საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es20 გვ. 37-47
  • აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრილი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
  • ქვესათაურები
  • ოთხშაბათი, 1 აპრილი
  • ხუთშაბათი, 2 აპრილი
  • პარასკევი, 3 აპრილი
  • შაბათი, 4 აპრილი
  • კვირა, 5 აპრილი
  • ორშაბათი, 6 აპრილი
  • გახსენების საღამო
    მზის ჩასვლის შემდეგ
    სამშაბათი, 7 აპრილი
  • ოთხშაბათი, 8 აპრილი
  • ხუთშაბათი, 9 აპრილი
  • პარასკევი, 10 აპრილი
  • შაბათი, 11 აპრილი
  • კვირა, 12 აპრილი
  • ორშაბათი, 13 აპრილი
  • სამშაბათი, 14 აპრილი
  • ოთხშაბათი, 15 აპრილი
  • ხუთშაბათი, 16 აპრილი
  • პარასკევი, 17 აპრილი
  • შაბათი, 18 აპრილი
  • კვირა, 19 აპრილი
  • ორშაბათი, 20 აპრილი
  • სამშაბათი, 21 აპრილი
  • ოთხშაბათი, 22 აპრილი
  • ხუთშაბათი, 23 აპრილი
  • პარასკევი, 24 აპრილი
  • შაბათი, 25 აპრილი
  • კვირა, 26 აპრილი
  • ორშაბათი, 27 აპრილი
  • სამშაბათი, 28 აპრილი
  • ოთხშაბათი, 29 აპრილი
  • ხუთშაბათი, 30 აპრილი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
es20 გვ. 37-47

აპრილი

ოთხშაბათი, 1 აპრილი

მომცილდი, სატანა! . . . ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ (მათ. 16:23).

ჩვენზე რის თქმა შეიძლება? იეჰოვას აზროვნებას ვირეკლავთ თუ ქვეყნიერების? ალბათ, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი საქციელი იეჰოვას მოთხოვნებს შევუსაბამოთ, მაგრამ რას ვიტყვით ჩვენს აზროვნებაზე? ვცდილობთ ისეთივე აზროვნება და შეხედულებები გვქონდეს, როგორიც იეჰოვას აქვს? ამისთვის გააზრებული ძალისხმევაა საჭირო. ქვეყნიური აზროვნების გაზიარებას კი არანაირი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან მთლიანად ამ სულით ვართ გარემოცულნი (ეფეს. 2:2). მეტიც, ვინაიდან ქვეყნიერების სული ეგოისტურ ინტერესებს კვებავს, შეიძლება ის მიმზიდველიც კი იყოს ჩვენთვის. დიახ, იეჰოვას მოსაწონად აზროვნება რთულია, ქვეყნიერების მოსაწონად კი — ძალიან ადვილი. თუ ქვეყნიერებას ჩვენს აზროვნებას დავუმორჩილებთ, შეიძლება ეგოისტური მიდრეკილებები და დამოუკიდებლობის სული შემოგვეპაროს (მარ. 7:21, 22). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვთიურზე ვიფიქროთ და არა ადამიანურზე. w18.11 18 ¶1; 19 ¶3, 4

ხუთშაბათი, 2 აპრილი

ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე (მათ. 3:17).

როგორი გამამხნევებელი იქნებოდა იესოსთვის, როცა სამ სხვადასხვა შემთხვევაში იეჰოვა ზეციდან დაელაპარაკა და თავის ძედ აღიარა. იესოს მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ იეჰოვამ ზემოხსენებული სიტყვები თქვა. როგორც ჩანს, იოანე ნათლისმცემელი ერთადერთი იყო, ვინც იესოს გარდა ეს სიტყვები მოისმინა. იესოს სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე სამმა მოციქულმაც მოისმინა იეჰოვას სიტყვები: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“ (მათ. 17:5). ბოლოს იეჰოვა თავის ძეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა ზეციდან (იოან. 12:28). მიუხედავად იმისა, რომ იესოს სამარცხვინო სიკვდილი ელოდა და ღვთისმგმობლად შერაცხავდნენ, ის ლოცულობდა, რომ იეჰოვას ნება შესრულებულიყო და არა მისი (მათ. 26:39, 42). „მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“, რადგან მამისგან ეძებდა აღიარებას და არა ქვეყნიერებისგან (ებრ. 12:2). w18.07 10, 11 ¶15, 16

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მარკოზი 14:3—9)

პარასკევი, 3 აპრილი

მამა, თუ გსურს, ამაცილე ეს სასმისი (ლუკ. 22:42).

მას შემდეგ, რაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, იესომ უდიდესი სიმამაცე გამოიჩინა. რაში გამოჩნდა ეს? ის მორჩილად დაჰყვა მამის ნებას იმის მიუხედავად, რომ ღვთისმგმობელივით სამარცხვინო სიკვდილი ელოდა (მათ. 26:65, 66). იესომ სრულყოფილი ერთგულება შეინარჩუნა, რათა განედიდებინა ღვთის სახელი, მხარი დაეჭირა იეჰოვას უზენაესობისთვის და მარადიული სიცოცხლის გზა გაეხსნა მომნანიებელთათვის. ამავე დროს მან თავისი მოწაფეები მოახლოებული განსაცდელებისთვისაც მოამზადა. იესომ გაბედულება იმ მხრივაც გამოავლინა, რომ თავისი საწუხარი გვერდზე გადადო და მთელი ყურადღება ერთგული მოციქულების საჭიროებებზე გადაიტანა. ვახშმის დაწყებამდე იესომ დაითხოვა იუდა. ეს უბრალო ვახშამი მის მიმდევრებს, რომლებიც მალე წმინდა სულით იქნებოდნენ ცხებულნი, შეახსენებდა, თუ რამხელა სიკეთე მოუტანა მათ იესოს დაღვრილმა სისხლმა და ახალმა შეთანხმებამ (1 კორ. 10:16, 17). w19.01 22 ¶7, 8

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (მარკოზი 11:1—11)

შაბათი, 4 აპრილი

მამა, განადიდე შენი სახელი (იოან. 12:28).

იესოს მამამ ზეციდან მიუგო: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ“. იესო აფორიაქებული იყო, რადგან ესმოდა, რამხელა პასუხისმგებლობა ეკისრა — მას იეჰოვასადმი ერთგულება უნდა შეენარჩუნებინა. მან იცოდა, რომ დაუნდობელი წამება და საშინელი სიკვდილი ელოდა (მათ. 26:38). თუმცა იესოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ზეციერი მამის სახელის განდიდება იყო. მას აღელვებდა, რომ ღვთის მგმობელის სახელით სიკვდილი ღმერთს შეურაცხყოფდა. იესოს მსგავსად ჩვენც შეიძლება გვაღელვებდეს, რომ ჩრდილი არ მიადგეს იეჰოვას სახელს. შეიძლება ჩვენც ვართ უსამართლობის მსხვერპლი ან გვაფორიაქებს მოწინააღმდეგეების მიერ ჩვენზე გავრცელებული ცრუ ინფორმაცია. შესაძლოა გვაწუხებს, რომ ეს იეჰოვას სახელს ჩრდილს მიაყენებს. ასეთ დროს ჩვენც დიდად გვანუგეშებს იეჰოვას სიტყვები. იეჰოვას ხელს ვერაფერი შეუშლის თავისი სახელის განდიდებაში (ფსალმ. 94:22, 23; ეს. 65:17). w19.03 11, 12 ¶14—16

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (მარკოზი 11:12—19)

კვირა, 5 აპრილი

იესო ქრისტემ დაიწყო მოწაფეებისთვის იმის ჩვენება, რომ . . . ბევრი [უნდა] ეტანჯა, . . . და უნდა მოეკლათ (მათ. 16:21).

მოწაფეები ყურებს ვერ უჯერებდნენ. იესომ, ვისგანაც ისრაელის სამეფოს აღდგენას მოელოდნენ, უთხრა მათ, რომ მალე უნდა ეტანჯა და მომკვდარიყო. მოციქულმა პეტრემ ხმა აიმაღლა და სთხოვა: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. ამაზე იესომ მიუგო: „მომცილდი, სატანა! დაბრკოლება ხარ ჩემთვის, რადგან ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე ფიქრობ“ (მათ. 16:22, 23; საქ. 1:6). ამ სიტყვებით იესომ ერთმანეთისგან გამიჯნა ღვთის აზროვნება და ქვეყნიერების აზროვნება, რომლის უკანაც სატანა დგას (1 იოან. 5:19). პეტრემ ქვეყნიური აზროვნება გამოავლინა და იესოს თავის შებრალებისკენ მოუწოდა. მაგრამ იესომ იცოდა, რომ იეჰოვას სრულიად განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. პეტრესთვის ნათქვამი სიტყვებიდან ჩანს, რომ იესომ უარყო ქვეყნიური აზროვნება, რათა იეჰოვას აზროვნება აერეკლა. w18.11 18 ¶1, 2

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (მარკოზი 11:20—12:27, 41—44)

ორშაბათი, 6 აპრილი

უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე (1 კორ. 11:26).

დაფიქრდით, რას ხედავს იეჰოვა, როცა უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად შეკრებილ მილიონობით ადამიანს უყურებს. ის მხოლოდ ადამიანთა დიდ ჯგუფს კი არ ამჩნევს, არამედ თითოეულ დამსწრეს. მათ შორის ხედავს იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წელს ერთგულად ესწრებიან ამ შეხვედრას. მის თვალს არ ეპარება არც ისინი, რომლებიც სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც მოვიდნენ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ღმერთს არც ისინი რჩება მხედველობიდან, რომლებიც რეგულარულად ვერ ესწრებიან კრების შეხვედრებს, თუმცა უფლის გახსენების საღამოს მნიშვნელოვან ღონისძიებად მიიჩნევენ. ცხადია, იეჰოვას არც პირველად მოსული სტუმრები რჩება შეუმჩნეველი, რომლებიც შეიძლება ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა. უდავოდ, იეჰოვას ძალიან ახარებს უამრავი ხალხის დანახვა, რომლებიც გახსენების საღამოს აღსანიშნავად იკრიბებიან (ლუკ. 22:19). თუმცა იეჰოვა ჩვენს მოტივებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მოწადინებულები ვართ, რომ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისგან ვისწავლოთ (ეს. 30:20; იოან. 6:45). w19.01 26 ¶1—3

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (მარკოზი 14:1, 2, 10, 11; მათე 26:1—5, 14—16)

გახსენების საღამო
მზის ჩასვლის შემდეგ
სამშაბათი, 7 აპრილი

ქრისტე მოკვდა ჩვენთვის (რომ. 5:8).

იესო მზად იყო, რომ მხოლოდ კი არ მომკვდარიყო თავისი მოწაფეებისთვის, არამედ ყოველდღე დაემტკიცებინა, რომ საკუთარ თავზე წინ მათ ინტერესებს აყენებდა. მაგალითად, ის მაშინაც აქცევდა მათ ყურადღებას, როცა ძალიან დაღლილი და დამწუხრებული იყო (ლუკ. 22:39—46). იესო არ ცდილობდა, რომ სხვებს რამეს გამორჩენოდა, პირიქით, მისი ძირითადი საფიქრალი მათთვის სიკეთის გაკეთება იყო (მათ. 20:28). ჩვენ ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ საძმოს მივეკუთვნებით და დროსა და ენერგიას არ ვიშურებთ ქადაგებისთვის, რათა სხვებიც შემოგვიერთდნენ. თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას მათ ვაქცევთ, ვინც „რწმენით ჩვენიანია“, მაგრამ არააქტიური გახდა (გალ. 6:10). ჩვენ მათ სიყვარულს იმით ვუმტკიცებთ, რომ ვეპატიჟებით შეხვედრებზე, განსაკუთრებით კი გახსენების საღამოზე. იეჰოვასა და იესოს მსგავსად ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს, როცა არააქტიურები უბრუნდებიან იეჰოვას (მათ. 18:14). w19.01 29 ¶12, 14; 30 ¶15

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (მარკოზი 14:12—16; მათე 26:17—19) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მარკოზი 14:17—72)

ოთხშაბათი, 8 აპრილი

ეს ჩემს სხეულს ნიშნავს . . . ეს ჩემს სისხლს ნიშნავს (მათ. 26:26—28).

გახსენების საღამოს დაწესების დროს იესომ საპასექო პური და ღვინო გამოიყენა ანუ ის, რაც იმ მომენტში ჰქონდა. იესომ უთხრა მოციქულებს, რომ პურსაც და ღვინოსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და მის სრულყოფილ სხეულსა და სისხლს განასახიერებდა, რომელთაც მალე მათთვის მსხვერპლად გაიღებდა. მოციქულებს, ალბათ, არ გაუკვირდებოდათ, რომ იესომ ასეთი დიდი მნიშვნელობის მქონე საღამო ასე უბრალოდ აღნიშნა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? რამდენიმე თვით ადრე იესო ახლო მეგობრებს, ლაზარეს, მართას და მარიამს ეწვია. იესო მათ ბევრ რამეს ასწავლიდა. მართაც შინ იყო, მაგრამ ძირითადი ყურადღება განსაკუთრებული სადილის მომზადებაზე ჰქონდა გადატანილი, რათა პატივდებულ სტუმარს გამასპინძლებოდა. იესომ შენიშნა ეს და სიყვარულით შეუსწორა თვალსაზრისი, რითაც დაანახვა, რომ ყოველთვის არ იყო საჭირო გამორჩეული სადილის მომზადება (ლუკ. 10:40—42). მოგვიანებით, სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, იესომ თავად გამოიყენა მართასთვის მიცემული რჩევა. ვახშამი, რომლითაც მან თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა, ძალიან უბრალო და მოკრძალებული იყო. w19.01 20, 21 ¶3, 4

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (მარკოზი 15:1—47)

ხუთშაბათი, 9 აპრილი

მამა, განმადიდე იმ დიდებით, რომელიც . . . მქონდა (იოან. 17:5).

იეჰოვამ წარმოუდგენელი სახით განადიდა თავისი ძე. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ „ის უფრო მეტად აამაღლა“ და ისეთი რამ მისცა, რაც მანამდე არავის მიუღია — იესო უკვდავი სულიერი ქმნილება გახდა (ფილ. 2:9; 1 ტიმ. 6:16). ამგვარად იეჰოვამ წარმოუდგენელი სახით აღიარა თავისი ძე. ეს მართლაც საოცარი ჯილდოა ერთგულებისთვის! რა დაგვეხმარება, რომ აღიარება არ ვეძებოთ ქვეყნიერებისგან? გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის აღიარებს და აჯილდოებს თავის ერთგულ მსახურებს და ხშირად ამას წარმოუდგენელი სახით აკეთებს. მომავალში მართლაც წარმოუდგენელი კურთხევები გველის! მაგრამ დღეს, როცა ამ ბოროტ ქვეყნიერებაში გასაჭირისა და განსაცდელების ატანა გვიწევს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულს ჩაჰბარდება ეს ქვეყნიერება (1 იოან. 2:17). ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა „უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს . . . შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის“ გამოვავლინეთ (ებრ. 6:10). w18.07 11 ¶17, 18

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მარკოზი 16:1)

პარასკევი, 10 აპრილი

გთხოვ, . . . ყველანი ერთნი იყვნენ (იოან. 17:20, 21).

მოციქულებთან უკანასკნელი ვახშმის დროს იესოს აფიქრებდა, შეძლებდნენ თუ არა მისი მიმდევრები ერთობის შენარჩუნებას. მათთან ერთად ლოცვის დროს მან გამოხატა სურვილი, რომ მის მოწაფეებს ისეთივე ერთობა ჰქონოდათ, როგორიც მას და მამას ჰქონდათ. მათი ერთობა იმის ძლიერი მტკიცება იქნებოდა, რომ იესო დედამიწაზე იეჰოვამ გამოგზავნა თავისი ნების შესასრულებლად. იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებს სიყვარული გამოარჩევდათ, რაც მათ ერთობას შეუწყობდა ხელს (იოან. 13:34, 35). იესოს ჰქონდა მიზეზი, რომ ერთობის შენარჩუნებაზე გაემახვილებინა ყურადღება. მან შენიშნა, რომ მის მოციქულებს ერთსულოვნება აკლდათ. ეს უკანასკნელი ვახშმის დროსაც გამოჩნდა, როცა მათ იმაზე დაიწყეს კამათი, „თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“ (ლუკ. 22:24—27; მარ. 9:33, 34). სხვა შემთხვევაში იაკობმა და იოანემ იესოს სთხოვეს, რომ თავის სამეფოში მათთვის საპატიო ადგილები მიეცა (მარ. 10:35—40). w18.06 8 ¶1, 2

ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (მარკოზი 16:2—8)

შაბათი, 11 აპრილი

მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან (დაბ. 2:24).

იეჰოვას სურს, დაქორწინებულებმა იმდენად ძლიერი სიყვარული განივითარონ ერთმანეთის მიმართ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არ გაუნელდეთ (მათ. 19:3—6). ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა მეუღლის წინაშე ჩაიდინოს, მრუშობაა. სწორედ ამიტომ კრძალავს მეშვიდე მცნება მრუშობას (კან. 5:18). ამის ჩამდენი სცოდავს ღმერთს და უდიდეს დარტყმას აყენებს მეუღლეს (დაბ. 39:7—9). უდანაშაულო მეუღლე შეიძლება წლების მანძილზე გრძნობდეს ღალატით მიყენებულ ტკივილს. იეჰოვა ბავშვების კეთილდღეობაზეც ზრუნავდა. მან უბრძანა მშობლებს, რომ ეზრუნათ შვილების როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ მოთხოვნილებებზე. მშობლებს ნებისმიერი შესაძლებლობა უნდა გამოეყენებინათ, რომ შვილებისთვის იეჰოვას სიყვარული ჩაენერგათ და მისი კანონის დაფასება ესწავლებინათ (კან. 6:6—9; 7:13). მშობლებს თავიანთი შვილები უნდა მიეჩნიათ არა საკუთრებად, რომელსაც ისე მოეპყრობოდნენ, როგორც მოესურვებოდათ, არამედ მემკვიდრეობად, ანუ ღვთისგან ბოძებულ ძვირფას საჩუქრად (ფსალმ. 127:3). w19.02 21 ¶5, 7

კვირა, 12 აპრილი

გაიგებს ღმერთი, რომ უმწიკვლო ვარ (იობ. 31:6).

იობს უმწიკვლობის შენარჩუნებაში ღვთის ჯილდოზე ფიქრი დაეხმარა. იობს სჯეროდა, რომ ღვთისთვის სულ ერთი არ იყო მისი უმწიკვლობა. თავსდატეხილი არაერთი უბედურების მიუხედავად, ის დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა საბოლოოდ დააჯილდოებდა. სწორედ ეს იმედი ეხმარებოდა, რომ ღვთის თვალში შეუბღალავი დარჩენილიყო. იეჰოვა იმდენად გაახარა იობის ერთგულებამ, რომ უხვად აკურთხა იგი (იობ. 42:12—17; იაკ. 5:11). თუმცა ეს არაფერი იყო იმ კურთხევებთან შედარებით, რაც მას წინ ელის. ჩვენი ღმერთი არ შეცვლილა (მალ. 3:6). თუ ყოველთვის გვემახსოვრება, რომ იეჰოვა აფასებს უმწიკვლობას, ენით აუწერელი მომავლის იმედი ჩვენს გულებში მუდამ იბრწყინებს (1 თეს. 5:8, 9). ხანდახან შეიძლება ისეთი გრძნობა დაგეუფლოთ, რომ თქვენ გარდა არავის აღელვებს უმწიკვლობის შენარჩუნება. თუმცა გახსოვდეთ, რომ მარტონი არა ხართ, რადგან მთელ მსოფლიოში თქვენთან ერთად მილიონობით ღვთის მსახური ინარჩუნებს უმწიკვლობას. თქვენც შეუერთდებით ძველად მცხოვრებ ღვთის მსახურთა რიგებს, რომლებმაც უდიდესი რწმენა გამოავლინეს და სიკვდილის პირისპირაც კი არ დათმეს უმწიკვლობა (ებრ. 11:36—38; 12:1). w19.02 7 ¶15, 16

ორშაბათი, 13 აპრილი

ყველას ერთი აზრი გქონდეთ, იყავით გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, დიდად თანამგრძნობნი და თავმდაბალნი (1 პეტ. 3:8).

გახსენების საღამოს ჩატარების შემდეგ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვები: „როგორ მივბაძო უფრო მეტად იესოს სიყვარულის გამოვლენაში? საკუთარ თავზე უფრო მეტს ვფიქრობ, თუ თანაქრისტიანებზე? იმაზე მეტს ხომ არ ვითხოვ და-ძმებისგან, ვიდრე შეუძლიათ? თუ ვაცნობიერებ მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს?“. დაე ყოველთვის მივბაძოთ იესოს და გამოვავლინოთ გულისხმიერება! ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს აღნიშვნა ყოველთვის არ იქნება საჭირო. როცა იესო „მოვა“ დიდი გასაჭირის დროს, ის ზეცაში შეკრებს დედამიწაზე დარჩენილ „რჩეულებს“ და გახსენების საღამოს აღნიშვნა შეწყდება (1 კორ. 11:26; მათ. 24:31). იეჰოვას ხალხი ამის შემდეგაც არ დაივიწყებს ამ უბრალო ვახშამს, რომელიც ადამიანის მიერ გამოვლენილი უდიდესი თავმდაბლობის, გაბედულებისა და სიყვარულის სიმბოლოა. w19.01 25 ¶17—19

სამშაბათი, 14 აპრილი

შენ გსიამოვნებს ჭეშმარიტების დანახვა ადამიანის გულში; ღრმად ჩადე ჩემში სიბრძნე (ფსალმ. 51:6).

იმის დასანახად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი შინაგანი პიროვნება, განვიხილოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაგალითი. პირველი, ჯანმრთელები რომ ვიყოთ, აუცილებელია ჯანსაღად ვიკვებოთ და რეგულარულად ვივარჯიშოთ. მსგავსად, სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად სულიერი საზრდოს მიღება და იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენაა საჭირო. რწმენის გამოვლენაში იგულისხმება ნასწავლის გამოყენება და საკუთარი მრწამსის შესახებ სხვებთან საუბარი (რომ. 10:8—10; იაკ. 2:26). მეორე, თუ მხოლოდ გარეგნულად შევაფასებთ საკუთარ თავს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯანმრთელები ვართ, სინამდვილეში კი დაავადებულები ვიყოთ. მსგავსად, თუ მხოლოდ ჩვენი თეოკრატიული განრიგით ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ძლიერი რწმენა გვაქვს, სინამდვილეში კი ჩვენში არასწორი სურვილები ღვივდებოდეს (1 კორ. 10:12; იაკ. 1:14, 15). არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სატანას სურს, თავისი აზროვნებით მოგვწამლოს. w19.01 15 ¶4, 5

ოთხშაბათი, 15 აპრილი

წადი და შენც ასევე მოიქეცი (ლუკ. 10:37).

საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: «მეც ასე ვიქცევი? ვაკეთებ იმას, რაც თანამგრძნობმა სამარიელმა გააკეთა? (ლუკ. 10:30—35). შემიძლია უფრო მეტად გამოვავლინო გულმოწყალება და სიკეთე გავუკეთო მათ, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო იტანჯება? ხომ არ შემიძლია პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინო ხანდაზმულ თანაქრისტიანს, ქვრივს ან იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები? შემიძლია ინიციატივა გამოვავლინო და ვანუგეშო „დამწუხრებული სულები“?» (1 თეს. 5:14; იაკ. 1:27). როცა სხვებს გულმოწყალებით ვეპყრობით, გაცემით გამოწვეულ სიხარულს ვგრძნობთ. რაც მთავარია, ვიცით, რომ ჩვენი საქციელი სიამოვნებს იეჰოვას (საქ. 20:35; ებრ. 13:16). გულმოწყალე ადამიანზე საუბრისას მეფე დავითმა თქვა: „იეჰოვა დაიცავს მას და სიცოცხლეს შეუნარჩუნებს. ბედნიერი დაერქმევა მას დედამიწაზე“ (ფსალმ. 41:1, 2). თუ სხვების მიმართ გულმოწყალენი და თანამგრძნობნი ვიქნებით, იეჰოვაც გამოავლენს წყალობას ჩვენ მიმართ, რაც მარადიულ ბედნიერებას მოგვიტანს (იაკ. 2:13). w18.09 19 ¶11, 12

ხუთშაბათი, 16 აპრილი

ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები (ეს. 41:10).

ღვთის ერთგულმა მსახურმა იოშიკომ ერთ დღეს ცუდი ამბავი გაიგო. ექიმმა უთხრა, რომ რამდენიმე თვის სიცოცხლეღა ჰქონდა დარჩენილი. როგორ შეხვდა ის ამ ამბავს? იოშიკოს გაახსენდა საყვარელი ბიბლიური მუხლი — დღევანდელი დღის მუხლი. მან მშვიდად უთხრა ექიმს, რომ არ ეშინოდა, რადგან მისთვის იეჰოვას ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული. ზემოხსენებულ მუხლში ჩაწერილი მანუგეშებელი სიტყვები ჩვენს ძვირფას დას დაეხმარა, რომ სრულად მინდობოდა იეჰოვას. მძიმე განსაცდელების დროს ეს მუხლი ჩვენც დაგვეხმარება სიმშვიდის შენარჩუნებაში. იეჰოვამ ეს სიტყვები ესაიას ისრაელების სანუგეშებლად ჩააწერინა, რომელთაც მოგვიანებით ბაბილონში გადაასახლებდნენ. მაგრამ ეს ცნობა იეჰოვამ არა მხოლოდ გადასახლებული ებრაელების, არამედ დღემდე მცხოვრები ყველა ადამიანის სანუგეშებლად შემოინახა (ეს. 40:8; რომ. 15:4). ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ, ამიტომ ესაიას წიგნში ჩაწერილი გამამხნევებელი და მანუგეშებელი სიტყვების მოსმენა ისე გვჭირდება, როგორც არასდროს (2 ტიმ. 3:1). w19.01 2 ¶1, 2

პარასკევი, 17 აპრილი

თუ ურწმუნოს გაშორება სურს, გაშორდეს (1 კორ. 7:15).

განცალკევებით ცხოვრების დროს წყვილი ისევ ქორწინებაშია. და თუმცა ცალკე-ცალკე ცხოვრობენ, თითოეული სირთულეებს მაინც ხვდება. პავლემ ერთ-ერთი მიზეზი მოიყვანა იმისა, თუ რატომ არ უნდა დაშორდეს წყვილი ერთმანეთს: „ურწმუნო ქმარი ცოლის მეშვეობით განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი განიწმინდება ძმის მეშვეობით. სხვაგვარად, თქვენი შვილები უწმინდურები იქნებოდნენ, ახლა კი წმინდები არიან“ (1 კორ. 7:14). ბევრი ერთგული ქრისტიანი საკმაოდ რთული მდგომარეობის მიუხედავად დარჩა მეუღლესთან; ისინი თვლიან, რომ ეს ღირდა ძალისხმევად, განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ მეუღლეები მათ ღვთისადმი მსახურებაში შეუერთდნენ (1 კორ. 7:16; 1 პეტ. 3:1, 2). დღეს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებს შორის უამრავი ბედნიერი წყვილია. დარწმუნებულები ვართ, გამონაკლისს არც თქვენი კრება წარმოადგენს. ჩვენს კრებებში ერთგულ ძმებს უყვართ თავიანთი ცოლები, რომლებიც, თავის მხრივ, ერთგულებასა და სიყვარულს უმტკიცებენ ქმრებს; ასეთი წყვილები ცხადყოფენ, რომ ქორწინება ღირსეული კავშირია (ებრ. 13:4). w18.12 14 ¶18, 19

შაბათი, 18 აპრილი

გააშენა იეჰოვა ღმერთმა ბაღი ედემში . . . და იქ დაასახლა ადამიანი, რომელიც შექმნა (დაბ. 2:8).

ედემი ნიშნავს „ნეტარებას“. ეს ბაღი ნამდვილად სასიამოვნო და საუცხოო ადგილი იყო, რომელიც ულამაზესი ხედებით, საკვების სიუხვით და ადამიანებსა და ცხოველებს შორის არსებული ჰარმონიით გამოირჩეოდა (დაბ. 1:29—31). ებრაული სიტყვა „ბაღი“ ბერძნულად ითარგმნა როგორც პარადისოს. მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ სიტყვა პარადისოს გაგონებაზე ბერძენს თვალწინ წარმოუდგება ფართოდ გაშლილი წალკოტი, ყოველგვარი ზიანისგან დაცული და ხელუხლებელი ბუნება, სხვადასხვა ნაყოფის მომცემი თვალწარმტაცი ხეები და ანკარა ნაკადულები, რომელთა აბიბინებულ ნაპირებზეც ანტილოპები და ცხვრები ბალახობენ (შეადარეთ დაბადების 2:15, 16). ღმერთმა ადამი და ევა სწორედ ასეთ სამოთხეში დაასახლა. ისინი ეურჩნენ ღმერთს, რითაც თავადაც დაკარგეს სამოთხეში ცხოვრების შესაძლებლობა და შთამომავლებსაც წაართვეს ეს უპირატესობა (დაბ. 3:23, 24). მიუხედავად იმისა, რომ ედემის ბაღში ადამიანები აღარ ცხოვრობდნენ, ის, როგორც ჩანს, ნოეს დროს მომხდარ წარღვნამდე არსებობდა. w18.12 3, 4 ¶3—5

კვირა, 19 აპრილი

მე, იეჰოვა, . . . გასწავლი შენ სასიკეთოდ (ეს. 48:17).

მშობლები ცდილობენ, რომ შვილებს სწორი ფასეულობები ჩაუნერგონ. თუ შვილები იმ ფასეულობებით იცხოვრებენ, რომლებიც მშობლებმა ჩაუნერგეს, დიდი ალბათობაა, რომ ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც სანანებელი არ გაუხდებათ და თავიდან აირიდებენ ზედმეტ პრობლემებსა თუ საწუხარს. მოსიყვარულე მშობლის მსგავსად იეჰოვას სურს, რომ მის შვილებს აზრიანი და კმაყოფილების მომტანი ცხოვრება ჰქონდეთ (ეს. 48:18). ამიტომაც გვაძლევს ის როგორც ზნეობასთან, ისე ურთიერთობებთან დაკავშირებულ ძირითად პრინციპებს. ღმერთი მოგვიწოდებს, ამ საკითხებთან დაკავშირებით მისი აზროვნება და ფასეულობები გავიზიაროთ. ეს არ არის ზედმეტად შემზღუდველი. ასე მოქცევა გვეხმარება, რომ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სწორი აზროვნება განვივითაროთ (ფსალმ. 92:5; იგავ. 2:1—5; ეს. 55:9). როცა ღვთის აზროვნებას ვირეკლავთ, ინდივიდუალობასაც ვინარჩუნებთ და სწორ გადაწყვეტილებებსაც ვიღებთ, რომლებსაც ჩვენთვის ბედნიერება მოაქვს (ფსალმ. 1:2, 3). დიახ, იეჰოვას მოსაწონად აზროვნება დადებითად მოქმედებს ჩვენზე! w18.11 19, 20 ¶7, 8

ორშაბათი, 20 აპრილი

გგმობენ (1 პეტ. 4:4).

ჭეშმარიტების გზით სიარული რომ განვაგრძოთ, არ უნდა დავუშვათ, რომ სხვების გავლენაში მოვექცეთ. როცა ჭეშმარიტებაში სიარული დავიწყეთ, ამან იმ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაზე იმოქმედა, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები. ზოგი ტოლერანტულად იყო განწყობილი, სხვები კი პირდაპირ გვეწინააღმდეგებოდნენ. ოჯახის წევრებმა, თანამშრომლებმა და კლასელებმა შეიძლება გვთხოვონ, რომ მათთან ერთად აღვნიშნოთ დღესასწაულები. როგორ გავუძლოთ ზეწოლას, რომ მონაწილეობა არ მივიღოთ იეჰოვას შეურაცხმყოფელ დღესასწაულებსა და არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებში? შეგვიძლია ჩვენი პუბლიკაციებიდან ის სტატიები წავიკითხოთ, რომლებიც პოპულარული დღესასწაულების დასაბამზე საუბრობს. როცა საკუთარ თავს ბიბლიურ მიზეზებს ვახსენებთ, თუ რატომ არ აღვნიშნავთ ასეთ დღესასწაულებს, ვრწმუნდებით, რომ უფლისთვის მოსაწონი გზით დავდივართ (ეფეს. 5:10). იეჰოვასა და მის სიტყვაზე მინდობა დაგვეხმარება, რომ „ხალხის წინაშე“ არ ვიკანკალოთ (იგავ. 29:25). w18.11 11 ¶10, 12

სამშაბათი, 21 აპრილი

იეჰოვა იყო იოსებთან და ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს (დაბ. 39:23).

როცა მოულოდნელად იცვლება ჩვენი ცხოვრება, შეიძლება მომავალზე წუხილმა იმდენად მოგვიცვას, რომ სხვა ვეღარაფერზე ვიფიქროთ. თავისუფლად შეიძლებოდა იოსებსაც დამართოდა ასე, თუმცა აშკარაა, რომ მან საუკეთესოდ გამოიყენა შექმნილი ვითარება, რითაც იეჰოვას კურთხევის მიზეზი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში იყო, იოსები საპყრობილის ზედამხედველის ნებისმიერ დავალებას გულმოდგინედ ასრულებდა, როგორც ამას ფოტიფარის სახლში მსახურების დროს აკეთებდა (დაბ. 39:21, 22). იოსების მსგავსად ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როცა თითქმის არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია. მაგრამ, თუ მოთმინებას შევინარჩუნებთ და ყველანაირად შევეცდებით, შექმნილი მდგომარეობა საუკეთესოდ გამოვიყენოთ, იეჰოვას ჩვენი კურთხევის მიზეზს მივცემთ (ფსალმ. 37:5). მართალია, შეიძლება დროდადრო საგონებელში ჩავცვივდეთ, მაგრამ როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, არასოდეს ვიქნებით გამოუვალ მდგომარეობაში (2 კორ. 4:8). ეს სიტყვები ჩვენს შემთხვევაშიც გამართლდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მსახურებიდან სხვა რამეზე არ გადავიტანთ ყურადღებას. w18.10 29 ¶11, 13

ოთხშაბათი, 22 აპრილი

ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ (ებრ. 6:10).

რას გრძნობთ ხოლმე, როცა იმ ადამიანს, ვისაც იცნობთ და პატივს სცემთ, ავიწყდება თქვენი სახელი, ან უარესი, ვერც კი გცნობთ? ალბათ, გული გწყდებათ, რადგან ყველას გვსურს, გვიცნობდნენ და გვაფასებდნენ. თუმცა ამაში ჩვენი ვინაობის ცოდნაზე მეტი იგულისხმება. ჩვენ ისიც გვსურს, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანები ვართ და რა გაგვიკეთებია ცხოვრებაში (რიცხ. 11:16; იობ. 31:6). არასრულყოფილების გამო ჩვენში ჩადებული სხვა სურვილების მსგავსად შეიძლება ვერც სხვებისგან დაფასების სურვილი გავაწონასწოროთ და უკიდურესობაში გადავვარდეთ. სატანის ქვეყნიერება ადამიანებს დიდებისა და აღიარების მოპოვებისკენ უბიძგებს და სურს, რომ მთელი ყურადღება მათ საკუთარ თავზე გადაიტანონ და არა ზეციერ მამაზე, იეჰოვა ღმერთზე, რომელიც ნამდვილად იმსახურებს აღიარებასა და თაყვანისცემას (გამოცხ. 4:11). w18.07 7 ¶1, 2

ხუთშაბათი, 23 აპრილი

მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია (1 იოან. 5:19).

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სატანა და მისი დემონები გავლენიანი და ძალაუფლების მქონე ადამიანების მეშვეობით სიცრუეს ავრცელებენ (1 ტიმ. 4:1, 2). რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც ცრუობენ, ყველაზე დიდ დანაშაულს სჩადიან, რადგან იმ ადამიანთა მარადიულ მომავალს უქმნიან საფრთხეს, რომლებიც მათ სიცრუეს ბრმად იჯერებენ. ის, ვინც იზიარებს ცრუ რელიგიურ შეხედულებებს და ისეთ რამეს აკეთებს, რასაც სინამდვილეში ღმერთი განსჯის, ხელიდან უშვებს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას (ოს. 4:9). იესომ იცოდა, რომ მის დროს მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებს ხალხი შეცდომაში შეჰყავდათ. ამიტომ პირდაპირ უთხრა: „ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის [მარადიული განადგურების] კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად“ (მათ. 23:15, სქ.). იესომ უმკაცრესად გააკრიტიკა ეს ცრუ რელიგიური წინამძღოლები. ისინი ნამდვილად ეშმაკის შვილები იყვნენ, რომელიც კაცისმკვლელია (იოან. 8:44). w18.10 7 ¶5, 6

პარასკევი, 24 აპრილი

ბედნიერნი ხართ, როცა გლანძღავენ, გდევნიან . . . ჩემ გამო (მათ. 5:11).

რას გულისხმობდა იესო? პასუხს შემდეგ მუხლში ვკითხულობთ: „იხარეთ და სიხარულით იხტუნეთ, რადგან დიდია თქვენი საზღაური ზეცაში; თქვენამდე მცხოვრებ წინასწარმეტყველებსაც მსგავსად დევნიდნენ“ (მათ. 5:12). როცა მოციქულებს სცემეს და ქადაგება აუკრძალეს, „ისინი წავიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ“. რა თქმა უნდა, მათ ჭრილობები და ტკივილი კი არ ანიჭებდა სიხარულს, არამედ ახარებდა ის, „რომ მისი [იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:41). იეჰოვას მსახურები დღესაც არ კარგავენ სიხარულს, როცა იესოს სახელის გულისთვის იდევნებიან ან განსაცდელებს ხვდებიან (იაკ. 1:2—4). ფაქტია, მოციქულების მსგავსად არც ჩვენ გვანიჭებს ტანჯვა სიხარულს, მაგრამ, თუ განსაცდელების დროს ერთგულები დავრჩებით, იეჰოვა სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. დევნის, ოჯახის მხრიდან წინააღმდეგობის, ავადმყოფობისა თუ ხანდაზმულობის მიუხედავად ბედნიერებას განვიცდით, როცა ვგრძნობთ, რომ „ბედნიერი ღვთის“ იეჰოვას მოწონებას ვიმსახურებთ (1 ტიმ. 1:11). w18.09 21 ¶18—20

შაბათი, 25 აპრილი

ისინი გასაჭირითა და ტანჯვით არის სავსე (ფსალმ. 90:10).

ვინაიდან „ძნელად ასატან დროში“ ბევრი სხვადასხვა სახის ემოციურ პრობლემას ებრძვის დღეს ბევრი იმ დონემდეა მისული, რომ ლამის ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს (2 ტიმ. 3:1—5). ვარაუდობენ, რომ წელიწადში 800 000-ზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ანუ თითქმის ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი იკლავს თავს. სამწუხაროდ, ზოგმა ქრისტიანმაც ვერ გაუძლო ასეთ ემოციურ კრიზისს და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. შეიძლება ჩვენს და-ძმებს პირდაპირი გაგებით სიცოცხლის სურვილი არ დაუკარგავთ, მაგრამ ბევრ მათგანს ძალიან სტრესულ გარემოში უწევს ცხოვრება, რის გამოც ჩვენს სიყვარულსა და მხარდაჭერას საჭიროებენ. ზოგი დევნასა თუ დაცინვას იტანს. ზოგს თანამშრომლები აკრიტიკებენ ან ჭორავენ. ზოგიც გადაღლილია იმის გამო, რომ დამატებით საათებს მუშაობს ან არარეალურ ვადაში სთხოვენ საქმის დასრულებას. არიან ისეთებიც, რომელთაც ოჯახური პრობლემები აცლის ძალას, რადგან მეუღლისგან, რომელიც არ ემსახურება იეჰოვას, კრიტიკული და ღვარძლიანი სიტყვების მოსმენა უწევთ. ასეთი თუ სხვა სახის წნეხის გამო კრებაში ბევრი ფიზიკურად და ემოციურად გამოფიტულია. w18.09 13 ¶3, 5

კვირა, 26 აპრილი

არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან (3 იოან. 4).

ქრისტიანი მშობლები თანამშრომლობენ იეჰოვასთან, როცა შვილებს თეოკრატიული მიზნების დასახვაში ეხმარებიან. მოგვიანებით მათი შვილები სრული დროით მსახურები ხდებიან და დაშორებულ ტერიტორიებზეც კი გადადიან საქადაგებლად. ზოგი დღეს მისიონერია, სხვები პიონერად მსახურობენ იქ, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, ზოგიც ბეთელში მსახურობს. დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურების გამო ოჯახის წევრები ისე ხშირად ვეღარ ნახულობენ ერთმანეთს, როგორც უწინ. მიუხედავად ამისა, უანგარო მშობლები მოუწოდებენ შვილებს, არ შეწყვიტონ თავიანთი მსახურება. მათ დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებს იმის ცოდნა, რომ მათი შვილები სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებენ. შესაძლოა ამ მშობლებიდან ბევრი ხანას მსგავსად ფიქრობს, რომელმაც თქვა, რომ თავისი ვაჟი სამუელი იეჰოვას მიაბარა. იეჰოვასთან ასეთ თანამშრომლობას მშობლები მართებულად მიიჩნევენ დიდ პატივად. მათ სხვაგვარად ვერც კი წარმოუდგენიათ (1 სამ. 1:28). w18.08 24 ¶4

ორშაბათი, 27 აპრილი

მდიდარს გაუძნელდება ზეციერ სამეფოში შესვლა (მათ. 19:23).

იესოს არ უთქვამს, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა. მან აღნიშნა: „ბედნიერნი ხართ, ღარიბნო, რადგან თქვენია ღვთის სამეფო“ (ლუკ. 6:20). თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ყველა ღარიბს განსაკუთრებული კურთხევები ჰქონდა ან ყველა გამოეხმაურა იესოს სწავლებებს. ბევრმა ღარიბმა არ ირწმუნა იესო. ეს ნიშნავს, რომ ადამიანის იეჰოვასთან ურთიერთობა მისი მატერიალური შესაძლებლობებით არ უნდა შევაფასოთ. დღეს დიდი კურთხევაა, რომ გვყავს და-ძმები, რომელთაც სიმდიდრისა თუ სიღარიბის მიუხედავად უყვართ იეჰოვა და მთელი გულით ემსახურებიან მას. ბიბლია მდიდრებს მოუწოდებს, რომ „იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ“ (1 ტიმ. 6:17—19). ამავე დროს, ბიბლია ღვთის ყველა მსახურს, მდიდრებსა თუ ღარიბებს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რომ ფულის სიყვარული არ განივითარონ (1 ტიმ. 6:9, 10). თუ და-ძმებს იეჰოვას თვალით ვუყურებთ, აღარ გვექნება იმის ცდუნება, რომ ისინი მხოლოდ მატერიალური შესაძლებლობის მიხედვით შევაფასოთ. w18.08 10, 11 ¶11, 12

სამშაბათი, 28 აპრილი

დაემორჩილეთ ღმერთს (იაკ. 4:7).

ცხადია, ყველას გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას მიმართ, რომელმაც თავის ხალხს შორის ყოფნის პატივი გვარგუნა. ჩვენ გვესმის, რომ ბრძნულად მოვიქეცით, როცა საკუთარი სურვილით იეჰოვას თავი მივუძღვენით. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ზურგი ვაქციოთ იეჰოვასთვის საძულველ საქმეებს. ამასთან ერთად სიყვარულსა და პატივისცემას ვავლენთ თანაქრისტიანების მიმართ, რადგან ისინიც იეჰოვას მიეკუთვნებიან (რომ. 12:10). ბიბლია გვპირდება: „იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს“ (ფსალმ. 94:14). ეს იმის უტყუარი გარანტიაა, რომ რა უბედურებაც არ უნდა დაგვატყდეს თავს, იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. სიკვდილიც კი ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულს (რომ. 8:38, 39). „ამიტომ ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, იეჰოვას ვეკუთვნით“ (რომ. 14:8). ჩვენ მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა იეჰოვა სიცოცხლეს დაუბრუნებს თავის ერთგულ მეგობრებს (მათ. 22:32). თუმცა დღესვე შეგვიძლია გავიხაროთ ბევრი კურთხევით. როგორც ბიბლია ამბობს, „ბედნიერია ერი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა, და ხალხი, რომელიც მან თავის მემკვიდრეობად ამოირჩია“ (ფსალმ. 33:12). w18.07 26 ¶18, 19

ოთხშაბათი, 29 აპრილი

ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია. ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდი აშენებს (1 კორ. 10:23).

ვინაიდან პირადი გადასაწყვეტია, როგორ განათლებას, სამსახურსა თუ კარიერას აირჩევ, ზოგი ფიქრობს, რომ შეუძლია აირჩიოს ის, რაც მის გულს ესიამოვნება, მით უმეტეს, თუ ამის უფლებას სინდისი აძლევს. შესაძლოა ისინი ფიქრობენ სიტყვებზე, რომლებიც პავლემ კორინთელ ქრისტიანებს საკვებთან დაკავშირებით უთხრა: „რატომ უნდა გასამართლდეს ჩემი თავისუფლება სხვისი სინდისით?“ (1 კორ. 10:29). მართალია, ჩვენ შეგვიძლია პირადად გავაკეთოთ არჩევანი, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ჩვენი თავისუფლება შეფარდებითია და ჩვენი გადაწყვეტილებები აუცილებლად მიგვიყვანს კონკრეტულ შედეგამდე. სწორედ ამიტომ თქვა პავლე მოციქულმა დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები. აქედან ვხედავთ, რომ არსებობს ჩვენს შეხედულებებსა თუ სურვილებზე გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც არჩევანის გაკეთებისას უნდა გავითვალისწინოთ. w18.04 10 ¶10

ხუთშაბათი, 30 აპრილი

დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით (მალ. 3:7).

ქრისტიანებიც შეიძლება დაადგნენ მცდარ გზას მაშინაც კი, როცა თავს იეჰოვას თაყვანისმცემლებად მიიჩნევენ (იუდ. 11). მაგალითად, ზოგს შეიძლება უზნეო ფანტაზიები უტრიალებდეს თავში, რაიმეს მიღების დაუოკებელი სურვილი ჰქონდეს ან გულში თანაქრისტიანის მიმართ სიძულვილი განუვითარდეს (1 იოან. 2:15—17; 3:15). ასეთმა აზროვნებამ ადამიანი შეიძლება ცოდვამდე მიიყვანოს მაშინაც კი, თუ მსახურებაში აქტიურია და კრების შეხვედრებს რეგულარულად ესწრება. სხვებმა შეიძლება ვერ გაიგონ, რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ, მაგრამ იეჰოვა ყველაფერს ხედავს და ამჩნევს, როცა მთელი გულით არა ვართ მის მხარეს (იერ. 17:9, 10). თუმცა ასეთ დროსაც კი იეჰოვა მალევე არ იქნევს ჩვენზე ხელს. როცა ღვთის მსახურები ნელ-ნელა შორდებიან იეჰოვას, ის სთხოვს მათ: „დამიბრუნდით“. იეჰოვას სურს, რომ ზურგი ვაქციოთ ბოროტებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სისუსტეებს ვებრძვით (ეს. 55:7). თუ მას ვუერთგულებთ, ღმერთი ჩვენს მხარეს იქნება — ის სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ დახმარებას აღმოგვიჩენს, რათა ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებზე ვიბატონოთ (დაბ. 4:7). w18.07 18 ¶5, 6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება