საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es20 გვ. 108-118
  • ნოემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნოემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 ნოემბერი
  • ორშაბათი, 2 ნოემბერი
  • სამშაბათი, 3 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 4 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 5 ნოემბერი
  • პარასკევი, 6 ნოემბერი
  • შაბათი, 7 ნოემბერი
  • კვირა, 8 ნოემბერი
  • ორშაბათი, 9 ნოემბერი
  • სამშაბათი, 10 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 11 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 12 ნოემბერი
  • პარასკევი, 13 ნოემბერი
  • შაბათი, 14 ნოემბერი
  • კვირა, 15 ნოემბერი
  • ორშაბათი, 16 ნოემბერი
  • სამშაბათი, 17 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 18 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 19 ნოემბერი
  • პარასკევი, 20 ნოემბერი
  • შაბათი, 21 ნოემბერი
  • კვირა, 22 ნოემბერი
  • ორშაბათი, 23 ნოემბერი
  • სამშაბათი, 24 ნოემბერი
  • ოთხშაბათი, 25 ნოემბერი
  • ხუთშაბათი, 26 ნოემბერი
  • პარასკევი, 27 ნოემბერი
  • შაბათი, 28 ნოემბერი
  • კვირა, 29 ნოემბერი
  • ორშაბათი, 30 ნოემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
es20 გვ. 108-118

ნოემბერი

კვირა, 1 ნოემბერი

ვინც ამ პურს ჭამს, მარადიულად იცოცხლებს (იოან. 6:58).

როდესაც ვემსახურებით იეჰოვას, ჩვენ შეგვიძლია დავიბრუნოთ ყველაფერი, რაც ადამმა და ევამ დაკარგეს, მათ შორის მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა. ადამმა და ევამ იეჰოვას ზურგი იმიტომ აქციეს, რომ არ განივითარეს მისადმი ძლიერი სიყვარული. მიუხედავად ამისა, იეჰოვამ უფლება მისცა მათ, იმდენ ხანს ეცხოვრათ, რომ შვილები ჰყოლოდათ და ისინი საკუთარი ნორმებით აღეზარდათ. თუმცა იეჰოვასგან დამოუკიდებლად ცხოვრებამ მათ მალევე მოუტანა სავალალო შედეგები, რამაც მათი უგუნური საქციელი გამოააშკარავა. მათმა უფროსმა ვაჟმა სიცოცხლეს გამოასალმა უდანაშაულო ძმა, რის შემდეგაც ფეხი მოიკიდა ძალადობამ და ეგოიზმმა (დაბ. 4:8; 6:11—13). ამ ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას უკვე მოძებნილი ჰქონდა გამოსავალი ადამისა და ევას იმ შთამომავალთა სახსნელად, რომლებიც მის მსახურებას აირჩევდნენ (იოან. 6:38—40, 57). ასე რომ, რაც უფრო ახლოს გაეცნობი მოსიყვარულე და სულგრძელ ღმერთს, იეჰოვას, მით უფრო გაგიძლიერდება მისადმი სიყვარული და გაგიჩნდება დიდი სურვილი, რომ ზურგი აქციო ადამისა და ევას მიერ არჩეულ კურსს და თავი მიუძღვნა იეჰოვას. w19.03 2 ¶3; 4 ¶9

ორშაბათი, 2 ნოემბერი

[ყველანი] იყავით გულისხმიერნი (1 პეტ. 3:8).

თანაგრძნობის გამოვლენა რომ ისწავლოთ, შეეცადეთ გაიგოთ, რასთან უწევთ ბრძოლა ოჯახისა თუ კრების წევრებს და შედით მათ მდგომარეობაში. ყურადღება გამოავლინეთ მოზარდების, ხანდაზმულების, მგლოვიარეებისა და მათ მიმართ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჰკითხეთ, როგორ გრძნობენ თავს და ყურადღებით მოუსმინეთ. აგრძნობინეთ, რომ კარგად გესმით მათი მდგომარეობა. დაფიქრდით, რის გაკეთება შეგიძლიათ მათთვის და შესთავაზეთ დახმარება. როცა ასე ვიქცევით, გულწრფელ სიყვარულს საქმეებით ვამტკიცებთ (1 იოან. 3:18). როცა სხვების დახმარებას ვცდილობთ, გონიერება უნდა გამოვიჩინოთ, რადგან პრობლემების დროს ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგს ვინმესთვის გულის გადაშლა სჭირდება, ზოგი კი საკუთარ თავში იკეტება. ამიტომ, როცა დახმარებას ვთავაზობთ, უნდა მოვერიდოთ პირადული კითხვების დასმას (1 თეს. 4:11). როდესაც სხვები გულახდილად გვესაუბრებიან, შეიძლება ისეთი რამ გვითხრან, რაშიც არ ვეთანხმებით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი იმას გვეუბნებიან, რასაც გრძნობენ. ამიტომ სწრაფები უნდა ვიყოთ მოსმენაში და ნელი სიტყვაში (მათ. 7:1; იაკ. 1:19). w19.03 19 ¶18, 19

სამშაბათი, 3 ნოემბერი

მაშინ ძლიერ შევშინდი (ნეემ. 2:2).

გეშინიათ ჭეშმარიტების შესახებ საჯაროდ საუბარი? გაიხსენეთ ნეემია, რომელიც ძლევამოსილი მეფის კარზე მსახურობდა. ის ძალიან დაამწუხრა იმის გაგებამ, რომ იერუსალიმის გალავანი და კარიბჭეები დანგრეული იყო (ნეემ. 1:1—4). წარმოიდგინეთ, როგორ ინერვიულებდა და შეშინდებოდა, როცა მეფემ მოწყენილობის მიზეზი ჰკითხა. ნეემიამ პასუხის გაცემამდე მოკლედ ილოცა. მისი პასუხის შემდეგ მეფემ ბევრი რამ გააკეთა ღვთის ხალხის დასახმარებლად (ნეემ. 2:1—8). დაფიქრდით იონას მაგალითზეც. როცა იეჰოვამ ნინევეში წასვლა და ქადაგება დაავალა, იონას ისე შეეშინდა, რომ სრულიად საპირისპირო მიმართულებით გაიქცა (იონ. 1:1—3). მაგრამ იეჰოვას დახმარებით საბოლოოდ მაინც შეასრულა დავალება. მისმა ქადაგებამ ნინეველებს დიდი სიკეთე მოუტანა (იონ. 3:5—10). ნეემიასგან ვსწავლობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა კომენტარის გაკეთებამდე. იონას შემთხვევიდან კი ვიგებთ, რომ, რაოდენ დიდი შიშიც არ უნდა გვქონდეს, იეჰოვა დაგვეხმარება მისგან დავალებული საქმის შესრულებაში. w19.01 11 ¶12

ოთხშაბათი, 4 ნოემბერი

არავინ არის ისეთი, რომ ჩემი გულისთვის და სასიხარულო ცნობის გულისთვის დატოვოს სახლი ან [ოჯახი] . . . და უკვე ახლა . . . ასმაგად არ მიიღოს . . . მომავალში კი — მარადიული სიცოცხლე (მარ. 10:29, 30).

როცა ჭეშმარიტების თანახმად ცხოვრებას ვირჩევთ, შეიძლება მეგობრებთან და ნათესავებთან უწინდებური ურთიერთობა ვეღარ გვქონდეს. იესო თავის მოწაფეებზე ლოცულობდა: „განწმინდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“ (იოან. 17:17). ამ მუხლში სიტყვა „განწმენდა“ შეიძლება გამოცალკევებასაც ნიშნავდეს. ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ქვეყნიერებისგან გამოცალკევებულები ვხდებით, რადგან მათნაირად აღარ ვცხოვრობთ. ხალხს შეხედულება ეცვლება ჩვენზე, რადგან განსხვავებული ფასეულობები შევიძინეთ და ბიბლიური ნორმების თანახმად ვცხოვრობთ. მართალია, არ გვინდა, დავშორდეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მაგრამ ახლად შეძენილი რწმენის გამო ზოგმა შეიძლება თავი შორს დაიჭიროს ჩვენგან ან შეგვეწინააღმდეგოს კიდეც. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იესომ თქვა: „კაცს თავისი ოჯახის წევრები ექცევიან მტრებად“ (მათ. 10:36). თუმცა მან დაგვარწმუნა, რომ ჯილდო, რომელსაც ჭეშმარიტების ყიდვის შემდეგ ვიღებთ, გაცილებით აღემატება მისთვის გაღებულ საფასურს. w18.11 6 ¶11

ხუთშაბათი, 5 ნოემბერი

უცხოტომელთა ყველა კრება [ემადლიერება] (რომ. 16:4).

მოციქული პავლე ძალიან აფასებდა და-ძმებს, რაც მისი საუბრებიდან ჩანდა. ის ლოცვებში ყოველთვის მადლობას უხდიდა ღმერთს მათ გამო და მათდამი მიწერილ წერილებშიც გამოხატავდა მადლიერებას. რომაელების მე-16 თავის პირველ 15 მუხლში პავლე 27 თანაქრისტიანს მოიხსენიებს სახელით. მან განსაკუთრებული სითბოთი გაიხსენა პრისკილა და აკვილა, რომლებიც „თავს საფრთხეში იგდებდნენ“ მისთვის, ხოლო ფებეზე თქვა, რომ „მრავლის ქომაგი იყო“, მათ შორის მისიც. მან შეაქო ეს საყვარელი და მძიმედ მშრომელი თანაქრისტიანები (რომ. 16:1—15). პავლემ იცოდა, რომ მისი და-ძმები არასრულყოფილები იყვნენ, მაგრამ მათ კარგ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება. წარმოიდგინეთ, როგორ გამხნევდებოდნენ ის და-ძმები, როცა მოისმენდნენ პავლეს სიტყვებს, რომელთაც ხმამაღლა წაიკითხავდნენ კრებაში! მათ შორის მეგობრული კვანძები უეჭველად განმტკიცდებოდა. გაქვთ ჩვევაში, მადლობა გადაუხადოთ კრების წევრებს კარგი სიტყვებისა თუ საქმეებისთვის? w19.02 16 ¶8, 9

პარასკევი, 6 ნოემბერი

არ დავთმობ უმწიკვლობას! (იობ. 27:5)

სრულყოფილები უნდა ვიყოთ, რომ უმწიკვლობის შენარჩუნება შევძლოთ? ჩვენ ხომ ძალიან შორს ვართ სრულყოფილებისგან — უამრავ შეცდომას ვუშვებთ და ბევრი ნაკლი გვაქვს. ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან იეჰოვა ჩვენს ნაკლოვანებებზე არ ამახვილებს ყურადღებას. მის სიტყვაში წერია: „დანაშაულს რომ აკვირდებოდე, იაჰ, ვინ დაგიდგებოდა, იეჰოვა?!“ (ფსალმ. 130:3). მან იცის, რომ არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანები ვართ, ამიტომ დიდსულოვნად გვპატიობს (ფსალმ. 86:5). ამასთანავე იეჰოვას ესმის, სად არის ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი და იმაზე მეტს არ გვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია (ფსალმ. 103:12—14). იეჰოვას მსახურებს უმწიკვლობის შენარჩუნებისკენ სიყვარული აღძრავს. ჩვენი ზეციერი მამისადმი სიყვარული და ერთგულება სრული, საღი და მთელი უნდა იყოს. ასეთი სიყვარული განსაცდელების დროს უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (1 მატ. 28:9; მათ. 22:37). ვიცით, რომ იეჰოვას სამართლიანი მოთხოვნები აქვს და ვცდილობთ, ზეციერ მამას ვასიამოვნოთ. ღვთისადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს უპირველესად მისი ნება გავითვალისწინოთ და ერთგულება საქმით დავამტკიცოთ. w19.02 3 ¶4, 5

შაბათი, 7 ნოემბერი

გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).

ყოველთვის, როცა ვხედავთ კარგი საქციელის დადებით შედეგებს, რწმენა გვიმტკიცდება (იაკ. 1:2, 3). სასიამოვნო გრძნობა გვეუფლება, როცა იეჰოვას ვაძლევთ საშუალებას, ჩვენით იამაყოს და თავის შვილებად გვაღიაროს. ეს კი, თავის მხრივ, მის მოსაწონად ცხოვრების სურვილს გვიძლიერებს (იგავ. 27:11). თითოეული განსაცდელი იმის დამტკიცების საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენს მზრუნველ ზეციერ მამას უგულოდ არ ვემსახურებით (ფსალმ. 119:113). პირიქით, ამ დროს ვუმტკიცებთ იეჰოვას, რომ მთელი გულით გვიყვარს ის და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, დავემორჩილოთ მის მცნებებს და შევასრულოთ მისი ნება (1 მეფ. 8:61). ფაქტია, არასრულყოფილების გამო შეცდომებს ვერ ავირიდებთ თავიდან. მაგრამ, თუ წავბორძიკდებით, მეფე ხიზკიას მაგალითი უნდა გავიხსენოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები დაუშვა, მან მოინანია და „მთელი გულით“ განაგრძო იეჰოვასადმი მსახურება (ეს. 38:3—6; 2 მატ. 29:1, 2; 32:25, 26). ამიტომ მოდი არ მივცეთ სატანას საშუალება, თავისი აზროვნებით გონება მოგვიწამლოს. ვილოცოთ, რომ „მორჩილი გული“ განვივითაროთ და იეჰოვას ერთგულები დავრჩებით (1 მეფ. 3:9; ფსალმ. 139:23, 24). w19.01 18, 19 ¶17, 18

კვირა, 8 ნოემბერი

ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს (ებრ. 13:15).

კრების შეხვედრებზე კომენტარის გაკეთება ჩვენთვისვეა კარგი (ეს. 48:17). რატომ ვამბობთ ამას? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, როცა კომენტარის გაკეთებას ვაპირებთ, უკეთ ვემზადებით კრების შეხვედრისთვის. კარგი მომზადება კი ღრმად გვახედებს ღვთის სიტყვის სიღრმეებში. შედეგად, რაც უფრო კარგად გვესმის ესა თუ ის საკითხი, მით უკეთ ვიყენებთ მას. მეორე, როცა განხილვაში ვმონაწილეობთ, უფრო სასიამოვნო ხდება კრების შეხვედრაზე დასწრება. და მესამე, რადგანაც კომენტარის მომზადება ძალისხმევასთანაა დაკავშირებული, ის უფრო დიდხანს გვამახსოვრდება. გარდა ამისა, იეჰოვას გულს ვუხარებთ, როცა ჩვენს რწმენას სიტყვებით გამოვხატავთ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა გვისმენს და ძალიან აფასებს, რომ ძალისხმევა არ დავაკელით კრების შეხვედრაზე კომენტარის გაკეთებას (მალ. 3:16). როცა ყველანაირად ვცდილობთ, იეჰოვას ვასიამოვნოთ, ის კურთხევებს არ გვაკლებს, რითაც გვარწმუნებს, რომ აფასებს ჩვენს ძალისხმევას (მალ. 3:10). აშკარაა, ძალიან კარგი მიზეზები გვაქვს, რომ თავი არ შევიკავოთ კომენტარებისგან. w19.01 8 ¶3; 9, 10 ¶7—9

ორშაბათი, 9 ნოემბერი

ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით (რომ. 12:9).

იეჰოვა დიდ სიბრძნეს ავლენს თავის მსახურებთან ურთიერთობის დროს. ნაცვლად იმისა, რომ დაუსრულებლად დაგვიდგინოს კანონები, ის მოთმინებით გვასწავლის, მივყვეთ სიყვარულის კანონს. მას სურს, ბიბლიური პრინციპებით ვიცხოვროთ და შევიზიზღოთ ის, რაც ცუდია. მთაზე ქადაგების დროს იესომ თქვა, თუ რა არის არასწორი საქციელის თავიდათავი (მათ. 5:27, 28). როგორც ღვთის სამეფოს მეფე, ახალ ქვეყნიერებაში ქრისტე კვლავაც განაგრძობს ჩვენს სწავლებას, რათა სრულყოფილად ავირეკლოთ მისი აზროვნება სიმართლესა და უკანონობაზე (ებრ. 1:9). ის დაგვეხმარება, მივაღწიოთ როგორც ფიზიკურ, ისე გონებრივ სრულყოფილებას. წარმოიდგინე, რომ სამუდამოდ გათავისუფლდები ცოდვის მარწუხებისგან და მისი საზარელი შედეგებისგან. საბოლოოდ კი გაიხარებ „დიდებული თავისუფლებით“, რომელსაც იეჰოვა დაგპირდა (რომ. 8:21). რა თქმა უნდა, ჩვენ არასდროს გვექნება აბსოლუტური თავისუფლება. ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ მაშინ გვექნება, როცა იეჰოვას მსგავსად ყველა ჩვენს ქმედებას სიყვარული ედება საფუძვლად (1 იოან. 4:7, 8). w18.12 23 ¶19, 20

სამშაბათი, 10 ნოემბერი

დაუწეროს გაყრის მოწმობა, ხელში მისცეს და გაუშვას სახლიდან (კან. 24:1).

ისრაელ მამაკაცს შეეძლო განქორწინებულიყო, თუ ცოლს „რაღაც უწესოს“ უპოვიდა. კანონი არაფერს ამბობდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო „რაღაც უწესო“, თუმცა აშკარაა, რომ ის სერიოზული და სამარცხვინო რამ უნდა ყოფილიყო და არა უმნიშვნელო შეცდომა (კან. 23:14). სამწუხაროდ, იესოს დროს ბევრი იუდეველი ცოლს „ნებისმიერი მიზეზით“ ეყრებოდა (მათ. 19:3). ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ მათი აზროვნება გავიზიაროთ. წინასწარმეტყველმა მალაქიამ გაგვიმჟღავნა იეჰოვას თვალსაზრისი განქორწინებაზე. მალაქიას დროს ბევრი იუდეველი ვერაგულად ეპყრობოდა „ახალგაზრდობის ცოლს“ და შორდებოდა მას. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ სურდათ, უფრო ახალგაზრდა წარმართ ქალებზე დაქორწინებულიყვნენ. ღვთის თვალსაზრისი მალაქიამ ასე გამოხატა: „მძულს გაყრა“ (მალ. 2:14—16). ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება იმას, რასაც ბიბლია პირველ ქორწინებაზე ამბობს: „[კაცი] მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). იესომაც გაიზიარა ქორწინებაზე იეჰოვას შეხედულება, როცა თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). w18.12 11 ¶7, 8

ოთხშაბათი, 11 ნოემბერი

სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან (მათ. 9:37).

ზოგ და-ძმას მდგომარეობა აძლევს საშუალებას, რომ დაშორებულ ტერიტორიებზე იმსახურონ. მათ ისეთივე სულისკვეთება აქვთ, როგორიც წინასწარმეტყველ ესაიას, რომელმაც იეჰოვას კითხვაზე „ვინ გავგზავნო, ვინ გაგვეგზავნება?“, თქვა: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8). თქვენც გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა, რომ მსგავსად გამოეხმაუროთ თეოკრატიულ საჭიროებებს? ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებით იესომ თქვა: „ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:38). შეგიძლიათ იქ იმსახუროთ პიონერად, სადაც მეტი საჭიროებაა, ან სხვას დაეხმაროთ ამაში? ბევრმა და-ძმამ გამოსცადა, რომ იეჰოვასა და მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლენის საუკეთესო საშუალება ისეთ ტერიტორიებზე პიონერად მსახურებაა, სადაც „მუშები“ არიან საჭირო. დაფიქრდით, კიდევ როგორ შეგიძლიათ მსახურების გაფართოება, რასაც ენით აუწერელი სიხარული მოაქვს? w18.08 27 ¶14, 15

ხუთშაბათი, 12 ნოემბერი

იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ (ებრ. 13:5).

სახარებებიდან ნათლად ჩანს იეჰოვას შეხედულება მატერიალურ საკითხებზე. ღმერთმა თავისი ძის აღსაზრდელად გულდასმით შეარჩია მშობლები. მან ისეთი წყვილი აირჩია, რომელთაც ბევრი ფული არ ჰქონდათ (ლევ. 12:8; ლუკ. 2:24). როცა იესო დაიბადა, მარიამმა „ბაგაში ჩააწვინა, რადგან სასტუმროში ადგილი აღარ იყო“ (ლუკ. 2:7). იეჰოვას რომ ნდომებოდა, არაერთ გზას გამოძებნიდა, რომ მისი ძე უკეთეს პირობებში დაბადებულიყო. მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის სულიერი გარემო იყო, რომელშიც იესო გაიზრდებოდა. ამ ბიბლიური მონათხრობიდან ვიგებთ, რა თვალსაზრისი აქვს იეჰოვას მატერიალურ ნივთებთან დაკავშირებით. ზოგი მშობელი ყველანაირად ცდილობს, რომ შვილი მატერიალურად უზრუნველყოს, თუნდაც ამის გამო ბავშვის სულიერობა დაზარალდეს. აშკარაა, რომ იეჰოვა ყველაზე დიდ მნიშვნელობას სულიერობას ანიჭებს. თქვენც მსგავსად ფიქრობთ? რას ცხადყოფს თქვენი საქმეები? w18.11 24 ¶7, 8

პარასკევი, 13 ნოემბერი

ბედნიერია ხალხი, რომლის ღმერთიც იეჰოვაა! (ფსალმ. 144:15)

იეჰოვას, როგორც ბედნიერების წყაროს, სურს, რომ ჩვენც ბედნიერები ვიყოთ და საამისოდ ბევრ მიზეზს გვაძლევს (კან. 12:7; ეკლ. 3:12, 13). თუმცა დღევანდელ მსოფლიოში ადამიანის ბედნიერებას ბევრი რამ უშლის ხელს. ბედნიერება შეიძლება წაგვართვას საყვარელი ადამიანის სიკვდილმა, ახლობლის კრებიდან გარიცხვამ, განქორწინებამ ან სამსახურის დაკარგვამ. ჩვენს კეთილდღეობას შეიძლება ხელს უშლიდეს ოჯახური კონფლიქტი და გაუთავებელი დაპირისპირება. კლასელებისა თუ თანამშრომლების მხრიდან დაცინვამ, რელიგიური ნიშნით დევნამ ან პატიმრობამ შეიძლება სიხარული დაგვაკარგვინოს. ამასთანავე, ცხოვრებას გვირთულებს გაუარესებული ჯანმრთელობა, ქრონიკული დაავადება ან დეპრესია. იესო ქრისტეს, „ბედნიერ და ერთადერთ ხელმწიფეს“, სიამოვნებდა ადამიანების ნუგეშისცემა და მათთვის ბედნიერების მინიჭება (1 ტიმ. 6:15; მათ. 11:28—30). მთაზე ქადაგების დროს იესომ მოიხსენია რამდენიმე თვისება, რომლებიც გვეხმარება ბედნიერები ვიყოთ მაშინაც კი, როცა სატანის ქვეყნიერებაში პრობლემები არ გველევა. w18.09 17, 18 ¶1—3

შაბათი, 14 ნოემბერი

არ დაისეროთ სხეული და არ მოიპარსოთ წარბები მკვდრის გამო (კან. 14:1).

ჭეშმარიტების შესაძენად ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფასური შეიძლება არაბიბლიურ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებზე უარის თქმა იყოს (იგავ. 23:23). ზოგს უადვილდება ამ ყველაფრის მიტოვება, მაგრამ სხვებს უჭირთ ამის გაკეთება, რადგან ოჯახის წევრების, თანამშრომლებისა თუ მეგობრების მხრიდან ზეწოლას განიცდიან. ზოგისთვის ეს შეიძლება ემოციებთან იყოს დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა ესა თუ ის რიტუალი გარდაცვლილთათვის პატივის მიგებას უკავშირდება. გაბედულების მაგალითებმა შეიძლება საკუთარ თავშიც გვაპოვნინოს ძალა, რომ შევძლოთ საჭირო ცვლილებების მოხდენა. რა საფასური გადაიხადეს ჭეშმარიტების შესაძენად ახლად მოქცეულმა ეფესოელმა ქრისტიანებმა, რომლებიც ერთ დროს ჯადოქრობას მისდევდნენ? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, . . . მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა“ (საქ. 19:19, 20). საკმაოდ დიდ ფასად შეძენილმა ჭეშმარიტებამ ერთგულ ქრისტიანებს შეუფასებელი კურთხევები მოუტანა. w18.11 7 ¶15, 16

კვირა, 15 ნოემბერი

როცა დაასრულეს მთელი ერის წინადაცვეთა, დარჩნენ ისინი თავიანთ ბანაკებში ჭრილობის მოშუშებამდე (იეს. 5:8).

იორდანეს გადაკვეთიდან მალევე, იესო ნავეს ძეს შემოხვდა კაცი, რომელსაც ხელში „შიშველი მახვილი“ ეჭირა. ის „იეჰოვას ლაშქრის მეთაური“ იყო და ღვთის ხალხის დასაცავად გამოვიდა (იეს. 5:13—15). იესო ნავეს ძემ ნათელი მითითებები მიიღო ანგელოზისგან, თუ როგორ დაეპყრო ქალაქი იერიხონი. ერთი შეხედვით ზოგი მითითება სტრატეგიულად გაუმართლებელი ჩანდა. მაგალითად, იეჰოვამ ბრძანა, რომ ყველა მამაკაცს წინადაეცვითა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ფიზიკურად დასუსტებულები იქნებოდნენ (დაბ. 34:24, 25; იეს. 5:2). ალბათ, დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ისრაელ მეომრებს აფიქრებდათ, როგორ დაიცავდნენ თავიანთ ოჯახებს, თუ მტერი მათ ბანაკს დაესხმებოდა. თუმცა მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. ისრაელებმა შეიტყვეს, რომ „ჩარაზული იყო იერიხონი ისრაელის ძეების შიშით“ (იეს. 6:1). განა არ განუმტკიცებდა მათ რწმენას ის, რომ ღვთის მითითებების მიყოლის შემდეგ მოვლენები მათ სასარგებლოდ შემობრუნდა?! w18.10 23 ¶5—7

ორშაბათი, 16 ნოემბერი

ამას რას აკეთებთ? ჩვენც თქვენი მსგავსი უძლური ადამიანები ვართ (საქ. 14:15).

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს თავმდაბლობას? ჩვენ არც უნდა მოველოდეთ და არც უნდა მივიღოთ ქება იმ საქმისთვის, რომელსაც იეჰოვას ძალით ვასრულებთ. თითოეულმა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „როგორი დამოკიდებულება მაქვს იმ ხალხის მიმართ, ვისთანაც ვქადაგებ? ხომ არ მაქვს გულის სიღრმეში სხვების მსგავსად კონკრეტულ ხალხზე წინასწარ შექმნილი აზრი?“. სასიხარულოა, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცდილობენ, დაადგინონ, რომელ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ცხოვრობს მათ ტერიტორიაზე. მათ სურთ, რაც შეიძლება მეტმა მოისმინოს სასიხარულო ცნობა. ზოგი იმ ხალხის ენასა და კულტურას სწავლობს, რომელთაც საზოგადოების დიდი ნაწილი არაფრად აგდებს. მოწმეები, რომლებიც ასეთ ადამიანებთან ქადაგებენ, არასდროს ამეტებენ მათ თავს. პირიქით, ისინი ცდილობენ, რომ გაუგონ თითოეულ ადამიანს, რათა სამეფოს ცნობა მათ გულამდე მიიტანონ. w18.09 5 ¶9, 11

სამშაბათი, 17 ნოემბერი

გალილეელი იუდა გამოჩნდა . . . და ხალხი აიყოლია (საქ. 5:37).

რომაელებმა გალილეელი იუდა სიკვდილით დასაჯეს. იუდასა და სხვა ექსტრემისტების გარდა, სხვა ებრაელებიც მოუთმენლად ელოდნენ მესიის მოსვლას, რომელიც, მათი აზრით, პოლიტიკურ მდგომარეობას გამოასწორებდა, ანუ ისრაელ ერს დიდებას მოუტანდა და რომაელთა უღლისგან გაათავისუფლებდა (ლუკ. 2:38; 3:15). ბევრს სჯეროდა, რომ მესია სამეფოს დედამიწაზე, ისრაელის ტერიტორიაზე დააარსებდა, რის შემდეგაც ქვეყნის გარეთ მიმოფანტულ მილიონობით ებრაელს სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცემოდა. ერთხელ იოანე ნათლისმცემელმაც კი ჰკითხა იესოს: „შენა ხარ ის, ვინც მოდის, თუ სხვას ველოდოთ?“ (მათ. 11:2, 3). ალბათ, იოანეს აინტერესებდა, სხვა ხომ არ უნდა მოსულიყო, რომელიც იუდეველთა ყველა იმედს გაამართლებდა. მკვდრეთით აღმდგარ იესოს ემაუსისკენ მიმავალ გზაზე ორი მოწაფე შეხვდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მესიამ მათი იმედი ვერ გაამართლა (ლუკ. 24:21). ამ შემთხვევიდან მალევე მოციქულებმა იესოს ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს?“ (საქ. 1:6). w18.06 4 ¶3, 4

ოთხშაბათი, 18 ნოემბერი

გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა (იგავ. 14:15).

განსაკუთრებული სიფრთხილე გვჭირდება, როცა იეჰოვას ხალხზე რაიმე ინფორმაციას ვიგებთ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ სატანა ღვთის ერთგული მსახურების ბრალმდებელია (გამოცხ. 12:10). ამიტომ იესომ გაგვაფრთხილა, რომ მოწინააღმდეგეები „ყველანაირ ბოროტებას“ დაგვაბრალებდნენ (მათ. 5:11). თუ ამ გაფრთხილებას სერიოზულად მოვეკიდებით, იეჰოვას ხალხზე აღმაშფოთებელი ინფორმაციის მოსმენა თავზარს არ დაგვცემს. მოგწონთ მეგობრებისა და ნაცნობებისთვის იმეილებისა თუ ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა? როცა ახალი ამბებიდან საინტერესო ინფორმაციას იღებთ ან რაღაც განსაკუთრებული შემთხვევის შესახებ ისმენთ, იმ ჟურნალისტს ხომ არ ჰგავხართ, რომელსაც ერთი სული აქვს, პირველმა გაავრცელოს ცხელ-ცხელი ინფორმაცია? თუმცა, სანამ ასეთი შინაარსის ტექსტურ შეტყობინებას ან იმეილს გაგზავნით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება? მაქვს სანდო ფაქტები?“. თუ ბოლომდე არა ხართ დარწმუნებული ინფორმაციის სისწორეში, შეიძლება უნებურად ცრუ ინფორმაცია გაავრცელოთ ძმებს შორის. ამიტომ, თუ გაეჭვებთ, კი ნუ გაგზავნით, წაშალეთ! w18.08 3 ¶3; 4 ¶6, 7

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი

გაეცით და მოგეცემათ (ლუკ. 6:38).

იესოს სურს, რომ გულუხვობამ ბედნიერება მოგვანიჭოს. ბევრი ადამიანი მადლიერია მათ მიმართ გამოვლენილი გულუხვობის გამო. ცხადია, ყველა არ დააფასებს ჩვენს გულუხვობას,მაგრამ მადლიერი ადამიანი აუცილებლად აღიძვრება, რომ ანალოგიურად მოიქცეს. ასე რომ, კვლავაც გაეცით გულუხვად იმის მიუხედავად, დააფასებენ თუ არა ამას სხვები. არასოდეს იცით, რამხელა სიკეთე შეიძლება აღმოჩნდეს თქვენ მიერ თუნდაც ერთხელ გამოვლენილი გულუხვობა. გულუხვი ადამიანი არასდროს გასცემს რაიმეს იმ იმედით, რომ სანაცვლოს მიიღებს. იესოს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა მოწაფეებს უთხრა: „როცა ნადიმს გამართავ, დაპატიჟე ღარიბები, ხეიბრები, კოჭლები და უსინათლოები და ბედნიერი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ გადაგიხადონ“ (ლუკ. 14:13, 14). ბიბლიის ერთმა დამწერმა ღვთივშთაგონებით თქვა, რომ გულუხვი ადამიანი კურთხეული იქნება. სხვამ კი დაწერა: „ბედნიერია, ვინც ყურადღებას აქცევს საწყალს“ (იგავ. 22:9; ფსალმ. 41:1). დიახ, ჩვენ უნდა გავცეთ, რადგან სხვების დახმარება სიამოვნებას გვანიჭებს. w18.08 21, 22 ¶15, 16

პარასკევი, 20 ნოემბერი

მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს (იგავ. 3:5, 6).

ფაქტების მოპოვება და მათი სწორად შეფასება რთულია, რადგან ინფორმაციის უდიდესი ნაწილი, რომელზეც ხელი მიგვიწვდება, არასრულია და ნაწილობრივ სიცრუეა; ამას ისიც ემატება, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ. ამიტომ საჭიროა ვიცოდეთ ბიბლიური პრინციპები და ვიყენებდეთ მათ. ერთ-ერთი ასეთი პრინციპია: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავ. 18:13). სხვა ბიბლიური პრინციპი შეგვახსენებს, რომ ბრმად არ დავიჯეროთ ყველა სიტყვა (იგავ. 14:15). დაბოლოს, რაც არ უნდა გამოცდილი ქრისტიანები ვიყოთ, სიფრთხილე გვმართებს, რომ საკუთარ გონებას არ დავეყრდნოთ. ბიბლიური პრინციპები იმ გაგებით გვიცავს, რომ გვეხმარება, სათანადოდ შევაფასოთ ინფორმაცია, რათა სწორ დასკვნამდე მივიდეთ და გონივრული გადაწყვეტილება მივიღოთ. w18.08 7 ¶19

შაბათი, 21 ნოემბერი

განა . . . არ უნდა დავემორჩილოთ ჩვენი სულიერი ცხოვრების მამას? (ებრ. 12:9)

წყალში ნათლობით სახალხოდ ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას ვეკუთვნით და მზად ვართ, მას ვემსახუროთ. თავისი ნათლობით იესომ სწორედ ეს ცხადყო. ფაქტობრივად, მან იეჰოვას უთხრა: „შენი ნების შესრულება . . . [მსურს] ჩემო ღმერთო“ (ფსალმ. 40:7, 8). როგორ გამოეხმაურა იეჰოვა იესოს ნათლობას? ბიბლიაში ნათქვამია: «როგორც კი მოინათლა, იესო წყლიდან ამოვიდა, და, აი, გაიხსნა ცა და იოანემ დაინახა, რომ იესოზე მტრედის სახით ეშვებოდა ღვთის სული. ციდან ხმაც გაისმა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“» (მათ. 3:16, 17). მართალია, იესო უკვე ეკუთვნოდა თავის ზეციერ მამას, მაგრამ იეჰოვა გაახარა იმის დანახვამ, რომ მისი ძე მზად იყო, მხოლოდ მისი ნება შეესრულებინა. იეჰოვას ჩვენი მიძღვნაც უხარებს გულს და ის კურთხევებს არ დაიშურებს ჩვენთვის (ფსალმ. 149:4). w18.07 23 ¶4, 5

კვირა, 22 ნოემბერი

გადმოგიდინოთ ამ კლდიდან წყალი? (რიცხ. 20:10)

სიტყვაში „გადმოგიდინოთ“, როგორც ჩანს, მოსე თავის თავსა და აარონს გულისხმობდა. ამ სიტყვებით მოსემ უპატივცემულობა გამოავლინა იეჰოვას მიმართ, ვისი ძალითაც უნდა მომხდარიყო ეს სასწაული. ამ მოსაზრებას ადასტურებს ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „აღაშფოთეს ის მერიბას წყალთან, ამიტომ მათ გამო ხელი არ მოემართა მოსეს. სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით“ (ფსალმ. 106:32, 33; რიცხ. 27:14). როგორც უნდა ყოფილიყო, მოსემ არ მიაგო იეჰოვას დიდება, რომელსაც ის იმსახურებდა. იეჰოვამ მოსეს და აარონს უთხრა: „არ დაემორჩილეთ [შენ და აარონი] ჩემს ბრძანებას მერიბას წყალთან“ (რიცხ. 20:24). ეს საკმაოდ მძიმე ცოდვა იყო. წლებით ადრე იეჰოვამ ურჩობის გამო ისრაელთა ერთ თაობას ქანაანის მიწაზე შესვლის ნება არ დართო (რიცხ. 14:26—30, 34). ამიტომ ურჩობის გამო მოსესთვის გამოტანილი განაჩენი სწორიც იყო და სამართლიანიც. ღმერთმა არ მისცა მას აღთქმულ მიწაზე შესვლის უფლება. w18.07 14 ¶9, 12; 15 ¶13

ორშაბათი, 23 ნოემბერი

კარგს იზამ, თუ არ შეჭამ ხორცს, არ დალევ ღვინოს ან არ გააკეთებ ისეთ რამეს, რაც აბრკოლებს შენს ძმას (რომ. 14:21).

მზად ხართ, უარი თქვათ თქვენს უფლებებზე, რათა არ დააბრკოლოთ თანაქრისტიანი, რომელსაც განსხვავებული სინდისი აქვს? ეჭვი არ გვეპარება, რომ ეს ასეა. ჭეშმარიტების გაგებამდე ზოგი ჩვენი ძმა ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, ამიტომ გადაწყვეტილი აქვთ, რომ საერთოდ არ გაეკარონ მას. ცხადია, არავის გვინდა, რომ ჩვენი მიზეზით ვინმე ძველ ჩვევებს დაუბრუნდეს, რამაც შეიძლება მას უდიდესი ზიანი მიაყენოს (1 კორ. 6:9, 10). ამიტომ არ იქნებოდა სიყვარულის გამოვლინება, თუ მასპინძელი დააძალებდა ძმას ალკოჰოლის მიღებას, როცა ის უარს ამბობს ამაზე. ტიმოთე დაახლოებით 20 წლის ან ცოტა მეტის იქნებოდა, როცა წინადაიცვითა. ეს ახალგაზრდა მამაკაცი ამ საკმაოდ მტკივნეულ პროცედურაზე იმიტომ დათანხმდა, რომ არ დაებრკოლებინა ის იუდეველები, რომლებთანაც უნდა ექადაგა. ტიმოთემ ისეთივე განწყობა გამოავლინა, როგორიც პავლემ (საქ. 16:3; 1 კორ. 9:19—23). ტიმოთეს მსგავსად, მზად ხართ, თქვენც გაიღოთ მსხვერპლი სხვების საკეთილდღეოდ? w18.06 18, 19 ¶12, 13

სამშაბათი, 24 ნოემბერი

მივცემ ხალხებს სუფთა ენას (სოფ. 3:9).

იეჰოვა იზიდავს მათ, ვისაც თავის სულიერ ოჯახში იღებს. ის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისკენ სიყვარულით იზიდავს სუფთა გულის ადამიანებს (იოან. 6:44). რა შეიძლება იცოდე იმ ადამიანის შესახებ, რომელსაც პირველად ხვდები? ალბათ, სახელისა და გარეგნობის გარდა ბევრი არაფერი. მაგრამ სულ სხვაა, როცა იმ ადამიანს ხვდები პირველად, ვინც იცნობს იეჰოვას და უყვარს ის. მაშინაც კი, თუ განსხვავებული წარმოშობის, კულტურის, ეროვნებისა თუ ტომის წარმომადგენლები ხართ, თქვენ მაინც ბევრი რამ იცით ერთმანეთის შესახებ! თქვენ მაშინვე ხვდებით, რომ ორივე ერთ „ენაზე“ — ჭეშმარიტების „სუფთა ენაზე“ ლაპარაკობთ. ორივემ იცით, რომ ერთი ღმერთის გწამთ, ღვთის მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობთ, მომავლის იმედი გაქვთ და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანის შესახებ უნდა იცოდე, და რაც ნდობით განგაწყობს მის მიმართ. ეს აგრეთვე მყარი საფუძველია იმისთვის, რომ თქვენი მეგობრობა არასოდეს დამთავრდეს. w18.12 21 ¶9, 10

ოთხშაბათი, 25 ნოემბერი

თუ წინადაცვეთის ჩვეულებას არ დაიცავთ . . . ვერ გადარჩებით (საქ. 15:1).

ქრისტეს ხელმძღვანელობით ხელმძღვანელმა საბჭომ ცხადი გახადა, რომ არაიუდეველ ქრისტიანებს არ მოეთხოვებოდათ წინადაცვეთა (საქ. 15:19, 20). თუმცა ბევრი იუდეველი ქრისტიანი ამ გადაწყვეტილების მიღებიდან წლების შემდეგაც განაგრძობდა შვილების წინადაცვეთას. შეიძლება ვიკითხოთ: „რატომ დაუშვა იესომ, რომ ეს საკითხი ამდენი ხანი მოუგვარებელი დარჩენილიყო, მაშინ როცა თავისი სიკვდილით გააუქმა მოსეს კანონი?“ (კოლ. 2:13, 14). ზოგს დრო სჭირდება, რომ ჩასწვდეს ამა თუ იმ საკითხის ახლებურ გაგებას. იუდეველ ქრისტიანებს საკმაო დრო დასჭირდათ, რომ შეხედულება შეეცვალათ (იოან. 16:12). ზოგიერთს გაუჭირდა იმ აზრთან შეგუება, რომ წინადაცვეთა არ იყო ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობის ნიშანი (დაბ. 17:9—12). სხვებს იმის შიშით არ სურდათ ამ შეხედულების გაზიარება, რომ იუდეველები დევნას დაუწყებდნენ (გალ. 6:12). თუმცა დროთა განმავლობაში ქრისტემ უფრო მეტი მითითება მისცა კრებებს პავლეს ღვთივშთაგონებული წერილების მეშვეობით (რომ. 2:28, 29; გალ. 3:23—25). w18.10 24, 25 ¶10—12

ხუთშაბათი, 26 ნოემბერი

კაიაფამ . . . იუდეველებს ურჩია, რომ მათთვის უკეთესი იქნებოდა, ერთი ადამიანი მომკვდარიყო ხალხისთვის (იოან. 18:14).

კაიაფამ ჯარისკაცები გაგზავნა, რომ იესო ღამით შეეპყროთ. იესომ იცოდა ამ სამარცხვინო განზრახვის შესახებ, ამიტომ მოციქულებთან უკანასკნელი ვახშმის დროს სთხოვა მათ, რომ რამდენიმე მახვილი წაეღოთ თან. ორი მახვილი სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ მოციქულებისთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი ესწავლებინა (ლუკ. 22:36—38). მოგვიანებით, იმავე საღამოს, პეტრე მახვილით დაესხა თავს ბრბოდან ერთ კაცს. ეჭვგარეშეა, ის განარისხა შუაღამისას იესოს უსამართლოდ დაპატიმრებამ (იოან. 18:10). მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათ. 26:52, 53). ეს დაუვიწყარი გაკვეთილი კარგად შეესაბამებოდა იმავე საღამოს იესოს მიერ ცოტა ხნით ადრე წარმოთქმულ ლოცვას, რომელშიც მან თქვა, რომ მისი მიმდევრები არ უნდა ყოფილიყვნენ ქვეყნიერების ნაწილი (იოან. 17:16). უსამართლობასთან ბრძოლა მათ ღვთისთვის უნდა მიენდოთ. შედეგად მშვიდობასა და ერთობას ვინარჩუნებთ. როცა იეჰოვა აკვირდება ამ დაქსაქსულ მსოფლიოს, გულს უთბობს მის ხალხს შორის არსებული ერთობა (სოფ. 3:17). w18.06 7 ¶13, 14, 16

პარასკევი, 27 ნოემბერი

განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან (გამოცხ. 12:17).

გარდა იმისა, რომ მახეებს გვიგებს, სატანა ცდილობს, გვაიძულოს, უარი ვთქვათ იეჰოვას მსახურებაზე. მაგალითად, მისი გავლენით შეიძლება მთავრობამ აგვიკრძალოს ქადაგება ან ჩვენმა თანამშრომლებმა თუ თანაკლასელებმა დაგვცინონ იმის გამო, რომ ბიბლიური ნორმების თანახმად გვსურს ცხოვრება (1 პეტ. 4:4). გარდა ამისა, სატანამ შეიძლება კეთილის მსურველი ოჯახის წევრები გამოიყენოს, რომ კრებაზე წასვლის ხალისი დაგვიკარგოს (მათ. 10:36). რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? ასეთმა წინააღმდეგობებმა არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან გვესმის, რომ სატანა იბრძვის ჩვენ წინააღმდეგ (გამოცხ. 2:10). გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი გაცილებით მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება — სატანა ირწმუნება, რომ იეჰოვას მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როცა არანაირი მსხვერპლის გაღება არ გვიწევს. ის ამტკიცებს, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში ზურგს შევაქცევთ ღმერთს (იობ. 1:9—11; 2:4, 5). ჩვენ ყოველთვის იეჰოვას უნდა ვთხოვოთ ძალა და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ის არასდროს მიგვატოვებს! (ებრ. 13:5). w18.05 26 ¶14

შაბათი, 28 ნოემბერი

არ იცი, რაში მოგემართება ხელი (ეკლ. 11:6).

მაშინაც კი, თუ ვფიქრობთ, რომ სამეფოს ცნობა არ აღწევს ადამიანთა გულამდე, არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სამქადაგებლო საქმიანობას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი შეიძლება არ გვისმენს, მაგრამ გვაკვირდება. ისინი ამჩნევენ, რომ კოხტად გვაცვია, თავაზიანები ვართ და თბილად ვუღიმით. დროთა განმავლობაში ჩვენმა საქციელმა შეიძლება ბევრს შეუცვალოს ჩვენზე შექმნილი არასწორი შეხედულება. სერხიო და ოლინდა ამბობენ: «ავადმყოფობის გამო რაღაც დროის მანძილზე ვერ გავდიოდით მოედანზე საქადაგებლად. როცა გავედით, გამვლელები გვეკითხებოდნენ: „რატომ არ ჩანდით? მოგვენატრეთ“». როცა სამეფოს თესლის თესვის დროს „ხელს არ ვასვენებთ“, ჩვენ დიდი წვლილი შეგვაქვს ყველა ერისთვის დამოწმების საქმეში (მათ. 24:14). და რაც ყველაზე მთავარია, უდიდეს სიხარულს გვანიჭებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვიწონებს, რადგან მას უყვარს ყველა, „ვისაც მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი“! (ლუკ. 8:15). w18.05 16 ¶16—18

კვირა, 29 ნოემბერი

კურთხეული იყოს . . . ღმერთი . . . რომელიც ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს (2 კორ. 1:3, 4).

მას შემდეგ, რაც კაცობრიობა ცოდვასა და არასრულყოფილებას დაექვემდებარა, იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ნუგეშისა და გამხნევების წყაროა. ედემის ბაღში მომხდარი ურჩობისთანავე მან ადამის მომავალ შთამომავლობას იმედი ჩაუსახა. დაბადების 3:15-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება კაცობრიობას იმედს აძლევდა, რომ საბოლოოდ ძველი გველი, სატანა ეშმაკი, და მისი ბოროტი საქმეები განადგურდებოდა (გამოცხ. 12:9; 1 იოან. 3:8). ღვთის მსახური ნოე უღვთო ქვეყნიერებაში ცხოვრობდა. იეჰოვას თაყვანისმცემლები მხოლოდ მისი ოჯახის წევრები იყვნენ. მოძალადე და აღვირახსნილი ხალხის შემყურე ნოეს შესაძლოა გულიც კი გაუტყდა (დაბ. 6:4, 5, 9, 11; იუდ. 6). თუმცა ღმერთმა გაუმხილა ნოეს, რომ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას აპირებდა და აუხსნა, რა უნდა გაეკეთებინა ოჯახის გადასარჩენად (დაბ. 6:13—18). იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ნოესთვის ის ნუგეშისა და გამხნევების წყარო იყო. w18.04 15 ¶1, 2

ორშაბათი, 30 ნოემბერი

ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც (1 თეს. 5:11).

არასწორი იქნება, თუ ვიფიქრებთ, რომ სხვებს ვერ გავამხნევებთ, რადგან არაკომუნიკაბელური ადამიანები ვართ. გასამხნევებლად ბევრი არ არის საჭირო — მისალმების დროს მხოლოდ ღიმილითაც კი შეგვიძლია გავამხნეოთ სხვა. მაგრამ, თუ ღიმილზე ღიმილით არ გიპასუხეს, ეს შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ადამიანს რაღაც უჭირს და შეიძლება ყურადღებით მოსმენამაც კი ანუგეშოს (იაკ. 1:19). ჩვენ შეგვიძლია გავამხნეოთ ის და-ძმები, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. მეფე სოლომონი წერდა: „რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა! გაბრწყინებული თვალები გულს ახარებს, კარგი ამბავი ძვლებს ამსუყებს“ (იგავ. 15:23, 30). პავლემ თავისი მაგალითით გვაჩვენა, რომ სამეფოს სიმღერების მღერამ შეიძლება ადამიანს გუნება-განწყობილება გამოუკეთოს (საქ. 16:25; კოლ. 3:16). იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო და უფრო საჭირო ხდება ერთმანეთის გამხნევება (ებრ. 10:25). w18.04 23 ¶16; 24 ¶18, 19

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება