სექტემბერი
სამშაბათი, 1 სექტემბერი
თუმცა არასოდეს გინახავთ იგი, მაინც გიყვართ (1 პეტ. 1:8).
იესომ მართასა და მარიამის მიმართაც გამოავლინა თანაგრძნობა. ძმის სიკვდილით გულმოკლული დების შემხედვარე „იესო აცრემლდა“ (იოან. 11:32—35). ის ახლო მეგობრის სიკვდილს არ აუტირებია, რადგან ლაზარეს აღდგენას აპირებდა. იესო იმიტომ აცრემლდა, რომ გულთან ახლოს მიიტანა მეგობრების ტკივილი. იმის ცოდნა, რომ იესო თანაუგრძნობდა ადამიანებს, ძალიან გვამხნევებს და მისადმი სიყვარულს გვიძლიერებს. გვახარებს, რომ დღეს იესო ღვთის სამეფოს მეფეა და მალე წერტილს დაუსვამს ყოველგვარ ტანჯვას. ის მართლაც საუკეთესოდ მოუშუშებს ადამიანებს სატანის მმართველობისგან მიყენებულ ჭრილობებს, რადგან თვითონაც იყო ერთ დროს ადამიანი. დიდი კურთხევაა, რომ გვყავს მმართველი, რომელიც თანაგვიგრძნობს „ჩვენს სისუსტეებში“ (ებრ. 2:17, 18; 4:15, 16). w19.03 17 ¶12, 13
ოთხშაბათი, 2 სექტემბერი
ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მიიზიდა (იოან. 6:44).
მართალია, გარკვეული როლი გვაკისრია, რომ ხალხს ღვთის შესახებ ვასწავლოთ, მაგრამ მთავარ როლს ჩვენ არ ვასრულებთ (1 კორ. 3:6, 7). ადამიანებს მხოლოდ იეჰოვა იზიდავს. თუმცა მიიღებს თუ არა ადამიანი სასიხარულო ცნობას, მისი გულის მდგომარეობაზეა დამოკიდებული (მათ. 13:4—8). გაიხსენეთ, რომ ყველაზე საუკეთესო მასწავლებელს, იესოსაც კი არ უსმენდა ყველა! ამიტომ გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ ბევრი, ვის დახმარებასაც ვცდილობთ, დადებითად არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას. თუ მსახურებაში თანაგრძნობას გამოვავლენთ, ეს კარგ შედეგს გამოიღებს და მეტ სიხარულს მოგვანიჭებს ქადაგება. საკუთარ თავზე გამოვცდით, რომ გაცემას დიდი სიხარული მოაქვს და „მარადიული სიცოცხლისთვის“ განწყობილებს სასიხარულო ცნობის მიღებას გავუადვილებთ (საქ. 13:48). „მაშ, ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (გალ. 6:10). შედეგად, ზეციერი მამის განდიდება უდიდეს სიხარულს მოგვანიჭებს (მათ. 5:16). w19.03 25 ¶18, 19
ხუთშაბათი, 3 სექტემბერი
კრებულში მოგიძღვნი ქებას (ფსალმ. 22:22).
მეფე დავითი წერდა: „დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები“ (ფსალმ. 145:3). მას უყვარდა იეჰოვა და სწორედ ეს გრძნობა აღძრავდა, რომ „კრებულში . . . ქება“ მიეძღვნა მისთვის (1 მატ. 29:10—13; ფსალმ. 40:5). ქრისტიანულ შეხვედრებზე კომენტარების გაკეთება იეჰოვას განდიდების ერთ-ერთი საშუალებაა. ყველას გვსიამოვნებს კრების შეხვედრაზე განსხვავებული კომენტარების მოსმენა. მაგალითად, ძალიან მოგვწონს ბავშვების მარტივი და გულწრფელი კომენტარები. გვამხნევებს მათი მოსმენა, რომლებმაც ახლახან გაიგეს ჭეშმარიტება და აღფრთოვანებით ლაპარაკობენ მასზე. გარდა ამისა, გვხიბლავს იმ და-ძმების მონდომება, რომელთაც შიშისა თუ ენის ბარიერის მიუხედავად გაბედულება მოიკრიბეს და შეძლეს კომენტარის გაკეთება (1 თეს. 2:2). რა უნდა გავაკეთოთ, რომ მადლიერება გამოვხატოთ მათი ძალისხმევისთვის? შეგვიძლია შეხვედრის ბოლოს მადლობა გადავუხადოთ გამამხნევებელი კომენტარისთვის. მათ მიმართ მადლიერებას იმითაც გამოვავლენთ, თუ ჩვენც არ შევიკავებთ თავს კომენტარებისგან. ამგვარად, შეხვედრების დროს არა მხოლოდ ჩვენ გავმხნევდებით, არამედ თავადაც გავამხნევებთ სხვებს (რომ. 1:11, 12). w19.01 8 ¶1, 2; 9 ¶6
პარასკევი, 4 სექტემბერი
იყავით მადლიერნი (კოლ. 3:15).
ათი მამაკაცი საშინელ მდგომარეობაში იყო, რადგან კეთროვნები იყვნენ და გამოჯანმრთელების არანაირი იმედი არ ჰქონდათ. მაგრამ ერთხელ მათ შორიდან თვალი მოჰკრეს დიდებულ მასწავლებელს. ამ კეთროვნებს გაგონილი ჰქონდათ, რომ იესო ყველანაირ დაავადებას კურნავდა. ამიტომ აყვირდნენ: „იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე!“. ათივე მამაკაცი სრულად განიკურნა. ეჭვგარეშეა, იესოს მიერ გამოვლენილი სიკეთისთვის ათივეს გაუჩნდებოდა მადლიერების გრძნობა. მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა მხოლოდ კი არ იგრძნო მადლიერება, არამედ გამოხატა კიდეც ის. განკურნებული სამარიელი აღიძრა, რომ ხმამაღლა განედიდებინა ღმერთი (ლუკ. 17:12—19). სამარიელის მსგავსად, ჩვენც გვსურს, მადლობა გადავუხადოთ სხვებს სიკეთისთვის. იეჰოვა თავად გვაძლევს მადლიერების გამოხატვის მაგალითს. ის აჯილდოებს მათ, ვინც მის მოსაწონად იქცევა (2 სამ. 22:21; ფსალმ. 13:6; მათ. 10:40, 41). ბიბლია ჩვენც მოგვიწოდებს, რომ მივბაძოთ „ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“ (ეფეს. 5:1). ამგვარად, მადლიერების გამოვლენის უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გვსურს, იეჰოვას მივბაძოთ. w19.02 14 ¶1, 2; 15 ¶4
შაბათი, 5 სექტემბერი
არ დავთმობ უმწიკვლობას! (იობ. 27:5)
გოგონა თავაზიანად ამბობს უარს, მიიღოს მონაწილეობა დღესასწაულში, რომელიც ღვთისთვის მიუღებელია. მორცხვი ბიჭი კარდაკარ ქადაგებს. აკაკუნებს კარზე, სადაც მისი კლასელი ცხოვრობს, რომელიც იეჰოვას მოწმეებს დასცინოდა. მამაკაცს, რომელიც მძიმედ შრომობს ოჯახის სარჩენად, უფროსი უპატიოსნო და უკანონო საქმის შესრულებას სთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სამსახური დაკარგოს, ის უარს ეუბნება დამსაქმებელს და უხსნის, რომ ღმერთი თავისი მსახურებისგან პატიოსნებასა და კანონმორჩილებას მოითხოვს (რომ. 13:1—4; ებრ. 13:18). რომელი თვისება დაინახეთ ამ სამ ადამიანში? შეიძლება რამდენიმე თვისებაც კი შენიშნეთ, მათ შორის გაბედულება და პატიოსნება. თუმცა სამივე მათგანმა გამოავლინა კიდევ ერთი განსაკუთრებული თვისება. ამ თვისებას ბიბლია უმწიკვლობას უწოდებს. სამივემ შეინარჩუნა იეჰოვასადმი ერთგულება და უარი თქვა ღვთის ნორმების დარღვევაზე. უმწიკვლობამ უბიძგა მათ, ღვთის თვალში სწორად მოქცეულიყვნენ. ცხადია, იეჰოვა აფასებს თითოეულში ამ თვისებას და ამაყობს მათით. ჩვენც გვინდა, ზეციერმა მამამ ჩვენით იამაყოს. w19.02 2 ¶1, 2
კვირა, 6 სექტემბერი
კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია (ებრ. 10:1).
კანონი განსაკუთრებით იცავდა მათ, ვისაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო, მაგალითად ობლებს, ქვრივებსა და ხიზნებს. იეჰოვამ უთხრა ისრაელ მსაჯულებს: „არ გაუმრუდო სამართალი არც ხიზანსა და არც უმამო ბავშვს და არ გამოართვა ქვრივს გირაოდ ტანსაცმელი“ (კან. 24:17). იეჰოვა განსაკუთრებით ინტერესდებოდა მათით, ვინც შეიძლებოდა ადვილად დაეჩაგრათ. ის პასუხს სთხოვდა მჩაგვრელებს (გამ. 22:22—24). პასუხისმგებელი პირებისგან იეჰოვა ითხოვს, რომ გულითადი ინტერესი გამოავლინონ მათდამი, ვისაც ზედამხედველობას უწევენ. მას სძულს ნებისმიერი ხასიათის სექსუალური დანაშაული — იქნება ეს გაუპატიურება, სისხლის აღრევა თუ პედოფილია, და გვარწმუნებს, რომ ყველას, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველებს, დაიცავს და სამართალს გაუჩენს (ლევ. 18:6—30). როცა დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა სამართლიანად გვექცევა, მისდამი ჩვენი სიყვარული უფრო იზრდება. ღვთისა და მისი სამართლიანი ნორმების სიყვარული კი აღგვძრავს, გვიყვარდეს სხვები და მათ სამართლიანად მოვექცეთ. w19.02 24, 25 ¶22—26
ორშაბათი, 7 სექტემბერი
უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები (ტიტ. 2:12).
განვიხილოთ მაგალითი, თუ როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ სატანის აზროვნებისგან. იეჰოვამ გვასწავლა, რომ „სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და სიხარბე არც კი [უნდა] იხსენიებოდეს . . . [ჩვენ] შორის“ (ეფეს. 5:3). მაგრამ, როგორ მოვიქცევით, თუ სამსახურში ან სკოლაში ვინმე უხამს თემებზე წამოიწყებს საუბარს? გუშაგმა ანუ ჩვენმა სინდისმა შეიძლება საშიშროების შესახებ გაგვაფრთხილოს (რომ. 2:15). მაგრამ მოვუსმენთ მის ხმას? ამ დროს შეიძლება ვცდუნდეთ და მოვუსმინოთ თანამშრომლებს ან თანაკლასელებს და თვალი არ მოვარიდოთ უზნეო კადრებს, რომლებსაც ისინი გვაჩვენებენ. მაგრამ სწორედ ეს არის ის დრო, როცა უნდა ჩავკეტოთ „ქალაქის კარიბჭეები“, ანუ სხვა თემაზე გადავიტანოთ საუბარი ან გავერიდოთ იქაურობას. გაბედულება გვჭირდება, რომ გავუძლოთ თანატოლების ზეწოლას და არ ავყვეთ მათ ცუდ აზროვნებასა თუ საქციელში. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ხედავს ჩვენს ძალისხმევას და აუცილებლად მოგვცემს ძალასა და სიბრძნეს, რომ წინ აღვუდგეთ სატანის აზროვნებას (2 მატ. 16:9; ეს. 40:29; იაკ. 1:5). w19.01 17, 18 ¶12, 13
სამშაბათი, 8 სექტემბერი
დავუკვირდი ყოველ საქმეს, რაც საკუთარი ხელით მიკეთებია . . . აი, ამაოება ყოფილა ყველაფერი . . . არაფერს მოაქვს სარგებლობა (ეკლ. 2:11).
უზომოდ მდიდარმა და ძლევამოსილმა მეფე სოლომონმა გადაწყვიტა, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ყოველგვარი სიამოვნება გამოეცადა, რათა ენახა, რას მოუტანდა ეს ყოველივე (ეკლ. 2:1—10). მან აიშენა სახლები, გაიშენა ბაღები და წალკოტები. ის არაფერზე ეუბნებოდა უარს საკუთარ თავს. მაგრამ იგრძნო ამ ყველაფრის შემდეგ კმაყოფილება? ამისთვის ბევრი ფიქრი არ არის საჭირო, რადგან თავად სოლომონი გვეუბნება ამას დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით. მართლაც რა შესანიშნავი გაკვეთილია ეს ჩვენთვის! გამოავლენ სიბრძნეს და გაითვალისწინებ მას? იეჰოვას სურს, რომ მწარე გამოცდილებით არ მოგიწიოს ცხოვრებაში რაღაცის სწავლა. სინამდვილეში რწმენაა საჭირო იმისთვის, რომ დაემორჩილო ღმერთს და მისი ნება პირველ ადგილზე დააყენო. ასეთ რწმენას ვერაფერი შეედრება, რადგან ის იმედს არასოდეს გაგიცრუებს. იეჰოვა არასოდეს დაივიწყებს იმ სიყვარულს, „რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინე“ (ებრ. 6:10). ასე რომ, ყველაფერი გააკეთე რწმენის გასაძლიერებლად და თავად დარწმუნდები, რომ ზეციერ მამას საუკეთესო სურს შენთვის (ფსალმ. 32:8). w18.12 22 ¶14, 15
ოთხშაბათი, 9 სექტემბერი
ღმერთი . . . თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით (რომ. 5:8).
სულიერი ადამიანი ღვთისადმი რწმენას ავლენს და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მის შეხედულებებს იზიარებს. ის იეჰოვასგან ეძებს ხელმძღვანელობას და მას ემორჩილება (1 კორ. 2:12, 13). დავითი ამის კარგი მაგალითია. ის მღეროდა: „იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია და სასმისი“ (ფსალმ. 16:5). ამ მუხლში გამოყენებული სიტყვა „წილი“ იმაზე მიუთითებს, რომ დავითს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ღმერთთან და მასთან ეძებდა თავშესაფარს (ფსალმ. 16:1). შედეგად დავითს შეეძლო ეთქვა: „ხარობს ჩემი გული“. დიახ, მას ყველაზე დიდ სიხარულს იეჰოვასთან მეგობრობა ანიჭებდა (ფსალმ. 16:9, 11). სიხარული, რომელსაც დავითი განიცდიდა, უცხოა იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ცხოვრებაში უმთავრესი სიამოვნების მიღება და სიმდიდრის მოხვეჭაა (1 ტიმ. 6:9, 10). იეჰოვასადმი რწმენის განვითარება და მისადმი მსახურება შენს ცხოვრებას აზრს შესძენს და ნამდვილ კმაყოფილებას მოგანიჭებს. როგორ შეგიძლია გაიძლიერო რწმენა? დრო უნდა დაუთმო იეჰოვას, რაშიც ბიბლიის კითხვა, შემოქმედებაზე დაკვირვება და ღვთის შესანიშნავ თვისებებზე ფიქრი იგულისხმება. მაგალითად, შეგიძლია დაფიქრდე, როგორ ავლენს ღმერთი შენდამი სიყვარულს (რომ. 1:20). w18.12 25 ¶7, 8
ხუთშაბათი, 10 სექტემბერი
ყველას ცოლქმრობა იყოს ღირსეული (ებრ. 13:4).
პავლე ზოგადად ქორწინებაზე კი არ საუბრობდა, არამედ მოუწოდებდა ქრისტიანებს, დაეფასებინათ ქორწინება და განსაკუთრებულ კავშირად მიეჩნიათ ის. თქვენც ასე უყურებთ ცოლქმრულ კავშირს, განსაკუთრებით თქვენს ცოლქმრობას, თუ დაქორწინებული ხართ? თუ ქორწინებას ღირსეულად მიიჩნევთ, მაშინ თქვენც მათ შორის ხართ, ვისაც ამ საკითხის მიმართ სწორი დამოკიდებულება აქვს. იესოსთვის ქორწინება ღირსეული კავშირი იყო. როცა ფარისევლებმა განქორწინებასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, იესომ შეახსენა მათ, თუ რა თქვა ღმერთმა პირველ ქორწინებასთან დაკავშირებით: „ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და ორნი ერთი ხორცი იქნებიან“. შემდეგ კი დასძინა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მარ. 10:2—12; დაბ. 2:24). ამგვარად იესომ დაგვანახვა, რომ ქორწინებას ღმერთმა მისცა დასაბამი და ეს კავშირი მუდმივი უნდა ყოფილიყო. ღმერთს პირველი წყვილისთვის არ უთქვამს, რომ განქორწინება შეეძლოთ. ედემის ბაღში ქორწინებისთვის დადგენილი ნორმა მონოგამია იყო. ღვთის განზრახვის თანახმად, „ორის“ — კაცის და ქალის ერთობა მარადიული კავშირი უნდა ყოფილიყო. w18.12 10, 11 ¶2—4
პარასკევი, 11 სექტემბერი
განიახლეთ გონება (რომ. 12:2).
როცა ჭეშმარიტება გავიგეთ, ვისწავლეთ, რომ იეჰოვას ძირითადი მოთხოვნებისადმი მორჩილება მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ სულიერ ზრდასთან ერთად უფრო ღრმად ვწვდებით იეჰოვას აზროვნებას. მაგალითად, ვიგებთ, რა მოსწონს და რა არა, და როგორ უყურებს ამა თუ იმ საკითხს და ეს ჩვენს მოქმედებებსა და გადაწყვეტილებებში აისახება. მართალია, იეჰოვას აზროვნების განვითარება სასიამოვნო პროცესია, მაგრამ შეიძლება ის სირთულეებთანაც იყოს დაკავშირებული. ხანდახან ამაში არასრულყოფილება გვიშლის ხელს. მაგალითად, შეიძლება გვიძნელდება, ჩავწვდეთ იეჰოვას თვალსაზრისს ზნეობასთან, მატერიალიზმთან, ქადაგებასთან, სისხლის გადასხმასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? როგორ შეგვიძლია, უკეთ გავითავისოთ იეჰოვას აზროვნება? ამაზე პასუხი ჩვენი გონების განახლებაა ბიბლიის შესწავლით, ღვთის აზრების გაგებით, მათზე ფიქრითა და მათი გათავისებით. w18.11 23, 24 ¶2—4
შაბათი, 12 სექტემბერი
როდემდე უნდა გთხოვდე, იეჰოვა, შველას და არ ისმენდე? (აბაკ. 1:2)
აბაკუმი საკმაოდ რთულ და დაძაბულ პერიოდში მოღვაწეობდა. ის ძალიან დამწუხრებული იყო, რადგან ბოროტ და მოძალადე ხალხს შორის ცხოვრობდა. როდის დაესმებოდა მათ ბოროტებას წერტილი? რატომ იცდიდა იეჰოვა ამდენ ხანს? აბაკუმი მხოლოდ უსამართლობას და ჩაგვრას ხედავდა, რომლებსაც მისი თანამემამულენი სჩადიოდნენ. ის თავს უმწეოდ გრძნობდა; ამიტომ ამ შავბნელ პერიოდში იეჰოვას სთხოვდა, რომ რამე ეღონა. შესაძლოა აბაკუმი ფიქრობდა, რომ იეჰოვა უმოქმედოდ იყო. ისე ჩანდა, თითქოს ღმერთი არ ჩქარობდა. თქვენთვისაც ნაცნობი ხომ არ არის ღვთის ამ ერთგული და ძვირფასი მსახურის გრძნობები? აღარ ენდობოდა აბაკუმი იეჰოვას? რწმენა დაკარგა იეჰოვას დაპირებების მიმართ? სრულებითაც არა! თუნდაც ის ფაქტი, რომ თავისი საწუხარი და პრობლემები იეჰოვას გაანდო და არა ადამიანს, იმაზე მეტყველებს, რომ წინასწარმეტყველი იმედგადაწურული არ იყო. როგორც ჩანს, აბაკუმი იმიტომ წუხდა, რომ არ ესმოდა, რატომ იცდიდა იეჰოვა ამდენ ხანს და რატომ დაუშვა, რომ მის წინასწარმეტყველს ასე ეტანჯა. w18.11 14 ¶4, 5
კვირა, 13 სექტემბერი
ნუღარ მოაგროვებთ განძს დედამიწაზე (მათ. 6:19).
როცა მეთევზეებს, პეტრესა და ანდრიას, იესომ „ადამიანთა მებადურებად“ გახდომა შესთავაზა, „მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები“ (მათ. 4:18—20). რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ მათ, ვინც დღეს ჭეშმარიტებას იგებს, სამსახური უნდა დატოვონ. ბიბლია ქრისტიანებს ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას აკისრებს (1 ტიმ. 5:8). თუმცა ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ადამიანმა მატერიალური ნივთების მიმართ დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და დაინახოს, რა უფრო მნიშვნელოვანია. განვიხილოთ მარიას მაგალითი. გოლფი მისი ცხოვრება იყო და მიზნად ჰქონდა დასახული, მაღალანაზღაურებადი კარიერა შეექმნა, როგორც პროფესიონალ გოლფის მოთამაშეს. მოგვიანებით მარიამ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოსწონდა, რომ ჭეშმარიტება ცხოვრების შეცვლაში ეხმარებოდა. ის მიხვდა, რომ ადვილი არ იქნებოდა, ერთდროულად მატერიალურადაც გამდიდრებულიყო და სულიერადაც (მათ. 6:24). მარიამ უარი თქვა, გამხდარიყო პროფესიონალი გოლფის მოთამაშე. დღეს მარია პიონერად მსახურობს და თვლის, რომ მის ცხოვრებას ასეთ ბედნიერს და აზრით აღსავსეს სხვა ვერაფერი გახდიდა. w18.11 5 ¶9, 10
ორშაბათი, 14 სექტემბერი
განა ეს დურგალი არ არის, მარიამის ვაჟი (მარ. 6:3).
30 წლის ასაკში იესომ დურგლის ხელსაწყოები გვერდზე გადადო და ქადაგებას შეუდგა. მას ესმოდა, რომ ეს გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე იყო. როგორც თავად თქვა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ის დედამიწაზე გამოგზავნა, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადება იყო (მათ. 20:28; ლუკ. 3:23; 4:43). მსახურებას იესოს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი ეკავა და ის სხვებსაც იწვევდა ამ საქმეში მონაწილეობის მისაღებად (მათ. 9:35—38). შეიძლება დურგლები არა, მაგრამ სასიხარულო ცნობის მსახურები ნამდვილად ვართ. ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თავად ღმერთი მონაწილეობს მასში, ჩვენ კი მისი „თანამშრომელნი ვართ“ (1 კორ. 3:9; 2 კორ. 6:4). ჩვენ გვჯერა, რომ იეჰოვას „სიტყვის არსი ჭეშმარიტებაა“ (ფსალმ. 119:159, 160). სწორედ ამიტომ გვსურს, რომ „სწორად . . . [გადავცეთ] ჭეშმარიტების სიტყვა“ (2 ტიმ. 2:15). შესაბამისად, ვცდილობთ, უფრო და უფრო დახელოვნებულად გამოვიყენოთ ბიბლია, რომელიც ჩვენი ძირითადი იარაღია. w18.10 11 ¶1, 2
სამშაბათი, 15 სექტემბერი
უნდა დაეხმაროთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები (საქ. 20:35).
ცოლი ადვილად ავლენს ღრმა პატივისცემას ქმრის მიმართ, როცა ის ჰბაძავს იესო ქრისტეს, რომელიც მისი თავია (ეფეს. 5:22—25, 33). პატივისცემით განმსჭვალული ცოლი კი ცდილობს, გაუგოს ქმარს. როცა მშობლები ერთმანეთის მიმართ ყურადღებიანები და გულისხმიერები არიან, შვილებს კარგ მაგალითს აძლევენ. ცხადია, უმთავრესად მშობლების პასუხისმგებლობაა, რომ შვილებს სხვების გათვალისწინება ასწავლონ. მაგალითად, მშობლებმა შვილები უნდა დაარიგონ, რომ სამეფო დარბაზში არ ირბინონ ან მეგობრულ შეკრებებზე საჭმლის აღების დროს რიგი უფროსებს დაუთმონ. როცა ბავშვი ყურადღებას გამოიჩენს და კარს გაგვიღებს, უნდა შევაქოთ ის. შექება დადებითად იმოქმედებს ბავშვზე და თავად დარწმუნდება, რომ „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“. w18.09 29 ¶5, 6
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი
ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე (მათ. 23:10).
ჩვენი მეფის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობიდან აშკარად ჩანს, რომ ის მომავლისთვის გვამზადებს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ყურადღებას იმ დადებით შედეგებზე გავამახვილებთ, რომლებიც ამ ცვლილებების მიყოლამ მოგვიტანა. თქვენი ოჯახისთვის გამამხნევებელი იქნება, თუ თაყვანისცემის დროს იმსჯელებთ, როგორ დაგეხმარათ კრების შეხვედრებსა თუ მსახურებასთან დაკავშირებული ცვლილებები. სიახლეებს სიხარულით ავუწყობთ ფეხს, თუ დავინახავთ, რა დგას იეჰოვას ორგანიზაციისგან მომდინარე მითითებების მიღმა და საკუთარ თავზე გამოვცდით იმ დადებით შედეგებს, რაც მათ გათვალისწინებას მოჰყვება. ცხადია, მოგვწონს, რომ ბეჭდვითი პუბლიკაციების შემცირებამ და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამ შესაძლებელი გახადა ფულის დაზოგვა და დაზოგილი თანხების სამქადაგებლო საქმიანობისთვის გამოყენება, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოისმინოს სამეფოს ცნობა. ასე რომ, უფრო აქტიურად გამოიყენეთ ელექტრონული პუბლიკაციები და აუდიო თუ ვიდეომასალა. ასეთი სახით, მხარს დავუჭერთ იესოს, რომელსაც სურს, რომ ორგანიზაციის რესურსები გონივრულად იქნეს გამოყენებული. როცა მთელი გულით ვუჭერთ მხარს ქრისტეს ხელმძღვანელობას, სხვებს რწმენის განმტკიცებაში ვეხმარებით და ხელს ვუწყობთ ერთობას. w18.10 25, 26 ¶17—19
ხუთშაბათი, 17 სექტემბერი
სათუთი გრძნობები გვაქვს თქვენ მიმართ და ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგეცით არა მხოლოდ ღვთის სასიხარულო ცნობა, არამედ საკუთარი სულებიც (1 თეს. 2:8).
როდესაც ღვთის მსგავსად თავაზიანები და გულისხმიერები ვართ, შეიძლება იეჰოვამ სწორედ ჩვენი მეშვეობით უპასუხოს დეპრესიაში მყოფი ადამიანის ლოცვებს (2 კორ. 1:3—6). თუმცა სრულყოფილებას ნუ მოსთხოვთ სულიერ და-ძმებს. შეინარჩუნეთ გაწონასწორებული თვალსაზრისი მათ მიმართ. არარეალურია იმის მოლოდინი, რომ ისინი შეცდომას არ დაუშვებენ. თუ ასეთი მოლოდინი გვექნება, გულგატეხილობა გარდაუვალია (ეკლ. 7:21, 22). გახსოვდეთ, იეჰოვა რეალურად აფასებს თავის მსახურებს და იმაზე მეტს არ სთხოვს, ვიდრე შეუძლიათ. თუ მის მაგალითს მივბაძავთ, სხვების არასრულყოფილებაზე მძაფრი რეაქცია აღარ გვექნება (ეფეს. 4:2, 32). ისეთ შთაბეჭდილებას კი ნუ შეუქმნით და-ძმებს, რომ ღვთის მსახურებაში რაღაცას ვერ აკეთებენ, არამედ შეაქეთ იმის გამო, რაც კარგად გამოსდით. ეს მათ გაამხნევებს. გულწრფელი შექება ძალებს შემატებს და დაეხმარება, იეჰოვასადმი მსახურებაში „სიხარულის მიზეზი“ იპოვონ. კარგი იქნება, თუ ასე მოიქცევით და მათ სხვებს არ შეადარებთ (გალ. 6:4). w18.09 16 ¶16, 17
პარასკევი, 18 სექტემბერი
ჩემი საჭმელი ის არის, რომ ჩემი გამომგზავნელის ნება შევასრულო და მისი საქმე დავასრულო (იოან. 4:34).
იესოსთვის ღვთის მითითების თანახმად მოქმედება საჭმელივით იყო. რა გაგებით არის ღვთის ნების შესრულება საჭმელივით? როგორც ჯანსაღი საკვების მიღების შემდეგ ვკმაყოფილდებით და ვნაყრდებით, ისე ღვთის ნების შესრულების შედეგად გვიძლიერდება რწმენა. სიბრძნის გამოსავლენად აუცილებელია, რომ ღვთის მითითებების თანახმად ვიცხოვროთ (იაკ. 3:13). ნამდვილად ღირს, ვიშრომოთ სიბრძნის შესაძენად, რადგან მას კარგი შედეგები მოჰყვება. ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „ვერ შეედრება ვერაფერი . . . [ის] სიცოცხლის ხეა მათთვის, ვინც ხელს ჩაავლებს მას, და ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“ (იგავ. 3:13—18). იესომ თქვა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოან. 13:17). ქრისტეს მოწაფეების ბედნიერება იმ შემთხვევაში გასტანდა დიდხანს, თუ არ შეწყვეტდნენ იესოს მითითებების მიყოლას. იესოს სწავლებებმა და საქმეებმა მოწაფეები დროებით კი არ აღაფრთოვანა, არამედ მთელ მათ ცხოვრებაზე იქონია გავლენა. w18.09 4 ¶4, 5
შაბათი, 19 სექტემბერი
დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად (დაბ. 1:27).
ღმერთმა პირველ წყვილს ისეთი რამ დაავალა, რაც მათ სხვების კეთილდღეობაზე ზრუნვის საშუალებას მისცემდა იმის მიუხედავად, რომ ედემის ბაღში მხოლოდ ორნი იყვნენ. იეჰოვამ აკურთხა ადამი და ევა და უთხრა, რომ გამრავლებულიყვნენ, აევსოთ დედამიწა და დაპატრონებოდნენ მას (დაბ. 1:28). როგორც შემოქმედი ზრუნავდა თავისი ქმნილებების კეთილდღეობაზე, ისე პირველ წყვილს უნდა ეზრუნა ჯერ არშობილი შვილების ბედნიერებაზე. მთელი დედამიწა სამოთხედ უნდა გადაქცეულიყო, სადაც ადამის შთამომავლები იცხოვრებდნენ. დედამიწაზე სამოთხისებური პირობების შექმნა საკმაოდ გრძელვადიანი დავალება იყო, რომლის შესრულებაშიც ადამის შთამომავლებიც მიიღებდნენ მონაწილეობას. სამოთხის საზღვრები რომ გაეფართოებინათ და მისი ნება შეესრულებინათ, სრულყოფილ ადამიანებს იეჰოვასთან სრულად უნდა ეთანამშრომლათ. ასე მოქმედებით ისინი „ღვთის დასვენებაში“ შევიდოდნენ (ებრ. 4:11). წარმოიდგინეთ, რა სასიამოვნო და სიხარულის მომტანი იქნებოდა მათთვის ამ დავალების შესრულება! სხვების კეთილდღეობაზე უანგაროდ ზრუნვა მათ უდიდეს კმაყოფილებასა და კურთხევებს მოუტანდა. w18.08 18 ¶2; 19, 20 ¶8, 9
კვირა, 20 სექტემბერი
მან კი ცილი დასწამა შენს მსახურს მეფე-ბატონის წინაშე (2 სამ. 19:27).
რა უნდა გააკეთოთ, თუ ვინმე თქვენზე სიცრუეს ავრცელებს? სწორედ ასე მოექცნენ იესოსა და იოანე ნათლისმცემელს (მათ. 11:18, 19). რა გააკეთა იესომ სიცრუის გასაბათილებლად? მას მთელი დრო და ენერგია თავის მართლებისთვის არ დაუხარჯავს. ნაცვლად ამისა, მან მოუწოდა ხალხს, რომ დაკვირვებოდნენ ფაქტებს ანუ მის სწავლებებსა და საქმეებს. როგორც იესომ თქვა, „სიბრძნის სიმართლეს მისი საქმეები ამტკიცებს“ (მათ. 11:19). აქედან მნიშვნელოვან გაკვეთილს ვსწავლობთ. ზოგჯერ შეიძლება გაგვაკრიტიკონ ან უსამართლოდ დაგვადანაშაულონ. ასეთ დროს შეიძლება სამართლიანობის აღდგენისა და ისეთი რამის გაკეთების ძლიერი სურვილი გაგვიჩნდეს, რაც შელახულ რეპუტაციას აღგვიდგენს. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? თუ ვინმე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს ჩვენ შესახებ, შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებით დავანახვოთ სხვებს, რომ ეს სიცრუეა. დიახ, როგორც იესოს მაგალითიდან ჩანს, ქრისტიანისთვის შესაფერისი საქმეებით შეგვიძლია მთლიანად გავაქარწყლოთ არასწორი ინფორმაცია და ცრუ ბრალდებები. w18.08 6 ¶11—13
ორშაბათი, 21 სექტემბერი
გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე და მას მიეკარი (კან. 10:20).
ბიბლიაში მოთხრობილ შემთხვევებს, რომლებიც კაენის, სოლომონისა და სინას მთასთან შეკრებილ ისრაელების დაუმორჩილებლობას ეხება, საერთო ნამდვილად აქვთ. მათ მონანიებისა და მობრუნების შესაძლებლობა ჰქონდათ (საქ. 3:19). აშკარაა, რომ იეჰოვა მაშინვე არ იქნევს ხელს მათზე, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს. მაგალითად, მან აპატია აარონს. დღეს იეჰოვამ შეიძლება ბიბლიის, ბიბლიური პუბლიკაციების ან თანაქრისტიანების მეშვეობით გაგვაფრთხილოს. თუ ყურად ვიღებთ ამ გაფრთხილებებს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა გულმოწყალებას გამოავლენს ჩვენდამი. იეჰოვა მიზანმიმართულად ავლენს წყალობას (2 კორ. 6:1). ის შესაძლებლობას გვაძლევს, „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები“ (ტიტ. 2:11—14). სანამ „ახლანდელ ქვეყნიერებაში“ ვცხოვრობთ, შეიძლება ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდეთ, რომლებშიც გამოიცდება იეჰოვასადმი ჩვენი განსაკუთრებული ერთგულება. დაე ყოველთვის მტკიცედ ვიდგეთ იეჰოვას მხარეს. w18.07 21 ¶20, 21
სამშაბათი, 22 სექტემბერი
იეჰოვა იცნობს თავისას (2 ტიმ. 2:19).
რა გაგვიძლიერებს იმის სურვილს, რომ იეჰოვასგან ვეძებოთ აღიარება და არა ქვეყნიერებისგან? საჭიროა, გვახსოვდეს ორი მნიშვნელოვანი აზრი. პირველი, იეჰოვა ყოველთვის აღიარებს მათ, ვინც ერთგულად ემსახურება მას (ებრ. 6:10; 11:6). ის ძალიან აფასებს თითოეულ ერთგულ მსახურს და უსამართლობად მიიჩნევს მათ უგულებელყოფას. მან იცის „მართალთა გზა“ და ის, თუ „როგორ დაიხსნას [ისინი] განსაცდელისგან“ (ფსალმ. 1:6; 2 პეტ. 2:9). მეორე: იეჰოვამ შეიძლება ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით დაგვანახვოს, რომ გვიცნობს. მათზე, ვინც კარგ საქმეებს მხოლოდ სხვების დასანახად აკეთებს, ნათქვამია, რომ იეჰოვასგან ვერ მიიღებენ აღიარებას, რადგან მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური (მათ. 6:1—5). მაგრამ იესომ თქვა, რომ იეჰოვა ამჩნევს იმ ადამიანებს, რომელთა კარგი საქმეებიც დაფარულში დარჩა და რისთვისაც სხვებისგან არ დაფასებულან. მას შეუმჩნეველი არ რჩება მათი კარგი საქმეები და თითოეულს სათანადოდ მიუზღავს. w18.07 9 ¶8, 10
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი
ნუღარ უწოდებ ბილწს იმას, რაც ღმერთმა განწმინდა (საქ. 10:15).
პეტრე საგონებელში იყო, რადგან ვერ ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს ყოველივე. მალევე მასთან კორნელიუსის მიერ გაგზავნილი მაცნეები მივიდნენ. წმინდა სულისგან მიღებული მითითების შემდეგ პეტრემ აღარ დაახანა და ამ მამაკაცებს კორნელიუსის სახლში გაჰყვა. პეტრეს რომ მდგომარეობა მხოლოდ „გარეგნობის მიხედვით“ შეეფასებინა, ის არასდროს შედგამდა ფეხს კორნელიუსის სახლში, რადგან იუდეველები არ შედიოდნენ უცხოტომელთა სახლებში. რა დაეხმარა პეტრეს ღრმად გამჯდარი უარყოფითი დამოკიდებულების დაძლევაში? ნანახმა ხილვამ და წმინდა სულის ხელმძღვანელობამ მოციქულს მთლიანად შეუცვალა აზროვნება. როგორც ჩანს, სწორედ კორნელიუსის სიტყვების მოსმენის შემდეგ აღიძრა ის, რომ ღვთივშთაგონებით ეთქვა: „ახლა მართლა ვხედავ, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). რა სასიამოვნო სიახლე იყო ეს პეტრესთვის და არა მხოლოდ მისთვის! w18.08 9 ¶3, 4
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი
შეიძულეთ ის, რაც ცუდია (ამოს. 5:15).
ჩვენთვისვე იქნება კარგი, თუ თავს შორს დავიჭერთ იმისგან, რაც ღმერთს სძულს. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რასთან დაკავშირებითაც ბიბლია კონკრეტულ მითითებებს არ გვაძლევს? როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა არის ღვთისთვის მისაღები და მოსაწონი? სწორედ ამ დროს იწყებს ბიბლიით განსწავლული სინდისი მოქმედებას. იეჰოვამ სიყვარულით მოგვცა პრინციპები, რომლებიც სინდისის განსწავლაში გვეხმარება. ის ამბობს: „მე, იეჰოვა, შენი ღმერთი ვარ, მე გასწავლი შენ სასიკეთოდ და გატარებ იმ გზით, რომლითაც უნდა იარო!“ (ეს. 48:17, 18). სინდისის განსწავლას და მისთვის სწორი მიმართულების მიცემას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ღრმად ვიფიქრებთ ბიბლიურ პრინციპებზე და მათ ჩვენს გულზე მოქმედების საშუალებას მივცემთ. ბიბლიით განსწავლული სინდისი კი, თავის მხრივ, გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება. პრინციპი არის „ფუნდამენტური ჭეშმარიტება ან ამოსავალი დებულება, რომელსაც ჩვენი აზროვნება და ქცევა უნდა ეფუძნებოდეს“. პრინციპების ცოდნაში იგულისხმება, ჩავწვდეთ კანონმდებლის აზროვნებას და გვესმოდეს, თუ რა მიზეზით დაგვიდგინა მან ესა თუ ის კანონი. w18.06 17 ¶5; 18 ¶8—10
პარასკევი, 25 სექტემბერი
ნებადართულია სულადობრივი გადასახადის გადახდა კეისრისთვის? (მათ. 22:17)
„ჰეროდეს მომხრეები“, რომლებმაც ეს საკითხი წამოჭრეს, ფიქრობდნენ, რომ, თუ იესო ამ გადასახადის წინააღმდეგი იქნებოდა, მას რომის მტრად გამოაცხადებდნენ, ხოლო თუ იტყოდა, რომ აუცილებელი იყო სულადობრივი გადასახადის გადახდა, მიმდევრებს დაკარგავდა. იესო დიდ სიფრთხილეს იჩენდა, რადგან სურდა, რომ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხში ნეიტრალური პოზიცია შეენარჩუნებინა. ცხადია, იესომ იცოდა, რომ გადასახადების ამკრეფები კორუმპირებულები იყვნენ, მაგრამ მას არ სურდა, რომ ყურადღება გადაეტანა გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხიდან — ღვთის სამეფოდან, რომელიც ადამიანებს ნამდვილად გაათავისუფლებდა პრობლემებისგან. ამ მხრივ მან კარგი მაგალითი დაუტოვა თავის მიმდევრებს. რაც არ უნდა სწორი და სამართლიანი ჰგონებოდათ ესა თუ ის კურსი, ისინი არ უნდა ჩარეულიყვნენ პოლიტიკურ საკითხებში. ქრისტიანებს არც მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ და არც ხმას იმაღლებენ უსამართლობის წინააღმდეგ. ნაცვლად ამისა, ისინი ეძებენ „სამეფოს და მამის სიმართლეს“ (მათ. 6:33). ბევრმა იეჰოვას მსახურმა შეძლო, რომ გათავისუფლებულიყო მტკიცედ ჩამოყალიბებული პოლიტიკური შეხედულებებისგან. w18.06 6 ¶9—11
შაბათი, 26 სექტემბერი
ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები (დაბ. 6:2).
შესაძლოა ამ ორგული ანგელოზებისთვის საცდური არა მხოლოდ უზნეობა, არამედ კაცობრიობაზე ძალაუფლებაც იყო, რომელსაც მათ სატანა ჰპირდებოდა. როგორც ჩანს, ის ცდილობდა, რომ ნაწინასწარმეტყველები ქალის შთამომავალი არ მოსულიყო (დაბ. 3:15). როგორც უნდა ყოფილიყო, იეჰოვამ წარღვნა მოახდინა და სატანისა და ურჩი ანგელოზების ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი ჩაშალა. ასე რომ, ყოველთვის სათანადოდ შეაფასეთ უზნეობისა და სიამაყის საშიშროება. ის ანგელოზები, რომლებიც სატანას მიემხრნენ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე იეჰოვას წინაშე მსახურობდნენ. მაგრამ ბევრმა დაუშვა, რომ მათში არასწორ სურვილებს გაედგა ფესვი და ეს სურვილები უფრო და უფრო გაძლიერებულიყო. მსგავსად ამისა, შეიძლება უკვე ათწლეულებია, რაც იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს მივეკუთვნებით, თუმცა სულიერად წმინდა გარემოს მიუხედავად, შეიძლება ჩვენში უმართებულო სურვილებმა გაიდგას ფესვი (1 კორ. 10:12). ამიტომ აუცილებელია, რომ გამუდმებით შევამოწმოთ ჩვენი გული, მოვიშოროთ უზნეო ფიქრები და ვებრძოლოთ სიამაყეს (გალ. 5:26; კოლ. 3:5). w18.05 25 ¶11, 12
კვირა, 27 სექტემბერი
დიდი მწუხარება და გაუყუჩებელი ტკივილი მაქვს გულში (რომ. 9:2).
პავლეს გულს უტეხდა სამეფოს ცნობისადმი იუდეველების უარყოფითი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, მას ხელი არ ჩაუქნევია მათზე. აი როგორ გამოხატა პავლემ იუდეველების მიმართ თავისი გრძნობები რომაელებისთვის მიწერილ წერილში: „გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ. ვუმოწმებ მათ, რომ ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით“ (რომ. 10:1, 2). პავლემ თქვა, თუ რატომ არ წყვეტდა იუდეველებთან ქადაგებას. მას გულით სურდა, რომ იუდეველებს ხსნა მიეღოთ (რომ. 11:13, 14). ის ღმერთს სთხოვდა ლოცვაში, რომ იუდეველებს სამეფოს ცნობის მოსმენაში დახმარებოდა. პავლემ თქვა, რომ მათ ღვთისთვის მოშურნეობა ჰქონდათ. ის კარგს ამჩნევდა ადამიანებში და ხედავდა, რომ ისინი შეიძლებოდა იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. თუ იუდეველების მოშურნეობას სწორი მიმართულება მიეცემოდა, ისინი გულმოდგინე ქრისტიანები გახდებოდნენ, როგორც ეს პავლეს შემთხვევაში მოხდა. w18.05 13 ¶4; 15, 16 ¶13, 14
ორშაბათი, 28 სექტემბერი
თქვენი პირიდან . . . კარგი [სიტყვა] გამოვიდეს აღსაშენებლად საჭიროებისამებრ, რათა ამან მადლი მიანიჭოს მსმენელებს (ეფეს. 4:29).
თითოეული ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ დავინახოთ სხვების საჭიროებები. პავლემ ურჩია ებრაელ ქრისტიანებს: „გამართეთ ჩამოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები და გაასწორეთ თქვენი ფეხის სავალი, რათა კოჭლმა ფეხი არ იღრძოს და განიკურნოს“ (ებრ. 12:12, 13). ჩვენ უნდა დავეხმაროთ სხვებს, რომ გამართონ „ჩამოშვებული ხელები“ და გაიძლიერონ „დასუსტებული მუხლები“. სხვების აღშენება და გამხნევება ყველას შეუძლია, მათ შორის ახალგაზრდებსაც. პავლე გვირჩევს: „ამიტომ, თუ არის რაიმე გამხნევება ქრისტეში, თუ არის სიყვარულით ნუგეში, სულთან მოზიარეობა, სათუთი გრძნობები და თანაგრძნობა, შეავსეთ ჩემი სიხარული; გქონდეთ ერთი აზრი, ერთნაირი სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთი აზრისანი, ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად, და მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:1—4). w18.04 22 ¶10; 23 ¶12
სამშაბათი, 29 სექტემბერი
იყავით თავისუფლები, . . . თავისუფლება . . . გამოიყენეთ როგორც ღვთის მონებმა (1 პეტ. 2:16).
იეჰოვამ იმ მიზეზით გაგვათავისუფლა იესოს მეშვეობით ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან, რომ მთელი სიცოცხლე მისთვის გვემსახურა, „როგორც ღვთის მონებს“. ბოროტად რომ არ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება და კვლავ არ დავემონოთ ქვეყნიურ ამბიციებსა თუ სურვილებს, აუცილებელია, სრულად ჩავებათ სულიერ საქმეებში (გალ. 5:16). დავფიქრდეთ ნოესა და მისი ოჯახის მაგალითზე. ისინი მოძალადე და ზნედაცემულ ქვეყნიერებაში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, მათზე გავლენა ვერ მოახდინა ირგვლივ მცხოვრები ხალხის მისწრაფებებმა და სურვილებმა. როგორ დაიცვეს მათ თავი? ისინი სრულად იყვნენ დაკავებულები იმ საქმით, რომელიც იეჰოვამ დაავალა — აშენებდნენ კიდობანს, იმარაგებდნენ საკვებს თავისთვისაც და ცხოველებისთვისაც და ხალხს გამაფრთხილებელ ცნობას გადასცემდნენ. ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა უბრძანა. სწორედ ისე გააკეთა“ (დაბ. 6:22). შედეგად, ქვეყნიერების აღსასრულს ნოეც გადაურჩა და მისი ოჯახიც (ებრ. 11:7). w18.04 10 ¶8; 11 ¶11, 12
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი
შენ მოგცემ მთელ ამ ძალაუფლებას და მათ დიდებას, რადგან მე გადმომეცა და ვისაც მინდა, იმას ვაძლევ (ლუკ. 4:6).
სატანა და მისი დემონები „მთელი მსოფლიოს“ შეცდომაში შესაყვანად მთავრობების გარდა, ცრუ რელიგიასა და კომერციულ სისტემასაც იყენებენ (გამოცხ. 12:9). ცრუ რელიგიის მეშვეობით სატანა სიცრუეს ავრცელებს იეჰოვას შესახებ. ამასთანავე, ეშმაკი ცდილობს, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს დაავიწყოს ღვთის სახელი (იერ. 23:26, 27). შედეგად, ზოგს გულწრფელად სჯერა, რომ ღმერთს სცემს თაყვანს, სინამდვილეში კი დემონებს ემსახურება (1 კორ. 10:20; 2 კორ. 11:13—15). სატანა თავისი სიცრუის გასავრცელებლად კომერციულ სისტემასაც იყენებს. მაგალითად, მისი მეშვეობით არწმუნებს ხალხს, რომ ბედნიერებისთვის აუცილებელია ბევრი ფულისა და ქონების დაგროვება (იგავ. 18:11). ისინი, ვინც ამ სიცრუეს იჯერებენ, მთელ ცხოვრებას სიმდიდრის დაგროვებას უძღვნიან და არა ღმერთს (მათ. 6:24). საბოლოოდ, მატერიალური ნივთების სიყვარული მთლიანად აშთობს მათში ღვთისადმი სიყვარულს (მათ. 13:22; 1 იოან. 2:15, 16). w18.05 23 ¶6, 7