ივნისი
ორშაბათი, 1 ივნისი
რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცეთ (იოან. 15:16).
ეს დაპირება ნამდვილად შემატებდა ძალას მოციქულებს. მათ ბოლომდე არ ესმოდათ, რომ მათი მოძღვარი მალე დედამიწაზე ცხოვრებას დაასრულებდა. ამიტომ, როცა ეს მოხდა, ისინი შეიძლება მიტოვებულად გრძნობდნენ თავს. თუმცა ისინი მარტონი არ იყვნენ, რადგან იეჰოვა ყოველთვის მზად იყო, პასუხი გაეცა მათ ლოცვებზე და დახმარებოდა სამქადაგებლო საქმის შესრულებაში. მოციქულებმა ძალიან მალე იგრძნეს, რომ იეჰოვამ უპასუხა მათ ლოცვებს და დაეხმარა (საქ. 4:29, 31). ეს დღესაც ასეა. როცა მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, იესოს მეგობრებად ვრჩებით. უფრო მეტიც, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვიპასუხებს ლოცვებზე და დაგვეხმარება იმ სირთულეების გადალახვაში, რომელთაც სასიხარულო ცნობის ქადაგების დროს ვხვდებით (ფილ. 4:13). რა ბედნიერებაა, რომ ღმერთი გვპასუხობს ლოცვებზე და გვაქვს იესოსთან მეგობრობის შესაძლებლობა! იეჰოვასგან ბოძებული სხვადასხვა ძღვენი ძალას გვაძლევს, რომ ნაყოფი გამოვიღოთ (იაკ. 1:17). w18.05 21 ¶17, 18
სამშაბათი, 2 ივნისი
გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას (ებრ. 10:25).
დაახლოებით ხუთ წელიწადში იერუსალიმში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანები დაინახავდნენ „იეჰოვას დღის“ მოახლოებას და მიხვდებოდნენ, რომ უნდა დამორჩილებოდნენ იესოს მითითებას და ქალაქიდან გაქცეულიყვნენ (საქ. 2:19, 20; ლუკ. 21:20—22). ეს დღე ახ. წ. 70 წელს დადგა, როცა რომაელებმა იეჰოვას განაჩენი აღასრულეს იერუსალიმზე. დღეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახლოსაა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე (იოელ. 2:11). წინასწარმეტყველმა სოფონიამ თქვა: „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე, ახლოს არის და ძლიერ ჩქარდება“ (სოფ. 1:14). ეს წინასწარმეტყველება ჩვენს დროსაც ეხება. პავლე მოციქულს იეჰოვას დღის მოახლოება ჰქონდა მხედველობაში, როცა მოგვიწოდა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“ (ებრ. 10:24). ამგვარად, და-ძმების მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ, რათა საჭირო დროს გავამხნეოთ ისინი. w18.04 20 ¶1, 2
ოთხშაბათი, 3 ივნისი
გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი (იეს. 1:9).
როგორ გაამხნევებდა ეს სიტყვები იესო ნავეს ძეს, რომელიც მას იეჰოვამ მანამ უთხრა, სანამ თავის ხალხს აღთქმულ მიწაზე შეიყვანდა. იეჰოვა არა მხოლოდ ცალკეულ მსახურებს ამხნევებდა, არამედ მთლიანობაში თავის ხალხს, როგორც ჯგუფს. მას ესმოდა, რომ ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდეველებს გამხნევება სჭირდებოდათ, ამიტომ მათთვის მანუგეშებელი წინასწარმეტყველება წარმოთქვა: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ. აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“ (ეს. 41:10). იეჰოვა პირველ საუკუნეშიც ამხნევებდა თავის მსახურებს და დღესაც ამხნევებს (2 კორ. 1:3, 4). მან თავისი ძე იესოც გაამხნევა. ნათლობის დროს იესომ მოისმინა ხმა, რომელიც ციდან გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17). ეს სიტყვები იესოს ყოველთვის შემატებდა მხნეობას დედამიწაზე მსახურების დროს. w18.04 16 ¶3—5
ხუთშაბათი, 4 ივნისი
სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო (დაბ. 2:17).
ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ამ ბრძანებით იეჰოვამ ადამს თავისუფლება შეუზღუდა და თავის ნებაზე ცხოვრების უფლება არ მისცა. ფაქტობრივად, ასეთი ადამიანები ნების თავისუფლებას აიგივებენ უფლებასთან, თავად განსაზღვრონ, რა არის კარგი და რა ცუდი. სინამდვილეში ადამსა და ევას ჰქონდათ არჩევანის თავისუფლება — მათ შეეძლოთ გადაეწყვიტათ, დაემორჩილებოდნენ თუ არა ღმერთს. თუმცა კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლება, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მხოლოდ იეჰოვას აქვს. სწორედ ამის სიმბოლო იყო ედემის ბაღში მდგარი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ (დაბ. 2:9). როცა ღმერთმა ადამსა და ევას აუკრძალა „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ ნაყოფის ჭამა, მან ფაქტობრივად ასწავლა მათ, როგორ ესარგებლათ ნამდვილი თავისუფლებით. სამწუხაროდ, ადამმა და ევამ დაუმორჩილებლობა არჩიეს. მართლა მოიპოვეს მათ მეტი თავისუფლება? ცხადია, არა. ვითომდა თავისუფლების ძიებაში მათ ნამდვილი თავისუფლება დაკარგეს. w18.04 5, 6 ¶9—12
პარასკევი, 5 ივნისი
მათი გასაჭირი მისი გასაჭირი იყო (ეს. 63:9).
რთულ მდგომარეობაში მყოფი მსახურების მიმართ იეჰოვა მხოლოდ თანაგრძნობით როდი შემოიფარგლება. ის მოქმედებს კიდეც მათ დასახმარებლად. მაგალითად, იეჰოვას კარგად ესმოდა ეგვიპტის მონობაში მყოფი ისრაელების ტკივილი, ამიტომ მათი გათავისუფლება გადაწყვიტა. მან უთხრა მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი . . . კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან. ჩავალ, რომ დავიხსნა ისინი ეგვიპტელთა ხელიდან“ (გამ. 3:7, 8). სწორედ თანაგრძნობამ აღძრა იეჰოვა, რომ მონობიდან გაეთავისუფლებინა თავისი ხალხი. საუკუნეების შემდეგ აღთქმულ მიწაზე ყოფნის დროს ისრაელებს მტრები ესხმოდნენ თავს. ბიბლიიდან ვიგებთ, რას გრძნობდა ამ დროს ღმერთი: „წუხდა იეჰოვა, რომ კვნესოდნენ ისინი მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში“. თანაგრძნობამ ის ამჯერადაც აღძრა თავისი ხალხის დასახმარებლად და მსაჯულები დაუყენა, რომ მტრების ხელიდან დაეხსნა ისინი (მსაჯ. 2:16, 18). w19.03 15 ¶4, 5
შაბათი, 6 ივნისი
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და განა არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს?! მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ (ეს. 49:15).
ათი მცნებიდან პირველი ორი მცნება მოითხოვდა ისრაელებისგან, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის ეცათ თაყვანი და კერპთაყვანისმცემლობის შესახებ აფრთხილებდა (გამ. 20:3—6). ეს მცნებები იეჰოვას სასიკეთოდ კი არ იყო მიცემული, არამედ ხალხის სასიკეთოდ. როცა სხვა ხალხების ღმერთებს სცემდნენ თაყვანს, გასაჭირში ცვიოდნენ. ამის საპირისპიროდ, იეჰოვა აკურთხებდა თავის ხალხს, როცა ისინი მისადმი ერთგულებას ინარჩუნებდნენ და ერთმანეთს სამართლიანად ეპყრობოდნენ (1 მეფ. 10:4—9). იეჰოვა არ არის დამნაშავე, როცა ისინი, ვისაც მის მსახურებად მოაქვთ თავი, არ იცავენ მის ნორმებს და ზიანს აყენებენ მის ხალხს. მაგრამ მას ვუყვარვართ და იცის, რომ უსამართლობა გულს გვტკენს. იეჰოვა იმაზე მეტად განიცდის ჩვენს ტკივილს, ვიდრე დედა თავისი შვილის სატკივარს. მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე არ ერევა საქმეში, ის თავის დროზე პასუხს აგებინებს მოუნანიებელ შემცოდველს. w19.02 22 ¶13—15
კვირა, 7 ივნისი
იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი (ლუკ. 22:42).
გახსენების საღამოს წინა პერიოდში კრების შეხვედრებზე ძირითადი აქცენტი იესოსა და მის თავმდაბლობაზე კეთდება, რომელმაც ის საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებისკენ აღძრა. ეს აღგვძრავს, მივბაძოთ მას თავმდაბლობის გამოვლენაში და მაშინაც შევასრულოთ იეჰოვას ნება, როცა ამის გაკეთება არც ისე ადვილია. ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ გამოავლინა მან ეს თვისება სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე. იესომ ძალიან კარგად იცოდა, რომ მალე მტრები დაამცირებდნენ, აწამებდნენ და მოკლავდნენ (მათ. 20:17—19). თუმცა მას სიკვდილის არ შეშინებია. როცა ამის დრო დადგა, მან გეთსემანეს ბაღში მყოფ ერთგულ მოციქულებს უთხრა: „ადექით, წავიდეთ. აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“ (მათ. 26:36, 46). როცა შეიარაღებული ბრბო მის შესაპყრობად მივიდა, იესო მოციქულების წინ დადგა, თქვა, რომ ის იყო, ვისაც ეძებდნენ და ჯარისკაცებს მათი გაშვება უბრძანა (იოან. 18:3—8). იესომ გაბედულების ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა! დღეს ცხებული ქრისტიანები და „სხვა ცხვარი“ ყველაფერს აკეთებენ, რომ იესოს ამ თვისების გამოვლენაში მიჰბაძონ. w19.01 27, 28 ¶7, 8
ორშაბათი, 8 ივნისი
ეძებეთ თვინიერება (სოფ. 2:3).
როგორც მხატვარი ცდილობს, რამდენიმე სასიამოვნო ფერის შერწყმით შექმნას ნახატი, ისე ჩვენც გვჭირდება რამდენიმე მიმზიდველი თვისების „შერწყმა“ თვინიერების გამოსავლენად. ამ თვისებებს შორის გამორჩეულია თავმდაბლობა, მორჩილება, რბილი ხასიათი და შინაგანი სიმტკიცე. მხოლოდ თავმდაბალი ადამიანები დაემორჩილებიან ღვთის ნებას. ღვთის ნებაში ისიც იგულისხმება, რომ რბილი ხასიათი გვქონდეს (მათ. 5:5; გალ. 5:23). როცა ღვთის ნებას ვასრულებთ, სატანის განრისხებას ვიწვევთ. მაშინაც კი, თუ თავმდაბლები და რბილი ხასიათისანი ვართ, ბევრ ადამიანს ვძულვართ, რადგან ისინი სატანის ქვეყნიერების ნაწილი არიან (იოან. 15:18, 19). ამიტომ შინაგანი სიმტკიცე გვჭირდება, რომ წინ აღვუდგეთ სატანას. თვინიერი ადამიანებისგან განსხვავებით ამპარტავნები ვერ იოკებენ ბრაზს და არ ემორჩილებიან იეჰოვას. ზუსტად ასეთია სატანაც. ამიტომ არ გვიკვირს, რატომ სძულს მას თვინიერი ხალხი, რომლებიც მის პიროვნულ ნაკლს ააშკარავებენ. უფრო მეტიც, ისინი ამტკიცებენ, რომ სატანა მატყუარაა, რადგან რაც არ უნდა თქვას ან გააკეთოს, ვერ შეაწყვეტინებს თვინიერ ადამიანებს იეჰოვას მსახურებას (იობ. 2:3—5). w19.02 8, 9 ¶3—5
სამშაბათი, 9 ივნისი
აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ (ეს. 41:10).
იეჰოვამ იცოდა, რომ ბაბილონელებს შიში შეიპყრობდა. ბაბილონს მიდია-სპარსეთის ძლიერი ჯარი დაესხმებოდა თავს. იეჰოვა სწორედ მათი ხელით გაათავისუფლებდა თავის ხალხს ბაბილონის ტყვეობიდან (ეს. 41:2—4). როცა ბაბილონელებმა და სხვა ხალხმა მტრის მოახლოება შეიტყვეს, გასამხნევებლად ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „გამაგრდი!“. მათ უფრო მეტი კერპი გაიკეთეს იმ იმედით, რომ ისინი დაიცავდნენ მათ (ეს. 41:5—7). იეჰოვამ კი გადასახლებული ებრაელები შემდეგი სიტყვებით დაამშვიდა: „შენ კი, ისრაელო, [მეზობელი ერებისგან განსხვავებით] ჩემი მსახური ხარ . . . აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ“ (ეს. 41:8—10). ყურადღება მიაქციეთ, იეჰოვას ნათქვამს: „შენი ღმერთი ვარ“. ამ სიტყვებით მან თავისი ერთგული თაყვანისმცემლები დაარწმუნა, რომ არ დავიწყებია ისინი და რომ ისინი კი მისი ხალხი იყვნენ. ღმერთმა მათზე თქვა: „ვიმოქმედებ, რომ ავიყვანო . . . და ვიხსნა“. ეს მანუგეშებელი სიტყვები უდავოდ გააძლიერებდა გადასახლებულ ებრაელებს (ეს. 46:3, 4). w19.01 4 ¶8
ოთხშაბათი, 10 ივნისი
ციდან გაისმა ხმა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“ (მარ. 1:11).
მარკოზის 1:9—11-ში ჩაწერილია სამი შემთხვევიდან პირველი, როცა იეჰოვამ ზეციდან დაილაპარაკა. მან თქვა: „შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე. მე მოგიწონე“. როგორ გაუთბობდა იესოს გულს მამისგან სიყვარულისა და ნდობის გამომხატველი სიტყვების მოსმენა! ამ სიტყვებიდან იესოს შესახებ სამი მნიშვნელოვანი რამ იკვეთება. პირველი, იესო იეჰოვას ძეა; მეორე, იეჰოვას უყვარს ის; და მესამე, იეჰოვამ მოიწონა თავისი ძე. „შენა ხარ ჩემი . . . ძე“. ამ სიტყვებით იეჰოვამ მიანიშნა, რომ მასა და მის საყვარელ ძეს, იესოს შორის ახალი ურთიერთობა დაიწყო. ზეცაში ყოფნის დროს იესო ღვთის სულიერი ძე იყო, ნათლობის შემდეგ კი ღვთის წმინდა სულით ცხებული ძე გახდა. ზემოხსენებული სიტყვებით ღმერთმა მიანიშნა, რომ იესოს, როგორც წმინდა სულით ცხებულ ძეს, ახლა უკვე ზეცაში დაბრუნებისა და ღვთის სამეფოს მეფედ და მღვდელმთავრად მსახურების იმედი ჰქონდა (ლუკ. 1:31—33; ებრ. 1:8, 9; 2:17). ამიტომ გასაგებია, რატომ უთხრა იეჰოვამ იესოს ნათლობის დროს: „შენა ხარ ჩემი . . . ძე“ (ლუკ. 3:22). w19.03 8 ¶3, 4
ხუთშაბათი, 11 ივნისი
არ არსებობს სიბრძნე . . . იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს (იგავ. 21:30).
პირველმა ცუდმა რჩევამ კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე გაიჟღერა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასპარეზზე სატანა გამოჩნდა. კადნიერმა და თვითმარქვია მრჩეველმა ევას უთხრა, რომ ის და მისი ქმარი უფრო ბედნიერები იქნებოდნენ, თუ თვითონ წარმართავდნენ თავიანთ ცხოვრებას (დაბ. 3:1—6). სატანას ეგოისტური მოტივები ამოძრავებდა. მას სურდა, ადამი და ევა თავიანთ შთამომავლობასთან ერთად მისი მორჩილები და თაყვანისმცემლები ყოფილიყვნენ და არა იეჰოვასი. თუმცა პირველ წყვილს ყველაფერი იეჰოვას წყალობით ჰქონდა. სწორედ იეჰოვას მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ, რომ ჰყავდათ ერთმანეთი, ცხოვრობდნენ მშვენიერ ბაღში, ჰქონდათ სრულყოფილი სხეული და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და ჩამოშორდნენ მას, რასაც სავალალო შედეგები მოჰყვა. მოწყვეტილი ყვავილის მსგავსად, ისინიც ნელ-ნელა „დაჭკნენ“ და მოკვდნენ. ცოდვის მწარე შედეგები მათმა შთამომავლებმაც იგემეს (რომ. 5:12). თუმცა ადამისა და ევას მსგავსად დღესაც ძალიან ბევრი ამბობს უარს ღვთისადმი მორჩილებაზე, რადგან თავიანთ ნებაზე სურთ ცხოვრება (ეფეს. 2:1—3). შედეგები ცალსახად მეტყველებს დღევანდელი მუხლის ჭეშმარიტებაზე. w18.12 20 ¶3, 4
პარასკევი, 12 ივნისი
არ . . . ვლაპარაკობთ ადამიანთა სიბრძნით ნასწავლი სიტყვებით, არამედ სულით ნასწავლით, რადგან სულიერ საკითხებსა და სულიერ სიტყვებს ერთმანეთს ვუკავშირებთ (1 კორ. 2:13).
მოციქული პავლე საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და სულ მცირე ორ ენას ფლობდა (საქ. 5:34; 21:37, 39; 22:2, 3). მაგრამ პრინციპულ საკითხებში ის არასდროს იზიარებდა ქვეყნიურ აზროვნებას. ნაცვლად ამისა, თავის გადაწყვეტილებებს ყოველთვის ღვთის სიტყვაზე აფუძნებდა (საქ. 17:2; 1 კორ. 2:6, 7). შედეგად, პავლეს, როგორც წარმატებულ ღვთის მსახურს, მარადიული ჯილდო ელოდა (2 ტიმ. 4:8). უდავოდ, ქვეყნიური აზროვნება ვერც კი შეედრება იეჰოვას აზროვნებას. მისი შეხედულებების თანახმად ცხოვრება ბედნიერებისა და წარმატების საწინდარია. თუმცა იეჰოვა არ გვაიძულებს, რომ მისი აზროვნება გავიზიაროთ. ჩვენი აზროვნების გაკონტროლებას არავინ ცდილობს — არც „ერთგული და გონიერი მონა“ და არც უხუცესები (მათ. 24:45; 2 კორ. 1:24). თითოეული ქრისტიანის პირადი პასუხისმგებლობაა, რომ საკუთარი აზროვნება იეჰოვას აზროვნებას შეუსაბამოს. w18.11 20, 21 ¶12, 13
შაბათი, 13 ივნისი
მწუხარება და ოხვრა კი გაქრება (ეს. 35:10).
ღმერთმა ესაიას პირით იწინასწარმეტყველა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს არაფერი შეუქმნიდა საფრთხეს. მათ არც გარეული ცხოველების შიში ექნებოდათ და არც აგრესიული ადამიანების. ახალგაზრდაც და მოხუციც თავს დაცულად იგრძნობდა (ეს. 11:6—9; 35:5—10; 51:3). ესაიამ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ მთელი დედამიწა, და არა მხოლოდ ისრაელი, „იეჰოვას ცოდნით [აივსებოდა], როგორც ზღვაა წყლით სავსე“. ყურადღება მიაქციეთ, ესაიამ კიდევ ერთხელ იწინასწარმეტყველა, რომ სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელებს არც ცხოველები შეუქმნიდნენ საფრთხეს და არც ადამიანები. ედემის ბაღივით კარგად მორწყული მიწა მათ უხვ ნაყოფს მისცემდა (დაბ. 2:10—14; იერ. 31:12). მხოლოდ იმ დროს შესრულდებოდა ეს წინასწარმეტყველება? არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ გადასახლებიდან დაბრუნებულები სასწაულებრივად განიკურნენ. მაგალითად, არც ბრმებს დაბრუნებიათ მხედველობა და არც ყრუებს სმენა. ამგვარად, ღმერთმა იმაზე მიანიშნა, რომ ადამიანები პირდაპირი გაგებით მომავალში განიკურნებოდნენ. w18.12 5 ¶11, 12
კვირა, 14 ივნისი
დაამოწმეს ჭეშმარიტებაზე, . . რომელშიც დადიხარ (3 იოან. 3).
ჭეშმარიტებაში სიარული მუდმივი პროცესია და გვსურს, რომ მთელი მარადიულობა ამ გზაზე დავრჩეთ. რა განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ ვიაროთ ჭეშმარიტებით? განაგრძეთ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების შესწავლა და მასზე ფიქრი. ჭეშმარიტების საყიდლად საჭიროა რეგულარულად გამოვყოთ დრო, რომ ღვთის სიტყვით ვიკვებოთ. ეს გაგვიღრმავებს მადლიერებას ჭეშმარიტების მიმართ და განგვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, რომ არასდროს გავყიდოთ ის. იგავების 23:23 მოგვიწოდებს, რომ ჭეშმარიტების გარდა, ვიყიდოთ „სიბრძნე, დარიგება და გაგების უნარი“. მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ არის. ჭეშმარიტებამ ჩვენს ცხოვრებაზე უნდა მოახდინოს გავლენა. გაგების უნარი გვეხმარება, ახლად მიღებული ინფორმაცია დავუკავშიროთ იმას, რაც უკვე ვიცით. სიბრძნე გვეხმარება, ნასწავლის თანახმად ვიმოქმედოთ. დროდადრო ჭეშმარიტება გვარიგებს და გვანახვებს, რაში გვჭირდება გამოსწორება. მოდი ნურასდროს წავუყრუებთ ასეთ ხელმძღვანელობას, რადგან, როგორც იგავების 8:10-დან ვიგებთ, დარიგება ვერცხლზე გაცილებით ძვირფასია. w18.11 9 ¶3; 11 ¶13, 14
ორშაბათი, 15 ივნისი
იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას (იგავ. 23:23).
რა გაგაჩნიათ ყველაზე ძვირფასი? გაცვლიდით მას ნაკლებად ღირებულ რამეზე? იეჰოვას მსახურებისთვის ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივია, რადგან ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი იეჰოვასთან ურთიერთობაა და არაფერზე გავცვლით მას. გარდა ამისა, ჩვენთვის ფასეულია ბიბლიური ჭეშმარიტება, რომლის მეშვეობითაც ჩვენს ზეციერ მამას ვუახლოვდებით (კოლ. 1:9, 10). უბრალოდ დაფიქრდით იმ ყველაფერზე, რასაც დიდებული მოძღვარი თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის. ის გვიმჟღავნებს თავის მიმზიდველ თვისებებსა და სახელს, რომელიც დიდ მნიშვნელობას ატარებს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთმა სიყვარულით გაიღო ჩვენ გამოსასყიდად თავისი ძის, იესოს სიცოცხლე. იეჰოვას წყალობით ვიცით, რომ არსებობს მესიანური სამეფო და დედამიწაზე სამოთხეში ცხოვრების იმედი. ის გვასწავლის, როგორ ვიცხოვროთ. ჩვენ ვაფასებთ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვიცით ჭეშმარიტება, რადგან ეს გვაახლოებს შემოქმედთან და ჩვენს ცხოვრებას აზრს სძენს. w18.11 3 ¶1, 2
სამშაბათი, 16 ივნისი
ნუ მოატყუებთ ერთმანეთს (კოლ. 3:9).
თვალთმაქცი ადამიანები ვერაფერს დაუმალავენ იეჰოვას, რომლის წინაშეც „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა“ (ებრ. 4:13). მაგალითად ანანიამ და საფირამ მოციქულების შეცდომაში შეყვანა განიზრახეს. მათ გაყიდეს თავიანთი ქონების ნაწილი, მაგრამ აღებული თანხა სრულად არ მიიტანეს მოციქულებთან. ანანიას და საფირას სურდათ, კრების წევრებზე შთაბეჭდილება მოეხდინათ და თავი იმაზე გულუხვებად წარმოეჩინათ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ. იეჰოვამ კარგად იცოდა, რომ ისინი იტყუებოდნენ და შესაბამისადაც დასაჯა (საქ. 5:1—10). რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას ტყუილის მიმართ? სატანისა და ყველა მოუნანიებელი და ავისმზრახველი მატყუარას ხვედრი „ცეცხლისა და გოგირდის ტბაშია“ (გამოცხ. 20:10; 21:8; ფსალმ. 5:6). იეჰოვა „ადამიანი არ არის, რომ ტყუილი თქვას“, პირიქით „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (რიცხ. 23:19; ებრ. 6:18). ბიბლიაში ნათქვამია, რომ იეჰოვას „სძულს . . . მატყუარა ენა“ (იგავ. 6:16, 17). ღვთის მოწონების მისაღებად ყოველთვის სიმართლე უნდა ვილაპარაკოთ. w18.10 8 ¶10—13
ოთხშაბათი, 17 ივნისი
ამაზე იფიქრე (1 ტიმ. 4:15).
დავუშვათ, დამსაქმებელი გთხოვთ, რომ ფინანსურად დაუჭიროთ მხარი ცრუ რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნას. როგორ მოიქცევით? ნაცვლად იმისა, რომ ასეთ სიტუაციებს დაელოდოთ, უმჯობესი იქნება, თუ ახლავე დაფიქრდებით, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას ამ საკითხზე. ეს დაგეხმარებათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, როცა ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით. წინასწარ უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევინარჩუნებთ იეჰოვასადმი ერთგულებას, თუ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება. მართალია, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არ გადავისხათ არც მთლიანი სისხლი და არც მისი ოთხი ძირითადი კომპონენტი, მაგრამ არის სისხლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები, რომელთა შესახებაც ქრისტიანმა ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებით თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება (საქ. 15:28, 29). ცხადია, საავადმყოფო არ არის საუკეთესო ადგილი ასეთ საკითხებზე ფიქრისთვის, რადგან ამ დროს შეიძლება ძლიერ ტკივილს განვიცდიდეთ ან გვაიძულებდნენ, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ გამოვიკვლიოთ ეს საკითხი, შევავსოთ ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა სამედიცინო მინდობილობა, და დაველაპარაკოთ ჩვენს ექიმს. w18.11 24 ¶5; 26 ¶15, 16
ხუთშაბათი, 18 ივნისი
ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს (იგავ. 1:33).
იეჰოვა მოსიყვარულე მწყემსია. ის სათუთად გვიკრავს გულში და გვიცავს მტრებისგან. რაოდენ გამამხნევებელია ამის ცოდნა ჩვენთვის, რადგან სადაცაა ამ ქვეყნიერების აღსასრული დადგება. იეჰოვა კვლავაც იზრუნებს თავის ხალხზე დიდ გასაჭირში, რომელიც სწრაფად გვიახლოვდება (გამოცხ. 7:9, 10). არა აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდები ვართ თუ ხანდაზმულები, ჯანმრთელები თუ დაუძლურებულები, დიდი გასაჭირის დროს ღვთის ხალხს არც პანიკა მოიცავს და არც შიში. პირიქით, ისინი ისე მოიქცევიან, როგორც იესომ თქვა: „გაიმართეთ და თავები ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა“ (ლუკ. 21:28). იეჰოვას მსახურებს მაშინაც არ შეეპარებათ ეჭვი ღვთის მხარდაჭერაში, როცა მათზე იერიშს მიიტანს გოგი — ძლევამოსილი ერთა კოალიცია (ეზეკ. 38:2, 14—16). რატომ იქნება ღვთის ხალხი გულდაჯერებული? იმიტომ რომ იეჰოვა არ იცვლება. ის კვლავაც დაამტკიცებს, რომ გულისხმიერი და მზრუნველი მხსნელია (ეს. 26:20). w18.09 26 ¶15, 16
პარასკევი, 19 ივნისი
ძვირფასი ხარ ჩემს თვალში . . . და მეც შეგიყვარე (ეს. 43:4).
როგორი გამამხნევებელი იქნებოდა ერთგული ისრაელებისთვის დღევანდელ მუხლში ჩაწერილი იეჰოვას სიტყვების მოსმენა. როგორც იეჰოვას მსახურს, გჯეროდეთ, რომ მას უყვარხართ და სათუთი გრძნობები აქვს თქვენ მიმართ. მათ, ვინც ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს, ღვთის სიტყვა ჰპირდება: „ძლიერია ის და გიხსნის. სიხარულით გაიხარებს შენით“ (სოფ. 3:16, 17). როგორი განსაცდელების წინაშეც არ უნდა აღმოჩნდნენ, იეჰოვა ჰპირდება თავის მსახურებს, რომ გააძლიერებს და ანუგეშებს. ბიბლიაში ნათქვამია: „ფერდზე შესმულს გატარებენ, მუხლებზე დაგისვამენ და მოგეფერებიან. როგორც კაცს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ“ (ეს. 66:12, 13). რა თბილი სიტყვებია: მოსიყვარულე დედას თავისი პატარა ხელში ჰყავს აყვანილი ან კალთაში უზის. ამ გულში ჩამწვდომი მაგალითით იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებს არწმუნებს, რომ მათდამი ძლიერი სიყვარული და სათუთი გრძნობები ამოძრავებს. ნურასდროს შეგეპარებათ ეჭვი, რომ იეჰოვას ძალიან უყვარხართ და მისთვის ძვირფასნი ხართ (იერ. 31:3). w18.09 13 ¶6, 7
შაბათი, 20 ივნისი
ვის სურს დღეს იეჰოვასთვის ნებაყოფლობით აივსოს ხელი ძღვნით? (1 მატ. 29:5)
ისრაელების ისტორიის მანძილზე არაერთხელ შეიქმნა მოხალისეების საჭიროება (გამ. 36:2; ნეემ. 11:2). დღესაც არაერთი საშუალება გვეძლევა, რომ ნებაყოფლობით გავიღოთ და-ძმების დასახმარებლად საკუთარი დრო, ენერგია და შესაძლებლობები. ასე მოქმედებას უდიდესი სიხარული და აურაცხელი კურთხევები მოჰყვება. თეოკრატიულ პროექტებში მონაწილეობა ახალი მეგობრების შეძენის შესაძლებლობას გვაძლევს. დავფიქრდეთ მარჯის შემთხვევაზე, რომელიც 18 წელი მსახურობს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე. ამ წლების მანძილზე მან არაერთ ახალგაზრდა დას შეასწავლა თავისი საქმე. მისი აზრით, ასეთი პროექტები ერთმანეთის გამხნევების შესანიშნავი საშუალებაა (რომ. 1:12). სამშენებლო პროექტებზე შეძენილი მეგობრები მას მძიმე პერიოდში გვერდში ედგნენ და ამხნევებდნენ. მიგიღიათ მონაწილეობა სამშენებლო პროექტებში? w18.08 25 ¶9, 11
კვირა, 21 ივნისი
არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. პირიქით, ერთგულთათვის მაგალითი იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში (1 ტიმ. 4:12).
როცა პავლემ ეს სიტყვები მისწერა, ტიმოთე 30 წელზე მეტის იქნებოდა. თუმცა პავლემ მას საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმეები მიანდო. რაც არ უნდა ყოფილიყო ამ რჩევის მიზეზი, აზრი ნათელია: ახალგაზრდა ძმები მხოლოდ მათი ასაკით არ უნდა შევაფასოთ. კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება, რომ ჩვენმა უფალმა იესომ დედამიწაზე მსახურება 33 წლის ასაკში დაასრულა. შეიძლება ჩვენს კულტურაში ახალგაზრდებს სერიოზულად არ აღიქვამენ. ამიტომ კრების უხუცესებმა შეიძლება რეკომენდაცია არ გაუწიონ ახალგაზრდა ძმებს, რომლებიც მომსახურედ ან უხუცესად მსახურების მოთხოვნებს შეესაბამებიან. უხუცესებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბიბლია მომსახურედ ან უხუცესად დანიშვნისთვის არ ადგენს მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9). w18.08 11, 12 ¶15, 16
ორშაბათი, 22 ივნისი
ზურგი შეაქციე . . . ეგრეთ წოდებულ ცოდნას (1 ტიმ. 6:20).
სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად უტყუარი ფაქტები გვჭირდება. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და საგულდაგულოდ შევარჩიოთ ინფორმაცია, რომლის წაკითხვასაც ვაპირებთ (ფილ. 4:8, 9). დრო არ უნდა დავკარგოთ საეჭვო ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაციისა თუ იმეილით გავრცელებული გადაუმოწმებელი ამბების კითხვაში. განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ისეთ ვებგვერდებს, სადაც განდგომილები თავიანთ მოსაზრებებს აქვეყნებენ. მათი მთავარი მიზანია, რწმენა დაუნგრიონ ღვთის ხალხს და დაამახინჯონ ჭეშმარიტება. არასაიმედო ინფორმაცია არასწორ დასკვნებამდე მიგვიყვანს. ნურასდროს იფიქრებთ, რომ მცდარი ინფორმაცია თქვენს გულსა და გონებაზე გავლენას ვერ მოახდენს. გავიხსენოთ რა მოხდა, როცა მოსემ აღთქმული მიწის დასაზვერად 12 მზვერავი გაგზავნა. ათმა მათგანმა ცუდი ამბავი მიუტანა კრებულს (რიცხ. 13:25—33). ამ აღმაშფოთებელმა და გაზვიადებულმა ამბავმა შეაშინა ღვთის ხალხი და გული გაუტეხა (რიცხ. 14:1—4, 6—10). ნაცვლად იმისა, რომ ფაქტები მოეპოვებინათ და იეჰოვას მინდობოდნენ, მათ ცუდი ამბის დაჯერება არჩიეს. w18.08 4 ¶4, 5
სამშაბათი, 23 ივნისი
ნუ შეცდებით. ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს (1 კორ. 15:33).
ადამიანთა უმეტესობას კარგი თვისებებიც აქვს და ისინიც კი, ვინც იეჰოვას არ ემსახურებიან, ყოველთვის არ სჩადიან ცუდ საქმეებს. თუ თქვენს გარემოცვაშიც არიან ასეთი ადამიანები, შეიძლება, რომ ისინი კარგ საზოგადოებად მიიჩნიოთ? დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენენ ისინი იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობაზე? დაგეხმარებიან, რომ უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს? რა აქვთ მათ გულში? მაგალითად, ხომ არ შემოიფარგლებიან ისინი მხოლოდ მოდაზე, ფულზე, უახლეს მოწყობილობებზე, გართობაზე ან მატერიალურ მისწრაფებებზე საუბრით? ხშირად ხომ არ ამცირებენ სხვებს ან უხამსად ხომ არ ხუმრობენ? იესომ გაგვაფრთხილა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). თუ ატყობთ, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა საფრთხეს უქმნის იეჰოვასთან თქვენს მეგობრობას, მინიმუმამდე დაიყვანეთ მათთან ურთიერთობა და თუ საჭიროა, საერთოდ ჩამოშორდით მათ (იგავ. 13:20). w18.07 19 ¶11
ოთხშაბათი, 24 ივნისი
მოსე უთვინიერესი კაცი იყო მთელი დედამიწის ზურგზე (რიცხ. 12:3).
მოსე 80 წლისა იყო, როცა ღმერთმა ისრაელი ერის ეგვიპტის მონობიდან გამოყვანა დაავალა (გამ. 3:10). მოსემ შვიდჯერ სცადა, რომ უარი ეთქვა ამ დავალების შესრულებაზე, მაგრამ იეჰოვას მოთმინება არ დაუკარგავს და მას სასწაულების მოხდენის ძალაც კი მისცა (გამ. 4:2—9, 21). იეჰოვას შეეძლო აეძულებინა მოსე და ისიც უსიტყვოდ დაემორჩილებოდა. თუმცა იეჰოვამ მოთმინება და სიკეთე გამოავლინა და შეეცადა, გაემხნევებინა თავისი თავმდაბალი და მოკრძალებული მსახური. გაჭრა ასეთმა მიდგომამ? რა თქმა უნდა! მოსე კარგი წინამძღოლი გახდა, რომელიც ცდილობდა, ისევე რბილად და გულისხმიერად მოპყრობოდა სხვებს, როგორც ერთ დროს მას მოექცა იეჰოვა. თუ გარკვეული ძალაუფლება გაქვთ, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მიჰბაძოთ იეჰოვას და მასავით გულისხმიერი, კეთილი და მომთმენი იყოთ მათ მიმართ, ვისზე ზრუნვის პასუხისმგებლობაც გაკისრიათ (კოლ. 3:19—21; 1 პეტ. 5:1—3). თუ მიჰბაძავთ იეჰოვას და იესო ქრისტეს, შეძლებთ, რომ უშუალოები და გამომაცოცხლებლები იყოთ სხვებისთვის (მათ. 11:28, 29). w18.09 24, 25 ¶7—10
ხუთშაბათი, 25 ივნისი
რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში! (ფსალმ. 133:1)
კარგი იქნება, თუ დადებით გავლენას მოახდენთ სხვებზე და ასეთი სახით ხელს შეუწყობთ და-ძმების ერთობას. თუ ასე იქცევით, ნამდვილად იმსახურებთ შექებას. მაგრამ დაფიქრდით, შეგიძლიათ გაფართოვდეთ, ანუ ჩვევად გაიხადოთ, რომ უფრო მეტი და-ძმა გაიცნოთ ახლოს? (2 კორ. 6:11—13). დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ იმისთვის, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების სინათლემ თქვენს სამეზობლოში უფრო მეტად ანათოს? თქვენმა სასიამოვნო საუბარმა და კარგმა საქციელმა შეიძლება თქვენი მეზობელი ჭეშმარიტებისკენ მიიზიდოს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რას ფიქრობენ მეზობლები ჩემზე? სუფთა და მოწესრიგებული მაქვს სახლი თუ ეზო, რითაც კარგ შთაბეჭდილებას ვუქმნი მეზობლებს? მზად ვარ, დახმარების ხელი გავუწოდო მათ?“. ჰკითხეთ ჩვენს და-ძმებს, როგორ იმოქმედა მათ მიერ გამოვლენილმა სიკეთემ თუ კარგმა საქციელმა მათ ნათესავებზე, მეზობლებზე, თანამშრომლებსა თუ კლასელებზე. ალბათ, ამ და-ძმებისგან ბევრ კარგ შემთხვევას მოისმენთ (ეფეს. 5:9). w18.06 24 ¶13, 14
პარასკევი, 26 ივნისი
მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს (იოან. 16:2).
ეს გაფრთხილება გამართლდა სტეფანეს მკვლელებზე და დღემდე მართლდება ღვთის მსახურთა მტრებზე (საქ. 6:8, 12; 7:54—60). პარადოქსია, მაგრამ რელიგიური ფანატიკოსები, რომლებიც ისეთ საშინელ დანაშაულს სჩადიან, როგორიც მკვლელობაა, არღვევენ იმ ღმერთის კანონს, რომლის თაყვანისმცემლებადაც თავს მიიჩნევენ! (გამ. 20:13). აშკარაა, მათი სინდისი მუხთალი მეგზურია მათთვის! რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი სინდისი ყოველთვის სათანადოდ რეაგირებდეს? ღვთის სიტყვაში ჩაწერილი კანონები და პრინციპები „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). ამიტომ ბიბლიის გულმოდგინე შესწავლა, მასზე ფიქრი და ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება დაგვეხმარება, რომ ჩვენი სინდისი უფრო მეტად შევუსაბამოთ ღვთის აზროვნებას და ის სანდო მეგზურად ვაქციოთ. w18.06 16, 17 ¶3, 4
შაბათი, 27 ივნისი
აიღეთ . . . სულის მახვილი, ანუ ღვთის სიტყვა (ეფეს. 6:17).
იმ პერიოდში, როცა პავლე მოციქული თავის წერილს წერდა, რომაელი ჯარისკაცები დაახლოებით 50-სანტიმეტრიან მახვილს ატარებდნენ, რომელსაც ხელჩართული ბრძოლის დროს იყენებდნენ. რომაელი მეომრები ყოველდღე ვარჯიშობდნენ მახვილით ბრძოლაში, ამიტომ ისინი კარგად ფლობდნენ ამ იარაღს. პავლე ღვთის სიტყვას ადარებს მახვილს, რომელიც იეჰოვამ მოგვცა. მაგრამ ჩვენ დახელოვნებულად უნდა გამოვიყენოთ ის, როცა ჩვენს რწმენას ვიცავთ ან ჩვენს აზროვნებაში ცვლილებების მოხდენას ვცდილობთ (2 კორ. 10:4, 5; 2 ტიმ. 2:15). ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს სატანისა და დემონების. მართალია, ისინი ძლიერები არიან, მაგრამ არა დაუმარცხებლები. დადგება დრო, როცა ისინი აღარ იარსებებენ. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ეს ბოროტი ქმნილებები შებოჭილები იქნებიან, რის შემდეგაც განადგურდებიან (გამოცხ. 20:1—3, 7—10). ჩვენ ვიცნობთ ჩვენს მტერს, ვიცით მისი განზრახვები და ბრძოლის ტაქტიკა. ასე რომ, იეჰოვას დახმარებით შეგვიძლია მტკიცედ დავუდგეთ მას! w18.05 30 ¶15; 31 ¶19—21
კვირა, 28 ივნისი
გველმა უთხრა ქალს: „არა, არ მოკვდებით.“ (დაბ. 3:4).
ადამმა, უეჭველია, იცოდა, რომ გველს ლაპარაკი არ შეეძლო. როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ ევას გველის მეშვეობით სულიერი ქმნილება ელაპარაკა (დაბ. 3:1—6). პირველმა წყვილმა თითქმის არაფერი იცოდა ამ სულიერი ქმნილების შესახებ. მიუხედავად ამისა, ადამმა შეგნებულად აქცია ზურგი მოსიყვარულე ზეციერ მამას და ამ უცნობ ქმნილებას იეჰოვას ნების წინააღმდეგ მოქმედებაში შეუერთდა (1 ტიმ. 2:14). იეჰოვამ მაშინვე გაამჟღავნა გარკვეული ინფორმაცია ამ მტრის შესახებ და იწინასწარმეტყველა, რომ მას საბოლოოდ გაანადგურებდა. თუმცა მან ისიც თქვა, რომ ამ დროის დადგომამდე ეს ბოროტი სულიერი ქმნილება, რომელმაც ევასთან სასაუბროდ გველი გამოიყენა, ღვთის მოყვარულებსაც დაუპირისპირდებოდა (დაბ. 3:15). იეჰოვა ბრძნულად მოიქცა. მას არასდროს გაუმხელია ამ ურჩი სულიერი ქმნილების სახელი. უფრო მეტიც, ღმერთი 2 500 წლის განმავლობაში იმ სახელსაც კი არ ამჟღავნებდა, რომელიც ამ მოწინააღმდეგე ანგელოზის ბუნებას აღწერს (იობ. 1:6). w18.05 22 ¶1, 2
ორშაბათი, 29 ივნისი
[მათ] მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი (ლუკ. 8:15).
თუ ხალხის გულგრილობამ თქვენც გაგიცრუათ იმედი, ალბათ, კარგად გესმით პავლე მოციქულის გრძნობები. დაახლოებით 30-წლიანი მსახურების განმავლობაში მან ბევრი აქცია ქრისტეს მოწაფედ (საქ. 14:21; 2 კორ. 3:2, 3). თუმცა ბევრ იუდეველთან ის ვერაფერს გახდა. უმეტესობა არ უსმენდა და ზოგი დევნიდა კიდეც მას (საქ. 14:19; 17:1, 4, 5, 13). როგორ იმოქმედა იუდეველების უარყოფითმა დამოკიდებულებამ პავლეზე? მოციქული გულახდილად ამბობს: „ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, . . დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში“ (რომ. 9:1—3). პავლეს ასეთი გრძნობები იმიტომ დაეუფლა, რომ უყვარდა ადამიანები და სიამოვნებას ანიჭებდა ქადაგება. პავლესთვის სულერთი არ იყვნენ იუდეველები, ამიტომ გული სტკიოდა, როცა ხედავდა, რომ ისინი არაფრად აგდებდნენ ღვთის წყალობას. პავლეს მსგავსად ქადაგებისკენ ჩვენც სხვების დახმარების სურვილი აღგვძრავს (მათ. 22:39; 1 კორ. 11:1). w18.05 13 ¶4, 5
სამშაბათი, 30 ივნისი
წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს, კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს (იგავ. 12:25).
პავლემ ნათლად დაგვანახვა, რომ გამხნევება მათაც სჭირდებათ, ვისაც სხვების გამხნევების პასუხისმგებლობა აკისრიათ. რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მან მისწერა: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენს განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომ. 1:11, 12). მიუხედავად იმისა, რომ სხვების გამხნევების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, დროდადრო გამხნევება პავლესაც სჭირდებოდა (რომ. 15:30—32). შექებას იმსახურებენ ის და-ძმები, რომლებიც თავგანწირვის სულს ავლენენ. შექების ღირსნი არიან ის დაუქორწინებელი და-ძმებიც, რომლებიც ცდილობენ, დაემორჩილონ ბიბლიურ მოწოდებას და დაქორწინდნენ უფალში (1 კორ. 7:39). გამხნევებას იმსახურებენ ის ქრისტიანებიც, რომლებიც დევნებისა თუ გაუარესებული ჯანმრთელობის მიუხედავად ერთგულებას ინარჩუნებენ (2 თეს. 1:3—5). w18.04 21 ¶3—5