მაისი
პარასკევი, 1 მაისი
გიყვარდეთ ხიზნები (კან. 10:19).
ბოლო წლებში ბევრ ქვეყანას ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა. ურიგო არ იქნება, თუ მათ ენაზე მისალმებას ისწავლით. კარგი იქნება, თუ მათში ინტერესის აღსაძვრელად რამდენიმე ფრაზასაც დაიხსომებთ. შეიძლება საუბრის დროს შესაძლებლობა მოგეცეთ, რომ მიუთითოთ ჩვენს ვებგვერდზე jw.org და მათ ენაზე განთავსებული სხვადასხვა შინაარსის ვიდეოები თუ პუბლიკაციები აჩვენოთ. იეჰოვა სიყვარულით უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც გვჭირდება. მაგალითად, შეხვედრა „ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება“ გვეხმარება, რომ უფრო დავიხვეწოთ ქადაგებაში. ამ შეხვედრაზე მოსმენილი პრაქტიკული რჩევების წყალობით განმეორებითი მონახულებისა თუ ბიბლიის შესწავლის დროს უფრო თავდაჯერებულები ვართ. მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, თავიანთი სიტყვებით გააკეთონ კომენტარები და ასეთი სახით მათაც ანათონ ქვეყნიერებაში. ზოგჯერ მათი მარტივი და გულწრფელი პასუხები ეხმარება ახალ დაინტერესებულებს იმის გაცნობიერებაში, რომ ჭეშმარიტების გზას ადგანან (1 კორ. 14:25). w18.06 22, 23 ¶7—9
შაბათი, 2 მაისი
გულთბილად მიიღეთ ერთმანეთი, როგორც ქრისტემ მიგიღოთ გულთბილად (რომ. 15:7).
კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ერთ დროს ყველანი უცხოები ანუ ღვთისგან გაუცხოებულები ვიყავით (ეფეს. 2:12). მაგრამ იეჰოვამ „სიყვარულის თასმებით“ მიგვიზიდა (ოს. 11:4; იოან. 6:44). ქრისტემ მთელი გულით მიგვიღო და, ასე ვთქვათ, გაგვიხსნა კარი, რომ ღვთის ოჯახის წევრები გავმხდარიყავით. ვინაიდან იესომ არასრულყოფილების მიუხედავად გულთბილად მიგვიღო, გულშიც კი არ უნდა გავივლოთ, რომ ვინმეს ხელი ვკრათ! რაც უფრო მივუახლოვდებით ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულს, მით მეტად შესამჩნევი გახდება დაყოფა და მტრობა და მით მეტ ადამიანს ექნება წინასწარშექმნილი აზრი (გალ. 5:19—21; 2 ტიმ. 3:13). როგორც იეჰოვას მსახურები, ჩვენ ვეძებთ „ზემოდან მომავალ სიბრძნეს“, რომელიც მიუკერძოებელია და ხელს უწყობს მშვიდობას (იაკ. 3:17, 18). ჩვენ ვხარობთ უცხოელებთან მეგობრობით, ჩვენთვის მისაღებია მათი კულტურა და უცხო ენებსაც ვსწავლობთ. როცა ასე ვიქცევით, ჩვენი მშვიდობა მდინარესავით არის და სიმართლე — ზღვის ტალღებივით (ეს. 48:17, 18). w18.06 12 ¶18, 19
კვირა, 3 მაისი
[იყავით] მზადყოფნით ფეხშემოსილნი მშვიდობის შესახებ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად (ეფეს. 6:15).
რომაელი ჯარისკაცი ბრძოლისთვის მოუმზადებლად ითვლებოდა, თუ ფეხშემოსილი არ იყო. მისი სანდლისმაგვარი ფეხსაცმლის ძირი სამმაგი ტყავისგან იყო დამზადებული, რაც მყარად დგომის საშუალებას აძლევდა. ასეთი ფეხსაცმელი გამძლეც იყო და კომფორტულიც. როგორც ფეხსაცმელი ადგებოდა ბრძოლაში რომაელ ჯარისკაცს, ისე სიმბოლური ფეხსაცმელი ეხმარება ქრისტიანებს, რომ ხალხს მშვიდობის შესახებ აუწყონ (ეს. 52:7; რომ. 10:15). მიუხედავად ამისა, გაბედულება გვჭირდება, რომ ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა. 20 წლის ბო ამბობს: „კლასელებთან ქადაგების მეშინოდა; უფრო სწორად, მრცხვენოდა. არ ვიცი, ასე რატომ მემართებოდა, მაგრამ ახლა სიამოვნებით ვქადაგებ თანატოლებთან“. ბევრი ახალგაზრდა მიხვდა, რომ, როცა კარგად არიან მომზადებულები, უფრო თავისუფლად ქადაგებენ. w18.05 29 ¶9—11
ორშაბათი, 4 მაისი
ბევრი ნაყოფი გამოგაქვთ (იოან. 15:8).
იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ჩემს მშვიდობას გაძლევთ“ (იოან. 14:27). როგორ გვეხმარება ნაყოფის გამოღებაში ეს ძღვენი — მშვიდობა? როცა მოთმინებით განვაგრძობთ ქადაგებას, შინაგანი სიმშვიდე გვეუფლება, რადგან გვესმის, რომ იეჰოვა და იესო იწონებენ ჩვენს საქმეს (ფსალმ. 149:4; რომ. 5:3, 4; კოლ. 3:15). მას შემდეგ, რაც იესომ გამოთქვა სურვილი, რომ მისი მოწაფეების სიხარული სრული ყოფილიყო, მან თავგანწირული სიყვარულის გამოვლენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება (იოან. 15:11—13). შემდეგ კი უთხრა მოწაფეებს: „მეგობრები გიწოდეთ“. იესოსთან მეგობრობა მართლაც რომ შეუდარებელი ძღვენია! რა უნდა გაეკეთებინათ მოწაფეებს, რომ ბოლომდე მის მეგობრებად დარჩენილიყვნენ? ისინი არ უნდა შეჩერებულიყვნენ და კვლავაც უნდა გამოეღოთ ნაყოფი (იოან. 15:14—16). დაახლოებით ორი წლით ადრე იესომ მოწაფეებს დაავალა: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:7). ამიტომ თავისი სიკვდილის წინა საღამოს მოუწოდა მათ, რომ მოთმინება გამოევლინათ და ბოლომდე მიეყვანათ დაწყებული საქმე (მათ. 24:13; მარ. 3:14). w18.05 20, 21 ¶15, 16
სამშაბათი, 5 მაისი
კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის (გალ. 6:7).
შენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი იეჰოვას მსახურებას დაუთმე. ეს იმას ნიშნავს, რომ სულიერი მიზნები პირველ ადგილზე უნდა დააყენო. ალბათ, შენი თანატოლებისთვის ყველაზე მთავარი დროსტარებაა. შეიძლება ისინი შენც გეპატიჟებიან ხოლმე, რომ მათთან ერთად გაატარო დრო. ადრე თუ გვიან მოგიწევს, დაანახვო მათ, რომ შენ სულ სხვა მიზნები გაქვს და არ აპირებ ამ მიზნებზე უარის თქმას. ნუ მოექცევი თანატოლების გავლენაში და ნუ მისცემ უფლებას, რომ შენს მიზნებზე უარი გათქმევინონ. რის გაკეთება შეგიძლია, რომ თანატოლების გავლენაში არ მოექცე? მოერიდე ისეთ სიტუაციებს, სადაც დიდია იმის ალბათობა, რომ ცდუნდე (იგავ. 22:3). ყოველთვის გახსოვდეს, რა ცუდ შედეგებამდე მიგიყვანს ის, თუ მათ არასწორ საქციელში აჰყვები. გამოავლინე თავმდაბლობა და ითხოვე რჩევა. თავმდაბლობა დაგეხმარება, მოუსმინო მშობლებსა თუ სხვა მოწიფულ ქრისტიანებს (1 პეტ. 5:5, 6). გყოფნით თავმდაბლობა საიმისოდ, რომ გონივრული რჩევა გაითვალისწინოთ? w18.04 28, 29 ¶14—16
ოთხშაბათი, 6 მაისი
ჩემ მოსვლამდე . . . კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ. მძლეველსა და ჩემი საქმეების ბოლომდე დამცველს მივცემ ძალაუფლებას ხალხებზე (გამოცხ. 2:25, 26).
მცირე აზიის კრებებისთვის გადაცემულ ცნობაში იესომ მადლიერება გამოხატა იმ საქმეებისთვის, რასაც მისი მიმდევრები აკეთებდნენ. მაგალითად, თიატირის კრებისთვის გადაცემული ცნობა ასე იწყება: „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები ადრინდელზე მეტია“ (გამოცხ. 2:19). იესომ არა მხოლოდ ის მოიხსენია, რომ ისინი ადრინდელზე მეტს აკეთებდნენ, არამედ შეაქო კიდეც იმ თვისებებისთვის, რომლებიც კარგი საქმეების საკეთებლად აღძრავდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ თიატირის კრებიდან ზოგიერთს იესომ რჩევა მისცა, თავისი ცნობა მან გამამხნევებელი სიტყვებით დაიწყო და დაასრულა (გამოცხ. 2:27, 28). დაფიქრდით, რამხელა ძალაუფლებას ფლობს იესო, როგორც კრების თავი! ის ვალდებული არ არის, მადლობა გვითხრას იმ საქმისთვის, რასაც მისთვის ვაკეთებთ. მიუხედავად ამისა, მან მაინც გამოხატა მადლიერება, რითაც კარგი მაგალითი მისცა უხუცესებს. w19.02 16 ¶10
ხუთშაბათი, 7 მაისი
ძმებს მრავალი სიტყვით ამხნევებდნენ და განამტკიცებდნენ იუდაც და სილაც (საქ. 15:32).
პირველ საუკუნეში ხელმძღვანელი საბჭო ამხნევებდა და მხარში ედგა როგორც პასუხისმგებელ ძმებს, ისე ყველა ქრისტიანს. მაგალითად, მასთან ხელმძღვანელი საბჭოს ორი წევრი, პეტრე და იოანე გაგზავნეს, რათა ელოცათ ახლად მოქცეული ქრისტიანებისთვის, რომ მათაც მიეღოთ წმინდა სული (საქ. 8:5, 14—17). როგორ გაამხნევებდა ფილიპესა და ამ ახალ და-ძმებს ხელმძღვანელი საბჭოს მხარდაჭერა! დღეს იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო ამხნევებს ბეთელის ოჯახის წევრებს, ველზე მომსახურე სპეციალურ სრული დროით მსახურებს და ზოგადად ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ საერთაშორისო საძმოს. შედეგად, იმავეს ვგრძნობთ, რასაც პირველი საუკუნის და-ძმები — ვმხნევდებით და დიდად ვხარობთ. გარდა ამისა, 2015 წელს ხელმძღვანელმა საბჭომ გამოსცა ბროშურა „დაუბრუნდი იეჰოვას“, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები და-ძმებისთვის გამხნევების წყაროა. w18.04 19 ¶18—20
პარასკევი, 8 მაისი
შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ (იოან. 8:32).
ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ, რაც მეტი თავისუფლება ექნება, მით უკეთესად იცხოვრებს. მაგრამ სინამდვილეში შეუზღუდავი თავისუფლება ადამიანის ხელში ორლესული მახვილივით არის. იმის წარმოდგენაც კი გვზარავს, როგორი იქნებოდა მსოფლიო, ადამიანებს აბსოლუტური თავისუფლება რომ ჰქონდეთ. ენციკლოპედია „უორლდ ბუკის“ თანახმად, ყველა საზოგადოებრივ წყობილებას აქვს ჩახლართული კანონები, რომლებიც ერთი მხრივ იცავს ადამიანთა თავისუფლებას, მეორე მხრივ კი ზღუდავს. სიტყვა „ჩახლართული“ ნამდვილად შესაფერისია, რადგან ძალიან ბევრი ტომი დაეთმო ადამიანების მიერ დაწერილ კანონებს, რომელთა გაგებასა და სისრულეში მოყვანას უამრავი ადვოკატი და მოსამართლე სჭირდება. ასე რომ, ნამდვილი თავისუფლების მოსაპოვებლად ორი რამ მოგვეთხოვება: პირველი, უნდა მივყვეთ ქრისტეს სწავლებებს და მეორე, მისი მოწაფეები უნდა გავხდეთ. სწორედ ეს მოგვიტანს ნამდვილ თავისუფლებას. მაგრამ რისგან გვჭირდება გათავისუფლება? იესომ თქვა: „ყველა, ვინც ცოდვას სჩადის, ცოდვის მონაა . . . თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით“ (იოან. 8:34, 36). w18.04 6, 7 ¶13, 14
შაბათი, 9 მაისი
[ყველანი] იყავით გულისხმიერნი (1 პეტ. 3:8).
ყველას გვსიამოვნებს იმ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, ვისთვისაც სულერთი არ არის ჩვენი გრძნობები და კეთილდღეობა. ასეთი ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ადგილას დააყენონ საკუთარი თავი, რათა გაგვიგონ და თანაგვიგრძნონ. მათ შეუმჩნეველი არ რჩებათ ჩვენი საჭიროებები და ხანდახან იმაზე ადრე გვიწვდიან დახმარების ხელს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ. ძალიან ვაფასებთ და ვემადლიერებით იმ ადამიანებს, რომლებიც გულისხმიერები და თანამგრძნობები არიან. ჩვენ, როგორც ქრისტიანებს, გვსურს, თანამგრძნობები ვიყოთ. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ყოველთვის არ გამოგვდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი არასრულყოფილებაა (რომ. 3:23). ამიტომ წინ უნდა აღვუდგეთ თანდაყოლილ ეგოისტურ მიდრეკილებებს და მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა ვიფიქროთ. ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება აღზრდის ან წარსული გამოცდილების გამო გვიჭირს სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა. ჩვენზე შეიძლება გარშემო მცხოვრები ხალხის დამოკიდებულებაც ახდენს გავლენას. ამ ბოლო დღეებში ბევრს საერთოდ არ ანაღვლებს სხვების გრძნობები, რადგან „საკუთარი თავის მოყვარულები“ არიან (2 ტიმ. 3:1, 2). ჩვენ უფრო მეტად შევძლებთ თანაგრძნობის გამოვლენას, თუ მივბაძავთ იეჰოვა ღმერთს და მის ძეს, იესო ქრისტეს. w19.03 14 ¶1—3
კვირა, 10 მაისი
გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).
მეათე მცნება კრძალავდა სხვისი რამის სურვილს, ანუ სხვისი რამის მისაკუთრების სურვილს (კან. 5:21; რომ. 7:7). ამ კანონით იეჰოვას თავისი ხალხისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილის სწავლება სურდა — მათ უნდა დაეცვათ თავიანთი გული, ფიქრები და გრძნობები. მან იცის, რომ ბოროტ საქმეებს წინ ბოროტი ფიქრები და გულისთქმა უძღვის. მაგალითად, მეფე დავითი გაება ამ მახეში. ის კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ერთხელ მან სხვა მამაკაცის ცოლი მოისურვა. ამ სურვილმა ის ცოდვამდე მიიყვანა (იაკ. 1:14, 15). მან იმრუშა, შემდეგ შეეცადა, შეცდომაში შეეყვანა ქალის ქმარი, ბოლოს კი მოაკვლევინა ის (2 სამ. 11:2—4; 12:7—11). იეჰოვა იმაზე მეტს ხედავს ადამიანში, ვიდრე გარეგნულად ჩანს. ის ხედავს, სინამდვილეში როგორები ვართ ანუ როგორი გული გვაქვს (1 სამ. 16:7). მის თვალს არ ეპარება არც ერთი ფიქრი, გრძნობა თუ საქმე. ღმერთი ამჩნევს ჩვენში კარგს და მოგვიწოდებს, განვავითაროთ ის. მაგრამ მას სურს, მანამდე ამოვიცნოთ და ვაკონტროლოთ არასწორი ფიქრები, სანამ ისინი ცუდ საქმეებამდე მიგვიყვანს (2 მატ. 16:9; მათ. 5:27—30). w19.02 21 ¶9; 22 ¶11
ორშაბათი, 11 მაისი
ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, . . . ეძებეთ თვინიერება (სოფ. 2:3).
ბიბლია მოსეზე ამბობს, რომ ის „უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე“ (რიცხ. 12:3). ნიშნავს ეს იმას, რომ მოსე სუსტი, მერყევი და მშიშარა იყო? სწორედ ასე ახასიათებს ზოგი თვინიერ ადამიანს. თუმცა ეს აზრი ძალიან შორს არის ჭეშმარიტებისგან. მოსე ძლიერი, მტკიცე და გაბედული ღვთის მსახური იყო. ის იეჰოვას დახმარებით ეგვიპტის ძლევამოსილ მმართველს დაუპირისპირდა, თითქმის 3 მილიონ ადამიანს უდაბნოში წინამძღოლობა გაუწია და ისრაელ ერს მტრების დამარცხებაში დაეხმარა. მოსესგან განსხვავებით ჩვენ ასეთი სირთულეების გადალახვა არ გვიწევს, თუმცა ადამიანებთან ურთიერთობის დროს ყოველდღე გვექმნება ისეთი სიტუაციები, როცა ძნელია თვინიერების შენარჩუნება. მაგრამ ამ თვისების განსავითარებლად მიზეზი ნამდვილად გვაქვს, რადგან იეჰოვა გვპირდება, რომ „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (ფსალმ. 37:11). იტყოდით საკუთარ თავზე, რომ თვინიერი ხართ? სხვები თუ დაგახასიათებდნენ თვინიერ ადამიანად? w19.02 8 ¶1, 2
სამშაბათი, 12 მაისი
ვაი მათ, ვინც . . . ცუდს კარგს უწოდებს (ეს. 5:20).
ადამიანს შექმნისთანავე ღმერთმა სინდისი უბოძა. როცა ადამმა და ევამ იეჰოვას კანონი დაარღვიეს, დაიმალნენ, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი სინდისმა შეაწუხა. ისინი, ვისაც სათანადოდ არა აქვს სინდისი გაწაფული, შეიძლება შევადაროთ გემს, რომელიც მწყობრიდან გამოსული კომპასით იმართება. გამართული კომპასის გარეშე მოგზაურობის დაწყება სახიფათოა, რადგან ქარმა და დინებამ შეიძლება ადვილად გადაახვევინოს გემს სწორი კურსიდან. გამართული კომპასის დახმარებით კაპიტანს შეუძლია გემს სწორი მიმართულება მისცეს. ჩვენი სინდისი რაღაც გაგებით კომპასს ჰგავს. სინდისი საკუთარი საქციელის ავ-კარგიანობის შინაგანი შეფასებაა, რომელსაც შეუძლია სწორი მიმართულება მოგვცეს. თუმცა ჩვენმა სინდისმა სწორად რომ გვიხელმძღვანელოს, სათანადოდ უნდა რეაგირებდეს. არასათანადოდ განსწავლული სინდისი ადამიანს არასწორი საქციელისგან ვერ იცავს (1 ტიმ. 4:1, 2). ასეთმა სინდისმა შეიძლება იმაშიც კი დაგვარწმუნოს, რომ ცუდი კარგია. w18.06 16 ¶1—3
ოთხშაბათი, 13 მაისი
ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე (რომ. 12:2).
ჩვენ უნდა ამოვიცნოთ და უარვყოთ ქვეყნიური აზროვნება, როცა ის ჯერ კიდევ აშკარა არაა. მაგალითად, შეიძლება ახალი ამბები ისეთ შუქში იყოს წარმოდგენილი, რომ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის შეხედულებებს იზიარებდეს. ზოგი ისტორია ისეა წარმოჩენილი, რომ პოპულარიზაციას უწევს ქვეყნიერებისთვის მოსაწონ მიზნებსა და მიღწევებს. არაერთი წიგნი თუ ფილმი აყალიბებს აზროვნებას: „ჯერ მე“ ან „ჯერ ჩემი ოჯახი“; და ფაქტია, რომ ბევრისთვის ის გონივრული, მიმზიდველი და სწორიც კია. ასეთი აზროვნება ეწინააღმდეგება ბიბლიის თვალსაზრისს, რომ ოჯახიც და ცალკეული ადამიანიც მაშინ გრძნობს ნამდვილ ბედნიერებას, როცა ყველაზე მაღლა იეჰოვას აყენებს (მათ. 22:36—39). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანსაღ გართობაზეც უნდა ვთქვათ უარი. თუმცა კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით: შემიძლია ამოვიცნო ქვეყნიური აზროვნება მაშინაც კი, როცა ეს აშკარად არ ჩანს? ვუდგენ საკუთარ თავს ან ჩემს შვილებს საზღვრებს, როცა საქმე ტელეგადაცემებსა თუ საკითხავ მასალას ეხება? ვცდილობ, ჩემს შვილებს დავანახვო იეჰოვას თვალსაზრისი, რათა არ მოექცნენ იმის გავლენაში, რასაც ქვეყნიერებაში ისმენენ ან ხედავენ? w18.11 22 ¶18, 19
ხუთშაბათი, 14 მაისი
ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ (ეს. 41:10).
იეჰოვა ჩვენდამი დიდ სიყვარულსა და ყურადღებას ავლენს, რითაც გვარწმუნებს, რომ ჩვენ გვერდითაა. აი რა თბილად გამოხატა მან თავისი ძლიერი გრძნობები: „რაკი ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, ამიტომ პატივცემულად ითვლები და მეც შეგიყვარე“ (ეს. 43:4). დიახ, ვერანაირი ძალა ვერ გაუნელებს იეჰოვას ჩვენდამი სიყვარულს და ვერც მის ერთგულებას შეარყევს რამე (ეს. 54:10). იეჰოვა განსაცდელების მოშორებას არ გვპირდება, თუმცა არ დაუშვებს, რომ პრობლემების „მდინარეებმა“ წაგვლეკოს ან განსაცდელების „ალმა“ გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს. ის გვპირდება, რომ სირთულეების დროს ჩვენ გვერდით იქნება. რას გააკეთებს იეჰოვა? ის შიშს დაგვაძლევინებს, რათა სიკვდილის პირისპირაც კი შევინარჩუნოთ მისადმი ერთგულება (ეს. 41:13; 43:2). განსაცდელების დროს გაბედულები და ძლიერები ვიქნებით, თუ ნდობას გამოვავლენთ იეჰოვას დაპირების მიმართ: „შენთან ვიქნები“. w19.01 3 ¶4—6
პარასკევი, 15 მაისი
კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს, მაგრამ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს (იგავ. 19:21).
თუ ახალგაზრდა ხარ, ალბათ, უამრავი რჩევა მიგიღია მასწავლებლებისა თუ სხვებისგან უმაღლესი განათლებასა და მაღალანაზღაურებად სამსახურთან დაკავშირებით. თუმცა იეჰოვა სრულიად განსხვავებულ გზას გთავაზობს. ცხადია, მას უნდა, რომ ბეჯითი მოსწავლე იყო, რათა სკოლის დამთავრების შემდეგ თავის რჩენა შეძლო (კოლ. 3:23). მაგრამ, როცა საქმე პრიორიტეტების დადგენას ეხება, ღმერთს სურს, ისეთი პრინციპებით იხელმძღვანელო, რომლებიც ამ ბოლო დღეებში მის მოსაწონად მოქცევაში დაგეხმარება (მათ. 24:14). იეჰოვამ იცის, რა მოხდება მომავალში და რამდენად ახლოს არის ამ ქვეყნიერების აღსასრული (ეს. 46:10; მათ. 24:3, 36). ის ჩვენც კარგად გვიცნობს — იცის, რა გვანიჭებს ნამდვილ კმაყოფილებასა და ბედნიერებას, და პირიქით, რა იწვევს ჩვენს იმედგაცრუებასა და მწუხარებას. ასე რომ, რაოდენ გონივრულიც არ უნდა გვეჩვენებოდეს, ადამიანური რჩევა ვერანაირად ვერ იქნება ბრძნული, თუ ის ღვთის სიტყვას არ ეთანხმება. w18.12 19 ¶1, 2
შაბათი, 16 მაისი
აღარ იქნება ბოროტი (ფსალმ. 37:10).
ნაცვლად ამისა, „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. დავითმა ღვთის შთაგონებით ისიც იწინასწარმეტყველა, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:11, 29; 2 სამ. 23:2). თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენდა ეს დაპირებები იმ ადამიანებზე, რომლებიც ღვთის ნების შესრულებას ცდილობდნენ? მათ შეეძლოთ, საფუძვლიანად დაესკვნათ, რომ, თუ დედამიწაზე მხოლოდ მართლები იცხოვრებდნენ, დროთა განმავლობაში ედემის ბაღისმაგვარი სამოთხე აღდგებოდა. რაღაც დროის შემდეგ ისრაელების უმეტესობამ, რომლებსაც თავი იეჰოვას მსახურებად მოჰქონდათ, ზურგი აქცია იეჰოვას და ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. ამიტომ ღმერთმა დაუშვა, რომ ბაბილონელებს დაეპყროთ მისი ხალხი, გაენადგურებინათ ქვეყანა და ბევრი ტყვედ წაესხათ (2 მატ. 36:15—21; იერ. 4:22—27). მაგრამ ღვთის წინასწარმეტყველებმა იწინასწარმეტყველეს, რომ 70 წელიწადში ისრაელები სამშობლოში დაბრუნდებოდნენ. ეს ასეც მოხდა. თუმცა ეს წინასწარმეტყველებები ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან უახლოეს მომავალში დედამიწაზე სამოთხის აღდგენას ეხება. w18.12 4 ¶9, 10
კვირა, 17 მაისი
როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი აზრები — თქვენს აზრებზე (ეს. 55:9).
ბევრი ქვეყნიური შეხედულება ეწინააღმდეგება იეჰოვას თვალსაზრისს. შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს ქვეყნიური რჩევები უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ბიბლიური რჩევები? „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:19). დღეს ქვეყნიერებამ დიდ წარმატებას მიაღწია ტექნოლოგიურ სფეროში, თუმცა ვერ აგვარებს ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიცაა ომი, რასიზმი და დამნაშავეობა. ეს ყველაფერი კი ხელს გვიშლის ბედნიერებაში. რა შეიძლება ითქვას უზნეობის მიმართ ქვეყნიერების შემწყნარებლურ დამოკიდებულებაზე? ბევრი ხვდება, რომ უზნეო ცხოვრების წესი ანგრევს ოჯახებს, ვნებს ჯანმრთელობას და იწვევს არაერთ სხვა პრობლემას. იმ ადამიანებს კი, რომლებიც ღვთის თვალსაზრისს იზიარებენ და ზნეობრივად სუფთად ცხოვრობენ, ბედნიერი ოჯახები აქვთ, გაცილებით ჯანმრთელები არიან და მთელ მსოფლიოში თანამორწმუნეებთან მშვიდობიანი ურთიერთობით ხარობენ (ეს. 2:4; საქ. 10:34, 35; 1 კორ. 6:9—11). განა ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ იეჰოვას აზროვნება გაცილებით აღემატება ქვეყნიურ აზროვნებას?! w18.11 20 ¶8—10
ორშაბათი, 18 მაისი
ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს (1 კორ. 15:33).
ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი ურთიერთობა გვქონდეს ოჯახის წევრებთან და ვასიამოვნოთ მათ, თუმცა უნდა ვიფრთხილოთ, რომ კომპრომისზე არ წავიდეთ. ჩვენ კვლავაც ვეცდებით, რომ თბილად მოვეპყროთ ოჯახის წევრებს და მხოლოდ მათთან ვიმეგობროთ, ვისაც იეჰოვა უყვარს. ყველა, ვინც ჭეშმარიტებაში დადის, წმინდა უნდა იყოს (ეს. 35:8; 1 პეტ. 1:14—16). როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, თითოეულს მოგვიწია გარკვეული ცვლილებების მოხდენა, რათა ბიბლიის სამართლიანი ნორმების თანახმად გვეცხოვრა. ზოგმა რადიკალური ცვლილებები მოახდინა. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არასდროს უნდა გავცვალოთ ჩვენი სიწმინდე ქვეყნიერების უზნეობასა და სიბინძურეში. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან უზნეო საქციელი? იფიქრეთ იმაზე, რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ იმისთვის, რომ ჩვენ წმინდები ვყოფილიყავით — მან თავისი ძის, იესო ქრისტეს ძვირფასი სიცოცხლე გაიღო (1 პეტ. 1:18, 19). იეჰოვას წინაშე რომ წმინდები დავრჩეთ, მთელი გულითა და გონებით უნდა დავაფასოთ იესოს მიერ გაღებული გამოსასყიდი. w18.11 11 ¶10, 11
სამშაბათი, 19 მაისი
მოთმინებით დაველოდები ჩემი ხსნის ღმერთს. მომისმენს ჩემი ღმერთი (მიქ. 7:7).
ბევრი სრული დროით მსახური აღნიშნავს, რომ ცვლილებების დროს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში მსახურებაში აქტიური მონაწილეობა დაეხმარა. როგორც მათი შემთხვევებიდან ჩანს, შინაგან სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, თუ საუკეთესოდ გამოვიყენებთ ჩვენს მდგომარეობას და გულდაჯერებული დაველოდებით იეჰოვას. შეიძლება დროთა განმავლობაში გავაცნობიეროთ, რომ ამ ცვლილებებთან შეგუებამ უფრო გაგვაძლიერა სულიერად. თუ თქვენს ცხოვრებაშიც მოხდება მოულოდნელი ცვლილებები, იქნება ეს თეოკრატიული დავალება, ჯანმრთელობის პრობლემა ან ახალი ოჯახური პასუხისმგებლობა, დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე და საჭირო დროს დაგეხმარებათ (ებრ. 4:16; 1 პეტ. 5:6, 7). მანამდე კი შეეცადეთ, საუკეთესოდ გამოიყენოთ თქვენი მდგომარეობა — უფრო დაუახლოვდით ლოცვის მეშვეობით თქვენს ზეციერ მამას და ისწავლეთ მასზე სრულად მინდობა. ამგვარად, მოულოდნელი ცვლილებები ვერც თქვენ დაგაკარგვინებთ შინაგან სიმშვიდეს. w18.10 30 ¶17; 31 ¶19, 22
ოთხშაბათი, 20 მაისი
[იეჰოვამ] კარგად იცის ჩვენი აგებულება და ახსოვს, რომ მტვერი ვართ (ფსალმ. 103:14).
ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა ჩაწერილი, როცა იეჰოვამ თავისი მსახურების მიმართ გულისხმიერება გამოავლინა. მაგალითად, იეჰოვამ გაითვალისწინა პატარა სამუელის გრძნობები, როცა მღვდელმთავარი ელისთვის განაჩენის გაცხადება დაავალა, როგორც ამას 1 სამუელის 3:1—18-ში ვკითხულობთ. იეჰოვას კანონი ბავშვებისგან მოითხოვდა, რომ პატივი ეცათ ასაკოვნებისთვის, განსაკუთრებით თავკაცებისთვის (გამ. 22:28; ლევ. 19:32). ძნელი წარმოსადგენია, რომ პატარა სამუელი დილით ამდგარიყო, ელისთან მისულიყო და გაბედულად გადაეცა იეჰოვას განაჩენი. მონათხრობიდან ვიგებთ, რომ მას ეშინოდა, „ელისთვის ეთქვა ხილვაში ნანახი“. თუმცა ღმერთმა მიახვედრა ელი, რომ ის ეძახდა სამუელს. ამიტომ ელიმ თავად აიღო ინიციატივა და სამუელს უთხრა, რომ იეჰოვას ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ დაემალა მისთვის. სამუელიც დაემორჩილა და „ყველაფერს მოუყვა“. სამუელის ნათქვამი სწორედ ისეთ ინფორმაციას შეიცავდა, რომელიც ელის უკვე მოსმენილი ჰქონდა (1 სამ. 2:27—36). ეს შემთხვევა იეჰოვას სიბრძნესა და გულისხმიერებაზე მეტყველებს. w18.09 23 ¶2; 24 ¶4, 5
ხუთშაბათი, 21 მაისი
იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში? . . . ვინც . . . ჭეშმარიტებას ლაპარაკობს გულში (ფსალმ. 15:1, 2).
დღეს ტყუილის თქმა ჩვეულებრივ რამედ იქცა. სტატიაში „რატომ ვტყუით“ ნათქვამია: „ირკვევა, რომ სიცრუე ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია“. ადამიანები, ძირითადად, თავდასაცავად ან დასაწინაურებლად იტყუებიან. ისინი ტყუილით ცდილობენ, რომ შეცდომა ან დანაშაული დამალონ, ფინანსური სარგებელი მიიღონ ან პიროვნული უპირატესობა მოიპოვონ. ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ არიან ადამიანები, რომლებიც დიდსა თუ პატარა ტყუილს ადვილად ეუბნებიან კოლეგებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს. რა შედეგებამდე მივყავართ ტყუილს? იკარგება ნდობა და ფუჭდება ურთიერთობები. ფსალმუნმომღერალი დავითი იეჰოვას ლოცვაში ეუბნებოდა: „შენ გსიამოვნებს ჭეშმარიტების დანახვა ადამიანის გულში“ (ფსალმ. 51:6). დავითმა იცოდა, რომ ადამიანი ჭეშმარიტებას იმ შემთხვევაში ლაპარაკობს, თუ ის გულში აქვს. ქრისტიანებმა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა გაითვალისწინონ პრინციპი: „ჭეშმარიტება ელაპარაკეთ ერთმანეთს“ (ზაქ. 8:16). w18.10 7 ¶4; 8 ¶9, 10; 10 ¶19
პარასკევი, 22 მაისი
მიუძღოდა მათ და ისინიც უსაფრთხოდ იყვნენ, არაფრის ეშინოდათ (ფსალმ. 78:53).
როცა ისრაელებმა ძვ. წ. 1513 წელს ეგვიპტე დატოვეს, მათი რიცხვი სამ მილიონს აჭარბებდა. გათავისუფლებულებს შორის სამი ან ოთხი თაობის წარმომადგენლები იყვნენ. ამიტომ ამდენ ხალხს, რომელთა შორის ბავშვები, მოხუცები, ავადმყოფები და ფიზიკურად შეზღუდულები იყვნენ, გულისხმიერი და ყურადღებიანი ხელმძღვანელი სჭირდებოდა. იეჰოვამ მოსეს მეშვეობით დაამტკიცა, რომ სწორედ ასეთი წინამძღოლი იყო. შედეგად, ისრაელები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ, როცა თავიანთ სახლებს ტოვებდნენ; მათ ხომ სხვაგან არასდროს უცხოვრიათ! (ფსალმ. 78:52). რა გააკეთა იეჰოვამ, რომ ისრაელებს თავი დაცულად და უსაფრთხოდ ეგრძნოთ? ისრაელები ეგვიპტიდან კარგად ორგანიზებულ „რაზმებად გამოვიდნენ“ (გამ. 13:18). ასეთი წესრიგი დაარწმუნებდა მათ, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებდა. გარდა ამისა, ღმერთი მათ „დღისით ღრუბლით მიუძღოდა, ღამით კი — ცეცხლის შუქით“, რაც იმის ხილული ნიშანი იყო, რომ მათ გვერდით იყო (ფსალმ. 78:14). ფაქტობრივად, იეჰოვამ თავის ხალხს უთხრა: „ნუ გეშინიათ. მე თქვენთანა ვარ, რომ გიხელმძღვანელოთ და დაგიცვათ“. w18.09 26 ¶11, 12
შაბათი, 23 მაისი
ნეტავ დამმალავდე სამარეში, . . . დამიდგენდე დროს და გამიხსენებდე! (იობ. 14:13)
ბიბლიურ დროში ღვთის ზოგიერთი ერთგული მსახური იმდენად შთანთქა პრობლემებმა, რომ სიცოცხლეც აღარ უნდოდა. მაგალითად, ტკივილით გატანჯული იობი მოთქვამდა: „უარს ვამბობ. არ მინდა უსასრულოდ ცხოვრება“ (იობ. 7:16). იონას იმდენად გაუცრუა იმედი სხვაგვარად განვითარებულმა მოვლენებმა, რომ აღმოხდა: „ახლა კი, გთხოვ, იეჰოვა, წაიღე ჩემგან ჩემი სული, რადგან სიცოცხლეს სიკვდილი მირჩევნია“ (იონ. 4:3). ერთხელ ერთგული წინასწარმეტყველი ელია იმდენად გულგატეხილი იყო, რომ სიკვდილიც კი ინატრა. მან თქვა: „აღარ შემიძლია! წაიღე ჩემი სული, იეჰოვა“ (1 მეფ. 19:4). თუმცა იეჰოვა აფასებდა თავის ერთგულ მსახურებს და სურდა, რომ მათ სიცოცხლის ხალისი არ დაეკარგათ. მას არ განუსჯია თავისი მსახურები ასეთი გრძნობებისთვის. პირიქით, დაეხმარა მათ, რომ სიკვდილზე აღარ ეფიქრათ. იეჰოვამ სიყვარული აგრძნობინა მათ და გააძლიერა, რათა კვლავაც ერთგულად განეგრძოთ მისადმი მსახურება. w18.09 13 ¶4
კვირა, 24 მაისი
ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ (1 კორ. 3:9).
ღვთის თანამსახურები სტუმართმოყვარენი არიან. ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში „სტუმართმოყვარეობად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა „უცხოთა სიყვარულს“ ნიშნავს (ებრ. 13:2). ღვთის სიტყვაში მოთხრობილი შემთხვევები ასეთი სიყვარულის გამოვლენას გვასწავლის (დაბ. 18:1—5). თანამორწმუნეებს ვეხმარებით თუ სხვებს, ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა და რეგულარულად უნდა აღმოვუჩინოთ მათ დახმარება (გალ. 6:10). შეგიძლიათ ითანამშრომლოთ ღმერთთან და სტუმართმოყვარულად მიიღოთ სრული დროით მსახურები, რომელთაც ღამის გასათევი სჭირდებათ? (3 იოან. 5, 8). ასეთ დროს ხშირად გვეძლევა ურთიერთგამხნევების შესაძლებლობა (რომ. 1:11, 12). ღვთის სიტყვა მოუწოდებს ძმებს, ითანამშრომლონ იეჰოვასთან და მომსახურედ ან უხუცესად მსახურებისკენ ისწრაფონ (1 ტიმ. 3:1, 8, 9; 1 პეტ. 5:2, 3). ასეთი ძმები მზად არიან, და-ძმებს როგორც პრაქტიკული, ისე სულიერი დახმარება აღმოუჩინონ (საქ. 6:1—4). ისინი, რომლებიც კრების საჭიროებებზე ზრუნავენ, დაგვერწმუნებიან, რომ ასეთი სახის მსახურებას დიდი სიხარული მოაქვს. w18.08 24 ¶6, 7; 25 ¶10
ორშაბათი, 25 მაისი
უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო. პირიქით, მოკრძალებით შეაგონე როგორც მამას (1 ტიმ. 5:1).
მართალია, ტიმოთეს გარკვეული ძალაუფლება ჰქონდა უფროსი ასაკის ძმებზე, მაგრამ მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა უნდა გამოევლინა. მაგრამ რის თქმა შეიძლება, თუ უფროსი ასაკის ადამიანი შეგნებულად სცოდავს ან ღვთისთვის მიუღებელ შეხედულებებს ავრცელებს? იეჰოვა მხოლოდ გარეგნობის მიხედვით არ შეაფასებს და მხოლოდ იმიტომ არ აპატიებს განზრახ შემცოდველს, რომ ასაკოვანია. ყურადღება მიაქციეთ ესაიას 65:20-ში ჩაწერილ პრინციპს: „ცოდვილი, ასი წლისაც რომ იყოს, დაწყევლილი იქნება“. მსგავსი პრინციპი ჩანს ეზეკიელის ხილვაშიც (ეზეკ. 9:5—7). აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი საფიქრალი ყოველთვის ის უნდა იყოს, რომ პატივისცემა გამოვავლინოთ ძველი დღეთას, იეჰოვა ღმერთის მიმართ (დან. 7:9, 10, 13, 14). თუ გვემახსოვრება ეს, არ მოგვერიდება, რომ საჭიროების შემთხვევაში რჩევა მივცეთ თუნდაც ჩვენზე უფროსი ასაკის ადამიანს (გალ. 6:1). w18.08 11 ¶13, 14
სამშაბათი, 26 მაისი
გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს (იგავ. 14:15).
როგორც ჭეშმარიტმა ქრისტიანებმა, უნდა განვივითაროთ ინფორმაციის სწორად შეფასებისა და სწორი დასკვნების გაკეთების უნარი (იგავ. 3:21—23; 8:4, 5). წინააღმდეგ შემთხვევაში სატანა და მისი ქვეყნიერება გაცილებით ადვილად შეძლებენ ჩვენი აზროვნების დამახინჯებას (ეფეს. 5:6; კოლ. 2:8). ცხადია, სწორ დასკვნამდე მისასვლელად ფაქტები გვჭირდება. დღეს ადამიანები ვებგვერდების, ტელევიზიისა და სხვა მედიასაშუალებების მეშვეობით ზღვა ინფორმაციას იღებენ, რასაც ბოლო არ უჩანს. ჩვენ უამრავ იმეილსა თუ ტექსტურ შეტყობინებას ვიღებთ. გარდა ამისა, ინფორმაციას გვიზიარებენ ჩვენი მეგობრები და ნაცნობები. ვინაიდან მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელება და ფაქტების დამახინჯება დღეს ჩვეულებრივ რამედ იქცა, დიდი სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს, რომ სწორად შევაფასოთ მოსმენილი. w18.08 3 ¶1, 3
ოთხშაბათი, 27 მაისი
ღვთის კეთილგანწყობა პოვე (ლუკ. 1:30).
როცა ღვთის ძის განკაცების დრო დადგა, იეჰოვამ თავმდაბალი ქალწული, მარიამი აირჩია, რომ ამ განსაკუთრებული ბავშვის დედა გამხდარიყო. მარიამი არაფრით გამორჩეულ ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა, რომელიც იერუსალიმიდან და მისი დიდებული ტაძრიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა (ლუკ. 1:26—33). მარიამის სულიერი მოწიფულობა მოგვიანებით ელისაბედთან საუბრის დროს გამოჩნდა (ლუკ. 1:46—55). დიახ, იეჰოვა აკვირდებოდა მარიამს და სწორედ მისი ერთგულების გამო არგუნა ეს წარმოუდგენელი პატივი. როცა მარიამმა იმშობიარა, იეჰოვას თავისი ძის დაბადების ამბავი იერუსალიმისა და ბეთლემის პატივდებული გამგებლებისთვის არ გაუმჟღავნებია. ანგელოზები თავმდაბალ მწყემსებს გამოეცხადნენ, რომლებიც ბეთლემთან ახლოს ფარას დარაჯობდნენ (ლუკ. 2:8—14). სწორედ ამ მწყემსებმა მოინახულეს ახალშობილი იესო (ლუკ. 2:15—17). ალბათ, მარიამსა და იოსებს სასიამოვნოდ გააკვირვებდა, რომ იეჰოვამ ასეთი სახით აღიარა თავისი ძე. w18.07 9, 10 ¶11, 12
ხუთშაბათი, 28 მაისი
განრისხდა იეჰოვა სოლომონზე (1 მეფ. 11:9).
რატომ განრისხდა იეჰოვა სოლომონზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „რადგან დაშორდა მისი გული იეჰოვას . . . რომელიც ორჯერ ეჩვენა. უბრძანა, არ გაჰყოლოდა სხვა ღმერთებს, მაგრამ მან არ შეასრულა იეჰოვას ბრძანება“. შედეგად, სოლომონმა დაკარგა იეჰოვას მოწონება და მხარდაჭერა. მისმა შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს ისრაელის სამეფოს მთლიანობა და თაობიდან თაობაში არაერთი უბედურება დაატყდათ თავს (1 მეფ. 11:9—13). როგორც სოლომონის შემთხვევაში იყო, ჩვენს სულიერობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებთან მეგობრობა, რომლებმაც არ იციან იეჰოვას ნორმები ან არ აფასებენ მათ. ზოგი შეიძლება კრების წევრიც კი იყოს, რომელიც სულიერად არის მოსუსტებული. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება ჩვენი ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები ან თანაკლასელები იყვნენ, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას. ნებისმიერ შემთხვევაში იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობამ, რომლებიც არ ცხოვრობენ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად, შეიძლება დროთა განმავლობაში იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. w18.07 19 ¶9, 10
პარასკევი, 29 მაისი
მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია (1 იოან. 5:19).
სატანა თავის აზროვნებას ფილმებისა და ტელეშოუების მეშვეობით ავრცელებს. მას ესმის, რომ ნამდვილი თუ გამოგონილი ისტორიების მოსმენა უბრალოდ კი არ გვართობს, არამედ გვკარნახობს, როგორ ვიაზროვნოთ, რა ვიგრძნოთ და რა ვაკეთოთ. სწავლების დროს ამ მეთოდს იესო იყენებდა. მაგალითად, მან მოიყვანა იგავები კეთილ სამარიელსა და გზასაცდენილ შვილზე, რომელმაც თავისი მემკვიდრეობა გაფლანგა (მათ. 13:34; ლუკ. 10:29—37; 15:11—32). მაგრამ სატანის აზროვნებით დაინფიცირებულ ადამიანებს ნამდვილი თუ გამოგონილი ისტორიებით ჩვენი აზროვნების გარყვნა შეუძლიათ. ამიტომ გაწონასწორება და გონიერება გვჭირდება. ფილმებითა და ტელეშოუებით შეიძლება გავერთოთ კიდეც და რაიმე კარგიც ვისწავლოთ ისე, რომ აზროვნება არ დაგვიბინძურდეს. მაგრამ სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და გართობის არჩევისას საკუთარ თავს ვკითხოთ: „ხომ არ მაჩვევს ეს ფილმი თუ ტელეშოუ იმ აზრს, რომ ხორცის სურვილების აყოლაში ცუდი არაფერია?“ (გალ. 5:19—21; ეფეს. 2:1—3). როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მიხვდებით, რომ რომელიმე ფილმი თუ ტელეშოუ სატანის აზროვნების პროპაგანდაა? ისევე მოერიდეთ მას, როგორც გადამდებ დაავადებას! w19.01 15, 16 ¶6, 7
შაბათი, 30 მაისი
აიღეთ ხსნის მუზარადი (ეფეს. 6:17).
როგორც მუზარადი იცავს პირდაპირი გაგებით მეომრის თავს, ისე „ხსნის იმედი“ იცავს ჩვენს გონებას (1 თეს. 5:8; იგავ. 3:21). როგორ შეიძლება სატანამ მოგვახდევინოს თავიდან მუზარადი? გავიხსენოთ, რა მეთოდს მიმართა მან იესოს შემთხვევაში. ეჭვგარეშეა, სატანამ იცოდა, რომ იესოს კაცობრიობაზე მმართველობის იმედი ჰქონდა, თუმცა მას ლოდინი მოუწევდა, სანამ იეჰოვას მიერ დანიშნული დრო დადგებოდა. თანაც მანამდე იესოს ტანჯვა და სიკვდილი უნდა ეგემა. ამიტომ სატანამ იესოს ისეთი რამ შესთავაზა, რაც მის იმედს მალევე აქცევდა რეალობად. ეშმაკმა უთხრა, რომ, თუ თაყვანს სცემდა მას, ამ ყველაფერს ის მაშინვე მიიღებდა (ლუკ. 4:5—7). მსგავსად, სატანამ იცის, რომ იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში მატერიალურად უზრუნველგვყოფს, თუმცა ამისთვის ლოდინი გვჭირდება და შეიძლება ამ დროის მანძილზე გარკვეულ პრობლემებსაც შევხვდეთ. ამიტომ ის მაცდუნებელ წინადადებას გვთავაზობს, რომ დღესვე მივიღოთ ეს ყველაფერი. მას სურს, რომ ჩვენთვის უმთავრესი ქონების დაგროვება გახდეს და ყველაფრის დაუყოვნებლივ მიღების სურვილი გაგვიჩნდეს. ის ცდილობს, რომ სამეფოს ინტერესებმა ჩვენს ცხოვრებაში მეორე ადგილზე გადაინაცვლოს (მათ. 6:31—33). w18.05 30, 31 ¶15—17
კვირა, 31 მაისი
სიკეთე გიყოს შენმა გულმა შენს სიჭაბუკეში (ეკლ. 11:9).
დიახ, იეჰოვას სურს, რომ ბედნიერი ახალგაზრდობა გქონდეს. შენს ცხოვრებაში უმთავრესად სულიერი მიზნები აქციე და ისე არაფერი დაგეგმო ან გადაწყვიტო, რომ იეჰოვას ნება გამოგრჩეს. რაც უფრო ადრე დაიწყებ ასე მოქმედებას, მით უფრო მალე იგრძნობ, რომ იეჰოვა გხელმძღვანელობს, გიცავს და კურთხევებს არ გაკლებს. დაფიქრდი ღვთის სიტყვაში ჩაწერილ გონივრულ რჩევებზე და გულთან ახლოს მიიტანე ეკლესიასტეს 12:1-ში ჩაწერილი სიტყვები: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“. ახალგაზრდები გულითად შექებას იმსახურებენ იმის გამო, რომ გადაწყვეტილი აქვთ, რომ მათ ცხოვრებაში იეჰოვას უმთავრესი ადგილი ეკავოს. ისინი სულიერი მიზნებისკენ იღვწიან და სამქადაგებლო საქმიანობას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მათ ცხოვრებაში. უფრო მეტიც, მათ გადაწყვეტილი აქვთ, რომ არანაირ ქვეყნიურ შემოთავაზებას არ ანაცვალონ სულიერი მიზნები. ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი არასოდეს იქნება. ყოველთვის გეყოლებათ გვერდით და-ძმები, რომელთაც ეყვარებით და მხარს დაგიჭერენ. ასე რომ, მიენდეთ იეჰოვას და თქვენი გეგმები განმტკიცდება! w18.04 29 ¶17, 19