მარტი
კვირა, 1 მარტი
შენ ბატონობ ყველაფერზე (1 მატ. 29:12).
დაბადების პირველი ორი თავიდან ნათლად ჩანს, რომ ადამი და ევა ისეთი თავისუფლებით ტკბებოდნენ, რაზეც დღეს მხოლოდ ოცნება თუ შეგვიძლია. პირველ წყვილს არაფერი აკლდა; მათთვის უცხო იყო ჩაგვრა და შიში. ისინი არ წუხდნენ საკვებსა თუ სამსახურზე; მათ არ ეშინოდათ ავადმყოფობისა თუ სიკვდილის (დაბ. 1:27—29; 2:8, 9, 15). თუმცა, როცა თავისუფლებაზე ვლაპარაკობთ, პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, ის არის, რომ მხოლოდ იეჰოვა ღმერთს აქვს აბსოლუტური და უსაზღვრო თავისუფლება. ის ყველაფრის შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველია (1 ტიმ. 1:17; გამოცხ. 4:11). შესაბამისად, ზეცაში თუ დედამიწაზე ყველა ქმნილების თავისუფლება შეფარდებითია. ყველა უნდა აცნობიერებდეს, რომ იეჰოვა ღმერთს აქვს სრული უფლება, განსაზღვროს და დაადგინოს, რომელია სამართლიანი, საჭირო და გონივრული შეზღუდვები. სწორედ ასე მოიქცა ის, როცა ადამიანი შექმნა. w18.04 4 ¶4, 6
ორშაბათი, 2 მარტი
რა მშვენიერია . . . მახარობლის . . . ფეხები (ეს. 52:7).
დღევანდელ ქვეყნიერებაში იეჰოვას დახმარების გარეშე ცხოვრება ძალიან გაგვიჭირდებოდა (2 კორ. 4:7, 8). წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულ მდგომარეობაში არიან ისინი, ვინც არ იცნობენ იეჰოვას და ვერ გრძნობენ მის ხელს. იესოს მსგავსად გული გვეწვის მათ გამო და გვსურს, რომ უკეთესობის მახარობლები ვიყოთ. ასე რომ, მომთმენები იყავით მათ მიმართ, ვისაც ასწავლით. გაითვალისწინეთ, რომ მათ შეიძლება არასდროს სმენიათ ბიბლიური ჭეშმარიტება, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ბევრისთვის რელიგია გრძნობებთან არის დაკავშირებული. შეიძლება მათთვის ის ტრადიციებთან ასოცირდება ან ფიქრობენ, რომ საერთო რელიგიური შეხედულებები ოჯახთან და სამეზობლოსთან აახლოებს. თუ გვსურს, ადამიანებმა ძვალ-რბილში გამჯდარი „ძველი“ სწავლებები მიატოვონ, ჯერ მათ „ახალი“ ჭეშმარიტების ანუ ბიბლიური სწავლებების დაფასებასა და შეყვარებაში უნდა დავეხმაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნებიან ისინი მზად ძველი შეხედულებების დასათმობად. დროა საჭირო, რომ ადამიანებს ასეთი ცვლილებების მოხდენაში დავეხმაროთ (რომ. 12:2). w19.03 23 ¶10, 12; 24 ¶13
სამშაბათი, 3 მარტი
მე მოგიწონე (მარ. 1:11).
იეჰოვას მაგალითი, რომელმაც თავისი ძის მიმართ სიყვარული და მოწონება გამოხატა, შეგვახსენებს, რომ ჩვენც უნდა ვეძებოთ სხვების გამხნევების შესაძლებლობები (იოან. 5:20). გვიხარია, როცა საყვარელი ადამიანები კარგი საქმეებისთვის გვაქებენ და ჩვენდამი სიყვარულს გამოხატავენ. მსგავსად, ოჯახისა თუ კრების წევრებს ჩვენგან სიყვარული და გამხნევება სჭირდებათ. როცა სხვებს ვაქებთ, ვაძლიერებთ მათ რწმენაში და ვეხმარებით, ერთგულად ემსახურონ იეჰოვას. მშობლებს განსაკუთრებით მართებთ შვილების გამხნევება. ბავშვებს ფრთები ესხმებათ, როცა მშობლები გულწრფელად აქებენ და სიყვარულს გამოხატავენ მათ მიმართ. სიტყვებიდან „მე მოგიწონე“ გამოჩნდა, რომ იეჰოვა ენდობოდა თავის ძეს და დარწმუნებული იყო, რომ ის ერთგულად შეასრულებდა მამის ნებას. თუკი იეჰოვა ენდობოდა იესოს, განა ჩვენ არ უნდა ვენდოთ, რომ ის ბოლომდე შეასრულებს იეჰოვას ყველა დაპირებას?! (2 კორ. 1:20). როცა იესოს მაგალითზე ვფიქრობთ, უფრო მეტად გვიჩნდება მისი მიბაძვის სურვილი (1 პეტ. 2:21). w19.03 8 ¶3; 9 ¶5, 6
ოთხშაბათი, 4 მარტი
სულის კანონმა, რომელიც სიცოცხლეს იძლევა ქრისტე იესოსთან ერთობაში, ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან გაგათავისუფლა (რომ. 8:2).
როცა კარგად გვესმის საჩუქრის ფასი, მადლიერებას გამოვხატავთ დამსაჩუქრებლის მიმართ. ისრაელებმა არ დააფასეს იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება. ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე თვეც არ იყო გასული, რომ ისრაელებმა უმადურობა გამოავლინეს იეჰოვას მზრუნველობის მიმართ, რომელიც მანანით კვებავდა მათ; ისინი ეგვიპტის საჭმელ-სასმელს მისტიროდნენ და უკან დაბრუნებაც კი უნდოდათ. წარმოიდგინეთ, მათთვის თევზი, კიტრი, საზამთრო, პრასი, ხახვი და ნიორი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება, რაც მათ დაუბრკოლებლად თაყვანისცემის საშუალებას აძლევდა. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ განურისხდა იეჰოვა თავის ხალხს (რიცხ. 11:5, 6, 10; 14:3, 4). რა კარგი გაკვეთილია ეს ჩვენთვის! პავლე მოციქულმა ქრისტიანებს მოუწოდა, არ გაეუფასურებინათ იეჰოვასგან მიღებული თავისუფლება, რომელიც მან თავისი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით ყველას უბოძა (2 კორ. 6:1). w18.04 9, 10 ¶6, 7
ხუთშაბათი, 5 მარტი
ის სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია. სავსეა დედამიწა იეჰოვას სიკეთით (ფსალმ. 33:5).
ყველას გვაქვს სიყვარულის მოთხოვნილება და გვსურს, რომ სამართლიანად გვექცეოდნენ. თუ ხშირად უსიყვარულოდ და უსამართლოდ გვეპყრობიან, შეიძლება თავი უღირსად და უიმედოდ ვიგრძნოთ. იეჰოვამ იცის, რომ გვაქვს სიყვარულის მოთხოვნილება და ვისწრაფვით სამართლიანობისკენ (ფსალმ. 33:5). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას გულწრფელად ვუყვარვართ და სურს, სხვები სამართლიანად გვექცეოდნენ. ეს ნათლად ჩანს კანონთა კრებულიდან, რომელიც ისრაელს მოსეს მეშვეობით მისცა. მოსეს კანონიდან ვიგებთ, თუ რა თბილი გრძნობები აქვს ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას (რომ. 13:8—10). ნათლად ვხედავთ, რომ მოსეს კანონი სიყვარულზეა დაფუძნებული, რადგან ყველაფერი, რასაც იეჰოვა აკეთებს, სიყვარულითაა ნაკარნახევი (1 იოან. 4:8). მთელი კანონთა კრებული იეჰოვამ ორ ძირითად მცნებაზე დააფუძნა — გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი (ლევ. 19:18; კან. 6:5; მათ. 22:36—40). მოსეს კანონში შემავალი 600-ზე მეტი კანონი იეჰოვას სიყვარულის არაერთ მხარეს ასახავს. w19.02 20, 21 ¶1—4
პარასკევი, 6 მარტი
სადაც შენი განძია, იქ იქნება შენი გულიც (მათ. 6:21).
იობი საპირისპირო სქესთან მიმართებით დიდ სიფრთხილეს იჩენდა (იობ. 31:1). მას ესმოდა, რომ არასწორი იქნებოდა, თუ მეუღლის გარდა სხვა ქალისადმი გამოიჩენდა რომანტიკულ ინტერესს. დღევანდელ ქვეყნიერებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით სექსუალური უზნეობის ჩადენის ცდუნებას. მივბაძავთ იობს და შევეცდებით, რომ მეუღლის გარდა არავის მიმართ არ გამოვავლინოთ რომანტიკული გრძნობები? შევეცდებით, ნებისმიერ ვითარებაში ავარიდოთ თვალი გარყვნილ და პორნოგრაფიულ გამოსახულებებს? (მათ. 5:28). თუ ყოველდღე გავაკონტროლებთ საკუთარ თავს, უფრო მეტად შევძლებთ ჩვენი შინაგანი პიროვნების გაძლიერებას და უმწიკვლობის შენარჩუნებას. იობი ღვთისადმი მორჩილებას მატერიალურ საკითხებთან მიმართებითაც ავლენდა. მას კარგად ესმოდა, რომ, თუ ქონებაზე დაამყარებდა იმედს, დიდ შეცდომას დაუშვებდა და სასჯელს დაიმსახურებდა (იობ. 31:24, 25, 28). დღეს სიმდიდრის მოყვარულ ქვეყნიერებაში ვცხოვრობთ. თუ გავითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპებს და ფულსა თუ ქონებაზე სწორი შეხედულება გვექნება, უმწიკვლობის შენარჩუნების სურვილი გაგვიძლიერდება (იგავ. 30:8, 9; მათ. 6:19, 20). w19.02 6 ¶13, 14
შაბათი, 7 მარტი
როგორც მამამ შემიყვარა და როგორც მე შეგიყვარეთ (იოან. 15:9).
იესოს მიერ გაკეთებული ყველა საქმე სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას ძლიერ სიყვარულს, რომელსაც ის ჩვენდამი გრძნობს (1 იოან. 4:8—10). რაც ყველაზე მთავარია, იესო სიყვარულმა აღძრა, რომ ჩვენთვის თავი გაეწირა. ცხებულები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ყველანი ვსარგებლობთ იმ სიყვარულით, რომელიც იეჰოვამ და იესომ გამოსასყიდის გაღებით გამოავლინეს (იოან. 10:16; 1 იოან. 2:2). დაფიქრდით აგრეთვე გახსენების საღამოს სიმბოლოებზე. მოწაფეებისადმი იესოს სიყვარული და მზრუნველობა ამ სიმბოლოებშიც ჩანს. რა გაგებით? იესომ იმითაც გამოავლინა სიყვარული თავისი სულითცხებული მიმდევრების მიმართ, რომ ამ საღამოს აღსანიშნავად უბრალო რიტუალი დაუდგინა და არა რთული. ამ ცხებულ მოწაფეებს უფლის გახსენების საღამო ყოველ წელს უნდა აღენიშნათ და ეს სხვადასხვა ვითარებაში, თუნდაც პატიმრობაში ყოფნის დროს უნდა გაეკეთებინათ (გამოცხ. 2:10). იცავდნენ ისინი იესოს მითითებას? რა თქმა უნდა. ჭეშმარიტი ქრისტიანები დღემდე არ იშურებენ ძალისხმევას იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს აღსანიშნავად. w19.01 24 ¶13—15
კვირა, 8 მარტი
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ (იოან. 8:32).
ამ თავისუფლებაში ადამიანის ცრუ რელიგიისგან, უმეცრებისა და ცრურწმენისგან გათავისუფლებაც იგულისხმება. უფრო მეტიც, საბოლოოდ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ მივიღებთ (რომ. 8:21). თუ დარჩები ქრისტეს სიტყვაში, ანუ მიჰყვები მის სწავლებებს, დღესვე იგრძნობ თავისუფლებას (იოან. 8:31). ასეთი სახით არა მხოლოდ თეორიულად „შეიცნობ ჭეშმარიტებას“, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე გამოცდი მის ფასს. ამ დრომოჭმულ ქვეყნიერებაში, ეგრეთ წოდებული კარგი ცხოვრებაც არასტაბილური და ხანმოკლეა. არავინ იცის, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე (იაკ. 4:13, 14). გონივრული იქნება, თუ დარჩები გზაზე, რომელიც „ჭეშმარიტ სიცოცხლემდე“ ანუ მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანს (1 ტიმ. 6:19). თუმცა იეჰოვა არავის აიძულებს ამ გზაზე სიარულს. ეს ჩვენი არჩევანია. დაე იეჰოვა იყოს შენი „წილი“ (ფსალმ. 16:5). დააფასე „ყოველივე კარგი“, რასაც ის გაძლევს (ფსალმ. 103:5). არასდროს შეგეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვას შეუძლია მარადიულად მოგგვაროს სიხარული და ბედნიერება (ფსალმ. 16:11). w18.12 28 ¶19, 21
ორშაბათი, 9 მარტი
ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს (1 კორ. 7:11).
ყველა ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ისევე დააფასოს ქორწინება, როგორც იეჰოვა და იესო აფასებენ. თუმცა არასრულყოფილების გამო ზოგს შეიძლება გაუჭირდეს ამის გაკეთება (რომ. 7:18—23). ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ პირველ საუკუნეში ზოგი ქრისტიანი ბედნიერი არ იყო თავისი ქორწინებით. პავლემ დაწერა: „ცოლი არ გაშორდეს ქმარს“; თუმცა ზოგჯერ ასეთი რამ მაინც ხდებოდა (1 კორ. 7:10). პავლეს არ დაუსახელებია ის მიზეზები, რომელთა გამოც ზოგი წყვილი განცალკევებით ცხოვრობდა. ამ შემთხვევაში მიზეზი ქმრის მხრიდან ღალატი არ იყო, რაც ცოლს განქორწინებისა და ხელახლა დაქორწინების საფუძველს აძლევდა. პავლემ თქვა, რომ ცოლი, რომელიც ქმრისგან განცალკევებით ცხოვრობდა, აღარ უნდა გათხოვილიყო ან ქმარს უნდა შერიგებოდა. ღვთის თვალში ისინი კვლავაც ქორწინებაში იყვნენ. პავლეს რჩევიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ყოფილიყო პრობლემის მიზეზი, თუ სექსუალური უზნეობა არ იყო ჩადენილი, წყვილის მიზანი შერიგება უნდა ყოფილიყო. მათ შეეძლოთ, ღვთიური რჩევების მისაღებად კრების უხუცესებისთვის მიემართათ. w18.12 13 ¶14, 15
სამშაბათი, 10 მარტი
ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე (მათ. 6:33).
დღეს ღვთის ნებაა, რომ მისმა მსახურებმა ახლო ურთიერთობა განივითარონ მასთან და მაქსიმალური მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო საქმეში (მათ. 28:19, 20; იაკ. 4:8). კეთილმოსურნე ადამიანები შეიძლება შეეცადონ, რომ არჩეული გზიდან გადაგვახვევინონ. როგორ მოიქცევით, თუ დამსაქმებელი დაწინაურებას და გაცილებით მაღალ ხელფასს შემოგთავაზებთ, მაგრამ ეს სამუშაო ხელს შეგიშლით სულიერ საქმეებში? ან რას გადაწყვეტთ, თუ სკოლის მოსწავლე ხართ და სწავლის გაგრძელებას გთავაზობენ, რის გამოც ოჯახისგან შორს მოგიწევთ ყოფნა? თუ ასეთი არჩევანის წინაშე დადგებით, შეეცდებით, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ილოცოთ, გამოიკვლიოთ იეჰოვას თვალსაზრისი და დაელაპარაკოთ სხვებს? კარგი იქნება, თუ ახლავე გაიგებთ ამ საკითხზე იეჰოვას თვალსაზრისს და გაითავისებთ მას. თუ ასე მოიქცევით, თქვენთვის ნაკლებად მაცდუნებელი იქნება მსგავსი შემოთავაზებები. გარდა ამისა, წინასწარ გექნებათ დასახული სულიერი მიზნები და განწყობილი იქნებით, რომ ბოლომდე იეჰოვას ერთგულები დარჩეთ. w18.11 27 ¶18
ოთხშაბათი, 11 მარტი
ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).
სოლომონი ახალგაზრდა იყო, როცა ისრაელის მეფე გახდა. მეფობის დასაწყისში მას იეჰოვა გამოეცხადა სიზმარში და უთხრა: „მითხარი, რა გინდა, და მოგცემ“. სოლომონმა მიუგო: „ჯერ ბავშვი ვარ და არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა . . . მიეცი შენს მსახურს მორჩილი გული, რომ განსაჯოს შენი ხალხი“ (1 მეფ. 3:5—10). რამხელა მოკრძალება გამოავლინა სოლომონმა, როცა ღმერთს „მორჩილი გული“ სთხოვა! ამიტომაც უყვარდა იეჰოვას სოლომონი (2 სამ. 12:24). ღმერთს იმდენად ესიამოვნა ახალგაზრდა მეფის პასუხი, რომ მას „ბრძენი და გაგებული გული“ მისცა (1 მეფ. 3:12). სანამ ერთგული იყო, სოლომონს კურთხევები არ აკლდა. მას წილად ხვდა პატივი, „იეჰოვას, ისრაელის ღვთის სახელზე“ ტაძარი აეშენებინა (1 მეფ. 8:20). ღვთისგან ბოძებული სიბრძნით მან დიდად გაითქვა სახელი. სოლომონის მიერ ღვთივშთაგონებით წარმოთქმული სიტყვებით ბიბლიის სამი წიგნი დაიწერა, რომელთაგან ერთ-ერთი „იგავებია“. w19.01 14 ¶1, 2
ხუთშაბათი, 12 მარტი
ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე (რომ. 12:2).
ზოგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმ აზრს, რომ შეიძლება ვინმემ ჩამოაყალიბოს ან გავლენა მოახდინოს მათ აზროვნებაზე. ისინი ამბობენ: „მე ჩემი აზრი გამაჩნია“, რაშიც შესაძლოა იმას გულისხმობენ, რომ დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს და ამის სრული უფლება აქვთ. მათ არ სურთ, რომ ვინმემ ნაბიჯები უკონტროლოს ან ინდივიდუალობა დააკარგვინოს. იეჰოვას აზროვნების გაზიარება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი აზრი აღარ გაგვაჩნდეს. 2 კორინთელების 3:17-ში ნათქვამია: „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“. იეჰოვა გვაძლევს უფლებას, თავად ავირჩიოთ, როგორი ადამიანები ვიქნებით. მან ისე შეგვქმნა, რომ შეგვიძლია ჩვენი ინტერესის სფერო გვქონდეს და თავად გადავწყვიტოთ, რას მივანიჭოთ უპირატესობა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაზღვრო თავისუფლება გვაქვს (1 პეტ. 2:16). როცა საკითხი სწორისა და არასწორის განსაზღვრაზე მიდგება, იეჰოვას სურს, რომ ბიბლიით ვიხელმძღვანელოთ, სადაც მისი აზრებია ჩაწერილი. w18.11 19 ¶5, 6
პარასკევი, 13 მარტი
დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა, დამტოვა (2 ტიმ. 4:10).
ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მატერიალური ნივთები ჩვენთვის მეორეხარისხოვანი გახდა და მისი ადგილი სულიერმა საკითხებმა დაიკავა. ბედნიერები ვიყავით, რომ შეგვეძლო ჭეშმარიტებისთვის მატერიალური მსხვერპლი გაგვეღო. თუმცა დროის სვლასთან ერთად შეიძლება შევნიშნოთ, რომ სხვები უახლესი მოდელის ელექტრონულ მოწყობილობებს ყიდულობენ ან სხვა მატერიალური კეთილდღეობით ხარობენ. შეიძლება ისეთი გრძნობა დაგვეუფლოს, რომ რაღაც გვაკლია და აღარ დავკმაყოფილდეთ მცირედით. ამ დროს არსებობს საშიშროება, რომ მატერიალური ნივთების შეძენამ სულიერი მიზნები შეიწიროს. ეს გვახსენებს დემასის შემთხვევას. „დემასმა ახლანდელი ქვეყნიერება შეიყვარა“ და მიატოვა პავლე მოციქულთან ერთად მსახურება. რატომ მიატოვა დემასმა პავლე? ბიბლია არ აკონკრეტებს, სულიერ საქმეებზე მეტად მატერიალური ნივთები შეიყვარა თუ უბრალოდ აღარ უნდოდა მსხვერპლის გაღება და პავლეს გვერდით მსახურება. ნამდვილად არ გვინდა, რომ ჩვენში მატერიალური ნივთების სიყვარულმა გაიღვიძოს და ჩვენს გულში ჭეშმარიტების ადგილი დაიკავოს. w18.11 10 ¶9
შაბათი, 14 მარტი
არა, არ მოკვდებით (დაბ. 3:4).
სატანამ ბოროტი განზრახვით თქვა ტყუილი, რადგან კარგად იცოდა, რომ, თუ ევა დაიჯერებდა მის ნათქვამს და შეჭამდა ნაყოფს, მოკვდებოდა. ადამი და ევა არ დაემორჩილნენ იეჰოვას ბრძანებას და საბოლოოდ დაიხოცნენ (დაბ. 3:6; 5:5). უფრო მეტიც, ადამის ცოდვის შედეგად „სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“. ფაქტობრივად, „სიკვდილი მეფობდა . . . მათზეც, ვისაც არ ჩაუდენია ადამის დანაშაულის მსგავსი ცოდვა“ (რომ. 5:12, 14). ნაცვლად იმისა, რომ ღვთის თავდაპირველი განზრახვის თანახმად სრულყოფილები ვყოფილიყავით და მარადიულად გვეცოცხლა, ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა „სამოცდაათი წელია; განსაკუთრებული ჯანმაგრობისას კი — ოთხმოცი წელი“. თანაც ხშირ შემთხვევაში ის „გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე“ (ფსალმ. 90:10). ყველა ეს უბედურება სწორედ სატანის მოგონილი ტყუილის შედეგია! სატანის საქმეებზე საუბრისას, იესომ თქვა: „ჭეშმარიტებაში არ დადგა, რადგან არ არის მასში ჭეშმარიტება“ (იოან. 8:44). სატანა არ შეცვლილა, მას დღემდე „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხ. 12:9). ჩვენ კი არ გვინდა, რომ სატანის ტყუილის მსხვერპლი აღმოვჩნდეთ. w18.10 6, 7 ¶1—4
კვირა, 15 მარტი
ბედნიერნი არიან მშვიდობისმყოფელნი, რადგან მათ ღვთის შვილები დაერქმევათ (მათ. 5:9).
ბედნიერები არიან ისინი, რომლებიც პირველები დგამენ ნაბიჯს მშვიდობის შესანარჩუნებლად. მოწაფე იაკობმა დაწერა: „სიმართლის ნაყოფი მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:18). როცა ოჯახის ან კრების წევრთან დაძაბული ურთიერთობა გვაქვს, ღმერთს უნდა ვთხოვოთ დახმარება, რომ მშვიდობისმყოფელები ვიყოთ. პასუხად იეჰოვა აუცილებლად მოგვცემს თავის სულს და სწორად მოქცევაში დაგვეხმარება, რაც ბედნიერებას მოგვანიჭებს. იესომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად აუცილებელია, მშვიდობის ხელშესაწყობად პირველებმა გადავდგათ ნაბიჯი. მან თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი“ (მათ. 5:23, 24). w18.09 21 ¶17
ორშაბათი, 16 მარტი
ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი (იოან. 13:34).
სიცოცხლის უკანასკნელ საღამოს იესომ მოწაფეებთან დაახლოებით 30-ჯერ მოიხსენია სიყვარული. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, რომ მის მოწაფეებს ერთმანეთი უნდა ჰყვარებოდათ (იოან. 15:12, 17). მათი სიყვარული იმდენად აშკარა იქნებოდა, რომ სხვები ადვილად დაინახავდნენ მათში ქრისტეს ნამდვილ მიმდევრებს (იოან. 13:35). ეს არ არის მხოლოდ ემოციებით გამოწვეული სიყვარული. იესო გულისხმობდა აღმატებულ თვისებას — თავგანწირულ სიყვარულს. მან თქვა: „იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავის სულს სწირავს მეგობრებისთვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ“ (იოან. 15:13, 14). დღეს იეჰოვას მსახურებს, როგორც ღვთის ხალხს, გამოარჩევს ნამდვილი, თავგანწირული სიყვარული და ურყევი ერთობა (1 იოან. 3:10, 11). რა მადლიერნი ვართ, რომ ეროვნების, ენის, ტომისა თუ წარმოშობის მიუხედავად იეჰოვას მსახურებს გვიყვარს ერთმანეთი! w18.09 12 ¶1, 2
სამშაბათი, 17 მარტი
ვინც თავისიანებზე არ ზრუნავს, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია (1 ტიმ. 5:8).
იეჰოვა თავისი მსახურებისგან მოელის, რომ ოჯახის წევრებზე იზრუნებენ. მაგალითად, შეიძლება მუშაობთ, რათა თქვენს ახლობლებზე იზრუნოთ. დედებს სახლში ყოფნა და თავიანთ პატარებზე ზრუნვა უწევთ, ზოგი კი თავის დაუძლურებულ მშობლებზე ზრუნავს. ზემოთ ჩამოთვლილი ყველა საქმე უმნიშვნელოვანესია. თუ თქვენც გაკისრიათ ეს პასუხისმგებლობები, ალბათ, თეოკრატიულ საქმეებში მონაწილეობას იმდენ დროს ვერ უთმობთ, რამდენიც გსურთ. მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ! იეჰოვა იწონებს თავის მსახურებს, რომლებიც ოჯახზე ზრუნავენ (1 კორ. 10:31). თუ სერიოზული ოჯახური პასუხისმგებლობები არ გაკისრიათ, შეგიძლიათ დაეხმაროთ დაუძლურებულ და ხანდაზმულ თანაქრისტიანებს ან მათ, ვინც ავადმყოფ ოჯახის წევრებს უვლის ან სხვა მხრივ საჭიროებს მხარში დგომას? თუ ასე მოიქცევით, შეიძლება იეჰოვამ მათ ლოცვებს თქვენი მეშვეობით უპასუხოს და ამგვარად ითანამშრომლოთ იეჰოვასთან (1 კორ. 10:24). w18.08 24 ¶3, 5
ოთხშაბათი, 18 მარტი
ღმერთი . . . მასთან იყო, დაიხსნა ის ყველა გასაჭირიდან (საქ. 7:9, 10).
იოსები 17 წლისა იქნებოდა, როცა შურით აღვსილმა ძმებმა მონად გაყიდეს, რადგან მათ მამას, იაკობს, ძალიან უყვარდა ის (დაბ. 37:2—4, 23—28). საყვარელ მამას მოწყვეტილი იოსები დაახლოებით 13 წლის მანძილზე მონა და პატიმარი იყო ეგვიპტეში. რა დაეხმარა მას, რომ გული არ გასტეხოდა და არ გაბოროტებულიყო? პატიმრობით გატანჯული იოსები იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რასაც იეჰოვა მის დასახმარებლად აკეთებდა (დაბ. 39:21; ფსალმ. 105:17—19). მოზარდობის დროს ნანახი წინასწარმეტყველური სიზმრებიც დაარწმუნებდა იოსებს, რომ იეჰოვა მის მიმართ კეთილგანწყობილი იყო (დაბ. 37:5—11). ის, ალბათ, არაერთხელ გაუზიარებდა იეჰოვას თავის საწუხარს (ფსალმ. 145:18). გულმხურვალე ლოცვების პასუხად იეჰოვამ აგრძნობინა იოსებს, რომ მის გვერდით იქნებოდა ყველა გასაჭირში. w18.10 28 ¶3, 4
ხუთშაბათი, 19 მარტი
ღარიბი თავის მოძმესაც კი სძულს, ხოლო მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს (იგავ. 14:20).
მატერიალური მხარე ის ფაქტორია, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვებისადმი ჩვენს დამოკიდებულებაზე. როგორ შეიძლება ადამიანის სიმდიდრემ ან სიღარიბემ მათდამი ჩვენს დამოკიდებულებაზე იმოქმედოს? წმინდა სულით აღძრულმა სოლომონმა არასრულყოფილი ადამიანების შესახებ დღევანდელ მუხლში სამწუხარო რეალობა აღწერა. რას ვსწავლობთ ამ იგავიდან? თუ არ ვიფრთხილებთ, შეიძლება მდიდარ და-ძმებთან დამეგობრების სურვილი გაგვიჩნდეს და ღარიბებისგან თავი შორს დავიჭიროთ. რატომ არის საშიში, თუ სხვებს მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობების მიხედვით შევაფასებთ? იმიტომ რომ, ამან შეიძლება კრების ფენებად დაყოფას შევუწყოთ ხელი. მოწაფე იაკობმა თქვა, რომ სწორედ ამან გამოიწვია პირველ საუკუნეში ზოგიერთი კრების დაყოფა (იაკ. 2:1—4). არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთმა აზროვნებამ კრებებში შეაღწიოს და უნდა დავრწმუნდეთ, რომ სხვებს გარეგნობის მიხედვით არ განვსჯით. w18.08 10 ¶8—10
პარასკევი, 20 მარტი
გულითადად გიყვარდეთ ერთმანეთი (1 პეტ. 4:8).
თანაქრისტიანებისადმი ჩვენი დამოკიდებულებიდან ჩანს, რამდენად ვაფასებთ იეჰოვასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. თუ გვემახსოვრება, რომ ისინიც იეჰოვას მიეკუთვნებიან, მათ ყოველთვის სიკეთითა და სიყვარულით მოვეპყრობით (1 თეს. 5:15). იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს, რომ იეჰოვა აკვირდება, თუ როგორ ეპყრობა მისი ხალხი ერთმანეთს, და უსმენს მათ (მალ. 3:16). ცხადია, „იეჰოვა იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19). მას ჩვენი არცერთი სიტყვა და საქმე არ რჩება მხედველობიდან (ებრ. 4:13). იეჰოვა ამჩნევს, როცა თანაქრისტიანს ცუდად ვეპყრობით, თუმცა ის იმასაც კარგად ამჩნევს, როცა ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეობას, გულუხვობას, მიმტევებლობასა და სიკეთეს ვავლენთ (ებრ. 13:16). w18.07 26 ¶15, 17
შაბათი, 21 მარტი
მას [იეჰოვას] მიეკარი (კან. 10:20).
ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ მივეკრობით იეჰოვას, ანუ ბოლომდე ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მასთან. არავინაა ჩვენს ღმერთზე ძლიერი, ბრძენი და მოსიყვარულე. ვის არ გვენდომება მის მხარეს ყოფნა? (ფსალმ. 96:4—6). თუმცა ღვთის ზოგმა მსახურმა ვერ შეძლო ბოლომდე იეჰოვას მხარეს დარჩენა. დავფიქრდეთ კაენის მაგალითზე. ის მხოლოდ იეჰოვას სცემდა თაყვანს, მაგრამ მისი თაყვანისცემა არ იყო ღვთისთვის მისაღები. მის გულში ბოროტებამ დაიწყო ფესვის გადგმა (1 იოან. 3:12). იეჰოვას სურდა, კაენს დახმარებოდა, ამიტომ უთხრა: „თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?!“ (დაბ. 4:6, 7). ფაქტობრივად, იეჰოვამ კაენს უთხრა: „თუ მოინანიებ და მტკიცედ იდგები ჩემს მხარეს, მეც შენს მხარეს ვიქნები“. მაგრამ მან ყურად არ იღო ეს რჩევა. w18.07 17 ¶1, 3; 18 ¶ 4
კვირა, 22 მარტი
თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე (მათ. 5:16).
ერთ-ერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია ვანათოთ ქვეყნიერებაში, სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადებაა (მათ. 28:19, 20). გარდა ამისა, იეჰოვას ჩვენი ქრისტიანული საქციელით განვადიდებთ. ხშირად მობინადრეები და გამვლელები გვაკვირდებიან, ამიტომ მეგობრული ღიმილი და თბილი მისალმება ბევრ რამეს ეუბნება მათ იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და როგორ ღმერთს ვემსახურებით. იესომ თავის მოწაფეებს ასწავლა: „სახლში შესვლისას მიესალმეთ ოჯახს“ (მათ. 10:12). იმ ტერიტორიაზე, სადაც იესო და მისი მოციქულები ხშირად ქადაგებდნენ, სტუმრის სახლში შეპატიჟება მიღებული იყო. მართალია, დღეს ბევრგან ასე აღარ არის, მაგრამ, როცა მობინადრეს თქვენი მისვლის მიზეზს თავაზიანად და გულღიად უხსნით, ხშირ შემთხვევაში მას შიში უქრება და ნაკლებად ღიზიანდება. სასიამოვნო ღიმილი ხშირად საუკეთესო შესავალია. იმავეს თქმა შეიძლება სტენდით მსახურების დროსაც. ალბათ შენიშნეთ, რომ ხალხი კეთილგანწყობილი ხდება, როცა მათ თბილად ვუღიმით და ვესალმებით. w18.06 22 ¶4, 5
ორშაბათი, 23 მარტი
ღმერთი მიკერძოებული არ არის (საქ. 10:34).
მოციქულ პეტრეს მხოლოდ იუდეველებთან ჰქონდა ურთიერთობა. მაგრამ, როცა ღმერთმა ნათლად დაანახვა, რომ ქრისტიანები მიკერძოებულები არ უნდა ყოფილიყვნენ, პეტრემ უქადაგა რომაელ ჯარისკაცს, კორნელიუსს (საქ. 10:28, 35). მას მერე პეტრე სიამოვნებით ურთიერთობდა და მიირთმევდა საკვებს უცხოტომელ თანაქრისტიანებთან. თუმცა წლების შემდეგ, ანტიოქიაში ყოფნის დროს, პეტრემ შეწყვიტა არაიუდეველ ქრისტიანებთან ერთად ჭამა (გალ. 2:11—14). ამის გამო პავლემ სამართლიანი შენიშვნა მისცა პეტრეს, რომელმაც, როგორც ჩანს, გაითვალისწინა ის. როცა პეტრემ თავისი პირველი წერილი მისწერა მცირე აზიაში მცხოვრებ იუდეველ და უცხოტომელ ქრისტიანებს, მან თბილად მოიხსენია მთელი საძმო (1 პეტ. 1:1; 2:17). აშკარაა, მოციქულებმა იესოსგან ისწავლეს, რომ ჰყვარებოდათ „ყველანაირი ადამიანი“ (იოან. 12:32; 1 ტიმ. 4:10). მართალია, დრო დასჭირდათ, მაგრამ მათ შეიცვალეს აზროვნება. „ახალი პიროვნებით“ შემოსვის შემდეგ პირველი საუკუნის ქრისტიანები სხვებს ღვთის თვალით უყურებდნენ და მათთვის ყველა ადამიანი თანასწორი იყო (კოლ. 3:10, 11). w18.06 11 ¶15, 16
სამშაბათი, 24 მარტი
მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი (ეფეს. 6:14).
ერთ-ერთი სახის ჯავშანი, რომელსაც პირველი საუკუნის რომაელი მეომარი ატარებდა, ჰორიზონტალურად განლაგებული და ერთმანეთზე გადასული ლითონის ფირფიტებისგან შედგებოდა. ჯავშანს ანუ ერთმანეთზე დამაგრებულ ლითონის ფირფიტებს რეგულარული შემოწმება სჭირდებოდა, რათა გულისა და სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაცვა შეძლებოდა. ამ შედარებიდან კარგად ჩანს, როგორ იცავს იეჰოვას სამართლიანი ნორმები ჩვენს სიმბოლურ გულს (იგავ. 4:23). როგორც ჯარისკაცი არ გაცვლიდა რკინის ჯავშანს რბილი ლითონის ჯავშანზე, ისე ჩვენც არ გვინდა, რომ იეჰოვას ნორმები ჩვენს შეხედულებებზე გავცვალოთ. ჩვენ არა ვართ იმდენად ბრძენები, რომ საკუთარი გულის დაცვა შევძლოთ (იგავ. 3:5, 6). ამიტომ რეგულარულად ვამოწმებთ, რამდენად კარგად გვაქვს მორგებული სიმბოლურ გულთან „ჯავშანი“, რომელიც იეჰოვამ მოგვცა. და, რაც უფრო შევიყვარებთ ღვთიურ ჭეშმარიტებას, მით უფრო გაგვიადვილდება „ჯავშნის“ ტარება, რაც ღვთის სამართლიანი ნორმების სიყვარულით გამოიხატება (ფსალმ. 111:7, 8; 1 იოან. 5:3). w18.05 28 ¶3, 4, 6, 7
ოთხშაბათი, 25 მარტი
ედავებოდა ხალხი მოსეს (რიცხ. 20:3).
მიუხედავად იმისა, რომ მოსე დიდი ხნის მანძილზე უანგაროდ წინამძღოლობდა ისრაელს, ხალხი მაინც დრტვინავდა მის წინააღმდეგ არა მხოლოდ უწყლობის გამო, არამედ მოსეს გამოც, თითქოს მისი ბრალი იყო, რომ უწყლო ადგილას აღმოჩნდნენ (რიცხ. 20:1—5, 9—11). რისხვით ანთებული მოსე მდგომარეობიდან გამოვიდა. ნაცვლად იმისა, რომ რწმენით ეთქვა კლდისთვის, როგორც იეჰოვამ უბრძანა, გამწარებული ელაპარაკა ხალხს და საკუთარი თავი განადიდა. მან ორჯერ დაჰკრა კლდეს და წყალმა გადმოჩქეფა. სიამაყემ და ბრაზმა მოსეს დიდი შეცდომა დააშვებინა (ფსალმ. 106:32, 33). თვინიერების დროებით დაკარგვა მას ძვირად დაუჯდა და აღთქმულ მიწაზე ვერ შევიდა (რიცხ. 20:12). ამ შემთხვევიდან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. პირველი, ჩვენ გამუდმებით უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ თვინიერება. საკმარისია, წამიერად მოვადუნოთ ყურადღება, რომ სიამაყე თავს წამოყოფს და სისულელეს გვათქმევინებს ან უგუნურებას ჩაგვადენინებს. მეორე, სტრესის დროს შეიძლება გაგვიჭირდეს თვინიერების შენარჩუნება, განსაკუთრებით, თუ ზეწოლას განვიცდით. w19.02 12, 13 ¶19—21
ხუთშაბათი, 26 მარტი
ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის (მათ. 24:14).
ტვირთია ჩვენთვის დავალებულ სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობა? სრულებითაც არა! ვაზის შესახებ მაგალითის მოყოლის შემდეგ იესომ თქვა, რომ სამეფოს მაუწყებლებს ქადაგება სიხარულს მოუტანდა (იოან. 15:11). ფაქტობრივად, იესო გვარწმუნებს, რომ მისი სიხარული ჩვენში იქნება. როგორ მოხდება ეს? იესომ თავისი თავი ვაზს შეადარა, მოწაფეები კი — ლერწებს (იოან. 15:5). ლერწები ვაზისგან საზრდოობენ, ამიტომ სანამ ლერწი ვაზზეა, წყალსა და საჭირო საკვებ ნივთიერებებს მისგან იღებს. მსგავსად, სანამ ქრისტესთან ერთობაში ვრჩებით, ანუ ერთგულად მივყვებით მის ნაკვალევს, ისეთივე სიხარულს განვიცდით, როგორსაც იესო გრძნობს მამის ნების შესრულებისას (იოან. 4:34; 17:13; 1 პეტ. 2:21). ჰენი, რომელიც 40 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „ქადაგების შემდეგ განცდილი სიხარული მეხმარება, რომ განვაგრძო იეჰოვასადმი მსახურება“. ნამდვილად, სიხარული ძალას გვმატებს, რომ მაშინაც არ შევწყვიტოთ ქადაგება, როცა უმეტესობა არ ეხმაურება ჩვენს ცნობას (მათ. 5:10—12). w18.05 17 ¶2; 20 ¶14
პარასკევი, 27 მარტი
ვიყავი დანიშნული . . . უცხოტომელთა მასწავლებლად რწმენასა და ჭეშმარიტებაში (1 ტიმ. 2:7).
პირველ საუკუნეში, როგორც ჩანს, ყველაზე ხშირად პავლე მოციქული ამხნევებდა ძმებს. ის წმინდა სულმა ბერძნებთან, რომაელებთან და იმ ხალხთან საქადაგებლად გაგზავნა, რომლებიც უამრავ ღმერთს სცემდნენ თაყვანს (გალ. 2:7—9). პავლე მოგზაურობდა დღევანდელი თურქეთის, საბერძნეთისა და იტალიის ტერიტორიებზე, სადაც არაიუდეველებს უქადაგებდა და ქრისტიანულ კრებებს აყალიბებდა. ეს ახლად მოქცეული ქრისტიანები თანამემამულეებისგან იდევნებოდნენ და გამხნევება სჭირდებოდათ (1 თეს. 2:14). დაახლოებით ახ. წ. 50 წელს პავლემ თესალონიკეში ახლად ჩამოყალიბებულ კრებას მისწერა: „ღმერთს ყოველთვის ვმადლობთ, როცა ლოცვებში გიხსენიებთ ყველა თქვენგანს, რადგან ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა და მოთმინება“ (1 თეს. 1:2, 3). მან აგრეთვე მოუწოდა მათ, რომ გაემხნევებინათ ერთმანეთი: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი“ (1 თეს. 5:11). w18.04 18, 19 ¶16, 17
შაბათი, 28 მარტი
ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს (მარ. 13:10).
ახალგაზრდა, რომლისთვისაც უმთავრესი იეჰოვას მოსაწონად ცხოვრებაა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქადაგებას. აქედან გამომდინარე, სამქადაგებლო საქმე გადაუდებელია და მას მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში. შეგიძლია მიზნად დაისახო, რომ უფრო ხშირად იქადაგო ან პიონერად იმსახურო? მაგრამ რა უნდა გააკეთო, თუ გრძნობ, რომ ქადაგება არც ისე დიდ სიხარულს განიჭებს? რა დაგეხმარება, უკეთ შეძლო შენს რწმენაზე საუბარი? გაითვალისწინე ორი რამ: კარგად მოემზადე და თავს ნუ შეიკავებ ქადაგებისგან. ალბათ, ვერც კი წარმოიდგენ, რამხელა სიხარულს იგრძნობ ამის შემდეგ. თავიდან შეგიძლია იმ კითხვებისთვის მოემზადო, რომლებსაც შენი კლასელები ხშირად სვამენ. მაგალითად, თუ გეკითხებიან „რატომ გწამს ღმერთი?“, პასუხის მოძიება შეგიძლია ჩვენს ვებგვერდზე jw.org განთავსებულ სტატიებში. ამ განყოფილებაში ნახავ სამუშაო ფურცელს — „რატომ მწამს ღმერთი?“, რომელიც დაგეხმარება, თავად მოამზადო პასუხი. w18.04 27 ¶10, 11
კვირა, 29 მარტი
ინაყოფიერეთ, გამრავლდით (დაბ. 1:28).
მიუხედავად იმისა, რომ ადამი და ევა ბევრ საკითხში თავისუფლები იყვნენ, მათ გარკვეული შეზღუდვებიც ჰქონდათ. მართალია, ზოგიერთი ინსტინქტური იყო, მაგრამ მაინც შეზღუდვად ითვლებოდა. მაგალითად, ჩვენმა პირველმა მშობლებმა იცოდნენ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სუნთქვა, კვება, ძილი და ა. შ. თვლიდნენ ისინი, რომ ამით მათი თავისუფლება იზღუდებოდა? არა, რადგან იეჰოვამ იზრუნა, რომ ასეთ ინსტინქტურ მოქმედებებს მათთვის სიამოვნება და კმაყოფილება მოეტანა (ფსალმ. 104:14, 15; ეკლ. 3:12, 13). იეჰოვამ ადამსა და ევას კონკრეტული მითითება მისცა, რომ აევსოთ დედამიწა და ეზრუნათ მასზე. ზღუდავდა ეს ბრძანება მათ თავისუფლებას? რა თქმა უნდა, არა. ეს საშუალებას აძლევდა ადამიანებს, რომ მონაწილეობა მიეღოთ შემოქმედის განზრახვის განხორციელებაში — მთელი დედამიწა ექციათ სამოთხედ, რომელიც სრულყოფილი ადამიანების მარადიული საცხოვრებელი გახდებოდა (ფსალმ. 127:3; ეს. 45:18). ადამსა და ევას ქორწინება და შვილების ყოლა მარადიულობის განმავლობაში მოუტანდა სიხარულსა და ბედნიერებას. w18.04 4, 5 ¶7, 8
ორშაბათი, 30 მარტი
ყველამ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი, ირწმუნა (საქ. 13:48).
თუ მსახურების დროს ხალხის მიმართ მომთმენები ვიქნებით, არ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ისინი პირველი მოსმენისთანავე გაიგებენ და მიიღებენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მაგალითად, როგორ შეგვიძლია ვიმსჯელოთ მობინადრესთან დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის შესახებ? ბევრს შეიძლება სწამს, რომ სიკვდილით მთავრდება ყველაფერი ან ყველა კარგი ადამიანი ზეცაში მიდის. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება? ერთი ძმა გვიზიარებს, რა მიდგომას იყენებს მსახურების დროს. თავიდან ის დაბადების 1:28-ს უკითხავს მობინადრეს და ეკითხება, ღვთის განზრახვის თანახმად, სად და როგორ პირობებში უნდა ეცხოვრათ ადამიანებს. ბევრი პასუხობს: „დედამიწაზე კარგ პირობებში“. შემდეგ ძმა ესაიას 55:11-ს უკითხავს და უსვამს კითხვას, შეიცვალა თუ არა ღვთის ეს განზრახვა. ხშირად მობინადრე პასუხობს, რომ არ შეცვლილა. ბოლოს ძმა უკითხავს ფსალმუნის 37:10, 11-ს და ეკითხება, როგორი მომავალი ექნება კაცობრიობას. ბიბლიურ მუხლებზე მსჯელობით ის რამდენიმე ადამიანს დაეხმარა იმის გაგებაში, რომ ღმერთს კვლავაც სურს, კარგმა ადამიანებმა მარადიულად იცხოვრონ სამოთხეში დედამიწაზე. w19.03 24 ¶14, 15; 25 ¶19
სამშაბათი, 31 მარტი
მას უსმინეთ (მათ. 17:5).
ამ სიტყვებით იეჰოვამ იმის სურვილი გამოხატა, რომ მისი ძისთვის მოგვესმინა და მისადმი მორჩილება გამოგვევლინა. იესომ მოწაფეებს სასიხარულო ცნობის ქადაგება ასწავლა და არაერთხელ შეახსენა სიფხიზლის აუცილებლობა (მათ. 24:42; 28:19, 20). იესომ თავის მოწაფეებს ისიც მოუწოდა, რომ ძალ-ღონე არ დაეშურებინათ „ვიწრო კარში შესასვლელად“ და ბოლომდე ებრძოლათ (ლუკ. 13:24). მან განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ მის მიმდევრებს უნდა ყვარებოდათ ერთმანეთი, ერთობა შეენარჩუნებინათ და მისი მცნებები დაეცვათ (იოან. 15:10, 12, 13). ამ რჩევას დღემდე არ დაუკარგავს ფასი! იესომ თქვა: „ყველა, ვინც ჭეშმარიტების მხარეზეა, ისმენს ჩემს ხმას“ (იოან. 18:37). ჩვენ ვისმენთ მის ხმას, როცა ვუთმენთ და მთელი გულით ვპატიობთ ერთმანეთს (კოლ. 3:13; ლუკ. 17:3, 4). იესოს ხმას მაშინაც ვისმენთ, როცა „კარგ დროშიც და ცუდ დროშიც“ გულმოდგინედ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას (2 ტიმ. 4:2). w19.03 10 ¶9, 10