ივლისი
ორშაბათი, 1 ივლისი
დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ (1 პეტ. 5:6).
შებნა გამგებელი იყო, რომელსაც, სავარაუდოდ, მეფე ხიზკიას სასახლე ებარა. ეს საკმაოდ დიდ თანამდებობად ითვლებოდა (ეს. 22:15). სამწუხაროდ, ის გაამაყდა და საკუთარი თავის განდიდება მოისურვა (ეს. 22:16—18). პატივმოყვარე შებნა იეჰოვამ მაღალი მდგომარეობიდან გადააყენა და მის ადგილას ელიაკიმი დანიშნა (ეს. 22:19—21). ეს მაშინ მოხდა, როცა ასურეთის მეფე სინახერიბი იერუსალიმზე თავდასხმას გეგმავდა. მოგვიანებით სინახერიბმა დიდ ჯართან ერთად იერუსალიმში სამეფო კარის მოხელეები გაგზავნა, რათა ებრაელები სულიერად გაეტეხა და ხიზკია დანებებაზე დაეყოლიებინა (2 მეფ. 18:17—25). მეფე ხიზკიამ მათთან მოსალაპარაკებლად ელიაკიმი გაგზავნა, რომელსაც ორი კაცი ახლდა თან; ერთ-ერთი შებნა იყო, რომელიც ახლა სამეფო კარზე მწერლად მსახურობდა. აქედან ჩანს, რომ შებნა არ განაწყენებულა და არ გაბრაზებულა მომხდარის გამო. ის თავმდაბლად ასრულებდა საქმეს მიუხედავად იმისა, რომ უწინდებურად მაღალი მდგომარეობა აღარ ეკავა. w18.03 25 ¶7, 8, 10
სამშაბათი, 2 ივლისი
იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს (გალ. 5:16).
თუ ატყობთ, რომ მატერიალისტური ფიქრები ან ხორციელი სურვილები გეძალებათ, უმოქმედოდ ნუ იქნებით; გამუდმებით სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული და ის აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ გონება სხვა რამეზე გადაიტანოთ და ის მართებული ფიქრებით აივსოთ (ლუკ. 11:13). გაიხსენეთ პეტრე მოციქულის შემთხვევა. მის ცხოვრებაში რამდენჯერმე იყო ისეთი მომენტი, როცა სულიერი აზროვნება ვერ გამოავლინა (მათ. 16:22, 23; ლუკ. 22:34, 54—62; გალ. 2:11—14). თუმცა ის არ დანებებულა. იეჰოვას დახმარებით მან თანდათან განივითარა ქრისტეს მსგავსი აზროვნება. ასე რომ, ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია! მოგვიანებით სწორედ პეტრემ მოიხსენია ის თვისებები, რომელთა განვითარებასაც ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ (2 პეტ. 1:5—8). როცა „ყოველ ღონეს“ ვახმართ ისეთი თვისებების განვითარებას, როგორიცაა თავშეკავება, მოთმინება და ძმათმოყვარეობა, სულიერ პროგრესს განვიცდით და სულიერად მოაზროვნე ადამიანებად ვყალიბდებით. ამიტომ კარგი იქნება, ყოველდღე ვკითხოთ საკუთარ თავს: „დღეს რის გაკეთება შემიძლია, რომ ჩემს სულიერ ზრდას შევუწყო ხელი?“. w18.02 25, 26 ¶12, 13
ოთხშაბათი, 3 ივლისი
ჩემთვის დაწესებულზე მეტად ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს (იობ. 23:12).
იობი ღრმად სწვდებოდა ღვთის პრინციპებს. ის ნამდვილად იცნობდა იეჰოვას და შეძენილი ცოდნის თანახმად ცხოვრობდა. მან იცოდა, რომ შეუძლებელი იყო, ადამიანს ღმერთი ჰყვარებოდა და, ამავე დროს, ცუდად მოპყრობოდა თავის მოძმეს (იობ. 6:14). იობი თავს სხვებზე უკეთესად არ მიიჩნევდა და განურჩევლად ყველას, მდიდარსა თუ ღარიბს, ოჯახის წევრივით ეპყრობოდა და სიკეთეს უკეთებდა. მან თქვა: „ვინც მე შემქმნა დედის მუცელში, განა მანვე არ შექმნა ისიც?“ (იობ. 31:13—22). იობი მაშინაც კი არ გაამაყებულა და ზემოდან არ დაუწყია სხვებისთვის ყურება, როცა დიდი სიმდიდრე და დიდება ჰქონდა. რამხელა განსხვავებაა მასა და დღეს მცხოვრებ მდიდარ და ძალაუფლების მქონე ადამიანებს შორის! იობი კერპთაყვანისმცემლობის ყველანაირ ფორმას ერიდებოდა. ის გულშიც კი არაფერს აღმერთებდა. მას ესმოდა, რომ ცრუ თაყვანისმცემლობა, მათ შორის სიმდიდრის დაგროვებაზე გადაყოლა, „მაღლა მყოფი ჭეშმარიტი ღმერთის“ უარყოფის ტოლფასი იქნებოდა (იობ. 31:24—28). ის ქორწინებას ქალსა და მამაკაცს შორის წმინდა კავშირად მიიჩნევდა. მან შეთანხმებაც კი დაუდო თვალებს, რომ ქალწულს გულისთქმით არ შეხედავდა (იობ. 31:1). w18.02 11 ¶16; 12 ¶18, 19
ხუთშაბათი, 4 ივლისი
ნოე . . . იყო მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწო, და ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა (დაბ. 6:9).
ნოეს მხოლოდ ის არ აკმაყოფილებდა, რომ კარგი ადამიანი იყო. ბიბლიაში მას „სიმართლის მქადაგებელი“ ეწოდება, რადგან ყველას წინაშე გაბედულად აღიარებდა, რომ იეჰოვასი სწამდა (2 პეტ. 2:5). პავლემ ნოეზე თქვა: „რწმენით მან მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას“ (ებრ. 11:7). ამიტომ ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ის დაცინვის, წინააღმდეგობისა და მუქარის ობიექტიც გახდებოდა. მაგრამ ის ხალხის წინაშე არ კანკალებდა (იგავ. 29:25). იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს გაბედულებას მატებს და არც ნოე იყო გამონაკლისი. როცა ადამიანებისა და ცხოველების გადასარჩენად იეჰოვამ ნოეს კიდობნის აშენება დაავალა, ის უკვე ხუთ საუკუნეზე მეტხანს დადიოდა ღმერთთან ერთად (დაბ. 5:32; 6:14). ეს საკმაოდ რთული დავალება ჩანდა, მაგრამ არა მხოლოდ მშენებლობის თვალსაზრისით. ნოემ ზუსტად იცოდა, რომ ამის გამო უფრო მეტად დასცინებდნენ და შეეწინააღმდეგებოდნენ. მიუხედავად ამისა, მან მორჩილება და რწმენა გამოავლინა და ყველაფერი „სწორედ ისე გააკეთა“, როგორც ღმერთმა უბრძანა (დაბ. 6:22). w18.02 4 ¶4, 6, 7
პარასკევი, 5 ივლისი
რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში! (ფსალმ. 133:1)
ერთობას იმ შემთხვევაში შევუწყობთ ხელს, თუ მივბაძავთ იეჰოვას, სიყვარულის ღმერთს, და გამოვავლენთ ამ უძვირფასეს თვისებას (1 იოან. 4:8). არასდროს გვინდა, და-ძმებზე ასეთი რამ ვიფიქროთ: „შეიძლება უნდა მიყვარდეს და-ძმები, მაგრამ დიდად არ მომდიან თვალში!“. ასეთი აზროვნება ეწინააღმდეგება პავლეს რჩევას: „სიყვარულით უთმენდეთ ერთმანეთს“ (ეფეს. 4:2). ყურადღება მიაქციეთ, მას არ უთქვამს, რომ ჩვენ უბრალოდ უნდა მოვუთმინოთ ერთმანეთს, არამედ თქვა, რომ სიყვარულით უნდა გავაკეთოთ ეს. ამ ორ აზრს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. ქრისტიანულ კრებაში ყველანაირი ადამიანია, რომლებიც იეჰოვამ მიიზიდა (იოან. 6:44). ასე რომ, თუ იეჰოვამ მიიზიდა ისინი, ესე იგი მათში დაინახა ისეთი თვისებები, რის გამოც შეიყვარა. განა გვაქვს იმის უფლება, რომ თანაქრისტიანები ჩვენი სიყვარულის ღირსად არ ჩავთვალოთ?! ამიტომ და-ძმები ისეთი სიყვარულით უნდა შევიყვაროთ, როგორ სიყვარულსაც იეჰოვა მოელის ჩვენგან (1 იოან. 4:20, 21). w18.01 16 ¶14
შაბათი, 6 ივლისი
გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში (ეკლ. 12:1).
ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ უმჯობესია, მისმა შვილმა არ იჩქაროს ნათლობა, რათა ჯერ უმაღლესი განათლება მიიღოს და კარგ სამსახურში მოეწყოს. შესაძლოა მშობლებს კარგი მოტივები ამოძრავებთ, თუმცა მათ უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს: „მართლა ამაზეა დამოკიდებული ნამდვილი წარმატება? ხომ არ ეწინააღმდეგება ეს ბიბლიის თვალსაზრისს? უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყნიერება და ყველაფერი, რაც მასშია, უპირისპირდება იეჰოვას ინტერესებსა და აზროვნებას (იაკ. 4:7, 8; 1 იოან. 2:15—17; 5:19). თქვენს შვილს სატანის, მისი ქვეყნიერებისა და უღვთო აზროვნებისგან ყველაზე უკეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა დაიცავს. თუ მშობლისთვის უმთავრესი უმაღლესი განათლება და კარგი სამუშაოა, შეიძლება ამან შვილს თავგზა აუბნიოს და მის სულიერობას საფრთხე შეუქმნას. მშობლებო, გინდათ, რომ თქვენს შვილს წარმატებაზე შეხედულება ქვეყნიერებამ ჩამოუყალიბოს?! ფაქტია, რომ ნამდვილი სიხარული და წარმატება მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა იეჰოვას ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ვაყენებთ (ფსალმ. 1:2, 3). w18.03 11 ¶10, 11
კვირა, 7 ივლისი
უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე (მათ. 6:33).
ბევრი იეჰოვას მსახური ცდილობს, გაიმარტივოს ცხოვრება. შედეგად, მათ მსახურებისთვის მეტი დრო რჩებათ და თავსაც უფრო ბედნიერად გრძნობენ. მაგალითად, ჯეკმა გაყიდა დიდი სახლი და აწყობილი ბიზნესი, რათა მეუღლესთან ერთად პიონერად ემსახურა. ის ამბობს: «წლების განმავლობაში სამსახურიდან სახლში გაღიზიანებული ვბრუნდებოდი, ჩემი მეუღლე კი, რომელიც პიონერად მსახურობდა, ყოველთვის ბედნიერი მხვდებოდა. ის მეუბნებოდა: „მე ყველაზე კარგი უფროსი მყავს!“ დღეს მეც პიონერად ვმსახურობ და ორივენი ერთ უფროსს, იეჰოვა ღმერთს ვემსახურებით». იმის გასაგებად, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ფულის მიმართ, გულწრფელად უნდა ვუპასუხოთ შემდეგ კითხვებს: „ცხადყოფს ჩემი ცხოვრება, რომ ვიზიარებ ბიბლიის თვალსაზრისს ფულთან დაკავშირებით? ჩემთვის უმთავრესი ფულის კეთება ხომ არ არის? მატერიალურ ნივთებს უფრო ვაფასებ თუ იეჰოვასთან და ადამიანებთან ურთიერთობას? მჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩემს საჭიროებებზე?“. ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა არასოდეს გაუცრუებს იმედს თავის მოიმედეთ. w18.01 25 ¶12, 13
ორშაბათი, 8 ივლისი
როგორც ყოველთვის იყავით მორჩილნი . . . კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის შიშითა და კანკალით (ფილ. 2:12).
სერიოზული პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარი თავის ხსნისთვის იღვაწო. ამაში სხვა საკითხებთან ერთად იგულისხმება ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი, ასევე ლოცვა და იმის გაანალიზება, თუ როგორ გაკურთხა იეჰოვამ პირადად შენ. ეს კიდევ უფრო დაგარწმუნებს, რომ იეჰოვასთან მეგობრობა უდიდესი პატივია. თავის მხრივ, ეს აღგძრავს, რომ შენი რწმენის შესახებ სხვებთან ისაუბრო (ფსალმ. 73:28). იესომ თქვა: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათ. 16:24). ნათელია, იესოს მიმდევარი რომ იყო, თავი უნდა მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლო. ეს მოგცემს შესაძლებლობას, რომ დღესვე მიიღო უამრავი კურთხევა, ღვთის ახალ ქვეყნიერებაში კი მარადიულად იცხოვრო. ამიტომ ყველანაირად ეცადე, იღვაწო ხსნისთვის! w17.12 27 ¶18, 19
სამშაბათი, 9 ივლისი
შეიმოსეთ . . . სულგრძელობით (კოლ. 3:12).
თუ მშობლები მოთმინებით ასწავლიან შვილებს, დროთა განმავლობაში ისინი ჩასწვდებიან ჭეშმარიტების „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“ (ეფეს. 3:18). შესასწავლი მასალა ბავშვების ასაკისა და უნარის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული. როცა მათ ნასწავლის მიმართ რწმენა გაუძლიერდებათ, უკეთ შეძლებენ სხვებთან თავიანთი რწმენის დაცვას, მათ შორის თანაკლასელებთან (1 პეტ. 3:15). დაფიქრდით: შეუძლიათ თქვენს შვილებს, ბიბლიიდან ახსნან, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? კარგად ესმით მათ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი? მართალია, მოთმინება გჭირდებათ, რომ შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად (კან. 6:6, 7). რა თქმა უნდა, როცა საქმე რწმენის განმტკიცებას ეხება, თქვენი მაგალითიც დიდ როლს თამაშობს. სტეფანი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავს, ამბობს: «საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ველაპარაკები შვილებს იმაზე, თუ რამ დამარწმუნა იეჰოვას არსებობაში, მის სიყვარულსა და მისი გზების სამართლიანობაში?“. ვერ მოვთხოვდი შვილებს, ერწმუნათ ის, რაშიც თავად არ ვიყავი დარწმუნებული». w17.12 20 ¶8—10
ოთხშაბათი, 10 ივლისი
აღდგება შენი ძმა (იოან. 11:23).
რატომ იყო მართა დარწმუნებული, რომ მისი ძმა აღდგებოდა? ის ამაში შესაძლოა ქრისტეს დედამიწაზე მოსვლამდე მომხდარმა სასწაულებმა დაარწმუნა. მან, როგორც ჩანს, ამის შესახებ ბავშვობაში ოჯახის წევრებისგან გაიგო ან სინაგოგაში მოისმინა. განვიხილოთ წმინდა წერილებში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის სამი შემთხვევა. გავიხსენოთ პირველი მკვდრეთით აღდგენა. ეს მაშინ მოხდა, როცა წინასწარმეტყველმა ელიამ მკვდარი გააცოცხლა ღვთისგან ბოძებული ძალის მეშვეობით. სარეფთაში, ფინიკიის ზღვისპირა ქალაქში, ერთმა ღარიბმა ქვრივმა ელიას მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოავლინა, რის გამოც ღმერთი მას ფქვილსა და ზეთს არ აკლებდა. ამან ქვრივსა და მის ვაჟს სიცოცხლე შეუნარჩუნა (1 მეფ. 17:8—16). მაგრამ მოგვიანებით ბიჭი ავად გახდა და მოკვდა. ელიამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა ამ ოჯახისთვის. ის რამდენჯერმე გადაემხო ბავშვის უსიცოცხლო სხეულს და ილოცა: „ღმერთო, ჩაუბრუნე ბავშვს სული!“. ასეც მოხდა — ღმერთმა ისმინა ელიას სათხოვარი და ბავშვს სიცოცხლე დაუბრუნა. ეს არის ბიბლიაში ჩაწერილი მკვდრეთით აღდგომის პირველი შემთხვევა (1 მეფ. 17:17—24). ეჭვგარეშეა, მართას ეცოდინებოდა ამ უდიდესი სასწაულის შესახებ. w17.12 3 ¶1; 4 ¶3, 5, 6
ხუთშაბათი, 11 ივლისი
ვერ იქნებით ღვთის მონაც და სიმდიდრისაც (მათ. 6:24).
ბევრი მოგვიწოდებს, რომ ცხოვრების უმთავრეს მიზნად კარიერის შექმნა გავიხადოთ, რადგან ეს სახელს, ძალაუფლებასა და სიმდიდრეს მოგვიტანს. ვინაიდან კარიერული წინსვლა ბევრისთვის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავსი აზროვნება დროთა განმავლობაში შეიძლება ღვთის მსახურსაც განუვითარდეს. მართლა მოგანიჭებთ ძალაუფლების მომტანი ან პრესტიჟული კარიერა ხანგრძლივ ბედნიერებას? რა თქმა უნდა, არა. გახსოვდეთ, რომ სატანა ძალაუფლების მიღებისა და განდიდების დაუცხრომელმა სურვილმა აცდუნა. მიუხედავად იმისა, რომ მან გარკვეულწილად მიაღწია თავის მიზანს, ის გაბოროტებული და უბედურია (მათ. 4:8, 9; გამოცხ. 12:12). უდიდესი სიხარული მოაქვს სხვებისთვის ღვთის სიბრძნის გაზიარებასა და მათთვის მარადიული სიცოცხლის იმედის ჩასახვას. ქვეყნიერებაში ვერცერთი კარიერა ვერ მოგვანიჭებს ასეთ სიხარულს! ფაქტია, ქვეყნიერების სული ადამიანს შურს უღვივებს და გამუდმებით კონკურენციისა და პირველობისკენ უბიძგებს. საბოლოო ჯამში, მათი შრომა „ამაოებაა და ქარის დევნა“ (ეკლ. 4:4). w17.11 23 ¶11—13
პარასკევი, 12 ივლისი
ღვთის სადიდებელი იმღერეს და ზეთისხილის მთისკენ გაემართნენ (მათ. 26:30).
მუსიკას არც ქრისტიანული კრების ჩამოყალიბების შემდეგ დაუკარგავს მნიშვნელობა ღვთის თაყვანისმცემლობაში. კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანეს დღეს, უფლის გახსენების საღამოს დაწესების შემდეგ, იესომ და მისმა მოციქულებმა ღმერთს სადიდებელი უმღერეს. სიმღერით იეჰოვას ერთხმად განდიდების შესანიშნავი მაგალითი პირველი საუკუნის ქრისტიანებმაც მოგვცეს. ისინი სახლებში იკრიბებოდნენ, თუმცა ამ მოკრძალებულ გარემოსაც კი არ შეუშლია ხელი მათთვის, რომ ქება ემღერათ იეჰოვასთვის. ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ ქრისტიან ძმებს მოუწოდა: „ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას“ (კოლ. 3:16). მართლაც, ჩვენი სიმღერების კრებულში შესულია „სულიერი სიმღერები“, რომლებიც მადლიერებით უნდა შევასრულოთ. ეს არის „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწვდილი სულიერი საზრდო (მათ. 24:45). w17.11 4 ¶7, 8
შაბათი, 13 ივლისი
აირჩიეთ მოსახერხებელი თავშესაფარი ქალაქები (რიცხ. 35:11).
ექვსივე თავშესაფარი ქალაქი ადვილად მისადგომი იყო. იეჰოვას მითითებისამებრ ეს ქალაქები მდინარე იორდანის ორივე მხარეს თანაბრად უნდა გაენაწილებინათ, რათა გაქცეულს სწრაფად და ადვილად მიეგნო მათთვის (რიცხ. 35:12—14). ამ ქალაქებამდე მისასვლელი გზები კარგ მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო (კან. 19:3). იუდაური ტრადიციის თანახმად, გზებზე იდგა ნიშნები, რომლებიც გაქცეულს თავშესაფარი ქალაქის პოვნას უადვილებდა. რადგანაც თავშესაფარი ქალაქები ისრაელის ტერიტორიაზე იყო, უნებლიე მკვლელობის ჩამდენს არ უწევდა უცხო მიწაზე გაქცევა, სადაც ის შეიძლებოდა კერპთაყვანისმცემლობის მახეში გაბმულიყო. საგულისხმოა, რომ იეჰოვამ, რომელმაც განზრახ მკვლელობისთვის სასიკვდილო სასჯელი დააწესა, უნებლიე მკვლელობის ჩამდენისთვის შეიმუშავა ღონისძიება, რომელიც მას შესაძლებლობას აძლევდა, თავი დაცულად ეგრძნო და ღვთის თანაგრძნობითა და გულმოწყალებით ესარგებლა. როგორც ერთი ბიბლეისტი ამბობს, „ყველაფერი გასაგები, მარტივი და მოსახერხებელი იყო“. იეჰოვა გულქვა მოსამართლე კი არ არის, რომელსაც ერთი სული აქვს, დასაჯოს თავისი მსახურები, არამედ „გულმოწყალებით მდიდარი“ ღმერთია (ეფეს. 2:4). w17.11 14 ¶4, 5
კვირა, 14 ივლისი
დამიბრუნდით, . . . და მეც დაგიბრუნდებით (ზაქ. 1:3).
მფრინავი გრაგნილი, საწყაოში დამწყვდეული ქალი და ორი ქალი ყარყატის ფრთებით — ამ შთამბეჭდავ ხილვებს აღწერს ზაქარია თავის წიგნში (ზაქ. 5:1, 7—9). რატომ ანახა იეჰოვამ ეს საოცარი ხილვები თავის წინასწარმეტყველს? ზაქარიას მეექვსე და მეშვიდე ხილვები სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვინც უპატიოსნოდ იქცევა, და შეახსენებს მათ, რომ იეჰოვა არ იწყნარებს ბოროტებას. ჩვენ, როგორც მისმა ერთგულმა თაყვანისმცემლებმა, უნდა შევიზიზღოთ ბოროტება. ამ ხილვებით ჩვენი ზეციერი მამა თავის სიყვარულში გვარწმუნებს. თუ ყველანაირად შევეცდებით, რომ ღვთის მოსაწონები ვიყოთ, ის დაგვიცავს და გრაგნილში ჩაწერილი სასიკვდილო წყევლა არ შეგვეხება. უფრო მეტიც, იეჰოვა უხვად გვაკურთხებს. ამ ბოროტ ქვეყნიერებაში სიწმინდის შენარჩუნების ნებისმიერი მცდელობა აუცილებლად დაგვიფასდება. უნდა გვჯეროდეს, რომ იეჰოვას დახმარებით წარმატებას მივაღწევთ! w17.10 21 ¶1; 25 ¶19
ორშაბათი, 15 ივლისი
ხანში შესული ქალებიც ისე მოიქცნენ, როგორც ღვთისმოშიშებს შეშვენით, . . . რათა ჭკუა დაარიგონ ახალგაზრდა ქალებს (ტიტ. 2:3, 4).
დაუქორწინებელ დებს მსახურების გაფართოების უამრავი შესაძლებლობა ეძლევათ. მათ შეუძლიათ იმსახურონ პიონერად, გადავიდნენ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ საპროექტო-სამშენებლო პროგრამებში ან ისწავლონ სამეფოს მახარობელთა სკოლაში. ზოგიერთი და შეიძლება ბიბლიურ სკოლა „გალაადშიც“ მიიწვიონ. ხანდაზმული დები, მართალია მათ ყოველივე ამის გაკეთება არ შეუძლიათ, მაინც ძვირფასნი არიან კრებისთვის. ჩვენ ძალიან გვიყვარს ისინი! შეიძლება ზოგიერთი მათგანი უწინდელივით ბევრს ვეღარ აკეთებს იეჰოვას მსახურებაში, მაგრამ მათ შეუძლიათ გაბედულების გამოვლენა და ღვთის საქმეში თავიანთი წვლილის შეტანა. მაგალითად, ხანდაზმულ დას შეიძლება გაბედულება მაშინ დასჭირდეს, როცა უხუცესები სთხოვენ, რომ ახალგაზრდა დას მოკრძალებულ ჩაცმულობაზე დაელაპარაკოს. მართალია, ის არ დატუქსავს ახალგაზრდა დას, მაგრამ დაეხმარება, დაფიქრდეს, როგორ შეიძლება იმოქმედოს მისმა ჩაცმულობამ სხვებზე (1 ტიმ. 2:9, 10). როდესაც ხანდაზმული დები ასეთი სახით ავლენენ სიყვარულსა და მზრუნველობას, კრებაზე დადებით გავლენას ახდენენ. w17.09 31, 32 ¶17, 18
სამშაბათი, 16 ივლისი
შეიძენ ცოდნას ღვთის შესახებ (იგავ. 2:5).
იყო პერიოდები, როცა გავლენიანი პირები ცდილობდნენ, რომ ბიბლია უბრალო ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო. მაგრამ გულწრფელი ადამიანები არ ეპუებოდნენ მათ წინააღმდეგობას. განვიხილოთ მე-14 საუკუნეში მოღვაწე თეოლოგის, ჯონ უიკლიფის მაგალითი. მას მტკიცედ სწამდა, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონოდა ღვთის სიტყვის წაკითხვის შესაძლებლობა. მაგრამ მის დროს ინგლისში უბრალო ხალხს ბიბლიაზე ხელი არ მიუწვდებოდა. ბიბლიის ინგლისურმა თარგმანმა, რომელიც მოგვიანებით უიკლიფის ბიბლიის სახელით გახდა ცნობილი, 1382 წელს იხილა დღის სინათლე. ლოლარდების სახელით ცნობილი მქადაგებლები ინგლისში სოფლიდან სოფელში ფეხით დადიოდნენ, რომ უბრალო ხალხამდე ღვთის სიტყვა მიეტანათ. ისინი ხშირად უკითხავდნენ ხალხს მონაკვეთებს უიკლიფის ბიბლიიდან და ამ მონაკვეთების ხელით გაკეთებულ ასლებს უტოვებდნენ. მომდევნო საუკუნეებში ევროპასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბევრმა დაიწყო უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენებზე ბიბლიის თარგმნა და გავრცელება. w17.09 20, 21 ¶10—12
ოთხშაბათი, 17 ივლისი
ასეთებს [დაქორწინებულებს] ხორციელი გასაჭირი ექნებათ (1 კორ. 7:28).
შვილის ყოლასთან დაკავშირებული აუსრულებელი სურვილი ერთგვარი ხორციელი გასაჭირია (იგავ. 13:12). ბიბლიურ დროში უშვილობა ხშირ შემთხვევაში სირცხვილად ითვლებოდა. იაკობის ცოლი, რახელი, ძალიან განიცდიდა, რომ თავის დისგან განსხვავებით შვილები არ უჩნდებოდა (დაბ. 30:1, 2). თითქმის არავის მოუვა აზრად, რომ ქორწინებასთან დაკავშირებულ გასაჭირში მეუღლის სიკვდილიც იგულისხმოს. თუმცა ბევრს მოუწია ამ უდიდესი განსაცდელის გადატანა. შესაძლოა ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთი რამ შეემთხვეოდათ. ქრისტიანებს მტკიცედ გვწამს იესოს დაპირების, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა (იოან. 5:28, 29). ამ იმედმა შეიძლება დიდად ანუგეშოს დაქვრივებული ქრისტიანი. ჩვენი მოსიყვარულე მამა თავისი სიტყვის მეშვეობით ეხმარება და ანუგეშებს გასაჭირში მყოფთ. w17.06 4 ¶1; 5 ¶6; 6 ¶9
ხუთშაბათი, 18 ივლისი
იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთია (გამ. 34:6).
ერთხელ ღმერთმა მოსეს თავისი სახელი გაუცხადა და უთხრა, რომ „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთი“ იყო (გამ. 34:5—7). ეს თვისებები ხაზს უსვამს იმას, რომ იეჰოვა თანამგრძნობია. მას შეეძლო, თავის ძალაზე ან სიბრძნეზე გაემახვილებინა ყურადღება, მაგრამ მოსეს მის მხარდაჭერაში დარწმუნება სჭირდებოდა. ამიტომ ღმერთმა უპირველესად ისეთი თვისებები მოიხსენია, რომლებითაც დაანახვა, რომ ის ყოველთვის მზად არის თავისი მსახურების დასახმარებლად (გამ. 33:13). მართალია, ღმერთმა ჩვენში ჩადო თანაგრძნობის უნარი, მაგრამ არასრულყოფილების გამო, რომელიც ადამისგან მემკვიდრეობით მივიღეთ, ეგოიზმისკენ ვართ მიდრეკილი. ზოგჯერ შეიძლება ადვილი არ იყოს იმის გადაწყვეტა, სხვებს დავეხმაროთ თუ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. ზოგს დღემდე უჭირს ოქროს შუალედის პოვნა. რა დაგეხმარებათ, რომ უფრო ყურადღებიანები გახდეთ სხვების მიმართ? თავდაპირველად გამოიკვლიეთ, როგორ ავლენს იეჰოვა თანაგრძნობას და როგორ გამოავლინეს ეს თვისება მისმა მსახურებმა. შემდეგ დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ღმერთს და რა კარგ შედეგებს მოგიტანთ ეს. w17.09 8 ¶1; 9 ¶3
პარასკევი, 19 ივლისი
თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად (ფილ. 2:3).
„ახალი პიროვნებით“ შემოსვა იმიტომ კი არ უნდა გვინდოდეს, რომ ადამიანთაგან მივიღოთ დიდება, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა განვადიდოთ. გაიხსენეთ, რომ ერთ დროს სრულყოფილი სულიერი ქმნილება სიამაყემ ცოდვამდე მიიყვანა (შეადარეთ ეზეკიელის 28:17). რამდენად უფრო რთულია არასრულყოფილი ადამიანისთვის, რომ არ გაამაყდეს და არ გაამპარტავნდეს! მიუხედავად ამისა, თავმდაბლობით შემოსვა შესაძლებელია. რა დაგვეხმარება ამაში? თავმდაბლობის შესანარჩუნებლად საჭიროა ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე (კან. 17:18—20). განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ ვიფიქრებთ იესოს სწავლებებსა და მისი თავმდაბლობის შესანიშნავ მაგალითზე (მათ. 20:28). იესომ თავის მოციქულებს ფეხებიც კი დაბანა (იოან. 13:12—17). ამასთან ერთად, ხშირად უნდა ვთხოვოთ ღმერთს ლოცვაში წმინდა სული, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ შეგვექმნას (გალ. 6:3, 4). w17.08 25 ¶11, 12
შაბათი, 20 ივლისი
აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას (ფილ. 4:6, 7).
ალბათ, ჩვენს ცხოვრებაშიც მომხდარა ისე, რომ ღვთის სულის ხელმძღვანელობას მივყვებოდით, მაგრამ შემდეგ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მოველოდით. შეიძლება სირთულეებმა იჩინა თავი ან ახალმა გარემოებამ ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა (ეკლ. 9:11). რა დაგვეხმარება, რომ ზედმეტად არ ვიწუხოთ და „ღვთის მშვიდობა“ ვიგრძნოთ? პავლეს მიერ ფილიპელებისთვის მიწერილი წერილიდან ჩანს, რომ ამის საუკეთესო საშუალება ლოცვაა. ამიტომ ჩვენი საწუხარი ღმერთს უნდა გავანდოთ ლოცვაში (1 პეტ. 5:6, 7). ილოცეთ რწმენით და გჯეროდეთ, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე. ლოცვის დროს გამოხატეთ მადლიერება და გაიხსენეთ, როგორ გაკურთხათ იეჰოვამ. მისადმი ნდობა განგვიმტკიცდება, თუ გვემახსოვრება, რომ მას „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). w17.08 9 ¶4, 6; 10 ¶10
კვირა, 21 ივლისი
გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება; სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა (იგავ. 15:22).
ბევრ ქრისტიანს ბედნიერება მოუტანა იმან, რომ ახალგაზრდობაში პიონერად მსახურობდა. თუ თქვენც ახალგაზრდა ხართ კარგი იქნება, თუ მათთან თქვენს გეგმებზე იმსჯელებთ. ეს მოწიფული ქრისტიანები გეტყვიან, რომ სრული დროით მსახურების დროს მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ცხოვრების მანძილზე გამოგადგებათ. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ბევრი რამ ისწავლა თავისი მამისგან ზეცაში, ის დედამიწაზე მსახურების დროსაც არ წყვეტდა სწავლას. მაგალითად, მან გაიგო, რამხელა სიხარული მოაქვს განსაცდელების დროს ერთგულების შენარჩუნებას და იმის დანახვას, რომ სასიხარულო ცნობა ადამიანთა გულებამდე აღწევს (ეს. 50:4; ებრ. 5:8; 12:2). იესომ თქვა: „წადით . . . მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . [და] ასწავლეთ მათ“ (მათ. 28:19, 20). თუ მიზნად დაისახავთ, სრული დროით ჩაებათ ამ საქმეში, დიდ კმაყოფილებას იგრძნობთ და განადიდებთ ღმერთს. როგორც ნებისმიერ საქმეში, აქაც დრო დაგჭირდებათ, რომ დახელოვნდეთ. w17.07 23 ¶6, 7
ორშაბათი, 22 ივლისი
განუგეშებთ (ეს. 66:13).
ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ნუგეშის უმთავრესი წყარო ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვაა (2 კორ. 1:3, 4). მგლოვიარეთათვის ნუგეშის კიდევ ერთი წყარო ქრისტიანული კრებაა (1 თეს. 5:11). როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ და ვანუგეშოთ დამწუხრებულები? (იგავ. 17:22). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7). დალინი, რომელსაც ქმარი მოუკვდა, ამბობს: „მგლოვიარეებს სჭირდებათ ვინმესთვის თავიანთი გრძნობებისა და ფიქრების გაზიარება. ამიტომ ყველაზე დიდი რამ, რისი გაკეთებაც მათთვის შეგიძლიათ, გულისყურით მოსმენაა“. იუნია, რომლის ძმამაც თავი მოიკლა, ამბობს: „შეიძლება ბოლომდე ვერ იგრძნოთ მათი ტკივილი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გინდათ გაიგოთ, რას გრძნობენ ისინი“. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა სხვადასხვანაირად განიცდის და გამოხატავს წუხილს. w17.07 13 ¶3; 14 ¶11—13
სამშაბათი, 23 ივლისი
რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე! (ფსალმ. 83:18)
დღეს ბევრი ადამიანისთვის ყველაზე მთავარი ფულია. მათი უმთავრესი საფიქრალი სიმდიდრის დაგროვება და შენარჩუნებაა. ზოგი ცხოვრებაში პირველ ადგილზე ოჯახს, ჯანმრთელობაზე ზრუნვას ან კარიერას აყენებს. თუმცა არსებობს ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თითოეულს გვეხება. ეს არის იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება. ამიტომ სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ, რომ მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი. შეიძლება იმდენად მოგვიცვას ყოფითმა საზრუნავმა, რომ დაგვავიწყდეს, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება. შესაძლოა საკუთარმა პრობლემებმა ისე დაგვამძიმოს, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს ის. თუმცა, მეორე მხრივ, რაც უკეთ გვეცოდინება ამ საკითხის მნიშვნელობა, მით უფრო ადვილად გავუმკლავდებით ყოველდღიურ პრობლემებს და უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას. w17.06 22 ¶1, 2
ოთხშაბათი, 24 ივლისი
მომბაძეთ მე, როგორც მე — ქრისტეს (1 კორ. 11:1).
იეჰოვა თავის ძალაუფლებას სიყვარულით ავლენს. ამიტომ ოჯახისთავებმა და უხუცესებმა, რომლებიც აფასებენ ღვთის უზენაესობას, უნდა მიჰბაძონ მას და არ უნდა იყვნენ ზედმეტად მომთხოვნები. პავლე მოციქულმა ამის კარგი მაგალითი დაგვიტოვა. ის უხერხულ მდგომარეობაში არ აყენებდა სხვებს და არ აიძულებდა, სწორად მოქცეულიყვნენ. პირიქით, ის კარგის კეთებისკენ აღძრავდა სხვებს (რომ. 12:1; ეფეს. 4:1; ფლმ. 8—10). ასე იქცევა იეჰოვა და სწორედ ასე უნდა იქცეოდეს ყველა, ვინც აფასებს და მხარს უჭერს მის მმართველობას. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ღმერთმა მეთაურობის გასაწევად დანიშნა? როცა მათ მიმართ პატივისცემას ვავლენთ და ვთანამშრომლობთ მათთან, ჩვენ მხარს ვუჭერთ იეჰოვას უზენაესობას. მაშინაც კი, თუ ბოლომდე არ გვესმის მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ან არ ვეთანხმებით მათ, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ თეოკრატიულ სტრუქტურას. ქვეყნიერებაში, როგორც წესი, ასე არ იქცევიან, მაგრამ იეჰოვას მსახურებისთვის მორჩილება აუცილებელი მოთხოვნაა (ეფეს. 5:22, 23; 6:1—3; ებრ. 13:17). w17.06 30 ¶14, 15
ხუთშაბათი, 25 ივლისი
ღმერთმა გასწავლათ ერთმანეთის სიყვარული (1 თეს. 4:9).
გულგატეხილობაში, დეპრესიასა თუ სხვა განსაცდელებში მყოფი და-ძმები ასაკის მიუხედავად საჭიროებენ ჩვენგან ნუგეშს, გამხნევებასა და ყურადღებას (იგავ. 12:25; კოლ. 4:11). ძმების სიყვარულს იმ შემთხვევაში დავამტკიცებთ, თუ სიტყვითა და საქმით ვაჩვენებთ, რომ ვზრუნავთ მათზე, „ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10). ბიბლიის თანახმად, ეგოიზმი და სიხარბე ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში მცხოვრები ხალხის დამახასიათებელი ნიშანი იქნებოდა (2 ტიმ. 3:1, 2). ამიტომ ქრისტიანებმა ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ, რომ გავიძლიეროთ ღვთის, ჭეშმარიტებისა და ერთმანეთის მიმართ სიყვარული. ცხადია, თანაქრისტიანებს შორის ზოგჯერ შეიძლება უმნიშვნელო გაუგებრობებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა რამხელა კურთხევაა, რომ კრებაში ყველა სიყვარულით ცდილობს მათ მოგვარებას! (ეფეს. 4:32; კოლ. 3:14). დაე კვლავაც გავიძლიეროთ იეჰოვას, მისი სიტყვისა და და-ძმების მიმართ სიყვარული! w17.05 21 ¶17, 18
პარასკევი, 26 ივლისი
თუ ვამბობთ, რომ უცოდველები ვართ, თავს ვიტყუებთ (1 იოან. 1:8).
ქრისტიანებისთვის უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ქრისტიანული კრების გარეთ უსამართლობას ხვდებიან. მაგრამ ჩვენი რწმენა შეიძლება გამოიცადოს, თუ კრებაში ისეთ რამეს ვაწყდებით, რაც ერთი შეხედვით უსამართლობა გვგონია. როგორ მოიქცევით, თუ ფიქრობთ, რომ კრებაში უსამართლობის მსხვერპლი ხართ? გახდება ეს თქვენთვის დაბრკოლების მიზეზი? ვინაიდან ყველანი არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ, გვესმის, რომ კრებაში შეიძლება ვინმე უსამართლოდ მოგვექცეს ან ჩვენ მოვექცეთ სხვებს უსამართლოდ. თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ერთგულ ქრისტიანებს ეს არც უკვირთ და არც აბრკოლებთ. იეჰოვამ თავის სიტყვაში პრაქტიკული რჩევები მოგვცა, რათა უმწიკვლობის შენარჩუნება მაშინაც შეგვძლებოდა, როცა უსამართლობას თანამორწმუნეების მხრიდან შევხვდებოდით (ფსალმ. 55:12—14). w17.04 19 ¶4, 5
შაბათი, 27 ივლისი
[ვინც ქორწინდება] ხორციელი გასაჭირი ექნებათ (1 კორ. 7:28).
თუ მეუღლე არ იზიარებს თქვენს რწმენას, შეიძლება სხვებზე მეტი საწუხარი და პრობლემები გქონდეთ. ის ფაქტი, რომ თქვენს მეუღლეს არ სურს ქრისტეს მიმდევრობა, არ ნიშნავს, რომ განცალკევებით ცხოვრების ან გაყრის საფუძვლიანი მიზეზი გაქვთ (1 კორ. 7:12—16). თუ თქვენი ქმარი არ ემსახურება იეჰოვას და არ ზრუნავს ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე, ის მაინც იმსახურებს თქვენი მხრიდან პატივისცემას, რადგან ოჯახისთავია. ქრისტიან მამაკაცებსაც მართებთ, სიყვარული და მზრუნველობა გამოავლინონ ცოლების მიმართ, რომლებიც არ იზიარებენ მათ რწმენას (ეფეს. 5:22, 23, 28, 29). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეუღლე ღვთის მსახურებაში შეზღუდვებს გიდგენთ? მაგალითად, ერთ დას მისმა მეუღლემ სთხოვა, რომ მსახურებაში კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე გასულიყო. თუ თქვენც ამ დის მდგომარეობაში ხართ, ჰკითხეთ საკუთარ თავს: საერთოდ მიკრძალავს ქმარი მსახურებას? თუ ეს ასე არ არის, შემიძლია გავითვალისწინო მისი თხოვნა? კეთილგონიერება დაგეხმარებათ, რომ თავიდან აირიდოთ მეუღლესთან ზედმეტი პრობლემები (ფილ. 4:5). w17.10 13 ¶7, 8
კვირა, 28 ივლისი
ჩააგონე შენს ვაჟს (კან. 6:7).
როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ადამიანები „ყველა ენის ხალხიდან“ იეჰოვას ორგანიზაციაში ერთიანდებიან (ზაქ. 8:23). მშობლებო, ენობრივი ბარიერის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ შვილებისთვის ჭეშმარიტების სწავლება! მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ თქვენს შვილებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვებთან. იეჰოვას გაცნობა მათ მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს (იოან. 17:3). ყველა ხელსაყრელი შემთხვევა უნდა გამოიყენოთ, რომ შვილებმა იეჰოვას ნორმები და კანონები ისწავლონ (კან. 6:6, 7). თქვენი შვილები ადგილობრივ ენას სკოლაშიც ისწავლიან და სხვებთან ურთიერთობის დროსაც, მშობლიურ ენას კი მხოლოდ თქვენთან ხშირი ურთიერთობით დაეუფლებიან. გარდა იმისა, რომ თავიანთი გულისნადების გაზიარებას შეძლებენ, მშობლიური ენის ცოდნა მათ სხვა მხრივაც გამოადგებათ. ორი ენის ცოდნა მათ გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს და სხვებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს გაუუმჯობესებს. w17.05 9 ¶5, 6
ორშაბათი, 29 ივლისი
წადი . . . და მოეფინე თაბორის მთას, მე . . . მოგიყვანო სისერას . . . და ხელში ჩაგიგდებო (მსაჯ. 4:6, 7).
სამხედრო თვალსაზრისით ისრაელები მოუმზადებლები იყვნენ, რადგან არც იარაღი ჰქონდათ და არც აღჭურვილობა, მაშინ როცა მათ მტრებს 900 დანებიანი ეტლი ჰყავდათ (მსაჯ. 4:1—3, 13; 5:6—8). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ ზემოხსენებული სიტყვებით ნათელი მითითება მისცა ბარაკს. და ისიც დაუყოვნებლივ შეუდგა იეჰოვას მითითების შესრულებას (მსაჯ. 4:14—16). თაანახთან ბრძოლის დროს უეცრად კოკისპირული წვიმა წამოვიდა და იქაურობა დააჭაობა. ბარაკმა სისერას ჯარს 24 კილომეტრზე სდია ხაროშეთამდე. სისერამ მიატოვა ტალახში ჩაფლული თავისი ეტლი და ცაანანიმში გაიქცა. მან კენიელი ხებერის ცოლის, იაელის კარავს მიაშურა. იაელმა კარავში შეიპატიჟა ის. დაღლილ-დაქანცულ სისერას მაშინვე ჩაეძინა. ამიტომ გაბედულ იაელს მისი მოკვლა არ გასჭირვებია (მსაჯ. 4:17—21). ისრაელმა, როგორც იქნა, დაამარცხა თავისი მტერი! w17.04 29, 30 ¶6—8
სამშაბათი, 30 ივლისი
დავა აქვს იეჰოვას ხალხებთან . . . მახვილის ძალას გადასცემს ბოროტებს (იერ. 25:31).
დარჩება არმაგედონის შემდეგ დედამიწაზე რომელიმე ორგანიზაცია? ბიბლია გვპასუხობს: „ჩვენ მისი დაპირებისამებრ ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტ. 3:13). ძველი ცა და დედამიწა, ანუ კორუმპირებული მთავრობები და მათ მიერ მართული ხალხი, მეტად აღარ იარსებებს. ბიბლიური გამოთქმა „ახალი ცა და ახალი დედამიწა“ იმაზე მიუთითებს, რომ იქნება ახალი მთავრობა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანთა ახალი საზოგადოება. ზეციერი ხელისუფლება, რომელსაც სათავეში იესო ქრისტე უდგას, იეჰოვასთვის, წესრიგის ღმერთისთვის, დამახასიათებელ თვისებებს სრულყოფილად გამოავლენს (1 კორ. 14:33). ასე რომ, „ახალ დედამიწაზეც“ წესრიგი იქნება. ახალ ქვეყნიერებაში ხელმძღვანელობის გასაწევად ზოგიერთი მამაკაცი დაინიშნება (ფსალმ. 45:16). თავის მხრივ, ისინი დაემორჩილებიან ქრისტესა და მისი 144 000 თანამმართველის ხელმძღვანელობას. წარმოიდგინეთ, როგორი დრო დადგება, როცა კორუმპირებულ ორგანიზაციებს შეცვლის ერთი ორგანიზაცია, რომელშიც სრული ერთობა იქნება და რომელსაც ვერავინ მოისყიდის! w17.04 11 ¶8, 9
ოთხშაბათი, 31 ივლისი
ერთი ხორცი იქნებიან (დაბ. 2:24).
ქორწინება წმინდაა. ნეფე-დედოფალი საქორწინო აღთქმას ღვთისა და ადამიანების წინაშე დებს. ჩვეულებრივ, ისინი პირობას დებენ, რომ სიყვარულს, პატივისცემასა და ზრუნვას არ მოაკლებენ ერთმანეთს, სანამ ერთად იცხოვრებენ დედამიწაზე ღვთის მიერ დადგენილი ცოლქმრული კავშირით გაერთიანებულნი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი შეიძლება ზუსტად არ იმეორებს ამ სიტყვებს, ისინი მაინც დებენ აღთქმას ღვთის წინაშე. ასეთი აღთქმის დადების შემდეგ მათ ცოლ-ქმრად აცხადებენ. მათი ქორწინება სიცოცხლის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს (1 კორ. 7:39). „ამიტომ, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“, ანუ არც ცოლს, არც ქმარს და არც სხვა ვინმეს არა აქვს უფლება, ერთმანეთს დააშოროს ცოლ-ქმარი. ამიტომ მათ, ვინც დაქორწინებას აპირებს, შეგნებული უნდა ჰქონდეთ, რომ გაყრა გულშიც კი არ უნდა გაივლონ (მარ. 10:9). ცხადია, სრულყოფილი ქორწინება არ არსებობს. ის ორი არასრულყოფილი ადამიანის კავშირია. ამიტომაც ამბობს ბიბლია, რომ დაქორწინებულებს დროდადრო „ხორციელი გასაჭირი ექნებათ“ (1 კორ. 7:28). w17.04 7 ¶14, 15