მარტი
ორშაბათი, 1 მარტი
გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით (2 კორ. 6:17).
ღვთისა და მისი სიტყვისადმი სიყვარული ძალას გვაძლევს, მაშინაც დავემორჩილოთ იეჰოვას, როცა კეთილმოსურნე ნათესავები ან მეგობრები მკვდრებთან დაკავშირებულ არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობას გვაიძულებენ. ისინი შეიძლება ჩვენს შერცხვენას შეეცადონ და გვითხრან, რომ არ გვიყვარდა და პატივს არ ვცემდით გარდაცვლილს. ან ისიც კი თქვან, რომ ჩვენი საქციელის გამო შეიძლება გარდაცვლილმა ზიანი მიაყენოს ცოცხლებს. კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ბევრს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულმა შეიძლება შური იძიოს მათზე, ვინც სიცოცხლეში ცუდად ექცეოდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ მიცვალებულის სულმა შეიძლება „მთელ დასახლებასაც კი დაატეხოს უბედურება“. აფრიკის ზოგ ქვეყანაში გარდაცვლილის სახლში სარკეებს ნაჭერს აფარებენ და სურათებს კედლისკენ აბრუნებენ, რათა მიცვალებულმა საკუთარი თავი არ დაინახოს. ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურები, არ ვიზიარებთ მსგავს შეხედულებებს და არ ვიცავთ ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც სატანის სიცრუეს უჭერს მხარს! (1 კორ. 10:21, 22). w19.04 16 ¶11, 12
სამშაბათი, 2 მარტი
ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ (მათ. 7:12).
იესო პრინციპებს ასწავლიდა, რაც მის მიმდევრებს სამართლიანობის გამოვლენაში დაეხმარებოდა. მაგალითად, დავფიქრდეთ, ოქროს წესზე. ყველას გვსურს, სამართლიანად გვექცეოდნენ, ამიტომ ჩვენც სამართლიანად უნდა მოვექცეთ სხვებს. თუ ასე მოვიქცევით, შეიძლება მათაც გაუჩნდეთ ჩვენ მიმართ სამართლიანობის გამოვლენის სურვილი. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ უსამართლოდ მოგვექცნენ? იესომ თავის მიმდევრებს ისიც ასწავლა, რომ იეჰოვას მინდობოდნენ, რადგან ის „გაუჩენს სამართალს თავის რჩეულებს, რომლებიც დღედაღამ შეღაღადებენ“ (ლუკ. 18:6, 7). ეს სიტყვები ფაქტობრივად, დაპირებაა, რომ ჩვენმა სამართლიანმა ღმერთმა იცის, რა სირთულეებს ვხვდებით ამ ბოლო დღეებში და თავის დროზე აუცილებლად გაგვიჩენს სამართალს (2 თეს. 1:6). როცა იესოს მიერ დატოვებული პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, სხვებს სამართლიანად ვეპყრობით. მაგრამ თუ სატანის ქვეყნიერებაში უსამართლობის მსხვერპლი ვართ, გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა აუცილებლად გაგვიჩენს სამართალს. w19.05 5 ¶18, 19
ოთხშაბათი, 3 მარტი
ყოველთვის მზად იყავით, რომ პასუხი გასცეთ მათ, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას გთხოვთ, ოღონდ ეს რბილად და პატივისცემით გააკეთეთ (1 პეტ. 3:15).
თუ სკოლის მოსწავლე ხარ, ალბათ, ხედავ, რომ შენი კლასელები დაბადების დღეებს აღნიშნავენ. შეიძლება გინდა, რომ ბიბლიის საფუძველზე აუხსნა მათ შენი პოზიცია, მაგრამ ფიქრობ, რომ საკმარისი ცოდნა არა გაქვს. სწორედ ამ დროს არის საჭირო კარგი შესწავლა. შესწავლის დროს შეგიძლია ორი მიზანი დაისახო: 1) თავად დარწმუნდე, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ღვთისთვის მიუღებელია და 2) უკეთ შეძლო შენი რწმენის შესახებ საუბარი (მათ. 14:6—11). თავდაპირველად ჰკითხე საკუთარ თავს: „რა მიზეზით ხსნიან ჩემი კლასელები დაბადების დღის აღნიშვნას?“. შემდეგ ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით ეს საკითხი გულდასმით გამოიკვლიე. შეიძლება აღმოაჩინო, რომ საკუთარი მრწამსის დაცვა არც ისე რთული ყოფილა. უმეტესობა დაბადების დღეს იმიტომ აღნიშნავს, რომ ყველა ასე იქცევა. ერთი-ორი აზრის მოძიების შემდეგ შეგიძლია დამაკმაყოფილებელი პასუხი გასცე გულწრფელად დაინტერესებულ ადამიანს (კოლ. 4:6). w19.05 29 ¶13
ხუთშაბათი, 4 მარტი
როგორც ვაჟს ანუგეშებს დედა, მეც ისე განუგეშებთ (ეს. 66:13).
როცა თავის გადასარჩენად მტრებს გაურბოდა, წინასწარმეტყველი ელია იმდენად დათრგუნული იყო, რომ სიკვდილი ინატრა. იეჰოვამ ძლევამოსილი ანგელოზი გაუგზავნა თავის გულგატეხილ მსახურს, რომელმაც პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინა მას და ცხელი საჭმელი შესთავაზა (1 მეფ. 19:5—8). ამ ბიბლიური მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ თუნდაც უბრალო, მაგრამ პრაქტიკულ დახმარებას ხშირად კარგი შედეგი მოჰყვება. საკვების მომზადებამ, უბრალო საჩუქარმა ან თბილი სიტყვებით დაწერილმა ღია ბარათმა შეიძლება ანუგეშოს ასეთი და-ძმები და ჩვენს სიყვარულსა და მზრუნველობაში დაარწმუნოს. თუ გვიჭირს მათ პირად და მტკივნეულ საკითხებზე საუბარი, მათდამი მზრუნველობა შეგვიძლია ასეთი სახით გამოვხატოთ. იეჰოვამ სასწაულებრივად აღმოუჩინა ელიას საჭირო დახმარება, რათა მიეღწია ხორების მთამდე, მათგან შორს, ვინც მის მოკვლას ცდილობდა. რის სწავლა შეგვიძლია აქედან? თუ გვინდა, რომ ვანუგეშოთ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, უპირველესად უსაფრთხოდ უნდა ვაგრძნობინოთ თავი იქნება ეს საკუთარ სახლში თუ სამეფო დარბაზში. w19.05 16 ¶11; 17 ¶13, 14
პარასკევი, 5 მარტი
მთელი მიწა გლოვას მოჰყვება, . . ცალკე ნათანის საგვარეულო (ზაქ. 12:12)
დავუშვათ, ზაქარიას წინასწარმეტყველების მე-12 თავს კითხულობთ, სადაც მესიის სიკვდილია ნაწინასწარმეტყველები (ზაქ. 12:10). მე-12 მუხლიდან იგებთ, რომ „ნათანის საგვარეულო“ მწარედ იგლოვებდა მესიის სიკვდილს. ნაცვლად იმისა, რომ სწრაფად გადაურბინოთ ამ დეტალს, შეჩერდით და დაფიქრდით: რა კავშირია ნათანის საგვარეულოსა და მესიას შორის? ამ დროს პატარა „სამძებრო ოპერაცია“ უნდა ჩაატაროთ. მარგინალური მუხლები გადაგიყვანთ 2 სამუელის 5:14-სა და ლუკას 3:31-ზე, საიდანაც გაიგებთ, რომ ნათანი მეფე დავითის ერთ-ერთი ვაჟი იყო, მარიამის გენეალოგიური ნუსხიდან კი დაინახავთ, რომ ნათანი იესოს უშუალო წინაპარი იყო. კითხვის დროს გაგახსენდათ, რომ წინასწარმეტყველების თანახმად, იესო დავითის შთამომავალი უნდა ყოფილიყო (მათ. 22:42). მაგრამ დავითს ხომ 20-ზე მეტი ვაჟი ჰყავდა! განა გასაოცარი არ არის, რომ ზაქარიამ სწორედ ნათანის სახლზე თქვა, რომ მესიის სიკვდილს იგლოვებდა?! w19.05 30 ¶17
შაბათი, 6 მარტი
შეიცვალეთ აზროვნება და გარდაიქმენით, რათა ჩასწვდეთ ღვთის ნებას, რომელიც კარგი, მოსაწონი და სრულყოფილია (რომ. 12:2).
რა უნდა გავაკეთოთ? ბიბლიისა და პუბლიკაციების რეგულარული კვლევა დაგვარწმუნებს, რომ, რაც ვისწავლეთ, ჭეშმარიტებაა. აგრეთვე დავრწმუნდებით, რომ იეჰოვას ნორმები სწორი და სამართლიანია. შედეგად, ღრმად ფესვგადგმული ხის მსგავსად ჩვენც განვმტკიცდებით რწმენაში (კოლ. 2:6, 7). გახსოვდეთ, თქვენი რწმენის განმტკიცებაზე თქვენ გარდა სხვა ვერავინ იზრუნებს. ამიტომ ნუ შეწყვეტთ გონების აღმძვრელი ძალის განახლებას! გამუდმებით ილოცეთ, სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული, ღრმად იფიქრეთ, შეამოწმეთ თქვენი აზროვნება და მოტივები. აირჩიეთ კარგი მეგობრები და მათთან იქონიეთ ურთიერთობა, ვინც აზროვნების შეცვლაში დაგეხმარებათ. თუ ასე მოიქცევით, თავს დაიცავთ სატანის ქვეყნიერების მომწამლავი აზროვნებისგან და დაამხობთ „აზრებს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს“ (2 კორ. 10:5). w19.06 13 ¶17, 18
კვირა, 7 მარტი
ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში (იაკ. 1:27).
როგორც რუთი არ მოსცილებია ნაომის გვერდიდან, ისე ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ მათი დახმარება, ვისაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა (რუთ. 1:16, 17). პაულა ამბობს: „ქმრის სიკვდილის შემდეგ ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდში. თუმცა დროის სვლასთან ერთად ისინი თავიანთ საქმეებს დაუბრუნდნენ. ჩემი ცხოვრება კი მთლიანად თავდაყირა იდგა. მგლოვიარისთვის უდიდესი ნუგეშია, როცა ხალხი აცნობიერებს, რომ მას დახმარება და მხარში დგომა თვეების, ზოგჯერ კი წლების მანძილზე სჭირდება“. ცხადია, ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ზოგი შეიძლება შედარებით ადვილად შეეგუოს ახალ მდგომარეობას, ზოგს კი მტკივნეულ მოგონებებს აღუძრავდეს ყველაფერი, რაც მეუღლესთან აკავშირებდა. ფაქტია, ყველა ადამიანი თავისებურად გლოვობს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვრივებზე ზრუნვა და მათი ნუგეშისცემა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომელიც იეჰოვამ დაგვაკისრა. w19.06 24 ¶16
ორშაბათი, 8 მარტი
დავაკვირდები ჩემს ნაბიჯებს, რათა ენით არ შევცოდო. პირს დარაჯად ალიკაპს დავუყენებ, სანამ ბოროტია ჩემ სიახლოვეს (ფსალმ. 39:1).
აკრძალვის დროს უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრა, თუ როდის არის „დუმილის დრო“ (ეკლ. 3:7). არ უნდა გავცეთ საიდუმლო ინფორმაცია, მაგალითად და-ძმების სახელები, შეხვედრის ჩატარების ადგილი და ქადაგებისა თუ სულიერი საზრდოს მიღების მეთოდები. ამ ინფორმაციას არც მთავრობის წარმომადგენლებს ვუზიარებთ და არც ჩვენს ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ მცხოვრებ კეთილმოსურნე მეგობრებსა და ნათესავებს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება და-ძმებს საფრთხე შევუქმნათ. არ უნდა მივცეთ უმნიშვნელო პრობლემებს ჩვენი დაყოფის საშუალება. სატანამ კარგად იცის, რომ გაყოფილი სახლი დიდხანს ვერ იარსებებს (მარ. 3:24, 25). ის არ მოგვეშვება და ყველანაირად შეეცდება, განხეთქილება ჩათესოს ჩვენ შორის. სატანის მიზანია, რომ მას კი არა, ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მოწიფულმა ქრისტიანებმაც უნდა იფრთხილონ, რომ ამ მახეში არ გაებან. თუ ვეცდებით, რომ და-ძმებთან წამოჭრილი პრობლემები მოვაგვაროთ, არ გავებმებით სატანის მახეში, რომელიც ჩვენს დაყოფას ცდილობს (კოლ. 3:13, 14). w19.07 11, 12 ¶14—16
სამშაბათი, 9 მარტი
უფლის მონა . . . ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს, უნდა შეეძლოს სწავლება (2 ტიმ. 2:24).
ყურადღება მხოლოდ იმაზე კი არ უნდა გავამახვილოთ, თუ რას ვამბობთ, არამედ იმაზეც, თუ როგორ ვამბობთ, რადგან ხშირად სწორედ ეს განსაზღვრავს, გამოეხმაურება თუ არა ხალხი დადებითად სასიხარულო ცნობას. ადამიანებს ძალიან სიამოვნებთ, როდესაც მათ მიმართ სიკეთეს, ტაქტიანობას და გულწრფელ ინტერესს ვავლენთ. ჩვენ არ ვცდილობთ, სხვებს საკუთარი აზრი მოვახვიოთ თავს, პირიქით გვინდა, გავიგოთ, რატომ ჩამოუყალიბდათ რელიგიაზე ასეთი შეხედულება. ვცდილობთ, გავითვალისწინოთ მათი გრძნობები. მაგალითად, იუდეველებთან საუბრის დროს პავლე წმინდა წერილების საფუძველზე მსჯელობდა, თუმცა არეოპაგში ბერძენ ფილოსოფოსებთან ქადაგებისას არ უთქვამს, რომ წმინდა წერილებიდან ციტირებდა (საქ. 17:2, 3, 22—31). როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს? თუ ისეთ ადამიანს შეხვდებით, ვინც ბიბლიას ავტორიტეტად არ მიიჩნევს, უმჯობესი იქნება, თუ პირდაპირ არ ეტყვით, რომ ესა თუ ის აზრი ბიბლიაზეა დაფუძნებული. თუ ატყობთ, რომ ადამიანი უხერხულად გრძნობს თავს, როცა ბიბლიას უკითხავთ, შეეცადეთ, ეს ისე გააკეთოთ, რომ სხვების ყურადღება ნაკლებად მიიქციოთ. მაგალითად, შეგიძლიათ ელექტრონული მოწყობილობა გამოიყენოთ. w19.07 21 ¶5, 6
ოთხშაბათი, 10 მარტი
იფრთხილეთ, რომ არ ცდუნდეთ, არ გადაუხვიოთ გზიდან, თაყვანი არ სცეთ სხვა ღმერთებს (კან. 11:16).
სატანამ მოხერხებულად გააბა ისრაელები კერპთაყვანისმცემლობის მახეში. მან იცოდა, რომ აღთქმულ მიწაზე დასახლებულ ისრაელებს მოსავლის მოყვანა მოუწევდათ, ამიტომ ახალი მეთოდები უნდა აეთვისებინათ. ეგვიპტეში ისინი მიწების მოსარწყავად ნილოსის წყალს იყენებდნენ. აღთქმულ მიწაზე კი დიდი მდინარეები არ იყო, ამიტომ მოსავლის მისაღებად სეზონურ წვიმებსა და ცვარზე იყვნენ დამოკიდებულნი (კან. 11:10—15; ეს. 18:4, 5). ისრაელებს მიწათმოქმედების ახალი მეთოდები უნდა ესწავლათ. მაგრამ რატომ გააფრთხილა იეჰოვამ თავისი ხალხი ცრუ ღმერთების თაყვანისცემის შესახებ, როცა მიწათმოქმედების ახალი მეთოდების ათვისებაზე ესაუბრებოდა? იეჰოვამ იცოდა, რომ ისრაელები შეიძლებოდა ცდუნებულიყვნენ და მეზობლად მცხოვრები წარმართი ერებისგან მიწათმოქმედების კარგი მეთოდები გადმოეღოთ. ქანაანელები ბაალს ეთაყვანებოდნენ, ამიტომ ეს მათ სამეურნეო საქმიანობაზეც ახდენდა გავლენას (რიცხ. 25:3, 5; მსაჯ. 2:13; 1 მეფ. 18:18). w19.06 3 ¶4—6
ხუთშაბათი, 11 მარტი
განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ სიყვარული უფრო და უფრო გაგიღრმავდეთ (ფილ. 1:9).
როცა მოციქული პავლე, სილა, ლუკა და ტიმოთე ქალაქ ფილიპეში ჩავიდნენ, ბევრმა ადგილობრივმა ინტერესი გამოავლინა სამეფოს ცნობის მიმართ. ამ გულანთებულმა ძმებმა კრება ჩამოაყალიბეს, რომელიც, სავარაუდოდ, სტუმართმოყვარე დის, ლიდიას სახლში ტარდებოდა. კრება ახლად მოქცეულ და-ძმებს ერთად შეკრების შესაძლებლობას აძლევდა (საქ. 16:40). კრების ჩამოყალიბებიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ ფილიპელი ქრისტიანები რწმენის გამოცდას შეხვდნენ. სატანამ ჭეშმარიტების მტრები აღძრა, რომ სასტიკი წინააღმდეგობა გაეწიათ ამ ერთგული ქრისტიანებისთვის. პავლე და სილა შეიპყრეს, გაჯოხეს და საპყრობილეში ჩაყარეს. გათავისუფლების შემდეგ მათ ახალი მოწაფეები მოინახულეს და გაამხნევეს. ყველაფერმა რომ ჩაიარა, პავლემ, სილამ და ტიმოთემ დატოვეს ფილიპე, ლუკა კი, როგორც ჩანს, იქ დარჩა. რას იზამდნენ ამ ძმების გარეშე ახალმოქცეული ქრისტიანები? წმინდა სულის დახმარებით მათ შემართებით განაგრძეს იეჰოვასადმი მსახურება (ფილ. 2:12). ასე რომ, პავლეს ნამდვილად ჰქონდა მიზეზი, მათით ეამაყა. w19.08 8 ¶1, 2
პარასკევი, 12 მარტი
მოვალე მევალის მონაა (იგავ. 22:7).
საცხოვრებლის შეცვლა ხშირად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ შეიძლება ვალებიც კი დაგედოთ. ნუ ისესხებთ ფულს არასაჭირო ნივთების შესაძენად (იგავ. 22:3). როცა ოჯახის წევრს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნება, შეიძლება ეს იმდენად განვიცადოთ, რომ მისი მკურნალობისთვის ბევრი ვალიც კი დავიდოთ. ასეთ დროს გახსოვდეთ, რომ ლოცვა ბრძნული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. იეჰოვა უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვას. ის შინაგან სიმშვიდეს მოგცემთ, რომელიც „დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას“. მშვიდი გული კი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ (ფილ. 4:6, 7; 1 პეტ. 5:7). შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა მათთან, ვინც დადებით გავლენას ახდენს თქვენზე. გაანდეთ თქვენი წუხილის მიზეზი ახლო მეგობრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია. მეგობრისთვის გულის გადაშლა თავს უკეთ გაგრძნობინებთ (ეკლ. 4:9, 10). ცხადია, ძველ მეგობრებს ვერავინ შეგიცვლით. w19.08 22 ¶9, 10
შაბათი, 13 მარტი
შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც . . . „არმაგედონი“ ჰქვია (გამოცხ. 16:16).
რატომ დაუკავშირა იეჰოვამ თავისი საბოლოო ომი მეგიდოს? ბიბლიურ დროში მეგიდოსა და მის მახლობლად მდებარე იზრეელის ველზე ხშირად იმართებოდა ბრძოლები. ზოგჯერ იეჰოვა პირდაპირ ერეოდა ამ ბრძოლებში და თავის ხალხს ამარჯვებინებდა. მაგალითად, „მეგიდოს წყლებთან“ ღმერთმა ისრაელის მსაჯულ ბარაკს ქანაანელთა ჯარი დაამარცხებინა, რომელსაც სისერა მეთაურობდა. ბარაკმა და წინასწარმეტყველმა დებორამ სასწაულებრივი გამარჯვებისთვის იეჰოვას სამადლობელი სიმღერა მიუძღვნეს: „ციდან ვარსკვლავები . . . ებრძოდნენ სისერას . . . იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, შენი მოყვარულები კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ“ (მსაჯ. 5:19—21, 31). არმაგედონშიც ასე მოხდება: იეჰოვას მტრები დაიხოცებიან, მისი მსახურები კი გადარჩებიან. თუმცა ეს ორი ბრძოლა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. არმაგედონში ღვთის ხალხი არამცთუ იბრძოლებს, შეიარაღებულიც კი არ იქნება. მათი „ძლევამოსილება მშვიდად ყოფნასა“ და იეჰოვასა და მის ზეციერ ლაშქარზე „მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15; გამოცხ. 19:11—15). w19.09 9 ¶4, 5
კვირა, 14 მარტი
მოდით ჩემთან (მათ. 11:28).
იესოსთან „მივდივართ“, როცა მისი სწავლებებისა და საქმეების შესახებ მეტ ცოდნას ვიღებთ (ლუკ. 1:1—4). ამიტომ თითოეულმა უნდა გამოვიკვლიოთ ის ბიბლიური მონაკვეთები, რომლებიც ქრისტეს შესახებ მოგვითხრობს. იესოსთან მაშინაც „მივდივართ“, როცა ვინათლებით და მისი მოწაფეები ვხდებით. ქრისტესთან „მისასვლელი“ კიდევ ერთი გზა უხუცესებისთვის დახმარების თხოვნაა. ისინი არიან „ძღვენი ადამიანთა სახით“, რომელსაც იესომ თავის ცხვარზე ზრუნვა მიანდო (ეფეს. 4:7, 8, 11; იოან. 21:16; 1 პეტ. 5:1—3). ჩვენ თავად უნდა ავიღოთ ინიციატივა და დახმარებისთვის უხუცესებს მივმართოთ. არ უნდა მოველოდეთ, რომ ისინი უთქმელადაც მიხვდებიან, რა გვაწუხებს ან რა გვჭირდება. ერთი ძმა, სახელად ჯულიანი, ამბობს: „ვითხოვე დახმარება. ის სამწყემსო მონახულება განსაკუთრებული იყო ჩემთვის“. ასეთი ერთგული უხუცესები გვეხმარებიან, რომ შევიცნოთ „ქრისტეს გონება“, ანუ ისეთივე დამოკიდებულება და აზროვნება განვივითაროთ, როგორიც იესოს ჰქონდა (1 კორ. 2:16; 1 პეტ. 2:21). რა შეიძლება გააკეთონ მათ ჩვენთვის ამაზე უკეთესი?! w19.09 21 ¶4, 5
ორშაბათი, 15 მარტი
მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა (იოან. 10:16).
ბიბლია არაერთი ღვთის მსახურის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ღმერთი წმინდა სულით ხელმძღვანელობდა, თუმცა ისინი არ მიეკუთვნებიან 144 000-ს. ამის მაგალითები არიან იოანე ნათლისმცემელი და მეფე დავითი (მათ. 11:11; საქ. 2:34). ისინი იმ უთვალავ მკვდრეთით აღდგენილს შორის იქნებიან, რომლებიც დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. ყველას, მათ შორის უამრავ ხალხს, შესაძლებლობა მიეცემა, უერთგულოს იეჰოვას და მხარი დაუჭიროს მის უზენაესობას. ისტორიას არ ახსოვს, რომ იეჰოვას „ყველა ერიდან“ მილიონობით ადამიანი გაეერთიანებინოს. დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს თუ ზეცაში, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეუერთდეს უამრავ ხალხს, რომელიც „სხვა ცხვარს“ მიეკუთვნება. მალე იეჰოვა ნაწინასწარმეტყველები დიდი გასაჭირის დროს გაანადგურებს მთავრობებსა და რელიგიებს, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს კაცობრიობას. უამრავ ხალხს შესაძლებლობა ექნება, მარადიულად ემსახუროს იეჰოვას დედამიწაზე, რაც ნამდვილად დიდი პატივია! (გამოცხ. 7:14). w19.09 31 ¶18, 19
სამშაბათი, 16 მარტი
ბოლო დღეებში გამოჩნდებიან დამცინავები მათთვის ჩვეული დაცინვით (2 პეტ. 3:3).
რაც მეტად უახლოვდება სატანის ქვეყნიერება თავის აღსასრულს, მით მეტად მოველით, რომ ღვთისა და მისი სამეფოსადმი ჩვენი ერთგულება განსაკუთრებული სახით გამოიცდება. როგორც ჩანს, იეჰოვას ხალხი მაშინაც იქნება დაცინვის ობიექტი იმის გამო, რომ ნეიტრალურ პოზიციას ვინარჩუნებთ და არაფერში ვუბამთ მხარს სატანის ქვეყნიერებას. ამიტომ დღესვე უნდა განვივითაროთ ერთგულება, რომ დიდი გასაჭირის დროსაც შევძლოთ ამ თვისების გამოვლენა. დიდი გასაჭირის რაღაც ეტაპზე დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები ზეცაში შეიკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ არმაგედონის ომში (მათ. 24:31; გამოცხ. 2:26, 27). ეს ნიშნავს, რომ ხელმძღვანელობის საკითხში გარკვეული ცვლილება მოხდება. მართალია, ხელმძღვანელი საბჭოს წევრები დედამიწაზე აღარ იქნებიან, მაგრამ უამრავი ხალხი მითითებების გარეშე არ დარჩება. მათ ხელმძღვანელობას მიწიერი იმედის მქონე გამოცდილი ძმები გაუწევენ. იეჰოვასადმი ერთგულებას გამოვავლენთ, თუ მხარს დავუჭერთ ამ ძმებს და გავაცნობიერებთ, რომ მათი ხელმძღვანელობა ღვთისგან მომდინარეობს. ჩვენი გადარჩენა სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული! w19.10 17 ¶13, 14
ოთხშაბათი, 17 მარტი
სადაც შენ წახვალ, მეც იქ წამოვალ . . . სადაც შენ მოკვდები, მეც იქ მოვკვდები (რუთ. 1:16, 17).
ნაომის უყვარდა იეჰოვა და ერთგულად ემსახურებოდა მას. თუმცა ქმრისა და ორი ვაჟის დაკარგვის შემდეგ მას სურდა, რომ მისთვის „ნაომის“ ნაცვლად „მარა“ დაეძახებინათ, რაც მწარეს ნიშნავს (რუთ. 1:3, 5, 20, სქ., 21). რუთი გვერდიდან არ მოშორებია დედამთილს უბედურების ჟამს. ის არა მხოლოდ მის საჭიროებებზე ზრუნავდა, არამედ სიტყვითაც ანუგეშებდა. რუთი თავის სიყვარულსა და მხარდაჭერას უბრალო და გულითადი სიტყვებით გამოხატავდა. როცა ჩვენი სულიერი ოჯახის წევრს მეუღლე უკვდება, ის ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს. დაქორწინებული წყვილი შეიძლება გვერდიგვერდ გაზრდილ ხეებს შევადაროთ. წლების შემდეგ ამ ხეების ფესვები ისეა ერთმანეთში შეზრდილი, რომ, როცა ერთს ძირფესვიანად გლეჯენ, მეორეს დიდი ზიანი ადგება. მსგავსად, როცა ვინმეს ვერაგი მტერი, სიკვდილი, მეუღლეს აცლის ხელიდან, მგლოვიარე ადამიანი დიდი ხნის მანძილზე ემოციურ ტკივილს განიცდის. w19.06 23 ¶12, 13
ხუთშაბათი, 18 მარტი
თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას (იაკ. 1:14).
ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა ვაკონტროლოთ, თუ როგორ გართობას ვირჩევთ, არამედ ისიც, თუ რამდენ დროს ვუთმობთ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მსახურებაზე მეტი დრო გართობას დავუთმოთ. უპირველესად, დააკვირდით, რამდენ დროს უთმობთ გართობას. კარგი იქნება, თუ ერთი კვირის მანძილზე ჩანაწერებს აწარმოებთ. ჩამოწერეთ, რამდენ დროს უთმობთ ტელევიზორს, ინტერნეტს და მობილურ მოწყობილობებში ვიდეოთამაშებს. თუ აღმოაჩენთ, რომ საჭიროზე მეტი დრო გეკარებათ ამ ყველაფერში, შეეცადეთ, გარკვეული განრიგი შეადგინოთ. თავდაპირველად მნიშვნელოვანი საქმეები დაგეგმეთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ დრო გართობასაც დაუთმოთ. სთხოვეთ იეჰოვას, განრიგის მიყოლაში დაგეხმაროთ. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გექნებათ დრო და ენერგია ისეთი მნიშვნელოვანი საქმეებისთვის, როგორიცაა: პირადი შესწავლა, ოჯახური თაყვანისცემა, კრების შეხვედრები და მსახურება. ამასთანავე, გართობის დროსაც აღარ შეგაწუხებთ სინდისი, რადგან იეჰოვას საქმე პირველ ადგილზე დააყენეთ. w19.10 30 ¶14, 16; 31 ¶17
პარასკევი, 19 მარტი
კარგის კეთების სურვილი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ (რომ. 7:18).
დაახლოებით ახ. წ. 55 წელს კორინთელებმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. როცა გაიგეს, რომ იერუსალიმსა და იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს დახმარება სჭირდებოდათ, კრებებმა ფულის შეგროვება დაიწყეს, რომ გასაჭირში მყოფ და-ძმებს დახმარებოდნენ (1 კორ. 16:1; 2 კორ. 8:6). რამდენიმე თვის შემდეგ მოციქულმა პავლემ შეიტყო, რომ კორინთელებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ შეგროვებული შესაწირავი, რომლის გაღების სურვილიც თავად გამოთქვეს. ამიტომ მათ შეიძლებოდა ვერ მოესწროთ ძღვნის გამზადება, რომელიც სხვა კრებების მიერ გაღებულ შესაწირავთან ერთად იერუსალიმში უნდა გაგზავნილიყო (2 კორ. 9:4, 5). კორინთელების გადაწყვეტილებიდან გამოჩნდა, რომ ძლიერი რწმენა ჰქონდათ და მზად იყვნენ, ხელგაშლილობა გამოეჩინათ. პავლემ შეაქო ისინი, თუმცა წაახალისა, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ (2 კორ. 8:7, 10, 11). მათი მაგალითიდან ვხედავთ, რომ ერთგულ ქრისტიანებსაც კი შეიძლება გაუჭირდეთ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედება. არასრულყოფილების გამო საქმის გადადებისკენ ვართ მიდრეკილები. მიზნის მიღწევაში შეიძლება გაუთვალისწინებელმა ფაქტორებმაც შეგვიშალოს ხელი (ეკლ. 9:11). w19.11 26, 27 ¶3—5
შაბათი, 20 მარტი
აიღეთ რწმენის დიდი ფარი (ეფეს. 6:16).
დიდი ფარი მეომარს თითქმის მთლიანად ფარავდა და მთელ მის სხეულს იცავდა. ასევეა რწმენაც. ის ქვეყნიერების გამხრწნელი გავლენისგან გვიცავს, რომელიც უზნეობისკენ, ძალადობისა და ღვთისთვის მიუღებელი სხვა საქმეებისკენ გვიბიძგებს. ქრისტიანები სულიერ ბრძოლაში ვართ ჩაბმულნი და სხვა ყველაფერთან ერთად ბოროტი სულების წინააღმდეგაც ვიბრძვით (ეფეს. 6:10—12). როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, ხართ თუ არა მზად რწმენის გამოცდებისთვის? თავდაპირველად ილოცეთ და ღმერთს დახმარება სთხოვეთ. შემდეგ კი შეეცადეთ, რომ ღვთის სიტყვის მეშვეობით საკუთარ თავს იეჰოვას თვალით შეხედოთ (ებრ. 4:12). ბიბლიაში ნათქვამია: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავ. 3:5, 6). დაფიქრდით: მეტყველებს ბოლო დროს მიღებული თქვენი გადაწყვეტილებები, რომ ითვალისწინებთ ამ სიტყვებს? მაგალითად, თუ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, გაგახსენდათ ებრაელების 13:5-ში ჩაწერილი დაპირება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“? დაგარწმუნათ ამ სიტყვებმა, რომ იეჰოვა დაგეხმარებოდათ? თუ ასეა, გამოდის, რომ რწმენის ფარს კარგ მდგომარეობაში ინარჩუნებთ. w19.11 14 ¶1, 4
კვირა, 21 მარტი
შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმ. 127:3).
ბავშვზე ზრუნვა ორივე მშობლისგან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუ ცოლ-ქმარს რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი ეყოლება, შეიძლება გაუჭირდეს მათთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. ზოგიერთი მშობელი, რომელსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, ამბობს, რომ ძალაგამოცლილია. ზოგჯერ დედები ფიზიკურად ძალიან იღლებიან და თავს ემოციურად გამოფიტულად გრძნობენ. მათ შეიძლება ძალა აღარ შერჩეთ იმისთვის, რომ ილოცონ, ბიბლიური საკითხები გამოიკვლიონ ან რეგულარულად იქადაგონ. გარდა ამისა, შეიძლება გაუჭირდეთ კრების შეხვედრებზე ყურადღებით მოსმენა და რაიმეს სწავლა. რა თქმა უნდა, მოსიყვარულე ქმარი ყველაფერს გააკეთებს, რომ კრებასა თუ სახლში ბავშვებს ყურადღება მიაქციოს და ცოლს სახლის საქმეებში მიეხმაროს. ქრისტიანი ოჯახისთავი ცდილობს, ისე შეადგინოს ოჯახური თაყვანისცემის პროგრამა, რომ ოჯახის თითოეული წევრისთვის სასარგებლო იყოს. ამ ყველაფერთან ერთად, ის დროს გამოყოფს, რომ ოჯახთან ერთად რეგულარულად იქადაგოს. w19.12 24 ¶8
ორშაბათი, 22 მარტი
50-ე წელი სადღესასწაულო წელი იქნება (ლევ. 25:11).
რა სიკეთე მოჰქონდა ისრაელებისთვის საიუბილეო წელიწადს? მაგალითად, თუ რომელიმე ებრაელს ვალის გამო მიწის გაყიდვა მოუწევდა, საიუბილეო წელს გაყიდული მიწა ისევ მას უბრუნდებოდა. ასე რომ, შეეძლო დაბრუნებული სამკვიდრო შთამომავლებისთვის გადაეცა. ან შეიძლებოდა დიდ ვალებში ჩაფლული ისრაელი იძულებული გამხდარიყო, რომ ვალის დასაფარად საკუთარი თავი ან რომელიმე შვილი მონად გაეყიდა. თუმცა საიუბილეო წელიწადს მონა თავის ოჯახში უნდა დაებრუნებინათ (ლევ. 25:10). ამგვარად, ისრაელში სამუდამო მონობა არავის ემუქრებოდა. გარდა ამისა, იეჰოვამ თქვა: „არ უნდა იყოს ღარიბი თქვენ შორის, რადგან იეჰოვა გაკურთხებთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას“ (კან. 15:4). რა სამწუხაროა, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ — მდიდრები უფრო მდიდრდებიან, ღარიბები კი ღატაკდებიან. w19.12 8, 9 ¶3, 4
სამშაბათი, 23 მარტი
შვილო, ბრძნულად მოიქეცი და გული გამიხარე (იგავ. 27:11).
განსაცდელების პირისპირ მყოფი იესო „ღაღადითა და ცრემლებით“ აღავლენდა ლოცვას იეჰოვას წინაშე (ებრ. 5:7). გულმხურვალე ლოცვები იესოს ერთგულებაზე მეტყველებდა და უფრო მეტად უძლიერებდა ღვთისადმი მორჩილების სურვილს. იეჰოვასთვის მისი ლოცვები ტკბილსურნელოვანი საკმეველივით იყო. დედამიწაზე იესომ იეჰოვას მოსაწონად იცხოვრა და მისი უზენაესობა გაამართლა. იესოს ვბაძავთ, როცა ყველანაირად ვცდილობთ, უმწიკვლოდ ვიცხოვროთ და იეჰოვას კანონებს ვუერთგულოთ. განსაცდელების პირისპირ გულმხურვალე ლოცვაში ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, რათა მის მოსაწონად მოვიქცეთ. გვესმის, რომ იეჰოვასთვის მიუღებელი იქნება ჩვენი ლოცვები, თუ მისთვის საძულველ საქმეებს ჩავიდენთ. მაგრამ, თუ ღვთის ნორმების თანახმად ვიცხოვრებთ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ჩვენი გულწრფელი ლოცვები მისთვის ტკბილსურნელოვანი საკმეველივით იქნება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენი უმწიკვლობა და ერთგულება გულს უხარებს ზეციერ მამას. w19.11 21, 22 ¶7, 8
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 9 ნისანი) (ლუკა 19:29—44)
ოთხშაბათი, 24 მარტი
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა (მათ. 24:45).
იესომ 1919 წელს სულითცხებული ქრისტიანი ძმებისგან შემდგარი ჯგუფი „ერთგულ და გონიერ მონად“ დანიშნა. ისინი ხელმძღვანელობას უწევენ სამქადაგებლო საქმეს და ქრისტეს მიმდევრებს დროულ სულიერ საზრდოს აწვდიან. სატანა და მისი ქვეყნიერება ყველანაირად ცდილობენ, „ერთგული და გონიერი მონის“ საქმიანობას ხელი შეუშალონ. ადამიანური გადასახედიდან ზოგჯერ ისინი გადაულახავ დაბრკოლებებს უქმნიან მათ. მსოფლიო ომების, დაუნდობელი დევნის, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა თუ უსამართლო მოპყრობის მიუხედავად „ერთგულ და გონიერ მონას“ არ შეუწყვეტია ქრისტეს მიმდევრებისთვის სულიერი საზრდოს მიწოდება. დაფიქრდით იმ უხვ და მრავალფეროვან სულიერ საზრდოზე, რომელიც 900-ზე მეტ ენაზე უფასოდ არის ხელმისაწვდომი. ეს ღვთიური მხარდაჭერის უტყუარი მტკიცებულებაა! ღვთის მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური სამქადაგებლო საქმიანობაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სასიხარულო ცნობა „მთელ მსოფლიოში“ არის ნაქადაგები (მათ. 24:14). w19.11 24 ¶15, 16
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 10 ნისანი) (ლუკა 19:45—48; მათე 21:18, 19; 21:12, 13)
ხუთშაბათი, 25 მარტი
[ქრისტე] შესმენილ იქნა ღვთისმოშიშების გამო (ებრ. 5:7).
ყოველწლიური გამოსყიდვის დღეს ცოდვის შესაწირავისთვის განკუთვნილი სისხლის წარდგენამდე მღვდელმთავარს საკმეველი უნდა ეკმია. ეს იმის დასტური იქნებოდა, რომ იეჰოვა მოიწონებდა გაღებულ შესაწირავს. როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი იესოს დედამიწაზე ცხოვრების პერიოდს? სანამ კაცობრიობისთვის მსხვერპლად საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა, მას უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა გაეკეთებინა. იესოს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულება და უმწიკვლობა უნდა შეენარჩუნებინა, რათა მისი მსხვერპლი იეჰოვასთვის მისაღები ყოფილიყო. ამგვარად, იესო დაამტკიცებდა, რომ იეჰოვას ნებისამებრ მოქმედება ერთადერთი სწორი არჩევანი იყო. გარდა ამისა, ის გაამართლებდა იეჰოვას უზენაესობას და დაამტკიცებდა, რომ მისი მმართველობა სამართლიანია. დედამიწაზე ცხოვრების დროს იესო სრულყოფილად ემორჩილებოდა იეჰოვას. ვერც საცდურმა თუ განსაცდელმა ვერ გაუნელა მას სურვილი, რომ იეჰოვას მმართველობისთვის დაეჭირა მხარი (ფილ. 2:8). w19.11 21 ¶6, 7
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 11 ნისანი) (ლუკა 20:1—47)
პარასკევი, 26 მარტი
თქვენ განსაცდელში გვერდიდან არ მომცილებიხართ (ლუკ. 22:28).
დედამიწაზე მსახურების პერიოდში ერთგულმა მოციქულებმა იესოს არაერთხელ დაუმტკიცეს, რომ ნამდვილი მეგობრები იყვნენ (იგავ. 18:24). იესო ძალიან აფასებდა თავის მეგობრებს. დედამიწაზე ყოფნის დროს მისი ძმებიდან არცერთმა არ ირწმუნა ის (იოან. 7:3—5). ერთხელ მისმა ნათესავებმა ისიც კი დაასკვნეს, რომ იესო „ჭკუაზე შეიშალა“ (მარ. 3:21). როგორ განსხვავდებოდნენ ისინი მოციქულებისგან, რომლებიც იესოს ნამდვილი მეგობრები იყვნენ. სიკვდილის წინა ღამეს მან თავის მოციქულებს დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა. დროდადრო მოციქულები იმედს უცრუებდნენ იესოს, თუმცა შეცდომების მიღმა ის ძლიერ რწმენას ხედავდა მათში (მათ. 26:40; მარ. 10:13, 14; იოან. 6:66—69). სიცოცხლის უკანასკნელ ღამეს იესომ ამ ერთგულ მამაკაცებს უთხრა: „მეგობრები გიწოდეთ, რადგან, რაც მამაჩემისგან მომისმენია, ყველაფერი გამცნეთ“ (იოან. 15:15). ეჭვგარეშეა, მას ძალიან ამხნევებდნენ მეგობრები. w19.04 11 ¶11, 12
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 12 ნისანი) (ლუკა 22:1—6; მარკოზი 14:1, 2, 10, 11)
გახსენების საღამო
მზის ჩასვლის შემდეგ
შაბათი, 27 მარტი
თავად ეს სული უმოწმებს ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ (რომ. 8:16).
როგორ იგებს ქრისტიანი, რომ ზეციური მოწოდება აქვს? ამ კითხვაზე პასუხი მოციქული პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომლებიც რომში „წმინდებად მოწოდებულებს“ დღევანდელ მუხლში ჩაწერილ სიტყვებთან ერთად მისწერა: «თქვენ კვლავ შიშის მომგვრელი მონობის სული კი არ მიგიღიათ, არამედ შვილების სული მიიღეთ, რომელი სულითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამა!“» (რომ. 1:7; 8:15). წმინდა სულის მეშვეობით ღმერთი ნათლად აჩვენებს ცხებულებს, რომ ზეციური მოწოდება აქვთ (1 თეს. 2:12). იეჰოვა ბოლომდე არწმუნებს ცხებულებს, რომ ისინი ზეციური ცხოვრებისთვის არიან მოწოდებულები (1 იოან. 2:20, 27). ცხებულ ქრისტიანებს არავისგან სჭირდებათ იმის დასტური, რომ ცხებულები არიან. w20.01 22 ¶7, 8
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 13 ნისანი) (ლუკა 22:7—13; მარკოზი 14:12—16) (მზის ჩასვლის შემდეგ მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (ლუკა 22:14—65)
კვირა, 28 მარტი
იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, როცა ვინმე თავს სწირავს მეგობრებისთვის (იოან. 15:13).
ქრისტეს კანონი საუკეთესო საძირკველზე, სიყვარულზეა დაფუძნებული (გალ. 6:2). იესოს ყველა საქმე სიყვარულით იყო ნაკარნახევი. მას უყვარდა ადამიანები, ამიტომ სიბრალულსა და თანაგრძნობას ავლენდა მათ მიმართ. ის ასწავლიდა ხალხს, კურნავდა ავადმყოფებს, აპურებდა მშივრებს და აღადგენდა მკვდრებს (მათ. 14:14; 15:32—38; მარ. 6:34; ლუკ. 7:11—15). იესო მზად იყო, სხვების საჭიროებები საკუთარზე წინ დაეყენებინა. რაც მთავარია, მან უდიდესი სიყვარული გამოავლინა, როცა სხვების საკეთილდღეოდ საკუთარ სიცოცხლეზე თქვა უარი. იესოს ვბაძავთ, როდესაც სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ ვაყენებთ და ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მიმართ უფრო თანამგრძნობები ვხდებით. როცა სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სწავლებისკენ ასეთი თანაგრძნობა გვიბიძგებს, ქრისტეს კანონს ვემორჩილებით. w19.05 4 ¶8—10
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 14 ნისანი) (ლუკა 22:66—71)
ორშაბათი, 29 მარტი
[იეჰოვამ] გამომგზავნა ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად . . . ჩაგრულთა გასათავისუფლებლად (ლუკ. 4:18)
იესომ ხალხს მხრებიდან ცრუ სწავლებების მძიმე ტვირთი ჩამოხსნა, რომელიც მათ რელიგიურმა წინამძღოლებმა აჰკიდეს. იმ პერიოდში ბევრი იუდეველი ტრადიციებისა და ცრუ სწავლებების მონობაში იყო (მათ. 5:31—37; 15:1—11). რელიგიური წინამძღოლები კი, რომლებიც წესით ხალხს ღვთის თაყვანისმცემლობაში უნდა დახმარებოდნენ, სულიერად ბრმები იყვნენ. სამწუხაროდ, მათ ცოდვასა და სიბნელეში დარჩენა ამჯობინეს, რადგან მესიაც უარყვეს და მისგან მომდინარე სულიერი სინათლეც (იოან. 9:1, 14—16, 35—41). იესომ თავისი სწავლებებითა და კარგი მაგალითით თავმდაბალი ადამიანები სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა (მარ. 1:22; 2:23—3:5). გარდა ამისა იესომ კაცობრიობა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის მონობისგანაც დაიხსნა. იესოს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთს შეუძლია აპატიოს დანაშაული მათ, ვინც გამოსასყიდისადმი რწმენას საქმეებით ავლენს (ებრ. 10:12—18). w19.12 10 ¶8; 11 ¶10, 11
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 15 ნისანი) (მათე 27:62—66)
სამშაბათი, 30 მარტი
თქვენც . . . ირწმუნეთ ქრისტე და მისი მეშვეობით დაგესვათ ბეჭედი დაპირებული წმინდა სულით; ეს სული ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია (ეფეს. 1:13, 14)
იეჰოვა თავისი წმინდა სულით ნათლად აჩვენებს მათ, ვისაც სცხებს, რომ ისინი აირჩია. ასეთი სახით წმინდა სული, ასე ვთქვათ, გარანტიას აძლევს მათ, რომ მომავალში მარადიულად იცხოვრებენ ზეცაში და არა დედამიწაზე (2 კორ. 1:21, 22). თუ ქრისტიანი სულითცხებულია, ნიშნავს ეს იმას, რომ აუცილებლად მიიღებს ზეციურ ჯილდოს? არა. მართალია, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ღმერთმა ზეციური ცხოვრებისთვის აირჩია, მაგრამ ყოველთვის უნდა ახსოვდეს შემდეგი გაფრთხილება: „ძმებო, უფრო მეტად ეცადეთ, რომ განმტკიცდეთ თქვენს მოწოდებასა და რჩეულობაში, ვინაიდან, თუ ასე მოიქცევით, არასოდეს დაეცემით“ (2 პეტ. 1:10). ამგვარად, ის, ვისაც ზეციური მოწოდება აქვს, ჯილდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ბოლომდე ერთგული დარჩება (ფილ. 3:12—14; ებრ. 3:1; გამოცხ. 2:10). w20.01 21, 22 ¶5, 6
ბიბლიის კითხვა გახსენების საღამოსთვის: (დღისით მომხდარი მოვლენები: 16 ნისანი) (ლუკა 24:1—12)
ოთხშაბათი, 31 მარტი
დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი — მკურნალივით (იგავ. 12:18).
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც იობს სამი ვაი-მეგობრისგან კრიტიკის ატანაც მოუწია არის ის, რომ ისინი მხოლოდ ზედაპირულად აფასებდნენ სიტუაციას. შედეგად, მათ არასწორი დასკვნა გააკეთეს და იობი უმოწყალოდ გააკრიტიკეს. როგორ შეგვიძლია ავირიდოთ თავიდან მსგავსი შეცდომა? უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანის მდგომარეობის შესახებ ყველა ფაქტი მხოლოდ იეჰოვამ იცის. ყურადღებით მოუსმინეთ, როცა დამწუხრებული ადამიანი თავის გრძნობებს გიზიარებთ, შეეცადეთ, რომ სიტყვების მიღმა მისი ტკივილი დაინახოთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ და-ძმების მიმართ ნამდვილი თანაგრძნობის გამოვლენას. თანაგრძნობა დაგვეხმარება, რომ ჭორები არ გავავრცელოთ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანის შესახებ. ჭორიკანა ადამიანი კრებას არ აღაშენებს, პირიქით, ყოფს მას (იგავ. 20:19; რომ. 14:19). მისმა სიტყვებმა შეიძლება დიდი ტკივილი მიაყენოს ისედაც გატანჯულ ადამიანს (ეფეს. 4:31, 32). ბევრად უკეთესი იქნება, თუ ამ ადამიანის კარგ თვისებებზე გავამახვილებთ ყურადღებას და ვიფიქრებთ, რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას. w19.06 21, 22 ¶8, 9