იანვარი
პარასკევი, 1 იანვარი
წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი (მათ. 28:19).
ღვთის ერთგულ მსახურებს გვსურს, ვისწავლოთ, როგორ შევასრულოთ ყოველმხრივ ჩვენზე მონდობილი მსახურება (2 ტიმ. 4:5). მიუხედავად იმისა, რომ ქადაგება ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეა, შეიძლება მას იმდენ დროს ვერ ვუთმობთ, რამდენიც გვსურს. დრო და ენერგია სხვა მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებასაც სჭირდება. შეიძლება დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, რათა საკუთარი თავი და ოჯახი ვარჩინოთ. შესაძლოა სხვა ოჯახური პასუხისმგებლობები გვაკისრია ან ავადმყოფობით, დეპრესიითა და ასაკის მატებით გამოწვეულ სირთულეებთან გვიწევს გამკლავება. გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ ჩვენი მდგომარეობის გამო იეჰოვას მსახურებას ბევრ დროს ვერ ვუთმობთ. იესომ იცოდა, რომ სამეფოს ნაყოფს ყველა ერთი და იმავე რაოდენობით ვერ გამოიღებდა (მათ. 13:23). იეჰოვა დიდად აფასებს ჩვენ მიერ შესრულებულ მსახურებას, როცა საუკეთესოს გავცემთ მისთვის (ებრ. 6:10—12). w19.04 2 ¶1—3
შაბათი, 2 იანვარი
ის [ეშმაკი] . . . ცრუა და სიცრუის მამაა (იოან. 8:44).
სატანის სიცრუე მკვდრების მდგომარეობის შესახებ ცილს სწამებს იეჰოვას. ამ სიცრუეში შედის ცრუ სწავლება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ, სადაც თითქოს მკვდრები იტანჯებიან. ასეთი სწავლებები ცილს სწამებს იეჰოვას, რადგან სიყვარულის ღმერთს სატანის თვისებებს მიაწერს (1 იოან. 4:8). რა გრძნობა გეუფლებათ ამ სიტყვების მოსმენაზე? რაც მთავარია, იეჰოვა რას გრძნობს ამ დროს? მას ხომ ყველანაირი სახის სისასტიკე სძულს?! (იერ. 19:5). სიკვდილის შესახებ სატანის სიცრუე ხალხის თვალში ქრისტეს გამოსასყიდს აუფასურებს (მათ. 20:28). სატანის კიდევ ერთი სიცრუეა ის, რომ ადამიანებს უკვდავი სული აქვთ. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ მათ უკვე აქვთ მარადიული სიცოცხლე. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ქრისტე საკუთარ სიცოცხლეს აღარ გაიღებდა ჩვენ გამოსასყიდად, რათა მარადიულად გვეცოცხლა. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ქრისტეს მსხვერპლი ადამიანების მიმართ სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა (იოან. 3:16; 15:13). წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ იეჰოვა და იესო, როცა ასეთი სწავლებებით აუფასურებენ მათ მიერ გაღებულ გამოსასყიდს! w19.04 14 ¶1; 16 ¶8, 9
კვირა, 3 იანვარი
„ვინ შეიცნო იეჰოვას გონება, რომ ასწავლოს მას?!“ თუმცა ჩვენ ქრისტეს გონება გვაქვს (1 კორ. 2:16).
სად არის ჩაწერილი იესოს სწავლებები? დედამიწაზე ყოფნის დროს იესოს სწავლებებისა და საქმეების შესახებ ძირითადად ოთხი სახარება მოგვითხრობს. ქრისტიანულ-ბერძნული წერილების სხვა წიგნებიც გვეხმარება, უკეთ ჩავწვდეთ ქრისტეს აზროვნებას, რადგან ისინი ღვთივშთაგონებით დაწერეს მამაკაცებმა, რომელთაც „ქრისტეს გონება“ ჰქონდათ. იესოს სწავლებები ცხოვრების ყველა მხარეს მოიცავს. მაგალითად, ქრისტეს კანონი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვიქცევით სახლში, სამსახურში, სკოლასა თუ კრებაში (გალ. 6:2). ამ კანონს ქრისტიანულ-ბერძნული წერილების კითხვისა და მასზე ფიქრის დროს ვსწავლობთ. ჩვენ ვემორჩილებით მას, როცა ვითვალისწინებთ ბიბლიის ამ წიგნებში ჩაწერილ მითითებებს, მცნებებსა და პრინციპებს. ქრისტეს კანონის მორჩილებით ჩვენ ვემორჩილებით მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას, რადგან იესოს ყველა სწავლება იეჰოვასგან მომდინარეობს (იოან. 8:28). w19.05 3 ¶6, 7
ორშაბათი, 4 იანვარი
ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო და უფრო ცუდად მოიქცევიან (2 ტიმ. 3:13).
სამწუხაროა, რომ ზოგი ადამიანის საქციელი სატანის წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა სატანა იეჰოვას ვერაფერს გამოაპარებს. იეჰოვას ბოლომდე ესმის ჩვენი ტკივილი და შეუძლია ჩვენი ნუგეშისცემა. რა ბედნიერებაა, რომ ვემსახურებით ღმერთს, რომელიც „ყოველგვარ გასაჭირში გვანუგეშებს, რათა ჩვენც შევძლოთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს“ (2 კორ. 1:3, 4). ნუგეშისცემა განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, ვისზეც ახლობელმა იძალადა ან მშობლების უყურადღებობის გამო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იცოდა, რომ იეჰოვა ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და გვანუგეშებს (ფსალმ. 27:10). დავითი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ზრუნავს მათზე, ვინც ოჯახის წევრებმა უარყვეს. როგორ აკეთებს ის ამას? იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს იყენებს. თანაქრისტიანები ჩვენი სულიერი ოჯახის წევრები არიან. მაგალითად, მათ, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემლობაში შეუერთდა, იესომ და, ძმა და დედა უწოდა (მათ. 12:48—50). w19.05 15, 16 ¶8, 9
სამშაბათი, 5 იანვარი
დაინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10).
რით უნდა დავიწყოთ? რა თქმა უნდა, ყოველდღე უნდა გამოვყოთ დრო ღვთის სიტყვის შესასწავლად. მაგალითად, შუა კვირის შეხვედრის პროგრამით გათვალისწინებული წასაკითხი ბიბლიური მონაკვეთის მოცულობა იმიტომ შემცირდა, რომ უფრო მეტი დრო გამოვყოთ წაკითხულზე ფიქრისთვის და დამატებითი კვლევისთვის. ჩვენი მიზანი უბრალოდ გეგმით გათვალისწინებული ბიბლიური მონაკვეთების კითხვა კი არ არის, არამედ წაკითხული ინფორმაციის გულამდე მიტანა და იეჰოვასთან დაახლოება (ფსალმ. 19:14). „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა ბიბლიის გაგებაში გვეხმარება. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც კრების შეხვედრაზე იქნება ამოკითხული. კარგად დააკვირდით, როგორ უკავშირდება ბიბლიური მუხლის საკვანძო სიტყვები ან ფრაზები აბზაცის მთავარ აზრს. გარდა ამისა, გამოყავით დრო, რომ იფიქროთ წაკითხულ მუხლებზე და მათ პრაქტიკულ ღირებულებაზე (იეს. 1:8). w19.05 27 ¶5; 28 ¶9
ოთხშაბათი, 6 იანვარი
ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება და დავასრულო მისი საქმე (იოან. 4:34).
იესომ მსახურებისადმი სწორი დამოკიდებულების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღვთის სამეფოზე ქადაგება იყო. იესო ასობით კილომეტრს გადიოდა ფეხით, რათა, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეზიარებინა სასიხარულო ცნობა. ის ყველა შესაძლებლობას იყენებდა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და კარდაკარ ექადაგა. იესოს მთელი ცხოვრება მსახურების გარშემო ტრიალებდა. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ ქრისტეს და ყველგან და ყოველთვის შევქმნათ ქადაგების სიტუაცია. მზად ვართ, უარი ვთქვათ პირად კომფორტზე, რათა მახარობლის საქმე შევასრულოთ (მარ. 6:31—34; 1 პეტ. 2:21). კრებაში ზოგი სპეციალურ პიონერად, პიონერად ან დამხმარე პიონერად მსახურობს. სხვები უცხო ენას სწავლობენ ან ისეთ ტერიტორიებზე გადადიან, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. თუმცა სამქადაგებლო საქმიანობის დიდ ნაწილს ის მაუწყებლები ასრულებენ, რომლებიც კონკრეტული სახის მსახურებაში არ არიან ჩაბმულები, მაგრამ შეძლებისდაგვარად მაქსიმუმს აკეთებენ. რამდენსაც არ უნდა ვაკეთებდეთ, იეჰოვა ჩვენს შესაძლებლობებზე მეტს არ გვთხოვს. w19.04 4 ¶7, 8
ხუთშაბათი, 7 იანვარი
ჩემი ბაგიდან გამოსული სიტყვები და ჩემი გულის ზრახვები საამური იყოს შენთვის, იეჰოვა (ფსალმ. 19:14).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: გულის სიღრმეში შურის რაიმე ნატამალი ხომ არ მაქვს? (1 პეტ. 2:1). ხომ არ ვამაყობ ჩემი წარმომავლობით, განათლებით ან ფინანსური მდგომარეობით? (იგავ. 16:5). ზემოდან ხომ არ ვუყურებ დაბალი სოციალური ფენის ან სხვა რასის წარმომადგენლებს? (იაკ. 2:2—4). ხომ არ მიზიდავს ის, რასაც სატანის ქვეყნიერება გვთავაზობს? (1 იოან. 2:15—17). ხომ არ მსიამოვნებს უზნეობისა და ძალადობის შემცველი გართობა? (ფსალმ. 97:10; 101:3; ამოს. 5:15). ამ კითხვებზე პასუხების გაცემა დაგანახვებთ, რა მხრივ გჭირდებათ გაუმჯობესება. ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს საზოგადოება, რომელშიც ვტრიალებთ (იგავ. 13:20). სამსახურსა თუ სკოლაში ისეთ ხალხთან გვიწევს ურთიერთობა, რომლებიც ღვთისმოსაწონი აზროვნების განვითარებაში ნამდვილად ვერ დაგვეხმარებიან. საუკეთესო მეგობრების პოვნა მხოლოდ ქრისტიანულ კრებაში შეგვიძლია, სადაც „სიყვარულისა და კარგი საქმეებისკენ“ გვახალისებენ (ებრ. 10:24, 25). w19.06 12 ¶13, 14
პარასკევი, 8 იანვარი
დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის (იგავ. 19:11).
იეჰოვას განზრახვა არ ყოფილა, რომ პრობლემებსა და საწუხარს შევხვედროდით! ამიტომ გაგებით უნდა მოვეკიდოთ, თუ იეჰოვას ერთგული მსახური გასაჭირის დროს დაუფიქრებლად ილაპარაკებს (იობ. 6:2, 3). მაშინაც კი, თუ ის იეჰოვას ან ჩვენ შესახებ არასწორად იტყვის რამეს, მალევე არ უნდა გავბრაზდეთ და არ უნდა განვსაჯოთ ის ამის გამო. ზოგჯერ იმ ადამიანს, რომელიც დიდ პრობლემებს ებრძვის, შეიძლება რჩევები და აზროვნების შესწორება დასჭირდეს (გალ. 6:1). როგორ შეუძლიათ უხუცესებს ამის გაკეთება? მათ უნდა მიჰბაძონ ელიჰუს, რომელიც თანაგრძნობით უსმენდა იობს (იობ. 33:6, 7). ელიჰუმ მხოლოდ მას შემდეგ მისცა რჩევა, რაც ჩასწვდა იობის აზროვნებას. უხუცესები, რომლებიც ელიჰუს ჰბაძავენ, ყურადღებით უსმენენ თანაქრისტიანს და ცდილობენ, გაუგონ მას. შედეგად, მათ მიერ მიცემულ რჩევას ხშირ შემთხვევაში სასურველი შედეგი მოაქვს. w19.06 22, 23 ¶10, 11
შაბათი, 9 იანვარი
ჩვენ ღმერთს უნდა დავემორჩილოთ როგორც მმართველს და არა ადამიანებს (საქ. 5:29).
როგორ შეგიძლიათ განაგრძოთ იეჰოვასადმი თაყვანისცემა აკრძალვის დროს? უხუცესები ფილიალისგან მიიღებენ მითითებებსა და პრაქტიკულ რჩევებს. თუ ფილიალი ვერ დაუკავშირდება უხუცესებს, მაშინ უხუცესები აიღებენ ინიციატივას, რათა კრების თითოეულ წევრს იეჰოვასადმი თაყვანისცემის გაგრძელებაში დაეხმარონ. მათი მითითებები ბიბლიაზე და ჩვენს პუბლიკაციებზე იქნება დაფუძნებული (მათ. 28:19, 20; ებრ. 10:24, 25). იეჰოვა დაგვპირდა, რომ მისი მსახურები სულიერად დანაყრებულები იქნებოდნენ (ეს. 65:13, 14; ლუკ. 12:42—44). ამიტომ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ მისი ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთგულების შენარჩუნებაში დაგეხმაროთ. მაგრამ პირადად თქვენ რის გაკეთება გმართებთ? აკრძალვის დროს შეარჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც ბიბლიასა და სხვა პუბლიკაციებს დამალავთ. სულიერი საზრდო, იქნება ეს ბეჭდვითი თუ ელექტრონული სახით, არ დატოვოთ ისეთ ადგილას, სადაც ადვილად მიაგნებენ. ჩვენ ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ სულიერი სიმტკიცე შევინარჩუნოთ. w19.07 10 ¶10, 11
კვირა, 10 იანვარი
ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი (1 კორ. 9:22).
საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა უმეტესობა თავს ამა თუ იმ რელიგიის მიმდევრად მიიჩნევდა, თუმცა ბოლო ათწლეულებია, მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. დღეს უფრო და უფრო იზრდება არარელიგიური ადამიანების რიცხვი. ზოგ ქვეყანაში მოსახლეობის უმეტესობა თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებს (მათ. 24:12). რატომ? ამის მიზეზი ისაა, რომ ზოგიერთი მათგანი ან სიამოვნებასაა გადაყოლილი, ან ცხოვრებისეულ საზრუნავს (ლუკ. 8:14). ზოგი ათეისტი გახდა, ზოგსაც სწამს ღმერთი, მაგრამ რელიგიას მოძველებულ, უსარგებლო და მეცნიერებასა თუ ლოგიკურ აზროვნებასთან შეუსაბამოდ მიიჩნევს. ისინი შეიძლება მეგობრების, მასწავლებლების ან მედიის წარმომადგენლების აზრს იზიარებენ, თითქოს სიცოცხლე ევოლუციის შედეგად გაჩნდა. ეს ადამიანები შეიძლება ღვთის არსებობის შესახებ დამაჯერებელ ფაქტებს არასოდეს გასცნობიან. არიან ისეთებიც, რომელთაც ფულსა თუ ძალაუფლებას დახარბებულმა სასულიერო პირებმა დააკარგვინეს რწმენა. ზოგიც ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც რელიგიის თავისუფლებას მთავრობა ზღუდავს. w19.07 20 ¶1, 2
ორშაბათი, 11 იანვარი
იყავით მტკიცენი, ურყევნი და ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლისთვის, რადგან იცით, რომ ფუჭად არ შრომობთ მისთვის (1 კორ. 15:58).
ძლიერი რწმენისა და გულმოდგინების შესანარჩუნებლად ფიზიკური ძალა სულაც არაა საჭირო. ბევრ და-ძმას, რომლებსაც ძალა აღარ ერჩით, გადაწყვეტილი აქვთ, კვლავაც საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის (2 კორ. 4:16). შესაძლოა არაერთი წელია, ემსახურებით იეჰოვას და ატყობთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების გამო უწინდებურად ბევრს ვეღარ აკეთებთ მისთვის. თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. გჯეროდეთ, რომ იეჰოვას ახსოვს თქვენი შრომა და აფასებს თქვენს ერთგულ მსახურებას (ებრ. 6:10). რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, გახსოვდეთ: იეჰოვასადმი ჩვენს სიყვარულსა და ერთგულებას ის კი არ განსაზღვრავს, რომ ბევრს ვაკეთებთ ღვთის მსახურებაში, არამედ ის, რომ დადებით განწყობას ვინარჩუნებთ და შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიხარჯებით მის საქმეში (კოლ. 3:23). იეჰოვამ კარგად იცის ჩვენი შეზღუდული მდგომარეობა, ამიტომ იმაზე მეტს არ მოელის ჩვენგან, ვიდრე შეგვიძლია (მარ. 12:43, 44). w19.08 3 ¶6; 5 ¶11, 12
სამშაბათი, 12 იანვარი
თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე, რათა ხედავდნენ თქვენს კარგ საქმეებს (მათ. 5:16).
იეჰოვა ადამიანებს თავისკენ ქრისტიანული კრების კარგი საქმეებით იზიდავს (მათ. 5:14, 15; 1 პეტ. 2:12). უკვე გააცანით მეუღლეს თქვენი კრების წევრები? დაპატიჟეთ თქვენი მეუღლე, რომ თქვენთან ერთად დაესწროს კრების შეხვედრებს (1 კორ. 14:24, 25). იმედს ვიტოვებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის წევრებიც შემოგვიერთდებიან იეჰოვას მსახურებაში. თუმცა გვესმის ისიც, რომ ჩვენი მცდელობის მიუხედავად შეიძლება ყველამ არ მოინდომოს ჭეშმარიტი ღვთის მსახურება. ასეც რომ მოხდეს, თავი არ უნდა დავიდანაშაულოთ, რადგან ვერავის ვაიძულებთ ჩვენი რელიგიური შეხედულებების გაზიარებას. დაანახვეთ ოჯახის წევრებს, რომ იეჰოვასადმი მსახურება ბედნიერებას განიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი დადებითი განწყობა აუცილებლად იმოქმედებს მათზე. ილოცეთ ოჯახის წევრებისთვის, ტაქტიანად გაუზიარეთ ბიბლიური ჭეშმარიტება და არასდროს ჩაიქნიოთ ხელი მათზე (საქ. 20:20). გჯეროდეთ, რომ იეჰოვა აკურთხებს თქვენს ძალისხმევას. თუ თქვენი ოჯახის წევრები დადებითად გამოეხმაურებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას, დარწმუნებული იყავით, რომ ისინიც თქვენთან ერთად გაიხარებენ მარადიული სიცოცხლით! w19.08 18, 19 ¶15—17
ოთხშაბათი, 13 იანვარი
სხეულის ლამპარი თვალია. ამიტომ, თუ თვალი სუფთა გაქვს, მთელი სხეული ნათელი გექნება (მათ. 6:22).
რას გულისხმობდა იესო? ამ სიტყვებით მას იმის თქმა სურდა, რომ ცხოვრება უნდა გავიმარტივოთ ანუ ერთ მიზანზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, რათა ყურადღება სხვა რამეზე არ გადავიტანოთ. იესომ თავადაც დაგვიტოვა ამის კარგი მაგალითი და მოწაფეებსაც ასწავლა, რომ მთელი ყურადღება იეჰოვასა და მის სამეფოზე გადაეტანათ. ჩვენ ვბაძავთ იესოს, როცა ქადაგებას უმნიშვნელოვანეს ადგილს ვუთმობთ და უპირველესად სამეფოსა და ღვთის სიმართლეს ვეძებთ (მათ. 6:33). მთელი ყურადღება მსახურებაზე რომ გადავიტანოთ, ცხოვრება უნდა გავიმარტივოთ. ეს დაგვეხმარება, მეტი დრო დავუთმოთ ქადაგებას, რათა ხალხს გავაცნოთ და შევაყვაროთ იეჰოვა. დავფიქრდეთ: შეგვიძლია ისე შევცვალოთ სამუშაო გრაფიკი, რომ კვირის განმავლობაში მსახურებას მეტი დრო დავუთმოთ? ან შეგვიძლია დასვენებასა და გართობას მოვაკლოთ დრო, რომ მეტი ვიმსახუროთ? w19.04 5, 6 ¶12, 13
ხუთშაბათი, 14 იანვარი
მაღალ და წმინდა ადგილას ვმკვიდრობ, მაგრამ ჩაგრულებთან და თავმდაბლებთანაც ვარ (ეს. 57:15).
ბოლო დროს ბევრმა და-ძმამ, რომლებმაც ათწლეულები გაატარეს სრული დროით მსახურებაში, სხვა დავალებები მიიღო. ამ და-ძმებისთვის ადვილი არ ყოფილა ცვლილებებთან შეგუება, რადგან წლების განმავლობაში ასრულებდნენ საყვარელ საქმეს. ზოგს ძალიან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში შეეგუა ახალ მდგომარეობას. ამაში მათ ყველაზე მეტად იეჰოვას სიყვარული დაეხმარა. ამ და-ძმებმა გააცნობიერეს, რომ იეჰოვას მიუძღვნეს თავი და არა რაიმე საქმეს, სტატუსს ან დავალებას (კოლ. 3:23). ისინი სიხარულით განაგრძობენ იეჰოვას მსახურებას და თავმდაბლად ასრულებენ ნებისმიერ დავალებას. მათ თავიანთი საწუხარი იეჰოვას მიანდეს, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ ის ზრუნავს მათზე (1 პეტ. 5:6, 7). თავმდაბლობა გვეხმარება, უკეთესი ქრისტიანები ვიყოთ, გადავლახოთ ცხოვრებისეული პრობლემები და სხვებსაც გავუადვილოთ ჩვენთან ურთიერთობა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავმდაბლობა ზეციერ მამასთან გვაახლოებს. w19.09 6, 7 ¶15—17
პარასკევი, 15 იანვარი
იეჰოვას ბრძანებები სამართლიანია, გულს ახარებს . . . დიდია ჯილდო მათი დაცვისთვის (ფსალმ. 19:8, 11).
იეჰოვამ დავითი არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მთელი ერის მეთაურად დანიშნა. როგორც მეფე, ის დიდ ძალაუფლებას ფლობდა. იყო შემთხვევები, როცა მან გადააჭარბა უფლებამოსილებას და სერიოზული შეცდომებიც დაუშვა (2 სამ. 11:14, 15). მიუხედავად ამისა, დავითი ემორჩილებოდა იეჰოვას და მისგან დასჯასა და შეგონებას იღებდა. ის გულს უღვრიდა ღმერთს ლოცვაში და ყველანაირად ცდილობდა იეჰოვას რჩევის გათვალისწინებას (ფსალმ. 51:1—4). დავითი იმდენად თავმდაბალი იყო, რომ რჩევის მიღებას ქალებისგანაც კი არ თაკილობდა (1 სამ. 19:11, 12; 25:32, 33). ის საკუთარ შეცდომებზე სწავლობდა და იეჰოვას მსახურებას უმთავრეს ადგილს უთმობდა. მან საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვასადმი მორჩილების სასიკეთო შედეგები. დღესაც თვალნათლივ ვხედავთ განსხვავებას იეჰოვას მორჩილ ხალხსა და მათ შორის, ვინც არაფრად აგდებს მის რჩევებს. ღვთის ნორმების დამცველნი „სიხარულით . . . [შესძახიან] მხიარული გულის გამო“ (ეს. 65:13, 14). w19.09 17 ¶15; 19 ¶21
შაბათი, 16 იანვარი
დავინახე უამრავი ხალხი . . . იდგნენ ისინი ტახტისა და კრავის წინ (გამოცხ. 7:9).
1935 წელს იეჰოვას მოწმეებმა ნათლად დაინახეს, რომ უამრავი ხალხი პირდაპირი გაგებით ზეცაში არ უნდა მდგარიყო „ტახტისა და კრავის წინ“. დედამიწაზე მცხოვრები უამრავი ხალხი „ტახტის . . . წინ“ იმ გაგებით იდგებოდა, რომ აღიარებდა იეჰოვას უზენაესობას და დაემორჩილებოდა მას (ეს. 66:1). ისინი „კრავის წინ“ იმ გაგებით იდგებოდნენ, რომ რწმენას გამოავლენდნენ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ. გამოცხადების 7:9-ში ჩაწერილ სიტყვებს რომ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ამას სხვა ბიბლიური მონაკვეთიც ადასტურებს. მაგალითად, მათეს 25:31, 32-ში ნათქვამია, რომ „ყველა ხალხი“, მათ შორის ბოროტები, იესოს დიდებული ტახტის წინ შეიკრიბება. აშკარაა, რომ ამ მუხლში მოხსენიებული „ყველა ხალხი“ დედამიწაზე იკრიბება და არა ზეცაში. ეს ახლებური გაგება ლოგიკური და გონივრულია. ახლა უკვე გასაგებია, რატომ არ ამბობს ბიბლია, რომ უამრავი ხალხი ზეცაში იცხოვრებს. ზეცაში მარადიულ სიცოცხლეს ღმერთი მხოლოდ ერთ ჯგუფს დაჰპირდა, რომელშიც 144 000 ცხებული ქრისტიანი შედის. ისინი იესოსთან ერთად „დედამიწის მმართველები“ იქნებიან (გამოცხ. 5:10). w19.09 28 ¶9
კვირა, 17 იანვარი
გიყვარდეთ იეჰოვა, ერთგულნო მისნო! (ფსალმ. 31:23)
იეჰოვა მოელის, რომ მისი თაყვანისმცემლები გამოეყოფიან დიდ ბაბილონს. თუმცა ამაში ცრუ რელიგიასთან კავშირის გაწყვეტაზე მეტი იგულისხმება. ჩვენ მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, რომ მხარი დავუჭიროთ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. განვიხილოთ ორი მხარე, თუ როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება. პირველი, მტკიცედ უნდა დავიცვათ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმები. ღვთის მსახურებმა არასდროს უნდა გავიზიაროთ ზნეობაზე ქვეყნიერების შეხედულება. ჩვენთვის მიუღებელია ყველანაირი სექსუალური უზნეობა, მათ შორის ერთსქესიანთა ქორწინება ან ჰომოსექსუალური ცხოვრების წესი (მათ. 19:4, 5; რომ. 1:26, 27). მეორე, უნდა განვაგრძოთ თანაქრისტიანებთან ერთად თაყვანისცემა. ჩვენ თაყვანსაცემად ვიკრიბებით ყველგან, სადაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა, მაგალითად სამეფო დარბაზებში, სახლებში და ზოგჯერ ფარულადაც კი. ღვთის ხალხს ვერაფერი გვათქმევინებს უარს თაყვანისცემის მიზნით ერთად შეკრებაზე, განსაკუთრებით ახლა, „რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას“ (ებრ. 10:24, 25). w19.10 16 ¶6, 7
ორშაბათი, 18 იანვარი
იეჰოვა . . . ერთგულების მომთხოვნი ღმერთია (გამ. 34:14).
იეჰოვას სურს, რომ დავტკბეთ სიცოცხლით, რაშიც გარკვეულწილად გართობაც გვეხმარება. ღვთის სიტყვაში ნათქვამია: „კაცისთვის იმაზე უკეთესი არაფერია, რომ ჭამოს, სვას და სულს აამოს თავისი გარჯით“ (ეკლ. 2:24). თუმცა დღევანდელ ქვეყნიერებაში გართობის უმეტეს სახეობას დიდი ზიანი მოაქვს, რადგან ხალხს ზნეობაზე წარმოდგენას უცვლის. საზიანო გართობა მათ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას უყალიბებს ღვთისთვის საძულველი საქმეების მიმართ. უფრო მეტიც, ასეთი საქმეები მათთვის სასურველიც კი ხდება. გვინდა, რომ ღვთის მიმართ განსაკუთრებულ ერთგულებას ვავლენდეთ, ამიტომ „შეუძლებელია იეჰოვას სუფრიდანაც . . . [ვჭამდეთ] და დემონების სუფრიდანაც“ (1 კორ. 10:21, 22). ხშირად იმ ადამიანებთან ერთად ვსადილობთ ხოლმე, ვისთანაც ვმეგობრობთ. თუ ჩვენ მიერ არჩეული გართობა ძალადობას, სპირიტიზმს, უზნეობას ან სხვა ხორციელ სურვილებსა თუ აზროვნებას უწევს პოპულარიზაციას, შეიძლება ითქვას, რომ ღვთის მტრებთან ერთად ვსადილობთ და მათ მიერ მომზადებულ საკვებს შევექცევით. ასეთ დროს, არა მხოლოდ საკუთარ თავს ვაყენებთ ზიანს, არამედ იეჰოვასთან ჩვენს მეგობრობასაც ვუქმნით საფრთხეს. w19.10 26 ¶2; 29, 30 ¶11, 12
სამშაბათი, 19 იანვარი
ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა (2 პეტ. 1:21).
მეზღვაურმა ქარი თავის სასარგებლოდ რომ გამოიყენოს, ორი რამ უნდა გააკეთოს. პირველი, ნავი ღია ზღვაში უნდა გაიყვანოს, სადაც ქარი ქრის. თუ მას ნავსადგურში დატოვებს, ვერ შეძლებს მისთვის მიმართულების მიცემას. მეორე, მეზღვაურმა ბოლომდე უნდა გაშალოს იალქნები, რათა ნავი ქარის ძალის გამოყენებით გადაადგილდეს. მსგავსად, იეჰოვას მსახურებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაგრძელებთ, თუ წმინდა სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ. უფრო მეტად რომ ვიგრძნოთ წმინდა სულის დახმარება, ორი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. პირველი, მონაწილეობა უნდა მივიღოთ სულიერ საქმეებში და ამგვარად მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას. მეორე, ბოლომდე უნდა „გავშალოთ იალქნები“, ანუ სრულად ჩავებათ ღვთისმსახურებაში და საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის (ფსალმ. 119:2). შედეგად, წმინდა სული ცხოვრებისეული განსაცდელებისა თუ წინააღმდეგობის „ტალღებს“ გადაგვალახვინებს და ძალას მოგვცემს, რომ ბოლომდე ერთგულები დავრჩეთ. w19.11 9 ¶8; 10 ¶11
ოთხშაბათი, 20 იანვარი
ჩემს მშვიდობას გაძლევთ (იოან. 14:27).
დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ ღამეს იესოს მძიმე წუთები ედგა. მალე ის უკანონობის მოქმედთა ხელით მტანჯველი სიკვდილით დაასრულებდა სიცოცხლეს. მაგრამ მოახლოებულ სიკვდილზე მეტად იესოს სხვა რამ ადარდებდა. მას ძალიან უყვარდა ზეციერი მამა და უნდოდა, მის მოსაწონად მოქცეულიყო. იესომ იცოდა, რომ იეჰოვას სახელის გამართლებაში უდიდეს წვლილს შეიტანდა, თუ ამ უმძიმესი განსაცდელის დროს ერთგულებას შეინარჩუნებდა. ზეციერი მამის გარდა, მას ადამიანებიც უყვარდა და იცოდა, რომ მათი მარადიული სიცოცხლე იეჰოვასადმი მის ურყევ ერთგულებაზე იყო დამოკიდებული. უდიდესი სტრესის მიუხედავად, იესო შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებდა. იესოს „ღვთის მშვიდობა“ ჰქონდა, ანუ მშვიდად და აუღელვებლად გრძნობდა თავს, რასაც ადამიანი მხოლოდ მაშინ განიცდის, როცა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა აქვს. სწორედ ასეთი მშვიდობა ეხმარებოდა იესოს, რომ წუხილს არ მოეცვა (ფილ. 4:6, 7). ჩვენ არასოდეს შევხვდებით ისეთ სირთულეებს, როგორიც იესოს ჰქონდა. თუმცა ადრე თუ გვიან ყველა ქრისტიანი დადგება განსაცდელების პირისპირ (მათ. 16:24, 25; იოან. 15:20). იესოს მსგავსად შეიძლება ჩვენც დაგვიდგეს მძიმე წუთები. w19.04 8 ¶1—3
ხუთშაბათი, 21 იანვარი
ნუ ჩააქრობთ თქვენში ღვთის სულს! (1 თეს. 5:19)
კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: ვაფასებ, რომ იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერ ნაწილს მივეკუთვნები? ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა მხარს უჭერს თავის ორგანიზაციას და კურთხევებს არ აკლებს თავის ხალხს. ჩვენ მადლიერების უამრავი მიზეზი გვაქვს! (1 თეს. 5:18). როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იეჰოვას ორგანიზაციას? უნდა მივყვეთ ბიბლიაზე დაფუძნებულ ხელმძღვანელობას, რომელსაც პუბლიკაციებიდან, კრების შეხვედრებიდან და კონგრესებიდან ვიღებთ. გარდა ამისა, მხარი უნდა დავუჭიროთ ღვთის ორგანიზაციას და სრული მონაწილეობა მივიღოთ ქადაგებისა და სწავლების საქმეში (1 კორ. 15:58). დაე, ჩვენი მსხვერპლი მოსაწონი იყოს იეჰოვასთვის, მადლიერებით ვემსახუროთ მას, სიყვარულიდან გამომდინარე საუკეთესო გავიღოთ მისთვის და მთელი გულით დავუჭიროთ მხარი ღვთის ორგანიზაციას. ასეთი სახით დავანახვებთ იეჰოვას, რომ ვაფასებთ და დიდ პატივად მივიჩნევთ მისადმი მსახურებას! w19.11 25 ¶17, 18
პარასკევი, 22 იანვარი
ვისაც მე ვწამვარ . . . მეტსაც გააკეთებს (იოან. 14:12).
ცხადია, იესო არ გულისხმობდა, რომ სასწაულების მოხდენის უნარი გვექნებოდა. მისი მიმდევრები მასზე მეტს იმ გაგებით გააკეთებდნენ, რომ უფრო დიდ ტერიტორიაზე იქადაგებდნენ, უფრო მეტი ხალხის ყურამდე მიიტანდნენ სასიხარულო ცნობას და უფრო დიდი ხნის მანძილზე შეასრულებდნენ ამ საქმეს. თუ თქვენც გიწევთ მუშაობა, ჰკითხეთ საკუთარ თავს: შრომისმოყვარე ადამიანის რეპუტაცია მაქვს სამსახურში? ვცდილობ, რომ საუკეთესოდ და დროულად შევასრულო დავალებული საქმე? თუ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებთ, დამსაქმებლის თვალშიც კარგი სახელი გექნებათ და თანამშრომლებსაც უფრო მეტად განაწყობთ სამეფოს ცნობის მოსასმენად. როცა საქმე ქადაგებასა და სწავლებას ეხება, დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: მიცნობენ ღვთის გულმოდგინე მსახურად? კარგად ვემზადები კარდაკარ მსახურებისთვის? დროულად ვაკეთებ განმეორებით მონახულებებს? რეგულარულად ვმონაწილეობ მსახურების სხვადასხვა სფეროში? თუ ამ კითხვებზე დადებითად უპასუხებთ, ღვთის საქმეში სიხარულს იგრძნობთ. w19.12 5 ¶14, 15
შაბათი, 23 იანვარი
თითოეულ თქვენგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი, როგორც საკუთარი თავი, ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს (ეფეს. 5:33).
თუ დაქორწინებულები შვილების ყოლას გადაწყვეტენ, კარგი იქნება, დაფიქრდნენ ორ მნიშვნელოვან საკითხზე: პირველი, როდის აპირებენ ბავშვის გაჩენას და მეორე, რამდენი შვილის ყოლას გეგმავენ. როდის არის ამ თემაზე საუბრისთვის შესაფერისი დრო? და რატომ არის ეს ორი საკითხი ასე მნიშვნელოვანი? როგორც წესი, შვილების ყოლაზე წყვილი დაქორწინებამდე უნდა დაფიქრდეს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მათ ერთი აზრი ჰქონდეთ ამ საკითხზე. გარდა ამისა, გულახდილად უნდა ისაუბრონ, მზად არიან თუ არა ამ პასუხისმგებლობის ასაღებად. ზოგმა ახალდაქორწინებულმა გადაწყვიტა, ერთ-ორი წელი არ ჰყოლოდათ შვილები, რადგან ბავშვებზე ზრუნვა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მათ ასეთი არჩევანი იმიტომ გააკეთეს, რომ ეს დრო ახალ ოჯახურ ცხოვრებასთან შესაგუებლად გამოეყენებინათ და ერთმანეთს უფრო დაახლოებოდნენ. w19.12 23 ¶4, 5
კვირა, 24 იანვარი
ნამდვილი მეგობარი . . . გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა (იგავ. 17:17).
მთელ მსოფლიოში იეჰოვას ბევრ მსახურს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სირთულესთან უწევს გამკლავება, რაც მათი წუხილისა და გულგატეხილობის მიზეზი ხდება. მაგალითად, ზოგ ქრისტიანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, ზოგიერთი საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილს ებრძვის. ზოგი ძალიან განიცდის, როცა მათი ოჯახის წევრი ან ახლო მეგობარი ჭეშმარიტებას ტოვებს. ზოგსაც სტიქიური უბედურებით გამოწვეულ შედეგებთან უწევს გამკლავება. ცხადია, ყველა ის ქრისტიანი, ვინც ასეთ გასაჭირშია, ნუგეშს საჭიროებს. როგორ შეგიძლიათ მათი დახმარება? იყავით მათთვის ერთგული მეგობარი. ერთგული მეგობრები ერთმანეთისთვის დროსა და ენერგიას არ იშურებენ. ერთი ძმა, სახელად პიტერი, სერიოზულად დაავადდა. მისი ცოლი ქეთრინი იხსენებს: „ჩვენი კრებიდან ერთმა ცოლ-ქმარმა საავადმყოფოში მანქანით მიგვიყვანა. სწორედ იმ დღეს დაუსვეს პიტერს სასიკვდილო დიაგნოზი. იმ მძიმე წუთებში მათ მარტო არ დაგვტოვეს და მას შემდეგაც ყოველთვის მხარში გვედგნენ“. რა მანუგეშებელია ასეთი ერთგული მეგობრების ყოლა, რომლებიც გასაჭირში ჩვენ გვერდით არიან! w20.01 8 ¶1; 9 ¶5; 10 ¶6
ორშაბათი, 25 იანვარი
ყველანი წმინდა სულით აღივსნენ და სხვადასხვა ენაზე ალაპარაკდნენ (საქ. 2:4).
თქვენც რომ ყოფილიყავით მოწაფეებს შორის ზემოთა ოთახში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, იოტისოდენა ეჭვიც არ გაგიჩნდებოდათ, რომ ღმერთმა თავისი სულით გცხოთ (საქ. 2:5—12). მაგრამ ყველა ცხებული განსაკუთრებული სახით ან ქრისტიანული ცხოვრების ერთსა და იმავე ეტაპზე იღებს წმინდა სულს? არა. დავფიქრდეთ, თუ როდის ხდებოდა წმინდა სულით ცხება. იმ დღეს მხოლოდ 120 მოწაფეზე არ გადმოსულა ღვთის წმინდა სული. მოგვიანებით იმავე დღეს დაპირებული ღვთის სული კიდევ 3 000-მდე მოწაფემ მიიღო, რომლებიც ნათლობისთანავე გახდნენ ცხებულები (საქ. 2:37, 38, 41). თუმცა მომდევნო წლებში ყველა ქრისტიანი ნათლობისთანავე არ გამხდარა ცხებული. სამარიელებმა წმინდა სული ნათლობიდან გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ მიიღეს (საქ. 8:14—17). თუმცა იყო გამონაკლისიც. მაგალითად, კორნელიუსსა და მის სახლეულობაზე წმინდა სული ჯერ კიდევ ნათლობამდე გადმოვიდა (საქ. 10:44—48). w20.01 20, 21 ¶2—4
სამშაბათი, 26 იანვარი
ვამცნე მათ შენი სახელი (იოან. 17:26).
ოთხ სახარებაში იესომ სიტყვა „მამა“ იეჰოვასთან მიმართებით, სულ მცირე, 165-ჯერ გამოიყენა. ამით მას სურდა, დაერწმუნებინა ხალხი, რომ იეჰოვა მოსიყვარულე მამაა (იოან. 17:25). დავფიქრდეთ, რისი სწავლა შეგვიძლია იქიდან, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა იესოს. ის ყოველთვის უსმენდა და პასუხობდა თავისი ძის ლოცვებს (იოან. 11:41, 42). რა განსაცდელსაც არ უნდა შეხვედროდა, იესო გრძნობდა მამის სიყვარულსა და მხარდაჭერას (ლუკ. 22:42, 43). მოსიყვარულე მამას, იეჰოვას სურდა, რომ იესოს არასდროს შეჰპარვოდა ეჭვი მის მხარდაჭერაში (მათ. 26:53; იოან. 8:16). მართალია, იეჰოვა თავის ძეს ყველანაირი ზიანისგან არ იცავდა, მაგრამ განსაცდელების ატანაში ეხმარებოდა. იესომ იცოდა, რომ ნებისმიერი ტკივილი, რომლის ატანაც მოუწევდა, დროებითი იყო (ებრ. 12:2). იეჰოვა სიყვარულს ავლენდა თავისი ძის მიმართ — უსმენდა მას, მხარს უჭერდა, ასწავლიდა და ზრუნავდა მასზე (იოან. 5:20; 8:28). w20.02 3 ¶6, 7, 9
ოთხშაბათი, 27 იანვარი
ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ დააბრკოლებთ [სხვებს] (1 კორ. 10:31, 32).
ვიდრე რომელიმე ტრადიციაში ან წეს-ჩვეულებაში მონაწილეობას გადავწყვეტთ, უნდა დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი გადაწყვეტილება სხვების, განსაკუთრებით თანაქრისტიანების სინდისზე. ცხადია, არ გვსურს, რომ ოდესმე ვინმეს დაბრკოლების მიზეზი გავხდეთ (მარ. 9:42). ჩვენ არც ის გვინდა, რომ ზედმეტად გავაღიზიანოთ ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენ რწმენას. სიყვარული აღგვძრავს, პატივისცემით ველაპარაკოთ მათ, რაც განადიდებს იეჰოვას. რა თქმა უნდა, კამათს არავის დავუწყებთ და სასაცილოდ არ ავიგდებთ მათ ტრადიციებს. გახსოვდეთ, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. როცა სიყვარულიდან გამომდინარე ანგარიშს ვუწევთ სხვებს და პატივისცემით ვეპყრობით, შეიძლება მოწინააღმდეგეებსაც კი მოვულბოთ გული. გააგებინეთ მეზობლებსა და ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმე ხართ (ეს. 43:10). თუ მეზობლებსა და ნათესავებს წინასწარ ეცოდინებათ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ, უფრო გაგიადვილდებათ ემოციურად მძიმე სიტუაციებისთვის თავის გართმევა. ასე რომ, ნურასდროს შეგვრცხვება, რომ ჭეშმარიტების მხარეს დავდგეთ და ჩვენი პოზიცია დავიცვათ (რომ. 1:16). w19.04 17, 18 ¶14—16
ხუთშაბათი, 28 იანვარი
მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც იმის ღირსი ვარ, მოციქულად ვიწოდებოდე (1 კორ. 15:9).
როცა იესო 12 მოციქულთან ერთად მსახურობდა დედამიწაზე, მოციქული პავლე ჯერ კიდევ არ იყო ქრისტიანი; ის იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ გაქრისტიანდა. მიუხედავად იმისა, რომ პავლე „უცხოტომელთა მოციქულად“ დაინიშნა, მას 12 მოციქულს შორის ყოფნის პატივი არ ჰქონია (რომ. 11:13; საქ. 1:21—26). ნაცვლად იმისა, რომ 12 მოციქულის შეშურებოდა, რომელთაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იესოსთან, ის კმაყოფილი იყო იმით, რისი პატივიც ერგო. თუ თავმდაბლები ვიქნებით და დავკმაყოფილდებით იმით, რაც გვაქვს, პავლეს მსგავსად პატივისცემას გამოვავლენთ მათ მიმართ, ვისაც იეჰოვამ ძალაუფლება მისცა (საქ. 21:20—26). იეჰოვამ იზრუნა, რომ კრებაში დანიშნულიყვნენ ძმები, რომლებიც ხელმძღვანელობას გაუწევდნენ თავის ხალხს. მათი არასრულყოფილების მიუხედავად იეჰოვა მიიჩნევს, რომ ეს ძმები არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფეს. 4:8, 11). როცა პატივისცემით ვეპყრობით ამ მამაკაცებს და თავმდაბლად მივყვებით მათ ხელმძღვანელობას, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებთ და ქრისტიანულ კრებაში მშვიდობას ვუწყობთ ხელს. w20.02 17 ¶13, 14
პარასკევი, 29 იანვარი
ჩვენ გვიყვარს, რადგან ჯერ მან შეგვიყვარა (1 იოან. 4:19).
სანამ იეჰოვას მოწმეებთან შესწავლას დაიწყებდით, შესაძლოა ბიბლიას წმინდა წიგნად მიიჩნევდით და გიყვარდათ იესო. შეიძლება მოგწონთ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თავი მიუძღვნათ იეჰოვას და მოინათლოთ. ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მთავარი აღმძვრელი ძალა ღვთის სიყვარულია. თუ იეჰოვა ყველაზე მეტად გეყვარებათ, არავის და არაფერს დართავთ ნებას, მისადმი მსახურებაში ხელი შეგიშალოთ. იეჰოვას სიყვარული აღგძრავთ, მოინათლოთ და მას ნათლობის შემდეგაც ერთგულად ემსახუროთ. იესომ თქვა, რომ იეჰოვა მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით უნდა გვიყვარდეს (მარ. 12:30). როგორ შეგიძლიათ შეიყვაროთ იეჰოვა? თუ დაფიქრდებით, რა ძლიერ უყვარხართ ღმერთს, სურვილი გაგიჩნდებათ, მის სიყვარულს სიყვარულითვე უპასუხოთ. w20.03 4 ¶4, 5
შაბათი, 30 იანვარი
სრულად დაიხარჯე ღვთის მსახურებაში (2 ტიმ. 4:5).
რა იგულისხმება სიტყვებში „სრულად დაიხარჯე ღვთის მსახურებაში“? მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, შეძლებისდაგვარად სრული მონაწილეობა მივიღოთ ქადაგებისა და სწავლების საქმეში. ეს მხოლოდ ქადაგებისთვის დათმობილი დროით არ განისაზღვრება, რადგან იეჰოვასთვის ჩვენი მოტივებია მნიშვნელოვანი. იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, რომ მთელი სულითა და გულით შევასრულოთ ქრისტიანული მსახურება (მარ. 12:30, 31; კოლ. 3:23). ღვთისადმი მთელი სულითა და გულით მსახურება ნიშნავს, სრულად დავიხარჯოთ მისთვის, ანუ არ დავიშუროთ ძალა და ენერგია მისადმი მსახურებაში და საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები. როდესაც ვაფასებთ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის პატივს, ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიაროთ სასიხარულო ცნობა. შეიძლება სამქადაგებლო საქმეს იმდენ დროს ვერ უთმობთ, რამდენიც გსურთ. მაგრამ ამ საქმის კეთება ყველაზე მეტად გიყვართ. თქვენ ცდილობთ, დაიხვეწოთ როგორც სასიხარულო ცნობის მქადაგებელი, რათა ჩასწვდეთ ადამიანთა გულებს. ვინაიდან ბევრ რამეზე გიწევთ ზრუნვა, ალბათ, გაფიქრებთ, როგორ შეგიძლიათ ქადაგება უმთავრეს საქმედ აქციოთ. w19.04 2, 3 ¶3, 4; 3 ¶6
კვირა, 31 იანვარი
არ უყვარს ჭეშმარიტება (იოან. 8:44).
სატანის ტყუილს კაცობრიობისთვის მეტი ტკივილი და მწუხარება მოაქვს. შვილმკვდარ მშობლებს ზოგჯერ ეუბნებიან, რომ მათი შვილი ღმერთმა ანგელოზად წაიყვანა ზეცაში. შეუმსუბუქებს მათ სატანის ეს ტყუილი ტკივილს თუ, პირიქით, უფრო გაუმძაფრებს? ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ ცრუ სწავლებას წამების გასამართლებლად იყენებდნენ. ასე იქცეოდნენ მაშინაც, როცა ეკლესიის სწავლებების მოწინააღმდეგეებს ბოძზე გაკრულებს წვავდნენ. ერთ წიგნში, რომელიც ესპანური ინკვიზიციის შესახებ მოგვითხრობს, ნათქვამია, რომ მათ, ვისაც ამ საშინელ ბოროტებაში მიუძღოდა ბრალი, სჯეროდათ, რომ ერეტიკოსებს უნდა „გამოეცადათ, როგორი იქნებოდა ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში ტანჯვა“, რათა სიკვდილამდე მოენანიებინათ და ჯოჯოხეთში არ მოხვედრილიყვნენ. გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ან მათგან კურთხევების მისაღებად ზოგ ქვეყანაში ხალხს საკვების მომზადებას ან შესაწირავის გაღებას აიძულებენ. სხვები გარდაცვლილი წინაპრების გულის მოლბობას ცდილობენ, რათა მათი რისხვა არ დაიტეხონ თავს. სამწუხაროდ, სატანის სიცრუეზე აგებულ შეხედულებებს ადამიანებისთვის არანაირი ნუგეში არ მოაქვს, პირიქით, ზედმეტ საწუხარსა და უსაფუძვლო შიშს უჩენს. w19.04 14 ¶1; 16 ¶10