საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 88-97
  • სექტემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სექტემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 სექტემბერი
  • ორშაბათი, 2 სექტემბერი
  • სამშაბათი, 3 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 4 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 5 სექტემბერი
  • პარასკევი, 6 სექტემბერი
  • შაბათი, 7 სექტემბერი
  • კვირა, 8 სექტემბერი
  • ორშაბათი, 9 სექტემბერი
  • სამშაბათი, 10 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 11 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 12 სექტემბერი
  • პარასკევი, 13 სექტემბერი
  • შაბათი, 14 სექტემბერი
  • კვირა, 15 სექტემბერი
  • ორშაბათი, 16 სექტემბერი
  • სამშაბათი, 17 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 18 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 19 სექტემბერი
  • პარასკევი, 20 სექტემბერი
  • შაბათი, 21 სექტემბერი
  • კვირა, 22 სექტემბერი
  • ორშაბათი, 23 სექტემბერი
  • სამშაბათი, 24 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 25 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 26 სექტემბერი
  • პარასკევი, 27 სექტემბერი
  • შაბათი, 28 სექტემბერი
  • კვირა, 29 სექტემბერი
  • ორშაბათი, 30 სექტემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 88-97

სექტემბერი

კვირა, 1 სექტემბერი

[შვილები] იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ (ეფეს. 6:4).

ქრისტიანი მშობლისთვის უდიდესი პატივია, რომ შვილი იეჰოვას მოსაწონად აღზარდოს (ფსალმ. 127:3). ძველ ისრაელში მცხოვრები ბავშვებისგან განსხვავებით ქრისტიანების შვილები არ იბადებიან იეჰოვასთვის მიძღვნილ ერში. გარდა ამისა, მათ არც ღვთისა და ჭეშმარიტების სიყვარული გადაეცემათ მემკვიდრეობით. ბავშვის დაბადებისთანავე მშობლებმა მიზნად უნდა დაისახონ, რომ ის ქრისტეს მოწაფედ მოამზადონ, ანუ დაეხმარონ, რომ იეჰოვას მიძღვნილი, მონათლული მსახური გახდეს. განა რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?! სწორედ მიძღვნა, ნათლობა და ღვთისადმი ერთგულად მსახურება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას, რომ დიდი გასაჭირის დროს ნიშანდადებული იყოს გადასარჩენად (მათ. 24:13). მშობლებო, დაე თქვენც მოგიტანოთ სიხარული და კმაყოფილება იმის დანახვამ, რომ თქვენი შვილები იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მსახურები არიან! w18.03 12 ¶16, 17

ორშაბათი, 2 სექტემბერი

ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი (1 ტიმ. 4:16).

ისინი, ვისაც აღმზრდელობითი ზომების გატარების პასუხისმგებლობა აკისრია, — კრებასა თუ სახლში — გონივრულად იქცევიან, როცა ქრისტეს მაგალითს ჰბაძავენ. ამით ისინი ცხადყოფენ, რომ სურთ, იეჰოვამ და იესომ უხელმძღვანელონ. თუ ჩვენ მიმართ გატარებულ აღმზრდელობით ზომებს დავემორჩილებით ან სხვების მიმართ აღმზრდელობითი ზომების გატარების დროს იეჰოვასა და იესოს მივბაძავთ, უამრავ კურთხევას მივიღებთ! შედეგად, ოჯახსა და კრებაში მშვიდობა დაისადგურებს, თითოეული იგრძნობს, რომ უყვართ, აფასებენ და იცავენ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კურთხევებიდან, რომლებიც მომავალში გვექნება (ფსალმ. 72:7). გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები გვამზადებს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ მარადიულად როგორც ერთმა დიდმა ოჯახმა (ეს. 11:9). თუ ასე შევხედავთ ღვთის აღმზრდელობით ზომებს, უკეთ დავინახავთ, რომ ეს მისი უსაზღვრო სიყვარულის შესანიშნავი მოწმობაა. w18.03 26 ¶15; 27 ¶17, 19

სამშაბათი, 3 სექტემბერი

ის მდინარე იორდანეში ნათლავდა ხალხს, რომლებიც საჯაროდ აღიარებდნენ ცოდვებს (მათ. 3:6).

იოანესთან მოსანათლად მისული ხალხი მოსეს კანონის წინააღმდეგ ჩადენილ ცოდვებს ინანიებდა (მათ. 3:1—6). თუმცა იოანეს წილად ხვდა უდიდესი პატივი, მოენათლა ღვთის განკაცებული ძე, სრულყოფილი ადამიანი, რომლის ნათლობასაც საერთო არაფერი ჰქონდა ცოდვების მონანიებასთან (მათ. 3:13—17). იესო უცოდველი იყო, ამიტომ მას მონანიება არ სჭირდებოდა (1 პეტ. 2:22). მან ნათლობით ცხადყო, რომ მზად იყო ღვთის ნების შესასრულებლად (ებრ. 10:7). იესოს დედამიწაზე მსახურების დროს მისი მოწაფეებიც ნათლავდნენ ხალხს (იოან. 3:22; 4:1, 2). ეს ნათლობაც მათ მოსეს კანონის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვების პატიების შესაძლებლობას აძლევდა. თუმცა იესოს სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ ნათლობა მისი მიმდევრებისთვის სულ სხვა მნიშვნელობას შეიძენდა. w18.03 5 ¶6, 7

ოთხშაბათი, 4 სექტემბერი

სულიერი ადამიანი . . . ყველაფერს განსჯის (1 კორ. 2:15).

რა ახასიათებს „სულიერ ადამიანს“? ხორციელი ადამიანისგან განსხვავებით სულიერი ადამიანისთვის უმთავრესი ღმერთთან ურთიერთობაა. ასეთი ადამიანები ცდილობენ, მიჰბაძონ ღმერთს (ეფეს. 5:1). ეს ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ, ჩასწვდნენ იეჰოვას აზროვნებას და საკითხებს მისი თვალით უყურონ. მათთვის ღმერთი რეალური პიროვნებაა. ხორციელი ადამიანებისგან განსხვავებით ისინი ცდილობენ, თავიანთი ცხოვრება იეჰოვას ნორმებს შეუსაბამონ (ფსალმ. 119:33; 143:10). ხორციელ საქმეებზე კონცენტრირების ნაცვლად, სულიერად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, „სულის ნაყოფი“ გამოავლინოს (გალ. 5:22, 23). უკეთ რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სულიერი აზროვნება, მოვიყვანოთ ასეთი შედარება: მას, ვინც ყოველთვის დადებითზე ამახვილებს ყურადღებას, დადებით ადამიანს უწოდებენ. მსგავსად, მას, ვინც სულიერზეა კონცენტრირებული, შეიძლება სულიერი ადამიანი ეწოდოს. w18.02 19 ¶3, 6

ხუთშაბათი, 5 სექტემბერი

დანიელ, ძვირფასო ადამიანო (დან. 10:11).

დანიელი ტყვე იყო ბაბილონში, სადაც კერპთაყვანისმცემლობა და სპირიტიზმი ყვაოდა. უფრო მეტიც, ბაბილონელები ზემოდან დაჰყურებდნენ ებრაელებს და დასცინოდნენ მათაც და მათ ღმერთ იეჰოვასაც (ფსალმ. 137:1, 3). ეს ძალიან მტკივნეული ასატანი იქნებოდა ღვთისმოშიში ებრაელებისთვის, მათ შორის დანიელისთვის. საკვები და სასმელი მათთვის გამოცდად იქცა, რადგან დანიელს გადაწყვეტილი ჰქონდა, „თავი არ გაეუწმინდურებინა მეფის ნუგბარით“ (დან. 1:5—8, 14—17). დანიელისთვის უფრო დიდი გამოცდა შეიძლებოდა მისი განსაკუთრებული ნიჭი და უნარი ყოფილიყო, რის გამოც სამეფო კარზე მაღალი მდგომარეობა ეკავა (დან. 1:19, 20). ნაცვლად იმისა, რომ გაამაყებულიყო და დიდი წარმოდგენა შექმნოდა საკუთარ თავზე, ის თავმდაბალი და მოკრძალებული იყო და დიდებას ყოველთვის იეჰოვას მიაგებდა (დან. 2:30). დანიელი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, როცა იეჰოვამ ის ნოესა და იობთან ერთად მართალ ადამიანად მოიხსენია (ეზეკ. 14:14). ზედმეტად ხომ არ ენდობოდა ღმერთი მას? სულაც არა, რადგან დანიელი სიცოცხლის ბოლომდე მორჩილებასა და რწმენას ავლენდა იეჰოვას მიმართ. w18.02 5 ¶11, 12

პარასკევი, 6 სექტემბერი

ლევიმ იესოს დიდი წვეულება მოუწყო თავის სახლში (ლუკ. 5:29).

იესომ სიამოვნებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული შეხედულების სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა. ის ქორწილშიც იყო და დიდ წვეულებასაც დაესწრო (იოან. 2:1—10). როცა ქორწილში ღვინო გამოელიათ, იესომ სასწაულებრივად აქცია წყალი ღვინოდ. თუმცა იესო სიამოვნებისთვის არ ცხოვრობდა. ის იეჰოვას აყენებდა პირველ ადგილზე და დაუღალავად ირჯებოდა სხვებისთვის. სხვებს რომ ეცოცხლათ, ის საკუთარი ნებით მოკვდა ძელზე მტანჯველი სიკვდილით. თავის მიმდევრებს მან უთხრა: „ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან და ყველანაირ ბოროტებას გაბრალებენ ჩემ გამო. იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში“ (მათ. 5:11, 12). თუ მართლა გვიყვარს ღმერთი, მხოლოდ იმას კი არ მოვერიდებით, რაც დანამდვილებით ვიცით, რომ მას არ მოსწონს, არამედ იმასაც, რაზეც დარწმუნებულები არა ვართ, მოეწონება თუ არა (მათ. 22:37, 38). w18.01 26 ¶16—18

შაბათი, 7 სექტემბერი

თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება (იგავ. 29:21).

შესაწირავის გაღებით ჩვენ სიყვარულსა და მადლიერებას ვავლენთ იეჰოვას მიმართ. როდესაც ვფიქრობთ, რა გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის, გული მადლიერებით გვევსება. როცა მეფე დავითი ხალხს უხსნიდა, რა იყო საჭირო ტაძრის ასაშენებლად, მან თქვა, რომ ყველაფერი იეჰოვასგან გვაქვს და ვერაფერს გავიღებთ მისთვის ისეთს, რაც მისი მოცემული არ არის (1 მატ. 29:11—14). გაცემა ჩვენთვისვეა სასიკეთო. კარგია, როცა გულუხვად გავცემთ და მხოლოდ მიღებაზე არ ვფიქრობთ. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებს მშობლებს შვილისგან მიღებული საჩუქარი, რომელიც მათივე მიცემული ფულით იყიდა! შეიძლება ახალგაზრდა პიონერი, რომელიც მშობლებთან ცხოვრობს, გარკვეულ თანხას აძლევს მათ ქირის გადასახდელად ან საკვების საყიდლად. შესაძლოა მშობლები არ ელიან ამას, მაგრამ მაინც იღებენ შვილისგან ამ თანხას, რადგან შვილი ასეთი სახით მადლიერებას ავლენს მშობლების მიერ გაწეული ამაგისთვის. ასევეა იეჰოვას შემთხვევაშიც. მან იცის, რომ, როდესაც ჩვენი ქონებიდან გავცემთ, ეს ჩვენთვისვეა სასარგებლო. w18.01 18 ¶4, 6

კვირა, 8 სექტემბერი

აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ შენც და შენი შთამომავლობაც (კან. 30:19).

შვილებისთვის მხოლოდ იმის თქმა არ კმარა, რა არის სწორი და რა არასწორი. კარგს იზამთ, თუ მათთან შემდეგ კითხვებზე იმსჯელებთ: რატომ კრძალავს ბიბლია ისეთ რამეს, რაც შეიძლება გვსიამოვნებდეს? რა მარწმუნებს, რომ ბიბლიური ნორმების დაცვა ჩემს კეთილდღეობას ემსახურება? (ეს. 48:17, 18). თუ ბავშვი ნათლობის სურვილს გამოთქვამს, მშობელი უნდა დაეხმაროს მას, სერიოზულად დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ქრისტიანად გახდომას მოჰყვება. რა კურთხევები ექნება და რა სირთულეებს შეხვდება? როგორ აღემატება ეს კურთხევები სირთულეებს? (მარ. 10:29, 30). ეს საკითხები შეიძლება ნათლობის შემდეგ წამოიჭრას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ის ნათლობამდე დაფიქრდეს. როცა შვილებს ეხმარებით, წინასწარ იფიქრონ მსგავს საკითხებზე, დიდი ალბათობაა, ისინი თავად დარწმუნდნენ, რომ ბიბლიური ნორმების დაცვა ყოველთვის მათ კეთილდღეობას ემსახურება. w17.12 21 ¶14, 15

ორშაბათი, 9 სექტემბერი

სახელით მოუხმობს თითოეულ მათგანს (ეს. 40:26).

ჩვენი და-ძმებიდან ბევრი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს ებრძვის. ზოგს ხანდაზმული ნათესავების მოვლა უწევს მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ასაკშია. ბევრი მძიმედ შრომობს ოჯახისთვის ლუკმა-პურის საშოვნელად. არიან ისეთებიც, რომლებსაც ერთდროულად არაერთ პრობლემასთან უწევთ ჭიდილი. თუ იეჰოვა უსიცოცხლო ქმნილებებით ინტერესდება, მით უმეტეს დაინტერესდება თქვენით, რადგან მას გააზრებულად და სიყვარულით ემსახურებით (ფსალმ. 19:1, 3, 14). ჩვენს ძვირფას ზეციერ მამას თავიდან ბოლომდე ვყავართ შესწავლილი; მას ჩვენს თავზე თმაც კი დათვლილი აქვს (მათ. 10:30). ფსალმუნმომღერალი გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა აკვირდება უბიწოებს“ (ფსალმ. 37:18). დიახ, იეჰოვა ხედავს, რასთან გვიწევს ბრძოლა და შეუძლია მოგვცეს ძალა სირთულეებთან გასამკლავებლად. w18.01 7 ¶1; 8 ¶4

სამშაბათი, 10 სექტემბერი

ტაბითა, ადექი! (საქ. 9:40)

პეტრეს მიერ ტაბითას აღდგენის შემდეგ „მრავალმა ირწმუნა უფალი“. ახალ მოწაფეებს შეეძლოთ დაემოწმებინათ იესოს შესახებ და სხვებისთვის ეხარებინათ, რომ იეჰოვას მკვდრების გაცოცხლების ძალა შესწევს (საქ. 9:36—42). თვითმხილველები სხვა შემთხვევასაც ჰყავდა. ერთხელ პავლე ტროაში იმყოფებოდა, რომელიც დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას შეხვედრის დროს სიტყვა შუაღამემდე გაუგრძელდა. დამსწრეთა შორის იყო პატარა ბიჭი, სახელად ევტიქე, რომელიც ფანჯრის რაფაზე იჯდა. მას ძილი მოერია და მესამე სართულიდან გადავარდა. როგორც ჩანს, პირველი, ვინც ევტიქესთან მიირბინა, ექიმი ლუკა იყო, რომელმაც თქვა, რომ ბიჭი უბრალოდ დაშავებული ან უგონო მდგომარეობაში კი არა, მკვდარი იყო. პავლე დაბლა ჩავიდა, დაემხო ცხედარს, მოეხვია და თქვა: „მისი სული მასშია“. ეს იმაზე მიანიშნებდა, რომ ევტიქე გაცოცხლდა. ეს შემთხვევა წარუშლელ კვალს დატოვებდა თვითმხილველებზე! მკვდრეთით აღდგომის ამ ფაქტმა, რომლის შემსწრენიც ეს-ესაა გახდნენ, „ყველა დიდად ანუგეშა“ (საქ. 20:7—12). w17.12 5 ¶10, 11

ოთხშაბათი, 11 სექტემბერი

მოდით, იხილეთ იეჰოვას საქმეები (ფსალმ. 46:8).

მიაგნეს ადამიანებმა იმ პრობლემებიდან გამოსავალს, რომლებიც ამდენ ხანს ტანჯავდა მათ? რა თქმა უნდა, ვერა. მათ ვერ შეძლეს ომისთვის თავის არიდება. ისეთი დანაშაულის რიცხვი, როგორიცაა კიბერდანაშაული, ძალადობა ოჯახში, ტერორიზმი, შემაშფოთებელი სისწრაფით იზრდება. იზრდება სასიკვდილო დაავადებების რიცხვიც. დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემები ეგოისტი ადამიანების ხელშია. აშკარაა, რომ მათ არ ძალუძთ, ბოლო მოუღონ ომებს, დანაშაულს, დაავადებებსა და სიღარიბეს. ეს მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია. განვიხილოთ, რას გააკეთებს იეჰოვა ადამიანებისთვის. ომები: ღვთის სამეფო აღმოფხვრის ომის გამომწვევ ისეთ მიზეზებს, როგორიცაა: ეგოიზმი, კორუფცია, პატრიოტიზმი და ცრუ რელიგია. ის აგრეთვე ბოლოს მოუღებს სატანას, რომელიც ამ ყველაფრის თავიდათავია (ფსალმ. 46:9). დანაშაული: ღვთის სამეფო დღესვე ასწავლის მილიონობით ადამიანს ერთმანეთის ნდობასა და სიყვარულს, რისი გაკეთებაც არც ერთ მთავრობას არ შეუძლია (ეს. 11:9). დაავადებები: იეჰოვა სრულყოფილ ჯანმრთელობას მისცემს თავის ხალხს (ეს. 35:5, 6). სიღარიბე: იეჰოვა ბოლოს მოუღებს სიღარიბეს და თავის ხალხს სულიერად და მატერიალურად აკურთხებს (ფსალმ. 72:12, 13). w17.11 24 ¶14—16

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი

არ გახდე დამნაშავე სისხლის ღვრაში (კან. 19:10).

თავშესაფარი ქალაქების ძირითადი მიზანი იყო, რომ დაეცვა ისრაელები უდანაშაულო ადამიანების სისხლის ღვრისგან. იეჰოვა აფასებს სიცოცხლეს და სძულს „უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები“ (იგავ. 6:16, 17). სამართლიანი და წმინდა ღმერთი რეაგირების გარეშე არ ტოვებდა თუნდაც გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობის ფაქტს. იეჰოვასგან განსხვავებით მწიგნობრები და ფარისევლები არად აგდებდნენ ადამიანის სიცოცხლეს. საიდან ჩანს ეს? იესომ უთხრა მათ: „წაიღეთ ცოდნის გასაღები. არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებსაც ხელი შეუშალეთ!“ (ლუკ. 11:52). მათ უნდა განემარტათ ხალხისთვის ღვთის სიტყვა და დახმარებოდნენ მარადიული სიცოცხლის გზაზე სიარულში. მაგრამ ისინი ხელს უშლიდნენ ხალხს, რომ „სიცოცხლის მეთაურს“, იესოს, გაჰყოლოდნენ და ამგვარად მათ მარადიული განადგურებისთვის იმეტებდნენ (საქ. 3:15). ამაყ და ეგოისტ ფარისევლებსა და მწიგნობრებს არ ადარდებდათ ადამიანთა სიცოცხლე და კეთილდღეობა. რამხელა ბოროტება და შეუბრალებლობა იყო ეს მათი მხრიდან! w17.11 15 ¶9, 10

პარასკევი, 13 სექტემბერი

ვისაც შერცხვება ჩემ გამო . . . კაცის ძესაც შერცხვება მის გამო (მარ. 8:38).

შესაძლოა თავიდანვე არ ვუთხარით ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას ვსწავლობდით, მაგრამ სულიერ ზრდასთან ერთად მივხვდით, რომ ჩვენი რწმენის შესახებ სახალხოდ უნდა გაგვეცხადებინა. თუ თქვენ უკვე გადადგით ეს გაბედული ნაბიჯი და ამის გამო ნათესავებთან პრობლემები შეგექმნათ, ეცადეთ გაუგოთ მათ. მართალია, ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ჭეშმარიტება ვიპოვეთ, მაგრამ ჩვენი ნათესავები შესაძლოა ფიქრობენ, რომ შეცდომაში ვართ შეყვანილი ან რაღაც სექტაში ჩაგვითრიეს. შეიძლება ასკვნიან, რომ აღარ გვიყვარს ისინი, რადგან მათთან ერთად აღარ აღვნიშნავთ დღესასწაულებს. ალბათ, ისინი იმასაც კი შიშობენ, რომ ამის გამო ღმერთი იმ ქვეყნად მოგვკითხავს პასუხს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, გავუგოთ მათ, საკითხს მათი გადასახედიდან შევხედოთ და ყურადღებით მოვუსმინოთ, რომ დავინახოთ მათი წუხილის ნამდვილი მიზეზი (იგავ. 20:5). პავლე მოციქული ცდილობდა, ყველანაირი ადამიანისთვის გაეგო, რათა მათთვის სასიხარულო ცნობა ეუწყებინა. მსგავსი დამოკიდებულება ჩვენც დაგვეხმარება ნათესავებთან ქადაგების დროს (1 კორ. 9:19—23). w17.10 15 ¶11, 12

შაბათი, 14 სექტემბერი

ქება უმღერეთ [იეჰოვას] (ფსალმ. 33:2).

მღერისგან თავს შეიძლება იმიტომ ვიკავებთ, რომ არ ვიცით, როგორ ვიმღეროთ. თუმცა რამდენიმე ძირითადი რჩევის გათვალისწინება დაგვეხმარება, ამ მხრივ გავუმჯობესდეთ. თუ სწორად სუნთქვას ისწავლით, ძლიერი ხმით იმღერებთ. როგორც ნათურას სჭირდება ელექტროენერგია, რომ გაანათოს, ისე სწორი სუნთქვაა აუცილებელი, რომ საუბრისა თუ სიმღერის დროს ჩვენს ხმას სიძლიერე შეემატოს. იმხელა ხმაზე უნდა იმღეროთ, რამხელაზეც ლაპარაკობთ ან ცოტა უფრო ხმამაღლა. როცა ბიბლიაში ღვთის განმადიდებელ სიმღერებზეა საუბარი, ზოგჯერ ვხვდებით მოწოდებას: „სიხარულით იყიჟინეთ“ (ფსალმ. 33:1—3). სიმღერების წიგნიდან შეარჩიეთ თქვენთვის საყვარელი სიმღერა და ტექსტი ხმამაღლა წაიკითხეთ. შემდეგ შეეცადეთ, ერთი ამოსუნთქვით წაიკითხოთ თითოეული ფრაზა ისე, რომ შეინარჩუნოთ ხმის სიმაღლე. ბოლოს კი იმავე ტონალობაში იმღერეთ ეს მონაკვეთი (ეს. 24:14). თანდათან ხმა გაგიძლიერდებათ და უკეთ შეძლებთ მღერას. ნუ შეგაშინებთ თქვენი ხმა და ნუ იგრძნობთ თავს უხერხულად! w17.11 5, 6 ¶11—13

კვირა, 15 სექტემბერი

ადგნენ . . . ყველანი, ვისაც ჭეშმარიტმა ღმერთმა აღუძრა სული, რომ ასულიყვნენ და აღედგინათ იეჰოვას სახლი, იერუსალიმში რომ იყო (ეზრ. 1:5).

ბაბილონიდან იერუსალიმისკენ მიმავალ გრძელ და დამქანცველ გზაზე მგზავრობისას ისრაელები, ალბათ, ხშირად ფიქრობდნენ თავიანთ ახალ საცხოვრებელზე. მათ გაგონილი ჰქონდათ, რომ ერთ დროს იერუსალიმი ლამაზი და აყვავებული ქალაქი იყო. ხანდაზმულებს კარგად ახსოვდათ იერუსალიმის ტაძრის ძველი დიდება (ეზრ. 3:12). მათ შორის რომ ყოფილიყავით, რა გრძნობა დაგეუფლებოდათ, როცა პირველად მოჰკრავდით თვალს იერუსალიმს, რომელიც თქვენი ახალი საცხოვრებელი გახდებოდა? დაგანაღვლიანებდათ დანგრეული შენობების დანახვა, რომლებსაც ბალახი მოსდებოდა? შეადარებდით ბაბილონის მასიურ ორმაგ გალავანს იერუსალიმის დანგრეულ კედლებს, რომელთაც აღარც ჭიშკრები ჰქონდა და აღარც საგუშაგო კოშკები? ამ შემზარავი სურათის დანახვაზე ხალხს გული არ გასტეხია, რადგან მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს იეჰოვას ძლიერი ხელი, როცა სამშობლოსკენ მიმავალ ხიფათით სავსე გზას ადგნენ. მათ ჩასვლისთანავე ააგეს სამსხვერპლო ძველი ტაძრის ადგილას და იეჰოვასთვის ყოველდღიური მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს (ეზრ. 3:1, 2). w17.10 26, 27 ¶2, 3

ორშაბათი, 16 სექტემბერი

ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები, რადგან იეჰოვა . . . შენთანაა (1 მატ. 28:20).

სოლომონმა გაბედულება, ალბათ, მამისგან ისწავლა. დავითმა წარმოუდგენელი გამბედაობა გამოავლინა, როცა ბრძოლაში გაწვრთნილ მეომარს შეებრძოლა. იეჰოვას დახმარებით მან ერთი პატარა ქვით დაამარცხა გოლიათი (1 სამ. 17:45, 49, 50). დავითს თამამად შეეძლო სოლომონისთვის ეთქვა, რომ გამბედაობა მოეკრიბა და ტაძარი აეშენებინა! დავითმა დაარწმუნა სოლომონი, რომ იეჰოვა დაეხმარებოდა ტაძრის მშენებლობის დასრულებაში. მამის სიტყვები მას გულსა და გონებაში ღრმად ჩაებეჭდა. თუმცა ის ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო, ეს მისთვის დაბრკოლება არ გამხდარა. სოლომონმა გამბედაობა მოიკრიბა, იმოქმედა და იეჰოვას დახმარებით შვიდწელიწად-ნახევარში დიდებული ტაძარი ააგო. იეჰოვა ჩვენც დაგვეხმარება, გაბედულები ვიყოთ და ოჯახსა და კრებაში ჩვენი საქმე შევასრულოთ (ეს. 41:10, 13). როცა იეჰოვას თაყვანისმცემლობაში გაბედულებას ვავლენთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის დღესაც უხვად გვაკურთხებს და მომავალშიც. w17.09 28 ¶3; 29 ¶4; 32 ¶20, 21

სამშაბათი, 17 სექტემბერი

ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი (ებრ. 4:12).

ჩვენ, იეჰოვას მსახურებს, ეჭვი არ გვეპარება, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“. ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ბიბლია ცვლის ადამიანთა ცხოვრებას. ჩვენი და-ძმებიდან ზოგი ადრე ქურდობდა, ნარკოტიკებს იღებდა ან უზნეო ცხოვრებას ეწეოდა. ზოგმა ამ ქვეყნიერებაში გარკვეულ წარმატებას მიაღწია, თუმცა გრძნობდნენ, რომ რაღაც აკლდათ (ეკლ. 2:3—11). არაერთი შემთხვევა ადასტურებს, რომ უიმედო მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა ღვთის სიტყვის ძალით ცხოვრების აზრი იპოვეს. შეიძლება ძალიან მოგწონთ იმ ბიოგრაფიების კითხვა, რომლებიც იბეჭდება „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“. ამ ისტორიების კითხვისას, ალბათ, შენიშნეთ, რომ ბიბლიამ მონათვლის შემდეგაც დიდი როლი ითამაშა მათ სულიერ წინსვლაში. w17.09 23 ¶1

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი

იეჰოვას გულმოწყალების გამო . . . ქალაქიდან გაიყვანეს (დაბ. 19:16).

განა ის, რაც ლოტის ოჯახს შეემთხვა არ ცხადყოფს, რომ იეჰოვას კარგად ესმის, რა რთულ მდგომარეობაში არიან ზოგჯერ მისი მსახურები (ეს. 63:7—9; იაკ. 5:11; 2 პეტ. 2:9). იეჰოვა თავის მსახურებს ასწავლიდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანაგრძნობის გამოვლენა. განვიხილოთ ისრაელისთვის მიცემული კანონი გირაოს შესახებ (გამ. 22:26, 27). გულქვა მევალეს შეიძლებოდა მოვალისთვის გირაოდ ტანსაცმელი გამოერთმია და ღამე სიცივეში ტანსაცმლის გარეშე დაეტოვებინა. ამიტომ იეჰოვა ასწავლიდა თავის ხალხს, რომ უგულოდ არ მოქცეულიყვნენ და თანაგრძნობა გამოევლინათ. ამ კანონში ჩადებულმა პრინციპმა ჩვენც უნდა აღგვძრას მოქმედებისკენ. ჩვენ არ გვინდა და-ძმები, ასე ვთქვათ, სიცივეში დავტოვოთ მაშინ, როცა შეგვიძლია გასაჭირში მათ დახმარების ხელი გავუწოდოთ (კოლ. 3:12; იაკ. 2:15, 16; 1 იოან. 3:17). w17.09 9 ¶4, 5

ხუთშაბათი, 19 სექტემბერი

მამა, აპატიე მათ, არ იციან, რას აკეთებენ (ლუკ. 23:34).

იესო ლოცვაში სთხოვდა მამას, რომ ეპატიებინა მისი მკვლელებისთვის. მან მართლაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა! (1 პეტ. 2:21—23). ჩვენ როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ რბილი ხასიათი და სულგრძელობა? ამის ერთ-ერთ საშუალებაზე პავლე თანაქრისტიანებს სწერდა: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს“ (კოლ. 3:13). ამ მითითების გასათვალისწინებლად რბილი ხასიათი და სულგრძელობა გვჭირდება, კრებაში ერთობის შესანარჩუნებლად კი — მიმტევებლობა. ქრისტიანებს მოგვეთხოვება რბილი ხასიათისა და სულგრძელობის გამოვლენა, რადგან ეს აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის (მათ. 5:5; იაკ. 1:21). რაც ყველაზე მთავარია, როცა ამ თვისებებს ვავლენთ, განვადიდებთ იეჰოვას და სხვებს ბიბლიური რჩევის გათვალისწინებაში ვეხმარებით (გალ. 6:1; 2 ტიმ. 2:24, 25). w17.08 25, 26 ¶15—17

პარასკევი, 20 სექტემბერი

იცის იეჰოვამ, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები (2 პეტ. 2:9).

ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იეჰოვამ წარმოუდგენელი რამ მოიმოქმედა თავისი მსახურების სასარგებლოდ. მაგალითად, ხიზკიას მეფობის დროს ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა იუდაში და იერუსალიმის გარდა ყველა გამაგრებული ქალაქი აიღო (2 მეფ. 18:1—3, 13). შემდეგ სინახერიბი იერუსალიმს მიადგა. როგორ მოიქცა მეფე ხიზკია? მან იეჰოვას მიმართა ლოცვით და წინასწარმეტყველ ესაიას რჩევა ჰკითხა (2 მეფ. 19:5, 15—20). ხიზკიამ გონიერება იმაშიც გამოიჩინა, რომ სინახერიბს დაკისრებული ხარკი გადაუხადა (2 მეფ. 18:14, 15). ამან საშუალება მისცა მას, რომ ხანგრძლივი ალყისთვის მზადება დაეწყო (2 მატ. 32:2—4). მაგრამ როგორ მოაგვარა იეჰოვამ ეს პრობლემა? მან ანგელოზი გაგზავნა, რომელმაც ერთ ღამეში სინახერიბის ჯარში 185 000 მეომარი გაანადგურა! აშკარაა, რომ ხიზკია პრობლემის ასე მოგვარებას არ ელოდა (2 მეფ. 19:35). w17.08 10 ¶7; 11 ¶12

შაბათი, 21 სექტემბერი

მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ (მათ. 28:19, 20).

როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ სრული დროით მსახურებისთვის? ყველაზე მეტად სულიერი თვისებები დაგეხმარებათ, რომ მეტი გააკეთოთ იეჰოვასთვის. ამიტომ გულმოდგინედ გამოიკვლიეთ ღვთის სიტყვა, იფიქრეთ მასზე და გამოხატეთ თქვენი რწმენა კრების შეხვედრებზე. სკოლაში სწავლის პერიოდში შეიძინეთ გამოცდილება და დახელოვნდით, როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებლები. დაინტერესდით ადამიანებით; ტაქტიანი კითხვებით გაიგეთ მათი აზრი და ყურადღებით მოუსმინეთ. შეგიძლიათ კრების საქმეებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვათ, მაგალითად დაეხმაროთ ძმებს სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და შეკეთებაში. იეჰოვა სიამოვნებით ავალებს საქმეს თავმდაბალ და მონდომებულ მსახურებს (ფსალმ. 110:3; საქ. 6:1—3). პავლემ იმიტომ წაიყვანა ტიმოთე მისიონერულ მსახურებაში, რომ „ძმები მას დადებითად ახასიათებდნენ“ (საქ. 16:1—5). w17.07 23 ¶7; 26 ¶14

კვირა, 22 სექტემბერი

ყოველი მუხლი მოიდრიკება ჩემ წინაშე და ყოველი ენა დაიფიცებს (ეს. 45:23).

ვიდრე იეჰოვას უზენაესობის საკითხი გონიერი ქმნილებებისთვის ბოლომდე ნათელი გახდება, დაპირისპირება ერებს, რასებს, ტომებს, ოჯახებსა თუ ცალკეულ ადამიანებს შორის გარდაუვალია. მაგრამ იეჰოვას უზენაესობის დამტკიცების შემდეგ ღვთის სამართლიან მმართველობას აღარავინ დააყენებს ეჭვქვეშ და მთელ სამყაროში მშვიდობა დაისადგურებს (ეფეს. 1:9, 10). ღვთის უზენაესობის კანონიერება დამტკიცდება, სატანისა და ადამიანების მმართველობა კი სრულ კრახს განიცდის და ისინი აღარასოდეს იმმართველებენ. ღვთის მმართველობის დროს, რომელიც მესიანური სამეფოს მეშვეობით განხორციელდება, ყველა პრობლემა გადაიჭრება, ღვთის ერთგული მსახურები კი დაამტკიცებენ, რომ ადამიანებისთვის შეუძლებელი არ არის ღვთის ერთგულება (ეს. 45:24). ალბათ, თქვენც გსურთ, მათ შორის იყოთ, ვინც თავისი ერთგულებით იეჰოვას უზენაესობას დაუჭერს მხარს. ამისთვის საჭიროა, ყოველთვის გონებაში გვქონდეს ეს საკითხი და გვესმოდეს მისი მნიშვნელოვნება. w17.06 23 ¶4, 5

ორშაბათი, 23 სექტემბერი

ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა (იგავ. 17:17).

ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად გლოვობს. ამიტომ მგლოვიარეს გვერდით მხოლოდ პირველ ხანებში არ უნდა ედგეთ, როცა ისედაც ბევრი ადამიანი ახვევია გარს. მას მომდევნო თვეებშიც დასჭირდება თქვენი მხარდაჭერა, როცა სხვები ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებიან. რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, თანაქრისტიანები ბოლომდე უნდა დაეხმარონ მგლოვიარეს, გაუმკლავდეს თავის საწუხარს (1 თეს. 3:7). გახსოვდეთ ისიც, რომ ასეთ ადამიანებს შეიძლება განსაკუთრებით შემოაწვეთ ნაღველი ქორწინების ან საყვარელი ადამიანის გარდაცვალების წლისთავზე, მუსიკის მოსმენის, სურათების თვალიერების ან რაიმე საქმიანობის დროს; ეს შეიძლება გამოიწვიოს რაიმე სუნმა, ხმამ ან წელიწადის დრომაც კი. შეიძლება უდიდეს ემოციურ ტკივილთან იყოს დაკავშირებული ბევრი რამ, რის გაკეთებაც დაქვრივებულ ადამიანს პირველად მოუწევს მარტო, მაგალითად კონგრესზე ან გახსენების საღამოზე დასწრება. თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მგლოვიარეებს განსაკუთრებული დღეების გარდა სხვა დროსაც სჭირდებათ გვერდში დგომა. w17.07 16 ¶17—19

სამშაბათი, 24 სექტემბერი

მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც (ფილ. 2:4).

სხვების მიმართ ინტერესის გამოვლენამ შეიძლება საკუთარი სადარდებელი გარკვეულწილად დაგვავიწყოს. როგორც დაქორწინებულმა, ისე დაუქორწინებელმა დებმა იციან, რომ ღვთის თანამშრომლად ყოფნასა და სასიხარულო ცნობის გაზიარებას უდიდესი სიხარული მოაქვს. მათ სურთ, ღვთის ნება შეასრულონ და ამით განადიდონ ღმერთი. ზოგისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგება ერთგვარი თერაპიაა. კრებაში თითოეული ვუწყობთ ხელს ახლო ურთიერთობების განმტკიცებას, როცა ინტერესს ვავლენთ კრების წევრებისა და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ. მოციქულმა პავლემ ამის შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. ის „მეძუძურ დედასავით“ ევლებოდა თავს თესალონიკის კრების წევრებს და სულიერ მამობას უწევდა მათ (1 თეს. 2:7, 11, 12). ახალგაზრდები, რომლებიც შეიყვარებენ ღმერთს და მის რჩევებს გაითვალისწინებენ, შეიძლება ნუგეშისა და გამხნევების წყარო აღმოჩნდნენ თავიანთი ოჯახებისთვის, რადგან პატივისცემით მოეპყრობიან მშობლებს და პრაქტიკულ დახმარებას აღმოუჩენენ. შვილებს აგრეთვე შეუძლიათ ოჯახის სულიერ სიმტკიცეს შეუწყონ ხელი. w17.06 7 ¶13, 14; 8 ¶17

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი

შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით (ლუკ. 16:9).

არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მილიარდობით ადამიანი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, მაშინ როცა ზოგს იმდენი ქონება აქვს, რომ მის არაერთ თაობას ეყოფა. იესოს ესმოდა, რომ ეს ეკონომიკური სისტემა იქამდე იარსებებდა, ვიდრე დედამიწაზე ღვთის სამეფო არ დამყარდებოდა. კომერციული სისტემა, რომელიც გამოცხადების 18:3-ში დიდვაჭრებით არის წარმოდგენილი, პოლიტიკურ და რელიგიურ სისტემებთან ერთად სატანის ქვეყნიერების ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის ხალხი სრულად გამოეყო პოლიტიკურ და ცრურელიგიურ სისტემებს, უმეტესობა მათგანს არ შეუძლია ბოლომდე გამოეყოს სატანის ქვეყნიერების კომერციულ სისტემას. თითოეული ქრისტიანი უნდა დაფიქრდეს, რა დამოკიდებულება აქვს კომერციული სისტემის მიმართ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ შემიძლია ჩემი ქონება ღვთისადმი ერთგულების დასამტკიცებლად გამოვიყენო? როგორ დავიყვანო მინიმუმამდე კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობა? რომელი მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის მსახურები სრულად ენდობიან ღმერთს რთულ ვითარებაში? w17.07 7, 8 ¶1—3

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი

დაუკვირდით საკუთარ თავს, რომ გული არ დაგიმძიმდეთ გადამეტებული ჭამა-სმითა და ცხოვრებისეული საზრუნავით (ლუკ. 21:34).

იესომ კარგად იცოდა, როგორ აქცევდა ადამიანს თავის მარწუხებში ქვეყნიური საზრუნავი. მან მთესველის შესახებ იგავში თქვა, რომ ზოგი მოისმენდა „სიტყვას სამეფოს შესახებ“ და გარკვეულ ნაბიჯებსაც გადადგამდა, მაგრამ „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ მოაშთობდა მათში სიტყვას (მათ. 13:19—22; მარ. 4:19). მართლაც, თუ არ ვიფრთხილებთ, ყოველდღიურმა საზრუნავმა შეიძლება მთლიანად მოგვიცვას და სულიერად დაგვასუსტოს. ქრისტეს მიმართ სიყვარულს დავამტკიცებთ, თუ მის მიერ დავალებულ საქმეს პირველ ადგილზე დავაყენებთ. როგორ შეგვიძლია გავიგოთ, რომ იესოსადმი სიყვარული არ გაგვინელდა? დროდადრო უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: სინამდვილეში რა მიყვარს ყველაზე მეტად? როდის განვიცდი უფრო დიდ სიხარულს — როცა ყოფითი საქმეებით ვარ დაკავებული თუ როცა სულიერ საქმეებში ვმონაწილეობ? w17.05 23 ¶3, 4

პარასკევი, 27 სექტემბერი

ენით ადვილად გასაგებ სიტყვებს . . . გამოთქვამთ (1 კორ. 14:9).

როცა იმიგრანტები მათ ენაზე მოლაპარაკე თანაქრისტიანებისგან შორს ცხოვრობენ, ისინი უნდა დაესწრონ კრების შეხვედრებს, რომლებიც ადგილობრივ ენაზე ტარდება (ფსალმ. 146:9). მაგრამ, თუ ახლომახლო მათ მშობლიურ ენაზე ტარდება კრება, მათ უნდა გადაწყვიტონ, რომელ კრებაზე დასწრება იქნებოდა უკეთესი მათი ოჯახისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე ოჯახისთავმა ლოცვით უნდა აწონ-დაწონოს ეს საკითხი და გაიგოს ცოლ-შვილის აზრი (1 კორ. 11:3). მშობლებმა ობიექტურად უნდა შეაფასონ შვილების საჭიროებები. ჭეშმარიტების გასათავისებლად მხოლოდ კრების შეხვედრებზე მიღებული სულიერი განათლება არ კმარა. ბავშვმა შეიძლება იმაზე მეტი ისწავლოს იმ კრების შეხვედრებიდან, რომლებიც მისთვის კარგად გასაგებ ენაზე ტარდება, ვიდრე ეს მშობლებს წარმოუდგენიათ. მაგრამ ეს ასე ვერ იქნება, თუ ბავშვს ბოლომდე არ ესმის ენა (1 კორ. 14:11) w17.05 10 ¶10, 11

შაბათი, 28 სექტემბერი

ხალხი ხალისით მიდის. აკურთხეთ იეჰოვა! (მსაჯ. 5:2)

თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „მაქვს ისეთი რწმენა და გაბედულება, რომ ჩემი შესაძლებლობები იეჰოვას მსახურების შესასრულებლად გამოვიყენო? თუ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლას ვგეგმავ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვლოცულობ და ვფიქრობ, როგორ იმოქმედებს ეს ჩემს ოჯახსა და კრებაზე?“ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ იეჰოვა საშუალებას გვაძლევს, მხარი დავუჭიროთ მის უზენაესობას. ვინაიდან სატანა ეშმაკმა პირველი ადამიანები გადაიბირა, იეჰოვას მმართველობის მხარდაჭერით ჩვენ სათანადო პასუხს ვცემთ მას. იეჰოვას სიამოვნებს, როცა რწმენა და ერთგულება აღგვძრავს, სიხარულით შევასრულოთ მისი საქმე (იგავ. 23:15, 16). თქვენი მხარდაჭერის შედეგად, ღმერთი პასუხს სცემს სატანის გესლიან დაცინვას (იგავ. 27:11). ამგვარად, როცა ერთგულად ემორჩილებით იეჰოვას, თქვენ გულს უხარებთ მას და აძლევთ იმას, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია. w17.04 32 ¶15, 16

კვირა, 29 სექტემბერი

როცა ღმერთს აღთქმას აძლევ, ნუ დააყოვნებ მის შესრულებას, რადგან სულელი კაცი არავის ჰგვრის სიამოვნებას. შეასრულე აღთქმული (ეკლ. 5:4).

მოსეს კანონში ნათქვამი იყო: „თუ კაცი აღთქმას მისცემს იეჰოვას ან დაიფიცებს . . . თავის სიტყვას არ უნდა გადავიდეს; რაც მისი პირიდან გამოვა, ის უნდა გააკეთოს“ (რიცხ. 30:2). მოგვიანებით სოლომონმა ღვთივშთაგონებით დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები დაწერა. იესომაც დაადასტურა, რომ აღთქმის დადება სერიოზული საკითხი იყო. მან თქვა: «ძველი ხალხისთვის უთქვამთ: „არ დაიფიცო ტყუილუბრალოდ, არამედ შეუსრულე იეჰოვას შენი აღთქმები“» (მათ. 5:33). აშკარაა, რომ ღვთისთვის დაპირების მიცემა სერიოზული საკითხია. დადებული აღთქმებისადმი ჩვენი დამოკიდებულება გავლენას ახდენს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე. დავითი წერდა: «ვინ ააღწევს იეჰოვას მთაზე და ვინ ავა მის წმინდა ადგილზე? „ვინც უღირსად არ მოპყრობია ჩემს [ანუ იეჰოვას] სულს და ცრუდ არ დაუფიცია“» (ფსალმ. 24:3, 4, სქ.). w17.04 4 ¶3, 4

ორშაბათი, 30 სექტემბერი

ცილს არავის სწამებს თავისი ენით (ფსალმ. 15:3).

ქრისტიანი, რომელიც ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ, ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ იჭორაოს. თუმცა სავსებით გამართლებულია, რომ მან დახმარებისთვის უხუცესებს მიმართოს და ისინი საქმის კურსში ჩააყენოს, თუ კრების რომელიმე წევრმა სერიოზული შეცდომა დაუშვა (ლევ. 5:1). მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება არ იყოს სერიოზული ცოდვა, ამიტომ მათ სხვების, მათ შორის უხუცესების, ჩარევის გარეშეც შეუძლიათ მოაგვარონ უთანხმოება (მათ. 5:23, 24; 18:15). მოდი გამოვავლინოთ ერთგულება და ასეთი უთანხმოებები ბიბლიური პრინციპების დახმარებით მოვაგვაროთ! ზოგ შემთხვევაში შეიძლება იმასაც მივხვდეთ, რომ უსამართლოდ არავინ მოგვქცევია. რა მადლიერები ვიქნებით, რომ არ გავამწვავეთ სიტუაცია და ცილი არ დავწამეთ თანაქრისტიანს! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მართლები ვართ თუ არა, ზურგს უკან ლაპარაკით სიტუაციას ვერასდროს მოვაგვარებთ. ასეთი შეცდომისგან იეჰოვასა და ძმებისადმი ერთგულება დაგვიცავს. w17.04 21 ¶14

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება