საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 108-118
  • ნოემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნოემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • პარასკევი, 1 ნოემბერი
  • შაბათი, 2 ნოემბერი
  • კვირა, 3 ნოემბერი
  • ორშაბათი, 4 ნოემბერი
  • სამშაბათი, 5 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 6 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 7 ნოემბერი
  • პარასკევი, 8 ნოემბერი
  • შაბათი, 9 ნოემბერი
  • კვირა, 10 ნოემბერი
  • ორშაბათი, 11 ნოემბერი
  • სამშაბათი, 12 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 13 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 14 ნოემბერი
  • პარასკევი, 15 ნოემბერი
  • შაბათი, 16 ნოემბერი
  • კვირა, 17 ნოემბერი
  • ორშაბათი, 18 ნოემბერი
  • სამშაბათი, 19 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 20 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 21 ნოემბერი
  • პარასკევი, 22 ნოემბერი
  • შაბათი, 23 ნოემბერი
  • კვირა, 24 ნოემბერი
  • ორშაბათი, 25 ნოემბერი
  • სამშაბათი, 26 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 27 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 28 ნოემბერი
  • პარასკევი, 29 ნოემბერი
  • შაბათი, 30 ნოემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 108-118

ნოემბერი

პარასკევი, 1 ნოემბერი

უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, . . . აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ (ტიტ. 2:12).

თვითკონტროლი ნიშნავს საკუთარი მოქმედებისა და ფიქრების გაკონტროლებას. ეს თვისება დაბადებიდან არ დაგვყვება; მას შეძენა სჭირდება. როცა მშობლები მოთმინებით ცდილობენ შვილების იეჰოვას მოსაწონად აღზრდასა და დარიგებას, მათ საკუთარი თავის კონტროლს და იეჰოვას სიბრძნეს ასწავლიან (ეფეს. 6:4). იმავეს თქმა შეიძლება მათზე, ვინც იეჰოვას მსახური ზრდასრულ ასაკში გახდა. მართალია, ისინი ზრდადასრულებულები არიან და გარკვეულწილად შეუძლიათ საკუთარი თავის კონტროლი, მაგრამ, როგორც ღვთის ახალი მსახურები, ისინი სულიერად მოუმწიფებლები არიან. როცა ასეთი ქრისტიანები ცდილობენ, მიჰბაძონ იესოს და „ახალი პიროვნებით“ შეიმოსონ, თანდათანობით სულიერ მოწიფულობას აღწევენ (ეფეს. 4:23, 24). საკუთარი თავის გაკონტროლების უნარი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის სულიერ ზრდას. w18.03 29 ¶3, 4

შაბათი, 2 ნოემბერი

სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ (რომ. 12:13).

ჩვენ გულთბილად ვიღებთ ყველას, ვინც ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენი მასპინძლების, იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიერ მომზადებული სულიერი საზრდოს მისაღებად მოდის (რომ. 15:7). როცა კრებაში ახლები მოდიან, ჩვენც მასპინძლები ვხდებით. ამიტომ კარგი იქნება, ინიციატივა გამოვავლინოთ და, მათი გარეგნობისა თუ ჩაცმულობის მიუხედავად, გულთბილად მივიღოთ ისინი (იაკ. 2:1—4). თუ სტუმარი არავის ახლავს თან, შეგიძლიათ თქვენ გვერდით დაჯდომა შესთავაზოთ? ალბათ, ის მადლიერი დაგრჩებათ, თუ კრების მსვლელობის დროს ყურადღებას მიაქცევთ და ბიბლიური მუხლების მოძებნაში დაეხმარებით. ეს სტუმართმოყვარეობის გამოვლენის შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ. კრებაში საჯარო მომხსენებლის, სარაიონო ზედამხედველის ან ზოგჯერ ადგილობრივი ფილიალის წარმომადგენლის სტუმრობა საშუალებას გვაძლევს, მათ მიმართ სტუმართმოყვარეობა გამოვიჩინოთ (3 იოან. 5—8). სტუმართმოყვარეობის გამოვლენის ერთ-ერთი კარგი საშუალება მათი სახლში დაპატიჟება და გამასპინძლებაა. შეგიძლიათ გამოავლინოთ ამგვარი სტუმართმოყვარეობა? w18.03 15 ¶5, 7

კვირა, 3 ნოემბერი

რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო? (საქ. 8:36)

განვიხილოთ იმ იუდეველი მამაკაცის შემთხვევა, რომელიც ქრისტიანებს დევნიდა. ის ღვთისთვის მიძღვნილ ერში დაიბადა. თუმცა ამ ერს უკვე აღარ ჰქონდა იეჰოვასთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ეს მამაკაცი იუდაური ადათ-წესების მოშურნე იყო, მაგრამ მოგვიანებით უკეთესი რამ გაიგო. მან პირადად მიიღო დამოწმება მკვდრეთით აღმდგარი და განდიდებული იესო ქრისტესგან. როგორ გამოეხმაურა ის იესოს სიტყვებს? მან დიდი სიამოვნებით მიიღო დახმარება ქრისტეს მოწაფე ანანიასგან. ამ მამაკაცის შესახებ ბიბლია ამბობს: „ადგა და მოინათლა“ (საქ. 9:17, 18; გალ. 1:14). ალბათ მიხვდით, რომ ეს იუდეველი კაცი სავლე იყო, რომელიც მოგვიანებით მოციქული პავლეს სახელით გახდა ცნობილი. დაფიქრდით, როგორც კი პავლემ გაიგო, თუ რა როლს ასრულებდა იესო ღვთის განზრახვის შესრულებაში, დაუყოვნებლივ მოინათლა (საქ. 22:12—16). იმავეს თქმა შეიძლება ბიბლიის შემსწავლელზეც, მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდაა ის თუ ხანდაზმული. w18.03 5, 6 ¶9—11

ორშაბათი, 4 ნოემბერი

ვერ გელაპარაკეთ როგორც სულიერებს, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელებს (1 კორ. 3:1).

იაკობს არ ჰქონდა დალხენილი ცხოვრება. მის ხორციელად მოაზროვნე ძმას, ესავს, მისი მოკვლა უნდოდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მისი სიმამრი არაერთხელ შეეცადა ცბიერულად მის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო ხორციელად მოაზროვნე ადამიანები ჰყავდა, იაკობი სულიერად ძლიერი რჩებოდა (1 კორ. 2:14—16). ის რწმენას ავლენდა აბრაამისთვის მიცემული დაპირების მიმართ და ყველანაირად ზრუნავდა ოჯახზე, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა იეჰოვას განზრახვის განხორციელებაში (დაბ. 28:10—15). იაკობი სიტყვითა თუ საქმით ცხადყოფდა, რომ არასდროს ავიწყდებოდა ღვთის ნება და ნორმები. მაგალითად, როცა ესავის მხრიდან საშიშროება ემუქრებოდა, იაკობმა ღმერთს უთხრა: „გევედრები, მიხსენი . . . შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ და შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევო“ (დაბ. 32:6—12). უდავოდ, მან დიდი რწმენა გამოავლინა და სურდა, რომ ღვთის ნებისა და განზრახვის თანახმად ემოქმედა. w18.02 20 ¶9, 10

სამშაბათი, 5 ნოემბერი

უმწიკვლო, მართალი, ღვთისმოშიში კაცია და ბოროტებისგან შორს დგას (იობ. 1:8).

იობს ცხოვრებაში ავიც უნახავს და კარგიც. სანამ განსაცდელები დაატყდებოდა, ის „ყველაზე დიდებული კაცი იყო მთელ აღმოსავლეთში“ (იობ. 1:3). ის იყო მდიდარი, გამოჩენილი და პატივდებული ადამიანი (იობ. 29:7—16). თუმცა ქედმაღალი არ გამხდარა და არ უფიქრია, რომ ღმერთი არაფერში სჭირდებოდა. იეჰოვამ მას თავისი მსახური უწოდა. სატანამ დაიწყო იობის წინააღმდეგ თავისი მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელება და ეს ისე გააკეთა, რომ იობს თავის უბედურებაში ღმერთი დაედანაშაულებინა (იობ. 1:13—21). იობთან მისულმა სამმა ვაი-ნუგეშისმცემელმა თავიანთი მწარე სიტყვებით ფაქტობრივად უთხრეს მას, რომ ღვთისგან ის მიიღო, რასაც იმსახურებდა (იობ. 2:11; 22:1, 5—10). მიუხედავად ამისა, იობმა უმწიკვლობა შეინარჩუნა. როცა იობის განსაცდელები დასრულდა, იეჰოვამ ორმაგად აუნაზღაურა დანაკარგი. ამის შემდეგ იობმა კიდევ 140 წელიწადს იცოცხლა (იაკ. 5:11). ამ დროის მანძილზე ის იეჰოვასადმი განსაკუთრებულ ერთგულებას ავლენდა. w18.02 6 ¶16; 7 ¶18

ოთხშაბათი, 6 ნოემბერი

ადამიანები იქნებიან . . . თავდაჯერებულები, ამპარტავნები, . . . გაყოყოჩებულები (2 ტიმ. 3:2, 4).

ასეთი თვისებების მქონე ადამიანებს იმის დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებთ, რომ სხვები მათით მოხიბლულები და აღტაცებულები იყვნენ. ერთი სწავლული ამპარტავან ადამიანებზე ამბობს: „ისინი საკუთარ გულში სამსხვერპლოს უგებენ თავიანთ თავს და ეთაყვანებიან“. ზოგის აზრით, ამპარტავნობა იმდენად საშინელი თვისებაა, რომ ის სხვებში ამაყ ადამიანებსაც კი არ მოსწონთ. იეჰოვას სძულს სიამაყე და „ამაყად მომზირალი თვალები“ (იგავ. 6:16, 17). სიამაყე ადამიანს ღმერთთან დაახლოებაში უშლის ხელს (ფსალმ. 10:4). ეს არის ეშმაკისთვის დამახასიათებელი თვისება (1 ტიმ. 3:6). სამწუხაროდ, ღვთის ზოგ ერთგულ მსახურსაც სძლია სიამაყემ. მაგალითად, იუდას მეფე უზია წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს. მაგრამ, „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა. . . საკმეველი ეკმია“. მოგვიანებით მეფე ხიზკიაც გადიდგულდა, მაგრამ მალევე მოეგო გონს (2 მატ. 26:16; 32:25, 26). w18.01 28 ¶4, 5

ხუთშაბათი, 7 ნოემბერი

თითოეულმა თქვენგანმა თავის სახლში გადადოს და გადაინახოს, ვისაც რისი საშუალება აქვს (1 კორ. 16:2).

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ იეჰოვას საქმის მხარდასაჭერად ხალხი ოდითგანვე იღებდა შესაწირავებს. იყო შემთხვევები, როცა იეჰოვას ხალხი შესაწირავებით მხარს უჭერდა ზოგიერთი პროექტის განხორციელებას (გამ. 35:5; 2 მეფ. 12:4, 5; 1 მატ. 29:5—9). პირველ საუკუნეში, როცა ძმებმა გაიგეს, რომ შიმშილობის გამო თანაქრისტიანებს დახმარება სჭირდებოდათ, „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“ (საქ. 11:27—30). ის, რასაც ხალხი შესაწირავად იღებდა, სხვადასხვა გზით ჰქონდათ მოპოვებული. პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ყიდდა თავის ქონებას, მაგალითად მინდვრებსა და სახლებს, და აღებული ფული მოციქულებთან მიჰქონდა, ისინი კი ამ თანხებს საჭიროების მიხედვით ანაწილებდნენ (საქ. 4:34, 35). ზოგ ქრისტიანს ყოველთვის ჰქონდა გადადებული თანხა და რეგულარულად სწირავდა მას ღვთის საქმის მხარდასაჭერად. ასე რომ, ყველას, მდიდარსა თუ ღარიბს, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ამ საქმეში (ლუკ. 21:1—4). w18.01 18 ¶7; 19 ¶9

პარასკევი, 8 ნოემბერი

ყმაწვილები დაიღლებიან და დაიქანცებიან (ეს. 40:30).

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად უნარიანები ვართ, ყოველთვის იქნება რაღაც, რის გაკეთებასაც საკუთარი ძალით ვერ შევძლებთ. ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ. პავლე მოციქული საკმაოდ ნიჭიერი იყო, თუმცა დიდი სურვილის მიუხედავად, ყველაფრის გაკეთება არც მას შეეძლო. მან თავისი წუხილი ღვთის წინაშე გამოხატა, რის შემდეგაც ღმერთმა უთხრა: „სისუსტეში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“. პავლე ჩასწვდა აზრს. მან თქვა: „როცა სუსტი ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორ. 12:7—10). რას გულისხმობდა ის? პავლეს ესმოდა, რომ ღვთის ძალის გარეშე ბევრი რამის გაკეთება არ შეეძლო. წმინდა სულის მეშვეობით ის ისეთ დავალებებს შეასრულებდა, რომელთა გაკეთებასაც საკუთარი ძალით ვერასდროს შეძლებდა. იმავეს თქმა შეიძლება ჩვენზეც — ჩვენც იეჰოვას ძალით ვძლიერდებით! w18.01 9 ¶8, 9

შაბათი, 9 ნოემბერი

ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები, რომლებსაც . . . შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად (2 ტიმ. 3:15).

როცა შენი შვილი მონათვლის სურვილს გამოთქვამს, კარგად გამოიკვლიეთ მშობლებისთვის განკუთვნილი მასალა, რომელიც იეჰოვას ორგანიზაციამ მოამზადა თქვენთვის. თუ ასე მოიქცევით, შეძლებთ, დაანახვოთ შვილებს ამ საკითხების სერიოზულობა და ის კურთხევები, რომლებიც იეჰოვასადმი მიძღვნას და მონათლულ ქრისტიანად გახდომას მოაქვს. როგორც მშობელს, დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ და, ამავე დროს, უდიდესი პატივი გხვდათ წილად, რომ შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდოთ და დაარიგოთ (ეფეს. 6:4). მშობლებს მოეთხოვებათ, არა მხოლოდ ასწავლონ შვილებს ის, რასაც ბიბლია ამბობს, არამედ დაეხმარონ, რომ ისინი თავად დარწმუნდნენ ნასწავლის ჭეშმარიტებაში. ახალგაზრდებს სჭირდებათ ძლიერი რწმენა, რომელიც მათ იეჰოვასთვის თავის მიძღვნისა და მთელი გულით მსახურებისკენ აღძრავს. დაე იეჰოვას სიტყვა, მისი სული და თქვენი, როგორც მშობლების, ძალისხმევა დაეხმაროს თქვენს შვილებს, რომ დაბრძენდნენ გადასარჩენად. w17.12 22 ¶17, 19

კვირა, 10 ნოემბერი

აღდგები შენი წილის მისაღებად დღეების ბოლოს (დან. 12:13).

დანიელი 100 წელს იყო მიტანებული და დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. აღდგებოდა ის მკვდრეთით? რა თქმა უნდა! დანიელის წიგნი სრულდება დაპირებით, რომელიც ღმერთმა მას მისცა: „შენ კი მიდი აღსასრულამდე; დაისვენებ“. მოხუცმა დანიელმა იცოდა, რომ მკვდრები უმოქმედო მდგომარეობაში იყვნენ და „არც ცოდნა და არც სიბრძნე არ არის სამარეში“, სადაც მალე თვითონაც იქნებოდა (ეკ. 9:10). მაგრამ დანიელისთვის ყველაფერი ამით არ დასრულდებოდა, რადგან იეჰოვა მას შესანიშნავ მომავალს ჰპირდებოდა. დანიელისთვის მიცემულ დაპირებას დღევანდელ მუხლში ვკითხულობთ. დანიელმა ზუსტად არ იცოდა, როდის მოხდებოდა ეს და რამდენი დრო გავიდოდა, სანამ ეს სიტყვები შესრულდებოდა. ის დაასრულებდა სიცოცხლეს და დაისვენებდა. თუმცა სიტყვები „აღდგები შენი წილის მისაღებად“, იმაზე მიანიშნებდა დანიელს, რომ ეს მომავალში მოხდებოდა. ის „დღეების ბოლოს“ ანუ სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგ აღდგებოდა. w17.12 7 ¶17, 18

ორშაბათი, 11 ნოემბერი

ერთი მოწმის ჩვენებით სული არ უნდა მოკვდეს (რიცხ. 35:30).

იეჰოვა ისრაელი უხუცესებისგან მოითხოვდა, რომ მის მიერ დადგენილი სამართლის მაღალი ნორმებით ეხელმძღვანელათ. მათ ჯერ უნდა დაედგინათ რა და როგორ მოხდა, შემდეგ კი, სანამ გადაწყვეტდნენ, იმსახურებდა თუ არა დამნაშავე გულმოწყალებას, უნდა გაეთვალისწინებინათ მისი მოტივები, დამოკიდებულება და წარსული. გადაწყვეტილება ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად რომ მიეღოთ, უხუცესებს უნდა განესაზღვრათ, ამოძრავებდა თუ არა მკვლელს სიძულვილი და იყო თუ არა ჩასაფრებული მსხვერპლს (რიცხ. 35:20—24). მოწმეების არსებობის შემთხვევაში სულ მცირე ორი მოწმე იყო საჭირო, რომ ადამიანისთვის განზრახ მკვლელობაში დაედოთ ბრალი. ამგვარად, მას შემდეგ, რაც ზუსტად დაადგენდნენ საქმის დეტალებს, უხუცესებს მხოლოდ მომხდარ ფაქტზე კი არ უნდა ეფიქრათ, არამედ თავად იმ ადამიანზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. მათ წვდომის უნარი სჭირდებოდათ, რათა მომხდარის მიღმა გაეხედათ და დაენახათ, რა მიზეზით იქნა ჩადენილი დანაშაული. ამ დროს უხუცესებს ყველაზე მეტად წმინდა სული სჭირდებოდათ, რომ იეჰოვას მსგავსად წვდომის უნარი, გულმოწყალება და სამართლიანობა გამოევლინათ (გამ. 34:6, 7). w17.11 16 ¶13, 14

სამშაბათი, 12 ნოემბერი

ამაზე იფიქრე (1 ტიმ. 4:15).

როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, არაერთი ძვირფასი ჭეშმარიტება აღმოვაჩინეთ. მაგალითად, ჩვენ გავიგეთ, რომ იეჰოვაა ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მომცემი, რომელმაც გარკვეული განზრახვით შექმნა ადამიანები და სიყვარულით გაიღო თავისი ძე, რათა ცოდვისა და სიკვდილისგან გამოვესყიდეთ. ჩვენ ისიც გავიგეთ, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას და ამ სამეფოს მმართველობის დროს მშვიდობიანად და ბედნიერად ვიცხოვრებთ მარადიულად (იოან. 3:16; გამოცხ. 4:11; 21:3, 4). დროდადრო შეიძლება მეტი ნათელი მოეფინოს რომელიმე ბიბლიურ წინასწარმეტყველებას ან მონაკვეთს. როცა ახალ ახსნას ვიღებთ, დრო უნდა გამოვყოთ მის შესასწავლად და მასზე დასაფიქრებლად (საქ. 17:11). ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა გვესმოდეს კარგად, რაც ძირფესვიანად შეიცვალა, არამედ ძველსა და ახალს შორის ისეთი განსხვავებებიც, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს. ამგვარად, ჩვენს სულიერ საგანძურს ახალ განძს შევმატებთ. w17.06 12, 13 ¶15, 16

ოთხშაბათი, 13 ნოემბერი

ჩაკალით თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები: სიძვა, უწმინდურება, ვნება (კოლ. 3:5).

განსაკუთრებული სიფრთხილე ისეთ სიტუაციებში გვმართებს, სადაც შეიძლება ადვილად ვცდუნდეთ და იეჰოვას ზნეობრივი ნორმები დავარღვიოთ. მაგალითად, გონივრული იქნება, თუ შეყვარებულები თავიდანვე დაადგენენ საზღვრებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა შეხება, კოცნა და განმარტოება (იგავ. 22:3). უზნეობის ჩადენის ცდუნების წინაშე ქრისტიანი შეიძლება მაშინაც დადგეს, როცა მივლინებით არის წასული სადმე ან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან უწევს მუშაობა (იგავ. 2:10—12, 16). აგრეთვე დიდი სიფრთხილეა საჭირო, როცა თავს დათრგუნულად ან მარტოდ გრძნობთ. ზოგჯერ შეიძლება სასოწარკვეთილები იყოთ და იმდენად გჭირდებოდეთ ემოციური მხარდაჭერა, რომ ნებისმიერი ადამიანისგან გესიამოვნოთ ყურადღება. თუ თქვენც მოგეძალებათ მსგავსი გრძნობები, იეჰოვას და თანაქრისტიანებს გაანდეთ თქვენი ფიქრები (ფსალმ. 34:18; იგავ. 13:20). w17.11 26 ¶4, 5

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი

გამოყავით თქვენთვის თავშესაფარი ქალაქები (იეს. 20:2).

ძველ ისრაელში სისხლის ღვრის არცერთი შემთხვევა არ რჩებოდა იეჰოვას მხედველობიდან. განზრახ მკვლელობის შემთხვევაში მკვლელს მსხვერპლის უახლოესი ნათესავი მამაკაცი კლავდა, რომელიც „სისხლის ამღები“ იყო (რიცხ. 35:19). ამგვარად, მკვლელს საკუთარი სიცოცხლით უნდა ეზღო უდანაშაულო ადამიანის სისხლი. განაჩენის დაუყოვნებლივ აღსრულება აღთქმულ მიწას წაბილწვისგან იცავდა. იეჰოვას მათთვის ნათქვამი ჰქონდა: „არ წაბილწოთ მიწა, რომელზეც ცხოვრობთ, რადგან [ადამიანის] სისხლი ბილწავს მიწას“ (რიცხ. 35:33, 34). როგორ ექცეოდნენ ისრაელები უნებლიე მკვლელობის ჩამდენს? მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ არ ჰქონდა მკვლელობა განზრახული, უნებლიე მკვლელობის ჩამდენს მაინც მოეთხოვებოდა პასუხი უდანაშაულო ადამიანის სისხლის ღვრისთვის (დაბ. 9:5). თუმცა იეჰოვა ასეთების მიმართ წყალობას ავლენდა. გაქცეულს შეეძლო ექვსი თავშესაფარი ქალაქიდან ერთ-ერთისთვის შეეფარებინა თავი, რათა სისხლის ამღებს არ მოეკლა. ის იქ უსაფრთხოდ იქნებოდა. უნებლიე მკვლელობის ჩამდენი თავშესაფარ ქალაქში მღვდელმთავრის სიკვდილამდე უნდა დარჩენილიყო (რიცხ. 35:15, 28). w17.11 9 ¶3—5

პარასკევი, 15 ნოემბერი

წინდახედული კი ფარავს სირცხვილს (იგავ. 12:16).

ერთი ავსტრალიელი და გვიყვება: „ჩემს მამამთილს ჩვენი რწმენის გაგონებაც არ უნდოდა. სანამ მოსაკითხად დავურეკავდით, მე და ჩემი ქმარი ვლოცულობდით და იეჰოვას დახმარებას ვთხოვდით, რომ მის აგრესიაზე მშვიდად გვეპასუხა. აგრეთვე წინასწარ ვსაზღვრავდით, რამდენ ხანს ვისაუბრებდით, რადგან ხანგრძლივი საუბარი ხშირ შემთხვევაში რელიგიაზე ცხარე კამათით მთავრდებოდა“. კონფლიქტის გამო ზოგჯერ შეიძლება თავი დამნაშავედ იგრძნოთ, რადგან გიყვართ ნათესავები და გინდათ, რომ ასიამოვნოთ მათ. მიუხედავად ამისა, შეეცადეთ, რომ ოჯახისა და ნათესავების სიყვარულზე მაღლა იეჰოვასადმი ერთგულება დააყენოთ. თქვენი ასეთი დამოკიდებულებით შეიძლება დაანახვოთ ახლობლებს, რომ ბიბლიის თანახმად ცხოვრება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. გახსოვდეთ, რომ ჭეშმარიტებას ძალით ვერავის მიაღებინებთ. ნაცვლად ამისა, შეეცადეთ, თქვენი საქმეებით დაანახვოთ, რომ ბიბლიური ნორმების დაცვამ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ჩვენი მოსიყვარულე მამა მათაც აძლევს არჩევანის თავისუფლებას (ეს. 48:17, 18). w17.10 15, 16 ¶15, 16

შაბათი, 16 ნოემბერი

გვიყვარდეს არა სიტყვითა და ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით (1 იოან. 3:18).

ჩვენი სიყვარული მხოლოდ სიტყვებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი მხრიდან მოქმედებაა საჭირო. მაგალითად, გაჭირვებული თანაქრისტიანისთვის მხოლოდ კარგი სიტყვების თქმა არ კმარა (იაკ. 2:15, 16). მსგავსად, იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, რომ უბრალოდ კი არ ვთხოვოთ ღმერთს, მუშები გამოგზავნოს სამკალში, არამედ თავადაც სრულად ჩავებათ სამქადაგებლო საქმეში (მათ. 9:38). მოციქულმა იოანემ დაწერა, რომ უნდა გვიყვარდეს „საქმითა და ჭეშმარიტებით“. აქედან გამომდინარე, ჩვენი „სიყვარული უთვალთმაქცო [უნდა] იყოს“ (რომ. 12:9; 2 კორ. 6:6). თუ ნიღაბს ვატარებთ, ანუ თავს მოსიყვარულე ადამიანად წარმოვაჩენთ, სინამდვილეში კი გულში სულ სხვა რამე გვაქვს, ნამდვილ სიყვარულს არ ვავლენთ. ამიტომ შესაძლოა ვიკითხოთ: შეიძლება, რომ თვალთმაქცურ სიყვარულს სიყვარული ვუწოდოთ? არავითარ შემთხვევაში, რადგან თვალთმაქცობას სინამდვილეში სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს! w17.10 8 ¶5, 6

კვირა, 17 ნოემბერი

იკითხე ის დღედაღამ, . . . მაშინ იმოქმედებ ბრძნულად (იეს. 1:8).

თუ გვსურს, ღვთის სიტყვამ ჩვენზე იმოქმედოს, ის რეგულარულად, შეძლებისდაგვარად ყოველდღე უნდა ვიკითხოთ. ცხადია, ყველას გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, თუმცა არაფერს უნდა დავრთოთ ნება, მათ შორის მნიშვნელოვან პასუხისმგებლობებსაც კი, რომ ხელი შეგვიშალოს ბიბლიის კითხვაში (ეფეს. 5:15, 16). ბევრი ღვთის მსახური დღის სხვადასხვა მონაკვეთში კითხულობს ბიბლიას. ზოგი დილით ადრე ამჯობინებს წაკითხვას, ზოგი — საღამოს, ზოგიც — დღის განმავლობაში. ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც ფსალმუნმომღერალი: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმ. 119:97). მაგრამ მარტო წაკითხვა საკმარისი არ არის; საჭიროა, ვიფიქროთ წაკითხულზე (ფსალმ. 1:1—3). მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ბიბლიური სიბრძნის ცხოვრებაში გამოყენებას. არა აქვს მნიშვნელობა, ბიბლიას ფურცელზე ვკითხულობთ თუ ელექტრონულ მოწყობილობაში, ის გულში უნდა ჩავიბეჭდოთ. w17.09 24 ¶4, 5

ორშაბათი, 18 ნოემბერი

იყავით . . . თანამგრძნობნი (1 პეტ. 3:8).

თანაგრძნობის გამოვლენა ყოველთვის მართებული არ არის. მაგალითად, მეფე საულს ვითომდა თანაგრძნობის გამოვლენა იეჰოვამ ურჩობაში ჩაუთვალა, რადგან მან დაინდო იეჰოვას ხალხის მტერი, ამალეკის მეფე აგაგი. შედეგად, იეჰოვამ უარყო საული როგორც ისრაელის მეფე (1 სამ. 15:3, 9, 15). ჩვენგან განსხვავებით, სამართლიანი მსაჯული იეჰოვა გულებს კითხულობს და იცის, როდის არის საჭირო თანაგრძნობის გამოვლენა და როდის არა (გოდ. 2:17; ეზეკ. 5:11). მალე იეჰოვა განაჩენს აღასრულებს ურჩ ადამიანებზე (2 თეს. 1:6—10). მაშინ ის აღარ თანაუგრძნობს მათ, ვისაც ბოროტად ჩათვლის. მეტიც, მათი განადგურებით ღმერთი თანაგრძნობას გამოავლენს მართლების მიმართ, რომელთაც იხსნის. ცხადია, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიღუპება და ვინ გადარჩება. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ხალხის დასახმარებლად. w17.09 10, 11 ¶10—12

სამშაბათი, 19 ნოემბერი

სულის ნაყოფია: . . . თავშეკავება (გალ. 5:22, 23).

თავშეკავება ღვთისმოსაწონი თვისებაა. იეჰოვა სრულყოფილად ავლენს მას, მაგრამ ადამიანებს არასრულყოფილების გამო გვიჭირს თავის შეკავება. ხშირად სწორედ ამის გამო გვექმნება ბევრი პრობლემა. თავშეუკავებელი ადამიანი მედღეხვალიე ხდება და სკოლასა თუ სამსახურში წარმატებებს ვერ აღწევს. სიტყვიერი შეურაცხყოფა, სმა, ძალადობა, განქორწინება, არასაჭირო ვალები, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, პატიმრობა, ემოციური ტრავმა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და არასასურველი ორსულობა — ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ცუდი შედეგებისა, რომლებიც თავშეუკავებლობას მოჰყვება (ფსალმ. 34:11—14). რაც დრო გადის, ხალხს უფრო მეტად უჭირს თავშეკავების გამოვლენა. 1940-იან წლებში ჩატარებული კვლევებიდან გამოჩნდა, რომ მაშინაც იყო თავშეკავების პრობლემა, თუმცა თანამედროვე კვლევებმა ცხადყო, რომ დღეს ამ მხრივ მდგომარეობა გაუარესებულია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია, რომ „ბოლო დღეებში“ ადამიანები თავშეუკავებლები იქნებოდნენ (2 ტიმ. 3:1—3). w17.09 3 ¶1, 2

ოთხშაბათი, 20 ნოემბერი

ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს (ფილ. 4:7).

როდესაც „ღვთის მშვიდობა“ გვაქვს, ის იცავს ჩვენს გულსა და გონებას. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ზრუნავს ჩვენზე და სურს, ბედნიერები ვიყოთ (1 პეტ. 5:10). ამის ცოდნა გვიცავს, რომ წუხილმა და გულგატეხილობამ არ გვშთანთქას. მალე მთელ კაცობრიობას დიდი გასაჭირი დაატყდება თავს, რომლის მსგავსიც არასდროს ყოფილა დედამიწაზე (მათ. 24:21, 22). ზუსტად არ ვიცით, რის გადატანა მოგვიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადამეტებულად უნდა ვიწუხოთ. ჩვენ არც ის ვიცით, რას და როგორ გააკეთებს იეჰოვა, თუმცა შესანიშნავად ვიცით, როგორია ჩვენი ღმერთი. მისი გაკეთებული საქმეები ცხადყოფს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ის ყოველთვის ასრულებს თავის განზრახვას და ზოგჯერ ამას ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით აკეთებს. ყოველთვის, როცა იეჰოვა ამგვარად მოქმედებს ჩვენ სასიკეთოდ, ვგრძნობთ „ღვთის მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“. w17.08 12 ¶16, 17

ხუთშაბათი, 21 ნოემბერი

მოითმინეთ უფლის მოსვლამდე (იაკ. 5:7).

„როდემდე?“ სწორედ ამ კითხვით მიმართეს ერთგულმა წინასწარმეტყველებმა, ესაიამ და აბაკუმმა იეჰოვას (ეს. 6:11; აბაკ. 1:2). ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემაც დასვა ეს კითხვა, როცა გარშემომყოფთა ურწმუნოება დაინახა (მათ. 17:17). ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ დროდადრო მსგავსი კითხვა ჩვენც გაგვიჩნდება.შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ უსამართლობას ვხვდებით, ასაკში შევდივართ, ჯანმრთელობის პრობლემებს ვებრძვით ან ის, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). გარდა ამისა, მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ გარშემომყოფთა არასწორი აზროვნება და საქციელი გულს გვიტეხს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ ძველად მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურები თამამად სვამდნენ ამ კითხვას და ამის გამო იეჰოვა არ განსჯიდა მათ. რა დაგვეხმარება, თუ ასეთი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდებით? ამ კითხვაზე პასუხს მოწაფე იაკობი გვცემს დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით. w17.08 3, 4 ¶1—3

პარასკევი, 22 ნოემბერი

შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით (ლუკ. 16:9).

იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, რომ „უმართლო სიმდიდრის“ გამოყენებით მეგობრები შეეძინა ზეცაში. ერთგულების დამტკიცების ერთ-ერთი საშუალება იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერაა (მათ. 24:14). ინდოეთში პატარა გოგონა ყულაბაში ხურდებს აგროვებდა და სათამაშოებისთვის ნაჩუქარ ფულსაც იქ ყრიდა. როცა ყულაბა გაივსო, მან ეს ფული სამქადაგებლო საქმიანობის მხარდასაჭერად შესწირა. ერთ ინდოელ ძმას ქოქოსის პლანტაცია აქვს. მან მოსავლის ნაწილი მალაიალამურ მთარგმნელობით ოფისს შესწირა, რადგან მისი აზრით, ფულის შეწირვის ნაცვლად, ჯობდა, ის პროდუქტი შეეწირა, რომლის ყიდვა ისედაც უწევდათ ძმებს. ეს ძმა გონივრულად მოიქცა. მსგავსად, საბერძნეთში და-ძმები ბეთელს რეგულარულად სწირავენ ზეითუნის ზეთს, ყველსა და სხვა პროდუქტებს. w17.07 8 ¶7, 8

შაბათი, 23 ნოემბერი

გვიმღერეთო სიონის რომელიმე სიმღერა (ფსალმ. 137:3).

ბაბილონის ტყვეობაში ისრაელებს არ ემღერებოდათ, რადგან გულგატეხილები იყვნენ და ნუგეში სჭირდებოდათ. იეჰოვას არ დავიწყებია თავისი ხალხი. წინასწარმეტყველების თანახმად, სპარსეთის მეფე კიროსმა დაიპყრო ბაბილონი, გაათავისუფლა ისრაელები და ბრძანა: „იეჰოვამ . . . დამავალა მისთვის სახლის აშენება იერუსალიმში . . . თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, იეჰოვა, მისი ღმერთი იყოს მასთან, დაე, წავიდეს!“ (2 მატ. 36:23). ეს მანუგეშებელი იქნებოდა ბაბილონში მცხოვრები ისრაელებისთვის! იეჰოვა არა მხოლოდ მთელ ერს ანუგეშებდა და ეხმარებოდა, არამედ ისრაელიდან თითოეულს. ეს ასეა დღესაც. ღმერთი „კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 147:3). მნიშვნელობა არა აქვს, ღვთის ხალხს ფიზიკური დახმარება სჭირდება თუ ემოციური, იეჰოვა თითოეულ თავის მსახურზე ზრუნავს. მას ძალიან სურს, გვანუგეშოს და ემოციური ჭრილობები მოგვიშუშოს (ფსალმ. 34:18; ეს. 57:15). ღმერთი საჭირო სიბრძნესა და ძალას გვაძლევს, რომ ნებისმიერ სირთულეს გავართვათ თავი (იაკ. 1:5). w17.07 18 ¶4, 5

კვირა, 24 ნოემბერი

სადაც განძი გაქვთ, თქვენი გულიც იქ იქნება (ლუკ. 12:34).

იეჰოვა უმდიდრესი პიროვნებაა სამყაროში (1 მატ. 29:11, 12). როგორც გულუხვი მამა, ის არ უკავებს თავის სულიერ სიმდიდრეს მათ, ვისაც ამ სიმდიდრის ფასი ესმის. უზომოდ მადლიერები ვართ, რომ იეჰოვამ გვიბოძა ისეთი სულიერი განძი, როგორიცაა ღვთის სამეფო, მსახურება და ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტება. მაგრამ, თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება ამ ყველაფრისადმი მადლიერება დავკარგოთ და არაფრად ჩავაგდოთ ისინი. ასე რომ არ მოხდეს, გამუდმებით უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს, რამდენად ძვირფასია ეს განძი და გავიღრმაოთ მისადმი მადლიერება. ბევრმა ჩვენგანმა ძირეული ცვლილებები მოვახდინეთ, რომ ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები გავმხდარიყავით (რომ. 12:2). თუმცა საკუთარ თავზე მუშაობა არ დაგვიმთავრებია. ჩვენ მუდამ უნდა ვიფხიზლოთ, რომ სხვა რამემ, მაგალითად, სიმდიდრისკენ სწრაფვამ ან უზნეო სექსუალურმა სურვილებმა, ჩვენს გულში ღვთის სამეფოს ადგილი არ დაიკავოს (იგავ. 4:23; მათ. 5:27—29). w17.06 9 ¶1; 10 ¶7

ორშაბათი, 25 ნოემბერი

იქნებ . . . იცი (იობ. 38:21).

ვერსად ვნახავთ, რომ ღმერთმა იობს მისი ტანჯვის მიზეზი აუხსნა. ღმერთს იობის წინაშე თავის მართლება არ სჭირდებოდა. მას სურდა, დახმარებოდა იობს, გაეთვითცნობიერებინა, რომ ღვთის დიდებულებასთან შედარებით ის არარაობა იყო. იეჰოვამ აგრეთვე დაანახვა იობს, რომ ყურადღება უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა გადაეტანა (იობ. 38:18—20). შედეგად, იობმა სწორი თვალსაზრისი აღიდგინა. ასეთი დიდი განსაცდელების შემდეგ მკაცრად ხომ არ მოექცა იეჰოვა იობს, როცა პირდაპირ შეაგონა? რა თქმა უნდა, არა, და არც იობი თვლიდა ამას სიმკაცრედ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გადაიტანა, იობი ღვთის მადლიერი იყო. ბოლოს მან ისიც კი თქვა: „უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები და მტვერსა და ნაცარში ვინანიებ“ (იობ. 42:1—6). მას შემდეგ, რაც იობმა შეგონება მიიღო და თვალსაზრისი შეიცვალა, იეჰოვამ ყველას გასაგონად თქვა, რომ იწონებდა განსაცდელების დროს იობის გამოვლენილ ერთგულებას (იობ. 42:7, 8). w17.06 24, 25 ¶11, 12

სამშაბათი, 26 ნოემბერი

მარიამმა უკეთესი აირჩია და არ წაერთმევა მას (ლუკ. 10:42).

იმის გასაგებად, გვაქვს თუ არა გაწონასწორებული შეხედულება სამუშაოზე, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ხომ არ ვფიქრობ, რომ ჩემი სამუშაო საინტერესო და სახალისოა, სულიერ საქმეებში მონაწილეობა კი — მოსაწყენი და ერთფეროვანი?! ამაზე ფიქრი დაგვეხმარება, გავიგოთ, სინამდვილეში რა გვიყვარს ყველაზე მეტად. იესომ გვასწავლა, როგორ დავადგინოთ პრიორიტეტები სწორად. ერთხელ ის მარიამსა და მის დას, მართას, ესტუმრა. მართა საჭმელს ამზადებდა, მარიამი კი იესოს ფერხთით ეჯდა და უსმენდა. როცა მართამ დაიჩივლა, რომ მარიამი არ ეხმარებოდა, იესომ დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა (ლუკ. 10:38—42). მოძღვარმა მნიშვნელოვანი რამ ასწავლა მართას. ცხოვრებისეულ საზრუნავზე რომ არ გადავიტანოთ ყურადღება და დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ქრისტე, უკეთესი უნდა ავირჩიოთ, ანუ სულიერი საკითხები პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. w17.05 24 ¶9, 10

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი

მოისმინე, . . . მამაშენის დარიგება (იგავ. 1:8).

იეჰოვამ ბავშვების ჭეშმარიტებაში აღზრდა მშობლებს დაავალა და არა პაპა-ბებიებსა თუ სხვებს (იგავ. 31:10, 27, 28). თუმცა იმიგრანტ მშობლებს ენის არცოდნის გამო შეიძლება სხვების დახმარება დასჭირდეთ, რომ ჭეშმარიტება შვილების გულამდე მიიტანონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უარს ამბობენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობაზე. პირიქით, ასეთმა დახმარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს მშობლებს, შვილები იეჰოვას მოსაწონად აღზარდონ და დაარიგონ (ეფეს. 6:4). მაგალითად, მათ შეიძლება რჩევა ჰკითხონ უხუცესებს, თუ როგორ ჩაატარონ ოჯახური თაყვანისცემა ან როგორ დაეხმარონ შვილებს კარგი მეგობრების პოვნაში. მათ აგრეთვე შეუძლიათ დროდადრო სხვა ოჯახები დაპატიჟონ ოჯახურ თაყვანისცემაზე. ბევრ ახალგაზრდაზე დადებითად მოქმედებს სულიერად მოწიფულ ადამიანებთან ურთიერთობა, მათთან ერთად მსახურება და გართობა (იგავ. 27:17). w17.05 11, 12 ¶17, 18

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი

გაიქეცი ეგვიპტეში (მათ. 2:13).

როცა ანგელოზმა გააფრთხილა, რომ მეფე ჰეროდეს იესოს მოკვლა უნდოდა, იოსები მარიამთან და პატარა იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. ისინი იქ ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ (მათ. 2:14, 19—21). ათწლეულების შემდეგ იესოს მოწაფეებიდან ბევრი დევნის გამო „იუდეასა და სამარიაში გაიფანტა“ (საქ. 8:1). იესომ განჭვრიტა, რომ მისი მიმდევრებიდან ბევრი იძულებული გახდებოდა, სახლი დაეტოვებინა. მან თქვა: „როცა ერთ ქალაქში დაგიწყებენ დევნას, მეორეში გაიქეცით“ (მათ. 10:23). ასეთი რამ შეემთხვა ათასობით იეჰოვას მოწმესაც. ბევრმა დაკარგა საყვარელი ადამიანები და მათგან თითქმის ყველამ — მთელი ქონება. ზოგი გაქცევის დროსაც აღმოჩნდა საფრთხეში და ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრების დროსაც, სადაც ადამიანები ლოთობდნენ, აზარტული თამაშებით ერთობოდნენ, იპარავდნენ და უზნეო ცხოვრებას ეწეოდნენ. მიუხედავად ამისა, მოწმეები მომავალს იმედის თვალით უყურებდნენ, რადგან ახსოვდათ, რომ ისრაელების უდაბნოში ხეტიალის მსგავსად, მათი ბანაკებში ცხოვრებაც ადრე თუ გვიან დასრულდებოდა (2 კორ. 4:18). w17.05 3, 4 ¶2—5

პარასკევი, 29 ნოემბერი

დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს, არ არსებობს მათთვის დაბრკოლება (ფსალმ. 119:165).

ზოგჯერ შეიძლება კრებაში თქვენ ან თქვენი ახლობელი უსამართლობის მსხვერპლი გახდეთ ან ისეთ რამეს წააწყდეთ, რაც უსამართლობა გგონიათ. ნუ დაგაბრკოლებთ ეს! ნაცვლად ამისა, გამოავლინეთ ერთგულება, ილოცეთ და მიენდეთ ღმერთს. ამასთანავე, თავმდაბლად უნდა ვაღიაროთ, რომ შეიძლება ყველა ფაქტი არ ვიცოდეთ. ისიც კარგად გვესმის, რომ არასრულყოფილების გამო შეიძლება რაღაც არასწორად გავიგოთ. არ უნდა ვისაუბროთ უარყოფითად, რადგან ეს მდგომარეობას უფრო ამწვავებს. დაბოლოს, სიტუაციის საკუთარი ძალით გამოსწორების ნაცვლად, ერთგულება უნდა შევინარჩუნოთ და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. შედეგად, იეჰოვას მოწონებასა და კურთხევას დავიმსახურებთ. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა, „მთელი დედამიწის მოსამართლე“, ყოველთვის სწორად მოიქცევა, „რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა“ (დაბ. 18:25; კან. 32:4). w17.04 22 ¶17

შაბათი, 30 ნოემბერი

მიატოვოს ბოროტმა თავისი გზა, . . . დაუბრუნდეს იეჰოვას, რომელიც შეიწყალებს მას (ეს. 55:7).

რა ელის მათ, ვისაც გამოსწორება არ სურს და ვინც დიდი გასაჭირის დაწყების წინ ისევ ქვეყნიერებაში რჩება? იეჰოვას დაპირების თანახმად, ბოროტი ადამიანები სამუდამოდ მოისპობიან (ფსალმ. 37:10). შესაძლოა ისინი ფიქრობენ, რომ თავს დააღწევენ გასამართლებას, რადგან კარგად ახერხებენ დანაშაულის ისე მიჩქმალვას, რომ არც პასუხი აგონ და არც ცუდი შედეგები იწვნიონ (იობ. 21:7, 9). მაგრამ ბიბლია ყველას შეგვახსენებს: „ადამიანის გზას დაჰყურებს [ღვთის] თვალები და მის ნაბიჯებს ხედავს იგი. არ არსებობს არც სიბნელე და არც უკუნეთი, სადაც სიავის მქნელები დაიმალებოდნენ“ (იობ. 34:21, 22). იეჰოვა ღმერთს ვერავინ დაემალება. ვერც ერთი თვალთმაქცი ვერ მოატყუებს მას. არ არსებობს ისეთი ბნელი და იდუმალებით მოცული საქმე, რომლის არსსაც ღმერთი ვერ ჩასწვდება. არმაგედონის შემდეგ ძებნაც რომ დავუწყოთ ბოროტებს, ვეღარსად ვნახავთ. ისინი სამუდამოდ აღიგვებიან მიწის პირიდან! (ფსალმ. 37:12—15). w17.04 10 ¶5

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება