საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 37-46
  • აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრილი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • ორშაბათი, 1 აპრილი
  • სამშაბათი, 2 აპრილი
  • ოთხშაბათი, 3 აპრილი
  • ხუთშაბათი, 4 აპრილი
  • პარასკევი, 5 აპრილი
  • შაბათი, 6 აპრილი
  • კვირა, 7 აპრილი
  • ორშაბათი, 8 აპრილი
  • სამშაბათი, 9 აპრილი
  • ოთხშაბათი, 10 აპრილი
  • ხუთშაბათი, 11 აპრილი
  • პარასკევი, 12 აპრილი
  • შაბათი, 13 აპრილი
  • კვირა, 14 აპრილი
  • ორშაბათი, 15 აპრილი
  • სამშაბათი, 16 აპრილი
  • ოთხშაბათი, 17 აპრილი
  • ხუთშაბათი, 18 აპრილი
  • გახსენების საღამო
    მზის ჩასვლის შემდეგ
    პარასკევი, 19 აპრილი
  • შაბათი, 20 აპრილი
  • კვირა, 21 აპრილი
  • ორშაბათი, 22 აპრილი
  • სამშაბათი, 23 აპრილი
  • ოთხშაბათი, 24 აპრილი
  • ხუთშაბათი, 25 აპრილი
  • პარასკევი, 26 აპრილი
  • შაბათი, 27 აპრილი
  • კვირა, 28 აპრილი
  • ორშაბათი, 29 აპრილი
  • სამშაბათი, 30 აპრილი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 37-46

აპრილი

ორშაბათი, 1 აპრილი

მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით (ეფეს. 4:8).

როგორ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ ძღვნით? ერთ-ერთი საშუალებაა, მივბაძოთ უხუცესების რწმენასა და კარგ მაგალითს. აგრეთვე შეგვიძლია გავითვალისწინოთ მათ მიერ მოცემული რჩევები (ებრ. 13:7, 17). გახსოვდეთ, რომ უხუცესებს ვუყვარვართ და სურთ, რომ სულიერად გავიზარდოთ. მაგალითად, თუ ისინი შენიშნავენ, რომ კრების შეხვედრები გვიცდება ან უწინდებური შემართებით აღარ ვმსახურობთ, ისინი მაშინვე შეეცდებიან ჩვენს დახმარებას. უხუცესები მოგვისმენენ, გაგვაძლიერებენ, გაგვამხნევებენ და სათანადო ბიბლიურ რჩევას მოგვცემენ. მიიჩნევთ მათ დახმარებას იეჰოვას სიყვარულის გამოვლინებად? არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგჯერ უხუცესებისთვის შეიძლება რთული იყოს ჩვენთან მოსვლა და საჭირო რჩევის მოცემა. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ შეუმსუბუქოთ ეს ტვირთი კრების უხუცესებს? იყავით თავმდაბალი, უშუალო და მადლიერი. მათი დახმარება თქვენდამი ღვთის სიყვარულის გამოვლინებად მიიჩნიეთ. ეს არა მხოლოდ თქვენ დაგეხმარებათ, არამედ უხუცესებსაც შეუწყობს ხელს, უფრო მეტი სიხარულით შეასრულონ თავიანთი საქმე. w18.03 31 ¶15, 16

სამშაბათი, 2 აპრილი

შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე, რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს (იგავ. 27:11).

ყველა ბავშვი განსხვავებულია და მოწიფულობის მისაღწევად ყველას სხვადასხვა დრო სჭირდება. მაგალითად, ზოგი გონებრივად და ემოციურად ადრე მწიფდება და შესაბამისად ნათლობის სურვილიც ადრეულ ასაკში უჩნდება. ზოგი კი ცოტა უნდა წამოიზარდოს, რომ ნათლობისთვის მზად იყოს. ასე რომ, გონიერი მშობლები არ აძალებენ შვილებს მონათვლას. ნაცვლად ამისა, ისინი ითვალისწინებენ მათ ასაკსა თუ უნარს და შესაბამისად ეხმარებიან სულიერ ზრდაში. მშობლებს გულს უხარებს, როცა მათი შვილი ითვალისწინებს დღევანდელ მუხლში ჩაწერილ პრინციპს. თუმცა მშობლებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ მთავარი მიზანი — დაეხმარონ შვილებს, გახდნენ ქრისტეს მოწაფეები. ამიტომ ისინი უნდა დაფიქრდნენ შემდეგ კითხვაზე: „საკმარისი ბიბლიური ცოდნა აქვს ჩემს შვილს, რომ თავი მიუძღვნას იეჰოვას და მოინათლოს?“. w18.03 9 ¶6

ოთხშაბათი, 3 აპრილი

არ ცვლის თავის საზიანოდ დაფიცებულს (ფსალმ. 15:4).

თუ დავთანხმდებით ვინმეს სტუმრობაზე, უმიზეზოდ არ უნდა შევცვალოთ გადაწყვეტილება. თუ არ მივალთ, შეიძლება მასპინძელს წყალში ჩავუყაროთ შრომა (მათ. 5:37). ზოგი იმიტომ ტეხს სიტყვას, რომ სხვის შემოთავაზებას თანხმდება, სადაც მისი აზრით უკეთეს დროს გაატარებს. ეს არ არის სიყვარულისა და პატივისცემის მაჩვენებელი. ჩვენ მთელი გულით ვაფასებთ, როცა და-ძმები სტუმრად გვეპატიჟებიან, და მნიშვნელობა არა აქვს, რით გაგვიმასპინძლდებიან ისინი (ლუკ. 10:7). მაგრამ, თუ გამოუვალი მდგომარეობის გამო ვერ მივდივართ, სიყვარულისა და თავაზიანობის მაჩვენებელი იქნება, თუ დროულად გავაფრთხილებთ მასპინძელს. ადგილობრივი კულტურაც გასათვალისწინებელია. ზოგ კულტურაში დაუპატიჟებლად ვინმესთან მისვლა ჩვეულებრივი ამბავია, ზოგან კი ამჯობინებენ, წინასწარ შეთანხმდნენ სტუმრობაზე. ზოგან მიღებულია, რომ სტუმარმა შეთავაზებულ საკვებზე ერთი-ორჯერ თავაზიანი უარი თქვას, სხვაგან კი ეს მასპინძლისადმი უპატივცემულობად ითვლება. მოდი შევეცადოთ, რომ ვასიამოვნოთ ჩვენს მასპინძლებს და ვიყოთ კარგი სტუმრები! w18.03 18 ¶20, 21

ხუთშაბათი, 4 აპრილი

ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ (ებრ. 6:1).

გახსოვდეთ, რომ სულიერი აზროვნების განსავითარებლად მხოლოდ ბიბლიური ცოდნა არ კმარა (1 მეფ. 4:29, 30; 11:4—6). აქედან გამომდინარე, ბიბლიური ცოდნის მიღების გარდა აუცილებელია, არ შევწყვიტოთ სულიერი ზრდა (კოლ. 2:6, 7). ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, შევისწავლოთ წიგნი „დარჩით ღვთის სიყვარულში“. ამ წიგნის ბოლომდე შესწავლა დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ ბიბლიური პრინციპების პრაქტიკაში გამოყენება. თუ უკვე დაასრულეთ ზემოხსენებული წიგნის განხილვა, შეგიძლიათ სხვა პუბლიკაცია აირჩიოთ, რომელიც თქვენი რწმენის განმტკიცებას მოემსახურება (კოლ. 1:23). ლოცულობთ შესწავლის დროს და ფიქრობთ ღრმად, თუ როგორ შეგიძლიათ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება? გახსოვდეთ, შესწავლისა და ფიქრის მიზანი იმის გულწრფელი სურვილის განვითარება უნდა იყოს, რომ გული გავუხაროთ იეჰოვას და დავემორჩილოთ მის კანონებს (ფსალმ. 40:8; 119:97). ამავე დროს, უნდა მოვიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს შეგვიშლის სულიერ ზრდაში (ტიტ. 2:11, 12). w18.02 24, 25 ¶7—9

პარასკევი, 5 აპრილი

[ნოე] სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის წყალობით (ებრ. 11:7).

ნოეს მსგავსი რწმენა რომ განვივითაროთ ამისათვის, მნიშვნელოვანია, ვიყოთ ღვთის სიტყვის კარგი მკვლევრები, გულთან ახლოს მივიტანოთ ნასწავლი და შეძენილ ცოდნას ჩვენი ფორმირებისა და ხელმძღვანელობის საშუალება მივცეთ (1 პეტ. 1:13—15). რწმენა და ღვთიური სიბრძნე დაგვიცავს სატანის ზრახვებისა და ქვეყნიერების სულისგან (2 კორ. 2:11). ეს სული აღვივებს ძალადობისა და უზნეობის სიყვარულს. სწორედ ეს უბიძგებს ადამიანებს, რომ „ხორცის სურვილებზე“ იყვნენ კონცენტრირებულები (1 იოან. 2:15, 16). ამ სულის გავლენით სულიერად მოსუსტებულმა ადამიანებმა შეიძლება უგულებელყონ იმის აშკარა მტკიცება, რომ ღვთის დიდი დღე კარსაა მომდგარი. ყურადღება მიაქციეთ: როცა იესომ ჩვენი დრო ნოეს დროს შეადარა, მან აქცენტი ძალადობაზე ან უზნეობაზე კი არ გააკეთა, არამედ სულიერი საკითხებისადმი გულგრილი დამოკიდებულების საშიშროებაზე (მათ. 24:36—39). ჰკითხეთ საკუთარ თავს: „აჩვენებს ჩემი ცხოვრების წესი, რომ ნამდვილად ვიცნობ იეჰოვას? აღმძრავს რწმენა იმისკენ, რომ მხოლოდ მე კი არ ვიცხოვრო ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად, არამედ სხვებსაც გავაგებინო ისინი?“. დაე, თქვენმა პასუხებმა ცხადყოს, რომ თქვენც დადიხართ ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად! (დაბ. 6:9). w18.02 9, 10 ¶8—10

შაბათი, 6 აპრილი

ასეთებს ზურგი აქციე (2 ტიმ. 3:5).

ბოლომდე ვერ მოვერიდებით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც ღვთისთვის საძულველ თვისებებს ავლენენ. ჩვენ შეიძლება მათთან ერთად გვიწევს მუშაობა, სკოლაში სწავლა ან ცხოვრება. მაგრამ უნდა შევეცადოთ, რომ არ მივბაძოთ მათ აზროვნებასა და თვისებებს. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ გავძლიერდებით სულიერად — შევისწავლით ბიბლიას და ახლო ურთიერთობა გვექნება მათთან, ვისაც იეჰოვა უყვარს. ჩვენ აგრეთვე უნდა ვეცადოთ, რომ სხვებს სულიერად დავეხმაროთ. მოდი ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა და ვთხოვოთ იეჰოვას დახმარება, რათა საჭირო დროს საჭირო სიტყვები შევარჩიოთ. სხვებმა უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ. შედეგად, ჩვენი კარგი საქციელით ღმერთს განვადიდებთ და არა საკუთარ თავს. იეჰოვამ გვასწავლა, როგორ „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, [და] ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:11—14). თუ ღვთისმოსაწონად მოვიქცევით, სხვები დაინახავენ ამას და ზოგმა შეიძლება თქვას კიდეც: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). w18.01 31 ¶17, 18

კვირა, 7 აპრილი

ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები (2 ტიმ. 3:2).

არასწორია საკუთარი თავის სიყვარული? რა თქმა უნდა, არა. ნორმალურია და საჭიროც კი, რომ ჯანსაღი სიყვარული გვქონდეს საკუთარი თავის მიმართ. იეჰოვამ ასე შეგვქმნა. იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მარ. 12:31). თუ საკუთარი თავი არ გვიყვარს, შეუძლებელია მოყვასი გვიყვარდეს. ბიბლიაში აგრეთვე ვკითხულობთ: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს“ (ეფეს. 5:28, 29). აქედან ნათლად ჩანს, რომ საკუთარი თავის მიმართ ზომიერი სიყვარული სავსებით მისაღებია. საკუთარი თავის სიყვარული, რაზეც 2 ტიმოთეს 3:2 მუხლშია საუბარი, დამახინჯებული, ეგოისტური სიყვარულია. ადამიანები, რომელთაც გადამეტებულად უყვართ საკუთარი თავი, საჭიროზე მეტად ფიქრობენ თავიანთ თავზე (რომ. 12:3). ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ და სხვები ნაკლებად აღელვებთ. როცა რამე შავდება, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, ისინი თითს სხვისკენ იშვერენ. ასეთი ეგოცენტრული ადამიანები ბედნიერები ნამდვილად არ არიან. w18.01 23 ¶4, 5

ორშაბათი, 8 აპრილი

იყავით მადლიერნი (კოლ. 3:15).

ბიბლიის შესწავლის დროს ვუსმენთ იეჰოვას, ლოცვის დროს კი მასთან საუბრის შესაძლებლობა გვეძლევა. ლოცვას ქრისტიანი აზრს მოკლებულ რიტუალად არ უნდა თვლიდეს. ის არც თილისმაა, რომ წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს. ლოცვა ჩვენს შემოქმედთან უშუალო ურთიერთობაა. იეჰოვას სურს, რომ ესაუბრო (ფილ. 4:6). ნებისმიერი საწუხარის დროს გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (ფსალმ. 55:22). ეს რჩევა მილიონობით და-ძმას დაეხმარა. დარწმუნებული იყავი, ის შენც დაგეხმარება! ჩვენ მხოლოდ იმ დროს არ უნდა ვილოცოთ, როცა დახმარება გვჭირდება. ზოგჯერ შესაძლოა პრობლემებმა იმდენად მოგვიცვას, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს კურთხევები, რომლებიც გვაქვს. შეეცადე, ყოველდღე სულ მცირე სამ რამეზე იფიქრო, რისთვისაც იეჰოვას მადლიერი ხარ. შემდეგ ლოცვაში მადლობა გადაუხადე იეჰოვას ამ კურთხევებისთვის. w17.12 25, 26 ¶10, 11

სამშაბათი, 9 აპრილი

ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც . . . შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად (2 ტიმ. 3:15).

ყოველ წელს ათასობით ბიბლიის შემსწავლელი უძღვნის თავს იეჰოვას და ინათლება. მათ შორის ბევრი ახალგაზრდაა, რომლებმაც ბავშვობიდანვე გაითავისეს ჭეშმარიტება და ცხოვრების საუკეთესო გზა აირჩიეს (ფსალმ. 1:1—3). თუ მშობელი ხართ, ალბათ, მოუთმენლად ელით იმ დღის დადგომას, როცა თქვენი შვილიც მოინათლება (შეადარეთ 3 იოანეს 4). როგორც მშობელს, ალბათ, თქვენც გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგად იცოდეს წმინდა წერილები, რომელშიც ებრაულ წერილებთან ერთად დღეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც შედის. ასაკისა და უნარის მიუხედავად, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ გარკვეული ცოდნის მიღება. იეჰოვას ორგანიზაცია არაერთ დამხმარე საშუალებას სთავაზობს მშობლებს შვილების აღსაზრდელად. გახსოვდეთ, რომ წმინდა წერილებიდან მიღებული ცოდნა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანმა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა ააგოს! w17.12 18 ¶1; 19 ¶4

ოთხშაბათი, 10 აპრილი

ქმარი ცოლის თავია (ეფეს. 5:23).

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ქმარი, რომელიც არ არის იეჰოვას მოწმე, სათანადოდ არ გეპყრობათ? დაფიქრდით, შეძლებთ კამათით მდგომარეობის გამოსწორებას? იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენსას გაიტანთ, მიიზიდავთ მას ჭეშმარიტებისკენ? საეჭვოა! მაგრამ თუ პატივისცემას გამოავლენთ თქვენი მეუღლის, როგორც ოჯახის თავის მიმართ, მშვიდ გარემოს შექმნით და იეჰოვას განადიდებთ. გარდა ამისა, შეიძლება დროთა განმავლობაში თქვენი მეუღლე ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში შემოგიერთდეთ და ერთად მოიპოვოთ სიცოცხლის ჯილდო (1 პეტ. 3:1, 2). რის თქმა შეიძლება თქვენზე ქმრებო, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცოლი, რომელიც იეჰოვას არ ემსახურება, პატივისცემას არ ავლენს თქვენ მიმართ. დაფიქრდით, პატივისცემით განაწყობთ მას თქვენდამი, თუ დაუყვირებთ და ასე შეეცდებით დაანახვოთ, რომ ოჯახის უფროსი თქვენ ხართ? ცხადია, ვერა! ღმერთი მოელის, რომ მიჰბაძავთ იესოს და ოჯახს სიყვარულით გაუწევთ მეთაურობას. იესო, როგორც კრების თავი, ყოველთვის ავლენს სიყვარულსა და მოთმინებას (ლუკ. 9:46—48). ასე რომ, თუ ქმარი იესოს მაგალითს მიჰყვება, შეიძლება მის მეუღლესაც გაუჩნდეს იეჰოვასადმი მსახურების სურვილი. w17.11 28, 29 ¶13, 14

ხუთშაბათი, 11 აპრილი

ყოველივეს ამშენებელი . . . ღმერთია (ებრ. 3:4).

ქვეყნიური აზროვნება აკნინებს ან არაფრად აგდებს იეჰოვას ნორმებს. თუ მის გავლენაში მოვექცევით, შეიძლება დროთა განმავლობაში რწმენა შეგვისუსტდეს. დღეს ქვეყნიური აზროვნება ყველგან არის გავრცელებული. მას პროპაგანდა ეწევა როგორც ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით, ისე თანამშრომლებისა და კლასელების მხრიდან. ბევრ ქვეყანაში ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ ხალხს ღმერთი არ სწამს. ისინი საკუთარ თავს მორწმუნე ადამიანებად არ მიიჩნევენ. შეიძლება ისინი არ უღრმავდებიან ღვთის არსებობის საკითხს, მაგრამ მოსწონთ ის აზრი, რომ შეუძლიათ აკეთონ ყველაფერი, რაც მოესურვებათ (ფსალმ. 10:4). სხვები ფიქრობენ, რომ საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და ამბობენ: „სულაც არ არის საჭირო, ღმერთი მწამდეს — ისედაც ვხედავ კარგსა და ცუდს შორის განსხვავებას“. ლოგიკურია იმის დაჯერება, რომ შემოქმედი არ არსებობს? ზოგს შეიძლება ადვილად აებნეს თავგზა, როცა სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეცნიერების მოსაზრებებს ისმენს. არადა ყველაფერი ბევრად მარტივადაა. როგორც შენობა ვერ აშენდება თავისით, ისე ცოცხალი ორგანიზმები ვერ გაჩნდებოდნენ სპონტანურად. w17.11 20, 21 ¶2—4

პარასკევი, 12 აპრილი

სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობს (მალ. 3:16).

იფიქრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გახსენების საღამოზე დასწრება. გახსოვდეთ, რომ კრების შეხვედრები ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილია. ცხადია, იეჰოვას და იესოს მხედველობიდან არ რჩებათ ისინი, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ წლის ამ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას დაესწრონ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ და იესომ გახსენების საღამოზე დამსწრეთა შორის შეგვნიშნონ, თუ რა თქმა უნდა, გამოუვალი მდგომარეობა არა გვაქვს ან ფიზიკურად შეუძლებელია შეხვედრაზე დასწრება. როცა საქმით ცხადვყოფთ, რომ ღვთის თაყვანსაცემად შეკრება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთ მიზეზს ვაძლევთ იეჰოვას, რომ ჩვენი სახელი „სამახსოვრო წიგნში“ ანუ „სიცოცხლის წიგნში“ დატოვოს, სადაც მარადიული სიცოცხლის მომლოდინეთა სახელები წერია (გამოცხ. 20:15). გახსენების საღამოს წინა დღეებში შეგვიძლია უფრო მეტი დრო გამოვყოთ ლოცვისთვის და იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე ღრმად ფიქრისთვის (2 კორ. 13:5). w18.01 13 ¶4, 5

შაბათი, 13 აპრილი

გაიქცეს ის ერთ-ერთ იმ ქალაქში (იეს. 20:4).

ის, ვინც თავშესაფარ ქალაქს შეაფარებდა თავს, დაცული იქნებოდა. ამ ქალაქებთან დაკავშირებით იეჰოვამ თქვა: „ისინი იქნება თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები“ (იეს. 20:2, 3). იეჰოვა არ მოითხოვდა, რომ უნებლიე მკვლელობის ჩამდენი მეორედ გასამართლებულიყო; არც სისხლის ამღებს ჰქონდა ქალაქში შესვლისა და ამ ადამიანის მოკვლის უფლება. ასე რომ, გაქცეულს თავშესაფარ ქალაქში შიშის მიზეზი აღარ უნდა ჰქონოდა, რადგან ის იქ იეჰოვას მფარველობის ქვეშ იყო. თავშესაფარი ქალაქი ციხე არ იყო, ამიტომ იქ გაქცეულს შეეძლო ემუშავა, დახმარებოდა სხვებს, თავისუფლად ეცა თაყვანი იეჰოვასთვის და ამგვარად სიხარულითა და აზრით აღსავსე ცხოვრება ჰქონოდა. ზოგი ქრისტიანი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, მონანიების შემდეგაც ვერ თავისუფლდება დანაშაულის გრძნობისგან. ისინი იმასაც კი ფიქრობენ, რომ ვერასოდეს დაიბრუნებენ ღვთის კეთილგანწყობას. თუ თქვენც მსგავს მდგომარეობაში ხართ, გახსოვდეთ, რომ იეჰოვა გულმოწყალე ღმერთია და აღარ გაგიხსენებთ დანაშაულს. ასე რომ, შეგიძლიათ თავი დაცულად იგრძნოთ. w17.11 9 ¶6; 11 ¶13, 14

კვირა, 14 აპრილი

რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში! (ფსალმ. 133:1)

ერთ-ერთი საშუალება, რითაც ერთობას ხელს შევუწყობთ, გახსენების საღამოს სიმბოლოების მნიშვნელობაზე დაფიქრებაა. გახსენების საღამომდე, განსაკუთრებით კი იმ დღეს, დაფიქრდით, რას ასიმბოლოებს უფუარი პური და წითელი ღვინო (1 კორ. 11:23—25). პური განასახიერებს იესოს უცოდველ სხეულს, რომელიც მან მსხვერპლად გაიღო, ღვინო კი — მის მიერ დაღვრილ სისხლს. გახსოვდეთ, რომ გამოსასყიდი იეჰოვასა და იესოს უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს — იეჰოვამ ჩვენი გულისთვის საკუთარი ძე გასწირა, იესომ კი მზადყოფნით გაიღო ჩვენთვის თავისი სიცოცხლე. იმაზე ფიქრი, თუ რა ძლიერ ვუყვარვართ მათ, აღგვძრავს, რომ ჩვენც იმავეთი ვუპასუხოთ. იეჰოვას თაყვანისმცემლებს სწორედ მისადმი სიყვარული გვაერთიანებს და გვეხმარება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ჩვენ შორის არსებული ერთობა. w18.01 14 ¶11

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მათე 26:6—13)

ორშაბათი, 15 აპრილი

ღვთის სიყვარული ჩვენდამი იმით გახდა ცხადი, რომ ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე გამოგზავნა ქვეყნიერებაში, რათა მისი მეშვეობით მიგვეღო სიცოცხლე (1 იოან. 4:9).

იეჰოვას ძალიან უყვარს ადამიანები და აფასებს მათ. მას თავისი ძეც კი არ დაენანა ჩვენ სახსნელად (იოან. 3:16). თუ იეჰოვა თავის დაპირებებს არ შეასრულებდა, სატანას ექნებოდა იმის თქმის მიზეზი, რომ ღმერთი ცრუობდა, კარგს უკავებდა თავის ქმნილებებს და უსამართლო მმართველი იყო. ეს ღვთის მოწინააღმდეგეებსაც მისცემდა საბაბს, ეთქვათ: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა-პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2 პეტ. 3:3, 4). ამიტომ იეჰოვა იზრუნებს, რომ მისი უზენაესობის დამტკიცება მორჩილი ადამიანების ხსნასაც მოემსახუროს (ეს. 55:10, 11). უფრო მეტიც, იეჰოვას უზენაესობა ყოველთვის სიყვარულით ვლინდება. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მას ყოველთვის ეყვარება თავისი ერთგული მსახურები და დააფასებს მათ (გამ. 34:6). w17.06 23 ¶7

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მათე 21:1—11, 14—17)

სამშაბათი, 16 აპრილი

[ღმერთმა] შეგვიყვარა და გამოგზავნა თავისი ძე შერიგების მსხვერპლად ჩვენი ცოდვების გამო (1 იოან. 4:10).

წარმოთქვა თუ არა დაბადების 3:15-ში ჩაწერილი დაპირება მომავალი მხსნელის შესახებ, იეჰოვამ ჩათვალა, რომ გამოსასყიდი უკვე გაღებული იყო. დაახლოებით 4 000 წლის შემდეგ მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო და თავისი მხოლოდშობილი ძე კაცობრიობას მხსნელად მოუვლინა (იოან. 3:16). როგორი მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ ასეთი უანგარო სიყვარული გამოავლინა ჩვენ მიმართ! ვინაიდან ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილი, უანგაროდ სიყვარული ჩვენც შეგვიძლია. მაგალითად, აბელმა ღვთისადმი სიყვარული იმით გამოხატა, რომ უანგაროდ გაიღო მისთვის საუკეთესო შესაწირავი (დაბ. 4:3, 4). ნოეს უანგარო სიყვარული აღძრავდა, რომ ღვთის ცნობა ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად გადაეცა ხალხისთვის, რომლებიც არაფრად აგდებდნენ მის სიტყვებს (2 პეტ. 2:5). აბრაამი მზად იყო, ისაკი გაეღო მსხვერპლად, რითაც ცხადყო, რომ საკუთარ გრძნობებზე წინ იეჰოვასადმი სიყვარულს აყენებდა (იაკ. 2:21). ჩვენც გვსურს, ამ ერთგული მამაკაცების მსგავსად მაშინაც გამოვავლინოთ სიყვარული, როცა ამის გაკეთება არც ისე ადვილია. w17.10 7, 8 ¶3, 4

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (მათე 21:18, 19; 21:12, 13; იოანე 12:20—50)

ოთხშაბათი, 17 აპრილი

ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს სისუსტეებში, არამედ ვინც ჩვენსავით გამოიცადა ყველაფერში, ოღონდ უცოდველი იყო (ებრ. 4:15).

ჩვენი მღვდელმთავრის, იესოს მეშვეობით შეგვიძლია „მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:16). ამიტომ, იესოს მსხვერპლისადმი რწმენა უნდა გამოვავლინოთ. გჯეროდეს, რომ ის პირადად შენთვის გაიღეს! (გალ. 2:20, 21). დარწმუნებული იყავი, რომ გამოსასყიდის საფუძველზე გეპატიება ცოდვები! გჯეროდეს, რომ სწორედ გამოსასყიდი გაძლევს მარადიული სიცოცხლის იმედს! იესოს მსხვერპლი არის საჩუქარი, რომელიც იეჰოვამ პირადად შენთვის გაიღო. ასე რომ, როცა იეჰოვა გვპატიობს ცოდვას, აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ ის რაიმე მიზეზით გაგვიხსენებს დანაშაულს და განგვსჯის მის გამო (ფსალმ. 103:8—12). დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა სრულად გვპატიობს. w17.11 11, 12 ¶14—17

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (მათე 21:33—41; 22:15—22; 23:1—12; 24:1—3)

ხუთშაბათი, 18 აპრილი

გთხოვ . . . იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში (იოან. 17:20, 21).

იმ ღამეს, როდესაც პირველად აღნიშნა უფლის გახსენების საღამო, იესომ ილოცა და ღმერთს სთხოვა, რომ მის მიმდევრებსაც ისეთივე ერთობა ჰქონოდათ, როგორიც მას მამასთან ჰქონდა. იეჰოვამ შეისმინა თავისი ძვირფასი ძის სათხოვარი. შედეგად, დღეს მილიონებს სწამთ, რომ იეჰოვამ თავისი ძე გამოგზავნა. იეჰოვას ხალხს შორის არსებული ერთობა ყველაზე მეტად გახსენების საღამოს დროს ჩანს. ზოგისთვის დაუჯერებელია და გაუგონარიც კი, რომ რელიგიურ შეხვედრაზე განსხვავებული რასის ადამიანები ერთად შეიკრიბონ. ზოგი კი ასეთ შეკრებებს ყოვლად მიუღებლად მიიჩნევს. მაგრამ იეჰოვასა და იესოს ძალიან სიამოვნებთ, რომ თავიანთ მსახურებს შორის ასეთ ერთობას ხედავენ! ჩვენ, ღვთის ხალხს, არ გვიკვირს ასეთი ერთობა, რადგან იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა ეს (ეზეკ. 37:15—17; ზაქ. 8:23) w18.01 14 ¶7—9

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (მათე 26:1—5, 14—16; ლუკა 22:1—6)

გახსენების საღამო
მზის ჩასვლის შემდეგ
პარასკევი, 19 აპრილი

მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავში დასადები ქვა გახდა (ფსალმ. 118:22).

„მშენებლებმა“ ანუ იუდეველმა წინამძღოლებმა უარყვეს მესია. მათ ზურგი აქციეს იესოს და არ აღიარეს ის ქრისტედ, თუმცა მხოლოდ ეს არ იკმარეს. მათგან წაქეზებული ბევრი იუდეველი ხმამაღლა მოითხოვდა იესოს სიკვდილით დასჯას (ლუკ. 23:18—23). ცხადია, ისინი ყველანი დამნაშავენი იყვნენ იესოს სიკვდილში. თუ იესო უარყვეს და მოკლეს, როგორღა გახდებოდა ის „კუთხის თავში დასადები ქვა“? ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ის მკვდრეთით აღდგებოდა. პეტრე მოციქულმა თქვა: „ნაზარეთელი იესო ქრისტე . . . რომელიც თქვენ ბოძზე გააკარით . . . ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა“ (საქ. 3:15; 4:5—11; 1 პეტ. 2:5—7). სწორედ ამიტომ ამბობს ბიბლია მასზე: „არ არსებობს ცის ქვეშ ადამიანებისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქ. 4:12; ეფეს. 1:20). w17.12 9, 10 ¶6—9

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (მათე 26:17—19; ლუკა 22:7—13) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მათე 26:20—56)

შაბათი, 20 აპრილი

უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე (1 კორ. 11:26).

დიდი გასაჭირის შესახებ, რომელიც წინ გველის, იესომ თქვა: „იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს. [იესო] გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს“ (მათ. 24:29—31). რჩეულების შეკრება მიუთითებს იმ დროზე, როცა დედამიწაზე დარჩენილი ყველა ცხებული ქრისტიანი მიიღებს ზეციერ ჯილდოს. ეს მოხდება დიდი გასაჭირის პირველი ეტაპის შემდეგ და არმაგედონის დაწყებამდე არსებულ დროის მონაკვეთში. ამის შემდეგ იესო 144 000 თანამმართველთან ერთად სძლევს დედამიწის მეფეებს (გამოცხ. 17:12—14). აქედან გამომდინარე, გახსენების საღამო აღარ აღინიშნება მას შემდეგ, რაც იესო მოვა და დედამიწაზე დარჩენილ ცხებულებს ზეცაში შეკრებს. w18.01 16 ¶15

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მათე 27:1, 2, 27—37)

კვირა, 21 აპრილი

იესო აღადგინა ღმერთმა (საქ. 2:32).

იესო ზეცაშია და ცოცხალია სამარადისოდ (გამოცხ. 1:5, 18; რომ. 6:9; კოლ. 1:18; 1 პეტ. 3:18). იესო დაჰპირდა ერთგულ მოციქულებს, რომ მასთან ერთად იმეფებდნენ ზეცაში (ლუკ. 22:28—30). პავლემ დაწერა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი“. მან თქვა, რომ ზეციერი ცხოვრებისთვის სხვებიც აღდგებოდნენ: „თითოეული თავისი წესისა და რიგის მიხედვით: ჯერ ქრისტე, პირველი ნაყოფი, შემდეგ კი ქრისტესნი — როცა ის მოსული იქნება“ (1 კორ. 15:20, 23). 1914 წლიდან იესო უკვე მოსულია და ეს ბოროტი ქვეყნიერება ძალიან მალე განადგურდება. w17.12 10 ¶11; 11 ¶14—16

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მათე 28:2—4)

ორშაბათი, 22 აპრილი

მე, მე განუგეშებთ თქვენ (ეს. 51:12).

იეჰოვამ თვითონაც დაკარგა საყვარელი ადამიანები — აბრაამი, ისაკი, იაკობი, მოსე, მეფე დავითი და სხვები (რიცხ. 12:6—8; მათ. 22:31, 32; საქ. 13:22). თავის სიტყვაში ის გვარწმუნებს, რომ მოუთმენლად ელის დროს, როცა სიცოცხლეს დაუბრუნებს მათ (იობ. 14:14, 15). ისინი ბედნიერები და სრულიად ჯანმრთელები იქნებიან. ღმერთმა საყვარელი ძეც დაკარგა, რომელიც მტანჯველი სიკვდილით მოკვდა (იგავ. 8:22, 30). შეუძლებელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც იეჰოვა გრძნობდა მაშინ (იოან. 5:20; 10:17). შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა დაგვეხმარება. ამიტომ თავი არ უნდა შევიკავოთ და ლოცვაში გული უნდა გადავუშალოთ ჩვენს ზეციერ მამას. რამდენად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი გულისტკივილი და ნუგეშისცემას არ გვაკლებს! (2 კორ. 1:3, 4). w17.07 13 ¶3—5

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მათე 28:1, 5—15)

სამშაბათი, 23 აპრილი

ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ (ებრ. 6:10).

დღეს მილიონები იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის მხარდასაჭერად მთელი გულით სწირავენ თავიანთი ქონებიდან, რაშიც მათი დრო, ენერგია და სახსრები იგულისხმება (იგავ. 3:9). იეჰოვა არასდროს დაივიწყებს ჩვენს შრომასა და სიყვარულს. ყველაფერი, რაც ბოლო დღეებში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად კეთდება, იმის მტკიცებაა, რომ ქრისტე გვხელმძღვანელობს და იეჰოვა კურთხევებს არ გვაკლებს. ჩვენ მივეკუთვნებით ორგანიზაციას, რომელშიც თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ და რომელიც მარადიულად იარსებებს. დააფასეთ თქვენი ადგილი იეჰოვას ორგანიზაციაში და მოუსმინეთ „იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას“! (ზაქ. 6:15). თუ ასე მოიქცევით, დაგიცავთ ჩვენი მეფე და მღვდელმთავარი, იესო. თქვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, სრულად დაუჭირეთ მხარი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას! ამგვარად, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ახლაც დაგიცავთ და მთელი მარადიულობის განმავლობაშიც! w17.10 30 ¶18, 19

ოთხშაბათი, 24 აპრილი

შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ (ლუკ. 16:9).

სატანის ქვეყნიერების ყველა სისტემა — პოლიტიკური, რელიგიური თუ კომერციული — გასანადგურებლად არის განწირული. ეზეკიელმა და სოფონიამ იწინასწარმეტყველეს, რომ ოქრო და ვერცხლი, რომლებზეც საუკუნეების მანძილზე კომერციული სამყარო იდგა, ფასს დაკარგავდა (ეზეკ. 7:19; სოფ. 1:18). რას ვიგრძნობდით, თუ სიკვდილის პირას მივხვდებოდით, რომ ამ ქვეყნიერების „უმართლო სიმდიდრის“ შეძენას ნამდვილი სიმდიდრე შევწირეთ? ალბათ, იმ ადამიანივით ვიგრძნობდით თავს, რომელიც მთელი ცხოვრება ფულს აგროვებდა და გვიან მიხვდა, რომ ყალბი ფულისთვის შრომობდა (იგავ. 18:11). „უმართლო სიმდიდრე“ საბოლოოდ ძალას დაკარგავს, ამიტომ ნუ გაუშვებთ ხელიდან იმის შესაძლებლობას, რომ მისი მეშვეობით ზეციერი მეგობრები შეიძინოთ. ყველაფერი, რასაც ღვთის სამეფოს ინტერესების წინ წასაწევად ვაკეთებთ, სულიერად გვამდიდრებს. w17.07 11 ¶16

ხუთშაბათი, 25 აპრილი

მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა, და იარეთ სიყვარულში, როგორც ქრისტემ შეგიყვარათ და თქვენთვის საკუთარი თავი გადასცა ღმერთს შესაწირავად (ეფეს. 5:1, 2).

ზოგი ცდილობს, დამალოს სერიოზული ცოდვები, რადგან რცხვენია ან არ სურს, რომ სხვებს იმედი გაუცრუოს (იგავ. 28:13). ეს ნამდვილად არ არის სიყვარულის გამოვლენა, რადგან ამით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ სხვებსაც აყენებენ ზიანს. შემცოდველის გამო შეიძლება კრებამ წმინდა სული დაკარგოს და კრების მშვიდობას საფრთხე დაემუქროს (ეფეს. 4:30). ნამდვილი სიყვარული შემცოდველს აღძრავს, უხუცესებთან აღიაროს ჩადენილი ცოდვა, რათა მათ საჭირო სულიერი დახმარება აღმოუჩინონ (იაკ. 5:14, 15). სიყვარული ყველაზე აღმატებული თვისებაა (1 კორ. 13:13). სწორედ სიყვარულით ამოიცნობიან ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები, რომლებიც ცდილობენ, მიჰბაძონ სიყვარულის წყაროს, იეჰოვა ღმერთს. პავლე მოციქული წერდა: „სიყვარული [რომ] არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნები“ (1 კორ. 13:2). მოდი კვლავაც გამოვავლინოთ სიყვარული არა მხოლოდ სიტყვით, „არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით“! (1 იოან. 3:18). w17.10 11 ¶17, 18

პარასკევი, 26 აპრილი

ჩვენ ადამიანებზე მეტად ღმერთს უნდა დავემორჩილოთ (საქ. 5:29).

გაიხსენეთ, რა გაბედულად მოიქცა იოსები, როცა ფოტიფარის ცოლი სექსუალური უზნეობის ჩადენას აიძულებდა. მან კარგად იცოდა, რის ფასად დაუჯდებოდა უარის თქმა. მიუხედავად ამისა, გაბედულება გამოავლინა და დაუყოვნებლივ გაერიდა იქაურობას (დაბ. 39:10, 12). გაბედულების შესანიშნავი მაგალითი რახაბმაც დაგვიტოვა. როდესაც ისრაელი მზვერავები იერიხონში მის სახლში მივიდნენ, მან გაბედულად იმოქმედა — დამალა ორი მზვერავი და დაეხმარა, რომ უსაფრთხოდ დაეტოვებინათ იქაურობა (იეს. 2:4, 5, 9, 12—16). მოციქულებმა, რომლებიც იესოს გაბედულების თვითმხილველები იყვნენ, სადუკეველების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად არ შეწყვიტეს იესოს სახელით სწავლება (საქ. 5:17, 18, 27—29). კარგი საქმეების საკეთებლად იოსებს, რახაბს, იესოსა და მოციქულებს შინაგანი სიმტკიცე აღძრავდა. ისინი ზედმეტად თავდაჯერებულები კი არ იყვნენ, არამედ იეჰოვას ენდობოდნენ. ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, როცა გამბედაობა დაგვჭირდება. საკუთარ თავზე დანდობის ნაცვლად, ჩვენ იეჰოვას უნდა მივენდოთ (2 ტიმ. 1:7). w17.09 29 ¶6—9

შაბათი, 27 აპრილი

გაიხადეთ ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ (კოლ. 3:9).

„ძველი პიროვნების“ მოშორება მხოლოდ საკუთარი ძალით შეუძლებელია. ადამიანებს, რომლებიც ასე მოიქცნენ, დიდი ძალისხმევის ფასად დაუჯდათ ცუდი ჩვევების მოშორება. მათ გამარჯვება მხოლოდ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის ძალით შეძლეს (ლუკ. 11:13; ებრ. 4:12). ამ ძალის მისაღებად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია, ვიფიქროთ წაკითხულზე და გამუდმებით ვთხოვოთ იეჰოვას სიბრძნე და ძალა, რათა შევძლოთ ბიბლიური რჩევების ცხოვრებაში გამოყენება (იეს. 1:8; ფსალმ. 119:97; 1 თეს. 5:17). ღვთის სიტყვა და წმინდა სული მაშინაც გვეხმარება, როცა კრების შეხვედრებისთვის ვემზადებით და ვესწრებით მათ (ებრ. 10:24, 25). გარდა ამისა, გვინდა, ვისარგებლოთ ყველა საშუალებით, რომლითაც დღეს სულიერი საზრდო მთელ მსოფლიოში მიეწოდება ღვთის ხალხს (ლუკ. 12:42). ქრისტიანებმა უნდა მოიშორონ ძველი პიროვნება, თუმცა მხოლოდ ეს არ არის საკმარისი ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ჩვენ „ახალი პიროვნებით“ უნდა შევიმოსოთ (კოლ. 3:10). w17.08 21 ¶16, 17

კვირა, 28 აპრილი

მე შენს სიკეთეს ვარ მინდობილი. გაიხაროს ჩემმა გულმა შენგან ხსნით (ფსალმ. 13:5).

მეფე დავითს ბევრჯერ მოექცნენ უსამართლოდ. როცა იეჰოვამ დავითი ისრაელის მეფედ სცხო, ის ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, თუმცა ამის შემდეგ თითქმის 15 წელი ელოდა თავის ტომში გამეფებას (2 სამ. 2:3, 4). ღვთის ორგული მეფე საული წლების მანძილზე დასდევდა დავითს მოსაკლავად. დევნილი დავითი ხან უცხო ქვეყანას აფარებდა თავს, ხან კი — უდაბნოში გამოქვაბულებს. მას შემდეგაც კი, რაც საული ბრძოლის ველზე მოკლეს, დავითს კიდევ შვიდ წელზე მეტხანს მოუწია ლოდინი, სანამ მთელ ისრაელზე გამეფდებოდა (2 სამ. 5:4, 5). რატომ იყო დავითი მზად, მოთმინებით დალოდებოდა იეჰოვას? მას ღვთის სიკეთის იმედი ჰქონდა. ის სიხარულით ელოდა იეჰოვასგან ხსნას და იხსენებდა, როგორ აკურთხა იეჰოვამ წარსულში (ფსალმ. 13:6). ეჭვგარეშეა, დავითმა იცოდა, რომ ლოდინი ნამდვილად დაჯილდოვდებოდა. w17.08 6 ¶14, 15

ორშაბათი, 29 აპრილი

ღმერთი მიკერძოებული არ არის (საქ. 10:34).

დროთა განმავლობაში ენა იცვლება და ზოგჯერ სიტყვები თუ გამონათქვამები სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. იმავეს თქმა შეიძლება ებრაულ და ბერძნულ ენებზე, რომლებზეც ბიბლიის დიდი ნაწილი დაიწერა. ძველი ებრაული და ბერძნული სრულიად განსხვავდება დღევანდელი ებრაულისა და ბერძნულისგან. ასე რომ, მათაც კი, ვინც ეს თანამედროვე ენები იცის და ღვთის სიტყვის გაგება სურს, თარგმანი უნდა წაიკითხოს. ზოგი ფიქრობდა, რომ ბიბლიის წასაკითხად და გასაგებად ძველი ბერძნული და ებრაული ენები უნდა ესწავლა. მაგრამ ეს დიდად ვერ დაეხმარა მათ. საბედნიეროდ, ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ 3 200-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. აშკარაა, იეჰოვას სურს, რომ მისი სიტყვა ხელმისაწვდომი იყოს „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (გამოცხ. 14:6). განა არ გიჩნდებათ სურვილი, რომ დაუახლოვდეთ მოსიყვარულე და მიუკერძოებელ ღმერთს?! w17.09 19 ¶4

სამშაბათი, 30 აპრილი

ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია (იგავ. 17:27).

საკუთარი გრძნობების გაკონტროლება ოჯახის გარიცხულ წევრთან ურთიერთობის დროსაც გმართებთ, რათა არ იქონიოთ ურთიერთობა მასთან, თუ ეს აუცილებელი არ იქნება. ასეთ სიტუაციებში თავშეკავება გაგვიადვილდება, თუ გავაცნობიერებთ, რომ ასეთი საქციელით ღმერთს ვბაძავთ და მის მითითებებს მივყვებით. დავფიქრდეთ მეფე დავითის შემთხვევაზე. მას დიდი ძალაუფლება ჰქონდა, თუმცა არ გამოუყენებია ის საულსა და შიმეიზე შურის საძიებლად (1 სამ. 26:9—11; 2 სამ. 16:5—10). მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ დავითი ყოველთვის ავლენდა თავშეკავებას. ამას ცხადყოფს ბათ-შებასთან ჩადენილი ცოდვა და ნაბალის სიძუნწეზე მისი პირველი რეაქცია (1 სამ. 25:10—13; 2 სამ. 11:2—4). ამის მიუხედავად, დავითისგან მნიშვნელოვანი რამის სწავლა შეგვიძლია. პირველი, მათ, ვისაც ღვთის ხალხს შორის ხელმძღვანელობა აკისრია, განსაკუთრებით მართებთ თავშეკავება, რომ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენონ. მეორე, ზედმეტად თავდაჯერებული არ უნდა ვიყოთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცდუნებას არასდროს ავყვებით (1 კორ. 10:12). w17.09 5, 6 ¶12, 13

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება