ივლისი
ხუთშაბათი, 1 ივლისი
ყველა თქვენი სათხოვარი ლოცვაში გაუმხილეთ ღმერთს (ფილ. 4:6).
როცა უხეშად გველაპარაკებიან ან ცუდად გვეპყრობიან, შეიძლება თავი დათრგუნულად ვიგრძნოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი გვტკენს გულს. თუ როგორ უნდა გავუმკლავეთ საწუხარს, ამ საკითხში დაგვეხმარება ხანას მაგალითზე დაფიქრება, რომელსაც თავისი ქმრის მეორე ცოლი მწარედ დასცინოდა (1 სამ. 1:12). ხანას მსგავსად ჩვენც შეგვიძლია უფრო დიდი დრო გამოვუყოთ ლოცვას და ვესაუბროთ იეჰოვას ჩვენს საწუხარზე და შიშზე. არ არის აუცილებელი, მაღალფარდოვანი და დახვეწილი ფრაზებით ვილოცოთ. როცა იეჰოვას ჩვენს სადარდებელს ვუზიარებთ, შეიძლება სიტყვებს ვეღარ მოვუყაროთ თავი და ავტირდეთ კიდეც. თუმცა ის ასეთ დროსაც მზად არის, მოთმინებით მოგვისმინოს. გარდა იმისა, რომ შეგვიძლია იეჰოვას ჩვენს პრობლემებზე ვესაუბროთ, უნდა გვახსოვდეს ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი რჩევა. მოციქულმა პავლემ ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, მადლიერება გამოვხატოთ ლოცვაში. ჩვენ უამრავი მიზეზი გვაქვს, ვმადლობდეთ იეჰოვას, მათ შორის სიცოცხლისთვის, ულამაზესი სამყაროსთვის, რომელიც ჩვენთვის შექმნა, სიკეთისთვის და მომავლის შესანიშნავი იმედისთვის. w20.02 21 ¶3; 22 ¶6
პარასკევი, 2 ივლისი
[არის] ლაპარაკის დრო (ეკლ. 3:7).
მეტყველების უნარი იეჰოვასგან ბოძებული საჩუქარია (გამ. 4:10, 11; გამოცხ. 4:11). ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, როგორ შეგვიძლია ეს ძღვენი საუკეთესოდ გამოვიყენოთ. ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, სხვებს იეჰოვასა და მისი სამეფოს შესახებ ვესაუბროთ (მათ. 24:14; რომ. 10:14). თუ ასე მოვიქცევით, იესოს მივბაძავთ. მისი დედამიწაზე მოსვლის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანებისთვის მამის შესახებ ჭეშმარიტება ესწავლებინა (იოან. 18:37). მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ვიტყვით, არამედ — როგორ ვიტყვით. როცა სხვებს იეჰოვას შესახებ ვესაუბრებით, მათი მრწამსი და გრძნობები უნდა გავითვალისწინოთ და „რბილად და ღრმა პატივისცემით“ ველაპარაკოთ (1 პეტ. 3:15). ამგვარად ჩვენი სიტყვები უფრო ღირებული გახდება — შევძლებთ ვასწავლოთ სხვებს ბიბლიური ჭეშმარიტება და ჩავწვდეთ მათ გულებს. თუ უხუცესები ხედავენ, რომ რომელიმე და ან ძმა რჩევას საჭიროებს, მათთან საუბრისგან თავი არ უნდა შეიკავონ. თუმცა მათ შესაფერისი დრო უნდა შეარჩიონ, რათა თანაქრისტიანი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდონ. w20.03 18, 19 ¶2—4
შაბათი, 3 ივლისი
განუწყვეტლივ ილოცეთ (მათ. 26:41).
რაზე შეგვიძლია ვილოცოთ? შეგვიძლია იეჰოვას ლოცვაში ვთხოვოთ, რომ რწმენა განგვიმტკიცოს (ლუკ. 17:5; იოან. 14:1). ადრე თუ გვიან სატანა ყველა ქრისტიანს გამოცდის, ამიტომ ძლიერი რწმენა ნამდვილად გვჭირდება (ლუკ. 22:31). როგორ დაგვეხმარება რწმენა? როცა ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ პრობლემის მოსაგვარებლად, რწმენა დაგვეხმარება, რომ ის, რაც ჩვენს ძალას აღემატება, იეჰოვას მივანდოთ. იმის ცოდნა, რომ იეჰოვას ჩვენზე უკეთ შეუძლია ნებისმიერი პრობლემის მოგვარება, მშვიდად ყოფნის მიზეზს გვაძლევს (1 პეტ. 5:6, 7). ლოცვა გვეხმარება, ნებისმიერი პრობლემისა თუ სირთულის დროს შინაგანი სიმშვიდე შევინარჩუნოთ. დავფიქრდეთ 80 წელს გადაცილებული რობერტის მაგალითზე, რომელიც უხუცესად მსახურობს. ის ამბობს: „ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი რჩევა ყოველთვის მეხმარება. ერთხელ ფინანსურ პრობლემებში გავეხვიე, რის გამოც გარკვეული ხნის მანძილზე უხუცესად აღარ ვმსახურობდი“. როგორ ინარჩუნებს რობერტი შინაგან სიმშვიდეს? ის გვიხსნის: „როგორც კი სადარდებელი გამიჩნდება, მაშინვე ლოცვას ვიწყებ. რაც უფრო ხშირად და გულმხურვალედ ვლოცულობ, თავს უფრო მშვიდად ვგრძნობ“. w19.04 9, 10 ¶5—7
კვირა, 4 ივლისი
ყველაზე მეტად შენ წინაშე მიმიძღვის ბრალი (ფსალმ. 51:4).
ბავშვზე სექსუალური ძალადობა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვაა. ყველაზე უარესი ისაა, რომ, როცა ერთი ადამიანი მეორის წინაშე სჩადის დანაშაულს, ის იეჰოვასაც სცოდავს. დავფიქრდეთ კანონზე, რომელიც ღმერთმა ისრაელს მისცა. ამ კანონში ეწერა, რომ ვინც მოჰპარავდა ან გამოსტყუებდა მოძმეს რამეს, „ორგულად [მოექცეოდა] იეჰოვას“ (ლევ. 6:2—4). რა თქმა უნდა, როცა კრებაში ვინმე სექსუალურად ძალადობს ბავშვზე, ის ასე ვთქვათ, „ჰპარავს“ მას უსაფრთხოების განცდას, რაც იეჰოვას წინაშე ორგული საქციელია. მოძალადე უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს იეჰოვას სახელს. სწორედ ამიტომ არის ბავშვზე სექსუალური ძალადობა ღვთის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე ცოდვა, რაც სისაძაგლედ უნდა მივიჩნიოთ. „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის სტატიებში იბეჭდებოდა რჩევები, თუ როგორ შეუძლიათ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთ გაუმკლავდნენ ემოციურ ტრავმას, რა უნდა გააკეთონ სხვებმა მათ დასახმარებლად და რის გაკეთება მართებთ მშობლებს შვილების დასაცავად. უხუცესებმა ორგანიზაციისგან მიიღეს ბიბლიაზე დაფუძნებული დეტალური მითითებები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საქმე ბავშვზე სექსუალურ ძალადობას ეხება. ორგანიზაციაში პერიოდულად ხდება იმ მითითებების გადახედვა, რომლებითაც უხუცესები ბავშვზე სექსუალური ძალადობის შემთხვევაში ხელმძღვანელობენ. w19.05 9 ¶8, 9
ორშაბათი, 5 ივლისი
განა ცოცხლებისთვის მკვდრებს უნდა დაეკითხონ?! (ეს. 8:19)
ღვთის სიტყვა ბასრი მახვილივითაა, რომელიც სატანის სიცრუის წინააღმდეგ ბრძოლაში გვეხმარება (ეფეს. 6:17). მაგალითად, ბიბლია ააშკარავებს ტყუილს, თითქოს მკვდრები ცოცხლებთან ურთიერთობენ (ფსალმ. 146:4). ის იმასაც შეგვახსენებს, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ზუსტად იწინასწარმეტყველოს მომავალი (ეს. 45:21; 46:10). ბიბლიის რეგულარული კითხვა და წაკითხულზე ფიქრი დაგვეხმარება, უარვყოთ და შევიზიზღოთ სატანის ტყუილები, რომელთა მეშვეობითაც ბოროტი სულები ჩვენს შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ასე რომ, მოერიდეთ ყველაფერს, რაც სპირიტიზმს უკავშირდება. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, ვერიდებით სპირიტიზმის ნებისმიერ ფორმას. მაგალითად, არც სულების გამომძახებლის და არც სხვა საშუალებით ვცდილობთ გარდაცვლილებთან ურთიერთობის დამყარებას. ქრისტიანები ვერიდებით დაკრძალვის ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც სულის უკვდავების იდეას ეფუძნება. ჩვენ არც ასტროლოგებისა და მკითხავების მეშვეობით ვცდილობთ მომავლის გაგებას. ღვთის მსახურებს კარგად გვესმის, რამდენად სახიფათოა ისეთ საქმეებში მონაწილეობა, რომელთა მეშვეობითაც ადამიანმა შეიძლება პირდაპირი კავშირი დაამყაროს სატანასა და დემონებთან. w19.04 21, 22 ¶8, 9
სამშაბათი, 6 ივლისი
ღმერთმა ისინი ნებაზე მიუშვა, რათა თავიანთ უწმინდურებას დამონებოდნენ (რომ. 1:24).
ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიერების სიბრძნეს იზიარებენ, აბუჩად იგდებენ ბიბლიურ ნორმებს და შეუძლებლად მიიჩნევენ მათ გათვალისწინებას. ზოგი ასეთ კითხვასაც კი სვამს: „თუ ღმერთმა სექსუალური სურვილები ჩადო ჩვენში, რატომღა გვთხოვს, რომ არ ავყვეთ მათ?“. ეს კითხვა დამახინჯებული შეხედულების გამოძახილია, რომ თითქოს ადამიანმა ყველა სურვილს გასაქანი უნდა მისცეს. მაგრამ ბიბლიიდან სრულიად განსხვავებულ აზრს ვიგებთ. ღვთის სიტყვა ამბობს, რომ იეჰოვამ არასწორი სურვილების გაკონტროლების უნარი მოგვცა, რაც ადამიანთა ღირსებას უსვამს ხაზს (კოლ. 3:5). გარდა ამისა, ღმერთმა დააფუძნა ქორწინება. ცოლქმრული კავშირი ადამიანებს საშუალებას მისცემდა, დაეკმაყოფილებინათ მართებული სექსუალური მოთხოვნილებები (1 კორ. 7:8, 9). ქვეყნიური სიბრძნისგან განსხვავებით, ბიბლია სწორ შეხედულებას გვიყალიბებს სექსზე. ის არ უარყოფს, რომ სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს (იგავ. 5:18, 19). თუმცა მოგვიწოდებს: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“ (1 თეს. 4:4, 5). w19.05 22, 23 ¶7—9
ოთხშაბათი, 7 ივლისი
შენ, შენი რაზმები და შენთან მყოფი დიდძალი ხალხი ქარიშხალივით დაატყდებით მათ (ეზეკ. 38:9).
ღმერთი არ დაუშვებს, რომ ერებმა მისი ხალხი გაანადგურონ. იეჰოვას მსახურები გამოეყვნენ დიდ ბაბილონს და სიამაყით ატარებენ ღვთის სახელს (საქ. 15:16, 17; გამოცხ. 18:4). ისინი სხვებსაც ეხმარებიან ცრუ რელიგიისგან თავის დაღწევაში. მართალია, იეჰოვას ხალხი არ მიიღებს დიდი ბაბილონის „წყლულებს“, მაგრამ მათი რწმენა მაინც გამოიცდება (ეზეკ. 38:2, 8). ყველა ცრურელიგიური ორგანიზაციის განადგურების შემდეგ მხოლოდ იეჰოვას ხალხი გააგრძელებს ღვთისადმი თაყვანისცემას, რაც, ცხადია, სატანის განრისხებას გამოიწვევს. ის დემონურ პროპაგანდას, უწმინდურ შთაგონებულ სიტყვებს გამოიყენებს, რათა ერთა კოალიცია თავს დაესხას იეჰოვას ხალხს (გამოცხ. 16:13, 14). ამ კოალიციას ბიბლია უწოდებს გოგს, „რომელიც მაგოგის მიწიდანაა“. როცა ეს ერები იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ისინი, ასე ვთქვათ, შეიკრიბებიან სიმბოლურ ადგილზე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება (გამოცხ. 16:16). w19.09 11 ¶12, 13
ხუთშაბათი, 8 ივლისი
ამაოა ბრძენთა ნააზრევი (1 კორ. 3:20).
სატანამ ისრაელები ცრუ თაყვანისმცემლობის მეშვეობით გააბა უზნეობის მახეში და ჩვენს შემთხვევაშიც ამ მეთოდს მიმართავს. ცრუ რელიგია არა მხოლოდ იწყნარებს, არამედ ნორმადაც კი წარმოაჩენს სექსუალურ უზნეობას. ამიტომ ბევრმა, ვისაც ღვთის მსახურად მოაქვს თავი, უგულებელყო ღვთის მიერ დადგენილი ზნეობრივი ნორმები. რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლე მოციქული ამბობს, რა მოყვა ამას შედეგად (რომ. 1:28—31). ამ მუხლებში მოხსენიებულ „არასაკადრის საქმეებს“ მიეკუთვნება ყველანაირი სექსუალური უზნეობა, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი (რომ. 1:24—27, 32; გამოცხ. 2:20). ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, იმ ზნეობრივი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ, რომლებიც ბიბლიაში პირდაპირ და არაორაზროვნად წერია. ადამიანური სიბრძნე უგულებელყოფს და ეწინააღმდეგება იეჰოვას სამართლიან ნორმებს. ასეთი სიბრძნე ღვთის წმინდა სულის ნაყოფის განვითარებას კი არ უწყობს ხელს, არამედ „ხორცის საქმეებისკენ“ გვიბიძგებს (გალ. 5:19—23). ის ადამიანებს სიამაყესა და ქედმაღლობას უვითარებს, რის გამოც ისინი „საკუთარი თავის მოყვარულები“ ხდებიან (2 ტიმ. 3:2—4). სიამაყე და ქედმაღლობა სრულიად ეწინააღმდეგება თვინიერებასა და თავმდაბლობას, რომელთა დანახვაც ღმერთს თავის მსახურებში სურს (2 სამ. 22:28). w19.06 5, 6 ¶12—14
პარასკევი, 9 ივლისი
ნამდვილ მეგობარს ყოველთვის ეყვარები; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა (იგავ. 17:17).
ელია რთულ პერიოდში ემსახურებოდა იეჰოვას და არაერთი სერიოზული განსაცდელის პირისპირ აღმოჩნდა. როცა იეჰოვამ დაავალა ელიას, რომ ზოგიერთი პასუხისმგებლობა ელისესთვის გადაეცა, ამით მას კარგი მეგობარი შესძინა, რომელიც ემოციურად მძიმე წუთებში გვერდში დაუდგებოდა. მსგავსად ამისა, თუ საწუხარს სანდო მეგობარს გავუზიარებთ, გასაჭირის დროს ის ემოციური წონასწორობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (2 მეფ. 2:2). თუ აღმოჩნდება, რომ არავინ გყავთ ისეთი, ვისაც გულს გადაუშლით, სთხოვეთ იეჰოვას, რომ მოწიფულ ქრისტიანთან დამეგობრებაში დაგეხმაროთ, რომელიც ემოციურ მხარდაჭერას აღმოგიჩენთ. იეჰოვა დაეხმარა ელიას, დაეძლია შიში და გულგატეხილობა და არაერთი წლის მანძილზე ერთგულად გაეგრძელებინა მსახურება. ელიას შემთხვევა იმედის საფუძველს გვაძლევს. ხანდახან შეიძლება ისეთ რთულ ვითარებაში აღმოვჩნდეთ, რომ არც ფიზიკური და არც ემოციური ძალა აღარ შეგვრჩეს. თუმცა, თუ მივენდობით იეჰოვას, ის ძალას მოგვცემს, რომ ერთგულად განვაგრძოთ მსახურება (ეს. 40:28, 29). w19.06 15 ¶4; 16 ¶9, 10
შაბათი, 10 ივლისი
კაცთმოშიშს მახე უგია, იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება (იგავ. 29:25).
ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება დღესვე დაგვეხმარება გაბედულების განვითარებაში. ქადაგება იეჰოვასადმი ნდობას და კაცთმოშიშების დაძლევას გვასწავლის. როგორც ვარჯიში გვაძლიერებს ფიზიკურად, ისე კარდაკარ, სახალხოდ, არაფორმალურად და საქმიან უბნებზე ქადაგება გვმატებს გაბედულებას. თუ დღესვე გაბედულად ვიქადაგებთ, არც აკრძალვის დროს შევწყვეტთ ამ საქმის კეთებას (1 თეს. 2:1, 2). ბევრ რამეს ვსწავლობთ ერთგული დის მაგალითიდან, რომელმაც საოცარი სიმამაცე გამოიჩინა. ნენსი იუენი სიმაღლით სულ რაღაც მეტრ-ნახევარი იყო, მაგრამ მისი დაშინება იოლი საქმე ნამდვილად არ იყო. მას არ შეუწყვეტია სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება, რის გამოც ჩინეთის ციხეში 20 წელზე მეტხანს იხდიდა სასჯელს. მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ნენსი დაკითხეს, თქვეს, რომ მასზე ჯიუტი ადამიანი აქამდე არ ენახათ. w19.07 5 ¶13, 14
კვირა, 11 ივლისი
ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი (მათ. 28:19).
არიან ადამიანები, რომლებსაც სწყურიათ ბიბლიური ჭეშმარიტება, თუმცა მსახურებაში ხშირად ჭეშმარიტებისადმი გულგრილად განწყობილ ადამიანებს ვხვდებით, ამიტომ მათში ინტერესის გაღვივება გვიწევს. ხალხმა რომ მოგვისმინოს, კარგი მომზადებაა საჭირო. შეარჩიეთ ისეთი საკითხები, რაც მათ ინტერესს გამოიწვევს. შემდეგ კი დაფიქრდით, როგორ წამოიწყებთ შერჩეულ თემაზე საუბარს. შეგიძლიათ მობინადრეს ჰკითხოთ: „შეიძლება ერთ საკითხთან დაკავშირებით თქვენი აზრი გავიგოთ? სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ, ყველა ერთსა და იმავე პრობლემებს ვხვდებით. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, მსოფლიოში არსებობდეს ერთი მთავრობა, რომელიც ყველა პრობლემას გადაჭრის?“. შემდეგ შეგიძლიათ დანიელის 2:44-ზე იმსჯელოთ. საუბრის წამოწყება სხვა კითხვითაც შეგიძლიათ. მაგალითად, ჰკითხეთ: „თქვენი აზრით, რა არის მთავარი, რომ შვილები კარგ ადამიანებად აღვზარდოთ?“. შემდეგ წაუკითხეთ კანონის 6:6, 7. ეჭვგარეშეა, დიდ სიხარულს განვიცდით, როცა ხალხს ქრისტეს მოწაფეებად გახდომაში ვეხმარებით. w19.07 15 ¶4, 6, 7
ორშაბათი, 12 ივლისი
განა შეუძლია ადამიანს ღმერთების შექმნა?! რასაც ისინი ქმნიან, ღმერთები არ არიან! (იერ. 16:20)
ერთი ძმა, რომელსაც აღმოსავლეთ აზიაში არარელიგიურ ხალხთან ქადაგების დიდი გამოცდილება აქვს, ამბობს: «ჩვეულებრივ, როცა აქ ადამიანი ამბობს, რომ არ სწამს ღმერთი, გულისხმობს, რომ არ ეთაყვანება იმ ღმერთებს, რომელთაც ადგილობრივები სცემენ თაყვანს. როგორც წესი, ვეთანხმები, რომ ეს ღვთაებები ადამიანთა ხელით არის შექმნილი და სინამდვილეში არ არსებობენ. ხშირად ვუკითხავ იერემიას 16:20-ს და ვეკითხები: „როგორ განვასხვავოთ ჭეშმარიტი ღმერთი ადამიანთა შექმნილი ღვთაებებისგან?“. ყურადღებით ვუსმენ და შემდეგ ვუკითხავ ესაიას 41:23-ს: „გვითხარით, რა მოხდება შემდეგ, რათა ვიცოდეთ, რომ ღმერთები ხართ“. ბოლოს იეჰოვას მიერ წარმოთქმულ იმ წინასწარმეტყველებებს ვაჩვენებ, რომლებიც უკვე შესრულდა». კიდევ ერთი ძმა ამბობს: „მათ ბიბლიიდან ვაჩვენებ პრაქტიკული სიბრძნის მაგალითებს, შესრულებულ წინასწარმეტყველებებს და კანონებს, რომლითაც სამყარო იმართება. შემდეგ ვუხსნი, როგორ მოწმობს ეს ყველაფერი გონიერი შემოქმედის არსებობაზე. მას შემდეგ, რაც მსმენელი დაუშვებს იმ აზრს, რომ შეიძლება შემოქმედი არსებობდეს, ვაჩვენებ, რას ამბობს ბიბლია იეჰოვაზე“. w19.07 23, 24 ¶14, 15
სამშაბათი, 13 ივლისი
დაინახეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10).
ფრაზაში „უფრო მნიშვნელოვანი“ სხვადასხვა რამ იგულისხმება, მათ შორის, ღვთის სახელის განწმენდა, მისი განზრახვების შესრულება და კრებაში ერთობისა და მშვიდობის ხელშეწყობა (მათ. 6:9, 10; იოან. 13:35). როცა ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს იკავებს, ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა. მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს იმისკენაც მოუწოდა, რომ უმწიკვლონი ანუ უნაკლონი ყოფილიყვნენ. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილები უნდა ვიყოთ. თუ ყველანაირად ვეცდებით, გავიღრმაოთ სიყვარული და დავრწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ღმერთი უმწიკვლოებად ჩაგვთვლის. როცა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ და-ძმები არ დავაბრკოლოთ, მათდამი სიყვარულს ვავლენთ. პავლეს გაფრთხილება, რომ არ დავაბრკოლოთ სხვები, მეტად საყურადღებოა. როგორ შეიძლება დავაბრკოლოთ თანაქრისტიანი? სხვისი დაბრკოლების მიზეზი შეიძლება ჩვენი არჩევანი გახდეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა: გართობა, ჩაცმულობა თუ სამსახური. შეიძლება ცუდს არაფერს ვაკეთებთ, მაგრამ, თუ ჩვენი არჩევანით თანაქრისტიანს ვაბრკოლებთ და მის სინდისს ვბღალავთ, ამაზე სერიოზულად დაფიქრება გვმართებს (მათ. 18:6). w19.08 10 ¶9—11
ოთხშაბათი, 14 ივლისი
ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს, გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით გაათეთრეს (გამოცხ. 7:14).
იეჰოვას მოწმეები 1935 წლიდან ასწავლიან, რომ იოანეს ხილვაში ნანახი უამრავი ხალხი ერთგული ქრისტიანებისგან შედგება, რომელთაც დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ (გამოცხ. 7:9, 10). უამრავმა ხალხმა იეჰოვას შესახებ ცოდნა ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე უნდა მიიღოს, რათა დიდ გასაჭირს გადაურჩეს. მათ ძლიერი რწმენა უნდა გამოავლინონ, რომ თავი დააღწიონ ქრისტეს ათასწლიანი მმართველობის დაწყებამდე განვითარებულ მოვლენებს (ლუკ. 21:34—36). უამრავი ხალხი ხარობს მომავლის იმედით. მათ ესმით, რომ იეჰოვა წყვეტს, თავისი ერთგული მსახურებიდან ვინ იმსახურებს ზეცაში და ვინ — დედამიწაზე. ცხებული ქრისტიანებიც და უამრავი ხალხიც აცნობიერებენ, რომ ჯილდოს დამსახურების გამო კი არ იღებენ, არამედ ღვთის წყალობის გამო, რომელიც ქრისტეს მსხვერპლმა გახადა შესაძლებელი (რომ. 3:24). w19.09 28 ¶10; 29 ¶12, 13
ხუთშაბათი, 15 ივლისი
იეჰოვასგან მომდინარე სიხარული თქვენი ძალაა! (ნეემ. 8:10)
თქვენ შეგიძლიათ წარმატებით გაართვათ თავი ახალ დავალებას. ცვლილებას წარუმატებლობად ან უკან გადადგმულ ნაბიჯად ნუ აღიქვამთ. იფიქრეთ იმ ყველაფერზე, რასაც იეჰოვა თქვენთვის აკეთებს, და კვლავაც განაგრძეთ ქადაგება. მიჰბაძეთ პირველი საუკუნის ერთგულ ქრისტიანებს, რომლებიც ყველგან „ახარებდნენ სიტყვას“ (საქ. 8:1, 4). კარგ შედეგებს მოიმკით, თუ კვლავაც შემართებით განაგრძობთ ქადაგებას. მაგალითად, როდესაც ერთი ქვეყნიდან პიონერთა ჯგუფი გააძევეს, ისინი მეზობელ ქვეყანაში გადავიდნენ, სადაც მათ მშობლიურ ენაზე მქადაგებელთა დიდი მოთხოვნილება იყო. რამდენიმე თვეში ჯგუფებიც კი ჩამოყალიბდა, რომლებსაც უფრო და უფრო მეტი ადამიანი ემატებოდა. ჩვენი სიხარულის მიზეზი იეჰოვასთან ურთიერთობა უნდა იყოს. ამიტომ ახლო ურთიერთობა შეინარჩუნეთ იეჰოვასთან და სთხოვეთ სიბრძნე, ხელმძღვანელობა და მხარდაჭერა. გახსოვდეთ: თქვენი დავალება იმიტომ შეგიყვარდათ, რომ მთელი გულით ცდილობდით ხალხის დახმარებას. ასე რომ, თუ ახალ დავალებასაც იმავე განწყობით მიუდგებით, იეჰოვას დახმარებით ამ საქმის შეყვარებასაც შეძლებთ (ეკლ. 7:10). w19.08 24, 25 ¶15, 16
პარასკევი, 16 ივლისი
განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ . . . მამას (ებრ. 12:9).
იეჰოვა ჩვენი შემოქმედია, რაც მისადმი მორჩილების ვალდებულებას გვაკისრებს. მას სრული უფლება აქვს, განსაზღვროს, რა არის სწორი და რა არასწორი (გამოცხ. 4:11). იეჰოვასადმი მორჩილების კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ის საუკეთესო მმართველია. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთ ადამიანს ჰქონია ხალხზე ძალაუფლება, თუმცა ისინი ვერც კი შეედრებიან იეჰოვას, რადგან ის ყველაზე ბრძენი, მოსიყვარულე, გულმოწყალე და თანამგრძნობი მმართველია (გამ. 34:6; რომ. 16:27; 1 იოან. 4:8). იეჰოვას რომ დავემორჩილოთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ყველაფერში მის მოსაწონად მოვიქცეთ და შევეწინააღმდეგოთ არასწორ მიდრეკილებას, რომელიც საკუთარ გონებაზე დაყრდნობისკენ გვიბიძგებს (იგავ. 3:5). ღმერთის უკეთ გაცნობა მისადმი მორჩილებას გვიადვილებს, რადგან მისი მიმზიდველი თვისებები „ყველა მის საქმეში ვლინდება“ (ფსალმ. 145:9). რაც უფრო მეტს ვიგებთ ღვთის შესახებ, მით უფრო გვიყვარდება ის. იეჰოვას მოყვარულ ადამიანს კი არ სჭირდება წესების გრძელი ჩამონათვალი, სადაც დეტალურად იქნება ახსნილი, რა უნდა გააკეთოს და რა არა. w19.09 14 ¶1, 3
შაბათი, 17 ივლისი
ჩემი უღელი ადვილი სატარებელია, ჩემი ტვირთი კი — მსუბუქი (მათ. 11:30).
სატანა თავისი ტყუილებით მძიმე ტვირთს ჰკიდებს ადამიანებს, რომლის ტარებაც ძალიან უჭირთ. მაგალითად, მას სურს, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვა არასდროს გვაპატიებს ცოდვებს და მისი სიყვარულის ღირსი ვერასდროს გავხდებით. ასეთი სიცრუე ანადგურებს და სასოწარკვეთილებაში აგდებს ადამიანს! (იოან. 8:44). სიმართლე კი ისაა, რომ იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ და გვპატიობს ცოდვებს, როცა ვეხმაურებით მოწვევას და ქრისტესთან „მივდივართ“ (მათ. 11:28; რომ. 8:32, 38, 39). ტვირთი, რომლის ტარებასაც ქრისტე გვთხოვს, დიდად განსხვავდება ცხოვრებისეული საზრუნავისგან, რომელიც ტვირთად გვაწევს. მაგალითად, სამუშაო დღის ბოლოს დაღლილობასა და სიცარიელეს ვგრძნობთ, მაშინ როცა იეჰოვასა და იესოს მსახურება უდიდეს კმაყოფილებას გვანიჭებს. ზოგჯერ ისეთი გადაღლილები ვართ, რომ კრებაზე წასასვლელად თავს ძალას ვატანთ, თუმცა შინ, როგორც წესი, გამოცოცხლებული ვბრუნდებით. იგივე შეიძლება ითქვას ქადაგებასა და პირად შესწავლაზე. მართალია, ორივე საქმის შესრულება ჩვენგან ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ჯილდო, რომელსაც შედეგად ვიღებთ, ნებისმიერ ძალისხმევას აღემატება. w19.09 20 ¶1; 23, 24 ¶15, 16
კვირა, 18 ივლისი
იეჰოვას დღე ზუსტად ისე მოვა, როგორც ქურდი მოდის ღამით (1 თეს. 5:2).
ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავამართლოთ ღვთის მოლოდინი და „იეჰოვა დღის“ დაწყებამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში აქტიურად ჩავებათ სამქადაგებლო საქმიანობაში. ყველას გვსურს, რომ „ბევრი . . . [ვიშრომოთ] უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). „ბოლო დღეებთან“ დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბრისას იესომ თქვა: „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარ. 13:4, 8, 10; მათ. 24:14). გახსოვდეთ, რომ ყოველთვის, როცა ქადაგებთ, ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულებაში იღებთ მონაწილეობას. ფაქტია, რომ სამქადაგებლო საქმე წინ მიიწევს, რადგან წლიდან წლამდე უფრო მეტი ადამიანი ეხმაურება სასიხარულო ცნობას. დაფიქრდით, როგორ გაიზარდა სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი „ბოლო დღეებში“. 1914 წელს 43 ქვეყანაში 5 155 მაუწყებელი იყო, დღეს კი 240 ქვეყანაში დაახლოებით 8.5 მილიონი მაუწყებელია. თუმცა სამქადაგებლო საქმე ჯერ არ დასრულებულა. ამიტომ კვლავაც უნდა გავაგებინოთ ხალხს, რომ კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ ღვთის სამეფო გადაჭრის (ფსალმ. 145:11—13). w19.10 8 ¶3; 9, 10 ¶7, 8
ორშაბათი, 19 ივლისი
ყველაფერში მდიდრდებით, რომ ყოველმხრივ ხელგაშლილნი იყოთ, რათა თქვენი ძღვენი გახდეს ღვთისადმი მადლიერების მიზეზი (2 კორ. 9:11).
იეჰოვამ მეფე დავითის დასახმარებლად ბარზილაი გამოიყენა. ერთხელ დავითი და მისი თანმხლები მამაკაცები, რომლებიც აბესალომს გაურბოდნენ, მშიერ-მწყურვალები და დაღლილები იყვნენ. ხანში შესულმა ბარზილაიმ და მისმა თანამოაზრეებმა სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს, რათა დავითი და მისი ხალხი საკვებითა და სხვა საჭირო ნივთებით მოემარაგებინათ. ბარზილაის არ უფიქრია, რომ ასაკის გამო იეჰოვას ვეღარაფერში გამოადგებოდა. პირიქით, რითაც შეეძლო ხელი გაუმართა გასაჭირში მყოფ ღვთის მსახურებს (2 სამ. 17:27—29). რას ვსწავლობთ აქედან? ასაკის მიუხედავად იეჰოვას შეუძლია ადგილობრივი თუ სხვა ქვეყანაში მცხოვრები და-ძმების დასახმარებლად გამოგვიყენოს (იგავ. 3:27, 28; 19:17). მაშინაც კი, თუ უშუალოდ ვერ ვეხმარებით მათ, შეგვიძლია შესაწირავი გავიღოთ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებულ და-ძმებს ამოვუდგეთ მხარში (2 კორ. 8:14, 15). w19.10 21 ¶6
სამშაბათი, 20 ივლისი
ზოგი მოძმის გასაგლეჯადაც მზადაა, ზოგი მეგობარი კი ძმაზე ერთგულია (იგავ. 18:24).
ზოგს უჭირს სხვებისთვის გულის გადაშლა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ წარსულში გული ატკინეს და ნდობა არ გაუმართლეს (იგავ. 18:19). შესაძლოა სხვებთან ახლო ურთიერთობის განვითარებაზე იმიტომაც ვთქვათ უარი, რომ ეს ჩვენგან დროსა და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ამისთვის ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ. გასაჭირის დროს და-ძმები გვერდში რომ დაგვიდგნენ, დღესვე უნდა ვისწავლოთ მათდამი ნდობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფიქრები და გრძნობები გავანდოთ მათ, რის გარეშეც ახლო მეგობრობა წარმოუდგენელია (1 პეტ. 1:22). იესო ენდობოდა თავის მეგობრებს და გულახდილად ესაუბრებოდა მათ (იოან. 15:15). ჩვენც მასავით ვიქცევით, როცა სიხარულს, საწუხარსა თუ იმედგაცრუებას მეგობრებს ვუზიარებთ. თუ სხვებს ყურადღებით მოვუსმენთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენც მსგავსი აზრები, განცდები და მიზნები გვაქვს. თუ ინიციატივას გამოავლენთ და მეგობრებს გულს გადაუშლით, უფრო დაუახლოვდებით მათ (იგავ. 27:9). w19.11 4 ¶8, 9
ოთხშაბათი, 21 ივლისი
აი, რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა (ეზეკ. 2:4).
დიდი გასაჭირის დროს, სავარაუდოდ, ხალხს განსხვავებულ ცნობას გადავცემთ. დღეს სასიხარულო ცნობას ვქადაგებთ და მოწაფეებს ვამზადებთ. თუმცა დიდი გასაჭირის პერიოდში შეიძლება ჩვენი ცნობა მწარე მოსასმენი იყოს, რადგან ბიბლია მას ძლიერ სეტყვას ადარებს (გამოცხ. 16:21). როგორც ჩანს, ხალხს გავაფრთხილებთ, რომ სატანის ქვეყნიერება აღსასრულს უახლოვდება. დროთა განმავლობაში უფრო ნათელი გახდება, რა ცნობას გადავცემთ ხალხს და როგორ გავაკეთებთ ამას. ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით, ახალ მეთოდებს მივმართავთ თუ ისევ იმ მეთოდებით გავაგრძელებთ ქადაგებას. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის დიდი პატივი იქნება იეჰოვას განაჩენის გაბედულად გაცხადება (ეზეკ. 2:3—5). როგორც ჩანს, განაჩენის შესახებ ცნობა გააღიზიანებს ერებს, ამიტომ იეჰოვას ხალხის ერთხელ და სამუდამოდ დადუმებას შეეცდებიან. მაშინაც არანაკლებ დაგვჭირდება მსახურების დროს ღვთის მხარდაჭერის იმედი. დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა ძალას მოგვცემს, ბოლომდე შევასრულოთ მისი ნება (მიქ. 3:8). w19.10 16 ¶8, 9
ხუთშაბათი, 22 ივლისი
ზოგიერთები . . . განუდგნენ რწმენას (1 ტიმ. 6:10).
სიტყვა „ჩამოშორება“ იმაზე მიუთითებს, რომ შეიძლება ნელ-ნელა ყურადღება არასაჭირო ქონების დაგროვებაზე გადავიტანოთ. ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ „ბევრი უგუნური და მავნებელი“ სურვილი გაგვიჩნდეს (1 ტიმ. 6:9). უნდა გვახსოვდეს, რომ სატანა ასეთ სურვილებს ჩვენი რწმენის დასანგრევად იყენებს, ამიტომ არ უნდა მივცეთ მათ ჩვენს გულში ფესვის გადგმის საშუალება. დავუშვათ, საკმარისი ფული გვაქვს საიმისოდ, რომ საკუთარ თავს არაფერზე ვუთხრათ უარი. დავაშავებთ რამეს, თუ ისეთ ნივთებს შევიძენთ, რომლებიც სინამდვილეში არ გვჭირდება? რა თქმა უნდა, არა. არასაჭირო ნივთების შეძენაში საგანგაშო არაფერია, მაგრამ კარგი იქნება, დავფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: საშუალებაც რომ გვქონდეს ამა თუ იმ ნივთის შესაძენად, გვექნება საკმარისი დრო და ენერგია მის მოსავლელად და გამოსაყენებლად? ქონებაზე ხომ არ გავხდებით დამოკიდებული? იმ ახალგაზრდა მამაკაცს ხომ არ დავემსგავსებით, რომელმაც უარი თქვა იესოს შეთავაზებაზე, რომ მეტად დახარჯულიყო ღვთისთვის? (მარკ. 10:17—22). განა გაცილებით უკეთეს არჩევანს არ გავაკეთებთ, თუ გავიმარტივებთ ცხოვრებას და ჩვენს დროსა და ენერგიას ღვთის ნების შესრულებას მოვახმართ?! w19.11 17, 18 ¶15, 16
პარასკევი, 23 ივლისი
მუყაითის გეგმები უსათუოდ შესრულდება (იგავ. 21:5).
ღმერთს შეუძლია მოგცეთ ძალა, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იმოქმედოთ (ფილ. 2:13). ამიტომ სთხოვეთ იეჰოვას წმინდა სული. ლოცვა მაშინაც კი არ შეწყვიტოთ, როცა ფიქრობთ, რომ იეჰოვა აყოვნებს პასუხის გაცემას. იესომ თქვა: „ითხოვეთ [წმინდა სული] და მოგეცემათ“ (ლუკ. 11:9, 13). შეადგინეთ გეგმა. ნებისმიერი საქმის ბოლომდე მისაყვანად გეგმის შედგენა და მის თანახმად მოქმედებაა საჭირო. მსგავსად, როცა გადაწყვეტილებას იღებთ, ჩამოწერეთ ყველაფერი, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. თუ დიდ საქმეს ეტაპობრივად შეასრულებთ, დაინახავთ, რომ ნელ-ნელა უახლოვდებით დასახულ მიზანს. მოციქულმა პავლემ კორინთელებს ურჩია, რომ შესაწირავი „ყოველი კვირის პირველ დღეს“ გადაენახათ და ფულის შესაგროვებლად მის ჩასვლას არ დალოდებოდნენ (1 კორ. 16:2). საქმის ეტაპობრივად შესრულება საკუთარ შესაძლებლობებშიც დაგარწმუნებთ. w19.11 29 ¶13, 14
შაბათი, 24 ივლისი
შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, იეჰოვა, შენ არასდროს მიატოვებ შენს მაძიებელთ! (ფსალმ. 9:10).
შეიძლება ვფიქრობთ, რომ ვიცნობთ ღმერთს, რადგან ვიცით მისი სახელი და ზოგი რამ, რაც მას უთქვამს ან გაუკეთებია. თუმცა ჩვენს ზეციერ მამას კარგად რომ ვიცნობდეთ, გაცილებით მეტია საჭირო. დრო უნდა გამოვყოთ, რათა იეჰოვას და მისი შესანიშნავი თვისებების შესახებ მეტი გავიგოთ. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩავწვდეთ, რა დგას მისი სიტყვებისა და საქმეების მიღმა. ეს კი თავის მხრივ იმის განსაზღვრაში დაგვეხმარება, იწონებს თუ არა იეჰოვა ჩვენს აზროვნებას, გადაწყვეტილებებსა და საქციელს. იმის გაგებამ, თუ რას მოელის ღმერთი ჩვენგან, ნასწავლის შესაბამისად მოქმედებისკენ უნდა აღგვძრას. ზოგმა შეიძლება დაგცინოთ და წინააღმდეგობაც გაგიწიოთ იმის გამო, რომ იეჰოვას მსახურება გსურთ; განსაკუთრებით შეიძლება ღვთის ხალხთან ერთად კრების შეხვედრებზე დასწრების გამო დაგიპირისპირდნენ. თუმცა, თუ მიენდობით იეჰოვას, ის ნდობას არასდროს გაგიმტყუნებთ. თქვენ შეგიძლიათ საფუძველი ჩაუყაროთ იეჰოვასთან მეგობრობას, რომელიც მთელი ცხოვრება გაგრძელდება. ნამდვილად შესაძლებელია იეჰოვას ასე კარგად გაცნობა? რა თქმა უნდა. w19.12 16, 17 ¶3, 4
კვირა, 25 ივლისი
შვილები მემკვიდრეობაა იეჰოვასგან (ფსალმ. 127:3).
ბავშვების აღზრდა ზოგჯერ ძალას აცლის მშობლებს, მაგრამ მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ შვილები ჯილდოა იეჰოვასგან. ღმერთი ყოველთვის მზად არის მშობლების დასახმარებლად. ის ყურადღებით უსმენს მათ და ლოცვებზე ბიბლიის, პუბლიკაციებისა და სხვა გამოცდილი მშობლების მეშვეობით პასუხობს. ამბობენ, რომ ბავშვის აღზრდა 20-წლიანი „პროექტია“. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის შემდეგ მშობლები აღარ იზრუნებენ თავიანთ შვილზე. ბავშვების კეთილდღეობისთვის ისინი იმაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებენ, რომ სიყვარული გამოავლინონ, დრო დაუთმონ და ბიბლიური პრინციპები ჩაუნერგონ მათ. მართალია, ზოგმა ბავშვმა შეიძლება არ გაითავისოს ბიბლიური პრინციპები, მაგრამ უმეტესობა, ვინც იეჰოვას მოყვარულმა მშობლებმა აღზარდეს, აზიაში მცხოვრები ჯოანა მეის აზრს იზიარებს: „ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რადგან სწორად აღმზარდეს და იეჰოვას სიყვარული ჩამინერგეს. მათ უბრალოდ სიცოცხლე კი არ მაჩუქეს, ისიც მასწავლეს, როგორ ვიცხოვრო აზრიანად“ (იგავ. 23:24, 25). ამ სიტყვებს მთელ მსოფლიოში მცხოვრები მილიონობით იეჰოვას მოწმე ეთანხმება. w19.12 27 ¶21, 22
ორშაბათი, 26 ივლისი
ჩვენც შევძლოთ ნებისმიერ გასაჭირში მყოფთა ნუგეშისცემა ისე, როგორც ღმერთი გვანუგეშებს (2 კორ. 1:4).
რთული არ არის თანამორწმუნეებს შორის ისეთი ადამიანის პოვნა, ვისაც ნუგეში სჭირდება. სხვების დახმარების საშუალებები მაშინაც უნდა ვეძებოთ, თუ ვფიქრობთ, რომ ამას ვერ შევძლებთ. მაგალითად, შეიძლება არ იცით, რა თქვათ ან რა გააკეთოთ გასაჭირში მყოფთა სანუგეშებლად. სხვების ნუგეშისცემას იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვაგრძნობინებთ მათ, რომ ჩვენთვის ძვირფასები არიან. რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მსოფლიო მდგომარეობა მით უფრო უარესდება და ცხოვრებაც რთულდება (2 ტიმ. 3:13). გარდა ამისა, ცოდვისა და არასრულყოფილების გამო ბუნებრივია, რომ შეცდომებს ვუშვებთ და სხვების მხრიდან ნუგეშისცემა გვჭირდება. ერთ-ერთი, რაც პავლე მოციქულს სიცოცხლის ბოლომდე ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარა, სწორედ თანაქრისტიანებისგან მიღებული ნუგეში იყო. თუ მათ მივბაძავთ, ჩვენც შევძლებთ და-ძმებს ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში დავეხმაროთ (1 თეს. 3:2, 3). w20.01 12, 13 ¶17—19
სამშაბათი, 27 ივლისი
გამოსცადე ისინი, ვინც მოციქულობას იჩემებენ (გამოცხ. 2:2).
ცხებული ქრისტიანები თანაქრისტიანებისგან განსაკუთრებულ მოპყრობას არ მოელიან (ფილ. 2:2, 3). მათ კარგად ესმით, რომ, როცა იეჰოვამ თავისი სულით სცხო, ეს სხვებისთვის არ გაუმჟღავნებია. ამიტომ არ უკვირთ, თუ სხვები მაშინვე არ დაიჯერებენ, რომ ისინი სულითცხებულები არიან. ეს ცხებული ქრისტიანები აცნობიერებენ, რომ ბიბლიის თანახმად, მაშინვე არ უნდა დავიჯეროთ იმ ადამიანის სიტყვები, ვინც ირწმუნება, რომ ღვთისგან განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს მინიჭებული. ისინი გაცნობისთანავე არ ამცნობენ სხვებს, რომ ცხებულები არიან და ამგვარად არ ცდილობენ ყურადღების ცენტრში მოქცევას. რა თქმა უნდა, ცხებულები თავიანთი იმედის გამო არასოდეს დაიწყებენ კვეხნასა და ტრაბახს (1 კორ. 4:7, 8). ცხებული ქრისტიანები არ ეძებენ ზეციური მოწოდების ქრისტიანებს, რათა თავიანთი იმედის შესახებ ისაუბრონ ან ბიბლიის შემსწავლელთა კერძო ჯგუფები ჩამოაყალიბონ (გალ. 1:15—17). ასეთი მოქმედება ქრისტიანული კრების ერთობას დაარღვევდა და ხელს შეუშლიდა წმინდა სულის მოქმედებას, რომლის წყალობითაც ღვთის ხალხს შორის მშვიდობა და ერთიანობა მიიღწევა (რომ. 16:17, 18). w20.01 28 ¶6, 7
ოთხშაბათი, 28 ივლისი
როცა ამ ყოველივეს ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა (ლუკ. 21:28).
მას შემდეგ, რაც მათი რელიგიები განადგურდება, ხალხი შეიძლება განარისხოს იმ ფაქტმა, რომ იეჰოვას მოწმეები კვლავაც განაგრძობენ თავიანთ საქმიანობას. წარმოიდგინეთ, რამხელა აჟიოტაჟი შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა თუ რადიოში. ერები და მათი მმართველი სატანა უფრო მეტად შეგვიძულებენ იმის გამო, რომ მხოლოდ ჩვენი რელიგია იარსებებს. მსოფლიო ლიდერებს განარისხებს ის ფაქტი, რომ ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს და სრულად ვერ აღგავეს რელიგიები მიწის პირისგან. ჩვენ მათი ყურადღების ცენტრში მოვექცევით, რის შემდეგაც ერები, იგივე „გოგი მაგოგის მიწიდან“, იეჰოვას ხალხზე მიიტანენ იერიშს (ეზეკ. 38:2, 14—16). შეიძლება გაურკვევლობის გრძნობა დაგვეუფლოს, რადგან ზედმიწევნით არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები დიდი გასაჭირის დროს. თუმცა შიშის მიზეზი არ გვაქვს, რადგან გვჯერა, რომ ღმერთი გადარჩენისთვის საჭირო მითითებებს მოგვცემს (ფსალმ. 34:19). w19.10 16, 17 ¶10, 11
ხუთშაბათი, 29 ივლისი
მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ყველაფერი, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული (ფსალმ. 40:5).
საკმარისი არ არის, მხოლოდ ვგრძნობდეთ იეჰოვასადმი მადლიერებას, ის სიტყვითა და საქმითაც უნდა გამოვხატოთ. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვებისგან. დღევანდელ მსოფლიოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აფასებენ იმ ყოველივეს, რასაც ღმერთი მათთვის აკეთებს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ხალხი უმადური იქნებოდა (2 ტიმ. 3:1, 2). ნამდვილად არ გვინდა, ასეთ ადამიანებს დავემსგავსოთ! იეჰოვას სურს, რომ თავის მსახურებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ნამდვილი ქრისტიანები ხომ სიყვარულით გამოირჩევიან (იოან. 13:35). ჩვენც ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც ფსალმუნმომღერალს, რომელმაც დაწერა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1). როცა თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ამით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა (1 იოან. 4:20). რა დიდი პატივია იმ ოჯახში ყოფნა, სადაც და-ძმები კეთილად ეპყრობიან ერთმანეთს და დიდად თანაუგრძნობენ! (ეფეს. 4:32). w20.02 9 ¶6, 7
პარასკევი, 30 ივლისი
მოხედა იეჰოვამ ხანას (1 სამ. 2:21).
ხანას პრობლემები მაშინვე არ მოგვარებულა. მას კვლავ ფენინასთან ერთად უწევდა ერთ ჭერქვეშ ცხოვრება. ბიბლია არაფერს ამბობს, შეიცვალა თუ არა ფენინამ დამოკიდებულება მის მიმართ. სავარაუდოდ, ის კვლავ აგრძელებდა ხანას დამცირებას, თუმცა მისი მწარე სიტყვები ხანას გულთან ახლოს აღარ მიჰქონდა და აღარ ღიზიანდებოდა. მას შემდეგ, რაც თავისი სადარდებელი ღმერთს გაანდო, ხანა აღარ დამწუხრებულა. მან საშუალება მისცა იეჰოვას, ენუგეშებინა და დაემშვიდებინა ის. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვას კურთხევით ხანას შვილები შეეძინა (1 სამ. 1:2, 6, 7, 17—20). პრობლემების მიუხედავად შეგვიძლია კვლავ ვიგრძნოთ შინაგანი სიმშვიდე. შეიძლება გამუდმებით ვლოცულობთ და კრების შეხვედრებსაც ვესწრებით, მაგრამ პრობლემები პრობლემებად რჩება. თუმცა ხანას მაგალითიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას შეუძლია დაამშვიდოს ჩვენი დამწუხრებული გული. ის არასოდეს დაგვივიწყებს და ადრე თუ გვიან ერთგულებისთვის დაგვაჯილდოებს (ებრ. 11:6). w20.02 22 ¶9, 10
შაბათი, 31 ივლისი
დაარიგე ბრძენი და უფრო დაბრძენდება (იგავ. 9:9).
უხუცესები ცდილობენ ბიბლიური პრინციპები გაუზიარონ თანაქრისტიანებს, რაც ბრძნულად მოქმედებაში დაეხმარება მათ. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ უხუცესებმა გამბედაობა მოიკრიბონ და საჭირო დროს თავი არ შეიკავონ საუბრისგან? დავფიქრდეთ ელის მაგალითზე. მღვდელმთავარ ელის ორი ვაჟი ჰყავდა, რომლებიც ძალიან უყვარდა. თუმცა მისი ვაჟები იეჰოვას მიმართ უპატივცემულობას იჩენდნენ. ისინი ღვთის კარავში მღვდლებად მსახურობდნენ, რაც სერიოზული პასუხისმგებლობა იყო. მაგრამ თავიანთ ძალაუფლებას ბოროტად იყენებდნენ, „უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ იეჰოვას შესაწირავს“ და ურცხვად სჩადიოდნენ სექსუალურ უზნეობას (1 სამ. 2:12—17, 22). მოსეს კანონის თანახმად, ელის ვაჟები სიკვდილს იმსახურებდნენ, მაგრამ ელი იწყნარებდა მათ საქციელს, მხოლოდ საყვედურებით შემოიფარგლებოდა და უფლებას აძლევდა მათ, კარავში მსახურება გაეგრძელებინათ (კან. 21:18—21). როგორ უყურებდა იეჰოვა ელის საქციელს? მან შემდეგი სიტყვებით მიმართა ელის: „შენ შენს ვაჟებს უფრო მეტ პატივს სცემ, ვიდრე მე“. იეჰოვამ მისი უვარგისი ვაჟები სიკვდილით დასაჯა (1 სამ. 2:29, 34). w20.03 19 ¶4, 5