ივნისი
სამშაბათი, 1 ივნისი
მისი მეტოქე ფენინა მისთვის გულის მოსაკლავად მწარედ დასცინოდა (1 სამ. 1:6).
წინასწარმეტყველი სამუელის დედა, ხანა საკმაოდ დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. წლების განმავლობაში მას შვილი არ უჩნდებოდა (1 სამ. 1:2). ძველ ისრაელში უშვილო ქალს დაწყევლილად მიიჩნევდნენ. სწორედ ამიტომ გრძნობდა ის თავს დამცირებულად (დაბ. 30:1, 2). ხანას მდგომარეობას სხვა რამეც ამძიმებდა. მის ქმარს მეორე ცოლიც ჰყავდა, ფენინა, რომელმაც შვილები გაუჩინა და ამით ხანას ამწარებდა. თავიდან ხანა იმდენად განიცდიდა თავის მდგომარეობას, რომ სულგამწარებული იყო, „ტიროდა და არაფერს ჭამდა“ (1 სამ. 1:7, 10). რამ ანუგეშა ის? ხანამ იეჰოვას ლოცვაში გული გადმოუღვარა. ლოცვის შემდეგ კი თავისი საწუხარი მღვდელმთავარ ელის გაანდო. ელიმ მას უთხრა: „წადი მშვიდობით, ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“. როგორ იმოქმედა ამ სიტყვებმა ხანაზე? ბიბლიაში ვკითხულობთ: „წავიდა ქალი, ჭამა და აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:17, 18). ლოცვამ ხანას შინაგანი სიმშვიდე დაუბრუნა. w20.02 21 ¶4, 5
ოთხშაბათი, 2 ივნისი
თქვენი საუბარი ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ (კოლ. 4:6).
ამ ქვეყნიერების აღსასრულს, რომელიც მალე დადგება, მხოლოდ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები გადაურჩებიან (საქ. 13:48). ამიტომ ბუნებრივია ყველას გვსურს, რომ ჩვენი ოჯახის წევრებიც შემოგვიერთდნენ ღვთის მსახურებაში. ჩვენს მოსიყვარულე მამას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ქადაგების როგორც კარგი, ისე ცუდი მეთოდი. მაგალითად, შეიძლება უცხოებთან ქადაგების დროს თავაზიანები ვიყოთ, მაგრამ ოჯახის წევრებთან უხეშები და ზედმეტად პირდაპირები. ოჯახის წევრებთან ქადაგების პირველი მცდელობა შეიძლება ცუდად გვახსენდება და ვნანობთ, რომ უკეთესი მეთოდი არ შევარჩიეთ. კარგი იქნება, თუ მოციქული პავლეს რჩევას, რომელიც დღევანდელ მუხლშია ჩაწერილი, ოჯახის წევრებთან ქადაგების დროსაც გამოვიყენებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოსმენის ხალისიც დავუკარგოთ მათ და ჩვენთან ურთიერთობის სურვილიც. w19.08 14, 15 ¶3—5
ხუთშაბათი, 3 ივნისი
[ქრისტემ] მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს (1 პეტ. 2:21).
როგორ იმოქმედა თქვენზე ღვთის ძის შესახებ მეტის გაგებამ? მაგალითად, თქვენ უკვე იცით, რომ იესო სამყაროში მეორე პიროვნებაა. მან საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე ჩვენ გამოსასყიდად. როცა საქმეებით ცხადვყოფთ, რომ რწმენას ვავლენთ იესოს გამოსასყიდის მიმართ, ცოდვები გვეპატიება, ღმერთს ვუმეგობრდებით და შესაძლებლობა გვეძლევა, მარადიულად ვიცოცხლოთ (იოან. 3:16). იესო ჩვენი მღვდელმთავარია. მას სურს, გამოსასყიდის საფუძველზე ახლო ურთიერთობა განვავითაროთ ღმერთთან (ებრ. 4:15; 7:24, 25). ღვთის სამეფოს მეფის, იესოს, მეშვეობით იეჰოვა განწმენდს თავის სახელს, წერტილს დაუსვამს ბოროტებას და ერთგულებს სამოთხეში მარადიული კურთხევებით დააჯილდოებს (მათ. 6:9, 10; გამოცხ. 11:15). ჩვენ უნდა მივბაძოთ იესოს. მან საკუთარი სიცოცხლე ღვთის ნების შესრულებას მიუძღვნა, რითაც საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა (იოან. 4:34). იესოს შესახებ ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი რწმენა უფრო მეტად შეგაყვარებთ ღვთის ძეს. ეს სიყვარული კი აღგძრავთ, მის მსგავსად ღვთის ნების შესრულებას თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაუთმოთ. w20.03 10 ¶12, 13
პარასკევი, 4 ივნისი
განუწყვეტლივ ილოცეთ! (1 თეს. 5:17)
სიკვდილის წინა ღამეს იესომ ბევრჯერ მიმართა ლოცვით ზეციერ მამას. როდესაც თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს აწესებდა, პურისა და ღვინის გადაწოდებამდე მან ლოცვით მიმართა იეჰოვას (1 კორ. 11:23—25). ვიდრე იმ ადგილს დატოვებდნენ, სადაც პასექის დღესასწაული აღნიშნეს, იესომ მოწაფეებთან ერთად კიდევ ერთხელ ილოცა (იოან. 17:1—26). მან არაერთხელ მიმართა ღმერთს ლოცვით, როცა ზეთისხილის მთაზე მოწაფეებთან ერთად ავიდა (მათ. 26:36—39, 42, 44). იესოს მიერ წარმოთქმული უკანასკნელი სიტყვებიც ზეციერი მამისკენ იყო მიმართული (ლუკ. 23:46). აშკარაა, რომ იესო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში იეჰოვას მიმართავდა ლოცვით. ერთ-ერთი, რაც იესოს ურთულესი განსაცდელების გადატანაში დაეხმარა, ლოცვა იყო. მისი ლოცვები იეჰოვასადმი ნდობაზე მეტყველებდა. იესოსგან განსხვავებით, მოციქულებმა იმ ღამეს ვერ შეინარჩუნეს ლოცვაში სიფხიზლე. შედეგად, განსაცდელის დროს ისინი შიშმა შეიპყრო (მათ. 26:40, 41, 43, 45, 56). პრობლემების პირისპირ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევინარჩუნებთ ერთგულებას, თუ იესოს მსგავსად განუწყვეტლივ ვილოცებთ. w19.04 9 ¶4, 5
შაბათი, 5 ივნისი
მე ვარ იეჰოვა, მე არ ვიცვლები (მალ. 3:6).
იეჰოვას სძულს სპირიტიზმი. ერთხელ მან ისრაელებს უთხრა: „არ იყოს შენში თავისი ვაჟის ან ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც მკითხავი, არც ჯადოქარი, მისანი, არც გრძნეული, არც ჯადოს გამკეთებელი, არც ის, ვინც რჩევას სთხოვს სულების გამომძახებელს ან მარჩიელს, და არც მკვდართა გამომკითხველი. ამის გამკეთებელი სძულს იეჰოვას და ამ სისაძაგლეთა გამო დევნის მათ შენგან იეჰოვა, შენი ღმერთი“ (კან. 18:10—12). მართალია, ქრისტიანები არ ვექვემდებარებით ისრაელებისთვის მიცემულ კანონს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ სპირიტიზმისადმი იეჰოვას დამოკიდებულება არ შეცვლილა. იეჰოვა გვაფრთხილებს სპირიტიზმის შესახებ, რადგან იცის, რომ სატანა ამ მეთოდს მიმართავს ადამიანებისთვის ზიანის მისაყენებლად. სწორედ სპირიტიზმის მეშვეობით ავრცელებს სატანა ტყუილს, რომ თითქოს სიკვდილის შემდეგ სული სხვა სამყაროში განაგრძობს არსებობას (ეკლ. 9:5). სპირიტიზმს ის ხალხის დასაშინებლად და იეჰოვასგან ჩამოსაშორებლადაც იყენებს. მისი მიზანია, რომ ხალხმა ბოროტ სულებზე დაამყაროს იმედი და არა იეჰოვაზე. w19.04 21 ¶5, 6
კვირა, 6 ივნისი
თუ რამეს აშავებ, გეშინოდეს (რომ. 13:4).
ბავშვზე სექსუალური ძალადობა შემზარავი დანაშაულია. სექსუალური მოძალადე მთელ ცხოვრებას უმახინჯებს ბავშვს. ის ბოროტად სარგებლობს ბავშვის ნდობით და უსაფრთხოების განცდას უკარგავს. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვები ასეთი ბოროტებისგან და ვანუგეშოთ და დავეხმაროთ მათ, ვინც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა (1 თეს. 5:14). როცა ქრისტიანი ბავშვზე სექსუალურად ძალადობს, კრების რეპუტაციას ლახავს (მათ. 5:16; 1 პეტ. 2:12). ქრისტიანულ კრებაში არასდროს მოიძებნება ადგილი მათთვის, ვინც მოუნანიებლად სჩადის ბოროტებას და ღვთის ორგანიზაციის რეპუტაციას ლახავს. თუ კრებაში ვინმე დაარღვევს სისხლის სამართლის კანონს, მაგალითად ბავშვზე სექსუალურად იძალადებს, ეს ხელისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული იქნება (შეადარეთ საქმეების 25:8). მართალია, უხუცესებს არ ევალებათ კანონის აღსრულება, მაგრამ ისინი ხელს არ აფარებენ ბავშვზე სექსუალურად მოძალადეს და არ არიდებენ მას ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელს. w19.05 9 ¶4—7
ორშაბათი, 7 ივნისი
ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის (1 კორ. 3:19).
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი პრობლემიდან ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან იეჰოვაა ჩვენი „დიდებული მოძღვარი“ (ეს. 30:20, 21). მისი სიტყვა გვეხმარება, რომ „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . [ვიყოთ] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:17). როცა ბიბლიური სწავლებების თანახმად ვცხოვრობთ, მათზე მეტ გონიერებას ვავლენთ, ვინც „ამ ქვეყნიერების სიბრძნეს“ უწევს პროპაგანდას (ფსალმ. 119:97—100). სამწუხაროდ, ქვეყნიერების სიბრძნე ხშირად ხორციელ სურვილებსაა მორგებული. ამიტომ ადვილი არ არის, რომ გავექცეთ ამ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ აზროვნებასა და საქციელს. ბიბლია მართებულად მოგვიწოდებს: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (კოლ. 2:8). ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ბოლო დღეებში ადამიანები „სიამოვნებათა მოყვარულები“ გახდნენ (2 ტიმ. 3:4). ქვეყნიერების სიბრძნე რომ უგუნურებაა, სხვა ყველაფერთან ერთად ამაზე სექსუალური გზით გადამდები ისეთი დაავადებების გახშირებაც მიანიშნებს, როგორიცაა მაგალითად შიდს-ი (2 პეტ. 2:19). w19.05 21 ¶1, 2; 22 ¶4, 5
სამშაბათი, 8 ივნისი
წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს (ეფეს. 6:11).
სატანამ დააჯერა ისრაელებს, რომ უხვი მოსავლის მისაღებად წარმართი მეზობლების წეს-ჩვეულებები უნდა გადმოეღოთ. ამ ხალხების რწმენით, ღმერთებს რომ ეწვიმებინათ, გარკვეული რიტუალების შესრულება იყო საჭირო. მათ, ვისაც იეჰოვასადმი რწმენა აკლდა, სჯეროდათ, რომ ეს იყო ხანგრძლივი გვალვის თავიდან არიდების ერთადერთი გზა, ამიტომ ბაალის თაყვანსაცემად წარმართულ რიტუალებს ასრულებდნენ. გარდა ამისა სატანამ უზნეო სურვილები გამოიყენა ისრაელების შესაცდენად. წარმართი ერები თავიანთი ღმერთების თაყვანისმცემლობის დროს საშინელ გარყვნილებას სჩადიოდნენ. უზნეო რიტუალებში მონაწილეობას ტაძრის მეძავი ქალები და კაცებიც იღებდნენ. ჰომოსექსუალიზმსა და უზნეობის სხვა ფორმებს ხალხი უბრალოდ კი არ იწყნარებდა, არამედ ნორმადაც მიიჩნევდა (კან. 23:17, 18; 1 მეფ. 14:24). ამ წარმართ ერებს სჯეროდათ, რომ ასეთი რიტუალების შემდეგ ღმერთები მიწას უფრო ნაყოფიერს გახდიდნენ. ბევრი ისრაელი მოიხიბლა მათი უზნეო რიტუალებით და ცრუ ღმერთების თაყვანისცემის მახეში გაება. w19.06 2 ¶3; 4 ¶7, 8
ოთხშაბათი, 9 ივნისი
ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ (ებრ. 6:10).
ცვლილებებთან შეგუება ბევრ სრული დროით მსახურს, მათ შორის ათასობით ბეთელელს მოუწია, რომელთაც ახალი დავალებები მიიღეს. ამ ერთგული და-ძმებისთვის ადვილი არ იქნებოდა საყვარელ საქმესთან შელევა. თუ თქვენც მათ შორის ხართ, რა დაგეხმარებათ ცვლილებებთან შეგუებაში? შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა, რისთვისაც აუცილებელია ბიბლიის ყოველდღიური კითხვა და მასზე ღრმად დაფიქრება. შეძლებისდაგვარად აქტიურად ჩაერთეთ სამქადაგებლო საქმეში ახალ კრებასთან ერთად. იეჰოვა მაშინაც არ ივიწყებს თავის ერთგულ მსახურებს, როცა ისინი უწინდებურად ბევრს ვეღარ აკეთებენ მისთვის. სულიერი კვლავაც პირველ ადგილზე დააყენეთ. არ დაუშვათ, რომ სატანის ქვეყნიერებამ საწუხარი გაგიჩინოთ და იეჰოვას მსახურებას ჩამოგაშოროთ (მათ. 13:22). არ მოექცეთ ქვეყნიერების, კეთილმოსურნე მეგობრებისა და ნათესავების გავლენაში, რომლებიც სიმდიდრის მოხვეჭისა და „უკეთესი ცხოვრებისკენ“ გიბიძგებენ (1 იოან. 2:15—17). დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვა შეასრულებს თავის დაპირებას და დროულად აღმოგვიჩენს სულიერ, ემოციურ და მატერიალურ დახმარებას (ებრ. 4:16; 13:5, 6). w19.08 20 ¶4; 21, 22 ¶7, 8
ხუთშაბათი, 10 ივნისი
იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში (ფსალმ. 55:22).
მძიმე ემოციურ სიტუაციასთან ხომ არ გიწევთ გამკლავება? რაოდენ მანუგეშებელია ჩვენთვის, რომ იეჰოვას ესმის ჩვენი ემოციური მდგომარეობა, ხედავს ჩვენს შეზღუდულ შესაძლებლობებს და ისიც კი იცის, რას ვფიქრობთ და რას განვიცდით (ფსალმ. 103:14; 139:3, 4). თუ იეჰოვაზე ვიქნებით მინდობილები, აუცილებლად გადაგვალახვინებს პრობლემებს, რომლებიც გვთრგუნავს და ძალას გვაცლის. განსაცდელების დროს შეიძლება უიმედობა დაგეუფლოთ და გული გაგიტყდეთ. თუ მსგავსი გრძნობები გაგიჩნდებათ, გახსოვდეთ, რომ ემოციურად მძიმე წუთებში იეჰოვა მხარში ამოგიდგებათ. როგორ გააკეთებს ის ამას? იეჰოვა მოგიწოდებთ, რომ დარდი მას გაუზიაროთ. ის აუცილებლად შეისმენს თქვენს ღაღადს (ფსალმ. 5:3; 1 პეტ. 5:7). ამიტომ ხშირად ესაუბრეთ იეჰოვას თქვენს პრობლემებზე. მართალია, ღმერთი პირადად არ დაგველაპარაკება, მაგრამ ის ამას თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით გააკეთებს. ბიბლიური მონაკვეთების კითხვა განუგეშებთ და იმედს ჩაგისახავთ. გარდა ამისა, და-ძმებთან ურთიერთობაც თქვენს გამხნევებას მოემსახურება (რომ. 15:4; ებრ. 10:24, 25). w19.06 16 ¶7, 8
პარასკევი, 11 ივნისი
ყველა ხალხი შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო (მათ. 24:9).
დევნის დროს ლოცვით მიმართეთ იეჰოვას და „წყალივით . . . [გადმოუღვარეთ] გული“. გაუმხილეთ მოსიყვარულე მამას თქვენი შიშისა და წუხილის მიზეზი (გოდ. 2:19). რაც უფრო ხშირად გაუზიარებთ იეჰოვას თქვენს გრძნობებს, მით უფრო ახლოს იგრძნობთ მასთან თავს (რომ. 8:38, 39). გჯეროდეთ, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ყველა დაპირება შესრულდება (რიცხ. 23:19). თუ ბოლომდე არ ხართ ამაში დარწმუნებული, სატანა და მისი მხარდამჭერები ადვილად შეძლებენ თქვენს დაშინებას (იგავ. 24:10; ებრ. 2:15). პირადი შესწავლის დროს გამოიკვლიეთ, რას გვპირდება ღმერთი სამეფოს მეშვეობით და რა გარწმუნებთ, რომ ეს დაპირებები რეალობად იქცევა. რატომ არის კარგი ასეთი გამოკვლევა? დავფიქრდეთ სტენლი ჯოუნზის მაგალითზე, რომელიც რწმენის გამო შვიდი წელი იხდიდა სასჯელს. რა დაეხმარა მას ერთგულების შენარჩუნებაში? მან თქვა: „ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ღვთის სამეფოს მეშვეობით იეჰოვას ყველა დაპირება შესრულდებოდა. ეს რწმენას მიძლიერებდა. ამიტომ ვერავინ მაიძულებდა იეჰოვას მიტოვებას“. თუ იეჰოვას დაპირებების მიმართ ძლიერი რწმენა გექნებათ, შიში ვერ დაგჯაბნით (იგავ. 3:25, 26). w19.07 2 ¶1; 3 ¶6, 7
შაბათი, 12 ივნისი
რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული და იქაურობის დატოვებამდე მასთან დარჩით (მათ. 10:11).
რატომ არის მოწაფეების მომზადება ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ მხოლოდ ქრისტეს მოწაფეებს შეუძლიათ ღმერთთან დამეგობრება; მათი ცხოვრება დღესვე იცვლება უკეთესობისკენ; ამასთანავე აქვთ იმედი, რომ მომავალში უსასრულო სიცოცხლით გაიხარებენ (იოან. 14:6; 17:3). ცხადია, იესომ საპასუხისმგებლო საქმე მოგვანდო, თუმცა ამ დავალების შესრულება საკუთარი ძალით არ გვიწევს. პავლე მოციქულმა თავის თავსა და რამდენიმე თანამსახურს „ღვთის თანამშრომელნი“ უწოდა (1 კორ. 3:9). ეს უდიდესი პატივია, რაც არასრულყოფილ ადამიანებს იეჰოვამ და იესომ გვარგუნეს! მოწაფეების მომზადების საქმე დიდ სიხარულს გვანიჭებს. მოწაფეები რომ მოვამზადოთ, ჯერ ჭეშმარიტების მოსასმენად განწყობილი ადამიანები უნდა მოვძებნოთ. როცა ხალხს იეჰოვას შესახებ ვუმოწმებთ და ქრისტეს მითითებისამებრ ყველას ვუქადაგებთ, ვამტკიცებთ, რომ იეჰოვას მოწმეები და ნამდვილი ქრისტიანები ვართ. w19.07 15 ¶3—5
კვირა, 13 ივნისი
სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც, მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს (ეკლ. 7:12).
ბევრ ადამიანს ხიბლავს ბიბლიაში ჩაწერილი პრაქტიკული სიბრძნე. ერთი და, რომელიც ნიუ-იორკში ჩინურენოვან ხალხთან ქადაგებს, ამბობს: „ვცდილობ, ინტერესი გამოვავლინო ადამიანების მიმართ და მოვუსმინო მათ. როცა ვიგებ, რომ ისინი ახალი იმიგრანტები არიან, ვეკითხები, როგორ მოეწყვნენ, იპოვეს თუ არა სამუშაო ან როგორ ექცევა მათ ადგილობრივი ხალხი“. ასეთი მიდგომა მას ზოგჯერ ბიბლიურ თემებზე საუბრის შესაძლებლობას აძლევს. შესაფერის დროს ის ეკითხება მათ: «თქვენი აზრით, რა არის საჭირო, რომ სხვებთან საერთო ენა გამოვნახოთ? თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ერთ აზრს გაგიზიარებთ ბიბლიიდან: „დავის დასაწყისი წყლის გაშვებას ჰგავს; სანამ დავა იფეთქებდეს, გაეცალე იქაურობას“». შემდეგ ასეთ კითხვას უსვამს: „როგორ ფიქრობთ, დაგვეხმარება ეს რჩევა, კარგი ურთიერთობა გვქონდეს სხვებთან?“ (იგავ. 17:14). ამგვარი მსჯელობა დაგვანახვებს, სურს თუ არა ადამიანს ბიბლიიდან მეტის გაგება. w19.07 23 ¶13
ორშაბათი, 14 ივნისი
რა ეშველება მარტომყოფს, თუ დაეცემა და წამომყენებელი არ ეყოლება?! (ეკლ. 4:10)
მათ, ვისაც ცვლილებები შეეხო და ახალი დავალება მიიღეს, სიბრალული კი არა, თანადგომა სჭირდებათ. ზოგი შეიძლება საკუთარი ან ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ღელავდეს; ზოგს საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ტანჯავდეს; ზოგი კი ხმამაღლა არ საუბრობდეს, მაგრამ ძალიან განიცდიდეს მეგობრებთან განშორებას. მათ დრო სჭირდებათ, რომ ბოლომდე გააცნობიერონ თავიანთი მდგომარეობა და მოერიონ უარყოფით გრძნობებს. თქვენი მხარდაჭერა და მაგალითი ასეთ და-ძმებს ცვლილებებთან შეგუებას გაუადვილებს. ერთი და, რომელიც სხვა ქვეყანაში არაერთი წელი მსახურობდა, ამბობს: „მანამდე ბიბლიის შესწავლებს ყოველდღე ვატარებდი, მაგრამ, როცა ახალი დავალება მივიღე, მსახურებაში ბიბლიის გადაშალა და ერთი ვიდეოს ჩვენებაც კი სანატრელი გამიხდა. ადგილობრივ მაუწყებლებს თავიანთ განმეორებით მონახულებებსა და ბიბლიის შესწავლებზე მივყავდი. ეს დამეხმარა, ახალი სამქადაგებლო ტერიტორიისთვის დადებითი თვალით შემეხედა. ვისწავლე ადგილობრივებთან საუბრის წამოწყება, რამაც უწინდებური სიხარული დამიბრუნა“. w19.08 22 ¶10; 24 ¶13, 14
სამშაბათი, 15 ივნისი
მოვუწოდებ ევოდიას და სინტიქეს, რომ ერთი აზრი ჰქონდეთ უფალში (ფილ. 4:2).
ევოდიასა და სინტიქეს მსგავსად სხვების ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილებამ შეიძლება ჩვენც შეგვიშალოს ხელი თანაქრისტიანების შეყვარებაში. ფაქტია, შეცდომებს ყოველდღე ვუშვებთ. ამიტომ, თუ და-ძმების ნაკლოვანებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, გაგვიჭირდება მათი შეყვარება. დავუშვათ, სამეფო დარბაზის დალაგების დროს ერთ ძმას დაავიწყდა, რომ თვითონაც მორიგე იყო და არ დაგეხმარათ დასუფთავებაში. შეიძლება ამ დროს გაღიზიანდეთ. მაგრამ, თუ ამას ისიც დაემატება, რომ მის შეცდომებზე დაიწყებთ ფიქრს, შეიძლება იქამდეც კი მიხვიდეთ, რომ აითვალწუნოთ ის და სიყვარული გაგინელდეთ მის მიმართ. თუ თქვენც გაგაღიზიანათ თანაქრისტიანის საქციელმა, კარგი იქნება, დაფიქრდეთ შემდეგზე: იეჰოვასთვის არც თქვენი შეცდომებია დაფარული და არც მისი, თუმცა მას ორივე უყვარხართ. ამიტომ უნდა მივბაძოთ იეჰოვას სიყვარულის გამოვლენაში და ერთმანეთის დადებით თვისებებზე გავამახვილოთ ყურადღება. როცა ყველანაირად ვცდილობთ და-ძმების შეყვარებას, ჩვენს ერთიანობას ვუწყობთ ხელს (ფილ. 2:1, 2). w19.08 9, 10 ¶7, 8
ოთხშაბათი, 16 ივნისი
იეჰოვა . . . ამჩნევს თავმდაბლებს (ფსალმ. 138:6).
იეჰოვას უყვარს თავმდაბალი ადამიანები. მასთან ახლო და მეგობრული ურთიერთობის განვითარება მხოლოდ გულით თავმდაბლებს შეუძლიათ. რაც შეეხება მედიდურებს, იეჰოვა მათ „მხოლოდ შორიდან იცნობს“. ფაქტია, ყველას გვსურს, იეჰოვას მოწონება და სიყვარული დავიმსახუროთ, რაც უკვე საკმარისი მიზეზია თავმდაბლობის განსავითარებლად. თავმდაბლობა არის სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ თავმდაბალი ადამიანი მოკრძალებულია, აღიარებს იეჰოვას აღმატებულ მდგომარეობას, არ აკნინებს სხვების როლს და აცნობიერებს, რომ ისინი მასზე რაღაცით უკეთესები არიან (ფილ. 2:3, 4). ზოგი შეიძლება თავმდაბალი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ სულაც არ იყოს ასეთი. ადამიანი შეძლება მორცხვი და წყნარი ჩანდეს ან კულტურისა თუ აღზრდის გამო სხვების მიმართ მოწიწებასა და პატივისცემას ავლენდეს, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ამაყი იყოს. ფაქტია, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოაშკარავდება მისი გულის მდგომარეობა (ლუკ. 6:45). w19.09 2 ¶1, 3, 4
ხუთშაბათი, 17 ივნისი
შურს იძიებს მათზე, . . ვინც არ იღებს სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის, იესოს შესახებ (2 თეს. 1:8).
„სასიხარულო ცნობა ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ მოიცავს იესოს ყველა სწავლებას. სასიხარულო ცნობას მაშინ ვემორჩილებით, როცა მის თანახმად ვცხოვრობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს ინტერესებს, ვემორჩილებით ღვთის სამართლიან ნორმებს და ვქადაგებთ ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 6:33; 24:14). ამაში აგრეთვე შედის ქრისტეს ცხებული ძმების მხარდაჭერა, რომელთაც საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ (მათ. 25:31—40). მალე ისინი „სხვა ცხვარს“ მათ მიმართ გამოვლენილ სიკეთეზე სიკეთითვე უპასუხებენ (იოან. 10:16). როგორ გააკეთებენ ისინი ამას? არმაგედონის დაწყებამდე 144 000-ის დარჩენილი ნაწილი ზეცად ამაღლდება და უკვდავებას მიიღებს. დედამიწიდან არჩეული ყველა ცხებული ძე ღვთის ზეციერ ლაშქარს შეუერთდება, რომელიც გაანადგურებს გოგს და დაიცავს ცხვრისმაგვარი ადამიანებისგან შემდგარ „უამრავ ხალხს“ (გამოცხ. 2:26, 27; 7:9, 10). „უამრავი ხალხი“ დიდად გაიხარებს, რომ მხარს უჭერდნენ ღვთის ცხებულ მსახურებს, სანამ ისინი დედამიწაზე იყვნენ! w19.09 12, 13 ¶16—18
პარასკევი, 18 ივნისი
გამოცოცხლდებით (მათ. 11:29).
რატომ არის გამომაცოცხლებელი იესოს მიერ დავალებული საქმე? ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გვყავს საუკეთესო ზედამხედველები. იეჰოვა, სამყაროს უზენაესი ღმერთი, უმადურ და უხეშ ბატონს არ ჰგავს, რომელიც არაფრად აგდებს თავის მსახურთა შრომას. პირიქით, ის ძალიან აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის ვაკეთებთ (ებრ. 6:10). იეჰოვა ძალასაც გვაძლევს, რომ მონდობილი საქმე შევასრულოთ (2 კორ. 4:7; გალ. 6:5). ჩვენმა მეფემ, იესომ, სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ უნდა მოვექცეთ სხვებს (იოან. 13:15). უხუცესები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ, ცდილობენ, „დიდებულ მწყემსს“, იესოს მიჰბაძონ (ებრ. 13:20; 1 პეტ. 5:2). ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ კეთილად მოგვეპყრონ, გაგვამხნეონ და გაბედულად დაგვიცვან და იზრუნონ ჩვენზე. აგრეთვე გვყავს საუკეთესო მეგობრები. რა ბედნიერებაა, რომ ყველაზე ღირებულ საქმეს ვასრულებთ და ყველაზე თბილ და მოსიყვარულე ხალხს მივეკუთვნებით. უბრალოდ დაფიქრდით: გვაქვს პატივი, მათ მხარდამხარ ვიშრომოთ, რომლებიც მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრობენ, თუმცა ამის გამო სხვებს ზემოდან არ უყურებენ. ისინი თავს სხვებზე უკეთესებად არ მიიჩნევენ. ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ თანამსახურებად კი არა, მეგობრებად ვთვლით. ჩვენ შორის არსებული სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ მზად ვართ, სიცოცხლეც კი დავთმოთ ერთმანეთისთვის. w19.09 20 ¶1; 23 ¶12—14
შაბათი, 19 ივნისი
სიბნელეში არ ხართ, რომ იმ დღემ ისე მოგისწროთ, როგორც დილამ — ქურდებს (1 თეს. 5:4).
ამ მოწოდებაში მოციქული პავლე საუბრობს „იეჰოვას დღეზე“ (1 თეს. 5:1—6). ამ მუხლებში მოხსენიებული „იეჰოვას დღე“ მიუთითებს პერიოდზე, რომელიც „დიდ ბაბილონზე“, ცრუ რელიგიურ სამყაროზე, თავდასხმით დაიწყება და არმაგედონის ომით დასრულდება (გამოცხ. 16:14, 16; 17:5). პავლეს ამ მოწოდებიდან აგრეთვე ვიგებთ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ „იეჰოვას დღეს“ მზადყოფნით შევხვდეთ. ჩვენ არ უნდა „[დავიძინოთ] დანარჩენების მსგავსად“, არამედ უნდა „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“. იეჰოვას მსახურებს არ გვსურს, „ქვეყნიერების ნაწილი“ გავხდეთ, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, ნეიტრალიტეტი შევინარჩუნოთ და პოლიტიკისგან თავი შორს დავიჭიროთ (იოან. 15:19). ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მსოფლიოში მშვიდობას მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სამეფო დაამყარებს. ღვთის მსახურებს გსურს, რომ სხვებსაც დავეხმაროთ „გამოფხიზლებაში“. ამას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მათ იმ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს გავაცნობთ, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით სრულდება. ეს საქმე არ უნდა გადავდოთ, რადგან დიდ გასაჭირში ხალხს აღარ მიეცემა შესაძლებლობა, რომ იეჰოვას მსახურთა რიგებს შეუერთდეს. სწორედ ამიტომ არის სამქადაგებლო საქმე გადაუდებელი! w19.10 8 ¶3; 9 ¶5, 6
კვირა, 20 ივნისი
აიღე გრაგნილი და დაწერე მასზე ყველაფერი, რაც ისრაელზე [და] იუდაზე . . . შენთვის მაქვს ნათქვამი (იერ. 36:2).
მას შემდეგ, რაც გრაგნილის წერა დაასრულეს, იერემიამ ბარუქს ამ ცნობის ხალხისთვის გადაცემა დაავალა, რითაც დიდი ნდობა გამოუცხადა (იერ. 36:5, 6). წარმოიდგინეთ, როგორ იამაყებდა იერემია თავისი მეგობრით, რომელმაც გაბედულად შეასრულა საკმაოდ სახიფათო დავალება — ტაძრის ეზოში შევიდა და ხალხს გრაგნილზე დაწერილი სიტყვები წაუკითხა (იერ. 36:8—10). როცა ეს იუდას მთავრებმა გაიგეს, უბრძანეს ბარუქს, მათთვისაც წაეკითხა გრაგნილზე დაწერილი (იერ. 36:14, 15). მთავრებმა მას უთხრეს, რომ მეფე იეჰოიაკიმსაც გადასცემდნენ იერემიას წინასწარმეტყველებას. მეფე იეჰოიაკიმი განრისხდა, როცა იერემიას მიერ წარმოთქმული სიტყვები წაუკითხეს, და გრაგნილი ცეცხლს მისცა. შემდეგ კი იერემიასა და ბარუქის დაპატიმრება ბრძანა. იერემიამ ახალი გრაგნილი აიღო და ხელახლა უკარნახა ბარუქს იეჰოვას „ყველა სიტყვა, რაც ეწერა იმ წიგნში, იუდას მეფე იეჰოიაკიმმა ცეცხლში რომ დაწვა“ (იერ. 36:26—28, 32). w19.11 3, 4 ¶4—6
ორშაბათი, 21 ივნისი
ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ (ფილ. 2:13).
იეჰოვას შეუძლია თავისი განზრახვის შესასრულებლად იქცეს იმად, რადაც საჭიროა, მაგალითად მასწავლებლად, ნუგეშისმცემლად და მახარობლად (ეს. 48:17; 2 კორ. 7:6; გალ. 3:8). მიუხედავად ამისა, ის ხშირად თავისი ნების შესასრულებლად ადამიანებს იყენებს (მათ. 24:14; 28:19, 20; 2 კორ. 1:3, 4). იეჰოვას შეუძლია თითოეულს მოგვცეს სიბრძნე და ძალა, რათა ვიქცეთ იმად, რაც მისი ნების შესასრულებლადაა საჭირო. ზოგიერთი სწავლულის აზრით, ეს ორი მხარე სრულად გადმოსცემს ღვთის სახელის მნიშვნელობას. ყველას გვსურს, რომ იეჰოვამ თავისი ნების შესასრულებლად გამოგვიყენოს, თუმცა ზოგს შეიძლება ეჭვი შეეპაროს, რამდენად გამოსადეგია ღვთისთვის. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, შეიძლება ასაკი, მდგომარეობა ან შესაძლებლობები გახდეს; მეორე მხრივ კი იმის განცდა, რომ საკმარისად ვიხარჯებით ღვთისთვის და მეტის კეთება არაა საჭირო. w19.10 20 ¶1, 2
სამშაბათი, 22 ივნისი
ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია (1 ტიმ. 6:10).
ფულის სიყვარულმა შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს და ხელიდან გაგვაშვებინოს რწმენის ფარი. მოციქულმა პავლემ დაწერა: „არც ერთი მეომარი არ ეფლობა ცხოვრებისეულ სავაჭრო საქმეებში, რათა იმის მოწონება დაიმსახუროს, ვინც მებრძოლთა რიგებში მიიღო“ (2 ტიმ. 2:4). რომაელ ჯარისკაცებს უფლება არ ჰქონდათ, სხვა საქმით დაკავებულიყვნენ. კარგი მეომრის მსგავსად ყურადღება სხვა რამეზე არ უნდა გადავიტანოთ. მთავარი მიზანი ჩვენი მეთაურების, იეჰოვას და იესოს მოწონების დამსახურება უნდა იყოს. სატანის ქვეყნიერება ამაზე ღირებულს ვერაფერს შემოგვთავაზებს. გვინდა, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საკმარის დროსა და ენერგიას ვუთმობთ როგორც იეჰოვას მსახურებას, ისე ჩვენი რწმენის ფარისა თუ სხვა სულიერი აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას. ყურადღება არასდროს უნდა მოვადუნოთ, რადგან მოციქულმა პავლემ გაგვაფრთხილა: „ვინც გამდიდრებისკენ ისწრაფვის . . . [ჩამოშორდება] რწმენას“ (1 ტიმ. 6:9, 10). w19.11 17 ¶12, 14, 15
ოთხშაბათი, 23 ივნისი
მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება (1 თეს. 5:3).
„იეჰოვას დღეს“ წინ უძღვის „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ გამოცხადება (1 თეს. 5:1—6). 1 თესალონიკელების 5:2-ში მოხსენიებული „იეჰოვას დღე“ მიუთითებს დიდ გასაჭირზე (გამოცხ. 7:14). როგორ მივხვდებით, რომ „დიდი გასაჭირი“ სადაცაა დაიწყება? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამის ნიშანი მეტად უჩვეულო განცხადება იქნება, რომელიც დიდი გასაჭირის წინა პერიოდში გაკეთდება. ეს იქნება ნაწინასწარმეტყველები განცხადება „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. შეუერთდებიან მათ რელიგიური წინამძღოლები? შეიძლება. როგორც უნდა იყოს, ეს დემონების მიერ შთაგონებული მორიგი სიცრუე იქნება, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს მიაყენებს კაცობრიობას. ეს ტყუილი მათ უსაფრთხოების ილუზიას სწორედ მაშინ შეუქმნის, როცა არნახული გასაჭირი კარს იქნება მომდგარი. დიახ, მათ მოულოდნელი განადგურება „დაატყდებათ თავს, . . . როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები“. რა შეიძლება ითქვას იეჰოვას ერთგულ მსახურებზე? შესაძლოა დიდი გასაჭირის დაწყება მათთვისაც მოულოდნელი იყოს, თუმცა ისინი მზადყოფნით შეხვდებიან ამ დღეს. w19.09 9 ¶7, 8
ხუთშაბათი, 24 ივნისი
ყველაფერს თავისი დრო აქვს . . . ძებნის დრო და დაკარგვასთან შეგუების დრო (ეკლ. 3:1, 6).
გადაწყვეტილების მიღებისას დაისახეთ კონკრეტული მიზნები. როცა კონკრეტულ მიზნებს ვისახავთ, უფრო ადვილად ვაღწევთ მათ. მაგალითად, შეიძლება გადაწყვიტეთ, რომ ბიბლია უფრო ხშირად წაგეკითხათ. მაგრამ, კონკრეტული გეგმის გარეშე მიზანს ვერ მიაღწიეთ. შეიძლება უხუცესებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო ხშირად გაეკეთებინათ სამწყემსო მონახულებები, მაგრამ დრო ისე გავიდა, რომ ამ მხრივ ვერაფერი შეცვალეს. მიზნის მიღწევაში მათ შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაეხმარებოდა: წინასწარ განვსაზღვრეთ, განსაკუთრებით ვის სჭირდება სამწყემსო მონახულება? შევთანხმდით, კონკრეტულად როდის მოვინახულებდით მათ? აგრეთვე რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები. არავის აქვს იმდენი დრო, ენერგია და საშუალება, რომ ყველაფერი აკეთოს, რაც სურს. ამიტომ გონიერება უნდა გამოიჩინოთ და რეალურად შეაფასოთ თქვენი შესაძლებლობები. შეიძლება გადაწყვეტილების შეცვლაც კი მოგიწიოთ, თუ ატყობთ, რომ დასახული მიზანი თქვენს შესაძლებლობებს აღემატება. w19.11 29 ¶11, 12
პარასკევი, 25 ივნისი
ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს, გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს (გამოცხ. 7:14).
ესაიას 65:21—23-ში აღწერილია, როგორი იქნება დედამიწაზე ცხოვრება. რა თქმა უნდა, ეს უსაქმურობისა და უმოქმედობის ხანა არ იქნება. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის ხალხი სასარგებლო და სასიამოვნო საქმით დაკავდება. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ათასწლიანი მმართველობის შემდეგ „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის პერიოდში იეჰოვა ისევე დაადგენს შრომისა და დასვენების დროს, როგორც ეს ისრაელი ერის შემთხვევაში გააკეთა. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთის თაყვანისმცემლობისთვის დრო აუცილებლად იქნება გამოყოფილი, რადგან ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ბედნიერება დღეს და ასე იქნება მომავალშიც. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დროს ერთგული ადამიანები სიცოცხლით გაიხარებენ, რადგან ყველას ექნება სასიამოვნო სამუშაო და ღვთისმსახურების შესაძლებლობა. w19.12 12 ¶15; 13 ¶17, 18
შაბათი, 26 ივნისი
გულში ჩაიბეჭდე [ეს] სიტყვები, . . . ჩააგონე შენს ვაჟს (კან. 6:6, 7).
სიტყვა „ჩაგონება“ გულისხმობს „სწავლებას და არაერთხელ გამეორებას“. ამისთვის აუცილებელია, მშობლებმა თავიანთ პატარებს საკმარისი დრო დაუთმონ. ზოგჯერ შეიძლება მშობლებს შვილებისთვის ერთი და იმავე საკითხის ახსნა არაერთხელ მოუწიოთ, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. თუმცა მშობლებმა ეს იმის შესაძლებლობად უნდა მიიჩნიონ, რომ შვილებს ღვთის სიტყვის გათავისებაში დაეხმარონ. ასე რომ, იყავით გამჭრიახი. 127-ე ფსალმუნში შვილები ისრებს არიან შედარებული (ფსალმ. 127:4). ისრები შეიძლება სხვადასხვა მასალისგან იყოს დამზადებული და ერთმანეთისგან ზომაშიც განსხვავდებოდეს. მსგავსად ამისა, არ არსებობს ორი აბსოლუტურად იდენტური ბავშვი. ამიტომ მშობლები შვილებს ინდივიდუალურად უნდა მიუდგნენ. ისრაელში მცხოვრები ერთი ცოლ-ქმარი გვიხსნის, რა დაეხმარათ ქალ-ვაჟის იეჰოვას მოსაწონად აღზრდაში. ისინი ამბობენ: „ბავშვებს ცალ-ცალკე ვასწავლიდით ბიბლიას“. ოჯახისთავმა უნდა განსაზღვროს, რამდენად აუცილებელია, შვილებს ცალ-ცალკე ჩაუტარონ ბიბლიის შესწავლა. w19.12 26, 27 ¶18—20
კვირა, 27 ივნისი
ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ (მათ. 7:12).
გასაჭირის დროს განსაკუთრებით ვაფასებთ პრაქტიკულ დახმარებას. „როცა თავს ცუდად გრძნობ, ყოველდღიური საქმეების გაკეთებაც კი შეუძლებლად გეჩვენება. ამ დროს უმნიშვნელო პრაქტიკული დახმარებაც კი ძალიან ბევრს ნიშნავს“, — ამბობს რაიანი, რომლის მამაც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გამოვლენილ პატარა სიკეთესაც კი შეუძლია დიდად ანუგეშოს სხვები. მარკოზი ბევრს შრომობდა უფლის საქმეში. მიუხედავად ამისა, ის დროს გამოყოფდა, რომ მოციქული პავლე ენუგეშებინა და, თავის მხრივ, არც პავლეს უჭირდა მისთვის დახმარების თხოვნა. ანჯელამ, რომელსაც ოჯახის წევრი მოუკლეს, ძალიან დააფასა იმ და-ძმების მხარდაჭერა, რომლებიც მისთვის მანუგეშებელ სიტყვებს არ იშურებდნენ. „ადვილია მასთან საუბარი, ვისაც გულწრფელად სურს შენი დახმარება“, — ამბობს ანჯელა. — გრძნობ, რომ ის ამას მთელი გულით აკეთებს და არა უხალისოდ“. დავფიქრდეთ ასეთ კითხვაზე: მიცნობენ ისეთ ადამიანად, ვინც მზად არის, ანუგეშოს თანაქრისტიანები და პრაქტიკულად დაეხმაროს მათ? w20.01 11, 12 ¶14—16
ორშაბათი, 28 ივნისი
თუ ვინმე უღირსად შეჭამს ამ პურს და უღირსად შესვამს უფლის სასმისს, დამნაშავე იქნება (1 კორ. 11:27).
რა შემთხვევაში შეიძლება უღირსად მიიღოს ცხებულმა ქრისტიანმა გახსენების საღამოს სიმბოლოები? იმ შემთხვევაში, თუ ის აღარ იცხოვრებს იეჰოვას სამართლიანი ნორმების თანახმად (ებრ. 6:4—6; 10:26—29). ცხებულებს კარგად ესმით, რომ ერთგულება უნდა შეინარჩუნონ, თუ სურთ, ქრისტეს მეშვეობით ზეციური ჯილდო მიიღონ (ფილ. 3:13—16). იეჰოვას წმინდა სული თავის მსახურებში თავმდაბლობას წარმოშობს და არა სიამაყეს (ეფეს. 4:1—3; კოლ. 3:10, 12). ამიტომ ცხებულები თავს სხვებზე უკეთესებად არ მიიჩნევენ. მათ კარგად იციან, რომ ცხებულობა მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ იეჰოვა მათ მეტ წმინდა სულს აძლევს, ვიდრე მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებს. ცხებულები არ ფიქრობენ, რომ სხვებთან შედარებით ბიბლიას უკეთ სწვდებიან. ისინი არც იმაში არწმუნებენ სხვებს, რომ მათაც ზეციური მოწოდება აქვთ და არც გახსენების საღამოს სიმბოლოების მიღებისკენ მოუწოდებენ. ცხებულები თავმდაბლად აღიარებენ, რომ მხოლოდ იეჰოვას გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ზეციური ცხოვრებისთვის. w20.01 27, 28 ¶4, 5
სამშაბათი, 29 ივნისი
დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ (იაკ. 4:8).
იეჰოვას სურს, რომ დავუახლოვდეთ და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს მასთან. ის მოგვიწოდებს, „გამუდმებით ვილოცოთ“ და ყოველთვის გვისმენს, როცა ვლოცულობთ (რომ. 12:12). იეჰოვა აუცილებლად გამოგვინახავს დროს და არასოდეს დაიღლება ჩვენი მოსმენით. ჩვენი მხრივ, ღმერთს ვუსმენთ, როცა ბიბლიას ვკითხულობთ და პუბლიკაციების მეშვეობით ვცდილობთ, ჩავწვდეთ წაკითხულის მნიშვნელობას. ღმერთის მოსმენის საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზეც გვეძლევა. რეგულარული ლოცვა და ბიბლიის კითხვა გვეხმარება მასთან მეგობრობის განმტკიცებაში. იეჰოვას სურს, გავანდოთ ჩვენი ფიქრები და გრძნობები (ფსალმ. 62:8). ამიტომ კარგი იქნება, ვკითხოთ საკუთარ თავს: გაზეპირებული ფრაზებით ვლოცულობ თუ გააზრებული, გულიდან მომდინარე სიტყვებით? ეჭვი არ გვეპარება, რომ ძალიან გიყვართ იეჰოვა და არ გსურთ, ოდესმე გაგიფუჭდეთ მასთან ურთიერთობა. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ მას, გადაუშალეთ გული და უთხარით, რა გაწუხებთ და რა გიხარიათ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის. w20.02 9 ¶4, 5
ოთხშაბათი, 30 ივნისი
როგორც ზედამხედველებმა, მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო (1 პეტ. 5:2).
იეჰოვამ უხუცესებს თავის სამწყსოზე ზრუნვა მიანდო, რაც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობაა. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ ეპყრობოდა ნეემია ღვთის ხალხს, უხუცესებს ბევრ რამეს ასწავლის. ნეემია იუდას გამგებელი იყო და საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობდა (ნეემ. 1:11; 2:7, 8; 5:14). ის არაერთ სირთულეს შეხვდა. ნეემიამ შეიტყო, რომ იეჰოვას ტაძარი გაუწმინდურებული იყო. ხალხი აღარც შაბათს იცავდა და აღარც ლევიანებს უჭერდა მხარს მატერიალურად. ზოგი უცხოელ ქალებზეც კი ქორწინდებოდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად გამგებელ ნეემიას გარკვეული ზომების მიღება მოუწია (ნეემ. 13:4—30). ნეემიამ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენა და ხალხს საკუთარი შეხედულებები თავს არ მოახვია. პირიქით, მან გულწრფელ ლოცვაში იეჰოვას ხელმძღვანელობა სთხოვა და ისრაელებს ღვთის კანონი შეახსენა (ნეემ. 1:4—10; 13:1—3). გარდა ამისა, ნეემია თანამემამულეების მხარდამხარ თავმდაბლად შრომობდა. ის გალავნის აღდგენით სამუშაოებშიც კი იღებდა მონაწილეობას (ნეემ. 4:15). w19.09 16 ¶9, 10