საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 57-67
  • ივნისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივნისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 ივნისი
  • კვირა, 2 ივნისი
  • ორშაბათი, 3 ივნისი
  • სამშაბათი, 4 ივნისი
  • ოთხშაბათი, 5 ივნისი
  • ხუთშაბათი, 6 ივნისი
  • პარასკევი, 7 ივნისი
  • შაბათი, 8 ივნისი
  • კვირა, 9 ივნისი
  • ორშაბათი, 10 ივნისი
  • სამშაბათი, 11 ივნისი
  • ოთხშაბათი, 12 ივნისი
  • ხუთშაბათი, 13 ივნისი
  • პარასკევი, 14 ივნისი
  • შაბათი, 15 ივნისი
  • კვირა, 16 ივნისი
  • ორშაბათი, 17 ივნისი
  • სამშაბათი, 18 ივნისი
  • ოთხშაბათი, 19 ივნისი
  • ხუთშაბათი, 20 ივნისი
  • პარასკევი, 21 ივნისი
  • შაბათი, 22 ივნისი
  • კვირა, 23 ივნისი
  • ორშაბათი, 24 ივნისი
  • სამშაბათი, 25 ივნისი
  • ოთხშაბათი, 26 ივნისი
  • ხუთშაბათი, 27 ივნისი
  • პარასკევი, 28 ივნისი
  • შაბათი, 29 ივნისი
  • კვირა, 30 ივნისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 57-67

ივნისი

შაბათი, 1 ივნისი

ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:16).

იეჰოვას ჩვენდამი სიყვარული აღძრავს, რომ შეცდომებზე მიგვითითოს, აღგვზარდოს და მოგვამზადოს, რათა მის სიყვარულში დავრჩეთ და სიცოცხლის გზიდან არ გადავუხვიოთ. აღმზრდელობით ზომებში ზოგჯერ მხოლოდ რჩევა-დარიგება არ იგულისხმება. სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ქრისტიანმა შეიძლება კრებაში პასუხისმგებლობები დაკარგოს. იეჰოვას ასეთ აღმზრდელობით ზომაშიც კი ჩანს მისი სიყვარული. მაგალითად, პასუხისმგებლობების დაკარგვამ შეიძლება შემცოდველი დააფიქროს, რამდენად მნიშვნელოვანია, უფრო მეტი დრო დაუთმოს ბიბლიის პირად შესწავლას, შესწავლილზე ფიქრსა და ლოცვას. ეს ყველაფერი მას სულიერად გააძლიერებს (ფსალმ. 19:7). დროთა განმავლობაში მან შეიძლება ისევ მიიღოს კრებაში პასუხისმგებლობები. ღვთის სიყვარულზე მეტყველებს შემცოდველის ქრისტიანული კრებიდან გარიცხვაც, რადგან ეს კრებას ცუდი გავლენისგან იცავს (1 კორ. 5:6, 7, 11). ვინაიდან იეჰოვა ჩვენს გამოსასწორებლად ყოველთვის სამართლიან ზომებს მიმართავს, გარიცხვა შემცოდველს ანახვებს ჩადენილი ცოდვის სერიოზულობას და აღძრავს მონანიებისკენ (საქ. 3:19). w18.03 24 ¶5, 6

კვირა, 2 ივნისი

ის და ყველა მისიანი დაუყოვნებლივ მოინათლნენ (საქ. 16:33).

საპყრობილის ზედამხედველმა არ იცოდა წმინდა წერილები. ამიტომ ბიბლიური ცოდნისთვის მყარი საფუძველი რომ ჩაეყარა, ღვთის სიტყვის ძირითად სწავლებებს უნდა გასცნობოდა, გაეგო, რას ნიშნავდა ღვთის მსახურად ყოფნა და ქრისტეს სწავლებებისადმი მორჩილების სურვილი გასჩენოდა. ღვთის სიტყვიდან ნასწავლმა და მადლიერების გრძნობამ მას მალევე უბიძგა ნათლობისკენ (საქ. 16:25—33). ცხადია, ის მხოლოდ ამ ცოდნას არ დასჯერდებოდა და მონათვლის შემდეგაც განაგრძობდა წმინდა წერილების გულდასმით კვლევას. მშობლებო, ამ შემთხვევიდან გამომდინარე, რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ თქვენი შვილი ნათლობის სურვილს გამოთქვამს და ჩანს, რომ მას კარგად ესმის ბიბლიის ძირითადი სწავლებები, მათ შორის მიძღვნისა და ნათლობის მნიშვნელობა და სერიოზულობა? თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ უკვე დროა, ის კრების უხუცესებს დაელაპარაკოს და გაიგოს, შეესაბამება თუ არა ნათლობისთვის საჭირო მოთხოვნებს. სხვა მოწაფეების მსგავსად ის ნათლობის შემდეგაც გააგრძელებს იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას და ეს პროცესი მარადიულად გასტანს (რომ. 11:33, 34). w18.03 10 ¶8, 9

ორშაბათი, 3 ივნისი

[გქონდეთ] ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა (რომ. 15:5).

თუ სულიერი აზროვნების განვითარებას ვცდილობთ, წმინდა სული გონების გარდაქმნაში დაგვეხმარება. შედეგად, ჩვენს აზროვნებას ნელ-ნელა ქრისტეს აზროვნებას შევუსაბამებთ. უფრო მეტიც, წმინდა სული ხორციელი სურვილების დაძლევასა და ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებაში დაგვეხმარება. თუ ქრისტეს მსგავსი აზროვნება გვექნება, ეს აისახება ჩვენს მეტყველებაზე, ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე და სამსახურსა თუ სკოლაში ჩვენს საქციელზე. ჩვენი გადაწყვეტილებებიდან გამოჩნდება, რომ ვცდილობთ, ქრისტეს მიმდევრები ვიყოთ. როგორც სულიერ ადამიანებს, ჩვენ არ გვსურს, რომ საფრთხე შევუქმნათ ზეციერ მამასთან ურთიერთობას. როცა ცდუნებების წინაშე დავდგებით, ქრისტეს მსგავსი აზროვნება დაგვეხმარება, არ ავყვეთ მათ. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: „რომელი ბიბლიური პრინციპები დამეხმარება სწორი გადაწყვეტილების მიღებაში? როგორ მოიქცეოდა ქრისტე ჩემს ადგილას? როგორი გადაწყვეტილება მოეწონებოდა იეჰოვას?“. w18.02 25 ¶12; 26 ¶14

სამშაბათი, 4 ივნისი

ნოემ . . . კეთილგანწყობა პოვა იეჰოვას თვალში (დაბ. 6:8).

ნოეს დიდი პაპის, ენოქის დროს ხალხი დიდ ბოროტებას სჩადიოდა. ისინი იეჰოვას წინააღმდეგ აღმაშფოთებელ სიტყვებს ამბობდნენ (იუდ. 14, 15). ძალადობა უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს. ნოეს დროს დედამიწა უკვე სავსე იყო ძალადობით. ბოროტმა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს, ცოლები მოიყვანეს და ბოროტი და ჰიბრიდული შთამომავლობა წარმოშვეს (დაბ. 6:2—4, 11, 12). მაგრამ ნოე სრულიად განსხვავდებოდა მათგან. ის „მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო [იყო] და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ (დაბ. 6:9). რას ვიგებთ ამ სიტყვებიდან მართალი კაცის, ნოეს შესახებ? უპირველესად იმას, რომ წარღვნამდე ის 70 ან 80 წელი კი არ დადიოდა ღმერთთან ერთად, არამედ თითქმის 600 წელი (დაბ. 7:11). ჩვენგან განსხვავებით, ნოეს არც კრებაზე დასწრება შეეძლო და არც თანამორწმუნეებისგან მხარდაჭერის მიღება. როგორც ჩანს, მისი დედმამიშვილებიც არ იზიარებდნენ მის რწმენას. w18.02 4 ¶4, 5

ოთხშაბათი, 5 ივნისი

ადამიანები იქნებიან . . . ფულის მოყვარულები (2 ტიმ. 3:2).

ფულის მოყვარულ ადამიანებს უფრო და უფრო მეტი ფული უნდათ და მისი მოპოვებისკენ სწრაფვით მრავალ ტკივილს აყენებენ საკუთარ თავს (1 ტიმ. 6:9, 10; ეკლ. 5:10). ცხადია, ფული ყველას გვჭირდება. ის გარკვეულწილად გვიცავს კიდეც (ეკლ. 7:12). მაგრამ შესაძლებელია, რომ ადამიანი ნამდვილად ბედნიერი იყოს, თუ მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლია? სავსებით! (ეკლ. 5:12). ბიბლიის ერთმა დამწერმა, იაკეს ვაჟმა აგურმა თქვა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი საჭმელი“. ჩვენთვის ადვილი გასაგებია, რატომ არ სურდა მას სიღატაკეში ცხოვრება. როგორც თავად ამბობს, არ უნდოდა, ხელი წასცდენოდა და მოეპარა რამე, რითაც ღმერთს შეურაცხყოფდა. მაგრამ, რატომ არ სურდა მას გამდიდრება? ის წერს: «რათა გამძღარმა არ უარგყო და არ ვთქვა: „ვინ არის იეჰოვა?“» (იგავ. 30:8, 9). იესომ თქვა: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა, რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან ერთს ზედ გადაჰყვება და მეორეს არაფრად ჩააგდებს. ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც“ (მათ. 6:24). w18.01 24 ¶9—11

ხუთშაბათი, 6 ივნისი

თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას (მათ. 18:35).

ერთობას სხვებისთვის მთელი გულით პატიებით ვუწყობთ ხელს. როცა მწყენინებელს ვპატიობთ, მადლიერებას ვავლენთ იესოს გამოსასყიდის მიმართ, რომლის საფუძველზეც გვეპატიება ცოდვები. დაფიქრდით იესოს მიერ მათეს 18:23—34-ში მოყვანილ მაგალითზე. შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „მსურს, ცხოვრებაში გამოვიყენო ამ მაგალითიდან ნასწავლი? ვავლენ მოთმინებას და გაგებით ვეკიდები თანაქრისტიანებს? მზად ვარ, ვაპატიო მათ, ვინც მაწყენინა?“. ფაქტია, არის ისეთი ცოდვები, რომელთა პატიებაც არასრულყოფილების გამო ძალიან გვიჭირს. თუმცა ამ მაგალითიდან ვიგებთ, რას მოელის იეჰოვა ჩვენგან. იესომ ნათლად დაგვანახვა, რომ იეჰოვა არ გვაპატიებს ცოდვებს, თუ ჩვენ არ ვპატიობთ და-ძმებს, როცა ისინი გულწრფელად ინანიებენ. როგორი გამომაფხიზლებელი აზრია! ჩვენ იმ შემთხვევაში გავუფრთხილდებით და არ შევუქმნით საფრთხეს ღვთის ხალხის საოცარ ერთობას, თუ ისე ვაპატიებთ სხვებს, როგორც იესომ გვასწავლა. w18.01 15 ¶12

პარასკევი, 7 ივნისი

ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ (დან. 6:7).

საფრთხის მიუხედავად, მას არ უნდოდა, ხალხს ეფიქრა, რომ კომპრომისზე წავიდა. იეჰოვამ აკურთხა დანიელის შეგნებული და გაბედული გადაწყვეტილება და არ დაუშვა, რომ ლომების ლუკმა გამხდარიყო. ეს იმდენად დიდი დამოწმება იყო იეჰოვას შესახებ, რომ ამ ამბავმა მიდია-სპარსეთის იმპერიის უშორეს მხარეებამდეც კი მიაღწია (დან. 6:25—27). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ დანიელის რწმენას. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ კი არ ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, არამედ ჩავწვდეთ მის აზრს (მათ. 13:23). ჩვენ გვინდა, საკითხებს იეჰოვას თვალით ვუყუროთ, რაშიც ბიბლიური პრინციპების ღრმა წვდომა იგულისხმება. ამიტომ აუცილებელია, რომ ვიფიქროთ წაკითხულზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გამუდმებით, მთელი გულით ლოცვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა განსაცდელებს ან პრობლემებს ვხვდებით. როცა რწმენით ვთხოვთ სიბრძნეს და ძალას, იეჰოვა არ დაიშურებს მას ჩვენთვის (იაკ. 1:5). w18.02 10, 11 ¶13—15

შაბათი, 8 ივნისი

იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! (ფსალმ. 34:8)

მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ახალგაზრდა მონათლული მსახური ხარ, იგემებ, რომ კარგია იეჰოვა, როცა სხვებთან ქადაგების დროს მის მხარდაჭერას იგრძნობ, იქნება ეს მსახურებაში თუ სკოლაში. ზოგს ძალიან უჭირს თანატოლებთან ქადაგება. ალბათ, გესმის, რატომაც. არ იცი, რა რეაქცია ექნებათ მათ. ერთ ადამიანთან ბევრად ადვილია საუბარი, ვიდრე დიდ ჯგუფთან. რა დაგეხმარება ამ დროს? თავდაპირველად, დაფიქრდი, რამ დაგარწმუნა ბიბლიური სწავლებების სისწორეში. ხელმისაწვდომია შენს ენაზე „შესწავლაში დამხმარე კითხვები“, რომელიც მოცემულია ჩვენს ვებგვერდზე? თუ ჯერ არ იცი, ხელმისაწვდომია თუ არა, დრო გამოყავი, რომ მოძებნო ის. „შესწავლაში დამხმარე კითხვები“ ისეა შედგენილი, რომ დაგაფიქროს, რა გწამს, რატომ გწამს და როგორ შეგიძლია სხვებს აუხსნა ეს სწავლებები. როცა ბოლომდე ჩასწვდები იმას, რაც გწამს, და კარგად მოემზადები, იეჰოვას შესახებ დამოწმების სურვილი გაგიჩნდება (იერ. 20:8, 9). w17.12 26 ¶12, 14, 15

კვირა, 9 ივნისი

კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ (2 ტიმ. 3:14).

შვილებისთვის სულიერი განათლების მისაცემად გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. ტიმოთეს მტკიცედ სწამდა, რომ ის, რაც წმინდა წერილებიდან ისწავლა, ჭეშმარიტება იყო. მან ჩვილობიდანვე იცოდა ებრაული წერილები. თუმცა მოგვიანებით სარწმუნო მტკიცებებმა ის იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ იესო მესია იყო. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, ტიმოთეს მსგავსად დარწმუნდნენ ნასწავლში? უპირველესად, საჭიროა მოთმინება. ძლიერი რწმენა არც ერთ დღეში ჩნდება და არც მემკვიდრეობით გადადის მშობლიდან შვილზე. თითოეულმა ბავშვმა თავისი „აღქმის უნარი“ უნდა გამოიყენოს და ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი ძლიერი რწმენა განივითაროს (რომ. 12:1). ამ პროცესში მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, განსაკუთრებით, თუ ბავშვს კითხვები უჩნდება. w17.12 19 ¶3, 5, 6

ორშაბათი, 10 ივნისი

ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს (იოან. 11:24).

მართა იესოს ახლო მეგობარი და მოწაფე იყო. ის თავის გარდაცვლილ ძმას, ლაზარეს, გლოვობდა. დაუამებდა რამე მას ტკივილს? რა თქმა უნდა. იესომ ის დაარწმუნა: „აღდგება შენი ძმა“. (იოან. 11:20—23). მართას მტკიცედ სწამდა, რომ აღდგომა მომავალში იქნებოდა. თუმცა იესომ სასწაული მოახდინა და მისი ძმა იმავე დღეს აღადგინა. ჩვენ არანაირი საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ იესო ან იეჰოვა დღესვე გაგვიცოცხლებს საყვარელ ადამიანს. მაგრამ გვწამს მართასავით მტკიცედ, რომ მკვდრეთით აღდგომა მომავალში ნამდვილად იქნება? შეიძლება სიკვდილმა მეუღლე, მშობლები, პაპა-ბებია ან შვილი გამოგტაცათ ხელიდან. ალბათ, გენატრებათ მათი ჩახუტება, მათთან საუბარი და სიცილი. საბედნიეროდ, მართას მსგავსად თქვენც გაქვთ საფუძვლიანი მიზეზი, გჯეროდეთ, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს სიცოცხლე დაუბრუნდება. და მაინც, კარგი იქნება, თუ თითოეული ქრისტიანი დაფიქრდება, რატომ არის ეს მიზეზი საფუძვლიანი. w17.12 3 ¶1, 2

სამშაბათი, 11 ივნისი

შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი (ფსალმ. 40:8).

იესოს უყვარდა მოსეს კანონი. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ეს კანონები მისი მამისგან, იეჰოვასგან მომდინარეობდა, რომელიც მისთვის ყველაზე ძვირფასი პიროვნება იყო მთელ სამყაროში. ეს კარგად ჩანს დღევანდელ მუხლში. იესო სიტყვითა თუ საქმით ამტკიცებდა, რომ ღვთის კანონი სრულყოფილი და სასარგებლო იყო და მასში ჩაწერილი აუცილებლად შესრულდებოდა (მათ. 5:17—19). იესოს ძალიან ატკენდა გულს იმის დანახვა, რომ მწიგნობრები და ფარისევლები ამახინჯებდნენ მამამისის მიერ დადგენილ კანონებს. ისინი უმნიშვნელო დეტალებს ჩაჰკირკიტებდნენ, რის გამოც იესომ უთხრა მათ: „იხდით პიტნის, კამისა და ზირის მეათედს“. რა იყო მათი მთავარი პრობლემა? ამას იესოს შემდეგი სიტყვებიდან ვიგებთ: „მაგრამ დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება“ (მათ. 23:23). საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ფარისევლებისგან განსხვავებით, იესოს კარგად ესმოდა კანონის არსი და იცოდა, რომ თითოეულ კანონში იეჰოვას თვისებები ირეკლებოდა. w17.11 13 ¶1, 2

ოთხშაბათი, 12 ივნისი

ღვთის ნებაა, რომ განიწმინდოთ, მოერიდოთ სიძვას (1 თეს. 4:3).

ზოგმა შეიძლება გვითხრას: „რატომ უყურებთ ამ საკითხს ასე მკაცრად? უბრალოდ დატკბით ცხოვრებით“. ის აზრი, რომ ქრისტიანები უნდა იწყნარებდნენ სქესობრივ უზნეობას, არასწორია, რადგან ბიბლია პირდაპირ გმობს ამას (1 თეს. 4:4—8). იეჰოვას სრული უფლება აქვს, დაგვიდგინოს კანონები, რადგან მან შეგვქმნა. ის, როგორც ოჯახის დამფუძნებელი, გვიდგენს კანონს, რომ სქესობრივი ურთიერთობა დაშვებულია მხოლოდ დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს შორის. იეჰოვამ კანონები იმიტომ მოგვცა, რომ ვუყვარვართ. მათი დაცვა ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. იმ ოჯახებში, რომლებშიც ღვთის კანონებს იცავენ, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა სუფევს და უსაფრთხო გარემოა შექმნილი. ღმერთი არასდროს დახუჭავს თვალს მათ საქციელზე, ვინც განზრახ არღვევს მის კანონებს (ებრ. 13:4). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რის გაკეთება შეგვიძლია, რომ სექსუალური უზნეობის მახეში არ გავებათ. მნიშვნელოვანია, ვაკონტროლოთ საკუთარი თვალი (მათ. 5:28, 29). ასე რომ, ქრისტიანმა არ უნდა უყუროს პორნოგრაფიას და არ უნდა მოუსმინოს ისეთ სიმღერებს, რომელშიც უზნეობაა განდიდებული (ეფეს. 5:3—5). w17.11 22 ¶9, 10

ხუთშაბათი, 13 ივნისი

კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს (ფსალმ. 147:1).

ღვთის ერთგული მსახურები ოდითგანვე იყენებდნენ მუსიკას იეჰოვას განსადიდებლად. საგულისხმოა, რომ როცა ისრაელები იეჰოვას ერთგულად ემსახურებოდნენ, სიმღერას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მათ თაყვანისმცემლობაში. მაგალითად, დავითმა ტაძრის მოსამზადებელი სამუშაოების დროს 4 000 ლევიანი მოამზადა ტაძარში მსახურებისთვის, რათა საკრავებით შეესხათ იეჰოვასთვის ხოტბა. მათ შორის იყო 288 მგალობელი, რომელთაგან „ყველანი დახელოვნებულნი იყვნენ“ (1 მატ. 23:5; 25:7). ტაძრის მიძღვნის დროს სიმღერა და მუსიკა პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. ბიბლიაში ნათქვამია: „როგორც კი მესაყვირეებმა და მგალობლებმა ერთხმად განადიდეს იეჰოვა, მადლობა შესწირეს მას, აახმიანეს საყვირები, წინწილები და სხვა საკრავები და განადიდეს იეჰოვა . . . იეჰოვას დიდებამ აავსო ჭეშმარიტი ღვთის სახლი“. წარმოიდგინეთ, როგორ გაუძლიერებდა რწმენას ამის ხილვა ისრაელებს (2 მატ. 5:13, 14; 7:6). w17.11 4 ¶4, 5

პარასკევი, 14 ივნისი

არ იფიქროთ, რომ დედამიწაზე მშვიდობის მოსატანად მოვედი, მშვიდობის კი არა, მახვილის მოსატანად მოვედი (მათ. 10:34).

იესომ იცოდა, რომ მის სწავლებებს ყველა არ გამოეხმაურებოდა, ამიტომ მის მიმდევრებს წინააღმდეგობების ასატანად გამბედაობა დასჭირდებოდათ. მისი მიზანი ხალხისთვის ღვთის ცნობის გადაცემა იყო და არა ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაპირისპირება (იოან. 18:37). თუმცა მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობამ შეიძლება ღვთის მსახურს ქრისტეს სწავლებების ერთგულად მიყოლა გაურთულოს. ქრისტეს მიმდევრებს დაცინვა და ახლობელი ადამიანების გულცივი დამოკიდებულება უნდა აეტანათ, რათა დაემტკიცებინათ, რომ იესოს ღირსნი იყვნენ. თუმცა იესოს მიმდევრებმა გაცილებით მეტი მიიღეს, ვიდრე დათმეს (მარ. 10:29, 30). წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ გვიყვარს ნათესავები, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს გულში მთავარი ადგილი იეჰოვას და იესოს უნდა ეკავოს (მათ. 10:37). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანა ეცდება, ოჯახის წევრებისადმი სიყვარული ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, რათა იეჰოვასადმი ერთგულება შეგვირყიოს. w17.10 13 ¶3—6

შაბათი, 15 ივნისი

უკან ჩააგდო [ბოროტება] ეფის საწყაოში და საწყაოს თავზე ტყვიის ზოდი დააფარა (ზაქ. 5:8).

ხილვის ეს ნაწილი იმაზე მიანიშნებს, რომ იეჰოვა თავის ხალხს შორის არანაირ ბოროტებას არ შეიწყნარებს. ის მაშინვე შენიშნავს ბოროტებას და დაუყოვნებლივ იმოქმედებს მის აღმოსაფხვრელად (1 კორ. 5:13). ამაში გვარწმუნებს ანგელოზის მოქმედება, რომელმაც სასწრაფოდ დააფარა საწყაოს ტყვიის თავსახური. ზაქარიას დღეებში მცხოვრები ისრაელებისთვის შინარი შესაფერისი ადგილი იქნებოდა ბოროტებისთვის ადგილის მისაჩენად. ზაქარიასა და მის თანამემამულეებს საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი, როგორ ყვაოდა ბაბილონში ბოროტება. ისინი გაიზარდნენ ამ უზნეო და კერპთაყვანისმცემელ ქალაქში და ყოველდღე უწევდათ ბრძოლა, რომ ამ წარმართი ხალხის გავლენაში არ მოქცეულიყვნენ. ეს ხილვა, რომელიც იმის გარანტია იყო, რომ იეჰოვა არ დაუშვებდა თავისი წმინდა თაყვანისმცემლობის წაბილწვას, დიდ შვებას მოუტანდა ზაქარიას დროს მცხოვრებ ღვთის ხალხს. თუმცა ის შეახსენებდა ისრაელებს, რომ მათი პასუხისმგებლობაც იყო, ხელი შეეწყოთ თაყვანისმცემლობის სიწმინდისთვის. იეჰოვას ხალხს არ უნდა დაეშვა, რომ მათ შორის ბოროტებას მოეკიდებინა ფეხი. მსგავსად, მას შემდეგ, რაც ღვთის წმინდა ორგანიზაციის ნაწილი გავხდით, რომელიც გვიცავს და სიყვარულით ზრუნავს ჩვენზე, ჩვენც გვაკისრია პასუხისმგებლობა, რომ ხელი შევუწყოთ მის სიწმინდეს. განა არ გვინდა, წმინდად დავიცვათ იეჰოვას ორგანიზაცია?! არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენს სულიერ სამოთხეში ბოროტებამ იჩინოს თავი! w17.10 24 ¶14, 15; 25 ¶17, 18

კვირა, 16 ივნისი

შენი კანონი მიყვარს (ფსალმ. 119:163).

ბიბლიის პირველი 39 წიგნი ებრაელებმა დაწერეს. მათ პირველებს მიენდოთ „ღვთის წმინდა სიტყვები“ (რომ. 3:1, 2). მაგრამ ძვ. წ. მესამე საუკუნისთვის ბევრმა ებრაელმა აღარ იცოდა მშობლიური ენა. მიზეზი ის იყო, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დაპყრობითი ომების შედეგად საბერძნეთის დიდი იმპერია შექმნა (დან. 8:5—7, 20, 21). ამგვარად, მთელ იმპერიაში ლინგვა ფრანკა, ანუ გავრცელებული ენა, ბერძნული გახდა. ვინაიდან ებრაელები გაფანტულები იყვნენ მთელ იმპერიაში და მათი უმეტესობა ბერძნულად ლაპარაკობდა, ებრაული წერილები ბევრისთვის ძნელად გასაგები გახდა. რა იყო გამოსავალი? ბიბლიის თარგმნა ებრაულიდან ბერძნულზე, რომელიც ძვ. წ. მეორე საუკუნისთვის დასრულდა. ებრაული წერილების პირველ ბერძნულ თარგმანს სეპტუაგინტა ეწოდა. w17.09 20 ¶7—9

ორშაბათი, 17 ივნისი

არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ (ებრ. 13:5).

შეიძლება თქვენი დამსაქმებელი ხშირად გთხოვთ, საღამოობით ან შაბათ-კვირასაც იმუშაოთ, მაშინ როცა ეს დრო გამოყოფილი გაქვთ ოჯახური თაყვანისცემისთვის, მსახურებისა და კრების შეხვედრებისთვის. გამბედაობა გჭირდებათ, რომ უარი უთხრათ დამსაქმებელს და ამით კარგი მაგალითი მისცეთ შვილებს. გაბედულებას ვავლენთ მაშინაც, როცა შვილებს სულიერი მიზნების დასახვასა და მათ მიღწევაში ვეხმარებით. მაგალითად, ზოგი მშობელი შეიძლება თავს იკავებს, რომ შვილს პიონერად ან ბეთელში მსახურებისკენ, დაშორებულ ტერიტორიაზე გადასვლისკენ ან თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობისკენ უბიძგოს. ისინი შესაძლოა შიშობენ, რომ მოხუცებულობაში შვილები ვერ შეძლებენ მათზე ზრუნვას. თუმცა გონიერი მშობლები გაბედულებას ავლენენ და ეჭვი არ ეპარებათ, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და იზრუნებს მათზე (ფსალმ. 37:25). როცა მშობლები შვილებს გაბედულებისა და იეჰოვასადმი ნდობისკენ მოუწოდებენ, თავადაც ავლენენ გაბედულებასა და ნდობას (1 სამ. 1:27, 28; 2 ტიმ. 3:14, 15). w17.09 30 ¶14, 15

სამშაბათი, 18 ივნისი

სულის ნაყოფია: . . . თავშეკავება (გალ. 5:22, 23).

როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს თავშეკავების განვითარებაში? მშობლებს ესმით, რომ ბავშვებს უჭირთ თავშეკავების გამოვლენა. ამიტომ თავად უნდა მისცენ ამ მხრივ კარგი მაგალითი, ისევე როგორც სხვა თვისებების განვითარების შემთხვევაში (ეფეს. 6:4). თუ ამჩნევთ, რომ თქვენს შვილს უჭირს ემოციების გაკონტროლება, დაფიქრდით, თავად რა მაგალითს აძლევთ. თუ რეგულარულად მიიღებთ მონაწილეობას მსახურებაში, დაესწრებით კრების შეხვედრებს და ჩაატარებთ ოჯახურ თაყვანისცემას, კარგ მაგალითს მისცემთ მათ. ნუ შეუსრულებთ ბავშვს ყველა კაპრიზს! იეჰოვამ ადამსა და ევასაც დაუწესა გარკვეული შეზღუდვები, რათა თავშეკავება გამოევლინათ და ეღიარებინათ მისი უფლებამოსილება. მსგავსად, როცა მშობლები აღმზრდელობით ზომებს იღებენ და შვილებს კარგ მაგალითს აძლევენ, მათ თავშეკავების განვითარებაში ეხმარებიან. ყველაზე კარგი, რაც შეიძლება მშობლებმა შვილებს ასწავლონ, ღვთის სიყვარული, მისადმი მორჩილება და მისი მაღალზნეობრივი ნორმების დაცვაა (იგავ. 1:5, 7, 8). w17.09 7 ¶17

ოთხშაბათი, 19 ივნისი

განხეთქილება არ იყოს სხეულში და მისი ნაწილები თანაბრად ზრუნავდნენ ერთმანეთზე (1 კორ. 12:25).

სატანის ქვეყნიერების აღსასრულამდე მოგვიწევს ისეთ განსაცდელებთან გამკლავება, როგორიცაა უმუშევრობა, სერიოზული დაავადება, დევნა, სტიქიური უბედურებები, ქონების დაკარგვა და სხვა. ამ დროს თანაგრძნობა აღგვძრავს, რომ მხარში დავუდგეთ ერთმანეთს. სწორედ თანაგრძნობა გვიბიძგებს სიკეთის კეთებისკენ (ეფეს. 4:32). „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი ეს თვისებები დაგვეხმარება, მივბაძოთ ღმერთს და ვანუგეშოთ სხვები (2 კორ. 1:3, 4). როგორ შეგვიძლია განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ უცხოელებისა და გაჭირვებული თანაქრისტიანების მიმართ? ჩვენ უნდა დავუმეგობრდეთ ასეთებს და ვაგრძნობინოთ, რომ კრების ძვირფასი წევრები არიან (1 კორ. 12:22). აგრეთვე იმიგრანტებისადმი თანაგრძნობა აღძრავს ბევრ იეჰოვას მოწმეს, რომ მათი ენა ისწავლოს (1 კორ. 9:23). ამას არაერთი კურთხევა მოაქვს. w17.08 23, 24 ¶7—9

ხუთშაბათი, 20 ივნისი

იეჰოვაა ჩემი წილი, . . . ამიტომაც დაველოდები მას (გოდ. 3:24).

თითოეული მზად უნდა ვიყოთ, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. რა დაგვეხმარება ამაში? საჭიროა ვილოცოთ და ღმერთს წმინდა სული ვთხოვოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოთმინება წმინდა სულის ნაყოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია (ეფეს. 3:16; 6:18; 1 თეს. 5:17—19). ევედრეთ იეჰოვას, რომ დაგეხმაროთ, მოთმინებით აიტანოთ ყველაფერი. გახსოვდეთ ისიც, რომ აბრაამს, იოსებსა და დავითს რწმენა და ნდობა დაეხმარა, მოთმინებით დალოდებოდნენ იეჰოვას დაპირებების შესრულებას. ისინი მხოლოდ საკუთარ თავსა და კომფორტზე არ ფიქრობდნენ. თუ ვიფიქრებთ იმაზე, რა კარგი შედეგი მოჰყვა მათ მოთმინებას, ჩვენც არ გაგვიჭირდება მოთმინებით ლოდინი. როგორ განსაცდელებსა და რწმენის გამოცდებსაც არ უნდა შევხვდეთ, გადაწყვეტილი გვაქვს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. ზოგჯერ შეიძლება აღმოგვხდეს: „როდემდე იეჰოვა?“ (ეს. 6:11). მიუხედავად ამისა, ღვთის წმინდა სულით გაძლიერებულნი, იერემიას მსგავსად ჩვენც ვიტყვით დღევანდელ მუხლში ჩაწერილ სიტყვებს. w17.08 7 ¶18—20

პარასკევი, 21 ივნისი

შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო (ფსალმ. 40:8).

ბავშვობაში ალბათ იესოც თამაშობდა და ერთობოდა. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ არის „სიცილის დრო“ და „ცეკვა-თამაშის დრო“ (ეკლ. 3:4). იესო წმინდა წერილებსაც სწავლობდა ღმერთთან დასაახლოებლად. როცა 12 წლის იესო ტაძარში სულიერ საკითხებზე მსჯელობდა, კანონის მასწავლებლებს აოცებდათ „მისი გაგება და პასუხები“ (ლუკ. 2:42, 46, 47). ზრდასრულმა იესომ იცოდა, რომ ღმერთს სურდა, მას სხვა საქმეებთან ერთად „ღარიბებისთვის სასიხარულო ცნობა“ ეუწყებინა და „უსინათლოებისთვის მხედველობის დაბრუნების შესახებ“ ექადაგა (ლუკ. 4:18). ეს საქმე მას ბედნიერებას ანიჭებდა. ის სიხარულით ასწავლიდა ხალხს თავისი ზეციერი მამის შესახებ (ლუკ. 10:21). ერთ ქალთან ქადაგების შემდეგ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო“ (იოან. 4:31—34). ღვთისა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლენა იესოს ბედნიერებას ანიჭებდა. ეს თქვენც მოგიტანთ ბედნიერებას. w17.07 23 ¶4, 5

შაბათი, 22 ივნისი

ღვთის მშვიდობა . . . დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით (ფილ. 4:7).

დედამიწაზე მსახურების დროს იესო სიტყვითა თუ საქმით სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას თანაგრძნობას (იოან. 5:19). ღმერთმა ის დედამიწაზე გულგატეხილთა და მგლოვიარეთა სანუგეშებლად გამოგზავნა (ეს. 61:1, 2; ლუკ. 4:17—21). თანაგრძნობა იესოს ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო. მას კარგად ესმოდა, რას გრძნობდნენ ადამიანები და მთელი გულით სურდა, მათთვის ტკივილი შეემსუბუქებინა (ებრ. 2:17). ბიბლია გვარწმუნებს, რომ იესო ქრისტე არ შეცვლილა და არც არასდროს შეიცვლება (ებრ. 13:8). მან, როგორც „სიცოცხლის მეთაურმა“, საკუთარ თავზე გამოსცადა სიკვდილით გამოწვეული ტკივილი, ამიტომ „შეუძლია დაეხმაროს მათაც, ვინც ახლა იცდება“ (საქ. 3:15; ებრ. 2:10, 18). იესო გულთან ახლოს მიიტანს ჩვენს ტკივილს, გაიზიარებს ჩვენს წუხილს და დროულად გვანუგეშებს (ებრ. 4:15, 16). w17.07 13 ¶6, 7; 14 ¶10

კვირა, 23 ივნისი

ვინაიდან სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება (ლუკ. 12:34).

სატანა და მისი ქვეყნიერება გამუდმებით ცდილობენ, რომ სულიერი განძი, რომელიც იეჰოვამ გვიბოძა, ჩვენს თვალში გაუფასურდეს. მათი ხრიკებისგან დაცულები არა ვართ. ჩვენ შეიძლება ადვილად წამოვეგოთ წარმატებული კარიერის დაპირებას, ვიოცნებოთ ფუფუნებაში ცხოვრებაზე ან სიმდიდრით ტრაბახის სურვილი გაგვიჩნდეს. მოციქულმა იოანემ გაგვაფრთხილა, რომ გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც (1 იოან. 2:15—17). ამიტომ ძალას არ უნდა ვიშურებდეთ გულის დასაცავად და ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ სულიერ განძს. მზად იყავით იმ ყველაფრის დასათმობად, რაც ღვთის სამეფოს მიმართ სიყვარულს გაგინელებთ. კვლავაც გულმოდგინედ იქადაგეთ და ყოველთვის დააფასეთ მსახურება. გულდასმით ეძებეთ ღვთის სიტყვაში დამალული ჭეშმარიტება. თუ ასე მოიქცევით, დაიგროვებთ „განძს ზეცაში, სადაც არც ქურდი მიეკარება და არც ჩრჩილი შეჭამს“ (ლუკ. 12:33). w17.06 13 ¶19, 20

ორშაბათი, 24 ივნისი

ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია (ფსალმ. 84:10).

იეჰოვა არც ჩაგრავს თავის ქვეშევრდომებს და არც სასტიკად ექცევა. მისი მმართველობა გარკვეულ თავისუფლებას იძლევა და ხელს უწყობს სიხარულს (2 კორ. 3:17). დავითმა ეს შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „ღირსება და ბრწყინვალებაა მის [ღვთის] წინაშე, ძალა და სიხარულია იქ, სადაც ის არის“ (1 მატ. 16:7, 27). მსგავსი აზრი დაწერა ფსალმუნმომღერალმა ეთანმაც: „ბედნიერია მხიარულად მოყიჟინე ხალხი. იეჰოვა, შენი სახის ნათელში დადიან ისინი. შენი სახელით ხარობენ მთელი დღე და შენი სიმართლით არიან ამაღლებულნი“ (ფსალმ. 89:15, 16). როცა ხშირად ვფიქრობთ იეჰოვას სიკარგეზე, ვრწმუნდებით, რომ მისი მმართველობა საუკეთესოა. შეუძლებელია ეს სხვანაირად იყოს. როგორც მოსიყვარულე შემოქმედმა, იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისთვის და ყველაფერს უხვად გვაძლევს. ის, რასაც ღმერთი ჩვენგან მოითხოვს, ჩვენივე კეთილდღეობას ემსახურება და უდიდეს სიხარულს გვანიჭებს მაშინაც კი, თუ მისი მოთხოვნების შესასრულებლად გარკვეული მსხვერპლის გაღება გვჭირდება (ეს. 48:17). w17.06 29 ¶10, 11

სამშაბათი, 25 ივნისი

ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს (იგავ. 13:12).

ინგლისში ერთ დას ძალიან უნდოდა შვილი, თუმცა ეს მისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა. როცა მას მენოპაუზა დაეწყო, თავი განადგურებულად იგრძნო, რადგან მიხვდა, რომ ბავშვს ვეღარ გააჩენდა. ამიტომ მან და მისმა მეუღლემ ბავშვის აყვანა გადაწყვიტეს. მიუხედავად ამისა, ეს და ამბობს: „ტკივილი ბოლომდე მაინც არ დამიამდა. მესმოდა, რომ ბავშვის აყვანა გაჩენას არ ნიშნავდა“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქრისტიან ქალს „შვილების გაჩენა გადაარჩენს“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შვილების ყოლა მას მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს (1 ტიმ. 2:15). ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ შვილებზე ზრუნვამ და საოჯახო საქმეებმა შეიძლება ქალი ჭორიკნობისა და სხვის საქმეში ჩარევისგან დაიცვას (1 ტიმ. 5:13). w17.06 5, 6 ¶6—8

ოთხშაბათი, 26 ივნისი

რას შემატებ მას [ღმერთს], ან რას მიიღებს იგი შენი ხელიდან? (იობ. 35:7)

ელიჰუსაც იმის თქმა უნდოდა, რომ ღვთის მსახურებას ფასი არა აქვს? არა. მან თქვა, რომ იეჰოვა ჩვენს თაყვანისცემაზე არ არის დამოკიდებული; მას არაფერი სჭირდება. ჩვენ ვერც გავამდიდრებთ და ვერც უფრო ძლევამოსილს გავხდით მას. პირიქით, რაც გაგვაჩნია — კარგი თვისებები, ნიჭი და ძალა — ყველაფერი ღვთისგან გვაქვს ბოძებული და მისთვის სულერთი არ არის, როგორ ვიყენებთ მათ. როცა სიკეთეს ვავლენთ იეჰოვას მსახურების მიმართ, ის ამას პირადად მისთვის გაკეთებულ სიკეთედ მიიჩნევს. იგავების 19:17-ში ნათქვამია: „ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას; ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის“. ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ყოველთვის ამჩნევს ღარიბებისა და საწყლებისთვის ჩვენ მიერ გაკეთებულ სიკეთეს. სამყაროს შემოქმედი თავს მოვალედ თვლის არასრულყოფილი ადამიანების წინაშე, რომლებიც წყალობას ავლენენ, და სანაცვლოდ კურთხევებს არ აკლებს მათ. ეს ღვთის ძემ, იესომაც დაადასტურა (ლუკ. 14:13, 14). w17.04 29 ¶3, 4

ხუთშაბათი, 27 ივნისი

იეჰოვას კანონი ანიჭებს მას სიამოვნებას და კითხულობს მის კანონს დღედაღამ (ფსალმ. 1:2).

ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვის გარდა, კიდევ როგორ შეგვიძლია გავიძლიეროთ ჭეშმარიტებისადმი სიყვარული? ამაში დაგვეხმარება კრების შეხვედრებზე რეგულარული დასწრება. ბიბლიური განათლების მისაღებად ერთ-ერთი ძირითადი საშუალება „საგუშაგო კოშკის“ ყოველკვირეული შესწავლაა. განსახილველ საკითხს რომ ჩავწვდეთ, საჭიროა კარგად მოვემზადოთ. ამაში დაგვეხმარება სტატიაში მოყვანილი მუხლების ბიბლიაში მოძებნა. დღეს ბევრ ენაზე შესაძლებელია „საგუშაგო კოშკის“ ჩამოტვირთვა ჩვენი ვებგვერდიდან ან მისი წაკითხვა JW ბიბლიოთეკაში. ზოგი ელექტრონული ფორმატი ბიბლიური მუხლების სწრაფად ნახვის შესაძლებლობას იძლევა. მნიშვნელობა არა აქვს, რომელ საშუალებას ვიყენებთ, მუხლების გულდასმით წაკითხვა და მათზე ფიქრი ჭეშმარიტების სიყვარულს გაგვიძლიერებს. w17.05 20 ¶14

პარასკევი, 28 ივნისი

ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე (რომ. 14:12).

მონათვლის მერე კვლავაც გვსურს, რომ მიძღვნის თანახმად ერთგულად ვემსახუროთ იეჰოვას. შეუძლებელია მიძღვნის აღთქმის გაუქმება, ანუ ღვთისთვის მიცემული სიტყვის უკან წაღება. თუ ვინმეს იეჰოვასადმი მსახურება ან ქრისტიანული ცხოვრების გზაზე სიარული აღარ უნდა, თავს ვერ იმართლებს იმით, რომ მიძღვნილი არასდროს ყოფილა და მის ნათლობასაც მნიშვნელობა არ ჰქონდა. ფაქტობრივად, მან ნათლობით სხვების წინაშე ცხადყო, რომ მთლიანად მიუძღვნა სიცოცხლე ღმერთს. ამიტომ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩაიდენს, ამისთვის ის პასუხს აგებს იეჰოვასა და კრების წინაშე. დაე არასდროს ითქვას ჩვენზე, რომ თავდაპირველი სიყვარული მივატოვეთ! ნაცვლად ამისა, ჩვენ გვინდა, იესომ გვითხრას: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხ. 2:4, 19). მოდი ნუ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ კვლავაც მიძღვნის თანახმად ვიცხოვროთ! ეს ძალიან გაახარებს იეჰოვას. w17.04 6, 7 ¶12, 13

შაბათი, 29 ივნისი

კლდეა იგი და სრულყოფილია მისი ნამოქმედარი, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა (კან. 32:4).

„განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“ (დაბ. 18:25). ამ სიტყვებით აბრაამმა ნდობა გამოუცხადა იეჰოვას, რომ ის სამართლიან განაჩენს გამოუტანდა სოდომსა და გომორას. ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა არასდროს მოიქცეოდა უსამართლოდ და „მართალს ბოროტთან ერთად“ არ გაანადგურებდა. ასეთი რამ წარმოუდგენლად მიაჩნდა აბრაამს. აბრაამი იმიტომ იყო ასე დარწმუნებული რომ იეჰოვა სამართლიანობისა და სიმართლის განსახიერებაა. „სამართლიანობად“ და „სიმართლედ“ ნათარგმნი ებრაული სიტყვები ხშირ შემთხვევაში ერთად გვხვდება ებრაულ წერილებში. ამ ორ ცნებას შორის განსხვავება ფაქტობრივად არ არსებობს. ამიტომ ლოგიკურია, რომ იეჰოვა, რომელიც სიმართლის ეტალონია, ყოველთვის სამართლიანად აფასებს სიტუაციას. უფრო მეტიც, როგორც მისი სიტყვიდან ვიგებთ, „ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია“ (ფსალმ. 33:5). w17.04 18 ¶1, 2

კვირა, 30 ივნისი

არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან (3 იოან. 4).

შვილებისთვის კარგი მაგალითის მიცემა აუცილებელია, რომ ისინი მარადიული სიცოცხლის გზას დაადგნენ. როცა ხედავენ, რომ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ, შვილები სწავლობენ, თავიანთი ყოველდღიური საზრუნავი იეჰოვას მიანდონ (მათ. 6:33, 34). ასე რომ, დაკმაყოფილდით აუცილებლით და ნუ აიღებთ ვალს! მატერიალურ კეთილდღეობას სულიერი კეთილდღეობა ამჯობინეთ, და არა პირიქით. სიმდიდრისა და ადამიანთაგან დიდების მოხვეჭის ნაცვლად, მოაგროვეთ „განძი ზეცაში“, ანუ შეეცადეთ, იეჰოვას მოწონება დაიმსახუროთ (მარ. 10:21, 22; იოან. 12:43). ნუ იქნებით ისეთი დაკავებულები, რომ შვილებისთვის დრო აღარ დაგრჩეთ. ყოველთვის შეაქეთ, როცა ისინი საკუთარ თუ თქვენს პრესტიჟსა და მატერიალურ კეთილდღეობაზე წინ იეჰოვას დააყენებენ. მოერიდეთ ისეთ არასწორ შეხედულებას, თითქოს შვილებმა უზრუნველად უნდა აცხოვრონ მშობლები. გახსოვდეთ, „შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ მშობლებისთვის, არამედ მშობლები — შვილებისთვის“ (2 კორ. 12:14). w17.05 8, 9 ¶3, 4

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება