აგვისტო
კვირა, 1 აგვისტო
ჩემი გამომგზავნელი ჩემთან არის. მას არ მივუტოვებივარ (იოან. 8:29).
იესო დევნის დროსაც ინარჩუნებდა შინაგან სიმშვიდეს, რადგან იცოდა, რომ ერთგულებით ზეციერ მამას ახარებდა. ის მაშინაც ემორჩილებოდა ღვთის ნებას, როცა ამის გაკეთება ადვილი არ იყო. იესოს უყვარდა მამა და მისადმი მსახურებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებდა. განკაცებამდე ის მამის გვერდით იყო „როგორც ოსტატი“ (იგავ. 8:30); დედამიწაზე მსახურების დროს კი გულმოდგინედ ასწავლიდა სხვებს იეჰოვას შესახებ (მათ. 6:9; იოან. 5:17). ეს საქმე იესოს უდიდეს სიხარულს ანიჭებდა (იოან. 4:34—36). იესოს მსგავსად ჩვენც ვემორჩილებით იეჰოვას და ყოველთვის ბევრს ვშრომობთ უფლის საქმეში (1 კორ. 15:58). როცა მთლიანად ვართ ჩაბმული სამქადაგებლო საქმიანობაში, ჩვენს პრობლემებს ისე მძაფრად აღარ აღვიქვამთ და დადებით განწყობას ვინარჩუნებთ (საქ. 18:5). მაგალითად, ზოგჯერ მსახურებაში ისეთ ადამიანებს ვხვდებით, რომლებიც ჩვენზე ბევრად რთულ მდგომარეობაში არიან. თუმცა მას შემდეგ, რაც უახლოვდებიან იეჰოვას და მის რჩევებს ითვალისწინებენ, მათი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება და უფრო ბედნიერები ხდებიან. ყოველთვის, როცა ამას საკუთარი თვალით ვხედავთ, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვა აუცილებლად იზრუნებს ჩვენზე. w19.04 10, 11 ¶8, 9
ორშაბათი, 2 აგვისტო
ბევრმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა (საქ. 19:19).
მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ ბოროტი სულებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაგიური წიგნები საკმაოდ ძვირადღირებული იყო, ეფესოელმა ქრისტიანებმა კი არ გაყიდეს ან გააჩუქეს ისინი, არამედ მთლიანად გაანადგურეს. მათთვის იეჰოვასთან ურთიერთობა უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ამ წიგნებში გადახდილი ფული. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პირველი საუკუნის ქრისტიანებს? გონივრული იქნება, თავიდან მოვიშოროთ ოკულტიზმთან დაკავშირებული ნებისმიერი ნივთი, იქნება ეს თილისმა თუ სხვა რამ, რასაც ხალხი ბოროტი სულებისგან დასაცავად იყენებს (1 კორ. 10:21). გულდასმით შეარჩიეთ გართობის სახეობები. ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ შეიცავს ჩემ მიერ არჩეული გართობა სპირიტიზმის ელემენტებს? შეეცადეთ, თავი შორს დაიჭიროთ ყველაფრისგან, რაც იეჰოვას სძულს. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ცუდი არაფერი გავაკეთოთ „ღვთისა და ადამიანების წინაშე“ (საქ. 24:16). w19.04 22, 23 ¶10—12
სამშაბათი, 3 აგვისტო
მოუხმოს კრების უხუცესებს (იაკ. 5:14).
უხუცესებს ბევრ რამეზე უწევთ ფიქრი, როცა სერიოზული ცოდვის შესახებ იგებენ. მათი უმთავრესი საფიქრალი ღვთის სახელის წმინდად დაცვაა (ლევ. 22:31, 32; მათ. 6:9). გარდა ამისა, ისინი ზრუნავენ და-ძმების სულიერ კეთილდღეობაზე და მხარში უდგანან მათ, ვინც ჩადენილი ცოდვის მსხვერპლი გახდა. ამასთანავე, თუ შემცოდველი ქრისტიანულ კრებას მიეკუთვნება, უხუცესები ცდილობენ, დაადგინონ, ინანიებს თუ არა ის ჩადენილ დანაშაულს, რათა იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში დაეხმარონ (იაკ. 5:14, 15). ის ქრისტიანი, რომელიც ჰყვება არასწორ სურვილებს და სერიოზულ ცოდვას სჩადის, სულიერად არის ავად. ეს ნიშნავს, რომ მას აღარ აქვს იეჰოვასთან ჯანსაღი ურთიერთობა. უხუცესები შეიძლება ექიმებს შევადაროთ, რომლებიც ცდილობენ, გამოაჯანმრთელონ დასუსტებულები ანუ შემცოდველები. ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევები შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუ ის გულწრფელად ინანიებს თავის საქციელს (საქ. 3:19; 2 კორ. 2:5—10). w19.05 10 ¶10, 11
ოთხშაბათი, 4 აგვისტო
ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში; ის სურვილსაც აღგიძრავთ და მოქმედების ძალასაც გაძლევთ (ფილ. 2:13).
იეჰოვას შეუძლია ჩვენში მოქმედების სურვილი აღძრას. მაგალითად, შეიძლება გავიგოთ, რომ კრებაში ან კრების გარეთ რაიმე საქმეა გასაკეთებელი. ამ დროს შეიძლება დავფიქრდეთ, ჩვენ რის გაკეთება შეგვიძლია. შესაძლოა ისეთი დავალების შესრულება შემოგვთავაზონ, რომელმაც საკუთარ შესაძლებლობაში დაგვაეჭვოს. შეიძლება ბიბლიის წაკითხვის დროს დავფიქრდეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს ინფორმაცია სხვების დასახმარებლად. როცა იეჰოვა ჩვენს მზადყოფნას ხედავს, მას შეუძლია ჩვენში მოქმედების სურვილი აღძრას. იეჰოვას შეუძლია მოქმედების ძალაც მოგვცეს (ეს. 40:29). მას შესწევს ძალა, წმინდა სულის მეშვეობით ამა თუ იმ უნარის გაუმჯობესებაში დაგვეხმაროს (გამ. 35:30—35). თავისი ორგანიზაციის მეშვეობით იეჰოვა სხვადასხვა საქმეში გვახელოვნებს. თუ კონკრეტული დავალებისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევთ, ითხოვეთ დახმარება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სთხოვოთ ზეციერ მამას „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7; ლუკ. 11:13). w19.10 21 ¶3, 4
ხუთშაბათი, 5 აგვისტო
ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები (2 ტიმ. 3:2).
ქვეყნიერება ეგოისტური აზროვნების პროპაგანდას ეწევა. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ 1970-იან წლებში მომრავლდა წიგნები, რომლებიც ადამიანებს წარმატების მიღწევის გზებს სთავაზობდა. ზოგიერთი წიგნი „მოუწოდებდა მკითხველს, გაეცნოთ და ისეთებად მიეღოთ საკუთარი თავი, როგორებიც იყვნენ, და ეამაყათ ამით“. მაგალითად, დავფიქრდეთ ერთ-ერთ ასეთ წიგნში მოყვანილ აზრზე: „გიყვარდეს საკუთარი თავი, რადგან შენა ხარ ყველაზე მშვენიერი, საინტერესო და ღირსეული ადამიანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია“. ეს წიგნი იმ აზრს უჭერდა მხარს, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს და ის უნდა აკეთოს, რაც სწორი და მოსახერხებელია მისთვის. ნაცნობია ეს აზრი თქვენთვის? სატანამ მსგავსი მოქმედებისკენ უბიძგა ევას და უთხრა, რომ „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების“ მცოდნე გახდებოდა (დაბ. 3:5). დღეს ბევრს იმდენად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რომ მათი აზრით არავის, ღმერთსაც კი, არა აქვს უფლება უკარნახოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ასეთი შეხედულება განსაკუთრებით ქორწინებისადმი დამოკიდებულებაში შეიმჩნევა. w19.05 23 ¶10, 11
პარასკევი, 6 აგვისტო
გატანჯული და სულგამწარებული ვარ, მთელი დღე ნაღვლიანი დავდივარ (ფსალმ. 38:6).
დროდადრო მეფე დავითიც განადგურებულად გრძნობდა თავს. დაფიქრდით, რა აღარ გადაიტანა მან. არაერთი შეცდომის გამო მას დანაშაულის გრძნობა ტანჯავდა (ფსალმ. 40:12). დავითს საყვარელი ვაჟი, აბესალომი აუჯანყდა, რომელსაც ურჩობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა (2 სამ. 15:13, 14; 18:33). მას უახლოესმა მეგობარმაც უღალატა (2 სამ. 16:23—17:2; ფსალმ. 55:12—14). არაერთი ფსალმუნი აღგვიწერს გულგატეხილი დავითის გრძნობებსა და იეჰოვასადმი ურყევ ნდობას (ფსალმ. 38:5—10; 94:17—19). მოგვიანებით ერთ-ერთ ფსალმუნმომღერალს, რომელიც შესაძლოა ლევიანი ასაფის შთამომავალი იყო და „ღვთის დიდებულ საწმინდარში“ მსახურობდა, შეშურდა ბოროტი ხალხის. ემოციურად გატანჯული ფსალმუნმომღერალი უბედური და თავისი ცხოვრებით უკმაყოფილო იყო. მას ეჭვიც კი შეეპარა, ღირდა თუ არა ღვთის მსახურება (ფსალმ. 73:2—5, 7, 12—14, 16, 17, 21). w19.06 17 ¶12, 13
შაბათი, 7 აგვისტო
ჩვენთვის უცნობი არ არის მისი [სატანის] ზრახვები (2 კორ. 2:11).
სატანა ადამიანურ ბუნებრივ სურვილებს ჩვენ წინააღმდეგ იყენებს. ყველას გვსურს, ისეთ უნარ-ჩვევებს დავეუფლოთ, რომლებიც საკუთარი თავისა და ოჯახის რჩენაში დაგვეხმარება (1 ტიმ. 5:8). ხშირად ასეთ უნარ-ჩვევებს სკოლა და სიბეჯითე გვივითარებს. თუმცა ამ დროს სიფრთხილე გვმართებს. დღეს ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებასთან ერთად ადამიანურ სიბრძნესაც ასწავლის. მაგალითად, მასწავლებლები მათ ღვთის არსებობაში აეჭვებენ და ბიბლიისადმი უპატივცემულოდ განაწყობენ. ისინი ეუბნებიან მოსწავლეებს, რომ ყველა მოაზროვნე და განათლებული ადამიანი ევოლუციის თეორიას უჭერს მხარს (რომ. 1:21—23). ასეთი სწავლებები ეწინააღმდეგება ღვთიურ სიბრძნეს (1 კორ. 1:19—21; 3:18—20). არ დაუშვათ, რომ სატანის ქვეყნიერებამ „ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით“ დაგატყვევოთ (კოლ. 2:8). კვლავაც იფხიზლეთ, რათა სატანის ხრიკებს არ ემსხვერპლოთ (1 კორ. 3:18). არ მისცეთ მას საშუალება, ბუნდოვანი გახადოს თქვენთვის იეჰოვას ვინაობა. იცხოვრეთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად. ნუ გაებმებით სატანის მახეში, რომელსაც სურს, უგულებელყოთ იეჰოვას რჩევები! w19.06 5 ¶13; 7 ¶17
კვირა, 8 აგვისტო
ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც ჩემგან ისწავლეთ (მათ. 28:20).
რა თემაც არ უნდა შეარჩიოთ, გაითვალისწინეთ მსმენელი. დაფიქრდით, როგორ შეცვლის მათ ცხოვრებას ბიბლიური ჭეშმარიტების გაგება. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოუსმინოთ და პატივი სცეთ მათ შეხედულებებს. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ ხალხს და მოსასმენად განაწყოთ ისინი. სანამ ადამიანი ბიბლიის შესწავლას გადაწყვეტს, შეიძლება მისი ბევრჯერ მონახულება მოგვიწიოს, რაც ჩვენგან დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგალითად სახლში არ დაგვხვდეს ან სასაუბროდ არ ეცალოს. რამდენჯერმე მისვლა შეიძლება იმიტომაც დაგვჭირდეს, რომ მობინადრემ თავისუფლად იგრძნოს ჩვენთან თავი და ბიბლიის შესწავლის სურვილი გაუჩნდეს. გახსოვდეთ: როგორც მცენარე იზრდება სწრაფად რეგულარული მორწყვის შედეგად, ისე ადამიანს უღვივდება იეჰოვასა და იესოს მიმართ სიყვარული ბიბლიურ თემებზე რეგულარული მსჯელობის შედეგად. w19.07 14 ¶1; 15, 16 ¶7, 8
ორშაბათი, 9 აგვისტო
ბედნიერნი ხართ, თუ ხალხს სძულხართ, გრიყავენ, გლანძღავენ და ბოროტებად გთვლიან კაცის ძის გამო (ლუკ. 6:22).
რას გულისხმობდა იესო? იესოს არ უგულისხმია, რომ სხვების მხრიდან სიძულვილი ქრისტიანებს ბედნიერებას მიანიჭებდა. მან უბრალოდ რეალობა დაგვანახვა. ქვეყნიერებას იმიტომ ვძულვართ, რომ არა ვართ მისი ნაწილი, ვცხოვრობთ იესოს სწავლებების თანახმად და ვქადაგებთ ცნობას, რომელსაც ის ქადაგებდა (იოან. 15:18—21). ჩვენ გვინდა, იეჰოვას ვასიამოვნოთ. რა ჩვენი ბრალია, თუ ხალხს იმიტომ ვძულვართ, რომ ზეციერი მამა გვიყვარს?! სხვების მხრიდან მტრული დამოკიდებულების გამო არ უნდა დავასკვნათ, რომ უღირსები ვართ. ჩვენ არ ვიცით, როდის აგორდება დევნის დიდი ტალღა ან როდის აკრძალავენ მთავრობები ჩვენს საქმიანობას. თუმცა ერთი რამ კარგად გვესმის: შეგვიძლია ახლავე მოვემზადოთ ამ დღისთვის, რაშიც იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცება, გაბედულების განვითარება და კაცთმოშიშების დაძლევა დაგვეხმარება. თუ დღესვე მოვემზადებით, მომავალ განსაცდელებს მტკიცედ და გაბედულად შევხვდებით. w19.07 6 ¶17, 18; 7 ¶21
სამშაბათი, 10 აგვისტო
ვისაც ღმერთთან დაახლოება სურს, უნდა სწამდეს, რომ ის არსებობს (ებრ. 11:6).
როცა ბიბლიას არარელიგიურ ადამიანს ვასწავლით, გამუდმებით უნდა დავარწმუნოთ ის ღვთის არსებობაში. ამასთანავე უნდა ვეცადოთ, რომ მას ბიბლიისადმი რწმენა ჩავუნერგოთ. ამიტომ შეიძლება ზოგიერთი საკითხის გამეორება არაერთხელ მოგვიწიოს. ყოველი შესწავლის დროს შეიძლება მტკიცებულებების მოყვანა დაგვჭირდეს, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა. ამ დროს შეგვიძლია ვიმსჯელოთ შესრულებულ წინასწარმეტყველებებზე, ბიბლიის პრაქტიკულ სიბრძნესა თუ მეცნიერულ და ისტორიულ სიზუსტეზე. როცა რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, ხალხის მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ვეხმარებით მათ, რომ ქრისტეს მოწაფეები გახდნენ (1 კორ. 13:1). ჩვენი მიზანია, შემსწავლელები ღვთის სიყვარულში დავარწმუნოთ და დავანახვოთ, რომ ის ჩვენგანაც იმავეს მოელის. ყოველ წელს ღვთის სიყვარული ათასობით ადამიანს უბიძგებს, თავი მიუძღვნას იეჰოვას. არადა იყო დრო, როცა მათ რელიგიური საკითხები თითქმის არ აინტერესებდათ. ასე რომ, შეინარჩუნეთ დადებითი განწყობა. სიყვარული და ინტერესი გამოავლინეთ ყველანაირი ადამიანის მიმართ. ყურადღებით მოუსმინეთ მათ; ეცადეთ, გაუგოთ და საკუთარი მაგალითით აღძრათ, რომ ისინიც გახდნენ ქრისტეს მოწაფეები. w19.07 24 ¶16, 17
ოთხშაბათი, 11 აგვისტო
ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი (ებრ. 13:16).
შალუმის ასულები მათ შორის იყვნენ, რომლებიც იეჰოვამ იერუსალიმის გალავნის აღსადგენად გამოიყენა (ნეემ. 2:20; 3:12). მიუხედავად იმისა, რომ შალუმი მთავარი იყო, მისი ქალიშვილები რთული და სარისკო საქმის შესრულებას არ უკადრისობდნენ (ნეემ. 4:15—18). დღესაც მზადყოფნით და სიხარულით იღებენ დები მონაწილეობას წმინდა მსახურების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, იეჰოვასთვის მიძღვნილი შენობების აშენებასა თუ მოვლა-პატრონობაში. ასეთი უნარიანი, მონდომებული და ერთგული დები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ საქმის წარმატებით შესრულებაში. იეჰოვამ ტაბითაც აღძრა, რომ ბევრი კარგი საქმე გაეკეთებინა და მოწყალება უხვად გაეცა. ის განსაკუთრებით ქვრივებზე ზრუნავდა (საქ. 9:36). გამორჩეული გულუხვობისა და სიკეთის გამო ტაბითას სიკვდილმა ბევრს დასწყვიტა გული. ამიტომ, როცა მოციქულმა პეტრემ მკვდრეთით აღადგინა იგი, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა (საქ. 9:39—41). რას ვსწავლობთ ტაბითასგან? ყველას, ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს, კაცებსა თუ ქალებს, შეგვიძლია პრაქტიკული დახმარება აღმოვუჩინოთ თანაქრისტიანებს. w19.10 23 ¶11, 12
ხუთშაბათი, 12 აგვისტო
დაინახოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია, ბრალდაუდებლები იყოთ, არ დააბრკოლოთ სხვები (ფილ. 1:10).
როგორ შეიძლება დავაბრკოლოთ სხვები? წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: ბიბლიის შემსწავლელი, რომელიც ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული, იშორებს ამ ცუდ ჩვევას. ის ხვდება, რომ საერთოდ აღარ უნდა გაეკაროს სასმელს და ასეც იქცევა. შემსწავლელი ბევრ ცვლილებას ახდენს ცხოვრებაში და იეჰოვას უძღვნის თავს. მოგვიანებით, ერთ-ერთ მეგობრულ შეკრებაზე, მასპინძელი ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე მას სასმელს სთავაზობს და ეუბნება: „თავშეკავების გამოვლენა არ გაგიჭირდება. შეგიძლია ცოტა დალიო“. წარმოგიდგენიათ, რა შედეგი მოჰყვებოდა, ამ ახალმონათლულ ძმას მასპინძლის არასწორი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა?! ქრისტიანული შეხვედრები დღევანდელ მუხლში ჩაწერილი რჩევების გათვალისწინებაში გვეხმარება. სულიერი პროგრამა შეგვახსენებს, რა არის იეჰოვასთვის უფრო მნიშვნელოვანი და გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ ნასწავლი, რათა ღვთის თვალში უმწიკვლონი ვიყოთ. აგრეთვე, მოგვიწოდებს ღვთისა და და-ძმების სიყვარულისკენ. როცა გული ასეთი სიყვარულით გვევსება, ყველანაირად ვცდილობთ, რომ არ დავაბრკოლოთ თანამორწმუნეები. w19.08 10 ¶9; 11 ¶13, 14
პარასკევი, 13 აგვისტო
მოციქულებს შორის უმცირესი ვარ და არც იმის ღირსი ვარ, მოციქულად ვიწოდებოდე, რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი (1 კორ. 15:9).
თუ ადამიანი თავდაჯერებული ჩანს და თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს, ეს მაინცდამაინც მის სიამაყეზე არ მეტყველებს (იოან. 1:46, 47). არა აქვს მნიშვნელობა, ბუნებით გახსნილები ვართ თუ მორიდებულები, თავმდაბლობის განვითარება ყველას გვჭირდება. დავფიქრდეთ პავლე მოციქულზე, რომელსაც იეჰოვამ ბევრი საქმე მიანდო. მან არაერთ ქალაქში ჩამოაყალიბა ქრისტიანული კრება. შეიძლება პავლემ ქრისტეს სხვა მოციქულებზე მეტიც კი იშრომა უფლის საქმეში, თუმცა არ გაამაყებულა და არ უფიქრია, რომ მათზე უკეთესი იყო. მას ესმოდა, რომ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა იმიტომ კი არ ჰქონდა, რომ განსაკუთრებული ან ღვაწლმოსილი მსახური იყო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთმა წყალობა გამოავლინა მის მიმართ (1 კორ. 15:10). პავლე მოციქული თავმდაბლობის მართლაც რომ შესანიშნავი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ კორინთის კრებაში ზოგი თავს მასზე აღმატებულად მიიჩნევდა, კორინთელებისთვის მიწერილ წერილში მას ტრაბახი და თავის ქება არ დაუწყია (2 კორ. 10:10). w19.09 3 ¶5, 6
შაბათი, 14 აგვისტო
განა უფრო მეტად არ უნდა დავემორჩილოთ . . . მამას (ებრ. 12:9).
იეჰოვასადმი მორჩილებაში ხელს მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა და არასრულყოფილება გვიშლის. ცოდვილი ბუნების გამო ურჩობისკენ ვართ მიდრეკილნი. როცა ადამმა და ევამ ღვთისადმი ურჩობა გამოავლინეს და აკრძალული ნაყოფი იგემეს, ფაქტობრივად, კარგისა და ცუდის განსაზღვრის უფლება საკუთარ თავს მიანიჭეს (დაბ. 3:22). მათ მსგავსად, დღესაც ბევრი უგულებელყოფს ღვთის ნორმებს და თავად წყვეტს, რა არის კარგი და რა ცუდი. იეჰოვასადმი სრული მორჩილება შეიძლება მის მოყვარულ მსახურებსაც კი გაუჭირდეთ, რომლებიც კარგად იცნობენ მას. მოციქულმა პავლემ ეს საკუთარ თავზე გამოსცადა (რომ. 7:21—23). პავლეს მსგავსად ჩვენც გამუდმებით უნდა ვებრძოლოთ ცოდვილ მიდრეკილებებს, რათა იეჰოვას მოსაწონად მოვიქცეთ. ღვთისადმი მორჩილებაში შეიძლება ხელი ჩვენს კულტურაში გავრცელებულმა შეხედულებებმა და წეს-ჩვეულებებმაც შეგვიშალოს. ადამიანური აზროვნება ხშირად უპირისპირდება იეჰოვას ნებას. სწორედ ამიტომ გვიწევს გამუდმებული ბრძოლა, რომ გავთავისუფლდეთ მისი გავლენისგან. w19.09 15 ¶4—6
კვირა, 15 აგვისტო
წადი, გაყიდე, რაც გაქვს, ღარიბებს დაურიგე . . . მერე მოდი და გამომყევი! (მარ. 10:21)
თითოეულმა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობების ზღვარი და კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ რაიმე საქმეს ხელს მოვკიდებთ. მაგალითად, შეიძლება მთელი ენერგია ქონების დაგროვებას შევალიოთ. მაგრამ გაიხსენეთ, რა უპასუხა იესომ მდიდარ ახალგაზრდას კითხვაზე: „რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“. როგორც ჩანს, ეს ახალგაზრდა კარგი ადამიანი იყო, რადგან მარკოზის სახარებიდან ვიგებთ, რომ იესო „სიყვარულით აღიძრა მისდამი“ და დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვები უთხრა. ამის მოსმენამ დაანაღვლიანა მდიდარი ახალგაზრდა, რადგან ძალიან სურდა, გამოხმაურებოდა იესოს მოწვევას, თუმცა სიმდიდრე არ ეთმობოდა (მარ. 10:17—22). სამწუხაროდ, მან უარი თქვა იესოს უღელზე და კვლავაც სიმდიდრის მონობა არჩია (მათ. 6:24). თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? კარგი იქნება, თუ დროდადრო გადავხედავთ ჩვენს პრიორიტეტებს, რათა ენერგია ფუჭ საქმეებს არ შევალიოთ. w19.09 24 ¶17, 18
ორშაბათი, 16 აგვისტო
ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს (მარ. 13:10).
სამეფოს შესახებ იქამდე ვიქადაგებთ, სანამ იეჰოვა ჩათვლის საჭიროდ. რამდენი დრო დარჩათ ადამიანებს იეჰოვასა და იესოს გასაცნობად? (იოან. 17:3). ამაზე პასუხი არ გვაქვს. თუმცა ვიცით, რომ დიდი გასაჭირის დაწყებამდე მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოეხმაურონ სასიხარულო ცნობას და გახდნენ იეჰოვას მსახურები (საქ. 13:48). როგორ დავეხმაროთ ამ ადამიანებს, სანამ ჯერ კიდევ არის ამის დრო? იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ყველაფრით უზრუნველგვყოფს, რომ ადამიანებს ჭეშმარიტება ვასწავლოთ. მაგალითად, შუა კვირის შეხვედრები ქადაგებისთვის გვამზადებს და გვასწავლის, როგორ წამოვიწყოთ საუბარი და როგორ გავაკეთოთ განმეორებითი მონახულება. თუ საინტერესო საუბრის შემდეგ დაინტერესებულს ბუკლეტს ან ჟურნალს დაუტოვებთ, მომდევნო შეხვედრამდე მას მეტის გაგების შესაძლებლობა ექნება. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ყოველთვიურად აქტიური მონაწილეობა მივიღოთ სამქადაგებლო საქმეში. w19.10 9 ¶7; 10 ¶9, 10
სამშაბათი, 17 აგვისტო
ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი (ებრ. 13:16).
იეჰოვა იერუსალიმში მცხოვრებ ხანში შესულ სიმონს დაჰპირდა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ მესიას არ იხილავდა. ეს დაპირება დიდად გაამხნევებდა ამ ერთგულ მამაკაცს, რომელიც მესიის გამოჩენას მრავალი წლის განმავლობაში ელოდა. მისი რწმენა და მოთმინება დაჯილდოვდა. ერთ დღეს „სულით აღძრული“ სიმონი ტაძარში შევიდა, სადაც ჩვილი იესო ნახა. იეჰოვამ სწორედ სიმონის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ ეს ბავშვი ქრისტე გახდებოდა (ლუკ. 2:25—35). როგორ ჩანს, ის ვერ მოესწრო იესოს მსახურების დაწყებას, თუმცა ძალიან მადლიერი იყო იმ პატივისთვის, რაც იეჰოვამ არგუნა წილად. მას მომავალში არაერთი კურთხევა ელის. ახალ ქვეყნიერებაში ეს ერთგული მამაკაცი საკუთარი თვალით იხილავს, როგორ იკურთხება იესოს მმართველობის დროს „დედამიწის ყველა ერი“ (დაბ. 22:18). სიმონის მსგავსად ჩვენც მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ყველაფრისთვის, რის პატივსაც იეჰოვა გვარგუნებს. w19.10 22 ¶7; 23 ¶12
ოთხშაბათი, 18 აგვისტო
ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).
არა აქვს მნიშვნელობა, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, გულის დაცვა ყველას გვჭირდება. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ნუ გეყვარებათ ფული და სიმდიდრე. არ დაუშვათ, რომ სამსახური თქვენთვის ღვთისმსახურებაზე მნიშვნელოვანი გახდეს. ქვემოთ მოცემულ კითხვებზე დაფიქრება დაგანახვებთ, რა არის თქვენს ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს: კრების შეხვედრებისა თუ მსახურების დროს სულ სამსახურზე ხომ არ ვფიქრობ? გამუდმებით იმაზე ხომ არ ვწუხვარ, რომ მომავალში მატერიალურად უზრუნველყოფილი ვიყო? პრობლემად ხომ არ მექცა ფულის შოვნა და მატერიალური ნივთების დაგროვება? ამის გამო მეუღლესთან ხომ არ მიფუჭდება ურთიერთობა? მზად ვარ, სხვების თვალში დამამცირებელი სამუშაო შევასრულო, თუ ეს ღვთის მსახურებისთვის მეტ დროს გამომითავისუფლებს? (1 ტიმ. 6:9—12). ამ კითხვებზე ფიქრისას უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვას ვუყვარვართ და ზრუნავს ჩვენზე. ის თავის ერთგულებს ჰპირდება: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. სწორედ ამიტომ მოგვიწოდა პავლე მოციქულმა: „იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე“ (ებრ. 13:5, 6). w19.10 29 ¶10
ხუთშაბათი, 19 აგვისტო
რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს (იგავ. 27:17).
როცა მსახურების დროს თანაქრისტიანებში კარგ თვისებებს ვხედავთ, ბევრ რამეს ვსწავლობთ და უფრო ვუახლოვდებით მათ. ალბათ, დიდ სიხარულს განიჭებთ იმის დანახვა, რომ თანაქრისტიანი გაბედულად და მთელი გულით ესაუბრება სხვებს თავისი მრწამსის, იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. ეჭვგარეშეა, ეს კიდევ უფრო გიძლიერებთ მასთან დაახლოების სურვილს. 23 წლის ადელინმა თავის მეგობარ კანდისს სთხოვა, ერთად ექადაგათ ტერიტორიაზე, რომელიც იშვიათად მუშავდება. ის ამბობს: „ორივეს გვჭირდებოდა გამხნევება და წახალისება. გვინდოდა, მსახურებაში მეტი სიხარული გვეგრძნო და უფრო შემართებით გვექადაგა“. რა შედეგი მოჰყვა მათ თანამშრომლობას? ადელინი ამბობს: „ყოველი დღის ბოლოს ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გრძნობებს; ვყვებოდით, თუ როგორ გვამხნევებდა მსახურებაში სხვებთან საუბარი და როგორ ვხედავდით იეჰოვას ხელმძღვანელობას. ორივეს ძალიან მოგვწონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამან ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო“. w19.11 5 ¶10, 11
პარასკევი, 20 აგვისტო
აიღეთ რწმენის დიდი ფარი (ეფეს. 6:16).
ძველად ბრძოლიდან ფარის გარეშე დაბრუნება დიდ სირცხვილად ითვლებოდა. რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი წერდა: „მეომრისთვის ფარის დაკარგვა უდიდესი დამცირება იყო“. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ისინი, რომ მტკიცედ სჭეროდათ თავიანთი ფარები. რწმენის ფარს ხელს არ გავუშვებთ, თუ დავესწრებით ქრისტიანულ შეხვედრებს, ვიქადაგებთ იეჰოვას სახელისა და მისი სამეფოს შესახებ, ყოველდღე წავიკითხავთ ბიბლიას და ლოცვაში ვთხოვთ იეჰოვას, წაკითხულის გათვალისწინებაში დაგვეხმაროს (ებრ. 10:23—25; 2 ტიმ. 3:16, 17). თუ ასე მოვიქცევით, სატანის ვერცერთი იარაღი ვერ მოგვაყენებს გამოუსწორებელ ზიანს, რადგან „რწმენის დიდი ფარი“ დაგვიცავს (ეს. 54:17). ჩვენ გაბედულად ვიბრძოლებთ და-ძმების მხარდამხარ და ყოველდღე გავიმარჯვებთ რწმენისთვის ბრძოლაში. რაც ყველაზე მთავარია, გვექნება პატივი, ვიდგეთ იესოს მხარეს, რომელიც სატანისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ გამართულ ომში გაიმარჯვებს (გამოცხ. 17:14; 20:10). w19.11 19 ¶18, 19
შაბათი, 21 აგვისტო
მუშტებს ჰაერში არ ვიქნევ (1 კორ. 9:26).
კარგი გეგმის შედგენა მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებას გაგიადვილებთ (1 კორ. 14:40). მაგალითად, მითითების თანახმად, უხუცესთა საბჭოს შეხვედრაზე ძმები ირჩევენ ერთ უხუცესს, რომელიც ინიშნავს, ვის რა დაევალა და რამდენი დრო აქვს საქმის შესასრულებლად. ამ მითითების მიყოლა უხუცესებს გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებას უადვილებს. შეგიძლიათ ასეთი მიდგომა თქვენც გამოიყენოთ. მაგალითად, ჩამოწერეთ ყოველდღიურად რა გაქვთ გასაკეთებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სიის თავში მოაქციეთ. ეს არა მხოლოდ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში დაგეხმარებათ, არამედ ნაკლებ დროში მეტის გაკეთების შესაძლებლობასაც მოგცემთ. მცდელობა არ დააკლოთ. გეგმის მიყოლას და საქმის ბოლომდე მიყვანას ძალისხმევა სჭირდება (რომ. 12:11). მოციქული პავლე მოუწოდებდა ტიმოთეს, ძალ-ღონე არ დაეშურებინა, რათა კარგი მასწავლებელი გამხდარიყო. ეს რჩევა ჩვენც დაგვეხმარება სულიერი მიზნების მიღწევაში (1 ტიმ. 4:13, 16). w19.11 29, 30 ¶15, 16
კვირა, 22 აგვისტო
იეჰოვა მოსეს პირისპირ ელაპარაკებოდა, ისე როგორც კაცი კაცს (გამ. 33:11).
როცა იეჰოვამ მოსეს ისრაელების ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლება დაავალა, ის ცდილობდა, თავი აერიდებინა ამ დავალებისთვის, რადგან თვითრწმენა აკლდა. მან არაერთხელ უთხრა იეჰოვას, რომ ამ საქმისთვის თავს შეუფერებლად მიიჩნევდა. ღმერთმა მოსეს მიმართ ნამდვილი თანაგრძნობა გამოავლინა და დახმარების ხელი გაუწოდა (გამ. 4:10—16). შედეგად, მან შეძლო, რომ ფარაონისთვის ღვთის განაჩენი გაეცხადებინა. მოსემ საკუთარი თვალით იხილა იეჰოვას ძალა, როცა ღმერთმა ისრაელები იხსნა და ფარაონი თავის ჯართან ერთად წითელ ზღვაში გაანადგურა (გამ. 14:26—31; ფსალმ. 136:15). ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელებს არა და არ ელეოდათ წუწუნის მიზეზი. მოსე ხედავდა, რამხელა სულგრძელობას ავლენდა იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ, რომელიც მონობიდან იხსნა (ფსალმ. 78:40—43). მას არც ის გამორჩენია მხედველობიდან, თუ როგორი თავმდაბლობა გამოავლინა იეჰოვამ, როცა მისი სიტყვები გაითვალისწინა და გადაწყვეტილება შეცვალა (გამ. 32:9—14). ეგვიპტის დატოვების შემდეგ მოსე იმდენად დაუახლოვდა ღმერთს, რომ თითქოს ხედავდა მას (ებრ. 11:27). w19.12 17 ¶7—9
ორშაბათი, 23 აგვისტო
ის მათზე ადრე ჩავა გალილეაში და იქ ნახავენ მას (მათ. 28:7).
იესოს მოწაფეების უმეტესობა გალილეელი იყო. ამიტომ ლოგიკურია, ვიფიქროთ, რომ ამ შეხვედრისთვის, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრებოდა, შესაფერისი ადგილი სწორედ გალილეის მთა იქნებოდა და არა ვინმეს სახლი იერუსალიმში. გარდა ამისა, მკვდრეთით აღმდგარი იესო იერუსალიმში, ერთ-ერთ სახლში, მანამდე უკვე ეჩვენა 11 მოციქულს. თუ ქრისტეს სურდა, რომ ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე მხოლოდ მოციქულებისთვის დაევალებინა, ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა და მოციქულებს, ერთგულ ქალებსა და სხვებს გალილეის მთაზე აღარ დაუთქვამდა შეხვედრას (ლუკ. 24:33, 36). საიდან ვიცით, რომ იესოს დავალებას მხოლოდ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები არ შეასრულებდნენ? იესომ მოწაფეებთან საუბარი ასეთი სიტყვებით დაასრულა: „მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). მოწაფეების მომზადების საქმე დღესაც მიმდინარეობს და თანაც არნახულ მასშტაბებს აღწევს. დაფიქრდით, ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 ადამიანი ინათლება და ქრისტეს მოწაფე ხდება. w20.01 2 ¶1; 3 ¶5, 6
სამშაბათი, 24 აგვისტო
არ დაგვივიწყა, როცა გულგატეხილნი ვიყავით (ფსალმ. 136:23).
ახალგაზრდა ხარ, მაგრამ მძიმე დაავადებას ებრძვი, ასაკის მატების გამო გიჭირს სამუშაოს შოვნა, ხანდაზმულობისა და შეზღუდული შესაძლებლობის გამო ბევრს ვეღარ აკეთებ იეჰოვას მსახურებაში. თუ თქვენი პრობლემა რაღაცით ჰგავს აქ ჩამოთვლილ რომელიმე სიტუაციას, შეიძლება იფიქროთ, რომ ვეღარავის გამოადგებით. მსგავსმა სირთულეებმა შესაძლოა სიხარული წაგართვათ, ღირსების გრძნობა შეგილახოთ და სხვებთან თქვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს. დღევანდელი მსოფლიო სიცოცხლესთან დაკავშირებით სატანის შეხედულებას იზიარებს. ადამიანების სიცოცხლეს ოდითგანვე ჩალის ფასი ჰქონდა სატანის თვალში. მან მუხანათურად მოატყუა ევა, როცა უთხრა, რომ ღვთის დაუმორჩილებლობა თავისუფლებას მოუტანდა. თუმცა კარგად იცოდა, რომ დაუმორჩილებლობას სასჯელად სიკვდილი მოჰყვებოდა. ეს ქვეყნიერება ოდითგანვე სატანის ხელშია. ამიტომ არ გვიკვირს, რომ ქვეყნიერების მმართველთა უმეტესობა არაფრად აგდებს ადამიანთა სიცოცხლესა და ღირსებას. სატანისგან განსხვავებით, იეჰოვას სურს, ვიცოდეთ, რომ მისთვის ძვირფასები ვართ. მეტიც, ის გვეხმარება, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შევინარჩუნოთ ღირსების გრძნობა (რომ. 12:3). w20.01 14 ¶1—4
ოთხშაბათი, 25 აგვისტო
ნუ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით, თორემ ჩვენი ხელით მოგკლავთო (იერ. 11:21).
იერემია სულ მცირე 40 წელი ცხოვრობდა ორგული ადამიანების გარემოცვაში, რომელთა შორისაც შესაძლოა მისი ანათოთელი ნათესავებიც იყვნენ (იერ. 12:6). მიუხედავად ამისა, იერემია საკუთარ თავში კი არ ჩაიკეტა, არამედ თავისი გრძნობები ერთგულ მეგობარ ბარუქს გაანდო. ბიბლიის წყალობით მისი განცდები არც ჩვენთვის დარჩა უცნობი (იერ. 8:21; 9:1; 20:14—18; 45:1). მწერალი ბარუქი იერემიას ამაღელვებელი ისტორიის თხრობას შეუდგა. წარმოიდგინეთ, როგორ დააახლოებდა ეს მათ და როგორი პატივისცემით განაწყობდა ერთმანეთის მიმართ (იერ. 20:1, 2; 26:7—11). წლების მანძილზე იერემია გაბედულად აფრთხილებდა ისრაელებს იერუსალიმის განადგურების შესახებ (იერ. 25:3). ხალხი უფრო მეტად რომ აღეძრა მონანიებისკენ, იეჰოვამ იერემიას გრაგნილზე გამაფრთხილებელი სიტყვების დაწერა დაავალა (იერ. 36:1—4). ღვთისგან დავალებული საქმის შესრულების დროს, რომელსაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე მოანდომეს, იერემიას და ბარუქს მჭიდრო თანამშრომლობა მოუწევდათ. ეჭვგარეშეა, ისინი ხშირად გაამხნევებდნენ და რწმენას განუმტკიცებდნენ ერთმანეთს. w19.11 2, 3 ¶3, 4
ხუთშაბათი, 26 აგვისტო
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება (მათ. 23:12).
როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ცხებული და-ძმების მიმართ? ადამიანის განდიდება იმ შემთხვევაშიც არასწორია, თუ ის ქრისტეს ცხებული ძმაა (მათ. 23:8—11). ბიბლია მოგვიწოდებს, მივბაძოთ უხუცესების რწმენას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანი ჩვენს წინამძღოლად მივიჩნიოთ (ებრ. 13:7). ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რომ ზოგი „ორმაგი პატივის ღირსად“ უნდა ჩაითვალოს არა იმიტომ, რომ ცხებულია, არამედ იმიტომ, რომ კარგად სწევს ხელმძღვანელობას და „სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს“ ირჯება (1 ტიმ. 5:17). თუ ცხებულების მიმართ ზედმეტ ყურადღებას გამოვიჩენთ და განვადიდებთ მათ, უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. მეტიც, ასე მოქცევით შეიძლება მათ სიამაყისკენ ვუბიძგოთ (რომ. 12:3). რა თქმა უნდა, არცერთ ჩვენგანს არ სურს, რომ ქრისტეს ცხებულ ძმებს ასეთი სერიოზული შეცდომა დააშვებინოს (ლუკ. 17:2). w20.01 29 ¶8
პარასკევი, 27 აგვისტო
გარდა ამისა, დღე ისე არ გავა, რომ არ ვწუხდე ყველა კრებაზე (2 კორ. 11:28).
მოციქულ პავლეს წუხილის არაერთი მიზეზი ჰქონდა. მას გულს უმძიმებდა იმაზე ფიქრი, რომ და-ძმები არაერთ სირთულეს ხვდებოდნენ (2 კორ. 2:4). გარდა ამისა, ის არაერთხელ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა და სხვა მრავალი გასაჭირის ატანაც მოუწია. მაგალითად, ის ხელმოკლედ ცხოვრობდა და შესაძლოა წუხდა ამის გამო (ფილ. 4:12). წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა პავლე, როცა ხომალდის მსხვრევა გადაიტანა. ასეთი რამ მის ცხოვრებაში, სულ მცირე, სამჯერ მოხდა (2 კორ. 11:23—27). რა ეხმარებოდა მოციქულს, ამდენ სტრესულ სიტუაციას გამკლავებოდა? მართალია, პავლეს აწუხებდა და-ძმების გასაჭირი, მაგრამ ის მოკრძალებული იყო და კარგად ესმოდა, რომ დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა მათი ყველა პრობლემის მოგვარებას. ამიტომ სხვებსაც სთხოვა, კრებაზე ზრუნვაში დახმარებოდნენ. მათ შორის ისეთ სანდო ადამიანებს, როგორიც ტიმოთე და ტიტე იყო. ეს ძმები კარგად ართმევდნენ თავს დაკისრებულ საქმეს, რაც ეჭვგარეშეა, პავლეს საწუხარს შეუმსუბუქებდა (ფილ. 2:19, 20; ტიტ. 1:1, 4, 5). w20.02 23 ¶11, 12
შაბათი, 28 აგვისტო
ბავშვებო, დაუჯერეთ თქვენს მშობლებს (ეფეს. 6:1).
როგორც ზეციერი მამა, იეჰოვა ჩვენგანაც მოელის მორჩილებას. ის იმსახურებს კიდეც ამას, რადგან არა მხოლოდ სიცოცხლე გვიბოძა, არამედ ყოველივე ის, რაც სიცოცხლის შენარჩუნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, იეჰოვა ნებისმიერ მშობელზე გაცილებით დიდ სიბრძნეს ფლობს. თუმცა მორჩილებისკენ უმთავრესად მისადმი სიყვარული აღგვძრავს (1 იოან. 5:3). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მორჩილების არაერთი მიზეზი გვაქვს, ის ამას არ გვაიძულებს. მან ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა და გულს უხარებს იმის დანახვა, როცა სიყვარულით ვემორჩილებით. მშობლებს სურთ, დაიცვან თავიანთი შვილები, ამიტომ წესებს უდგენენ. როცა ბავშვები მშობლების მითითებებს მიჰყვებიან, ნდობასა და პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ. აქედან გამომდინარე, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ზეციერი მამის მითითებები და ვემორჩილებოდეთ მათ. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს გამოვხატავთ. გარდა ამისა, გვესმის, რომ მისი მცნებების დაცვას ჩვენთვის დიდი სიკეთე მოაქვს (ეს. 48:17, 18). ამის საპირისპიროდ, ვინც უგულებელყოფს იეჰოვას და მის ნორმებს, საკუთარ თავს დიდ ზიანს აყენებს (გალ. 6:7, 8). w20.02 9, 10 ¶8, 9
კვირა, 29 აგვისტო
ალაპარაკე შენი მხევალი და მოუსმინე შენს მხევალს (1 სამ. 25:24)
როცა ვხედავთ, რომ თანაქრისტიანი სწორი გზიდან უხვევს, აბიგაილის მსგავსად გაბედულება უნდა გამოვიჩინოთ და დაველაპარაკოთ მას (ფსალმ. 141:5). ასეთ დროს აუცილებელია, ჩვენს სიტყვებში სიმტკიცე ჩანდეს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ უპატივცემულობა გამოვავლინოთ თანაქრისტიანის მიმართ. როცა სიყვარულიდან გამომდინარე ადამიანს საჭირო რჩევას ვაძლევთ, ცხადვყოფთ, რომ მისი ნამდვილი მეგობარი ვართ (იგავ. 27:17). განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, გაბედულება გამოავლინონ და დაელაპარაკონ მას, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს (გალ. 6:1). მათ კარგად ესმით, რომ არასრულყოფილები არიან და შეიძლება ადრე თუ გვიან რჩევა თავადაც დასჭირდეთ. თუმცა ამის გამო თავს არ იკავებენ, რომ შეაგონონ ის, ვინც გამოსწორებას საჭიროებს (2 ტიმ. 4:2; ტიტ. 1:9). როცა თანაქრისტიანს რჩევა-დარიგებას აძლევენ, ისინი სიმშვიდეს არ კარგავენ და დახელოვნებულად იყენებენ ღვთისგან ბოძებულ მეტყველების უნარს. ასე მოქმედებისკენ მათ და-ძმების სიყვარული აღძრავთ (იგავ. 13:24). თუმცა უხუცესების მთავარი საფიქრალი იეჰოვას განდიდებაა, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, მხარი დაუჭირონ იეჰოვას მაღალზნეობრივ ნორმებს და კრება საფრთხისგან დაიცვან (საქ. 20:28). w20.03 20 ¶8, 9
ორშაბათი, 30 აგვისტო
ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი განმამტკიცებლის დახმარებით (ფილ. 4:13).
იეჰოვამ მოსე ისრაელი ერის მხსნელად აქცია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ღმერთმა ის წინამძღოლად მაშინ კი არ აირჩია, როცა „ეგვიპტელთა მთელი სიბრძნე“ შეიძინა, არამედ მაშინ, როცა ღვთის დახმარებით თავმდაბლობა და რბილი ხასიათი განივითარა (საქ. 7:22—25, 30, 34—36). ღმერთმა მოსეს ძალა და გაბედულება შემატა, რათა ეგვიპტის ძლევამოსილი მმართველის წინაშე წარმდგარიყო (გამ. 9:13—19). მოსეს შემთხვევიდან ვსწავლობთ, რომ იეჰოვა თავის ნებას იმ ადამიანების მეშვეობით ასრულებს, ვინც ჰბაძავს მას და მის ძალაზეა დაიმედებული. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ იეჰოვა თავის მსახურებს სხვადასხვა მხრივ იყენებდა. თქვენ რად შეიძლება გაქციოთ მან თავისი ნების შესასრულებლად? ეს დიდწილადთქვენს მონდომებაზეა დამოკიდებული (კოლ. 1:29). თუ საშუალებას მისცემთ, იეჰოვას შეუძლია გაქციოთ იმად, რაც მისი ნების შესასრულებლადაა საჭირო, მაგალითად გულმოდგინე მახარობლად, კარგ მასწავლებლად, ნუგეშისმცემლად, მზრუნველ მეგობრად ან რაიმე საქმის მცოდნედ. w19.10 21 ¶5; 25 ¶14
სამშაბათი, 31 აგვისტო
მეგობრები გიწოდეთ (იოან. 15:15).
კარგი მეგობრები იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარებიან. მაგრამ მათ შესაძენად თავად უნდა შეგვეძლოს კარგი მეგობრობის გაწევა (მათ. 7:12). მაგალითად, ბიბლია მოგვიწოდებს, რომ ჩვენი დრო და ენერგია სხვების, განსაკუთრებით კი გაჭირვებულების დასახმარებლად გამოვიყენოთ (ეფეს. 4:28). თუ სხვების დახმარებაზე გადავიტანთ მთელ ყურადღებას, თავს უფრო ბედნიერად ვიგრძნობთ (საქ. 20:35). მეგობრები გასაჭირის დროს დახმარების ხელს გამოგვიწვდიან და შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარებიან. ელიჰუს მსგავსად, რომელიც გულისყურით უსმენდა გატანჯულ იობს, ჩვენი მეგობრებიც მოთმინებით მოგვისმენენ, როცა მათ საწუხარს გავუზიარებთ (იობ. 32:4). არ უნდა მოველოდეთ, რომ მეგობრები ჩვენ ნაცვლად მიიღებენ გადაწყვეტილებებს, თუმცა გონივრული იქნება, თუ გავითვალისწინებთ მათ მიერ მოცემულ ბიბლიურ რჩევებს (იგავ. 15:22). მეფე დავითმა თავმდაბლობა გამოავლინა და ხელი არ უკრა მეგობრებს დახმარებაზე. ჩვენც უნდა მივბაძოთ მას და სიამაყეს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მეგობრების დახმარება ვიუკადრისოთ (2 სამ. 17:27—29). კარგი მეგობრები შეიძლება იეჰოვას საჩუქრად მივიჩნიოთ (იაკ. 1:17). w19.04 11 ¶12; 12 ¶14, 15