მაისი
შაბათი, 1 მაისი
გვასწავლოს, როგორ გავზარდოთ ბავშვი (მსაჯ. 13:8).
როგორ უნდა ჩაუნერგონ მშობლებმა შვილებს იეჰოვას სიყვარული? დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ, როგორც ეს მანოახმა გააკეთა. აგრეთვე, ასწავლეთ საკუთარი მაგალითით. ცხადია, რასაც შვილს სიტყვით ასწავლით, მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენს საქციელს უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. იოსები და მარიამი თავიანთ შვილებს, მათ შორის იესოს, კარგ მაგალითს აძლევდნენ. იოსები არა მხოლოდ ბევრს შრომობდა ოჯახის სარჩენად, არამედ ეხმარებოდა კიდეც მათ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობა დაეფასებინათ (კან. 4:9, 10). იოსებს ყოველ წელს პასექის აღსანიშნავად თავისი ოჯახი იერუსალიმში მიჰყავდა (ლუკ. 2:41, 42). ზოგი მამაკაცისთვის შეიძლება მთელი ოჯახის ამხელა გზაზე წაყვანა მოუხერხებელი იყო და ამას დროისა და ფულის ფუჭ ხარჯვად მიიჩნევდა. მათგან განსხვავებით, იოსები სულიერს პირველ ადგილზე აყენებდა და შვილებსაც იმავეს ასწავლიდა. რაც შეეხება მარიამს, მან კარგად იცოდა წმინდა წერილები. ეჭვგარეშეა, სიტყვითა თუ საქმით, ის თავის შვილებს ღვთის სიტყვის სიყვარულს ჩაუნერგავდა. w19.12 24, 25 ¶9—12
კვირა, 2 მაისი
მე კი ხორციელი ვარ, ცოდვისთვის მიყიდული (რომ. 7:14).
იეჰოვას ჩვენდამი სიყვარული იქიდანაც გამოჩნდა, თუ რა რეაგირება მოახდინა მან, როცა პირველი ადამიანები ეურჩნენ. ადამი არ დაემორჩილა ზეციერ მამას. შედეგად მან თავადაც დაკარგა იეჰოვას ოჯახში ყოფნის პატივი და ეს შესაძლებლობა თავის შთამომავლებსაც წაართვა (რომ. 5:12). მიუხედავად ამისა, იეჰოვამ თავად გადადგა ნაბიჯი, რომ ადამის შთამომავლები უიმედო მდგომარეობიდან დაეხსნა. მართალია, იეჰოვამ დასაჯა ადამი, მაგრამ მისი ჯერ არშობილი შთამომავლობა უიმედოდ არ დაუტოვებია. ის მაშინვე დაჰპირდა მორჩილ ადამიანებს, რომ თავის ოჯახში დააბრუნებდა (დაბ. 3:15; რომ. 8:20, 21). იეჰოვამ ეს თავისი საყვარელი ძის, იესოს მსხვერპლის მეშვეობით გახადა შესაძლებელი, რითაც დაგვანახვა, რაოდენ ძლიერ ვუყვარვართ (იოან. 3:16). ის ისმენს ჩვენს ლოცვებს და ზრუნავს ჩვენს ფიზიკურ და სულიერ საჭიროებებზე. იეჰოვა ნამდვილად შეუდარებელი მამაა. ის გვასწავლის და მხარს გვიჭერს, მომავალში კი ბედნიერ და კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას გვპირდება. გულს გვითბობს იმის დანახვა, რომ იეჰოვა მამობრივ სიყვარულსა და მზრუნველობას იჩენს ჩვენ მიმართ. w20.02 6 ¶16, 17; 7 ¶20
ორშაბათი, 3 მაისი
როცა საფიქრალმა მოსვენება დამიკარგა, შენ მანუგეშე და დამამშვიდე (ფსალმ. 94:19).
მომხდარა თქვენს ცხოვრებაში ისეთი რამ, რის გამოც მოსვენება დაკარგეთ და დღემდე გიწევთ უარყოფით გრძნობებთან გამკლავება? შეიძლება ვინმემ სიტყვით ან საქციელით გული გატკინათ. შესაძლოა თქვენი ნათქვამის ან საქციელის გამო დარდობთ, ან დაშვებულ შეცდომაზე ნერვიულობთ და ფიქრობთ, რომ იეჰოვა არასოდეს გაპატიებთ. ამასთანავე, შეიძლება თავი უღირსად მიიჩნიოთ და იფიქროთ, რომ სუსტი რწმენა გაქვთ, რადგან დარდსა და საწუხარს ვერ ერევით. განვიხილოთ რამდენიმე ბიბლიური მაგალითი. ხანას, წინასწარმეტყველი სამუელის დედას, დიდი რწმენა ჰქონდა. თუმცა წუხილმა მას მოსვენება დაუკარგა, რადგან ოჯახის წევრი სიცოცხლეს უმწარებდა (1 სამ. 1:7). ძლიერი რწმენით მოციქული პავლეც გამოირჩეოდა, მაგრამ თანაქრისტიანებზე წუხილი გულს უმძიმებდა (2 კორ. 11:28). მეფე დავითიც დიდ რწმენას ავლენდა, სწორედ ამიტომ უყვარდა იეჰოვას ის განსაკუთრებით (საქ. 13:22). თუმცა, ძლიერი რწმენის მიუხედავად დავითმა სერიოზული შეცდომები დაუშვა, რის გამოც თავს განადგურებულად გრძნობდა (ფსალმ. 38:4). იეჰოვამ თითოეული მათგანი ანუგეშა და დაამშვიდა. w20.02 20 ¶1, 2
სამშაბათი, 4 მაისი
თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი (მათ. 16:24).
როცა იეჰოვას თავს უძღვნით, მას ლოცვაში პირობას აძლევთ, რომ მთელი სიცოცხლე ემსახურებით. იეჰოვასადმი თავის მიძღვნა საკუთარი თავის „უარყოფას“ ნიშნავს. მიძღვნის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვას ეკუთვნით, რაც ნამდვილად დიდი პატივია (რომ. 14:8). ფაქტობრივად, ამით იეჰოვას ეუბნებით, რომ იმ მომენტიდან თქვენთვის უმთავრესი მისადმი მსახურება იქნება და არა საკუთარი თავისთვის ცხოვრება. მიძღვნის აღთქმა ღვთის წინაშე დადებული მტკიცე პირობაა. მართალია, იეჰოვა აღთქმის დადებას არ გაიძულებთ, მაგრამ მოელის, რომ თუ პირობას მისცემთ, შეასრულებთ კიდეც (ფსალმ. 116:12, 14). როცა თავს უძღვნით იეჰოვას, ამის შესახებ მხოლოდ თქვენ იცით, ხოლო ნათლობით, რაც ძირითადად კონგრესზე ხდება, საჯაროდ ადასტურებთ, რომ მას უკვე მიუძღვენით თავი. ნათლობით სხვების წინაშე ცხადყოფთ, რომ მთელი გულით, სულით, გონებითა და ძალით გიყვართ იეჰოვა ღმერთი და გადაწყვეტილი გაქვთ, მას მარადიულად ემსახუროთ (მარ. 12:30). w20.03 9 ¶4, 5
ოთხშაბათი, 5 მაისი
არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში (2 თეს. 2:3).
სატანა ცდილობს, ბუნდოვანი გახადოს იეჰოვას ვინაობა. მოციქულების სიკვდილის შემდეგ ზოგმა, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა, ცრუ სწავლებების გავრცელება დაიწყო (საქ. 20:29, 30). ეს განდგომილები ცდილობდნენ, ბუნდოვანი გაეხადათ ჭეშმარიტი ღმერთის ვინაობა. მაგალითად, ბიბლიის ხელნაწერების ასლებში მათ ღვთის სახელის ნაცვლად გამოიყენეს სიტყვა „უფალი“. შედეგად, მკითხველი ვეღარ ხედავს განსხვავებას იეჰოვასა და ბიბლიის სხვა მონაკვეთებში მოხსენიებულ „უფალს“ შორის (1 კორ. 8:5). მათ იეჰოვასა და იესოსთან მიმართებით ერთი და იგივე წოდება — „უფალი“ გამოიყენეს, რის გამოც ხალხს უჭირს იმის დანახვა, რომ იეჰოვა და იესო ერთი და იგივე პიროვნება არ არის და განსხვავებული მდგომარეობა უკავიათ (იოან. 17:3). ამან არაბიბლიური სწავლების — სამების მოძღვრების განვითარებას შეუწყო ხელი. შედეგად, ბევრისთვის ღმერთი საიდუმლოებით მოცული და შეუცნობელი გახდა. რამხელა სიცრუეა! (საქ. 17:27). w19.06 5 ¶11
ხუთშაბათი, 6 მაისი
სრულად დაიხარჯე ღვთის მსახურებაში (2 ტიმ. 4:5).
ერთ-ერთი, რაც გვეხმარება, სრულად დავიხარჯოთ ღვთის მსახურებაში, ქადაგებისა და სწავლების უნარის გაუმჯობესებაა (იგავ. 1:5; 1 ტიმ. 4:13, 15). რამხელა პატივია, რომ იეჰოვა მასთან თანამშრომლობის საშუალებას გვაძლევს (1 კორ. 3:9). როცა იცით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ და მთელი ყურადღება მსახურებაზე გაქვთ გადატანილი, სიხარულით ემსახურებით იეჰოვას (ფილ. 1:10; ფსალმ. 100:2). დარწმუნებული იყავით, რომ ის მოგცემთ ძალას, რათა სირთულეებისა თუ შეზღუდული მდგომარეობის მიუხედავად, ყოველმხრივ შეასრულოთ თქვენი მსახურება (2 კორ. 4:1, 7; 6:4). მნიშვნელობა არა აქვს, მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრს აკეთებთ თუ ცოტას, როცა სულითა და გულით მონაწილეობთ მსახურებაში, შეგიძლიათ „სიხარულის მიზეზი“ გქონდეთ (გალ. 6:4). თუ ყოველმხრივ ასრულებთ თქვენს მსახურებას, ცხადყოფთ, რომ გიყვართ იეჰოვა და მოყვასი. შედეგად თქვენს თავსაც იხსნით და მსმენელებსაც (1 ტიმ. 4:16). w19.04 6 ¶15; 7 ¶17
პარასკევი, 7 მაისი
[სატანას] შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო (გამოცხ. 12:9).
სატანას და დემონებს ხალხი, ძირითადად, სპირიტიზმის მეშვეობით შეჰყავთ შეცდომაში. სპირიტიზმის მიმდევრები აცხადებენ, რომ იციან და აკონტროლებენ იმას, რისი ცოდნაც და გაკონტროლებაც, როგორც წესი, ადამიანებს არ შეუძლიათ. მაგალითად, ზოგი ირწმუნება, რომ ასტროლოგიითა თუ მკითხაობით შეუძლია მომავალის გაგება. სხვები კი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს გარდაცვლილებთან ამყარებენ კონტაქტს. ზოგიც მაგიას მიმართავს და სხვებს ჯადოს უკეთებს. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის 18 ქვეყანაში ჩატარებულმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომ რესპოდენტთაგან თითქმის ყოველ მესამეს სჯეროდა მაგიისა და ჯადოქრობის. დაახლოებით ერთი იმდენი კი აცხადებდა, რომ სულებთან კავშირის დამყარება შესაძლებელია. სხვა გამოკითხვის დროს, რომელიც აფრიკის 18 ქვეყანაში ჩატარდა, გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა აღნიშნა, რომ სჯეროდათ ჯადოქრობის. სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ფაქტი ერთია: თავი შორს უნდა დავიჭიროთ სპირიტიზმისგან. w19.04 20, 21 ¶3, 4
შაბათი, 8 მაისი
გაფრთხილდით, რომ თქვენ შორის არ იყოს . . . უზნეო (ებრ. 12:16).
იეჰოვას სძულს ყველანაირი ბოროტება (ფსალმ. 5:4—6). მას განსაკუთრებით ეზიზღება ბავშვებზე ძალადობა, რაც შემზარავი დანაშაულია. იეჰოვას მსგავსად ღვთის მსახურებსაც სძულთ ბავშვებზე ძალადობა, ამიტომ ქრისტიანული კრება არასოდეს შეიწყნარებს ასეთ საქციელს (რომ. 12:9). ბავშვზე ნებისმიერი სახის სექსუალური ძალადობა სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტეს კანონს (გალ. 6:2). ყველაფერი, რასაც იესო სიტყვითა და საქმით ასწავლიდა, სიყვარულზეა დაფუძნებული და ხელს უწყობს სამართლიანობას. ვინაიდან ჭეშმარიტი ქრისტიანები ამ კანონით ხელმძღვანელობენ, ბავშვებს სიყვარულით ეპყრობიან და თავს დაცულად აგრძნობინებენ. ბავშვებზე სექსუალური ძალადობა კი ეგოისტური და ბოროტი საქციელია, რაც მათ დაუცველობის განცდას უტოვებს და თავს ისე აგრძნობინებს, რომ ისინი არავის უყვარს. სამწუხაროდ, არც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან დაზღვეული, რადგან „ბოროტები და თვითმარქვიები“ საგრძნობლად მომრავლდნენ და ზოგიერთმა შეიძლება კრებაში შეღწევაც კი სცადოს (2 ტიმ. 3:13). გარდა ამისა, ზოგი, ვისაც ღვთის მსახურად მოჰქონდა თავი, გაუკუღმართებულ ხორციელ სურვილებს აჰყვა და ბავშვზე სექსუალურად იძალადა. w19.05 8 ¶1—3
კვირა, 9 მაისი
მართალი კაცის ვედრებას დიდი ძალა აქვს (იაკ. 5:16).
ის, ვინც დიდ ემოციურ ტკივილს განიცდის, შესაძლოა თავს უღირსად მიიჩნევს, რომ იეჰოვას ლოცვით მიმართოს. ამიტომ, თუ გვინდა, ვანუგეშოთ, მასთან ერთად უნდა ვილოცოთ და ლოცვაში სახელით მოვიხსენიოთ. შეგვიძლია ლოცვის დროს ვუთხრათ იეჰოვას, რომ ეს ადამიანი ჩვენთვისაც ძალიან ძვირფასია და და-ძმებისთვისაც. კარგი იქნება, თუ ვთხოვთ იეჰოვას, დაამშვიდოს და ანუგეშოს თავისი საყვარელი მსახური. ასეთმა ლოცვამ შეიძლება დიდად ანუგეშოს გულდამძიმებული ადამიანი. დაფიქრდით, ვიდრე რამეს იტყოდეთ. დაუფიქრებელი სიტყვებით შეიძლება გული ვატკინოთ ადამიანს, კეთილი სიტყვით კი განვკურნოთ (იგავ. 12:18). ასე რომ, სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ კეთილი, მანუგეშებელი და დამამშვიდებელი სიტყვების მოძებნაში. გახსოვდეთ, რომ ჩვენს ვერცერთ სიტყვას ვერ ექნება ისეთი დიდი ძალა, როგორიც იეჰოვას წარმოთქმულ სიტყვებს (ებრ. 4:12). როცა სხვებს ვანუგეშებთ, მათ იეჰოვას სიყვარულში ვარწმუნებთ. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა სამართლიანი ღმერთია. მის თვალს არანაირი ძალადობა არ ეპარება. იეჰოვა ხედავს ყველაფერს და მოუნანიებელ შემცოდველს დაუსჯელს არ დატოვებს (რიცხ. 14:18). w19.05 18 ¶18; 19 ¶19, 21
ორშაბათი, 10 მაისი
ფრთხილად იყავით, რომ არავინ შეგაცდინოთ ფილოსოფიითა და ფუჭი აზრებით, რომლებიც ადამიანურ ადათ-წესებს . . . ეფუძნება (კოლ. 2:8).
სატანის მიზანია, იეჰოვას წინააღმდეგ განგვაწყოს, ამიტომ ცდილობს, ჩვენს აზროვნებაზე მოახდინოს გავლენა, ანუ დაატყვევოს ჩვენი გონება და ის გაგვაკეთებინოს, რაც თავად სურს. სატანა ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ დასაყოლიებლად და შესაცდენად ჩვენივე სურვილები გამოიყენოს (კოლ. 2:4). მართლა შეუძლია სატანას სერიოზული შეცდომა დაგვაშვებინოს? რა თქმა უნდა! გახსოვდეთ, რომ კოლოსელების 2:8-ში ჩაწერილი სიტყვები პავლემ წმინდა სულით ცხებულ ქრისტიანებს მისწერა და არა მათ, ვინც არ ემსახურებოდა იეჰოვას (კოლ. 1:2, 5). მაშინდელ ქრისტიანებს სატანა დიდ საფრთხეს უქმნიდა, თუმცა ჩვენ გაცილებით სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ (1 კორ. 10:12). ამას იმიტომ ვამბობთ, რომ სატანის მოქმედების არეალი შეზღუდულია — ის დედამიწაზეა გადმოგდებული და ყველანაირად ცდილობს ღვთის ერთგული მსახურების შეცდენას (გამოცხ. 12:9, 12, 17). გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ დროში, როცა ბოროტები და თვითმარქვიები უფრო უარესად იქცევიან (2 ტიმ. 3:1, 13). w19.06 2 ¶1, 2
სამშაბათი, 11 მაისი
აღარ შემიძლია! ნუღარ მაცოცხლებ, იეჰოვა (1 მეფ. 19:4).
ელიას ძალიან შეეშინდა, როცა გაიგო, რომ დედოფალი იზებელი მოკვლით ემუქრებოდა. ამიტომ ის ბეერ-შებაში გაიქცა. ელია იმდენად გულგატეხილი იყო, რომ სიკვდილიც კი ინატრა. რატომ დაეუფლა წინასწარმეტყველს მსგავსი გრძნობები? ის არასრულყოფილი, „ჩვენნაირი გრძნობების მქონე კაცი იყო“ (იაკ. 5:17). შეიძლება მას ემოციებმა ძალა გამოაცალა და მთლიანად გამოფიტა. ის, ალბათ, ფიქრობდა, რომ ისრაელები არ შეცვლილან და მის გარდა არავინ ეთაყვანებოდა იეჰოვას, ხოლო ყველაფერი, რაც წმინდა თაყვანისმცემლობისთვის გააკეთა, წყალში ჩაეყარა (1 მეფ. 18:3, 4, 13; 19:10, 14). იეჰოვას კარგად ესმოდა მისი და კი არ გაკიცხა ელია ემოციების გამოხატვის გამო, არამედ ძალის აღდგენაში დაეხმარა (1 მეფ. 19:5—7). მოგვიანებით იეჰოვამ რბილად შეუსწორა აზროვნება, როცა თავისი შიშის მომგვრელი ძალა აჩვენა. შემდეგ კი უთხრა, რომ ისრაელში 7 000 კაცი იყო დარჩენილი, რომელთაც მუხლი არ მოუდრეკიათ ბაალის წინაშე (1 მეფ. 19:11—18). ასეთი სახით ღმერთმა ელია თავის სიყვარულში დაარწმუნა. w19.06 15, 16 ¶5, 6
ოთხშაბათი, 12 მაისი
დაემორჩილეთ უხუცესებს და თავმდაბლად მოექეცით ერთმანეთს, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება (1 პეტ. 5:5).
ყოველთვის უნდა მივყვეთ ხელმძღვანელობას. თუ მივყვებით პასუხისმგებელი ძმების ხელმძღვანელობას, პრობლემებს ავირიდებთ თავიდან. მაგალითად, ერთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა აკრძალულია, პასუხისმგებელმა ძმებმა მაუწყებლებს მითითება მისცეს, რომ არ გაევრცელებინათ დაბეჭდილი ლიტერატურა. თუმცა ერთი პიონერი ძმა ფიქრობდა, რომ მან უკეთ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, ამიტომ გაავრცელა ლიტერატურა. რა მოჰყვა ამას შედეგად? მას და რამდენიმე მაუწყებელს ქადაგების შემდეგ მალევე პოლიციამ დაკითხვა მოუწყო. როგორც აღმოჩნდა, მთავრობის წარმომადგენლები უთვალთვალებდნენ მაუწყებლებს და ხალხს მათ მიერ დატოვებულ პუბლიკაციებს ართმევდნენ. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ხელმძღვანელობას მაშინაც უნდა მივყვეთ, როცა გვგონია, რომ ჩვენ უკეთ ვიცით, როგორ მოვიქცეთ. იეჰოვა ყოველთვის გვაკურთხებს, როცა ვთანამშრომლობთ იმ ძმებთან, რომლებსაც მან ჩვენ შორის ხელმძღვანელობა დააკისრა (ებრ. 13:7, 17). w19.07 12 ¶17
ხუთშაბათი, 13 მაისი
ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება (2 ტიმ. 3:12).
სიკვდილის წინა საღამოს იესომ თქვა, რომ ყველა, ვინც მისი მოწაფე გახდებოდა, ხალხისგან მოძულებული იქნებოდა (იოან. 17:14). იმ დღიდან მოყოლებული იეჰოვას ერთგული მსახურები მოწინააღმდეგეების მხრიდან არაერთხელ გამხდარან დევნის ობიექტები. ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებასთან ერთად მოველით, რომ მტრები უფრო გააძლიერებენ ჩვენზე ზეწოლას (მათ. 24:9). როგორ უნდა მოვემზადოთ დევნისთვის? არ არის აუცილებელი, ყველაფერი წარმოვიდგინოთ, რაც შეიძლება დევნის დროს შეგვემთხვეს, რადგან ეს შიშისა და წუხილის მეტს არაფერს მოგვიტანს. თუ წარმოსახვას გასაქანს მივცემთ, შეიძლება რეალური საფრთხის დადგომამდეც კი დავყაროთ ფარ-ხმალი (იგავ. 12:25; 17:22). შიში ჩვენი „მოწინააღმდეგის, ეშმაკის“ მძლავრი იარაღია, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ იყენებს (1 პეტ. 5:8, 9). ასე რომ, მნიშვნელოვანია დღესვე განვიმტკიცოთ იეჰოვასთან ურთიერთობა. w19.07 2 ¶1—3
პარასკევი, 14 მაისი
ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი (მათ. 28:19).
მთაზე შეკრებილ მოციქულებს უდავოდ დიდი მოლოდინი ექნებოდათ. შეხვედრა მათ მკვდრეთით აღმდგარმა იესომ დაუთქვა (მათ. 28:16). შესაძლოა სწორედ ამ დროს „ეჩვენა [იესო] ხუთასზე მეტ ძმას“ (1 კორ. 15:6). იესომ მოწაფეები მთაზე იმიტომ შეკრიბა, რომ მათთვის მეტად საინტერესო დავალება მიეცა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:18—20). მოწაფეები, რომლებმაც იესოს ეს სიტყვები მოისმინეს, მოგვიანებით პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების ნაწილი გახდნენ. ამ კრების მთავარი მიზანი იყო, რომ სხვებიც ექციათ ქრისტეს მოწაფეებად. დღესაც იგივე მიზანი აქვს მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტი ქრისტიანებისგან შემდგარ ათი ათასობით კრებას. w19.07 14 ¶1, 2
შაბათი, 15 მაისი
დედამიწა კი მარადიულად რჩება (ეკლ. 1:4).
ნორვეგიაში მცხოვრები მიმომსვლელი ზედამხედველი აღნიშნავს, რომ ისინი, ვისაც ღმერთზე ლაპარაკი არ სურს, ხშირად სიამოვნებით გამოთქვამენ თავიანთ აზრს მსოფლიო მდგომარეობასთან დაკავშირებით. მისალმების შემდეგ ის ხალხს ეკითხება: „თქვენი აზრით, უნდა გვქონდეს უკეთესი მომავლის მოლოდინი? ვისზე უნდა დავამყაროთ იმედი: პოლიტიკოსებზე, მეცნიერებზე თუ სხვა ვინმეზე?“. ყურადღებით მოსმენის შემდეგ ის კითხულობს ან ციტირებს ბიბლიურ მუხლს, რომელიც ჩვენს ბედნიერ მომავალს ეხება. ზოგს ინტერესს აღუძრავს ბიბლიის დანაპირები, რომლის თანახმადაც დედამიწა არასდროს განადგურდება და კარგი ადამიანები მარადიულად იცხოვრებენ მასზე (ფსალმ. 37:29). მსახურებაში სხვადასხვა მიდგომა უნდა მოვსინჯოთ, რადგან რაც ერთისთვის საინტერესოა, შეიძლება მეორესთვის უინტერესო იყოს. ზოგთან შეგვიძლია პირდაპირ ღმერთზე და ბიბლიაზე დავიწყოთ საუბარი, ზოგთან კი უმჯობესია, ჯერ სხვა საკითხზე ვიმსჯელოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, რომ ყველანაირ ადამიანთან ვიქადაგოთ (რომ. 1:14—16). სიმართლის მოყვარული ადამიანის გულში ჭეშმარიტების თესლს იეჰოვა ზრდის (1 კორ. 3:6, 7). w19.07 22, 23 ¶10, 11
კვირა, 16 მაისი
თუ ღმერთმა ასე შეგვიყვარა, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი (1 იოან. 4:11).
იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძალიან ვუყვარვართ, და-ძმების სიყვარულისკენ გვიბიძგებს (1 იოან. 4:20, 21). შეიძლება ვიფიქროთ, რომ და-ძმების შეყვარებას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, რადგან, სხვა თუ არაფერი, ყველანი იეჰოვას ვემსახურებით და ვცდილობთ, მისი შესანიშნავი თვისებები ავირეკლოთ. გარდა ამისა, ვბაძავთ იესოს, რომელმაც ისე ძლიერ შეგვიყვარა, რომ სიცოცხლეც კი გაიღო ჩვენთვის. თუმცა დროდადრო შეიძლება გაგვიჭირდეს ბიბლიური რჩევის გათვალისწინება, რომელიც ერთმანეთის სიყვარულისკენ მოგვიწოდებს. ევოდია და სინტიქე მოშურნე ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც პავლეს მხარდამხარ მსახურობდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, მათ უთანხმოება მოუვიდათ და უწინდებურად ახლო ურთიერთობა აღარ ჰქონდათ. ფილიპეს კრებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ეს დები სახელებით მოიხსენია და შეაგონა, რომ ერთი აზრი ჰქონოდათ (ფილ. 4:2, 3). მოციქულმა საჭიროდ ჩათვალა, რომ მთელი კრებისთვის ერჩია: „ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ“ (ფილ. 2:14). w19.08 9 ¶6, 7
ორშაბათი, 17 მაისი
ატარეთ ერთმანეთის ტვირთი (გალ. 6:2).
სასიამოვნოა, რომ კრებები თუ ცალკეული ქრისტიანები ცდილობენ, ხელი შეუწყონ სრული დროით მსახურებს თავიანთი დავალების შესრულებაში. ზოგი ამხნევებს მათ, ზოგი ფინანსურ ან სხვა მატერიალურ დახმარებას უწევს, ზოგიც ოჯახის წევრებზე ზრუნვაში ეხმარება, რადგან თავად უცხო ქვეყანაში ან სხვა ქალაქში უწევთ მსახურება. თუ სრული დროით მსახურს დავალება შეეცვლება და თქვენს კრებაში დაინიშნება, ნუ დაასკვნით, რომ თავი ვერ გაართვა საქმეს ან რაიმე შეცდომა დაუშვა. პირიქით, უმჯობესი იქნება, დაეხმაროთ მას ამ ცვლილებასთან შეგუებაში. გულთბილად მიიღეთ და საქებარი სიტყვები მაშინაც კი არ დაიშუროთ მის მიმართ, თუ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო უწინდებურად ბევრს ვეღარ აკეთებს იეჰოვასთვის. ახლოს გაიცანით ის და სასიკეთოდ გამოიყენეთ მისი ცოდნა და გამოცდილება. იმ და-ძმებს, რომლებიც ახალ დავალებას იღებენ, შეიძლება თავიდან თქვენი დახმარება დასჭირდეთ დაბინავებასთან, ტრანსპორტირებასთან, სამსახურსა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით. w19.08 23, 24 ¶12, 13
სამშაბათი, 18 მაისი
გოგ, შენით განვიწმინდები მათ თვალწინ (ეზეკ. 38:16).
გოგი დაიმედებული იქნება „ხორციელ ძალაზე“ ანუ თავის სამხედრო ძალაზე (2 მატ. 32:8). ჩვენ კი იეჰოვაზე, ჩვენს ღმერთზე ვიქნებით მინდობილები. ღვთის ხალხის ასეთი განწყობა ერებისთვის სრული უგუნურება იქნება, რადგან ერთ დროს ძლევამოსილი ბაბილონი ვერ დაიცვეს მისმა ღმერთებმა „მხეცისგან“ და მისი „ათი რქისგან“ (გამოცხ. 17:16). ამიტომ გოგს იმედი ექნება, რომ ადვილად მოიპოვებს გამარჯვებას. როგორც ღრუბელი ფარავს მიწას, ისე დაესხმება გოგი თავს ღვთის ხალხს. თუმცა ის მალევე მიხვდება, რომ მახეში გაება, საიდანაც თავს ვერ დააღწევს. გოგიც ისევე გააცნობიერებს, რომ იეჰოვას წინააღმდეგ იბრძვის, როგორც ეს ფარაონმა გააცნობიერა წითელ ზღვასთან (გამ. 14:1—4; ეზეკ. 38:3, 4, 18, 21—23). იესო თავის ზეციერ ლაშქართან ერთად ღვთის ხალხს მხსნელად მოევლინება. ის მიწის პირისგან აღგვის გოგსა და მის სამხედრო ძალას (გამოცხ. 19:11, 14, 15). რა ბედი ეწევა იეჰოვას მთავარ მტერს, სატანას, რომელმაც თავისი სიცრუით ერთა კოალიცია შეცდომაში შეიყვანა და ღვთის ხალხზე თავდასხმისკენ უბიძგა? იესო სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის და ათასი წლით ჩაკეტავს (გამოცხ. 20:1—3). w19.09 11, 12 ¶14, 15
ოთხშაბათი, 19 მაისი
დაელოდე, რადგან უსათუოდ შესრულდება (აბაკ. 2:3).
ბუნებრივია, მთელი გულით ველით იეჰოვას დანაპირების შესრულებას. თუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, შეიძლება ენთუზიაზმი დავკარგოთ და გული გაგვიტყდეს (იგავ. 13:12). სწორედ ეს დაემართა მე-20 საუკუნის დასაწყისში მცხოვრებ ზოგ და-ძმას. იმ პერიოდში ცხებული ქრისტიანები ელოდნენ, რომ ზეციურ ჯილდოს 1914 წელს მიიღებდნენ, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა. როგორ შეხვდნენ ამ ყველაფერს ერთგული და-ძმები? მათ ძირითადი ყურადღება იეჰოვას ნების შესრულებაზე ჰქონდათ გადატანილი და არა ჯილდოს მიღებაზე. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ მოთმინებით გაერბინათ სარბიელი. ეჭვგარეშეა, მთელი გულით ელით დროს, როცა იეჰოვა გაამართლებს თავის სახელსა და უზენაესობას და ყველა დანაპირებს შეასრულებს. გჯეროდეთ, რომ ის ამას დანიშნულ დროს გააკეთებს. მანამდე კი ყველანაირად ვეცადოთ, სრულად დავკავდეთ ღვთისმსახურებით და ხანგრძლივი მოლოდინის მიუხედავად გული არ გავიტეხოთ და სვლა არ შევანელოთ! w19.08 4, 5 ¶9, 10
ხუთშაბათი, 20 მაისი
რბილი და თავმდაბალი ვარ (მათ. 11:29).
ჰკითხეთ საკუთარ თავს: მაქვს რბილი და თავმდაბალი ადამიანის რეპუტაცია? მეთაკილება შავი სამუშაოს შესრულება, რათა სხვებს მოვემსახურო? ვავლენ სიკეთეს სხვების მიმართ? იესო თანამსახურებს სასიამოვნო გარემოს უქმნიდა და სიხარულით ასწავლიდა მათ (ლუკ. 10:1, 19—21). მოწაფეები იმდენად თავისუფლად გრძნობდნენ მასთან თავს, რომ კითხვებს ადვილად უსვამდნენ. თავის მხრივ, იესოც ინტერესდებოდა მათი აზრით და ცდილობდა, კითხვების მეშვეობით გაეგო, რას ფიქრობდნენ ისინი (მათ. 16:13—16). როგორც სათბურში ხარობს მცენარე, ისე ხარობდნენ მოწაფეები მის გვერდით. მათ ბევრი კარგი რამ შეითვისეს იესოსგან და თავადაც გამოიღეს შესაბამისი ნაყოფი — კარგი საქმეები. თუ სხვებზე გარკვეული უფლებამოსილება გაქვთ, დაფიქრდით შემდეგზე: როგორ გარემოს ვუქმნი თანამშრომლებსა თუ ოჯახის წევრებს? ვცდილობ, ხელი შევუწყო მშვიდობას? უადვილდებათ ჩემთვის კითხვების დასმა? მზად ვარ მათი აზრის მოსასმენად? ნამდვილად არ გვინდა, რომ ფარისევლებს დავემსგავსოთ, რომლებიც ურისხდებოდნენ და უხეშად ეპყრობოდნენ ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მათ ნათქვამს ან განსხვავებულ აზრს გამოთქვამდა (მარ. 3:1—6; იოან. 9:29—34). w19.09 20 ¶1; 23 ¶9—11
პარასკევი, 21 მაისი
როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება (1 თეს. 5:3).
მართალია, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე საუბრის დროს მსოფლიო ლიდერები დღესაც აკეთებენ მსგავს განცხადებებს, მაგრამ განცხადება „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ, რომელზეც ბიბლია წინასწარმეტყველებს, სრულიად განსხვავებული იქნება. რატომ ვამბობთ ამას? როცა ეს მოხდება, ბევრი დაიჯერებს, რომ წამყვანმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად აქციეს. მაგრამ სინამდვილეში მათ „მოულოდნელი განადგურება“ დაატყდებათ თავს, რომელიც „დიდ გასაჭირს“ მოჰყვება (მათ. 24:21). ზუსტად არ ვიცით, რის საფუძველზე გააკეთებენ მსოფლიო ლიდერები „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ განცხადებას. ჩვენ არც ის ვიცით, ერთი საგანგებო განცხადება გაკეთდება ამის თაობაზე თუ რამდენიმე. როგორც უნდა იყოს, ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: მსოფლიო ლიდერები ვერ შეძლებენ მშვიდობის დამყარებას. ეს ყველაფერი კი იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ „იეჰოვას დღე“ სადაცაა დაიწყება (1 თეს. 5:2). w19.10 8, 9 ¶3, 4
შაბათი, 22 მაისი
მაშინ გადარჩება შენი ხალხი (დან. 12:1).
არმაგედონის ომი საბოლოო წერტილს დაუსვამს ამ ქვეყნიერებას, თუმცა ჩვენ შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან ეს ღვთის ბრძოლაა (იგავ. 1:33; ეზეკ. 38:18—20; ზაქ. 14:3). იეჰოვას ბრძანებისამებრ იესო ზეციერ ლაშქარს წაუძღვება, რომელშიც მკვდრეთით აღდგენილი ცხებულები და უთვალავი ანგელოზი შედიან. ისინი ერთად იბრძოლებენ, სატანის, დემონებისა და დედამიწაზე არსებული მათი ჯარების წინააღმდეგ (გამოცხ. 6:2; 17:14). იეჰოვა გვპირდება: „არც ერთ იარაღს, რომელიც შენ წინააღმდეგ შეიქმნება, არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17). ღვთის ერთგული „უამრავი ხალხი“ გადაურჩება დიდ გასაჭირს და კვლავაც შეუსრულებს იეჰოვას წმინდა მსახურებას! (გამოცხ. 7:9, 13—17). ბიბლია არაერთ მიზეზს გვაძლევს, რომ მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ! ეჭვი არ გვეპარება, რომ „იეჰოვა იცავს ერთგულებს“ (ფსალმ. 31:23). ყველა, ვისაც უყვარს იეჰოვა და განადიდებს მას, საკუთარი თვალით იხილავს, როგორ გაამართლებს ის თავის წმინდა სახელს (ეზეკ. 38:23). w19.10 18, 19 ¶17, 18
კვირა, 23 მაისი
ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები (იგავ. 17:17).
ბოლო დღეების მიწურულს შეიძლება დიდ განსაცდელებს შევხვდეთ (2 ტიმ. 3:1). მაგალითად, დასავლეთ აფრიკის ერთ ქვეყანაში საარჩევნო კამპანიას სამოქალაქო არეულობა და ძალადობა მოჰყვა. ექვს თვეზე მეტხანს და-ძმებს თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლოთ, რადგან ქვეყანა ბრძოლის ველად იყო ქცეული. რა დაეხმარა მათ, გამკლავებოდნენ ასეთ რთულ ვითარებას? ზოგი მათგანი იმ და-ძმებმა შეიფარეს, რომლებიც შედარებით უსაფრთხო ადგილას ცხოვრობდნენ. ერთი ძმა იხსენებს: „მძიმე წუთებში ერთმანეთს ვამხნევებდით. ასეთ დროს მეგობრების თანადგომა ძალიან დავაფასე“. მეგობრების გვერდში დგომას დიდი გასაჭირის დროს ჩვენც განსაკუთრებით დავაფასებთ (გამოცხ. 7:14). ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღესვე განვივითაროთ და-ძმებთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა (1 პეტ. 4:7, 8). ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მტრები შეეცდებიან, დეზინფორმაციის მეშვეობით განხეთქილება ჩამოაგდონ ჩვენ შორის. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ერთმანეთს დაგვაპირისპირონ, თუმცა ვერაფერს გახდებიან. ვერ გაგვინელებენ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს და ჩვენს მეგობრობას ბზარს ვერ გაუჩენენ. w19.11 2 ¶1, 2; 7 ¶19
ორშაბათი, 24 მაისი
შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების მოგერიებას (ეფეს. 6:16).
„სიცრუის მამა“ სატანა თავის გავლენაში მყოფ ადამიანებს იეჰოვასა და ჩვენს და-ძმებზე სიცრუის გასავრცელებლად იყენებს (იოან. 8:44). მაგალითად, განდგომილები სხვადასხვა ვებგვერდისა და მედია საშუალების მეშვეობით იეჰოვას ორგანიზაციაზე სიცრუესა და დამახინჯებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ეს სიცრუე ცეცხლმოკიდებული ისრებივითაა. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ განდგომილები ჩვენს შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან? ჩვენ გვწამს იეჰოვასი და ვენდობით და-ძმებს, ამიტომ არც კი უნდა მოვუსმინოთ მათ. იეჰოვას მოწმეები ნებისმიერი სახის ურთიერთობას ვერიდებით განდგომილებთან. ჩვენ არავის და არაფრის გამო არ დავიწყებთ მათთან კამათს და არც ცნობისმოყვარეობის გამო შევალთ პოლემიკაში. გაუძელით ცდუნებას, არ მოგესმინათ განდგომილებისთვის და არ ჩაბმულიყავით მათთან კამათში? თუ ასეა, ნამდვილად შესაქები ხართ. თუმცა ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან სატანის არსენალში სხვა იარაღებიც მოიპოვება. w19.11 15 ¶8; 16 ¶11
სამშაბათი, 25 მაისი
გულის ზრახვებს კი იეჰოვა ამოწმებს (იგავ. 16:2).
გადაწყვეტილების მიღებისას დაფიქრდით თქვენს მოტივებზე. იეჰოვას სურს, რომ ყველაფერი სწორი მოტივებით ვაკეთოთ. ამიტომ გადაწყვეტილებების მიღებისას გვინდა, რომ საკუთარ თავთანაც გულწრფელები ვიყოთ და სხვებთანაც. სწორი მოტივების გარეშე შეიძლება გაგვიჭირდეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედება. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ახალგაზრდა ძმამ პიონერად მსახურება გადაწყვიტა. თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ გაუჭირდა საათების ნორმის შესრულება და სიხარული დაკარგა. შესაძლოა ის ფიქრობდა, რომ პიონერობის დაწყების მთავარი მოტივი იეჰოვასთვის გულის გახარება იყო. მაგრამ მიზეზი შეიძლება სულ სხვა რამ ყოფილიყო, მაგალითად მშობლების ან რომელიმე თანაქრისტიანის მოწონების დამსახურება. დავფიქრდეთ კიდევ ერთ სიტუაციაზე. ბიბლიის შემსწავლელმა გადაწყვიტა, მოწევისთვის თავი დაენებებინა. მართალია, ძალიან უჭირდა, მაგრამ ერთი-ორი კვირა სიგარეტს არ გაჰკარებია. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ გაუძლო ცდუნებას და კვლავ დაიწყო მოწევა. თუმცა საბოლოოდ დაძლია მავნე ჩვევა, რადგან ძალიან უყვარდა იეჰოვა და მისთვის გულის გახარება სურდა (კოლ. 1:10; 3:23). w19.11 27 ¶9; 29 ¶10
ოთხშაბათი, 26 მაისი
ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის ღირსად მოიქეცით, როგორც მოქალაქეებს შეჰფერით (ფილ. 1:27, სქ.).
პავლე მოციქულს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ბოლომდე გაირბენდა სარბიელს და მიზანს მიაღწევდა. როგორც ცხებული ქრისტიანი, მოუთმენლად ელოდა დროს, როცა „ღვთის მიერ ზეციური მოწოდების ჯილდოს“ მიიღებდა. თუმცა პავლე აცნობიერებდა, რომ არ უნდა შეეწყვიტა მიზნისკენ სწრაფვა (ფილ. 3:14). მან საინტერესო მაგალითი მოუყვანა ფილიპელებს, რითაც შეახსენა, რომ ყურადღება მიზნიდან სხვა რამეზე არ გადაეტანათ. პავლემ ფილიპელებს ზეციური მოქალაქეობა შეახსენა (ფილ. 3:20). რატომ უნდა ხსომებოდათ ეს? იმ დროს რომის მოქალაქეობას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. თუმცა ცხებულ ქრისტიანებს გაცილებით უკეთესი მოქალაქეობა ჰქონდათ, რაც მათ შესანიშნავ მომავალს უქადდა. ამასთან შედარებით რომის მოქალაქეობა არაფერი იყო. დღეს ცხებული ქრისტიანები ისწრაფიან მიზნისკენ — ზეცაში მარადიული სიცოცხლის ჯილდოსკენ, რითაც კარგ მაგალითს გვაძლევენ. w19.08 6 ¶14, 15
ხუთშაბათი, 27 მაისი
თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით (იოან. 8:36).
ასეთ თავისუფლებას ებრაელები საიუბილეო წელიწადს ნამდვილად ვერ მოიპოვებდნენ! (ლევ. 25:8—12). მაგალითად, საიუბილეო წელს გათავისუფლებული ადამიანი კვლავ შეიძლებოდა გამხდარიყო მონა. თუმცა მთელი სიცოცხლე თავისუფალი რომც ყოფილიყო, ის სიკვდილის მონობას მაინც ვერსად გაექცეოდა. ახ წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ იესოს მოციქულები და ერთგული მოწაფეები წმინდა სულით ცხო. მან შვილებად მიიღო ისინი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მომავალში ზეციური ცხოვრებისთვის აღდგებოდნენ და იესოსთან ერთად იმმართველებდნენ (რომ. 8:2, 15—17). მათ პირველებმა მიიღეს თავისუფლება, რომლის შესახებაც იესომ ნაზარეთის სინაგოგაში გამოაცხადა (ლუკ. 4:16—19, 21). სულითცხებული მამაკაცები და ქალები აღარც ცრუ სწავლებების მონები იყვნენ და აღარც რელიგიური წინამძღოლების მიერ დადგენილი ტრადიციების. გარდა ამისა, ისინი ღვთის თვალში მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან არიან თავისუფლები, რომლის საზღაურიც სიკვდილია. სიმბოლური საიუბილეო წელიწადი ახ. წ. 33 წელს დაიწყო, როცა იესოს მიმდევრებმა წმინდა სული მიიღეს. ეს პერიოდი ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის ბოლოს დასრულდება. w19.12 11 ¶11, 12
პარასკევი, 28 მაისი
ცუდი საზოგადოება ხრწნის კარგ ჩვევებს (1 კორ. 15:33).
მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს კარგი მეგობრების არჩევაში. ორივე მშობელმა უნდა იცოდეს, ვისთან ურთიერთობს მათი შვილი და რით არის დაკავებული. ეს იმასაც მოიაზრებს, რომ იცოდნენ, სოციალური მედიისა თუ მობილურის მეშვეობით ვისთან აქვს ურთიერთობა მათ შვილს, რადგან სამეგობრო წრე დიდ გავლენას ახდენს ბავშვების აზროვნებასა და საქციელზე. ბევრი მშობელი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მათ შვილებს ისეთ ადამიანებთან ჰქონდეთ ურთიერთობა, ვინც იეჰოვას მსახურებაში კარგ მაგალითს იძლევა. მაგალითად, კოტ-დ’ივუარში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი, ენდენი და ბომინი, ხშირად ეპატიჟებოდნენ სარაიონო ზედამხედველს, რომ მათთან დარჩენილიყო. ენდენი ამბობს: „ამან ჩვენს ვაჟზე ძალიან კარგი გავლენა იქონია. მან პიონერად მსახურება დაიწყო და ახლა სარაიონო ზედამხედველის დამხმარეა“. კარგი იქნება, თუ მშობლები პატარაობიდანვე დაიწყებენ შვილების აღზრდას (იგავ. 22:6). გავიხსენოთ ტიმოთეს მაგალითი. მის აღზრდაზე დედამისი ევნიკე და ბებიამისი ლოისი ჩვილობიდანვე ზრუნავდნენ (2 ტიმ. 1:5; 3:15). w19.12 25 ¶14; 26 ¶16, 17
შაბათი, 29 მაისი
ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია (იგავ. 18:24).
საიმედო მეგობარი ვიქნებით, თუ მაგალითად, გასაჭირში მყოფ თანამორწმუნეებს მხოლოდ სიტყვით კი არ აღვუთქვამთ მხარდაჭერას, არამედ პრაქტიკულადაც დავეხმარებით (მათ. 5:37; ლუკ. 16:10). როცა და-ძმებმა იციან, რომ შეუძლიათ სირთულეების დროს ჩვენი დახმარების იმედი ჰქონდეთ, ეს დიდად ანუგეშებთ. ერთი და გვიხსნის: „მშვიდად ხარ, როცა იცი, რომ ის, ვინც დახმარებას დაგპირდა, პირობას აუცილებლად შეასრულებს“. განსაცდელის ან გულგატეხილობის დროს ადამიანები ხშირად შვებას გრძნობენ, როცა გულს სანდო მეგობარს უშლიან. სანდო და საიმედო მეგობრები რომ ვიყოთ, მოთმინება გვჭირდება. ეს კარგად ჩანს ჟანას შემთხვევიდან, რომელიც ქმარმა მიატოვა. მან ახლო მეგობრებთან საუბრის შემდეგ თავი გაცილებით უკეთ იგრძნო. ის ამბობს: „მიუხედავად იმისა, რომ ერთსა და იმავეს დაუსრულებლად ვიმეორებდი, მეგობრები მოთმინებით მისმენდნენ“. თუ კარგი მომსმენი იქნებით, ცხადყოფთ, რომ ნამდვილი მეგობარი ხართ. w20.01 10, 11 ¶9—11
კვირა, 30 მაისი
დედის მუცელშივე წმინდა სულით აღივსება (ლუკ. 1:15).
ბიბლიაში ბევრი ღვთის ერთგული მსახურის მაგალითია ჩაწერილი, რომლებმაც წმინდა სული მიიღეს. მიუხედავად ამისა, მათ ზეციური ცხოვრების იმედი არ ჰქონიათ. დავითს წმინდა სული ხელმძღვანელობდა; ღვთის სულის დახმარებით მან იეჰოვას შესახებ ცოდნა გაიღრმავა და ბიბლიის გარკვეული მონაკვეთებიც დაწერა (1 სამ. 16:13; მარ. 12:36). თუმცა მოციქულმა პეტრემ თქვა, რომ „დავითი არ ასულა ზეცაში“ (საქ. 2:34). იოანე ნათლისმცემელიც წმინდა სულით იყო სავსე (ლუკ. 1:13—16). იესომ თქვა, რომ არავინ იყო მასზე დიდი, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ის ღვთის ზეციერი სამეფოს მემკვიდრე არ გახდებოდა (მათ. 11:10, 11). მართალია, იეჰოვა თავისი წმინდა სულით ამ მამაკაცებს გასაოცარ საქმეებს აკეთებინებდა, მაგრამ ისინი ზეციური ცხოვრებისთვის არ აურჩევია. უნდა ვიფიქროთ, რომ მათ ღვთისადმი ერთგულება ნაკლებად გამოავლინეს? რა თქმა უნდა, არა. იეჰოვა მათ დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად აღადგენს (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15). w20.01 25 ¶15
ორშაბათი, 31 მაისი
ჩვენ გვიყვარს, რადგან ჯერ მან შეგვიყვარა (1 იოან. 4:19).
იეჰოვას სურს, რომ თავისი თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ოჯახის წევრები გავხდეთ. ეს სულიერი ოჯახი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ღმერთს. ისინი რწმენას ავლენენ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ. ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ დღესვე გვაქვს აზრიანი ცხოვრება და მომავალში უსასრულო სიცოცხლის შესაძლებლობა, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე. იეჰოვას უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს ის, რომ შეგვიძლია მისი ოჯახის წევრები გავხდეთ. მას ამისთვის დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია (იოან. 3:16). ბიბლიაში წერია, რომ ჩვენ „ფასით [ვართ] ნაყიდნი“ (1 კორ. 6:20). გამოსასყიდის წყალობით იეჰოვამ შესაძლებლობა მოგვცა, მასთან ახლო ურთიერთობა განგვევითარებინა. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, სამყაროში ყველაზე დიდებულ პიროვნებას მამა ვუწოდოთ. იეჰოვა შეუდარებელ მამობას გვიწევს. ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის მსგავსად შეიძლება ჩვენც გაგვიჩნდეს კითხვა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12). მართალია, სანაცვლოდ ვერაფერს გადავუხდით ჩვენს ზეციერ მამას, მაგრამ გვინდა, მის მიერ გამოვლენილ სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ. w20.02 8 ¶1—3