მარტი
პარასკევი, 1 მარტი
თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად (ფილ. 2:3).
არის კრებაში ისეთი ვინმე, ვინც გაღიზიანებთ? ამ ადამიანის მიმართ დამოკიდებულებას ვერ შეიცვლით და უარყოფით გრძნობებს ვერ დაძლევთ, თუ არაფერს იღონებთ მასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ბიბლიაში ნათქვამია, რომ სტუმართმოყვარეობით მტრის შემორიგებაც კი შეგვიძლია (იგავ. 25:21, 22). ეს თქვენც დაგეხმარებათ უთანხმოების მოგვარებაში და გულს მოგილბობთ. ამ დროს უკეთ დაინახავთ ადამიანის კარგ თვისებებს, რომელთა გამოც იეჰოვამ ის თავისკენ მიიზიდა (იოან. 6:44). თუ სტუმართმოყვარეობისკენ სიყვარული გიბიძგებთ, ამ ადამიანის დაპატიჟება შეიძლება სრულიად სხვაგვარი ურთიერთობის კარგი დასაწყისი გახდეს. როგორ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, რომ ამისკენ სიყვარული გიბიძგებთ? ამაში დაგეხმარებათ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი რჩევა. თუ ვიფიქრებთ, რომ და-ძმები ჩვენზე აღმატებულები არიან, მაგალითად თავიანთი რწმენით, მოთმინებით, სიმამაცით ან სხვა ქრისტიანული თვისებებით, უფრო გაგვიძლიერდება მათდამი სიყვარული და მათ მიმართ სტუმართმოყვარეობის გამოვლენის გულწრფელი სურვილი გაგვიჩნდება. w18.03 17 ¶18, 19
შაბათი, 2 მარტი
[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9).
ზოგიერთი მშობლისთვის ღვთის მორჩილების ერთ-ერთი უდიდესი გამოცდა გარიცხულ შვილთან ურთიერთობაა. განვიხილოთ ერთი დის მაგალითი, რომლის გარიცხული ქალიშვილიც სახლიდან წავიდა. ეს და ამბობს: „ჩვენს პუბლიკაციებში ხელჩასაჭიდ აზრებს ვეძებდი, რომ შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობა მქონოდა. მაგრამ ქმარმა რბილად დამანახვა, რომ ის უკვე იეჰოვას ხელში იყო და არ უნდა ჩავრეულიყავით მისი აღზრდის პროცესში“. რამდენიმე წლის შემდეგ მათი ქალიშვილი დაბრუნდა კრებაში. „ის ძალიან გვაფასებს, რადგან ხვდება, რომ იეჰოვას ვემორჩილებოდით. დღეს ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს,“ — ამბობს დედა. თუ თქვენი შვილიც გარიცხულია, მიენდობით „იეჰოვას მთელი გულით“ და შეეცდებით, რომ საკუთარ გონებას არ დაეყრდნოთ? (იგავ. 3:5, 6). მიენდეთ იეჰოვას აღმზრდელობით ზომებსა და ხელმძღვანელობას. ეს მაშინაც გააკეთეთ, როცა თქვენთვის, როგორც მშობლისთვის, მტკივნეულია იმის კეთება, რასაც იეჰოვა ითხოვს. ასე რომ, მხარი დაუჭირეთ ღვთის აღმზრდელობით ზომებს და ნუ წახვალთ მათ წინააღმდეგ. w18.03 31 ¶12, 13
კვირა, 3 მარტი
წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი (მათ. 28:19).
ბიბლია არ ადგენს ნათლობის კონკრეტულ ასაკს. ბერძნული სიტყვა, რომელიც მათეს 28:19-ში ითარგმნება მოწაფეების მომზადებად, გულისხმობს ვინმესთვის სწავლებას იმ მიზნით, რომ ის მოწაფე ან მიმდევარი გახდეს. მოწაფე არის ის, ვინც სწავლობს, სწვდება იესოს სწავლებებს და გადაწყვეტილი აქვს, მათ თანახმად იცხოვროს. აქედან გამომდინარე, ქრისტიანი მშობლების მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვილობიდანვე ასწავლონ შვილებს, რათა საბოლოოდ ისინი მოინათლონ და ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. ცხადია, ჩვილი ვერ იქნება მზად ნათლობისთვის. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ბავშვებსაც შეუძლიათ ჩასწვდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას და დააფასონ ის. მაგალითად, ტიმოთემ ჭეშმარიტება ბავშვობიდანვე გაითავისა. ის ძლიერი რწმენის მქონე ადამიანად ჩამოყალიბდა (2 ტიმ. 1:5; 3:14, 15). დაახლოებით 20 წლის ასაკში ტიმოთე უკვე ქრისტეს მოწაფე იყო და მზად იყო უფრო მეტი პასუხისმგებლობების შესასრულებლად (საქ. 16:1—3). w18.03 9 ¶4, 5
ორშაბათი, 4 მარტი
განიახლოთ გონების აღმძვრელი ძალა (ეფეს. 4:23).
როცა ღვთის მსახურები გავხდით, მთლიანად გარდავიქმენით. ამან ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე მოიცვა. თუმცა გარდაქმნის პროცესი ნათლობით არ დასრულებულა. ვინაიდან არასრულყოფილები ვართ, ცვლილებების მოხდენა ყოველთვის გვჭირდება (ფილ. 3:12, 13). არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, თითოეული უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: „ვატყობ საკუთარ თავს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც ჩემს სულიერ ზრდაზე მიანიშნებს? უფრო მეტად ვბაძავ იესოს? რას ამბობს ჩემს სულიერობაზე ის, თუ როგორ ვიქცევი კრების შეხვედრებზე და როგორი დამოკიდებულება მაქვს შეხვედრების მიმართ? რას მეტყველებს ჩემი საუბრები ჩემს სურვილებზე? რაზე მიანიშნებს ჩემი ჩაცმულობა, გარეგნობა ან პირადი შესწავლისა თუ რჩევისადმი ჩემი დამოკიდებულება? როგორ ვიქცევი ცდუნების დროს? ვიზრდები სულიერად, რათა მოწიფულობას მივაღწიო?“ (ეფეს. 4:13). ამ კითხვებზე გაცემული პასუხები დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, სულიერი განვითარების რა ეტაპზე ვართ. w18.02 24 ¶4, 5
სამშაბათი, 5 მარტი
ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა! (ფსალმ. 144:15)
ჩვენ კაცობრიობის ისტორიის განსაკუთრებულ პერიოდში ვცხოვრობთ. როგორც ბიბლიაშია ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვა კრებს „უამრავ ხალხს . . . ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“. ისინი „ძლიერ ხალხად“ იქცნენ, რომლებიც „წმინდა მსახურებას ასრულებენ . . . [ღვთისთვის] დღე და ღამე“ (გამოცხ. 7:9, 15; ეს. 60:22). მათი რიცხვი რვა მილიონს აჭარბებს. ისტორიას არ ახსოვს, რომ ერთდროულად ამდენ ადამიანს ჰყვარებოდა ღმერთი და მოყვასი. თუმცა წმინდა წერილებში ისიც არის ნაწინასწარმეტყველები, რომ ჩვენს დროში ღვთისგან გაუცხოებული ხალხისთვის სრულიად განსხვავებული სახის სიყვარული — ეგოისტური სიყვარული იქნებოდა დამახასიათებელი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ბოლო დღეებში . . . ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები . . . უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა“ (2 ტიმ. 3:1—4). ასეთი სახის სიყვარული უპირისპირდება ქრისტიანულ სიყვარულს. სინამდვილეში, ასეთი სიყვარული ხელს უწყობს მსოფლიოში ეგოიზმის გაბატონებას, რაც „ძნელად ასატანს“ ხდის ცხოვრებას. w18.01 22 ¶1, 2
ოთხშაბათი, 6 მარტი
იეჰოვას მაძიებლებს . . . ყველაფერი ესმით (იგავ. 28:5).
ცოდნამ ნოეს რწმენა და ღვთიური სიბრძნე შესძინა, რამაც ის ფიზიკური და სულიერი ზიანისგან დაიცვა, განსაკუთრებით ამ უკანასკნელისგან. ვინაიდან ნოე „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“, უღვთოებთან არ ჰქონდა ურთიერთობა. ის არ გაბრიყვებულა და ურწმუნო, გულუბრყვილო ადამიანების მსგავსად არ მოხიბლულა ხორცშესხმული დემონების ზეადამიანური შესაძლებლობებით, რომელთაც ხალხი შეიძლება ეთაყვანებოდა კიდეც (დაბ. 6:1—4, 9). ნოემ იცოდა, რომ იეჰოვას მხოლოდ ადამიანებისთვის ჰქონდა ნათქვამი, ენაყოფიერათ და აევსოთ დედამიწა (დაბ. 1:27, 28). მისთვის ცნობილი იყო, რომ სქესობრივი კავშირი ადამიანებსა და ხორცშესხმულ სულიერ ქმნილებებს შორის არაბუნებრივი და არასწორი იყო. ამაში მას ისიც დაარწმუნებდა, რომ ასეთი კავშირის შედეგად უჩვეულო ბავშვები იბადებოდნენ. ბოლოს ღმერთმა გააფრთხილა ნოე, რომ დედამიწაზე წარღვნას მოახდენდა. ნოე ერწმუნა ამ სიტყვებს, კიდობანი ააგო და იხსნა თავისი ოჯახი (ებრ. 11:7). w18.02 9 ¶8
ხუთშაბათი, 7 მარტი
ღვთის წყალობითა ვარ, რაცა ვარ (1 კორ. 15:10).
თუ თქვენ ჩაიდინეთ სერიოზული ცოდვა, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა მზად არის, დაგეხმაროთ. ამ დროს აუცილებელია, უხუცესებს მიმართოთ, რადგან სწორედ მათი მეშვეობით გეხმარებათ იეჰოვა (იგავ. 24:16; იაკ. 5:13—15). დაუყოვნებლივ იმოქმედეთ, რადგან თქვენი მარადიული სიცოცხლე ამაზეა დამოკიდებული! მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მონანიებული ცოდვების გამო სინდისი მაინც გქენჯნით? როგორც ჩანს, პავლესაც ახსენებდა თავს წარსულში დაშვებული შეცდომები. მან თქვა: „მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც კი ვარ ღირსი, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი“ (1 კორ. 15:9). იეჰოვამ მიიღო ის წარსულში დაშვებული შეცდომების მიუხედავად და სურდა, რომ პავლე ამაში ბოლომდე ყოფილიყო დარწმუნებული. თუ თქვენც გულწრფელად მოინანიეთ ჩადენილი ცოდვები და საჭიროების შემთხვევაში უხუცესებისგან დახმარებაც მიიღეთ, შეგიძლიათ გულდაჯერებული იყოთ, რომ იეჰოვა თქვენ მიმართ გულმოწყალებას გამოავლენს. ამიტომ მიიღეთ იეჰოვასგან პატიება! (ეს. 55:6, 7). w18.01 11 ¶17, 18
პარასკევი, 8 მარტი
დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ (იაკ. 4:8).
იეჰოვასთან მეგობრობა მოიცავს ორმხრივ ურთიერთობას — მოსმენას და საუბარს. ბიბლიის პირადი შესწავლა იეჰოვას მოსმენის ძირითადი საშუალებაა. ამაში შედის ღვთის სიტყვისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვა და წაკითხულზე ფიქრი. გახსოვდეს, რომ ბიბლიის შესწავლა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღებას არ ნიშნავს. ეს არ უნდა ჰგავდეს სკოლის გამოცდისთვის ინფორმაციის დაზეპირებას. ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლა შეგვიძლია შევადაროთ ექსპედიციას, რომლის დროსაც იეჰოვას პიროვნების ახალ მხარეებს აღმოაჩენ. ეს დაგეხმარება, დაუახლოვდე ღმერთს, რის შემდეგაც ისიც დაგიახლოვდება. კარგი სასწავლო პროგრამის შესადგენად იეჰოვას ორგანიზაცია არაერთი დამხმარე საშუალებით უზრუნველგვყოფს. მაგალითად, ჩვენ ვებ-გვერდზე, jw.org, შეგიძლია ნახო «„რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ (შესწავლაში დამხმარე კითხვები)», რომელიც რწმენის განმტკიცებაში დაგეხმარება (ფსალმ. 119:105). w17.12 25 ¶8, 9
შაბათი, 9 მარტი
ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ მთელ ჩემს წმინდა მთაზე (ეს. 11:9).
ყურადღება მიაქციეთ, რომ ასეთი მშვიდობა იმიტომ იქნება, რომ „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“. ცხადია, ეს წინასწარმეტყველება ადამიანებს ეხება, რადგან შეუძლებელია ცხოველებმა რაიმე ისწავლონ იეჰოვას შესახებ (ეს. 11:6, 7). ბევრი მგელივით ულმობელი იყო, მაგრამ დღეს მშვიდობიანი ურთიერთობა აქვს სხვებთან. მათი ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ვებ-გვერდზე jw.org, რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. ღვთის ხალხში კი ოდესღაც სასტიკი ადამიანები შეიმოსნენ ახალი პიროვნებით, „რომელიც შექმნილია ღვთის ნების თანახმად ჭეშმარიტი სიმართლითა და ერთგულებით“ (ეფეს. 4:23, 24). როცა ადამიანები ეცნობიან ღმერთს, ხედავენ იმის აუცილებლობას, რომ მის მოთხოვნებს შეესაბამებოდნენ. შედეგად, ისინი იცვლიან მრწამსს, დამოკიდებულებასა და საქციელს. ასეთი ცვლილებების მოხდენა ადვილი არ არის, მაგრამ წმინდა სულის დახმარებით შესაძლებელია მათთვის, ვისაც გულწრფელად სურს ღვთის ნების შესრულება. w18.01 31 ¶15, 16
კვირა, 10 მარტი
თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით [გაცოცხლდება] (1 კორ. 15:23).
ზეციერ აღდგომასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს, რომ „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით“ აღდგება. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დედამიწაზეც ორგანიზებულად მოხდება აღდგომა. წამოიჭრება კითხვები: ვინ აღდგება ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დასაწყისში — ჩვენს დროში გარდაცვლილები, რომელთაც საყვარელი ადამიანები შეეგებებიან, თუ ძველ დროში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები, რომელთაც ხელმძღვანელობის გაწევა შეეძლოთ, რათა ახალ ქვეყნიერებაში უხელმძღვანელონ ღვთის ხალხს? რის თქმა შეიძლება მათზე, ვინც იეჰოვას არ ემსახურებოდა? სად და როდის აღდგებიან ისინი? შეიძლება ბევრი კითხვა გაგვიჩნდეს, თუმცა ამ საკითხებზე წუხილის დრო ახლა ნამდვილად არ არის. განა უკეთესი არ იქნება, მოვიცადოთ და ვნახოთ, როგორ მოაგვარებს იეჰოვა ამას? ვიდრე ეს მოხდება, შეგვიძლია რწმენა განვიმტკიცოთ იეჰოვას მიმართ, რომელიც იესოს მეშვეობით დაგვპირდა, რომ მის მეხსიერებაში მყოფი მკვდრები აღდგებიან (იოან. 5:28, 29; 11:23). w17.12 12 ¶20, 21
ორშაბათი, 11 მარტი
ცოლებო, დაემორჩილეთ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ. ბავშვებო, დაემორჩილეთ მშობლებს ყველაფერში (კოლ. 3:18—21).
შესაძლოა თავად დარწმუნდით, რომ პავლეს ეს რჩევა დღესაც პრაქტიკულია ოჯახის თითოეული წევრისთვის. ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“. მოსიყვარულე ქმარი ცოლის მიმართ პატივისცემას ავლენს, როცა ყურადღებით უსმენს მას და არწმუნებს, რომ მის აზრს ძალიან აფასებს (1 პეტ. 3:7). მართალია, შეიძლება ქმარმა ყოველთვის ვერ გაითვალისწინოს ცოლის ნათქვამი, მაგრამ მისი აზრის გაგება უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება (იგავ. 15:22). მოსიყვარულე ქმარი კი არ მოითხოვოს ცოლისგან პატივისცემას, არამედ ცდილობს, მოიპოვოს ის. როცა მამაკაცი სიყვარულს ავლენს ცოლ-შვილის მიმართ, მთელი ოჯახი სიხარულით ემსახურება იეჰოვას და ერთად იღვწის სიცოცხლის ჯილდოსკენ. w17.11 28 ¶12; 29 ¶15
სამშაბათი, 12 მარტი
ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება . . . ქვეყნიერების პრინციპებს (კოლ. 2:8).
მოციქულმა პავლემ კოლოსელ ქრისტიანებს წერილი, როგორც ჩანს, რომში მისი პირველი პატიმრობის ბოლოს, დაახლოებით ახ. წ. 60-61 წელს მისწერა. მან შეახსენა კოლოსელებს, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ „სულიერი გაგებით“ აღვსილიყვნენ (კოლ. 1:9). შემდეგ დასძინა: „ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ დამაჯერებელი მტკიცებებით. ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტეს“ (კოლ. 2:4, 8). პავლემ აუხსნა მათ, რატომ იყო არასწორი იმ დროს გავრცელებული ზოგიერთი შეხედულება და რატომ შეიძლებოდა გამხდარიყო არასრულყოფილი ადამიანებისთვის ქვეყნიური აზროვნება მიმზიდველი. მაგალითად, ასეთმა აზროვნებამ შეიძლება ადამიანს აფიქრებინოს, რომ სხვებზე ჭკვიანი და უკეთესია. პავლეს მიზანი იყო, რომ დახმარებოდა ძმებს, უარეყოთ ქვეყნიური აზროვნება და მორიდებოდნენ არასწორ საქციელს (კოლ. 2:16, 17, 23). w17.11 20 ¶1
ოთხშაბათი, 13 მარტი
თუ ხელი ან ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე (მათ. 18:8).
რაზე შეიძლება მოუწიოს ქრისტიანს უარის თქმა, რომ კვლავაც გამოავლინოს ღმერთმა მისადმი გულმოწყალება? ის მზად უნდა იყოს, დათმოს ნებისმიერი რამ, თუნდაც ძვირფასი, რაც ცოდვამდე მიიყვანდა მას (მათ. 18:9). მზად ხართ, შეელიოთ მეგობარს, თუ ის იეჰოვას პრინციპების დარღვევისკენ გიბიძგებთ? თუ ალკოჰოლური სასმელების მიღებისას გიჭირთ ზომიერების შენარჩუნება, მზად ხართ, თავი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, რომლებშიც თავის შეკავებას ვერ შეძლებთ? თუ უზნეო სურვილებს ებრძვით, ცდილობთ, მოერიდოთ ისეთი ფილმების ყურებას, ვებ-გვერდების თვალიერებას ან ნებისმიერ სხვა რამეს, რაც უწმინდურ ფიქრებს აღგიძრავთ? გახსოვდეთ, რომ იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება ძალისხმევად ნამდვილად ღირს! არაფერია ქრისტიანისთვის იმაზე აუტანელი, ვიდრე იმის შეგრძნება, რომ იეჰოვამ მიატოვა. ამის საპირისპიროდ, არაფერს მოაქვს იმაზე დიდი კმაყოფილება, ვიდრე იმის განცდას, რომ იეჰოვა ჩვენდამი „მარადიულ სიკეთეს“ ავლენს (ეს. 54:7, 8). w17.11 11 ¶12
ხუთშაბათი, 14 მარტი
ეს წყევლაა . . . რადგან, ვინც ქურდობს, . . . არავინ დასჯილა (ზაქ. 5:3).
ყურადღება მიაქციეთ ზაქარიას 5:4-ში ჩაწერილ სიტყვებს: „[წყევლა] შევა ქურდის სახლში . . . დარჩება მის სახლში და გაანადგურებს იქაურობას“. იეჰოვას განაჩენის აღსრულებას ვერც გისოსები შეუშლის ხელს და ვერც ურდულები. ის შეაღწევს ნებისმიერ დაფარულ ადგილას და გამოააშკარავებს დანაშაულს იეჰოვას ხალხს შორის. მაშინაც კი, თუ ადამიანს შეუძლია პოლიციას, დამსაქმებელს, უხუცესებს ან მშობლებს დაუმალოს ქურდობის ფაქტი, ის ვერ დაუმალავს ამას ღმერთს, რომელიც აუცილებლად გამოააშკარავებს ნებისმიერ ქურდობას (ებრ. 4:13). რა სასიამოვნოა იმ ხალხს შორის ყოფნა, რომელთაც გათავისებული აქვთ, რომ „ყველაფერში პატიოსნად“ უნდა მოიქცნენ! (ებრ. 13:18). იეჰოვას სძულს ნებისმიერი სახის ქურდობა. ჩვენ დიდ პატივად მივიჩნევთ, რომ შეგვიძლია იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ვიცხოვროთ და ჩვენი საქციელით მის სახელს ჩრდილი არ მივაყენოთ. ამგვარად, თავიდან ავირიდებთ იეჰოვას განაჩენს, რომელიც მისი კანონების შეგნებულად დამრღვევთ დაატყდება თავს. w17.10 22 ¶6, 7
პარასკევი, 15 მარტი
გულმოდგინედ იცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით (ეფეს. 4:3).
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ და-ძმებთან მშვიდობიანი ურთიერთობა შევინარჩუნოთ მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ ვერ გაგვიგეს ან უსამართლოდ მოგვექცნენ (რომ. 12:17, 18). მობოდიშებას გატეხილი გულის გამთელება შეუძლია, ოღონდ ის გულწრფელი უნდა იყოს. მშვიდობის ხელშეწყობა განსაკუთრებით წყვილებს მართებთ. არასწორი იქნებოდა, თუ ცოლ-ქმარი ხალხში შეხმატკბილებული წყვილის როლს ითამაშებდა, სახლში კი ხმას არ გასცემდნენ ერთმანეთს, გულსატკენი სიტყვებით მიმართავდნენ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას მიაყენებდნენ. გარდა ამისა მზად უნდა ვიყოთ მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს. როცა სხვები გულს გვტკენენ, ვპატიობთ მათ და გულში წყენას არ ვიტოვებთ. თუ ასე მოვიქცევით, ადვილად ვაპატიებთ მათ, ვინც შეუგნებლად გვაწყენინა. მთელი გულით პატიება რომ შევძლოთ, ბევრი არ უნდა ვიფიქროთ მომხდარზე და განაწყენება არ უნდა დავითვალოთ (1 კორ. 13:4, 5). თუ გულით წყენასა და ბოღმას ვატარებთ, და-ძმებთან და იეჰოვასთან ურთიერთობა შეიძლება ნებისმიერ დროს გაგვიფუჭდეს (მათ. 6:14, 15). w17.10 10 ¶14, 15
შაბათი, 16 მარტი
გაიგებთ, რომ ლაშქართა ღმერთმა, იეჰოვამ გამომგზავნა თქვენთან (ზაქ. 6:15).
როგორ იმოქმედა ზაქარიას ცნობამ იმ პერიოდში მცხოვრებ იუდეველებზე? იეჰოვა გარანტიას აძლევდა მათ, რომ მშენებლობის დროს დაცულები იქნებოდნენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ. ეს იმედს ჩაუსახავდა მათ. მაგრამ როგორ შეასრულებდა მცირერიცხოვანი ხალხი ამხელა საქმეს? ზაქარიას შემდეგმა სიტყვებმა მათ ყველანაირი შიში და ეჭვი გაუქარწყლა. ღმერთმა უთხრა ზაქარიას, რომ ერთგული მამაკაცების — ხელდაის, ტობიასა და იედაიას გარდა, ბევრი სხვაც მივიდოდა და თავის წვლილს შეიტანდა ტაძრის მშენებლობაში. ღვთის მხარდაჭერაში დარწმუნებულმა იუდეველებმა, სპარსეთის მეფის მიერ გამოცემული აკრძალვის მიუხედავად, მაშინვე განაახლეს მშენებლობა. მალე იეჰოვამ საერთოდ მოაშორა მათ ეს მთისმაგვარი დაბრკოლება, ანუ გაუქმდა მშენებლობის აკრძალვის შესახებ ბრძანება. შედეგად, ტაძრის მშენებლობა ძვ. წ. 515 წელს დასრულდა (ეზრ. 6:22; ზაქ. 4:6, 7). თუმცა ზაქარიას სიტყვები დღეს გაცილებით დიდი მასშტაბით სრულდება. w17.10 29 ¶17
კვირა, 17 მარტი
გამბედაობა მოიკრიბე . . . და იმოქმედე (1 მატ. 28:20).
სოლომონს ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაგებობის — იერუსალიმის ტაძრის აშენება დაევალა. ის „ყველაზე დიდებული და თავისი სილამაზით გამორჩეული“ უნდა ყოფილიყო მთელ ქვეყანაზე. რაც მთავარია, ტაძარი „ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას სახლი“ იქნებოდა. სწორედ იეჰოვას ნება იყო, რომ ის სოლომონს აეშენებინა (1 მატ. 22:1, 5, 9—11). დავითი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი დაეხმარებოდა სოლომონს, მაგრამ მაინც აფიქრებდა, რომ ის „ახალგაზრდა და გამოუცდელი“ იყო. ეყოფოდა სოლომონს გამბედაობა, რომ ტაძრის მშენებლობა წამოეწყო? ხომ არ შეუშლიდა ხელს ახალგაზრდობა და გამოუცდელობა? წარმატების მისაღწევად სოლომონს გაბედულად უნდა ემოქმედა. სოლომონს სიმხდალე რომ გამოეჩინა, ვერ იმოქმედებდა, უმოქმედობა კი გაფუჭებულ საქმეზე უარესი იქნებოდა. სოლომონის მსგავსად ჩვენც ვსაჭიროებთ იეჰოვას დახმარებას, რომ გაბედულები ვიყოთ და ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. w17.09 28 ¶1, 2; 29 ¶4, 5
ორშაბათი, 18 მარტი
ჩვენი ღვთის სიტყვა . . . მარადიულად დარჩება (ეს. 40:8).
წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ბიბლიის გარეშე?! ვერ მივიღებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო რჩევებს; ვერ გავიგებდით ღმერთთან, სიცოცხლესა და მომავალთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს და ვერც იმას, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა წარსულში ადამიანებს. საბედნიეროდ, ასეთ მდგომარეობაში არა ვართ! იეჰოვამ მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, და დაგვპირდა, რომ მასში ჩაწერილი ცნობა მარადიულად დარჩებოდა. მართალია, ესაიას 40:8-ე მუხლში უშუალოდ ბიბლია არ იგულისხმება, მაგრამ მასში ჩაწერილი შთაგონებული სიტყვები შეგვიძლია ბიბლიასაც მივუსადაგოთ. ეს მუხლი პეტრე მოციქულმაც მოიყვანა თავის წერილში (1 პეტ. 1:24, 25). საუკუნეების მანძილზე გულწრფელი ადამიანები წინააღმდეგობის მიუხედავად თავს არ ზოგავდნენ, რომ ეთარგმნათ და გაევრცელებინათ ბიბლია. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ღვთის ნებას ასრულებდნენ, რომელსაც სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). w17.09 18 ¶1, 2
სამშაბათი, 19 მარტი
მისი ცოლი ხარ. როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?! (დაბ. 39:9)
იოსების მდგომარეობაში დღეს ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდაა (დაბ. 39:7). მაგალითად, კიმის კლასელების უმეტესობა სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა. უქმეების შემდეგ ისინი ხშირად ტრაბახობდნენ, რომ სექსი ჰქონდათ. კიმს კი არაფერი ჰქონდა მოსაყოლი. ის ამბობს, რომ ზოგჯერ თავს გარიყულად და მარტოსულად გრძნობდა; თანატოლები კი სულელად თვლიდნენ, რომ არავის ხვდებოდა. თუმცა კიმს კარგად ესმოდა, რომ ახალგაზრდებისთვის სექსი დიდი ცდუნება იყო (2 ტიმ. 2:22). კლასელები ხშირად ეკითხებოდნენ, ისევ ქალიშვილი იყო თუ არა. ის ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას და უხსნიდა მათ, რატომ ინარჩუნებდა უმწიკვლობას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც ასეთ ზეწოლას უძლებენ, და იეჰოვაც ამაყობს მათით! w17.09 4 ¶8; 5 ¶10
ოთხშაბათი, 20 მარტი
ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას (ფსალმ. 37:8).
ხშირად ფიცხი ხასიათის ადამიანები ბრაზს ლანძღვით გამოხატავენ. ცხადია, ასეთი საქციელი ძირს უთხრის ოჯახის ბედნიერებას. ბიბლია საფუძვლიანი მიზეზების გამო გვირჩევს, მოვიშოროთ ბრაზი, ყვირილი და ლანძღვა (ეფეს. 4:31). ხშირად ძალადობის მიზეზი სწორედ ასეთი საქციელი ხდება. ამ ქვეყნიერებაში მცხოვრები ხალხისთვის შეიძლება სავსებით ნორმალურია ბრაზის გადმონთხევა, მაგრამ ასეთი საქციელი შეურაცხყოფს ჩვენს შემოქმედს. ბევრს მოუწია „ძველი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებების მოშორება, რათა „ახალი პიროვნებით“ შემოსილიყო (კოლ. 3:8—10). „ძველი პიროვნებისთვის“ ტყუილის თქმაც არის დამახასიათებელი. მაგალითად, დღეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ადამიანები სახელმწიფოს უმალავენ თავიანთ შემოსავალს ან იტყუებიან იმის გამო, რომ ჩადენილი საქციელისთვის პასუხი არ აგონ. მაგრამ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია (ფსალმ. 31:5). ის თავისი მსახურებისგან მოითხოვს, რომ თითოეულმა „მოყვასს ჭეშმარიტება ელაპარაკოს“ და არ მოატყუოს (ეფეს. 4:25; კოლ. 3:9). აქედან გამომდინარე, სიმართლე მაშინაც უნდა ვილაპარაკოთ, როცა ეს რთულია ან შეიძლება უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაგვაგდოს (იგავ. 6:16—19). w17.08 18 ¶3, 5; 20 ¶12, 13, 15
ხუთშაბათი, 21 მარტი
მიქრის მისი სიტყვა (ფსალმ. 147:15).
დღეს იეჰოვა თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვხელმძღვანელობს. მისი სიტყვა იმ გაგებით მიქრის, რომ დაუყოვნებლივ გვიწევს საჭირო სულიერ ხელმძღვანელობას. იფიქრეთ იმაზე, როგორ გეხმარებათ ღვთის სიტყვის კითხვა, ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული პუბლიკაციების შესწავლა, JW მაუწყებლობის ყურება, ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებული მასალა, უხუცესებთან საუბარი და თანაქრისტიანებთან ურთიერთობა (მათ. 24:45). ალბათ, ამ დროს გრძნობთ, რომ იეჰოვა დაუყოვნებლივ გხელმძღვანელობთ. ფსალმუნმომღერალმა იცოდა, რამხელა პატივი ხვდა წილად ძველ ისრაელს. ის ერთადერთი ერი იყო, რომელსაც ღვთის სიტყვა, „წესები და სამართალი“ ჰქონდა (ფსალმ. 147:19, 20). დღეს ჩვენ კურთხეული ხალხი ვართ, რადგან მთელ დედამიწაზე მხოლოდ ჩვენ ვიწოდებით ღვთის სახელით. გული მადლიერებით გვაქვს სავსე, რომ ვიცნობთ იეჰოვას, ვხელმძღვანელობთ მისი სიტყვით და ვხარობთ მასთან ახლო ურთიერთობით. 147-ე ფსალმუნის დამწერის მსგავსად, ჩვენც უამრავი მიზეზი გვაქვს, ვადიდოთ იეჰოვა და სხვებსაც მოვუწოდოთ ამისკენ. w17.07 20 ¶15, 16; 21 ¶18
პარასკევი, 22 მარტი
არც ერთი მეომარი არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში, რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო (2 ტიმ. 2:4).
დღეს იესოს მიმდევრები, მათ შორის ერთ მილიონზე მეტი სრული დროით მსახურისგან შემდგარი ლაშქარი, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე ითვალისწინებენ პავლეს რჩევას. ისინი არ ექცევიან ამ ქვეყნიერებისა თუ რეკლამის ინდუსტრიის გავლენაში და არ ავიწყდებათ, რომ „მოვალე მევალის მსახურია“ (იგავ. 22:7). სატანასაც ის უნდა, რომ მთელი ჩვენი დრო და ენერგია მის კომერციულ სამყაროს შევალიოთ. ზოგიერთი გადაწყვეტილების გამო შეიძლება წლების მანძილზე ვალებს თავი ვერ დავაღწიოთ. სახლისთვის აღებული დიდი ვალი, მრავალწლიანი სტუდენტური სესხი, ავტოგანვადების მაღალი გადასახადი და მდიდრული ქორწილი შეიძლება მძიმე ტვირთად გვექცეს. გონივრულად ვიქცევით, თუ ვიმარტივებთ ცხოვრებას და ვამცირებთ ვალებსა თუ ხარჯებს, რაც საშუალებას გვაძლევს, თავი დავაღწიოთ კომერციული სისტემის მონობას და ღმერთს მოუცდენლად ვემსახუროთ (1 ტიმ. 6:10). w17.07 10 ¶13
შაბათი, 23 მარტი
სწორად მივიჩნევ ყველა შენს ბრძანებას, მძულს ყოველი ცრუ გზა (ფსალმ. 119:128).
იეჰოვას აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. მისი მმართველობა სრულყოფილად სამართლიანია. ის ამბობს: „მე ვარ იეჰოვა, რომელსაც მსიამოვნებს სიკეთის, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“ (იერ. 9:24). იმის დასადგენად, თუ რა არის სწორი და სამართლიანი, ის არ ეყრდნობა არასრულყოფილი ადამიანების შექმნილ კანონთა კრებულებს. პირიქით, ის სრულყოფილი სამართლიანობის წყაროა და თავისი სიტყვის მეშვეობით თავად უდგენს კანონებს ადამიანებს. „სიმართლე და სამართლიანობაა [მისი] ტახტის საფუძველი“ (ფსალმ. 89:14). ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღვთის კანონები, პრინციპები და გადაწყვეტილებები სამართლიანია. სატანამ კი, რომელიც ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მმართველობა უსამართლოა, თავად ვერ შეძლო სამართლიანი ქვეყნიერების შექმნა. w17.06 28 ¶5
კვირა, 24 მარტი
უზენაესო უფალო, იეჰოვა, . . . იყოს შენი სიტყვებიც ჭეშმარიტი (2 სამ. 7:28).
იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია (ფსალმ. 31:5). ის გულუხვად უზიარებს მას თავის მოშიშებს. ჭეშმარიტების პირველად გაგების შემდეგ არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, მისი მარცვლები ღვთის სიტყვიდან, ქრისტიანული პუბლიკაციებიდან, კონგრესებიდან და ყოველკვირეული შეხვედრებიდან შეგვეგროვებინა. დროთა განმავლობაში ჩვენს საგანძურში დაგროვდა არაერთი ჭეშმარიტება — ძველი თუ ახალი (მათ. 13:52). თუ მას დამალული განძივით მოვიძიებთ, იეჰოვა დაგვეხმარება, რომ ჩვენს საგანძურს ჭეშმარიტების სახით უფრო მეტი განძი შეემატოს (იგავ. 2:4—7). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ჩვენ უნდა განვივითაროთ ბიბლიის შესწავლის კარგი ჩვევები და გულდასმით გამოვიკვლიოთ ღვთის სიტყვა და ჩვენი პუბლიკაციები. ეს დაგვეხმარება, აღმოვაჩინოთ ის, რაც მანამდე არ ვიცოდით (იეს. 1:8, 9; ფსალმ. 1:2, 3). დიახ, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ჭეშმარიტების საგანძურში მეტი განძი დავაგროვოთ. w17.06 12 ¶13, 14
ორშაბათი, 25 მარტი
მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ (იერ. 29:12).
ერთმა ახალგაზრდა ძმამ ასაკოვან დაქორწინებულ უხუცესს 1 კორინთელების 7:28-ე მუხლზე კითხვა დაუსვა. მუხლში წერია: „ასეთებს [ანუ დაქორწინებულებს] ხორციელი გასაჭირი ექნებათ“. ახალგაზრდას აინტერესებდა, რა იგულისხმებოდა „გასაჭირში“ და როგორ უნდა გამკლავებოდა მას, თუ ცოლს მოიყვანდა. ვიდრე უპასუხებდა, უხუცესმა ახალგაზრდას სთხოვა, დაფიქრებულიყო იმ სიტყვებზე, რომელთაც პავლე იეჰოვას შესახებ ამბობდა. მოციქულის სიტყვების თანახმად, იეჰოვაა „ყოველგვარი ნუგეშის მამა, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). ნამდვილად, იეჰოვა მოსიყვარულე მამაა, რომელიც სირთულეების დროს გვანუგეშებს. ალბათ, თქვენც არაერთხელ მიგიღიათ ღვთის სიტყვიდან ნუგეში და დახმარება. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ღმერთს დღესაც საუკეთესო სურს თავისი მსახურებისთვის (იერ. 29:11). w17.06 4 ¶1, 2
სამშაბათი, 26 მარტი
იეჰოვა იცავს ხიზნებს (ფსალმ. 146:9).
მატერიალურ დახმარებაზე მეტად ლტოლვილებს სულიერი და ემოციური დახმარება სჭირდებათ (მათ. 4:4). უხუცესებს შეუძლიათ მათ ენაზე ლიტერატურა შეუკვეთონ და იმ ძმებთან დააკავშირონ ისინი, რომლებმაც მათი ენა იციან. ბევრი ლტოლვილი მოწყვეტილია ოჯახს, ახლობლებსა და კრებას. მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ იეჰოვას უყვარს ისინი და ესმის მათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიძლება დაუახლოვდნენ იმ ნათესავებსა და თანამემამულეებს, რომლებთანაც ბევრი რამ აკავშირებთ, მაგრამ იეჰოვას მოწმეები არ არიან (1 კორ. 15:33). იეჰოვა ჩვენი მეშვეობით „იცავს ხიზნებს“, როცა ვეხმარებით მათ, კრების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი. ლტოლვილები შეიძლება ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, ვიდრე მათი მჩაგვრელები ხელისუფლებაში არიან. გარდა ამისა, ბევრმა შეძლება სერიოზული ტრავმა მიიღო იმით, რაც გადაიტანა. ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: მათ ადგილას რომ ვიყო, როგორ მოპყრობას ვისურვებდი? (მათ. 7:12). w17.05 6 ¶15, 16
ოთხშაბათი, 27 მარტი
მრავალს სიყვარული გაუნელდება (მათ. 24:12).
გულგატეხილობამ შეიძლება შეგვისუსტოს რწმენა და გაგვინელოს ღვთისადმი სიყვარული. სატანის ბოროტ ქვეყნიერებაში ყველანი დროდადრო ვხვდებით გულის გამტეხ სიტუაციებს (1 იოან. 5:19). შესაძლოა ასაკის მატებასთან, სუსტ ჯანმრთელობასთან ან ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვებრძვით. შეიძლება მოსვენებას არ გვაძლევს უღირსობის გრძნობა ან საკუთარი წარუმატებლობა; ან შეიძლება იმის გამო ვიტანჯებით, რომ მოლოდინი არ გაგვიმართლდა. მიუხედავად ამისა, არასდროს უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვამ მიგვატოვა. პირიქით, უნდა ვიფიქროთ იმ სიტყვებზე, რომლებიც იეჰოვას მარადიულ სიყვარულში გვარწმუნებს. მაგალითად, ფსალმუნის 136:23-ში ვკითხულობთ: „[ღმერთმა] გაგვიხსენა, როცა დამდაბლებულნი ვიყავით, რადგან მარადიულია მისი სიკეთე“. იეჰოვას არასდროს გაუნელდება თავისი მსახურებისადმი სიყვარული. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის მოისმენს ჩვენს ვედრებას და უპასუხოდ არ დაგვტოვებს (ფსალმ. 116:1; 136:24—26). w17.05 18 ¶8
ხუთშაბათი, 28 მარტი
თუ თქვენ არ პატიობთ სხვებს მათ შეცოდებებს, არც თქვენ გაპატიებთ თქვენსას ზეციერი მამა (მათ. 6:15).
როგორც გალატელების 2:11—14-დან ჩანს პეტრე კაცთმოშიშების მახეში გაება (იგავ. 29:25). მიუხედავად იმისა, რომ პეტრემ პირველწყაროდან იცოდა ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისი, მას შეეშინდა, რას იფიქრებდნენ იერუსალიმის კრებიდან ჩასული წინადაცვეთილი იუდეველები. მოციქული პავლე დაუპირისპირდა პეტრეს ანტიოქიაში და თვალთმაქცობაში ამხილა ის (საქ. 15:12; გალ. 2:13). როგორც ჩანს, პეტრემ თავმდაბლად მიიღო პავლესგან გაკიცხვა. ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მან პასუხისმგებლობები დაკარგა. ღვთივშთაგონებით მან მოგვიანებით ორი წერილი დაწერა, რომლებიც ბიბლიის ნაწილი გახდა. კრების თავი, იესო, კვლავაც აძლევდა მას დავალებებს (ეფეს. 1:22). ამგვარად, კრების წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იეჰოვასა და იესოს მსგავსად გამოევლინათ მიმტევებლობა. იმედი გვაქვს, რომ ამ არასრულყოფილი კაცის შეცდომის გამო არც ერთი მათგანი არ დაბრკოლებულა. w17.04 27 ¶16—18
პარასკევი, 29 მარტი
[ღმერთმა] მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას, ფერფლად აქცია და ამით აჩვენა უღვთოებს, რა მოუვათ მომავალში (2 პეტ. 2:6).
იმ მხარის განადგურებისას იეჰოვას მხოლოდ ბოროტებისთვის არ დაუსვამს წერტილი, მან „ამით აჩვენა უღვთოებს“, რა მოუვიდოდათ მომავალში. როცა იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ამ ქვეყნიერებაზე, ზუსტად ისე დაუსვამს წერტილს დღეს გავრცელებულ უზნეობას, როგორც ეს წარსულში გააკეთა. რით შეიცვლება ბოროტება? სამოთხეში ხალხი კარგი და სასიამოვნო საქმეებით დაკავდება. წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნება დედამიწის სამოთხედ გადაქცევა და საყვარელი ადამიანებისთვის თუ ჩვენთვის სახლების აშენება; შევხვდებით მილიონობით მკვდრეთით აღდგენილს და დავეხმარებით მათ, რომ გაიცნონ იეჰოვა და გაიგონ, რას აკეთებდა ის საუკუნეების მანძილზე ადამიანებისთვის (ეს. 65:21, 22; საქ. 24:15). ნებისმიერი საქმე, რომელსაც მაშინ ხელს მოვკიდებთ, სიხარულს მოგვგვრის და განადიდებს იეჰოვას! w17.04 12 ¶11, 12
შაბათი, 30 მარტი
ვინც ჩემი სახლის კარებიდან გამომეგებება, იეჰოვასი იყოს (მსაჯ. 11:31).
აღთქმის დადებისას იფთახმა შეიძლება კარგად იცოდა, რომ სახლში დაბრუნებულს შეიძლებოდა თავისი ქალიშვილი შეგებებოდა. მიუხედავად ამისა, აღთქმულის შესრულება ადვილი არ იქნებოდა მამა-შვილისთვის, რადგან ორივეს უნდა გაეღო მსხვერპლი. შვილის დანახვაზე გულმოკლულმა იფთახმა ტანსაცმელი შემოიხია, მამის აღთქმის შესრულებამდე კი იფთახის ქალიშვილი მთაში წავიდა და თავისი ქალწულობა გამოიტირა. ვინაიდან იფთახს ვაჟი არ ჰყავდა და მისი ერთადერთი ქალიშვილიც ვერასდროს გათხოვდებოდა და გააჩენდა შვილებს, იფთახს შთამომავალი აღარ ეყოლებოდა და მემკვიდრეობა სხვას დარჩებოდა. თუმცა ეს მისთვის უმთავრესი საფიქრალი არ იყო. იფთახმა თქვა: „სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“. „შენი სიტყვისამებრ მომექეცი“, — უთხრა ქალიშვილმა მამას (მსაჯ. 11:35—39). ამ ერთგულ ადამიანებს აზრადაც არ მოსვლიათ უზენაესი ღვთის წინაშე დადებული აღთქმის დარღვევა და მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად შეესრულებინათ ის (კან. 23:21, 23; ფსალმ. 15:4). w17.04 4 ¶5, 6
კვირა, 31 მარტი
მოთმინებით დაველოდები (მიქ. 7:7).
იოსები არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი. ჯერ იყო და დაახლოებით 17 წლის იოსები ძმებმა მონად გაყიდეს. მოგვიანებით კი ბატონის ცოლის გაუპატიურების მცდელობაში სრულიად უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს (დაბ. 39:11—20; ფსალმ. 105:17, 18). ისე ჩანდა, რომ იოსებს ღვთისადმი ერთგულების გამო ხელი კი არ ემართებოდა, არამედ ისჯებოდა. თუმცა 13 წლის შემდეგ ყველაფერი უეცრად შეიცვალა. იოსები გაათავისუფლეს და ეგვიპტის მიწაზე მეორე მმართველად დანიშნეს (დაბ. 41:14, 37—43; საქ. 7:9, 10). გააბოროტა იოსები უსამართლო მოპყრობამ? დაკარგა თავისი ღვთის, იეჰოვასადმი ნდობა? რა თქმა უნდა, არა. რა დაეხმარა იოსებს, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას? ისევ და ისევ რწმენა. ის ყოველთვის ხედავდა იეჰოვას ხელს, რაც კარგად გამოჩნდა ძმებისთვის ნათქვამი სიტყვებიდან: „თქვენ ჩემ წინააღმდეგ ბოროტება განიზრახეთ, ღმერთს კი ეს სასიკეთოდ ჰქონდა განზრახული, რათა ისე მომხდარიყო, როგორც დღეს არის, მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად“ (დაბ. 50:19, 20). იოსები მიხვდა, რომ ლოდინი ნამდვილად ღირდა! w17.08 4 ¶6; 6 ¶12, 13