აპრილი
ხუთშაბათი, 1 აპრილი
ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები (იგავ. 17:17).
არისტარქემ, რომელიც თესალონიკედან, მაკედონიის პროვინციიდან იყო, არაერთხელ დაუმტკიცა მოციქულ პავლეს ერთგულება. არისტარქე პირველად ბიბლიის იმ მონაკვეთში მოიხსენიება, როცა პავლე მესამე მისიონერული მოგზაურობის დროს ეფესოში ჩავიდა. პავლესთან ერთად ყოფნის დროს იგი ხალხმა შეიპყრო და დააპატიმრა (საქ. 19:29). არისტარქე გათავისუფლების შემდეგაც არ მოსცილებია გვერდიდან თავის მეგობარს, მიუხედავად იმისა, რომ ამით საფრთხეში იგდებდა სიცოცხლეს. რამდენიმე თვის შემდეგ ის კვლავ გვერდში დაუდგა საბერძნეთში მყოფ პავლეს, რომელსაც მტრები მოსაკლავად დაეძებდნენ (საქ. 20:2—4). დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, როცა დაპატიმრებული პავლე რომში გაგზავნეს, ხანგრძლივი მგზავრობის დროს არისტარქე თან ახლდა მოციქულს და მასთან ერთად გადაიტანა გემის მსხვრევა (საქ. 27:1, 2, 41). როგორც ჩანს, რომში ჩასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდის მანძილზე პავლესთან ერთად ისიც დაპატიმრებული იყო (კოლ. 4:10). ეჭვგარეშეა, მოციქულს ძალიან გაამხნევებდა და ანუგეშებდა, რომ ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდა! არისტარქეს მსგავსად, ჩვენც ერთგული მეგობარი ვიქნებით, თუ და-ძმებს გვერდში დავუდგებით არა მხოლოდ ლხინში, არამედ ჭირშიც. w20.01 9 ¶4, 5
პარასკევი, 2 აპრილი
ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში (გამოცხ. 20:6).
შეიძლება ცხებული ქრისტიანი ასეთი პატივისთვის თავს უღირსად მიიჩნევდეს. მაგრამ მას ერთი წუთითაც არ ეპარება ეჭვი, რომ იეჰოვამ აირჩია. მას გული სიხარულითა და მადლიერებით ევსება, როცა ზეციურ იმედზე ფიქრობს (1 პეტ. 1:3, 4). ზემოთქმულიდან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ცხებულ ქრისტიანებს ერთი სული აქვთ, როდის დაასრულებენ მიწიერ ცხოვრებას? ამ კითხვაზე პავლე მოციქული გვცემს პასუხს. მან ადამიანის სხეული კარავს შეადარა და თქვა: „ამ კარავში დამძიმებულნი ვართ და ვოხრავთ, არა იმიტომ, რომ მისი მოშორება გვინდა, არამედ გვინდა სხვით შევიმოსოთ, რათა მოკვდავი სიცოცხლემ შთანთქოს“ (2 კორ. 5:4). ცხებულ ქრისტიანებს ცხოვრების ხალისი არ დაუკარგავთ და ამიტომ არ ფიქრობენ, რომ, რაც შეიძლება მალე დაასრულონ მიწიერი სიცოცხლე. პირიქით, ისინი თითოეული დღით ტკბებიან და ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას. თუმცა, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, მათ ყოველთვის ახსოვთ დიდებული მომავლის იმედი (1 კორ. 15:53; 2 პეტ. 1:4; 1 იოან. 3:2, 3). w20.01 23 ¶12, 13
შაბათი, 3 აპრილი
იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს (ებრ. 12:6).
ჩვენ სასწავლებლად მოსიყვარულე მამას დროდადრო აღმზრდელობითი ზომების გატარება უწევს. ის სხვადასხვა საშუალებას იყენებს ჩვენ შესაგონებლად. მაგალითად, თავისი სიტყვისა და კრების შეხვედრების მეშვეობით გვანახვებს, რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება აზროვნებასა თუ საქციელში. ზოგჯერ იეჰოვა ჩვენ დასახმარებლად უხუცესებსაც იყენებს. არა აქვს მნიშვნელობა, რა აღმზრდელობით ზომას მიმართავს იეჰოვა, ის ყოველთვის სიყვარულით არის ნაკარნახევი (იერ. 30:11). იეჰოვა მხარში გვიდგას განსაცდელების დროს. მოსიყვარულე მამის მსგავსად, რომელიც ზრუნავს გასაჭირში მყოფ შვილებზე, ზეციერი მამაც გვეხმარება, ავიტანოთ განსაცდელები. ის წმინდა სულის მეშვეობით გვიცავს სულიერი ზიანისგან (ლუკ. 11:13). იეჰოვა გულგატეხილობის დროსაც გვანუგეშებს. მაგალითად, ის მომავლის დიდებულ იმედს გვაძლევს, რაც სირთულეებთან გამკლავებაში გვეხმარება. გახსოვდეთ, რა განსაცდელსაც არ უნდა შევხვდეთ, იეჰოვა ყველანაირ ტკივილს გაგვიქარვებს. ნებისმიერი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს, დროებითია, იეჰოვასგან მომდინარე კურთხევებს კი ბოლო არ ექნება (2 კორ. 4:16—18). w20.02 5 ¶14, 15
კვირა, 4 აპრილი
ჩვენი გულისთქმები შურით საზრდოობს (იაკ. 4:5).
ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე და შურს ჩვენს გულში გაღვივების საშუალება არ მივცეთ! დავფიქრდეთ იოსების ძმების მაგალითზე. არაერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ძმები იოსებს ვერაგულად მოექცნენ. სანამ ეგვიპტეში ჩასულ ძმებს თავის ვინაობას გაუმჟღავნებდა, იოსებმა გამოსცადა ისინი, რათა გაეგო, შეიცვალნენ თუ არა. თავისი ძმების საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე იოსები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა უმცროსი ძმის მიმართ (დაბ. 43:33, 34). თუმცა ამის გამო ძმებს არ შეშურებიათ ბენიამინის, პირიქით, მზრუნველობა გამოავლინეს თავიანთი ძმისა და მამამისის, იაკობის მიმართ (დაბ. 44:30—34). ნათელი გახდა, რომ მათ შური მეტად აღარ ამოძრავებდათ. სწორედ ამიტომ შეძლეს იოსების ძმებმა, მშვიდობა აღედგინათ ოჯახში (დაბ. 45:4, 15). იეჰოვას სურს, რომ შურს არ მივცეთ ჩვენში ფესვის გადგმის საშუალება და მშვიდობისკენ ვისწრაფოთ. თუ გულში შურის ნატამალსაც არ დავიტოვებთ, ოჯახსა და კრებაში მშვიდობას შევუწყობთ ხელს. w20.02 19 ¶17, 18
ორშაბათი, 5 აპრილი
მიყვარს იეჰოვა, რადგან ისმენს იგი ჩემს ხმას, როცა შველას ვთხოვ (ფსალმ. 116:1).
ლოცვა ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ იეჰოვას სიყვარულისთვის. ზეციერ მამას უფრო მეტად შეიყვარებთ, თუ მას საწუხარს გაანდობთ და მადლობას გადაუხდით ყველაფრისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს. როცა დაინახავთ, როგორ გპასუხობთ იეჰოვა ლოცვებზე, მას უფრო დაუახლოვდებით და დარწმუნდებით, რომ მას ესმის თქვენი. თუმცა იეჰოვასთან დასაახლოებლად მნიშვნელოვანია, ჩასწვდეთ მის აზროვნებას და იცოდეთ, რას მოელის ის თქვენგან. ამის გაგება მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიტყვის, ბიბლიის შესწავლით არის შესაძლებელი. ასე რომ, დააფასეთ ის. ბიბლია ერთადერთი წიგნია, რომელიც იეჰოვასა და მისი განზრახვის შესახებ გვიმჟღავნებს. თუ ყოველდღე წაიკითხავთ ღვთის სიტყვას, საფუძვლიანად მოემზადებით შესწავლისთვის და ნასწავლს ცხოვრებაში გამოიყენებთ, ცხადყოფთ, რომ აფასებთ ღვთისგან ბოძებულ ამ საჩუქარს (ფსალმ. 119:97, 99; იოან. 17:17). გაქვთ ბიბლიის კითხვის გეგმა? მიჰყვებით ამ გეგმას და ყოველდღე კითხულობთ ღვთის სიტყვას? w20.03 5 ¶8, 9
სამშაბათი, 6 აპრილი
დაიწყო მან მსჯელობა . . . [მათთან], ვისაც მოედანზე ხვდებოდა (საქ. 17:17).
თუ ბევრი სიარული გიჭირთ, შეგიძლიათ ისეთი ადგილები შეარჩიოთ, სადაც დაჯდომას და გამვლელებთან ქადაგებას შეძლებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ იქადაგოთ არაფორმალურად, წერილებით ან ტელეფონით. ის მაუწყებლები, რომლებიც შეზღუდული მდგომარეობის გამო კარდაკარ ვერ მსახურობენ, სხვა სახის მსახურებაში პოულობენ დიდ სიხარულს. შეზღუდული მდგომარეობის მიუხედავად, თქვენ შეგიძლიათ ყოველმხრივ შეასრულოთ მსახურება. პავლემ თქვა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13). პავლეს გაძლიერება დასჭირდა, როცა ერთ-ერთი მისიონერული მოგზაურობის დროს ავად გახდა. მან გალატელებს მისწერა: „პირველად სასიხარულო ცნობა ჩემი ხორცის ავადმყოფობით გაუწყეთ“ (გალ. 4:13). მსგავსად ამისა, ჯანმრთელობის პრობლემებმა შეიძლება საშუალება მოგცეთ, სასიხარულო ცნობა გაუზიაროთ ექიმებს, ექთნებს ან მომვლელებს, რომლებიც ძირითადად სამსახურში არიან და კარდაკარ ძნელია მათი პოვნა. w19.04 4, 5 ¶10, 11
ოთხშაბათი, 7 აპრილი
ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება (2 ტიმ. 3:12).
2018 წლის მონაცემებით იმ ქვეყნებში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული იყო, 223 000-ზე მეტი მაუწყებელი მსახურობდა. მთავრობების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვიკვირს. ჭეშმარიტი ქრისტიანები მოელიან, რომ დევნის ობიექტები გახდებიან. არა აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ, ხელისუფლებამ შეიძლება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უეცრად აკრძალოს ჩვენი საქმიანობა. თუ მთავრობა ჩვენს საქმიანობას აკრძალავს, შეიძლება არასწორად დავასკვნათ, რომ ღვთის კურთხევა აღარ გვაქვს. თუმცა გახსოვდეთ: დევნა არ ნიშნავს, რომ იეჰოვა ჩვენით უკმაყოფილოა. დავფიქრდეთ პავლე მოციქულის მაგალითზე. ცხადია, ღმერთი იწონებდა მის მსახურებას. პავლეს წილად ხვდა პატივი, ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში შემავალი 14 წერილი დაეწერა და უცხოტომელთა მოციქული გამხდარიყო. მიუხედავად ამისა, მასაც მოუწია სასტიკი დევნის ატანა (2 კორ. 11:23—27). პავლე მოციქულის შემთხვევიდან ჩანს, რომ იეჰოვამ შეიძლება დაუშვას თავისი ერთგული მსახურების დევნა. w19.07 8 ¶1, 3
ხუთშაბათი, 8 აპრილი
ვიბრძვით . . . ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ (ეფეს. 6:12).
იეჰოვა ეხმარება თავის მსახურებს, რომ წინ აღუდგნენ მტრებს, რაც მის სიყვარულსა და მზრუნველობაზე მეტყველებს. ჩვენი დაუძინებელი მტრები სატანა და დემონები არიან. იეჰოვა მათი არსებობის შესახებ გვაფრთხილებს და უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც მათთან საბრძოლველად გვჭირდება (ეფეს. 6:10—13). როცა ვიღებთ იეჰოვასგან დახმარებას და ბოლომდე ვენდობით მას, წარმატებით ვუმკლავდებით ეშმაკის თავდასხმებს. პავლე მოციქულის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „თუ ღმერთი ჩვენ მხარესაა, ვინ გამოვა ჩვენ წინააღმდეგ?“ (რომ. 8:31). ჭეშმარიტი ქრისტიანები დიდ ყურადღებას არ ვამახვილებთ სატანასა და დემონებზე. პირიქით, მთელი აქცენტი იეჰოვას გაცნობასა და მისადმი მსახურებაზე გვაქვს გადატანილი (ფსალმ. 25:5). თუმცა საჭიროა, ვიცოდეთ სატანის საბრძოლო ტაქტიკა, რათა არ გვაჯობოს (2 კორ. 2:11). w19.04 20 ¶1, 2
პარასკევი, 9 აპრილი
თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას (იაკ. 1:19).
დეპრესიაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობისას დავფიქრდეთ, ვართ თუ არა კარგი მომსმენი? კარგ მოსმენაში პასიურ მდგომარეობაზე და ჩუმად ყოფნაზე მეტი იგულისხმება. შეგვიძლია მოსმენის დროს თანავუგრძნოთ თანაქრისტიანს. დროდადრო ჩვენი გრძნობები რამდენიმე ტაქტიანი და თბილი სიტყვით შეგვიძლია გამოვხატოთ. შეგიძლიათ უთხრათ: „რა ცუდია, რომ ასეთი რამ შეგემთხვა!“. დაუსვით ერთი-ორი კითხვა იმაში დასარწმუნებლად, რომ სწორად გაიგეთ მისი ნათქვამი. მაგალითად, ჰკითხეთ: „შეგიძლია უკეთ ამიხსნა, რას გულისხმობ?“ ან „როგორც მივხვდი, შენ იმის თქმა გინდოდა, რომ . . . სწორად გაგიგე?“. ასეთი თბილი სიტყვები დაარწმუნებს მას, რომ ნამდვილად უსმენთ და ცდილობთ, გაუგოთ მას (1 კორ. 13:4, 7). თუმცა ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რომ ნელი იყოთ სიტყვაში. ნუ გააწყვეტინებთ საუბარს იმის გამო, რომ რჩევა მისცეთ ან აზროვნება შეუსწოროთ. იყავით მომთმენი! ნაცვლად იმისა, რომ გამოსავალი შევთავაზოთ, მათდამი თანაგრძნობა უნდა გამოვიჩინოთ (1 პეტ. 3:8). w19.05 17, 18 ¶15—17
შაბათი, 10 აპრილი
ქმრებო, ისე გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის (ეფეს. 5:25).
ქმარს ისე უნდა უყვარდეს ცოლი „როგორც ქრისტეს — კრება“ (ეფეს. 5:28, 29). ქმარმა უნდა მიჰბაძოს იესოს თავგანწირული სიყვარულის გამოვლენაში და ცოლის საჭიროებები და ინტერესები საკუთარზე წინ დააყენოს. ზოგ მამაკაცს შეიძლება გაუჭირდეს ასეთი სიყვარულის გამოვლენა, რადგან ისეთ გარემოში აღიზარდა, სადაც სხვებს უსამართლოდ ექცეოდნენ და სიყვარულს არ ავლენდნენ. მათთვის შეიძლება ადვილი არ იყოს ცუდი ჩვევების მოშორება, მაგრამ აუცილებლად უნდა გააკეთონ ეს, რათა დაემორჩილონ ქრისტეს კანონს. ქმარი, რომელიც თავგანწირულ სიყვარულს ავლენს, ცოლის პატივისცემას იმსახურებს. შვილების მოყვარული მამა სიტყვითა თუ საქმით არასდროს მიაყენებს ტკივილს თავის შვილებს (ეფეს. 4:31). ნაცვლად ამისა, ის სიყვარულს გამოხატავს და აქებს შვილებს, რაც მათ თავს უსაფრთხოდ და დაცულად აგრძნობინებს. ასეთი მამა შვილების სიყვარულსა და ნდობას იმსახურებს. w19.05 6 ¶21
კვირა, 11 აპრილი
იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს და მარადიულად იმეფებს იგი იაკობის შთამომავლებზე (ლუკ. 1:32, 33).
რაზე შეიძლება ეფიქრა მარიამს, როცა ანგელოზი ამ სიტყვებს ეუბნებოდა? ხომ არ დაასკვნიდა, რომ იესო მეფე ჰეროდეს ჩაანაცვლებდა ან მისი ერთ-ერთი მემკვიდრე იქნებოდა? თუ იესო გამეფდებოდა, გამოდის, რომ მარიამი დედოფალი გახდებოდა, მისი ოჯახი კი სასახლეში იცხოვრებდა. თუმცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, რომ მარიამმა საპატიო ადგილი მოითხოვა სამეფოში. მარიამი საოცრად თავმდაბალი ადამიანი იყო! ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ბიბლიისა და ქრისტიანული პუბლიკაციების შესწავლის უმთავრესი მიზანი იეჰოვასთან დაახლოებაა. გარდა ამისა, გვინდა უკეთ დავინახოთ, როგორი ადამიანები ვართ და რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება, რომ ღმერთს ვასიამოვნოთ (იაკ. 1:22—25; 4:8). ამიტომ შესწავლის დაწყებამდე წმინდა სულისთვის უნდა ვილოცოთ. ლოცვაში უნდა ვთხოვოთ იეჰოვას, რომ საკუთარი თავი მისი თვალით დაგვანახვოს და შესწავლა ჩვენს სულიერ ზრდას მოემსახუროს. w19.05 31 ¶18, 19
ორშაბათი, 12 აპრილი
სულგამწარებული . . . ვარ (1 სამ. 1:15).
დროდადრო პრობლემები ერთიმეორის მიყოლებით გვატყდება. დავფიქრდეთ ქვემოთ მოხსენიებული ქრისტიანების შემთხვევებზე. ჯონი, რომელსაც გაფანტული სკლეროზი ჰქონდა, 19-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლმა მიატოვა, რამაც უდიდესი ემოციური დარტყმა მიაყენა. ამას ისიც დაემატა, რომ მისმა ორმა ქალიშვილმა შეწყვიტა იეჰოვას მსახურება. ბობი და ლინდა კი განსხვავებული პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ჯერ სამსახური დაკარგეს, შემდეგ კი სახლი. წყვილის მდგომარეობა ლინდას ავადმყოფობამაც დაამძიმა. მას გულის დაავადება დაუდგინეს, რომელსაც შეიძლებოდა სიკვდილი გამოეწვია. ამასთან ერთად ლინდას მწვავე ართრიტის დიაგნოზიც დაუსვეს. შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ჩვენს შემოქმედსა და მოსიყვარულე ზეციერ მამას ესმის, როგორ მოქმედებს განსაცდელები ჩვენზე და სურს, მათთან გამკლავებაში დაგვეხმაროს (ფილ. 4:6, 7). ღვთის სიტყვაში მოთხრობილია არაერთი შემთხვევა, თუ რა სირთულეებს ხვდებოდნენ იეჰოვას მსახურები და როგორ ეხმარებოდა მათ იეჰოვა. w19.06 14 ¶2, 3
სამშაბათი, 13 აპრილი
ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა (იგავ. 17:17).
პატარა სიკეთითაც კი შეგვიძლია დავარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში ისინი, ვისაც მეუღლე გვერდით აღარ ჰყავთ. კარგი მეგობრები ასეთ მძიმე წუთებში მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. როგორ შეგიძლიათ მათთვის მეგობრობის გაწევა? შეგიძლიათ სადილად მიიპატიჟოთ, მსახურება შესთავაზოთ ან ერთად გაატაროთ თავისუფალი დრო. გარდა ამისა, შეგიძლიათ დროდადრო ოჯახურ თაყვანისცემაზე დაპატიჟოთ. ასეთი საქციელით გაახარებთ იეჰოვას, რომელიც „ქვრივების მოსამართლეა“ და „ახლოს არის გულმოდრეკილებთან“ (ფსალმ. 34:18; 68:5). მალე დედამიწაზე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს „დავიწყებული იქნება წინანდელი გასაჭირი“. მოუთმენლად ველით დროს, როცა „აღარ გაიხსენებენ წინანდელს და არც გულში გაივლებენ“ (ეს. 65:16, 17). მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, მოდი მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და სიტყვითა თუ საქმით დავამტკიცოთ, რომ გვიყვარს ჩვენი სულიერი ოჯახი (1 პეტ. 3:8). w19.06 25 ¶18, 19
ოთხშაბათი, 14 აპრილი
იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება (ებრ. 13:6).
წლების წინ „საგუშაგო კოშკის“ ერთ ნომერში აღნიშნული იყო: „ის, ვინც ღმერთს კარგად იცნობს, ბოლომდე მიენდობა მას დევნის დროს“. ეს მართლაც ასეა! დევნამ ერთგულება რომ არ დაგვათმობინოს, იეჰოვა უნდა შევიყვაროთ, სრულად მივენდოთ მას (მათ. 22:36—38; იაკ. 5:11). ყოველდღე იკითხეთ ბიბლია იმ მიზნით, რომ დაუახლოვდეთ იეჰოვას (იაკ. 4:8). ბიბლიის კითხვის დროს დაფიქრდით იეჰოვას მიმზიდველ თვისებებზე. შეეცადეთ, მის სიტყვებსა თუ საქმეებში თქვენდამი უდიდესი სიყვარული დაინახოთ (გამ. 34:6). ზოგს უჭირს იმის დაჯერება, რომ ღმერთს უყვარს ის, რადგან სხვების მხრიდან სიყვარული არასდროს უგრძნია. თუ თქვენც ასე ფიქრობთ, შეეცადეთ, ყოველდღე ჩამოწეროთ, როგორ გამოავლინა იეჰოვამ თქვენ მიმართ სიკეთე და გულმოწყალება (ფსალმ. 78:38, 39; რომ. 8:32). საკუთარ მაგალითსა თუ ბიბლიურ მონაკვეთებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, უფრო ნათლად დაინახოთ იეჰოვას ხელი თქვენს ცხოვრებაში. თუ მადლიერი იქნებით ყველაფრისთვის, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, უფრო მეტად დაუახლოვდებით მას (ფსალმ. 116:1, 2). w19.07 2, 3 ¶4, 5
ხუთშაბათი, 15 აპრილი
თქვენს რწმენაზე [არ] ვბატონობთ, თქვენი რწმენა ხომ ისედაც მტკიცეა; ჩვენ თქვენი თანამშრომლები ვართ და თქვენი სიხარულისთვის ვიღვწით (2 კორ. 1:24).
იეჰოვას არ მოუცია ჩვენთვის იმის უფლება, რომ სხვების მაგივრად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ის, ვინც ზედმეტ წესებს ადგენს, თანამორწმუნეების უსაფრთხოებაზე კი არ ზრუნავს, არამედ მათ რწმენაზე ბატონობს. სატანა ეშმაკი, არ შეწყვეტს იეჰოვას ერთგული მსახურების დევნას (1 პეტ. 5:8; გამოცხ. 2:10). სატანა და მისი თანამოაზრეები შეეცდებიან, რომ იეჰოვას თაყვანისცემა აგვიკრძალონ. თუმცა არანაირი მიზეზი არ გვაქვს, რომ შიშისგან ფარ-ხმალი დავყაროთ (კან. 7:21). ჩვენს მხარეს იეჰოვაა და ის აკრძალვის დროსაც არ მიგვატოვებს (2 მატ. 32:7, 8). მოდი ისეთივე განწყობა გვქონდეს, როგორიც პირველი საუკუნის ქრისტიანებს ჰქონდათ. მათ მმართველებს განუცხადეს: „თავად განსაჯეთ, სწორია თუ არა ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20). w19.07 13 ¶18—20
პარასკევი, 16 აპრილი
კაცის გულის ზრახვა ღრმა წყალია, გამჭრიახი კაცი ამოხაპავს მას (იგავ. 20:5).
ქადაგებისას უნდა შევეცადოთ, გავიგოთ, რამ ჩამოუყალიბა ხალხს ესა თუ ის შეხედულება. მოციქული პავლე ებრაელებს შორის გაიზარდა, ამიტომ უცხოტომელებთან ქადაგების დროს, რომლებმაც ძალიან ცოტა ან საერთოდ არაფერი იცოდნენ იეჰოვასა და წმინდა წერილების შესახებ, მიდგომების შეცვლა მოუწია. შეგვიძლია გარკვეული ინფორმაცია მოვიძიოთ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის შესახებ. ეს დაგვეხმარება, უკეთ გავუგოთ და თანავუგრძნოთ მათ (1 კორ. 9:20—23). ჩვენი მიზანი ღირსეულების მოძებნაა (მათ. 10:11). ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, ხალხს აზრის გამოთქმის საშუალება უნდა მივცეთ და ყურადღებით მოვუსმინოთ. ინგლისში მცხოვრები ძმა მსახურების დროს ცდილობს, გაიგოს ხალხის აზრი ისეთ თემებზე, როგორიცაა: ბედნიერი ქორწინება, შვილების აღზრდა და უსამართლობასთან გამკლავება. ყურადღებით მოსმენის შემდეგ ის უსვამს კითხვას: „რას ფიქრობთ დაახლოებით 2 000 წლის წინ დაწერილ ამ რჩევაზე?“. შემდეგ კი ისე, რომ სიტყვა „ბიბლიას“ არ ახსენებს, წინასწარ შერჩეულ მუხლებს უკითხავს ტელეფონიდან. w19.07 21, 22 ¶7, 8
შაბათი, 17 აპრილი
ღმერთმა კი სიყვარული იმით დაგვიმტკიცა, რომ ქრისტე მაშინ მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით (რომ. 5:8).
რამდენად ძლიერი უნდა იყოს ღვთისადმი ჩვენი სიყვარული? იესომ ერთ ფარისეველს უთხრა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:36, 37). გვინდა, რომ მთელი არსებით გვიყვარდეს იეჰოვა და ეს გრძნობა დღითი დღე ძლიერდებოდეს ჩვენში. ღმერთი რომ შევიყვაროთ, კარგად უნდა გავიცნოთ ის. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვისაც არ უყვარს, ის არ იცნობს ღმერთს, რადგან ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:8). პავლე მოციქულმა დაგვანახვა, რომ ღვთის კარგად გაცნობა და მისი აზროვნების გათავისება უფრო მეტად შეგვაყვარებს მას (ფილ. 1:9). როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ, გულში ღვთის სიყვარული ჩაგვესახა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი ვიცოდით მის შესახებ. დროთა განმავლობაში მეტი ცოდნა შევიძინეთ და უფრო შევიყვარეთ იეჰოვა. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი ბიბლიის რეგულარული შესწავლა და მიღებული ინფორმაციის ღრმად გაანალიზება (ფილ. 2:16). w19.08 9 ¶4, 5
კვირა, 18 აპრილი
ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას (ეკლ. 4:9).
ახალი დავალების მიღების დროს შეეცადეთ, სხვებსაც დაუმეგობრდეთ. გახსოვდეთ: სხვას თქვენთან მეგობრობის სურვილი რომ გაუჩნდეს, თავად უნდა შეგეძლოთ კარგი მეგობრობის გაწევა. გაუზიარეთ სხვებს სასიამოვნო მოგონებები და დაანახვეთ, რამხელა სიხარული ახლავს იეჰოვას მსახურებას. თუ მეუღლის ჯანმრთელობის გამო მოგიწიათ სრული დროით მსახურების შეწყვეტა, ნუ დაადანაშაულებთ მას. მეორე მხრივ, თუ თქვენი ჯანმრთელობა გახდა ამის მიზეზი, ნურც საკუთარ თავს დაიდანაშაულებთ და ნუ იფიქრებთ, რომ მეუღლეს იმედი გაუცრუეთ. გახსოვდეთ: თქვენ „ერთი ხორცი“ ხართ და ღვთის წინაშე აღთქმა გაქვთ დადებული, რომ ჭირსა თუ ლხინში ერთმანეთის გვერდით იქნებით (მათ. 19:5, 6). თუ სრული დროით მსახურების შეწყვეტა დაუგეგმავი ორსულობის გამო მოგიწიათ, დაანახვეთ შვილს, რომ ის თქვენთვის იმაზე ბევრად ძვირფასია, ვიდრე ის დავალება, რომელსაც ასრულებდით. დაარწმუნეთ თქვენი შვილი, რომ მას ღვთის ჯილდოდ მიიჩნევთ (ფსალმ. 127:3—5). ამასთანავე, მოუყევით იმ დაუვიწყარი წლების შესახებ, რომლებიც სრული დროით მსახურებაში გაატარეთ. ასეთი სახით მასაც წაახალისებთ, რომ თქვენს კვალს მიჰყვეს და ის სიხარული განიცადოს, რაც სრული დროით მსახურებას ახლავს თან. w19.08 22 ¶10, 11
ორშაბათი, 19 აპრილი
გიჩვენებ, როგორ აღსრულდება . . . დიდი მეძავის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი (გამოცხ. 17:1).
დიდი ბაბილონი, ცრურელიგიური სამყარო, შეურაცხყოფს ღვთის სახელს და სიცრუეს ავრცელებს მის შესახებ. ის დედამიწის ლიდერებს უჭერს მხარს, რითაც „მეძაობს“ მათთან. დიდი ბაბილონი თავის ძალაუფლებასა და გავლენას მრევლის სამართავად იყენებს, რათა ფული გამოსძალოს. გარდა ამისა, მის კისერზეა უამრავი ადამიანის სისხლი, მათ შორის ღვთის მსახურების (გამოცხ. 18:24; 19:2). იეჰოვა „დიდი მეძავის“ გასანადგურებლად „ალისფერ მხეცსა“ და მის „ათ რქას“ გამოიყენებს. ეს სიმბოლური მხეცი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას განასახიერებს, ათი რქა კი — დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ამ ორგანიზაციას. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს ეს პოლიტიკური ძალები თავს დაესხმებიან დიდ ბაბილონს. ისინი „ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ“, ანუ ჩამოართმევენ ქონებას და გამოააშკარავებენ მის ბოროტ საქმეებს (გამოცხ. 17:3, 16). ცრუ რელიგია „ერთ დღეში“ ანუ უეცრად განადგურდება. „დიდ მეძავთან“ დაკავშირებული მოვლენების ამგვარი განვითარება თავზარს დასცემს მის მხარდამჭერებს, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იკვეხნიდა: „გლოვას არასოდეს ვიხილავო“ (გამოცხ. 18:7, 8). w19.09 10 ¶10, 11
სამშაბათი, 20 აპრილი
დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან (მათ. 11:29).
იესო ყველას იწვევს. ის ხელს არასდროს ჰკრავს მას, ვისაც გულწრფელად სურს ღვთისმსახურება (იოან. 6:37, 38). ქრისტეს მიმდევრებს დიდი პატივი ხვდათ წილად, მონაწილეობა მიიღონ საქმეში, რომელიც იეჰოვამ თავის ძეს დაავალა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება და დაგვეხმარება ამ საქმის შესრულებაში (მათ. 28:18—20). იესო თავმდაბალ ადამიანებს იზიდავდა (მათ. 19:13, 14; ლუკ. 7:37, 38). დავფიქრდეთ, როგორ განსხვავდებოდა ის ფარისევლებისგან. ეს რელიგიური წინამძღოლები გულცივები და ქედმაღლები იყვნენ (მათ. 12:9—14). იესო კი გულთბილი და თავმდაბალი იყო. პატივმოყვარე ფარისევლები ამაყობდნენ თავიანთი სოციალური სტატუსით. იესოსთვის კი მიუღებელი იყო პატივმოყვარეობა, ამიტომ თავის მოწაფეებს თავმდაბლობასა და სხვების მომსახურებას ასწავლიდა (მათ. 23:2, 6—11). ფარისევლები ხალხის დამორჩილებას დაშინებითა და მუქარით ცდილობდნენ (იოან. 9:13, 22). იესო კი სიტყვითა თუ საქმით სხვების მიმართ სიყვარულსა და სიკეთეს ავლენდა. ჰბაძავთ იესოს ამ მხრივ? w19.09 20 ¶1; 21 ¶7—9
ოთხშაბათი, 21 აპრილი
დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ (იაკ. 4:8).
კრებაზე დასწრება იეჰოვასთან დაახლოებაში გვეხმარება. შეხვედრებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით შეგვიძლია განვსაზღვროთ, რამდენად კარგად გავუმკლავდებით მომავალში დევნას (ებრ. 10:24, 25). რატომ ვამბობთ ამას? თუ დღეს კრებას პატარ-პატარა მიზეზების გამო ვაცდენთ, როგორ მოვიქცევით მაშინ, როცა შეხვედრებზე დასასწრებად რისკზე წასვლა მოგვიწევს? მეორე მხრივ, თუ მტკიცედ გვექნება გადაწყვეტილი, რომ არ გავაცდინოთ კრების შეხვედრები, მოწინააღმდეგეები უარს ვერ გვათქმევინებენ ერთად შეკრებაზე. სწორედ ახლაა იმის დრო, რომ შევიყვაროთ ქრისტიანული შეხვედრები. ასეთ შემთხვევაში ვერანაირი წინააღმდეგობა, მთავრობის მხრიდან აკრძალვაც კი, ვერ გვაიძულებს, რომ ღმერთზე მეტად ადამიანებს დავემორჩილოთ (საქ. 5:29). დაიზეპირეთ საყვარელი ბიბლიური მუხლები (მათ. 13:52). მართალია, სრულყოფილი მეხსიერება არ გვაქვს, მაგრამ იეჰოვას წმინდა სულს შეუძლია დამახსოვრებული ბიბლიური მუხლები გაგვახსენოს (იოან. 14:26). ეს ბიბლიური მუხლები დაგეხმარებათ, იეჰოვასთან სიახლოვე შეინარჩუნოთ და ბოლომდე ერთგული დარჩეთ. w19.07 3 ¶5; 4 ¶8, 9
ხუთშაბათი, 22 აპრილი
იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე და ძნელად ასატანი დრო დადგება (2 ტიმ. 3:1)
თუ თქვენ 1914 წლის შემდეგ დაიბადეთ, გამოდის რომ მთელი ცხოვრება „ბოლო დღეებში“ გიცხოვრიათ. შეიძლება გსმენიათ, როგორ სრულდება ბოლო დღეებთან დაკავშირებული იესოს წინასწარმეტყველება. მისი სიტყვების თანახმად, ჩვენი დროისთვის დამახასიათებელი იქნებოდა ომები, საკვების უკმარისობა, მიწისძვრები, ეპიდემიები, უკანონობის გამრავლება, იეჰოვას ხალხის დევნა და ა.შ (მათ. 24:3, 7—9, 12; ლუკ. 21:10—12). გარდა ამისა, აშკარად ვხედავთ, რომ დღეს ადამიანები სწორედ იმ თვისებებს ავლენენ, რომელთა შესახებაც პავლე მოციქულმა იწინასწარმეტყველა. ეს ყველაფერი იეჰოვას მსახურებს გვარწმუნებს, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ვცხოვრობთ (მიქ. 4:1). ვინაიდან 1914 წლის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ბოლო დღეების“ მიწურულს ვცხოვრობთ. ამ ქვეყნიერების აღსასრული კარსაა მომდგარი, ამიტომ საჭიროა, ვიცოდეთ, რა მოვლენები განვითარდება „ბოლო დღეების“ მიწურულს და რის გაკეთებას მოელის მანამდე იეჰოვა ჩვენგან. w19.10 8 ¶1, 2
პარასკევი, 23 აპრილი
ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება (მათ. 24:13).
ჩვენი მოთმინება გარემო პირობებზე კი არა, იეჰოვასადმი მინდობაზეა დამოკიდებული (რომ. 12:12). დღევანდელ მუხლში მოცემული იესოს დაპირება იმას ნიშნავს, რომ არაფერს უნდა დავრთოთ ნება, იეჰოვასადმი ერთგულება დაგვათმობინოს. თუ განსაცდელების დროს დღესვე გამოვავლენთ მოთმინებას, რწმენა განგვიმტკიცდება, რაც დიდი გასაჭირის დროს ერთგულების შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მოთმინების მსგავსად, გაბედულების გამოვლენაში იეჰოვაზე მინდობა გვეხმარება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ უფრო მეტად მივენდოთ ღმერთს? ყოველდღე უნდა ვიკითხოთ ბიბლია და ვიფიქროთ, როგორ იხსნიდა იეჰოვა ძველ დროში თავის მსახურებს (ფსალმ. 68:20; 2 პეტ. 2:9). როცა დიდი გასაჭირის დროს ერები ჩვენ წინააღმდეგ გაილაშქრებენ, გაბედულება და იეჰოვაზე მინდობა ისე დაგვჭირდება, როგორც არასდროს (ფსალმ. 112:7, 8; ებრ. 13:6). თუ დღესვე მივენდობით იეჰოვას, გოგის თავდასხმასაც გაბედულად შევხვდებით. დარწმუნებული ვართ, რომ მოსიყვარულე ღმერთის მფარველობის ქვეშ თავს დაცულად ვიგრძნობთ (1 კორ. 13:8). w19.10 18 ¶15, 16
შაბათი, 24 აპრილი
მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია (1 იოან. 5:19).
ეშმაკის მიზანია, ეს ქვეყნიერება, რომელსაც თავად მართავს, ჩვენ საწინააღმდეგოდ გამოიყენოს. მაგალითად, ის ცდილობს, რომ ძირითადი ყურადღება ბუნებრივი სურვილების დაკმაყოფილებაზე გადაგვატანინოს და არასწორ მიდრეკილებებთან ბრძოლა გაგვიძნელოს (ეფეს. 2:1—3). მას სურს, იეჰოვას გარდა ჩვენს გულში სხვა რამემაც დაიკავოს ადგილი. სატანის ქვეყნიერების აღსასრულსა და ახალ ქვეყნიერებაზე საუბრის შემდეგ მოციქულმა პეტრემ თქვა: „საყვარელნო, რადგან ამას ელოდებით, ყველანაირად ეცადეთ, რომ მის წინაშე წარდგეთ უმწიკვლოები, უმანკოები და მშვიდობის მქონეები“ (2 პეტ. 3:14). როცა ვითვალისწინებთ ამ მითითებას და ზნეობრივ და სულიერ სიწმინდეს ვინარჩუნებთ, იეჰოვას განსაკუთრებულ ერთგულებას ვუმტკიცებთ. სატანა და მისი ქვეყნიერება კვლავაც შეეცდებიან, რომ ჩვენს ცხოვრებაში ღვთისმსახურებამ უკანა პლანზე გადაინაცვლოს (ლუკ. 4:13). მაგრამ სირთულეების მიუხედავად არავის და არაფერს დავრთავთ ნებას, ჩვენს გულში იეჰოვას ადგილი დაიკავოს. გვინდა, განსაკუთრებულად ვუერთგულოთ იეჰოვას, რადგან ასეთ ერთგულებას მხოლოდ ის იმსახურებს! w19.10 27 ¶4; 31 ¶18, 19
კვირა, 25 აპრილი
ცოდვით ვიყავი გულდამწუხრებული (ფსალმ. 38:18).
წუხილი და ღელვა ყოველთვის ცუდი არ არის. მაგალითად, სავსებით ნორმალურია, როცა იეჰოვასა და იესოსთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებაზე ვღელავთ და ვცდილობთ, ვასიამოვნოთ მათ (1 კორ. 7:32). სერიოზული ცოდვის ჩადენის შემთხვევაში ვწუხვართ, რომ იეჰოვასთან ურთიერთობა გავიფუჭეთ და მდგომარეობის გამოსწორებას ვცდილობთ. გარდა ამისა, გვაღელვებს ჩვენი მეუღლის, ოჯახის წევრებისა და თანაქრისტიანების კეთილდღეობა და ვცდილობთ, ვიზრუნოთ მათზე (1 კორ. 7:33; 2 კორ. 11:28). მეორე მხრივ, გადამეტებულმა წუხილმა, საჭმელსა და ჩასაცმელზე, შეიძლება დარდის შესამსუბუქებლად მთელი ყურადღება მატერიალურზე გადაგვატანინოს (მათ. 6:31, 32). ასეთ შემთხვევაში იეჰოვასადმი რწმენა შეგვისუსტდება და მასთან ურთიერთობა გაგვიფუჭდება (მარ. 4:19; 1 ტიმ. 6:10). ზედმეტი საწუხარი შეიძლება იმაზე ფიქრმაც გაგვიჩინოს, თუ როგორ შთაბეჭდილებას დავტოვებთ სხვებზე. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ იეჰოვას მოწონების დამსახურებაზე მეტად სხვების დამოკიდებულება გვაღელვებდეს. მაგალითად, ზედმეტად ვწუხდეთ იმაზე, რომ დევნის ობიექტები გავხდებით ან ვინმე დაგვცინებს. კაცთმოშიშების მახეში რომ არ გავებათ, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ რწმენა და გაბედულება (იგავ. 29:25; ლუკ. 17:5). w19.11 15 ¶6, 7
ორშაბათი, 26 აპრილი
თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად . . . აძლევს (იაკ. 1:5).
არის გადაწყვეტილებები, რომლებიც არასდროს უნდა შევცვალოთ. მაგალითად, ყოველთვის უნდა ვემსახუროთ იეჰოვას და ვუერთგულოთ მეუღლეს (მათ. 16:24; 19:6). თუმცა ზოგი გადაწყვეტილება შეიძლება შეიცვალოს კიდეც, რადგან მდგომარეობა იცვლება. რა დაგვეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში? სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც დოზით სიბრძნე ყველა ადამიანს აკლია. ამიტომ როცა გადაწყვეტილებას იღებთ ან მის შეცვლაზე ფიქრობთ, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე. ის აუცილებლად დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. გულდასმით გამოიკვლიეთ. ხელმძღვანელობისთვის ბიბლიას და იეჰოვას ორგანიზაციის მიერ გამოცემულ პუბლიკაციებს მიმართეთ. შეგიძლიათ რჩევა სანდო ადამიანსაც ჰკითხოთ (იგავ. 20:18). ასეთი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება სამსახურისა თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას ან ისეთი პროფესიის არჩევას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, თავიც ირჩინოთ და იეჰოვასაც ემსახუროთ. w19.11 27 ¶6, 8
სამშაბათი, 27 აპრილი
საწყალი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ მოკვდავი სხეულისგან? (რომ. 7:24).
საბედნიეროდ, ღმერთმა საჭირო ზომები მიიღო, რათა ცოდვისგან გავეთავისუფლებინეთ. კაცობრიობის ხსნაში იესოს უდიდესი როლი მიუძღვის. ქრისტეს შობამდე რვა საუკუნით ადრე ესაიამ დიდებული თავისუფლების შესახებ იწინასწარმეტყველა, რომელსაც ვერც კი შეედრებოდა საიუბილეო წელს გამოცხადებული თავისუფლება. ესაიამ დაწერა: „უზენაესი უფლის, იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან იეჰოვამ მცხო თვინიერთათვის სასიხარულო ცნობის საუწყებლად. მან გამომგზავნა გულგატეხილთათვის ჭრილობების შესახვევად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად“ (ეს. 61:1). ვის ეხება ეს წინასწარმეტყველება? ამ მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების შესრულება მას შემდეგ დაიწყო, რაც იესო დედამიწაზე მსახურებას შეუდგა. თავის მშობლიურ ქალაქ ნაზარეთში მან სინაგოგაში შეკრებილ იუდეველებს ესაიას წინასწარმეტყველებიდან სწორედ ეს მონაკვეთი წაუკითხა და საკუთარ თავს დაუკავშირა (ლუკ. 4:16—19). w19.12 9, 10 ¶6—8
ოთხშაბათი, 28 აპრილი
ჩვენი ღვთის დახმარებით გაბედულება მოვიკრიბეთ, რომ სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად თქვენთვის ღვთის სასიხარულო ცნობა გვეუწყებინა (1 თეს. 2:2).
დევნის დროს გაბედულება დაგჭირდებათ. რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ გრძნობთ, რომ ეს თვისება გაკლიათ? გახსოვდეთ, რომ ნამდვილი გაბედულება ადამიანის აღნაგობაზე, ძალასა თუ უნარზე არ არის დამოკიდებული. განვიხილოთ ახალგაზრდა დავითის შემთხვევა, რომელიც გოლიათს დაუპირისპირდა. მასთან შედარებით დავითი პატარა, სუსტი და თითქმის შეუიარაღებელი იყო; მას მახვილიც კი არ ჰქონდა. თუმცა იმდენად მამაცი იყო, რომ უშიშრად შეება ამ ქედმაღალ გოლიათს. რატომ იყო დავითი ასეთი გაბედული? მას მტკიცედ სწამდა, რომ იეჰოვა უჭერდა მხარს (1 სამ. 17:37, 45—47). დავითი გოლიათს საკუთარ თავს კი არ ადარებდა, არამედ იმაზე ფიქრობდა, რამდენად პატარა იყო ის იეჰოვასთან შედარებით. ჩვენ რის სწავლა შეგვიძლია ამ შემთხვევიდან? გაბედულებას გამოვავლენთ, თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ იეჰოვა ჩვენთან არის და ჩვენი მოწინააღმდეგეები ყოვლისშემძლე ღმერთთან შედარებით უსუსურები არიან (2 მატ. 20:15; ფსალმ. 16:8). w19.07 5 ¶11—13
ხუთშაბათი, 29 აპრილი
ისინი არიან ჩემთვის ნუგეში (კოლ. 4:11).
ტიქიკეს მოციქული პავლე საიმედო თანამსახურად მიიჩნევდა (საქ. 20:4). დაახლოებით ახ. წ. 55 წელს პავლემ იუდეველი ქრისტიანებისთვის შესაწირავის შეგროვებას გაუწია ორგანიზება. შესაძლოა ამ მნიშვნელოვან საქმეში ტიქიკეც მონაწილეობდა (2 კორ. 8:18—20). მოგვიანებით, როცა რომში პავლე პირველად დააპატიმრეს, ტიქიკე მისი მაცნის როლსაც ასრულებდა. ის პავლეს წერილებსა და გამამხნევებელ სიტყვებს აზიის კრებებს გადასცემდა (კოლ. 4:7—9). ტიქიკე ბოლომდე პავლე მოციქულის საიმედო მეგობრად დარჩა (ტიტ. 3:12). ასეთი სანდო ადამიანის პოვნა ქრისტიანებს შორისაც არ იყო ადვილი. დაახლოებით ახ. წ. 65 წელს, მეორედ დაპატიმრების შემდეგ პავლემ დაწერა, რომ აზიის პროვინციაში ბევრი ქრისტიანი მამაკაცი მოწინააღმდეგეების შიშით მასთან ურთიერთობას თავს არიდებდა (2 ტიმ. 1:15). თუმცა პავლემ იცოდა, რომ ტიქიკეს იმედი შეიძლებოდა ჰქონოდა, ამიტომ მას კიდევ ერთი დავალება მისცა (2 ტიმ. 4:12). უეჭველია, პავლე ძალიან აფასებდა, რომ ტიქიკეს სახით ძვირფასი მეგობარი ჰყავდა. w20.01 10 ¶7, 8
პარასკევი, 30 აპრილი
ჩვენ ღმერთმა ეს თავისი სულით გაგვიმჟღავნა (1 კორ. 2:10).
შესაძლოა თქვენც გაფიქრებთ, გაქვთ თუ არა ზეციური მოწოდება. ასეთ შემთხვევაში დაფიქრდით შემდეგ მნიშვნელოვან კითხვებზე: გაქვთ ღვთის ნების შესრულების ძლიერი სურვილი? თვლით, რომ განსაკუთრებულ მოშურნეობას იჩენთ სამქადაგებლო მსახურებაში? გულმოდგინედ იკვლევთ ბიბლიას და გსიამოვნებთ „ღვთის სიღრმეებზე“ ფიქრი? ხედავთ, რომ იეჰოვას წყალობით სამქადაგებლო საქმეში კარგ შედეგებს აღწევთ? გრძნობთ მოზღვავებულ პასუხისმგებლობას, რომ სხვებს სულიერად დაეხმაროთ? ფიქრობთ, რომ ღმერთი განსაკუთრებული სახით ერევა თქვენს ცხოვრებაში? თუ ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებზე თქვენი პასუხი დადებითია, ნიშნავს ეს იმას, რომ ზეციური მოწოდება გაქვთ? რა თქმა უნდა, არა! რადგან ასეთი გრძნობები ღვთის ყველა მსახურს შეიძლება დაეუფლოს. თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, გაქვთ თუ არა ზეციური მოწოდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ხართ სულითცხებული. მათ, ვინც იეჰოვამ თავისი სულით სცხო, ეჭვი არ ეპარებათ, რომ ზეციური მოწოდება აქვთ! w20.01 23 ¶14