საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es20 გვ. 17-26
  • თებერვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თებერვალი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 თებერვალი
  • კვირა, 2 თებერვალი
  • ორშაბათი, 3 თებერვალი
  • სამშაბათი, 4 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 5 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 6 თებერვალი
  • პარასკევი, 7 თებერვალი
  • შაბათი, 8 თებერვალი
  • კვირა, 9 თებერვალი
  • ორშაბათი, 10 თებერვალი
  • სამშაბათი, 11 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 12 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 13 თებერვალი
  • პარასკევი, 14 თებერვალი
  • შაბათი, 15 თებერვალი
  • კვირა, 16 თებერვალი
  • ორშაბათი, 17 თებერვალი
  • სამშაბათი, 18 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 19 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 20 თებერვალი
  • პარასკევი, 21 თებერვალი
  • შაბათი, 22 თებერვალი
  • კვირა, 23 თებერვალი
  • ორშაბათი, 24 თებერვალი
  • სამშაბათი, 25 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 26 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 27 თებერვალი
  • პარასკევი, 28 თებერვალი
  • შაბათი, 29 თებერვალი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
es20 გვ. 17-26

თებერვალი

შაბათი, 1 თებერვალი

ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება (2 ტიმ. 4:5).

იესო დიდად თანაუგრძნობდა სხვებს. ხალხი გრძნობდა მის სიყვარულს და დადებითად ეხმაურებოდა სამეფოს ცნობას. დიახ, რაც უფრო მეტად გამოვავლენთ მსახურებაში თანაგრძნობას, მით უკეთ შევძლებთ სამქადაგებლო საქმის შესრულებას. როგორ გამოვავლინოთ ხალხის მიმართ თანაგრძნობა მსახურების დროს? თავი მათ ადგილას უნდა წარმოვიდგინოთ და ისე უნდა მოვექცეთ, როგორც თავად ვისურვებდით, რომ მოგვქცეოდნენ (მათ. 7:12). განვიხილოთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისადმი ინდივიდუალური მიდგომა. ყველასთან ერთი და იგივე მიდგომა არ უნდა გამოიყენოთ. პირიქით, უნდა ეცადოთ, თითოეულის მდგომარეობა და შეხედულებები გაითვალისწინოთ. უმჯობესი იქნება, ტაქტიანი კითხვები დაუსვათ მას (იგავ. 20:5). თუ მსმენელს აზრის გამოხატვის საშუალებას მივცემთ, ისინი თავად გვიკარნახებენ, რა თემაზე გავუგრძელოთ საუბარი. ამის ცოდნა დაგვეხმარება, იესოს მსგავსად თანაგრძნობა გამოვავლინოთ და შესაბამისი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ (შეადარეთ 1 კორინთელების 9:19—23). w19.03 20 ¶2; 22 ¶8, 9

კვირა, 2 თებერვალი

შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება (იგავ. 16:3).

ადამმა და ევამ არ დააფასეს ის, რაც იეჰოვამ მათთვის გააკეთა და უმადურობა გამოავლინეს. თითოეულს შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ მათ არ ვგავართ და მადლიერები ვართ იმ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა ჩვენთვის აკეთებს. როცა ვინათლებით, ვავლენთ რწმენას, რომ იეჰოვას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ამით ვამტკიცებთ, რომ გვიყვარს ჩვენი ზეციერი მამა და ვენდობით მას. ნათლობის შემდეგ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვეკისრება, რომ ისე ვიცხოვროთ, როგორც იეჰოვას სურს და არა ისე, როგორც ჩვენ გვსურს. წლიდან წლამდე მილიონობით ადამიანი ცხოვრობს იეჰოვას ნორმების თანახმად. შენც შეუერთდები მათ რიგებს, თუ განაგრძობ ღვთის სიტყვის კვლევას, ხშირი ურთიერთობა გექნება და-ძმებთან და მთელი მონდომებით გააცნობ სხვებს ჩვენს მოსიყვარულე მამას (ებრ. 10:24, 25). გადაწყვეტილების მიღების დროს გაითვალისწინე იეჰოვას რჩევა, რომელსაც თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გაძლევს (ეს. 30:21). თუ ასე მოიქცევი, ყველაფერში ხელი მოგემართება (იგავ. 16:20). w19.03 7 ¶17, 18

ორშაბათი, 3 თებერვალი

ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი ზემოდანაა, ციურ მნათობთა მამისგან მოდის (იაკ. 1:17).

იეჰოვა უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველგვყოფს. მაგალითად, მითითებებს ვიღებთ ქრისტიანული შეხვედრების, ჩვენი ჟურნალებისა და ვებგვერდების მეშვეობით. გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოისმინეთ მოხსენება, წაიკითხეთ სტატია ან უყურეთ მაუწყებლობას და გაიფიქრეთ: „სწორედ ისაა, რაც მჭირდებოდა?“. როგორ შეგვიძლია იეჰოვას მიმართ მადლიერების გამოხატვა? (კოლ. 3:15). ამის ერთ-ერთი საშუალებაა, მუდამ ვმადლობდეთ მას ლოცვაში „კარგი ძღვნისთვის“. გარდა ამისა, იეჰოვასადმი მადლიერებას ვავლენთ, როცა ჩვენი თაყვანისმცემლობის ადგილს სუფთად და მოწესრიგებულად ვინარჩუნებთ — მონაწილეობას ვიღებთ სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და მოვლა-პატრონობაში და ვუფრთხილდებით აპარატურას, რომელსაც კრების შეხვედრებზე ვიყენებთ. როცა სამეფო დარბაზს სათანადოდ ვუვლით, უფრო დიდხანს გვემსახურება და იშვიათად საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ამგვარად ვზოგავთ თანხებს, რაც შესაძლებელს ხდის, აშენდეს და გარემონტდეს სხვა სამეფო დარბაზები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. w19.02 18 ¶17, 18

სამშაბათი, 4 თებერვალი

აი, მისი გზების კიდეები, მასზე ჩურჩულით გვესმის! (იობ. 26:14)

იობი ხშირად ფიქრობდა იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე (იობ. 26:7, 8). მას შიშნარევი მოწიწება იპყრობდა, როცა დედამიწაზე, ცაზე, ღრუბლებსა და ჭექა-ქუხილზე ფიქრობდა, თუმცა აღიარებდა, რომ ძალიან ცოტა იცოდა იეჰოვას უკიდეგანო შემოქმედებაზე. ის იეჰოვას სიტყვების მიმართაც გრძნობდა მოწიწებას. „ვიცავ მისი ბაგით ნათქვამს“, — ამბობდა იობი ღვთის სიტყვებზე (იობ. 23:12). იობს აღაფრთოვანებდა იეჰოვას თვისებები და უდიდესი პატივისცემით განაწყობდა მის მიმართ. მას უყვარდა ზეციერი მამა და მის მოსაწონად მოქცევა სურდა. ამიტომ უფრო მეტად ცდილობდა, უმწიკვლო ყოფილიყო. ჩვენც იობის მსგავსად უნდა მოვიქცეთ. დღეს გაცილებით მეტი ვიცით იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე, ვიდრე იობის დროს მცხოვრებმა ხალხმა იცოდა. გარდა ამისა, გვაქვს მთლიანი ბიბლია, რომელიც გვაცნობს იეჰოვას პიროვნებას. ეს ყველაფერი მის მიმართ მოწიწებას გვინერგავს. იეჰოვასადმი მოწიწება და პატივისცემა კი თავის მხრივ აღგვძრავს, გვიყვარდეს ის, დავემორჩილოთ და გავიძლიეროთ უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი (იობ. 28:28). w19.02 5 ¶12

ოთხშაბათი, 5 თებერვალი

არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი? (ფსალმ. 118:6)

ისტორიიდან ვიცით, რომ მმართველები ყოველთვის დევნიდნენ იეჰოვას ხალხს. ისინი ათასგვარ ბოროტებას გვაბრალებენ, მაგრამ სინამდვილეში დევნის მიზეზი ის არის, რომ ადამიანებზე მეტად ღმერთს ვემორჩილებით, როგორც მმართველს (საქ. 5:29). ჩვენ შეიძლება დაგვცინონ, დაგვაპატიმრონ ან ფიზიკურადაც კი შეურაცხგვყონ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით სამაგიეროს არ გადავუხდით და სიმშვიდეს შევინარჩუნებთ. განვიხილოთ სამი გადასახლებული ებრაელის — ხანანიას, მიშაელისა და აზარიას მაგალითი. ამ სამმა ახალგაზრდამ მშვიდად აუხსნა მეფეს, რატომ არ სცემდნენ თაყვანს მის მიერ აღმართულ კერპს. ისინი მზად იყვნენ ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა დაუშვებდა (დან. 3:1, 8—28). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ სამ ებრაელს, როცა ჩვენი ერთგულება იცდება? თავმდაბლობა უნდა გამოვავლინოთ და გვჯეროდეს, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე (ფსალმ. 118:7). ჩვენ რბილად და პატივისცემით ვექცევით მათ, ვინც არასწორ საქციელში გვადანაშაულებს (1 პეტ. 3:15). აგრეთვე უარს ვამბობთ იმის კეთებაზე, რაც მოსიყვარულე მამასთან ახლო ურთიერთობას გაგვიფუჭებს. w19.02 10, 11 ¶11—13

ხუთშაბათი, 6 თებერვალი

გამაგრდით! (იოან. 16:33)

გაბედულებას შეგვმატებს იმ იმედზე ფიქრი, რომელიც ქრისტეს გამოსასყიდის საფუძველზე მოგვეცა (იოან. 3:16; ეფეს. 1:7). გახსენების საღამოს წინა პერიოდში განსაკუთრებული შესაძლებლობა გვეძლევა, რომ უფრო მეტად გამოვხატოთ მადლიერება გამოსასყიდისთვის. კარგი იქნება, თუ მივყვებით გახსენების საღამოსთვის გათვალისწინებულ ბიბლიის კითხვის გეგმას და მოწიწებით ვიფიქრებთ იესოს სიკვდილის პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. უფლის გახსენების საღამოს დროს, უკეთ ჩავწვდებით სიმბოლოებისა და იმ შეუდარებელი მსხვერპლის მნიშვნელობას, რომელსაც ეს სიმბოლოები განასახიერებს. როცა კარგად გვაქვს გააზრებული, რა გააკეთეს იესომ და იეჰოვამ და რამხელა სიკეთე მოაქვს ამას როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ახლობლებისთვის, იმედი გვიმტკიცდება და აღძრულები ვართ, ბოლომდე გაბედულად მოვითმინოთ (ებრ. 12:3). რა სასიხარულოა, რომ იესო, როგორც ზეციერი მღვდელმთავარი, რომელიც ღმერთთან გვშუამდგომლობს, კვლავაც ავლენს თავმდაბლობასა და გაბედულებას! (ებრ. 7:24, 25). გულწრფელი მადლიერება რომ გამოვხატოთ, უნდა მივყვეთ იესოს მითითებას და ერთგულად აღვნიშნოთ მისი სიკვდილის გახსენების საღამო (ლუკ. 22:19, 20). w19.01 22 ¶8; 23, 24 ¶10, 11

პარასკევი, 7 თებერვალი

იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე ჩემი ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი (ფსალმ. 119:108).

იეჰოვამ ყველას გვიბოძა მისი განდიდების პატივი. კომენტარები „ქების მსხვერპლის“ შემადგენელი ნაწილია, რომელსაც ჩვენ მაგივრად სხვა ვერავინ გაიღებს (ებრ. 13:15). იეჰოვა არ გვთხოვს, რომ ერთნაირი მსხვერპლი გავიღოთ, ანუ ერთნაირი კომენტარები გავაკეთოთ. ჩათვალეთ, რომ კრების შეხვედრის დროს მეგობრებთან ერთად სადილობთ. წარმოიდგინეთ, რომ მეგობრები პიკნიკზე გეპატიჟებიან და გთხოვენ, რაიმე თქვენც მოამზადოთ. თავიდან შეიძლება ცოტა ინერვიულოთ, მაგრამ მაქსიმალურად შეეცდებით, რომ ყველასთვის სასურველი და გემრიელი რამ მოამზადოთ. ჩვენი მასპინძელი, იეჰოვა ღმერთი, კრების შეხვედრებზე სუფრას გვიშლის, რომელზეც უამრავი გემრიელი კერძი დევს (ფსალმ. 23:5; მათ. 24:45). იეჰოვას ძალიან სიამოვნებს, როცა თუნდაც მცირედს, მაგრამ საუკეთესოს ვიღებთ მისთვის და სტუმრად ხელდამშვენებულები მივდივართ. ასე რომ, კარგად მოემზადეთ და რაც შეიძლება ხშირად მიიღეთ მონაწილეობა კრების შეხვედრებზე. ამგვარად, არა მხოლოდ გამოიკვებებით იეჰოვას სუფრიდან, არამედ თქვენ მიერ მიტანილ საჩუქარს კრების წევრებსაც გაუზიარებთ. w19.01 8 ¶3; 13 ¶20

შაბათი, 8 თებერვალი

ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც . . . [სხვა ღმერთის] გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის (ფსალმ. 16:4).

ბიბლიურ დროში კერპთაყვანისმცემლობის დროს ხალხი უკიდურეს უზნეობას სჩადიოდა (ოს. 4:13, 14). თაყვანისმცემლობის ასეთი ფორმა ცოდვილ სხეულს აამებდა, თუმცა ეს ყველაფერი დროებითი იყო. დავითმა ასეთ ადამიანებზე თქვა: „ტკივილი უმრავლდებათ მათ, ვინც . . . [სხვა ღმერთის] გამოჩენისთანავე მისკენ ისწრაფვის“. ისინი გაუგონარ სისასტიკესაც სჩადიოდნენ და შვილებს კერპებს სწირავდნენ (ეს. 57:5). იეჰოვას სძულს ასეთი საქციელი (იერ. 7:31). არც დღეს არის უკეთესი მდგომარეობა, რადგან არაერთი რელიგია იწყნარებს სექსუალურ უზნეობას, მათ შორის ჰომოსექსუალიზმს. ამ ეგრეთ წოდებული „ზნეობრივი თავისუფლების“ შედეგები ისეთივე სავალალოა, როგორიც ბიბლიურ დროში იყო (1 კორ. 6:18, 19). ალბათ, ამჩნევ, რომ ასეთი ცხოვრების წესით ხალხი ტკივილს იმრავლებს. ასე რომ, ახალგაზრდებო, მოუსმინეთ თქვენს ზეციერ მამას. სრულად იყავით დარწმუნებული, რომ მისი მორჩილება თქვენთვისვეა კარგი. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საზიანო შედეგები, რომლებიც არასწორ საქციელს მოჰყვება, ნებისმიერ დროებით სიამოვნებას გადაწონის (გალ. 6:8). w18.12 27, 28 ¶16—18

კვირა, 9 თებერვალი

არც მე გაგეკარები (ოს. 3:3).

თუ ერთ-ერთი მეუღლე უზნეობას ჩაიდენს, უდანაშაულო მეუღლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იესოს სიტყვების თანახმად, უდანაშაულო მეუღლეს აქვს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების საფუძველი (მათ. 19:9). მეორე მხრივ, უდანაშაულო მეუღლემ შეიძლება პატიება გადაწყვიტოს. ამაში დასაძრახი არაფერია. ოსიამ აპატია გომერს, თუმცა სახლში დაბრუნების შემდეგ მას აღარ უნდა ჰქონოდა სქესობრივი კავშირი სხვა კაცთან. გარკვეულ ხანს მას არც ოსია გაჰკარებია (ოს. 3:1—3). თუმცა რაღაც დროის შემდეგ მას უნდა აღედგინა გომერთან სქესობრივი კავშირი, რაც იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ღმერთი მზად იყო, მიეღო თავისი ხალხი და უწინდებურად მოპყრობოდა მათ (ოს. 1:11; 3:4, 5). რას გვასწავლის ეს ქორწინებასთან დაკავშირებით? თუ უდანაშაულო მეუღლე ოჯახის შენარჩუნებას გადაწყვეტს და აღადგენს მეუღლესთან სქესობრივ ურთიერთობას, ეს პატიების მაჩვენებელი იქნება (1 კორ. 7:3, 5). ასეთ შემთხვევაში აღარ იარსებებს განქორწინების საფუძველი. ამის შემდეგ მათ, როგორც ცოლ-ქმარმა, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გაითავისონ იეჰოვას თვალსაზრისი ქორწინებაზე. w18.12 13 ¶13

ორშაბათი, 10 თებერვალი

წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება (იგავ. 22:3).

კარგი იქნება, თუ პირადი შესწავლის დროს დავფიქრდებით, როგორ გამოგვადგება მომავალში ესა თუ ის აზრი, რომელიც იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს. ეს იმ სიტუაციებისთვის მოგვამზადებს, როცა ფიქრისთვის ბევრი დრო აღარ გვექნება და სწრაფად მოგვიწევს გადაწყვეტილების მიღება. იოსებმა დაუყოვნებლივ უარყო ფოტიფარის ცოლის მაცდუნებელი შეთავაზება, რომ მასთან დაწოლილიყო. მისი რეაქციიდან გამოჩნდა, რომ წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი, თუ რა თვალსაზრისი ჰქონდა იეჰოვას მეუღლისადმი ერთგულებაზე (დაბ. 39:8, 9). მან ფოტიფარის ცოლს უთხრა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას გათავისებული ჰქონდა იეჰოვას აზროვნება. ჩვენზე რას ვიტყვით? დავუშვათ, თანამშრომელი თქვენთან ფლირტის გაბმას ცდილობს ან ვინმე სექსუალური შინაარსის შეტყობინებას ან სურათს გიგზავნით. ამ ცდუნებასთან გამკლავება უფრო გაგიადვილდებათ, თუ წინასწარ გამოიკვლევთ და გაითავისებთ იეჰოვას თვალსაზრისს და გადაწყვეტთ, როგორ მოიქცეთ. w18.11 25 ¶13, 14

სამშაბათი, 11 თებერვალი

გავიხარებ იეჰოვათი (აბაკ. 3:18).

ზოგი ბიბლეისტის აზრით, ეს მუხლი სიტყვასიტყვით ნიშნავს: „უფლით გახარებული ვიხტუნებ; ღმერთით გახარებული ავცეკვდები“. რა ძლიერი სიტყვებითაა გამოხატული წინასწარმეტყველის გულდაჯერებულობა აბაკუმის 3:16—19-ე მუხლებში! იეჰოვა არა მხოლოდ შესანიშნავ დაპირებებს გვაძლევს, არამედ გვარწმუნებს, რომ ძალიან მალე შეასრულებს მათ. ეჭვგარეშეა, წიგნი „აბაკუმი“ იეჰოვასადმი ნდობას გვიძლიერებს (აბაკ. 2:4). ღვთისადმი ნდობის განვითარებასა და შენარჩუნებაში მასთან ურთიერთობის განმტკიცება დაგვეხმარება. ამისთვის საჭიროა: 1) გამუდმებით ვილოცოთ და ჩვენი საწუხარი და საფიქრალი ღმერთს გავუზიაროთ, 2) ყურადღებით მოვეკიდოთ იეჰოვას სიტყვებს და მისი ორგანიზაციიდან მიღებულ ნებისმიერ მითითებას, 3) რწმენითა და მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. სწორედ ასე იქცეოდა აბაკუმი. მართალია, მან თავისი წიგნის წერა დამწუხრებულმა დაიწყო, მაგრამ დამაჯერებელი და სიხარულის გამომხატველი სიტყვებით დაასრულა. დაე ჩვენც მივბაძოთ აბაკუმს და ვიგრძნოთ, როგორ გვიხუტებს გულში ჩვენი ზეციერი მამა! რამ შეიძლება გვანუგეშოს ამაზე მეტად ამ ბნელით მოცულ ქვეყნიერებაში?! w18.11 17 ¶18, 19

ოთხშაბათი, 12 თებერვალი

[ქრისტე] ყველასთვის მოკვდა, რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა (2 კორ. 5:15).

ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღვთის სიყვარულში შემდეგი სიტყვებიც არწმუნებს: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). იესომაც უდიდესი სიყვარული დაგვიმტკიცა, როცა საკუთარი სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის. რაოდენ დიდ ძალას გვმატებს ასეთი სიყვარული! ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ვერც გასაჭირი და ვერც ვერანაირი სატკივარი ვერ „ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს“ (რომ. 8:35, 38, 39). როცა პრობლემები ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ ძალას გვაცლის, ქრისტეს სიყვარული ამ ყველაფრის ატანის ძალას გვაძლევს (2 კორ. 5:14). იესოს სიყვარულს შეუძლია გაგვაძლიეროს და ცხოვრების ხალისი დაგვიბრუნოს, რათა ფარ-ხმალი არ დავყაროთ მაშინაც კი, როცა სტიქიური უბედურება გვატყდება, გვდევნიან, იმედგაცრუება გვეუფლება ან ცხოვრებისეული პრობლემები მოსვენებას გვიკარგავს. w18.09 14 ¶8, 9

ხუთშაბათი, 13 თებერვალი

ვივლი შენი ჭეშმარიტებით (ფსალმ. 86:11).

ჭეშმარიტებით რომ ვიაროთ, იეჰოვას ყველა სიტყვას უნდა დავემორჩილოთ. ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე ჭეშმარიტება უნდა დავაყენოთ და ბიბლიური პრინციპების თანახმად ვიცხოვროთ. დავითის მსგავსად გადაწყვეტილი უნდა გვქონდეს, რომ ღვთის ჭეშმარიტებით ვიაროთ. თუ ასე არ მოვიქცევით, შეიძლება იმაზე დავიწყოთ ფიქრი, რამდენად ღირდა ჭეშმარიტებისთვის ამხელა საფასურის გადახდა და შეიძლება რაღაც ნაწილის უკან დაბრუნების ცდუნება გაგვიჩნდეს. პირიქით, ჩვენ ვუფრთხილდებით თითოეულ საკითხზე გაგებულ ჭეშმარიტებას და გვესმის, რომ პირადი გადასაწყვეტი არ არის, რომელი ჭეშმარიტება მივიღოთ და რომელი არა. ჩვენ „ყოველ ჭეშმარიტებაში“ უნდა ვიაროთ (იოან. 16:13). ჭეშმარიტების გზას რომ არ ავცდეთ, გონივრულად უნდა გამოვიყენოთ დრო. თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება გადაგვიყოლოს გართობამ, ჰობიმ, ინტერნეტში ხეტიალმა ან ტელევიზორის ყურებამ. მართალია, ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ასეთმა საქმეებმა შეიძლება თანდათან პირადი შესწავლისთვის ან სხვა სულიერი საქმეებისთვის გამოყოფილი დროც წაგვართვას. w18.11 10 ¶7, 8

პარასკევი, 14 თებერვალი

ვამშვიდებდი და ვაწყნარებდი ჩემს სულს (ფსალმ. 131:2).

როცა ჩვენი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, შეიძლება შიში დაგვეუფლოს და დავითრგუნოთ (იგავ. 12:25). შეიძლება ამ ცვლილებებთან შეგუებაც კი გაგვიჭირდეს. როგორ შეგვიძლია მსგავს სიტუაციებში დავმშვიდდეთ და დავწყნარდეთ? (ფსალმ. 131:1—3). რა რთულ ვითარებაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, საკუთარ თავზე შეგვიძლია გამოვცადოთ, როგორ გვამშვიდებს „ღვთის მშვიდობა“ და როგორ იცავს ჩვენს გონებას (ფილ. 4:6, 7). ასე რომ, თუ იეჰოვას ლოცვით მივმართავთ, როცა საწუხარი ძალას გვაცლის, ღვთის მშვიდობა დაგვეხმარება, რომ განვაგრძოთ იეჰოვასადმი მსახურება და გული არ გავიტეხოთ. გარდა იმისა, რომ გვამშვიდებს, ღვთის სული გვეხმარება, ყურადღება იმ ბიბლიურ მუხლებზე გადავიტანოთ, რომლებიც გვანახვებს, რა არის ცხოვრებაში მთავარი (იოან. 14:26, 27). w18.10 27 ¶2; 28 ¶5, 8

შაბათი, 15 თებერვალი

ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს (ზაქ. 8:16).

რამ მიაყენა ყველაზე დიდი დარტყმა კაცობრიობას? ტყუილმა! ტყუილია, როცა სხვის შეცდომაში შესაყვანად ამბობ ისეთ რამეს, რაც იცი, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება. ვინ თქვა პირველი ტყუილი? ეშმაკმა! იესო ქრისტემ სწორედ მას უწოდა „სიცრუის მამა“ (იოან. 8:44). როდის თქვა მან პირველად ტყუილი? ეს მოხდა ათასობით წლის წინ ედემის ბაღში. პირველი წყვილი, ადამი და ევა, ტკბებოდნენ სამოთხეში ცხოვრებით, სადაც შემოქმედმა დაასახლა. ეშმაკმაც ამ დროს დაიწყო მოქმედება. მან იცოდა, რომ ღმერთმა ადამსა და ევას აუკრძალა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ჭამა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მოკვდებოდნენ. მიუხედავად ამისა, გველის მეშვეობით სატანამ ევას უთხრა: „არა, არ მოკვდებით [ეს იყო პირველი ტყუილი]. იცის ღმერთმა, რომ რა დღესაც შეჭამთ მის ნაყოფს, თვალი აგეხილებათ და ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების მცოდნენი გახდებით“ (დაბ. 2:15—17; 3:1—5). w18.10 6 ¶1, 2

კვირა, 16 თებერვალი

ბედნიერნი არიან სუფთა გულისანი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ (მათ. 5:8).

გულის სუფთად დასაცავად შინაგანი სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ და ვაკონტროლოთ საკუთარი გრძნობები და სურვილები. იეჰოვას თვალში დაულაქავებლები რომ დავრჩეთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რაც წმინდაა (2 კორ. 4:2; 1 ტიმ. 1:5). როგორ შეიძლება სუფთა გულის ადამიანებმა ღმერთი იხილონ, მაშინ როცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ „შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის [ღმერთი] და ცოცხალი დარჩეს“? (გამ. 33:20). ბერძნული სიტყვა, რომელიც ითარგმნება როგორც დანახვა, შეიძლება ნიშნავდეს წარმოდგენას, შემჩნევას, ცნობას. ასე რომ, „გულის თვალებით“ ღვთის „დანახვა“ ნიშნავს, ვიცნობდეთ მას და ვაფასებდეთ მის თვისებებს (ეფეს. 1:18). გარდა იმისა, რომ იეჰოვას თვისებებს ეცნობიან, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები ღმერთს იმ გაგებითაც „ხედავენ“, რომ აკვირდებიან მათ საკეთილდღეოდ გაკეთებულ ღვთის საქმეებს (იობ. 42:5). ამასთანავე, მათ „გულის თვალები“ მიპყრობილი აქვთ შესანიშნავი კურთხევებისკენ, რომელთაც ღმერთი გვპირდება. ამ ადამიანებს, რომლებიც სიწმინდისა და ერთგულების შენარჩუნებას ცდილობენ, იეჰოვა წარმოუდგენელ მომავალს უმზადებს. w18.09 20 ¶13, 15, 16

ორშაბათი, 17 თებერვალი

სიბრძნე უმთავრესია. შეიძინე სიბრძნე (იგავ. 4:7).

როცა იმას ვაკეთებთ, რაც სწორია, უხვ კურთხევებს ვიმკით. მართალია, სიბრძნე ცოდნას ემყარება, მაგრამ ის მხოლოდ ფაქტების ცოდნას არ მოიცავს. სიბრძნე ჩვენს გადაწყვეტილებებში ვლინდება. ჭიანჭველებსაც კი აქვთ სიბრძნე. ეს პაწაწინა მწერები ინსტინქტურ სიბრძნეს ავლენენ, როცა საკვებს ზაფხულში იმარაგებენ (იგავ. 30:24, 25). ქრისტე, რომელიც „ღვთის სიბრძნეა“, ყოველთვის მამის მოსაწონად იქცევა (1 კორ. 1:24; იოან. 8:29). ღმერთს კარგად ესმის, რამხელა განსხვავებაა სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და მის თანახმად მოქმედებას შორის. ამიტომ ის აჯილდოებს მათ, რომლებიც თავმდაბლობას ინარჩუნებენ და ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც სწორია (მათ. 7:21—23). ასე რომ, ყველანაირად ეცადეთ თავმდაბლობის გამოვლენას. ამით კრების წევრებსაც წაახალისებთ, თავმდაბლად ემსახურონ იეჰოვას. სწორის კეთებას დრო და მოთმინება სჭირდება, თუმცა, როცა ასე ვიქცევით, თავმდაბლობას ვავლენთ. ეს თვისება კი ჩვენს ბედნიერებას შეუწყობს ხელს როგორც დღეს, ისე მომავალში. w18.09 7 ¶18

სამშაბათი, 18 თებერვალი

თითოეულმა თავისი საქმე გამოსცადოს . . . და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარებით (გალ. 6:4).

შემოქმედმა განჭვრიტა, რომ სრულყოფილი ადამიანები მასთან ითანამშრომლებდნენ მისი განზრახვების შესასრულებლად. არასრულყოფილების მიუხედავად, ღვთის ერთგულებს შეუძლიათ იეჰოვასთან ყოველდღიურად თანამშრომლობა. მაგალითად, სასიხარულო ცნობის ქადაგებითა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში მონაწილეობით „ღვთის თანამშრომელნი“ ვხდებით (1 კორ. 3:5—9). დაფიქრდით, რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ვითანამშრომლოთ ყოვლისშემძლე ღმერთთან და მისთვის მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაში მივიღოთ მონაწილეობა. თუმცა იეჰოვასთან თანამშრომლობის საშუალებას მხოლოდ ქადაგება და მოწაფეების მომზადების საქმე როდი გვაძლევს. იეჰოვასთან ვთანამშრომლობთ, როცა ოჯახის წევრებსა თუ თანაქრისტიანებს ვეხმარებით, სტუმართმოყვარეობას ვავლენთ, თეოკრატიულ პროექტებში მოხალისედ ვმსახურობთ და მსახურებას ვაფართოებთ (კოლ. 3:23). საკუთარი შესაძლებლობები სხვისას არასდროს შეადაროთ. გახსოვდეთ, რომ ყველას განსხვავებული ჯანმრთელობა, ასაკი, მდგომარეობა და შესაძლებლობები გვაქვს. w18.08 23 ¶1, 2

ოთხშაბათი, 19 თებერვალი

დაელოდე, რადგან უეჭველად შესრულდება (აბაკ. 2:3).

იეჰოვა დაჰპირდა აბაკუმს, რომ მის გულწრფელ კითხვებს უპასუხოდ არ დატოვებდა. ის მალე გათავისუფლდებოდა ყველა საწუხარისგან. ღმერთმა წინასწარმეტყველს ფაქტობრივად უთხრა: „მოითმინე და მომენდე. შეიძლება გგონია, რომ ვაყოვნებ, მაგრამ აუცილებლად გიპასუხებ“. იეჰოვამ შეახსენა მას, რომ თავისი დაპირებების შესასრულებლად დრო ჰქონდა დანიშნული. მან ურჩია აბაკუმს, დალოდებოდა ამ დროის დადგომას, რადგან საბოლოოდ იმედი არ გაუცრუვდებოდა. მოთმინებით ლოდინი და იეჰოვას სიტყვების გათვალისწინება გულდაჯერებულობას შეგვმატებს და დაგვეხმარება, რომ გასაჭირისა თუ განსაცდელების დროს შინაგანი სიმშვიდე არ დავკარგოთ. იესომ თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას, დროის დიდებულ გამგებელს, და ყურადღება დროებსა და ვადებზე არ გადავიტანოთ, რომლებიც იეჰოვას არ გაუმჟღავნებია (საქ. 1:7). ამიტომ ხელები კი არ უნდა ჩამოვუშვათ, არამედ თავმდაბლობით, რწმენითა და მოთმინებით უნდა დაველოდოთ იეჰოვას, გონივრულად გამოვიყენოთ დრო და საუკეთესო გავიღოთ მის მსახურებაში (მარ. 13:35—37; გალ. 6:9). w18.11 16 ¶13, 14

ხუთშაბათი, 20 თებერვალი

ღმერთმა მაჩვენა, რომ არავის ვუწოდო ბილწი ან უწმინდური (საქ. 10:28).

იმ დროს მცხოვრები ბევრი იუდეველის მსგავსად, პეტრესაც ბავშვობიდან ასწავლიდნენ, რომ უცხოტომელები უწმინდურები იყვნენ. თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა მას შეხედულება შეუცვალა. მაგალითად, პეტრეს სასწაულებრივი ხილვა ჰქონდა (საქ. 10:9—16). პეტრეს მსგავსად მნიშვნელობა არა აქვს, რა პასუხისმგებლობა გვაკისრია, გულდასმით უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი და მზადყოფნით მივიღოთ დახმარება, რათა აღმოვაჩინოთ ჩვენში შემორჩენილი ნებისმიერი სახის წინასწარშექმნილი აზრი. კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია? თუ „გული გაფართოებული“ გვექნება, წინასწარშექმნილ აზრს სიყვარული ჩაანაცვლებს (2 კორ. 6:11—13). მხოლოდ მათთან ხომ არ გაქვთ ახლო ურთიერთობა, ვინც თქვენს ენაზე ლაპარაკობს ან თქვენს რასას, ეთნიკურ ჯგუფს, ეროვნებას ან ტომს მიეკუთვნება? თუ ასეა, გაფართოვდით! კარგი იქნება, თუ განსხვავებული წარმოშობის თანაქრისტიანებთან დაგეგმავთ მსახურებას და მათ სახლში სადილად ან მეგობრულ შეხვედრაზე დაპატიჟებთ (საქ. 16:14, 15). თუ ასე მოიქცევით, გული იმდენად აგევსებათ სიყვარულით, რომ მასში მიკერძოებას აღარ დარჩება ადგილი. w18.08 9 ¶3, 6; 10 ¶7

პარასკევი, 21 თებერვალი

ნუ დააბრკოლებთ (1 კორ. 10:32).

ზოგიერთი იეჰოვას მოწმის საქციელი დიდად არ განსხვავდება იმ ადამიანების საქციელისგან, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას. მაგალითად, წვეულებების დროს ზოგი ისე ცეკვავს ან ისე იქცევა, რომ ქრისტიანს არ შეშვენის. სოციალურ მედიაში განთავსებული მათი ფოტოები თუ კომენტარები მათ ხორციელ აზროვნებას ააშკარავებს და ცუდ გავლენას ახდენენ თანატოლებზე, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, განსხვავდებოდნენ ქვეყნიერებისგან (1 პეტ. 2:11, 12). ქვეყნიერებაში ყველანაირი პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ დავიკმაყოფილოთ ხორცისა თუ თვალის სურვილი და ქონებით ვიტრაბახოთ (1 იოან. 2:16). ვინაიდან ჩვენ იეჰოვას ვეკუთვნით, ბიბლია გვირჩევს, „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები, ახლანდელ ქვეყნიერებაში აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ“ (ტიტ. 2:12). ჩვენი საუბრები, ჭამა-სმის მანერა, ჩაცმულობა და გარეგნობა თუ სამუშაოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება — ანუ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, აშკარად უნდა მეტყველებდეს, რომ იეჰოვას მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენთ. w18.07 25 ¶13, 14

შაბათი, 22 თებერვალი

შევყურებთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, სანამ წყალობას არ გამოავლენს ჩვენდამი (ფსალმ. 123:2).

თუ სიმბოლური თვალი ყოველთვის იეჰოვასკენ გვექნება მიპყრობილი, არ მივცემთ სხვების საქციელს უფლებას, „სული გაგვიმწაროს“ ან იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. ასე მოქცევა განსაკუთრებით მაშინ გვმართებს, როცა მოსეს მსგავსად ღვთის ორგანიზაციაში გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია. მართალია, ჩვენ უნდა ვიღვაწოთ ჩვენი „ხსნისთვის შიშითა და კანკალით“, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა არ არის მკაცრი მოსამართლე, რომელიც ყველას ერთი საზომით ასამართლებს (ფილ. 2:12). რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია, მით მეტად ვართ ანგარიშვალდებულნი იეჰოვას წინაშე (ლუკ. 12:48). მაგრამ, თუ მთელი გულით გვიყვარს იეჰოვა, ვერაფერი დაგვაბრკოლებს და ვერ ჩამოგვაშორებს მის სიყვარულს (ფსალმ. 119:165; რომ. 8:37—39). მოდი ამ რთულ პერიოდში მზერა ყოველთვის ჩვენი ზეციერი მამისკენ, იეჰოვასკენ გვქონდეს მიპყრობილი, რათა ჩავწვდეთ, რა არის მისი ნება (ფსალმ. 123:1). არასდროს მივცეთ უფლება სხვების საქციელს, რომ იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე უარყოფითად იმოქმედოს. w18.07 16 ¶19, 20

კვირა, 23 თებერვალი

თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ . . . და განადიდებდნენ თქვენს ზეციერ მამას (მათ. 5:16).

რა სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ იეჰოვას ხალხი რიცხობრივად იზრდება! 2017 წელს 10 000 000-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა ჩავატარეთ, რაც უპირობოდ იმის დასტურია, რომ ღვთის მსახურთა სინათლე ანათებს. გარდა ამისა, გახსენების საღამოზე გულთბილად მივიღეთ ჭეშმარიტებით დაინტერესებული მილიონობით ადამიანი, რომლებმაც გაიგეს, რომ ღმერთმა ადამიანებისთვის გამოსასყიდი გაიღო, რითაც სიყვარული გამოავლინა (1 იოან. 4:9). იეჰოვას ორგანიზაციაში სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები არიან გაერთიანებულნი. თუმცა ენობრივი ბარიერი ხელს არ გვიშლის, რომ გაერთიანებულად განვადიდოთ ჩვენი ზეციერი მამა, იეჰოვა (გამოცხ. 7:9). არა აქვს მნიშვნელობა, რომელ ენაზე ვლაპარაკობთ ან სად ვცხოვრობთ, ჩვენ შეგვიძლია მნათობებივით ვანათოთ ქვეყნიერებაში (ფილ. 2:15). იეჰოვასთვის დიდება მოაქვს, როცა მისი თაყვანისმცემლები რიცხობრივად იზრდებიან, სიფხიზლეს ინარჩუნებენ და ხარობენ ერთობით. w18.06 21 ¶1—3

ორშაბათი, 24 თებერვალი

რაბი, ჭამე (იოან. 4:31).

იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რომ სულიერ საკითხებზე მსჯელობაში ჩაბმულს შიმშილი აღარც კი ახსოვდა. ქადაგება, თუნდაც ამ სამარიელ ქალთან, მისი მამის ნება იყო და ეს მისთვის საჭმელივით იყო (იოან. 4:32—34). იაკობი და იოანე ვერ ჩასწვდნენ ამ გაკვეთილს. როცა იესოსთან ერთად სამარიის გავლით მიდიოდნენ, მოწაფეებმა სამარიის ერთ სოფელში ღამის გასათევის ძებნა დაიწყეს. სამარიელებმა არ მიიღეს ისინი, ამიტომ განრისხებულმა იაკობმა და იოანემ იესოს უთხრეს, ნება მიეცა მათთვის, რომ მთელი სოფელი ციდან ჩამოსული ცეცხლით გაენადგურებინათ. იესო გაუწყრა მათ (ლუკ. 9:51—56). საეჭვოა, იაკობსა და იოანეს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონოდათ, მშობლიურ გალილეაში რომ მოქცეოდნენ მათ არასტუმართმოყვარულად. როგორ ჩანს, მათ მტრულ დამოკიდებულებას წინასწარშექმნილმა აზრმა შეუწყო ხელი. მოგვიანებით სამარიელებთან ქადაგებას კარგი შედეგი მოჰყვა და შეიძლება იოანე მოციქულს რცხვენოდა კიდეც, რომ ერთ დროს ასეთი მძაფრი რეაქცია ჰქონდა მათ არასტუმართმოყვარეობაზე (საქ. 8:14, 25). w18.06 10, 11 ¶12, 13

სამშაბათი, 25 თებერვალი

მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი (ეფეს. 6:14).

როცა ჭეშმარიტება მჭიდროდ გვაქვს შემოსარტყლული, აღძრულები ვართ, მის თანახმად ვიცხოვროთ და ყოველთვის სიმართლე ვილაპარაკოთ. რატომ ვერიდებით ტყუილის თქმას? იმიტომ რომ სიცრუე ოდითგანვე სატანის ერთ-ერთი ძლიერი იარაღი იყო. ტყუილი ორივე მხარეს აყენებს ზიანს — მასაც, ვინც ამბობს და მასაც, ვინც იჯერებს (იოან. 8:44). ამიტომ, რამდენადაც არასრულყოფილი ადამიანისთვის შესაძლებელია, ვერიდებით ტყუილის თქმას (ეფეს. 4:25). თუმცა ამის გაკეთება შეიძლება რთული იყოს. 18 წლის აბიგაილი ამბობს: „ზოგჯერ შეიძლება ვიფიქროთ, რომ სიმართლის თქმა არ ღირს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტყუილით ადვილად დავიძვრენთ თავს რთული მდგომარეობიდან“. მაშ, რატომ ვთქვათ სიმართლე? ვიქტორია, რომელიც 23 წლისაა, აღნიშნავს: „როცა სიმართლეს ამბობ და შენს რწმენას იცავ, შეიძლება დაგჩაგრონ და დაგამცირონ. მაგრამ ამას ყოველთვის მოჰყვება შესანიშნავი შედეგები: იეჰოვას უფრო უახლოვდები და მათ პატივისცემას იმსახურებ, ვისაც უყვარხარ“. ამიტომ ნამდვილად ღირს, რომ ყოველთვის მტკიცედ ვიდგეთ „ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი“. w18.05 28 ¶3, 5

ოთხშაბათი, 26 თებერვალი

იფხიზლეთ (მათ. 24:42).

რაც უფრო უარესდება მდგომარეობა, მით უფრო მეტად გვჭირდება თითოეულს სიფხიზლის შენარჩუნება. იეჰოვა თავის დროზე იმოქმედებს (მათ. 24:42—44). ამასობაში გამოავლინეთ მოთმინება და განსაკუთრებით იფხიზლეთ. ყოველდღე იკითხეთ ღვთის სიტყვა და „ლოცვაში სიფხიზლე შეინარჩუნეთ“ (1 პეტ. 4:7). იფიქრეთ იმ და-ძმების ბრწყინვალე მაგალითებზე, რომლებსაც სიხარულით აღსავსე ცხოვრება აქვთ, რადგან სიფხიზლეს ინარჩუნებენ და კვლავაც ანათებენ ქვეყნიერებაში. სრულად დაკავდით სულიერი საქმეებით, სიკეთე გაუკეთეთ სხვებს და მათთან იქონიეთ ურთიერთობა, ვინც კარგ გავლენას მოახდენს თქვენზე. ეს უდიდეს სიხარულს მოგანიჭებთ და დროც სწრაფად გაირბენს (ეფეს. 5:16). რწმენის განმამტკიცებელია იმის ცოდნა, რომ არასრულყოფილება ხელს ვერ გვიშლის მისთვის მისაღები სახით ვემსახუროთ იეჰოვას. მან ჩვენ დასახმარებლად „მოგვცა ძღვენი ადამიანთა სახით“ ანუ კრების უხუცესები, რაც ძალიან დასაფასებელია (ეფეს. 4:8, 11, 12). ამიტომ შემდგომში, როცა უხუცესები მოგინახულებენ, ეს დრო იმისთვის გამოიყენეთ, რომ ბევრი რამ ისწავლოთ მათგან და მათი რჩევების პრაქტიკული ღირებულება დაინახოთ. w18.06 24, 25 ¶15—18

ხუთშაბათი, 27 თებერვალი

თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, დარჩებით ჩემს სიყვარულში (იოან. 15:10).

იესომ მოწაფეებს უთხრა, რომ მათ უბრალოდ კი არ უნდა ჰყვარებოდათ ის, არამედ უნდა დარჩენილიყვნენ მის სიყვარულში. მოთმინებაა საჭირო, რომ ადამიანმა ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრებით იცხოვროს. სწორედ მოთმინების აუცილებლობაზე გაამახვილა იესომ ყურადღება იოანეს 15:4—10-ში, როცა სიტყვა „დარჩენა“ ბიბლიის ამ პატარა მონაკვეთში არაერთხელ გამოიყენა სხვადასხვა ფორმით. რით ცხადვყოფთ, რომ გვსურს დავრჩეთ ქრისტეს სიყვარულში და მისი მოწონება არ დავკარგოთ? იმით, რომ ვიცავთ მის მცნებებს. მარტივად რომ ვთქვათ, იესო ჩვენგან მორჩილებას მოითხოვს. ის იმის გაკეთებას ითხოვს, რასაც თავად აკეთებდა. მან თქვა: „მე ვიცავ მამის მცნებებს და ვრჩები მის სიყვარულში“. იესომ ამ მხრივ კარგი მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 13:15). როცა იესოს მითითებას ვიცავთ და ვქადაგებთ, ჩვენც ვავლენთ ღვთის მიმართ სიყვარულს, რადგან გვესმის, რომ იესოს მითითებები იეჰოვას აზროვნებას ირეკლავს (მათ. 17:5; იოან. 8:28). როდესაც იეჰოვა და იესო ხედავენ ჩვენს სიყვარულს, თვითონაც გვეხმარებიან, რომ დავრჩეთ მათ სიყვარულში. w18.05 18 ¶5—7

პარასკევი, 28 თებერვალი

მუყაითის გეგმები წარმატებულია (იგავ. 21:5).

მოზარდობის ასაკში წყვეტს ადამიანი, რა განათლებას მიიღებს, სად იმუშავებს და ასე შემდეგ. თუ მიზნები გაქვს დასახული, სწორი გადაწყვეტილების მიღება ადვილია. რაც უფრო ადრე დაისახავ კარგ მიზნებს, მით უფრო მალე მიაღწევ წარმატებას. მთელ მსოფლიოში ათასობით ახალგაზრდა იეჰოვას მოწმე იმსახურებს გულთბილ შექებას. ისინი ენდობიან იეჰოვას და ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს სულიერ მიზნებს უთმობენ. მათ კმაყოფილებას ანიჭებთ თავიანთი ცხოვრება და ყველაფერში, მათ შორის ოჯახთან დაკავშირებულ საკითხებში, იეჰოვას მითითებების მიყოლას სწავლობენ. სოლომონმა დაწერა: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით . . . გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავ. 3:5, 6). ახალგაზრდებო, თქვენ ძალიან ძვირფასები ხართ იეჰოვას თვალში! მას უყვარხართ. ის დაგიცავთ, გიხელმძღვანელებთ და კურთხევებს არ მოგაკლებთ. w18.04 26 ¶7; 27 ¶9

შაბათი, 29 თებერვალი

გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი (იოან. 13:34).

მოციქული იოანე პირველი საუკუნის კრების ერთ-ერთ ბურჯად ითვლებოდა. მისი სახარება, სადაც ის საკმაოდ გულში ჩამწვდომი ენით აღწერს იესოს მსახურებას, საუკუნეების განმავლობაში ამხნევებდა ქრისტიანებს და ეს დღემდე ასეა. მხოლოდ მის სახარებაში ვკითხულობთ იესოს სიტყვებს, რომ მისი მიმდევრები სხვებისგან სიყვარულით იქნებოდნენ გამორჩეულები (იოან. 13:35). იოანეს სამ წერილში ჭეშმარიტების სხვა მარგალიტებსაც ვპოულობთ. როცა ცოდვილი ბუნების გამო გულდამძიმებულები ვართ, შვებას გვგვრის იმის წაკითხვა, რომ „იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოან. 1:7). თუ ჩვენი გული მსჯავრს გვდებს, განა გულაჩუყებულებს თვალზე ცრემლი არ გვადგება, როცა ვკითხულობთ, რომ „ღმერთი ჩვენს გულებზე დიდია“?! (1 იოან. 3:20). მხოლოდ მოციქული იოანე ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8, 16). თავის მეორე და მესამე წერილებში იოანე აქებს იმ ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც „ჭეშმარიტებაში დადიან“ (2 იოან. 4; 3 იოან. 3, 4). w18.04 18 ¶14, 15

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება