საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 77-87
  • აგვისტო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აგვისტო
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • ხუთშაბათი, 1 აგვისტო
  • პარასკევი, 2 აგვისტო
  • შაბათი, 3 აგვისტო
  • კვირა, 4 აგვისტო
  • ორშაბათი, 5 აგვისტო
  • სამშაბათი, 6 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 7 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 8 აგვისტო
  • პარასკევი, 9 აგვისტო
  • შაბათი, 10 აგვისტო
  • კვირა, 11 აგვისტო
  • ორშაბათი, 12 აგვისტო
  • სამშაბათი, 13 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 14 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 15 აგვისტო
  • პარასკევი, 16 აგვისტო
  • შაბათი, 17 აგვისტო
  • კვირა, 18 აგვისტო
  • ორშაბათი, 19 აგვისტო
  • სამშაბათი, 20 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 21 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 22 აგვისტო
  • პარასკევი, 23 აგვისტო
  • შაბათი, 24 აგვისტო
  • კვირა, 25 აგვისტო
  • ორშაბათი, 26 აგვისტო
  • სამშაბათი, 27 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 28 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 29 აგვისტო
  • პარასკევი, 30 აგვისტო
  • შაბათი, 31 აგვისტო
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 77-87

აგვისტო

ხუთშაბათი, 1 აგვისტო

არა როგორც მე მინდა, არამედ როგორც შენ (მათ. 26:39).

ადამიანი რომ კარგი მასწავლებელი გახდეს, ჯერ კარგი მოსწავლე უნდა იყოს (1 ტიმ. 4:15, 16). მსგავსად, ისინი, ვისაც იეჰოვამ აღმზრდელობითი ზომების გატარების პასუხისმგებლობა დააკისრა, თავადაც უნდა ემორჩილებოდნენ მის ხელმძღვანელობას. ამგვარი თავმდაბლობის გამო ისინი და-ძმების პატივისცემასაც იმსახურებენ და სიტყვაში სითამამეც აქვთ, რომ ასწავლონ და რჩევები მისცენ სხვებს. დავფიქრდეთ იესოს მაგალითზე. იესო მაშინაც კი ემორჩილებოდა მამას, როცა ამის გაკეთება ძალიან რთული იყო. თავისი სწავლებებისა და სიბრძნისთვის ის დიდებას იეჰოვას მიაგებდა (იოან. 5:19, 30). იესოს თავმდაბლობა და მორჩილება გულწრფელ ადამიანებს მისკენ იზიდავდა. ეს თვისებები მას ეხმარებოდა, რომ სწავლების დროს თანაგრძნობა და სულგრძელობა გამოევლინა (მათ. 11:29). მისი თბილი სიტყვები მალამოსავით ედებოდა მათ, ვინც გადატანითი მნიშვნელობით გადატეხილ ლერწამს ან მბჟუტავ პატრუქს ჰგავდა (მათ. 12:20). იესო მაშინაც კი კეთილი და მოსიყვარულე იყო, როცა მისი მოთმინება იცდებოდა. ეს ცხადი გახდა მაშინ, როცა მან მოციქულებს ეგოისტური და ამბიციური აზროვნება შეუსწორა (მარ. 9:33—37; ლუკ. 22:24—27). w18.03 26 ¶15, 16

პარასკევი, 2 აგვისტო

მონათვლა . . . უკვე ემსახურება თქვენს ხსნას (1 პეტ. 3:21).

მოციქულმა პეტრემ ნათლობა ნოეს კიდობნის მშენებლობას შეადარა. კიდობანი იმის მტკიცება იყო, რომ ნოემ ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნა თავი. მან პირნათლად შეასრულა იეჰოვას დავალება და თავისი რწმენის საქმეებით წარღვნის დროს საკუთარი თავიც იხსნა და ოჯახიც. როგორც კიდობანი იყო ნოეს რწმენის ხილული მტკიცება, ისე ნათლობაა იმის ხილული დადასტურება, რომ ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ რწმენის საფუძველზე ადამიანმა თავი მიუძღვნა იეჰოვას. ნოეს მსგავსად, ღვთის მიძღვნილი მსახური ემორჩილება ღმერთს და ასრულებს მის მიერ დავალებულ საქმეს. როგორც ნოე გადაურჩა წარღვნას, ერთგული მონათლული ქრისტიანებიც გადაურჩებიან ამ ქვეყნიერების აღსასრულს (მარ. 13:10; გამოცხ. 7:9, 10). სწორედ ეს ხდის მიძღვნასა და ნათლობას ძალიან მნიშვნელოვანს. ადამიანი, რომელიც უმიზეზოდ აჭიანურებს მონათვლას, საფრთხეს უქმნის თავის მარადიულ მომავალს. w18.03 4 ¶3, 4

შაბათი, 3 აგვისტო

ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს (იგავ. 22:15).

ზოგი მშობელი ფიქრობს, თუ ბავშვი მონათლული არ არის, არც გაირიცხება. რატომ არის ასეთი აზროვნება მცდარი? (იაკ. 1:22). გასაგებია, რომ ქრისტიან მშობლებს სურთ, მათი შვილი მაშინ მოინათლოს, როცა გააზრებულად შეძლებს იეჰოვასთვის თავის მიძღვნას. მაგრამ არასწორია, როცა მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვი თუ მონათლული არ არის, არც იეჰოვას წინაშეა ანგარიშვალდებული. რატომ? იმიტომ რომ იეჰოვას წინაშე მხოლოდ მონათლულები არ აგებენ პასუხს. თუ ბავშვს კარგად ესმის, რა არის ღვთის თვალში სწორი და რა არასწორი, ის უკვე ანგარიშვალდებულია იეჰოვას წინაშე (იაკ. 4:17). იმის ნაცვლად, რომ შვილებს ნათლობის სურვილი დაუკარგონ, გონიერი მშობლები ყველანაირად ცდილობენ, მათ კარგი მაგალითი მისცენ. მათ სურთ, შვილებს ჩვილობიდანვე ასწავლონ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების მთელი გულით დაფასება (ლუკ. 6:40). ეს საუკეთესოდ დაიცავს თქვენს შვილებს და ისინი არასდროს გადაუხვევენ იეჰოვას სამართლიანი გზიდან (ეს. 35:8). w18.03 11 ¶12, 13

კვირა, 4 აგვისტო

ნოე . . . ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა (დაბ. 6:9).

ნოე წარღვნის შემდეგ 350 წლის მანძილზეც ასე იქცეოდა (დაბ. 9:28). მან რწმენისა და მორჩილების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა! ჩვენც შეგვიძლია მივბაძოთ ნოეს რწმენასა და მორჩილებაში? ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მხარს დავუჭერთ ღვთის სიმართლეს, არ ვიქნებით სატანის ქვეყნიერების ნაწილი და ღვთის სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებთ (მათ. 6:33; იოან. 15:19). დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ცხოვრების წესით ქვეყნიერების მოწონებას ვერ დავიმსახურებთ. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში მედიასაშუალებებმა უარყოფით შუქში წარმოგვაჩინეს, რადგან ქორწინებისა და ზნეობის საკითხებში მტკიცედ ვიცავთ ღვთის კანონებს (მალ. 3:17, 18). მაგრამ ნოეს მსგავსად, ჩვენ ღვთის შიში გვაქვს და არა ადამიანების. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ მას შეუძლია მარადიული სიცოცხლის მოცემა (ლუკ. 12:4, 5). რის თქმა შეიძლება პირადად თქვენზე? ივლით ღმერთთან ერთად მაშინაც კი, თუ დაგცინებენ, გაგაკრიტიკებენ ან ეკონომიკური გასაჭირი იეჰოვასადმი თქვენს ნდობას გამოსცდის? თუ მიჰბაძავთ ნოეს რწმენასა და მორჩილებაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ იეჰოვა თქვენზეც იზრუნებს (ფილ. 4:6, 7). w18.02 4 ¶4, 8; 5 ¶9, 10

ორშაბათი, 5 აგვისტო

ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის (1 კორ. 2:14).

დღეს ადამიანებისთვის უმთავრესი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაა. პავლე ასეთ დამოკიდებულებას ადარებს იმ სულს, „რომელიც ახლა ურჩობის ძეებში მოქმედებს“ (ეფეს. 2:2). ეს სული უამრავ ადამიანზე ახდენს გავლენას და უყალიბებს აზროვნებას — „აკეთე ის, რასაც სხვები აკეთებენ!“. შედეგად, უმეტესობა აკეთებს იმას, რაც თავად მიაჩნია სწორად და არ ცდილობს ღვთის ნორმებით ცხოვრებას. ადამიანი ხშირად ზედმეტად ზრუნავს პრესტიჟზე, მატერიალურ კეთილდღეობასა და საკუთარი უფლებების დაცვაზე. ამ კატეგორიაში ხვდებიან ის ადამიანები, რომლებიც „ხორცის საქმეებიდან“ ერთ-ერთს მაინც აკეთებენ (გალ. 5:19—21). ხორციელი აზროვნების მქონე ადამიანებს ახასიათებთ: განხეთქილებისთვის ხელის შეწყობა, კონფლიქტის დროს ვინმეს მიმხრობა, უთანხმოების ჩამოგდება, სასამართლოში ჩივილი, მეთაურობის პრინციპის უპატივცემულობა და მხოლოდ ჭამა-სმაზე ზრუნვა. ცდუნების წინაშე ხორციელად მოაზროვნე ადამიანი სისუსტეს იჩენს და ადვილად ნებდება (იგავ. 7:21, 22). w18.02 19 ¶3—5

სამშაბათი, 6 აგვისტო

ადამიანები იქნებიან . . . სიამოვნებათა მოყვარულები (2 ტიმ. 3:2, 4).

სიამოვნებასთან დაკავშირებით გაწონასწორებულ თვალსაზრისში ცუდი არაფერია. იეჰოვას არ უნდა, რომ ჩვენს თავს ყველაფერზე უარი ვუთხრათ და თავი შევიკავოთ ჩვენთვის სასიამოვნო საქმეების კეთებისგან. ბიბლია მოგვიწოდებს: „წადი, სიხარულით ჭამე პური და გულმხიარულმა დალიე ღვინო“ (ეკლ. 9:7). სიამოვნების სიყვარული, რომლის შესახებაც 2 ტიმოთეს 3:4-შია საუბარი, გამორიცხავს ღვთისადმი სიყვარულს. მართალია, მუხლში ნათქვამია, რომ ადამიანებს სიამოვნება უფრო ეყვარებოდათ, ვიდრე ღმერთი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ცოტათი მაინც ეყვარებოდათ ღმერთი. ერთი ბიბლეისტი წერს: „აშკარაა, ამ [მუხლში] ის კი არ იგულისხმება, რომ ადამიანებს რაღაც დოზით ღმერთიც ეყვარებოდათ, არამედ ის, რომ მათ საერთოდ არ ეყვარებოდათ ღმერთი“. ეს მართლაც სერიოზული გაფრთხილებაა მათთვის, ვინც მთლიანად სიამოვნების მიღებაზეა გადართული. ბიბლია „სიამოვნებათა მოყვარულებს“ მართებულად უწოდებს მათ, ვინც „განცხრომამ გაიტაცა“ (ლუკ. 8:14). w18.01 25 ¶14, 15

ოთხშაბათი, 7 აგვისტო

პატივი მიაგე იეჰოვას შენი ქონებიდან (იგავ. 3:9).

იეჰოვა გულუხვი ღმერთია. ყველაფერი მისგან გვაქვს. იეჰოვასია მთელი ოქრო, ვერცხლი და დედამიწაზე არსებული ყველა ბუნებრივი რესურსი, რასაც ის ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყენებს (ფსალმ. 104:13—15; ანგ. 2:8). უდაბნოში იეჰოვა ისრაელ ერს 40 წლის მანძილზე აძლევდა მანანასა და სასმელ წყალს (გამ. 16:35; ნეემ. 9:20, 21). წინასწარმეტყველ ელისეს მეშვეობით იეჰოვამ ერთგულ ქვრივს, რომელსაც ერთი დოქი ზეთიღა ებადა, სასწაულებრივად იმდენი ზეთი მისცა, რომ ქვრივმა მისი გაყიდვის შემდეგ ვალებიც გადაიხადა და მას და მის ვაჟებს საარსებოდ საკმარისი ფულიც დარჩათ (2 მეფ. 4:1—7). იეჰოვას დახმარებით იესომ საკვები და ფულიც კი გააჩინა, როცა ეს საჭირო იყო (მათ. 15:35—38; 17:27). იეჰოვას შეუძლია შეუზღუდავად გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნოს მიწიერ ქმნილებებს. მიუხედავად ამისა, ის შესაძლებლობას აძლევს თავის მსახურებს, რომ თავიანთი ქონებით მხარი დაუჭირონ მის ორგანიზაციას (გამ. 36:3—7). w18.01 17 ¶1—3

ხუთშაბათი, 8 აგვისტო

წაიღე ჩემი სული, იეჰოვა (1 მეფ. 19:4).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ძველ დროში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებსაც ეუფლებოდათ მსგავსი გრძნობები (იობ. 7:7). თუმცა ისინი არ ნებდებოდნენ და იეჰოვას ძალაზე იყვნენ დაიმედებულნი. ისინი სასოწარკვეთილებას არ ეცემოდნენ, რადგან ჩვენი ღმერთი „ძალას აძლევს დაღლილს“ (ეს. 40:29). სამწუხაროდ, დღეს ბევრმა დაასკვნა, რომ ცხოვრებისეული სირთულეების დროს საუკეთესო გამოსავალი იეჰოვას მსახურების ცოტა ხნით შეწყვეტაა, რადგან ისინი სულიერ საქმეებს ტვირთად თვლიან და არა კურთხევად. შედეგად, მათ შეწყვიტეს ბიბლიის კითხვა, კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაში მონაწილეობა. შეიძლება ითქვას, რომ მათ ასეთი საქციელით სატანის იმედები გაამართლეს. სატანამ კარგად იცის, რომ სულიერ საქმეებში მონაწილეობა გვაძლიერებს, რაც მას ძალიან არ უნდა. ამიტომ, თუ ფიზიკურად და ემოციურად გამოიფიტებით, ნუ ჩამოშორდებით იეჰოვას! პირიქით, უფრო მეტად დაუახლოვდით მას, ვინც „განგამტკიცებთ და გაგაძლიერებთ“ (1 პეტ. 5:10; იაკ. 4:8). w18.01 7, 8 ¶2, 3

პარასკევი, 9 აგვისტო

იეჰოვას . . . ჩაჰყავს სამარეში და ამოჰყავს (1 სამ. 2:6)

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მეორედ ადამიანი ელისემ აღადგინა. შუნემში მცხოვრებმა ერთმა ცნობილმა ებრაელმა ქალმა ელისეს მიმართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა. იეჰოვას კურთხევით ამ უშვილო ქალსა და მის მოხუცებულ ქმარს ვაჟი შეეძინათ. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ ბიჭი მოკვდა. წარმოიდგინეთ, როგორ გაანადგურებდა ეს ამბავი დედამისს. ქმრის ნებართვით ის ელისეს მოსაძებნად წავიდა და თითქმის 30 კილომეტრის გავლის შემდეგ ის ქარმელის მთაზე იპოვა. წინასწარმეტყველმა წინ გეხაზი გაუშვა ბიჭის გასაცოცხლებლად, თვითონ კი უკან გაჰყვა, მაგრამ გეხაზმა ვერ შეძლო სასწაულის მოხდენა. ცოტა ხანში სულგამწარებული დედა სახლში ელისესთან ერთად დაბრუნდა (2 მეფ. 4:8—31). წინასწარმეტყველი ცხედარს მიუახლოვდა და ლოცვით მიმართა იეჰოვას. სასწაულებრივად ბიჭს სიცოცხლე დაუბრუნდა. როცა ქალმა შვილი ცოცხალი დაინახა, სიხარულისგან ცას ეწია (2 მეფ. 4:32—37). ფაქტია, რომ შუნემში ბიჭის მკვდრეთით აღდგენით იეჰოვამ დაამტკიცა, რომ მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევს. w17.12 4 ¶7, 8

შაბათი, 10 აგვისტო

ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს (იგავ. 22:15).

ამიტომ ლოგიკურია, რომ სიბრძნე, რომელიც უგუნურების საპირისპირო თვისებაა, მოწიფულობის მაჩვენებელია. სულიერი მოწიფულობა ასაკით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, აქვს თუ არა ადამიანს იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში და ემორჩილება თუ არა მის მითითებებს (ფსალმ. 111:10). სულიერად მოწიფული ახალგაზრდები მერყევები არ არიან და საკუთარი სურვილებისა თუ თანატოლების ზეგავლენაში არ ექცევიან (ეფეს. 4:14). ნაცვლად ამისა, ისინი „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14). ისინი გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ და ამით ცხადყოფენ, რომ მოწიფულობისკენ ისწრაფვიან. ასეთი სიბრძნე აუცილებელია გადასარჩენად (იგავ. 24:14). ამიტომ, დარწმუნდით, რომ ბავშვებს კარგად ესმით თქვენი ფასეულობები. სიტყვითა და საქმით აჩვენეთ მათ, რომ თქვენი ფასეულობები ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს შეესაბამება (რომ. 2:21—23). w17.12 20, 21 ¶12, 13

კვირა, 11 აგვისტო

გარეშეებს ბრძნულად მოექეცით . . . რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ (კოლ. 4:5, 6).

ის აზრი, რომ „ადამიანებს თავად შეუძლიათ თავიანთი პრობლემების გადაჭრა“, ბევრს ხიბლავს, რადგან ფიქრობენ, რომ თუ ადამიანს მართლა შეუძლია პრობლემების მოგვარება, გამოდის, რომ მას არ სჭირდება ღვთის ხელმძღვანელობა და შეუძლია ის აკეთოს, რაც მოესურვება. ამასთანავე, ეს აზრი შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, რადგან ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ომებმა, დანაშაულმა, დაავადებებმა და სიღარიბემ იკლო. ერთ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ „ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება, რადგან ადამიანებმა გადაწყვიტეს, მსოფლიო უკეთეს ადგილად ექციათ“. როცა ქვეყნიერებაში გავრცელებულ ისეთ მოსაზრებას ისმენთ, რომელიც ეწინააღმდეგება თქვენს რელიგიურ შეხედულებებს, გამოიკვლიეთ, რას ამბობს ბიბლია ამ საკითხზე და ისაუბრეთ ამაზე მოწიფულ თანაქრისტიანთან. დაფიქრდით, რატომ შეიძლება იყოს ეს აზრი მისაღები საზოგადოებისთვის, რატომ არის ის არასწორი და როგორ შეგიძლიათ მისი გაბათილება. ყველას შეგვიძლია თავი დავიცვათ ქვეყნიური აზროვნებისგან, თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილ პავლეს მიერ კოლოსეს კრებისთვის მიწერილ რჩევას. w17.11 24 ¶14, 17

ორშაბათი, 12 აგვისტო

ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები (ლუკ. 18:11).

რატომ არ ავლენდნენ ფარისევლები გულმოწყალებას? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ისინი „სხვებს არაფრად აგდებდნენ“ (ლუკ. 18:9—14). გამოავლინეთ თანაგრძნობა და ამგვარად მიჰბაძეთ იეჰოვას და არა ფარისევლებს (კოლ. 3:13). იეჰოვას მიჰბაძავთ, თუ გაუადვილებთ სხვებს თქვენთან მოსვლას და პატიების თხოვნას (ლუკ. 17:3, 4). ჰკითხეთ საკუთარ თავს: მზად ვარ ვაპატიო მასაც კი, ვინც შეიძლება ბევრჯერ მატკინა გული? ვცდილობ, აღვადგინო მშვიდობა მასთან, ვინც მაწყენინა ან დიდი ტკივილი მომაყენა? სხვების პატიება რომ შევძლოთ, თავმდაბლობა გვჭირდება. ფარისევლებს თავმდაბლობა აკლდათ, რადგან ისინი თავიანთ თავს სხვებზე აღმატებულად მიიჩნევდნენ. როგორც ქრისტიანებს, მოგვეთხოვება, რომ თავმდაბლობით ჩავთვალოთ „სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ და მთელი გულით ვაპატიოთ (ფილ. 2:3). მიჰბაძავთ იეჰოვას და ცხადყოფთ, რომ თავმდაბლები ხართ? „კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ“ თქვენამდე მოსასვლელი გზა და არასდროს ჩაუკეტოთ ის მწყენინებელს. ადვილად ნუ განაწყენდებით და მალევე გამოავლინეთ გულმოწყალება (ეკლ. 7:8, 9). w17.11 14, 15 ¶6—8

სამშაბათი, 13 აგვისტო

კარგია, რომ ქება ვუმღეროთ ჩვენს ღმერთს (ფსალმ. 147:1).

შეიძლება გული გაგიტყდეთ, როცა საკუთარ ხმას სხვის ხმას ადარებთ. თუმცა ამის გამო თავი არ უნდა შეიკავოთ იეჰოვას განმადიდებელი სიმღერების შესრულებისგან, რადგან ეს თითოეული ქრისტიანის პასუხისმგებლობაა. ასე რომ, კარგი იქნება, თუ სიმღერების წიგნს ცოტა ზემოთ დაიჭერთ, თავს მაღლა ასწევთ და მთელი გრძნობით იმღერებთ (ეზრ. 3:11). ბოლო დროს სამეფო დარბაზებში სიმღერის ტექსტი ეკრანზეა გამოტანილი, რაც კიდევ უფრო გვიადვილებს მღერას. საგულისხმოა ისიც, რომ „სამეფო მსახურების სკოლის“ პროგრამას, რომელიც უხუცესებისთვის არის განკუთვნილი, სამეფოს სიმღერებიც დაემატა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ უხუცესები სიმღერის დროს კარგ მაგალითს უნდა აძლევდნენ კრების წევრებს. ბევრი ხმამაღლა იმიტომ არ მღერის, რომ ეშინია, მისმა ხმამ სხვები არ შეაწუხოს. დაფიქრდით: არასრულყოფილების გამო ლაპარაკის დროს „ყველა ხშირად ვცდებით“ (იაკ. 3:2). მაგრამ ამის გამო თავს არ ვარიდებთ ლაპარაკს. მაშ, რატომ უნდა შევიკავოთ თავი სიმღერით იეჰოვას განდიდებისგან მხოლოდ იმიტომ, რომ სრულყოფილი ხმა არა გვაქვს?! w17.11 4, 5 ¶9, 10

ოთხშაბათი, 14 აგვისტო

მოხდება ეს, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას (ზაქ. 6:15).

მეშვიდე ხილვის დასასრულს ზაქარიას ბევრი საფიქრალი გაუჩნდა. იეჰოვამ დაარწმუნა იგი, რომ ბოროტი საქმეების გამო უპატიოსნო ხალხს პასუხს მოსთხოვდა. ეს ნამდვილად შემატებდა მხნეობას წინასწარმეტყველს. მაგრამ სინამდვილეში არაფერი იცვლებოდა — ხალხი კვლავაც უპატიოსნოდ იქცეოდა და არ წყვეტდა ბოროტების ჩადენას. იერუსალიმში იეჰოვას ტაძრის დასრულებას პირი არ უჩანდა. რატომ შეწყვიტეს ასე მალე ისრაელებმა იეჰოვას მიერ დავალებული საქმის კეთება? მხოლოდ იმიტომ დაბრუნდნენ სამშობლოში, რომ უკეთესი ცხოვრება მოეწყოთ? იეჰოვამ იცოდა, რა სჭირდებოდა მის ხალხს. ის, რაც ღმერთმა ზაქარიას ბოლო ხილვაში აჩვენა, დაარწმუნებდა ისრაელებს, რომ იეჰოვას ძალიან უყვარდა ისინი და აფასებდა მათ მიერ შესრულებულ საქმეს. გარდა ამისა, ის დაჰპირდა მათ, რომ დაიცავდა, თუ მის მიერ დავალებულ საქმეს განაგრძობდნენ. ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით იეჰოვა თავის ხალხს დღევანდელ მუხლში ჩაწერილ სიტყვებს დაჰპირდა. w17.10 26 ¶1; 27 ¶5

ხუთშაბათი, 15 აგვისტო

ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც (ფილ. 2:13).

გაბედული მამაკაცები, რომლებიც მზად არიან მეტი პასუხისმგებლობის ასაღებად, კრებისთვის დიდ კურთხევას წარმოადგენენ (1 ტიმ. 3:1). მაგრამ ზოგი თავს იკავებს პასუხისმგებლობებისგან. შეიძლება ზოგი ძმა წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო ფიქრობს, რომ ღირსი არ არის, კრებაში მომსახურედ ან უხუცესად იმსახუროს. სხვა შეიძლება რაიმე პასუხისმგებლობისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდეს. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, იეჰოვა გამბედაობას შეგმატებთ (ფილ. 4:13). გაიხსენეთ, რომ ერთ დროს მოსეც შეუფერებლად მიიჩნევდა თავს იეჰოვასგან მიღებული დავალების შესასრულებლად (გამ. 3:11). თუმცა იეჰოვას დახმარებით მოსემ გამბედაობა მოიკრიბა, რომ დავალებული საქმე შეესრულებინა. მონათლულ ძმებს ასეთ გაბედულებას შემატებს ლოცვა, ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და მათ მაგალითებზე დაფიქრება, რომლებმაც გაბედულება გამოავლინეს. მათ შეუძლიათ თავმდაბლად სთხოვონ უხუცესებს, მოამზადონ ისინი პასუხისმგებლობების ასაღებად და მზადყოფნა გამოავლინონ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. w17.09 32 ¶19

პარასკევი, 16 აგვისტო

ჩვენი ღვთის სიტყვა . . . მარადიულად დარჩება (ეს. 40:8).

ბიბლია ღვთივშთაგონებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სეპტუაგინტა, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“, უიკლიფის ბიბლია და სხვა თარგმანები ღვთის შთაგონებით გაკეთდა. მაგრამ, როცა ვფიქრობთ, როგორ მოაღწია ამ და სხვა თარგმანებმა ჩვენამდე, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ ბიბლიას მტრებმა ვერაფერი დააკლეს. განა არ გარწმუნებთ ეს, რომ იეჰოვა მსგავსად შეასრულებს ყველა თავის დანაპირებს?! (იეს. 23:14). იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაუძლო ბიბლიამ ჟამთა სვლას, არა მხოლოდ რწმენას გვიძლიერებს, არამედ იეჰოვასადმი სიყვარულსაც გვიღრმავებს. საინტერესოა, რატომ მოგვცა იეჰოვამ თავისი სიტყვა და რატომ იზრუნა, რომ მას ჩვენამდე მოეღწია? იმიტომ რომ ვუყვარვართ და სურს, ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლოს (ეს. 48:17, 18). ბუნებრივია, რომ სურვილი გვიჩნდება, იეჰოვას სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ და მის მითითებებს დავემორჩილოთ (1 იოან. 4:19; 5:3). w17.09 21, 22 ¶13, 14

შაბათი, 17 აგვისტო

პატივი ეცი მამას და დედას (ეფეს. 6:2).

რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ადვილი არ არის ამ პრინციპით შვილების აღზრდა. პატივი ეცით მეუღლეს და ამგვარად კარგი მაგალითი მიეცით შვილებს. ყურადღება გაამახვილეთ მის კარგ თვისებებზე და მადლიერება გამოხატეთ ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებთან უარყოფითად ილაპარაკოთ მეუღლეზე, აუხსენით მათ, რომ ყველას პირადი გადასაწყვეტია, ემსახურება თუ არა იეჰოვას. ასეთი მშობელი შეიძლება ბავშვების კარგმა საქციელმა მიიზიდოს ჭეშმარიტებისკენ. ზოგმა ქმარმა შეიძლება აუკრძალოს ცოლს, რომ ბავშვებს ბიბლიიდან რამე ასწავლოს ან ქრისტიანულ შეხვედრებზე წაიყვანოს. ამ შემთხვევაშიც კი ქრისტიანი ცოლი ყველანაირად ცდილობს, რომ შვილებს ბიბლიური ჭეშმარიტება შეაყვაროს (საქ. 16:1; 2 ტიმ. 3:14, 15). ცოლი, რა თქმა უნდა, პატივს სცემს ქმრის გადაწყვეტილებას, თუმცა შეძლებისდაგვარად იყენებს სხვადასხვა სიტუაციას, რომ შვილებს ბიბლიური ნორმები ჩაუნერგოს და იეჰოვას გაცნობაში დაეხმაროს (საქ. 4:19, 20). w17.10 14 ¶9, 10

კვირა, 18 აგვისტო

მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა (ეფეს. 5:1).

ვინაიდან ადამიანები ღვთის ანარეკლად ვართ შექმნილნი და თანაგრძნობა ღვთის ბუნების განუყოფელი ნაწილია, ეს თვისება ყველა ადამიანს აქვს. თანაგრძნობას ხშირად ისინიც ავლენენ, ვინც არ იცნობს ჭეშმარიტ ღმერთს (დაბ. 1:27). ბიბლიაში თანაგრძნობის გამოვლენის არაერთი მაგალითია ჩაწერილი. გავიხსენოთ ორი მეძავის შემთხვევა. ისინი სოლომონის წინაშე წარდგნენ იმის გასარკვევად, თუ რომელი იყო ბავშვის ნამდვილი დედა. როცა სოლომონმა მათ გამოსაცდელად ბავშვის შუაზე გაჭრა ბრძანა, ნამდვილ დედას „გულ-ღვიძლი დაეწვა შვილის გამო“. ის მზად იყო, ბავშვი სხვა ქალისთვის დაეთმო, ოღონდ არაფერი დაეშავებინათ მისთვის (1 მეფ. 3:23—27). დავფიქრდეთ ფარაონის ქალიშვილის შემთხვევაზეც, რომელმაც პატარა მოსე სიკვდილს გადაარჩინა. ის მიხვდა, რომ ბავშვი ებრაელი იყო და არ უნდა გადაერჩინა, მაგრამ „შეებრალა იგი“ და გადაწყვიტა, საკუთარი შვილივით აღეზარდა (გამ. 2:5, 6). w17.09 8, 9 ¶2, 3

ორშაბათი, 19 აგვისტო

[იეჰოვა] მომთმენია თქვენდამი (2 პეტ. 3:9).

ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს მოეთხოვება თავმდაბლობის გამოვლენა, რასაც დიდი კურთხევები მოჰყვება (იგავ. 22:4). თავმდაბლობა ხელს უწყობს კრებაში მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებას. თუ განვივითარებთ ამ თვისებას და გამოვავლენთ მას, ღვთის წყალობა არ მოგვაკლდება. პეტრე მოციქული ამბობს: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (1 პეტ. 5:5). დღეს ქვეყნიერებაში სულგრძელობასა და რბილ ხასიათს სისუსტედ მიიჩნევენ. ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს! ამ შესანიშნავ თვისებებს სამყაროში ყველაზე ძლიერი პიროვნება ავლენს. იეჰოვა ღმერთი სულგრძელობისა და რბილი ხასიათის გამოვლენის საუკეთესო მაგალითს გვაძლევს. გაიხსენეთ, რა უპასუხა მან ანგელოზების მეშვეობით აბრაამსა და ლოტს კითხვებზე (დაბ. 18:22—33; 19:18—21). გარდა ამისა, ის 1 500 წელზე მეტხანს უთმენდა ჯიუტ და ურჩ ისრაელს (ეზეკ. 33:11). w17.08 25 ¶13, 14

სამშაბათი, 20 აგვისტო

ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს (ფილ. 4:7).

ილოცე და ღვთის მშვიდობას მიიღებ. მაგრამ ყურადღება მიაქციე, რომ „ღვთის მშვიდობა . . . ნებისმიერ აზრს აღემატება“. რას ნიშნავს ეს? ბიბლიის ზოგმა მთარგმნელმა ეს სიტყვები შემდეგნაირად თარგმნა: „ღვთის მშვიდობა . . . ჩვენს წარმოსახვას აღემატება“. ფაქტობრივად, პავლე ამბობდა, რომ „ღვთის მშვიდობა“ იმაზე აღმატებულია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. მართალია, ზოგჯერ პრობლემების დროს ადამიანური გადასახედიდან გამოსავალს ვერ ვხედავთ, მაგრამ იეჰოვა ხედავს მას და შეუძლია ჩვენთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთოს (2 პეტ. 2:9). რა დაგვეხმარება, რომ პრობლემების დროს „ღვთის მშვიდობა“ არ დავკარგოთ? ამისთვის საჭიროა, ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ იეჰოვა ღმერთთან. ეს კი მხოლოდ იესო ქრისტეს მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად. გამოსასყიდის გაღება ერთ-ერთია იმ საოცარ საქმეებს შორის, რომლებიც ჩვენმა ზეციერმა მამამ მოიმოქმედა. სწორედ გამოსასყიდის წყალობით გვპატიობს იეჰოვა ცოდვებს და გვაძლევს სუფთა სინდისსა და მასთან დაახლოების შესაძლებლობას (იოან. 14:6; იაკ. 4:8; 1 პეტ. 3:21). w17.08 10 ¶7; 12 ¶15

ოთხშაბათი, 21 აგვისტო

გული გრძნობს სულის სიმწარეს; მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს (იგავ. 14:10).

ზოგჯერ მგლოვიარემ შეიძლება სიტყვებით ვერ გადმოსცეს ის ემოციური ტკივილი, რასაც განიცდის. მაშინაც კი, თუ ვინმე გამოხატავს თავის გრძნობებს, ყოველთვის ადვილი არის იმის გაგება, თუ რისი თქმა სურს მას. გასაკვირი არ არის, რატომ გვიჭირს დამწუხრებული ადამიანისთვის რაიმეს თქმა. მიუხედავად ამისა, ბიბლია ამბობს, რომ „ბრძენის ენა კურნავს“ თუმცა ხშირად ყველაზე მანუგეშებელი ის არის, როცა მოტირალებთან ერთად ვტირით (რომ. 12:15). თუ მგლოვიარისთვის პირისპირ გიჭირთ რამის თქმა, შეიძლება გაგიადვილდეთ მისი ნუგეშისცემა ღია ბარათით, წერილით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით. შეგიძლიათ მანუგეშებელი ბიბლიური მუხლი მისწეროთ, გარდაცვლილის რომელიმე გამორჩეული თვისება გაიხსენოთ ან მასთან დაკავშირებული სასიამოვნო მოგონება გაუზიაროთ. გახსოვდეთ, რომ მგლოვიარე თანაქრისტიანთან ერთად ლოცვას ან მისთვის ლოცვას დიდი ძალა აქვს. w17.07 14—16 ¶13—16

ხუთშაბათი, 22 აგვისტო

ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ (მათ. 19:6).

დავუშვათ, წყვილს იმაზე დიდი პრობლემა შეექმნა ურთიერთობაში, ვიდრე ელოდნენ, ან ქორწინებაზე გული აუცრუვდათ. კარგი იქნება, თუ ისინი დაფიქრდებიან, როგორ ექცეოდა იეჰოვა ისრაელს. ის ძველი ისრაელის ქმრად მოიხსენიებდა საკუთარ თავს (ეს. 54:5; 62:4). ეს „ქორწინება“ სირთულეებით იყო სავსე. მაგრამ იეჰოვას მაშინვე არ ჩაუქნევია ხელი. ის არაერთხელ ავლენდა ისრაელის მიმართ გულმოწყალებას და მასთან დადებული შეთანხმების ერთგული იყო (ფსალმ. 106:43—45). განა არ გვიზიდავს იეჰოვას ერთგულება?! შესაბამისად, წყვილები, რომელთაც უყვართ იეჰოვა, მას ჰბაძავენ. ისინი არ ეძებენ გზებს, რომ თავი დააღწიონ უბედურ ქორწინებას. მათ ესმით, რომ ისინი იეჰოვამ შეაუღლა და სურს, რომ ერთმანეთს მიეკრან. გაყრისა და ხელახლა დაქორწინების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი სექსუალური უზნეობაა (მათ. 19:5, 9). თუ ისინი, თავის მხრივ, ყველაფერს აკეთებენ სიტუაციის გამოსასწორებლად, ცხადყოფენ, რომ იეჰოვას სამართლიან მმართველობას უჭერენ მხარს. w17.06 31 ¶17, 18

პარასკევი, 23 აგვისტო

თვალი აგეხილებათ და ღმერთივით . . . გახდებით (დაბ. 3:5).

სატანა ეშმაკმა ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესობის კანონიერება. ის ამტკიცებდა, რომ ღმერთი არაკეთილსინდისიერი მმართველი იყო, თავის ქმნილებებს საუკეთესოს არ აძლევდა და მის გარეშე ადამიანები უფრო ბედნიერად და კარგად იცხოვრებდნენ (დაბ. 3:1—4). სატანა იმასაც ამბობდა, რომ ძლიერი ზეწოლის დროს ნებისმიერი ადამიანი უარყოფდა იეჰოვას მმართველობას (იობ. 2:4, 5). იეჰოვამ დრო მისცა ადამიანებს, რათა დაენახვებინა, როგორი იქნებოდა მათი ცხოვრება ღვთის სამართლიანი მმართველობის გარეშე. იეჰოვამ იცის, რომ სატანის ბრალდებები ცრუა. მაშ, რატომ მისცა ღმერთმა სატანას ამდენი დრო მათ დასამტკიცებლად? იმიტომ რომ ამ საკამათო საკითხში ყველა გონიერი ქმნილებაა ჩართული (ფსალმ. 83:18). გასათვალისწინებელია ისიც, რომ იეჰოვას მმართველობა ადამიანთა პირველმა წყვილმა უარყო და მას შემდეგ მსგავსი არჩევანი არაერთმა ადამიანმა გააკეთა. შედეგად, ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ეშმაკის ბრალდება საფუძველს მოკლებული არ იყო. w17.06 22, 23 ¶3, 4

შაბათი, 24 აგვისტო

წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი (მათ. 28:19).

მოწაფეების მომზადების საქმე ბევრ რამეს გასწავლით, მაგალითად, კარგ უნარ-ჩვევებს შეგძენთ, სხვებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ და უფრო თავდაჯერებული და ტაქტიანი გახდებით (იგავ. 21:5; 2 ტიმ. 2:24). მაგრამ ეს საქმე უფრო მეტ სიხარულს მოგიტანთ, რადგან უკეთ ჩასწვდებით თქვენი რწმენის საფუძვლებს და ისწავლით იეჰოვასთან თანამშრომლობას (1 კორ. 3:9). ეს საქმე მაშინაც კი მოგიტანთ სიხარულს, თუ თქვენს ტერიტორიაზე ბევრი არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას. მოწაფეების მომზადებაში მთელი კრება იღებს მონაწილეობას. მიუხედავად იმისა, რომ კრების ყველა წევრი ეძებს გულწრფელ ადამიანებს, მხოლოდ ერთმა მაუწყებელმა შეიძლება იპოვოს ისეთი ადამიანი, რომელიც იეჰოვას მსახური გახდება. ვინაიდან ყველამ შეიტანა ამაში თავისი წვლილი, ყველას შეუძლია გაიხაროს შედეგით. მაგალითად, ბრენდონი ცხრა წლის მანძილზე მსახურობდა პიონერად ტერიტორიაზე, სადაც ჭეშმარიტებას თითქმის არავინ ისმენდა. ის ამბობს: „მართალია, მე ვერავის დავეხმარე, რომ ნათლობამდე მისულიყო, მაგრამ ეს სხვებმა გააკეთეს. მიხარია, რომ თავის დროზე გადავწყვიტე, მოწაფეების მომზადების საქმეში სრულად მიმეღო მონაწილეობა“ (ეკლ. 11:6). w17.07 23 ¶7; 24 ¶9, 10

კვირა, 25 აგვისტო

აღარ დამწუხრებია სახე (1 სამ. 1:18).

ხანას ქმრის მეორე ცოლს, ფენინას, ბევრი შვილი ჰყავდა, ხანას კი შვილი არ უჩნდებოდა (1 სამ. 1:4—7). ამის გამო ფენინა გამუდმებით დასცინოდა ხანას, რაც გულს სტკენდა ქალს და ამწუხრებდა. ნუგეშისთვის ის იეჰოვას მიმართავდა (1 სამ. 1:12). ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ან შვილს მისცემდა, ან სხვანაირად შეუვსებდა ამ დანაკლისს. ვინაიდან არასრულყოფილები ვართ და ეს ქვეყნიერება სატანის ძალაუფლებაშია, განსაცდელებსა და გასაჭირს ვერსად გავექცევით (1 იოან. 5:19). მაგრამ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვაა „ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორ. 1:3). ერთ-ერთი საშუალება, რომელიც განსაცდელებთან გამკლავებაში გვეხმარება, ლოცვაა. ხანამ გულისნადები იეჰოვას გაანდო ლოცვაში. მსგავსად, როცა განსაცდელის წინაშე დავდგებით, მხოლოდ ის კი არ უნდა ვუთხრათ იეჰოვას, რას ვგრძნობთ, არამედ უნდა ვევედროთ მას, ანუ გულმხურვალე ლოცვის დროს მთელი გულისნადები გავუზიაროთ (ფილ. 4:6, 7). w17.06 6 ¶10, 11

ორშაბათი, 26 აგვისტო

სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ? (იოან. 21:15)

მკვდრეთით აღმდგარმა იესომ იცოდა, რომ მისმა მოწაფეებმა ვერაფერი დაიჭირეს თევზაობისას და დაუძახა: «„ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“. მათაც ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო» (იოან. 21:1—6). საუზმის შემდეგ იესო სიმონ-პეტრეს მიუბრუნდა და დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა. რას გულისხმობდა იესო? მან იცოდა, რომ პეტრეს თევზაობა უყვარდა, ამიტომ, როგორც ჩანს, აინტერესებდა, რა უფრო ძვირფასი იყო პეტრესთვის — თევზი და თევზაობა თუ იესო და მისი სწავლებები? პასუხად პეტრემ უთხრა: „უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“ (იოან. 21:15). ეს არ იყო ლიტონი სიტყვები. იმ დღიდან პეტრემ არაერთხელ დაამტკიცა, რომ უყვარდა იესო. ის მთლიანად ჩაება მოწაფეების მომზადების საქმეში და პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების სვეტი და საყრდენი გახდა. w17.05 22 ¶1, 2

სამშაბათი, 27 აგვისტო

იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი? (ებრ. 13:6).

პავლე ბოლომდე იყო დარწმუნებული იეჰოვას მზრუნველობაში, რამაც მას ცხოვრებისეულ პრობლემებთან ჭიდილი გაუადვილა. მან არ მისცა გარე ფაქტორებს მისთვის გულის გატეხვის საშუალება. რამ მისცა მას ამის ძალა? პავლე ენდობოდა „ყოველგვარი ნუგეშის მამას, რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). ლოცვის გარეშე ღმერთთან ახლო ურთიერთობას ვერ განვივითარებთ (ფსალმ. 86:3; 1 თეს. 5:17; რომ. 12:12). როცა დროს გამოვყოფთ იეჰოვასთვის ჩვენი გულისნადების გასაზიარებლად, ვუახლოვდებით ჩვენს ზეციერ მამას, „ლოცვების მომსმენს“ (ფსალმ. 65:2). უფრო მეტიც, როცა ვხედავთ, როგორ გვპასუხობს ღმერთი ლოცვებზე, მისადმი სიყვარული გვიძლიერდება და ვრწმუნდებით, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმ. 145:18). იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში დარწმუნებულები უფრო ადვილად გავუმკლავდებით რწმენის სხვა გამოცდებს. w17.05 19 ¶9, 10

ოთხშაბათი, 28 აგვისტო

იეჰოვა . . . გულს ხედავს (1 სამ. 16:7).

როგორ მოიქცევით, თუ უხუცესები თქვენთვის გაუგებარ ან მიუღებელ გადაწყვეტილებას მიიღებენ? ასეთმა სიტუაციებმა შეიძლება იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ჩვენი რწმენა გამოსცადოს. როგორ დაგიცავთ თავმდაბლობა ასეთი გამოცდების დროს? განვიხილოთ ორი მხარე. პირველი, თავმდაბლობა გვეხმარება, ვაღიაროთ, რომ ყველა ფაქტი არ ვიცით. მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ საქმის გარშემო ყველაფერი ვიცით, ადამიანის გულის დანახვა არ შეგვიძლია; ეს მხოლოდ იეჰოვას შეუძლია. ამ უდავო ჭეშმარიტებამ უნდა აღგვძრას, თავმდაბლები ვიყოთ, ვაღიაროთ ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და იეჰოვას თვალით შევხედოთ საკითხს. მეორე, თავმდაბლობა დაგვეხმარება, რომ მორჩილება და მოთმინება გამოვავლინოთ, ვიდრე იეჰოვა არ გამოასწორებს სიტუაციას. ბიბლიაში ნათქვამია: „ბოროტს. . . ხელი არ მოემართება; მისი დღეები ჩრდილივით იქნება და ვერ შეძლებს მათ გახანგრძლივებას“ (ეკლ. 8:12, 13). ნებისმიერ შემთხვევაში თავმდაბლად მოქცევა საუკეთესო გამოსავალია (1 პეტ. 5:5). w17.04 25, 26 ¶10, 11

ხუთშაბათი, 29 აგვისტო

რადგან მოტაცებული ვარ ებრაელთა მიწიდან; არც აქ გამიკეთებია ისეთი რამ, რომ მათ დილეგში ჩავეგდე (დაბ. 40:15).

ცხადია, იოსები უსამართლობის მსხვერპლი იყო. მან ისიც არაორაზროვნად თქვა, რომ არ ჩაუდენია ის, რასაც აბრალებდნენ. მან სთხოვა მერიქიფეს, ის ფარაონთან მოეხსენიებინა, რადგან პატიმრობიდან თავის დაღწევა უნდოდა (დაბ. 40:14). იოსების სიტყვებიდან ჩანდა, რომ თავის ხვედრს არ ეგუებოდა. ის კარგად აცნობიერებდა, რომ არაერთხელ გახდა უსამართლობის მსხვერპლი. იოსებმა ნათლად აუხსნა ყველაფერი მერიქიფეს, რომელიც სავარაუდოდ მის დახმარებას შეძლებდა. თუმცა ალბათ შენიშნეთ, რომ წმინდა წერილებში გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული, იოსებს ოდესმე ვინმესთვის, თვით ფარაონისთვისაც კი, ეთქვა, რომ გამტაცებლები მისი ძმები იყვნენ. როცა ძმები ეგვიპტეში ჩავიდნენ და იოსებს შეურიგდნენ, ფარაონმა კარგად მიიღო ისინი და შესთავაზა, ეგვიპტეში ეცხოვრათ და გაეხარათ „ყოველივე კარგით ეგვიპტის მიწაზე“ (დაბ. 45:16—20). w17.04 20, 21 ¶12, 13

პარასკევი, 30 აგვისტო

ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები! (რომ. 11:33)

ერთი მიზეზი თუ რატომ აქვს იეჰოვას უფლება, იყოს უზენაესი მმართველი, არის ის, რომ ის სამყაროს სამართავად საჭირო სიბრძნესა და ცოდნას ფლობს. მაგალითად, ღმერთმა იესოს მისცა ძალა ისეთი დაავადებების განსაკურნავად, რომელთა წინაშეც მედიცინა უძლური იყო (მათ. 4:23, 24; მარ. 5:25—29). ეს იეჰოვასთვის სასწაული არ იყო, რადგან მან სრულყოფილად იცის, როგორ ფუნქციონირებს ადამიანის ორგანიზმი და შეუძლია ნებისმიერი დარღვევის გამოსწორება. მას მკვდრების გაცოცხლება და ბუნების ძალების მართვაც შეუძლია. სატანის გავლენაში მყოფი ადამიანები დღემდე ცდილობენ სამოქალაქო თუ საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებას. მაგრამ მხოლოდ იეჰოვამ იცის, რა არის საჭირო მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად (ეს. 2:3, 4; 54:13). როცა უკეთ ჩავწვდებით იეჰოვას ცოდნასა და სიბრძნეს, იმავეს ვიტყვით, რაც მოციქულმა პავლემ ღვთივშთაგონებით დაწერა დღევანდელ მუხლში. w17.06 28 ¶6, 7

შაბათი, 31 აგვისტო

ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ (მარ. 10:9).

ამ ქვეყნიერებაში ბევრს ზერელე დამოკიდებულება აქვს ქორწინების მიმართ. როცა ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება, ისინი უბრალოდ ერთმანეთს შორდებიან. მაგრამ ეს ქრისტიანებისთვის გამოსავალი არ არის (1 კორ. 7:27). ქორწინების აღთქმის დარღვევა ღვთის წინაშე ტყუილის თქმის ტოლფასია, ღმერთს კი სძულს მატყუარები (ლევ. 19:12; იგავ. 6:16—19). იეჰოვას სძულს, როცა ადამიანი ვერაგულად ეყრება მეუღლეს (მალ. 2:13—16). იესოს სიტყვების თანახმად, ქორწინების აღთქმის გაუქმების ერთადერთი ბიბლიური საფუძველი მაშინ იქმნება, როცა უდანაშაულო მეუღლე ღალატს არ პატიობს თავის მეორე ნახევარს (მათ. 19:9; ებრ. 13:4). მაგრამ, რის თქმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრებაზე? ბიბლიის თვალსაზრისი ამ საკითხზეც ნათელია (1 კორ. 7:10, 11). თუმცა ბიბლია არ აკონკრეტებს განცალკევებით ცხოვრების მიზეზებს, ზოგმა დაქორწინებულმა ქრისტიანმა ჩათვალა, რომ ჰქონდა საფუძველი, განცალკევებით ეცხოვრა, რადგან მის სულიერობას ან სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა მეუღლისგან, რომელსაც განდგომილთა აზროვნება ჰქონდა ან მოძალადე იყო. w17.04 7 ¶14—16

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება