თებერვალი
ორშაბათი, 1 თებერვალი
[იეჰოვა] სამართლიანობის მოყვარულია (ფსალმ. 33:5).
ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „სამართლიანობის“ ძირითადი მნიშვნელობაა, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აკეთო ის, რაც ღვთის თვალში სწორია. დაფიქრდით, როგორ ვლინდებოდა იესოს საქმეებში სამართლიანობა. იესოს დროს იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს სძულდათ არაებრაელები, პატივს არ სცემდნენ ქალებს და ზემოდან უყურებდნენ იმ ებრაელებს, რომლებსაც იუდაური რელიგიური განათლება არ ჰქონდათ. თუმცა იესო სამართლიანად და მიუკერძოებლად ექცეოდა ყველას. მან ხელი არ ჰკრა არაებრაელ მამაკაცს, რომელმაც რწმენა გამოავლინა მის მიმართ (მათ. 8:5—10, 13). იესო მიუკერძოებლად უქადაგებდა ყველას — მდიდრებსაც და ღარიბებსაც (მათ. 11:5; ლუკ. 19:2, 9). ის არასდროს შეურაცხყოფდა ქალებს და არც უხეშად ექცეოდა მათ. პირიქით, იესო პატივისცემით და კეთილად ეპყრობოდა მათაც კი, ვისაც საზოგადოება უღირსად მიიჩნევდა (ლუკ. 7:37—39, 44—50). ჩვენ ვბაძავთ იესოს, როცა სოციალური სტატუსისა თუ რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, მიუკერძოებლად ვუქადაგებთ ყველას, ვინც მზად არის მოსასმენად. ქრისტიანი მამაკაცები მიჰყვებიან იესოს მაგალითს და პატივისცემით ეპყრობიან ქალებს. w19.05 2 ¶1; 5 ¶15—17
სამშაბათი, 2 თებერვალი
სათუთად გეპყრობოდით მეძუძურ დედასავით, თავს რომ ევლება შვილებს (1 თეს. 2:7).
ერთგული უხუცესები პავლე მოციქულის მსგავსად თბილი და გამამხნევებელი სიტყვებით მიმართავენ მათ, ვისაც ბიბლიის მეშვეობით ანუგეშებენ. მხოლოდ უხუცესებს შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ნუგეშისცემა? არა. თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა, რომ ვანუგეშოთ ერთმანეთი (1 თეს. 4:18). სულიერად მოწიფულ დებს ყველაზე უკეთ შეუძლიათ იმ დების გამხნევება, რომელთაც ნუგეში სჭირდებათ. სწორედ ამიტომ შეადარა იეჰოვამ საკუთარი თავი დედას, რომელიც ანუგეშებს თავის შვილს (ეს. 66:13). ბიბლიაში ვკითხულობთ იმ ქალების შესახებ, რომლებიც ანუგეშებდნენ გასაჭირში მყოფთ (იობ. 42:11). იეჰოვას ძალიან ახარებს იმის დანახვა, რომ ქრისტიანი დები ანუგეშებენ თანამორწმუნე დებს, რომლებსაც ემოციური ტკივილის ატანა უწევთ! ერთი ან ორი უხუცესი შეიძლება მოწიფულ დას კონფიდენციალურად გაესაუბროს და ჰკითხოს, შეძლებს თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანი დის დახმარებას. როცა თანაქრისტიანის დახმარებას ვცდილობთ, ისეთი რამ არ უნდა ვკითხოთ, რაზეც არ სურს ლაპარაკი (1 თეს. 4:11). w19.05 16, 17 ¶10—12
ოთხშაბათი, 3 თებერვალი
ორი ან სამი მოწმის პირით რომ დამტკიცდეს ყველაფერი (მათ. 18:16).
რატომ არის სულ მცირე ორი მოწმე საჭირო, რომ სამართლებრივი კომიტეტი შედგეს? ეს არის სამართლიანობის მაღალი სტანდარტი, რომელსაც ბიბლია ადგენს. თუ შემცოდველი არ აღიარებს დანაშაულს, ბრალის დასადებად და სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად ორი მოწმეა საჭირო (კან. 19:15; 1 ტიმ. 5:19). თუ ადამიანი უარყოფს ბრალდებას, უხუცესები მოწმეების ჩვენებას განიხილავენ. უხუცესებს საკმარისი საფუძველი ექნებათ სამართლებრივი კომიტეტის შესაქმნელად, თუ სულ მცირე ორი ადამიანი დაამოწმებს ამ ფაქტს. თუ მეორე მოწმე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს, რომ ბრალმდებელი ცრუობს. მაშინაც კი, თუ ორი მოწმის მეშვეობით არ დასტურდება დანაშაული, უხუცესები აცნობიერებენ, რომ შეიძლება სერიოზული ცოდვა იყო ჩადენილი. ისინი კვლავაც აგრძელებენ დაზარალებულების მხარდაჭერას და ფხიზლობენ, რათა კრება შესაძლო საფრთხისგან დაიცვან (საქ. 20:28). w19.05 11 ¶15, 16
ხუთშაბათი, 4 თებერვალი
იფიქრე ამ ყველაფერზე . . . და ყველასთვის ცხადი იქნება შენი წარმატება (1 ტიმ. 4:15).
მშობლებმა შვილებს ამა თუ იმ საკითხის გამოკვლევა უნდა ასწავლონ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როგორ მოემზადონ კრების შეხვედრებისთვის ან როგორ მოიძიონ პასუხები სკოლაში წამოჭრილ კითხვებთან დაკავშირებით (ებრ. 5:14). თუ ბავშვები სახლში კარგად შეისწავლიან ბიბლიურ საკითხებს, კრებასა და კონგრესებზე გაუადვილდებათ ყურადღებით მოსმენა. რა თქმა უნდა, თითოეული შესწავლის ხანგრძლივობას მშობლები ბავშვის ასაკისა და ხასიათის მიხედვით საზღვრავენ. სულიერი საკითხების კვლევა ბიბლიის შემსწავლელებმაც უნდა იცოდნენ. როცა შესწავლა ახალი დაწყებული აქვთ, გვიხარია იმის დანახვა, რომ ისინი შესწავლაზე თუ კრებაზე განსახილველ პუბლიკაციაში უბრალოდ ხაზს უსვამენ პასუხებს. თუმცა ბიბლიის შემსწავლელებს უნდა ვასწავლოთ, დამოუკიდებლად როგორ მოიძიონ და გამოიკვლიონ ესა თუ ის საკითხი. ეს დაეხმარება მათ, რომ პრობლემატურ საკითხთან დაკავშირებით თავად მოიძიონ რჩევები ჩვენს პუბლიკაციებში. w19.05 26 ¶2; 28 ¶10, 11
პარასკევი, 5 თებერვალი
ვამხობთ ნებისმიერ ნააზრევს, აგრეთვე ყოველგვარ დაბრკოლებას, რომელიც ღვთის შესახებ ცოდნას ეღობება (2 კორ. 10:5).
სატანის მიზანია, აზროვნება შეგვიცვალოს. ის ცდილობს, სხვადასხვა აზრი ან შეხედულება მოგვახვიოს თავს, რათა ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებამ ჩვენს აზროვნებაზე გავლენა არ მოახდინოს. სატანა დღესაც იმ კითხვას გვისვამს, რომელიც ერთ დროს ედემის ბაღში ევას დაუსვა: „მართლა გითხრათ ღმერთმა?..“ (დაბ. 3:1). სატანის ქვეყნიერებაში ეს კითხვა ხშირად სხვადასხვა ფორმით ჩაგვესმის. მაგალითად: მართლა არ იწონებს ღმერთი ერთსქესიანთა ქორწინებას? მართლა არ უნდა ღმერთს, რომ შობა და დაბადების დღე აღნიშნოთ? მართლა სურს თქვენს ღმერთს, რომ უარი თქვათ სისხლის გადასხმაზე? მართლა მოითხოვს მოსიყვარულე ღმერთი, რომ არ იქონიოთ ურთიერთობა გარიცხულ ნათესავებთან თუ მეგობრებთან? ჩვენ ბოლომდე უნდა ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რაც გვწამს, რადგან პასუხგაუცემელმა კითხვებმა შეიძლება სერიოზული ეჭვები გაგვიჩინოს. ასეთი ეჭვები კი საბოლოოდ აზროვნებას დაგვიმახინჯებს და რწმენას დაგვინგრევს. w19.06 12, 13 ¶15—17
შაბათი, 6 თებერვალი
იყავით ყველანი ერთი აზრისანი, გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი, თანამგრძნობნი და თავმდაბალნი (1 პეტ. 3:8).
იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ (იოან. 3:16). ვინაიდან გვსურს, მივბაძოთ მოსიყვარულე მამას, ვცდილობთ, „გულისხმიერნი, ძმათმოყვარენი [და] დიდად თანამგრძნობნი“ ვიყოთ ყველას მიმართ, განსაკუთრებით კი მათ მიმართ, ვინც „რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10). ჩვენ გვინდა, დახმარების ხელი გავუწოდოთ სულიერი ოჯახის წევრებს, რომელთაც მძიმე წუთები უდგათ. როგორ შეგვიძლია დაქვრივებული ადამიანის ნუგეშისცემა? უპირველესად, თავი არ უნდა შევიკავოთ მათთან საუბრისგან მაშინაც კი, როცა თავს უხერხულად ვგრძნობთ ან არ ვიცით, რა ვუთხრათ. პაულა, რომელსაც ქმარი მოულოდნელად დაეღუპა, ამბობს: „მესმის, რომ ხალხი მგლოვიარესთან თავს უხერხულად გრძნობს. შეიძლება ფრთხილობენ, რომ თავიანთი სიტყვებით მას გული არ ატკინონ. მაგრამ სჯობს რაღაც თქვან და შეეშალოთ, ვიდრე საერთოდ არაფერი თქვან“. მგლოვიარე ადამიანი არ მოელის, რომ რაღაც განსაკუთრებულს ვეტყვით. პაულა აღნიშნავს: „ძალიან მსიამოვნებდა, როცა მეგობრები უბრალოდ მეუბნებოდნენ, რომ წუხდნენ ჩემ გამო“. w19.06 20 ¶1; 23 ¶14
კვირა, 7 თებერვალი
იეჰოვა, ნახე, როგორ გვემუქრებიან; ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ (საქ. 4:29).
თუკი ოდესმე აიკრძალება სამქადაგებლო საქმიანობა, უხუცესები ისე გაუწევენ შეხვედრებს ორგანიზებას, რომ მოწინააღმდეგეების ყურადღება არ მიიქციონ. მათ შეიძლება მითითება მოგცენ, რომ პატარ-პატარა ჯგუფებად შეიკრიბოთ და შესაძლოა ხშირად შეცვალონ შეხვედრის დრო და ადგილი. რაც შეეხება სამქადაგებლო საქმეს, სხვადასხვა ტერიტორიაზე განსხვავებული ვითარება იქნება. ვინაიდან ჩვენ გვიყვარს იეჰოვა და სიამოვნებას გვანიჭებს სხვებთან სამეფოს შესახებ საუბარი, აკრძალვის დროსაც გამოვძებნით ქადაგების შესაძლებლობებს (ლუკ. 8:1). ისტორიკოსმა, ემილი ბარანმა ყოფილ საბჭოთა კავშირში იეჰოვას მოწმეების შესახებ თქვა: „როცა მთავრობამ მორწმუნეებს თავიანთ რელიგიაზე საუბარი აუკრძალა, მოწმეებმა მეზობლებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან განაგრძეს ქადაგება. როცა ამის გამო ისინი საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდნენ, მათ სხვა პატიმრებთან დაიწყეს თავიანთი რწმენის შესახებ საუბარი“. აკრძალვის მიუხედავად, და-ძმებს არ შეუწყვეტიათ ქადაგება. კარგი იქნება, თუ ამ და-ძმების მსგავს სულისკვეთებას გამოავლენთ. w19.07 11 ¶12, 13
ორშაბათი, 8 თებერვალი
წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი (მათ. 28:19).
როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ არარელიგიურ ადამიანებს, რომ შეიყვარონ ღმერთი და გახდნენ ქრისტეს მოწაფეები? უნდა გავაცნობიეროთ, რომ სასიხარულო ცნობაზე ადამიანის რეაქცია შეიძლება იმაზე იყოს დამოკიდებული, თუ სად გაიზარდა. მაგალითად, ევროპელებს შეიძლება აზიელებისგან განსხვავებული რეაქცია ჰქონდეთ, რადგან ევროპაში ბევრს სმენია ბიბლიისა და შემოქმედის შესახებ. მაგრამ აზიაში ადამიანთა უმეტესობამ ძალიან ცოტა ან თითქმის არაფერი იცის ბიბლიის შესახებ. მათ შეიძლება შემოქმედის არსებობისაც კი არ სჯერათ. გქონდეთ დადებითი განწყობა. ყოველ წელს იეჰოვას მოწმეთა რიგებს ისეთი ადამიანებიც უერთდებიან, რომლებიც ერთ დროს თავს არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებდნენ. ბევრი მათგანი მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობდა და ვერ იტანდა რელიგიურ თვალთმაქცობას. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ზნეობრიობით დიდად არ გამოირჩეოდნენ, ამიტომ ბევრ მათგანს ცუდი ჩვევების მიტოვება მოუწია. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას დახმარებით აუცილებლად ვიპოვით მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილ ადამიანებს (საქ. 13:48; 1 ტიმ. 2:3, 4). w19.07 20, 21 ¶3, 4
სამშაბათი, 9 თებერვალი
სულით არ ვეცემით (2 კორ. 4:16).
არა აქვს მნიშვნელობა, ზეცაში ველით მარადიულ სიცოცხლეს თუ დედამიწაზე, მიზნისკენ სწრაფვა არ უნდა შევწყვიტოთ. რისი ატანაც არ უნდა გვიწევდეს, არ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც უკან დარჩა და არაფერს უნდა დავრთოთ ნება, ხელი შეგვიშალოს ღვთისმსახურებაში (ფილ. 3:16). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება; ვატყობთ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ფიზიკურად ვუძლურდებით; ან არაერთი წელია, რაც დევნასა თუ განსაცდელებს ვიტანთ. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოთ, „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს“. თქვენი საწუხარი ღმერთს გაანდეთ. გჯეროდეთ, რომ ის მოგცემთ მშვიდობას, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება (ფილ. 4:6, 7). როგორც ფინიშის ხაზთან მიახლოებული მორბენალი არ იშურებს ძალ-ღონეს, რათა ბოლომდე გაირბინოს სარბიელი, ისე ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ძალ-ღონე, რომ მივაღწიოთ მიზანს და დავასრულოთ სიცოცხლისთვის რბოლა. ჩვენი მდგომარეობიდან და შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველანაირად ვეცადოთ, რომ ვისწრაფოთ ღვთის დაპირებული შესანიშნავი მომავლისკენ. w19.08 7 ¶16, 17
ოთხშაბათი, 10 თებერვალი
მოტირალებთან იტირეთ (რომ. 12:15).
დამწუხრებული ადამიანის გამხნევებისას შეიძლება სიტყვების მოძებნა გაგვიჭირდეს. ზოგჯერ ჩვენი ცრემლები სიტყვებზე მეტს ამბობს. იესოს მეგობრის, ლაზარეს სიკვდილს მის დებთან, მართასა და მარიამთან ერთად მისი მეგობრებიც გლოვობდნენ. ოთხი დღის შემდეგ მათთან მისულმა იესომ ცრემლები ვერ შეიკავა მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს გაცოცხლებას აპირებდა (იოან. 11:17, 33—35). იესოს ცრემლები იეჰოვას გრძნობებს გამოხატავდა. გარდა ამისა, მის ცრემლებში ამ ოჯახის მიმართ დიდი სიყვარული იგრძნობოდა, რაც უდავოდ ანუგეშებდა მართასა და მარიამს. მსგავსად, როცა თანამორწმუნეები ჩვენს სიყვარულსა და მზრუნველობას გრძნობენ, ხვდებიან, რომ მარტონი არ არიან და გვერდით მზრუნველი მეგობრები ჰყავთ. ზოგჯერ უბრალოდ ყურადღებით მოსმენაც კი საკმარისია. მიეცით მას გულის გადმოღვრის საშუალება და დაუფიქრებლად ნუ ილაპარაკებთ (იობ. 6:2, 3). ნათესავების მხრიდან ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო ამძიმებდეს მის მდგომარეობას. ამიტომ ილოცეთ მასთან ერთად. შეევედრეთ ლოცვების მომსმენს, რომ გააძლიეროს და საღად აზროვნებაში დაეხმაროს (ფსალმ. 65:2). w19.04 18, 19 ¶18, 19
ხუთშაბათი, 11 თებერვალი
გული გადმოუღვარეთ მას (ფსალმ. 62:8).
ბეთელში თუ ველზე მსახურ და-ძმებს ძალიან გვიყვარდება ის თანაქრისტიანები, ვის მხარდამხარაც ვშრომობთ. ზოგჯერ იმ ტერიტორიის მიმართაც კი განსაკუთრებული დამოკიდებულება გვიჩნდება, სადაც არაერთი წელი გავატარეთ. ასეა თუ ისე, ძალიან გვიჭირს საყვარელ საქმეზე უარის თქმა და და-ძმებთან გამომშვიდობება. ჩვენ არა მხოლოდ გვენატრება ისინი, არამედ გვაღელვებს მათი მდგომარეობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათთან განშორება დევნის გამო მოგვიწია (მათ. 10:23; 2 კორ. 11:28, 29). მეტიც, ახალი დავალება შეიძლება კულტურულ შოკთანაც იყოს დაკავშირებული. ცვლილებებს შეიძლება ფინანსური პრობლემები, გულგატეხილობა და დაუცველობისა და არასტაბილურობის განცდა ახლდეს თან. რის გაკეთება შეგიძლიათ ასეთ დროს? ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეთ იეჰოვასთან (იაკ. 4:8). რა დაგეხმარებათ ამაში? მიენდეთ ლოცვების მომსმენ ღმერთს (ფსალმ. 65:2). იეჰოვას „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). მართლაც, იეჰოვა არა მხოლოდ ჩვენს კონკრეტულ ლოცვებს პასუხობს, არამედ გაცილებით მეტს აკეთებს ჩვენთვის. მან შეიძლება ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად ისეთი რამ მოიმოქმედოს, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. w19.08 21 ¶5, 6
პარასკევი, 12 თებერვალი
შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც . . . „არმაგედონი“ ჰქვია (გამოცხ. 16:16).
არმაგედონი ხალხისთვის ბირთვულ ომთან ან ეკოლოგიურ კატასტროფასთან ასოცირდება. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არმაგედონი სინამდვილეში კარგის მომასწავებელი და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია! (გამოცხ. 1:3). არმაგედონი არის ომი, რომელიც კაცობრიობის გასანადგურებლად კი არა, მის სახსნელად გაიმართება. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? ის წერტილს დაუსვამს ადამიანურ მმართველობას, მოსპობს ჩვენი პლანეტის მომსპობთ და გაანადგურებს ბოროტებს (გამოცხ. 11:18). სიტყვა „არმაგედონი“ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება. ის მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან, რაც „მეგიდოს მთას“ ნიშნავს (გამოცხ. 16:16, სქ.). მეგიდო ძველი ისრაელის ერთ-ერთი ქალაქი იყო (იეს. 17:11). მაგრამ სიტყვა „არმაგედონში“ რომელიმე კონკრეტული ადგილი არ იგულისხმება. ის მიუთითებს პერიოდზე, როცა „მთელი მსოფლიოს მეფეები“ იეჰოვას წინააღმდეგ შეიკრიბებიან (გამოცხ. 16:14). w19.09 8 ¶1—3
შაბათი, 13 თებერვალი
მისი განკურნება ვერავინ შეძლო (ლუკ. 8:43).
სასოწარკვეთილ და მძიმე დაავადებით გატანჯულ ქალს დახმარება სჭირდებოდა. 12 წლის მანძილზე მან არაერთ ექიმს მიმართა განკურნების იმედით, თუმცა ამაოდ. მოსეს კანონის თანახმად, ის უწმინდურად ითვლებოდა (ლევ. 15:25). როგორც კი შეიტყო, რომ იესოს ავადმყოფების განკურნების ძალა ჰქონდა, ქალი მაშინვე მის მოსაძებნად წავიდა. როცა იპოვა, მას ტანსაცმლის ფოჩზე შეეხო და უმალვე განიკურნა. აღსანიშნავია, რომ იესომ უბრალოდ მძიმე დაავადებისგან კი არ განკურნა ეს ქალი, არამედ ღირსების გრძნობაც დაუბრუნა. მან სითბო და პატივისცემა გამოავლინა, როცა მასთან მიმართებით სიტყვა „შვილო“ გამოიყენა. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა და გამოაცოცხლებდა მას ასეთი მოპყრობა (ლუკ. 8:44—48). ყურადღება მიაქციეთ, რომ ქალმა თავად მოძებნა იესო, ანუ ძალისხმევა მოახმარა მასთან მისვლას. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა: იესოსთან „მისასვლელად“ ძალისხმევა გვჭირდება. მართალია, დღეს იესო სასწაულებრივად არ კურნავს მასთან „მისულებს“, მაგრამ ის კვლავაც გვიწვევს: „მოდით ჩემთან . . . და მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28). w19.09 20 ¶2, 3
კვირა, 14 თებერვალი
დავინახე უამრავი ხალხი . . . ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან (გამოცხ. 7:9).
საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა ზაქარიამაც მსგავსი რამ იწინასწარმეტყველა: „იმ დროს ყველა ენის ხალხიდან ათი კაცი მოეჭიდება იუდეველის კალთას და ეტყვის: თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“ (ზაქ. 8:23). იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ სასიხარულო ცნობა რაც შეიძლება მეტ ენაზე უნდა იქადაგონ, რათა ჭეშმარიტებას ყველა ენაზე მოსაუბრე ადამიანი გამოეხმაუროს. დღეს ჩვენი პუბლიკაციები ასობით ენაზე ითარგმნება. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. აშკარაა, ჩვენ თანამედროვე სასწაულის მომსწრენი ვართ — იეჰოვა უამრავ ხალხს ყველა ერიდან კრებს. ვინაიდან სულიერი საზრდო უფრო და უფრო მეტ ენაზე ხდება ხელმისაწვდომი, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხი გაერთიანებულად სცემს ღმერთს თაყვანს. იეჰოვას მოწმეები გულმოდგინე ქადაგებითა და ძმათმოყვარეობით გამოირჩევიან. ამის დანახვა რწმენას გვიძლიერებს (მათ. 24:14; იოან. 13:35). w19.09 30, 31 ¶16, 17
ორშაბათი, 15 თებერვალი
იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაბამიდან დღემდე და აღარც იქნება (მათ. 24:21).
დიდი გასაჭირის დროს ხალხს თავზარს დასცემს იმის დანახვა, თუ როგორ ჩამოიშლება პოლიტიკური, კომერციული თუ სხვა სისტემები, რომლებზეც იმედს ამყარებდნენ. ისინი გააცნობიერებენ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შავბნელი პერიოდი დადგა, და გაიტანჯებიან იმაზე ფიქრით, რომ ამ ყველაფერმა შეიძლება მათი სიცოცხლე შეიწიროს (სოფ. 1:14, 15). ალბათ ეს იეჰოვას ხალხისთვისაც საკმაოდ რთული პერიოდი იქნება. ცხადია, ჩვენ არც მაშინ ვიქნებით ქვეყნიერების ნაწილი, ამიტომ შეიძლება არაერთ პრობლემას შევხვდეთ და საარსებო საშუალებების გარეშეც კი დავრჩეთ. „ერთგული და გონიერი მონა“ დღესვე გვამზადებს დიდი გასაჭირისთვის, რათა ერთგულება შევინარჩუნოთ (მათ. 24:45). ის ამისთვის არაერთ საშუალებას იყენებს. მაგრამ ამჯერად 2016—2018 წლებში გამართული კონგრესების მთავარ თემებზე ვიმსჯელოთ. გასული წლების კონგრესებზე იმ თვისებების განვითარებისკენ წაგვახალისეს, რომლებიც იეჰოვას დღის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად დაგვჭირდება. w19.10 14 ¶2; 16 ¶10; 17 ¶12
სამშაბათი, 16 თებერვალი
შეუძლებელია, იეჰოვას სუფრიდანაც ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც (1 კორ. 10:21).
ლუკმის გადაყლაპვის შემდეგ ავტომატური პროცესები იწყება და მასში შემავალი საკვები ნივთიერებები ჩვენი ორგანიზმის ნაწილი ხდება. ჯანსაღი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას უწყობს ხელს, არაჯანსაღი საკვები კი დიდ ზიანს გვაყენებს. შეიძლება შედეგი მაშინვე ვერ დავინახოთ, თუმცა ადრე თუ გვიან ის აუცილებლად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. იმავეს თქმა შეიძლება გართობაზეც. ჩვენ თავად ვირჩევთ, რით ავივსებთ გონებას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამა თუ იმ ინფორმაციის მიღების შემდეგ ავტომატური პროცესები იწყება და ვეღარ გავაკონტროლებთ, როგორ იმოქმედებს ის ჩვენს გულსა და გონებაზე. ჯანსაღი გართობა ძალას გვმატებს, არაჯანსაღი კი ზიანს გვაყენებს (იაკ. 1:14, 15). საზიანო გართობის შედეგები შეიძლება ეგრევე არ გახდეს შესამჩნევი, თუმცა დროთა განმავლობაში ის აუცილებლად გამოაშკარავდება. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს ბიბლია: „კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის. ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის“ (გალ. 6:7, 8). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოვერიდოთ ნებისმიერი სახის გართობას, რომელშიც იეჰოვასთვის საძულველი საქმეებია წარმოჩენილი (ფსალმ. 97:10). w19.10 30 ¶12, 14
ოთხშაბათი, 17 თებერვალი
მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა, და ისეთივე სიყვარული გქონდეთ, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (ეფეს. 5:1, 2).
ღმერთმა თავისი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ საკუთარი ძე გაიღო ჩვენ გამოსასყიდად (იოან. 3:16). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში? და-ძმები ჩვენს თვალში ძვირფასები არიან და სიხარულით ვიღებთ „დაკარგულ ცხვარს“, რომელიც უბრუნდება იეჰოვას (ფსალმ. 119:176; ლუკ. 15:7, 10). თანაქრისტიანებს სიყვარულს დავუმტკიცებთ, თუ საკუთარ დროსა და ენერგიას არ დავზოგავთ მათთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი დახმარება სჭირდებათ (1 იოან. 3:17). იესომ მოუწოდა თავის მიმდევრებს, რომ თავგანწირული სიყვარული გამოევლინათ (იოან. 13:34, 35). იესოს მცნება იმ გაგებით არის ახალი, რომ განსხვავებული სიყვარულის გამოვლენას მოითხოვს ქრისტიანებისგან. ასეთ სიყვარულს მოსეს კანონი არ ითხოვდა ისრაელებისგან. ჩვენ ისე უნდა გვიყვარდეს და-ძმები, როგორც იესომ შეგვიყვარა. ეს კი თავგანწირულ სიყვარულს ნიშნავს. ჩვენ საკუთარ თავზე მეტად უნდა გვიყვარდეს თანაქრისტიანები. ეს გრძნობა იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ იესოს მსგავსად მათი გულისთვის საკუთარი სიცოცხლის გასაღებადაც კი ვიყოთ მზად. w19.05 4 ¶11—13
ხუთშაბათი, 18 თებერვალი
ითხოვეთ და მოგეცემათ, ეძებეთ და იპოვით, აკაკუნეთ და გაგეღებათ (ლუკ. 11:9).
წმინდა სულის მისაღებად დაჟინებით უნდა ვილოცოთ (ლუკ. 11:13). ლუკას 11:5—9-ში ჩაწერილი იესოს იგავიდან ვიგებთ, თუ რატომ გვაძლევს იეჰოვა წმინდა სულს. იგავში მოხსენიებულ მამაკაცს სურდა, კარგი მასპინძელი ყოფილიყო. ამიტომ მან თავი ვალდებულად ჩათვალა, შუაღამით მისულ სტუმარს გამასპინძლებოდა, თუმცა არაფერი ჰქონდა შესათავაზებლად. მეზობელმა მისი თხოვნა იმიტომ დააკმაყოფილა, რომ ის დაჟინებით ითხოვდა პურს. რისი დანახვება უნდოდა იესოს ჩვენთვის ამ იგავიდან? თუკი ამ მამაკაცმა შეუსრულა მეგობარს დაჟინებული თხოვნა, განა მოსიყვარულე ზეციერი მამა არ შეისმენს ჩვენს ლოცვებს, როცა მას დაჟინებით ვთხოვთ წმინდა სულს?! ასე რომ, თუ ვთხოვთ იეჰოვას წმინდა სულს, ის აუცილებლად მოგვცემს (ფსალმ. 10:17; 66:19). მართალია, სატანა გამუდმებით გვებრძვის, მაგრამ ეჭვი არ გვეპარება, რომ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. w19.11 13 ¶17—19
პარასკევი, 19 თებერვალი
მოდი სადმე წავიდეთ და ცოტა დავისვენოთ (მარ. 6:31).
იესოს ესმოდა, რომ მას და მის მოციქულებს დროდადრო დასვენებაც სჭირდებოდათ. თუმცა მაშინაც და დღესაც ხალხის უმეტესობა იესოს იგავში მოხსენიებულ მდიდარ კაცს ჰგავს, რომელიც საკუთარ თავს ეუბნებოდა: „დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“ (ლუკ. 12:19; 2 ტიმ. 3:4). იგავში მოხსენიებული მამაკაცისგან განსხვავებით, რომელიც განცხრომასა და სიამოვნებას მიეცა, იესო და მისი მოციქულები ცხოვრების უმთავრეს მიზნად საკუთარ სიამოვნებაზე ზრუნვას არ მიიჩნევდნენ. ჩვენ ვცდილობთ, იესოს მსგავსად თავისუფალი დრო მხოლოდ დასვენებისთვის კი არ გამოვიყენოთ, არამედ კარგი საქმეებისთვისაც, რაშიც ქადაგება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება იგულისხმება. მოწაფეების მომზადება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, რეგულარული მონაწილეობა მივიღოთ ამ ღვთისმოსაწონ საქმეებში (ებრ. 10:24, 25). მაშინაც კი, როცა დასასვენებლად ვართ წასული, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ ჩამოვრჩეთ სულიერ განრიგს, ანუ არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები და ხელიდან არ გავუშვათ ქადაგების შესაძლებლობა (2 ტიმ. 4:2). w19.12 7 ¶16, 17
შაბათი, 20 თებერვალი
ბოლომდე მიიყვანეთ წამოწყებული საქმე (2 კორ. 8:11).
იეჰოვა გვაძლევს უფლებას, თავად წარვმართოთ ჩვენი ცხოვრება. ის გვეხმარება, სწორი არჩევანი გავაკეთოთ და მისი მოსაწონი გადაწყვეტილებები მივიღოთ (ფსალმ. 119:173). როცა ბიბლიურ სიბრძნეს ცხოვრებაში ვიყენებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებთ (ებრ. 5:14). სწორი გადაწყვეტილების შემთხვევაშიც კი შეიძლება გაგვიჭირდეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. დავფიქრდეთ შემდეგ სიტუაციებზე. ახალგაზრდა ძმამ გადაწყვიტა, ბიბლია თავიდან ბოლომდე წაეკითხა. რამდენიმე კვირის განმავლობაში გეგმას კარგად მიჰყვებოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო მიზანს ვერ მიაღწია. ერთმა დამ გადაწყვიტა, რომ პიონერად ემსახურა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობდა. უხუცესთა საბჭომ გადაწყვიტა, უფრო მეტი ყურადღება მიექცია სამწყემსო მონახულებებისთვის, თუმცა თვეების შემდეგაც კი მათი ჩანაფიქრი განუხორციელებელი დარჩა. თითოეული სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ მათ ერთი რამ აქვთ საერთო — ვერცერთმა ვერ შეძლო დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. w19.11 26 ¶1, 2
კვირა, 21 თებერვალი
მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება (იგავ. 21:5).
იესომ ჩვენი დრო „ნოეს დროს“ შეადარა. დღეს აშკარად ვხედავთ, რომ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ გვიწევს ცხოვრება (მათ. 24:37; 2 ტიმ. 3:1). აქედან გამომდინარე, ზოგმა დაქორწინებულმა წყვილმა გადაწყვიტა, გარკვეული ხნით გადაედო ბავშვის გაჩენა, რათა უფრო მეტი დრო დაეთმო იეჰოვას მსახურებისთვის. სანამ ცოლ-ქმარი გადაწყვეტს, რამდენი შვილი იყოლიოს, გონიერებას გამოავლენს, თუ წინასწარ „გამოთვლის ხარჯებს“ (ლუკ. 14:28, 29). გამოცდილი მშობლები ამბობენ, რომ შვილების ყოლა და გაზრდა მხოლოდ ხარჯებთან კი არ არის დაკავშირებული, არამედ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დაქორწინებულები დაფიქრდნენ შემდეგ კითხვებზე: ორივეს მოგვიწევს მუშაობა ოჯახის ძირითადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? ერთი აზრი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ოჯახის ძირითადი საჭიროებები? თუ ორივე ვიმუშავებთ, ვინ მიხედავს ბავშვებს? ვინ იზრუნებს მათ აღზრდაზე? დაქორწინებულები დღევანდელ მუხლში ჩაწერილ პრინციპს ითვალისწინებენ, როცა ამ საკითხებზე მსჯელობენ. w19.12 23, 24 ¶6, 7
ორშაბათი, 22 თებერვალი
ისინი იღვწიან ჩემთან ერთად ღვთის სამეფოსთვის; ისინი არიან ჩემთვის ნუგეში (კოლ. 4:11).
მოციქულმა პავლემ სიკვდილს არაერთხელ ჩახედა თვალებში (2 კორ. 11:23—28). გარდა ამისა, ის ებრძოდა „სხეულში ეკალს“, რაც, შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემა ყოფილიყო (2 კორ. 12:7). ალბათ, პავლეს იმედგაცრუება დაეუფლებოდა, როცა მისმა თანამსახურმა, დემასმა, მიატოვა და „ქვეყნიერება შეიყვარა“ (2 ტიმ. 4:10). პავლე გაბედული ცხებული ქრისტიანი იყო, რომელიც უანგაროდ ეხმარებოდა სხვებს, მაგრამ დროდადრო თავადაც სჭირდებოდა ნუგეში (რომ. 9:1, 2). პავლე ყოველთვის გრძნობდა ნუგეშისცემასა და მხარდაჭერას. იეჰოვა საჭირო დროს მას წმინდა სულით აძლიერებდა (2 კორ. 4:7; ფილ. 4:13). ის მოციქულს თანაქრისტიანების მეშვეობითაც ანუგეშებდა. მაგალითად, პავლე ზოგიერთ თანამსახურზე ამბობს, რომ მისი „დამხმარენი და გამაძლიერებელნი“ იყვნენ (კოლ. 4:11). მან სახელებით მოიხსენია არისტარქე, ტიქიკე და მარკოზი, რომლებიც გასაჭირის დროს გვერდში ედგნენ. w20.01 8 ¶2, 3
სამშაბათი, 23 თებერვალი
მან აგიხილათ თვალები (ეფეს. 1:18).
იესომ თქვა, რომ ის, ვინც ცხებული არ არის, შეუძლებელია ბოლომდე ჩასწვდეს, როგორი გრძნობაა ხელახლა დაბადება ანუ სულისგან შობა (იოან. 3:3—8). როგორ იცვლება ქრისტიანის აზროვნება სულით ცხების შემდეგ? სანამ იეჰოვა წმინდა სულით სცხებდა ქრისტიანს, მისთვის დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი უდავოდ ძვირფასი იყო. ის მოუთმენლად ელოდა დროს, როცა იეჰოვა დედამიწას სამოთხედ გადააქცევდა და ყველანაირ ბოროტებას გაანადგურებდა. შეიძლება ის ფიქრობდა იმ დროზე, როცა გულში ჩაიკრავდა მკვდრეთით აღმდგარ ოჯახის წევრსა თუ მეგობარს. მაგრამ სულით ცხების შემდეგ მან სხვაგვარად დაიწყო აზროვნება. ამის მიზეზი ის არ ყოფილა, რომ დედამიწაზე ცხოვრების იმედი აღარ აკმაყოფილებდა. ეს არც სტრესს და არც ემოციურ პრობლემებს არ გამოუწვევია. მას არც იმიტომ შეუცვლია თვალსაზრისი, რომ ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი მოსაწყენად მოეჩვენა. სინამდვილეში იეჰოვამ შეუცვალა აზროვნება და მომავლის იმედი წმინდა სულის მეშვეობით. w20.01 22 ¶9—11
ოთხშაბათი, 24 თებერვალი
ყველა დაემორჩილოს ხელისუფლებას (რომ. 13:1).
ისრაელისთვის მიცემული კანონის თანახმად, ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ღვთისგან დანიშნული მამაკაცები არა მხოლოდ სულიერ საკითხებს აგვარებდნენ, არამედ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებსაც. მაგრამ „ქრისტეს კანონი“ უხუცესებს მხოლოდ სულიერი დახმარების აღმოჩენის პასუხისმგებლობას აკისრებს (გალ. 6:2). მათ ესმით, რომ ღმერთმა ხელისუფლების წარმომადგენლებს დააკისრა სამოქალაქო თუ სისხლის სამართლის საქმეების მოგვარების ვალდებულება, რომელთაც აქვთ უფლება, დააწესონ ისეთი სასჯელი, როგორიცაა ჯარიმა ან პატიმრობა (რომ. 13:2—4). რა პასუხისმგებლობა აკისრიათ უხუცესებს, როცა ვინმე კრებაში სერიოზულ ცოდვას სჩადის? ისინი ღვთის სიტყვის საფუძველზე აფასებენ მდგომარეობას და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებენ. მათ ახსოვთ, რომ ქრისტეს კანონის საფუძველი სიყვარულია. სიყვარული უბიძგებს უხუცესებს, დაფიქრდნენ შემდეგზე: რის გაკეთებაა საჭირო კრებაში მათ დასახმარებლად, ვინც დანაშაულის მსხვერპლი გახდა? რაც შეეხება შემცოდველს, უხუცესებს ისევ და ისევ სიყვარული აღძრავს, დაფიქრდნენ: ინანიებს თუ არა ის თავის დანაშაულს? შეგვიძლია დავეხმაროთ მას იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში? w19.05 7 ¶23, 24
ხუთშაბათი, 25 თებერვალი
მისით ვცოცხლობ (იოან. 6:57).
იესოს კარგად ესმოდა, რომ იეჰოვამ არა მხოლოდ სიცოცხლე უბოძა, არამედ ყოველივე აუცილებლითაც უზრუნველყო. ამაზე მოწმობს მის მიერ წარმოთქმული ზემოხსენებული სიტყვები. იესო სრულად ენდობოდა მამას და იეჰოვაც ყოველთვის ზრუნავდა მის ფიზიკურ მოთხოვნილებებზე და, რაც ყველაზე მთავარია, სულიერ მხარდაჭერასაც არ აკლებდა (მათ. 4:4). იეჰოვა ჩვენს სულიერ მოთხოვნილებებზეც ზრუნავს. ბიბლიის მეშვეობით მან თავი გაგვაცნო, თავისი განზრახვა გაგვიმჟღავნა, სიცოცხლის აზრი დაგვანახვა და გვითხრა, როგორი მომავალი გველის. ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ჭეშმარიტება მშობლების ან სხვა რომელიმე თავისი მსახურის მეშვეობით გაგვიმჟღავნა, იმაზე მოწმობს, რომ ის პირადად არის დაინტერესებული ჩვენით. ჩვენ დღესაც ვგრძნობთ იეჰოვას მზრუნველობას უხუცესებისა და სხვა მოწიფული და-ძმებისგან. გარდა ამისა, იეჰოვა ერთ ოჯახად გვკრებს და ქრისტიანული შეხვედრების მეშვეობით გვარიგებს. ამ და სხვა საშუალებებით ღმერთი თითოეული ჩვენგანის მიმართ მამობრივ მზრუნველობას ავლენს (ფსალმ. 32:8). w20.02 3 ¶8; 5 ¶13
პარასკევი, 26 თებერვალი
იმისკენ ვისწრაფოთ, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება (რომ. 14:19).
შეუძლებელია, მშვიდობა იყოს იქ, სადაც ადამიანებს ერთმანეთის შურთ. ეს მანკიერი თვისება საკუთარი გულიდანაც უნდა ამოვძირკვოთ და არც სხვებში უნდა გავაღვივოთ. კონკრეტულად რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ სხვებში შური არ აღვძრათ და მშვიდობას შევუწყოთ ხელი? ჩვენი ქცევები და დამოკიდებულება სხვებზე დიდ გავლენას ახდენს. ქვეყნიერება გვიბიძგებს, ვიტრაბახოთ იმით, რაც გვაქვს (1 იოან. 2:16). ასეთი დამოკიდებულება შურს აღვივებს. მაგალითად, თუ გამუდმებით იმაზე ვილაპარაკებთ, რა გვაქვს ან რის ყიდვას ვაპირებთ, სხვებში შურის მარცვალს ჩავთესავთ. თუ მოკრძალებას გამოვავლენთ და არ ვიტრაბახებთ იმ პასუხისმგებლობებით, რომლებსაც კრებაში ვასრულებთ, სხვებს შურის მიზეზს არ მივცემთ. თუ გამუდმებით ჩვენს პასუხისმგებლობებზე ვისაუბრებთ, ასე ვთქვათ, შურს კარგ ნიადაგს შევუქმნით, რომ აღმოცენდეს. ამის საპირისპიროდ, როცა სხვების მიმართ გულწრფელ ინტერესს ვავლენთ და მათი კარგი საქმეები მხედველობიდან არ გვრჩება, ვეხმარებით მათ, იყვნენ კმაყოფილები და კრებაში მშვიდობასა და ერთიანობას ვუწყობთ ხელს. w20.02 18 ¶15, 16
შაბათი, 27 თებერვალი
მისი უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან მოყოლებული, რადგან ეს ყოველივე შექმნილის მეშვეობით შეიცნობა (რომ. 1:20).
შემოქმედებაზე დაკვირვებით შეგიძლიათ მეტი გაიგოთ იეჰოვას შესახებ (გამოცხ. 4:11). დააკვირდით მცენარეებსა და ცხოველებს. დაფიქრდით, როგორ მეტყველებს შემოქმედება იეჰოვას სიბრძნეზე. ეცადეთ, მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ რა საოცრად არის შექმნილი ადამიანის სხეული (ფსალმ. 139:14). წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგიით უზრუნველყო იეჰოვამ მზე, რომელიც ერთ-ერთია მილიარდობით ვარსკვლავს შორის (ეს. 40:26). შემოქმედებაზე ფიქრი იეჰოვასადმი მოწიწებას ჩაგინერგავთ. ცხადია, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ბრძენი და ძლიერი ღმერთია, მაგრამ მისადმი სიყვარულის განსავითარებლად უფრო მეტია საჭირო. დარწმუნდით, რომ იეჰოვას უყვარხართ და ზრუნავს თქვენზე. გახსოვდეთ, თუ ძებნას დაუწყებთ მას, თავს გაპოვნინებთ (1 მატ. 28:9). იეჰოვამ თავისკენ მიგიზიდათ (იერ. 31:3). რაც უფრო მეტს გაიგებთ იმის შესახებ, თუ რა გააკეთა იეჰოვამ თქვენთვის, მით უფრო გაგიძლიერდებათ მისადმი სიყვარული. w20.03 4 ¶6, 7
კვირა, 28 თებერვალი
ჩვენთვის მონდობილი მსახურება ღვთის მიერ ბოძებული წყალობაა, ამიტომ სულით არ ვეცემით (2 კორ. 4:1).
პავლე მოციქულისთვის მსახურება უმნიშვნელოვანესი საქმე იყო, რითაც შესანიშნავი მაგალითი მოგვცა. როცა ის მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს კორინთში იმყოფებოდა, თავის სარჩენად გარკვეულ დროს კარვების კერვას უთმობდა. ის იმიტომ შრომობდა, რომ კორინთელებს ტვირთად არ დასწოლოდა (2 კორ. 11:7). მიუხედავად იმისა, რომ თავის სარჩენად შრომა უწევდა, პავლე მოციქული კვლავაც პირველ ადგილზე აყენებდა მსახურებას და ყოველ შაბათს ქადაგებდა. მატერიალური დახმარების მიღების შემდეგ კი მოციქულმა უფრო მეტი ყურადღება ქადაგებაზე გადაიტანა. „პავლე მთლიანად ჩაება სიტყვის ქადაგებაში. ის უმოწმებდა და უმტკიცებდა იუდეველებს, რომ იესო არის ქრისტე“ (საქ. 18:3—5; 2 კორ. 11:9). მოგვიანებით რომში ორწლიანი შინაპატიმრობის დროს პავლე მნახველებთან ქადაგებდა და წერილებს წერდა (საქ. 28:16, 30, 31). მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მსახურებაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი გამხდარიყო. w19.04 4 ¶9