იანვარი
ოთხშაბათი, 1 იანვარი
მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე (რიცხ. 12:3).
როცა მოსე ეგვიპტის სამეფო ოჯახის წევრი იყო, მასზე თვინიერი ნამდვილად არ ითქმოდა. ის ისეთი ფიცხი იყო, რომ კაციც კი მოკლა, რადგან ჩათვალა, რომ ის უსამართლოდ იქცეოდა. მოსემ დაასკვნა, რომ იეჰოვა მოიწონებდა მის საქციელს. იეჰოვას 40 წელი დასჭირდა მოსესთვის იმის სასწავლებლად, რომ ისრაელი ერის წინამძღოლობისთვის გაბედულებაზე მეტი იყო საჭირო; ის თვინიერი უნდა გამხდარიყო. თვინიერების გამოსავლენად კი მას თავმდაბლობა, მორჩილება და რბილი ხასიათი სჭირდებოდა. საბოლოოდ მან განივითარა ეს თვისებები და შესანიშნავი ზედამხედველი გახდა (გამ. 2:11, 12; საქ. 7:21—30, 36). დღეს ოჯახისთავებმა და უხუცესებმა უნდა მიჰბაძონ მოსეს. როცა უპატივცემულოდ გექცევიან, ადვილად ნუ განაწყენდებით. თავმდაბლად აღიარეთ, რომ შეცდომებს თქვენც უშვებთ (ეკლ. 7:9, 20). პრობლემის გადაჭრის დროს დაემორჩილეთ იეჰოვას მითითებებს და ყოველთვის მშვიდად უპასუხეთ სხვებს (იგავ. 15:1). როცა ოჯახისთავები და ზედამხედველები ღვთისმოსაწონად იქცევიან, ხელს უწყობენ მშვიდობას და თვინიერების კარგ მაგალითს იძლევიან. w19.02 8 ¶1; 10 ¶9, 10
ხუთშაბათი, 2 იანვარი
გული დაეწვა მათ გამო (მარ. 6:34).
რატომ ეწვოდა იესოს გული და რატომ თანაუგრძნობდა ხალხს? მან დაინახა, რომ ადამიანები „უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ“. შესაძლოა იესომ მათ შორის მძიმედ მშრომელნიც შენიშნა, რომლებიც ოჯახის სარჩენად დღე და ღამეს ასწორებდნენ. იქ შეკრებილთა შორის, ალბათ, მგლოვიარენიც იყვნენ, რომელთა სახეზეც იესომ ენით აუწერელი ტკივილი ამოიკითხა. როგორც უნდა ყოფილიყო, ფაქტია, იესო კარგად გაუგებდა მათ, რადგან თავადაც ჰქონდა გამოცდილი მსგავსი პრობლემები. სიბრალულმა იესო აღძრა, რომ მანუგეშებელი ცნობა გადაეცა მათთვის (ეს. 61:1, 2). რის სწავლა შეგვიძლია იესოს მაგალითიდან? დღეს ჩვენ გარშემოც არიან ადამიანები, რომლებიც უმწყემსო ცხვრებს ჰგვანან. მათ არაერთ პრობლემასთან უწევთ ჭიდილი. ჩვენ გვაქვს სამეფოს შესახებ ცნობა, რაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ (გამოცხ. 14:6). ქრისტიანები ვბაძავთ იესოს და ვუქადაგებთ მათ, რადგან „საწყლებისა და ღარიბების“ მიმართ სიბრალულით ვართ განმსჭვალულები (ფსალმ. 72:13). ჩვენ თანავუგრძნობთ და დახმარების ხელს ვუწვდით მათ. w19.03 21, 22 ¶6, 7
პარასკევი, 3 იანვარი
კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელიც ყოველდღიურად ატარებს ჩვენს ტვირთს (ფსალმ. 68:19).
უამრავი მიზეზი გვაქვს, გვიყვარდეს იეჰოვა. მისგან მომდინარეობს ყოველივე კარგი, რითაც ყოველდღიურად ვტკბებით. მეტიც, ის გვაცნობს თავის თავს და თავის განზრახვებს (იოან. 8:31, 32). იეჰოვა ქრისტიანული კრების მეშვეობით გვიცავს და გვხელმძღვანელობს. ღმერთი დღესვე გვიმსუბუქებს ტვირთს და გვპირდება, რომ დედამიწაზე სრულყოფილ პირობებში მარადიულად ვიცხოვრებთ (გამოცხ. 21:3, 4). როცა ვფიქრობთ, უკვე რამდენი რამ გააკეთა იეჰოვამ ჩვენთვის სიყვარულის დასამტკიცებლად, სურვილი გვიჩნდება, მას სიყვარულითვე ვუპასუხოთ. ღვთისადმი სიყვარული კი გვეხმარება, ჯანსაღი შიში გვქონდეს. ჩვენ გვეშინია, გული არ ვატკინოთ მას, ვინც ასე ძლიერ შევიყვარეთ. თუ კვლავაც დარწმუნდები, რომ იეჰოვას მითითებების მიყოლა შენთვისვეა სასიკეთო, უფრო მეტად შეგიყვარდება ღმერთი და მისი ნორმები. ასეთ შემთხვევაში სატანა ვერ გათქმევინებს უარს იეჰოვას მსახურებაზე. წარმოიდგინე შენი თავი ათასი წლის შემდეგ. როცა წარსულს გაიხსენებ, კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ნათლობა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც კი ოდესმე მიგიღია! w19.03 6 ¶14; 7 ¶19
შაბათი, 4 იანვარი
ვინ იპოვის მარჯვე ცოლს? მარჯანზე ბევრად ძვირფასია იგი (იგავ. 31:10).
მთელ ოჯახზე დადებითად აისახება, როცა თითოეული ცდილობს მადლიერების გამოხატვას. რაც უფრო მეტად ავლენს ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ მადლიერებას, მით მეტად უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს და უფრო უადვილდებათ ერთმანეთის შეცდომებზე თვალის დახუჭვა. მადლიერი ქმარი არა მხოლოდ ამჩნევს თავისი ცოლის დადებით საუბარსა და კარგ საქმეებს, არამედ „აქებს მას“ (იგავ. 31:28). თავის მხრივ, გონიერი ცოლიც კონკრეტულად ეუბნება ქმარს, რისთვის არის მადლიერი. მშობლებო, როგორ შეგიძლიათ ასწავლოთ შვილებს მადლიერების გამოვლენა? გახსოვდეთ, რომ ბავშვები თქვენ მოგბაძავენ, ამიტომ მადლიერების კარგი მაგალითი მიეცით და როცა რაიმე კარგს გააკეთებენ თქვენთვის, მადლობა გადაუხადეთ. აგრეთვე ასწავლეთ შვილებს, მადლობა უთხრან მათ, ვინც მათთვის რაღაცას აკეთებს. აუხსენით, რომ მადლიერება გულიდან მოდის და მათ სიტყვებს ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია. w19.02 17 ¶14, 15
კვირა, 5 იანვარი
სანამ ცოცხალი ვარ, არ დავთმობ უმწიკვლობას! (იობ. 27:5)
ეს ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იყო. იობმა შეასრულა თავისი ნათქვამი — სატანის თავდასხმას გაუძლო და ჩვენც შეგვიძლია იმავეს გაკეთება. სატანა იმავე ბრალდებას უყენებს თითოეულ ჩვენგანს. თქვენ როგორ გეხებათ საკითხი, რომელიც სატანამ იობის შემთხვევაში წამოჭრა? ფაქტობრივად, ის ამბობს, რომ სინამდვილეში არ გიყვართ იეჰოვა, ტყუილად დებთ თავს ერთგულებაზე და როგორც კი საქმე საკუთარი თავის გადარჩენაზე მიდგება, მაშინვე შეწყვეტთ მისადმი მსახურებას! (იობ. 2:4, 5; გამოცხ. 12:10). რა გრძნობა გეუფლებათ ამის მოსმენაზე? ალბათ, გული გტკივათ. მაგრამ დაფიქრდით: იეჰოვა სატანას თქვენი ერთგულების გამოცდის ნებას რთავს. ის იმდენად გენდობათ, რომ შესაძლებლობას გაძლევთ, დაუმტკიცოთ ერთგულება და დაეხმაროთ სატანის სიცრუის გამოაშკარავებაში. იეჰოვას სჯერა თქვენი და გპირდებათ, რომ გვერდში დაგიდგებათ (ებრ. 13:6). რამხელა პატივია, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი ნდობას გიცხადებთ! ხედავთ, რამდენად მნიშვნელოვანია უმწიკვლობის შენარჩუნება? ეს შესაძლებლობას გვაძლევს, გავაბათილოთ სატანის სიცრუე და მხარი დავუჭიროთ ღვთის წმინდა სახელსა და მმართველობას. w19.02 5 ¶9, 10
ორშაბათი, 6 იანვარი
მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს (იოან. 16:2).
იესომ თავისი მიმდევრები მომავალი განსაცდელების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, მის მაგალითს მიჰყოლოდნენ და სიმტკიცე შეენარჩუნებინათ (იოან. 16:1—4, 33). მოწაფეები წლების შემდეგაც კი მიჰყვებოდნენ იესოს კვალს და თავგანწირვის სულსა და გაბედულებას ავლენდნენ. ისინი მზად იყვნენ, რომ, რის ფასადაც არ უნდა დასჯდომოდათ, გასაჭირის დროს ერთმანეთს გვერდში დადგომოდნენ (ებრ. 10:33, 34). იესოს გაბედულების მაგალითს დღესაც მივყვებით. მაგალითად, გაბედულება გვჭირდება, რომ დევნების დროს მხარში ამოვუდგეთ ჩვენს და-ძმებს. ზოგჯერ შეიძლება ჩვენი თანამორწმუნეები უსამართლოდ დააპატიმრონ. ასეთ დროს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათთვის და მათ დასაცავად უნდა ავიმაღლოთ ხმა (ფილ. 1:14; ებრ. 13:19). გაბედულად ქადაგება სიმამაცის გამოვლენის კიდევ ერთი საშუალებაა (საქ. 14:3). იესოს მსგავსად, დევნისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, არ ვწყვეტთ სამეფოს ცნობის ქადაგებას. w19.01 22, 23 ¶8, 9
სამშაბათი, 7 იანვარი
ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის. ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ ერთმანეთი (ებრ. 10:24, 25).
რა დაგეხმარება კრების შეხვედრებზე გამამხნევებელი კომენტარების გაკეთებაში? ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება ამაში ყოველი შეხვედრისთვის მომზადებაა. თუ წინასწარ დაგეგმავთ და კარგად მოემზადებით, კომენტარის დროს უფრო თავდაჯერებული იქნებით (იგავ. 21:5). რას ნიშნავს კრების შეხვედრისთვის კარგად მომზადება? მომზადება ლოცვით დაიწყეთ და იეჰოვას სთხოვეთ წმინდა სული (ლუკ. 11:13; 1 იოან. 5:14). შემდეგ თვალი გადაავლეთ მასალას და დაფიქრდით სათაურზე, ქვესათაურებზე, სურათებსა და ჩარჩოებზე. თითოეული აბზაცის მომზადებისას შეეცადეთ, რაც შეიძლება მეტი მითითებული მუხლი წაიკითხოთ. დაფიქრდით, რა ინფორმაციას გაწვდით ესა თუ ის აბზაცი. განსაკუთრებული ყურადღება კი იმ აზრებზე გაამახვილეთ, რომლებზეც კომენტარის გაკეთებას აპირებთ. რაც უფრო კარგად იქნებით მომზადებული, მით მეტს ისწავლით და მით მეტად გაგიადვილდებათ კომენტარის გაკეთება (2 კორ. 9:6). w19.01 9 ¶6; 11, 12 ¶13—15
ოთხშაბათი, 8 იანვარი
ჩაიწერე ხილვა (აბაკ. 2:2).
იეჰოვამ აბაკუმს თავისი გრძნობები და საწუხარი დააწერინა, რითაც მნიშვნელოვანი რამ დაგვანახვა: ჩვენ არასდროს უნდა შეგვეშინდეს იეჰოვასთვის ჩვენი წუხილისა თუ ეჭვების გაზიარების. ის ხომ სიყვარულით გვიწვევს, ლოცვაში გული გადმოვუღვაროთ?! (ფსალმ. 50:15; 62:8). აბაკუმმა თავად გადადგა ნაბიჯი, რომ დაახლოებოდა ღმერთს. იეჰოვა მისთვის სანდო მეგობარი და მამა იყო. ის უბრალოდ კი არ წუხდა და საკუთარი გონებით კი არ ცდილობდა პრობლემის გადაჭრას, არამედ ლოცვაში უზიარებდა იეჰოვას თავის გრძნობებსა და საწუხარს, რითაც კარგი მაგალითი დაგვიტოვა. ლოცვების მომსმენი ღმერთი იეჰოვა მოგვიწოდებს, მივენდოთ მას და ლოცვაში გავანდოთ ჩვენი სადარდებელი (ფსალმ. 65:2). თუ ასე მოვიქცევით, საკუთარ თავზე გამოვცდით, როგორ გვპასუხობს იეჰოვა. თავისი მითითებების მეშვეობით ის, ასე ვთქვათ, გულში გვიხუტებს (ფსალმ. 73:23, 24). რა სირთულის წინაშეც არ უნდა აღმოვჩნდეთ, ღმერთი აუცილებლად დაგვანახვებს თავის თვალსაზრისს და დაგვეხმარება, უფრო გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს ჩვენს მდგომარეობაზე. გულმხურვალე ლოცვები ღვთისადმი ნდობის ერთ-ერთი უდიდესი გამოხატულებაა. w18.11 13 ¶2; 14 ¶5, 6
ხუთშაბათი, 9 იანვარი
ის დედამიწაზე მცხოვრები წმინდებისთვისაა; ისინი, დიდებულები, მანიჭებენ სიამოვნებას (ფსალმ. 16:3).
დავითის სამეგობრო წრე მხოლოდ მისი თანატოლებით არ შემოიფარგლებოდა. შეგიძლია გაიხსენო, ვინ იყო დავითის საუკეთესო მეგობარი? მას იონათანი ერქვა. მათი ამბავი ბიბლიაში ჩაწერილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ისტორიაა ნამდვილ მეგობრობაზე. იცოდი, რომ იონათანი დავითზე თითქმის 30 წლით უფროსი იყო? რა ედო საფუძვლად დავითისა და იონათანის მეგობრობას? ღვთისადმი რწმენა, ურთიერთპატივისცემა და გაბედულება, რომელსაც ორივენი ავლენდნენ იეჰოვას მტრების წინაშე (1 სამ. 13:3; 14:13; 17:48—50; 18:1). დავითისა და იონათანის მსგავსად, ჩვენც გვსიამოვნებს მათთან ურთიერთობა, ვისაც უყვარს იეჰოვა და რწმენას ავლენს მის მიმართ. კირა, რომელიც არაერთი წელია იეჰოვას ემსახურება, ამბობს: „მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული წარმომავლობისა და კულტურის მეგობრები მყავს“. როცა სამეგობრო წრეს აფართოებ, თავად რწმუნდები, რომ იეჰოვას სიტყვა და მისი სული აერთიანებს ადამიანებს. w18.12 26 ¶11—13
პარასკევი, 10 იანვარი
თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს (მათ. 19:9).
სიძვაში მოიაზრება ქორწინების გარეშე სხვადასხვა სახის სექსუალური უზნეობა, მაგალითად მრუშობა, პროსტიტუცია, დაუქორწინებლებს შორის სქესობრივი ურთიერთობა, ჰომოსექსუალიზმი და ზოოფილია. თუ დაქორწინებულმა მამაკაცმა სექსუალური უზნეობა ჩაიდინა, ცოლს შეუძლია გადაწყვიტოს, გაეყაროს თუ არა მას. ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ ერთ-ერთი მეუღლის მხრიდან უზნეობის (პორნია) ჩადენას აუცილებლად განქორწინება უნდა მოჰყოლოდა. მაგალითად, ცოლმა შეიძლება ოჯახის შენარჩუნება გადაწყვიტოს, მიუხედავად იმისა, რომ ქმარმა სექსუალური უზნეობა ჩაიდინა. შეიძლება ცოლს მაინც უყვარს თავისი ქმარი და მზად არის, აპატიოს და მხარში ამოუდგეს მას, რათა ერთად განამტკიცონ ქორწინება. თუ ცოლი განქორწინებას გადაწყვეტს და ხელახლა არ დაქორწინდება, გარკვეულ სირთულეებს შეხვდება. ეს შეიძლება იყოს მატერიალური მხარე, სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მარტოობის გრძნობა. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ბავშვების ფაქტორიც (1 კორ. 7:14). აშკარაა, მარტოდ დარჩენილი უდანაშაულო მეუღლე სერიოზულ სირთულეებს შეხვდება. w18.12 12 ¶10, 11
შაბათი, 11 იანვარი
იეჰოვას მოყვარულნო, შეიძულეთ ბოროტება (ფსალმ. 97:10).
იეჰოვას სძულს უმართლობა (ეს. 61:8). მას ესმის, რომ არასრულყოფილების გამო ცუდისკენ ვართ მიდრეკილები, თუმცა მოგვიწოდებს, მივბაძოთ მას და შევიძულოთ უმართლობა. იმ მიზეზებზე ფიქრი, თუ რატომ სძულს იეჰოვას ბოროტება, დაგვეხმარება, გავითავისოთ მისი აზროვნება, და ძალას შეგვმატებს, გავუძლოთ არასწორი საქციელის ჩადენის ცდუნებას. უმართლობაზე იეჰოვას აზროვნების განვითარება იმაშიც დაგვეხმარება, რომ მიუღებლად მივიჩნიოთ ისეთი საქმეები, რომლებზეც ბიბლია კონკრეტულად არაფერს ამბობს. მაგალითად, გარყვნილ საქმეებს მიეკუთვნება ისეთი ცეკვა, რომლის დროსაც თითქმის შიშველი მოცეკვავე კალთაში უზის კლიენტს და სექსუალურ მოძრაობებს აკეთებს. ასეთი ცეკვა უფრო და უფრო პოპულარული ხდება დღევანდელ ქვეყნიერებაში. ზოგმა შეიძლება გაამართლოს ასეთი საქციელი და თქვას, რომ ეს სექსი არ არის. თუმცა დაფიქრდით, ირეკლავს ასეთი საქციელი ღვთის აზროვნებას, რომელსაც სძულს ყოველგვარი უზნეობა? მოდი ვისწავლოთ საკუთარი თავის კონტროლი და შევიზიზღოთ ბოროტება, რაც დაგვეხმარება, თავი შორს დავიჭიროთ ასეთი უზნეო საქციელისგან (რომ. 12:9). w18.11 25 ¶11, 12
კვირა, 12 იანვარი
მართალი თავისი ერთგულებით იცოცხლებს (აბაკ. 2:4).
პავლე მოციქულისთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო იეჰოვას დაპირება, რომ თავის წერილებში სამჯერ მოიყვანა ამ მუხლიდან ციტატა (რომ. 1:17; გალ. 3:11; ებრ. 10:38). რა სირთულესაც არ უნდა შეხვდეს მართალი, რწმენა და ნდობა დაეხმარება, რომ საკუთარი თვალით იხილოს ღვთის დაპირებების შესრულება. იეჰოვას სურს, რომ უფრო შორს გავიხედოთ. აბაკუმის წიგნი ამ ბოლო დღეებში მცხოვრებთ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის. იეჰოვა სიცოცხლეს ჰპირდება ყველა მართალ ადამიანს, რომლებიც რწმენასა და ნდობას ავლენენ მის მიმართ. დაე, განსაცდელისა და საწუხარის მიუხედავად, კვლავაც გავიძლიეროთ ღვთისადმი რწმენა და ნდობა! აბაკუმის მეშვეობით იეჰოვა გვარწმუნებს, რომ მხარში დაგვიდგება და გვიხსნის. ის გვთხოვს, მივენდოთ მას და მოთმინებით დაველოდოთ მის მიერ დანიშნული დროის დადგომას, როცა ღვთის სამეფოს მმართველობის დროს მთელი დედამიწა ბედნიერი და რბილი ხასიათის ადამიანებით აივსება (მათ. 5:5; ებრ. 10:36—39). w18.11 16, 17 ¶15—17
ორშაბათი, 13 იანვარი
ჭეშმარიტებაში დადიან (3 იოან. 4).
პირველ საუკუნეში ზოგმა, ვინც თავიდან დადებითად გამოეხმაურა იესოს სწავლებებს, აღარ განაგრძო ჭეშმარიტებაში სიარული. მაგალითად, მას შემდეგ, რაც იესომ სასწაულებრივად დააპურა დიდძალი ხალხი, ისინი მას გალილეის ზღვის გაღმა გაჰყვნენ. იესომ უთხრა მათ: „თუ კაცის ძის ხორცს არ ჭამთ და მის სისხლს არ სვამთ, სიცოცხლე არა გაქვთ თქვენში“. ისინი გააოგნა ამის მოსმენამ და ნაცვლად იმისა, რომ ამ სიტყვების ახსნა ეთხოვათ, დაბრკოლდნენ და თქვეს: „ამას რას ამბობს? განა შეიძლება ამის მოსმენა?“. შედეგად, „ბევრი მისი მოწაფე ადრინდელ საქმეებს დაუბრუნდა და აღარ დაჰყვებოდა მას“ (იოან. 6:53—66). სამწუხაროდ, ზოგი ვერ დარჩა ჭეშმარიტებაში. ზოგიერთი დააბრკოლა ცნობილი ძმების სიტყვებმა თუ საქციელმა. სხვებს ეწყინათ, რომ ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა მისცეს, ან იმის გამო მიატოვეს ჭეშმარიტება, რომ თანაქრისტიანთან სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ. w18.11 9 ¶3—5
სამშაბათი, 14 იანვარი
ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე (მათ. 23:10).
როცა ბოლომდე არ გვესმის ორგანიზაციული ცვლილებების მიზეზი, კარგი იქნება დავფიქრდეთ, როგორ ხელმძღვანელობდა ქრისტე წარსულში ღვთის ხალხს. როგორც იესო ნავეს ძის დროს, ისე პირველ საუკუნეში ის ყოველთვის ბრძნულ მითითებებს აძლევდა ღვთის მსახურებს, რათა დაეცვა, რწმენაში გაეძლიერებინა და ერთობის შენარჩუნებაში დახმარებოდა მათ (ებრ. 13:8). ერთგული და გონიერი მონის დროული მითითებები იმაზე მეტყველებს, რომ იესო სიყვარულით ზრუნავს ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე (მათ. 24:45). თუ დავაკვირდებით, როგორ გვხელმძღვანელობს იესო, დავინახავთ, რომ ის ჩვენი სულიერი კეთილდღეობითაა დაინტერესებული. სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვის გარდა ქრისტე გვეხმარება, რომ ძირითადი აქცენტი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაზე გვქონდეს გადატანილი (მარ. 13:10). w18.10 25 ¶13—16
ოთხშაბათი, 15 იანვარი
იმ მოწოდების ღირსად იარეთ, რომლითაც მოწოდებულნი ხართ (ეფეს. 4:1, 2).
თავშეკავების გამოვლენის შესანიშნავი მაგალითი, როცა ჩვენს პროვოცირებას ცდილობენ, ჩაწერილია 2 სამუელის 16:5—13-ში. დავითს და მის მსახურებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა შიმეი, რომელიც მეფე საულის ნათესავი იყო. დავითს წონასწორობა არ დაუკარგავს მიუხედავად იმისა, რომ მისი შეჩერების ძალა შესწევდა. როგორ შეძლო დავითმა თავშეკავების გამოვლენა? მე-3 ფსალმუნის ეპიგრაფიდან ვიგებთ, რომ დავითმა ეს ფსალმუნი მაშინ დაწერა, „როცა თავის ვაჟს, აბესალომს, გაურბოდა“. პირველ და მეორე მუხლებში ის მოვლენებია აღწერილი, რომელთა შესახებაც მეორე სამუელის მე-16 თავში ვკითხულობთ. ფსალმუნის 3:4-ში კი დავითი დარწმუნებით ამბობს: „ხმამაღლა დავუძახებ იეჰოვას და . . . მიპასუხებს“. ჩვენც შეგვიძლია ვილოცოთ, როცა უსამართლოდ გვეპყრობიან. პასუხად იეჰოვა თავის წმინდა სულს მოგვცემს, რაც მოთმინებაში დაგვეხმარება. დაფიქრდით, უსამართლო მოპყრობის გამო, როდის შეიძლება დაგჭირდეთ თავშეკავებისა და მიმტევებლობის გამოვლენა. გჯერათ, რომ იეჰოვა დაინახავს თქვენს გასაჭირს და კურთხევებს არ მოგაკლებთ? w18.09 6, 7 ¶16, 17
ხუთშაბათი, 16 იანვარი
ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ (1 კორ. 3:9).
ჩვენ ყოველთვის გულისხმიერები და თავაზიანები უნდა ვიყოთ, რაშიც ადგილობრივი ხალხის კარგად გაცნობა დაგვეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარდაკარ მსახურების დროს დაუპატიჟებელი სტუმრები ვართ. ამიტომ აუცილებელია, ისეთი დრო შევარჩიოთ, როცა მობინადრეები უფრო მეტად არიან სასაუბროდ განწყობილები (მათ. 7:12). თქვენს ტერიტორიაზე გვიანობამდე ხომ არ სძინავს ხალხს უქმეებზე? თუ ასეა, შეგიძლიათ ისე დაგეგმოთ, რომ ჯერ ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმსახუროთ. აგრეთვე შეგიძლიათ განმეორებით მოინახულოთ ისინი, ვისზეც ფიქრობთ, რომ ეღვიძება და ეცლება. დღეს ბევრი ძალიან დაკავებულია, ამიტომ გონივრული იქნება, თუ დიდ დროს არ წავართმევთ მათ, განსაკუთრებით თავიდან მაინც (1 კორ. 9:20—23). როცა დაინახავენ, რომ ვითვალისწინებთ მათ მდგომარეობას და გადატვირთულ გრაფიკს, შემდეგშიც ექნებათ ჩვენთან საუბრის სურვილი. თუ მსახურების დროს ღვთის სულის ნაყოფს ვავლენთ, „ღვთის თანამშრომელნი“ ვხდებით. შეიძლება სწორედ ჩვენ აღმოვჩნდეთ ის ადამიანები, ვისი მეშვეობითაც იეჰოვა მათ ჭეშმარიტებისკენ მიიზიდავს (1 კორ. 3:6, 7). w18.09 32 ¶15—17
პარასკევი, 17 იანვარი
ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას (მათ. 5:5).
როგორ უწყობს ხელს რბილი ხასიათი ბედნიერებას? ჭეშმარიტების შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღების შემდეგ ადამიანები იცვლებიან. ერთ დროს შეიძლება ისინი უხეშები, შარიანები და აგრესიულები იყვნენ, მაგრამ „ახალი პიროვნებით“ შემოსვის შემდეგ ისეთ თვისებებს ავლენენ, როგორიცაა: თანაგრძნობა, სიკეთე, თავმდაბლობა, რბილი ხასიათი და სულგრძელობა (კოლ. 3:9—12). შედეგად, მათ სხვებთან უკეთესი ურთიერთობები აქვთ, მშვიდობიანად ცხოვრობენ და ბედნიერები არიან. მეტიც, ბიბლია ჰპირდება მათ, რომ ისინი „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:8—10, 29). რა გაგებით „დაიმკვიდრებენ დედამიწას“ რბილი ხასიათისანი? იესოს სულითცხებული მოწაფეები დედამიწას იმ გაგებით დაიმკვიდრებენ, რომ მთელ დედამიწაზე იმმართველებენ როგორც მეფეები და მღვდლები (გამოცხ. 20:6). მილიონობით ღვთის მსახური კი, რომელთაც არა აქვთ ზეციური მოწოდება, იმ გაგებით დაიმკვიდრებენ დედამიწას, რომ გასრულყოფილებულები მშვიდობიან გარემოში მარადიულად იცხოვრებენ მასზე და მათი ბედნიერება უსასრულოდ გასტანს. w18.09 19 ¶8, 9
შაბათი, 18 იანვარი
ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში (იაკ. 1:19).
ამ მხრივ იეჰოვა უბადლო მაგალითს გვაძლევს (დაბ. 18:32; იეს. 10:14). დავფიქრდეთ, რის სწავლა შეგვიძლია გამოსვლის 32:11—14 მუხლებში ჩაწერილი მონაკვეთიდან, სადაც მოსესა და იეჰოვას დიალოგს ვკითხულობთ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მოსეს ჩარევა სულაც არ იყო საჭირო, იეჰოვამ მას საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა მისცა. ვინ მოუსმენდა ამდენ ხანს ადამიანს, რომელიც არასწორად აზროვნებდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მისი აზრის გათვალისწინებაზე?! თუმცა იეჰოვა მოთმინებით უსმენს ყველას, ვინც რწმენით მოუხმობს მას. ურიგო არ იქნება, ვკითხოთ საკუთარ თავს: „თუ იეჰოვა ყურადღებას აქცევს და უსმენს ადამიანებს, როგორც ეს აბრაამის, რახელის, მოსეს, იესო ნავეს ძის, მანოახის, ელიასა და ხიზკიას შემთხვევაში მოხდა, განა მე არ უნდა დავაფასო და-ძმები, მოვუსმინო მათ და შეძლებისდაგვარად გავითვალისწინო კიდეც მათი აზრები?! მეტი ყურადღება ხომ არ სჭირდება ჩემი კრების ან ოჯახის წევრს? რის გაკეთება შემიძლია მათთვის? რის გაკეთებას ვაპირებ?“ (დაბ. 30:6; მსაჯ. 13:9; 1 მეფ. 17:22; 2 მატ. 30:20). w18.09 6 ¶14, 15
კვირა, 19 იანვარი
ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად (იგავ. 11:25).
ადვილი არ არის, იყო გულუხვი, როცა შენ გარშემო ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. მაგრამ იესომ გვითხრა, რომ უნდა დავიცვათ ორი უდიდესი მცნება: გვიყვარდეს იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით და გვიყვარდეს მოყვასი საკუთარი თავივით (მარ. 12:28—31). იეჰოვას მოყვარულები ჰბაძავენ მას. იეჰოვაც და იესოც გულუხვები არიან. ისინი გვირჩევენ, რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ, რადგან ეს ნამდვილ ბედნიერებას მოგვიტანს. თუ გულუხვობას გამოვიჩენთ ღვთისა და მოყვასის მიმართ, დიდებას მოვუტანთ იეჰოვას და სიკეთეს გავუკეთებთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს. ეჭვგარეშეა, თქვენ უკვე ეხმარებით სხვებს, განსაკუთრებით თანაქრისტიანებს (გალ. 6:10). თუ ასე განაგრძობთ, სხვებიც არ დაიშურებენ სიყვარულსა და მადლიერებას, რაც ბედნიერებას მოგიტანთ. w18.08 22 ¶19, 20
ორშაბათი, 20 იანვარი
ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით (იოან. 7:24).
იეჰოვა არ ასხვავებს ადამიანებს რასის, ეთნიკური წარმოშობის, ეროვნების, ტომისა თუ ენის მიხედვით. მისთვის მისაღებია ყველა ღვთისმოშიში მამაკაცი თუ ქალი, რომელიც სწორად იქცევა (გალ. 3:26—28; გამოცხ. 7:9, 10). ალბათ, ეს აზრი თქვენთვის სიახლე არ არის. მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ ისეთ ქვეყანაში ან ოჯახში გაიზარდეთ, სადაც წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდათ სხვებზე? შესაძლოა თვლით, რომ მიუკერძოებელი ხართ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება ბოლომდე მაინც არ იყოთ გათავისუფლებული წინასწარშექმნილი აზრისგან. მიუხედავად იმისა, რომ პეტრე სხვებს იეჰოვას მიუკერძოებლობის დანახვაში დაეხმარა, წინასწარშექმნილმა აზრმა მოგვიანებით მაინც მოახდინა მასზე გავლენა (გალ. 2:11—14). როგორ შეგვიძლია აღარ გავასამართლოთ სხვები გარეგნობის მიხედვით? ჩვენ გულდასმით უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი თავი ღვთის სიტყვის მეშვეობით, რათა დავინახოთ ჩვენს გრძნობებსა და ფიქრებზე წინასწარშექმნილი აზრი ხომ არ ახდენს გავლენას (ფსალმ. 119:105). გარდა ამისა, წინასწარშექმნილი აზრის მოსაშორებლად შეიძლება სხვების დახმარება დაგვჭირდეს, რომლებმაც შესაძლოა ჩვენში დაინახონ ის, რასაც თავად ვერ ვამჩნევთ (გალ. 2:11, 14). წინასწარშექმნილი აზრი შეიძლება იმდენად გვქონდეს გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ ვერც კი ვაცნობიერებდეთ. w18.08 9 ¶5, 6
სამშაბათი, 21 იანვარი
თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე (მათ. 5:16).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: „სხვებისთვისაც შესამჩნევია, რომ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენ იეჰოვას მიმართ? ვეძებ შესაძლებლობებს იმის სათქმელად, რომ იეჰოვას მოწმე ვარ?“. იეჰოვას ძალიან დაამწუხრებს, თუ შეგვრცხვება სახალხოდ იმის აღიარება, რომ მას ვეკუთვნით, მაშინ როცა მან თავის ხალხად აგვირჩია (ფსალმ. 119:46; მარ. 8:38). სამწუხაროა, რომ „ქვეყნიერების სულის“ გავლენით ზოგიერთის შემთხვევაში თითქმის აღარ არსებობს ზღვარი „ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (1 კორ. 2:12). ეს სული აღვივებს „ხორცის სურვილებს“ (ეფეს. 2:3). მაგალითად, ჩვენს პუბლიკაციებში ჩაწერილი არაერთი რჩევის მიუხედავად, ზოგიერთის ჩაცმულობა და გარეგნობა მაინც არ არის მოკრძალებული. ისინი ქრისტიანულ შეხვედრებზეც კი მოტმასნილ და გამჭვირვალე ტანსაცმელს იცვამენ. ზოგი ექსტრავაგანტულ ვარცხნილობას ირჩევს (1 ტიმ. 2:9, 10). ასე რომ, შეიძლება ძნელი იყოს მათი გარჩევა სხვებისგან და იმის განსაზღვრა, იეჰოვას მიეკუთვნებიან თუ ქვეყნიერების მეგობრები არიან (იაკ. 4:4). w18.07 24, 25 ¶11, 12
ოთხშაბათი, 22 იანვარი
თქვენ ყველანი ძმები ხართ (მათ. 23:8).
ჩვენ ძმები იმ გაგებით ვართ, რომ საერთო წინაპარი გვყავს (საქ. 17:26). მაგრამ, როგორც იესომ ახსნა, მისი მიმდევრები იმ გაგებითაც იყვნენ და-ძმები, რომ ისინი იეჰოვას ზეციერ მამად აღიარებდნენ (მათ. 12:50). ამასთანავე, ისინი გახდნენ დიდი სულიერი ოჯახის წევრები, რომელთაც სიყვარული და რწმენა აერთიანებდათ. ამიტომ მოციქულები თავიანთ წერილებში ხშირად მოიხსენიებდნენ თანაქრისტიანებს და-ძმებად (რომ. 1:13; 1 პეტ. 2:17; 1 იოან. 3:13). მას შემდეგ, რაც ნათლად დაგვანახვა, რომ ერთმანეთს და-ძმებად უნდა მივიჩნევდეთ, იესომ თავმდაბლობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება (მათ. 23:11, 12). სიამაყე მოციქულებს შორის დაყოფას იწვევდა. პრობლემას ისიც ქმნიდა, რომ ისინი თავიანთი ერის წარმოშობით ამაყობდნენ. მართლა საამაყო იყო იუდეველებისთვის ის, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ? ბევრი იუდეველი ამაყობდა ამით. მაგრამ იოანე ნათლისმცემელმა უთხრა მათ: „ღმერთს აქვს იმის ძალა, რომ ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები“ (ლუკ. 3:8). w18.06 9, 10 ¶8, 9
ხუთშაბათი, 23 იანვარი
ვისაც ცოდნა აქვს, თავის სიტყვებს უკვირდება (იგავ. 17:27).
ვიმორჩილებთ ბაგეებს და ვაკონტროლებთ ემოციებს, როცა გულის გამტეხ სიტუაციებს ვხვდებით ან ვინმესთან გაუგებრობა მოგვდის? (იგავ. 10:19; მათ. 5:22). როცა ვინმეს მდგომარეობიდან გამოვყავართ, ადგილი უნდა მივცეთ „ღვთის რისხვას“ (რომ. 12:17—21). იეჰოვას მიმართ სათანადო პატივისცემას გამოვავლენთ, თუ მზერა ყოველთვის მისკენ გვექნება მიპყრობილი და ადგილს მივცემთ მის რისხვას, ანუ მოთმინებით დაველოდებით დროს, როცა ის საჭიროდ ჩათვლის, რომ იმოქმედოს. თუ სხვანაირად მოვიქცევით და რამენაირად სამაგიეროს გადახდას შევეცდებით, ეს იეჰოვას უპატივცემულობის ტოლფასი იქნება. ვცდილობთ, ზედმიწევნით მივყვეთ იეჰოვასგან მოცემულ უახლეს მითითებებს? თუ ასეა, მაშინ ჩვენს გამოცდილებას კი არ დავეყრდნობით, არამედ მაშინვე გავითვალისწინებთ ახალ მითითებებს, რომლებსაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვაძლევს (ებრ. 13:17). ამავე დროს, სიფრთხილე გვმართებს, რომ არ გადავიდეთ დაწერილს (1 კორ. 4:6). შედეგად, მზერა ყოველთვის იეჰოვასკენ გვექნება მიპყრობილი. w18.07 15, 16 ¶17, 18
პარასკევი, 24 იანვარი
ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ (ებრ. 6:1).
სულიერ ზრდასთან ერთად პრინციპები თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდება, რადგან კანონებთან შედარებით პრინციპები მრავლისმომცველია და მათი გამოყენება არაერთ სიტუაციაში შეიძლება. მაგალითად, ბავშვს არ ესმის, რამდენად საშიშია ცუდი საზოგადოება, ამიტომ გამჭრიახი მშობლები წესებს უდგენენ, რომ დაიცვან შვილი (1 კორ. 15:33). მაგრამ ზრდასთან ერთად ბავშვს აზროვნების უნარი უვითარდება და შეუძლია ჩასწვდეს ბიბლიურ პრინციპებს. ასე რომ, მეგობრების არჩევასთან დაკავშირებით ის თანდათანობით ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას ისწავლის (1 კორ. 13:11; 14:20). როცა ბიბლიურ პრინციპებზე ვფიქრობთ, თანდათან ჩვენი სინდისი უკეთეს ხელმძღვანელობას გვიწევს და ღვთის აზროვნების არეკვლაში გვეხმარება. გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ იეჰოვას მოსაწონი გადაწყვეტილებები მივიღოთ? რა თქმა უნდა. თუ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ კანონებსა და პრინციპებს დახელოვნებულად გამოვიყენებთ, „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . [ვიქნებით] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:16, 17). w18.06 19 ¶14; 20 ¶16, 17
შაბათი, 25 იანვარი
ვინ არის ჩემი მოყვასი? (ლუკ. 10:29)
იესომ მოყვანილი მაგალითით ცხადყო, რომ სამარიელებს შეეძლოთ, იუდეველებისთვის მოყვასის სიყვარული ესწავლებინათ (ლუკ. 10:25—37). დავალებული საქმის შესასრულებლად იესოს მოწაფეებს სიამაყისა და წინასწარშექმნილი აზრის მოშორება სჭირდებოდათ. ზეცად ამაღლებამდე მან დაავალა მათ, რომ ექადაგათ „მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). იესომ წინასწარ მოამზადა ისინი ასეთი ფართომასშტაბიანი დავალებისთვის. ის ყურადღებას უმახვილებდა მათ უცხოელების კარგ თვისებებზე. მაგალითად, მან შეაქო უცხოელი ასისთავი ძლიერი რწმენისთვის (მათ. 8:5—10). მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში იესომ აღნიშნა, როგორ გამოავლინა იეჰოვამ გულმოწყალება უცხოელების მიმართ, მაგალითად სარეფთაში მცხოვრები ფინიკიელი ქვრივისა და კეთროვანი ნაამანის მიმართ, რომელიც სირიელი იყო (ლუკ. 4:25—27). იესომ უბრალოდ კი არ უქადაგა სამარიელ ქალს, არამედ „ორ დღეს დარჩა“ სამარიელთა ქალაქში, რადგან ხალხს მისი ცნობა აინტერესებდა (იოან. 4:21—24, 40). w18.06 10 ¶10, 11
კვირა, 26 იანვარი
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურვლით, რათა მტკიცედ დაუდგეთ ეშმაკის ხრიკებს (ეფეს. 6:11).
მოციქულმა პავლემ ქრისტიანი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმულ ჯარისკაცს შეადარა. მიუხედავად იმისა, რომ სულიერ ბრძოლას ვეწევით, ჩვენი მტერი რეალურია. სატანა და დემონები გაწვრთნილი მეომრები არიან და დიდი გამოცდილება აქვთ. ერთი შეხედვით ჩვენ შეიძლება განწირულები ვჩანდეთ. მათთან ბრძოლაში განსაკუთრებით ახალგაზრდები ჩანან დაუცველები. როგორ შეუძლიათ მათ გაიმარჯვონ ზეადამიანური ძალის მქონე ბოროტ სულიერ ქმნილებებთან ბრძოლაში? სინამდვილეში ახალგაზრდებს შეუძლიათ გამარჯვება და იმარჯვებენ კიდეც, რადგან ისინი ძლიერდებიან უფალში! გარდა იმისა, რომ ახალგაზრდები ღვთის ძალაზე არიან მინდობილი, გაწვრთნილი მეომრების მსგავსად ისინი „ღვთის სრული საჭურვლით“ იმოსებიან და მზად არიან საბრძოლველად (ეფეს. 6:10—12). პავლეს შესაძლოა მხედველობაში ჰქონდა რომაელი ჯარისკაცის აღჭურვილობა (საქ. 28:16). w18.05 27 ¶1, 2
ორშაბათი, 27 იანვარი
ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი (მათ. 6:9).
მთავარი მიზეზი რატომაც სამქადაგებლო საქმიანობაში ვმონაწილეობთ, იეჰოვას განდიდება და მისი სახელი განწმენდაა (იოან. 15:1, 8). რა თქმა უნდა, ღვთის სახელი ისედაც წმინდაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, და ჩვენ იმაზე მეტად ვერ განვწმენდთ მას, ვიდრე არის. თუმცა ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა წინასწარმეტყველმა ესაიამ: „ლაშქართა ღმერთს, იეჰოვას უნდა მიიჩნევდეთ წმინდად“ (ეს. 8:13). ჩვენ ვწმენდთ ღვთის სახელს, როცა მას ყველა სახელზე აღმატებულად მივიჩნევთ და სხვებსაც ვეხმარებით, ის წმინდად მიიჩნიონ. მაგალითად, როცა იეჰოვას შესანიშნავი თვისებების შესახებ ჭეშმარიტებას ვაცხადებთ და სხვებს კაცობრიობასთან დაკავშირებულ უცვლელ განზრახვას ვამცნობთ, ღვთის სახელს სატანის სიცრუისა და ცილისწამებისგან ვიცავთ (დაბ. 3:1—5). ღვთის სახელს მაშინაც ვწმენდთ, როცა ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე ხალხს ვანახვებთ, რომ იეჰოვა ღირსია, მიიღოს „დიდება, პატივი და ძლიერება“ (გამოცხ. 4:11). w18.05 18 ¶3, 4
სამშაბათი, 28 იანვარი
კარგია, ვმადლობდეთ იეჰოვას . . . შენ გამახარე, იეჰოვა, შენი საქმეებით; სიხარულით ვყიჟინებ შენი ნახელავის გამო (ფსალმ. 92:1, 4).
სულიერ მიზნებს უმთავრესად იმიტომ ვისახავთ, რომ მადლიერება გამოვხატოთ იმ სიყვარულისა და სიკეთისთვის, რომელსაც იეჰოვა ჩვენ მიმართ ავლენს. დაფიქრდი ყველაფერზე, რაც იეჰოვამ შენთვის გააკეთა — გიბოძა სიცოცხლე, რწმენა, თავისი სიტყვა, კრება და მომავლის შესანიშნავი იმედი. ცხოვრებაში სულიერი მიზნების პირველ ადგილზე დაყენება ზემოხსენებული კურთხევებისთვის მადლიერების გამოხატვის საშუალებას გაძლევს და უფრო გაახლოებს ღმერთთან. როგორც კი იწყებ სულიერი მიზნების მისაღწევად ნაბიჯების გადადგმას, იეჰოვას თვალში კარგ სახელს იძენ. ეს კი, თავის მხრივ, მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში გეხმარება. მოციქულმა პავლემ დაგვარწმუნა: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10). მიზნების დასახვა არასდროს არის ადრე. კარგი იქნება, თუ დაფიქრდები, ყველაზე მეტად რომელ მიზნებს გინდა მიაღწიო და დაიწყებ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას (ფილ. 1:10, 11). w18.04 26 ¶5, 6
ოთხშაბათი, 29 იანვარი
სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა (2 კორ. 3:17).
რომის იმპერიაში, სადაც პირველი ქრისტიანებიც ცხოვრობდნენ, ხალხი ამაყობდა თავიანთი კანონებით, სამართლითა და თავისუფლებით. თუმცა რომის იმპერიამ დიდება და ძალაუფლება, ძირითადად, მონების ხარჯზე მოიპოვა. იყო დრო, როცა ამ იმპერიაში თითქმის ყოველი მესამე ადამიანი მონა იყო. ამიტომ ეჭვგარეშეა, უბრალო ხალხს, მათ შორის ქრისტიანებს, მონობასა და თავისუფლებაზე ფიქრი მუდამ თან სდევდა. მოციქული პავლე თავის წერილებში ხშირად საუბრობდა თავისუფლებაზე. მაგრამ მისი მიზანი სოციალური თუ პოლიტიკური რეფორმების გატარება არ ყოფილა, რისკენაც იმ დროს მცხოვრები ბევრი ადამიანი ილტვოდა. მოციქული არც მმართველებზე და არც თავისუფლებისთვის მებრძოლთა რომელიმე ჯგუფზე ამყარებდა იმედს. ის და სხვა ქრისტიანები ყველანაირად ცდილობდნენ, ხალხის ყურამდე მიეტანათ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა და მათთვის იესო ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდის ფასი დაენახვებინათ. პავლემ თანაქრისტიანებს შეახსენა, ვინ იყო ნამდვილი თავისუფლების წყარო. w18.04 8 ¶1, 2
ხუთშაბათი, 30 იანვარი
სიმონ, სიმონ, აი, სატანამ მოითხოვა, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ. მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ რწმენა არ გამოგელიოს, და როცა შემობრუნდები, განამტკიცო შენი ძმები (ლუკ. 22:31, 32).
სიკვდილის წინა საღამოს იესომ პეტრეს ზემოხსენებული სიტყვები უთხრა. პეტრემ თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ქრისტიანული კრების ბურჯი იყო (გალ. 2:9). მისმა გაბედულებამ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზეც გაამხნევა და-ძმები და მას შემდეგაც. მრავალწლიანი მსახურების შემდეგ მან თანაქრისტიანებს მისწერა: „ორიოდე სიტყვა მოგწერეთ გასამხნევებლად და ღვთის ჭეშმარიტი წყალობის შესახებ გულმოდგინებით დასამოწმებლად. მტკიცედ იდექით ამაში“ (1 პეტ. 5:12). პეტრეს მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი წერილები საუკუნეების განმავლობაში ამხნევებდა ქრისტიანებს. ისინი დღესაც ამხნევებს მათ, ვინც იეჰოვას დაპირებების შესრულებას ელის (2 პეტ. 3:13). w18.04 17 ¶12, 13
პარასკევი, 31 იანვარი
ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება (იაკ. 1:25).
როგორც ჩანს, ადამიანები ყველგან ისწრაფვიან, რომ თავიანთ ნება-სურვილზე იცხოვრონ. თუმცა სულ სხვა საკითხია, როგორ დაიკმაყოფილებენ ამ სურვილს. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები თუ პოლიტიკოსები თავისუფლების მოპოვებას საპროტესტო აქციებით, დემონსტრაციებითა და რევოლუციის გზითაც კი ცდილობენ. მაგრამ აღწევენ ისინი მიზანს? სამწუხაროდ, ასეთი დაპირისპირებები ხშირად ტრაგიკულად მთავრდება და ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ასეთი რეალობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მეფე სოლომონის სიტყვების ჭეშმარიტებას. მან ღვთივშთაგონებით დაწერა: „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9). მოწაფე იაკობმა დღევანდელ მუხლში დაგვანახვა, თუ რა არის საჭირო ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. იეჰოვამ, რომელმაც ეს სრულყოფილი კანონი გვიბოძა, საუკეთესოდ იცის, რა გვჭირდება ნამდვილი ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. მან პირველ წყვილს ყველაფერი უბოძა, რაც მათი ბედნიერებისთვის იყო საჭირო, მათ შორის ნამდვილი თავისუფლება. w18.04 3 ¶1—3