საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 98-108
  • ოქტომბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტომბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • სამშაბათი, 1 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი
  • პარასკევი, 4 ოქტომბერი
  • შაბათი, 5 ოქტომბერი
  • კვირა, 6 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 7 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 8 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 9 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი
  • პარასკევი, 11 ოქტომბერი
  • შაბათი, 12 ოქტომბერი
  • კვირა, 13 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 14 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 15 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი
  • პარასკევი, 18 ოქტომბერი
  • შაბათი, 19 ოქტომბერი
  • კვირა, 20 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 21 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 22 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი
  • პარასკევი, 25 ოქტომბერი
  • შაბათი, 26 ოქტომბერი
  • კვირა, 27 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 28 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 29 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 98-108

ოქტომბერი

სამშაბათი, 1 ოქტომბერი

თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა (იაკ. 1:5).

იეჰოვა სიბრძნის წყაროა, რომელიც თავის სიბრძნეს ყველას უხვად აძლევს. ღვთის სიბრძნის შეძენის ერთ-ერთი საშუალება მისი დარიგებების გათვალისწინებაა. ღვთისგან მომდინარე სიბრძნე როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი ზიანისგან გვიცავს (იგავ. 2:10—12). შედეგად, „ღვთის სიყვარულში“ ვრჩებით და ჩვენში მარადიული სიცოცხლის იმედი ცოცხლობს (იუდ. 21). თუმცა არასრულყოფილების, აღზრდისა თუ სხვა ფაქტორების გამო გვიჭირს რჩევა-დარიგებების გათვალისწინება და მათი დადებითი კუთხით დანახვა. ხშირად რჩევის ფასს მაშინ ვხვდებით, როცა ვითვალისწინებთ მას და კარგ შედეგებს ვხედავთ. ამ დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით ღვთის სიყვარულში. იგავების 3:11, 12-ში ვკითხულობთ: „შვილო, იეჰოვას დარიგებას ნუ უგულებელყოფ . . . რადგან იეჰოვა იმას შეაგონებს, ვინც უყვარს“. დიახ, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს (ებრ. 12:5—11). ვინაიდან ღმერთი კარგად გვიცნობს, მისი აღმზრდელობითი ზომები ყოველთვის სათანადო და ზომიერია. w18.03 28 ¶1, 2

ოთხშაბათი, 2 ოქტომბერი

იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები (1 პეტ. 4:9).

პეტრე მოციქულმა ზემოხსენებული სიტყვები მცირე აზიის იმ კრებებს მისწერა, სადაც სხვადასხვა კულტურის ხალხი იყო გაერთიანებული. მათ დიდ განსაცდელებთან უწევდათ გამკლავება. რა დაეხმარებოდა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებ ქრისტიანებს ამ მძიმე პერიოდის გადატანაში? (1 პეტ. 1:1; 4:4, 7, 12). ყურადღება მიაქციეთ, პეტრე მოციქულმა ქრისტიან და-ძმებს შეახსენა, რომ სტუმართმოყვარეობა გამოეჩინათ „ერთმანეთის მიმართ“ ანუ მათ მიმართ, ვისთანაც უკვე ჰქონდათ ურთიერთობა. როგორ დაეხმარებოდა მათ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა? ეს უფრო დააახლოებდა მათ. რის თქმა შეიძლება თქვენზე? გახსოვთ, როგორ გაგიხარდათ, როცა სტუმრად დაგპატიჟეს? სასიამოვნოდ გახსენდებათ ეს დრო? ან როგორ დაუახლოვდით უფრო მეტად იმ კრების წევრს, რომელიც სტუმრად გყავდათ? სტუმართმოყვარეობის გამოვლენა თანამორწმუნეების ახლოს გაცნობის საშუალებას გვაძლევს. ასეთი კარგი შესაძლებლობა სხვა არცერთ ვითარებაში არ გვეძლევა. მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად პირველ საუკუნეში მცხოვრებ და-ძმებს განსაკუთრებით სჭირდებოდათ ერთმანეთთან ახლო ურთიერთობის განვითარება. იგივე მოგვეთხოვება „ბოლო დღეებში“ მცხოვრებ ღვთის მსახურებსაც (2 ტიმ. 3:1). w18.03 14, 15 ¶1—3

ხუთშაბათი, 3 ოქტომბერი

ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი, რადგან მათია ზეციერი სამეფო (მათ. 5:3).

ბიბლია დადებითად ახასიათებს სულიერად მოაზროვნე ადამიანს. რომაელების 8:6-ში ახსნილია, რატომ არის სულიერი აზროვნება უპირატესი: „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს, სულისაზე ფიქრი კი — სიცოცხლესა და მშვიდობას“. თუ სულიერ საკითხებს პირველ ადგილზე დავაყენებთ, გვექნება მშვიდობა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდე და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მომავალში. დღეს ჩვენ საშიშ გარემოში ვცხოვრობთ. ჩვენ გარშემო ხორციელად მოაზროვნე ადამიანები ჭარბობენ, ამიტომ ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ სულიერობის განვითარებასა და შენარჩუნებას. როცა ადამიანი კარგავს სულიერობას, ქვეყნიერების სული ადვილად მოქმედებს მასზე. რა დაგვეხმარება, რომ ასე არ დაგვემართოს? როგორ შეგვიძლია გავიზარდოთ სულიერად? მოწაფე იუდას სიტყვების თანახმად, ზოგი შეიძლება იმ დონემდე მივიდეს, რომ საერთოდ დაკარგოს სულიერობა (იუდ. 18, 19). w18.02 19 ¶5, 7; 20 ¶8

პარასკევი, 4 ოქტომბერი

ბოროტები და თვითმარქვიები . . . უფრო უარესად მოიქცევიან (2 ტიმ. 3:13).

ადამიანების დახმარების სურვილით აღძრულ მედიცინის ბევრ მუშაკს ისეთ პაციენტებზე უწევს ზრუნვა, რომელთაც გადამდები დაავადებები აქვთ. ამ დროს მათ უსაფრთხოების ზომების მიღება მართებთ, რომ თვითონაც არ დაინფიცირდნენ. მსგავსად, ბევრ ჩვენგანს იმ ადამიანების გვერდით გვიწევს ცხოვრება თუ მუშაობა, რომლებიც ღვთისთვის საძულველი თვისებებითა და შეხედულებებით არიან „დაინფიცირებულები“. ასეთმა გარემოცვამ შეიძლება ჩვენც შეგვიქმნას საფრთხე. ამ ბოლო დღეებში ხალხი არად აგდებს ღვთის თვალსაზრისს სწორსა და არასწორთან დაკავშირებით. ტიმოთესადმი მიწერილ მეორე წერილში მოციქული პავლე მოიხსენიებს ღვთისგან გაუცხოებული ადამიანებისთვის დამახასიათებელ ცუდ თვისებებს (2 ტიმ. 3:1—5). შეიძლება ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ ასეთი მანკიერი თვისებების გამოვლენამ მასშტაბური სახე მიიღო, მაგრამ მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ ჩვენც მოვექცეთ ასეთი ადამიანების საქციელისა თუ აზროვნების გავლენაში (იგავ. 13:20). ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც არ „დავინფიცირდეთ“ უარყოფითი თვისებებით, როცა ვცდილობთ, სხვებს სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ. w18.01 27 ¶1, 2

შაბათი, 5 ოქტომბერი

მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი (მათ. 28:19).

ახ. წ. 33 წელს მკვდრეთით აღმდგარი იესო 500-ზე მეტ ადამიანს ეჩვენა, მათ შორის კაცებს, ქალებსა და შესაძლოა ბავშვებსაც კი. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს თქვა იესომ ზემოხსენებული სიტყვები (1 კორ. 15:6). ასე რომ, იესომ, როგორც ჩანს, ასობით მიმდევარს დაავალა მოწაფეების მომზადების საქმე. მისი სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ნათლობა აუცილებელი მოთხოვნა იყო ყველასთვის, ვისაც უნდოდა, ქრისტეს მოწაფეობის უღელი დაედგა (მათ. 11:29, 30). მას, ვისაც ღვთის მოსაწონად მსახურება სურდა, ჯერ უნდა ეღიარებინა და ერწმუნა, რომ იესოს უდიდესი როლი ეკისრა იეჰოვას განზრახვის შესრულებაში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო მას მონათვლა. სწორედ ამ შემთხვევაში იქნებოდა ნათლობა ღვთისთვის მოსაწონი. ბიბლიაში უამრავი შემთხვევაა ჩაწერილი, საიდანაც ჩანს, რომ პირველ საუკუნეში ქრისტეს ახალ მოწაფეებს კარგად ესმოდათ ნათლობის მნიშვნელოვნება. ამიტომ ისინი არ აყოვნებდნენ მონათვლას (საქ. 2:41; 9:18; 16:14, 15, 32, 33). w18.03 5 ¶8

კვირა, 6 ოქტომბერი

დანიელ, ძვირფასო ადამიანო (დან. 10:11).

დღეს ჩვენ უცხოელებივით ვცხოვრობთ ამ ქვეყნიერებაში, რომელიც ზნეობრივად და სულიერად დიდმა ბაბილონმა, ცრუ რელიგიურმა სამყარომ გარყვნა და რომელსაც ბიბლია „დემონების სამკვიდროს“ უწოდებს (გამოცხ. 18:2). ჩვენ არ ვემსგავსებით მათ მაშინაც კი, როცა ამის გამო დაგვცინიან (მარ. 13:13). ამიტომ დანიელის მსგავსად, მოდი დავუახლოვდეთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას. თუ თავმდაბლობითა და მორჩილებით მისადმი ნდობას გამოვავლენთ, ჩვენც ძვირფასები ვიქნებით მის თვალში (ანგ. 2:7). ქრისტიან მშობლებს შეუძლით ბევრი რამ ისწავლონ დანიელის მშობლებისგან. მიუხედავად იმისა, რომ მის ბავშვობაში იუდაში ბოროტება ყვაოდა, დანიელს უყვარდა ღმერთი. ეს მისი მშობლების დამსახურება იყო (იგავ. 22:6). თუნდაც სახელი დანიელი, რომელიც ნიშნავს „ღმერთი ჩემი მოსამართლეა“, იმაზე მეტყველებს, რომ მას ღვთისმოშიში მშობლები ჰყავდა. ამიტომ, მშობლებო, ნუ ჩაიქნევთ ხელს თქვენს შვილებზე და მოთმინებით ასწავლეთ მათ იეჰოვას შესახებ! (ეფეს. 6:4). ილოცეთ მათთვის და მათთან ერთად. როცა ცდილობთ, რომ შვილებს ჭეშმარიტება შეაყვაროთ, იეჰოვას თქვენი კურთხევის მიზეზს აძლევთ (ფსალმ. 37:5). w18.02 5 ¶12; 6 ¶14, 15

ორშაბათი, 7 ოქტომბერი

ყველაფერი შენგანაა და შენი ხელით მოცემული მოგეცით (1 მატ. 29:14).

შესაწირავების გაღება იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნაწილია. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა, რომ ღვთის ზეციერი მსახურები ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:11). ჩვენ გვინდა, საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის და ამგვარად დამსახურებულად მივაგოთ დიდება და პატივი მას. მოსეს მეშვეობით იეჰოვამ მოუწოდა ისრაელ ერს, რომ შეკრებილიყვნენ სამი ყოველწლიური დღესასწაულის აღსანიშნავად. ვინაიდან ამ დღესასწაულების დროს შესაწირავების გაღება თაყვანისმცემლობის ნაწილი იყო, ისინი ხელცარიელი არ უნდა წარმდგარიყვნენ იეჰოვას წინაშე (კან. 16:16). მსგავსად, მადლიერების ნიშნად და იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის მხარდასაჭერად შესაწირავის უანგაროდ გაღება ჩვენი თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. w18.01 18 ¶4, 5

სამშაბათი, 8 ოქტომბერი

მე გამოგაცოცხლებთ (მათ. 11:28).

შემდეგ იესომ დასძინა: „დაიდგით ჩემი უღელი . . . ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათ. 11:29, 30). ეს მართლაც ასეა! ზოგჯერ შეიძლება ძალაგამოცლილები ვართ, მაგრამ მაინც მივდივართ მსახურებაში ან კრების შეხვედრაზე, უკან კი გამოცოცხლებული ვბრუნდებით და უკეთ ვართ მომზადებული ცხოვრებისეული სირთულეების გადასალახავად. იესოს უღელი მართლაც ადვილი სატარებელია! ერთ დას, რომელსაც პირობითად ჯენიფერს დავარქმევთ, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, დეპრესია და შაკიკი აქვს. ამიტომ გასაგებია, რატომ უჭირს ზოგჯერ მას კრების შეხვედრაზე დასწრება. ერთხელ, როცა თავს ძალა დაატანა და დაესწრო საჯარო მოხსენებას, მან აღნიშნა: „მოხსენება გულგატეხილობას ეხებოდა. მომხსენებლის სიტყვებიდან სხვებისადმი ინტერესი და თანაგრძნობა გამოსჭვიოდა. გული ამიჩუყდა და ცრემლები ვერ შევიკავე. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კრების შეხვედრა ის ადგილია, სადაც ყოველთვის უნდა ვიყო“. ჯენიფერი ძალიან ბედნიერი იყო, რომ კრებაზე დასწრებას ძალისხმევა არ დააკლო! w18.01 8, 9 ¶6, 7

ოთხშაბათი, 9 ოქტომბერი

კინაღამ მომიცურდა ფეხი (ფსალმ. 73:2).

როგორ შეგიძლიათ მოიქცეთ, თუ თქვენს შვილს ნათლობის შემდეგ ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ეჭვი უჩნდება? მაგალითად, მას შეიძლება იზიდავს ის, რაც ქვეყნიერებაშია, ან ეჭვი ეპარება, რამდენად გონივრულია ბიბლიური პრინციპებით ცხოვრება (ფსალმ. 73:1, 3, 12, 13). გახსოვდეთ, რომ თქვენი მიდგომა დიდ გავლენას მოახდენს იმაზე, განუმტკიცდება თქვენს შვილს რწმენა თუ საერთოდ დაკარგავს მას. მნიშვნელობა არა აქვს, თქვენი შვილი ჯერ ისევ პატარაა თუ უკვე გაიზარდა, შეეცადეთ, არ იკამათოთ მასთან. თქვენი მიზანი მისი სიყვარულით დახმარება და სწორ გზაზე დაყენება უნდა იყოს. ახალგაზრდამ ნათლობით ცხადყო, რომ თავი მიუძღვნა იეჰოვას. ასეთი მიძღვნით მან პირობა დადო, რომ ეყვარებოდა ღმერთი და მისი ნების შესრულებას ყველაფერზე წინ დააყენებდა (მარ. 12:30). იეჰოვა სერიოზულად მიიჩნევს ასეთ დაპირებას და პირობის დამდებიც სერიოზულად უნდა ეკიდებოდეს მას (ეკლ. 5:4, 5). w17.12 22 ¶16, 17

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი

ვიცი, რომ აღდგება [ჩემი ძმა] აღდგომისას, უკანასკნელ დღეს (იოან. 11:24).

მართას მსგავსად იეჰოვას ერთგულმა მსახურებმა იცოდნენ მომავალი მკვდრეთით აღდგომის შესახებ. გაიხსენეთ, რის გაკეთება დაავალა ღმერთმა აბრაამს დიდი ხნის ნანატრ, ერთადერთ მემკვიდრესთან დაკავშირებით. იეჰოვამ მას უთხრა: „წაიყვანე შენი ერთადერთი ვაჟი, რომელიც ძალიან გიყვარს, ისაკი . . . და აღავლინე იგი დასაწვავ შესაწირავად“ (დაბ. 22:2). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა ამ დროს აბრაამი! მანამდე იეჰოვა დაჰპირდა, რომ ყველა ერი მისი შთამომავლის მეშვეობით იკურთხებოდა (დაბ. 13:14—16; 18:18; რომ. 4:17, 18). მან ისიც უთხრა აბრაამს, რომ შთამომავალი ისაკისგან წარმოიშობოდა (დაბ. 21:12). მაგრამ, როგორ შესრულდებოდა ეს სიტყვები, თუ აბრაამი მსხვერპლად შესწირავდა ისაკს? როგორც მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით ახსნა, აბრაამს სწამდა, რომ ღმერთს ისაკის მკვდრეთით აღდგენა შეეძლო (ებრ. 11:17—19). აბრაამმა არ იცოდა, როდის დაუბრუნებდა იეჰოვა სიცოცხლეს მის ვაჟს, მაგრამ სწამდა, რომ ის ადრე თუ გვიან აუცილებლად გააკეთებდა ამას. w17.12 5, 6 ¶12—14

პარასკევი, 11 ოქტომბერი

სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან (საქ. 20:26).

პავლეს მსგავსად, ჩვენც უნდა ვეცადოთ ღვთის თვალსაზრისი განვივითაროთ სიცოცხლეზე. იეჰოვას „სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). რის თქმა შეიძლება თქვენზე? თუ გულმოწყალენი იქნებით, ეს აღგძრავთ, უფრო მეტი გულმოდგინებით იმსახუროთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. იეჰოვას თვალსაზრისს სიცოცხლეზე იმ შემთხვევაშიც გავიზიარებთ, თუ უსაფრთხოების წესებს დავიცავთ. ჩვენ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ როგორც ავტომობილის მართვისას, ისე ნებისმიერი საქმის შესრულებისას. ამაში აგრეთვე შედის ღვთის თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილი შენობების აგება და გარემონტება. გარდა ამისა, სიფრთხილე გვმართებს, როცა ავტომობილით მივდივართ ღვთის თაყვანისმცემლობის ადგილზე. გახსოვდეთ, რომ ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე დროისა და ფულის დაზოგვა. ჩვენ გვსურს, მივბაძოთ სამართლიან ღმერთს, რომელიც ყოველთვის სწორად იქცევა. განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ როგორც საკუთარ, ისე იმ ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვინც მათ გვერდით მუშაობს (იგავ. 22:3). ასე რომ, თუ უხუცესი უსაფრთხოების წესებს შეგახსენებთ, ნუ უგულებელყოფთ მათ (გალ. 6:1). იეჰოვას თვალით უყურეთ სიცოცხლეს და არ გახდებით „დამნაშავე სისხლის ღვრაში“ (კან. 19:10). w17.11 16 ¶11, 12

შაბათი, 12 ოქტომბერი

ნუ წაგართმევთ ჯილდოს ნურავინ (კოლ. 2:18).

პავლე მოციქულის მსგავსად, სულითცხებულ ქრისტიანებს აქვთ შესანიშნავი იმედი, რომ „ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოს“ მიიღებენ (ფილ. 3:14). ისინი მთელი გულით ელიან იმ დროის დადგომას, როცა ზეციერ სამეფოში იესო ქრისტესთან ერთად იმმართველებენ და ადამიანებს სრულყოფილებამდე მიიყვანენ (გამოცხ. 20:6). ღმერთმა ცხებულ ქრისტიანებს მართლაც რომ შესანიშნავი იმედი უბოძა! მათგან განსხვავებით სხვა ცხვარს მარადიული სიცოცხლის იმედი აქვს დედამიწაზე, რაც მათ საუცხოო მომავალს უქადის (2 პეტ. 3:13). ერთგულები რომ დარჩენილიყვნენ და ჯილდო მოეპოვებინათ, პავლე მოციქულმა ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდა: „იფიქრეთ ზეციერზე“ (კოლ. 3:2). მათ არასდროს უნდა დავიწყებოდათ მემკვიდრეობა, რომელიც ზეცაში ელოდათ (კოლ. 1:4, 5). იეჰოვასგან დაპირებულ კურთხევებზე ფიქრი გვეხმარება, რომ მზერა ჯილდოსკენ გვქონდეს მიპყრობილი (1 კორ. 9:24). w17.11 25 ¶1, 2

კვირა, 13 ოქტომბერი

უმღერეთ იეჰოვას (ფსალმ. 96:1).

ახალ კრებულში შესული ბევრი სიმღერა ძალიან ჰგავს ლოცვას. მათი მეშვეობით შეგვიძლია, იეჰოვას მიმართ საკუთარი გრძნობები გამოვხატოთ. ზოგიერთი სიმღერით კი შეგვიძლია სხვები „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ წავახალისოთ (ებრ. 10:24). ამიტომ საჭიროა, კარგად ვიცოდეთ ჩვენი სიმღერების მელოდია, რიტმი და ტექსტი. ამაში დაგვეხმარება გუნდის მიერ შესრულებული სიმღერების მოსმენა, რომლებიც განთავსებულია ვებ-გვერდზე jw.org. თუ სახლში ვიმეცადინებთ, სიმღერის დროს უფრო თავდაჯერებულები ვიქნებით და მთელი გულით შევძლებთ იეჰოვას განდიდებას. გახსოვდეთ, რომ სიმღერა ჩვენი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილია. ის არის იეჰოვასადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება (ეს. 12:5). თუ მთელი გულით უმღერებთ იეჰოვას, სხვებსაც წაახალისებთ ამისკენ. ნამდვილად, კრების შეხვედრაზე ყველას — ახალგაზრდას, ხანდაზმულსა თუ დაინტერესებულს შეუძლია, თავისი ხმა იეჰოვას განმადიდებელთა ხმებს შეუერთოს და ამგვარად თაყვანი სცეს მას. ასე რომ, თავს ნუ შეიკავებთ მღერისგან. მაშ, მოდი მთელი გულით განვადიდოთ იეჰოვა სიმღერით! w17.11 7 ¶18, 19

ორშაბათი, 14 ოქტომბერი

იყავით გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი (მათ. 10:16).

დღეს ბევრი ლტოლვილი იმ ქვეყნებიდანაა, სადაც სამქადაგებლო საქმიანობა შეზღუდულია. გულმოდგინე მქადაგებლების წყალობით ათასობით ლტოლვილს პირველად მიეცა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენის შესაძლებლობა იმ ქვეყნებში, რომლებსაც თავი შეაფარეს (მათ. 13:19, 23). პრობლემებით დამძიმებული ადამიანები ჩვენს შეხვედრებზე სულიერ სიმხნევეს გრძნობენ და ამბობენ: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (მათ. 11:28—30; 1 კორ. 14:25). ლტოლვილებთან ქადაგების დროს სიფრთხილე და წინდახედულება უნდა გამოვიჩინოთ (იგავ. 22:3). მოთმინებით მოუსმინეთ, როცა თავიანთ საწუხარს გიზიარებენ, თუმცა მოერიდეთ პოლიტიკაზე საუბარს. გაითვალისწინეთ ფილიალისა და ადგილობრივი მთავრობისგან მიღებული მითითებები, რათა არც საკუთარ თავს შეუქმნათ საფრთხე და არც სხვებს. წარმოდგენა შეიქმენით მათ რელიგიასა და კულტურაზე და პატივისცემით მოეკიდეთ მათ შეხედულებებს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში მკაცრი წესებია დადგენილი ქალების ჩაცმულობასთან დაკავშირებით. ამიტომ ლტოლვილებთან ქადაგების დროს ქრისტიან დებს ისე უნდა ეცვათ, რომ მათ უპატივცემულობა არ იგრძნონ. w17.05 7 ¶17, 18

სამშაბათი, 15 ოქტომბერი

თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს (კოლ. 4:6).

იმ ნათესავებთან საუბრისას, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, სულის ნაყოფი რომ გამოვავლინოთ, იეჰოვას წმინდა სული უნდა ვთხოვოთ. უნდა მოვერიდოთ მათ რელიგიურ შეხედულებებზე კამათს. თუ ისინი სიტყვით ან საქმით გულს გვტკენენ, შეგვიძლია მოციქულების მაგალითს მივბაძოთ. პავლე წერდა: „გვლანძღავენ — ვლოცავთ, გვდევნიან — ვითმენთ, სახელს გვიტეხენ — შეწყალებას ვთხოვთ“ (1 კორ. 4:12, 13). რბილი პასუხით ნათესავებთან მშვიდობას შევინარჩუნებთ, თუმცა კარგი საქციელით გაცილებით მეტს მივაღწევთ (1 პეტ. 3:1, 2, 16). საკუთარი მაგალითით დაანახვეთ ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმეებს ბედნიერი ოჯახები აქვთ, ზრუნავენ შვილებზე, ცხოვრობენ ბიბლიური პრინციპების თანახმად და აზრით აღსავსე ცხოვრება აქვთ. ნათესავებმა რომც არ გაიზიარონ ჩვენი რწმენა, გვახარებს იმის ცოდნა, რომ ჩვენი ერთგულებით გულს ვუხარებთ იეჰოვას. w17.10 15 ¶13, 14

ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი

ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად (2 ტიმ. 2:15).

თანამედროვე მაგალითებიდან ჩანს, რომ ღვთის სიტყვის დახმარებით ბევრმა ძირეული ცვლილებები მოახდინა. როცა მათ ისტორიებს ვკითხულობთ, პირველ საუკუნეში მცხოვრები ცხებული ქრისტიანები გვახსენდება (1 კორ. 6:9—11). მათზე საუბრის შემდეგ, რომლებიც ვერ დაიმკვიდრებდნენ ღვთის სამეფოს, მოციქულმა პავლემ თქვა: „ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი“. თუმცა მათ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის დახმარებით შეიცვალეს ცხოვრების წესი. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ჭეშმარიტების გაგების შემდეგ სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს. ბიბლია მოგვითხრობს ერთი ცხებული ქრისტიანის შესახებ, რომელიც კრებიდან გაირიცხა, თუმცა მოგვიანებით დაუბრუნდა კრებას (1 კორ. 5:1—5; 2 კორ. 2:5—8). განა არ გვამხნევებს იმ და-ძმებზე ფიქრი, რომლებმაც ღვთის სიტყვის დახმარებით არაერთი სირთულე გადალახეს?! ვინაიდან ბიბლიას ასეთი დიდი ძალა აქვს, გვინდა, ის საუკეთესოდ გამოვიყენოთ. w17.09 23, 24 ¶2, 3

ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი

გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით (1 იოან. 3:18).

პრინციპებზე დაფუძნებული სიყვარული (აგაპე) ღვთის ძღვენია. ასეთი სიყვარულის წყარო იეჰოვაა (1 იოან. 4:7). აგაპე სიყვარულის აღმატებული ფორმაა. მასში შეიძლება თბილი გრძნობებიც იგულისხმებოდეს, თუმცა მისი მთავარი ამოსაცნობი ნიშანი სხვების საკეთილდღეოდ გაკეთებული უანგარო საქმეებია. ერთი ლექსიკონის თანახმად, აგაპე „მხოლოდ საქმით შეიცნობა“. ამგვარად, როცა ერთმანეთის მიმართ უანგარო სიყვარულს ვავლენთ, ჩვენი ცხოვრება გაცილებით აზრიანი და სიხარულით აღსავსე ხდება. იეჰოვამ სიყვარული პირველი ადამიანების, ადამისა და ევას შექმნამდე გამოავლინა. მან დედამიწა ადამიანის მარადიულ საცხოვრებლად შექმნა, სადაც მისი მიწიერი შვილები უბრალოდ კი არ იარსებებდნენ, არამედ სიცოცხლით გაიხარებდნენ. იეჰოვამ ეს ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა და არა საკუთარი თავისთვის. ის უანგარო სიყვარულმა აღძრა, რომ მის მიერ შექმნილ სამოთხეში ადამიანებისთვის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცა. w17.10 7 ¶1, 2

პარასკევი, 18 ოქტომბერი

მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს (იაკ. 2:8).

შემდეგ იაკობმა დასძინა: „თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას, ცოდვას სჩადიხართ“ (იაკ. 2:9). სიყვარული აღგვძრავს, არ განვასხვავოთ ერთმანეთი განათლების, რასის ან სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მიუკერძოებლობა ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და არა უბრალოდ გარეგნული გამოხატულება. „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“. ის არასდროს ყოყოჩობს (1 კორ. 13:4). სულგრძელობა, სიკეთე და თავმდაბლობა გვეხმარება, რომ მოყვასს სასიხარულო ცნობა გადავცეთ (მათ. 28:19). ეს თვისებები დაგვეხმარება, რომ კრებაში ყველასთან გამოვნახოთ საერთო ენა. ასეთი სიყვარული ხელს უწყობს კრების ერთობას, განადიდებს იეჰოვას და ჭეშმარიტებისკენ იზიდავს გულწრფელ ადამიანებს. „ახალი პიროვნებისთვის“ დამახასიათებელი თვისებების აღწერას ბიბლია შემდეგი სიტყვებით აჯამებს: „გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია“ (კოლ. 3:14). w17.08 26 ¶18, 19

შაბათი, 19 ოქტომბერი

იეჰოვა . . . გამუდმებით . . . აფრთხილებდა . . . რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი (2 მატ. 36:15).

განა მსგავსად არ უნდა თანავუგრძნოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც შეიძლება მოინანიონ ცოდვები და ღვთის კეთილგანწყობა დაიმსახურონ?! იეჰოვას არ სურს, რომ მოახლოებული გასამართლების დღეს ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9). ასე რომ, კვლავაც გადავცეთ ხალხს გამაფრთხილებელი ცნობა და მივცეთ მათ შესაძლებლობა, ღვთის თანაგრძნობით ისარგებლონ, სანამ ღმერთი ბოროტებზე თავის განაჩენს აღასრულებს. ჩვენ იესოსგან ვსწავლობთ. მან თანაუგრძნო მასთან მისულ ხალხს, რომლებიც „უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“ და ბევრი რამე ასწავლა მათ (მათ. 9:36; მარ. 6:34). როგორ განსხვავდებოდა იესო გულქვა ფარისევლებისგან, რომელთაც უბრალო ხალხის დახმარების არანაირი სურვილი არ ჰქონდათ! (მათ. 12:9—14; 23:4; იოან. 7:49). განა არ გსურთ, მიჰბაძოთ იესოს და დაეხმაროთ სულიერს მოწყურებულ ადამიანებს?! w17.09 9 ¶6; 10 ¶9

კვირა, 20 ოქტომბერი

ავმოქმედდები და ვინ აღუდგება ჩემს ხელს? (ეს. 43:13)

რას წარმოიდგენდა ციხეში გამომწყვდეული იოსები, რომ ეგვიპტეში მეორე კაცი გახდებოდა და იეჰოვა სწორედ მას გამოიყენებდა შიმშილობის დროს მისი ოჯახის გადასარჩენად?! (დაბ. 40:15; 41:39—43; 50:20). ცხადია, განვითარებულმა მოვლენებმა იოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იფიქრებდა ოდესმე ხანში შესული სარა, რომ შვილი ეყოლებოდა? ცხადია, ისაკის დაბადებას ის ვერასდროს წარმოიდგენდა (დაბ. 21:1—3, 6, 7). რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოველით, რომ სანამ ამ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ, იეჰოვა სასწაულებრივად გადაგვიჭრის პრობლემებს და არც იმას ველით, რომ რამე განსაკუთრებული მოხდება ჩვენს ცხოვრებაში. მაგრამ ის დანამდვილებით ვიცით, რომ იეჰოვა, რომელიც საოცარი სახით ეხმარებოდა თავის მსახურებს წარსულში, დღემდე არ შეცვლილა (ეს. 43:10—12). იოტისოდენა ეჭვიც არ გვეპარება, რომ იეჰოვა ყველანაირად დაგვეხმარება, რათა მისი ნება შევასრულოთ (2 კორ. 4:7—9). დიახ, იეჰოვას შეუძლია ერთი შეხედვით დაუძლეველი დაგვაძლევინოს, თუ ბოლომდე მისი ერთგულები ვიქნებით. w17.08 11, 12 ¶13, 14

ორშაბათი, 21 ოქტომბერი

შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება (იგავ. 16:3).

სრული დროით მსახურება დაგაახლოებთ სხვა სრული დროით მსახურებთან და დაგეხმარებათ, რომ მოწიფული ქრისტიანები გახდეთ. ბევრი ქრისტიანი მიხვდა, რომ ახალგაზრდობაში სრული დროით მსახურება ბედნიერი ოჯახის შექმნაში დაეხმარა. ხშირად, მათ, ვინც დაქორწინებამდე მსახურობდნენ პიონერებად, დაქორწინების შემდეგ მეუღლესთან ერთად გააგრძელეს ეს მსახურება (რომ. 16:3, 4). როცა ადამიანს გულით სურს რამე, ის მის მიზნებზეც აისახება. ფსალმუნის 20:4-ში ნათქვამია: „[იეჰოვამ] მოგცეს, რაც გულით გწადია, და ყველა შენი განზრახვა შეასრულოს“. დაფიქრდით, რას გინდათ მიაღწიოთ ცხოვრებაში. იფიქრეთ იმაზეც, რა საქმის კეთებას ითხოვს იეჰოვა დღეს და რა წვლილის შეტანა შეგიძლიათ ამ საქმეში. შემდეგ დაისახეთ ისეთი მიზნები, რომლებითაც გულს გაუხარებთ მას. იეჰოვასადმი სრული დროით მსახურება უდიდეს კმაყოფილებას მოგანიჭებთ, რადგან ეს ღვთის განდიდების შესაძლებლობას მოგცემთ. ბიბლია გპირდებათ: „იეჰოვაში პოვე ნეტარება და ის შეგისრულებს გულის წადილს“ (ფსალმ. 37:4). w17.07 26 ¶15—18

სამშაბათი, 22 ოქტომბერი

ადიდეთ იაჰი, . . . რადგან ეს სასიამოვნოა — შეშვენის მას ქება (ფსალმ. 147:1).

ჩვეულებრივ, მათ ვაქებთ ხოლმე, ვინც კარგად ასრულებს დაკისრებულ საქმეს ან ღვთისმოსაწონ თვისებებს ავლენს. თუ ადამიანები იმსახურებენ ჩვენგან ქებას, მით უმეტეს იეჰოვა ღმერთი იმსახურებს ამას. ჩვენ შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა განუზომელი ძალისთვის, რაც მის საოცარ ქმნილებებში ვლინდება, და ადამიანებისადმი გამოვლენილი უდიდესი სიყვარულისთვის, რაზეც გამოსასყიდი მეტყველებს. ასორმოცდამეშვიდე ფსალმუნის დამწერი აღძრული იყო, განედიდებინა იეჰოვა. ის სხვებსაც მოუწოდებდა, მასთან ერთად შეესხათ ხოტბა ღვთისთვის (ფსალმ. 147:7, 12). ჩვენთვის უცნობია, ვინ იყო ამ ფსალმუნის ავტორი; სავარაუდოდ, ის მაშინ ცხოვრობდა, როცა ბაბილონში გადასახლებული ისრაელები სამშობლოში დაბრუნდნენ (ფსალმ. 147:2). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღსადგენად ღვთის ხალხის სამშობლოში დაბრუნება აღძრავდა მას, განედიდებინა იეჰოვა. თქვენ რა მიზეზები გაქვთ იეჰოვას განსადიდებლად? (ფსალმ. 147:1). w17.07 17 ¶1—3

ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი

შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ (ლუკ. 16:9).

იესომ იცოდა, რომ მისი მიმდევრებიდან ბევრს თავის სარჩენად უსამართლო კომერციულ სისტემასთან ექნებოდა შეხება. მიუხედავად იმისა, რომ იესოს არ დაუკონკრეტებია, რატომ უწოდებდა სიმდიდრეს „უმართლოს“, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მოგების ნახვაზე აგებული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო. იეჰოვამ ყველაფერი უხვად მისცა ადამსა და ევას ედემის ბაღში (დაბ. 2:15, 16). პირველ საუკუნეში წმინდა სულით ცხებული ქრისტიანებიდან არც ერთი „არ ამბობდა თავის ქონებაზე, ჩემიაო; ყველაფერი საერთო ჰქონდათ“ (საქ. 4:32). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ყველა ადამიანი თავისუფლად ისარგებლებდა დედამიწის რესურსებით (ეს. 25:6—9; 65:21, 22). ვიდრე ეს დრო დადგება, იესოს მიმდევრებს გონიერება მართებთ, როცა ამ ქვეყნიერების უმართლო სიმდიდრეს თავის სარჩენად იყენებენ და ცდილობენ, ღვთის მოწონება დაიმსახურონ. (ლუკ. 16:8). w17.07 8 ¶4—6

ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი

შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს (იობ. 1:12).

წიგნ „იობიდან“, რომელიც ბიბლიის წიგნებს შორის ერთ-ერთი უძველესია, ვიგებთ სატანის განაცხადს, რომ დიდი განსაცდელის დროს იობი უარყოფდა ღმერთს. სატანა ცდილობდა, რომ იობის ტანჯვა თავად ღმერთს გამოეწვია. ეს ასე არ მოხდა, თუმცა იეჰოვამ სატანას იობის გამოცდის უფლება მისცა. მოკლე დროში იობმა დაკარგა მსახურები, მთელი ქონება და ათივე შვილი. სატანამ ისე მოაწყო ყველაფერი, თითქოს იობის განსაცდელები ღვთის ბრალი იყო (იობ. 1:13—19). შემდეგ სატანამ მას საშინელი დაავადება შეჰყარა (იობ. 2:7). თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყო, ცოლმა და სამმა ვაი-მეგობარმა თავიანთი სიტყვებით უფრო მეტი ტკივილი მიაყენეს იობს (იობ. 2:9; 3:11; 16:2). რით დასრულდა ეს ყველაფერი? აშკარა გახდა, რომ სატანის ბრალდება ცრუ იყო. იობმა ზურგი არ შეაქცია ღმერთს (იობ. 27:5). w17.06 24 ¶9, 10

პარასკევი, 25 ოქტომბერი

ვინც . . . არ ზრუნავს . . . ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო (1 ტიმ. 5:8).

დღეს ოჯახისთავებს ესმით, რომ ბიბლია ოჯახის მატერიალურ მოთხოვნილებებზე ზრუნვის პასუხისმგებლობას მათ აკისრებს. ამ ვალდებულების შესასრულებლად მათ ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ. თუმცა ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში სამსახური ხშირად სტრესისა და წუხილის მიზეზი ხდება. ვინაიდან სამუშაო ადგილები ცოტაა, მუშაობის მსურველი კი — ბევრი, ზოგჯერ დასაქმებულები იძულებულნი არიან, შედარებით დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მეტი იმუშაონ. გარდა ამისა, დამსაქმებლები უფრო მეტი საქმის გაკეთებას ითხოვენ, რაც ადამიანს ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად ფიტავს. ვინც ასეთ მსხვერპლზე არ მიდის, შეიძლება სამსახური დაკარგოს. ქრისტიანებმა უპირველეს ყოვლისა ღმერთს უნდა უერთგულონ და არა დამსაქმებელს (ლუკ. 10:27). სამსახური იმიტომ გვჭირდება, რომ ჩვენს ძირითად მოთხოვნილებებზე ვიზრუნოთ და იეჰოვას ვემსახუროთ. თუ ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება სამსახურმა ხელი შეგვიშალოს ღვთის მსახურებაში. w17.05 23 ¶5—7

შაბათი, 26 ოქტომბერი

უსმინე შენს მშობელ მამას და ნუ მოიძულებ დედაშენს სიბერის გამო (იგავ. 23:22).

ზოგჯერ ახალმონათლული ქრისტიანები სთხოვენ მოწიფულ ქრისტიანებს, რომ დაეხმარონ შვილებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაში. თუ მშობელი ვინმეს სთხოვს, რომ მის შვილებს შესწავლა ჩაუტაროს, მაუწყებელმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს მშობლის პასუხისმგებლობა (ეფეს. 6:1—4). ზოგჯერ მოწმეებს შვილებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებას სთხოვენ ის მშობლებიც, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ არიან. მაუწყებელს უნდა ახსოვდეს, რომ ბავშვებისთვის სულიერი დახმარების აღმოჩენით ის მათი მშობელი არ ხდება. სასურველია, რომ შესწავლა მშობლების ან მოწიფული ქრისტიანის თანდასწრებით ჩატარდეს მათ სახლში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. შესაბამისად, არავის ექნება მიზეზი, რომ არასწორად გაიგოს რამე. იმედია, დროთა განმავლობაში მშობლები თავად შეძლებენ ღვთისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას და თვითონ იზრუნებენ შვილების სულიერ აღზრდაზე. w17.06 8 ¶15, 16

კვირა, 27 ოქტომბერი

თუ ბგერის ძალა არ მესმის, . . . მოლაპარაკე უცხოელი იქნება ჩემთვის (1 კორ. 14:11).

თუ ბავშვს მშობლების კულტურა ეუცხოება, შეიძლება არ დაინტერესდეს მათი ენითა და რელიგიით. ქრისტიანი მშობლები შვილების სულიერ კეთილდღეობას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებენ (1 კორ. 10:24). ერთი ძმა, სამუელი ამბობს: „მე და ჩემი ცოლი ვაკვირდებოდით ბავშვებს, რომ გაგვეგო, რომელ ენაზე ესმოდათ უკეთ სულიერი საკითხები და ვლოცულობდით, რომ იეჰოვა ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში დაგვხმარებოდა. . . . როცა დავინახეთ, რომ ჩვენს ენაზე ჩატარებული კრების შეხვედრებიდან ბავშვებს ბევრი არაფერი ესმოდათ, გადავწყვიტეთ, იმ კრებაში გადავსულიყავით, რომელიც ადგილობრივ ენაზე ტარდებოდა. მთელი ოჯახი რეგულარულად ვესწრებოდით კრების შეხვედრებს და ვმონაწილეობდით მსახურებაში, სადილად ვეპატიჟებოდით ადგილობრივებს და მათთან ერთად ვათვალიერებდით საინტერესო ადგილებს. ეს დაეხმარა ჩვენს შვილებს, რომ დაახლოებოდნენ ძმებს და იეჰოვა მათთვის უბრალოდ ღმერთი კი არა, მამა და მეგობარი გამხდარიყო. ჩვენთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მათთვის მშობლიური ენის კარგად სწავლება“. w17.05 10 ¶11—13

ორშაბათი, 28 ოქტომბერი

აკურთხეთ იეჰოვა! (მსაჯ. 5:2)

მალე დედამიწა ისეთი ხალხით აივსება, რომლებიც მხოლოდ იეჰოვას უზენაესობას დაუჭერენ მხარს. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ დროს და ვუერთდებით დებორასა და ბარაკს, რომლებიც მღეროდნენ: „იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, შენი მოყვარულები კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ“ (მსაჯ. 5:31). ეს თხოვნა მაშინ შესრულდება, როცა იეჰოვა გაანადგურებს სატანის ბოროტ ქვეყნიერებას. არმაგედონის ომში მტრის გასანადგურებლად მოხალისეები აღარ იქნებიან საჭირო. ამ დროს მხოლოდ ის მოგვეთხოვება, რომ ვიდგეთ და ვიხილოთ, როგორ გვიხსნის იეჰოვა (2 მატ. 20:17). მაგრამ ამ დრომდე არაერთი შესაძლებლობა გვაქვს, გაბედულად და მთელი გულით შევასრულოთ იეჰოვას საქმე. დებორამ და ბარაკმა გამარჯვების სიმღერა უზენაეს ღმერთს მიუძღვნეს და არა ადამიანებს. ისინი მღეროდნენ: „ხალხი ხალისით მიდის. აკურთხეთ იეჰოვა!“ (მსაჯ. 5:1, 2). მსგავსად, დაე თქვენმა მზადყოფნის სულმა აღძრას სხვები, რომ მათაც განადიდონ იეჰოვა! w17.04 32 ¶17, 18

სამშაბათი, 29 ოქტომბერი

არც აქ გამიკეთებია ისეთი რამ, რომ მათ დილეგში ჩავეგდე (დაბ. 40:15).

მიუხედავად იმისა, რომ იოსებს არ დავიწყებია 13 წლის მანძილზე გადატანილი განსაცდელები, ის არ გაბოროტებულა (დაბ. 45:5—8). უფრო მეტიც, იოსები არ ჩამოშორებია იეჰოვას სხვების არასრულყოფილებისა და ბოროტი საქმეების გამო. ის ერთგული დარჩა და საკუთარი თვალით ნახა, როგორ გამოასწორა იეჰოვამ მდგომარეობა და როგორ აკურთხა ის და მისი ოჯახი. მსგავსად, ჩვენც უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ იეჰოვასთან ურთიერთობას. არასდროს უნდა დავუშვათ, რომ თანაქრისტიანების არასრულყოფილებამ ჩამოგვაშოროს ჩვენს საყვარელ ღმერთს (რომ. 8:38, 39). ამის საპირისპიროდ, უნდა მივბაძოთ იოსებს, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას და საკითხებს მისი თვალით შევხედოთ. როცა ბიბლიური პრინციპების თანახმად ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ, დანარჩენი იეჰოვას უნდა მივანდოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ის სათანადო დროს სათანადოდ გამოასწორებს მდგომარეობას. w17.04 20 ¶12; 22 ¶15, 16

ოთხშაბათი, 30 ოქტომბერი

თუ მოხედავ შენი მხევლის გაჭირვებას . . . და მისცემ ვაჟს, იეჰოვას მივუძღვნი მას მთელი მისი სიცოცხლე (1 სამ. 1:11).

ხანამ ღვთის წინაშე დადებული აღთქმა შეასრულა. მას არც კი უფიქრია სხვანაირად მოქცევა. ხანამ პატარა სამუელი მღვდელმთავარ ელის მიუყვანა შილოში, სადაც კარავი იდგა და უთხრა: „ამ ბავშვს ვთხოვდი ლოცვაში იეჰოვას, რომ შეესრულებინა ჩემი სათხოვარი. ახლა იეჰოვას მივაბარე იგი და მთელი სიცოცხლე იეჰოვასთვის იქნება მიძღვნილი“ (1 სამ. 1:24—28). „სამუელი იეჰოვასთან იზრდებოდა“ შილოში (1 სამ. 2:21). მაგრამ რას გრძნობდა ამ დროს ხანა? მას ძალიან უყვარდა თავისი პატარა, მაგრამ აღარ ჰქონდა ყოველდღე მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ალბათ, როგორ უნდოდა მისი ჩახუტება, მასთან თამაში, მისთვის რაიმეს სწავლება — იმ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა, რაც ბავშვის აღზრდას უკავშირდება და ძვირფას მოგონებად რჩება მოსიყვარულე დედის გულში. მიუხედავად ამისა, ხანა არ ნანობდა, რომ ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულა. ის დიდ სიხარულს გრძნობდა იეჰოვას კურთხევის გამო (1 სამ. 2:1, 2; ფსალმ. 61:1, 5, 8). w17.04 5 ¶7, 8

ხუთშაბათი, 31 ოქტომბერი

იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება (2 ტიმ. 3:1).

მას შემდეგ, რაც მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ მოგვიწევდა ცხოვრება, ღვთივშთაგონებით დაწერა: „ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად მოიქცევიან“ (2 ტიმ. 3:2—5, 13). ხედავთ, როგორ სრულდება ეს წინასწარმეტყველება? ბევრი ჩვენგანი გამხდარა ბოროტი ადამიანების — მოძალადეების, სიძულვილით სავსე ფანატიკოსებისა და დაუნდობელი ბოროტმოქმედების მსხვერპლი. ზოგი მათგანი ურცხვად სჩადის ბოროტებას, ზოგი კი თვალთმაქცია და სამართლიანობის ნიღაბს ამოფარებული აკეთებს ამას. შეიძლება უშუალოდ არ გავმხდარვართ მათი მსხვერპლი, მაგრამ ისინი მაინც უარყოფითად მოქმედებენ ჩვენზე. ჩვენ მოსვენებას გვიკარგავს მათ მიერ ჩადენილი შემაძრწუნებელი საქმეები და შიში გვიპყრობს, როცა ვიგებთ ბავშვების, მოხუცებისა და სხვა დაუცველი ადამიანების მიმართ სასტიკად მოპყრობის ფაქტებს. ბოროტი ადამიანები ავლენენ სულს, რომელიც არაადამიანური, მხეცური და ზოგ შემთხვევაში დემონურია (იაკ. 3:15). საბედნიეროდ, ღვთის სიტყვა სასიხარულო ცნობის მეშვეობით ანუგეშებს ამ საზარელი ამბებით გულდამძიმებულ ადამიანებს. w17.04 10 ¶4

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება