ივლისი
ოთხშაბათი, 1 ივლისი
ჩასწვდით, რა არის იეჰოვას ნება (ეფეს. 5:17).
ჩვენ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ. დროის სვლასთან ერთად მდგომარეობა უფრო გაუარესდება, ვიდრე ახალი ქვეყნიერება არ დადგება და დედამიწაზე ნამდვილი მშვიდობა არ დაისადგურებს (2 ტიმ. 3:1). ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „ვის შევყურებ დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის?“. საუკუნეების წინ ფსალმუნმომღერალმა დაგვანახვა იმის აუცილებლობა, რომ გასაჭირის დროს იეჰოვას შევყურებდეთ (ფსალმ. 123:1—4). მან შეგვადარა მსახურს, რომელიც თავის ბატონს შეჰყურებს. რას გულისხმობდა ფსალმუნმომღერალი? მსახურს ბატონისგან მხოლოდ საკვები და დაცვა კი არ უნდა აინტერესებდეს, არამედ გამუდმებით უნდა შეჰყურებდეს იმის გასაგებად, რა სურს ბატონს და შემდეგ მის ნება-სურვილს ასრულებდეს. მსგავსად, ჩვენც ყოველდღე უნდა ვიკვლევდეთ ღვთის სიტყვას, რათა გავიგოთ, რას მოელის იეჰოვა პირადად ჩვენგან, და შესაბამისად მოვიქცეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა გასაჭირში წყალობას გამოავლენს ჩვენ მიმართ. w18.07 12 ¶1, 2
ხუთშაბათი, 2 ივლისი
თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით (იოან. 8:36).
იესო გულისხმობდა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი მონობისა და ჩაგვრისგან, ანუ ცოდვისგან გათავისუფლებას (იოან. 8:34). ცოდვა არა მხოლოდ ცუდისკენ გვიბიძგებს, არამედ ხელს გვიშლის ვაკეთოთ ის, რაც ზუსტად ვიცით, რომ კარგია, და ჩვენი შესაძლებლობები სწორი მიმართულებით გამოვიყენოთ. სწორედ ამ გაგებით ვართ ცოდვას დამონებულები, რომელსაც ჩვენთვის იმედგაცრუება, ტკივილი, ტანჯვა და სიკვდილი მოაქვს (რომ. 6:23). ნამდვილ თავისუფლებას, რომლითაც პირველი წყვილი ტკბებოდა, მხოლოდ მაშინ შევიგრძნობთ, როცა ცოდვის ტყვეობიდან გავთავისუფლდებით. სიტყვები „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით“, იმაზე მიუთითებს, რომ იესო იმ შემთხვევაში გაგვათავისუფლებს, თუ გარკვეულ მოთხოვნებსა და შეზღუდვებს დავემორჩილებით (იოან. 8:31). როგორც მიძღვნილმა ქრისტიანებმა, ჩვენ უარვყავით საკუთარი თავი და იესოს სწავლებების თანახმად ცხოვრება ვარჩიეთ (მათ. 16:24). იესოს დაპირებისამებრ ნამდვილ თავისუფლებას მაშინ მოვიპოვებთ, როცა ყველა იმ კურთხევას მივიღებთ, რომლებიც გამოსასყიდის მეშვეობით არის შესაძლებელი. w18.04 7 ¶14—16
პარასკევი, 3 ივლისი
მხოლოდ შენ იცი კარგად ადამიანის ძეების გული (2 მატ. 6:30).
იეჰოვა მაშინაც ზრუნავს თავის ხალხზე, როცა ისინი დროდადრო არასწორ აზროვნებას ავლენენ. დავფიქრდეთ იონას შემთხვევაზე. ღმერთმა ეს წინასწარმეტყველი ნინევეში განაჩენის გასაცხადებლად გაგზავნა. მას შემდეგ, რაც ნინეველებმა მოინანიეს, ღმერთმა გადაიფიქრა მათი განადგურება. თუმცა იონას არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება. ის „რისხვით აენთო“, რადგან არ შესრულდა მის მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველება. იეჰოვამ დიდსულოვნება გამოავლინა იონას მიმართ და თვალსაზრისის შეცვლაში დაეხმარა (იონ. 3:10—4:11). დროთა განმავლობაში წინასწარმეტყველი მიხვდა, რის სწავლება სურდა მისთვის იეჰოვას. ამ ისტორიიდან, რომელიც ღმერთმა თავად იონას დააწერინა, ჩვენც ბევრ რამეს ვსწავლობთ (რომ. 15:4). თავისი ხალხისადმი იეჰოვას დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ ის თანამგრძნობი ღმერთია. მან კარგად იცის ჩვენი გასაჭირი და ტკივილი. მან კარგად უწყის, რას ვფიქრობთ და რას ვგრძნობთ გულის სიღრმეში და სად არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი. ის „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც . . . [ჩვენს] შესაძლებლობას აღემატება“ (1 კორ. 10:13). ეს სიტყვები დიდად გვანუგეშებს! w19.03 16 ¶6, 7
შაბათი, 4 ივლისი
ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ (ებრ. 4:13).
მოსეს კანონი უხუცესებს ავალებდა არა მხოლოდ სულიერი საკითხები მოეგვარებინათ, არამედ კონფლიქტები და სხვა დანაშაულებრივი საქმეებიც. განვიხილოთ ამის მაგალითები. თუ ისრაელი ვინმეს მოკლავდა, მას ავტომატურად არ სჯიდნენ სიკვდილით. ვიდრე გადაწყვეტდნენ, იმსახურებდა თუ არა სიკვდილით დასჯას, მისი ქალაქის უხუცესები იძიებდნენ, რა ვითარებაში მოხდა დანაშაული (კან. 19:2—7, 11—13). უხუცესები აგვარებდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში წამოჭრილ უამრავ პრობლემას — საკუთრების შესახებ დავით დაწყებული ოჯახური კონფლიქტებით დამთავრებული (გამ. 21:35; კან. 22:13—19). როცა უხუცესები სამართლიანად განსჯიდნენ, ისრაელები კი ემორჩილებოდნენ კანონს, ყველა კმაყოფილი იყო და ერი პატივს მიაგებდა იეჰოვას (ლევ. 20:7, 8; ეს. 48:17, 18). აქედან ვხედავთ, რომ იეჰოვას ჩვენი ცხოვრების ყველა მხარე აინტერესებს. მას სურს, რომ სხვებს სამართლიანად და სიყვარულით მოვექცეთ. ის ხედავს, რას ვაკეთებთ და რას ვამბობთ, მაშინაც კი, როცა მარტონი ვართ. w19.02 23 ¶16—18
კვირა, 5 ივლისი
თავი დააჩაგვრინა და ხმა არ დაუძრავს (ეს. 53:7).
რთულია სტრესის დროს თვინიერების შენარჩუნება. შეიძლება ამ დროს სხვებს უხეშად და ცივად ველაპარაკოთ. თუ ოდესმე სტრესი გქონიათ, დაფიქრდით იესოს მაგალითზე. დედამიწაზე ყოფნის ბოლო თვეებში იესოს ძლიერი სტრესი ჰქონდა. მან იცოდა, რომ სასტიკად აწამებდნენ და სიკვდილით დასჯიდნენ (იოან. 3:14, 15; გალ. 3:13). სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე მან აღნიშნა, რომ დამწუხრებული იყო (ლუკ. 12:50). რამდენიმე დღით ადრე კი თქვა: „ჩემი სული აფორიაქებულია“. მისი თავმდაბლობა და ღვთისადმი მორჩილება ჩანს მის მხურვალე ლოცვაში (იოან. 12:27, 28). როცა დრო დადგა, იესომ გაბედულად გადასცა საკუთარი თავი ღვთის მტრებს, რომლებმაც დაამცირეს და სასტიკი წამებით მოკლეს. ძლიერი სტრესისა და ტანჯვის მიუხედავად, იესო თვინიერად დაჰყვა მამის ნებას. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესომ სტრესის დროს თვინიერების გამოვლენის საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (ეს. 53:10). w19.02 11 ¶14, 15
ორშაბათი, 6 ივლისი
ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის (ებრ. 10:24).
გაბედულება გვჭირდება, რომ რთული მდგომარეობის დროსაც კი არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები. ზოგი ჩვენი თანამორწმუნე დიდი მწუხარების, იმედგაცრუებისა და ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად, ერთგულად ესწრება კრების შეხვედრებს. სხვები გაბედულებას ავლენენ და ოჯახისა თუ ხელისუფლების ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად ესწრებიან შეხვედრებს. ერთი წამით დაფიქრდით, რამდენად ამხნევებს ჩვენი მაგალითი იმ და-ძმებს, რომლებიც რწმენის გამო არიან დაპატიმრებულები (ებრ. 13:3). იმის გაგება, რომ განსაცდელების მიუხედავად არ ვწყვეტთ იეჰოვასადმი მსახურებას, მათ ძალას მატებს, რომ რწმენა, გაბედულება და ერთგულება შეინარჩუნონ. რომში შინაპატიმრობის დროს პავლეს ყოველთვის დიდად ახარებდა იმის მოსმენა, რომ და-ძმები ერთგულად ემსახურებოდნენ ღმერთს (ფილ. 1:3—5, 12—14). გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე ან გათავისუფლებიდან ძალიან მალე პავლემ ებრაელ ქრისტიანებს წერილი მისწერა. ამ წერილში ის მოუწოდებდა მათ, რომ არ შეეწყვიტათ ერთად შეკრება (ებრ. 10:25). w19.01 28 ¶9
სამშაბათი, 7 ივლისი
მთელი ქვეყნიერება . . . ბოროტის ხელშია (1 იოან. 5:19).
სატანას სურს, რომ დაგვიმსგავსოს, ანუ მეამბოხეებად და ეგოისტებად გვაქციოს, რომლებიც იეჰოვას ნორმებს არაფრად აგდებენ. ის ისეთი ხალხის გარემოცვაში გვამყოფებს, რომელთა აზროვნებაც უკვე გარყვნა და იმედოვნებს, რომ ისინი გამხრწნელად იმოქმედებენ ჩვენს ფიქრებსა და საქციელზე (1 კორ. 15:33). სატანა ჩვენი გულის დაავადებას იმითაც ცდილობს, რომ უნდა, იეჰოვას აზროვნების ნაცვლად ადამიანურ სიბრძნეს მივენდოთ (კოლ. 2:8). მაგალითად, სატანა ცდილობს, რომ სიმდიდრის დაგროვება ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი გახდეს. მნიშვნელობა არა აქვს, მართლა გამდიდრდებიან თუ არა ასეთი აზროვნების მქონე ადამიანები, ფაქტია, ისინი საფრთხეში იგდებენ თავს, რადგან ფულის შოვნაზე არიან გადაგებულები. ამას შეიძლება მათი ჯანმრთელობა, ოჯახური ურთიერთობები და ღმერთთან მეგობრობაც კი შეეწიროს (1 ტიმ. 6:10). რაოდენ მადლიერები ვართ, რომ ჩვენი ზეციერი მამის წყალობით ფულთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი გვაქვს! (ეკლ. 7:12; ლუკ. 12:15). w19.01 15 ¶6; 17 ¶9
ოთხშაბათი, 8 ივლისი
ყოჩაღ, კარგი და ერთგული მონა ხარ! მცირეზე ერთგული იყავი და ბევრზე დაგაყენებ. მოდი, გაიზიარე შენი ბატონის სიხარული (მათ. 25:21).
იეჰოვას ერთგული მსახურები მანამდეც გრძნობდნენ სხვების გამხნევების აუცილებლობას, ვიდრე ღვთის ძე დედამიწაზე მოვიდოდა და ამის სრულყოფილ მაგალითს დაგვიტოვებდა. მაგალითად, როცა იერუსალიმის მკვიდრნი ასურელების მუქარამ შეაშინა, მეფე ხიზკიამ შეკრიბა ჯარის მეთაურები და ხალხი და გაამხნევა ისინი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „გაამხნევა ხალხი . . . ხიზკიას სიტყვებმა“ (2 მატ. 32:6—8). მიუხედავად იმისა, რომ თავად საჭიროებდა გამხნევებას, იობმა „ვაი-ნუგეშისმცემლებს“ სხვისი გამხნევების მაგალითი მისცა. მან თქვა, რომ მათ ადგილზე თავისი სიტყვებით განამტკიცებდა და თავისი ბაგეებით ანუგეშებდა მათ (იობ. 16:1—5). საბოლოოდ, იობმა ელიჰუსგან და თავად იეჰოვასგან მიიღო ნუგეში (იობ. 33:24, 25; 36:1, 11; 42:7, 10). w18.04 16 ¶6; 17 ¶8, 9
ხუთშაბათი, 9 ივლისი
მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები (ეს. 41:10).
ესაიას უკვე აღწერილი ჰქონდა, როგორ გაამაგრებდა ანუ გააძლიერებდა იეჰოვა თავის ხალხს. წინასწარმეტყველმა თქვა: „უზენაესი უფალი იეჰოვა ძლიერებით მოვა და მისი მკლავი იმმართველებს“ (ეს. 40:10). ბიბლიაში სიტყვა „მკლავი“ ხშირად ძალაუფლების სიმბოლოდ არის გამოყენებული. ასე რომ, სიტყვები — იეჰოვას „მკლავი იმმართველებს“, შეგვახსენებს, რომ ის ძლევამოსილი მეფეა, რომელიც აღმატებულ ძალას თავისი მსახურების მხარდასაჭერად და დასაცავად იყენებდა. იეჰოვა დღესაც აძლიერებს და იცავს მათ, ვინც მასზე ამყარებს იმედს (კან. 1:30, 31; ეს. 43:10). თავის დაპირებას — „მე გაგამაგრებ“, იეჰოვა განსაკუთრებით დევნების დროს ასრულებს. ზოგ ქვეყანაში ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეაჩერონ სამქადაგებლო საქმე ან აკრძალონ ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა. ჩვენ ასეთი თავდასხმების დროსაც კი არ ვწუხვართ ზედმეტად. იეჰოვა გარანტიას გვაძლევს, რომ ძალას და გულდაჯერებულობას შეგვმატებს. ის გვპირდება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17). w19.01 5, 6 ¶12, 13
პარასკევი, 10 ივლისი
ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი (მათ. 5:3).
ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ სულიერი მოთხოვნილებებით ვართ შექმნილნი, რომლის დაკმაყოფილებაც მხოლოდ შემოქმედს შეუძლია (მათ. 4:4). როცა მადლიერებით უსმენ იეჰოვას, იძენ წვდომის უნარს, ბრძენდები და თავს ბედნიერად გრძნობ. იეჰოვა შენს სულიერ მოთხოვნილებებზე თავისი სიტყვისა და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწვდილი უხვი სულიერი საზრდოს მეშვეობით ზრუნავს (მათ. 24:45). ის ნამდვილად უხვი და ნაირფეროვანი საზრდოთი გვკვებავს! (ეს. 65:13, 14). იეჰოვასგან ბოძებული სულიერი საზრდო სიბრძნესა და ჭკუას შეგმატებს, რაც ბევრი რამისგან დაგიცავს (იგავ. 2:10—14). სიბრძნე და ჭკუა დაგეხმარება, არ დაიჯერო ისეთი ცრუ სწავლება, როგორიცაა შემოქმედის არარსებობა. აგრეთვე დაგიცავს, არ გაიზიარო მცდარი შეხედულება, რომ თითქოს ბედნიერება ფულზე და სიმდიდრეზეა დამოკიდებული. სიბრძნე და ჭკუა იმაშიც დაგეხმარება, რომ დაინახო და წინააღმდეგობა გაუწიო არასწორ სურვილებსა და მავნე ჩვევებს. ამიტომ ყველაფერი გააკეთე, რომ დაბრძენდე და საღად იაზროვნო. არასდროს დაგავიწყდეს მათი ფასი! w18.12 20 ¶6, 7
შაბათი, 11 ივლისი
ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება (ეს. 65:22).
დადგება დრო, როცა ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა „ხის დღეებივით იქნება“? ზოგიერთი ხე ათასობით წელი ცოცხლობს. ამიტომ ადამიანმა ამდენ ხანს რომ შეძლოს არსებობა, კარგი ჯანმრთელობა უნდა ჰქონდეს. ისრაელებს ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველებ პირობებში რომ ეცხოვრათ, ეს ნამდვილი სამოთხე იქნებოდა და წინასწარმეტყველებაც შესრულდებოდა. დაფიქრდით, როგორ მიუთითებს წინასწარმეტყველებები მომავალ სამოთხეზე. მთელ დედამიწაზე მცხოვრები ხალხი ღვთისგან იქნება კურთხეული. ცხოველები და აგრესიული ადამიანები ვეღარავის შეუქმნიან საფრთხეს. ბრმები, ყრუები და კოჭლები განიკურნებიან. ხალხს სიხარულს მიანიჭებს თავიანთი სახლების შენება და საკუთარი ხელით მოყვანილი მოსავლის აღება. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხის დღეებზე მეტი იქნება. დიახ, ბიბლია ნამდვილად მიანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მომავალი წინ გველის. და მაინც, ზოგმა შეიძლება გვითხრას, რომ ეს წინასწარმეტყველებები მაინცდამაინც არ ნიშნავს, რომ დედამიწაზე სამოთხე იქნება. რის საფუძველზე ელით სამოთხეს დედამიწაზე? ამის მყარი საფუძველი ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებულმა ადამიანმა მოგვცა (ლუკ. 23:43) w18.12 5 ¶13—15
კვირა, 12 ივლისი
განიახლეთ გონება და გარდაიქმენით (რომ. 12:2).
ნელ-ნელა აზროვნების შეცვლა მაინც შესაძლებელია. ეს დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ვაძლევთ ჩვენს გონებაზე მოქმედების საშუალებას და რაზე ვფიქრობთ. თუ იეჰოვას შეხედულებებზე ვიფიქრებთ და გავითავისებთ მათ, დავრწმუნდებით, რომ ის არასდროს ცდება. შედეგად, ბუნებრივად გაგვიჩნდება იმის სურვილი, რომ საკუთარი აზროვნება მის აზროვნებას შევუსაბამოთ. თუმცა იმისთვის, რომ იეჰოვას აზროვნება გავიზიაროთ, აღარ უნდა ვიცხოვროთ ქვეყნიერების ყაიდაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ გონება აღარ უნდა ვკვებოთ ღვთისთვის მიუღებელი აზრებით. ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობა რომ დავინახოთ, დავფიქრდეთ საკვების მაგალითზე. შეიძლება ადამიანმა გადაწყვიტოს, რომ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ნოყიერი საკვებით იკვებოს. მაგრამ რას არგებს ეს ყველაფერი, თუ გაფუჭებულ საკვებსაც მიიღებს? მსგავსად, იეჰოვას აზროვნებით კვება ნაკლებ სარგებლობას მოგვიტანს, თუკი პარალელურად ქვეყნიური აზროვნებითაც ვიკვებებით. w18.11 21 ¶14, 15
ორშაბათი, 13 ივლისი
მტკიცედ იდექით, ჭეშმარიტების სარტყელშემორტყმულნი (ეფეს. 6:14).
მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყოველდღე ჭეშმარიტების თანახმად ვიცხოვროთ. მუდამ ვატაროთ ჭეშმარიტების სარტყელი. ბიბლიურ დროში სარტყელი ამაგრებდა და იცავდა მეომრის წელსა და შინაგან ორგანოებს. ამისათვის საჭირო იყო, რომ ის მჭიდროდ შემოერტყათ. მოშვებული სარტყელი დიდ დახმარებას ვერ გაუწევდა მეომარს. ჩვენ როგორ გვიცავს ჭეშმარიტების სარტყელი? თუ მჭიდროდ შემოვირტყამთ მას, ჭეშმარიტება დაგვიცავს, არ გავიზიაროთ მცდარი შეხედულებები და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. განსაცდელებისა თუ ცდუნებების დროს ბიბლიური ჭეშმარიტება სწორად მოქცევაში დაგვეხმარება. მეომარს არასდროს მოუვიდოდა აზრად, რომ ბრძოლის ველზე სარტყლის გარეშე გასულიყო. მსგავსად, ჩვენც მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ ყოველთვის მჭიდროდ გვეკეთოს ჭეშმარიტების სარტყელი და არასდროს მოვიხსნათ ის. ნაცვლად ამისა, ჩვენ ჭეშმარიტების თანახმად ვცხოვრობთ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მჭიდროდ „გვეკეთოს“ ის. w18.11 12 ¶15
სამშაბათი, 14 ივლისი
იყიდე ჭეშმარიტება და ნუ გაყიდი მას (იგავ. 23:23).
ძალისხმევის გარეშე ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას ვერ ჩავწვდებით. მზად უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი მსხვერპლი გავიღოთ მის მოსაპოვებლად. როგორც წიგნ „იგავების“ ბრძენმა დამწერმა თქვა, მას შემდეგ, რაც „ვიყიდით“ ანუ შევიძენთ ჭეშმარიტებას, აღარ უნდა „გავყიდოთ“ ანუ დავკარგოთ ის. ის, რაც უფასოა, შეიძლება მაინც დაჯდეს რაღაცის ფასად. ებრაული სიტყვა, რომელიც იგავების 23:23-ში ყიდვად ითარგმნა, შეძენასაც ნიშნავს. ორივე სიტყვა გულისხმობს სასურველი ნივთის მისაღებად ძალისხმევის მოხმარებას ან სანაცვლოდ რაიმეს გაღებას. მაგალითად, რეკლამიდან გავიგეთ, რომ მაღაზია უფასოდ გვთავაზობს ბანანს. სასწაულებრივად აღმოჩნდება ეს ბანანი ჩვენს მაგიდაზე? რა თქმა უნდა, არა. ძალისხმევა უნდა მოვახმაროთ, რომ წავიდეთ მაღაზიაში და წამოვიღოთ ის. მართალია, ბანანი უფასოა, მაგრამ დრო და ძალისხმევა გვჭირდება მაღაზიაში წასასვლელად. მსგავსად, ჭეშმარიტების საყიდლად ფული კი არა, ძალისხმევაა საჭირო. w18.11 4 ¶4, 5
ოთხშაბათი, 15 ივლისი
სახე მზესავით გაუნათდა და ტანსაცმელი სინათლესავით გაუბრწყინდა (მათ. 17:2).
იესო მაღალ მთაზე პეტრესთან, იაკობსა და იოანესთან ერთად ავიდა, სადაც მოციქულებმა დაუვიწყარი ხილვა იხილეს. იესოს სახე გაუნათდა და ტანსაცმელი გაუბრწყინდა. ორი მამაკაცი, რომლებიც მოსესა და ელიას განასახიერებდნენ, იესოს მომავალი სიკვდილისა და აღდგომის შესახებ ელაპარაკებოდნენ (ლუკ. 9:29—32). ამის შემდეგ ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ღრუბლიდან ღვთის ხმა გაისმა. ამ ხილვაში წინასწარ გამოჩნდა იესოს, როგორც ღვთის სამეფოს მომავალი მეფის დიდება და ძალაუფლება. ეჭვგარეშეა, იესოს ეს ძალიან გაამხნევებდა და გააძლიერებდა, რომ ღირსეულად აეტანა წამება და მტანჯველი სიკვდილი. ხილვამ მის მოწაფეებსაც განუმტკიცა რწმენა. ეს დაეხმარა მათ, მზადყოფნით შეხვედროდნენ რწმენის გამოცდებს და არაერთი წლის მანძილზე ერთგულად შეესრულებინათ რთული დავალება. დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოციქულმა პეტრემ გაიხსენა იესოს გარდასახვის ხილვა, რითაც ცხადყო, რომ ცოცხლად ახსოვდა ეს მოვლენა (2 პეტ. 1:16—18). w19.03 10 ¶7, 8
ხუთშაბათი, 16 ივლისი
ყოველმხრივ ვშუამდგომლობთ საკუთარ თავს . . . ჭეშმარიტების ლაპარაკით (2 კორ. 6:4, 7).
რით განვსხვავდებით ნამდვილი ქრისტიანები ცრუ რელიგიის მიმდევრებისგან? ჩვენ ჭეშმარიტებას ვლაპარაკობთ (ზაქ. 8:16, 17). ჩვენ ყოველთვის სიმართლეს ვამბობთ და უმნიშვნელო საკითხებშიც კი არ ვატყუებთ უცნობებს, თანამშრომლებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს. ახალგაზრდებო, შეიძლება გინდათ, რომ თქვენმა თანატოლებმა თავიანთ წრეში მიგიღონ. მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, რომ ორმაგი ცხოვრებით არ იცხოვროთ. ოჯახისა და კრების წევრებს „წმინდანად“ მოაჩვენოთ თავი, არადა სოციალური მედიით სარგებლობისას ან თანატოლებთან ურთიერთობისას, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, სრულიად სხვაგვარად მოიქცეთ. ასე თავსაც მოიტყუებთ, მშობლებსა და თანაქრისტიანებსაც მოატყუებთ და ღვთის მოტყუებასაც შეეცდებით (ფსალმ. 26:4, 5). იეჰოვა ხედავს, როცა მხოლოდ ბაგეებით ვცემთ მას პატივს, გული კი შორსა გვაქვს მისგან (მარ. 7:6). რამდენად გონივრული იქნებოდა, გაგვეთვალისწინებინა იგავების 23:17-ში ჩაწერილი სიტყვები: „შენს გულს ცოდვილების ნუ შეშურდება; იეჰოვასი გეშინოდეს დღედაღამ“. w18.10 9 ¶14, 15
პარასკევი, 17 ივლისი
ღმერთი სიყვარულია და ის, ვინც სიყვარულში რჩება, ერთობაში რჩება ღმერთთან, ღმერთი კი — მასთან (1 იოან. 4:16).
ღვთის ხალხი სულიერ ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც სიყვარულით გამოირჩევა (1 იოან. 4:21). ისინი ერთმანეთს სიყვარულს მხოლოდ საგმირო საქმეებით კი არ უმტკიცებენ, რისი საჭიროებაც იშვიათად იქმნება, არამედ სასიამოვნო სიტყვებითა და კეთილი საქმეებით. დიახ, როცა სხვების მიმართ სიკეთესა და ყურადღებიანობას ვიჩენთ, ღმერთს ვბაძავთ როგორც საყვარელი შვილები (ეფეს. 5:1). იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას. მან თქვა: „მოდით ჩემთან, მძიმედ მშრომელნო და ტვირთმძიმენო, და მე გამოგაცოცხლებთ . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მათ. 11:28, 29). როცა იესოსავით „ყურადღებას . . . [ვაქცევთ] საწყალს“, ჩვენი ზეციერი მამის კეთილგანწყობას ვიმსახურებთ და დიდ ბედნიერებას განვიცდით (ფსალმ. 41:1). ასე რომ, გამოვავლინოთ სიყვარული და ყურადღებიანები ვიყოთ ოჯახში, კრებასა და მსახურებაში. w18.09 28 ¶1, 2
შაბათი, 18 ივლისი
ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ (1 კორ. 3:9).
სტიქიური უბედურებების დროს ღვთის მსახურები და-ძმებს პრაქტიკულ დახმარებას უწევენ, რითაც ღმერთთან თანამშრომლობენ. მაგალითად, ისინი დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებიან (იოან. 13:34, 35; საქ. 11:27—30). გარდა ამისა, დასუფთავებასა თუ აღდგენით სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას. ერთი პოლონელი და გაბრიელა ძალიან გამხნევდა, როცა წყალდიდობის შემდეგ, რომელმაც მისი სახლი მიწასთან გაასწორა, მეზობელი კრებებიდან ძმები მივიდნენ მის დასახმარებლად. ის ამბობს: „დანაკარგზე ლაპარაკი არ მინდა, რადგან ეს მხოლოდ მატერიალური ნივთებია. მინდა, აღვნიშნო, თუ რამდენი რამ შევიძინე. ამ შემთხვევამ დამარწმუნა, რომ ქრისტიანული კრების წევრობა განსაკუთრებული პატივია და უდიდესი სიხარული და ბედნიერება მოაქვს“. ბევრი სტიქიური უბედურებით დაზარალებული, ვისაც დახმარება აღმოუჩინეს, იზიარებს გაბრიელას აზრს. დიდ კმაყოფილებას განიცდიან ის და-ძმებიც, რომლებიც თანამშრომლობენ იეჰოვასთან და ეხმარებიან დაზარალებულებს (საქ. 20:35; 2 კორ. 9:6, 7). w18.08 26 ¶12
კვირა, 19 ივლისი
გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).
გული კარგად რომ დავიცვათ, უნდა ამოვიცნოთ საშიშროება და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ. „გაფრთხილებად“ ნათარგმნი სიტყვა გუშაგის საქმიანობას შეგვახსენებს. მეფე სოლომონის დროს გუშაგი ქალაქის გალავანზე იდგა და საფრთხის დანახვაზე განგაშს ტეხდა. ამის წარმოდგენა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ სატანას ჩვენი აზროვნების გახრწნის უფლება. ძველ დროში გუშაგები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ კარიბჭის მცველებთან (2 სამ. 18:24—26). ქალაქის დასაცავად როგორც გუშაგები, ისე კარიბჭის მცველები უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოახლოებულ მტერს კარიბჭე ყოველთვის დაკეტილი დახვდებოდა (ნეემ. 7:1—3). ბიბლიით განსწავლული სინდისი გუშაგის როლს ასრულებს და განგაშს ტეხს, როცა სატანა ჩვენს გულში შემოჭრას ანუ ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, მოტივებსა და სურვილებზე ცდილობს გავლენის მოხდენას. ამიტომ არასდროს უნდა წავუყრუოთ სინდისის ხმას და მაშინვე ჩავკეტოთ გულის კარიბჭე. w19.01 17 ¶10, 11
ორშაბათი, 20 ივლისი
თუ ბრალდაუდებლები იქნებიან, იმსახურონ (1 ტიმ. 3:10).
ახალგაზრდა ძმები ჩვენი პირადი ან ჩვენს კულტურაში გავრცელებული თვალსაზრისით კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ ღვთის სიტყვაში ჩაწერილი მოთხოვნების მიხედვით (2 ტიმ. 3:16, 17). თუ უხუცესი თავის კულტურაში გავრცელებული თვალსაზრისით აფასებს ძმებს, შეიძლება სამაგალითო ახალგაზრდებს მომსახურედ და უხუცესად მსახურების შესაძლებლობა არ მისცეს. ერთ ქვეყანაში სამაგალითო მომსახურე ძმა კრებაში საპასუხისმგებლო დავალებებს ასრულებდა. მართალია, კრების უხუცესები თანხმდებოდნენ იმ აზრზე, რომ ეს ახალგაზრდა ძმა შეესაბამებოდა უხუცესად მსახურებისთვის საჭირო ბიბლიურ მოთხოვნებს, მაგრამ რეკომენდაციას მაინც არ უწევდნენ. რამდენიმე უფროსი ასაკის უხუცესმა დაიჟინა, რომ უხუცესობისთვის ეს ძმა ძალიან ახალგაზრდა იყო. სამწუხაროდ, მას მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ მისცეს უხუცესად მსახურების შესაძლებლობა. თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. ანგარიშებიდან ჩანს, რომ ასეთი აზროვნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ბევრ უხუცესზე ახდენს გავლენას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ დროს ბიბლიაში ჩაწერილი მოთხოვნების მიხედვით ვიმოქმედოთ და არა პირადი თვალსაზრისით! მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, დავემორჩილოთ იესოს და აღარ განვსაჯოთ გარეგნობის მიხედვით (იოან. 7:24). w18.08 12 ¶16, 17
სამშაბათი, 21 ივლისი
მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება (იგავ. 18:13).
მიღებული იმეილებისა და ტექსტური შეტყობინებების დაუფიქრებლად გადაგზავნას თან სდევს საფრთხე. ზოგ ქვეყანაში ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია. ასეთ ქვეყნებში ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა შეიძლება მიზანმიმართულად გაავრცელონ ცრუ ინფორმაცია, რათა შეგვაშინონ ან ჩვენ შორის უნდობლობა ჩათესონ. გავიხსენოთ, რა მოხდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. კა-გე-ბეს სახელით ცნობილმა საიდუმლო პოლიციამ ჭორი გაავრცელა, რომ თითქოს ზოგმა ძმამ, რომელთაც და-ძმები კარგად იცნობდნენ, უღალატა იეჰოვას ხალხს. რა დასანანია, რომ ბევრმა დაიჯერა ეს სიცრუე და იეჰოვას ორგანიზაციას ჩამოშორდა! საბედნიეროდ, მათგან ბევრი დაუბრუნდა იეჰოვას, მაგრამ ზოგს „რწმენა ხომალდივით დაემსხვრა“ (1 ტიმ. 1:19). როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან ასეთი დამღუპველი შედეგები? ნუ გაავრცელებთ ნეგატიურ ან გადაუმოწმებელ ინფორმაციას. გულუბრყვილოდ და ბრმად ნუ ენდობით ყველა სიტყვას. დარწმუნდით, რომ გაქვთ ფაქტები. w18.08 4 ¶8
ოთხშაბათი, 22 ივლისი
ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში (ლუკ. 23:43).
ძველ ბერძნულ ხელნაწერებში პუნქტუაციას ყოველთვის არ იყენებდნენ. ამიტომ ლოგიკურია ვიკითხოთ, რა თქვა იესომ: „ჭეშმარიტებას გეუბნები: დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ თუ „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“? გაიხსენეთ, რა უთხრა მანამდე იესომ თავის მიმდევრებს: „კაცის ძე იქნება სამ დღესა და სამ ღამეს დედამიწის გულში“ (მათ. 12:40; 16:21; 17:22, 23; მარ. 10:34; საქ. 10:39, 40). ასე რომ, იესო სიკვდილის დღესვე არ მოხვედრილა სამოთხეში. ის რამდენიმე დღე სამარეში [ჰადესში] იყო, სანამ ღმერთმა არ აღადგინა (საქ. 2:31, 32). მომაკვდავმა ბოროტმოქმედმა არაფერი იცოდა იმ შეთანხმებაზე, რომელიც იესომ ერთგულ მოციქულებს დაუდო ზეციერ სამეფოზე (ლუკ. 22:29). მეტიც, ის არც წმინდა სულით იყო მონათლული (იოან. 3:3—6, 12). ამიტომ იესოს დაპირება დედამიწაზე სამოთხეში უნდა შესრულდეს მოგვიანებით. w18.12 6 ¶17, 18, 20, 21
ხუთშაბათი, 23 ივლისი
გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს (გამ. 32:1).
მალე ისრაელებმა ოქროს ხბოს თაყვანისცემა დაიწყეს. აშკარა ურჩობის მიუხედავად, ისრაელები თავს იტყუებდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ კვლავაც იეჰოვას მხარეს იყვნენ. აარონმა „იეჰოვას დღესასწაულიც“ კი უწოდა ხბოს თაყვანისცემას! რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას მათ საქციელზე? ეს იეჰოვასთვის ღალატი იყო. მან უთხრა მოსეს: „[ხალხი] უკეთურად იქცევა. მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე“. რისხვით ანთებულმა ღმერთმა ახლად ჩამოყალიბებული ერის განადგურებაც კი იფიქრა (გამ. 32:5—10). მაგრამ იეჰოვამ გადაიფიქრა ისრაელი ერის განადგურება (გამ. 32:14). მიუხედავად იმისა, რომ კერპის გაკეთებაში იღებდა მონაწილეობას, აარონმა მოინანია და შეუერთდა სხვა ლევიანებს, რომლებიც იეჰოვას მხარეს დადგნენ. მაშინ როცა ათასობით ისრაელი გამოესალმა სიცოცხლეს კერპთაყვანისმცემლობის გამო, იეჰოვა კურთხევებს დაჰპირდა მათ, ვინც მისი მხარე დაიკავა (გამ. 32:26—29). w18.07 20 ¶13—16
პარასკევი, 24 ივლისი
ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ . . . მოედნებზე მისალმება . . . და საპატიო ადგილები ვახშმებზე (ლუკ. 20:46).
რომელია უდიდესი აღიარება, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ? ეს არ არის ის, რასაც ხალხი უმაღლეს განათლებაში, ბიზნესში, სპორტსა და შოუ-ბიზნესში ეძებს. დაფიქრდით, რომელ აღიარებაზე საუბრობს პავლე: „ახლა, როცა შეიცანით ღმერთი, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გცნოთ, როგორღა უბრუნდებით სუსტ და უბადრუკ პრინციპებს და გსურთ, ხელახლა დაემონოთ მათ?“ (გალ. 4:9). რამხელა პატივია, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი გვცნობს! მას სურს, რომ დაგვიახლოვდეს. როგორც ერთი ბიბლეისტი ამბობს, ის კეთილგანწყობილი ხდება ჩვენდამი. როცა იეჰოვა თავის მეგობრებად გვაღიარებს, ჩვენი არსებობის მიზანს ვამართლებთ (ეკლ. 12:13, 14). w18.07 8 ¶3, 4
შაბათი, 25 ივლისი
ვფიქრობ შენს შეხსენებებზე (ფსალმ. 119:99).
ღვთის კანონებმა ჩვენს ცხოვრებაზე დადებითად რომ იმოქმედოს, უნდა შევიყვაროთ და დავაფასოთ ისინი (ამოს. 5:15). მაგრამ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? მთავარია ვისწავლოთ, რომ იეჰოვას თვალით ვუყუროთ საკითხებს. დავუშვათ, რომ ცუდად გძინავთ და ექიმმა მკურნალობა დაგინიშნათ. მან გირჩიათ, რომ სწორად იკვებოთ, ივარჯიშოთ და შეიცვალოთ ცხოვრების წესი. რაღაც დროის შემდეგ შენიშნეთ, რომ მკურნალობის კურსმა კარგი შედეგი გამოიღო. ალბათ, ძალიან მადლიერი დარჩებოდით თქვენი ექიმის, რომელიც დაგეხმარათ, ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაბრუნებოდით. მსგავსად ამისა, ჩვენმა შემოქმედმა მოგვცა კანონები, რომლებიც გვიცავს ცოდვის საზიანო შედეგებისგან და გვეხმარება, უკეთ ვიცხოვროთ. დაფიქრდით, რამხელა სიკეთე მოაქვს ჩვენთვის ბიბლიური კანონების გათვალისწინებას, რომლებიც ეხება ტყუილის თქმას, ბოროტ განზრახვას, ქურდობას, უზნეობას, ძალადობასა და სპირიტიზმს (იგავ. 6:16—19; გამოცხ. 21:8). როცა იეჰოვას მოსაწონად ვმოქმედებთ და უხვ კურთხევებს ვიღებთ, იეჰოვასა და მისი კანონების მიმართ გული მადლიერებითა და სიყვარულით გვევსება. w18.06 17 ¶5, 6
კვირა, 26 ივლისი
შენა ხარ იუდეველთა მეფე? (იოან. 18:33)
შესაძლოა პონტიუს პილატე წუხდა, რომ იესო პოლიტიკურ არეულობას გამოიწვევდა, რისიც მთელი თავისი მმართველობის განმავლობაში ეშინოდა. იესომ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო ამ ქვეყნიერების ნაწილი არ არის“ (იოან. 18:36). ის არ ჩაერეოდა პოლიტიკაში, რადგან მისი სამეფო ზეცაში უნდა დამყარებულიყო. მან პილატეს დაანახვა, რომ მისი საქმე დედამიწაზე ჭეშმარიტების შესახებ დამოწმება იყო (იოან. 18:37). როცა იესოს მსგავსად კარგად გვესმის, რა გვაქვს დავალებული, გულშიც კი არ დავუჭერთ მხარს რომელიმე პოლიტიკურ გაერთიანებას. ამის გაკეთება შეიძლება ყოველთვის ადვილი არ იყოს. ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი აღნიშნავს: „ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანები უფრო და უფრო რადიკალისტები და ნაციონალისტები ხდებიან. ბევრს სჯერა, რომ პოლიტიკური დამოუკიდებლობა უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას. საბედნიეროდ, ძმები ქრისტიანულ ერთობას ინარჩუნებენ იმით, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელებაზე არიან კონცენტრირებულნი. მათ იმედი აქვთ, რომ ღმერთი აღმოფხვრის უსამართლობას და გადაჭრის ყველა პრობლემას“. w18.06 4, 5 ¶6, 7
ორშაბათი, 27 ივლისი
წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან (იაკ. 4:7).
ფაქტობრივად, ებრაული წერილების მხოლოდ სამ წიგნში — პირველ მატიანეში, იობსა და ზაქარიაში მოიხსენიება „სატანა“, რომელიც ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“. რატომ იყო ცნობილი მის შესახებ ასე ცოტა მესიის მოსვლამდე? როგორც ჩანს, იეჰოვას არ სურდა, რომ ებრაულ წერილებში სატანასა და მის საქმეებს დიდი ადგილი დათმობოდა და ამგვარად საჭიროზე მეტი ყურადღება გამახვილებულიყო მასზე. იეჰოვას მთავარი განზრახვა ის იყო, რომ ებრაული წერილების მეშვეობით ხალხს გაეგო, ვინ იქნებოდა მესია. ეს წერილები ღვთის ხალხისთვის „ქრისტემდე მიმყვანი“ იქნებოდა (ლუკ. 24:44; გალ. 3:24). როცა მესია მოვიდა, იეჰოვამ სწორედ მესიისა და მისი მოწაფეების მეშვეობით გაგვიმჟღავნა იმ ინფორმაციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს ვიცით სატანისა და მისი დემონების შესახებ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან იეჰოვა სატანისა და მისი დამქაშების შესამუსრად იესოს და მის ცხებულ თანამმართველებს გამოიყენებს (რომ. 16:20; გამოცხ. 17:14; 20:10). გახსოვდეთ, რომ სატანის ძალა შეზღუდულია. ჩვენ მხარს იეჰოვა, იესო და ერთგული ანგელოზები გვიჭერენ. მათი დახმარებით შეგვიძლია წინ აღვუდგეთ ჩვენს მტერს. w18.05 22, 23 ¶2—4
სამშაბათი, 28 ივლისი
ის მოაშორებს ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემში (იოან. 15:2).
იეჰოვა თავის მსახურებად მხოლოდ მაშინ მიგვიჩნევს, როცა ნაყოფი გამოგვაქვს (მათ. 13:23; 21:43). აქედან გამომდინარე, იოანეს მე-15 თავის პირველ ხუთ მუხლში მოყვანილ მაგალითში მოხსენიებული ნაყოფი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა გამოიღოს, არ მიანიშნებს ახალ მოწაფეებზე, რომელთა მომზადების პატივიც გვხვდა წილად (მათ. 28:19). სხვაგვარად გამოვიდოდა, რომ ის ერთგული ქრისტიანები, რომლებიც თავიანთი სამქადაგებლო ტერიტორიებიდან გამომდინარე ვერავის ეხმარებიან ქრისტეს მოწაფედ გახდომაში, იესოს მაგალითში მოხსენიებული უნაყოფო ლერწები არიან. ცხადია, ასეთი დასკვნის გაკეთება არასწორი იქნებოდა, რადგან ჩვენ ვერ ვაიძულებთ ხალხს, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. შეუძლებელია, მოსიყვარულე ღმერთმა უნაყოფოდ მიიჩნიოს თავისი მსახურები იმის გამო, რომ ვერ ასრულებენ იმ საქმეს, რომელიც მათ ძალებს აღემატება! იეჰოვა ყოველთვის იმას გვთხოვს, რის გაკეთებაც შეგვიძლია (კან. 30:11—14). მაშ, რა არის ნაყოფი? აშკარაა, რომ ეს არის საქმე, რომლის შესრულებაც ყველას შეგვიძლია. რა საქმე? იეჰოვამ თავის მსახურებს დაავალა, რომ ექადაგათ სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 24:14). w18.05 14 ¶8, 9
ოთხშაბათი, 29 ივლისი
თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან ხართ და მამათქვენი . . . ცრუა და სიცრუის მამაა (იოან. 8:44).
არა აქვს მნიშვნელობა, რას უწოდებენ რელიგიურ წინამძღოლებს — მოძღვარს, მღვდელს, რაბინს თუ სხვას. პირველ საუკუნეში მცხოვრები წინამორბედების მსგავსად, ისინიც „ჩქმალავენ [ბიბლიაში ჩაწერილ] ჭეშმარიტებას“. მათ „ღვთის ჭეშმარიტება სიცრუეზე“ გაცვალეს (რომ. 1:18, 25). ისინი ცდილობენ, ხალხს ისეთი ცრუ სწავლებები დააჯერონ, როგორიცაა სულის უკვდავება, რეინკარნაცია და ჯოჯოხეთის არსებობა. ამასთანავე, ირწმუნებიან, რომ ღმერთი არ განსჯის ჰომოსექსუალებს და ერთსქესიანთა ქორწინებას. ხალხის შეცდომაში შესაყვანად სიცრუეს პოლიტიკოსებიც მიმართავენ. მალე ისინი შეეცდებიან, კიდევ ერთი დიდი ტყუილი დააჯერონ ადამიანებს, თითქოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას მიაღწიეს. თუმცა „თავს მოულოდნელი განადგურება“ დაატყდებათ. ჩვენ არ უნდა დავიჯეროთ მათი სიტყვები და ოდნავადაც არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი იმაში, რომ ამ ქვეყნიერების დღეები დათვლილია! სინამდვილეში კარგად ვიცით, რომ „იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ღამე ქურდი“ (1 თეს. 5:1—4). w18.10 7, 8 ¶6—8
ხუთშაბათი, 30 ივლისი
უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).
იესო ქრისტე გულგატეხილებსა თუ გულდამძიმებულებს ანუგეშებს და ხელმძღვანელობს ცხებული ძმებისა და „მთავრების“ ანუ უხუცესების მეშვეობით, რომლებიც სხვა ცხვრის წარმომადგენლები არიან. ისინი კი არ ბატონობენ ჩვენს რწმენაზე, არამედ გვეხმარებიან, რომ სიხარულით ვემსახუროთ ღმერთს და ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ (ეს. 32:1, 2; 2 კორ. 1:24). მოციქულმა პავლემ ამ მხრივ მისაბაძი მაგალითი დაგვიტოვა. მან თესალონიკელ ქრისტიანებს, რომლებიც იდევნებოდნენ, მისწერა: „სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც, რადგან შეგვიყვარდით“ (1 თეს. 2:8). თუმცა გამამხნევებელი სიტყვების თქმა ყოველთვის საკმარისი არ არის. პავლემ ეფესოს კრების უხუცესებს დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა. w18.04 21, 22 ¶6—8
პარასკევი, 31 ივლისი
იეჰოვა სულია და სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა (2 კორ. 3:17).
თუ გვსურს, რომ მივიღოთ ეს თავისუფლება, უნდა დავუბრუნდეთ იეჰოვას, ანუ ახლო ურთიერთობა უნდა განვივითაროთ მასთან (2 კორ. 3:16). უდაბნოში ყოფნისას ისრაელებს სულიერი ხედვა აკლდათ და მხოლოდ ადამიანური გადასახედიდან აფასებდნენ მდგომარეობას. მათ გულსა და გონებაზე თითქოს რიდე ჰქონდათ ჩამოფარებული, რადგან ეგვიპტის მონობიდან დახსნილნი თავიანთ თავისუფლებას მხოლოდ ხორციელი სურვილების დასაკმაყოფილებლად იყენებდნენ (ებრ. 3:8—10). თავისუფლება, რომელიც იეჰოვას სულისგან მომდინარეობს, პირდაპირი გაგებით მონობისგან გათავისუფლებაზე ბევრად მეტია. ის აღემატება ნებისმიერი სახის თავისუფლებას, რომლის მოპოვების იმედიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. იეჰოვას სული გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან, აგრეთვე ცრუ თაყვანისმცემლობისა და მისი წეს-ჩვეულებებისგან (რომ. 6:23; 8:2). რა შეედრება ასეთ თავისუფლებას! მას ვერც პატიმრობა წაართმევს ადამიანს და ვერც მონობა (დაბ. 39:20—23). w18.04 9 ¶3—5