს (2 თეს. 3:10).

როდესაც ლტოლვილი და-ძმები, მადლიერებას ავლენენ და არაფერს მოითხოვენ, ადგილობრივ და-ძმებს სიხარულით გაცემას უადვილებენ. მუდმივად სხვის ხარჯზე ცხოვრებამ შეიძლება ლტოლვილებს პირადი ღირსების გრძნობა დაუკარგოს და და-ძმებთან ურთიერთობა გაუფუჭოს (2 თეს. 3:7—9). მაგრამ ფაქტია, რომ მათ პრაქტიკული დახმარება სჭირდებათ. ამისთვის კი სულაც არ არის საჭირო ბევრი ფული. მათ ძირითადად ჩვენი დრო და ყურადღება სჭირდებათ. ჩვენ შეგვიძლია ვასწავლოთ მათ, როგორ ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სად იყიდონ ჯანსაღი საკვები იაფად ან სად შეიძინონ სამუშაო იარაღები, რათა თავიანთი შემოსავალი ჰქონდეთ. რაც უფრო მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, თავი კრების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. თუ შესაძლებელია, შესთავაზეთ კრების შეხვედრებზე წაყვანა. ასწავლეთ მათ, როგორ უქადაგონ ადგილობრივებს და თან წაიყვანეთ მსახურებაში. w17.05 5 ¶11, 12

ხუთშაბათი, 28 თებერვალი

განივითარეთ წმინდა სიტყვიდან მომდინარე სუფთა რძისადმი სწრაფვა, რომ მისით გაიზარდოთ და გადარჩეთ (1 პეტ. 2:2).

ხორციელად მოაზროვნე ადამიანებს უჭირთ, რომ მატერიალურ ნივთებზე გაწონასწორებული შეხედულება ჰქონდეთ, რადგან სულიერი განსჯა აქვთ დაქვეითებული (1 კორ. 2:14). ვინაიდან დაჩლუნგებული აქვთ აღქმის უნარი, სწორისა და არასწორის გარჩევაც უძნელდებათ (ებრ. 5:11—14). შედეგად, ზოგს მატერიალური ნივთების მოხვეჭის გაუკონტროლებელი სურვილი უჩნდება, რომლის ბოლომდე დაკმაყოფილებაც შეუძლებელია (ეკლ. 5:10). საბედნიეროდ არსებობს საშუალება, რომელიც მატერიალისტური აზროვნების მომწამლავი გავლენისგან გვიცავს. ეს არის ღვთის სიტყვის, ბიბლიის რეგულარულად კითხვა. როგორც იესოს დაეხმარა ღვთის სიტყვაზე ფიქრი, რომ არ აჰყოლოდა ცდუნებას, ისე დაგვეხმარება ჩვენც ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება, რომ მატერიალისტურ სურვილებს არ ავყვეთ (მათ. 4:8—10). ამგვარად დავუმტკიცებთ იესოს, რომ მატერიალურ ნივთებზე მეტად ის გვიყვარს. w17.05 26 ¶17

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება