მაისი
ოთხშაბათი, 1 მაისი
ჩაეჭიდე დარიგებას და ნუ მიატოვებ. დაიცავი, რადგან ის შენი სიცოცხლეა (იგავ. 4:13).
მიუხედავად იმისა, რომ აღმზრდელობითი ზომები შეიძლება მტკივნეული იყოს, არის რაღაც, რაც უფრო მტკივნეულია — ეს არის აღმზრდელობითი ზომების უგულებელყოფით გამოწვეული ზიანი (ებრ. 12:11). განვიხილოთ კაენის შემთხვევა. როცა კაენმა ისე შეიძულა აბელი, რომ მისი მოკვლა გაივლო გულში, ღმერთმა ჰკითხა: „რატომ აენთე რისხვით და რატომ მოგეღუშა სახე? თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?!“ (დაბ. 4:6, 7). კაენმა არ მოუსმინა იეჰოვას, ამიტომ ცოდვამ სძლია და მთელი ცხოვრება სავალალო შედეგებს იმკიდა (დაბ. 4:11, 12). კაენს ღმერთისთვის რომ დაეჯერებინა, ამხელა ტკივილს არ მიაყენებდა საკუთარ თავს. იეჰოვას ნამდვილად არ სურს, რომ ზედმეტი ტკივილი მივაყენოთ საკუთარ თავს! (ეს. 48:17, 18). ასე რომ, მოუსმინეთ დარიგებას და დაბრძენდით! (იგავ. 8:33). w18.03 32 ¶18—20
ხუთშაბათი, 2 მაისი
მე, დანიელმა, წიგნებიდან გავიგე იმ წლების რიცხვი (დან. 9:2).
როგორ გაიცნო დანიელმა იეჰოვა ღმერთი? როგორც ჩანს, იეჰოვასა და მისი სიტყვის სიყვარული მას მშობლებმა ჩაუნერგეს, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა. ის ღრმა მოხუცებულობაშიც კი გულდასმით იკვლევდა წმინდა წერილებს. დანიელი კარგად იცნობდა ღმერთს და იცოდა, როგორ ეპყრობოდა ის ისრაელს. ეს კარგადაა აღწერილი მის გულწრფელ და სინანულის გამომხატველ ლოცვაში, რომელიც დანიელის 9:3—19-შია ჩაწერილი. კარგი იქნება, თუ დროს გამოყოფთ ამ მონაკვეთის წასაკითხად და მასზე დასაფიქრებლად. ბაბილონში ცხოვრება ადვილი არ იქნებოდა ერთგული ებრაელებისთვის. იეჰოვამ უთხრა მათ: „მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ“ (იერ. 29:7). თუმცა ამავე დროს ის მათგან განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვდა (გამ. 34:14). რა დაეხმარა დანიელს, რომ ორივე მოთხოვნას დამორჩილებოდა? მას ღვთიური სიბრძნე დაეხმარა, დაენახა პრინციპი, რომ ხელისუფლებისადმი მორჩილება პირობითი იყო. საუკუნეების შემდეგ იესომ სწორედ ეს პრინციპი მოიხსენია (ლუკ. 20:25). w18.02 10 ¶11, 12
პარასკევი, 3 მაისი
ნიშანი დაადე შუბლზე . . . ადამიანებს (ეზეკ. 9:4).
თქვენც ხომ არ გიწევთ ისეთ სირთულეებთან ჭიდილი, როგორიცაა შერყეული ჯანმრთელობა, ფინანსური პრობლემები ან რელიგიური ნიშნით დევნა? ხომ არ გიჭირთ ზოგჯერ იეჰოვას მსახურებაში სიხარულის შენარჩუნება? თუ ასეა, ნოეს, დანიელისა და იობის მაგალითები ნამდვილად შეგმატებთ ძალას. ისინი არასრულყოფილები იყვნენ და მათაც ჩვენნაირი პრობლემები ჰქონდათ. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ყველაფრის მიუხედავად, ამ მამაკაცებმა ბოლომდე შეინარჩუნეს ერთგულება და ღვთის თვალში რწმენისა და მორჩილების მაგალითები გახდნენ (ეზეკ. 14:12—14). დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები ეზეკიელმა ბაბილონში ძვ. წ. 612 წელს დაწერა (ეზეკ. 1:1; 8:1). განდგომილი იერუსალიმისთვის ახლოვდებოდა ნაწინასწარმეტყველები აღსასრული, რომელიც ძვ. წ. 607 წელს დადგა. ამ დროს ცოტა თუ ავლენდა ისეთ თვისებებს როგორიც ნოეს, დანიელსა და იობს ჰქონდათ. ერთგულ ისრაელებს იეჰოვამ ნიშანი დაადო გადასარჩენად (ეზეკ. 9:1—5). ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროსაც მხოლოდ ისინი იქნებიან ნიშანდადებულნი გადასარჩენად, ვინც ბრალდაუდებელი იქნება იეჰოვას თვალში (გამოცხ. 7:9, 14). w18.02 3, 4 ¶1—3
შაბათი, 4 მაისი
გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში (ეკლ. 12:1).
ახალგაზრდებო, დაუსვით თქვენს თავს შემდეგი კითხვები: „მხოლოდ იმიტომ ხომ არ ვმონაწილეობ თეოკრატიულ საქმეებში, რომ ამას ჩემი მშობლები მოელიან? ვცდილობ, პირადად განვივითარო ღმერთთან ახლო ურთიერთობა?“. ცხადია, სულიერი მიზნების დასახვა მხოლოდ ახალგაზრდებს არ სჭირდებათ. ასეთი მიზნები იეჰოვას თითოეული მსახურის სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს (ეკლ. 12:13). როგორც კი განვსაზღვრავთ, რაში გვჭირდება გაუმჯობესება, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ. სულიერობისკენ სწრაფვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია (რომ. 8:6—8). თუმცა სულიერ მოწიფულობას რომ მივაღწიოთ, სრულყოფილება არ არის საჭირო. სულიერ ზრდაში იეჰოვა თავისი სულის მეშვეობით გვეხმარება. მაგრამ ძალისხმევა ჩვენგანაც მოითხოვება. მართალია, ბიბლიის კვლევა სასიამოვნო პროცესია, მაგრამ ის რომანივით, მხოლოდ თავშესაქცევად არ უნდა ვიკითხოთ. ძალისხმევაა საჭირო, რომ ღვთის სიტყვის სიღრმეებს ჩავწვდეთ, რადგან სწორედ ეს გვხდის სულიერად მოწიფულებს. w18.02 25 ¶10, 11
კვირა, 5 მაისი
რაღად აყოვნებ? ადექი, მოინათლე (საქ. 22:16).
მიძღვნისა და ნათლობისთვის საჭირო არ არის ბიბლიის თავიდან ბოლომდე ცოდნა, რადგან ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნის მიღება ნათლობის შემდეგაც არ უნდა შეწყვიტოს ადამიანმა (კოლ. 1:9, 10). მაშ, რის ცოდნა მოითხოვება ნათლობამდე? ჩვენთვის საყურადღებოა პირველ საუკუნეში მცხოვრები ერთი ოჯახის შემთხვევა (საქ. 16:25—33). დაახლოებით ახ. წ. 50 წელს, მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს, პავლე ფილიპეში ჩავიდა, სადაც ის და მისი თანამსახური სილა უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს. შუაღამისას ძლიერი მიწისძვრა მოხდა, საპატიმროს საძირკველი შეირყა და უცებ ყველა კარი გაიღო. შეშინებული საპყრობილის ზედამხედველი, რომელსაც ეგონა, რომ პატიმრები გაიქცნენ, თავის მოკვლას აპირებდა, როცა პავლემ დაუძახა და შეაჩერა. პავლესა და სილას კარგი შესაძლებლობა მიეცათ, რომ საპყრობილის ზედამხედველისა და მისი ოჯახისთვის დაემოწმებინათ. იესოს შესახებ ჭეშმარიტების გაგებამ მათში მადლიერების გრძნობა აღძრა. შედეგად, ისინი მალევე მოინათლნენ. w18.03 10 ¶7, 8
ორშაბათი, 6 მაისი
ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა! (ფსალმ. 144:15)
იეჰოვა ბედნიერი ღმერთია, ამიტომ მისი მსახურებიც ბედნიერები არიან. უფრო მეტიც, საკუთარი თავის მოყვარულებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ მიღებაზე ფიქრობენ, იეჰოვას მსახურებს ძალიან სიამოვნებთ, რომ სხვების კეთილდღეობისთვის იხარჯებიან (საქ. 20:35; 2 ტიმ. 3:2). როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, ხომ არ დაჩრდილა ღვთის სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულმა? დავფიქრდეთ ფილიპელების 2:3, 4 მუხლებში ჩაწერილ რჩევაზე: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“. შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვიყენებ ამ რჩევას ცხოვრებაში? ვეძებ შესაძლებლობებს, დავეხმარო როგორც თანაქრისტიანებს, ისე მათ, ვისაც ვუქადაგებ?“. ყოველთვის ადვილი არ არის, რომ სხვებისთვის დავიხარჯოთ. ეს ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვს. განა მოგვანიჭებს რამე იმაზე დიდ სიხარულს, ვიდრე იმის გაცნობიერება, რომ სამყაროში უზენაეს პიროვნებას ვასიამოვნეთ?! w18.01 23 ¶6, 7
სამშაბათი, 7 მაისი
ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, რწმენაში ხართ თუ არა (2 კორ. 13:5).
კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ვკითხავთ: „მართლა მჯერა, რომ იმ ორგანიზაციის წევრი ვარ, რომელსაც იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად იყენებს? მაქსიმალურად ვცდილობ, მონაწილეობა მივიღო სამქადაგებლო საქმიანობასა და ღვთის სიტყვის სწავლებაში? ჩანს ჩემი საქმეებიდან იმის რწმენა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ და მალე სატანის მმართველობას წერტილი დაესმება? ისევე ვენდობი იესოს და იეჰოვას, როგორც მაშინ, როცა თავი მივუძღვენი მას?“ (მათ. 24:14; 2 ტიმ. 3:1; ებრ. 3:14). ამ კითხვებზე ღრმად დაფიქრება დაგვეხმარება, გამოვცადოთ საკუთარი თავი. წაიკითხეთ ის პუბლიკაციები თუ სტატიები, რომლებიც ხაზს უსვამს გახსენების საღამოს მნიშვნელოვნებას და იფიქრეთ მათზე! (იოან. 3:16; 17:3). მარადიული სიცოცხლის მიღების ერთადერთი გზა ის არის, რომ ვეცნობოდეთ იეჰოვას და რწმენას ვავლენდეთ მისი მხოლოდშობილი ძის, იესოს მიმართ. გახსენების საღამოსთვის შესაფერისი განწყობის შესაქმნელად კარგი იქნება, თუ შესწავლის ისეთ გეგმას შეადგენთ, რომელიც უფრო მეტად დაგაახლოებთ იეჰოვასთან და იესოსთან. w18.01 13 ¶5, 6
ოთხშაბათი, 8 მაისი
ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა (იოან. 6:44).
ბიბლიისა და პუბლიკაციების კითხვისა თუ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების დროს იგებ, როგორ დაეხმარა იეჰოვა სხვებს, სირთულეების მიუხედავად ერთგულები დარჩენილიყვნენ. მაგრამ სულიერად რომ გაიზარდო, აუცილებელია დაინახო, როგორ გეხმარება იეჰოვა პირადად შენ. გამოგიცდია საკუთარ თავზე, რომ „კარგია იეჰოვა“? თითოეულმა ქრისტიანმა მაშინ ვიგემეთ იეჰოვას სიკარგე, როცა მან თავისთან და თავის ძესთან დაახლოების შესაძლებლობა მოგვცა. შეიძლება ფიქრობ: „იეჰოვამ ჩემი მშობლები მიიზიდა, მე კი უბრალოდ დინებას მივყვები“. მაგრამ იეჰოვასადმი თავის მიძღვნითა და ნათლობით შენ ცხადყვე, რომ მასთან ახლო ურთიერთობა დაიწყე. ახლა ის პირადად გიცნობს შენ. ბიბლია გვარწმუნებს: „ვისაც ღმერთი უყვარს, მას ღმერთი იცნობს“ (1 კორ. 8:3). შეეცადე, ყოველთვის დააფასო იეჰოვას ორგანიზაციაში შენი ადგილი და მადლიერი იყო ამისთვის. w17.12 26 ¶12, 13
ხუთშაბათი, 9 მაისი
იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს (ებრ. 12:6).
„აღმზრდელობითი ზომები“ თქვენთვის, ალბათ, დასჯასთან ასოცირდება. თუმცა ამ სიტყვებში გაცილებით მეტი იგულისხმება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ აღმზრდელობითი ზომები ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება. ღვთის სიტყვა მას ზოგჯერ ცოდნაზე, სიბრძნეზე, სიყვარულსა და სიცოცხლეზე საუბრისას მოიხსენიებს (იგავ. 1:2—7; 4:11—13). ამგვარად, ღვთის აღმზრდელობითი ზომები მის სიყვარულზე მეტყველებს და გვარწმუნებს, რომ მას ჩვენთვის მარადიული სიცოცხლე სურს (ებრ. 12:6). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის აღმზრდელობით ზომებში შეიძლება დასჯაც შედიოდეს, ის არასდროს არის შეურაცხმყოფელი და ზედმეტად მკაცრი. აღმზრდელობით ზომებში უმთავრესად იგულისხმება ვინმესთვის რჩევა-დარიგებების მიცემა, ისევე როგორც მშობელი ცდილობს აღზრდის პროცესში შვილის სიყვარულით დარიგებას. როგორც ქრისტიანული კრების წევრები, ჩვენ ღვთის სახლეულობას მივეკუთვნებით (1 ტიმ. 3:15). ამიტომ გვესმის, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაგვიდგინოს ნორმები და მათი დარღვევის შემთხვევაში სიყვარულიდან გამომდინარე ჩვენ მიმართ აღმზრდელობითი ზომები გამოიყენოს. გარდა ამისა, თუ ჩვენს არასწორ საქციელს ცუდი შედეგები მოჰყვება, ღვთის აღმზრდელობითი ზომები დაგვანახვებს, რამდენად აუცილებელია, ჩვენს ზეციერ მამას დავემორჩილოთ (გალ. 6:7). w18.03 23 ¶1; 24 ¶3
პარასკევი, 10 მაისი
ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება; გამჭრიახი კაცი მშვიდი სულის პატრონია (იგავ. 17:27).
როგორ უნდა მოიქცე, თუ მოზარდი ხარ და თვლი, რომ ქრისტიანი მშობლები ვერ გიგებენ და ძალიან მკაცრად გექცევიან? შეიძლება მათზე განაწყენებამ იქამდე მიგიყვანოს, რომ დაეჭვდე კიდეც, არის თუ არა იეჰოვასადმი მსახურება საუკეთესო არჩევანი. მაგრამ თუ გულს გაიტეხ და ღვთის მსახურებას შეწყვეტ, მალევე მიხვდები, რომ ღვთისმოშიშ მშობლებზე და კრების წევრებზე მეტად არავინაა დაინტერესებული შენი კეთილდღეობით. როცა მშობლები გსჯიან ან შენიშვნას გაძლევენ, ისინი შენდამი სიყვარულსა და მზრუნველობას ავლენენ (ებრ. 12:8). მაგრამ შეიძლება შენი მშობლების აღზრდის მეთოდები გაღიზიანებდეს. ასეთ დროს უმჯობესი იქნება, ყურადღება იმაზე კი არ გაამახვილო, თუ რა ფორმით მოგცეს შენიშვნა, არამედ იმაზე, თუ რატომ მოგცეს ეს შენიშვნა. ასე რომ, სიმშვიდე შეინარჩუნე და მწვავე რეაქცია ნუ გექნება, როცა მშობლები შეცდომაზე მიგითითებენ. მიზნად დაისახე, მოწიფულ ადამიანად ჩამოყალიბდე, რომელიც შენიშვნებს მშვიდად იღებს და ითვალისწინებს, ნაკლებად ნერვიულობს იმაზე, თუ რა ფორმით მისცეს ესა თუ ის რჩევა (იგავ. 1:8). w17.11 29 ¶16, 17
შაბათი, 11 მაისი
მიატოვე თავდაპირველი სიყვარული (გამოცხ. 2:4).
ალბათ ხედავთ, რომ ზოგ ახალგაზრდას ნათლობიდან რაღაც პერიოდის შემდეგ ეჭვი უჩნდება, ღირს თუ არა ღვთის ნორმებით ცხოვრება. ზოგმა ჭეშმარიტებაც კი დატოვა. ამიტომ გაფიქრებთ, რომ მონათვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიძლება თქვენი შვილიც შეიცვალოს და მასაც გაუნელდეს ჭეშმარიტების სიყვარული. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ სულიერად გაიზარდონ და გადარჩნენ? (1 პეტ. 2:2). ამ კითხვაზე პასუხს პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიწერილი წერილიდან გავიგებთ: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები [ებრაული წერილები], რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:14, 15). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლემ გამოყო სამი მხარე: 1) წმინდა წერილების ცოდნა, 2) ნასწავლში დარწმუნება და 3) ქრისტე იესოში რწმენით „დაბრძენება გადასარჩენად“. w17.12 18, 19 ¶2, 3
კვირა, 12 მაისი
ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო, თქვენ კი აყვირდებით გულისტკივილის გამო (ეს. 65:14).
ბევრი რელიგია ასწავლის ჯოჯოხეთის შესახებ, მრევლს შესაწირავის გაღებას აიძულებს ან მხარს უჭერს ამა თუ იმ პოლიტიკოსს. ამგვარად ისინი ადამიანებს უფრო აშორებენ ღმერთს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობენ, რომ რელიგიის გარეშეც ბედნიერები არიან. რა თქმა უნდა, ცრუ რელიგიის გარეშე ბედნიერი იქნება, თუმცა შეუძლებელია მან ნამდვილი ბედნიერება იეჰოვას, „ბედნიერი ღვთის“, გარეშე პოვოს (1 ტიმ. 1:11). ღმერთი ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ აკეთებს. მისი მსახურები ნამდვილ ბედნიერებას სხვების დახმარებაში პოულობენ (საქ. 20:35). მაგალითად, დავფიქრდეთ, როგორ უწყობს ხელს ოჯახის ბედნიერებას ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. ბიბლია გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მეუღლეს, საქორწინო აღთქმის ერთგულები დავრჩეთ, არ ვუღალატოთ მეორე ნახევარს, კარგად აღვზარდოთ შვილები და ნამდვილი სიყვარული გამოვავლინოთ ოჯახის წევრების მიმართ. ღვთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ქმნიან მსოფლიო საძმოს და გაერთიანებულნი არიან კრებებში, სადაც მშვიდობა და სიყვარული სუფევს. w17.11 21 ¶6, 7
ორშაბათი, 13 მაისი
საწყალი ადამიანი ვარ! (რომ. 7:24)
პავლე მოციქულის ამ სიტყვებს ბევრი ღვთის მსახური იზიარებს. როცა ძლიერ გვსურს, იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ, მაგრამ არასრულყოფილება ხელს გვიშლის, პავლეს მსგავსად თავს საწყალ ადამიანად მივიჩნევთ. ზოგი ქრისტიანი, რომელმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, იმასაც კი ფიქრობს, რომ იეჰოვა არასდროს აპატიებს მას. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ის, ვინც თავს აფარებს იეჰოვას, არ უნდა შთანთქას დანაშაულის გრძნობამ (ფსალმ. 34:22). მას შემდეგ, რაც პავლემ თქვა, რომ საწყალი ადამიანი იყო, რადგან ბოლომდე ვერ ემორჩილებოდა იეჰოვას, მან დასძინა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომ. 7:25). მიუხედავად იმისა, რომ ებრძოდა ცოდვილ მდგომარეობას და განიცდიდა წარსულში დაშვებულ შეცდომებს, რომლებიც უკვე მონანიებული ჰქონდა, პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვამ მას იესო ქრისტეს მეშვეობით აპატია. როგორც გამომსყიდველი, იესო სუფთა სინდისსა და შინაგან სიმშვიდეს გვაძლევს (ებრ. 9:13, 14). როგორც მღვდელმთავარს, „მას შეუძლია სრულად იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია, რათა უშუამავლოს მათ“ (ებრ. 7:24, 25). w17.11 8 ¶1, 2; 12 ¶15
სამშაბათი, 14 მაისი
აღთქმა დაუდეთ და შეუსრულეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას (ფსალმ. 76:11).
რით შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მიძღვნის თანახმად ვცხოვრობთ? ჩვენ იეჰოვას დავპირდით, რომ ყოველდღე განვადიდებდით მას. როცა დიდი თუ პატარა ცდუნების დროს სიმტკიცეს ვინარჩუნებთ, ცხადვყოფთ, რომ სერიოზულად ვეკიდებით იეჰოვასთვის მიცემულ პირობას (ფსალმ. 61:8). მაგალითად, როგორ მოიქცევით, თუ სამსახურში ან სკოლაში თქვენთან ვინმე ფლირტს დაიწყებს? მაშინვე უკუაგდებთ უმართებულო ყურადღებას და დაუმტკიცებთ იეჰოვას, რომ მისი გზები სასურველია თქვენთვის? (იგავ. 23:26). თუ რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრობთ, სთხოვთ იეჰოვას დახმარებას, რომ შეინარჩუნოთ ქრისტიანული თვისებები მაშინაც კი, თუ ოჯახში ამას თქვენ გარდა არავინ ცდილობს? ყოველდღე უხდით მოსიყვარულე ზეციერ მამას მადლობას, რომ მის ხალხს შორის ხართ და თქვენზე სიყვარულით ზრუნავს? ყოველდღე გამოყოფთ დროს ბიბლიის წასაკითხად? განა ამის გაკეთების პირობა არ მივეცით იეჰოვას, როცა თავი მივუძღვენით?! როცა მორჩილებას ვავლენთ და ბოლომდე ვიხარჯებით იეჰოვას მსახურებაში, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ის და ნამდვილად მიძღვნის თანახმად ვცხოვრობთ. იეჰოვას თაყვანისცემა ჩვენთვის ცხოვრების წესია და არა უბრალოდ ფორმალობა. w17.10 23 ¶11, 12
ოთხშაბათი, 15 მაისი
კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს (ფსალმ. 147:1).
„სიტყვები აზრებს ბადებს, მუსიკა — ემოციებს, სიმღერა კი გულს სწვდება“, — თქვა ერთმა ცნობილმა ლირიკოსმა. მართლაც, როცა სიმღერით ვასხამთ იეჰოვას ხოტბას და მისადმი სიყვარულს გამოვხატავთ, ამაღლებული გრძნობები გვეუფლება. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, მარტო ვმღერით თუ კრებაში და-ძმებთან ერთად, სიმღერას განსაკუთრებული ადგილი უკავია ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. რის თქმა შეიძლება თქვენზე? ხომ არ გეუხერხულებათ კრების შეხვედრებზე ხმამაღლა მღერა? ზოგიერთ კულტურაში მამაკაცებს ერიდებათ სხვების თანდასწრებით მღერა. ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება მთელ კრებაზე იმოქმედოს, განსაკუთრებით, თუ უხუცესები არიდებენ თავს შეხვედრებზე სიმღერის შესრულებას ან ამ დროს სხვა საქმეებით არიან დაკავებული (ფსალმ. 30:12). თუ სიმღერას ჩვენი თაყვანისმცემლობის ნაწილად მივიჩნევთ, როცა კრება სიმღერით განადიდებს იეჰოვას აქეთ-იქით სიარულს არ დავიწყებთ და შევეცდებით, რომ პროგრამის ეს ნაწილი არ გამოვტოვოთ. w17.11 3 ¶1—3
ხუთშაბათი, 16 მაისი
არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი (მათ. 10:34).
ყველას გვსურს, მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება გვქონდეს. რა ბედნიერებაა, რომ იეჰოვას მსახურებს გვაქვს „ღვთის მშვიდობა“ — შინაგანი სიმშვიდე, რომელსაც შეუძლია დაგვიცვას მშფოთვარე ფიქრებისა და უარყოფითი გრძნობებისგან! (ფილ. 4:6, 7). ამასთანავე, როგორც ღვთის მიძღვნილი მსახურები, ღმერთთან მშვიდობას ანუ კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ (რომ. 5:1). მაგრამ ჯერ არ დამდგარა დრო, როცა ღმერთი მთელ დედამიწაზე დაამყარებს მშვიდობას. ამ მძიმე, ძნელად ასატან დროში ხშირია დაპირისპირებები. აგრესიას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით (2 ტიმ. 3:1—4). ჩვენ, როგორც ქრისტიანები, სატანისა და მისი ცრუ სწავლებების წინააღმდეგ სულიერ ომში ვართ ჩაბმულნი (2 კორ. 10:4, 5). თუმცა ჩვენს მშვიდობას საფრთხე ყველაზე მეტად შეიძლება ოჯახის წევრებისგან დაემუქროს, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას. ზოგი შეიძლება მასხრად გვიგდებს, ოჯახების ნგრევაში გვადანაშაულებს ან ურთიერთობის გაწყვეტით გვემუქრება. w17.10 12 ¶1, 2
პარასკევი, 17 მაისი
როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე (ფსალმ. 119:97).
დროთა განმავლობაში ენის ცვლილება იმ ენებსაც შეეხო, რომლებზეც ბიბლია ითარგმნა. თავიდან ადვილად გასაგები ბიბლიის თარგმანები მოგვიანებით მოძველებული ენის გამო თითქმის გაუგებარი გახდა. განვიხილოთ ერთი ინგლისური თარგმანის მაგალითი. „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ პირველად 1611 წელს გამოიცა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიბლია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ინგლისურ ენაზე. თუმცა „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ გამოყენებული ბევრი სიტყვა დროთა განმავლობაში მოძველდა. იმავეს თქმა შეიძლება სხვა ენებზე შესრულებულ ძველ თარგმანებზეც. რა კარგია, რომ დღეს თანამედროვე ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გვაქვს! ეს თარგმანი მთლიანად ან ნაწილობრივ 150-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია მისი წაკითხვა. მასში გამოყენებული მარტივი ენის გამო ღვთის სიტყვა გულს სწვდება! w17.09 19 ¶5, 6
შაბათი, 18 მაისი
შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე (იგავ. 27:11).
ქრისტიან ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება უწევთ. მათ შეიძლება სიბრძნის გამოვლენა ისეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს დასჭირდეთ, როგორიცაა კარგი მეგობრებისა და ჯანსაღი გართობის არჩევა, ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნება და მონათვლა, რადგან ამ დროს ისინი ღვთის დამცინავის, სატანის წინააღმდეგ მიდიან, რომელიც არაფრად აგდებს ღვთის ზნეობრივ ნორმებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება ახალგაზრდებს მიზნების დასახვისას სჭირდებათ. ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდებს უბიძგებენ, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ და მაღალანაზღაურებადი სამუშაო იშოვონ. ზოგან კი რთული ეკონომიკური პირობების გამო ახალგაზრდები თავს ვალდებულად თვლიან, რომ ოჯახს შეეშველონ. იეჰოვა აკურთხებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულიერი მიზნების დასახვის დროს გაბედულებას ავლენენ და სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ. იეჰოვა დაეხმარება მათ, რომ იზრუნონ თავიანთი ოჯახის საჭიროებებზე. თქვენც შეგიძლიათ მიჰბაძოთ პირველ საუკუნეში მცხოვრებ ახალგაზრდა ტიმოთეს და მის მსგავსად სულიერი მიზნები დაისახოთ (ფილ. 2:19—22). w17.09 29, 30 ¶10—12
კვირა, 19 მაისი
არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი, . . . გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად (იეს. 1:8).
ბიბლიის გულმოდგინედ კვლევა ქრისტიანებს თავშეკავების განვითარებაში დაეხმარება. როგორ? ბიბლიაში არაერთი მაგალითია ჩაწერილი, რომლებიც ნათლად გვიჩვენებს ჩვენი საქციელის დადებით და უარყოფით მხარეებს. იეჰოვამ ეს შემთხვევები მიზანმიმართულად ჩააწერინა თავის სიტყვაში (რომ. 15:4). ამიტომ გონივრული იქნება, თუ წაიკითხავთ, გამოიკვლევთ და იფიქრებთ მათზე! შეეცადეთ დაინახოთ, როგორ გეხებათ ისინი თქვენ ან თქვენს ოჯახს. სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, რომ ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ზოგჯერ გიჭირთ თავშეკავების გამოვლენა, თვალს ნუ დახუჭავთ. ილოცეთ და ყველაფერი გააკეთეთ, რომ ამ მხრივ გაუმჯობესდეთ (იაკ. 1:5). ჩვენს პუბლიკაციებში აუცილებლად იპოვით სასარგებლო რჩევებს, რომლებიც თავშეკავების გამოვლენაში დაგეხმარებათ. w17.09 6 ¶15, 16
ორშაბათი, 20 მაისი
შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (კოლ. 3:10).
„ახალი პიროვნება“ მიუთითებს „ღვთის ნების თანახმად“ შექმნილ პიროვნებაზე (ეფეს. 4:24). „ახალი პიროვნებით“ შემოსვა შეუძლებელი არ არის, რადგან იეჰოვამ თავის ანარეკლად შეგვქმნა და მისი შესანიშნავი თვისებების არეკვლის უნარი გვიბოძა (დაბ. 1:26, 27; ეფეს. 5:1). მას შემდეგ, რაც „ახალი პიროვნებით“ შემოსვისკენ მოგვიწოდა, პავლემ აღწერა „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი შესანიშნავი თვისება — მიუკერძოებლობა. მან თქვა: „არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი“. რატომ არ უნდა განასხვავებდნენ კრების წევრები ერთმანეთს რასის, ეროვნებისა და სოციალური მდგომარეობის მიხედვით? იმიტომ რომ იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები ერთნი არიან (კოლ. 3:11; გალ. 3:28). ისინი, ვინც „ახალი პიროვნებით“ იმოსებიან, თანაქრისტიანებსაც და გარეშეებსაც, მათი სოციალური მდგომარეობისა თუ წარმომავლობის მიუხედავად, პატივისცემით ექცევიან (რომ. 2:11). w17.08 22 ¶1; 23 ¶3, 4
სამშაბათი, 21 მაისი
იეჰოვა უცდის დროს (ეს. 30:18).
იეჰოვა არ მოგვთხოვდა მოთმინების გამოვლენას, თუ თავად არ იქნებოდა მომთმენი. მან მოთმინებით ლოდინის საუკეთესო მაგალითი მოგვცა (2 პეტ. 3:9). ის ათასობით წელია, მოთმინებით იცდის, როდის გადაიჭრება საბოლოოდ ედემის ბაღში წამოჭრილი საკამათო საკითხი. ის „უცდის დროს“, როცა მისი სახელი ბოლომდე განიწმინდება. ეს წარმოუდგენლად დიდ კურთხევებს მოუტანს მათ, „ვისაც მისი მოლოდინი აქვს“ (ეს. 30:18). იესოც მსგავსად ავლენს მოთმინებას. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწაზე ყოფნისას მან იეჰოვას ერთგულება დაუმტკიცა და ახ. წ. 33 წელს წარუდგინა თავისი გამოსასყიდის საფასური, ის 1914 წლამდე იცდიდა, ვიდრე მმართველობის უფლებას მიიღებდა (საქ. 2:33—35; ებრ. 10:12, 13). იესოს ყველა მტერი მხოლოდ მისი ათასწლიანი მმართველობის ბოლოს განადგურდება (1 კორ. 15:25). თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ შედეგი საუკეთესო იქნება. w17.08 7 ¶16, 17
ოთხშაბათი, 22 მაისი
ღმერთი . . . ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს (2 კორ. 1:3, 4).
„ვაჟის სიკვდილიდან თითქმის ერთი წლის მანძილზე საშინელ ტკივილს ვგრძნობდით“, — ამბობს სიუზი. სხვა ქრისტიანი, რომელსაც მოულოდნელად ცოლი დაეღუპა, იხსენებს, რომ „ენით აუწერელ ფიზიკურ ტკივილს“ გრძნობდა. სამწუხაროდ, უამრავი ადამიანია მსგავს მდგომარეობაში. შეიძლება ბევრი ქრისტიანი არ ელოდა, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე დაკარგავდა საყვარელ ადამიანს. მნიშვნელობა არა აქვს, თქვენ დაკარგეთ საყვარელი ადამიანი თუ თქვენმა ახლობელმა, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: როგორ შეიძლება მგლოვიარე ადამიანის ნუგეშისცემა? ალბათ გსმენიათ, რომ დრო ყველაფრის მკურნალია. მაგრამ თავისთავად კურნავს დრო? ერთი ქვრივი და ამბობს: „უფრო ზუსტი იქნებოდა იმის თქმა, რომ კურნავს ის, რასაც ამ დროის მანძილზე ვაკეთებთ“. ფიზიკური ჭრილობის მსგავსად, ემოციური ჭრილობაც შეიძლება დროთა განმავლობაში მოშუშდეს, თუ სათანადოდ მოვუვლით. w17.07 12, 13 ¶1—3
ხუთშაბათი, 23 მაისი
იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს (ფსალმ. 37:4).
რა მიზნების დასახვას გირჩევთ იეჰოვა? მან ისე შექმნა ადამიანები, რომ მის გაცნობასა და მისდამი ერთგულად მსახურებას ბედნიერება მიენიჭებინა მათთვის (ფსალმ. 128:1; მათ. 5:3). ადამიანები რადიკალურად განსხვავდებიან ცხოველებისგან, რომელთა მოთხოვნილებაც მხოლოდ ჭამა-სმითა და გამრავლებით შემოიფარგლება. ღმერთს უნდა, რომ ბედნიერები იყოთ და ცხოვრებაში სხვადასხვა მიზანი დაისახოთ. ჩვენი შემოქმედი სიყვარულის ღმერთი და ბედნიერი ღმერთია, რომელმაც თავის ანარეკლად შეგვქმნა (2 კორ. 13:11; 1 ტიმ. 1:11; დაბ. 1:27). თუ მიჰბაძავთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, თქვენც ბედნიერები იქნებით. გამოგიცდიათ საკუთარ თავზე, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“? (საქ. 20:35). ეს უცვლელი ჭეშმარიტებაა. ამიტომ იეჰოვას სურს, თქვენი მიზნებით ცხადყოთ, რომ გიყვართ ღმერთი და მოყვასი (მათ. 22:36—39). w17.07 23 ¶3
პარასკევი, 24 მაისი
იეჰოვა კარგს არ დაუკავებს უბიწოდ მავალთ (ფსალმ. 84:11).
ღმერთი თავის მსახურებს პატივისცემით ეპყრობა და მათ ღირსებას უფრთხილდება. ის ბევრად უკეთ ზრუნავს ჩვენზე, ვიდრე ჩვენ ვიზრუნებდით საკუთარ თავზე. იეჰოვა უბრალოდ კი არ ზრუნავს თავის ხალხზე, როგორც ჯგუფზე, არამედ თითოეული მსახურის მიმართ ავლენს ინტერესს. მაგალითად, დაფიქრდით იმ სამასწლიან პერიოდზე, როცა მჩაგვრელებისგან გასათავისუფლებლად იეჰოვა ისრაელში მსაჯულებს ნიშნავდა. ამ მშფოთვარე პერიოდში მის თვალს არ გამოჰპარვია უცხოტომელი რუთი, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო, რომ იეჰოვას თაყვანისმცემელი გამხდარიყო. იეჰოვამ აკურთხა რუთი იმით, რომ შესანიშნავ კაცს გაჰყვა ცოლად და მისგან ვაჟი შეეძინა. მაგრამ მისი კურთხევები ამით არ დამთავრებულა. როცა ის მკვდრეთით აღდგება, გაიგებს, რომ მისი ვაჟი მესიის წინაპარი გახდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს რუთს იმის გაგება, რომ მისი ისტორია ბიბლიაში ჩაიწერა და ეს წიგნი მის სახელს ატარებს! (რუთ. 4:13; მათ. 1:5, 16). w17.06 28, 29 ¶8, 9
შაბათი, 25 მაისი
წმინდა სული . . . ყველაფერს გაგახსენებთ (იოან. 14:26).
1970 წელს 19 წლის ძმა პიტერი, რომელსაც ბრიტანეთის ბეთელში მსახურება ახალი დაწყებული ჰქონდა, კარდაკარ მსახურების დროს შუახნის წვეროსან მამაკაცს შეხვდა. პიტერმა ჰკითხა მას, სურდა თუ არა ბიბლიის უკეთ გაგება. კითხვით შემცბარმა კაცმა პიტერს უთხრა, რომ იმ სახლში რაბინები ცხოვრობდნენ, შემდეგ კი გამოსაცდელად ჰკითხა: „მითხარი აბა, რომელ ენაზე დაიწერა დანიელის წიგნი?“. პიტერმა მიუგო, რომ მისი ნაწილი არამეულ ენაზე დაიწერა. «რაბინი გაოცდა, რომ პასუხი ვიცოდი, — ამბობს პიტერი. — მაგრამ იმაზე გაოცებული მე დავრჩი. არ მახსოვდა, საიდან ვიცოდი პასუხი. სახლში რომ დავბრუნდი, „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის ბოლო ნომრები გადავამოწმე და ვიპოვე სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ წიგნი „დანიელი“ არამეულ ენაზე დაიწერა» (დან. 2:4). ეჭვგარეშეა, წმინდა სულს შეუძლია გაგვახსენოს ადრე წაკითხული (ლუკ. 12:11, 12; 21:13—15). w17.06 13 ¶17
კვირა, 26 მაისი
ასეთებს [დაქორწინებულებს] ხორციელი გასაჭირი ექნებათ (1 კორ. 7:28).
ხშირად წყვილს მეტი საფიქრალი უჩნდება, როცა იგებენ, რომ ბავშვი ეყოლებათ. ბავშვის მოლოდინით გამოწვეული სიხარული შეიძლება გააუფერულოს იმის შიშმა, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ან მოგვიანებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა არ იჩინოს თავი. წყვილს იმაზეც მოუწევს ფიქრი, რომ ამის შემდეგ მეტი ხარჯი ექნებათ. ბავშვის დაბადების შემდეგ მათ არაერთ ცვლილებასთან მოუწევთ შეგუება. ახალბედა დედამ შეიძლება მთელი დრო და ყურადღება ბავშვს დაუთმოს. ამ დროს ბევრი ქმარი თავს მიტოვებულად გრძნობს. თუმცა ახალბედა მამის პასუხისმგებლობაც იზრდება, რადგან ოჯახის ახალ წევრზე უნდა იზრუნოს. ზოგი ცოლ-ქმრისთვის გასაჭირი ის არის, რომ ძალიან უნდათ შვილი, მაგრამ არა და არ უჩნდებათ. ამან შეიძლება ცოლს ემოციური ტკივილი მიაყენოს. w17.06 4 ¶1; 5 ¶5, 6
ორშაბათი, 27 მაისი
რა ტკბილია ჩემი სასისთვის შენი სიტყვა, თაფლზე ტკბილია იგი ჩემი პირისთვის! (ფსალმ. 119:103)
ჩვენ გვიყვარს ჭეშმარიტება და ვაფასებთ მას. ჭეშმარიტების ძირითადი წყარო ღვთის სიტყვაა. იესომ ლოცვაში უთხრა თავის მამას: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ასე რომ, ჭეშმარიტებისადმი სიყვარულის განსავითარებლად ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო (კოლ. 1:10). თუმცა ამაში აკადემიური ცოდნის მიღებაზე მეტი იგულისხმება. ყურადღება მიაქციეთ ფსალმუნმომღერლის ღვთივშთაგონებულ სიტყვებს, საიდანაც ჩანს, რა იგულისხმება ჭეშმარიტების სიყვარულში (ფსალმ. 119:97—100). გამოვყოფთ დღის მანძილზე დროს ბიბლიურ მონაკვეთებზე დასაფიქრებლად? ჩვენ მეტად დავაფასებთ ჭეშმარიტებას, თუ ვიფიქრებთ, რა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ღვთის სიტყვის გათვალისწინებას. ჩვენც უნდა გავუსინჯოთ გემო ღვთის ორგანიზაციის მიერ მომზადებულ გემრიელ სულიერ კერძებს. თუ დავაგემოვნებთ მათ, შევძლებთ ჭეშმარიტების სასიამოვნო სიტყვების მოგვიანებით გახსენებას და სხვების დასახმარებლად გამოყენებას (ეკლ. 12:10). w17.05 19, 20 ¶11, 12
სამშაბათი, 28 მაისი
მართლა თქვენ შორის არის ღმერთი (1 კორ. 14:25).
ჩვენც გვსურს დავეხმაროთ გასაჭირში მყოფთ, მათ შორის მათაც, ვინც იეჰოვას მოწმეები არ არიან (ლუკ. 10:33—37). ამის გაკეთების საუკეთესო საშუალება მათთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებაა. ერთი უხუცესი, რომელიც ბევრ ლტოლვილს დაეხმარა, ამბობს: „აუცილებელია, თავიდანვე ვუთხრათ, რომ იეჰოვას მოწმეები ვართ და ჩვენი უმთავრესი მიზანი მათთვის სულიერი დახმარების აღმოჩენაა და არა მატერიალური დახმარების. წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგი შეიძლება მხოლოდ გამორჩენის მიზნით დაგვიახლოვდეს“. ლტოლვილების მიმართ ქრისტიანული სიყვარულის გამოვლენას კარგი შედეგები მოაქვს (ფსალმ. 146:9). ერთი და, სახელად ალგანეში, იხსენებს როგორ გაიქცა ოთხ შვილთან ერთად ერიტრეიდან დევნის გამო. ისინი რვა დღის მანძილზე უდაბნოში სიარულის შემდეგ ძალაგამოცლილები ჩავიდნენ სუდანში. ეს და ამბობს: „ძმებმა საკუთარი ოჯახის წევრებივით მიგვიღეს. მათ იზრუნეს ჩვენს კვებაზე, ტანსაცმელსა და თავშესაფარზე და მგზავრობის თანხაც მოგვცეს. ვინ მიიღებს უცხოს სახლში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთ ღმერთს ემსახურებიან?! იეჰოვას მოწმეების გარდა ამას არავინ გააკეთებს!“ (იოან. 13:35). w17.05 7 ¶17, 19, 20
ოთხშაბათი, 29 მაისი
არ ილაპარაკეთ ჩემზე ჭეშმარიტება, როგორც ჩემმა მსახურმა იობმა ილაპარაკა (იობ. 42:8).
„რას არგებს ღმერთს კაცი ან რას არგებს მას წვდომის უნარის მქონე? განა განიცდის ყოვლისშემძლე რაიმე კმაყოფილებას შენი სიმართლით, ან რა გამორჩენა აქვს, თუ უმწიკვლოდ დადიხარ?“ (იობ. 22:1—3). დაფიქრებულხართ ოდესმე ამ კითხვებზე? როცა თემანელმა ელიფაზმა ეს კითხვები იობს დაუსვა, მას ეჭვი არ შეჰპარვია, რომ მათზე პასუხი უარყოფითი იქნებოდა. შუახელმა ბილდადმაც აუბა მხარი ელიფაზს და ამტკიცებდა, რომ შეუძლებელი იყო, ადამიანი ღვთის თვალში მართლად ჩათვლილიყო (იობ. 25:4). ეს ვაი-ნუგეშისმცემლები ამტკიცებდნენ, რომ ერთგულ მსახურებას იეჰოვასთვის არანაირი სარგებლობა არ მოჰქონდა და მის თვალში ადამიანებს ჩრჩილზე, მატლსა და ჭიაყელაზე მეტი ფასი არ ჰქონდათ (იობ. 4:19; 25:6). იეჰოვამ ნათელი გახადა, რას ფიქრობდა ამ საკითხზე, როცა ელიფაზი, ბილდადი და ცოფარი სიცრუისთვის გაკიცხა, ხოლო იობს მოწონების ნიშნად თავისი მსახური უწოდა (იობ. 42:7). ამგვარად გამოჩნდა, რომ სავსებით შესაძლებელია, ადამიანი ღვთისთვის გამოსადეგი იყოს. w17.04 28 ¶1, 2
ხუთშაბათი, 30 მაისი
გაიხარებენ დიდი მშვიდობით (ფსალმ. 37:11).
იმდენი ხანია არსებობს ეს ქვეყნიერება, რომ ვეღარც კი ვხვდებით, რამხელა სტრესს გვიქმნის მსოფლიოში არსებული ვითარება. ჩვენ იმ ადამიანთა მსგავს მდგომარეობაში ვართ, რომლებიც რკინიგზის სადგურის გვერდით ცხოვრობენ და ხმაური აღარ აწუხებთ ან ნაგავსაყრელთან ახლოს ცხოვრობენ და სუნს ვეღარ გრძნობენ. რამხელა შვება იქნება, როცა ყველაფერი ცუდი წარსულს ჩაჰბარდება! რა შეცვლის იმას, რაც დღეს სტრესს გვიქმნის? ყურადღება მიაქციეთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილ დაპირებას. განა არ გითბობთ გულს ეს სიტყვები?! სწორედ ეს განიზრახა იეჰოვამ თქვენთვის. ამიტომ ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, რომ ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში არ ჩამოშორდეთ იეჰოვა ღმერთსა და მის ორგანიზაციას! გაუფრთხილდით იმედს, იფიქრეთ მასზე, გააცოცხლეთ ის გულსა და გონებაში და ნუ გაუშვებთ ხელიდან სხვებთან მასზე საუბრის შესაძლებლობას! (1 ტიმ. 4:15, 16; 1 პეტ. 3:15). შედეგად აღარ გექნებათ იმის შიში, რომ ამ მსჯავრდადებულ ქვეყნიერებასთან ერთად განადგურდებით. პირიქით, თქვენ გადარჩებით და მარადიულად გაიხარებთ სიცოცხლით! w17.04 13 ¶16, 17
პარასკევი, 31 მაისი
ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით (იაკ. 3:2).
სათქმელად ადვილია, მაგრამ სირთულე მაშინ იჩენს თავს, როცა ძმების არასრულყოფილებას პირადად ვაწყდებით. ავირეკლავთ ამ დროს სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისს? მაგალითად, როგორი რეაქცია გექნებათ, თუ უხუცესი ისეთ რამეს იტყვის, რაშიც მიკერძოება გამოჩნდება? დაბრკოლდებით, თუ უხუცესი გაუაზრებლად გაწყენინებთ ან გულს გატკენთ თავისი სიტყვებით? ცხელ გულზე იმის დასკვნის ნაცვლად, რომ ეს ძმა უხუცესი აღარ უნდა იყოს, გამოავლენთ მოთმინებას და მიანდობთ ამ საქმეს კრების თავს, იესოს? შეეცდებით, რომ შეცდომის იქით გაიხედოთ და დაინახოთ, რამდენი წელი ემსახურება ეს ძმა იეჰოვას ერთგულად? გაიხარებთ იმ ძმასთან ერთად, რომელმაც გაწყენინათ, თუ ის ისევ უხუცესად იმსახურებს და დამატებით პასუხისმგებლობებსაც მიიღებს? თუ მიმტევებლები იქნებით, შეძლებთ სამართლიანობაზე იეჰოვას თვალსაზრისის არეკვლას (მათ. 6:14, 15). w17.04 27 ¶18