საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es20 გვ. 118-128
  • დეკემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დეკემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
  • ქვესათაურები
  • სამშაბათი, 1 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 2 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 3 დეკემბერი
  • პარასკევი, 4 დეკემბერი
  • შაბათი, 5 დეკემბერი
  • კვირა, 6 დეკემბერი
  • ორშაბათი, 7 დეკემბერი
  • სამშაბათი, 8 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 9 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 10 დეკემბერი
  • პარასკევი, 11 დეკემბერი
  • შაბათი, 12 დეკემბერი
  • კვირა, 13 დეკემბერი
  • ორშაბათი, 14 დეკემბერი
  • სამშაბათი, 15 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 16 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 17 დეკემბერი
  • პარასკევი, 18 დეკემბერი
  • შაბათი, 19 დეკემბერი
  • კვირა, 20 დეკემბერი
  • ორშაბათი, 21 დეკემბერი
  • სამშაბათი, 22 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 23 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 24 დეკემბერი
  • პარასკევი, 25 დეკემბერი
  • შაბათი, 26 დეკემბერი
  • კვირა, 27 დეკემბერი
  • ორშაბათი, 28 დეკემბერი
  • სამშაბათი, 29 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 30 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 31 დეკემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
es20 გვ. 118-128

დეკემბერი

სამშაბათი, 1 დეკემბერი

გული დაეწვა მათ გამო (მარ. 6:34).

იესოს შეუძლია გაუგოს არასრულყოფილ ადამიანებს, რადგან კარგად ესმის, რა სირთულეებთან უწევთ ბრძოლა. ამის ცოდნა გულს გვითბობს და მისკენ გვიზიდავს. დედამიწაზე ყოფნის დროს ის მოხარულებთან ერთად ხარობდა, მოტირალებთან ერთად კი ტიროდა (რომ. 12:15). მაგალითად, როცა 70 მოწაფე მსახურებიდან გახარებული დაბრუნდა, იესომ „დიდად გაიხარა წმინდა სულით“ (ლუკ. 10:17—21). სხვა დროს კი, როცა დაინახა, რამხელა ტკივილი მიაყენა ლაზარეს სიკვდილმა მის ახლობლებს, იესომ „სულით ამოიოხრა და აფორიაქდა“ (იოან. 11:33). რა ეხმარებოდა ამ სრულყოფილ მამაკაცს, რომ გულმოწყალე და თანამგრძნობი ყოფილიყო ცოდვილების მიმართ? უპირველესად ადამიანებისადმი სიყვარული! მას განსაკუთრებით უყვარდა „ადამიანის მოდგმა“ (იგავ. 8:31). სწორედ სიყვარული აღძრავდა, რომ ჩასწვდომოდა არასრულყოფილი ადამიანების აზროვნებას. როგორც მოციქულმა იოანემ თქვა, იესომ „იცოდა ადამიანის ბუნება“ (იოან. 2:25). w19.03 20 ¶1, 2

ოთხშაბათი, 2 დეკემბერი

შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა (იობ. 1:11).

სატანამ ხელყო იობის საკუთრება, გააღატაკა ის, დაუხოცა მსახურები და რეპუტაცია შეულახა. მან იერიში მიიტანა იობის ოჯახზე და ათივე შვილი მოუკლა. სატანამ ესეც არ იკმარა — ჯანმრთელობა შეურყია იობს და თავიდან ფეხებამდე დააწყლულა. მწუხარებისგან განადგურებულმა ცოლმა იობს უთხრა, დანებებულიყო, დაეგმო ღმერთი და მომკვდარიყო. იობიც ნატრობდა სიკვდილს, თუმცა მაინც ინარჩუნებდა უმწიკვლობას. შემდეგ სატანამ თავდასხმის სხვა მეთოდს მიმართა, რისთვისაც იობის სამი მეგობარი გამოიყენა. ეს მამაკაცები რამდენიმე დღეს დარჩნენ იობთან, თუმცა ოდნავადაც არ უციათ მისთვის ნუგეში. პირიქით, ისინი უგულოდ აკრიტიკებდნენ და ჭკუას ასწავლიდნენ მას. ეს ვაი-მეგობრები აცხადებდნენ, რომ მისი უბედურების უკან ღმერთი იდგა, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებდა მისი უმწიკვლობა. ისინი იმასაც კი ამბობდნენ, რომ იობი ბოროტი იყო და ის მიიღო, რასაც იმსახურებდა! (იობ. 1:13—22; 2:7—11; 15:4, 5; 22:3—6; 25:4—6). w19.02 4 ¶7, 8

ხუთშაბათი, 3 დეკემბერი

იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა (ფსალმ. 111:10).

შიში ყოველთვის ცუდი როდია. მაგალითად, უნდა გვეშინოდეს, რომ გული არ ვატკინოთ იეჰოვას. ადამსა და ევას მსგავსი შიში რომ ჰქონოდათ, არ უღალატებდნენ იეჰოვას. მაგრამ სამწუხაროდ ისინი ეურჩნენ ღმერთს. ურჩობის შემდეგ მათ თვალი აეხილათ და ბოლომდე გააცნობიერეს, რომ შესცოდეს. შედეგად, შვილებს მხოლოდ ცოდვა და სიკვდილი უანდერძეს. მას შემდეგ, რაც გაიაზრეს, რომ ღვთის კანონი დაარღვიეს, შერცხვათ თავიანთი სიშიშვლის და სხეული ლეღვის ფოთლებით დაიფარეს (დაბ. 3:7, 21). ერთი მხრივ, ჩვენ უნდა გვეშინოდეს, რომ არ ვაწყენინოთ იეჰოვას, მეორე მხრივ კი არ უნდა გვქონდეს სიკვდილის პანიკური შიში. იეჰოვამ უკვე გამოძებნა გზა, რომელიც მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას გვაძლევს. თუ ცოდვას ჩავიდენთ, მაგრამ გულწრფელად მოვინანიებთ, იეჰოვა აუცილებლად გვაპატიებს. ღმერთი გვპატიობს, რადგან რწმენას ვავლენთ მისი ძის მიერ გაღებული გამოსასყიდისადმი. რწმენის გამოვლენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება კი მიძღვნა და მონათვლაა (1 პეტ. 3:21). w19.03 5, 6 ¶12, 13

პარასკევი, 4 დეკემბერი

მათგან არც ერთი არ გადარჩენილა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა (რიცხ. 26:65).

ისრაელებს არაერთი მიზეზი ჰქონდათ მადლიერების გამოსახატავად. იეჰოვამ ტყვეობიდან მათ გასათავისუფლებლად ეგვიპტეს ათი სასჯელი დაატეხა. შემდეგ კი ღმერთმა ეგვიპტელთა ჯარი წითელ ზღვაში ჩაახრჩო, რითაც ისრაელები უბედურებისგან იხსნა. უზომოდ მადლიერმა ხალხმა იეჰოვას განსადიდებლად გამარჯვების სიმღერა იმღერა. მაგრამ დარჩნენ ისინი ბოლომდე მადლიერები? როცა ისრაელები ახალი სირთულის წინაშე აღმოჩნდნენ, ადვილად დაივიწყეს ყველა ის სიკეთე, რაც იეჰოვას მათთვის ჰქონდა გაკეთებული. ისრაელებმა უმადურობა მალევე გამოავლინეს (ფსალმ. 106:7). რაში გამოჩნდა ეს? „დაიწყო დრტვინვა ისრაელის ძეების მთელმა კრებულმა უდაბნოში მოსესა და აარონის წინააღმდეგ“, თუმცა სინამდვილეში ისინი იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინავდნენ (გამ. 16:2, 8). ღმერთს გული ატკინა თავისი ხალხის ასეთმა უმადურობამ. ამიტომ იეჰოვამ ისრაელთა მთელ იმ თაობაზე თქვა, რომ ქალებ იეფუნეს ძისა და იესოს ნავეს ძის გარდა, ყველანი უდაბნოში დაიხოცებოდნენ (რიცხ. 14:22—24). w19.02 17 ¶12, 13

შაბათი, 5 დეკემბერი

რბილი და გულით თავმდაბალი ვარ (მათ. 11:29).

იესოს ზედმეტი ყურადღება არ გადაუტანია საკუთარ თავზე და არ მოუთხოვია, რომ მისი სიკვდილის დღე დიდი პომპეზურობით აღენიშნათ. პირიქით, მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ წელიწადში ერთხელ მის გასახსენებლად უბრალო და მოკრძალებული ვახშამი გაემართათ (იოან. 13:15; 1 კორ. 11:23—25). ეს უბრალო, თუმცა შესაფერისი ვახშამი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იესოს სიამაყის ნატამალი არ გააჩნდა. რა ბედნიერებაა, რომ ჩვენი მეფის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სწორედ რომ თავმდაბლობაა (ფილ. 2:5—8). ჩვენც მივბაძავთ იესოს თავმდაბლობაში, თუ სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ დავაყენებთ (ფილ. 2:3, 4). დავუბრუნდეთ იესოს დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს. მიუხედავად იმისა, რომ მტანჯველი სიკვდილი ელოდა, იესოს ძალიან აღელვებდა თავისი ერთგული მოციქულების მდგომარეობა, რომლებიც მალე მის გამო დამწუხრდებოდნენ. ამიტომ სიცოცხლის უკანასკნელ ღამესაც კი ის არიგებდა, ამხნევებდა და ანუგეშებდა მათ (იოან. 14:25—31). იესო თავმდაბლობას ავლენდა და საკუთარ თავზე მეტად სხვებზე ზრუნავდა. მართლაც რა შეუდარებელი მაგალითია ეს ჩვენთვის! w19.01 21 ¶5, 6

კვირა, 6 დეკემბერი

იეჰოვა, გთხოვ, მოიწონე ჩემი ბაგეებით აღვლენილი ნებაყოფლობითი შესაწირავი (ფსალმ. 119:108).

უსიამოვნო შეგრძნება ხომ არ გეუფლებათ იმის გაფიქრებაზეც კი, რომ კრების შეხვედრაზე ხელი უნდა აიწიოთ და კომენტარი გააკეთოთ? თუ ასეა, თქვენ გამონაკლისს ნამდვილად არ წარმოადგენთ. რეალურად კომენტარის გაკეთების დროს თითქმის ყველა ნერვიულობს. ასეთი შიში სინამდვილეში კარგის ნიშანიც კია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ თავმდაბალი ხართ და სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად მიიჩნევთ. იეჰოვას უყვარს თავმდაბალი ადამიანები (ფსალმ. 138:6; ფილ. 2:3). თუმცა ის მოელის, რომ შეხვედრების დროს განადიდებთ მას და გაამხნევებთ და-ძმებს (1 თეს. 5:11). ღმერთს უყვარხართ და გამბედაობას შეგმატებთ. განვიხილოთ ბიბლიაში ჩაწერილი რამდენიმე შეხსენება. ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ლაპარაკის დროს ყველანი ვცდებით, რადგან ყოველთვის ვერ ვაკონტროლებთ, რას ვამბობთ და როგორ ვამბობთ (იაკ. 3:2). ჩვენგან სრულყოფილებას არავინ მოელის — არც იეჰოვა და არც და-ძმები (ფსალმ. 103:12—14). ისინი ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან, რომელთაც ვუყვარვართ (მარ. 10:29, 30; იოან. 13:35). მათ ესმით, რომ ყოველთვის ისე ვერ გამოვხატავთ აზრს, როგორც გვინდა. w19.01 8 ¶3; 10, 11 ¶10, 11

ორშაბათი, 7 დეკემბერი

გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში (ეკლ. 12:1).

დღევანდელ ქვეყნიერებაში ეს რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. იეჰოვას სურს, რომ წარმატებული და კმაყოფილების მომტანი ცხოვრებით დატკბე. იეჰოვას დახმარებით შეგიძლია, არა მხოლოდ ახალგაზრდობაში იყო წარმატებული, არამედ მთელი სიცოცხლე. ამაში დასარწმუნებლად განვიხილოთ, რა დაეხმარა ისრაელ ერს აღთქმული მიწის დამკვიდრებაში. როცა ისრაელები აღთქმულ მიწას მიუახლოვდნენ, იეჰოვას არ უთქვამს მათთვის, რომ საბრძოლო უნარ-ჩვევები გაეუმჯობესებინათ ან ომისთვის მომზადებულიყვნენ (კან. 28:1, 2). ღმერთი მათგან მხოლოდ მორჩილებასა და ნდობას მოითხოვდა (იეს. 1:7—9). ადამიანური გადასახედიდან ეს რჩევა აზრს მოკლებული ჩანდა. მაგრამ ეს საუკეთესო რჩევა იყო, რადგან იეჰოვამ თავის ხალხს ზედიზედ მოაპოვებინა გამარჯვება ქანაანელებზე (იეს. 24:11—13). დიახ, ღვთისადმი მორჩილებას რწმენა სჭირდება, თუმცა რწმენით მოქმედებას ყოველთვის წარმატება სდევს თან. ეს ასე იყო წარსულში და ასეა დღესაც! w18.12 25 ¶3, 4

სამშაბათი, 8 დეკემბერი

უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები (იოან. 6:68).

ზოგიერთი დააბრკოლა ამა თუ იმ ბიბლიური მონაკვეთის ახლებურად ახსნამ. ზოგი განდგომილებს ან მოწინააღმდეგეებს მიემხრო, რომლებიც უარყოფით შუქში წარმოაჩენენ ჩვენს სწავლებებს. შედეგად, ისინი შეგნებულად ჩამოშორდნენ იეჰოვას და კრებას (ებრ. 3:12—14). განა უკეთესი არ იქნებოდა, მოციქული პეტრეს მსგავსად რწმენა და იესოსადმი ნდობა შეენარჩუნებინათ?! ზოგი თანდათანობით ისე ჩამოშორდა ჭეშმარიტებას, რომ შეიძლება ვერც კი გააცნობიერა. ასეთი ადამიანი ჰგავს ნავს, რომელიც შეუმჩნევლად შორდება მდინარის ნაპირს. ბიბლია ამგვარ ჩამოშორებას გზის აცდენას ადარებს (ებრ. 2:1). მათგან განსხვავებით, ვინც შეგნებულად ტოვებს ჭეშმარიტებას, გზასაცდენილი ადამიანები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. მაგრამ ასეთი ადამიანიც იფუჭებს იეჰოვასთან ურთიერთობას და შეიძლება საერთოდ დაკარგოს კიდეც ის. w18.11 9 ¶5, 6

ოთხშაბათი, 9 დეკემბერი

შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა (ფსალმ. 110:3).

გსურთ, მეტი ცოდნა მიიღოთ, რათა უკეთ იყოთ მომზადებული წმინდა მსახურების შესასრულებლად? თუ ასეა, შეგიძლიათ სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკი შეავსოთ. ამ სკოლაში სულიერად მოაზროვნე და-ძმები სწავლობენ, რომლებიც სრული დროით მსახურობენ და მზად არიან მსახურების გასაფართოებლად. ისინი, ვინც სამეფოს მახარობელთა სკოლის ბლანკს ავსებენ, მზად უნდა იყვნენ, იქ იმსახურონ, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ დანიშნავენ. მზად ხართ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა და უფრო მეტი გააკეთოთ იეჰოვას მსახურებაში? (1 კორ. 9:23). როგორც იეჰოვას ხალხი, ჩვენ ყოველდღე ვზრუნავთ სხვებზე და ვავლენთ გულუხვობას, სიკარგეს, სიკეთესა და სიყვარულს. შედეგად სიხარულს, მშვიდობასა და ბედნიერებას ვიღებთ (გალ. 5:22, 23). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენის გაკეთების საშუალებას გაძლევთ მდგომარეობა, თქვენც იგრძნობთ სიხარულს, თუ მიჰბაძავთ იეჰოვას გულუხვობაში და იქნებით მისი ძვირფასი თანამშრომლები (იგავ. 3:9, 10). w18.08 27 ¶16—18

ხუთშაბათი, 10 დეკემბერი

ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ (მათ. 19:6).

ზოგმა შეიძლება იკითხოს: „არსებობს ქრისტიანისთვის გაყრისა და ხელახლა ქორწინების საფუძველი?“. იესომ განქორწინებასთან დაკავშირებით თავისი აზრი შემდეგნაირად გამოხატა: „ვინც ცოლს ეყრება და სხვაზე ქორწინდება, მის წინააღმდეგ მრუშობს. და თუ ქალი ქმართან გაყრის შემდეგ სხვას მიჰყვება, მრუშობს“ (მარ. 10:11, 12; ლუკ. 16:18). აშკარაა, იესო ძალიან აფასებდა ქორწინებას და სურდა, რომ სხვებსაც მსგავსი დამოკიდებულება ჰქონოდათ. თუ კაცი (ან ქალი) რაიმე საბაბით გაეყრებოდა ერთგულ მეუღლეს და სხვაზე დაქორწინდებოდა, ეს მრუშობაში ჩაეთვლებოდა, რადგან განქორწინება არ ნიშნავს ქორწინების დასასრულს. ღვთის თვალში „ორნი“ კვლავაც ერთი ხორცი იქნებოდნენ. უფრო მეტიც, იესომ თქვა, რომ, როცა მამაკაცი უმიზეზოდ ეყრება ცოლს, მას მრუშობის საბაბს აძლევს. რა გაგებით? ძველად განქორწინებულ ქალს შეიძლება იმიტომ მონდომებოდა ხელახლა დაქორწინება, რომ ფინანსურად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. ხელახლა ქორწინება მას მრუშობაში ჩაეთვლებოდა. w18.12 11 ¶8, 9

პარასკევი, 11 დეკემბერი

ჩემს სადარაჯოზე ვიდგები (აბაკ. 2:1).

აბაკუმს იეჰოვასთან საუბრის შემდეგ შინაგანი სიმშვიდე დაეუფლა და გადაწყვიტა, გულდაჯერებული დალოდებოდა მას. ეს არ ყოფილა ემოციების ნიადაგზე გამოხატული უცაბედი რეაქცია. ამას ადასტურებს მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: „მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს“ (აბაკ. 3:16). რას ვსწავლობთ აბაკუმის გადაწყვეტილებიდან? პირველი, რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, არ უნდა შევწყვიტოთ იეჰოვასადმი ლოცვა. მეორე, ყურად უნდა ვიღოთ ის, რასაც იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვეუბნება. მესამე, მოთმინებით უნდა დაველოდოთ იეჰოვას იმაში დარწმუნებულები, რომ თავის დროზე დაგვიამებს ტკივილს. თუ კვლავაც გავანდობთ იეჰოვას ჩვენს გულისნადებს და აბაკუმის მსგავსად მოთმინებით მოვუსმენთ, შინაგან სიმშვიდეს ვიგრძნობთ, რაც განსაცდელების ატანაში დაგვეხმარება. იმედი მოთმინების ძალას მოგვცემს, რაც, თავის მხრივ, ნებისმიერ განსაცდელს სიხარულით აგვატანინებს. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ზეციერი მამა უმოქმედოდ არ იქნება (რომ. 12:12). w18.11 15, 16 ¶11, 12

შაბათი, 12 დეკემბერი

ქალების მშვენება იყოს . . . მოკრძალებითა და საღი აზროვნებით შერჩეულ მოხდენილ ტანსაცმელში (1 ტიმ. 2:9).

რას ფიქრობს იეჰოვა სხვების დაბრკოლებაზე? იესომ თქვა: „იმისთვის კი, ვინც დააბრკოლებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც სწამს, უმჯობესი იქნებოდა კისერზე დოლაბი დაეკიდათ და ზღვაში ჩაეგდოთ“ (მარ. 9:42). ამ სიტყვებში საკმაოდ მკაცრი ტონი იგრძნობა. იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის პიროვნებას, ამიტომ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ იეჰოვასაც ისეთივე მკაცრი დამოკიდებულება აქვს თანამორწმუნის დაბრკოლების მიმართ, როგორიც იესოს ჰქონდა (იოან. 14:9). ჩვენც მათსავით ვფიქრობთ? გვაქვს ეს გათავისებული? რაზე მეტყველებს ჩვენი საქციელი? დავუშვათ, ისეთი სტილის ტანსაცმელი, ვარცხნილობა ან მაკიაჟი მოგვწონს, რომელიც კრების ზოგიერთ წევრს აღიზიანებს ან სხვებში სექსუალურ სურვილებს აღვივებს. აღგვძრავს და-ძმების სიყვარული, რომ უარი ვთქვათ სტილზე, რომელიც ძალიან მოგვწონს? w18.11 25 ¶9, 10

კვირა, 13 დეკემბერი

მიუგო სატანამ იეჰოვას: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში? . . . გაიწოდე ხელი და შეახე მის ქონებას; ნახე, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა“ (იობ. 1:9, 11).

რატომ არის უმწიკვლობა ასე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის? იმიტომ რომ სატანა არა მხოლოდ იეჰოვას, არამედ ჩვენც გვიპირისპირდება. ამ მეამბოხე ანგელოზმა ღმერთი ცუდ, ეგოისტ და არაკეთილსინდისიერ მმართველად წარმოაჩინა, რითაც შელახა იეჰოვას წმინდა სახელი. სამწუხაროდ, ადამი და ევა სატანას მიემხრნენ და იეჰოვას დაუპირისპირდნენ (დაბ. 3:1—6). ედემში ცხოვრება მათ იეჰოვასადმი სიყვარულის გაძლიერების უამრავ შესაძლებლობას აძლევდა. მაგრამ, როცა სატანა იეჰოვას დაუპირისპირდა, ღვთისადმი მათი სიყვარული სრული, საღი და მთელი არ აღმოჩნდა. იბადება კიდევ ერთი კითხვა: დარჩებოდა ვინმე სიყვარულიდან გამომდინარე ღვთის ერთგული? ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეუძლიათ ადამიანებს უმწიკვლოები იყვნენ? ეს კითხვა წამოიჭრა იობის შემთხვევაშიც (იობ. 1:8—11). მასზე უმწიკვლო იმ დროს არავინ იყო დედამიწაზე, თუმცა ჩვენ მსგავსად ისიც არასრულყოფილი იყო და შეცდომებს უშვებდა. w19.02 3, 4 ¶6, 7

ორშაბათი, 14 დეკემბერი

რაც კი რამ აბადია, ყველაფერს მაშინვე ყიდის და ყიდულობს მას (მათ. 13:46).

იმის დასანახვებლად, თუ რაოდენ ძვირფასია ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება მათთვის, ვინც მას პოულობს, იესომ მოიყვანა დიდვაჭრის მაგალითი, რომელიც ეძებდა კარგ მარგალიტებს და იპოვა კიდეც ასეთი ძვირფასი მარგალიტი და მის საყიდლად მაშინვე გაყიდა ყველაფერი, რაც კი ებადა (მათ. 13:45, 46). მსგავსად, ჩვენ მიერ ნაპოვნი ჭეშმარიტება, იქნება ეს ღვთის სამეფოსა თუ სხვა ბიბლიური სწავლებების შესახებ — იმდენად ძვირფასი გახდა, რომ მაშინვე მზადყოფნით გავიღეთ მსხვერპლი მის შესაძენად. თუ ყოველთვის დავაფასებთ ჭეშმარიტებას, არასდროს გავყიდით მას (იგავ. 23:23). სამწუხაროდ, ზოგიერთი ღვთის მსახურის თვალში ჭეშმარიტებამ იმდენად დაკარგა ფასი, რომ გაყიდეს კიდეც ის. ჩვენ არ გვინდა, ოდესმე ასეთი რამ დაგვემართოს! ყოველთვის რომ დავაფასოთ ჭეშმარიტება და არასდროს გავყიდოთ ის, ყურად უნდა ვიღოთ ბიბლიის მოწოდება და ვიაროთ ჭეშმარიტებაში (3 იოან. 2—4). ჭეშმარიტებაში სიარული ნიშნავს, რომ ის ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ და ეს საქმეებით ვაჩვენოთ. w18.11 9 ¶3

სამშაბათი, 15 დეკემბერი

რწმენით იერიხონის გალავანი შვიდდღიანი გარშემოვლის შემდეგ დაინგრა (ებრ. 11:30).

ისრაელებმა მითითება მიიღეს, რომ არ შეეტიათ იერიხონისთვის. მათ ექვსი დღის მანძილზე დღეში ერთხელ უნდა შემოევლოთ იერიხონის გალავნისთვის, ხოლო მეშვიდე დღეს — შვიდჯერ. ზოგ ჯარისკაცს შეიძლებოდა ეფიქრა: „რა უაზროდ ვხარჯავთ დროსა და ენერგიას!“. მაგრამ ისრაელის უხილავმა წინამძღოლმა, იეჰოვამ, ზუსტად იცოდა, რასაც აკეთებდა. იეჰოვასადმი მორჩილებამ არა მხოლოდ რწმენა გაუძლიერა ისრაელებს, არამედ თავიდან აარიდა იერიხონის მამაც მეომრებთან ხელჩართული ბრძოლა (იეს. 6:2—5). რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? ზოგჯერ შეიძლება არც ჩვენ გვესმოდეს, რატომ გვთავაზობს ორგანიზაცია სხვადასხვა სიახლეს. მაგალითად, თავიდან შეიძლება გვაეჭვებდა, გაამართლებდა თუ არა პირადი შესწავლის, მსახურებისა და კრების შეხვედრების დროს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება. დღეს კი კარგად გვესმის, რამდენად პრაქტიკულია ეს მოწყობილობები და შეძლებისდაგვარად ვსარგებლობთ მათით. როცა საკუთარი თვალით ვხედავთ ამა თუ იმ ცვლილების კარგ შედეგებს, ჩვენი ერთობა უფრო მტკიცდება და რწმენა გვიძლიერდება მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეიძლება სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი. w18.10 23 ¶8, 9

ოთხშაბათი, 16 დეკემბერი

უფალო, ახლა ხომ არ უნდა აღუდგინო სამეფო ისრაელს? (საქ. 1:6)

ეჭვგარეშეა, მოლოდინმა, რომელიც იესოს მოწაფეების მსგავსად გალილეელებსაც ჰქონდათ მესიაზე, აღძრა ისინი, მოენდომებინათ იესოს გამეფება. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ იესო იდეალური წინამძღოლი იქნებოდა, რადგან ის შესანიშნავი ორატორი იყო, შეეძლო ავადმყოფების განკურნება და მშიერი ხალხის გამოკვებაც კი. დაახლოებით 5 000 კაცის დაპურების შემდეგ იესო მიხვდა, რა ჰქონდა ხალხს ჩაფიქრებული. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იესო კი, რადგან იცოდა, რომ ისინი მისვლას აპირებდნენ მის შესაპყრობად და გასამეფებლად, კვლავ განმარტოვდა მთაზე“ (იოან. 6:10—15). მომდევნო დღეს, როცა ხალხში ვნებათაღელვა ჩაცხრა, გალილეის ზღვის მეორე ნაპირზე შეკრებილებს იესომ თავისი საქმიანობის მთავარი მიზანი აუხსნა და დაანახვა, რომ დედამიწაზე ისრაელი ერისთვის მატერიალური კი არა, სულიერი კეთილდღეობის მოსატანად მოვიდა. მან უთხრა მათ: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის, რომელიც მარადიული სიცოცხლისთვის რჩება“ (იოან. 6:25—27). w18.06 4 ¶4, 5

ხუთშაბათი, 17 დეკემბერი

გადატეხილ ლერწამს არ დაამტვრევს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს (ეს. 42:3).

იესოს კარგად ესმოდა იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც გადატანითი მნიშვნელობით გადატეხილ ლერწამს და მბჟუტავ პატრუქს ჰგავდნენ. ამიტომ ის მათ მიმართ ყურადღებიანი, კეთილი და მომთმენი იყო (მარ. 10:14). ფაქტია, ჩვენ ვერ შევძლებთ, ისევე გავუგოთ და ვასწავლოთ ადამიანებს, როგორც ამას იესო აკეთებდა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც, რომ გავითვალისწინოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი, ანუ დავფიქრდეთ, რას და როგორ ვეტყვით, როდის მივაკითხავთ და რამდენ ხანს დავყოფთ მათთან. დღეს მილიონობით ადამიანი გახრწნილი და უგულო პოლიტიკოსების, ბიზნესმენებისა თუ რელიგიური ლიდერების ხელში „გასავათებული და დაფანტულია“ (მათ. 9:36). სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ მათ აღარც ნდობა აქვთ და აღარც იმედი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვებსა თუ ხმის ტონში სიკეთე და თანაგრძნობა ჩანდეს. ბევრი ჩვენს ცნობას მხოლოდ იმიტომ კი არ ეხმაურება, რომ ბიბლიური ცოდნა გვაქვს და საღად ვმსჯელობთ, არამედ იმიტომაც, რომ მათ მიმართ გულწრფელ ინტერესსა და ყურადღებას ვიჩენთ. w18.09 31, 32 ¶13, 14

პარასკევი, 18 დეკემბერი

ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი (მათ. 5:3).

როცა ადამიანი სულიერად იკვებება, აფასებს სულიერ საკითხებს და ბედნიერი ღვთის მსახურებას პირველ ადგილზე აყენებს, ცხადყოფს, რომ სულიერსაა მოწყურებული. სულიერი წყურვილის დაკმაყოფილება უფრო მეტ ბედნიერებას მოგვანიჭებს და ღვთის დაპირებების მიმართ რწმენას განგვიმტკიცებს (ტიტ. 2:13). ჩვენმა ბედნიერებამ დიდხანს რომ გასტანოს, იეჰოვასთან მეგობრობა უნდა განვამტკიცოთ. მოციქულმა პავლემ ღვთის შთაგონებით დაწერა: „ყოველთვის იხარეთ უფალში [იეჰოვაში]. კიდევ ერთხელ გეუბნებით: იხარეთ!“ (ფილ. 4:4). იეჰოვასთან ასეთი ფასდაუდებელი ურთიერთობის განსავითარებლად ღვთიური სიბრძნე გვჭირდება (იგავ. 3:13, 18). ბედნიერების შესანარჩუნებლად ასევე აუცილებელია, რომ მხოლოდ კი არ ვიკითხოთ ღვთის სიტყვა, არამედ ცხოვრებაში გამოვიყენოთ ის. იმის ხაზგასასმელად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ნასწავლის თანახმად მოქმედება, იესომ თქვა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოან. 13:17; იაკ. 1:25). ამის გარეშე წარმოუდგენელია სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ხანგრძლივი ბედნიერების მიღწევა. w18.09 18 ¶4—6

შაბათი, 19 დეკემბერი

ეპაფრა . . . დაუღალავად ლოცულობს თქვენთვის (კოლ. 4:12).

ეპაფრა კარგად იცნობდა ძმებს და ზრუნავდა მათზე. ეპაფრაც პავლეს მსგავსად პატიმარი იყო, მაგრამ თავისი მდგომარეობის მიუხედავად, სხვების სულიერი საჭიროებები არ დავიწყებია (ფლმ. 23). ის ლოცულობდა მათზე. განა ეს სხვებზე უანგაროდ ზრუნვა არ იყო?! თანაქრისტიანებზე ლოცვას დიდი ძალა აქვს, განსაკუთრებით, როცა მათ სახელებით მოვიხსენიებთ (2 კორ. 1:11; იაკ. 5:16). იფიქრეთ მათზე, ვისი მოხსენიებაც ლოცვებში შეგიძლიათ. ეპაფრას მსგავსად, ჩვენი და-ძმებიდან ბევრი ლოცულობს კრების იმ წევრებისა თუ ოჯახებისთვის, რომელთაც ბევრი საზრუნავი აქვთ ან სერიოზული გადაწყვეტილებებისა თუ ცდუნებების წინაშე დგანან. გარდა ამისა, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება ისინი, ვინც საყვარელი ადამიანი დაკარგა, სტიქიური უბედურებისა თუ ომის მსხვერპლი გახდა ან სიდუხჭირეში ცხოვრობს. ცხადია, ჩვენ გარშემო ბევრი და-ძმაა, ვისაც სჭირდება ჩვენი ლოცვები. w18.09 5, 6 ¶12, 13

კვირა, 20 დეკემბერი

გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას (საქ. 20:35).

პავლე მხოლოდ მატერიალური ქონების გაზიარებას კი არ გულისხმობდა, არამედ სხვების გამხნევებას, ხელმძღვანელობის გაწევასა და დახმარებას (საქ. 20:31—35). მოციქულმა სიტყვითა და საქმით გვასწავლა, რომ არ უნდა დავზოგოთ ჩვენი დრო, ენერგია და ყურადღება და სიყვარული გამოვავლინოთ ერთმანეთის მიმართ. სოციოლოგებმა შენიშნეს, რომ გაცემას ადამიანებისთვის ბედნიერება მოაქვს. ერთ სტატიაში ნათქვამია: „ხალხი ამბობს, რომ თავს გაცილებით ბედნიერად გრძნობენ, როცა სხვებს სიკეთეს უკეთებენ“. სოციოლოგების აზრით, სხვების დახმარება მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა სიცოცხლის აზრი და მიზანი იპოვოს, რადგან ამ დროს იკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნილებებს. ამიტომ სპეციალისტები ხალხს ხშირად ურჩევენ, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეებში მიიღონ მონაწილეობა, რათა უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. თუმცა ეს აზრი ჩვენთვის ახალი არ არის, რადგან მოსიყვარულე შემოქმედი იეჰოვა ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის, რომ გაცემას ბედნიერება მოაქვს (2 ტიმ. 3:16, 17). w18.08 22 ¶17, 18

ორშაბათი, 21 დეკემბერი

ნუღარ გაასამართლებთ გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაასამართლეთ (იოან. 7:24).

ესაიას მიერ ჩვენს უფალზე, იესო ქრისტეზე, წარმოთქმული წინასწარმეტყველება გვამხნევებს და იმედს გვისახავს. წინასწარმეტყველმა იესოზე თქვა: „შესახედაობით არ გაასამართლებს, არც ყურით გაგონილით ამხილებს. სამართლიანად გაასამართლებს საწყლებს“ (ეს. 11:3, 4). რატომ გვანუგეშებს ამის ცოდნა? დღეს ძალიან ბევრ ადამიანს რიგ საკითხებში წინასწარშექმნილი აზრი აქვს და მიკერძოებას ავლენს. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება სრულყოფილი მოსამართლე, იესო, რომელიც გარეგნობის მიხედვით არასდროს გაგვასამართლებს. ჩვენ ყოველდღე გვიყალიბდება გარკვეული შეხედულება ამა თუ იმ ადამიანზე. თუმცა არასრულყოფილების გამო არ შეგვიძლია, რომ იესოსავით სრულყოფილად შევაფასოთ საკითხები. მართალია, ჩვენს შეხედულებებზე თვალით დანახული ახდენს გავლენას, მაგრამ იესომ მოგვიწოდა, არ გაგვესამართლებინა ადამიანები გარეგნობის მიხედვით, არამედ სიმართლით გაგვესამართლებინა. აშკარაა, იესოს სურს, მას მივბაძოთ და გარეგნობის მიხედვით არ განვსაჯოთ სხვები. w18.08 8 ¶1, 2

სამშაბათი, 22 დეკემბერი

შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21).

მართალია, პირდაპირ ზეციდან არ გვესმის მისი ხმა, მაგრამ ის თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით გვასწავლის და გვხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ღვთის სული „ერთგულ და გონიერ მმართველს“ აღძრავს, რომ სულიერი საზრდო არ მოაკლოს იეჰოვას მსახურებს (ლუკ. 12:42). დღეს მართლაც უამრავი სულიერი საზრდო გვაქვს, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული პუბლიკაციები და ვიდეო თუ აუდიომასალა. დაე, ბიბლიაში ჩაწერილმა ღვთის სიტყვებმა განგვიმტკიცოს რწმენა, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს და სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერებისგან მოყენებულ ყველა ზიანს აგვინაზღაურებს. მოდი გადაწყვეტილი გვქონდეს, ყურადღებით მოვუსმინოთ იეჰოვას ხმას! ეს დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ ნებისმიერ პრობლემას როგორც დღეს, ისე მომავალში. ბიბლია შეგვახსენებს: „მოთმინება გჭირდებათ, რომ შეასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ დანაპირები“ (ებრ. 10:36). w19.03 13 ¶17, 18

ოთხშაბათი, 23 დეკემბერი

იეჰოვამ იესო ნავეს ძეს . . . უთხრა: „მოკვდა ჩემი მსახური მოსე. ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა“ (იეს. 1:1, 2).

ვინაიდან მოსე დიდი ხნის მანძილზე წინამძღოლობდა ისრაელს, შეიძლება იესო ნავეს ძეს აფიქრებდა, როგორ მიიღებდა ხალხი მას, როგორც წინამძღოლს (კან. 34:8, 10—12). ერთ ბიბლიურ ნაშრომში იესო ნავეს ძის 1:1, 2-თან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყნის სტაბილურობას ყველაზე მეტად მაშინ ემუქრება საფრთხე, როცა ერთ მმართველს მეორე ცვლის; ასე იყო წარსულში და ასეა დღესაც. მართალია, შიშის მიზეზი ჰქონდა, მაგრამ იესო ნავეს ძე მაშინვე შეუდგა იეჰოვასგან დავალებული საქმის შესრულებას (იეს. 1:9—11). ის მიენდო იეჰოვას და იეჰოვამაც გაუმართლა ნდობა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთი ანგელოზის მეშვეობით ხელმძღვანელობდა იესო ნავეს ძესა და თავის ხალხს, ისრაელს. გონივრულია, დავასკვნათ, რომ ეს ანგელოზი ღვთის მხოლოდშობილი ძე იყო, რომელსაც სიტყვა ეწოდება (გამ. 23:20—23; იოან. 1:1). იეჰოვას დახმარებით ისრაელ ერს გაუადვილდა ახალ წინამძღოლთან შეგუება. w18.10 22, 23 ¶1—4

ხუთშაბათი, 24 დეკემბერი

სამახსოვრო წიგნი იწერება მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის (მალ. 3:16).

იეჰოვა ცნობს ერთგულ მსახურებს და მათ სახელებს „სამახსოვრო წიგნში“ წერს. ჩვენი სახელი იეჰოვას „სამახსოვრო წიგნში“ რომ დარჩეს, ჩვენი მხრიდანაც მოქმედებაა საჭირო. მალაქია განსაკუთრებით უსვამს ხაზს იმას, რომ უნდა გვეშინოდეს იეჰოვასი და მის სახელზე ვფიქრობდეთ. თუ ჩვენს გულში იეჰოვას ადგილს სხვა ვინმე ან რამე დაიკავებს, შეიძლება იეჰოვამ თავისი სიმბოლური სიცოცხლის წიგნიდან ჩვენი სახელი ამოშალოს (გამ. 32:33; ფსალმ. 69:28). ასე რომ, იეჰოვასადმი მიძღვნაში იმაზე მეტი იგულისხმება, ვიდრე სახალხოდ მისი ნების შესრულების შესახებ პირობის დადება და წყალში ნათლობა. ამას მხოლოდ ერთხელ ვაკეთებთ და ეს საქმეები წარსულში რჩება. თუ გვსურს, მტკიცედ ვიდგეთ იეჰოვას მხარეს, როგორც მისი ხალხი, ყოველთვის, ახლაც და სიცოცხლის ბოლომდეც, მისი მორჩილები უნდა ვიყოთ (1 პეტ. 4:1, 2). w18.07 23, 24 ¶7—9

პარასკევი, 25 დეკემბერი

რადგან დავტოვეთ ქრისტეს შესახებ სწავლების საწყისები, ვისწრაფოთ მოწიფულობისკენ (ებრ. 6:1).

ეს თავისთავად არ ხდება. ჩვენ უნდა „ვისწრაფოთ“ ანუ ვიშრომოთ ამისთვის. სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვაში იგულისხმება ცოდნის გამუდმებით გაღრმავება და წვდომის უნარის განვითარება. სწორედ ამიტომ გვესმის ხშირად მოწოდება, რომ ყოველდღე ვიკითხოთ ბიბლია (ფსალმ. 1:1—3). თქვენც გაქვთ ეს მიზნად დასახული? ბიბლიის ყოველდღე კითხვა დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ იეჰოვას კანონები და პრინციპები და ღრმად ჩასწვდეთ ღვთის სიტყვას. ქრისტიანებისთვის უმთავრესი კანონი სიყვარულის კანონია. იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). იესოს ნახევარძმამ, იაკობმა, სიყვარულს „დიდებული კანონი“ უწოდა (იაკ. 2:8). პავლემ კი თქვა, რომ „სიყვარული კანონის შესრულებაა“ (რომ. 13:10). გასაკვირი არ არის, რატომ მიანიჭეს მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა სიყვარულს, რადგან თავად ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). w18.06 19 ¶14, 15

შაბათი, 26 დეკემბერი

სული გაუმწარეს, ამიტომ დაუფიქრებლად ილაპარაკა თავისი ბაგეებით (ფსალმ. 106:33).

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელები იეჰოვას წინააღმდეგ წავიდნენ, სული მოსეს გაუმწარდა. ის თავშეუკავებლად მოიქცა და არ იფიქრა იმ შედეგებზე, რომლებიც მის სიტყვებს მოჰყვებოდა. მოსემ დაუშვა, რომ სხვების საქციელის გამო მზერა იეჰოვასგან სხვა რამეზე გადაეტანა. პირველ შემთხვევაში ის სწორედ ისე მოიქცა, როგორც იეჰოვამ უთხრა (გამ. 7:6). თუმცა შესაძლოა ათწლეულების მანძილზე ურჩი ისრაელების წინამძღოლობამ მოსე დაღალა და გული გაუტეხა. როგორც ჩანს, მან ძირითადი აქცენტი საკუთარ გრძნობებზე გააკეთა და არა იეჰოვას განდიდებაზე. თუ ასეთმა ერთგულმა წინასწარმეტყველმა ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა და შესცოდა, მსგავსი რამ შეიძლება ჩვენც ადვილად დაგვემართოს. მოსეს მსგავსად, ჩვენც იეჰოვას დაპირებული, სიმბოლური აღთქმული მიწის, ახალი ქვეყნიერების ზღურბლთან ვდგავართ (2 პეტ. 3:13). არცერთ ჩვენგანს არ სურს, ხელიდან გაუშვას ეს შესაძლებლობა. ჩვენი მიზნის მისაღწევად მზერა ყოველთვის იეჰოვასკენ უნდა გვქონდეს მიპყრობილი, ანუ ყოველთვის მისი ნების შესრულებას უნდა ვცდილობდეთ (1 იოან. 2:17). w18.07 15 ¶14—16

კვირა, 27 დეკემბერი

ბოროტსა სძლიეთ (1 იოან. 2:14).

სატანა ვერ გვაიძულებს საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლას (იაკ. 1:14). ბევრი გაუცნობიერებლად ასრულებს სატანის ნებას. მაგრამ ჭეშმარიტების გაგების შემდეგ ისინი თავად წყვეტენ, ვის ემსახურებიან (საქ. 3:17; 17:30). თუ გადაწყვეტილი გვაქვს ღვთის ნების შესრულება, სატანა ვერაფრით შეარყევს ჩვენს ერთგულებას (იობ. 2:3; 27:5). სატანასა და მის დემონებს სხვა შეზღუდვებიც აქვთ. მაგალითად, ბიბლიაში არსად არის ნათქვამი, რომ მათ ჩვენი გულებისა და გონების წაკითხვა შეუძლიათ. ამის გაკეთების ძალა მხოლოდ იეჰოვას და იესოს შესწევთ (1 სამ. 16:7; მარ. 2:8). როცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი სიტყვები და საქმეები ღვთის ნებას შევუსაბამოთ, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა არ მისცემს სატანას უფლებას, გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს (ფსალმ. 34:7). ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მტერს, მაგრამ არ უნდა გვეშინოდეს მისი. იეჰოვას მხარდაჭერით არასრულყოფილ ადამიანებსაც შეუძლიათ სატანასთან ბრძოლაში გამარჯვება. თუ მას წინააღმდეგობას გავუწევთ, ის გაიქცევა ჩვენგან (იაკ. 4:7; 1 პეტ. 5:9). w18.05 26 ¶15—17

ორშაბათი, 28 დეკემბერი

შენი საქმეები იეჰოვას მიანდე და შენი გეგმები განმტკიცდება (იგავ. 16:3).

დავუშვათ, სხვა ქალაქში გამგზავრებას აპირებ, სადაც მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება. ამ ქალაქამდე მისასვლელად ავტობუსით გრძელი გზის გავლა მოგიწევს. ავტოსადგურზე ძალიან ბევრი ავტობუსია. შენ იმ ავტობუსში უნდა ახვიდე, რომელიც დანიშნულების ადგილზე მიგიყვანს! ისიც კარგად იცი, რომ, თუ სხვა ავტობუსში ახვალ, სულ სხვა მიმართულებით წახვალ. ახალგაზრდები შეიძლება ავტოსადგურზე მყოფ მგზავრებს შევადაროთ. ზოგჯერ მათ არაერთი შესაძლებლობა ეძლევათ და ბევრი გადაწყვეტილების მიღება უწევთ, რის გამოც შეიძლება თავგზა აებნათ. ახალგაზრდებო, გადაწყვეტილების მიღება გაგიადვილდებათ, თუ ზუსტად გეცოდინებათ, „სად მიდიხართ“. დაისახავ ცხოვრების უმთავრეს მიზნად იეჰოვას მოსაწონად ცხოვრებას? ეს მოიცავს მისი თვალსაზრისის გათვალისწინებას ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს განათლების მიღება, სამსახურის არჩევა, დაოჯახება, შვილების ყოლა თუ სხვა. ამაში სულიერი მიზნებისკენ სწრაფვაც იგულისხმება. ახალგაზრდებო, თუ თქვენთვის უმთავრესი იეჰოვას მსახურება იქნება, დარწმუნებული იყავით, რომ ის აუცილებლად გაკურთხებთ და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. w18.04 25 ¶1—3

სამშაბათი, 29 დეკემბერი

ვაიმე, შვილო! ეს რა მიყავი! თურმე შენ გაგრიყე, შვილო (მსაჯ. 11:35).

იფთახმა შეასრულა თავისი აღთქმა და ქალიშვილი შილოში გაგზავნა, რათა დარჩენილი ცხოვრება კარავში ემსახურა (მსაჯ. 11:30—35). მართალია, ამის გაკეთება იფთახს ძალიან უმძიმდა, მაგრამ მასზე რთულ მდგომარეობაში მისი ქალიშვილი იყო, რომელიც მორჩილად დაჰყვა მამის ნებას (მსაჯ. 11:36, 37). ეს იმას ნიშნავდა, რომ იფთახის ქალიშვილი ვერ დაქორწინდებოდა, ვერ იყოლიებდა შვილებს და მათი საგვარეულო ხაზი აღარ გაგრძელდებოდა. უდავოდ, მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ნუგეში და გამხნევება. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ისრაელში წესად დაიდო, რომ ყოველწლიურად ისრაელის ასულები გალაადელი იფთახის ასულთან მიდიოდნენ და აქებდნენ მას, წელიწადში ოთხ დღეს“ (მსაჯ. 11:39, 40). დღესაც გამხნევებასა და შექებას იმსახურებენ დაუქორწინებელი და-ძმები, რომლებიც თავიანთ მდგომარეობას მაქსიმალურად იყენებენ ღვთის საქმის შესასრულებლად! (1 კორ. 7:32—35). w18.04 17 ¶10, 11

ოთხშაბათი, 30 დეკემბერი

ანგელოზებმა . . . არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო (იუდ. 6).

სატანას საკმაოდ ბევრი ანგელოზი შეუერთდა. მან წარღვნამდე მათგან ყველა თუ არა, ზოგიერთი მაინც გააბა ადამიანთა ასულებთან უზნეობის ჩადენის მახეში. ამის შესახებ ბიბლიაში სიმბოლური ენით არის ნათქვამი, რომ დრაკონმა „კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების მესამედს და დედამიწაზე გადმოყარა“ (დაბ. 6:1—4; გამოცხ. 12:3, 4). როცა ამ ანგელოზებმა მიატოვეს ღვთის ოჯახი, ისინი სატანის ხელში აღმოჩნდნენ. მაგრამ ეს ურჩი ქმნილებები უბრალოდ უმართავ ბრბოს არ წარმოადგენენ. სატანამ ღვთის სამეფოს მსგავსი მთავრობა შექმნა და თავი მეფედ გამოაცხადა. თავის უხილავ სამფლობელოში მან ჩამოაყალიბა დემონთა მთავრობები, ძალაუფლებით აღჭურვა ისინი და მსოფლიოს მმართველებად დანიშნა (ეფეს. 6:12). თავისი ორგანიზაციის მეშვეობით სატანა ადამიანთა ყველა მთავრობაზე ახდენს გავლენას. w18.05 23 ¶5, 6

ხუთშაბათი, 31 დეკემბერი

ვაკურთხებ იეჰოვას, რომელიც რჩევას მაძლევს; ჩემს გამოსწორებას ემსახურება ჩემი თირკმელები ღამღამობით (ფსალმ. 16:7).

ზოგჯერ იეჰოვა ჩვენდამი სიყვარულს იმით ავლენს, რომ მოსიყვარულე მამის მსგავსად საჭიროების შემთხვევაში რჩევებს გვაძლევს. დავითი სიხარულით იღებდა მისგან რჩევებს. ის ფიქრობდა ღვთის აზრებზე და ითავისებდა მათ, რითაც იეჰოვას გამოძერწვის საშუალებას აძლევდა. თუ დავითის მსგავსად იმოქმედებ, უფრო მეტად შეგიყვარდება იეჰოვა და მისადმი მორჩილების სურვილი გაგიძლიერდება, რაც სულიერად მოწიფულ ადამიანად ჩამოგაყალიბებს. ერთი და, სახელად კრისტინი, ამბობს: „როცა ღრმად ვიკვლევ საკითხებს და ვფიქრობ მათზე, ისეთი გრძნობა მეუფლება, რომ იეჰოვამ ის პირადად ჩემთვის დაწერა“. არ გავაზვიადებთ, თუ ვიტყვით, რომ სულიერი ხედვა განსაკუთრებულ ცოდნასა და წვდომის უნარს გძენს. ეს გეხმარება, იეჰოვას თვალით უყურო ამ ქვეყნიერებას და მის მომავალს. რატომ გაძლევს იეჰოვა ცოდნასა და წვდომის უნარს? მას სურს, რომ გონივრულად დაადგინო ცხოვრებაში პრიორიტეტები, ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღო და მომავალს იმედისა და რწმენის თვალით უყურო (ეს. 26:3). w18.12 26 ¶9, 10

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება